globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 1st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რას იხეირებს საქართველოს მოსახლეობა პარიზის სამიტით?

„ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ნატოში მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე მიგვიღებენ? რას ამბობს ამის შესახებ დიპლომატი, რომელმაც ნატოში ოთხი წელი იმუშავა?

რეზონანსი: ნატო საქართველოსთვის ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს: რიგში დგომა, მონტენეგროს შემდეგ

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაცია დადებითად გადაწყდება.. // „რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოსთვის წამგებიანია“

რეზონანსი: რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად საქართველოში უნდა შეიქმნას რუსულენოვანი მედიასაშუალება?

რეზონანსი: როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

„ვერსია“: ქართული ოპოზიციის კულუარული ომი და გეგმები

ახალი თაობა“: ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „პაატა ზაქარეიშვილი პუტინის ტყუპისცალია, რეინტეგრაციის მინისტრს თავისი განცხადებების გამო ენა უნდა ამოაძრო”

ახალი თაობა“: ცხინვალელებს პრეზიდენტი გაეპარათ

—————————-

„ალია“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ციცაძესთან: რას იხეირებს საქართველოს მოსახლეობა პარიზის სამიტით?

გელა ზედელაშვილი

30 ნოემბერი, მთელი მსოფლიოს ლიდერები პარიზში არიან, სადაც კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი საგანგებო სამიტი იმართება. კლიმატი საბაბია, თორემ დღეს რაც სირიაში და თურქეთში ხდება, ყველა ამაზე ლაპარაკობს. პარიზში ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდა.

რა როლი აკისრია ამ გაწამაწიაში ჩვენს ქვეყანას? რისთვის დავდივართ სამიტებსა თუ სხვა მსგავს შეხვედრებზე და რას იხეირებს ამით საქართველოს მოსახლეობა?

„ალიას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

– რუსეთი ელოდებოდა, რომ 150 ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე ერდოღანი ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ არ მოიხადა. შეიძლებოდა პუტინი ამით დაკმაყოფილებულიყო. ერდოღანმა ერთი რამ თქვა, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთო. ეს არ გამოვიდა. დღეს თურქეთი უფრო მძიმე დღეშია, იქ შიგნითაც არეულობაა. ახლა გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები, რუსეთში გავლენით პირველ ადგილზე პუტინია, მეორეზე – ჟირინოვსკი. რუსებს მოსწონთ გიჟი, რა უნდა ელაპარაკო?

ისინი თავის თავს მიხედავენ. ამ ყველაფერში ჩვენ რა ხეირი?

– პოლიტიკაში ხეირი თუ არ ნახე, ისე არ აქვს აზრი. ამ დღეებში ეს ეიფორია ჩაცხრება, ჩვენი მეტიჩარა და არამკითხე მრჩევლები თუ „ექსპერტებიც“ სხვა საკითხებზე გადაერთვებიან, უკვე დრო ექნება მთავრობას, ცოტა მშვიდ გარემოში, ჩუმად დაიწყოს მუშაობა – განთავისუფლდა რაღაც სეგმენტი თურქეთისა და რუსეთის ბაზრებზე? სხვამ არ მიგვასწროს.

ბოლოს და ბოლოს, ამდენი ქვეყნის ლიდერია ჩასული, ზოგიერთი ისეთი ქვეყანაა, რომელთანაც შესაძლოა, ახალი პერსპექტივა გაგვეხსნას. ზოგისთვის რუსეთის ბაზარია ჩაკეტილი, ზოგისთვის ახლა ჩაიკეტა და მომავალში ჩაიკეტება თურქეთის ბაზარი. თურქეთი მარტო რუსეთისთვის არ ჩაიკეტა, ახლა რუსეთის ხათრით, შიშით თუ გავლენით ბევრი იტყვის უარს ერდოღანთან თანამშრომლობაზე, ბელორუსით დაწყებული, ყაზახეთით დამთავრებული. აი, აქ უკვე ჩვენ გვეძლევა შანსი, შეიძლება საწარმოები განვითარდეს, ექსპორტი გაიზარდოს, ხალხი დასაქმდეს. გარდა ამისა, 150 ქვეყნის ლიდერია, შენ არავინ არ გიცნობს, 3-მილიონიანი ქვეყანა ხარ, გაგიცნობენ, დაგელაპარაკებიან, იქ იქნება არაოფიციალური შეხვედრები, ალა-ფურშეტები და ასე შემდეგ.

საერთოდ, კლიმატის ცვლილებებზე საუბარი იყო?

– კი, იყო.

მერე, რატომ არ გვაძლევენ შენიშვნას, კლიმატთან დაკავშირებით ვალდებულებები ხომ გვაქვს აღებული? თბილისში რომ დადის გაუმართავი და მოფახფახებული ყვითელი ავტობუსები, ამასაც შევეშვათ. საწვავის ხარისხის გაკონტროლებას არ დაადგა საშველი.

– ჩვენ რა დოზითაც ვაბინძურებთ, ეს დიდი ქვეყნებისთვის სასაცილოა, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და ფაბრიკა-ქარხნები. ყველაზე მეტად დედამიწაზე ჰაერს ამერიკელები აბინძურებენ თავიანთი ინდუსტრიით. რუსეთი კი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული ამ საკითხით – ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე დნება. სამიტი კარგ დროს დაემთხვა, კლიმატზეც ილაპარაკეს და ტერორიზმზეც. აქამდე არსებობდა ხელშეკრულება, რომელსაც თავის დროზე ამერიკა არ შეუერთდა, უკვე გითხარი, ყველაზე მეტი დამბინძურებელი ამერიკაა. ახლა ახალი ხელშეკრულება დაიდება და არ შეიძლება, შენ გამოეთიშო, უნდა შეუერთდე. მაინც საერთო სიტუაციაა და პრემიერ-მინისტრი უნდა წასულიყო. მე თვითონ არ ვარ იმის მომხრე, ყველა რომ დადის… მაგალითად, თუ არ უნდა იარონ, ესენი არიან პარლამენტარები და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები, ჩინოვნიკები. ნებისმიერი სამინისტროს 10-15 პროცენტი დღეს უცხოეთშია მივლინებით. რას აკეთებენ, რისთვის დადიან, კაცმა არ იცის. იგივე დავით ნარმანიას ნახევარი ევროპა აქვს უკვე შემოვლილი, აღარაფერს ვამბობ მერიის თანამშრომლებზე. გავიხედავ, ვკითხულობ, ვეტერანების უფროსი შიხიაშვილი ამერიკაში მიდის სამუშაო ვიზიტითო. მაგან უნდა გაიგოს, ამერიკაში ვეტერანები როგორ ცხოვრობენ? გადმოერეკა და მე ვეტყოდი, ამერიკაში ვეტერანები როგორ ცხოვრობენ – ზუსტად ისე, როგორც აქ მინისტრები ცხოვრობენ. ინვალიდებსა და ვეტერანებს საფრანგეთში სასახლე აუშენეს, დღეს ის ადგილი ტურისტების სანახავია. დღეს პარიზში წყდება ჩვენი პლანეტის მომავალი, ამას საქართველოს ხელმძღვანელი ვერ გამოაკლდებოდა. თითქოს მთავარი საფრთხე ისლამური ტერორიზმია, მაგრამ არანაკლებია გლობალური დათბობა. როცა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე ყოველდღიურად დნება, ეს პერსპექტივაში რას უქადის კაცობრიობას? თუ საკითხს ასე დავსვამთ, რომ საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება, ასე არ გამოვა, საერთო სიტუაციას ჩვენც უნდა შევუერთდეთ. დღეს ისეთი სიტუაციაა, არავინ იცის, ვინ რას იხეირებს და ვინ რას წააგებს. ოზონის ლეიბი ისედაც ნახვრეტებითაა სავსე კოსმოსური ხომალდებისა და ამდენი გაზის გამო. გარდა ამისა, ყველა სახელმწიფოს ლიდერის ფუნქცია რა არის? რაც შეიძლება, მეტ კოლეგას იცნობდეს. რაღაც რომ მოხდეს, იმდენი უნდა შეგეძლოს, რომ ტელეფონი აიღო და რომელიმე ქვეყნის ლიდერს თავისუფლად დაურეკო. პირადი ურთიერთობები დღეს მთელ მსოფლიოში მოქმედებს. ნუ გგონია, რომ მარტო ქართველებმა ვიცით ნაცნობობა და ძმაკაცობა. მართალია, პოლიტიკა პრინციპებზე უნდა იყოს დამყარებული, მაგრამ პირად ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იაპონიაშიც ასეა, გერმანიაშიც და ყველგან. ამ სამიტზე ჩვენი ხეირი ის არის, რომ, ასე თუ ისე, კონტაქტები მყარდება და ამის იგნორირება არ შეიძლება. მიიღებენ ახალ დოკუმენტს და ვნახავთ, რა შეზღუდვები გავრცელდება საქართველოზე. ჩვენ მომავალში ჩვენი პოტენციიდან გამომდინარე, უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით. რაკი ხელს ვაწერთ, უკვე ვართ მონაწილეები. საქართველო არ იყოს ამ პროცესის მონაწილე, ეს დაუშვებელია.

