„რეზონანსი”: რელიგიური შეხლა-შემოხლა ადიგენში
„რეზონანსი”: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ჩვენი ზოგიერთი მოწინააღმდეგე რელიგიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: “დასავლეთი სირიელი ლტოლვილების მიღებას გვაძალებს… საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მზადდება”
„ვერსია“: ოპოზიციას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს? // შედგება თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი გაერთიანება და ვინ იქნება საერთო სიის პირველი ნომერი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „სანდრა რულოვსი კარგი მიგნებაა“
„ალია“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძეთან: რატომ არ შესრულდა დაპირება თინა ხიდაშელის გადადგომაზე და რას შეჰპირდნენ „ოცნების“ დეპუტატები?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „რატომ აპირებენ ნაციონალები ჯაჭვის მოწყობას? ჩვენ არ უნდა ვუყუროთ, როგორ მოაწყობს მიხეილ სააკაშვილი გადატრიალებებს ორ ქვეყანაში”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „შსს დამნაშავეებს მფარველობს… ვინც პეტრიაშვილზე თავდასხმა დაგეგმა და შეასრულა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ“
„რეზონანსი”: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: „მინისტრმა გვითხრა, საქმის გასახსნელად ძალიან სერიოზული რესურსია გადასროლილი“
„ალია“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რატომ აფასებენ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრას მკვლელობის მცდელობად? რატომ არ შეხვდა ნარმანია მეტროს თანამშრომლებს? რა შეიძლება მოჰყვეს ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას? ვინ გვატყუებდა, კალაძე თუ „სოკარი“?
„ალია“: რას ელოდება და რა საქმეებს გადააყოლებს კახა კალაძეს ბიძინა ივანიშვილი?
„რეზონანსი”: კახა კალაძე VS „გაზპრომი“ – რას დაკარგავს საქართველო // „მთავარია, რომ “გაზპრომთან” ახალი პირობები არ იყოს იმაზე უარესი, რაც გვქონდა“
————————-
„რეზონანსი”, 02 მარტი, 2016 წელი
რელიგიური შეხლა-შემოხლა ადიგენში
ეკატერინე ბასილაია
ჭელა, მოხე და ახლა უკვე სოფელი ადიგენი – ბოლო წლების განმავლობაში ადიგენის რაიონში რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება უკვე მესამედ ხდება. ამჟამად ადგილობრივი ქრისტიანები სოფელში მუსლიმებისთვის სასაფლაოს ადგილის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, “დღეს სასაფლაოს გახსნიან, ხვალ მეჩეთს მოითხოვენ”-ო.
სიტყვიერი დაპირისპირება ორშაბათ დილით დაიწყო, საღამოს კი ის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც სოფელში რაიონის გამგებელი ზაქარია ენდელაძე საკითხის გასარკვევად ჩავიდა. მუსლიმების მხარეს არის 3 დაშავებულიც, სოფელს პოლიცია იცავს. დაწყებულია გამოძიებაც სს საქმის 156-ე, დევნის, მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით 2- წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
როგორც ადგილობრივ გაზეთ “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში ადგილობრივი მუსლიმი ავთანდილ იაკობიძე ამბობს, გამგებელი სოფელში მათთან იმის გასარკვევად მივიდა, თუ რა ადგილზე გამოეყო მიწა სასაფლაოსთვის. ამ დროს კი მათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანები თავს დაესხნენ და მუსლიმები სცემეს.
ქრისტიანების თქმით, სოფელში ერთი ქრისტიანული სასაფლაო უკვე არის, ის უნდა გაფართოვდეს და მუსლიმებიც იქ დაიკრძალონ, ახალი სასაფლაოს გახსნას კი არ დაუშვებენ, რადგან სასაფლაოს შემდეგ მუსლიმები სოფელში არსებული ძველი უმოქმედო მეჩეთის აღდგენასაც მოითხოვენ, ქრისტიანულ სოფელში კი სხვა სარწმუნოების საკულტო ნაგებობების გახსნა დაუშვებელია – “სოფელი 20 კაცის ახირების გატანას არ დაუშვებს.”
ცალკე ადგილის აუცილებლობას კი მუსლიმები თავიანთი წესებით ასაბუთებენ. ამბობენ, რომ მათი რელიგია კრძალავს ქრისტიანთან დასაფლავებას, რადგან იქ ჯვარია აღმართული, დღესასწაულებზე ალკოჰოლი მიაქვთ და ეს მუსლიმებისთვის მიუღებელია, მეჩეთის აშენებას კი არავინ აპირებს.
მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირების ინსპირირებას სახელმწიფო ახდენს.
“სახელმწიფო არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, ისევე, როგორც არ შეასრულა ვალდებულება თუნდაც მოხეს ინციდენტისას, ასევე გასულ წელს, როდესაც მუსლიმი გარდაიცვალა და ამ სოფელში არ დაასაფლავებინეს. ორშაბათს ავაზაკთა ჯგუფმა გამგებლის თანხლებით ცემა მუსლიმები. ის იდგა და ამ ფაქტს არხეინად უყურებდა, თითქოს სიამოვნებდა კიდეც. ამის თვითმხილველი ბევრია, დღეს კი ამბობს, რომ არ შევსწრებივარო. ამ ადამიანების დასჯა სახელმწიფოს მოვალეობაა. სახელმწიფომ მუსლიმების სამართლებრივი უფლება უნდა დაიცვას. ენდელაძე ამბობს, არსებული სასაფლაო გავაფართოოთო. ჩვენი რელიგიით, ქრისტიანის და მუსლიმის სასაფლაო ერთად არ უნდა იყოს და არ ვიცი, რა გაფართოებაზე ლაპარაკობს,” – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
“გასულ წელს, როდესაც ამ სოფელში ქრისტიანებმა მიქელაძის მუსლიმ ოჯახს მიცვალებული არ დაასაფლავებინეს, გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ ოჯახს უთხრა, ბენზინს, სალიარს მოგცემთ, ფულს მოგცემთ და აჭარაში გადაასვენეთო. გელა კოხოძე, რომელიც მუსლიმების მიმართ ბილწსიტყვაობით გამოირჩევა, დღეს ადიგენის პოლიციის უფროსად არის დაწინაურებული. ეს ახალისებს ქრისტიან მოსახლეობას და ქმნის პრობლემას. წლებია მიცვალებულებს სხვა სოფელში ასაფლავებენ და ახლა როდესაც მოითხოვეს, ასეთი პრობლემა შეიქმნა,” – დასძენს ნაკაიძე.
გამგებელი ზაქარია ენდელაძე მისი თანდასწრებით რაიმე დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ამჟამად სოფელში “სიტუაცია იდეალურია”.
“იდეალური სიწყნარეა, მხარეები მსჯელობენ და დარწმუნებული ვართ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. ჩემს თანმხლებ პირებს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, ეს დეზინფორმაციაა, რასაც არაკეთილმოსურნეები ავრცელებენ. პატარა გაუგებრობა და შეხლა-შემოხლა იყო, მაგრამ ის იმ წუთშივე განიმუხტა და ყველაფერი, ღვთის წყალობით, კარგად ჩამთავრდა. მას შემდეგ სტაბილური სიტუაციაა, მხარეები სხედან და საუბრობენ,” – აცხადებს ზაქარია ენდელაძე. მისი თქმით, სასაფლაოსათვის მიწის გამოყოფის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი არ მიიღებს, ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.
“მუნიციპალიტეტი არა, მოსახლეობა თავად შეთანხმდება და თავად მოინიშნავენ ადგილს. ამ სოფელში ამის შესაძლებლობა არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი დაპირისპირება არ არის. არაკეთილმოსურნე ძალებმა იმ მომენტში დაძაბეს სიტუაცია, თორემ საკითხი აქამდე გადაწყდებოდა. შეთანხმება მიღწევადია. სასაფლაოს პრობლემა სოფელში მართლაც იდგა და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანებს თავიანთი სასაფლაო ჰქონდეთ. არასდროს არავის უთქვამს მათთვის, ფულს მოგცემთ და სხვაგან გადაასვენეთო. ეს პრობლემა იდგა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასაფლაო ჰქონდეთ,” – აღნიშნავს გამგებელი.
გუშინ სიტუაცია დამშვიდდა. იმის გამო, რომ დაპირისპირება არ განახლდეს, ადგილობრივების უსაფრთხოებას პოლიცია იცავს. ადგილზე ჩასულები იყვნენ გუბერნატორი და გამგებელი.
სოფელ ადიგენში სულ 80 კომლი ცხოვრობს. მათგან 20 აჭარიდან ჩასახლებული მუსლიმი ოჯახია, ისინი მიცვალებულებს წლებია ახლომდებარე სოფელ ზანავში არსებულ მუსლიმთა სასაფლაოზე კრძალავენ და ამიტომაც რამდენიმე თვეა სასაფლაოსათვის მიწის ცალკე გამოყოფას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა, შედეგის ვერმიღების შემდეგ მუსლიმებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართეს და 25 თებერვალს სააგენტომ ამ მოთხოვნაზე პოზიტიური რეკომენდაცია გასცა. სიტუაციის ესკალაცია სწორედ ამ ფაქტის გასაჯაროებას მოჰყვა.
სოფელში სასაფლაოსთვის ადგილი ჯერ გამოყოფილი არ არის და ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა შეთანხმება.
მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო წლებში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება ხელოვნურად ხდება.
განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმაც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი პრობლემების მოგვარებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება, “ამიტომ ეს საკითხი ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძალიან ფაქიზად და კორექტულად უნდა მოაგვაროს.”
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის თქმით კი საქართველოში ყველაზე მეტად უმრავლესობის უფლებები იზღუდება, შიშით ვერაფერი უთქვამს უმრავლესობას, ყველაფერს ფობიას ეძახიან.
“იზღუდება მართლმადიდებლების უფლებებიც, იმიტომ რომ მთელი რიგი მცირერიცხოვანი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები რიგ შემთხვევებში ძალიან მკვეთრად აკრიტიკებენ მთავრობას, რასაც არასოდეს არ აკეთებს მართლმადიდებელი ეკლესია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაღაც პოზიციებს არ ეთანხმება. ხელოვნურად წარმოქმნილი კონფლიქტებია არარსებულ თემებზე,” – აღნიშნავს თამზ მეჭიაური.
ადიგენის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩიც. იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადიგენში მომხდარი ინციდენტი ხელს არ შეუწყობს ტოლერანტობის ატმოსფეროს.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, რომელიც ამჟამადაც ადიგენში იმყოფება, ამბობს, რომ სამშაბათსაც იყო ესკალაციის მომენტები, მაგრამ პოლიცია იყო მობილიზებული, რომელმაც მხარეები დააშორიშორა.
“ორშაბათს მუსლიმებზე გარკვეული ჯგუფის მხრიდან თავდასხმა მოულოდნელად მოხდა. თავდამსხმელები დაახლოებით 20-ნი იყვნენ, დაზიანებულია – 3. პოლიციამ მხარეები დაკითხა. დღესაც იყო ესკალაციის მომენტებიც, თუმცა ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მხარეების დაშორიშორებას ცდილობდა და ძალადობა არ ყოფილა. ადიგენში ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე ძალადობრივი კონფლიქტია და ყველა შემთხვევაში დავინახეთ, რომ სახელმწიფომ ეფექტურად არ იმუშავა. ეჭვი გვაქვს, რომ არც ამ შემთხვევაში ექნება გამოძიებას შედეგი, მაგრამ მაინც დაველოდებით. ადგილობრივი ხელისუფლება საუბრობს, რომ მხარეები უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ. სახელმწიფო კვლავ რჩება პასიურ როლში, როდესაც მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას არ იღებს და მედიაციებით ცდილობს პროცესების მოგვარებას, სადაც არსებითად სასულიერო პირები ერთვებიან. ეს არასეკულარული, არასამართლებრივი გზაა,” – აღნიშნავს თამთა მიქელაძე. მისი თქმით, სეკულარული გამბედაობის პრობლემა დგას და თუკი სახელმწიფო მედიაციის გზით წავა, ამ საკითხში არა მარტო ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ მთავრობის წევრები და სახალხო დამცველიც აქტიურად უნდა ჩაერთონ. იგი ამბობს, რომ არის ფარული დისკრიმინაციაც, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობაში მუსლიმები დასაქმებულები თითქმის არ არიან. გზის გაყვანის სამუშაოებში ვინ უნდა დასაქმდეს, ამასაც გამგებელი განაგებს და მუშებადაც კი არ აქვთ მუსლიმებს დაშვება.
