globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 1st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ მარშთან საერთო არაფერი აქვს” // „ჩვენ დავიწყებთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან, გავალთ რუსთაველზე და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთ სახელმწიფო კანცელარიასთან“ // „ოფისად სარდაფში გვაქვს ორი ოთახი, რომელიც უსასყიდლოდ დაგვითმო ჩვენმა მეგობარმა“

ახალი თაობა: „ციანიდის საქმეზე“ ახალ სკანდალს უნდა ველოდოთ? // ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან: “სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს თუ გაითვალისწინებს, ყველა მასალას გავასაჯაროებ”

ახალი თაობა: “ოცნების” დეპუტატი მერობის კანდიდატს მოკვლით ემუქრება” // ინტერვიუ ჯელალ ქიქავასთან: „თოფით ვარ შეიარაღებული და მუხრან ვახტანგაძე თუ მომიახლოვდება, ვესვრი”

——————

ახალი თაობა“, 01 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ მარშთან საერთო არაფერი აქვს” // „ჩვენ დავიწყებთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან, გავალთ რუსთაველზე და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთ სახელმწიფო კანცელარიასთან“ // „ოფისად სარდაფში გვაქვს ორი ოთახი, რომელიც უსასყიდლოდ დაგვითმო ჩვენმა მეგობარმა

ნონა ცაბაძე

„ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს.

- ბატონო სანდრო, თქვენ უკვე არაერთხელ განაცხადეთ, რომ სექტემბრიდან სერიოზულ აქციებს იწყებთ. ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თქვენ უკან ირაკლი ღარიბაშვილი და კახელების კლანი დგას და რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავთ...

- ამ სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ! ვის რა მოლანდებები აქვს, ვინ საიდან იღებს დავალებას და რა სისულელეს ავრცელებს, მე ამის კომენტირებას არ ვაპირებ.

- რეალურად რა გეგმები გაქვთ? თქვენს სამოქმედო გეგმაში ხომ შედის აქციები?

- ქართველთა მარში იწყებს ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ. ეს არის სოროსის მიერ 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის თავს მოხვეული უკვე ჩამპალი ლიბერასტების დიქტატურა, სისტემა, რომელმაც საქართველო მიიყვანა სავალალო მდგომარეობამდე. სოროსი არის კრებითი სახელი ამ შემთხვევაში, თუმცაღა ყველაზე დიდი დამფინანსებელი ყველა იმ სიბინძურისა და უბედურებისა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ამის წინააღმდეგ ვიწყებთ ბრძოლას, რათა საქართველო გავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. საქართველოს გავათავისუფლებთ ამ სექტისგან.

- ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვთ?

- ჩვენ ვითხოვთ არა რომელიმე კონკრეტული პირის გადადგომას, არამედ ვითხოვთ იმ დამპალი სისტემის შეცვლას, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ ჩამოაყალიბა, შემდგომში მიხეილ სააკაშვილმა განავითარა და არსებული ხელისუფლებაც იმავე სისტემის მიხედვით მართავს ქვეყანას. ეს დამპალი სისტემა თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამას მივაღწევთ რადიკალური აქციებით.

- თქვენ არასოდეს დაგიმალავთ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობა, რომ მას დიდ პატივს სცემთ, რომ ის არ უნდა წასულიყო ხელისუფლებიდან. დღეს რა კავშირი გაქვთ მასთან ან მას ქართველთა მარშთან?

- არანაირი კავშირი ღარიბაშვილს ამ ყველაფერთან არა აქვს. ეს არის ქართველი პატრიოტების მიერ დაწყებული მოძრაობა. მეგობრობა ძალიან ბევრ ადამიანთან მაკავშირებს და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარეული იყვნენ. მე და ღარიბაშვილს გაგვაჩნია განსხვავებული პოლიტიკური ხედვები ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე მასთან არ მისაუბრია პოლიტიკურ თემებზე დაახლოებით ნახევარი წელია. ამიტომ ამ სისულელეებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ.

- როგორ მოახერხეთ თანხები მობილიზება? ვინ გაფინანსებთ? მართლა იქირავეთ ძვირადღირებული ოფისი?

