globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 2nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის ქრონიკა“: რატომ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რღვევა ახლა და არა ცოტა ხნით ადრე, ან ცოტა ხნით გვიან? // აშკარაა, რომ ამერიკამ ფსონი „რესპუბლიკელებზე“ დადო

„კვირის ქრონიკა“: რა გეგმა აქვთ ამერიკელებს საქართველოში?!

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან: „სააკაშვილი რუსეთის და ამერიკის საერთო შვილია“

რეზონანსი: თინა ხიდაშელი საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვას ივნისის ბოლომდე გეგმავს

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: „საქართველოს ნატოსთან დაახლოების ყველაზე რეალური შანსი აქვს“

———————-

„კვირის ქრონიკა“, 1 ივნისი, 2015 წელი

რატომ დაიწყო ნაცმოძრაობის რღვევა ახლა და არა ცოტა ხნით ადრე, ან ცოტა ხნით გვიან?

აშკარაა, რომ ამერიკამ ფსონი რესპუბლიკელებზე დადო

ლევან ჯავახიშვილი

(ამონარიდი)

რატომ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რღვევა ახლა და არა ცოტა ხნით ადრე, ან ცოტა ხნით გვიან? ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. ამერიკელთა მხარდაჭერით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მეტად დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა.

აშკარაა, რომ ამერიკამ ფსონი „რესპუბლიკელებზე“ დადო და უპერსპექტივო სააკაშვილს მიბმული „ნაცმოძრაობა“ აღარაფერში სჭირდება. ამასთანავე, რეზერვში „თავისუფალი დემოკრატებიც“ ჰყავთ. შესაბამისად, პოლიტიკურ გვამებად რომ არ გადაიქცნენ „ნაციონალები“, მათ ერთადერთი გზა რჩებათ – სააკაშვილი და პარტია უნდა მიატოვონ და ამერიკის მსახურება მათ გარეშე განაგრძონ.

ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძემ სწორედ ეს გააკეთეს, სხვა არაფერი. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, საიდანაც წამოვედით, ისევ იქ მივალთ – „ნაცმოძრაობის“ რღვევა გაგრძელდება, 2016 წლის არჩევნებამდე ეს პარტია ვერ მიაღწევს, მაგრამ მისი ნასხლეტები, ყოფილი „ნაცები“ სხვადასხვა პარტიაში გაერთიანებულნი და ამერიკის პატრონაჟით, ერთიან კოალიციას შექმნიან. ამ პარტიებში კი აღარ იქნებიან ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არიან როლანდ ახალაია, კახა ბუცხრიკიძე და სხვები. გაემიჯნებიან იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იმხილებიან და შესაძლოა, ხვალ-ზეგ დაიჭირონ. ე.წ. სუფთა სახეები კი დარჩებიან პოლიტიკაში.

თუმცა, „ნაციონალებს“ ავიწყდებათ, რომ მათ ლიდერებში სუფთა არავინ არის – ერთი თუ დანაშაულს სჩადიოდა, მეორე ამ დანაშაულს დღემდე „აპრავებს“ და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ტერორზე, რასაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას ჰქონდა ადგილი საქართველოში. ქართველი ხალხი მათ საშინელ მმართველობას ვერ დაივიწყებს და „ნაციონალების“ „ასკოლკებს“ ვერანაირი რებრენდინგი ვერ უშველით.

„კვირის ქრონიკა“, 1 ივნისი, 2015 წელი

რა გეგმა აქვთ ამერიკელებს საქართველოში?!

