globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 მარტი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 2nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ბრუნდება თუ არა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: საქართველო-რუსეთისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობა

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ირაკლი გოგავასთან: “5-6 წელ­იწადში საქართველო მაპ-ს მიიღებს”

„რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „დიპლომატიის მაქსიმალურად ამოქმედება სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობებია“

კვირის ქრონიკა: სააკაშვილი კიევის ბარში სექსსკანდალში გაეხვია! // სკანდალური ფაქტები, რამაც უკრაინის ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო

———————–

კვირის პალიტრა“, 2 მარტი, 2015 წელი

ბრუნდება თუ არა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში

ხათუნა ლაგაზიძე

ბოლო დღეებში კვლავ გახმაურებულმა ინფორმაციამ საქართველოს რკინიგზის წილის შესაძლო გაყიდვისა და აფხაზეთ-საქართველოს რკინიგზის, უფრო ზუსტად, სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევნის  მონაკვეთის აღდგენის თაობაზე, რუსეთის ინტერესი საქართველოს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიმართ კიდევ ერთხელ გამოკვეთა. ბოლოდროინდელ ქრონოლოგიას თუ თვალს გადავავლებთ, ეს ძალზე თვალსაჩინოდ გამოჩნდება: ფოთის პორტის ნავმისადგომების დასაკუთრების სურვილი, ავარეთ-კახეთის გზის რუსული მონაკვეთის ინტენსიური მშენებლობა, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო კორიდორის იდეის აქტივაცია, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნების დაკავშირებას აზიასთან: ირანთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროექტში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის აქტიური მონაწილეობა და თავისთავად მომგებიანი იდეაა, თუმცა, ყურადსაღებია ის, რომ ამ პროექტის ცალკეულ მონაკვეთებს პუტინის შექმნილი ევრაზიის კავშირი აფინანსებს.

აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნაც, რუსეთის ბაზრის ქართული პროდუქციისთვის გახსნისა არ იყოს, ორლესული მახვილის ფუნქციას ატა­რებს. ერთი მხრივ, უნდა ვისაუბროთ იმ სარგებელზე, რომელიც ამ რკინიგზის აღდგენამ შეიძლება მოიტანოს, დაწყებული ეკონომიკური მოგებით და დამთავრებული ორი ათეული წლის მანძილზე გაწყვეტილი კომუნიკაციის აღდგენით ქართველებსა და აფხაზებს შორის, რაც ამ პროექტის მთავარი სავარაუდო ბენეფიტი შეიძლება იყოს. თუმცა, რისკების ჩამონათვალი გაცილებით დიდია და საგარეო-პოლიტიკური რისკებიდან უპირველესი რეგიონში აზერბაიჯანის პოზიციისა  და აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობის ღერძის შესუსტებაა. ეს ღერძი კი ახლო თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორედ ის ანკესია, რომელმაც რეგიონში დასავლეთის ინტერესები უნდა განსაზღვროს. იმ დროს, როცა რეგიონი დასავლეთისთვის ფეთქებადსაშიში და ფუნდამენტალისტური განწყობებით დახუნძლული ხელისუფლებების თაიგულს წარმოადგენს – რუსეთის, თურქეთის თუ ირანის ჩათვლით, სწორედ აზერბაიჯან-საქართველოს პარტნიორობა უნდა იქცეს მთავარ მიზიდულობის ცენტრად. სომხეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნა კი სწორედ ამ ურთიერთობის სტაბილურობას ემუქრება.

ამასთან, სანამ აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენაზე ფიქრს დაიწყებს, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პასუხები ძალიან ბევრ კითხვაზე, მათ შორის: ამ რკინიგზით ირიბად ხომ არ ვაღიარებთ აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის ნაწილად, რადგან რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ვერსიით საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი, ფაქტობრივად, უქმდებოდა და ეს საზღვარი გადმოდიოდა ლამის ენგურზე. და ამასთან, მიბმული საკითხი: სად იდგებიან მესაზღვრეები და მებაჟეები და ვისი წარმომადგენლები იქნებიან ისინი? ვინ უზრუნველყოფს ტვირთების და მგზავრების უსაფრთხოებას აფხაზეთის ტერიტორიაზე: რუსები, აფხაზები თუ სპეციალურად ვიწვევთ უსაფრთხოების უზრუნველმყოფ საერთაშორისო მისიებს? ჩვენ რომ იქ არავინ ჩაგვიშვებს, ხომ ცხადია. რა პოლიტიკურ დივიდენდებს ვითხოვთ რუსეთისგან ამ რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ? და ა.შ.

თუ ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე წინასწარ არ გვეცოდინება პასუხები, მაშინ ეს რკინიგზაც საქართველოზე რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. და ზოგადადაც, თუ რუსეთმა საქართველოს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის მოპოვება შეძლო, ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება. თუმცა, ეს არ იქნება ისეთი ხანგრძლივვადიანი, როგორიც მე-19 თუ მე-20 საუკუნეში. თუ დასავლეთი და ჩინეთი რუსეთს ერთობლივად მოინელებენ, მერე უკვე რუსეთის ყოფილი გავლენის სფეროების მორიგი გადანაწილების დრო კიდევ ერთხელ დადგება.

თუმცა, ზემოთქმული ჯერჯერობით თეორიაა, რეალობა კი ჩვენგან მოით­ხოვს  ქვეყნის ფინანსური სისტემის გადარჩენას. საინტერესოა, ფიქრობს თუ არა ხელისუფლება ფინანსური დახმარებისთვის მიმართოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს?! 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ დასავლეთის რამდენიმემილიარდიანმა უანგარო დახმარებამ გადაარჩინა საქართველოს ეკონომიკა ფინანსურ კრიზისს. რატომ არ შეიძლება, რომ დღესაც ვთხოვოთ დახმარება აშშ-ს?! ამით შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებაც მივიღოთ და ეს ერთგვარი ტესტიც იქნება, ამჯერად, უკვე ამერიკისთვის: რამდენად უღირს მას საქართველო, როგორც პარტნიორი რეგიონში. იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონის სხვა, რესურსებით მდიდარი ქვეყნები, იგივე აზერბაიჯანი თუ თურქეთი, საგარეო დახმარების გარეშე გაცილებით იოლად დააღწევენ კრიზისს თავს, ვიდრე ძირითადად იმპორტზე ჩამოკიდებული საქართველო.

ისიც შევახსენოთ ამერიკელებს, რომ უკრაინის ტრაგედიის ფორმალურ საბაბად სწორედ იანუკოვიჩისთვის დასავლეთის მხრიდან 15-მილიარდიან დახმარებაზე უარის თქმა იქცა. ამასთან, თუ სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ამერიკის დახმარების წყალობით მოხდა ლარის კურსის ვარდნის შეჩერება და საზოგადოების სულ უფრო ფართო ფენების სოციალური და ეკონომიკური კრიზისისგან დაზღვევა, ეს საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დასავლეთისა და იმავე აშშ-ის, როგორც ქმედითი, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ გაჩენილ იმედგაცრუებას კვლავ მადლიერების განწყობით შეცვლის. ამადაც ღირს ამერიკელების შეწუხება, რაც რუსულ საინფორმაციო ომთან გამკლავების ძალზე ეფექტური იარაღიც იქნება. მაგრამ იმისთვის, რომ ამერიკელებმა ამ საკითხზე ფიქრი დაიწყონ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაუჩნდეს სურვილი ამ თემაზე ამერიკასთან აქტიური მოლაპარაკების დაწყებისა. საგარეო პოლიტიკაში წაჯექ-უკუჯექობას მიჩვეული „მეოცნებე“ ხელისუფლების რეალური ზრახვებისა და ნაბიჯების გათვლა კი ძალზე რთულია.