„რეზონანსი”, 02 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ჩვენი ზოგიერთი მოწინააღმდეგე რელიგიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“
თაკო მათეშვილი
ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაში პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას პრობლემა ჩანასახშივე უნდა მოესპო და ამგვარი განვითარების საშუალება აღარ უნდა მიეცა. მისი აზრით, რელიგიური თემებით მანიპულირებასა და პოლიტიკური მიზნების მიღწევას ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ცდილობენ და ხელისუფლების მოუმზადებლობის გამო, ეს საკმაოდ ეფექტურადაც გამოსდით.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მოსახლეობას შორის დაპირისპირება გუშინ უაღრესად გამწვავდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ადგილობრივებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30 ადამიანი) თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ. მოხდარს უკვე გამოეხმაურა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. განცხადება გააკეთა საქართველოს მუფთიმაც.
„ეს შემთხვევა პირველი რომ ყოფილიყო, ჩავთვლიდით, რომ აზრთა სხვადასხვაობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტია, რომელსაც გაგრძელება არ ექნება და რელიგიური კონფლიქტის ელფერს არ შეიძენს. თუმცა, აქ დაპირისპირება საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება, ჩემი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლების დიდი შეცდომაა ის, რომ საძირკველშივე არ მოაგვარა კონფლიქტი, რომელიც სასაფლაოსათვის მიწის გამოყოფასთანაა დაკავშირებული. შეიძლებოდა, რომ ეს პრობლემა ადრე მოგვარებულიყო და ყველაფერი აქამდე არ მისულიყო. ახლა უკვე სასაფლაოს თემა მეორე პლანზე გადავიდა და რელიგიურ დაპირისპირებად იქცა. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
ასეთი შემთხვევები არა მხოლოდ ადიგენში, არამედ სხვაგანაც ხშირია და არაპროფესიონალიზმით, საქმის არცოდნითაა განპირობებული, იმ რისკებისა და გამოწვევების ვერგაზიარებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დღევანდელ სამყაროში დგას. ამაში, პირველ რიგში, რელიგიურ საკითხს ვგულისხმობ.
ყველამ კარგად იცის, რომ ზოგიერთი ჩვენი მოწინააღმდეგე რელიგიას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ჩვენ მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა კი მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მათთვის მიზეზის მიცემა სწორი არაა. ეს ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა. ამიტომ, ადიგენში მომხდარ ამბავს მე ვაფასებ, როგორც ქვეყნისათვის დამატებითი პრობლემების შექმნას, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების არასწორი ქმედების შედეგია“, – ამბობს მამუკა არეშიძე.
- რა უნდა დაუპირისპიროს ამ ყველაფერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ?
- მოხეს საკითხში რომ ცენტრალური ხელისუფლება იყო ჩართული, ეს ჩემთვის ცოტა გასაკვირია. ადგილობრივი ხელისუფლება რაღას აკეთებს? ამაში რელიგიის სააგენტოც უნდა იყოს ჩართული და უშიშროებაც. თუმცა ამ ერთი სოფლის სიტუაციის მთავარი მომგვარებელი ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს. ვიცი, რომ რელიგიის სააგენტოს ამის მოგვარების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, რაც ასევე საკვირველია – როგორ შეიძლება რამდენჯერმე გქონდეს მოგვარების მცდელობა და ვერც ერთხელ ვერ მოაგვარო? განა რა პრობლემაა ასეთი? თუ, რა თქმა უნდა, საქმე მართლაც სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფას შეეხება და არა სხვა რამეს.
- ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების მხირდან, ნებსით თუ უნებლიეთ, წახალისებულიც კი იყოს?
- არა, მაგას ვერ ვიტყვი, თუმცა სჯობს, მტერი იყო, ვიდრე ფეხებზე გეკიდოს და რეგიონს ასე მართავდე. უცოდინრობას ღია მტრობა ბევრად ჯობია.
- ზოგადად, სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს შორის დაპირისპირება ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ. ხომ არაა საჭირო, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა, რითიც ამ ყველაფერს მოაგვარებს?
- ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით. რა თქმა უნდა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ახალი მიდგომა უნდა შეიმუშაოს და რამდენადაც ვიცი, ამაზე მუშაობენ კიდეც. საგანმანათლებლო სისტემას ქმნიან და ცდილობენ იმ მიზეზების ლიკვიდაციას, რამაც შესაძლოა ამგვარი დაპირისპირება გამოიწვიოს. იმ ძალების ლიკვიდაციაზეც ზრუნავს, რომლებიც ამ პროცესებზე ჩვენი ქვეყნის გარედან მოქმედებენ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაშიც ბევრია ისეთი, ვინც პრობლემის არსში ჩახედული კარგად არაა. ვიმეორებ, რომ ამ მიმართულებით ბოლო წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი სწორი ნაბიჯი გადაიდგა. მიუხადავად ამისა, სრულყოფილ მუშაობამდე ჯერ კიდევ შორია. რასაკვირველია, ეს სტრატეგია ეხება ყველა იმ რაიონს, სადაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ზოგადად, რელიგიურ თემას ბევრად მეტი ჩაღრმავება და მუშაობა სჭირდება. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები რელიგიით პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ და ჩვენ, ჩვენი მოუმზადებლობით საშუალებას ვაძლევთ, რომ მათი მოქმედება ეფექტური იყოს.
„ახალი თაობა“, 02 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: “დასავლეთი სირიელი ლტოლვილების მიღებას გვაძალებს… საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი მზადდება”
ვის ინტერესებშია საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, ვისი ხელით აკეთებს რუსეთი თავის საქმეს, რას ითხოვს ჩვენგან დასავლეთი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
„არაერთხელ მითქვამს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მოწყობა უნდათ. ამის მცდელობა რამდენჯერმე უკვე იყო, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდად დასრულდა, თუმცა მშვიდად ყოფნის ფუფუნება არა გვაქვს და ეს 1 მარტსაც გამოჩნდა. ადიგენის რაიონის სოფელ ადიგენში მუსლიმთა თემმა სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფა მოითხოვა. რელიგიის სააგენტოს 25 თებერვლის რეკომენდაციით, ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმთა სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოყოს. 29 თებერვალს, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ფიზიკურად. დაშავებულია სამი ადამიანი. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ სოფელში სამართალდამცავები შეიყვანეს. იმედი მაქვს, ეს დაპირისპირებაც განიმუხტება, მაგრამ სამომავლოდ რა გველოდება, არავინ იცის“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი.
- ამ დაპირისპირებას ოპერატიულად გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. თქვენი აზრით, რატომ არის ის ასეთი საკითხების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე?
- იან კელი გახლავთ უაღრესად გამოცდილი დიპლომატი. ის ცდილობს, რომ ყველა მსგავსი დაპირისპირება და გაუგებრობა საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში მოაქციოს.
- ამ მიმართულებით ის ძალიან აქტიურია, მაგრამ არასდროს ამოუღია ხმა, როდესაც ჩვენი პატრიარქის ან მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვა მიდის. ამაზე რას იტყვით?
- მე მის ნაცვლად ვერ გაგცემთ პასუხს. ჩვენი პატრიარქი გახლავთ მორალური ავტორიტეტი, მას ძალიან დიდ პატივს სცემენ როგორც მართლმადიდებლები, ასევე მუსლიმები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ უფრო გაძლიერდება შეტევა. ყველასთვის ცნობილია, რომ მის ერთ სიტყვასაც კი შეუძლია არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა. ხალხი აირჩევს იმას, ვისაც პატრიარქი დაუჭერს მხარს. ილია II ასეთ პროცესებში არასდროს ერევა, მაგრამ გარკვეული ძალები ფრთხილობენ. არ უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მორალური ავტორიტეტები მოვიდნენ.
- გარკვეულ ძალებში ვის გულისხმობთ?
- ყველა ძალას, რომელიც საქართველოს ფარგლებს მიღმაა. საუბარია როგორც რუსულ, ასევე პროდასავლურ ძალებზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია რუსეთი. მხედველობაში მარტო გაძლიერებული რუსული პროპაგანდა არა მაქვს. დღეს ბევრი ჩივის ამაზე, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, რადგან ეს კანონის დარღვევა არ არის. ის მისთვის სასურველი ხედვების ექსპორტს ეწევა. შენ კეთილი ინებე და ალტერნატიული მოსაზრებები დაუპირისპირე, ან შენი იდეოლოგია შექმენი, რომელიც შენი მოსახლეობის და ქვეყნის ფარი იქნება. ასეთი ფარი საქართველოში ყოველთვის იყო მართლმადიდებლობა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქართულად აღევლინება წირვა-ლოცვა, ეს გახდა სახელმწიფო იდეოლოგია. სწორედ მან გადაარჩინა ქვეყანა. ის ძალები, ვისაც საქართველოზე გავლენის მოპოვება და მისი მართვა სურს, პირველ რიგში, მართლმადიდებლობას შეებრძოლებიან. რაც უფრო მეტად ებრძვიან ეკლესიას, მით უფრო იზრდება ქვეყანაში ანტიისლამური განწყობა და მატულობს ნდობა რუსეთისადმი.
- რუსეთის ავტორიტეტი რატომ უნდა გაიზარდოს ეკლესიის ლანძღვის პარალელურად, რუსეთმა არ გაგვიუქმა ავტოკეფალია, სხვა `სიკეთეებს~ რომ თავი დავანებოთ?
- ეს ასეა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ეს აღარ ახსოვს. მათ ნაწილს ახლა მართლმადიდებელი რუსეთის იმედი აქვს. ზემოთ რუსული პროპაგანდა ვახსენეთ, სადაც მართლმადიდებლობის პროპაგანდა საერთოდ არ არის. ამის მიუხედავად, პრორუსული ძალები ამ ქვეყნის ერთმორწმუნეობით აპელირებენ.
- რაკი ეკლესიის ლანძღვა რუსეთის ავტორიტეტს ზრდის, გამოდის, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში ყოფილა...
- ქართული ეკლესიის ლანძღვა, ისლამური სახელმწიფოდან მომდინარე თემები და პლუს 250.000 ჩამოსასახლებელი ლტოლვილი სირიიდან იდეალურად მუშაობს რუსეთზე. იგივე შემიძლია ვთქვა დასავლური ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც.
- თქვენ ახსენეთ 250.000 ლტოლვილის ჩამოსახლება და რა ხდება ამ მიმართულებით?
- ამაზე აქტიურად არის საუბარი. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად გვთხოვონ, რომ ეს ლტოლვილები მივიღოთ.
- საქართველო არის მზად მათ მისაღებად?
- რა თქმა უნდა, არა. სირიელმა ლტოლვილებმა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში რა ამბებიც დაატრიალეს, კარგად ვნახეთ. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვიღაცა რუსეთის მიმართ გამოიჩენს ჭარბ ნდობას.
- რუსეთის მიმართ სიმპათიები რომ იზრდება, ამაში ამ ქვეყნის სპეცსამსახურები არაფერ შუაში არ არიან?
- როგორ არ არიან. პროდასავლური ძალები რუსეთის სპეცსამსახურების საქმეს აკეთებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი მხრიდან ეკლესიის ლანძღვა ზრდის რუსეთის ავტორიტეტს. სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კრემლის გავლენა აქ კიდევ უფრო გაიზრდება. გვახსოვდეს ისიც, რომ მოსკოვი მზადაა, ნებისმერ მომენტში აქ ვითარება აურიოს. ეს საფრთხე მანამდე არ მოიხსნება, სანამ სირიაში რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი შავ ზღვაში არ გადაინაცვლებს.
- ამის შემდეგ მოისვენებენ?
- არც მერე მოისვენებენ. მას კავკასიაში დაკონსერვებული კონფლიქტები სჭირდება. პანკისის ხეობაზე კარგა ხანია თვალი დადგმული აქვთ, მაგრამ ვერაფრით ახერხებენ იქ პროვოკაციის მოწყობას. მიზნის მისაღწევად ახლა ალბათ უხილავ საფრთხეებს გამოიყენებენ.
- უხილავ საფრთხეებში რას გულისხმობთ?