„ალია“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ნატოში მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე მიგვიღებენ? რას ამბობს ამის შესახებ დიპლომატი, რომელმაც ნატოში ოთხი წელი იმუშავა?

ლევან ჯავახიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა მეტად სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, გახდეს ნატოს წევრი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის მიმართ ნატოს მე-5 მუხლი არ ამოქმედდება. ბერძენიშვილმა მაგალითად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მოიყვანა, რომელიც ისე გახდა ნატოს წევრი, რომ მე-5 მუხლი მას არ შეეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს მე-5 მუხლი ალიანსის წევრ ქვეყნებს იცავს სხვა, ნატოს არაწევრი ქვეყნის თავდასხმისგან და ნატოს წევრი ქვეყნები, თავდასხმის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან, შეიარაღებული ძალებით დაიცვან ეს წევრი სახელმწიფო. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ ლევან ბერძენიშვილის ეს განცხადება სახელისუფლებო ელიტასთან შეთანხმებით გაკეთდა, საქმის კურსში, თავდაცვის „რესპუბლიკელი“ მინისტრი, თინა ხიდაშელიც არის და ეს გზავნილი ნატოს ხელმძღვანელობისთვის იყო განკუთვნილი.

იმასაც ამბობენ, რომ ნატოს ხელმძღვანელობა მზად არის, ეს ვარიანტი განიხილოს.

საქართველო ნატოს წევრი თუ გახდება და მას სამხედრო-პოლიტიკური კოალიციის მე-5 მუხლი არ შეეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ კვლავ უნდა განაგრძოს ნატოს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, უფრო დიდი მასშტაბებით, ნატოს ამ ოპერაციებში გაცილებით მეტი ჩვენი თანამემამულე დაიღუპება, ვიდრე დღეს. ასევე, ნატო საქართველოში განათავსებს სამხედრო ბაზებს, სამხედრო ლაბორატორიებს, სადაც ღმერთმა უწყის, რა სახის ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ეს რამდენად საფრთხის შემცველი იქნება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნისთვის. მოკლედ, ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს. სანაცვლოდ კი, დავუშვათ, და თუ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყანა ვიქნებით, კოალიციიდან ერთი ჯარისკაციც კი არ იბრძოლებს ჩვენს დასაცავად და ამას ვერც მოვთხოვთ – ნატო გვეტყვის, რომ მე-5 მუხლის გარეშე კოალიციის წევრობა ჩვენივე სურვილი იყო…

ბერძენიშვილის გარდა, „თავი გამოიჩინა“ კიდევ ერთმა „რესპუბლიკელმა“, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომლის თქმითაც, აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია…

„ალიამ“ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი მობილური ტელეფონი მომსახურების ზონიდან იყო გასული. ვცადეთ პაატა ზაქარეიშვილთან დარეკვაც. ამ შემთხვევაში ჩინოვნიკის ტელეფონი ჩართული იყო, თუმცა რეკვისა და მესიჯების მიუხედავად, მან ტელეფონს მაინც არ უპასუხა.

„ალია“ უსაფრთხოების ექსპერტს, ნატოში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:

ბატონო ვახტანგ, რამდენად რეალურია, საქართველო ნატოს წევრი გახდეს და მას კოალიციის მე-5 მუხლი არ შეეხოს? ეს ლევან ბერძენიშვილის სურვილია და მას მაგალითად დასავლეთ გერმანია მოჰყავს, რომელიც თავის დროზე ანალოგიური პირობით მიიღეს ნატოში?

– დასავლეთ გერმანია, ანუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 1955 წელს მიიღეს ნატოში. მაშინ სხვა ვითარება იყო მსოფლიოში. აღმოსავლეთ გერმანია, ანუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ვარშავის სამხედრო პაქტის წევრი იყო. გფრ-ს ამ სამხედრო ბლოკის, ასევე, გდრ-ის სამხედრო ძალების თავდასხმის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ გახდა ნატო-ს წევრი. მართალია, მე-5 მუხლი მას არ შეეხებოდა, თავდასხმის შემთხვევაში ნატო მას სამხედრო ძალებით ვერ დაეხმარებოდა, მაგრამ სხვა სახის ნებისმიერ დახმარებას აღმოუჩენდა. მაგრამ იმ დროს გფრ-ი ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა, ნატოს იქ დიდი სამხედრო ბაზა ჰქონდა განთავსებული და ეს ფაქტორები გფრ-ზე სამხედრო აგრესიის მსურველებს აგრესიის განხორციელების საფრთხეს უკარგავდა. გფრ-ზე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და შესაძლოა, ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც, მას დაიცავდნენ დამოუკიდებლად, არა როგორც ნატოს წევრი ქვეყნები. ეს იცოდნენ სსრკ-ს ხელმძღვანელებმა, ზოგადად, ვარშავის ბლოკის ხელმძღვანელებმა და ამიტომ ვერ ბედავდნენ გფრ-ზე თავდასხმას. ნატოს სამხედრო ბაზა ვახსენე და ესეც შემაკავებელი ფაქტორი იყო აგრესიის მოსურნეთათვის. დღეს სხვა ვითარებაა, საქართველო ნატოსთვის არ წარმოადგენს იმდენად მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორსაც დასავლეთ გერმანია წარმოადგენდა იმ დროს, როცა გამონაკლისის წესით მიიღეს ნატოში. თეორიულადაც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ნატოს წევრები გავხდეთ და მე-5 მუხლი არ შეგვეხოს. გამოდის, რომ ჩვენ გამო, ნატომ საკუთარ პრინციპებზე უნდა თქვას უარი, რომელიც მხოლოდ ერთხელ, დასავლეთ გერმანიის შემთხვევაში დაარღვია და ეს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი. ნატომ წევრობის კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების დასაჩქარებლად შემოიღო მაპ-ი, აიპაპი, სხვასაც ბევრს აკეთებს, მაგრამ რაც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ამას არ გააკეთებს.

პოლიტიკურ კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ ბერძენიშვილმა ხელისუფლების ლიდერთა სურვილი გაახმაურა და გარკვეული მოლაპარაკებები ამის თაობაზე ნატოს ხელმძღვანელობასთანაც აქვს ხელისუფლებასო.

– ნატოში 4 წელი ვმუშაობდი, დღეს ამ ორგანიზაციის მკვლევარი ვარ და ვერც ლევან ბერძენიშვილი და ვერც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ვერ დამარწმუნებენ იმაში, რომ საქართველოს ნატო მე-5 მუხლის გარეშე მიიღებს წევრად. გეუბნებით, ეს თეორიულადაც კი დაუშვებელია, ამ საკითხს ნატო არც კი განიხილავს. საერთოდ, თუ შეწყდება ამ თემაზე ლაპარაკი და სპეკულაციები, კარგი იქნება.

რამდენად რეალურია, რომ ეს ლევან ბერძენიშვილის პირადი მისაზრება არ არის და ის ხელისუფლების გარკვეული წრეების მოსაზრებას ახმაურებს?

– არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, არც ეგ ცვლის მთავარს. რაც ბერძენიშვილმა განაცხადა, ეს საფუძველს მოკლებულია და ნატოს ხელმძღვანელები ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს ხელისუფლებას არც კი დაუჯდებიან.

ბატონო ვახტანგ, სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდაო. მისი ეს განცხადებაც ნატოს ხომ არ უკავშირდება? ჩვენში ბევრი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს გარეშე უპრობლემოდ მიგვიღებენ, რადგან ამით რუსეთთან კონფლიქტური რეგიონების პრობლემა ავტომატურად გადაიჭრებაო.