- ბინძურ ღორებს, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ფინანსების გარეშე რაიმეს გაკეთება შეიძლება, ჰგონიათ, რომ ყველაფერი ფინანსებით კეთდება. სარდაფში გვაქვს ორი ოთახი, რომელიც უსასყიდლოდ დაგვითმო ჩვენმა მეგობარმა და ეს შურთ ამ ბინძურ ღორებს?! ჩვენ ფინანსები არა გვაქვს და ეს ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის. ეს არის წმინდა წყლის პატრიოტულ-ეროვნული ბრძოლა და, ვისაც ჩვენი დახმარება უნდა, შეუძლია დაგვეხმაროს ამ საქმეში. ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის. ჩვენ ამისთვის ფულს არც ამერიკას ვთხოვთ და არც რუსეთს! ჩვენ ვიწყებთ აქციებს და გავიმარჯვებთ!

- წინასაარჩევნო პერიოდია და რამდენად სწორია ამ პერიოდში საპროტესტო აქციები? ამბობენ, რომ ეს დესტაბილიზაციის ნიშნებს შეიცავს...

- რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს?! რას შეცვლის ეს არჩევნები?! პირდაპირ გეტყვით, დღეს ვისაც წამოყენებული აქვს თბილისში მერობაზე კანდიდატურა და ელოდება 3-5%-ის აღებას, ეს ადამიანები არიან ნაძირლები! გინდათ გითხრათ, რატომ წამოაყენეს საკუთარი კანდიდატურები?!

- რატომ?

- ყველას ჰგონია, რომ კახა კალაძეს დასჭირდება მეორე ტური, მეორე ტურში კახა კალაძე იყიდის მათ ხმებს და ამ კანდიდატებს მისცემს ფულს.

- სავაჭროდ ემზადებიან?

- დიახ, ესენი ფულის გასაკეთებლად ემზადებიან! მეორე ტური თუ გაიმართა, კახა კალაძეს უნდა ევაჭრონ და რატომღაც ჰგონიათ, რომ კალაძე ამაში მათ ფულს გადაუხდის! აი, ეს არის რეალობა. დღეს არანაირ არჩევნებს აზრი არ აქვს.

- რატომ არ აქვს აზრი? არჩევნებს აქვს ალტერნატივა?

- აზრი არ აქვს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ არ ვიცით, ვინ მართავს ქვეყანას. ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერი, სხვა თანამდებობის პირები, მაგრამ მთელმა საქართველომ იცის, რომ ქვეყანას ისინი არ მართავენ.

- აბა, ვინ მართავს?

- ზოგი ამბობს, რომ ქვეყანას მართავს ამერიკის საელჩო, ზოგი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ზოგიც ამბობს, რუსეთი, ზოგიც – სოროსიო, მაგრამ ყველა თანხმდება ერთ რაღაცაში – ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, არ მართავენ ამ ქვეყანას! ეს იცის ყველამ!

- ამიტომ თქვით, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები ფარსია?

- რა თქმა უნდა, ფარსია, აბა, რა არის?! როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პირებს არ აქვთ არანაირი უფლებამოსილება, გამგებელს და რომელიმე ქალაქის მერს ექნება რაიმე უფლებამოსილება?! სახელებისა და გვარების ცვლილებას აზრი არ აქვს, ეს სისტემა უნდა დაინგრეს და ჩამოყალიბდეს ნორმალური სისტემა. მხოლოდ სისტემის ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი ქვეყნის განვითარება.

- და როგორ აპირებთ ამ სისტემის შეცვლას?

- ჩვენ ვიწყებთ ჯერ წერტილოვან აქციებს. ჩვენი გეგმა არ არის დასამალი. ქართული მარშის ახალგაზრდული ფრთა გამართავს რადიკალურ, შთამბეჭდავ და მრავალრიცხოვან აქციას სოროსის ფონდთან. პიკეტირებული იქნება სოროსის ფონდი, ბლოკირებული იქნება მისი ყველა შესასვლელ-გასასვლელი და ჩვენ დავაყენებთ მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე!

