„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: დასავლეთი და საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბების საკითხი
„რეზონანსი“: პუტინის “ღამის მგლები” უკვე თბილისში არიან // რუსი ბაიკერების თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ადგილობრივ პრორუსულ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყოს
———————-
„ინტერპრესნიუსი“, 2 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: დასავლეთი და საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბების საკითხი
ინტერვიუში დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ჟურნალისტ კობა ბენდელიანთან საუბარში კომენტარს უკეთებს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემას – მთავრობის გადადგომას და ამ მოვლენას საგარეოპოლიტიკურ ჭრილშიც განიხილავს.
გთავაზობთ ამონარიდს:
შეკითხვა: ისევე როგორც სხვა მრავალი საკითხი, სამთავრობო ცვლილებების თემა აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელში. ევროპა-ამერიკის გულმხურვალე ოპონენტებისა და “რეპუბლიკელების” დაუძინებელი “მტრების” მტკიცებით, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, აშშ თავდაცვის უწყებაზე დაკარგულ კონტროლს დაიბრუნებს. მათივე მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ამას წინათ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს შორის შეხვედრა გაიმართა. თუ ამ ვერსიას დავუჯერებთ, გამოდის, რომ არც ღარიბაშვილსა და ივანიშვილს შორის ყოფილა საკმარისი კომუნიკაცია. ასე რომ არ იყოს, პრემიერი მხოლოდ ორი მინისტრის შეცვლას არ დაანონსებდა?
ზაალ ანჯაფარიძე: შეთქმულების თეორიებს თუ გავყვებით, შეიძლება დავუჯეროთ ამ ვერსიის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დამთხვევები რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა, იძლევა გარკვეული ვარაუდების საფუძველს. იქედან გამომდინარე, რომ დასავლეთში მათი ფავორიტ ალასანიას გაშვებასა და ჯანელიძის დანიშვნას ნეგატიური რეაქცია ჰქონდა, რასაც დაემატა ისიც, რომ მინისტრად მოკლე პერიოდში საქმიანობისას ჯანელიძემ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, როგორც ჩანს, ის დასავლეთის მიერ ვერ იქნა მიჩნეული ისეთ საიმედო პარტნიორად, როგორც მისი წინამორბედი. არ გამოვრიცხავ, რომ მასთან დაკავშირებით დასავლეთიდან ყოფილიყო გარკვეული მინიშნებები. ვგულისხმობ იმას, რომ ჯანელიძის მინისტრობა არ იყო იმის მადემონსტრირებელი, რომ ქვეყანას დასავლური კურსი აქვს. შესაძლოა, ეს კიდევ უკავშირდებოდეს თავდაცვის საჰაერო სისტემის შეძენასთან დაკავშირებულ ინციდენტს. ჩვენ ხომ არ ვიცით, იქ რეალურად რა და როგორ მოხდა. როგორც მერე გაირკვა, ამ საქმეში ჯანელიძის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. შესაძლოა, ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა ის გადაწყვეტილება, რაც მასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.
რაც შეეხება ღარიბაშვილსა და ივანიშვილს შორის არასაკმარის კომინიკაციას. უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს საკმაოდ დაძაბული დამოკიდებულება, რაც ჩამოყალიბდა ღარიბაშვილსა და ხიდაშელს შორის ჯერ კიდევ კოალიცია “ქართული ოცნების” შექმნის საწყის პერიოდში. იქიდან მოყოლებული ისინი მუდამ დისტანცირებული იყვნენ ერთმანეთის მიმართ. მათ აქვთ საკმაოდ სერიოზული განსხვავებები ფასეულობითი და მსოფლმხედველური კუთხით. ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ღარიბაშვილის მხრიდან საკუთარი გუნდის წევრად ხიდაშელის დასახელება რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოულოდნელი იყო. დიდი ალბათობით ღარიბაშვილს ეს გადაწყვეტილება უბრალოდ უკარნახეს. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვინ და საიდან, მან კი დირექტივა მორჩილად შეასრულა.
