globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 2nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ივანიშვილმა ღარიბაშვილს განაჩენი გამოუტანა// ნატოს გენმდივნის მოადგილემ დელიკატურად გვითხრა, რომ რეფორმებია საჭირო“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მინდია ჯანელიძესთან: როდის გაიხსნება NATO-ს ცენტრი საქართველოში

რეზონანსი//მთელი კვირა: გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა?

კვირის პალიტრა: რამ გამოიწვია პაუზა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში?!

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „კარასინთან ბოლო შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული საუბარი გვქონდა“

რეზონანსი//მთელი კვირა: ჯავახეთში 3 ათასამდე ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს

——————

„ახალი თაობა“, 01 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ივანიშვილმა ღარიბაშვილს განაჩენი გამოუტანა// ნატოს გენმდივნის მოადგილემ დელიკატურად გვითხრა, რომ რეფორმებია საჭირო“

ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კომენტარს უკეთებს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებს (ესაუბრება ნათია ხურცილავა).

გთავაზობთ ამონარიდს:

სოსო ცინცაძე: საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენემდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ის რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო, ძალიან ცნობილი პიროვნებაა. მისი განცხადებები ანგარიშგასაწევია ყველაგან. მან დელიკატურად გვითხრა, რომ რეფორმებია საჭირო სასამართლო სისტემაში, თავდაცვისა და შს სამინისტროებში. ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ასეთი რამ თქვა თავდაცვის სამინისტროზე – ირაკლი ალასანია ხომ გვეუბნებოდა, რომ რეფორმები ხუთიანზე შეგვიფასესო.

სასამართლოს რომ რეფორმები სჭირდება, ეს ყველამ იცის. შინაგან საქმეთა  სამინისტროსთან მიმართებით  ალექსანდრე ვერშბოუმ, როგორც ჩანს, ამ უწყების გაყოფა იგულისხმა და მისგან უშიშროების სამსახურის გამოყოფა. ამას სააკაშვილს სთხოვდნენ ამერიკელები ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე ვიყავი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი ამერიკამ ვერ აიძულა რომ ეს კონცენტრირებული სამსახური გაეყო. ვანო მერაბიშვილი მენსის ყუნწძი ძვრებოდა და ითხოვდა, ცოტა გვადროვეთო, მაგრამ საქმეს აჭიანურებდა. არ შეიძლება ერთად იყოს უშიშროება და პოლიცია“.

კვირის პალიტრა“, 2 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ მინდია ჯანელიძესთან: როდის გაიხსნება NATO- ცენტრი საქართველოში

ირაკლი ალადაშვილი

(შემოკლებით)

NATO- სასწავლო ცენტრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თავდაცვის სფეროში განსახორციელებელ ტენდერებსა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე გვესაუბრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო NATO- გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს, ვიზიტი საქართველოში და ვაზიანი შეირჩა თუ არა NATO- სასწავლო ცენტრის აშენების ადგილად?

-  NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტს ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. პოლიტიკური მნიშვნელობა გახლდათ ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალმა ხელმძღვანელობამ მკაფიო მესიჯი გამოუგზავნა საქართველოს მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსი ჩვენს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის, პრაქტიკული მნიშვნელობა კი გახლავთ ის, რომ ჩვენ განვიხილეთ უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, მათ შორის – საქართველოში  NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა. ვერშბოუს დავათვალიერებინეთ თბილისის გარნიზონის რამდენიმე სამხედრო ნაწილი, მათ შორის, ვაზიანში დისლოცირებული მე-4 მექანიზებული ბრიგადაც. იგი დაესწრო ვაზიანის პოლიგონზე გამართული ქართული არმიის ასეულის საველე საჩვენებელ სწავლებას. დღეს იმის მტკიცება, რომ ცენტრის დისლოკაციის ადგილად უკვე შერჩეულია ვაზიანი, მართებული არ იქნება, რადგან თებერვალში საქართველოში ჩამოდის  NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც გვირჩევს, სად სჯობს ამ ცენტრის აშენება.

