globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 2nd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: „ქართული ოცნება“: ბრძოლა გადარჩენისათვის // „ბიძინა ივანიშვილისთვის რაც შეიძლება მეტი მორჩილების ჩვენებას ცდილობენ»

რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ოცნებას გაუჭირდა ახალი სახეების მოძიება და სიის დაკომპლექტება”

რეზონანსი“: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეცნიერებს არ უსმენენ” // “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება // პაატა ბურჭულაძე პოლიოტიკაში ადრე მოვიდა თუ დააგვიანა?

———

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით კოღუაშვილთან: „იმართლოს თავი წინა რეჟიმმა, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ბიძინა ივანიშვილი ხალხთან პირისპირ შეხვედრას ვერ გაბედავს“ // „შეიძლება საშიშროება ბურჭულაძის პარტიიდანაც წამოვიდეს“ // „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად არ არიან”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ეს საარჩევნო მოდელი ხელისუფლებას აწყობს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: ჩჩვენს ჩამოყვანილ მომღერალს მაყურებლისთვის უკანალი რომ მიეშვირა, ტაბურეტკების რევოლუციას მოგვიწყობდნენ“ // „ირაკლი ოქრუაშვილს გოგა ხაინდრავაზე სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოთამაშე-მწვრთნელად რჩება” // „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა მინდა”

———

ვერსია“: ნინო ბურჯანაძის გუნდი თამაზ მეჭიაურის პარტიაში გადადის

რომელ დეპუტატებს წაიყვანს „ოცნებიდან“ და ვის წაართმევს ხმებს უმრავლესობის ყოფილი ლიდერი

———

საქართველო და მსოფლიო: ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი  მითები და რეალობა

———————

რეზონანსი“, 02 ივნისი, 2016 წელი

ქართული ოცნება: ბრძოლა გადარჩენისათვის

„ბიძინა ივანიშვილისთვის რაც შეიძლება მეტი მორჩილების ჩვენებას ცდილობენ»

თაკო მათეშვილი

პარტია “ქართულ ოცნებაში” ახლა გადასარჩენად დაუნდობელი ბრძოლა მიდის. საჯაროდ ამაზე ცოტა საუბრობს, თორემ შიგნით ბევრი დუდღუნებს. “წარმოიდგინეთ, შიგნით საქმის გარჩევა რა ტონალობაში მიდის,” – ასე ხედავენ მმართველ ძალაში არსებულ სიტუაციას პოლიტოლოგები და ამბობენ, რომ სიაში მოსახვედრად იქ არანაკლები დაპირისპირებაა, ვიდრე კოალიციაში იყო. მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ბიძინა ივანიშვილისათვის ესიამოვნებინათ, ახლა მიჩნევენ, რომ მათ მომავალ პარლამენტში ადგილი დაიმსახურეს და ამის “გასანაღდებლად” ყველაფერს აკეთებენ. ხმაურიან განცხადებებს ცოტა თუ ბედავს, მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ “შიდა სამზარეულოში” პროტესტს ბევრი გამოთქვამს.

ამ თემაზე ცოტა ხნის წინათ არმაზ ახვლედიანმაც ღიად ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჯერ პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, მოგვიანებით კი თავად პარტიაც დატოვა.

“ქართულ ოცნებაში” ადამიანები მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობენ. შესაბამისად, ახალი სისხლის შემოდინება და საღად მოაზროვნე ადამიანის პოვნა შეუძლებელია. ადამიანების დიდი ნაწილი კომფორტისათვის მიმართავდა პარტიულ საქმიანობას, დამოუკიდებლად მოაზროვნე ახალგაზრდებს “ოცნების” გაჯანსაღების საშუალება არ ეძლეოდათ. კონფორმისტები პარტიას, როგორც ქოლგას, სათავისოდ იყენებდნენ. “ოცნებამ” სწორედ ასეთი პიროვნებებისაგან განთავისუფლება ვერ შეძლო. ესაა უბედურების სათავე,” – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა გაზეთ “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას.

პარტიაში მიმდინარე დაუნდობელ დაპირისპირებას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მოსალოდნელს უწოდებს. მისი თქმით, 4 წლის წინ ბიძინა ივანიშვილს არ უფიქრია, რომ ირგვლივ თანამოაზრეები შემოეკრიბა. მან თანამებრძოლთა კოალიცია შექმნა, სადაც ძალზედ ეკლექტიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილი.