ნორლანდს თავისი თავის ტკივილი აქვს, ანგარიში ხომ უნდა გაგზავნოს თეთრ სახლში? ნაცმოძრაობარომ ხელში შემოეშალოს, არ ეტყვიან, შენ თბილისში რისთვის ზიხარო? ვხედავ მეორე ვარიანტსაც

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. რაც მართალია, მართალია, ძალიან მაგრად პატრონობს ჯონ მაკკეინი თავის შვილობილად მონათლულ აგენტს. აი, რატომ შეუწყვიტა სააკაშვილმა „ნაცმოძრაობას“ დაფინანსება და რატომ გაეცალნენ პარტიას მამალი „ნაციონალები“. ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ახლა მას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს. იურისტების განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის საჭირო პროცედურები იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს. ეს არ ხდება ავტომატურად, მომზადდება დასკვნა, წარედგინება გიორგი მარგველაშვილს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასობაში უკრაინული „ვიკილიქსი“ აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილისა და სენატორ ჯონ მაკკეინის პირად მიმოწერას, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მაღალი დონის აფიორაშია ჩართული, სადაც ფიგურირებს იარაღიც და ფიფაში მიმდინარე მოვლენებიც.

რა მოხდა, რატომ შეცვალეს გეგმა ამერიკელებმა, რატომ შეუცვალეს სააკაშვილს სამარშრუტო ტრაფარეტი, სადაც „საქართველო“ აღარ წერია? როგორც დნეპროპეტროვსკის ოლქის ექსგუბერნატორი იგორ კოლომოისკი აცხადებს: „ახლა სააკაშვილი ჩააბარებს მოსკოვს ოდესას და მერე ჩვენ ბრძოლით მოგვიხდება მისი დაბრუნება“. აქ კოლომოისკი ცდება, კრემლი ჩაბარებულს არასოდეს აბრუნებს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არის რეალობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება:

- დავიწყოთ იქიდან, რომ „ნაცმოძრაობიდან“ რამდენიმე ადამიანი წავიდა… თუ სხვა ქვეყნებში ფული ბევრს ნიშნავს, ჩვენთან ფული ყველაფერს ნიშნავს. მე ადრეც გითხარი, „ნაციონალების“ ფინანსური წყარო უშრეტი არ არის-მეთქი. თუ უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, მთელ მსოფლიოში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას პრობლემები ეწყება მაშინ, როცა უწყდება დაფინანსება. გარდა ამისა, „ნაციონალები“ ხედავენ ერთ რამეს: ივანიშვილის ხელისუფლების რეიტინგი კი მცირდება, მაგრამ მათი არ იზრდება. თავიდან ეგონათ, თუ „ოცნებას“ ნდობა დააკლდება, ჩვენ მოგვემატებაო. ამ დღეებში სულ ვისმენ ჩვენი ე.წ. ექსპერტების გამოსვლებს, ახალი სატელიტური პარტია იქმნება „ოცნებასთან“ ერთადო. ეს ყველაფერი მიმაჩნია ზღაპრებად. უბრალოდ, „ნაცმოძრაობაც“ იყო ერთ კაცზე აგებული პარტია, ის ერთი კაცი წავიდა, ცოტა ხანს უკრაინიდან მართა, აფინანსა, ახლა სხვა რეალობა შეიქმნა და დაიწყო კიდეც პრობლემები. დე-გოლსაც ასე მოუვიდა, როცა წავიდა და სააკაშვილი გამონაკლისი იქნება?

- როგორც ჩანს, ნაცმოძრაობაშიიცოდნენ, რომ მიშა საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყოდა, მომავალ არჩევნებში აღარ იბრძოლებს და პავლეებმა თუ სავლეებმა ამიტომაც დაახვიეს.

- რასაკვირველია, იცოდნენ… ერთი პერიოდი იყო ინფორმაცია, თითქოს მიშა აპირებდა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერი გამოუვა და ხელი ჩაიქნია. ძალიან ძნელია, დაუსწრებლად მოხვდე პარლამენტში, მერე რაღაც თანამდებობაზე აგირჩიონ და ვინმემ ხელშეუხებლობის გარანტია მოგცეს. ეს გამორიცხულია, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს უკრაინაში სხვა პერსპექტივები აქვს. უკრაინელი ექსპერტების თქმით, თუ ოდესაში გაამართლა, ეს ტრამპლინი იქნება.

- რა ტრამპლინი იქნება, რას უმიზნებს?