- რა ფუნქცია ექნება NATO- სასწავლო ცენტრს, როგორი იქნება მისი ინფრასტრუქტურა და რა ძირითადი განსხვავებაა ასეთ ცენტრსა და NATO- სამხედრო ბაზას შორის?

- ასეთი ცენტრის დაარსების უპირველესი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლება NATO-ს სტანდარტებამდე. ეს ხანგრძლივი პროცესი 2001 წელს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება, რათა ქართული არმიის შესაძლებლობები შეესაბამებოდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნებს. გარდა ამის, ცენტრის დანიშნულება იქნება არა მარტო ქართული საბრძოლო დანაყოფების, არამედ NAთO-ს სხვა წევრი და ასევე ალიანსის პარტნიორი ქვეყნების დანაყოფების ერთობლივი წვრთნების ჩატარება და მათი მზადყოფნის ობიექტური შეფასება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საბაზისო მომზადების ცენტრი, ანუ აქ სამხედროები მომზადებას ნულიდან კი არ დაიწყებენ, არამედ მოხდება უკვე არსებული დანაყოფების საბრძოლო გამოცდილების შერწყმა. ცენტრს შეეძლება ბატალიონის დონის დანაყოფის წვრთნისა და შეფასების პროცესის განხორციელება, რომლის დროსაც გამოვლინდება ამ დანაყოფის ნაკლოვანებები, გაანალიზდება მისი მონაცემები და დაისახება შეცდომების გამოსწორების გზები. წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც საქართველოში უნდა ამოქმედდეს, იქნება უნიკალური, რადგან NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი ცენტრი პირველად იხსნება.

- ვისი სახსრებით უნდა აშენდეს ცენტრი, საქართველოს თუ ალიანსის?

- ჩვენმა სახელმწიფომ უელსის სამიტზე აიღო ვალდებულება, რომ ამ ცენტრს, ისევე, როგორც არსებითი პაკეტის სხვა ღონისძიებებს, დააფინანსებს საქართველოს ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის მშენებლობის ხარჯები მიმდინარე წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, სახელმწიფო ბიუჯეტი, სავარაუდოდ, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს საჭირო თანხას. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გადაწყდება ცენტრის აშენება.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ  NATO-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრი არ არის NATO-ს სამხედრო ბაზა. ამ ცენტრს ეყოლება შეზღუდული რაოდენობის (რამდენიმე ათეული) მაღალი დონის ქართველი და უცხოელი  სამხედრო ინსტრუქტორი, რომელთა მთავარი ამოცანა სწორედ წვრთნების ორგანიზება და შეფასება იქნება. სამხედრო ბაზის მთავარი ფუნქცია კი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა, რაც ამ ცენტრს არავითარ შემთხვევაში არ ექნება. მინდა დავაზუსტო, თუ რატომ არის რთული მომავალი ცენტრის ადგილის შერჩევა. ჩვენ გვინდა, ამ ცენტრში წვრთნები გაიაროს შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სახეობამ – როგორც ქვეითმა, ისე მექანიზებულმა დანაყოფებმა, არტილერისტებმა, მენაღმეებმა, მზვერავებმა, ავიაციამ, ამიტომაც ცენტრის ადგილი ჩვენს პარტნიორებთან ერთად კარგად უნდა შევარჩიოთ.

- რა ინიციატივით წარდგება ქართული დელეგაცია NATO- მინისტერიალზე და რას ელოდებით ამ მინისტერიალისგან?

- ბრიუსელის მინისტერიალზე მთავარი საკითხი იქნება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვა. ამ პროცესში საქართველოს გარდა ალიანსის წევრი ქვეყნების დელეგაციებიც მონაწილეობენ და მათგან ახალ შემოთავაზებებს ველოდებით. მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ორმხრივ შეხვედრებს, რადგან ასეთ ურთიერთობებში ჯერ კიდევ ბევრი რესურსია აუთვისებელი, რომელთა მაქსიმალურად გამოყენება საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.