სოსო ცინცაძის თქმითვე, აბსოლუტურ ურავლესობას იმედი ჰქონდა, რომ ეს ძალა ამ შემადგენლობითვე იყრიდა კენჭს – იქ იქნებოდა არმაზ ახვლედიანიც და სკანდალური განცხადებების ავტორი ომარ ნიშნიანიძეც.

“თავად ახვლედიანი არაა მათ სიაში და ახლა დღეს ეს ნაგავი მას ოჯახიდან გარეთ გამოაქვს. ზოგადად კი საკადრო სელექცია ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლია. იმედი ჰქონდათ, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი ცოცხალია, ეს ჭრელი პუბლიკაც ქვეყნის მმართველი ძალა იქნებოდა. ახლა ომარ ნიშნიანიძე აპროტესტებს, რომ ვიღაც სხვა მის გამზადებულ საქმეზე მოდის. საჯაროდ ამაზე მხოლოდ ის საუბრობს, თორემ შიგნით ბევრი დუდღუნებს. ასეთი განცხადებები საჯაროდ რომ კეთდება, წარმოიდგინეთ, შიგნით საქმის გარჩევები რა ტონალობაში მიდის. არ ვიცი, ვინ შეარჩია “პოლიტბიუროს” წევრები, რომელთა შემადგენლობაშიც რამდენიმე ოდიოზური პიროვნებაც მოხვდა. გვარებს ნუ დამასახელებინებთ, ყველამ კარგად იცის. მათი შემხედვარე სხვებსაც უჩნდებათ კითხვა – რატომ ისინი და მე არა? როცა ადამიანი რაიმე სიკეთეს დაუმსახურებლად იღებს, უიშვიათესია, რომ მან ამისთვის მადლობა გადაიხადოს და წავიდეს. ის თავის თავს არწმუნებს, რომ ეს ყველაფერი დაუმსახურებლად კი არა, გენიალური რაღაცის გაკეთებისთვის მიიღო. ამიტომ ამას ორივე ხელით ებღაუჭება. ერთხელ ამოუვიდა კოზირი და მორჩა,” – ამბობს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგის აზრით, ამგვარი ადამიანების შიშს ის ამართლებს, რომ ივანიშვილის გარეშე პოლიტიკაში მათი პერსპექტივა ნულია. არც ერთი პარტია აღარ მიიღებს და პარტიის შიგნით უკმაყოფილება, საქმის გარჩევა და პრეტენზიები ამიტომაცაა.

“შიგნით მიდის ჩაშვებები – იმან ეს გააკეთა, ამან ის თქვა და ა.შ. ხომ იცით, ქართველები ვართ, აზიელები, ამიტომ ყველა ღობე-ყორეს ვედებით, ოღონდ კეთილდღეობა შევინარჩუნოთ. რამდენიმე მათგანს, ვინც ყველაზე მეტად ხმაურობს და ყველაზე ხმამაღლა ბურდღუნებს, ალბათ, რაღაც თანამდებობებს მისცემენ – თუ უმრავლესობით მოვიდნენ, რა თქმა უნდა. თუმცა, თუ უმრავლესობით ვერ მოვიდნენ, მთელი ეს ხალხი პირში ჩალაგამოვლებული დარჩება,” – მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

“ცის უფრო მოქუფვრას” ელის პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ “მეოცნებეთა” დიდ უმრავლესობას არ აქვს კვლავ სიაში აღმოჩენის მყარი პერსპექტივა და ამიტომ ახლა სპეკულაციას მიმართავს – ბიძინა ივანიშვილისთვის რაც შეიძლება მეტი მორჩილების დანახებას ცდილობენ. ამის მაგალითია, პოლიტოლოგის აზრით, ისიც, რომ პრეზიდენტის მიმართ ძალიან ხშირად სრულიად მკაფიო თავდასხმები ხორციელდება.