– ასეთი თეზისი არსებობს და საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში გაწევრიანებას მხარს ე.წ. ლიბერტალიანელები უჭერენ, რომლებიც ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის ფაშიზმთან ასოცირდებიან. ამ ჯგუფს სათავეში გიგა ბოკერია და „ნაცმოძრაობის“ რადიკალური ფრთის სხვა ლიდერები უდგანან. ისინი ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ამ ორი რეგიონის გარეშე ნატოში უყოყმანოდ მიგვიღებენ და ორივე რეგიონი სასწრაფოდ მოსაშორებელია. ასეთი შეხედულება არის დანაშაული, საკითხისადმი არასახელმწიფოებრივი მიდგომა. ბატონი პაატას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არის არასწორი განცხადება. მას და სხვებსაც შევახსენებ, რომ 1990 წელს საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტოდ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ, შემდეგ უკვე, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო გახდა გაეროს წევრი და ასზე მეტმა ქვეყანამ აღიარა მისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი მთლიანობა, ცხადია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. დღესაც, აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს განუყოფელი რეგიონებია, აბსურდია, რომ ნატოში მათ გარეშე ვინმე სასწრაფოდ მოგვიღებს. ეს სრულიად უსაფუძვლო აზრია.

რეზონანსი“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

ნატო საქართველოსთვის ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს: რიგში დგომა, მონტენეგროს შემდეგ

თაკო მათეშვილი

თუკი ნატოს დღევანდელ მინისტერიალზე საქართველომ სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი ალიანსის წევრობის შესახებ დავკარგოთ – მიიჩნევენ პოლიტოლოგები და დასძენენ, რომ ნატოს გაფართოება არ შეუჩერებია. თუ მონტენეგრო დღეს ალიანსის წევრობის შეთავაზებას მიიღებს (რისი მოლოდინიც არსებობს), ეს მათი აზრით, სწორედ ამის დასტური იქნება და შესაბამისად, თუკი საქართველო სწორი გზით სვლას გააგრძელებს, ადრე თუ გვიან იგივე ბედს გაიზიარებს.

მოგეხსენებათ, დღეს ნატოს მინისტერიალი გაიხსნა, რომელზეც თავდაცვის მინისტრი საკმაოდ დიდ მოლოდინს ამყარებს. თინა ხიდაშელმა თამამი და ოპტიმიზმით სავსე განცხადება არაერთხელ გააკეთა და პოზიტიური მოლოდინის შესახებ აზრი არც ბოლო დღეებში შეუცვლია. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მან გამოთქვა იმედი, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“საქართველოში მიმდინარე ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნიდან და იმ პაკეტიდან გამომდინარე, რომელსაც ვახორციელებთ “ეიემპ“-ის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიური სამოქმედო გეგმაა, სრულიად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მაპ-ის გარეშეც აქვს მაღალი შანსი წევრობის გზაზე დადგომის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

იგი დარწმუნებულია, რომ პირველ დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან გამოსული დოკუმენტი საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური იქნება და ვარშავის სამიტისკენ გზას გაგვიხსნის. მასში იქნება საუბარი იმ ინსტრუმენტების თავსებადობაზე ნატოს წევრობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს უკვე გააჩნია.

“ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია, რომ არის წევრობის გზაზე თავსებადი, ეს ნატოს ჩანაწერში პირველად უნდა გაჩნდეს. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მინისტერიალზე ჩვენ ამას მივიღებთ. რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გზის გახსნა ვარშავისთვის იმაზე, რომ შუალედური პროცესი არ გვქონდეს გადასალახი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საქართველოს არ სურს იყოს ნატოს წევრი სახელმწიფოების აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. იგი მაპ-ს არ ითხოვს, რადგან თვითმიზანი ეს არაა. მთავარია, საქართველო წევრობის გზაზე დადგეს და ხიდაშელის აზრით, ამის რეალური შანსი არსებობს.

თინა ხიდაშელის განცხადებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება სკეპტიკოსების აზრს იმის თაობაზე, რომ მონტენეგროს მიღების შემდეგ ნატო გაფართოების პოლიტიკას დიდი ხნით შეაჩერებს. ამ მოსაზრებას ზედმეტად პესიმისტურად მიიჩნევენ.

“საქართველოს ატლანტიკური საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძის თქმით, რამდენადაც მონტენეგროს გაწევრიანების საქმე წინ მიდის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროცესი გაჩერებული არ არის და ნატოსაც არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

რაც შეეხება ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი. ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს მხრიდან ჩვენს მიღებასთან დაკავშირებით მოსამწიფებელია. ამაზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მისი აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი გაწევრიანება მუდმივად გაიწელება. ამის სამაგალითოდ კი ბალტიისპირეთის ქვეყნები მოჰყავს და ამბობს, რომ მათ მიმართაც არსებობდნენ სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანებას არ ეთანხმებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ბალტიის ქვეყნებმა ყველა ვალდებულება შეასრულეს, მხარდამჭერების კრიტიკული მასა დაგროვდა და, საბოლოო ჯამში, ნატომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. იგი დასძენს, რომ რამდენიმე წლით ადრე თავად ბალტიის ქვეყნებსაც არ ჰქონდათ ამის მოლოდინი, მაგრამ შესაბამისმა რეფორმებმა და სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა მათ მიმართ მხარდაჭერა გაზარდა.

“ჩვენ შემთხვევაში პროგნოზირება ძნელია როდის და რამდენ წელიწადში მიგვიღებენ, მაგრამ როცა აღებული ვალდებულებები შესრულდება და დემოკრატიული განვითარების მაგალითს ვაჩვენებთ, ჩვენი შანსი საგრძნობლად გაიზრდება. თუნდაც ბოლო რამდენიმე წელიწადს რომ გადავხედოთ, ინტეგრაციის ხარისხი იზრდება – საქარველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა. ბოლო შეფასებაც საკმაოდ პოზიტიური იყო”, – აცხადებს მუჩაიძე. ამასთანავე, მისი აზრით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსი, არამედ პოლიტიკური ორგანიზაციაცაა, რომელიც ერთობლივ ღირებულებაზეა დაფუძნებული. ისინი ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას თვალყურს აუცილებლად მიადევნებენ. სასამართლოს თავისუფლება იქნება, კანონის უზენაესობა, თუ პრესის თავისუფლება – ამ მხრივ, მუჩაიძის თქმით, წინ ვერგადადგმული ნაბიჯები ჩვენ ალიანსში გაწევრიანებისათვის სერიოზული ბარიერი შეიძლება გახდეს. სკეპტიციზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მონტენეგროს მიღების შემდეგ ნატოს კარები დიდი ხნით დაიხურება, გადაჭარბებულად მიიჩნევს და ამის დამადასტურებელი საბუთი მონტენეგრო იქნება, თუკი წევრობის შესახებ შეთავაზება მართლაც მიიღო – “დინამიკა საკმაოდ პოზიტიურია” – დასძენს გიორგი მუჩაიძე.

“ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუ რას მოიფიქრებს ნატო იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ოპტიმიზმი შერჩეს”, – ეს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის სიტყვებია, რომელიც თანადებობის პირებს ურჩევს, ისე დაბეჯითებით არ ისაუბრონ, თითქოს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მისი აზრით, ჯობია უარესს ველოდეთ და უკეთესის გამო სიხარულმა დაისადგუროს, ვიდრე უკეთესს ველოდეთ და უარესი შედეგის გამო იმედგაცრუება დაგვეუფლოს. იგი ნატოს გაფართოების შესაძლო შეჩერებას ყველაზე პრაგმატულ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ ბრიუსელის ხედვა, სადაც ნატოცაა განთავსებული თავისი უმაღლესი სარდლობით და ევროკავშირიც თავისი სტრუქტურებით, სწორედ ესაა.

“თუ რაღაცას დიდხანს ელოდები და ეს მოლოდინი ხანგრძლივდება, იმ ოცნების მიმართ ნეგატივიზმიც იზრდება. ხოლო თუ აცნობიერებ, რომ რაღაც გსურს, მაგრამ ეს არ გამოდის და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მისი ასრულება შესაძლებელია, მეტ სიმშვიდესა და კმაყოფილებას გრძნობ. ამიტომ პოზიტიური თუ ნეგატიური უკიდურესად გამწვავებული შეფასებების გაკეთებისაგან თავი უნდა შევიკავოთ”, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ელის, რომ დღევანდელ სამიტზე წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმევა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე დროით განზომილებაზე საუბარი, მისი აზრით, უბრალოდ, შეუძლებელია. “მე პირადად მჯერა, რომ ეს დრო დადგება. უბრალოდ, შეკითხვა-როდის, დღეს არაკორექტულია. ამას უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს. მოძრაობა დინამიკურია”, – ამბობს იგი. ექს-მინისტრი ნატოს გაფართოების შეჩერებას და მისი ღია კარის დროებით დახურვას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების აღმოსავლური ფლანგი ჯერ კიდევ სტაბილიზაციას მოითხოვს. არაერთი მეტად სერიოზული პრობლემაა, რომელთა მოგვარების გარეშე ევროატლანტიკური სივრცე უსაფრთხო და სტაბილური ვერ იქნება. გაფართოების დღის წესრიგის დიდი ხნით დახურვა კი, მისი აზრით, ამას ხელს ვერ შეუწყობს.