„კვირის პალიტრა“, 2 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაზა ფირალიშვილთან: საქართველო-რუსეთისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობა

ნათია დოლიძე

„კვირის პალიტრა“ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებსა და საგარეო საფრთხეებზე ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრება.

(ამონარიდი)

- პაუზის შემდეგ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკება განახლდა. იმ განცხადებების შემდეგ, რაც აბაშიძისგან მოვისმინეთ ნატოზე, აფხაზებსა და ოსებთან მოლაპარაკების თაობასა და ამაში რუსეთის როლზე, ოპონენტებისგან გაისმა შეფასებები, რომ ეს ფორმატი ქვეყნისთვის უკვე საშიშია და უნდა შეწყდეს… კულუარული ინფორმაციით, ბოლო შეხვედრისას კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი გაიხსნას…

- ჩემი აზრით, არსებულ ვითარებაში ჩვენ სიტუაციის დაკონსერვების გარდა არაფერი შეგვიძლია. მოსკოვი-ერევნის რკინიგზის ამუშავება აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებას და რუსებისათვის აფხაზეთის სრული ეკონომიკური ათვისებისთვის იარაღის მიცემას ნიშნავს. რკინიგზის ამუშავებას დიდი როლის შესრულება შეუძლია რეგიონული პოლიტიკური სურათის შეცვლაში. რას მივიღებთ ამის წილ? – ეჭვი მაქვს, არაფერს. ხომ ვხედავთ, რომ რუსული იმპერიალიზმი არც კი უშვებს ყოფილ კოლონიებთან დიალოგისა და მათი ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას.

(…)

- უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. მისი თქმით, მოსალოდნელია საქართველოსა და მოლდავეთზე რუსეთის ზეწოლა. რა ბერკეტები შეიძლება აამოქმედოს რუსეთმა ამჯერად ჩვენს წინააღმდეგ? შესაძლებელია თუ არა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ისარგებლოს და ხელისუფლებაში მისდამი უფრო ლოიალურად განწყობილი ძალების მოყვანა სცადოს?

- როგორც ჩანს, საერთაშორისო პარტნიორებისა თუ მეტოქეების აღქმისას ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვურად იდეალისტები ვართ. არადა, კარგად ვხედავთ, ისინი როგორი პრაგმატულები არიან. დასავლეთი ჩვენთვის საშუალებაა და ეს კარგად უნდა გავიაზროთ – საშუალება იმისა, რომ როგორმე გავეცალოთ რუსული სისხლიანი ისტორიული ექსპერიმენტების არეალს. თავად დასავლეთს რომ უამრავი ნაკლი აქვს, სრულიად ცხადია.
რუსეთი ისარგებლებს ყველაფრით, რისი სარგებლობის შანსიც მიეცემა. ნებისმიერ ქვეყანაში არიან პირები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებისეული წარუმატებლობის მიზეზს სადღაც გარეთ ეძებენ, უპირველესად, ხელისუფლებაში. ასეთები საკუთარ ღირსებას მხოლოდ სამიტინგო რევოლუციურ ვნებათაღელვაში გრძნობენ. როდესაც ასეთები თავიანთ აგრესიას ხელისუფლებას დაატეხენ თავს, კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც აგრესიას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსკენ მიმართავენ, ვიღებთ პუტინიზმს მთელი თავისი უზნეობითა და აბსურდულობით.  სამწუხაროდ, ჩვენში ასეთები არსებობენ, თუმცა კი ეროვნული ღირსება ისეთი რამ არის, დარწმუნებული ვარ, იგი არ დაუშვებს მონების რევოლუციას მონობის სახელით.

„კვირის პალიტრა“, 2 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი გოგავასთან: “5-6 წელ­იწადში საქართველო მაპ- მიიღებს

ვაჟა თავბერიძე

(შემოკლებით)

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს რკინიგზის წილი შეიძლება გაიყიდოს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ყოფილ პარლამენტართან, საერთაშორისო ურთიერთ­ობის სპეციალისტსა და უკრაინის ექსპრეზიდ­ენტ ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილ მრჩეველ ირაკლი გოგავასთან ინტერვიუ ამ თემით დავიწყეთ.

- საქართველოს რკინიგზის მინორიტარული წილის გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ გაყიდ­ვით შემოსული თანხა რკინიგზის ტვირთგამ­ტარობის გაზრდასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვას მოხმარდეს, რაც ნიშნავს შემო­სავლების ზრდასა და დამატებით სამუშაო ადგილებს. რუსეთი იყიდის 25%-ს თუ სვაზი­ლენდი, მნიშვნელობა არა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მთავარია, შენარჩუნდეს რკინიგზაზე სახელმ­წიფო კონტროლი, ანუ მინიმუმ 51%-იანი წილი, რათა არ მოხდეს ის, რაც თბილისის აეროპორტს გაუკეთეს თურქებმა, ანუ განვით­არების დაბლოკვა. თუ ეს დაკავში­რებულია აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებას­თან, მე ამას მივესალმები… დროა, ქართველმა პოლიტ­იკოსებმა კალკულატორით იარონ და ნებისმ­იერი გადაწყვეტილება მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების მიხედვით მიიღონ. მხოლოდ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მოუტანს ქვეყნას მინიმუმ 300 მილიონ აშშ დოლარს ყოველწლიურად.

ცხადია, აზერბაიჯანი ოვაციებით არ შეხვდება რუსეთისა და სომხეთის ერთმანეთთან რკინიგზით დაკავში­რებას,­ ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა აკრძალოს თავის ტერიტორიაზე რუსული­ სამხედრო ტვირთების მოძრაობა. სხვა მხრივ, აზერბაიჯანთან პრობლემა არ უნდა წარმოიშვას, ჩვენ ისედაც სიმბო­ლ­ურ ფასად ვქაჩავთ მათ ნავთობს ევროპისკენ.­ თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ აზერბაიჯანი წარმოადგენს ყველაზე სწრაფად მზარდ სახელმწიფოს კავკასიაში. ჩვენი მოკავშირეა, თუმცა შეიმჩნევა ბოლო დროს ერთგვარი დაბნეულობა ბაქოში. ამის მიზეზები იყო ჩვენი განცხადებები გაზის ფასზე, იმ დროს, როცა აზერბაიჯანი ჩვენ უფრო იაფად გვაძლევს გაზს, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას, ასევე განცხადება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მიზანშეწონილობაზე, მაშინ როდესაც ქართულ მხარეს მისი მშენებლობა თითქმის არაფერი უჯდება. აზერბაიჯანთან უნდა გაგრძელდეს მეგობრობის განმტკიცება, უნდა შეიქმნას მყარი გარანტიები აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის. დაუწერელი კანონი მოქმედებდა ორ ქვეყანას შორის, რომ უნდა შედგეს ორი უმაღლესი დონის ვიზიტი ყოველ წელს. ეს ტრადიცია სამწუხაროდ დარღვეულია. თანაც, ბაქოსთვის უჩვეულოა ქვეყნის მოწყობის ის მოდელი, როცა პრეზიდენტი ნომინალური ძალაუფლების მქონეა და ვერ გაერკვნენ ვისთან უნდა ჰქონდეთ საქმე ქართული მხრიდან.

- საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა უარყოფითად შეაფასა უკრაინაში­ “ნაციონალებისთანამდებობებზე დანიშვნა.

- “უკრაინაში უცხოელების თანამდ­ებობებზე დანიშვნების წინააღმდეგია უკრაინის მოსახლეობის 90%-ზე მეტი. ერმა თავი შეუ­რა­ცხყოფილად იგრძნო, ამას პოროშენკოს არავინ აპატიებს.

- საქართველოში უახლოეს მომავალში ნატოს­ საწვრთნელი ცენტრიც გაიხსნება. მიუხედავად ამისა, ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად რეალურია ალიანსში გაწევრების პერსპექტივა და რამდენად მიზანშეწონილია, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი ვექტორი ბრიუსელისკენ იყოს მიმართული.

- ნატოს ბოლო მინისტერიალი ცალს­ახად პოზიტიურია. უელსის სამიტის გადაწყვ­ეტილებით, საქართველოში იქმნება ნატოს საწვრთნელი ბაზა და სამხედრო სასწავლებე­ლი, რაც ფორმალურს გახდის ნატოს სამხე­დროების გარკვეული კონტინგენტის ყოფნას­ საქართველოში ინსტრუქტორებისა და სამხე­დრო ექსპერტების სახით. ურთიერთობის არსე­ბული დინამიკა ნიშნავს, რომ 5-6 წელ­იწადში საქართველო მიიღებს მაპ-ს.
ბევრმა შეიძლება ჩემი განცხადება გადამ­ეტებულ ოპტიმიზმს მიაწეროს, მაგრამ მიუხ­ედავად გამოწვევებისა და მრავალი დაბრკო­ლებისა, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხო­ების გარანტია დღეს არსებული სისტემები­დან არის ნატო. ეკონომიკური კეთილდღეობის მზარდი და სტაბილური სისტემის შექმნა ყველაზე რეალურია, თუ მივა­ღწევთ ევროკავშ­ირის წევრობას და ამავე დროს, მაქსიმალ­უ­რად ავითვისებთ რუსეთისა­ და ყოფილი საბჭოთა სივრცის ბაზარს. ამგვ­ა­რი კონფი­გუ­რაციის მიღწევა რთულია, მაგ­რამ­ შესაძლებელი. ეს მოახერხეს ბალტიის ქვეყნებმა.

(…)

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის შეშფოთებები კავკასიაში საკუთარ უსაფრთხოებაზე გარკვეულწილად ლეგიტიმურია. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ძალზე მყიფე სუვერენტიტეტი, იქ მცხოვრები ხალხების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, საერთო საზღვაო სივრცე არამეგობრულ სახელმწიფოებთან და ისლამური რადიკალიზმის ფაქტორი, რომელსაც დაემატება ნატო-ს წევრ საქართველოსთან სახმელეთო და საზღვაო მეზობლობა ნამდვილად წარმოადგენს რუსეთისთვის სახიფათო გეოპოლიტიკურ “ვინეგრეტს”.

- თქვენ მიერ ნახსენები მაპ-ის მიღწევის ვადა – 5-6 წელი საზოგადოებაში გაოცებას დაალბათ, უნდობლობასაც გამოიწვევს

- მთავარი დაბრკოლება, რუსეთის გარდა, არის საფრანგეთისა და გერმანიის სკეპტ­იკური პოზიცია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს წევრობა ნატოს აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების გამო დაძაბუ­ლობას მოუტანს. ამ პოზიციის გამო გერმანია­ და საფრანგეთი იღებენ გარკვეულ ეკონო­მიკურ პრეფერენციებს რუსეთისგან. ასეთი პოლიტიკის მაგალითი იყო, როცა სარკოზიმ­ 1,5 მილიარდ დოლარად გაყიდა (მისტრალების კონტრაქტი) საქართველოს ტერიტორიული­ მთლიანობა.

გერმანიისა და საფრანგეთის სკეპტი­ციზმის დაძლევა შესაძლებელია ერთი გზით: აფხაზებსა და ოსებთან დავდოთ­ თავდაუსხმელობის შეთანხმება და უარი ვთქვათ ამ კონფლიქტების მოგვარების ძალისმიერ გზებზე. ამავე დროს, აფხაზებსა და ოსებთან შევთანხმდეთ სავაჭრო ურთიერთობის დაწყე­ბაზე: სატრანსპორტო, მათ შორის, სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაზე, ჰუმანიტარული პრობლემების ეტაპობ­რივ მოგვარებაზე. კონფლიქტების თემის ხელიდან გამოცლის შემდეგ, საფრანგეთსაც და გერმანიასაც შეახს­ენებენ, რომ მათი უსაფრთხოების ხარჯების ნახევარზე მეტს აშშ იხდის. მნიშვნელოვანია სამხრეთ ევროპის ქვეყნებთანაც მუდმივი მუშაობა, რათა არ მივიღოთ მათი ნეგატიური­ პოზიცია ნატოს გაფართოებაზე. ამ რეგიონის ქვეყნებსაც ჩვევიათ რუსეთისგან ეკონომიკური სარგებლის მიღება პოლიტიკური საკითხებში დათმობების სანაცვლოდ.

- ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს რეგიონალური ლიდერის იმიჯი დაუმკვიდრდა. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, როგორი უნდა იყოს ქართული საგარეო პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

- რა რეგიონალურ ლიდერობაზეა საუბარი? თბილისი კავკასიის ცენტრი აღარ არის, საქართველო ნელ ნელა კარგავს თავის ფუნქციას, როგორც რეგიონის ტრადიციული ცენტრი. ათასწლეულების მანძილზე მოპოვებული ფუნქციის 20 წელიწადში გაფლანგვა დასანანია. მით უმეტეს, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხებს აქვთ იმის უნარი და გამოცდილებაც, რომ შექმნან საერთო კეთილდღეობის სივრცე სამხრეთ კავკასიაში.

თურქეთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა უზარმაზარი თურქული ექსპორტის სანაცვლოდ საქართველო ვერ ღებულობს ადეკვატურ პრეფერენციებს თურქეთისგან. თურქეთი აგრესიულია სახმელეთო გადაზიდვების, თევზჭერის დარგში, პრობლემატურია თურქული კომპანიის მიერ თბილისის და ბათუმის აეროპორტების მართვის ის მოდელი, რომელიც არსებობს – იბლოკება თბილისის აეროპორტის საერთაშორისო საავიაციო ჰაბად ქცევა, საჰაერო სატვირთო გადაზიდვები აუთვისებელია და მგზავრთა ნაკადების მაქსიმალური მობილიზაცია სტამბულის მიმართულებით მიდის. ეს პრობლემები რეაგირებას საჭიროებენ, თუმცა ქართული დიპლომატია დუმს.