“როცა ბრძოლა იმავე სავარძლებისთვის მიდის, რომლებიც “ოცნების” წევრებს შემდგომი ოთხწლედის ფუფუნებაში გატარების საშუალებას მისცემს, ცხადია, მათთვის ძნელია, პრინციპულობაზე იფიქრონ. დიახ, “ოცნების” წევრებს შორის დღევანდელი დაპირისპირება მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც უპირველეს ფასეულობად საკუთარ საპარლამენტო სავარძელს მიიჩნევს,” – დასძენს იგი.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიაში გაცხოველებული შიდა ბრძოლა მიდის. “სააშკარაოდ შეიძლება არაა იმდენად გამოტანილი, მაგრამ დიდი ალბათობით ასეა. ფაქტია, რომ ზოგი პარტიაში ძალიან რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რადგან იციან, მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან. იმიტომაც აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომ “ქართული ოცნების” წინაშე პასუხისმგებლობა მოიხსნეს,” – დასძენს ნიკა ჩიტაძე.

რეზონანსი“, 02 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ოცნებას გაუჭირდა ახალი სახეების მოძიება და სიის დაკომპლექტება”

ია აბულაშვილი

“ოცნებას” აქვს ძალიან მაღალი შანსი ტოტალურად გაიმარჯვოს მაჟორიტარებში და საკმაოდ მაღალი პროცენტი აიღოს პარტიული სიით,” – აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი” წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებაზე ესაუბრა.

პეტრე მამარაძე: მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსების გათვალისწინებით “ოცნებას” აქვს ძალიან მაღალი შანსი, ტოტალურად გაიმარჯვოს მაჟორიტარებში, იმაზე დიდი პროპორციით, ვიდრე ახლა შვიდი-ორთან დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები; ასევე აქვს შანსი, საკმაოდ მაღალი პროცენტი აიღოს პარტიული სიით.

“ნაცმოძრაობას”, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ჩემი შეფასებით, ამ პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს არა უმეტეს ამომრჩეველთა 10%-ისა, მაგრამ ეს არის სტაბილური და ერთგული ამომრჩეველი, ის ადამიანები, ვინც ძალიან იხეირა ნაცების რეჟიმის დროს და იმედი აქვს, რომ დაიბრუნებენ დაკარგულ პოზიციებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად “ოცნების” რეიტინგის კატასტროფული ვარდნისა, ნაცებს არ შეემატათ ახალი ხმები. პრობლემა ის არის, რომ თუ ბევრი ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე, და ეს კი შესაძლებელია, ვინაიდან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბევრი გაწბილებულია პოლიტიკოსებით, მაშინ შეიძლება მოხდეს, რომ ნაცების ამომრჩეველთა 10%, რომელიც ნებისმიერ ამინდში მივა არჩევნებზე, გაცილებით დიდ რიცხვს აჩვენებს. 40% რომ მივიდეს, ნაცების 10% იქნება ხმების 25%. სწორედ ასე აიღო დავით ბაქრაძემ ის 22% საპრეზიდენტო არჩევნებზე.

- “ნაცმოძრაობას” გამოყოფილი ახლად შექმნილი ძალები ხმებს არ წაართმევენ?

- “გირჩი” და ვაშაძე, რომელმაც მხოლოდ განცხადება გააკეთა და სხვა ნაბიჯები მისგან ჯერ არ ჩანს, ნაცების ერთგული ამომრჩევლების ხმას ვერ წაიღებენ. თუმცა ივანიშვილმა დადებითად ილაპარაკა “გირჩის” შემქმნელებზე, და მათ მაშინვე დიდი დაფინანსება მიიღეს. სააკაშვილის და მისი თანამზრახველების აქტიურობა “ოცნების” მიღწევაა, სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ შეუქმნა ის პირობები “ნაცმოძრაობის” ნარჩენებს, რომ არ ჩაძირულიყვნენ, ეტივტივათ და შეენარჩუნებინათ ორგანიზაცია და ფინანსები. ივანიშვილთან ამ მხრივ არავითარი პრეტენზიები არ მაქვს, მაგრამ კოალიციას, სადაც იყვნენ და არიან გარკვეული პოლიტიკური გამოცდილების ადამიანები, სხვანაირად უნდა ემოქმედა. მაშინათვე უნდა დაეწყოთ მასშტაბური და ღრმა რეფორმები, ხალხისაგან მიღებული ნდობის კრედიტი მაშინ ამის საშუალებას იძლეოდა; ასევე, მაშინათვე უნდა მიეღოთ ზომები მართლმსაჯულების აღსასრულებლად. ხაზს ვუსვამ, არავითარი დევნა არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულება. უნდა მიეღოთ ზომები მონოპოლიების წინააღმდეგ და ინვესტიციების მოსაზიდად. ეს ყველაფერი რომ გაეკეთებინათ, “ნაცმოძრაობას” ის ბაზაც არ შერჩებოდა, რაც ახლა აქვს.