- რა მოთხოვნებს?

- აიკრძალოს სოროსის ფონდი საქართველოში, როგორც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და ანტიჰუმანური ორგანიზაცია. სოროსის ფონდის საქმიანობა უკვე ბევრ ქვეყანაში აიკრძალა და ჩვენც უნდა ავკრძალოთ! ასევე უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება და ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება უნდა შეწყდეს! ასეთი კანონი დასავლეთის ბევრ ქვეყანაშია.

ამის შემდეგ ჩვენ გვექნება ანტინარკოტიკული აქცია იმ დაწესებულებებთან, სადაც ჯემფესტის მსგავსი მოვლენები ხდება და სადაც ხდება ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლა, გარყვნა და ანტიეროვნული აქტების ჩატარება! გპირდებით, საინტერესო ფაქტებს გამოვამზეურებთ და ესეც საკმაოდ შთამბეჭდავი აქცია იქნება! ამას ჩაატარებენ მხოლოდ ახალგაზრდები, ჩვენ ამაში არ ვიღებთ მონაწილეობას, უფროსი თაობა.

- რატომ, თქვენ სხვა გეგმები გაქვთ?

- ჩვენ ბათუმის მერიაში შევიტანეთ განაცხადი იმის თაობაზე, რომ ბათუმში დაიდგას დავით აღმაშენებლის ძეგლი. ჩვენ ველოდებით ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის მერიიდან პასუხს. არც გაიფიქრონ ანტიქართულმა ძალებმა, რომ აუკრძალონ ქართველებს აღმაშენებლის ძეგლის დადგმა ბათუმში! უარის შემთხვევაში ჩვენი აქცია ბათუმში იქნება ბევრად უფრო რადიკალური! ამ სამი წერტილოვანი აქციის შემდგომ ჩვენ ჩავატარებთ 50 ათას კაციან აქციას, რომელიც დაიწყება და აღარ დაიშლება. ხელისუფლებამ არცერთი დანაპირები არ შეასრულა, ამიტომ ხალხი თავად აღასრულებს სამართალს თავის ქვეყანაში!

- რამდენად შეძლებთ სიტუაციის მართვას კანონის ჩარჩოებში? სწორედ ეს ხომ არ იქნება დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზი, რაზეც ზემოთ გკითხეთ?

- ჩვენ ეს მექანიზმი უკვე მოფიქრებული გვაქვს, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის სრული დაცვით. ჩვენ დავიწყებთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან, გავალთ რუსთაველზე და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთ სახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე მოვაწყობთ პიკეტირებას. განაცხადი ამაზე უკვე შეტანილი გვაქვს.

- პრემიერის გადადგომასაც მოითხოვთ?

- არა, პრემიერის გადადგომას რა მნიშვნელობა აქვს?! რა აზრი აქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი წავიდეს და სხვა მისნაირი მოვიდეს? ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუ სისტემა იგივე დარჩა?! ჩვენ მოვითხოვთ სისტემის მთლიანად შეცვლას და სისტემის შეცვლის შემდგომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს!

ახალი თაობა“, 01 სექტემბერი, 2017 წელი

ციანიდის საქმეზე ახალ სკანდალს უნდა ველოდოთ?

ინტერვიუ მიხეილ რამიშვილთან: “სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს თუ გაითვალისწინებს, ყველა მასალას გავასაჯაროებ”

შორენა მარსაგიშვილი

დღეს, პირველ სექტემბერს, „ციანიდის საქმეზე“ დაცვის მხარე და მამა გიორგი მამალაძე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო დეკანოზს გაამართლებს. მისი თქმით, გამომძიებლების ჩვენებაც კი დეკანოზის უდანაშაულობას ამტკიცებს.

რატომ ვერ ამტკიცებს პროკურატურა დეკანოზის ბრალეულობას, რა სიურპრიზი აქვს დაცვის მხარეს, რას იზამენ, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრება.