ზემოთხსენებულ აფხაზეთის რკინიგზასთან ერთად, საინტერესო იქნებოდა ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთი მაგისტრალური გაზსადენიც, სარკინიგზო შტო ადლერი-თბილისი-ერევანი-თებრიზი, რომელმაც რაციონალური მიდგომის პირობებში შეიძლება შეიერთოს თურქმენეთის, პაკისტანის, ინდოეთის და ერაყის ტვირთები ევროპის მიმართულებით და პირიქით. მსგავსი პროექტები გაზრდის რუსეთის დაინტერესებას კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებით და საშუალებას მოგვცემს შევქმნათ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საჭიროებაც უკვე ათწლეულებია დგას. ეს კი ასეულობით მილიონი დოლარია ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტში.

- რა უშლის მთავრობას ხელს ასეთ პროექტების რეალიზებაში?

- ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სისუსტეზე ბევრი ითქვა. არის პრობლემა კომპეტენტურობის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კოალიცია, რომელმაც თავისი როლი შეასრულა 2012 წელს, ტვირთად იქცა.

კოალიცია წინასაარჩევნოდ შეიქმნა და ერთმანეთს დაუკავშირეს სრულიად გასხვავებული მენტალობის ხალხი, 2012 წლისთვის ეს ადვილად ასახსნელი იყო, მაგრამ დღეს კოალიცია წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს ქართული ოცნებისთვის. თავიდანვე საგარეო სფერო, კვოტის მიხედვით, სამართავად გადეცა კოალიციის სუბიექტს – ამ შეცდომამ გამოიწვია ორი წლის განმავლობაში საგარეო უწყების ინერტული მდგომარეობა. არ არსებობდა გზავნილების გენერაციის მწყობრი სისტემა, შრომის განაწილების დინამიური მოდელი და რაც მთავარია კონტროლი.

მეორე მხრივ, ხშირია დელეგაციებში გამოუცდელი ადამიანების მივლინება, რომელთა უმრავლესობა საერთოდ დუმს ან ვერ აგებინებს ქვეყნის გზავნილს უცხოელ პარტნიორებს. ამის მიზეზი ნეპოტიზმია, როცა ასაქმებენ ახლობლებს და არა პროფესიონალებს. ნებისმიერ დელეგაციას სჭირდება სპეციალურად მომზადებული სასაუბრო – ეს უნდა იყოს აუცილებელი ატრიბუტი. ამერიკელი კონგრესმენებისგან ვისმენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ლანძღვას ანდომებენ კონგრესმენებთან შეხვედრის ძირითად დროს, როცა ამერიკული მხრიდან არის მოლოდინი მოისმინონ თუ რა გეგმების განხორციელებას აპირებენ. მესიჯები უნდა მუშავდებოდეს ყოველ დღე და მთელი გუნდი უნდა იმეორებდეს ერთი და იგივეს, სანამ მესიჯი არ შეიცვლება.

ამასთანავე, სავალალოა ზოგიერთი საელჩოს მოქმედებაც. მაგალითად გამოდგება დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო. უშუალო ორგანიზატორისგან ვიცი, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტი (“ჩეტემ ჰაუსი”) აწყობდა დისკუსიას კავკასიის საკითხებზე, სადაც სურდათ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის მიწვევა, რათა წარმოედგინა ქვეყნის პოზიციები. ორი კვირის განმავლობაში საელჩოს ტელეფონს არავინ პასუხობდა, ელ.ფოსტას პასუხს არავინ სცემდა და ჩვეულებრივი ფოსტით გაგზავნილ მოსაწვევსაც არავინ გამოეხმაურა. ასე ჩატარდა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტში დისკუსია კავკასიის საკითხებზე საქართველოს წარმომადგენლის გარეშე.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მთავრობის სტრატეგია საგარეო პოლიტიკის კუთხით?

- საგარეო კუთხით ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს: ნატოსა და ევროკავშირში წევრობა, მაგრამ ტაქტიკაში უჭირთ. შედეგად, საქართველოს პოზიციები შესუსტდა მთელი რიგი მიმართულებებით, ამას თან ერთვის წინა მთავრობის მძლავრად დაფინასებული ლობისტური აქტივობები აშშ-ში და ევროკავშირში. შენელდა ინტერესი საქართველოს მიმართ, აღარ ხდება მაღალი დონის ვიზიტები ისე ინტენსიურად. ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების ვიზიტებს ვერ ჩავთვლით საგარეო უწყების დამსახურებად, რადგან ეს ვიზიტები ევროკავშირის დავალებაა ამ ქვეყნების მიმართ, რათა საქართველოში განახორციელონ რეგულარული ვიზიტები, იმის საჩვენებლად, რომ რუსეთთან მარტონი არ ვართ.

ეს თავად მთავრობამაც იგრძნო და შექმნა საგარეო ურთიერთობების საბჭო პრემიერთან. იმედია, ეს საბჭო გამოაცოცხლებს მიძინებულ საგარეო სფეროს. ამასთან, მთავრობას აქვს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. იმის გამო, რომ გადაწყვეტილებები კვირებისა­ და თვეების განმავლობაში ჰაერშია გამოკიდებული, მინისტრები, დეპარტამე­ნტის უფროსები ამჯობინებენ, არ გამოი­ჩინონ ინიციატივა და წყნა­რად შეასრუ­ლონ თავიანთი ბიუროკრატიული საქმე. პოლიტიკოსობას მინისტრების უმრავლე­სობა ერიდება იმის შიშით, რომ რისხვა არ დაიმსახუროს საკუთარი განცხადებების გამო. ღარიბაშვილს თუ ჩააბარეს დაზგა, მას დენიც უნდა შეუერთონ და შეძლებს უფრო მეტის გაკეთებას. საერთო პრობლემატიკას ემატება ისიც, რომ მმართველი ძალა არ არის წარმოჩენილი, როგორც ერთი გუნდი. ეს ჩანს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ პირველ დილემად იქცა საკითხი, ვინ რომელ ვიზიტზე წავა. ეს არ მოსჩანს სერიოზულად და მას ბოლო უნდა მოეღოს.

-ხელისუფლებას ჰყავს დაქირავებული ლობისტური ფირმები აშშ-ში და ევროპაში, ისინიც ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს?

- ლობისტებად დაიქირავეს უდიდესი ფირმები. ერთი შეხედვით, ლოგიკურია, მაგრამ ვინც იცის აშშ-ს პოლიტიკური სამზარეულოს სპეციფიკა, მათთვის ცხადია, რომ საქართველოსთვის უმჯობესია საშუალო ზომის ლობისტების დაქირავება, რადგან მათთვის ექსკლუზიური კლიენტი ხარ. დიდ ფირმებს კი შენს გარდა დღის წესრიგში მაიკროსოფტი, კოკა კოლა და შანხაის საფონდო ბირჟა აქვთ კონგრესმენებთან განსახილველი. ლობისტების დაქირავება ევროპაში რესურსების არარაციონალურად გამოყენებას ნიშნავს. ევროპაში სხვა კულტურაა – ლობისტებს ალმაცერად უყურებენ ევროპელი პოლიტიკოსები და მათი სანდოობის ხარსიხი დაბალია, შედეგად ეფექტიც დაბალია. ევროპაში სხვა მუშაობაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც იმ ექსპერტებთან იქნება მუშაობა გაწეული, რომლებიც პოლიტიკოსებს გადაწყვეტილებების ვარიანტებს უმზადებენ. ეს არც თუ ისე რთულია, თუკი მცოდნე ხალხი იქნება შეკრებილი.

- საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებსევროპის სახალხო პარტია“, რა მიდგომა­ უნდა გამოიჩინოს ოფიციალურმა თბილისმა ამ ძალის მიმართ?

- “ევროპის სახალხო პარტიის” ანტივირ­უსი ევროპელი სოციალისტებია. ამ ჯგუფ­ე­ბთან სისტემური მუშაობა გაანეიტრალებს “ევროპის სახალხო პარტიის” არაობიექტურ კრიტიკას. (…)

„რეზონანსი“, 2 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „დიპლომატიის მაქსიმალურად ამოქმედება სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობებია

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

(შემოკლებით)

პრაღაში კარასინ-აბაშიძის მორიგი შეხვედრის შედეგებსა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუს”-ის ჟურნალისტი კობა ბენდელიანი რუსეთთან ურთიერობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, პრაღის შეხვედრამდე თქვენმა მოსკოველმა ვიზავიმ, ბატონმა გრიგორი კარასინმა გორჩაკოვის სახელობის ფონდის ორგანიზებით მოსკოვში გამართულ ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების საკითხებზე მონიტორინგს შვეიცარული კომპანია SGS-სი სავარაუდოდ, რამოდენიმე თვეში დაიწყებს. აქამდე რატომ ჭიანურდებოდა შეთანხმების იმპლემენტაცია და და რაზე ვერ თანხმდებოდნენ მხარეები? პრაღის შეხვედრაზე დადგინდა შვეიცარული ფირმის ფუნქციონირების ადგილი და მონიტორინგის დაწყების სავარაუდო დრო? 2011 წლის შეთანხმებით მათი ფუნქციონირების ადგილად განსაზღული იყო რუსეთის მხრიდან მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის ჩრდილოეთით ადგილების შერჩევა

- აღნიშნული ქართულ – რუსული შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა კონტრაქტზე, რომელიც შვეიცარიულ კომპანია SGS–თან უნდა გავაფორმოთ. ანალოგიური კონტრაქტი ამ კომპანიასთან უნდა გააფორმოს რუსეთის მხარემაც.

ზოგადად, ეს პროექტი საკმაოდ არაორდინალურია, ამიტომ კონტრაქტზე მუშაობა ფრიად რთული საქმე აღმოჩნდა. 2012 წელს ჩვენში ხელისუფლების შეცვლამ გარკვეული პერიოდის განამვლობაში შეაფერხა ეს პროცესი. ახალი გუნდის მიერ ამ თემის შესწავლას დრო დასჭირდა. სხვათა შორის, რამდენიმე შეხვედრა შედგა წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობდნენ. ზოგადად, ამ საკითხზე ბევრი დისკუსია გაიმართა. ამასთანავე, ამ პროცესში მხოლოდ ქართული მხარის დაინტერესება არ იყო საკმარისი. რუსეთსაც უნდა გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები, დაახლოებით იმავე ტემპით.

ამ პროცესში აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულნი ჩვენი შვეიცარიელი მეგობრები. ახლახანს დასრულდა დოკუმენტებზე მუშაობა და ჩვენ ამის თაობაზე ვაცნობეთ შვეიცარიელებს. შაქმის კურსში ჩავაყენეთ რუსეთის მხარეც. სხვათა შორის, ჩვენი ოპონენტები ყოფილი ხელისუფლებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაკრიტიკებდნენ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. როცა საქმე დავასრულეთ და გადავწყვიტეთ, რუსეთის მხარესთან პრაღაში შეგვეთანხმებინა ზოგიერთი საკითხი, რასაც შვეიცარიელებმა ხაზგასმით დაუჭირეს მხარი, ატყდა ოპოზიციის “ჟრიამული”.

ოპონენტების კრიტიკა საკმაოდ კომიკურია, რადგან ჩვენ ფაქტობრივად მათ დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, არ გვსურს, საქართველომ ური თქვას ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებაზე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ესეც ვერ დაინახეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ გამოხატა ობიექტურად თავისი პოზიცია.

26 თებერვალს პრაღაში რუსეთის მხარემ პრინციპულად დაადასტურა თავისი მზადყოფნა ამ პროქტის განხორციელებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, უახლოეს მომავალში დაასრულებენ შიდა უწყებრივ პროცედურებს და ამის შესახებ გვაცნობებენ ჩვენც და შვეიცარიელებსაც. შემდეგ ხელი უნდა მოეწეროს კონტრაქტებს კომპანიასთან და შეიქმნას შვეიცარიაში სამმხრივი ერთობლივი კომიტეტი (ქართულ-რუსულ-შვეიცარული), რომელიც გააგრძელებს მუშაობას პროქტის იმპლემენტაციაზე.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად სავაჭრო კორიდორები უნდა შეიქმნას ყაზბეგი-ლარსის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) მიმართულებებით, თუმცა ეს რეგიონები არ არის მოხსენიებული ამ შეთანხმებაში, რას პოზიტიური ელემენტია.

- ოპონეტები რუსეთთან დიალოგს იმ ვითარებაში წარმოებას საყვედურობენ, როცა მოსკოვმა პრაქტიკულად დაასრულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექცია

- ამ კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ: რატომ ესაუბრებიან რუსეთს ევროპელები, მაშინ როცა უკრაინის გამო მოსკოვს სანქციები დაუწესეს? რატომ ესაუბრებიან მათ ამერიკელები? რატომ ხვდებიან და ესაუბრებიან რუსებს თვით უკრაინელები? მიუხედავად ურთულესი ვითარებისა, უკრაინას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გაუწყვეტია. ეს ხდება იმიტომ, რომ დიპლომატიის მაქსიმალურად ამოქმედება სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობებია. დიპლომატია ამისთვის შეიქმნა, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ კითხვის დასმაც კი მათ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლებამ რა “შესანიშნავად” გაართვა თავი რუსეთთან ურთიერთობას. ამ კომპეტენციის ადამიანებს როგორ უნდა ესაუბრათ რუსეთთან, როცა საკუთარ ხალხთან ვერ გამონახეს საერთო ენა… ჯერ იყო და 2008 წლის აგვისტოს კატასტროფას შეუწყვეს ფაქტობრივად ხელი თავიანთი უნიათობითა და არაკომპეტენტურობით, მერე რუსულ კომპანიებს მიყიდეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტების დიდი რაოდენობა. “დესერტად” 2008 წლის ნოემბერში რუსულ მხარეს სთავაზობდნენ მოსკოვში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებასა და ცეკვა-თამაშს (როგორია?!). ახლა კი მძლეთამძლე გმირებივით ლომებსა და რუსულ ტანკებს ჭამენ ტელეეკრანებთან.
რაც შეეხება შეხვედრას პრაღაში, მისი გამართვა ჩვენს ინტერესებში იყო, რათა დაგვეჩქარებინა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაცია. ეს ხელშეკრულება თავისი შინაარსით სწორედ პრაღის ფორმატს შეესაბამება, რომელიც უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს განიხილავს.