(…)

- სამხედრო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასებსა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე იხარჯება, დანაყოფების წვრთნის და მით უმეტეს, საბრძოლო ტექნიკის რემონტისა და ახლის შეძენისთვის კი ძალიან ცოტა თანხა რჩება. აპირებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ მხრივ რამის შეცვლას?

- სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილი მართლაც სახელფასო და სოციალურ განაკვეთზე იხარჯება და ეს უფრო დიდი პროცენტია, ვიდრე NATO-ს სტანდარტით არის გათვალისწინებული. ამ პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს: პირველი – გადავხედოთ თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც წელს 640 მლნ ლარს შეადგენს და გარკვეული ეკონომიის შედეგად თანხების ნაწილის აკუმულირება შევძლოთ (თუმცა, ეს ბიუჯეტის გაზრდის გარეშე საკმარისი არ იქნება).

პრემიერ-მინისტრიც და მთავრობაც მზად არიან თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად და არ არის გამორიცხული, წლის განმავლობაში არმიისთვის დამატებითი თანხა გამოიყოს.

- როგორც თავდაცვის მინისტრი, რამდენად რეალურად მიიჩნევთ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განახლების საფრთხეს?

- ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას, რასაც ითვალისწინებს ერთობლივი წვრთნისა და შეფასებით ცენტრის ამოქმედებაც. ჩვენ თავს არავის ვესხმით და ამიტომაც რუსეთში არ უნდა უფრთხოდნენ იმას, რაც საქართველოში კეთდება.

ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, მხარს ვუჭერთ პრობლემების დიალოგით მოგვარებას, მაგრამ სანამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს 20% აქვთ ოკუპირებული და ახლა მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსირებასაც ცდილობს, მშვიდად ვერ ვიქნებით!

- როგორ ფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომის გაანალიზება დაგვეხმარება თუ არა, რომ ჩვენს ქვეყანას საფრთხე ავარიდოთ?

- ჩვენი სამხედროები, რა თქმა უნდა, აანალიზებენ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. უკრაინას უნდა აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება,  მაგრამ არა – ბრძოლებში ჩართვით, რომ შემდეგ ეს საქართველოს სახიფათოდ არ შემოუტრიალდეს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 02 თებერვალი, 2015 წელი

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ნატო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა?

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ამ ცენტრის გახსნა და, თქვენი აზრით, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი გაზრდის თუ არა საქართველოს დაცულობის ხარისხს? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წევრებს მიმართა.

ავთანდილ დემეტრაშვილი  (კონსტიტუციონალისტი): “რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გარკვეულწილად უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი, ვინაიდან ეს საწვთნელი ბაზა არა მხოლოდ ქართველ მეომრებს გაწვრთნის, ეს იქნება ნატო-ს შეერთებული ძალების პერსონალის მზადების ცენტრი. ამას გარდა, მიზანშეწონილად მიმაჩნია ევროპასთან დაახლოება თუნდაც ამ კუთხითაც. ეს იქნება კიდევ ერთი, იმის სანაცვლოდ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ნატო-ს წევრობა ჰქვია, ვინაიდან ნატო-ს წევრობა ძალიან შორეული პერსპექტივაა და აღნიშნული საკითხი ნატო-სთან დაახლოების კარგი საშუალება იქნება.

ლია მუხაშავრია (ადვოკატი): “ჩემი აზრით, ეს ალბათ პოზიტიური მოვლენაა, იმიტომ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს და ეს ნატო-ს განზრახვას ავლენს, რომ საქართველო თავის რიგებში გააწევრიანოს. რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, იმიტომ, რომ მთელი ჩვენი დასავლეთევროპული და ნატო-სკენ მიმავალი პოლიტიკა სწორედ ამას ემსახურება, რომ როგორმე საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და აგრესიული, მტრული გარემოცვისა და სამეზობლოს პირობებში უსაფრთხოების მეტი გარანტია გვქონდეს.”

გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): “მთელი ეს წლები საქართველო იქითკენ მიდის, რომ ნატო-ს დაუახლოვდეს და ამ კონტექსტში ეს ნამდვილად ჯდება. ეს ალბათ იმის მომასწავებელი იქნება, რომ დაჩქარდება საქართველოს უფრო მეტი ინტეგრაცია ნატო-სთან. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია, რომ ჩვენ იმისკენ მივდივართ, რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ნატო-ს და საბოლოო მიზანი ნატო-ში ინტეგრაციაა.”

მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): “საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია ნატო-ს წევრობაა. რაც უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან და რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად, მით უფრო დაცული ვიქნებით. აქედან გამომდინარე, ცენტრის აშენება ზოგადად, არა მარტო კარგია, არამედ ჩვენი უსაფრთხოების გამყარებისთვისაც საჭირო საქმეა.”

კვირის პალიტრა“, 2 თებერვალი, 2015 წელი

რამ გამოიწვია პაუზა ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებში?!

ნათია დოლიძე

“დროებით ვაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს, ამას აზრი არ აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო” – საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის ინტერვიუდან ეს ამონარიდი სკანდალური გამოდგა. ბერუჩაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატიც შეჩერდა გაურკვეველი ვადით. მოგვიანებით ქალბატონ მინისტრს განმარტებების გაკეთებამ მოუწია.

ვითარებაში გასარკვევად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს დავუკავშირდით: – ქალბატონმა თამარმა უკვე განმარტა, რომ მის ნათქვამს ჟურნალისტმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან გრძელდება და შეფერხება არ ყოფილა. ჩვენ თავშივე გავმიჯნეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკური საკითხებისგან იმ ფორმატში, რომელიც შეიქმნა ამ ორმხრივი დიალოგისთვის. კარასინთან შეხვედრაზე განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს, ესენია: სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული პრობლემები.

- ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება შეჩერებულია იმ შეთანხმებების გამო, რომელიც რუსეთმა აფხაზეთთან უკვე გააფორმა, .. სამხრეთ ოსეთთან კი მის გაფორმებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

- ჩვენს მოლაპარაკებებში პაუზა ნამდვილად არის, თარიღი ჯერ არ შეთანხმებულა, თუმცა ეს ფორმატი და კომუნიკაციის არხი შენარჩუნებულია. რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება გააფორმოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, ცხადია, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე. შექმნილია უარყოფითი ფონი, რა დროსაც შეხვედრა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. დაველოდებით მოვლენების განვითარებას.

- რუსულ მხარეს ჰქონდა შეხვედრის სურვილი და პროტესტის ნიშნად უარი თქვით?

- ასე ვერ ვიტყოდი. ყოველდღე ისედაც არ ვხვდებოდით. მოლაპარაკებები იმართებოდა სამ თვეში ერთხელ. ბოლოს ოქტომბერში შევხვდით და არაერთი საკითხის გადაწყვეტა მოვახერხეთ. მაგალითად, საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობისთვის იყვნენ გასამართლებული, სამშობლოში დავაბრუნეთ. პრობლემების მიუხედავად, ასეთ უახლოეს მეზობელთან საჭიროა გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი, ამის კარგი მაგალითი უკრაინაა, სადაც ომია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობას მაინც არ წყვეტენ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 02 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: კარასინთან ბოლო შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული საუბარი გვქონდა

თიკო ოსმანოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და კომუნიკაციის არხიც შენარჩუნებულია. ოღონდ, მისივე თქმით, თუ ასეთი შეხვედრა ჩატარდება, პოლიტიკური ფონი უნდა იყოს შესაბამისი, რომ პრობლემებმა შეხვედრაზე ძალიან უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ბოლო შეხვედრაზე აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო გრიგორი კარასინთან  საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა.