- სააკაშვილი მაინც მიდის დიდ რისკზე, ოდესა ძალიან სპეციფიკური ქალაქია, ეს ყოველთვის იყო ქურდების ქალაქი.

- ჰოდა, ახლა მიხედავს მიშა ქურდებს.

- ჰო, ან მიხედავს, ან არა… გარდა ამისა, ოდესაში იყო ებრაული მენტალობა, ყველაფერს ებრაული რბილი ირონიით უყურებენ. მიშას ძალიან გაუჭირდება, მისი მოღვაწეობა ძალიან რთული იქნება. თუ ეს გამოცდა ჩააბარა, მაშინ გზა გახსნილი იქნება კიევისკენ. აქ არ არის ლაპარაკი პრეზიდენტობაზე, ან პრემიერ-მინისტრობაზე, მისი ჭერი იქნება ვიცე-პრემიერობა. უკრაინელი ნაციონალისტები მაგას პირველ პირად არასოდეს მიიღებენ. თუ ოდესაში რამე შეეშალა, ჩათვალე, რომ მისი კარიერა დამთავრებულია. აქ ერთი რამეა მთავარი, სააკაშვილი გამოდის რეალობიდან, ის მიხვდა, რომ უახლოეს მომავალში მისთვის აქ პერსპექტივა არ არსებობს. როგორც ჩანს, უკვე ადეკვატურად აფასებს მოვლენებს, არ გამართლდა „ნაციონალების“ იმედები. არადა, ოპოზიციისთვის ამაზე კარგი ფონი არ არსებობს – არეულია როგორც შიდა, ისე გარე სიტუაციები.

სხვათა შორის, ახლა აღმოჩნდა, რომ რიგის სამიტზე, საიდანაც ჩვენ ხელცარიელი გამოგვიშვეს, 7 ქვეყანას მისცეს ფარულად ვიზა-ლიბერალიზაცია. თანაც არ იკითხავ, ვის? ტუვალუს, ტობაგოს, ტრინიდადს, დომინიკელთა რესპუბლიკას და ასეთ ხურდა-მურდა ქვეყნებს. ტუვალუს მისცეს, რომელმაც თავისი აღიარება ხუთჯერ გაყიდა სამხრეთ კორეასთან, მერე იყო აფხაზეთის აღიარება, ამის შემდეგ აქედან მისცეს ფული ამერიკელებმა, უარი თქვეს და ასე შემდეგ. ამის შესახებ ჩვენმა მთავრობამაც იცის, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მიუხედავად ასეთი ფონისა, მიშას მაინც არ აქვს საქართველოში პერსპექტივა და რა ქნას ახლა, აქეთ „ნაცმოძრაობას“ ფული აყაროს და იქით კიდევ დონ კიხოტივით ირბინოს?

(…)

- რიჩარდ ნორლანდი ზურაბ ჯაფარიძეს შეხვდა, ეს არაფერზე მიგანიშნებთ?

- ფაქტია, რომ ნორლანდმა დაიბარა და რაღაც ინსტრუქციები მისცა. აქ აშკარად წავიდა რაღაც გადათამაშება და კიდევ მიდის დუღილი კულუარებში. ნორლანდს თავისი თავის ტკივილი აქვს, ანგარიში ხომ უნდა გაგზავნოს თეთრ სახლში? „ნაცმოძრაობა“ რომ ხელში შემოეშალოს, არ ეტყვიან, შენ თბილისში რისთვის ზიხარო? ვხედავ მეორე ვარიანტსაც – ნუ გამოვრიცხავთ, რომ მაგათ „ნაციონალებზე“ ხელი ჩაიქნიეს და „რესპუბლიკელები“ ჰყავთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც სჭირდებათ სარეზერვო ძალა. უახლოეს დღეებში უფრო გამოიკვეთება სიტუაცია და ვნახავთ, რა გეგმა აქვთ ამერიკელებს.