შეკითხვა: ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ჩნდება კითხვები. გასაგებია, რომ თავდაცვის მინისტრი სამოქალქო პირია, მაგრამ უცნაური სხვა რამაა – თუ ამერიკელები ჯანელიძეს ბოლომდე არ ენდობოდნენ და ქვეყნის ატლანტიკური არჩევანისთვის იგი მიუღებელი იყო, მისი პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეობა შესაძლებელია და საფრთხეს არ წარმოადგენს?
ზაალ ანჯაფარიძე: მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ჯანელიძე დათანხმდება თუ არა შეთავაზებას. მეორეცაა, უსაფრთხოების საბჭო კონსულტაციურ ორგანოს წარმოადგენს და ფართო ფუნქციები არ აკისრია. არ გამოვრიცხავ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი უსაფრთხოების საბჭოს მდივნობას დათანხმდა, ეს მისთვის დროებითი თანამდებობა იქნება და მას ამ თანამდებობიდან მშვიდად გაისტუმრებენ.
„რეზონანსი“, 02 მაისი, 2015 წელი
პუტინის “ღამის მგლები” უკვე თბილისში არიან
რუსი ბაიკერების თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ადგილობრივ პრორუსულ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყოს
თეა ბეჟიტაშვილი
(შემოკლებით)
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის “ღამის მგლების” წევრები უკვე თბილისში არიან. ეს ინფორმაცია “რეზონანსს” რამდენიმე თვითმხილველმა დაუდასტურა. რუსი ბაიკერები შენიშნეს კოლმეურნეობის მოედანზე, ასევე ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე. გარდა ამისა, გუშინ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთმა წევრმა ფარნაოზ ჭკადუამ რუს ბაიკერებთან მისი შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და თან ფოტოც დაურთო.
“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვიცოდით, რომ პუტინის ძმაკაცებად ცნობილმა ბაიკერებმა გადმოლახეს ლარსის გამშვები პუნქტი. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდით, ქალაქის მასშტაბით გვენახა მათი კოლონა… კოლმეურნეობის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ გადავაწყდით… საკუთარი დანით დავაჭრევინეთ ეს ლენტები და ავუკრძალეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ლენტის გამოყენება…”, – დაწერა ჭკადუამ.
აღნიშნული ფაქტი “რეზონანს” კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემაც დაუდასტურა. როგორც კვახაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ის ამ ფაქტს თავად შეესწრო. “კოლმეურნეობის მოედანზე გეორგიევსკის ლენტიანი სამი ბაიკერი იდგა. ახალგაზრდების ჯგუფმა ლენტი წაართვეს. თავიდან მათ უთხრეს, რომ ამ ნიშნის გამოფენა აკრძალულია, მათ კი უპასუხეს, რომ ჩვენი ბაბუები ერთად იბრძოდნენ და ეს ჩვენი გამარჯვებააო. ქართველმა ახალგაზრდებმა უთხრეს, რომ თავად ამ ბაიკერებთან პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ეკავათ გეორგიევსკის საოკუპაციო ლენტი, რითიც კლავენ ჩვენ ძმებს უკრაინაში, ცხინვალში, აფხაზეთში და სხვაგან, ამიტომ საქართველოში ამის ტირაჟირება არ შეიძლებაო. ამის შემდეგ აქტივისტებმა ბაიკერებს ლენტები ჩამოართვეს, თუმცა, თავად ბაიკერებმა თავისივე ხელითვე მოიძრეს ეს ლენტები და იქვე გაანადგურეს.
“ღამის მგლების” მთავარი ბაიკერები ევროპისკენ მიემართებიან, ტამბოვში მათი ფილიალის ბაიკერები კი ტურნეს კავკასიაში მართავენ. ისინი მოივლიან სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩრდილო კავკასიას და 9 მაისის სიმბოლურად დასრულებას თბილისში აპირებენ. მთავარი ჯგუფები ქალაქ ტამბოვიდან უკვე დაიძრნენ, ნაწილი კი უკვე შემოსულია”, – ამბობს ალეკო კვახაძე.