- თუ მოვლენები მათ სასარგებლოდ არ განვითარდა, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ “ნაცმოძრაობამ” ბრძოლის სხვა მეთოდები გამოიყენოს?

- ექსცესების საშიშროება მათი მხრიდან ნამდვილად არის, მითუმეტეს თუ “ოცნება” ისე შეუწყობს ხელს როგორც შეუწყო ახლახან სამეგრელოში, ან პარლამენტში, როცა ბობოხიძის მორიგ პროვოკაციას წამოეგნენ და ჩხუბის კადრებმა მსოფლიო მოიარა. დაძაბულობის შექმნა მათი მხრიდან მოსალოდნელია, მაგრამ ვიცი, რომ “ოცნებაში” არიან ადამიანები, ვინც ამას ითვალისწინებს, ვინც ეცდება, რომ სპორტსმენები აღარ გამოჩნდნენ… ვფიქრობ, “ნაცების” პროვოკაციები ვერ მიაღწევს დიდ მასშტაბს.

- რატომ აჭიანურებს “ოცნება” ახალი პარტიული სიის გამოქვეყნებას?

- ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. გასულ წლებშიც ასე იყო, მახსოვს, კამათი და შეთანხმებები სიის წარდგენასთან დაკავშირებით ბოლო მომენტამდე გრძელდებოდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ “ოცნებას” გაუჭირდა ხალხის შეგროვება, ანუ ახალი სახეების მოძიება და სიის დაკომპლექტება. საქართველოში ამ მხრივ ადამიანური რესურსის დიდი დეფიციტია. ვრცელდებოდა ასეთი ხმებიც, რომ იყვნენ ადმიანები, რომლებმაც ოცნების შემოთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან გარკვეულ წრეებში “ოცნებას” იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ ეთაკილებათ.

- პოლიტიკურ არენაზე ახლად შემოსულ პაატა ბურჭულაძის და მის გუნდის მომავალზე რა პროგნოზს გააკეთებდით?

- არა მგონია, ბურჭულაძის პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდეს. საუბარი მხოლოდ იმაზე შეიძლება, გადალახავს თუ არა ეს პარტია ბარიერს. ყურადღებით გავეცანი და გავაანალიზე ბურჭულაძისა და მისი თანაგუნდელების განცხადებები. მიმაჩნია, რომ სუსტი იყო, ვიტყოდი, უსუსურიც.

რეზონანსი“, 02 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: “საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეცნიერებს არ უსმენენ” // “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება // პაატა ბურჭულაძე პოლიოტიკაში ადრე მოვიდა თუ დააგვიანა?

ია აბულაშვილი

“მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ჩამოაყალიბოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭო, რომელიც მეცნიერულ დონეზე მიაწვდის ანალიტიკურ ინფორმაციას ქართულ საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე,” – აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც “რეზონანსი” ახლად შექმნილ საბჭოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

- რა აუცილებლობით იყო გამოწვეული შექმნილიყო კიდევ ერთი ახალი ექსპერტთა ჯგუფი?

იგორ კვესელავა: საქართველო ნამდვილად არ განიცდის ექსპერტთა ნაკლებობას და დღეს ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა ექსპერტია, მაგრამ ეს საქმე ასე იოლი არაა. ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს ქართველი მეცნიერების აზრი რომ გაეთვალისწინებინათ, ამდენ შეცდომას არ დაუშვებდნენ. რას იზამ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეცნიერებს არ უსმენენ. არავინ მინდა გამინაწყენდეს, მაგრამ განა ის ექსპერტული მოსაზრებები, რომლითაც გაჯერებულია დღეს ქართული მედია, სიღრმისეულია? მე ვფიქრობ, რომ ზერელეა და ხშირად ტენდენციურია, რადგან ან ხელისუფლების ნებას ახორციელებს ან რომელიმე პოლიტიკური ძალის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესს გამოხატავს. ჩვენ კი აქედანვე ვაცხადებთ, რომ არავის ნავში ჩასხდომას არ ვაპირებთ და ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი ჯგუფი.