„პროკურატურამ უკვე ბრძანა თავისი ე.წ. დასკვნითი სიტყვა. რა დაასკვნა, ჩემთვის უკვე ცნობილია, თავიდან რა აბსურდსაც იძახდნენ, ბოლოშიც იგივე გაიმეორეს. ჩვენი მხრიდან საწინააღმდეგო ფაქტები იქნება მოყვანილი. ყველა ფაქტსა და ნიუანსზე ჩვენი მხრიდან დეტალურად იქნება საუბარი დასკვნით სიტყვაში. ჩვენ მოსამართლეს მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას იმის დასამტკიცებლად, რომ მამა გიორგი მამალაძე არანაირი დანაშაულის ჩადენასა და მომზადებას არ აპირებდა”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

- ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ ციანიდის საქმის მთავარ მოწმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა და ამტკიცებს, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტ-პროვოკატორია. მან სასამართლოსაც მისცა ჩვენება. მისი ჩვენება თუ იქონიებს რაიმე გავლენას? პროკურატურა ამბობს, რომ ფირცხალავას მოწმის აგენტობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვს...

- ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფირცხალავას ჩვენებამ სერიოზული შედეგი გამოიღო. სერიოზული შედეგი გამოიღო იმ გამომძიებლების ჩვენებამაც, რომლებიც სასამართლოზე ჩვენების მიცემისას არაკვალიფიციურად იყვნენ მომზადებული. როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით გამომძიებელი, ძალიან აირევა მონაყოლში და კითხვების დასმის შემდეგ არაადეკვატურ პასუხს გასცემს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აქამდე რასაც ყვებოდნენ, იყო სიცრუე.

- სასამართლოს ჩვენება მაღალი რანგის სასულიერო პირებმაც მისცეს. მათ ჩვენებებზე რას გვეტყვით?

- მაღალი რანგის სასულიერო პირებმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ საპატრიარქოს შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არის და ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. მათ ისიც დაადასტურეს, რომ შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგის კარიერულ წინსვლაში ხელს ვერ შეუშლიდა. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია, მას ანგარების მიზნით მიეღო გადაწყვეტილება მის მოსაკლავად. აზროვნების სამართლებრივი სივრციდან არის ამოვარდნილი წაყენებული ბრალდების შინაარსი. გამოძიებას თუ მიაჩნია, რომ აზრთა სხვადასხვაობა ადამიანის მოკვლის საფუძველი შეიძლება გახდეს, ეს სხვა საქმეა. სასულიერო პირები კი ამბობენ, რომ ეკლესია არის ერთი დიდი ოჯახი და, როგორც ყველა ოჯახში, მათთანაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. დასკვნით სიტყვაში მამა გიორგი შორენასთან ურთიერთობაზე, მის თხოვნებზე, ციანიდზე დეტალურად ისაუბრებს. ამ საკითხებზე საუბარს ჩვენ, ადვოკატებიც, ვაპირებთ.

ჩვენ ბევრი ადამიანი დავკითხეთ, ბევრი ინფორმაცია დაგვიგროვდა და, გარდა ამისა, კარგად ვხვდებით, ვინ რა დროს ცრუობს. მოსამართლე, მგონი, ჩვენზე უკეთ მიხვდება, სად არის სიმართლე და სად – ტყუილი.

- დასკვნით სიტყვაში რაიმე სიურპრიზი თუ გაქვთ იმავე ბრალდების მხარისთვის? მესმის, რომ ყველა ინფორმაციას ვერ გააჟღერებთ, მაგრამ რაიმე ახალ ამბავს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ასე ვერ გეტყვით კონკრეტულად. ჩვენთვის ყველაფერი სიურპრიზია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ საქმეში საოცარი დარღვევებია. უხეშად რომ ვთქვათ, მთელი სამართალი ამოყირავებულია. ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება ის, თუ სასამართლო ბრალდების მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იქნება სრული კატასტროფა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ამ საქმეზე მამა გიორგი გამტყუნდა, ეს მთელი სახელმწიფოსთვის იქნება კატასტროფა. ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება.

- სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ალბათ პროგნოზების გაკეთება მართებული არ არის, მაგრამ პროცესის დახურვამ საზოგადოებაში დიდი ეჭვები გააჩინა...