კავკასიოლოგის თქმით, თბილისში მათმა გამოჩენამ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს: “ეს ბაიკერები პირადად პუტინისა და რუსული სპეცსამსახურების პროექტია. ყირიმის ოკუპაციის დროს ისინი მოწინავე პოზიციებზე იდგნენ და სეპარატისტული და პუტინისტური იდეების ერთ-ერთი მთავარი გამტარებლები იყვნენ. სხვათა შორის, ეს ჯგუფი თავისი პოზიციებისა და პოლიტიზების გამო აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი.
“ჩვენს ქვეყანაში მათმა შემოსვლამ შესაძლოა დაპირისპირებაც გამოიწვიოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ის ადამიანი, ვისაც უბრძოლია ცხინვალში, აფხაზეთში და მათ შორის დაპირისპირება შესაძლოა ემოციურ ფონზე მოხდეს. მეორე მხრივ, პრობლემა ამ ბაიკერების ჯგუფის მხრიდან საქართველოში ოკუპაციის სიმბოლიკის ტირაჟირებაა. თუკი ასე მოხდა და ხელისუფლებამ მათ ხელი არ შეუშალა, ამან შეიძლება ისეთი პროცესები წარმოშვას, რომ მათი მხარდაჭერა ადგილობრივმა ჯგუფებმაც დაიწყონ. ქვეყანაში არსებობს ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი და მსგავსი ტიპის ორგანიზაციები და შესაძლოა მათმა ჩამოსვლამ ასეთი ორგანიზაციების გააქტიურება გამოიწვიოს, მითუმეტეს რუსი ბაიკერები სპეკულირებენ 9 მაისის თემით, რომ თითქოს ჩვენი ბაბუები სამამულო ომში ერთად იბრძოდნენო და ამიტომაც ჩვენ ერთი იდეა გვაქვსო, სწორედ ასეთ აზრებს ავრცელებენ. საქართველოში მათი მთავარი მიზანი ოკუპაციის სიმბოლოების ტირაჟირებაა”, – ამბობს ალეკო კვახაძე.
მისივე თქმით, რუსი ბაიკერების თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა ადგილობრივ პრორუსულ ორგანიზაციებთან შეხვედრა იყოს: “პრობლემა მათი ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა არ არის. თუ ისინი საოკუპაციო სიმბოლოების ტირაჟირებას მოახდენენ და რაც მთავარია, შეძლებენ ადგილობრივ პრორურუსლ ორგანიზაციებთან შეკავშირებას, შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების დასახვას, საქართველოს სპეცსამსახურებმა სწორედ ეს უნდა აღკვეთონ.
“ამას გარდა, უნდა აღიკვეთოს საოკუპაციო სიმბოლოების ტირაჟირება, მითუმეტეს, რომ კანონით ეს ისედაც აკრძალულია და არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების წამყვანი პირები იყვნენ”, – ამბობს ალეკო კვახაძე.
რუს ბაიკერებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას არ გამორიცავს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, რაიმე სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს.
“საინტერესოა, თუ ვისთან მოვიდა ეს ხალხი, ანუ ვინ დაპატიჟა. ალბათ ვიღაც მასპინძლობს და საინტერესოა, რომელმა ორგანიზაციამ აიღო ეს საკუთარ თავზე. ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც ისინი საქართველოში ადრე იყვნენ ჩამოსული, მაღალი დონის შეხვედრებით გაანებივრეს და იმედია, იგივე აღარ განმეორდება. იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემოსვლას უფრო პროვოკაციული ელფერი დაჰკრავს, გამორიცხული არ არის, რომ თუ ამ ბაიკერებმა პროვოკაციული ქმედებები დაიწყეს, ჩვენი მოსახლეობის მხრიდან თავის შეკავება ძნელი გახდეს და ამას შეიძლება გარკვეული ინციდენტებიც მოჰყვეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას გარკვეული ღონე უნდა ეხმარა, მაგრამ ხელისუფლება თვითონ არის არეული და არ მგონია, ამისათვის ჰქონდეთ დრო. თუმცა, სამინისტროები ხომ ადგილზე არიან და მათგან საჭიროა ყურადღება, რათა რაიმე სახის ინციდენტი არ მოხდეს”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.
(…)