რეზონანსი“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „15 დეკემბერს ვიზალიბერალიზაცია დადებითად გადაწყდება.. //რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოსთვის წამგებიანია

რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შესაძლოა ამ ვითარებით საქართველომ მცირე ეკონომიკური სარგებელი ნახოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის ეს დაპირისპირება წამგებიანი იქნება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„რუსეთ-თურქეთს შორის ვითარება ძალიან დაძაბულია, თუმცა, თუ ვითარება დასტაბილურდება და პროცესების ესკალაცია შეჩერდება, მაშინ გართულებებს არ ველოდები. საერთოდ კი, რისკის დონე კვლავ მაღაია და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდი ვითარება უნდა შეინარჩუნოს, ამასთანავე ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯები უნდა გადადგას. არაა გამორიცხული, რომ საქართველომ ამ ვითარებით მცირე ეკონომიკური სარგებელიც ნახოს, მაგრამ, საერთო ჯამში, როცა ორი ძლიერი სახელმწიფო ერთმანეთს უპირისპირდება, მათ შორის მდებარე მესამე ქვეყნის ბედი უფრიო წამგებიანია, ვიდრე მომგებიანი. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ.

(…)

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი დეკემბრის შეხვედრისაგან საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან, რადიკალურ შედეგებს არ ველოდები. ალბათ, ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ იქნება. დასავლეთი სიფრთხილეს ინარჩუნებს. ჩვენი მხრიდან მიზეზი არ უნდა მივცეთ, რომ რარაც მოიგონონ და სამომავლოდ სიტუაცია არ გავირთულოთ. თუ ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ  ევრატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რადგან ნატო ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ნატოს ჩვენ. რაც  შეეხება 15 დეკემბრის შეხვედრას, რომელზეც ვიზა-ლიბერალიზების საკითხი უნდა გადაწყდეს, ეს უფრო რეალურია და ვნახოთ.

ერთადერთი ვარიანტი, რომ  დასავლეთის მიმართ კეთილგანწყობა შევინარჩუნოთ, ისაა, რომ დაჩქარებული ტემპით გავაგრძელოთ დემოკრატიზაცია და აღმშენებლობა, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გავაჩნია. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ შესუსტდება ის ტალღა, რომელსაც ანტიდასავლური განწყობა ჰქვია.

რეზონანსი“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად საქართველოში უნდა შეიქმნას რუსულენოვანი მედიასაშუალება?

ნინო ქეთელაური

რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, “პიკის” მსგავსი რუსულენოვანი არხის არსებობას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამის შესახებ მინისტრმა “კავკასიური სახლის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე – “კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები”, ისაუბრა.

“პიკი” ჩვენ არ დაგვიხურავს, თვითონ სააკაშვილმა დახურა, გაიყიდ-გამოიყიდა ქონება. კონფერენციაზე დამისვეს კითხვა, როგორ აპირებთ რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებასო და მე ვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ ამ ტიპის რაღაც იქნება”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, რუსულენოვანი ტელევიზიის შექმნას თანხა და სპეციალისტები სჭირდება. ამ ეტაპზე კი კომისიის მუშაობა რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად და ტელევიზიის შესაქმნელად არ მიმდინარეობს.

როგორ ფიქრობთ, რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად საქართველოში უნდა შეიქმნას თუ არა რუსულენოვანი მედია საშუალება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): “თუ მედიაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს უნდა იყოს კერძო, რომ ბაზარი შეისწავლოს და თუ ამის მოთხოვნილება არის, შეიქმნას ასეთი მედიასაშულება. კონფლიქტურ რეგიონებში საუბრის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ ამ მედიასაშუალებას ვინმე გაეცნობა.

დღეს პროპაგანდის თვალსაზრისით ისეთი ნაბიჯი ვერ გაამართლებს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როცა სატელიტური თეფშები არ იყო და მხოლოდ რამდენიმე არხი არსებობდა, მოსახლეობა უყურებდა იმას, რასაც სთავაზობდნენ. ჩვენს დროში ადამიანები მაინც იმას უყურებენ, რაც თვითონ უნდათ.

ეს შეიძლება იყოს კეთილშობილური განზრახვა, მაგრამ მე ვფიქრობ, წყალში გადაყრილი ფული უფრო იქნება. არა მგონია, ვინმემ სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიას უყუროს”.

დიმა ჯაიანი (მსახიობი): “თუ იქნება მსგავსი მედიასაშუალება, ამით რა დაშავდება? იყოს გნებავთ რუსულად, გნებავთ ინგლისურად, ენას რა მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანმა არ იცის ქართული და იმ ენაზე მოისმენს ჩვენი ქვეყნის ამბებს, რომელიც ესმის, გაიგებს რა ხდება ქვეყანაში, რა ორიენტაცია აქვს, რა პოზიციაზეა, ამას რა ჯობია. მთავარია, მოისმინოს და გაიგოს. მე ვფიქრობ, უნდა არსებობდეს”.

გია როინიშვილი (მსახიობი): “ალბათ გახსოვთ, იყო ასეთი ტელევიზია – “პიკი”. უნდა არსებობდეს ასეთი მედიასაშულება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კონფლიქტურ რეგიონებში მიიღონ ინფორმაცია და ასევე, იმ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, რასაც რუსული ტელევიზები ავრცელებენ.

რუსულ ნამდვილ პროპაგანდას, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ ობიექტური მაუწყებელი თუ დაუპირისპირდება და თუ ეს იქნება რუსულენოვანი, კარგი იქნება. იმისთვის, რომ ჩვენი ქყვეყნის რუსულენოვანმა მოსახლეობამაც, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია”.

ქეთი ბექაური (იურისტი): ზოგადად, ურთიერთობა რომ უნდა დათბეს ეს ცხადია, მაგრამ რამდენად უნდა გაძლერდეს მედიასაშუალება და რუსულენოვანი უნდა იყოს თუ არა, ამას ვერ გეტყვით. ალბათ, ჩემზე უკეთ პოლიტიკოსებს ეცოდინებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს დიპლომატიურ წრეებში უფრო უნდა იყოს განხილული. მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ურთიერთობა უნდა არღდგეს”.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): “არ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ მედიასაშულება შევქმნათ. ჩვენ უნდა დავიწყოთ დიპლომატიური ურთიერთობა და ნუ გავაბრაზებთ ამ “დათვს”, რომელიც 30 კილომეტრზეა, არ მიმაჩნია ეს მიდგომა სწორი.

მე იმას ვემხრობი, რომ საქართველოში შეიქმნას რუსულენოვანი პრესა, რომელშიც რუსეთის კრიტიკასთან ერთად ის დადებითიც იქნება, რომელიც რუსეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, რუსეთს, როგორც მართმადიდებელ ქვეყანას აქვს. მაგრამ თუ მედიასაშუალება მხოლოდ ანტირუსული პროპაგანდისკენ იქნება მიმართული, ამას არ ვეთანხმები”.

რეზონანსი“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

მაკა ხარაზიშვილი

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ეკონომისტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ. იქვე მიუთითებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ფინასური სტაბილურობის ანგარიში და მასზე დაყრდნობით მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 2,1-2,15-ის ფარგლებში იქნება.

2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი ქართული ვალუტის ისტორიაში შავ ფურცელზე ჩაიწერება. ეს ის პერიოდია, როდესაც რამდენიმეწლიანი სტაბილურობის შემდეგ ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. ანალიტიკოსების განცხადებით, გაისად მსგავსი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის.

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის დასაწყისად 2014 წლის 25 ნოემბერი ითვლება, იმ დღეს 1 დოლარის ღირებულებამ 1,8 ლარს გადააჭარბა. 2015 წლის 28 იანვარს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,01 ლარი იყო. ამ მაჩვენებელმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და დევალვაციის ობიექტურ მიზეზებს სპეკულაციებიც დაერთო. გაუფასურების პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა და 19 მარტს ლარი დოლართან მიმართებაში 2,2 ლარამდე დაეცა. 29 აპრილს უკვე 2,3-ს გადააჭარბა, ხოლო 26 აგვისტოს 2,41 ლარს. ეროვნული ვალუტისთვის ასევე მძიმე აღმოჩნდა სექტემბერი, როდესაც ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსით ლარი დოლართან 2,45 ლარამდე გაუფასურდა, ხოლო ვალუტის გადამცლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,50 ლარიც კი ღირდა.