- დიახაც, სასამართლო მიზანმიმართულად დაიხურა. სასამართლო დახურეს იმიტომ, რომ საზოგადოებას მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჰქონოდა. პროკურატურა კი ამბობდა, რომ მათ პატრიარქი იხსნეს სიკვდილისგან. იმავეს აცხადებდა მთელი მთავრობა. მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ლამის ერის მხსნელად გამოაცხადეს. მე ვიყავი პირველი, ვინც გააჟღერა, რომ მამა გიორგის საერო პირის მკვლელობის მომზადებას აბრალებენ და არა – სასულიერო პირისას. ამ ინფორმაციის შემდეგ პროკურატურამ სხვა გზა აირჩია. ყველაფერი ისე რომ წასულიყო, როგორც მათ უნდოდათ, ეს ყველაფერი მიჩუმათებული იქნებოდა. ხალხს კი ეგონებოდა, რომ ქვეყანა საშინელ ტრაგედიას გადაურჩა. სასამართლო პროცესი იმიტომ დაიხურა, რომ საზოგადოებას თავისი ყურით არ მოესმინა ბრალდების მხარის აბურდული არგუმენტები და მტკიცებულებები.

- ციანიდის გამყიდველი ისევ არ არის ნაპოვნი?

- მაგას ვერ იპოვიან. ან სად უნდა იპოვონ, როცა ბუნებაში ეგეთი ვინმე არ არსებობს – არ უყიდია მამა გიორგის არავისგან ციანიდი. მეშვიდე თვეა, ეს საქმე მიმდინარეობს და ამ შვიდი თვის განმავლობაში როგორ ვერ დაადგინეს ციანიდის გამყიდველი.

თავად საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ მიყურადების ქვეშ იყო ყველა ის ადამიანი, რომლებსაც მამა გიორგის შეხებასთან რაიმე შეხება ჰქონდათ. ამაზე განცხადება თავად პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა. რატომღაც ციანიდის გამსაღებელი ვერ დაადგინეს და მის კვალს ვერც შემდგომი შვიდი თვის განმავლობაში ვერ მიაგნეს.

ციანიდის წარმომავლობის დადგენაც ძალიან ადვილი იყო. მამა გიორგი ამბობს, რომ ჩაუდეს, პროკურატურა აცხადებს, რომ მის ბარგში აღმოაჩინეს. თუ მართლა მამაოს ეკუთვნოდა ეს ნივთიერება, რატომ არ ჩაატარეს ბიოლოგიური ექსპერტიზა?! თავისუფლად შეიძლებოდა დნმ-ს ანალიზის გაკეთებაც. იცით, რამდენი სახის ექსპერტიზა არსებობს, რომლითაც ნამდვილად დადასტურდებოდა, ვის ჰქონდა შემხებლობა ციანიდთან?

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს პასპორტს ან პირადობის მოწმობას იღებს, თავის თითის ანაბეჭდებს აფიქსირებს საჯარო რეესტრში. დღეს ადამიანების იდენტიფიცირება ძალიან მარტივია.

ექსპერტიზის ჩატარებაზე საგამოძიებო უწყებამ იმიტომ თქვა უარი, რომ მათი თანამშრომლების იდენტიფიცირება მოხდებოდა. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს. ახალი არავისთვის იქნება თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ადამიანებს ნარკოტიკებს ჯერ კიდევ უდებენ. ღმერთის წყალობით, გამოჩნდნენ მოსამართლეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩადებების დრო დასრულდა. ამ მოსამართლეებმა ჩადებული ნარკოტიკით დაკავებული ადამიანი გამოუშვეს. ანალოგიური შეიძლებოდა მომხდარიყო მამა გიორგის საქმეშიც. აქ უბრალოდ სხვა ნივთიერება ფიგურირებდა, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება ამ შხამისთვისაც შეიძლებოდა.

- პროკურატურას ცალკე ჰქონდა გამოყოფილი შესაძლო თანამზრახველების საქმე. ამ მიმართულებით თუ არის რაიმე სიახლე?