„ახალი თაობა“, 2 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან: „სააკაშვილი რუსეთის და ამერიკის საერთო შვილია

პეტრო პოროშენკომ საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნამ საქართველოში თითქმის ყველა საკითხი გადაფარა. გია კორკოტაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. რა შეურაცხყოფა მიაყენა მან ქართველებს, რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა, რა უნდა მოიმოქმედოს ღარიბაშვილის მთავრობამ? – იმ საკითხებზე „ახა თაობას“ „ქართული მისიის“ თავკაცი გია კორკოტაშვილი ესაუბრება.

– თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, რადგანაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩემს ქვეყანას და მის კანონებს პატივს არ სცემს. მისთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილზე საქართველოს ძებნა აქვს გამოცხადებული. ამის მიუხედავად, ის გუბერნატორად დანიშნეს. ამის უკან ძალიან ცუდ რამეს ვხედავ. მე არ ვიცი, შეგნებულად აკეთებს ამას თუ შეუგნებლად, ვიცი ის, რომ მას საქართველოსთან მიმართებაში ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. ბატონი სააკაშვილის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში ფაშიზმი სუფევდა. პოროშენკომ მართალია შეურაცხყოფა მოგვაყენა, მაგრამ ამის გამო უკრაინელებს ნუ გავუნაწყენდებით. ეს ხალხი მე დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის დანიშვნას არც ისინი უჭერენ მხარს.

საქართველოს ხელისუფლებამ ამის გამო უკან არ უნდა დაიხიოს და არაფრის შეეშინდეს. თუ ნამდვილი სახელმწიფოს აშენება გვინდა, მაშინ ხელისუფლებამ პოზიცია პირდაპირ უნდა დააფიქსიროს. ხმამაღლა უნდა გამოთქვან პროტესტი. უკრაინაში სააკაშვილის დასაკავებლადსპეცოპერაციას ვერ ჩაატარებენ, მაგრამ საპროტესტო ნოტა აუცილებლად უნდა გააგზავნონ.

საპროტესტო ნოტა რას შეცვლის? თავის დროზე მოსთხოვეს უკრაინის პროკურატურას მისი ექსტრადიცია, მაგრამ ტყუილად.

– ნოტის გაგზავნით არაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს თუ არ გაკეთდა, ხელისუფლება მოსახლეობის ნდობას დაკარგავს. 72 წლის ერეკლე მეფე პირადად ეტაკა მტერს, ამათ თავიანთი პოზიცია ვეღარ უნდა დააფიქსირონ? სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ხელისუფლება სათანადოდ არ იქცევა. რაღაცები არ მომწონს, მაგრამ მთელ ხელისუფლებას სისუსტეს და უუნარობას ვერ დავაბრალებ. მთავრობაში არის გუნდი, რომელსაც აშკარად სურს საქმის გაკეთება. აეთ ხალხს მე და ჩემი მეგობრები გვერდში დავუდგებით. ყველაფერი საქციელით განისაზღვრება. რაც შეეხება სააკაშვილის პროდასავლურობას, ამაში მე პირადად ეჭვი მეპარება. ეს კაცი ამერიკის და რუსეთის საერთო შვილია.

რატომ გგონიათ, რომ ამერიკის და რუსეთის საერთო შვილია?

– ნაციონალების მმართველბის 10-წლიან პერიოდში გამუდმებით დასავლეთის ქება და რუსეთის ლანძღვა გვესმოდა. არადა, სწორედ ამ პერიოდში დაითრია რუსეთმა ყველა სტრატეგიული ობიექტი. მნიშვნელობა არ აქვს, სად ან რა თანამდებობაზე დაინიშნება. ეს კაცი რჩება საქართველოს მტრად. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქ არეულობა მოაწყოს. ეს ყველაფერი კი მაგის მამებისგან, რუსეთიდან და ამერიკიდან მოდის.

ამ მამებმა ხომ არ გადაწყვიტეს მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა? შესაძლოა, პოროშენკოს არც არაფერი ჰკითხეს.