მიზეზები და პროგნოზი

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის რამდენიმე მიზეზი განიხილება, ერთია საგარეო ფაქტორები. დოლარი რეგიონის ყველა ქვეყნის ვალუტასთან მყარდებოდა და ამ სახელმწიფოების ეკონომიკაც სუსტდემოდა. ამან გამოიწვია ქართული ექსპორტის შემცირება, ამასთანავე იკლო ფულადმა გზავნილებმა, ხოლო საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა 701,5 მილიონი დოლარს უწია.

მეორე მიზეზად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა დასახელდა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ სახელმწიფო უწყებები მათთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის ვარდება. წლის ბოლოს კი, ბიჯეტის ხარჯების კუთხით გარღვევის მასშტაბების შესამცირებლად ერთბაშად დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება, რაც, თავის მხრივ, ლარის კურსზე ნეგატიურ წნეხს აძლიერებს.

მესამე მიზეზად, ეროვნული ბანკის პოლიტიკა განიხილება. ეკონომისტების უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ სებ-ის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის სწრაფმა ზრდამ, ინტერვენციებისა და სხვა მონეტარული აგრეგატების არასწორად გამოყენებამ ლარი იმაზე მეტად გააუფასურა, ვიდრე ამის ობიექტური მიზეზი არსებობდა.

უკვე რამდენიმე კვირაა, ლარი დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს და 2,4 ლარის ფარგლებში მერყეობს. ანალიტიკოსების აზრით, საგარეო ფაქტორები და საქართველოს დღეს არსებული მაკროეკონომიკური ვითარება ეროვნული ვალუტის გამყარების საფუძველს იძლევა. “საქსო ბანკის” თანადამფუძნებელმა ლარს სეიერ კრისტენსენის “ბიზნეს-რეზონანსს” განუცხადა, რომ დოლარი გამყარების პიკზეა, შესაბამისად, გაისად მისი შესუსტება უნდა დაიწყოს. “რაც შეეხება ლარის კურსს დოლართან მიმართებაში, ეს საკითხი ჩვენმა მთავარმა ფინანსისტმა შეისწავლა”, – განაცხადა ლარს კრისტენმა.

“საქსო ბანკის” მთავარი ფინანსისტის სტინ იაკობსენის პროგნოზი შედარებით დამაიმედებელია. იაკობსენი მსოფლიოში დოლარის შესუსტებისა და საქართველოში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტის 10%-იან გამყარებას ვარაუდობს.

“აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება: დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკასთან, შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი – ღირებულება და ფასი. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეთესო ვარიანტია.

გაისად მეტი ინვესტიცია იქნება ინფრასტრუქტურაში ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად. ამდენად, საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოში”, – განაცხადა სტინ იაკობსენმა და დასძინა, რომ ლარს დიდი შესაძლებლობა გააჩნია კურსის გამყარების თვალსაზრისით.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუას გათვლით, ლარის შემდგომი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინათ, მცირე დევალვაცია შეინიშნებოდა.

“ეროვნული ვალუტა ისედაც არაბუნებრივად არის გაუფასურებული. ახლა ლარმა გამყარების პროცესი უნდა დაიწყოს. წინა წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირებულია. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო გადინების კუთხით გამოსწორებულია ვითარება. თუკი გადაიდგა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, ლარი შეიძლება გამყარდეს, მაგრამ არ ვიცით, როგორც იმოქმედებს ეროვნული ბანკი. ნებისმიერ შემთხვევაში, წლის ბოლომდე სტაბილურ კურსს ველოდებით და ახალი წლიდან კი ლარის გამყარებას”, – ამბობს მიხეილ დუნდუა.

ლარი 2,1-მდე გამყარდება?!

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში, ფულის მასა (ქ2-ის აგრეგატი), წინა თვესთან შედარებით 104 მილიონი ლარით 5,638 მილიარდ ლარამდე შემცირდა და ფაქტობრივად, 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს დაუახლოვდა (5,556 მილიარდი). ნოემბერში ქ2-ის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დოლარი/ ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 40.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 0.4 მილიონი დოლარით (0.1 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის ოქტომბერში საქონლით რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 პროცენტით გაუმჯობესდა და 427.1 მილიონი დოლარი შეადგინა. საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 187.7 მილიონი დოლარი, ხოლო რეგისტრირებული იმპორტი – 614.8 მილიონი დოლარი იყო. 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, ექსპორტი 31 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21 პროცენტით შემცირდა.

ამასთანავე, წინა თვეში სწრაფი ფულადი გზავნილების საშუალებით საქართველოში ჩამორიცხული თანხის მოცულობა 89.9 მილიონ დოლარს, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობა 15.1 მილიონ დოლარს შეადგენს. შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით, ჩამორიცხულმა თანხამ 27.4 პროცენტით, ხოლო ქვეყნიდან განხორციელებულმა გადარიცხვებმა 11.3 პროცენტით მოიკლო.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მაკროეკონომიკური მდგომარეობა არ უარესდება, ხოლო იმპორტის შემცირებამ და ინვესტიციების მოცულობის გაზრდამ, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლებით შექმნილი დეფიციტი დააბალანსა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით ასლანიშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზი მსოფლიო მასშტაბის სავალუტო ქაოსი გახდა. 2014 წლის ოქტომბერში ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ე.წ. შერბილების პოლიტიკა დახურულად გამოაცხადა. ეს გულისხმობდა იმას, რომ დოლარის ემისია შეწყდა. 2007 წლიდან მოყოლებული 2014 წლის ოქტომბრამდე ფედერალურმა სისტემამ 9-10 ტრილიონი დოლარის მასა დაბეჭდა. ამით მოხდა, სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა, ტოქსიკურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისთვის კრედიტების მიცემა და შედეგად ამერიკამ კრიზისს თავი დააღწია.

“7 წლის განმავლობაში იაფ დოლარს შეჩვეულმა მსოფლიო ეკონომიკამ 2014 წლის ოქტომბერში უცებ აღმოაჩინა, რომ ამერიკული დოლარის ბეჭვდის პროცესი დასრულდა. შესაბამისად, დოლარის მასა და ემისია შემცირდა. ამერიკული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ამღლდა და ეს გამომჟღავნდა ოქროს ფასშიც, როდესაც მისი ღირებულება თითქმის განახევრდა. ასევე მკვეთრად გაიაფდა ნავთობიც”, – აღნიშნავს დავით ასლანიშვილი. ამას დაერთო ის, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც უარს აცხადებდა (ძირითადად გერმანიის მოთხოვნით) შერბილების პოლიტიკის გატარებაზე, 2014 წლის ნოემბერში დაიწყო ევროს ბეჭვდა. შესაბამისად, ევროპული ვალუტა გაუფასურდა.

ასლანიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე სხვადასხვაგვარად აისახა. იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც ძლიერი საექსპორტო ბაზა აქვთ და შედარებით მშვიდ რეგიონში ცხოვრობენ, სავალუტო კრიზისი ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანა.

რაც შეეხება საქართველოს, ასლანიშვილი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საგარეო-სავაჭრო დეფიციტი არის მაღალი, ეკონომიკის ზრდის ტემპები არადამაკმაყოფილებელი და ამ ყველაფერს დაერთო ეროვნული ბანკის არასწორად განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო რეფინანსირების სესხების მოცულობის სწრაფი ზრდაც. ამასთანავე, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ან საერთოდ არ იყენებდა, ან ინტერვენციებს დაგვიანებით ახორციელებდა, როდესაც ამ პროცესს ეფექტური შედეგი არ მოჰყვებოდა. ასლანიშვილის აზრით, თუკი ეროვნული ბანკი ამჯერად მაინც იმოქმედებს თანმიმდევრულად, ლარი გაისად შემოდგომისთვის, ოპტიმისტური გათვლით, 2,1 პუნქტამდე უნდა გამყარდეს.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თებერვალში ვადა გასდის და სავარაუდოდ, მას არ უნდა სურდეს, რომ სებ-ის ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე უარესი მმართველი. ქადაგიძემ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ფუნქცია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სტაბილურობისა და ლარის კურსის სიმტკიცისთვის. ასე რომ, ფორსმაჟორულ სცენარს აღარ განვიხილავ, რაც შეიძლება ეროვნული ბანკის არასწორ ქმედებას მოჰყვეს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. თუკი გონივრული პოლიტიკა არ გატარდა, კურსი დარჩება იმავე ნიშნულზე რაც დღეს არის ან მცირედით გაუფასურდება”, – ამბობს დავით ასლანიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტების პროგნოზი ლარის კურსთან მიმართებაში დამაიმედებელია, ისინი თურქეთ-რუსეთს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ გამოაქვეყნოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, რომლიც 2012 წლიდან შეწყვეტილია და მთავრობამ ამ ანგარიშის საფუძველზე ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავოს.