- საბჭოში მხოლოდ მეცნიერები შევლენ?

- “საქართველოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოში” მხოლოდ მეცნიერები შევლენ, ეს დებულებაშიც გვიწერია. მაგრამ გამონაკლისის სახით დაიშვებიან ის ადამიანებიც, რომელთაც საექსპერტო მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ამ ჯგუფში იმუშავებს დაახლოებით 20-30 ადამიანი. საბჭო შეიკრიბება თვეში ერთხელ და დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს, მიაწვდის ანალიტიკურად დამუშავებულ მასალას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე. ასევე მომზადდება ანალიტიკური მასალები სამართლის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობის და სამხედრო მიმართულებით. ჩვენი კარი ასევე ღია იქნება მასმედიისთვის, რომელსაც ასევე არ მოვაკლებთ ანალიტიკურ მასალებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

- დღეს როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს, როგორ ემზადებიან პოლიტიკური ძალები არჩევნებისთვის?

- დღეს სიტუაცია სრულიად გაუგებარია, თუმცა გარკვეული ანალიზის გაკეთება შეიძლება. დავიწყებ ოპოზიციური ძალებით. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობა” თუ დღეს კიდევ ახერხებს, რომ იყოს პოლიტიკურ არენაზე, ეს “ოცნების” დამსახურებაა და მათ მიუძღვით ამაში ყველაზე დიდი როლი. “ოცნებას” თავის დროზე რომ გაეტარებინა სისტემური ცვლილებები და მთელი ენერგია არ შეელია “ნაცმოძრაობასთან” კოჰაბიტაციაზე, ეს პოლიტიკური ძალა დღეს ვერ იქნებოდა ვერც მატერიალურად უზრუნველყოფილი და არც მხარდამჭერები ეყოლებოდა. ასეთ ვითარებაში კი მათ შეუძლიათ ააგორონ გარკვეული უსიამოვნებები. დღეს მათ ხელთ არსებული ფინანსების დამსახურებაა, რომ მცირე გამარჯვებებს მაინც აღწევენ; თუმცა მათი დაბეჯითებული განცხადებები, რომ ამ ხელისუფლებას ოქტომბერში გაისტუმრებენ და კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, არარეალურია. “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, გაერთიანების შემთხვევაში გამარჯვების რაღაც შანსი ექნებათ.

- პაატა ბურჭულაძის პოლტიკურ მომავალს როგორ ხედავთ?

- საერთოდ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არც – ადრე უნდა მოხვიდე და არც გვიანო. სწორედ ეს კითხვა მიჩნდება, და არა მარტო მე, ამ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით – ადრე მოვიდნენ თუ უკვე დააგვიანეს? ისე, პაატა ბურჭულაძე ნამდვილად წესიერი და პატრიოტი კაცია და იმედია, საქართველოს საკეთილდღეოდ კიდევ მრავალ კარგ საქმეს გააკეთებს. ლევან ვასაძესაც რომ ჰყავდეს თავის გუნდი, ისიც საინტერესო პოლიტიკური ფიგურა გახდებოდა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ვურჩევდი, შექმნას თავისი გუნდი და ჩაებას პოლიტიკურ პროცესებში.

- როგორია თქვენი პროგნოზი, ეს არჩევნები მშვიდად ჩაივლის თუ კვლავ ქარიშხალი დაგვატყდება თავს?

- რევოლუციის ქარიშხალს თუ გულისხმობთ, ეს გამორიცხულია, რადგან ამისათვის დღეს არც ქართული საზოგადოებაა მზად და არც ოპოზიცია, სულ ერთიანად რომ გაერთიანდნენ. პროგონზი კი ასეთია: თეორიულადაც და პარქტიკულადაც მომზადებულია “ქართული ოცნების” გამარჯვება არჩევნებში.