– არ გამოვრიცხავ, რომ ასეა, მაგრამ, ამით მე რა? ან საქართველოს მოსახლეობისთვის რა იცვლება? მის გუბერნატორად დანიშვნას ხელი პოროშენკომ მოაწერა. ის კაცი დანიშნა ოფიციალურ თანამდებობაზე, რომელიც ყველანაირი ხერხებით ებრძოდა საქართველოს. სააკაშვილი ის კაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა. მასზე ძებნაა გამოცხადბული და რაში მაინტერესებს, ვინ დაანიშნინა პოროშენკოს ის თანამდებობაზე. როგორც ზემოთ ვთქვით, ამ გადაწყვეტილებით მან საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა. ეს საკადრო ცვლილება შესაძლოა უკრაინას ძვირად დაუჯდეს. სანამ პოროშენკო და უკრაინა აზრზე მოვლენ, შესაძლოა, ოდესაც რუსეთს მიუერთდეს. მისი გუბერნატორობა ამით დამთავრდება. ამაზე მე კი არა, ამათი მხარდამჭერი კოლომიისკიც გაჰყვირის.

ამ არგუმენტს ჩვენი ხელისუფლებაც სიხარულით იზიარებს და ამათ რაღა უხარიათ?

– ვისაც დღეს რაიმე უხარია, დალაგებულწი ვერ არის. მართლა არ მესმის, რა უხარით ამათ? სააკაშვილი წავიდა, მაგრამ ამით საქართველოს რა ეშველა? ხელისუფლების საქმე მშიერი, გაუბედურებული და ნიჰილიზმში გადავარდნილი ხალხის მიხედვაა.

თუ მართლა უყვართ ქვეყანა, გადმოსხდნენ 120 ათასიანი ჯიპებიდან და ეს ფული სოციალურ პროგრამებს მოახმარონ. აი, მაშინ იქნებიან ვაჟკაცები. ამ ევროპას და ამერიკას რომ ეტენებიან, გადახედნ, იქ რა ხდება. ვინმე დადის ასეთი მანქანებით? იქ ხელისუფლების წარმომადგენლები ველოსიპედებით დადიან. ამათ კიდევ ჯიპებით მოინდომეს შეტენვა.

რეზონანსი“, 02 ივნისი, 2015 წელი

თინა ხიდაშელი საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვას ივნისის ბოლომდე გეგმავს

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)

ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვარშავის 2016 წლის 8-9 ივლისის სამიტამდე მისი საქმიანობის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა.

გაცნობითი შეხვედრის მთავარ თემას ვარშავის მომავალი სამიტი წარმოადგენდა და როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სწორედ ეს თემა იქნება ძირითადი მომავალშიც ნებისმიერ შეხვედრაზე, მომავალი წლის 9 ივლისამდე.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ საქართველო გადავიდეს ნატოსთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე”, – განაცხადა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ არსებით პაკეტთან დაკავშირებით ქართულ მხარეს დღემდე არ მოუსმენია და არც მომაცალში უნდა ველოდოთ ნატოს მხრიდან რამე პრეტენზიის, წუხილის ან ხარვეზის შესახებ განცხადებას.

“ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ეს პროცესი იყოს აბსოლუტურად უხინჯო, რათა ამან არ შეაფერხოს გადაწყვეტილების მიღება”, – აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრი ერთ კვირაში პარიზში გამართავს მოლაპარაკებებს, შემდეგ კი რამდენიმე ევროპულ დედაქალაქს ესტუმრება. ნატოს ოქტომბრის მინისტერიალისთვის გარკვეული კონტურები გამოიკვეთება. შეეხო რა საწვრთნელი ცენტრის განლაგების ადგილს, ხიდაშელმა განაცხადა, რომ არავითარ სამ ადგილზე არაა საუბარი, საქართველოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ეს გადაწყვეტილება ბრიუსელშია და საქართველო ელოდება ნატოს პასუხს.

გენერალური მდივანი სტოლტენბერგი წლეულს ჩამოვა საქართველოში და შესაძლებელია, რომ საწვრთნელი ცენტრის გახსნაც სწორედ ამ ვიზიტს დაემთხვეს.