„ვერსია“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

ქართული ოპოზიციის კულუარული ომი და გეგმები

ნინო კომახიძე

ბოლო დროს იმდენი სიახლის მოწმენი გავხდით – „რუსთავი 2“-ის სკანდალიდან დაწყებული, ტერაქტებითა თუ პაატა ბურჭულაძის გამოჩენით დამთავრებული_ვერც გავიგეთ, ამ ორომტრიალში 2016 წლის არჩევნები როგორ მოახლოვდა. არადა, არჩევნებამდე რამდენიმე თვეღაა დარჩენილი და ტელემედიაში პირველი შეფარული წინასაარჩევნო რეკლამებიც გამოჩნდა – იქეთ ნაცონალებმა წამოწიეს დავით ბაქრაძე, აქეთ „ოცნებაში“ აანონსებენ არჩევნების მიჯნაზე პენსიის გაზრდას. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დანარჩენი ოპოზიცია ამ ორი დიდი ძალის შუაში თუ არ „იკრიფება“, იჭყლიტება მაინც. საქმე 12-პარტიულ გაერთიანებას ეხება, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში თავი გამოიჩინა და საარჩევნო კოდექსის შეცვლისთვის მართლა ბევრი იბრძოლა, თუმცა უშედეგოდ.
ყველა ხვდება, რომ არჩევნებს ეს 12 პარტია ამ ფორმატით არ შეხვდება და სავარაუდოდ, გარკვეული ძალები „დაბლოკდებიან“. ინტერპარტიული ჯგუფიდან ინფორმაცია სწორედ ამის შესახებ მოვიპოვეთ – ოპოზიციას რაღაც მონახაზი უკვე აქვს. გარკვეულია, ვინ შეხვდება არჩევნებს ყოველგვარი ბლოკებისა და კოალიციების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ამას ეს პარტიები თავადაც ადასტურებენ საჯარო გამოსვლებში და არც ოპოზიციის კულუარულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ. ასეთი, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობაა ანუ ფაქტია: „ნაციონალები“ არჩევნებზე მარტო გამოვლენ და პარტიაში არც უცხოს მიასუნინებენ. არადა, „ყოფილებმა“ კარგად იციან, პარლამენტში 100 კაცს ვერ გაიყვანენ, ალბათ, ვერც წინა შედეგს გაიმეორებენ და შესაბამისად, ვეღარც 50-კაციანი უმცირესობით მოგვევლინებიან. ამიტომ, პარტიის შიგნით ბრძოლა, როგორც ,,ვერსიამ” გაარკვია პარტიული სიის პირველ ოცეულში მოსახვედრად მიმდინარეობს და ამ სიაში ადგილი არათუ ახალი ძალებისა და სხვა პარტიებისთვის, ძველი ნაციონალებისთვისაც კი არ რჩება.

რაც შეეხება სხვა ამბიციურ ძალებს, ვისაც მიაჩნია, რომ ბარიერს დამოუკიდებლად გადალახავენ, არჩევნებიდან არჩევნებამდე დიდად არც მათი ჩამონათვალი შეცვლილა: ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ უკვე გაცხადებული აქვს, რომ არჩევნებში მარტო მიიღებს მონაწილეობას. თუ ალასანიას გუნდმა რამე ბლოკზე იფიქრა, ეს პაატა ბურჭულაძის იმედ-ინიციატივით მოხდება და არავითარ შემთხვევაში დანარჩენ, არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, თუმცა პირად საუბრებში, პაატა ბურჭულაძეს, ჯერჯერობით, რეალურ პარტნიორად არავინ განიხილავს, ამიტომ, ამ ეტაპზე, ყველა პარტია გეგმას მხოლოდ დღეს არსებული ვითარების მიხედვით ალაგებს და ხვდება, რომ ბურჭულაძე პოლიტიკურად რომც გააქტიურდეს, მის რიგებში მოხვედრის შანსი თითქმის არ აქვს. ისე, ინტერპარტიულ ჯგუფში ისეთებიც არიან, ვისაც მიაჩნია, რომ ბურჭულაძე ხალხის დაკვეთას ფეხს ვერ უწყობს.

ინტერპარტიულ ჯგუფში იმასაც ამბობენ, რომ ზემოხსენებულ 12-პარტიულ სიაში შალვა ნათელაშვილი კვლავ განყენებულად რჩება – არჩევნებშიც მარტო მიიღებს მონაწილეობას და ზოგადად, დანარჩენ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მხოლოდ ტექნიკური საკითხების, მაგალითად, 200 000 ხელმოწერის შეგროვების მომენტში ჩნდება. რაც შეეხება ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკით, საგარეო ვექტორით, მოთხოვნებით და ა.შ. ისინი ერთმანეთს ჰგვანან, დაბლოკებისა და ბარიერის გადალახვის რეალური შანსის ნაცვლად, ორი ქალბატონი ერთმანეთს, თურმე, სამკვდრო-სასიცოცხლოდ უფრო ეომება. ისინი ფიქრობენ, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან და მსგავსი ელექტორატის ხმებს იყოფენ. გარდა ამისა, ორივე პარტიას ერთი რკინის არგუმენტი აქვს – თუ „ოცნების“ კოალიციას ხმები დასჭირდა, შეიძლება, დასახმარებლად როგორც ინაშვილს, ისე ბურჯანაძეს დაუძახოს. ასე რომ, ორი პოლიტიკოსი ქალბატონი კონკურენციის რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმზე გადასვლას არ აპირებს. აი, ამ ე.წ. თვითკმარი ძალების გარდა, ინტერპარტიულ ჯგუფში მყოფ დანარჩენ არასაპარლამენტო ოპოზიციას დაბლოკება სურს და სჭირდება, თუმცა ერთი დიდი და სერიოზული ბლოკი არც მათგან გამოვა. როგორც გავარკვიეთ, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ინტერპარტიული ჯგუფის შიგნით კიდევ ორ ფრთად აპირებს დაყოფას. ცალკე არიან პარტიები, რომლებიც ერთ დროს, ყოფილ ხელისუფლებასთან ზედმეტად ასოცირდებოდნენ, ცალკე კი -ე.წ. პრორუსები. ჩვენი ინფორმაციითვე, თუ ბურჭულაძემ კარტი არ აურია, ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა, ან სხვა პოლიტიკური ბომბი არ აფეთქდა, ინტერპარტიულ ჯგუფში ძალები ასე გადანაწილდება:

არასაპარლამენტო ოპოზიცია ორად გაიყოფა: ნეიტრალიტეტის მომხრეებად ანუ ე.წ. ცენტრისტებად და მკვეთრად პროდასავლურ ძალებად. პროდასავლური ძალები არიან ბაჩუკი ქარდავას ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები, პაატა დავითაიას „ევროპელი დემოკრატები“ და ზურაბ ხარატიშვილის პარტია. ცენტრისტები კი – კახა კუკავა, გააქტიურებული აკაკი ასათიანი და ქდმ-ს ლიდერი გოჩა ჯოჯუა. ასე რომ, არასაპარლამენტო ოპოზიციაში, ერთის ნაცვლად, ორი ბლოკის შექმნაა მოსალოდნელი.

ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია ქდმ-ს ლიდერმა გოჩა ჯოჯუამ არც უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, უშუალოდ ბლოკების შემადგენლობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ოპოზიცია არჩევნების მიჯნამდე 12-პარტიული ფორმატის შენარჩუნებას ბოლომდე ეცდება: „ჯერჯერობით, ამ თემებზე საუბარი ძალიან ადრეა. პირველ რიგში, ვინარჩუნებთ 12-პარტიულ ერთობას, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს საარჩევნო ერთობაა. „ოცნება“ დარჩება ნაცმოძრაობის პირისპირ და ეს ხელისუფლებასაც აწყობს და ნაციონალურ მოძრაობასაც. ნაციონალები ვითარებას უკვე ისე ხატავენ, რომ არჩევნებს, ყველა ვარიანტში, გაყალბებულად გამოაცხადებენ და ქუჩის ბრძოლა დაიწყება, სადაც აუცილებლად იქნება ოპოზიციაც. არა იმიტომ, რომ ეს ნაციონალების თამაშია და ყველა დანარჩენი სატელიტია, არამედ იმიტომ, რომ საარჩევნო ცვლილებების თემა სწორედ ჩვენ, 12-მა პარტიამ ავწიეთ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, თუმცა ისიც ფაქტია, თუ პროცესები ქუჩაში გაგრძელდება, ნაციონალები და ,,ოცნება” გარიგდებიან და პროცენტებს გადაინაწილებენ. ამიტომ ხელისუფლებამ ინტერპარტიული ჯგუფისკენ ნაბიჯები უნდა გადმოდგას, თუ არ სურს, მომავალშიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკარნახოს თამაშის წესები“.