——————

„ახალი თაობა“, 02 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით კოღუაშვილთან: იმართლოს თავი წინა რეჟიმმა, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე

„ქართული ოცნების“ „ახალი სახე“ დავით კოღუაშვილი „ახალ თაობის“ კორესპონდენტთან საუბრისას განმარტავს იმ თვალსაზრისს, რომელიც მან ამას წინათ „ქართული გაზეშში“ გამოქვეყნებულ  ინტერვიუში გააჟღერა და რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც ცნობილია, დავით კოღუაშვილის განცხადებებზე რეაგირება თვით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც კი მოუწია.

———–

- ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენმა ინტერვიუმ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბევრმა სათავისოდაც კი გამოიყენა, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, პრემიერმა განაცხადა, რომ თქვენ თავად გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით განცხადებას, როგორი იქნება თქვენი განმარტება?

- გეთანხმებით, ჩემმა ინტერვიუმ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, განსაკუთრებით კონტექსტიდან ამოგლეჯილმა იმ ფრაზებმა, რომელთა ტირაჟირებაც აქტიურად ხდებოდა. თუმცა, თუ ადამიანი წაიკითხავდა მთლიან ტექსტს, მიხვდებოდა, რაც იგულისხმებოდა, შავით თეთრზე წერია ჩემი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი პოლიტიკური მმართველი ძალის, ყველა იმ ძალმომრეობაზე, რაც მან იმ წლების განმავლობაში ჩაიდინა. მე ეს ტექსტი საკმაოდ გაშლილი მქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნაწილი ამ ტექსტისა არ იყო სრულფასოვნად გადმოცემული.

- ანუ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი?

- კი, მათ შორის, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ამავდროულად ითქვა ის ფრაზა, რაც ითქვა და გამოტანილ იქნა წინა გვერდზე. მე ერთი წუთით არ ვიხსნი პასუხისმგებლობას ჩემს ნათქვამ სიტყვებზე, უბრალოდ ვთვლი, რომ დამატებითი განმარტებებია საჭირო. მადლობა, რომ მაძლევთ ამის საშუალებას. მე მესმის მათი, ვისი გულისწყრომაც გამოიწვია ჩემმა ეპითეტებმა, სწორედ ამიტომ ვთვლი ვალდებულად თავს მათ წინაშე, რომ დამატებითი განმარტებები გავაკეთო. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ეს მათთვის, ვინც მე ძალიან კარგად მიცნობს, იცის რა ჩემი პოლიტიკური წარსული და ჩემი პოზიცია, როდესაც ყველაზე მწვავე ფორმით გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას ნაციონალური მოძრაობის მიმართ. ვგულისხმობ 2003 წლიდან მოყოლებულ პერიოდს, როცა მიხეილ სააკაშვილი ახალი ინტრონიზირებული იყო.

მე ამ სიტყვას შეგნებულად ვამბობ, იმიტომ, რომ მე მას იმპერატორი ვუწოდე, როდესაც თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია და პრაქტიკულად უზურპაცია მოახდინა მთელი სახელისუფლო ვექტორის. დიახ, სწორედ მაშინვე ვამხილე მე ის ხელისუფლების უზურპირებაში, კონსტიტუციის ჭრა-კერვაში და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზთაგანი, რის გამოც მე დავტოვე აქტიური პოლიტიკა.

ჩემს მწვავე პოზიციებზე და ძველ განცხადებებზე დიდ აქცენტებს აღარ გავაკეთებ, ჩვენს ხალხს ეს ძალიან კარგად ახსოვს. ახსოვს 2007 წელიც, როდესაც მე თავდაუზოგავად ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს.

რაც შეეხება ჩემს ფრაზებს მერაბიშვილსა და უგულავაზე, კითხვა იყო დასმული ასე – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო იხილავს მათ საქმეებს და არის დიდი ალბათობა იმისა, რომ პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭოს მას.

ამ კუთხით, ჩვენ ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ვიყოთ ავანგარდში ყველა იმ ღირებულებათა ინსტიტუციონალური უზრუნველყოფის კუთხით, რასაც ჰქვია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უპირობო ხელშეუხებლობა და დაცვა. მათ შორის სასამართლოს ინსტიტუტსაც ვგულისხმობ.