რაც შეეხება საფრანგეთში საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვას, რაც ბოლო დროს ხელისუფლების მიმართ ბრალდების თემას წარმოადგენდა, მინისტრმა განაცხადა, მათი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შეიძლება ივნისის ბოლომდეც კი მოეწეროს ხელი.

ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ახლა მიმდინარეობს ტექნიკური პარამეტრების შეთანხმება, საფრანგეთში ვიზიტისას დაგეგმილია მისი შეხვედრა მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან.

რეზონანსი“, 02 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: საქართველოს ნატოსთან დაახლოების ყველაზე რეალური შანსი აქვს

იაგო ნაცვლიშვილი

“ნატოს გენმდივნის განცხადება მონტენეგროს შესახებ, რომ ალიანსმა მასზე გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, ჩვენთვისაც უდავოდ პროგრესია. სხვათა შორის, ნატოს ამის მიზეზი რუსეთმა მისცა. მისი აგრესიულ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დასავლეთი თავისი დამოკიდებულების რევიზიას ახდენს არაერთი საკითხის მიმართ, მათ შორის ალიანსის “ღია კარების” პოლიტიკის გააქტიურების თვალსაზრისითაც”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ გააფუჭებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს?

– რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას არ წაადგება. პირადად მე ვარჩევდი, რომ უკრაინელებს მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიეღოთ, მაგრამ მეორე მხრივ საქართველოს და უკრაინის თანამშრომლობასა და ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მთავარია უკრაინა, ხოლო ყველა დანარჩენი: ცალკეული პოლიტიკოსები, უკრაინის ხელმძღვანელობის ზოგიერთი გადაწყვეტილება და ა.შ. ამასთან შედარებით მეორეხარისხოვანია.

სააკაშვილმა დათმო საქართველოს მოქალაქეობა. რამდენად დამაჯერებელი იყო მისი არგუმენტი, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავდამატროსოვისციხის 6 კვ/-იან საკანს?

– ამაზე შემიძლია მხოლოდ ჩემი პირადი აზრი მოგახსენოთ. გამოგიტყდებით, უხერხულობიქს განცდა მაქვს ამ ალიაქოთის გამო, რაც მის მიერ და მის გარეშემოა ატეხილი. მიმაჩნია, სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგოს. თუმცა არჩევანს ყველა თავად აკეთებს და პასუხსაც თავად აგებს.

ნატოს შესახებაც უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოსთვის პრიორიტეტული ქვეყანა მონტენეგროა და ალიანსმა მის შესახებ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. აქამდე ნატოს გაფართოების პოლიტიკა გაყინული იყო, ალიანსის გენ-მდივნის ეს განცხადება გარკვეულწილად ჩვენს პროგრესზეც ხომ არ მიანიშნებს?

– ჩვენთვისაც ეს უდავოდ პროგრესია. სხვათა შორის, ნატოს ამის მიზეზი რუსეთმა მისცა. მისი აგრესიული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დასავლეთი თავისი დამოკიდებულების რევიზიას ახდენს არავითარი საკითხის მიმართ, მათ შორის ალიანსის ღია კარების პოლიტიკის გაქტიურების თვალსაზრისითაც. მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება, განსაკუთრებით უსაფრთხოების თვალსაზრისით. ალბათ, უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. მოვლენათა ცენტრში რამდენიმე მათგანია, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობა, ისლამური ექსტრემიზმის არნახული გააქტიურება, მაგრამ ამ მოვლენათა შორის წამყვანად მაინც რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რჩება. ის ქმედებები, რასაც ის ახორციელებს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ, კონკრეტულად კი უკრაინის მიმართ.

ალიანსის გენმდივნის განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველო ნატოს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა? თქვენ ისაუბრეთ პროგრესზე. რა ხარისხისაა ეს პროგრესი?