პრაღაში ჩვენ ჰუმანიტარული საკითხებიც განვიხილეთ. კერძოდ, გასულ წელს საქართველოში დავაბრუნეთ ჩვენი სამი მოქალაქე, რომლებიც რუსეთში მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ ჯაშუშობის ბრალდებით. ჩვენ კიდევ რამოდენიმე ჩვენი მოქალაქე გვყავს იქიდან წამოსაყვანი და ამ მიმართებით 26 თებერვალს, პრაღაში, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. ჰკითხონ ჩვენმა ოპონენტებმა ამ ბიჭების მშობლებს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან საუბარი? ეს კითხვა დაუსვან ჩვენს მეწარმეებსაც, რომლებმაც შარშან რუსეთში ორასი მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანეს. დაუსვან ეს კითხვა ჩვენს სატრანსპორტო კომპანიებსაც, ფერმერებსაც.

სხვათა შორის, პრაღაში ჩასვლამდე შეხვედრები მქონდა ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში, ევროპელი კოლეგები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს. 25 თებერვალს ჩვენი საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტს ესაუბრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი, რომელმაც, სხვა საყურადღებო მომენტებთან ერთად, ხაზი გაუსვა ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას. მაშ, ვის უნდა ვენდოთ, ამერიკელი კოლეგების, ევროკავშირის, ნატო-ს რეკომენდაციებს, თუ, ვთქვათ, ბატონ ბათუ ქუთელიას ანაც ბატონ ბოკერიას შეშფოთებასა და ხილვებს? თქვენ თვითონ განსაჯეთ.

- მოსკოვში გამართულ იმავე შეხვედრაზე ბატონმა კარასინმა განაცხადა, რომ მხარეებირუსეთ-საქართველოს რკინიგზის ამოქმედების საკითხებს დელიკატურად განიხილავენ“. თქვენი შეფასებით, რა შედეგით დასრულდა აფხაზეთის მონაკვეთზე რუსეთ-საქართველოს შორის რკინიგზის ამოქმედებისდელიკატური განხილვა“?

- მე ამის შესახებ პრაღის შეხვედრის დასრულებისთანავე გავაკეთე კომენტარი: საქართველო-რუსეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განხილულა, საგნობრივად ამ მხრივ ახალი არაფერია. რუსმა კოლეგებმა კარგად იციან ამ თემის მიმართ ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება, ამიტომ ამ პოზიციას ” დელიკატური მინიშნებები” ვერ შეცვლის.

(…)

- ბატონო ზურაბ, პრაღის შეხვედრამდე თქვენს მიერ გაკეთებულმა განცხადებამმიუხედავად იმისა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს სტრატეგიული არჩევანია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას“, პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. “თავისუფალი დემოკარტებისლიდერმა, ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას მოუწოდა, მკაცრი კონტროლი დააწესოს კარასინ-აბაშიძის შეხვედრებზე. ალექსი პეტრიაშვილმა ფაქტობრივი საგარეო საქმეთა მინისტრიც გიწოდათ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მაია ფანჯიკიძემ კი განახცადა – “2012 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვამბობდი, რომ საქართველოს დასავლურ ორიენტაციას არაფერი შეცვლიდა. სამწუხაროდ, მე დღეს იგივეს თქმა არ შემიძლია“. როგორი იქნებოდა თქვენი პასუხი იმათ გასაგონად, ვინც მიიჩნევს, რომქართული ოცნებისპირობებში ქვეყნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა და ამ ცვლილების უკან ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას?

- ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე აჟიოტაჟი სწორედ ჩვენმა ახალმა ოპონენტებმა დაასწრეს “ნაციონალებს.” მათ ჩემზე კარგად იციან, რომ ალიანსში საქართველოს წევრობა დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ არის, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა მოაწონონ საზოგადოებას თავი. თეზისები, რაც აღნიშნულ კომენტარში ჩამოვაყალიბე, სრულად აისახა 25 თებერვალს ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, ბატონ აპატურაის განცხადებაში. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ 1. საქართველო მიზანმიმართულად მიემართება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, მაგრამ სრული წევრობის შესახებ ახლა კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია; 2. ნატო არანაირად არ გეგმავს საქართველოში თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ან ბაზის განლაგებას. საუბარია ერთობლივ საწვრთნელ ცენტრზე, რაც საქართველოს კუთვნილება იქნება; 3. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. საქართველომ კი აუცილებლად უნდა გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან.

საინტერესოა, რატომ არ უპასუხეს ჩვენმა ოპონენტებმა ბატონნ აპატურაის ამ კომენტარებს? რატომ არ შევიდნენ მასთან პოლემიკაში? რატომ არ უწესებენ “სამოქალაქო კონტროლს” თავიანთ არაკომპეტენტურობას? ასეთი უსაფუძვლო აჟიოტაჟით ისინი განა არ იფუჭებენ ავტორიტეტს შიგნით და გარეთ? ვფიქრობ, რომ იფუჭებენ და სწორედ იმ პოზიციაში დაზიანდებიან პოლიტიკურად გამუდმებით, რომელიც ყველაზე დაცული ჰგონიათ.

რაც შეეხება ბატონ პეტრიაშვილს, მას იუმორისკენ სწრაფვა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, მონდომება აკლია. მას შემდეგ, რაც მთავრობიდან წავიდა, ეტყობა მწვავედ განიცდის ნოსტალგიას მინისტრის პოსტის მიმართ და ქვეცნობიერად ამას სხვასაც მიაწერს. ისე, უცნაური ხალხი არიან ეს ჩვენი ოპონენტები. იმ დღემდე, სანამ მთავრობაში იყვნენ, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს არაფერი ემუქრებოდა. იმავე დღესვე კი, როცა მთავრობა დატოვეს, თურმე ეს კურსი რადიკალურად შეიცვალა. თითქოს საგარეო კურსი სამარშრუტო ტაქსი იყოს. . .

- გასაგებია რასაც ბრძანებთ, მაგრამ თქვენი ოპონენტების მტკიცებით, პრაღის შეხვედრამდე თქვენი განცხადებები მოსკოვისათვის ერთგვარი ნიშანი იყო იმისა, რომ ოფიაციალური თბილისი ითვალისწინებს კრემლის პოზიციას ყოფილი სსრკ- რესპუბლიკების ტერიტორიების ხარჯზე ნატო- გაფართოების მიუღებლობასთან დაკავშირებით. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, მოსკოვში და ბატონ კარასინის მიერ თქვენი განცხადებები სწორედ ასე იქნა აღიქმული?

- შეგახსენებთ, რომ ჩემი “სკანდალური” განცხადება გახლდათ პასუხი ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ვფიქრობდი წინა დღეს ბატონ სერგეი ლავროვის კომენტარზე, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით. მგონი, როგორც საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, მაქვს უფლება, კომენტარი გავაკეთო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე. ჩემს კომენტარებსა და განცხადებებში სკანდალური ან პრინციპულად ახალი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არაფერი ყოფილა. ამიტომ, მავანთა დარდი, რომ ზურაბ აბაშიძე სხვათა კომპეტენციებში ჩაერია, მათი უცოდინარობის მორიგი დასტურია.
რაც შეეხება ბატონ კარასინის მოსაზრებებს საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, მან კარგად იცის, რომ ეს ჩვენი დიალოგის თემა არ არის. მინდა ეს ინტერვიუ პოზიტიური ნიშნით დავასრულო და ჩემს კოლეგა ოპონენტებს შევთავაზო ჩემი წიგნი “ნატო და საქართველო”, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის,  რობერტსონის წინასიტყვაობით.