- იტყვიან, რომ რუსეთს ისლამური სახელმწიფოს მხრიდან საფრთხე ემუქრება. საქართველოდან ამ მხრივ არაფერი ელოდება, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში და არა მარტო იქ, სერიოზულ ფრონტს მიიღებენ. მოსკოვი მთელ სუნიტურ სამყაროსთან აღმოჩნდა დაპირისპირებული. რუსეთში კი ძირითადად სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი დიდი ალბათობით დაკავშირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან. ამას კრემლი კარგად გამოიყენებს, ჩვენს სპეცსამსახურებს მძიმე სამუშაოების ჩატარება მოუწევთ.
- საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობით ადრე კმაყოფილი იყავით, ახლაც ასეა?
- უკმაყოფილო არა ვარ და ქვეყანაში აქამდე ცუდი რამეები რომ არ მომხდარა, ეს მათი დამსახურებაა. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გააგრძელებენ. არჩევნების წინ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
- მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს?
- რუსეთი მის მიერ დაფინანსებულ ძალებს `სატოპკეებს~ აუწევს. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება გამორიცხულია. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს თემა სენსორული არ არის. ჩვენ გვგონია, რომ საქმე რელიგიურ დაპირისპირებამდე მივა. რუსეთის წყალობით, აქ სერიოზული ანტიისლამური ისტერია დაიწყება. მოსკოვში კარგად იციან, რომ ამით საქართველოს მოსახლეობის ნაწილი რუსეთისკენ შებრუნდება.
- ეს ისტერია მივა რელიგიურ კონფლიქტამდე?
- რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი კარგა ხანია მზადდება და რაღაცას მაინც მოახერხებენ. მეზობელი ქვეყნიდან სხვადასხვა მესიჯებიც წამოვა, რომლებსაც პრორუსული ძალები გააჟღერებენ. ერთ-ერთი მათგანი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
- ამ ყველაფრის შედეგად შემოდგომაზე შემთხვევით პრორუსულ ხელისუფლებას ხომ არ მივიღებთ?
- ეს ხალხის გადასაწყვეტია. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის ავტორიტეტი გაიზარდა.
ოპოზიციას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს?
შედგება თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი გაერთიანება და ვინ იქნება საერთო სიის პირველი ნომერი
ნინო კომახიძე
ოპოზიციას რთული და დატვირთული კვირა აქვს – კვირის ბოლოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პასუხს ელიან, მოლაპარაკების ფორმატის შექმნის შესახებ, ამ ფორმატში იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი ერთვება და ჩვენი ინფორმაციით, მეგობრულად, რამდენიმე „ფულიანი“ ოპოზიციონერიც შეხვდება ერთმანეთს. ასე რომ, ოპოზიციის გაერთიანებისა და დაფინანსების საკითხზე მუშაობის საგაზაფხულო სეზონი მიმდინარე კვირიდან გახსნილად ცხადდება.
ამ დროისთვის, ინტერპარტიულ ჯგუფს ხელისუფლებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს მიცემული. მართალია, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს აღარ ელიან, მაგრამ ახლა საუბარი თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნაზე, არჩევნების გაყალბების სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებაზე, არჩევნებში დასახარჯი ფულის ზედა ზღვრის დაწესებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებზეა, რაც ჯამში, ოპოზიციას მეტ შანსს უჩენს. უკვე ერთი თვეა ინტერპარტიულმა ჯგუფმა, საჯაროდ თუ კულუარულად, იმაზე საუბარი დაიწყო, რომ თავიანთ რიგებში ლიდერშიპი უნდა გამოყონ, რათა ბრძოლის შედეგები უფრო ეფექტური იყოს. გარდა ამისა, ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ ოპოზიციას ისედაც მეტი შანსი აქვს, ვიდრე ცალკე აღებულ პარტიებს. ზოგი კვალიფიციური სუბიექტი საერთოდ არაა და ფული არ აქვს, სამაგიეროდ აქვს, ვთქვათ, ადამიანური რესურსი. ზოგს ფული და უფასო საეთერო დრო აქვს, მაგრამ მისი რეიტინგია ნულოვანი, ამიტომ ბოლო ერთი წელია, არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთმანეთის დაჭმას თავი დაანება და ახლა გარკვეულ კონტურებს ხაზავს. როგორც მეგობრული საუბრებით ვარკვევთ, ლიდერები ერთმანეთის შესაძლებლობებს პრაგმატულად წონიან.
ნინო ბურჯანაძეს დღეს ბევრი თავსატეხი აქვს, რადგან ქრისტიან-დემოკრატებთან სასამართლო პროცესი უკვე მეორე ინსტანციაში წააგო და შესაძლოა, ეს პარტიაცა და დაფინანსებაც დაკარგოს, რადგან ჯერჯერობით, უზენაეს სასამართლოში სარჩელი არ შეუტანია. თუმცა ამბიციური ბურჯანაძე მაინც ყველასთვის საინტერესოა, რადგან ჰყავს წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ამ წევრებს ეფექტურად გამოიყენებს თუნდაც ბარიერის გადალახვისთვის. ყველამ იცის, რომ წლების განმავლობაში, ბურჯანაძე ყველა მოლაპარაკების დროს პარლამენტის თავმჯდომარეობას ითხოვდა. შესაძლოა, ამას ახლაც ითხოვს ,,ოცნებისგან” მომავალ პარლამენტში. დღეს მას საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე თავისიანი ჰყავს: სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, გოგი ქავთარაძე და ეროვნული ფორუმი, რომლის ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ნათელმირონობა აკავშირებს. მთავრობაშიც ჰყავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სოფრომაძე და ბოლო ბოლო, მისი ყოფილი თანაპარტიელის შვილი ირაკლი კობახიძე, რომელიც ,,ოცნების” აღმასრულებელი თავმჯდომარეა. ამ ფონზე, თუ ოპოზიციას დამფინანსებელი გამოუჩნდება, ბურჯანაძის ფაქტორს ნამდვილად ვერ უგულებელყოფს.
როგორც გავიგეთ, ნინო ბურჯანაძეზე ,,სტავკას” ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აკეთებს, რომელიც წლების განმავლობაში ოპოზიციას ისედაც აფინანსებდა. მას ახლაც დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელთან. სურს, საერთო ოპოზიციურ სიაში ბურჯანაძის გვარი მინიმუმ, მეორე ნომრად დაფიქსირდეს. ჩხარტიშვილს გარანტორი სჭირდება ხელისუფლებაში, მით უმეტეს, მიმდინარე ბიზნესდავების ფონზე. ამ პოლიტიკოსის ფასს ისიც ზრდის, რომ სწორედ ბურჯანაძეა ქალი, ვისი ხელმოწერაც, როგორც კვალიფიციური სუბიექტის, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმზე სჭირდება – ბურჯანაძის ხელმოწერის გარეშე არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
კვალიფიციური სუბიექტია პოლიტვაჭრობის დიდოსტატი შალვა ნათელაშვილიც. ბოლო დროს, ირღვევა ტრადიცია და ნათელაშვილი ყველას კი არ ემიჯნება, მოლაპარაკებების ერთ-ერთი ინიციატორია; მეტიც ის ერთ რაიონში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარის დასახელების მომხრეცაა. მართალია, ის აქტიურად დადის ინტერპარტიულ ჯგუფში მოლაპარაკებაზე, მაგრამ როგორც მასთან ურთიერთობაში გამოცდილი რამდენიმე პოლიტიკოსი ვარაუდობს, ნათელაშვილი უმალ ფულს აიღებს, რათა ოპოზიციური ერთობა დააფიქსიროს და მერე კიდევ უფრო დიდ ფულს აიღებს, რათა ეს ერთობა დაშალოს და არჩევნებზე მარტო გავიდეს. მართალია, ის ალბათ, საარჩევნო 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ აქვს შანსი, გადალახოს 3%-იანი ფინანსური ბარიერი. ესაა მისი გეგმა და მიზანი და არა ის, რომ ,,ერთხელ მაინც ანდონ ქვეყანა”. მას 2017 წლამდე გარანტირებული დაფინანსება აქვს, თუმცა 2016-ში ამ დაფინანსებას კიდევ 4 წლით თუ გაინაღდებს, ცუდი რით იქნება? „ვერსიის“ წყაროს ინფორმაციით, ნათელაშვილთან მოლაპარაკება ყველასთვის ადვილია, ნაციონალებისთვისაც, ,,ოცნებისთვისაც”, ოპოზიციისთვისაც, მაგრამ ასეთ ადამიანზე ფსონის დადება არ ღირს, რადგან ის რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე უფრო ძვირად გაიყიდება. ნებისმიერ შემთხვევაში მითი, რომ ნათელაშვილს კონკრეტული ელექტორატი ხმას მუდმივად აძლევს, ჯერ არ დამსხვრეულა. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნათელაშვილს რეიტინგი, ფაქტობრივად, აღარ აქვს, ნაციონალებთან ასოცირების გამო.
კიდევ ერთი კვალიფიციური სუბიექტია პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ბარიერგადალახული, დაფინანსებული პარტიაა, აქვს უფასო საეთერო დრო და საკუთარი ტელეკომპანია „ობიექტივი»; ასევე ახლოს იყო საგარეჯოს არჩევნებში გამარჯვებასთან. ახლა კი მიმდინარე დავა აქვს თავდაცვის მოქმედ მინისტრთან, რომელსაც პროკურატურა სამოხელეო უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ედავება. ამ პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავია, რომელსაც საკუთარი რესურსები ასევე აქვს. შესაძლოა, დღეს იგი აქტიურად არ ჩანს, მაგრამ გააქტიურებას ამ კვირის ბოლოს გეგმავს. ამის შესახებ კულუარული ინფორმაცია ოპოზიციიდან მოგვაწოდეს, მათი თქმით,
ამ კვირის ბოლოს თარხან-მოურავი რამდენიმე პოლიტლიდერს პირადად შეხვდება და ურთიერთობების დალაგებას დაიწყებს. იგი ასევე გეგმავს შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილთან, რომელთანაც ძველი მეგობრობა აკავშირებს. ჩხარტიშვილი 1999- 2000 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, დავით თარხან-მოურავი კი – ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე და გადაკვეთის წერტილები სწორედ ამ დროიდან აქვთ. „ობიექტივი“ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულ რეჟიმში გადადის, სამაუწყებლო ბადეს ცვლის და საინფორმაციო გამოშვებების დამატებას აპირებს. ჩვენი ინფორმაციით, თუკი ჩხარტიშვილსა და თარხან-მოურავს შორის მოლაპარაკება შედგება, ბურჯანაძით დაწყებული, საერთო ოპოზიციურ გაერთიანებაში ყველა სერიოზული პარტია შევა. სწორედ თარხან-მოურავი იქნება საერთო ოპოზიციური სიის პირველი ნომერი. როგორც ამბობენ, გამორიცხული არაა, ამ ტანდემმა აპრილ-მაისის ქუჩის აქციებიც დააფინანსოს, მით უმეტეს, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას ცხელი გაზაფხულით უკვე ემუქრება.
ეს ინფორმაცია პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთ ლიდერ ირმა ინაშვილთან გადავამოწმეთ. პოლიტიკოსი ქალბატონი არხის გაძლიერებას ადასტურებს, თუმცა ამას არჩევნების მოახლოებით არ ხსნის, ასევე აცხადებს, რომ ჩხარტიშვილს პარტიის ლიდერშიპი მართლაც იცნობს, თუმცა ბიზნესმენს ისინი არასოდეს დაუფინანსებია: „ვადასტურებ, რომ ვიცნობთ ვანო ჩხარტიშვილს, მაგრამ რა შუაშია ჩვენთან ჩხარტიშვილი? 5 წელია საინფორმაციოს გაკეთება გვინდა, მცირე ხარჯებითა და ექსპერიმენტული, საცდელი ფორმატით… ასე რომ, არავითარი დიდი თანხები არ შემოგვსვლია. ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტულად არჩევნების წინ კეთდება, რადგან დიდი ხანია, ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ არჩევნებზე კიდევ ერთი საინფორმაციო იქნება. რაც შეეხება ჩხარტიშვილს, რა თქმა უნდა, მას დავით თარხან-მოურავიც იცნობს ძველი დროიდან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. არა მგონია, მასთან რამეზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ის არასდროს გვაფინანსებდა“.