გაგრძელდება თუ არა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და როდის გაიმარტება აბაშიძისა და ყარასინის მორიგი შეხვედრა – ამ და სხვა საკითხებზე „მთელი კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რაღაც განსაკუთრებულ პრობლემებს ამ კუთხით ვერ ვხედავ. ჩვენი ორმხრივი ფორმატი და კომუნიკაციის არხიც შენარჩუნებული იქნება. საკავშიროების შემთხვევაში დავუკავშირდები და მოვაგვარებთ ამა თუ იმ პრობლემას. მაგრამ მომდევნო შეხვედრის დრო ჯერ არ შეგვითანხმებია.

ანუ, სასწრაფო საქმის გარდა ერთმანეთს სხვა საკითხებზე აღარ დაუკავშირდებით?

– ვნახოთ. ყოველთვის გროვდება რაღაც საკითხები, რაზეც შეიძლება ისაუბრონ მხარეებმა. ჩვენ პოლიტიკას და სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს ერთმანეთისგან გავმიჯნავთ. ეკონომიკურ ურთიერთობებს მხარს ვუჭერთ და ვფიქრობთ,რომ ეს უნდა განვითარდეს სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად.

თქვენს რუს კოლეგას ბოლოს დის ესაუბრეთ?

– ზუსტი თარიღი არ მახსოვს.

თქვენი და კარასინის დიალოგი, როგორც წესი 2-3 თვეში ერთხელ იმართებოდა, ბოლო შეხვედრა კი ოქტომბერში გაიმართა

– მართლაც სამ თვეში ერთხელ ვხვდებით და ოქტომბრის მერე სამი თვეა გასული. ზოგადი პოლიტიკურიფონი ყველაფერზე ახდენს უარყოფით გავლენას. თუ ასეთი შეხვედრა ჩატარდება, სჯობს ფონი იყოს შესაბამისი, რომ შეხვედრაზე პრობლემებმა ძალიან ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს. ამიტომ ვიმეორებ, რომ ჯერ შემდეგი შეხვედრის თარიღი არ შეგვითანხმებია. ამ ფორმატს რაც შეეხება, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია. სატრანსპორტო და სავაჭრო ურთიერთობები აღდგა. მაგრამ ზოგადად პოლიტიკური ვითარება, რა თქმა უნდა, ყველაფერხე ახდენს გავლენას. ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ასე რომ, ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება.

ფონში რას გულისხმობთ კონკრეტულად?

– ფონში ამ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას ვგულისხმობ. აფხაზეთთან და ახლა ცხინვალთანაც რომ ფორმდება მოსკოვის მხრიდან.

ბოლო შეხვედრის დროს თქვენ კარასინს ზუსტად ამ თემებზე ესაუბრეთ.

– ოქტომბერში როდესაც შევხვდით, ამ თემაზე მართლაც საკმაოდ დაძაბული საუბარი გვქონდა.

ამ ფორმატმა ამოწურა თავისი თავი?

– არა. ჩვენ რუსეთთან პრაქტიკული, პრაგმატული დიალოგის ფარგლებში კონკრეტულ თემებზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით გარკვეული შედეგები ნამდვილად გვაქვს და პრინციპული არც არაფერი არ დაგვითმია. არავითარი დამაზიანებელი კომპრომისული ნაბიჯები ჩვენი მხრიდან არ გადადგმულა. არც არანაირი ილუზია გვქონდა, როდესაც ვიწყებდით ამ დიალოგს, რომ ყველაფერი უცბად მოგვარდებოდა. ვიმეორებ, ყველაზე რთული საკითხების განხილვა, აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემებს ვგულისხმობ, ჟენევაში ხდება. ეს არ არის ჩვენი ფორმატის თემები. ამიტომ არ უნდა გვქონოდა ილუზია, რომ რუსეთიდან რაღაც დიდი დათმობები იქნებოდა. ის, რისი აღებაც შეიძლება, ჩვენ უნდა ავიღოთ და ნაწილობრივ ავიღეთ კიდეც კონკრეტულ სფეროებში.

როგორც ცნობილია, საქართველოში რუსეთის სამი ავიაკომპანია აპირებს შემოსვლას. ამასთან დაკავშირებით რამე შეფერხებები ხომ არ იქნება?