– ამგვარი ტერმინებით ასეთი პროცესები ვერ გაიზომება. ვფიქრობ, აჯობებს პროცესი უფრო ზოგადად შევაფასოთ. დღეს საქართველოს დიდი შანსი აქვს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ პროგრესს მიაღწიოს. ამაში იგულისხმება ქვეყნის შიგნით გაკეთებული საქმეებიც. მათ შორის სამხედრო აღმშენებლობა, ქვეყნის ტრანსფორმაცია, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში შეტანილი ჩვენი წვლილი. ამაში ასევე იგულისხმება ზოგადი პოლიტიკური ატმოსფეროს დინამიკაც, რომელაც ბოლოს და ბოლოს უნდა განსაზღვროს ალიანსის გადაწყვეტილება. თუ ეს ასე გაგრძელდება, მაშინ ჩვენ სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველი უნდა გვქონდეს.

ჩვენი სურვილია, რომ უკრაინაში დაძაბული ვითარება განიმუხტოს და რუსეთმა თავისი აგრესია შეაჩეროს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს სურვილი კარგა ხანი სურვილად დარჩება. ამაზე მიანიშნებს რუსული პოლიტიკური ელიტის განცხადებები, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთი თავისი სტრატეგიის გადახედვას არ აპირებს. დასავლეთსაც მოუწევს შესაბამისი რეაგირება და საქართველომაც თავისი დასკვნები უნდა გააკეთოს ამაზე.

ნატომ დაასახელა მისთვის ყველაზე პრიორიტეტულიქვეყანა, ეს მონტენეგროა. როგორ ფიქრობთ, ალიანსის პრიორიტეტებს შორის ჩვენ რომელი ქვეყნის შემდეგ ვართ?

– ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება ხელს შეუწყობს შემდგომი ნაბიჯის მომზადებას, რომელიც შეიძლება საქართველოსაც გულისხმობდეს. თქვენ იცით, რომ რიგი დიდი არ არის, სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი და მზაობა აქვთ და სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე. საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა. თუმცა გვაქვს პრობლემებიც, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, რაც სერიოზულ მუხრუჭად იქცა ჩვენი დასავლეთისკენ სწრაფვის გზაზე.

რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას ველოდით, რაც არ მოგვცეს. სამაგიეროდ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირმა ისეთქვეყნებს მისცა, როგორიცაა, მაგალითად ტრინიდადი და ტობაგო, რასაც საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

ეს ევროკავშირის პოლიტიკის სულ სხვადასხვა სიბრტყეებია და ამ ორი საკითხის ერთ კონტექსტში განხილვა მართებული არ არის. სხვა საკითხია, ვინ ელოდა იმას, რომ უვიზო  მიმოსვლის საკითხს ევროკავშირის ქვეყნები ამ სამიტზე გადაწყვეტდნენ. თუ ვინმეს ამას იმედი ჰქონდა, ეს მხოლოდ ილუზია იყო, მეტი არაფერი.

თქვენს გაზეთთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ სავიზო ლიბერალიზაცია ეს არის პროცესი. ველოდი მის გაგრძელებას, უკეთეს შემთხვევაში გააქტიურებას. დაახლოებით ეს მოხდა ამ სამიტზე. ვფიქრობ, რომ გულდაწყვეტის საფუძველი  არ გვაქვს, თუმცა ჯერ არც ზეიმისა.

წინ გვაქვს სერიოზული სამუშაო. საქართველოს აქვს კონკრეტული საშინაო დავალება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. მისი დადებითი შეფასების შემთხვევაში რეალურია პერსპექტივა იმისა, რომ მომავალ წელს საკითხი უვიზო მიმოსვლის შესახებ განხილული და გადაწყვეტილ იქნეს. ახლა ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

ამასთან, ნუ დავივიწყებთ, რომ ეს არ არის თანაშრომლობის ერთადერთი სფერო ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების გზაზე. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გაერთიანებულ ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხია, ევროკავშრის ბაზრის რაც შეიძლება აქტიური ათვისება და ჩვენი ეკონომიკის ორიენტაციის გაევროპულება. სამიტის შემდეგ ეს თემაც გადაუდებელ და ენერგიულ ძალისხმევას მოითხოვს.

Comments are closed