ამ ეტაპზე, ოპოზიციაში არ იციან ,,დიპლომატების პარტიის” პოზიცია. ირაკლი ალასანიას კი, დროის გასაწელად ახლა საპატიო მიზეზი აქვს.
„ახალი თაობა“, 02 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „სანდრა რულოვსი კარგი მიგნებაა“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალების ურთიერთობაზე საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ, რომ მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება, მაგრამ ამ ინფორმაციამ გამოჟონა”, – ამბობს ვახტან ძაბირაძე.
- მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა განახლებას საჭიროებს. სანდრა რულოვსის პირველ ნომრად დაყენება აქეთ გადადგმული ნაბიჯია?
- შეიძლება, მაგრამ განახლება უკვე საკმაოდ დაგვიანებულია. ნაციონალური მოძრაობა განახლებას რომ საჭიროებს, ეს 2012 წელსვე იყო ცნობილი, უკიდურეს შემთხვევაში, სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი რომ დატოვა, იმ დღიდან უნდა დაწყებულიყო პარტიის განახლებაც, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ქართველ საზოგადოებას არ დავიწყებოდა ძველი ნაციონალური მოძრაობა. ახლა, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ გზით სიარული ნაკლებ შედეგს მოიტანს და ცდილობენ რაღაცის შეცვლას.
- სიის პირველი ნომერი თუ მართლაც სანდრა რულოვსი გახდება, ეს რა მესიჯი იქნება?
- საარჩევნო სიის პირველი ნომრის პრობლემა აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მით უფრო, როდესაც მათ ახალი სახეების მოზიდვის სერიოზული პრობლემა აქვთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ უდგას ნაციონალურ მოძრაობას. მათ ახლა გარედან ხალხის მოზიდვა, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ. მათ ირგვლივ, თავიანთ ორბიტაზე უნდა მოიძიონ ახალი სახეები. ასევე ამ ადამიანებს გარკვეული საზოგადოებრივი ცნობადობა უნდა ჰქონდეთ.
- სანდრა რულოვსი კარგი მიგნებაა?
- ასე გამოდის. სანდრა რულოვსი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ის ცნობადია, მისდამი მოსახლეობაში აგრესია ნაკლებია, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არსებული რესურსის მიხედვით კარგი კანდიდატია. სიის პირველი ნომერი პარტიის ლიდერს ნიშნავს. თუ იმ ადამიანებიდან დასახელდებოდა პირველი ნომერი, რომლებსაც ყოველდღე ხედავს საზოგადოება, ეს გარკვეულ დაპირისპირებას გამოიწვევდა პარტიის შიგნით. ამის მაგალითად თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის დაპირისპირებას მოვიყვანდი, შედეგი კი ის იყო, რომ ვაშაძე საერთოდ გაქრა პოლიტიკური ავანსცენიდან. ამ მხრივაც სანდრა რულოვსი ოპტიმალური ვარიანტია, მით უფრო, როდესაც მისი აღქმა, როგორც რეალური პოლიტიკური ფიგურისა, რთულია. მის უკან ყოველთვის აღიქმება და იდგება სააკაშვილი.
- გამოდის, სააკაშვილი ვერ თმობს ნაციონალურ მოძრაობის ლიდერობას, ვერ წარმოუდგენია მის გარეშე ნაციონალური მოძრაობა, რადგან საუბარი იყო გიორგი ქადაგიძეზეც, რომ შეიძლება ის ყოფილიყო პირველი ნომერი.
- როგორც ჩანს, ვერ თმობს და ვერც წარმოუდგენია, უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ გარემოცვის ბრალია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ამომრჩევლის წინაშე სხვაგვარად ვერ წარდგა ნაციონალური მოძრაობა. გიორგი ქადაგიძის პირველ ნომრად დაყენება შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს სააკაშვილისთვის და ბუმერანგივით მოუბრუნდეს, ამიტომ სააკაშვილისთვის რულოვსი გამოსავალია. თუ გახსოვთ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შეხვედრები იყო ხან თურქეთში, ხან აზერბაიჯანში, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება და როგორც იყვნენ, ისევ ისე დარჩნენ. ისეთი პოლიტიკური ტიპაჟისთვის, როგორიც სააკაშვილია, უცხოა საკუთარ შეცდომებზე საუბარი, აღიარებაზე აღარაფერს ვამბობ. ასეთი ავტორიტარი პოლიტიკოსები ყოველთვის, ყველა დროსა და სივრცეში ფიქრობენ, რომ შეცდომა მათ კი არ დაუშვეს, არამედ გარემოცვამ. ასე ფიქრობს სააკაშვილიც, რომ ყველაფერი გარემოცვის ბრალია და არა პირადად მისი.
- ამიტომ ის ცდილობს გარემოცვის მოშორებას?
- ცხადია, მაგრამ ეს დიდი ხმაურის გარეშე უნდა. ის ეძებს განტევების ვაცს, განტევების ვაცი კი არის ის ძველი გარემოცვა, რომელიც შეიძლება გუნდს მიღმა დარჩეს.
- თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს რა შედეგს მოუტანს არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას?
- აქ საქმე გაცილებით რთულად არის. ნაციონალური მოძრაობის მიმართ საზოგადოების განწყობა დიდად არ შეცვლილა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ ვერ მოახერხეს თვითგანახლება, გაწმენდა. მათ ვერ შეძლეს საზოგადოებაში მათდამი არსებული აგრესიული დამოკიდებულების შეცვლა. ამიტომ, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ეს არ იქნება დიდად რამის განმსაზღვრელი. ამაზე არ იქნება შედეგები დამოკიდებული.
- საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა რა შედეგს მიიღებს, მეორე ადგილზე გავა?
- ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა პარტიად, რომელსაც ჰყავს საკუთარი ამომრჩეველი. ეს ამომრჩეველი, ალბათ, 200 ათასის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება დარჩენილ პერიოდზე, წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელსაც პარტიები ჩაატარებენ. არ ვიცით, რას იზამს „ქართული ოცნება“, იქ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ რაღაც განსაკუთრებული მოხდა, ეს ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, მაგრამ მნიშვნელობა ასევე აქვს იმას, თუ რას იზამს დანარჩენი ოპოზიცია. თუ ის მოახერხებს გარკვეული სახის გაერთიანებას, თუ სრულ ერთობას ვერა, ორ ჯგუფად დაყოფას გარკვეული სწორი ტაქტიკისა და სტრატეგიის მიხედვით, ესეც გარკვეულ შედეგს მოიტანს და მაშინ ნაციონალურ მოძრაობას გაუჭირდება ასეთ კოალიციებთან კონკურენცია, მაგრამ, ოპოზიცია თუ იქნება ასეთი დაქსაქსული და ჭრელი, მაშინ ნაციონალები თავიანთ ხმებს დანაკარგის გარეშე მიიღებენ.
- „ქართული ოცნება“ რა შედეგს დადებს?
- „ქართული ოცნება“ ხანდახან კი მგონია, რომ ყველაფერს აკეთებს არჩევნების წასაგებად, მაგრამ არც ისინი იქნებიან გულხელდაკრეფილნი და არჩევნების მოსაგებად იბრძოლებენ. თუ საბედისწერო შეცდომებს არ დაუშვებენ, `ქართული ოცნება~ ამ არჩევნებზე ფავორიტი პოლიტიკური ძალა იქნება.
„ალია“, 02-04 მარტი, 2016 წელი
რატომ არ შესრულდა სანდრო ბრეგაძის დაპირება თინა ხიდაშელის გადადგომაზე და რას შეჰპირდნენ „ოცნების“ დეპუტატები?
მაკა დეკანოსიძე
დიასპორის მინისტრის ყოფილი მოადგილე და მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომლის თანამდებობაც „რესპუბლიკელებთან» დაპირისპირებას შეეწირა, ორი კვირის წინ მთავრობიდან თინა ხიდაშელისა და კიდევ ორი „რესპუბლიკელი“ მინისტრის გარდაუვალი წასვლა დააანონსა, თუმცა, ისინი ისევ თანამდებობებზე არიან. ბრეგაძე, ასევე, კატეგორიულად აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაიშვება, ხელს მოაწერს 76 დეპუტატი და დაიწყება იურიდიული პროცედურები.
„ალიას“ სანდრო ბრეგაძესესაუბრა:
- ორი კვირის წინ გარანტირებულად განაცხადეთ, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი აღარ იქნება და მთავრობას სხვა „რესპუბლიკელებიც“ დატოვებენო. ისინი ისევ პოსტებზე არიან. რა მოხდა, რატომ არ გამართლდა თქვენი ინფორმაცია?
- დიახ, ეს განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, რომ არც ერთი „რესპუბლიკელი“ და მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრი არ იქნება თანამდებობაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ყველანაირი მეთოდით ცდილობს, ჩაებღაუჭოს სკამს და ელემენტარული, მცირედი თავმოყვარეობაც კი არ აქვს, რომ თუნდაც გამოძიების დასრულებამდე გადადგეს თანამდებობიდან. როდესაც ასეთი ტიპის გამოძიება მიმდინარეობს და მოწმეებად არიან ის პირები, რომლებიც თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში არიან, რა თქმა უნდა, მინისტრს ადვილად შეუძლია მათზე ზემოქმედების მოხდენა და გამოძიების ობიექტურობისთვის აუცილებელია, ის არ იყოს თანამდებობაზე. როდესაც ევროპელობასა და ევროპულ ღირებულებებზე დებ თავს, თუკი შენს წინააღმდეგ არის ასეთი ბრალდებები და პროკურატურა იწყებს გამოძიებას, უნდა გადადგე, მაგრამ, ეტყობა, თინათინ ხიდაშელს სკამი ყველაფერს ურჩევნია. უბრალოდ, დროის ამბავია, რომ თინა ხიდაშელი წავიდეს თანამდებობიდან და საერთოდ „რესპუბლიკელები“ არ იყონ მაღალ პოსტებზე. მე დავასახელე მოკლე პერიოდი და ყველანაირი ლოგიკით, დღეს თავდაცვის მინისტრი დროებით მაინც უნდა იყოს წასული. რაც შეეხება კიდევ ორ მინისტრს, ისინი ვაგონებს წარმოადგენენ, ვიქონიოთ ცოტაოდენი მოთმინება და ჩვენი თვალით დავინახავთ, რა და როგორ იქნება.
- განაცხადეთ, რომ 76 დეპუტატი გყავთ მომხრე და აუცილებლად იქნება ინიცირებული პარლამენტში კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. მაგრამ იურიდიულმა კომიტეტმა მსგავსი კანონპროექტი წარმოებაშიც კი არ მიიღო. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, კანონპროექტს 150 დეპუტატის სია ახლავს, მაგრამ არც ერთი ხელმოწერა არ არისო. ამაზე რას იტყვით, აქაც ტყუილი დაპირება გამოგივიდათ?
- არა, არა… ის, რაც მოხდა და რატომაც არ მიიღო, აბსოლუტურად სხვა რამეა და ჩვენს საკონსტიტუციო შესწორებებთან არანაირ კავშირში არაა, სხვა ჯგუფმა შეიტანა.
- ზუსტად ამის გასარკვევად გირეკავთ, ხმალაძემ განაცხადა, რომ იურიდიული პროცედურები დარღვეულია…
- ეტყობა, შემტანმა არ იცოდა, რომ ამას დეპუტატების ხელმოწერა სჭირდებოდა და როგორ უნდა მიეღოთ წარმოებაში? ელემენტარული იურიდიული ნორმებიც არ იცოდა, ვინც შეიტანა.
- «რესპუბლიკელი“ მინისტრების გადადგომაზე თქვენი ნათქვამი არ გამართლდა და დარწმუნებული ხართ, რომ 76 დეპუტატი მართლა მოაწერს ხელს თქვენს შეტანილ შესწორებას?