– ჩვენი ფორმატის ამოცანა იყო პოლიტიკური ბარიერები მოგვეხსნა. ახლა საუბარი საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს. არის წმინდა კომერციული, ტექნიკური ხასიათის დიალოგი. ამიტომ მათ უნდა გააგრძელონ ეს საუბარი და უნდა მოილაპარაკონ ყველაფერზე – რამდენ რეისს შეასრულებენ, რამდენი კომპანია იქნება და ა.შ. ეს უკვე შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია. თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, უფრო ხელმისაწვდომი იყოს ავიაბილეთები, მგზავრებს არჩევანის საშუალება ჰქონდეთ, მაგრამ ამავე დროს შევეცდებით მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქართული ავიაკომპანიების ინტერესები.

ახალ პროექტებთან დაკავშირებითაცხომ არ შეიმჩნევა მეზობელი ქვეყნის ინტერესი?

– ეს ისეთი პროცესია, რომ ყოველთვის ჩნდება რაღაც ახალი და შეიძლება გაჩნდეს ახალი იდეებიც. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ – სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს და ჩვენი მხრიდან არანაირ ბარიერს არ შევქმნით. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველოში რუსული კომპანიები თავისუფლად მოქმედებდნენ და მათ ბევრი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებიც შეიძინეს. ამ ობიექტების ჩამონათვალი კი საკმაოდ გრძელია.

რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონებს, სამხრეთ ოსეთის ფაქტო პრეზიდენტმა რუეთს ხელშეკრულების პროექტი უკვე გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით არ აპირებთ კარასინთან საუბარს?

– რეაგირება აუცილებლად მოხდება, მაგრამ ეს გაკეთდება ჟენ:ევის მოლაპარაკებათა ფორმატში. ეს არის მთავარი საერთაშორისო მექანიზმი, სადაც მიმდინარეობს საუბარი, ჩვენსა და რუსეთს შორის ყველაზე რთულ პრობლემებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. შეხვედრის მორიგი რაუნდი ჟენევაში მარტის შუა რიცხვამდე შედგება და ალბათ ჩვენი დელეგაცია მთელი სიმწვავით და პრინციპულობით დააყენებს ამ საკითხს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 02 თებერვალი, 2015 წელი

ჯავახეთში 3 ათასამდე ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს

არნოლდ სტეპანიანი: რამე პროვოკაცია თუ მოხდა, მერე არავის არ გაუკვირდეს

თაია არდოტელი

“დაახლოებით 5-6 თვეა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯავახეთში სომეხი მოსახლეობის დეპორტაცია და მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მიმდინარეობს. ამ დროისათვის დაახლოებით რამდენიმე ათას ადამიანს ჩამოერთვა უკვე მოქალაქეობა, რამდენიმე ათეულ მოქალაქეს კი დეპორტაცია შეეხო. ამ ფაქტის შესახებ მივმართე დიპლომატიურ კორპუსს, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, სასამართლოში სარჩელიც შევიტანე, მაგრამ ვითომც არაფერი არ ხდება”, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავამ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა.

“მთელი კვირა” შეეცადა გაერკვია, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს რამდენად შეესაბამება და რა მდგომარეობაა რეალურად ჯავახეთში.

როგორც საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელმა არნოლდ სტეპანიანმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, დაახლოებით 5 თვეა, რაც ჯავახეთში ეს პროცესი მიმდინარეობს, რის საფუძველზეც 2-დან 3 ათასამდე სომეხი ეროვნების მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ისინი ამავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ.