- შესაძლო თანამზრახველების გარდა, ცალკეა გამოყოფილი ციანიდის გამსაღებლის საქმეც. გამოყვეს და მერე რა, იპოვეს ვინმე? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვერ იპოვიან. შვიდი თვე გავიდა და ვერ დაადგინეს ვერც შესაძლო თანამზრახველების ვინაობა და ვერც ციანიდის გამსაღებელი იპოვეს. მოსამართლემ თუ პროკურატურის მტკიცებულებები საკმარისად ჩათვალა და მამა გიორგი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო, ეს იქნება კატასტროფა. ისეთი კატასტროფა იქნება, სანდრო გირგვლიანის პროცესები მიმიქარავს. სანდრო გირგვლიანის საქმე სანამ სტრასბურამდე არ მივიდა, მანამდე, მოგეხსენებათ, რაც ხდებოდა.

- ახლაც იმავე გზის გავლა მოგიწევთ?

- თუ იგივე გზა უნდა გავიაროთ, მაშინ არ გვჭირდება საქართველოში არცერთი მოსამართლე. მივიღოთ ისეთი კანონი, რომ პირდაპირ სტრასბურში მოგვხდეს წასვლა. ყველაფრის მიუხედავად, სასამართლოს წინ მაინც იმედიანად ვარ განწყობილი. მართლმსაჯულებას თუ იმაზე გააჩნია პრეტენზია, რომ არავის ემონება, მაშინ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ. მამა გიორგი თუ არ გამართლდა, ყველაფერს ვიტყვი, რომელიმე ტელევიზიას ვთხოვ და მთელ მასალას გავასაჯაროებ. მე გაუთქმელობაზე ხელი არ მაქვს მოწერილი და ამის უფლება მაქვს. სასწაულ რამეებს იხილავს საზოგადოება და მერე მართლა ყველა დაინახავს, ვინ ვინ არის.

ახალი თაობა“, 01 სექტემბერი, 2017 წელი

“ოცნების” დეპუტატი მერობის კანდიდატს მოკვლით ემუქრება”

ინტერვიუ ჯელალ ქიქავასთან: „თოფით ვარ შეიარაღებული და მუხრან ვახტანგაძე თუ მომიახლოვდება, ვესვრი”

შორენა მარსაგიშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ყოფილი მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძე ახალ სკანდალში გაეხვია. მას ბათუმის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან ჯელალ ქიქავა მუქარაში ადანაშაულებს. მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი მან უკვე გადასცა შსს-სა და პროკურატურას.

აღსანიშნავია, რომ მუხრან ვახტანგაძის მიმართ პრეტენზიები სხვებსაც აქვთ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა მურმან დუმბაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან არაერთხელ განაცხადა, რომ ვახტანგაძე ჯერ აბაშიძის ზონდერი იყო, ხოლო შემდეგ – სააკაშვილის.

რატომ დაიბარა ქუჩაში ვახტანგაძე, რა შეუთვალეს მოჭიდავეებმა, რაზე გააფრთხილა შსს და როგორ აპირებს თავის დაცვას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ჯელალ ქიქავა ესაუბრება.

„რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 29 აგვისტოს, მე გამოვედი 25-ე არხზე და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ვისაუბრე, საყვედური გამოვთქვი პარლამენტში აჭარის დეპუტაციის მიმართ. პირდაპირ ვთქვი, რომ აჭარას საქართველოს პარლამენტში ლობი არ ჰყავს. ისიც ვთქვი, რომ ჩვენი კვოტით იქ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც, მართალია, კარგი ექიმები არიან, მაგრამ პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ. ჩემმა ამ განცხადებამ ძალიან გააბრაზა დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე და ის მოკვლით დამემუქრა”, – ამბობს ჯელალ ქიქავა.

- მუხრან ვახტანგაძე რატომ გაბრაზდა, ის ხომ არ არის ექიმი, თუ მისი გვარიც ახსენეთ?