- ჩვენ გვქონდა საუბრები „ქართული ოცნების“ დეპუტაციასთან და მათ უკვე გადაწყვეტილად განაცხადეს, რომ 76 ხელმოწერა აუცილებლად იქნება და პროცედურები დაწყებულია. სხვადასხვა კომიტეტებში უკვე არის დღის განრიგში ჩასმული განხილვა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდგომ მაქვს, დაახლოებით ერთი კვირის ვადაში ეს პროცედურები დამთავრებულიც იქნება და უკვე სესიებზე გადაინაცვლებს საკითხი. კონკრეტულად, პირველი ვინ მოაწერს ხელს და ვინ შეიტანს განსახილველად, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის გადამწყვეტია, რა შედეგი დადგება. არაერთხელ ვთქვი და ყველამ იცის, რომ „რესპუბლიკელები“ არიან ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე, ამიტომ ამ ინიციატივას მხარს არ უჭერენ და არც ხელს აწერენ. მთავარია შედეგი, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაიშვას. გარწმუნებთ, 76 დეპუტატის ხელმოწერა იქნება აუცილებლად.
„ახალი თაობა“, 02 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „რატომ აპირებენ ნაციონალები ჯაჭვის მოწყობას? ჩვენ არ უნდა ვუყუროთ, როგორ მოაწყობს მიხეილ სააკაშვილი გადატრიალებებს ორ ქვეყანაში”
ნაციონალების საპროტესტო აქციას, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის წინააღმდეგ ამ დღეებში გაიმართება, ჯაჭვის სახე ექნება. ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე უნდა გააბან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე მირიამ მირიანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განმარტავს, რატომ აირჩიეს ნაცმოძრაობის აქტივისტებმა პროტესტის ეს ფორმა და რაში მდგომარეობს აქციის ნამდვილი მიზანი.
„ნახევარი წელიწადია, რაც ნაცმოძრაობას საპროტესტო აქცია არ მოუწყვია. ბოლო დროს გაჩნდა ახალი თემა – „გაზპრომთან“ საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება. სააკაშვილის პარტიელებსაც საპროტესტოდ ახალი საბაბი მიეცათ. მათ თავიანთ არაფორმალურ ლიდერ სააკაშვილს შეუთვალეს, „გაზპრომის“ საკითხის გასაპროტესტებლად 200 ათასი გვჭირდებაო. ამაზე უარი მიიღეს, თუმცა, აქციის მოწყობა არ გადაუფიქრებიათ. იმის გამო, რომ არსებული რესურსებით შთამბეჭდავ მიტინგს ვერ მოაწყობდნენ, მიზანშეწონილად ჩაითვალა ჯაჭვის გაბმა. იმისათვის, რომ ეს ჯაჭვი მოაწყონ, საკმარისია 2.500 კაცი. სწორედ ესაა ნაციონალების დღევანდელი რესურსი. ამ პროტესტის მთავარი მიზანია, ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცონ საკუთარი ძალა და ბრძოლისუნარიანობა”, – ამბობს მირიან მირიანაშვილი.
- ხელისუფლების ნაბიჯები როგორ შეიძლება შეფასდეს გაზმომარაგების მიმართულებით?
- ხელისუფლება ამ მხრივაც უსუსურობას, არაპროფესიონალიზმს იჩენს და დაფარულად მოქმედებს. ამდენი ხნის განმავლობაში გასაგებად ვერ აგვიხსნეს, რა მოლაპარაკებები მიდის გაზპრომთან და რა იგეგმება.
- მოსალოდნელია თუ არა, რომ საპროტესტო ჯაჭვს სხვა პარტიებიც შეუერთდნენ?
- არა. სააკაშვილი აფინანსებს და მართავს სატელიტ პარტიებს, მაგრამ მათი ქუჩაში გამოსვლა არა ახლა, არამედ შემოდგომაზე იგეგმება, როცა ნაცმოძრაობა საპარლამენტო შედეგებს გააპროტესტებს. სააკაშვილს უნდა, მსოფლიოს თავი დაამახსოვროს ახალი ვითომ რევოლუციებით საქართველოსა და უკრაინაში. სინამდვილეში, ეს იქნება გადატრიალებები. ჩვენ ოლიმპიური სიმშვიდით არ უნდა ვუყუროთ, როგორ მოაწყობს სააკაშვილი გადატრიალებებს ორ სახელმწიფოში.
- ნაციონალური მოძრაობა არჩევნებისთვისაც ემზადება.
- თუ ნაციონალურ მოძრაობას რეგისტრაცია არ შეუჩერდა, რისთვისაც მე, როგორც პარტიის ნამდვილი დამფუძნებელი, ვიბრძვი ჩემს მომხრეებთან ერთად, საარჩევნოდ ისევ ორი მთავარი სუბიექტის შემხედვარე ვიქნებით.
- ანუ “ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემხედვარე?
- დიახ. კონფიგურაცია შეიცვლება მხოლოდ მაშინ, თუ განზე გადგება ნაცმოძრაობა. სხვა ძალებს, თუნდაც, ამომრჩევლის ნაწილის მხარდაჭერის პირობებში, დიდი შანსები არ გააჩნიათ. ტყუილად გვიმტკიცებენ, 10 ან 12%-იანი ნაცმოძრაობა ჩამოწერილიაო. 2003 წელსაც არ ჰქონდათ ნაციონალებს რეიტინგი. პირიქით, თავიდან 5 თუ 6%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ, მაგრამ არჩევნების შემდეგ შედეგების გაპროტესტებით მოახდინეს გადატრიალება. მაქვს ინფორმაცია, რომ პარტიის გამო ჩვენი დავის მიზეზით ნაცმოძრაობაში უკვე შეფუცხუნდნენ, თუმცა, საჯაროდ ამაზე კრინტს არ ძრავენ.
- საზოგადოების უდიდესი ნაწილი საერთოდ ინერტულია და არჩევნებიც არ აინტერესებს...
- საზოგადოება რომ პასიური გამხდარიყო, ამაზე სააკაშვილის ხელისუფლებამ განსაკუთრებულად იმუშავა. მევახშეები პირდაპირ გარიგებული იყვნენ სააკაშვილთან. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 700 ოჯახს აქვს მითვისებული საბინაო ფონდის 20%. ადამიანების მორალურად გატეხვას, კრედიტების გარდა, ემსახურებოდა გადავსებული ციხეები და პრობაციონერთა არმია. ბევრი მათგანი, ვინც ვალის გამო ბინა დაკარგა, უცხოეთში გადაიხვეწა. არის დაზარალებულების კატეგორია, რომელსაც უფლება მისცეს, გაურკვეველი ვადით, ამა თუ იმ ფორმით დარჩეს სადავო ბინაში. სხვა კატეგორიაც არსებობს – არიან ოჯახები, რომლებსაც გამოსახლება უახლოეს ხანში ემუქრებათ.
- ეს საზოგადოების პასიური ნაწილია თუ საპროტესტოდ განწყობილი?
- ვინც საკუთარ სახლში ამა თუ იმ ფორმით დარჩა, ის, ძირითადად, გაურკვევლობაშია და ისიც არ იცის, ვის მისცეს ხმა. ისინი, ვინც დღეს და ხვალ უნდა გამოასახლონ, ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განეწყობიან. ქვეყანაში უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციაა. გასაგებია, რომ ხეების გადარგვა ან ერთსქესიანთა ქორწინებები აღელვებს საზოგადოების ნაწილს, მაგრამ თუ ოციოდე წელიწადში საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობა უმცირესობაში აღმოვჩნდებით, მაშინ რა მნიშვნელობა ექნება მცენარის ადგილსამყოფელს და ჩანაწერს კონსტიტუციაში?!
„ახალი თაობა“, 02 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „შსს დამნაშავეებს მფარველობს… ვინც პეტრიაშვილზე თავდასხმა დაგეგმა და შეასრულა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ“
ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი საქართველოს ლიდერი, კახა კუკავა აფასებს. ოპოზიციონერი ყურადღებას კრიმინოგენური ფონის გამწვავებაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ამ კუთხით ვითარება მძიმეა.
- ბატონო კახა, რაში გამოიხატება ეს სიმძიმე?
- ნელ-ნელა მძიმდებოდა ვითარება და უკვე მიაღწია იმ ნიშნულს, რომ პრაქტიკულად ყოველდღე ხდება მძიმე დანაშაული და გახსნის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი.
- ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი ფაქტის გამო საუბრობთ ვითარების დამძიმებაზე?
- მე არამარტო ალექსი პეტრიაშვილის ფაქტზე მაქვს საუბარი, არაერთი ფაქტი მოხდა. ბანკების დაყაჩაღების, ბენზინგასამართი სადგურის, სადაც მისი მეპატრონე მოკლეს. ეს ყველაფერი ხდება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და შსს პრაქტიკულად მფარველობს დამნაშავეებს.
- მფარველობაში რას გულისხმობთ?
- თავისი პასიურობით მფარველობს. თუ დამნაშავეს არ აქვს შეგრძნება, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს მოჰყვება ძალიან მყისიერი და მკაცრი რეაგირება, ეს არის მთავარი მფარველობა ხელისუფლების მხრიდან. სწორედ პეტრიაშვილის ფაქტია ამის დადასტურება, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები წამახალისებელ განცხადებებს აკეთებენ კრიმინალის მიმართ.
- რას გულისხმობთ?
- იმას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს პირადი მოტივით ჩადენილი დანაშაულია, თითქოს პირადი მოტივი რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება იყოს და უფრო პოზიტიურად წარმოაჩენდეს ამ საკითხს, ვიდრე, თუკი ეს იქნებოდა პოლიტიკური მოტივი. ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ბრალდებულებს, რომლებიც იქნებოდნენ უკვე დაპატიმრებული. ამ ტიპის დანაშაულების კვალიფიკაცია ყოველთვის ხდება მსუბუქი მუხლით.
- რატომ? ეს რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ან დაიჭერენ, ან არა, თუ დაიჭერენ, მიუსჯიან სამ წელს, ნახევარი წელი იჯდება და მერე გამოვა პირობითით. აი, ეს არის დანაშაულის მთავარი წახალისება. თუ მოხდება სწორი დაკვალიფიცირება და დაერქმევა ამას ბანდიტიზმი, რეკეტი, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, სასჯელიც მძიმე იქნება.
- მაინც როგორი?
- იმათ, ვინც პეტრიაშვილზე თავდასხმა დაგეგმა და შეასრულა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ, რადგან ეს არის ორგანიზებული დანაშაული. მთელ მსოფლიოში ორგანიზებული დანაშაული ისჯება ბევრად მკაცრად, ვიდრე შემთხვევით, ექსცესის შედეგად მომხდარი დანაშაული. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორგანიზებული დანაშაული სახელმწიფოსთვის არის ბევრად უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე ორმა ძმაკაცმა რესტორანში რომ იჩხუბოს.
- აცხადებთ, რომ ნაწილობრივ ხდება დანაშაულის წახალისებაც. ეს რა პოლიტიკაა, ან რისი ბრალია?
- ეს ამ ხელისუფლების უნიათობის ბრალიცაა. შს მინისტრი არაკვალიფიციურია, ის ამ სისტემაში მეხუთე ბორბალივითაა. აქ არის ის გარემოებაც, რომ ერთგვარი მხარდაჭერა შავი სამყაროსაგან ამ ხელისუფლებამ მიიღო, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ისე შემდგომაც.
- ეს რაში გამოიხატება?
- ხდება ამ შავი სამყაროს რომანტიზაცია. ყველას უკანონო პატიმარი დაარქვეს, ძალიან ბევრი დაბრუნდა, ვინც მანამდე გაქცეული იყო ქვეყნიდან.
- ანუ თქვენც ნაციონალების მოსაზრებას იზიარებთ, რომ ქურდულ სამყაროს მფარველობს „ოცნების“ ხელისუფლება?
- ნაციონალური მოძრაობა არის მეორე უკიდურესობა, რომელიც ყველა თავის ოპონენტს აცხადებდა კრიმინალად და შავი სამყაროს წარმომადგენლად, რის გამოც მოხდა მარგინალიზაცია ამ პროპაგანდის. მე არ ვამბობ, რომ პოლიტიკური ოპონენტები უნდა იქნენ შერაცხული შავი სამყაროს წარმომადგენლებად. თვითონ შავი სამყაროს მიმართ დაუნდობელი უნდა იყოს ბრძოლა და ამას პოლიტიკური კონტექსტი არ უნდა ჰქონდეს. ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად ქურდებს ებრძოდა, თუმცა, თუ სჭირდებოდათ, ისინი ქურდებთან თანამშრომლობდნენ.
- ნაციონალები?