“საუბარია ძირითადად სომხეთის და რუსეთის მოქალაქეებზე, დაახლოებით 2-დან 3 ათასამდე ადამიანზე, რომელთაც უკვე შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა. მათ მოქალაქეობის შეწყვეტიდან 90 დღეზე მეტი არ შეუძლიათ გაჩერდნენ საქართველოში, ეს კი ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანებს, რომელთა სახლებიც საქართველოში რჩება, ან უწევთ, ოჯახი დატოვონ აქ. თუმცა ბოლო 1 თვეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან რაღაც ქმედითი ნაბიჯები იდგმება. კერძოდ, საუბარია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. ახლა ამ მოქალაქეებს შედარებით მარტივად აძლევენ ბინადრობის ნებართვას და შეიძლება ითქვას, ამით ხელისუფლებამ ცოტა შეარბილა მდგომარეობა. იმის ფონზე, როდესაც როგორც წინა, ასევე მოქმედმა ხელისუფლებამ იცოდა, რა მდგომარეობა იყო ჯავახეთში, არ მესმის, რაში დასჭირდათ ამის გაკეთება ახლა. ჩემი მოსაზრებით, საქმე გვაქვს ან არაპროფესიონალების გააზრებულ ქმედებასთან ან ხელისუფლების შიგნით საბოტაჟთან რეგიონში დამატებითი რისკების შესაქმნელად.

რაც შეეხება დეპორტაციას, მასობრივი დეპორტაცია არ ხდება. არავინ არ შედის სახლში ამ ადამიანებთან და არ ეუბნება, რომ შენ დაარღვიე საპასპორტო რეჟიმი და უნდა გაგაძევოთ. არის ფაქტები, რომ ადამიანებს უბიძგეს, დაეტოვებინეთ ქვეყანა – ურჩიეს ამის გაკეთება. ბევრი დაემორჩილა კანონს და უკვე დატოვა ქვეყანა, მაგრამ ბევრია ისეთიც, ვინც არ ტოვებს საქართველოს და შეიძლება ითქვას, უკანონოდ რჩება ქვეყანაში. აი, ეს თავის ტკივილი რატომ გავიჩინეთ, ეს უკვე ამ ქმედების ინიციატორებს უნდა ვკითხოთ”, – აცხადებს “მთელ კვირასთან” საუბრისას არნოლდ სტეფანიანი.

რაც შეეხება მათთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურას, სტეფანიანის განცხადებით, იმის გარკვევა, თუ ვის ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა, არასწორი და ცუდი ფორმით მოხდა. “მებაჟეები არაფორმალურად ეკითხებოდნენ იმ ადამიანებს, ვინც შემოდიოდა ან გადიოდა საქართველოდან. მაგალითად, თუ შედიოდა ადამიანი ქართული პასპორტით, ეუბნებოდნენ, “რად გინდა ქართული პასპორტი, ხომ გაქვს სომხეთის ან რუსეთის პასორტი და მოდი, იმით შემოდი, უფრო მარტივიაო”; ან პირიქით, როდესაც სომხეთის ან რუსეთის პასპორტით შედიოდა, ეუბნებოდნენ – “ქართული პასპორტით შედი, ხომ გაქვს ქართული პასპორტიო”. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაუჯერა და აჩვენა მეორე პასპორტი. ამის შემდეგ საბაჟომ ცენტრს მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროდან ამ ადამიანებს მიუვიდათ ოფიციალური ცნობა, წერილი, სადაც ეწერა, რომ რადგან ისინი არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვეღარ იქნებიან საქართველოს მოქალაქეები”, – განაცხადა სტეპანიანმა.

ჩვენთან საუბრისას იგი სომეხი ეროვნების მოქალაქეების ინტეგრაციის პრობლემასაც შეეხო და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც შეიძლება მათთვის მოქალაქეობის შეწყვეტამ გამოიწვიოს.

“ეს ადამიანები ამ ხნის განმავლობაში არ არიან ინტეგრირებულნი, მათ არ იციან ნორმალურად, რა ხდება საქართველოში. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დაპირებები ჰქონდა, რომ მიდგომა შეიცვლებოდა, ჯერჯერობით რაიმე პროგრესზე საუბარი გამიჭირდება.

“გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ავრცელებენ ინფორმაციას და ქმნიან სტერეოტიპს ჯავახეთის მოსახლეობაში, რომ თითქოს იმის ფონზე, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ევროპას, საუბარია ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე, ევროპა მოითხოვს, საქართველოში გამკაცრდეს საპასპორტო რეჟიმი.