ახალი თაობა“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „პაატა ზაქარეიშვილი პუტინის ტყუპისცალია, რეინტეგრაციის მინისტრს თავისი განცხადებების გამო ენა უნდა ამოაძრო”

შორენა მარსაგიშვილი

რატომ არის ყველაზე საშიში ძალა რესპუბლიკური პარტია, ვინ დაარტყამს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანს, ვინ უნდა მოსთხოვოს პასუხი პაატა ზაქარეიშვილს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.

- მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გვამცნო, აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილაო. ამაზე საზოგადოება სამართლიანად აღშფოთდა, თუმცა მინდა ვკითხო ხალხს, რატომ გაოცდით, რა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რესპუბლიკელები აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ აღიქვამენ? მე ის უფრო მიკვირს, ეს პარტია რატომღაც პროდასავლურ ძალად რომ აღიქმება. ვინც მაგათ პროდასავლურობა დააბრალა, ისინი მანახა და ნახავთ, რასაც ვუზამდი. რესპუბლიკელები ხომ არიან და არიან, მაგრამ ეს პაატა ზაქარეიშვილი მათშიც კი გამორჩეული ფიგურაა. მისი და პუტინის განცხადებები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. გარეგნულადაც როგორ დაემსგავსნენ ერთმანეთს, ზაქარეიშვილი პუტინის ტყუპისცალია. რატომ ელოდით იმ ადამიანისგან საოცრებებს, რომელიც წლების მანძილზე მეცნიერული კომუნიზმის მასწავლებელი იყო. დარწმუნებული ვარ, ის, სხვა რესპუბლიკელებთან ერთად, საბჭოთა კავშირს მისტირის, – ამბობს მეგი გოცირიძე.

- თუ მართლა საბჭოთა კავშირს მისტირიან, მაშინ რატომ ესიმპატიურება ეს ძალა ამერიკელებს?

- ერთი ამერიკელი მანახეთ, რომელსაც ეს ჩვენი რესპუბლიკელები მოსწონს. ვინ უნდა მოეწონოს ვაშინგტონს, ლევან ბერძენიშვილი თუ პუტინის ტყუპისცალი ზაქარეიშვილი?!

- ეგენი არ ვიცი, მაგრამ ხიდაშელი აშკარად მოსწონთ. როგორც ამბობენ, სწორედ აშშ-ს მოთხოვნით დაინიშნა ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელად.

- აშშ-ის მოთხოვნით არა, ის. ხიდაშელის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისმა ქმარმა წარადგინა, რომელიც იმავე დროს პარლამენტის თავმჯდომარეა. ეს დავით უსუფაშვილმაც აღიარა. დამიჯერეთ, რესპუბლიკელებზე საშინელი ძალა საქართველოს ჯერ არ ჰყოლია.

- ასეთი საშინელი ხალხი თუ არის, რატომ იყავით წლების წინ მათთან ერთად ერთ კოალიციაში?

- პირადად მე მათთან გაერთიანების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. პარტიის ლიდერი რომ ვყოფილიყავი, მათ ახლოსაც არ გავიკარებდი, მაგრამ მაშინ გადაწყვეტილება სხვებმა მიიღეს და მოგვიანებით ძალიანაც ინანეს. ვისაც აღარ ახსოვს, შევახსენებ, რომ თავიდან რესპუბლიკელები იყვნენ კომპარტიაში, მერე ასლან აბაშიძესთან, შემდეგ არც სააკაშვილი და შევარდნაძე არ დაუტოვებიათ. ახლა ბიძინა ივანიშვილთან არიან. ყველა ხელისუფლების მოყვანასა და შემდეგ მის დამხობაში 3%-იანიც რომ არ არის, ისეთი რესპუბლიკური პარტია იღებს მონაწილეობას.

- თუ ყველა ხელისუფალი მათ მოჰყავთ და შემდეგ ამხობენ, 3%-იანები კი არა, ძალიან მაგრები ყოფილან.

- მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქუჩაში ხალხი არა ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებას გამოჰყავს. კრემლის მიერ მართულ რესპუბლიკელებს ძალიან კარგი ალღო აქვთ და იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც საჭიროა. ღებულობდნენ რა მათ მიერვე მოყვანილი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობას, ყოველი მომდევნო ხელისუფლება მათ პარლამენტში კვოტებს აძლევდა. იქიდან კი ეს უსირცხვილოები კლანებზე გვესაუბრებიან. ვის კლანზე საუბრობენ, ცოლ-ქმრის და ძმების პოლიტიკაში ერთად ყოფნა მათ მიერ არის დამკვიდრებული. დამიჯერეთ, ხალხო, ეს ძალა საქართველოსთვის ძალიან საშიში ძალაა და სანამდე ისინი იარსებებენ, ქვეყანას არაფერი ეშველება.

- ამ პარტიის აკრძალვას ხომ არ ითხოვთ?

- სიამოვნებით ავკრძალავდი, მაგრამ დემოკრატი ვარ, დემოკრატია კი გვავალდებულებს, ასეთი ძალებიც ავიტანოთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, სანამ ეგენი ბოლომდე არ ჩაირეცხებიან, ყველა ხელისუფლებას მოარგებენ გასაღებს.

- ყველა დღემდე არსებული ხელისუფლების დამხობაში მიიღეს მონაწილეობაო და „ქართულ ოცნებასაც“ გაისტუმრებენ?

_ „ქართულ ოცნებას“ გაისტუმრებს ქართველი ხალხი. რესპუბლიკელები შეეცდებიან, იმ ხალხის გვერდით აღმოჩნდნენ და, საერთოდ, ამ საშინელ ხალხზე ამდენს ნუ მალაპარაკებთ, ნერვები მეშლება.

- სანამ ძალიან მოგშლიათ ნერვები, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ რესპუბლიკელებზე. გოგო თოფაძემ რომ თქვა, სტალინის სურათს ყველა დაკიდებსო, კინაღამ ჩაქოლეს, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, აფხაზეთი საქართველოსი არ იყოო, ყველა რაღაცნაირი გაგებით მოეკიდა. ეს რა ფენომენია?

- ვინ გითხრათ, რომ მის განცხადებას გაგებით მოვეკიდე? აფხაზეთთან დაკავშირებით მას ადრეც არაერთი სულელური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება აქვს გაკეთებული. ამის გამო რამდენიმე თვის წინ მას, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, სერიოზული აქცია მოვუწყვეთ. სამინისტროში მივუხტით და ისე შეეშინდა, დაიმალა. მერე გადაწყვიტა, უკანა შესასვლელიდან გამოპარულიყო. ამ ეშმაკობას მივუხვდით და იქაც გავამაგრეთ პოზიციები. თავის გადასარჩენად შეშინებულმა პაატა ზაქარეიშვილმა ლადო სადღობელაშვილს დაურეკა. ის იქ თავის ხალხთან ერთად მოვარდა, პროვოკაცია მოგვიწყვეს, მოხდა არეულობა და ამ არეულობაში პუტინის ტყუპისცალი გაიპარა. მეცნიერული კომუნიზმის ყოფილ მასწავლებელთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია და მომავალშიც დავაფიქსირებ, ზაქარეიშვილს აქციებსაც ვპირდები. უბრალოდ, ძალიან მიკვირს, რატომ დუმს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა.

- რა უნდა მოიმოქმედოს ამ ხალხმა?

- რა უნდა მოიმოქმედოს? მივიდნენ და აქციები მოუწყონ და მისი გადადგომა მოითხოვონ. გულწრფელად მიკვირს, როგორ არ მიუვარდნენ და ამ სიტყვებისთვის ენა არ ამოაგლიჯეს. მიუხტებოდნენ კიდეც, მაგრამ ეს მეოცნებეები იმდენ სისულელეებს ამბობენ, რომ ხალხმა ისიც კი აღარ იცის, რომელი ერთი გააპროტესტოს. ამ უნამუსო და უსინდისო ხელისუფლებამ, იმის მაგივრად, რომ ხალხს და ქვეყანას მიხედონ, მიქელ-გაბრიელის ფუნქციის შეთავსება დაიწყო.

- რას ნიშნავს მიქელ-გაბრიელის ფუნქციის შეთავსება დაიწყო?