(…)

კვირის ქრონიკა“, 02 მარტი, 2015 წელი

სააკაშვილი კიევის ბარში სექსსკანდალში გაეხვია!

სკანდალური ფაქტები, რამაც უკრაინის ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო

ლევან ჯავახიშვილი

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში მუშაობა, არც ისე ხავერდოვანია, როგორც ამას „რუსთავი-2“ და „ნაციონალთა“ მიერ კონტროლირებადი სხვა მედია-საშუალებები წარმოგვიდგენენ. კი, სააკაშვილმა მოახერხა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა, მაგრამ მალე მის თავზე საავდრო ღრუბლები მოიყრიან თავს და იმ რეფორმატორის იმიჯს, რის წყალობითაც ეს პოსტი მიიღო, ლაფში ამოსვრიან. ძალიან მალე უკრაინული მედია გადმოყრის კომპრომატებს სააკაშვილისა და მისი იმ გარემოცვის წევრების შესახებ, რომლებიც უკრაინაში წაიყვანა და მაღალ პოსტებზე დაასაქმა. მიხეილ სააკაშვილი ან ამერიკის უშუალოდავალებებით დანიშნეს ამ თანამდებობაზე, ან მას მართლა „დავერბოვკებული“ ჰყავს პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც ამას ვწერდით, ან ორივე ერთად. თუმცა, მიშა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ამერიკის ინტერესების გამტარებელია უკრაინაში, ეს სადავო არ არის. რამდენად კეთილსინდისიერად, უკრაინისთვის რამდენად სასარგებლოდ ასრულებს ამ დავალებებს, ეს სხვა საქმეა. ეს კითხვა უკვე უკრაინის ხელისუფლების წამყვან პირებსაც გაუჩნდათ.

„ქრონიკას“ `ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა წყაროებმა სააკაშვილის უკრაინული ცხოვრების შესახებ მეტად საყურადღებო ამბები შეატყობინეს. აღსანიშნავია, რომ რასაც მოგახსენებთ, ისიც და ბევრად მეტი, თავად „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურმა ლიდერებმაც იციან. ცხადია, ისევ იმ თანაგუნდელებისგან, ვინც უკრაინაში მუშაობს და სააკაშვილის ყოველი ფეხის ნაბიჯი ჩინებულად იცის.

რამდენიმე დღის წინ, მიშა და უკრაინაში პორტირებული რამდენიმე მაღალჩინოსანი, კიევის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში შეკრებილან. წყარო აცხადებს, რომ იქ იმყოფებოდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, გია გეწაძე, დანარჩენი ქართველობის ვინაობას კი ვერ ასახელებს. რამდენიმესაათიანი მოლხენის შემდეგ, სააკაშვილი გვარიანად გამომთვრალა და ბარში ერთ-ერთი ლამაზმანისთვის დაუდგამს თვალი. საკუთარი დაცვის წევრი მიუგზავნია ამ გოგონასთან და ერთი ღამის გატარება შეუთავაზებია. უცხო გოგონას მიშას დაცვის ბიჭისთვის სილა გაუწნია, მერე კი ბარის დაცვის თანამშრომლები მოუხმია. სააკაშვილი, გია გეწაძე და მათი თანმხლები ქართველებიაცვას ბარიდან გამოუყრია და მათი მაღალ-მაღალი პოსტები საერთოდ არ გაუთვალისწინებია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა, რომელსაც სააკაშვილმა ერთი ღამით სექსი შესთავაზა, უკრაინაში მეტად გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ყოფილა. ეს ბიზნესმენი, წარსულში პეტრო პოროშენკოს ბიზნესპარტნიორიც გახლდათ. ბარის მფლობელებმა ეს ყველაფერი ჩინებულად იცოდნენ და იმიტომაც იყო, რომ ქართველი სტუმრების მაღალ-მაღალი პოსტები ფეხებზე დაიკიდეს. ეს სკანდალი უკრაინის სამთავრობო წრეებში გახმაურებულა და სააკაშვილისთვის რამდენიმე მაღალჩინოსანს მიუთითებია, ცოტა წესიერად მოიქეცი, აქ საქართველო არ გეგონოს, თორემ დიდ შარში გაეხვევიო. მეორე დღესვე მისი წარმომადგენლები ბარს ეწვივნენ და მის მფლობელებს სთხოვეს, ეს ამბავი არ გაეხმაურებინათ, თავად სააკაშვილს კი, უკრაინელი ბიზნესმენის ქალიშვილისთვის დაურეკავს, ბოდიშიც მოუხდია და ყვავილებიც გაუგზავნია, მივქარე და მაპატიეო. ახლა იმას არ ვამბობ, რომ უკრაინელი გოგონები გავაზე ბუზს არ ისვამენ. უბრალოდ, ღირსეული ქალები ყველგან არიან, მეორეც, კაცია და გუნება, არ უნდა მიშა და მორჩა.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ფრანგული ტელეარხ „ფრანს-24“-ის სტუმარი იყო და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა ამ არხს. ვინც მისი ეს ტელეინტერვიუ ნახა, ყველა დამერწმუნება, რომ მიშა რაღაც ვერ იყო ფორმაში, მისი მოდუნებული მიმიკა, მიბნედილი თვალები, მიხრა-მოხრა, ლაპარაკის მანერა ძალიან წააგავდა „კაიფში“ მყოფი ადამიანის ანალოგიურ ქმედებებს. ცხადია, მისი ეს ტელეინტერვიუ მთელმა უკრაინულმა პოლიტიკურმა ბომონდმა ნახა და რაც ჩვენ შევამჩნიეთ, არც მათ გამოჰპარვიათ. უკრაინის რადას თავმჯდომარე, ვლადიმერ გროისმანი ისე ყოფილა მისი ამ გამოსვლით აღშფოთებული, რომ სააკაშვილისთვის დაურეკავს და გვარიანად გამოულანძღავს, – შენ, ბიჭო, უკრაინას წარმოადგენ, უკრაინის სახელით გამოდიხარ და ცოტა თავი გააკონტროლეო. მერე კი გროისმანს მიშას ეს გამოსვლა პოროშენკოსთვის უჩვენებია და უთქვამს, ეს დამთხვეული, ვიდრე რომელიმე ტელევიზიის სტუდიაში არ ჩასძინებია, მოიშორე თავიდანო. მართალია, გროისმანი პოროშენკოს ბლოკის წევრი, მისი თანამოაზრეა და ამიტომაც გახდა რადას სპიკერი, თავიდან ის მხარსაც უჭერდა სააკაშვილის უკრაინაში დასაქმებას, მაგრამ მასზე ძალიან მალე შესცვლია შთაბეჭდილება. გროისმანი სხვაზე ადრე მიმხვდარა, რომ აქტიური პიარის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი არანაირ პოლიტიკურ ფასეულობას არ წარმოადგენს და პირიქით, ზედმეტი ტვირთი და თავის ტკივილია უკრაინის ხელისუფლებისთვის. ეს კაცი ბოლო მომენტში თურმე პოროშენკოს ურჩევდა, სააკაშვილის გამო საქართველოს ხელისუფლებას ნუ გადავიკიდებთ, ძებნილ კაცს სოლიდურ პოსტს ნუ ჩააბარებ, კონსულტანტად დანიშნეო, მაგრამ პოროშენკოს, ამერიკელებს თუ ორივეს ერთად, თავისი გაუტანიათ.