- დიახ და უამრავი ფაქტის მოყვანაც შემიძლია. სწორედ ამიტომ იყო ის კამპანია არასრულყოფილი. არც დამსახურებას ვუკარგავთ. მათ კრიმინალი ნამდვილად შეამცირეს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ იყო თანმიმდევრული პროცესი. გვახსოვს გივი თარგამაძის ცნობილი მოლაპარაკებები ქურდებთან. იყო ამის ფაქტები, როდესაც ისინი კრიმინალს იყენებდნენ. განსაკუთრებით კი 2008 წლის საარჩევნო კამპანიაში.
- ნაციონალების დროს არ იყო იმ დოზის კრიმინალი, როგორც ახლა?
- რა თქმა უნდა. ეს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, შიშველი ფაქტია, რომ მაშინ დანაშაულის კლება მოხდა და ერთ-ერთ მინიმუმზე დავიდა საქართველოს ისტორიაში.
- რამდენად სახიფათო სიტუაციაა დღეს ამ კუთხით?
- მძიმე ვითარებაა. ჯერ ერთი, რომ დანაშაული საგრძნობლად გაზრდილია და კიდევ უფრო საშიშია ტენდენცია, როდესაც ქვეყანაში ორგანიზებული და დანაშაულებრივი ჯგუფები იქმნება, რომლებიც შეკვეთილ დანაშაულებს ასრულებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ან აღიკვეთება, ან თუ არ აღიკვეთება, ერთ წელიწადში ჩვენ აქ გვექნება ის სიტუაცია, რომ მხედრიონი დაბრუნდება ქვეყანაში.
- თუმცა ხელისუფლებისგან და მათი მხარდამჭერებისგან გვესმის შეფასებები, რომ სტატისტიკური მონაცემები არ მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში დანაშაულმა იმატა და რომ ოპონენტების მხრიდან ეს მხოლოდ პოპულიზმია...
- ამჟამინდელ სტატისტიკას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ სტატისტიკურ მეთოდოლოგიას. სტატისტიკა საქმეს ვერაფერს უშველის, იმიტომ, რომ საერთო სტატისტიკა შეიძლება იმგვარად იქნეს გამოყვანილი, რომ დანაშაულის კლება აღინიშნებოდეს. მთავარია, როგორ დაკვალიფიცირდება.
- საქმეების გადაკვალიფიცირება ხდება?
- როდესაც ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, იმ კვარტალში შს სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ იმ პერიოდში მკვლელობა საერთოდ არ მომხდარა. იმიტომ, რომ ის დაკვალიფიცირებულ იქნა, როგორც თვითმკვლელობა. ასეთი მანიპულაციების შედეგად შეიძლება შეცვალო ციფრები, მაგრამ ის, რომ კრიმინალი გაზრდილია, ბარნოვზე და აბაშიძეზე რომ სროლები ისმის და ყოველდღე გვამი გააქვთ კაფე-ბარებიდან, ამას ვხედავთ და გინდ ასახონ სტატისტიკაში და გინდ არ ასახონ. ყველამ ვიცით, რომ ეს არის ბოლო ორი-სამი წლის დამახასიათებელი მოვლენა.
- გვესმის შეფასებებიც, რომ ეს მართვადი პროცესია უმართავი პროცესების მისაღებად. ასეა?
- მე არ ვფიქრობ, რომ ეს მართვადი პროცესი იყოს. უბრალოდ, ხელისუფლება როდესაც არის შემრიგებლური და მიაჩნია, რომ ეს არ არის პრიორიტეტული, კრიმინალის გაძლიერება ხდება ხოლმე ასეთ დროს. როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე თავდამსხმელებიდან სამი დააკავეს, როდესაც ერთი მფლობელი მოკვდა, მეორე მძიმედაა დაჭრილი, არც ერთ მათგანს არ ედება ბრალად განზრახ მკვლელობა, ეს არის პირდაპირ წახალისება კრიმინალის! ეს არის ის, რომ პირდაპირ მოუწოდო კრიმინალს, მიდით, ითარეშეთ, ბიჭებო!
- რა პოზიცია უნდა დაეჭირა სამართალდამცავ ორგანოებს?
- ყველა მათგანს უნდა დაედოს ბრალად ბანდიტიზმი, მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა. სწორედ ეს იქნება მესიჯი კრიმინალებისთვის! თუ ხელისუფლება არ გამოფხიზლდა, ეს მიგვიყვანს უმართავ პროცესებამდე! ყველა თანხმდება იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლების დეფიციტი იგრძნობა. ხალხმა არ იცის, ვინ პირველი პირია და ვინ მეორე. შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები პრემიერ-მინისტრთან შეხებაში არ არიან, ისინი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ემორჩილებიან. არანაირი მიღწევა არ აქვს ამ ხელისუფლებას. პირად საუბრებში თავადვე აღიარებენ, რომ მათი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ციხეებში პატიმრებს აღარ აუპატიურებენ! სხვა არანაირი პოზიტივი არ არის.
„რეზონანსი”, 02 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: „მინისტრმა გვითხრა, საქმის გასახსნელად ძალიან სერიოზული რესურსია გადასროლილი“
თიკო ოსმანოვა
“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. რაც შეეხება მოტივს, ამის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება და არც დაზარალებულის თანაპარტიელებს სურთ ამაზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი “თავისუფალ დემოკრატებს”, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და მათ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე გარკვეული ინფორმაცია დახურულ რეჟიმში გაუზიარა. შს მინისტრთან შეხვედრიდან “თავისუფალი დემოკრატები” კმაყოფილები გამოვიდნენ, თუმცა პრესისთვის დეტალებზე ბევრი არაფერი უთქვამთ.
რაც შეეხება თავად პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სტაბილურია. პალატაში სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ, რის შემდეგადაც დაკითხავენ კიდეც. შს მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე და საქმის შესაძლო მოტივზე “რეზონანსი” პარტიის წევრ ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა მადილიერება გამოვხატო გიორგი მღებრიშვილისადმი, რადგან მყისიერად გამოგვეხმაურა და დაგვთანხმდა შეხვედრაზე. როგორც გვითხრა, ძალიან სერიოზული რესურსია გადასროლილი ამ საქმის დროულად და ეფექტურად გახსნის მიზნით. ჩემი აზრით, ამ საქმის რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია», – ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში ვიქტორ დოლიძე.
- რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება, რა გითხრათ მღებრიშვილმა?
- დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს. დეტალებს არც ჩავღრმავებივართ, თუმცა როგორც გვითხრა, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე ვისაუბრეთ საქმის გადაკვალიფიცირების თაობაზე და მინდა გითხრათ, რომ ექიმების დასკვნის, მიყენებული ჭრილობების და ყველა მასალის გათვალისწინებით მინისტრმა არ გამორიცხა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს. გახსოვთ ალბათ, რომ პეტრიაშვილს მუცლის არეში სერიოზული ჭრილობა ჰქონდა და მეორე დღეს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა. ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება, თუ ასე მოხდება.
- პეტრიაშვილმა ვერცერთი თავდამსხმელი ვერ ამოიცნო. საუბარი იყო, თითქოს ეს დაკვეთილი დანაშაული იყო. რა გითხრათ ამასთან დაკავშირებით მღებრიშვილმა?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმის მოტივზე და ვითარებაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. საქმის ძალიან ღრმა განხილვა შეხვედრაზეც არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მოდით, ეს თემა ჯერჯერობით ღია დავტოვოთ.
- დაიკითხა თუ არა ბიზნესმენი სოსო დოლიძე?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა, გავაკეთო კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რაზეც ინფორმაცია არ მაქვს.
- თავად პეტრიაშვილს თუ ესაუბრეთ, რას უკავშირებს მომხდარს?
- საერთოდ მოტივაციასთან დაკავშირებით არ მინდა, რომ რაიმე ვთქვა, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ეს, ჩემი აზრით, არასწორი იქნება.
- როგორ ფიქრობთ, მღებრიშვილის უწყება მოახერხებს საქმის ცხელ კვალზე გახსნას?
- იმედი მაქვს, საქმე მალე გაიხსნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
„ალია“, 02-04 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რატომ აფასებენ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრას მკვლელობის მცდელობად? რატომ არ შეხვდა ნარმანია მეტროს თანამშრომლებს? რა შეიძლება მოჰყვეს ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას? ვინ გვატყუებდა, კალაძე თუ „სოკარი“?
ნინო ლაბარტყავა
„ალიას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეესაუბრა:
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა თეა წულუკიანი ზეწოლაში დაადანაშაულა – ხელისუფლებასთან გარიგებას მთავაზობდა და უარი რომ ვუთხარი „დამბრაკაო“. წულუკიანი ამბობს, ზღაპრებს ყვებაო. რაში სჭირდებათ ეს კინკლაობა, სასამართლო რომ დაჭაობებულია, ამაში ახალია რამე?
- ის, რომ პოლიტიზებულია სტრასბურგში მოსამართლის გაგზავნა, ეს ვინმესთვის საიდუმლოებაა? არის ზეწოლა, მაგრამ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა გაკეთდეს, როგორ შეიძლება მართლა დამოუკიდებელი მოსამართლეების საქმიანობა, რომ მართლა გაუძლოს ზეწოლებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება სტრასბურგში ჩვენი მოსამართლე, რადგან უკვე ქართველმა საზოგადოებამაც ისწავლა სტრასბურგის გზა, სარჩელების გაგზავნა. არც ერთი ხელისუფლება, თუ მას ამის საშუალება მიეცა, გულხელდაკრეფილი არ უყურებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. დღეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ნული მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს საზოგადოება ისევე, როგორც ნული მნიშვნელობა ჰქონდა ამას სააკაშვილის დროს. მგონია, რომ „ოცნება“ ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ, არ გაუწიონ ანგარიში საზოგადოებრივ აზრს, ახლა სხვა სიტუაციაა. სტრასბურგში ვინც არ უნდა გაგზავნო, თეთრ ყვავად გამოჩნდება და თავისი კოლეგების წინაშე სახის შენარჩუნება მაინც მოუწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც წავა ის, ვინც ხელისუფლებას აწყობს.
- ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე საუბრები არ ცხრება. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლად უნდა გადაკვალიფიცირდესო. სხვები პირიქით, მოკვლა არ უნდოდათ, არასასიკვდილო ჭრილობები განზრახ მიაყენეს, დასაჯესო. რა ხდება სიტუაციას აბუქებენ?
- აქ უკვე ძალიან რთული პრობლემაა, რადგან შეიძლება, ვთქვათ, სიკვდილი გამოიწვიოს სულ უბრალო ჭრილობამ. ბატონ პეტრიაშვილს რაც შეეხება: ეს ხომ ტირი არ იყო, სადაც სამიზნეს ესვრი, არა? იქ შეიძლება ვინმე მოსულიყო, ვიღაცას დაენახე, პოლიცია გამოჩენილიყო და მაინც ხუთჯერ ესვრი ადამიანს. ერთი ტყვიის ამოღება ქირურგმა ვერც გარისკა, ღვიძლთან ახლოსაა, სხეულში ჩარჩაო და ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტორია. გადაკვალიფიცირდება თუ არა, ეს ფაქტი ხელისუფლებას ღირსებას არ მატებს, როდესაც დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში ასეთი რაღაც ხდება… საერთოდ, როდესაც ქილერი დანაშაულს სჩადის, იმას უკან დახევის გეგმაც გათვლილი აქვს და ჩქარა-ჩქარა ხუთჯერ რომ ისვრის ადამიანი, რა გარანტია ჰქონდა, რომ იგივე პეტრიაშვილი ან პოზას არ შეიცვლიდა, არ ჩაიღუნებოდა და ფეხის ნაცვლად ის ტყვია მუცელში არ მოხვდებოდა? ამიტომ ეს უკვე სადავო საკითხია. გარდა ამისა, ხომ ხედავთ, ხელისუფლებაც უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება საკითხი. ღმერთმა დაგვიფაროს თქვენც და მეც, მაგრამ ჩვენს რომელიმე ახლობელზე რომ მოხდეს ასეთი თავდასხმა, როგორ ფიქრობთ, პრემიერი ან თქვენ მიგიღებთ, ან მე? ან მინისტრი მოიცლის შესახვედრად?
რიგით მოქალაქეს რომ ეს დაემართოს, ყველაზე დიდი, იმ რაიონის პოლიციის უფროსის რომელიმე მოადგილე დაელაპარაკება და პირობას მისცემს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი, ესეც ფაქტია. რა, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლე? დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას სიცოცხლეს ერთი ფასი აქვს.