- ისიც ვახსენე და ვთქვი, რომ ის არის ზონდერი. მე დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და კარგად ვიცნობ ზონდერებს, მოჭიდავეების ბანდებს. ზონდერებს აქტიურად იყენებდნენ ასლან აბაშიძეც და მიხეილ სააკაშვილიც. ამ გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს ანუ 30 აგვისტოს მე დამირეკა ვახტანგაძემ და დამიწყო ძველბიჭური საუბარი. ამ საუბრის ჩანაწერი სათანადო ორგანოებს გადავეცი. ჩემთან საუბარში მან პირდაპირ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი. ახლა ვკითხულობ მე, პარლამენტის წევრი თუ პოლიტიკოსი არაა, აბა, ვინ არის ძველი ბიჭი? თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის სწორედაც რომ ძველი ბიჭია. პარლამენტის წევრი მე, ბათუმის მერობის კანდიდატს, ქუჩაში მეპატიჟება საქმის გასარჩევად.

საუბარში მან ხაზგასმით მითხრა, რომ ის არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, დაამატა, რომ ოლიმპიადის პრიზიორიცაა. ის პირდაპირ დამემუქრა ფიზიკური ძალადობით. ასეთ შემთხვევაში მე საკუთარი თავის დაცვა გადავწყვიტე.

30 აგვისტოს მივმართე შსს-ს აჭარის სამმართველოს. იქ მოხდა ჩემი გამოკითხვა. 5 საათის განმავლობაში მისვამდნენ კითხვებს. გუშინ, 31 აგვისტოს, უკვე პროკურატურაში შევიტანე განცხადება. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, გვაინტერესებს, რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება. მან ჩემთან საუბარში ერთი დანაშაულიც აღიარა, თქვა, რომ მათ სცემეს მალხაზ მახარაძე და ოთო პეტიჩკინი. ეს ინციდენტი 2016 წლის არჩევნების წინ მოხდა. ეს ბიჭები საბილიარდოში ცემეს. აქამდე ის ამას არ აღიარებდა, მაგრამ ახლა გამოტყდა. ხელისუფლებამ ეს საქმეც უნდა გამოიძიოს.

- თქვენ მუხრან ვახტანგაძესთან ადრეც ხომ არ გქონდათ შეხება? მარტო ამ განცხადების გამო დაგიპირისპირდათ?

- ის მე სიმართლისთვის დამიპირისპირდა. მასთან არანაირი შეხება არა მაქვს და საერთოდ არ ვიცნობ. რა საერთო უნდა მქონდეს მე ზონდერების ბანდებთან. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის კარი ზონდერებისთვის ღიაა. ჩემი აზრით, ზონდერები და მოჭიდავეები პარლამენტსა და პოლიტიკას უნდა მოვაშოროთ. ახლა ველოდები პასუხს ხელისუფლებისგან. სხვათა შორის, მუქარები არ დამთავრებულა.

- კიდევ დაგემუქრათ ვახტანგაძე?

- თავად არა. 30 აგვისტოს გამომიგზავნა ზონდერები, მოჭიდავეები და მათ გამაფრთხილეს. ახლა მე ველოდები, რა განცხადებას გააკეთებს საქართველოს პარლამენტის სპიკერია. აუტანელია, როცა პარლამენტის წევრი ოპოზიციონერს მოკვლითა და ფიზიკური ძალადობით ემუქრება. მართალია, მე შსს-ს და პროკურატურას მივმართე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევშინდი. არ შევშინებულვარ, მაგრამ საკუთარი თავის დაცვაზე ვფიქრობ. მე დავდივარ თოფით.

- გაქვთ მისი ტარების უფლება?

- გაფორმებული მაქვს. ამის შესახებ სათანადო ორგანოებიც გავაფრთხილე, როგორც კი მუხრან ვახტანგაძე მომიახლოვდება ერთ მეტრში, ეგრევე ვესვრი. მინდა მჯეროდეს, რომ მას სათანადო პასუხს მოსთხოვენ. ასეთი ფაქტი სხვა ქვეყანაში დიდი სკანდალის მიზეზი გახდებოდა, აქ კი ვითომ არაფერი, არადა, “ოცნების” დეპუტატი მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს მოკვლით ემუქრება.

Comments are closed