უკრაინის ხელისუფლებაში უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მიშა „კაიფში“ იყო და მისი გამოსვლა ქვეყნის დიდი სირცხვილიაო. სხვათა შორის, „ფრანს-24“-ისთვის მიცემულ სააკაშვილის ამ ინტერვიუს რუსული ტელეარხები ატრიალებენ შესაბამისი კომენტარებით: პოროშენკოს მთავარი მრჩეველი და რეფორმატორი განგრეულ „კაიფში“ ინტერვიუებს იძლევა და უკრაინის ხელისუფლება თუ ამ ნარკომანის იმედზეა, კარგად ჰქონიათ საქმეო. ამის გარდა, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა პოროშენკოს მოუტანა ამბავი, რომ სააკაშვილის, კლინიკური ნარკომანის ქცევები ფრანგულ ტელევიზიაში შემთხვევითი არ არის და მათაც ხშირად უნახავთ ზომაზე მეტად ამჩატებული მისი მრჩეველი. არა, ახი კია უკრაინელებზე, ვის მიათრევდით პრეზიდენტის მრჩევლად, არ უნდა იცოდეთ? მისი პრეზიდენტობის დროსაც აქტუალური იყო ეს თემა.

ერთ ფაქტს გავიხსენებ და თქვენი ხმის ჩასაკმენდად ესეც საკმარისია (2012 წლის 17 აპრილს, მახათას მთაზე, მშენებარე ეკლესიის საძირკვლის გაჭრის კურთხევისას, იმჟამად ჯერაც პრეზიდენტი სააკაშვილი არანორმალურ მდგომარეობაში გამოცხადდა… ამ ფაქტის გარდა, არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა მედიით, რომ სააკაშვილი კოკაინის სისტემატური მომხმარებელია…

(…)

ბარში და „ფრანს-24“-ის ეთერში მომხდარმა სკანდალმა, მას ერთი მეგობარიც დააკარგვინა. მიშას სერიოზული შელაპარაკება მოსვლია კიევის მერთან და „მაიდანის“ ერთ-ერთ შემოქმედთან, ვიტალი კლიჩკოსთან. კლიჩკოს გაუფრთხილებია სააკაშვილი, შენს იმიჯს მიხედე, უკრაინას ნუ არცხვენ უცხოეთში და აქ კიდევ, იმ ბიზნესმენებს ნუ გადაგვკიდებ, ვინც გვაფინანსებდა და დღესაც გვერდში უდგას ჩვენს ხელისუფლებასო.

(…)

ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ახლა მოგახსენებთ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გია გეწაძეც და გენპროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე უკრაინაში კორუფციის აღმოსაფხვრელად იბრძვიან და ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს, დაჭერები დაიწყეს. ორივენი სააკაშვილს უთანხმებდნენ თავიანთ სამოქმედო გეგმას, რადგან უკრაინაში მათი რეალური პატრონი ის არის. გეწაძესა და საყვარელიძეს სააკაშვილისთვის გადაუციათ იმ 50 მაღალჩინოსნის სია, რომელთა დაჭერასაც ახლო მომავალში აპირებდნენ. ესენი არიან თავდაცვის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, მძიმე მრეწველობის, შს სამინისტროს წამყვანი პირები – მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსები, ასევე, რამდენიმე ქალაქის მერი, გუბერნატორი და ვიცე-გუბერნატორი. ეს სია სააკაშვილს პოროშენკოსთვის უჩვენებია და ცხადია, მისი დასტურიც ნდომებია, რომ ეს ხალხი დაეჭირათ.

ჩემთვის უცნობია პოროშენკოს რეაქცია, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, ეს სია პოროშენკოს რადას სპიკერისთვის უჩვენებია. გროისმანი გადარეულა. სიაში მყოფი ყველა მაღალჩინოსანი „მაიდანის“ მოვლენების აქტიური მხარდამჭერი ყოფილა, მათ შორის, მისი პარტიის წევრები. (…) დღეს კი, მათი მხარდაჭერით მოსული ხელისუფლება, კონკრეტულად, ამ ხელისუფლების ქართველი წარმომადგენლები, მათ დაჭერას ითხოვენ. ვლადიმერ გროისმანს პოროშენკოსთვის პირდაპირ უთქვამს, – სააკაშვილი შენი ყველაზე ერთგული ხალხის დაჭერას აპირებს, ყველაზე უღალატო ხალხი უნდა, რომ ჩამოგაცილოს და ეს მხოლოდ ერთადერთ კაცს შეიძლება აწყობდეს, ვლადიმერ პუტინსო. მოკლედ, გროისმანი სერიოზულად ეჭვობს, რომ სააკაშვილი ორმაგ თამაშს თამაშობს, ცალი ხელით რუსეთის საქმეს აკეთებს, ძირს უთხრის პოროშენკოს ერთგული კადრების ჩამოცილებით, მეორე ხელით კი ამერიკისას – სიტყვით რუსეთს ებრძვის.

(…)

უკვე უკრაინელი ჟურნალისტებიც ეჭვობენ, რომ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი უკრაინაში მისი პოლიტიკური რეანიმირებაა და სერიოზულად ფიქრობენ, რომ მისი ანტირუსული რიტორიკის უკან, რუსული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსი იმალება. დავსძენ, რომ ეს ის ჟურნალისტები არიან, რომლებიც „მაიდანზე“ იდგნენ 24 საათის განმავლობაში და რამდენიმე მათგანი დაჭრეს კიდეც.

ვფიქრობ, ცხადზე უცხადესია, ეს ხალხი სააკაშვილს ერთი ადგილის თამაშს არ აპატიებს და მალე მისი უკრაინული ტინგიცობის კიდევ სხვა შემთხვევებს გავიგებთ. მოკლედ, უკრაინული მედია, აქამდე გუნდრუკს რომ უკმევდა სააკაშვილს, მალე მის კომპრომეტირებას დაიწყებს და ვინც ცაში აიყვანა, ძირს სწორედ ისინი დასცემენ.

ამ ფონზე ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს სააკაშვილის განზრახვას, „რუსთავი-2“-ის ფილიალი გახსნას უკრაინაში. თუ მიშამ ეს გააკეთა, მისი მიზანი გასაგები იქნება. ეს კაცი ხედავს, რომ პიარის გარეშე, საქართველოშიც და უკრაინაშიც ნულია, კაპიკის ფასი არ აქვს, „რუსთავი-2“ კი მას საკუთარი პიარისთვის სჭირდება უკრაინაში, რათა ის ნეგატივი გადაფაროს, რომელსაც მალე კომპრომატებად გადმოუყრის უკრაინული მედია, და რეფორმატორისა და რუსეთთან მებრძოლი გმირის იმიჯი შეინარჩუნოს.

Comments are closed