რაც უნდა უკანასკნელი ვიგინდარა და გარეწარი იყოს ადამიანი, ჰქონდეს ძალიან მძიმე დანაშაული ჩადენილი და მე სწორედაც რომ მიმაჩნია, უგულავას, მერაბიშვილს და მათ არაერთ თანაგუნდელს უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მთავარია, ჩვენ მივეჩვიოთ კანონიერ, სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრებას. რას ნიშნავს სამართლებრივ ქვეყანაში ცხოვრება? კანონის უზენაესობას. ეს არის ჩვენი განმასხვავებელი ხელწერა წინა ხელისუფლების რეჟიმისგან, სადაც იყო დომინანტი ძალმომრეობის, ხელის გადაგრეხვის, ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების, ზეწოლის, რეპრესიის, დევნის, თვალთვალის, მოსმენის, შევიწროვების და შეზღუდვის და შედეგად მივიღეთ, პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საპყრობილეებში.

ისინი იქ რას განიცდიდნენ და რა წნეხის ქვეშ იყვნენ, ეს კიდევ ცალკე თემაა, არ მინდა ჭრილობები გავუღვივო თავიდან მოსახლეობას. ყველამ ეს ყველაფერი კარგად ვიცით, ყველამ ეს ყველაფერი კარგად ვნახეთ და ერთად, 2012 წელს, განაჩენი გამოვუტანეთ იმ ხელისუფლებას. სწორედ იმ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ უგულავაც და მერაბიშვილიც სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ამიტომ, მე მათ პასუხისმგებლობას ვერანაირად ვერ მოვუხსნი და ვერ გავმიჯნავ სააკაშვილისგან, რომელიც ახლა სისხლის სამართლის დამნაშავეა და საქართველოდან არის გაქცეული.

თუმცა, თუ ჟურნალისტი სვამს კითხვას, რომ ევროპის სასამართლოს შესაძლოა კითხვები გაუჩნდეს დამდგარ განაჩენთან დაკავშირებით, რა რეაგირება უნდა მოახდინოს დემოკრატიულმა სახელმწიფომ?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებას სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დამნაშავეობასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი პატიმარი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა კითხვები ჰქონდეს ევროპულ სასამართლოს, ციხეში უფრო ზიანის მომტანია ქვეყნისთვის. ამაზე იყო ზუსტად ჩემი პასუხი, რასაც კარგად მიხვდებიან ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები.

მაგრამ აქვე ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომელთაც გაეხსნათ მოუშუშებელი ჭრილობები, რისთვისაც მე მინდა მართლა გულით მოვუხადო ბოდიში, თუ ვინმეს გული ეტკინა და არასწორად იქნა აღქმული ჩემი მოსაზრება. დიახ, მეც იგივეს განვიცდი და ვთვლი, რომ დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემი პასუხი გამომდინარეობდა დასმული კითხვიდან, რომელიც ეხებოდა ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ კონვენციური ვალდებულებები გვაქვს აღებული.

- რაც შეეხება თქვენს ნათქვამ ფრაზას ყოფილი ხელისუფლების წევრების ნიჭიერებასთან დაკავშირებით

- მე ქებით კონტექსტში არ მითქვამს ეს. „უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, თუ მაღალი ზნეობა და ღვთისმოშიშობა არ ახლავს თან…“ – ეს ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებია. აი, სწორედ ეს იყო მათი და თითოეული ჩვენგანის უბედურება, რომ თავიანთი ნიჭი, რესურსი, ენერგია და თუნდაც გარკვეული განათლება გამოიყენეს ბოროტად, ქვეყნის საზიანოდ და ამიტომაც უთხრა მათ საზოგადოებამ უარი. ამიტომაც გამოვკვეთე გირგვლიანის საქმე, მათი „მოღვაწეობის“ თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც პრაქტიკულად ფარდა ახადა მათ მორალურ სახეს, მათ ზნეობრივ და სამართლებრივ დამოკიდებულებას ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების და კანონის მიმართ. ეს მემკვიდრეობა დახვდა „ქართულ ოცნებას“, რომლის მთავარი ამოცანა იყო საზოგადოების ძალმომრეობისაგან დაცვა და ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, რომლის ავტორიტეტმა, თავგანწირვამ და მზაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს ადამიანის უფლებები დაცულია, თავისუფალია სასამართლო, ბიზნესი, მედია.

- თქვენმა ინტერვიუმ კითხვები გააჩინა თავად ქართული ოცნების რიგ წევრებშიც...