- თბილისის მეტროს მემანქანეებმა მერიას პირობების შესასრულებლად სამი კვირა მისცეს და გაფიცვისთვის ემზადებიან. არა და, სამართლიანი მოთხოვნები აქვთ, დავიტ ნარმანიამ კი, ისე, რომ არც დალაპარაკებია ამ ხალხს, მერიას არ აქვს ხელფასების მომატების რესურსიო, თქვა. იმდენს რატომ არ ფიქრობს, რომ მართლა შეიძლება შეწყდეს მეტროს მუშაობა და თბილისში ქაოსი შეიქმნას?
- (იცინის) მერის ერთი სწორი გამონათქვამი მითხარით, რომელია. გეცოდინებათ, ძველი გვარდიის ოფიცრებში „რუსკაია რულეტკა“ იყო, ბარაბანში ერთ ტყვიას ჩადებდნენ და მიიდებდნენ შუბლზე, გაისვრიდნენ. თბილისის მერი, მე მგონი, თავის თავს ეთამაშება ამ „რუსულ რულეტკას“ და თითოეული ტყვიის ნაცვლად დებს ასეთ სისულელეებს „ბარაბანში» და უყურებს, რომელი სისულელე იქნება მისთვის პოლიტიკურად მომაკვდინებელი, მაგრამ უმართლებს, რადგან ივანიშვილი თვლის, მერის სისულელეების რესურსი კრიტიკულ ზღვარამდე ჯერ კიდევ არ მისულა. სამაგიეროდ, ხომ აქვს იმის ფული მერიას, რომ მისი მეგობარი პროკურორის შვილი გაუშვას საფრანგეთში?
ძაღლი იყოს «ნაციონალების» მადლიერი, მაგრამ თქვენ, ალბათ, გახსოვთ, როდესაც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა (გვარი აღარ მახსოვს) ბესო ჯუღელს რაღაც დახმარება გამოუწერა და პრესამ ხმაური ატეხა, სააკაშვილმა ის მინისტრი ორ თვეში გაუშვა თანამდებობიდან. ახლა კიდევ ხმას არავინ არ სცემს მერს. მე აღარ მიკვირს ეს დავიტ ნარმანიასგან, მე ის უფრო მიკვირს – აი, დღეს დაღამდა და ნარმანიასგან სკანდალი არ არის. ვა, ეს როგორ, რა ხდება? ავად იყო ამ დღეს, ჩაკეტილი იყო, მარხვაზეა, თუ რას აკეთებდა ისეთს, რომ მთელი დღე ისე გავიდა, რაღაც სისულელე არ უთქვამს-თქო?
- ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას, ერთი შეხედვით ყოფიერი მიზეზი აქვს, ადგილობრივი მუსლიმანები საფლავისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ, მაგრამ იმასაც ამბობენ, უცხო ქვეყნის პროვოცირებულიაო. თქვენი აზრით, სინამდვილეში რა ხდება?
- ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე, ვთქვათ, მკვლელობები, დაჭრები, ჩვენი მერის სისულელეები… ეს, ერთი შეხედვით, უბრალო გაუგებრობა გადაწონის ყველაფერს, მაგრამ მე არ მიკვირს, იცით, რატომ? ვინ მუშაობს დღეს კონფესიების, რელიგიების წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებზე? ჩემ მიერ ათი წლის წინათ დიპლომატიური აკადემიიდან მოუსწრებლობისთვის, საგნების ჩაუბარებლობისთვის გარიცხული სტუდენტი. იცით, როგორ არის? ახლა რომ ჩავერიოთ, უფრო გამწვავდებაო და თითქოს, ელოდებიან, როდის გადაიზრდება ეს გამოწვევა კრიზისში და გადაიზრდება კიდეც. ხომ ხედავთ, რა ხდება? თითქოს, მიიჩქმალა, მაგალითად, გურიაში რაღაც მეჩეთი უნდოდათ, მოსახლეობა შუაზე იყო გაყოფილი და კინაღამ ხე ლჩართული ბრძოლა გაიმართა. რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო
დაპირისპირების კიდევ რამდენიმე ფაქტი მოხდა უახლოეს პერიოდში და ეს ძალიან საშიში პროცესია. მთელი თაიგულისთვის ეგღა გვაკლია ახლა, რელიგიური დაპირისპირება. ჩვენი პრობლემების თაიგულს ერთი დიდი წითელი, სისხლისფერი ვარდი ეკლდა… მე როგორც მითხრეს, მართლა მეჩეთის აშენებას აპირებენ იქ და არც არის გასაკვირი. ევროპაში ასეაო, ჩვენც ევროპისკენ მივდივართო… და ისე, რითი მივდივართ? ერთი: პიდარასტების აღლუმები უნდა იყოს თავისუფლად; მეორე: ყველა სოფელში თუ ხუთი მუსლიმანი ცხოვრობს, მეჩეთი უნდა ავუშენოთ. აი, ეს არის ევროპა ამათთვის და არავითარი ის ფასეულობა და ღირებულება, რომ იყოს თავისუფალი სასამართლო, რომ არ იყოს ნეპოტიზმი, მერი ჭკვიანი იყოს და სისულელეებს არ აპრუტუნებდეს, ეს მეათეხარისხოვანია ამათთვის.
- აზერბაიჯანი მოგვაწვდის გაზის იმ რაოდენობას, რასაც კალაძე „გაზპრომს“ ევაჭრებოდა. ადრე აზერბაიჯანელებმა თქვეს, ვერ მოგაწვდით, ამის ტექნიკური საშუალება არ გვაქვსო. ახალი მილსადენი არ აუშენებიათ და ვინ გვატყუებდა - კახა კალაძე თუ «სოკარი“?
- ჩემი აზრით, ალიევმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება რეალობის გათვალისწინებით: პოლიტიკური დივიდენდი ამჯობინა ფინანსურ მიზანშეწონილობას. ვინაიდან დღეს აზერბაიჯანი და თურქეთი ერთ უღელში შებმული ორი გაერთიანებული პოლიტიკური ძალაა და არც თურქეთს, არც აზერბაიჯანს არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ კი არა, გაგონებაც არ უნდათ „გაზპრომის“ და რუსეთის გაძლიერება ამ რეგიონში, ვინაიდან ხვალ-ზეგ რა ფორმებს მიიღებს რუსეთთურქეთის დაპირისპირება, ეს არავინ იცის. ალიევი თავის მოსახლეობას გაუძვირებს გაზს, კიდევ რომელიღაც თავის რეგიონს, ან გარე კლიენტს მოაკლებს გაზს, მაგრამ არ დაუშვებს, რომ მისი ჩანაცვლება, თუნდაც პატარა სეგმენტით, მოხდეს „გაზპრომის» მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ მეორე ინტრიგნული საკითხია აქ: როდესაც კალაძემ თქვა, მატერიალურად, ფინანსურად ჩვენ უფრო მომგებიან მდგომარეობაში ვიქნებითო, ეს აისახება ტარიფზე? თუ ჩვენს ენერგეტიკის სამინისტროს მეტი ფული რჩება და გაზს უფრო იაფად ვიღებთ, ვიდრე, ვთქვათ, უნდა მიგვეღო, აისახება ეს თუნდაც კაპიკებით საწყალი ხალხისთვის გაზის ტარიფზე?
„ალია“, 02-04 მარტი, 2016 წელი
რას ელოდება და რა საქმეებს გადააყოლებს კახა კალაძეს ბიძინა ივანიშვილი?
ნინო სამხარაძე
ახალი პოლიტიკური სამიზნე ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახი კალაძე ხდება. ბიძინა ივანიშვილი რომ კახი კალაძის საქმიანობით უკმაყოფილოა, ამაში „ალიას“ სანდო წყარო რამდენიმე თვის წინ არწმუნებდა, განსაკუთრებით კი, კახი კალაძის დაუცხრომელი ბიზნესმადა ყოფილა ივანიშვილისთვის მიუღებელი და მას კალაძისთვის უთქვამს კიდეც, – გეყოფა, კახი, ნუ გადაგვაყოლე ამ შენს ბიზნესინტერესებს, შენს ჰესებს, დაოკდი, თორემ ამქვეყნად მარადიული არაფერია, მათ შორის, არც შენი თანამდებობაო. კახი კალაძემ „გაზპრომთან“ წამოწყებული, სკანდალად ქცეული მოლაპარაკებები დათმო, მას საჭე ბაქოსკენ ააღებინეს. აღმოჩნდა, რომ „სოკარს“ შეუძლია საქართველო უზრუნველყოს იმდენი გაზით, რამდენსაც ქართული მხარე „გაზპრომისგან“ ელოდა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ, რაც კოალიციაში გაირკვევა „რესპუბლიკელების» და „მრეწველების“ ბედი, შემდეგი გასარკვევი საკითხი იქნება კალაძის თემა, რომელიც, როგორც ამბობენ, სახიფათო თამაშებშია შესული და „ნაცმოძრაობის“ ბიზნესმენებისა და მათი ბიზნესების გადარჩენით არის დაკავებული. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ „ყველაზე მთავარი“ დუმს. ამ დროს, კალაძე, რომელიც დამოუკიდებელ თამაშს დიდი ხანია თამაშობს, სიებიდან დაწყებული, ბიზნესებით დამთავრებული, ერევა ყველგან და ყველაფერში. ბევრი მას ახასიათებს, როგორც არასანდო პარტნიორს, „გადამგდებს“ და მხოლოდ მათთან ურთიერთობს, ვინც მის პირად ინტერესებში შედის. თუკი კალაძე ვერ ხედავს საკუთარ ბიზნესს ან პარტიულ ინტერესებს, არავის ინდობს და ერთი ხელის მოსმით ანადგურებსო.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, უკვე ბევრ რამეზე საუბრობენ. იმ პერიოდში კალაძე დაინტერესებული იყო, პრემიერის პოზიცია დაეკავებინა. რეალურად კალაძე და ღარიბაშვილი ერთმანეთს ბევრ სხვა საკითხთან ერთად უპირისპირდებოდნენ „ნაცმოძრაობის» ბიზნესმენების მფარველობის გამო, რასაც კალაძე ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან წარმატებით ახერხებდა. როგორც ამბობენ, მან შეძლო და „ნაცმოძრაობის» ბიზნესები გადააფორმა მის ახლობლებზე, მათი კვალი გააქრო, მაგრამ რეალურად, კვლავ ის ადამიანები რჩებიან იმ ბიზნესების პატრონებად.
კონკრეტული მასალები არჩევნების წინ კომპრომატებად გამოქვეყნდება და კალაძის მიმართ დაგროვილი პრეტენზიები ფართომასშტაბიანი აქციის სახეს მიიღებს. რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი, რომელმაც თავისი აქციებით „ნაციონალებს» ლამის სისხლი გაუშრო და ოფისში მისვლა შეაძულა, ახალ სამიზნედ კახა კალაძე დაიგულა. ორიოდე დღის წინ ის „ფეისბუქზე“ წერდა: „იცით, რა ხდება „ოცნებაში“? კალაძის პარადია… პარადნოი კი მისი ნათესავები, ზოგი უდიპლომო, ზოგი უქნარა, ზოგი – კრიმინალი. მე ვესაუბრე ახალგაზრდებს, რომლებმაც 4 წელი ოფლი ღვარეს, შეაკვდნენ „ნაციონალებს“ და რა მიიღეს? მოვიდა კალაძის სანათესაო და ჰაიდა, პაშოლ… თვითონ კალაძე კი დაეპატრონა „ნაცების“ ბიზნესებს, მათ შორის – შარანგიების „ენერგოპროჯორჯიას“ და აგერ, „ტოპ-50“-ში ყველაზე იმიჯნოი და სტილიაგა მაჩოს ელფერით იწონებს თავს. „ნარცისი“ და „დოლჩე-გაბანას“ საცვლების სახე იყავი და დარჩები სულ, ჩვენ კი „თავისუფალი თაობა“ გიცხადებთ ომს და ვიწყებთ შენი ბიზნესების მხილებას, შეჭამე საქართველო, „ნაცების“ გზის გამგრძელებელო, „ნაცების“ და კრიმინალების შნირო, ამდენ ხანს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო ვიკავებდით თავს, თუმცა, როგორც ვატყობ, ზღვარს გადახვედი. P.შ. შენ დაანგრიე ყველა იდეალი იმისა, რატომ გქომაგობდათ საქართველო „ოცნებას“, შენ ბოლო მოუღე ღარიბაშვილს და ეხლა ფრთებგაშლილი დაეპატრონე ყველაფერს. შენ ჩვენი ოცნება არ ხარ…“.