“ჯავახეთის მოსახლეობა არ ცხოვრობს ქართულ საინფორმაციო სივრცეში და ინფორმაციას ძირითადად რუსეთის ან სომხეთის საინფორმაციო საშუალებებიდან იღებენ. რუსეთის ტელეარხებიდან კი ევროპასთან დაკავშირებით კარგს ვერაფერს მოისმენენ. ცხადია, ჯავახეთში მარტივიც კია გარკვეული პროვოკაციის კერების შექმნა.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედების შემდეგ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა იმაზე კარგი არ იქნება, რაც ნახევარი წლის წინ იყო. ათასობით ადამიანია მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო საქართველოზე განაწყენებული. ამიტომ, თუ ჯავახეთში რაღაც პროვოკაციები მოხდა, არავის არ უნდა გაუკვირდეს”, – აღნიშნა სტეფანიანმა.

როგორც “მთელ კვირას” სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა სოსო გიორგაძემ განუცხადა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, შეწყვეტა მასობრივად მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

“კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჯავახეთში ან საქართველოს სხვა რეგიონში რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით მოქალაქეობის შეწყვეტა, ან ამის შესახებ კონკრეტული მოქალაქეებისთვის ოფიციალური ცნობის მიწოდება მომხდარიყოს. (…)

———-

ექსპერტ არჩილ გამზარდიას განცხადებით, მოქალაქეობის ჩამორთმევა იმდენად რთული პროცედურაა, რომ ასე მარტივად არ ხდება და ალბათ კონკრეტული ფაქტები უნდა დაიდოს, რომ ჯავახეთში მსგავსი ქმედებები რეალურად განხორციელდა. “მე მაინც მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს იქ არსებული გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი თეორიული ვარაუდია. ხოლო, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ათასობით ადამიანი მოქალაქეობის გარეშე დატოვეს და ვითომ არაფერი არ ხდებაო – ეს ძალიან სერიოზული საკითხია”, განუცხადა “მთელ კვირას” გამზარდიამ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, თუ სიმართლეა და ჯავახეთში დღეს ათასობით სხვა ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს, ქართული სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები, შესაძლოა, ხანგრძლივი მოქმედების ნაღმად იქცნენ.

“პირველად მესმის მსგავსი რამ. 2-3 ათასი ადამიანი ძალიან ბევრია, მანდ სხვა რაღაცა იქნება ალბათ. სტეპანიანს ბევრი რამე არ დაეჯერება. საფრთხეებს რაც შეეხება, ჯავახეთი ისედაც პრობლემური რეგიონია. მე მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც იქ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ვერ ჩადიოდნენ.

“ეს დელიკატური საკითხია და ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. თუ მართლაც მოხდა ამ ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, იმ ადამიანებთან საჭირო იყო წინასწარი ახსნა-განმარტებითი სამუშაოს ჩატარება და მათი არჩევანის წინაშე დაყენება. მათ თავად, თავისუფლად უნდა გაეკეთებინათ არჩევანი – ერჩივნათ საქართველოს თუ რუსეთის მოქალაქეობა.

“რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერდა სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანებს, მაშინ რა გამოდის – საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები და ჩვენი მთავრობა მშვიდად უყურებს ამას?! საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ადამიანის, რუსეთის მოქალაქის ყოფნა ძალიან საშიშად მიმაჩნია გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის რამდენიმე დოქტრინა პირდაპირ ითვალისწინებს თავიანთი მოქალაქის დასაცავად სამხედრო ჯარის შეყვანას. საკმარისი იქნება უბრალოდ პატარა პროვოკაცია, რომ დაზიანდეს რომელიმე სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რაც უკვე რუსეთს კანონიერ უფლებას მისცემს, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ჯარი შეიყვანოს იქ”, – განაცხადა ცინცაძემ.

Comments are closed