- იმას ნიშნავს, რომ წინასწარ კუბოებს უკვეთავენ ჩვენთვის. წარმოგიდგენიათ, ნახევარი მილიონი აქვთ კუბოების შესაძენად გამოყოფილი. ასეთ ინფორმაციას რომ მოისმენ, უკვე გიჭირს ზაქარეიშვილთან მივარდნა. ეს უსირცხვილოები ჩვენს კუბოებს უკვეთავენ და ვერ ეღირსებიან იქ ჩვენს ნახვას. პოლიტიკურ მოუსავლეთში ეგენი ბევრად მალე წავლენ. მათ პოლიტიკურ კუბოზე ლურსმანს თავად მეოცნებეები დაარტყამენ. მათი განცხადებები სწორედ რომ ჩასარჭობი ლურსმნებია. მათ მიერ გაკეთებული ყველა სულელური განცხადება რომ ჩამოვთვალო, მთელი გაზეთი არ გვეყოფა. მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოგიყვანთ.

მილიონერი ზურაბ ტყემალაძე გამოვიდა და თქვა, პენსიონერს კი არ უნდა ეყოს 160 ლარი, პენსიონერი უნდა ეყოს 160 ლარსო. მას გუგული მაღრაძე როგორ ჩამორჩებოდა და ამ ქალმა გარე მოვაჭრე გამოლანძღა, ქუჩაში რას ზიხარ, შვილებმა გარჩინონო. თავისი შვილი რატომ არ არჩენს გუგულის? მის შვილს 15.000 აქვს ხელფასი. არ რცხვენია, ამხელა ასაკის ქალს პარლამენტში რომ ამუშავებს? მაღრაძეს არ რცხვენია და უსირცხვილოდ ეუბნება მშიერ ხალხს, საბანი სადამდეც გწვდებათ, იქამდე დაიხურეთო. ამას ამატებს, თავმოყვარე ადამიანმა 2.000 ლარზე ნაკლები ხელფასი არ უნდა აიღოსო. ამათი გვირგვინი იყო რაიკომის ყოფილი მდივნის რიმა ბერაძის განცხადება, საკრებულოს დეპუტატმა უტიფრად განაცხადა, ადამიანს ერთ დღეში საკვებად 1,18 ლარი ეყოფაო.

- შემდეგ ხომ განმარტა, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე თქვა.

- მით უარესი მაგისთვის, თუ ამ გაუბედურებულ ადამიანებზე თქვა. თავად აღარ იციან, სად შეიტენინ პრემიები და დანამატები და გაუბედურებული ადამიანებისთვის დღეში 1,18 ლარი ემეტებათ. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, დავით სერგეენკო კარგა ხნის გადაყენებული უნდა იყოს.

- დავით სერგეენკოს რაღას ერჩით?

- რას ვერჩი? ის ადამიანი მარტო ჯანდაცვის მინისტრი არ არის და მას სოციალური სფეროც აბარია. მისი ხელმოწერით ათასობით ადამიანს გაუუქმდა სოციალურად დაუცველის სტატუსი. ეს იცით, რას ნიშნავს? ადამიანი თუ ამ ბაზაში არ არის შეყვანილი, სოციალურად დაუცველთა სასადილოთი ვეღარ ისარგებლებს. ეს იცით, რა უბედურება და ტრაგედიაა ამ ადამიანებისთვის? ამ ადამიანებს ტრანსპორტზეც ჰქონდათ შეღავათები და კომუნალურ მომსახურებაზეც. სტატუსის შეჩერების გამო, ესეც წაართვეს. ისინი შიმშილით და სიცივით სიკვდილისთვის გაწირეს. სამაგიეროდ, ნახევარი მილიონის კუბოები ხომ შეუკვეთეს. ამ კუბოებს, ხომ იცით, რომელი ხეებისგან ამზადებენ? ახლა რომ ჭრიან თბილისში. უფასო სასადილოების იდეა მიშა სააკაშვილს ეკუთვნის. ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული და ვერც კი წარმოიდგენთ, რა დონეზე გაჭირვებული ადამიანები მოდიოდნენ აქ. ამ ადამიანებს რომ დახმარებას შეუწყვეტ, ადამიანი არ უნდა იყო. უამრავი ადამიანი დარჩა ბინის გარეშე, ამ ხალხს არც ფული აქვს, რომ სახლები იქირაოს და ძალიან მალე თბილისში კარვების ქალაქი გაიშლება.

- დღეს უფასო სასადილოებით რამდენი ადამიანი სარგებლობს და მართლა საკმარისია თუ არა ერთი ადამიანის გამოსაკვებად 1.18 ლარი?

- 1.18 ლარი არ არის საკმარისი. უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2014 წელს თბილისში 13.200 ბენეფიციარი იკვებებოდა უფასო სასადილოში. წლის ბოლო კვარტალში დამატებით 9.500 ადამიანმა გამოთქვა ამ დახმარების სურვილი. მხოლოდ 5.300 ადამიანი დააკმაყოფილეს. 2015 წელს თბილისი 23.000 ბენეფიციარით შეხვდა. მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, მათი რაოდენობა 32.000-მდე არის ასული. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ყველაზე კატასტროფული ვითარება გლდანსა და სამგორშია. იქ 12.000-მდე მოქალაქე იკვებება უფასო სასადილოში. ამ უნამუსოებს გაჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური დახმარება არ ემეტებათ, სამაგიეროდ, საზოგადოებრივი ტუალეტისთვის 100.000 ლარი აქვთ გამოყოფილი.

- საზოგადოებრივი ტუალეტიც ხომ საჭიროა?

- ვისთვის არის საჭირო, ყაჩაღებისთვის? ცოტა ხნის წინ კოლმეურნეობის მოედანზე ტუალეტი დააყაჩაღეს და ხალხი იქიდან ჩახდილი გამორბოდა.

ახალი თაობა“, 01 დეკემბერი, 2015 წელი

ცხინვალელებს პრეზიდენტი გაეპარათ

შორენა მარსაგიშვილი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი პატრონის გარეშე დარჩა. არა, მათ მამამარჩენალ ვ.ვ. პუტინს ჯერ არაფერი დამართნია, უბრალოდ, მათი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი სადღაც გაემგზავრა შვებულებით. ახლა ვიღაც იკითხავთ, ამ გაგანია დეკემბერში რა დროს შვებულებაა და დასვენება თუ უნდოდა, ზაფხულში ვერ დაასვენა ხანში შესული ძვლებიო. ამ ეჭვმა ცხინვალელებსაც შეუღიტინა და ერთი მითქმა-მოთქმა არის ატეხილი.

აჟიოტაჟს საოსოში ისიც ამძაფრებს, რომ ბოლო ჟამს თიბილოვს საქმეები მთლად კარგად არ მისდის და მისი რეიტინგიც კატასტროფულად ეცემა. როგორც ამბობენ, ცოტა ხნის წინ მან რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის თემა საკუთარი თავის რეკლამირებისთვის წამოსწია. რაც შეეხება მის უდროო შვებულებას, როგორც თიბილოვის ადმინისტრაცია იტყობინება, პრეზიდენტი ორი კვირა დაისვენებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერი განა იანოვსკაიას განმარტებით, თიბილოვის არყოფნაში რესპუბლიკას პრემიერი უხელმძღვანელებს. „ორი კვირის მანძილზე ქვეყნის მეთაურის მოვალეობას მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე დომენტი კულუმბეგოვი შეასრულებს“, – განმარტავს განა იანოვსკაია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, სად და როგორ აპირებს თიბილოვი ზამთრის არდადეგების გატარებას. ცხინვალელები ვარაუდობენ, რომ შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ ის ერს მორიგ სიახლეს შესთავაზებს.

მოახლოებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხინვალელი პოლიტიკოსები ძალიან გამოაცოცხლა. ამ არჩევნებში მონაწილეობას თიბილოვიც გეგმავს. მართალია, მან წინა არჩევნები მოიგო, მაგრამ მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი არ აქვს. ამიტომაც, აქედანვე იწყებს რეიტინგზე ზრუნავს.

ადგილობრივი ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადება მან სწორედ ამ მიზნით გააკეთა. მას ვალში არც ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი რჩება. საპრეზიდენტო არჩევნებში ისიც აპირებს მონაწილეობას. როგორც კი თიბილოვს სარეფერენდუმო ვნებებმა შეუღიტინა, ისიც გამოვარდა და განაცხადა, ეგ ჩემი პარტიის იდეა იყოო.

ორი დღის წინ კი იმავე ბიბილოვმა თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარების პირობა დადო. თანაც განაცხადა, ამით რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე უნდა ვიძიო შურიო.

ცხინვალში ფიქრობენ,. რომ ამით თიბილოვიც და ბიბილოვიც რუსეთისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობენ. მართალია, ორივე მათგანი სულელურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ იმდენს კი ხვდებიან, რომ მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს მოიგებენ. აქედან გამომდინარე, ორივე ცდილობს, მოსკოვს თავისი ერთგულება დაუმტკიცოს.

Comments are closed