ლადო სადღობელაშვილს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა, რომელიც ამ ბოლო დროს, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ასტრონომიიდან გასტრონომიამდე ყველა თემაზე კომენტარს აკეთებს და თავდაცვის მინისტრისთვის შეუფერებელი განცხადებებით გამოდის: „ეს ის ბუმერანგია, რომელიც მუდამ უკან ბრუნდება. გუშინ მე ვიყავი პროგრამაში, დღეს – კახი. აქ არ გაჩერდება. ეს აქლემი ჭიშკარ-ჭიშკარ ჩამოივლის, მისმა პატრონებმა თუ ფსევდოპატრონებმა ყველამ ერთად მიხედეთ, რა დღეშია, დაილია კაცი ვედრებით. ხოდა, კიდევ პროკურატურას ოფიციალურად საჯაროდ მივმართავ, საჯარო განცხადებებზე მათი სენსიტიურობის მჯერა და ამიტომ, იქნებ დაინტერესდეთ და გაარკვიოთ, რა იცის ამ კაცმა. ისეთ განცხადებებს აკეთებს, პანკისში ტერორისტებიო და რა ვიცი, რა ვიცი, სულ არ მაინტერესებს, რამდენ სიბინძურეს გაისვრის ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შორს, თქვენი ბინძური ხელები ქვეყნისგან, ჯარისგან, თავდაცვისგან, სასაცილოც კი აღარ არის ეს ყველაფერი…“.
ქალბატონო მინისტრო, თუ თქვენთვის სასაცილოც აღარ არის ეს ყველაფერი, თუ სულაც არ გაინტერესებთ რამდენ სიბინძურეს გაისვრიან თქვენს წინააღმდეგ, პირველი – საკუთარ თავს ჯართან ნუ აიგივებთ, მინისტრები მიდიან და მოდიან და მეორეც, მუდმივად მიკვირს, როგორ ახერხებთ, ასეთი აქტიური იყოთ სოციალურ ქსელში და თითქმის ნებისმიერს უპასუხოთ განცხადებით. თუკი ლადო სადღობელაშვილი თქვენთვის არაფერს ნიშნავს, რატომ პასუხობთ მას, ისეთ საკითხში ხომ არ შეგეხოთ, რომელიც მტკივნეულია?!. რატომ არ დაინტერესდით, სადღობელაშვილმა ჯერ თქვენ რატომ ამოგიჩემათ და შემდეგ, კახი კალაძე და თქვენ ორს რატომ გიკავშირებთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას? ან ერთმა და ან მეორემ, სად დაუშვით შეცდომა, იქნებ თქვენი ახირება და ინტრიგები იყო ის, რომ პოზიციები შეუსუსტდა და საბოლოოდ, შემჭიდროებულ ვადებში გადადგა? ამ შემთხვევაში მუშაობს ბუმერანგის პრინციპი, რასაც გაისვრი, ის უკან დაგიბრუნდება.
ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკელებზე“ არანაკლებ უტეხს სახელს ენერგეტიკის მინისტრი, კალაძის წინააღმდეგ კამპანია ასე მარტივად არ დასრულდება და დადის ხმები, რომ ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს. თუმცა ირაკლისგან განსხვავებით, კალაძე ცბიერი და საშიშია, იგი ალბათ, არ გაუწევს ივანიშვილს ანგარიშს და არ ეტყვის, – „როგორც თქვენ მეტყვით, ბატონო ბიძინა“, „მადლობა, ბატონო ბიძინაო“, მას ყველგან აქვს ნიადაგი მოსინჯული. ყველაზე მეტი მხარდამჭერი კი „ნაცმოძრაობაში“ ჰყავს.
ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დასრულდება კოალიციაში დაწყებული დაპირისპირება. ზოგიერთ ჭკუასუსტ პოლიტიკოსს რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ, – კოალიცია ეკლექტურია და ასეთი შეცდომები ხშირიაო, მაგრამ ეს არ არის შეცდომა. ეს არის ბრალდებების ნიაღვარი და წარმოუდგენელია თოფაძის „მრეწველებისა» და „რესპუბლიკელების“ ერთ კოალიციაში ყოფნა, მას შემდეგ, რაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ და ერთმანეთი არ დაინდეს, როცა თავდაცვის მინისტრს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელ და არჩევნების გამყალბებელს უწოდებ, ეს არის უმძიმესი რას ელოდება და ბრალდება, რაც შეიძლება პოლიტიკოსს დააბრალო. განა უღირდა კი შუალედური არჩევნები თავდაცვის მინისტრს ამხელა აჟიოტაჟად?!. უსუფაშვილმა თავისი ცოლის საქციელის გამართლება სცადა, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან მართლები არიანო. დაელოდე გამოძიების შედეგებს, სად მიაჭენებ?
ამ კვირაში დაგეგმილია პოლიტსაბჭოს ჩატარება, სადაც „რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“, სავარაუდოდ, ერთმანეთში რინგს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების» სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ორივე მხარე თანაბრად დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ ერთმანეთისადმი დისკრედიტაციული განცხადებების კეთება შეწყვეტილიყო, ეს არც გოგი თოფაძემ გაითვალისწინა და არც ხიდაშელმა. „მრეწველთა“ ლიდერი არა თუ არ დაოკდა, უფრო შორს წავიდა და „რესპუბლიკურ პარტიას“ ადანაშაულებს, რომ მათ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სურთ საქართველოში, მმართველი გუნდის მთავარი შეცდომა კოალიციაში «რესპუბლიკური პარტიის“ არსებობაა, კოალიციას მართავენ „რესპუბლიკელები“, მათი პრეტენზიები და ამბიციები ვერც კოალიციამ ვერ დააწყნარა, არიან ამბიციურები, სურთ ყველაფერში თავისი გაიტანონო.
გოგი თოფაძე უკან არ დაიხევს, „რესპუბლიკელები“ კვლავ შანტაჟის გზით მიდიან, ყველაზე მთავარი არბიტრი – ბიძინა ივანიშვილი დუმს, ის არ ჩქარობს ვერდიქტის გამოტანას, არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა და ვიდრე საგაზაფხულო სესია არ ამოიწურება, არ არისგამორიცხული, უფრო დიდიდაძაბულობის მომსწრენი გავხდეთ და პარლამენტის დახურვის შემდეგ ივანიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რაც შესაძლოა, „რესპუბლიკელებისთვის: საზიანო აღმოჩნდეს. მერე რა, რომ ივანიშვილი წლების მანძილზე მათ იცავდა, ბევრს გაუჩინა შეგრძნება, რომ იდეოლოგიით თავად ივანიშვილი არის „რესპუბლიკელი“, მთავარია, ხვალ რა მოცემულობა იქნება, ეს არავინ იცის და ამ ბოლო დრო ივანიშვილს კიდევაც უთქვამს: „ტყუილად მაშანტაჟებთ, თქვენი პროდასავლურობით. მსოფლიო გეოპოლიტიკური მდგომარეობა ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ შეიძლება ხვალ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა ქვეყანას ძვირად დაუჯდეს“.
და მაინც, ყველაფერი იმ „ერთი კაცის“ გადასაწყვეტია, რომელიც ყველაზე უკეთ გრძნობს, რა დროს რა კონფიგურაციით იხელმძღვანელოს, ვინ გაიყვანოს პოლიტიკური ავანსცენიდან და ვინ შემოიყვანოს. ყველა დანარჩენი ხომ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები არიან. ამ საჭადრაკო დაფაზე კი მხოლოდ ის „ერთი კაცი“ თამაშობს.
„რეზონანსი”, 02 მარტი, 2016 წელი
კახა კალაძე VS “გაზპრომი” – რას დაკარგავს საქართველო
“მთავარია, რომ “გაზპრომთან” ახალი პირობები არ იყოს იმაზე უარესი, რაც გვქონდა“
ელზა წიკლაური
ენერგეტიკის სამინისტროსა და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დასრულდება და თანაც “საქართველოსთვის სასურველი შედეგით”. როგორც კახა კალაძე აცხადებს, საბოლოოდ “მივიღებთ, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ქვეყანას”. საქართველოსთვის მისაღები კი არსებული სტატუს-კვოს მეტ-ნაკლებად შენარჩუნება იქნება.
ენერგეტიკის მინისტრსა და “გაზპრომის” ხელმძღვანელ პირებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა უშედეგოდ. სომხეთისკენ გატარებული გაზისთვის ხელსაყრელი სატრანზიტო საფასურის დადგენასთან დაკავშირებით ბოლო შეხვედრა 19 თებერვალს ვენაში გაიმართა, მაგრამ ისიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ბოლო შეხვედრაც რომ უშედეგო იყო, ეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა დაადასტურა, თუმცა იქვე დასძინა, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკება “იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება”.
“ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგნი გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა. აქამდე არსებული ვარიანტი გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა მისაღები ჩვენთვის. პრინციპულად არ ვეწინააღმდეგებით თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას, მაგრამ გააჩნია რამდენი იქნება ეს თანხა”, – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა. ახლა კი ირკვევა, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება. “მალე ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება დარგს და ჩვენს ქვეყანას”, – აღნიშნავს კახა კალაძე. ეს განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა, სადაც “სოკარის” პრეზიდენტს შეხვდა. აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის უკვე მიღწეულია.
“მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი შეეხო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებს, როგორიცაა შაჰ-დენიზი. ასევე, მქონდა შეხვედრა “სოკარის” პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე, დამატებითი მოცულობის წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებას მივაღწიეთ და გაჩნდება შესაძლებლობა, რომ შაჰ-დენიზიდან წამოვიღოთ გაზის დამატებითი მოცულობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და “გაზპრომის” ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. შეხვედრებზე განიხილებოდა დამატებითი მოცულობით ბუნებრივი აირის შესყიდვა და სომხეთში ტრანზიტისთვის გაზის ნაცვლად, თანხის მიღება. კიდევ ერთი დეტალი, რაზეც შეხვედრაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ეს იყო “გაზპრომის” მიერ ტრანზიტისთვის გადახდილი 10% (საერთაშორისო პრაქტიკა ტრანზიტისთვის 5%-ს ითვალისწინებს). “გაზპრომი” კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოითხოვდა.
“გაზპრომიდან” დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის ყიდვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან აზერბაიჯანიდან დამატებით ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის მიღწეულია. დარჩა ტრანზიტის საფასური, რაზეც, როგორც კახა კალაძე აცხადებს, შეთანხმება მალე შედგება და “საქართველოსთვის სასურველი შედეგით”.
როგორი იქნება “საქართველოსთვის სასურველი შედეგი”, ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პირველ ენერგეტიკოსს განმარტება არ გაუკეთებია. სპეციალისტების თქმით კი, საქართველოსთვის მისაღები არსებული სტატუს-კვოს მეტ-ნაკლებად შენარჩუნება იქნება.
“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკება რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რა შედეგი გვექნება. ერთადერთი, ვიცით, რომ ყველაზე პრობლემური ტრანზიტის საკითხია და იმედია, დადებითად გადაწყდება. ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რამდენად და რა ფორმით მოახერხებს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ხელისუფლება. მთავარია, რომ ახალი პირობები არ იყოს იმაზე უარესი, რაც გვქონდა. სწორედ ესაა მთავარი ამოცანა.
რაც შეეხება დამატებითი გაზის მოწოდებას და საფრთხეს, რაზეც პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. როგორც ჩანს, ეს საფრთხე ამ ეტაპისთვის არ არსებობს. აზერბაიჯანი მზადაა, დამატებით მოგვაწოდოს ბუნებრივი აირი, შესაბამისად, რუსეთიდან ყიდვის საჭიროება აღარ არსებობს”, – განაცხადა ეკონომისტმა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ეს მოლაპარაკება “საქართველოსთვის სასურველი შედეგით” დასრულდება თუ არა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ენერგეტიკის სამინისტრო საბოლოო შეთანხმებაზე გაავრცელებს ინფორმაციას.