- დიახ, თუმცა ეს საკითხი განხილული იყო გუნდის შიგნით და კითხვებზე პასუხები გაიცა. ჩვენი საზრუნავი პირველ რიგში არის ქართული საზოგადოება და ჩვენ პირველ რიგში მათთან ვართ ანგარიშვალდებული. იმისდა მიუხედავად, ვინ ახლა მოვედით, ვინ დაგვხვდა, ჩვენ ახლა ერთ გუნდში ვართ და ერთად უნდა ვემსახუროთ ქვეყანას.

მე ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. ეს არის საზოგადოებრივი დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას შევასრულებთ. ჩვენ ვიზრუნებთ თითოეული ოჯახის, მოქალაქის კეთილდღეობაზე და ამას საქმით დავამტკიცებთ. ჩვენი განმასხვავებელი წინა ხელისუფლებისგან არის სიტყვა და საქმე ერთად. სწორედ ესაა მთავარი, რომ იტყვი, ის უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, იმ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, რაც დახვდა `ქართული ოცნების~ ხელისუფლებას, იყო და ჯერ კიდევ დარჩა პრობლემები. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თავი სამართლებელი ნამდვილად არ გვაქვს, იმართლოს თავი წინა ხელისუფლებამ და წინა რეჟიმმა. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე.

- თქვენ გქონდათ პაუზა პოლიტიკაში, რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში დავით კოღუაშვილი და რა პოზიციაზე ხედავს ახალ გუნდში თავის თავს?

- ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული, ძალიან სერიოზულ რეფორმების ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. ეს იყო ჯერ ევროკავშირის და შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ეგიდით. ორივე შემთხვევაში საკითხი ეხებოდა საგადასახადო საბაჟო სისტემების რეფორმირებას, რა ჭრილშიც ბევრი სიკეთე გაკეთდა, თვისობრივი გარღვევა მოხდა ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების კუთხით.

დღეს ვხელმძღვანელობ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების უზრუნველყოფის მიმართულებას.

- ანუ უფრო ეკონომიკურ გუნდში?

- ჩემთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა უცხო არ არის და გუნდი სადაც საჭიროდ ჩათვლის ჩემი რესურსის და ენერგიის გამოყენებას, მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს ყველა გამოწვევასთან გამკლავებას და ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწევთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

„ახალი თაობა“, 02 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ბიძინა ივანიშვილი ხალხთან პირისპირ შეხვედრას ვერ გაბედავს“ // „შეიძლება საშიშროება ბურჭულაძის პარტიიდანაც წამოვიდეს“ // „ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა ერთად არ არიან

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გააქტიურება მოსალოდნელი იყო, თუმცა, მაინც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არც წასულა, ხალხთან პირისპირ შეხვედრებს კი იგი არჩევნების წინაც ვერ გაბედავს.

„ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილი არ წასულა პოლიტიკიდან. იგი პროცესებში არაფორმალურად მონაწილეობდა ისე, რომ თან პასუხისმგებლობა ჰქონდა მოხსნილი. არა მგონია, რომ ის რომელიმე თანამდებობაზე დაბრუნდეს. ახლანდელი მდგომარეობა მისთვის ხელსაყრელია. თუ რაღაც კატასტროფა არ დადგა, თავად ივანიშვილი არ მოინდომებს რომელიმე პოსტზე მოსვლას. ეს, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვონ იმ გარე ძალებმა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მის მოსვლას ხელისუფლებაში“, – ამბობს ტამარ ჩხეიძე.

- მას რეგიონებში ხალხთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი..

- არა მგონია, ამან ვინმესთვის დადებითი შედეგი მოიტანოს. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებს ვერ გაბედავს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხალხის ნაწილი, მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, წამოეგოს მის ახალ დაპირებებს.

- ახალ დაპირებებზე ის ტელევიზიებითაც ისაუბრებს...

- არა მგონია, ტელევიზიებით ხშირი გამოსვლები წაადგეს მას და „ქართულ ოცნებას“. რაც მეტი გამოსვლა ექნება, მეტ შეცდომას დაუშვებს. ივანიშვილის გამოსვლები კომიკურიც კი ხდება ხოლმე. ამ დღეებში მან გამოაქვეყნა წერილი. მასში ძალიან დიდი ადგილი ეთმობა ნაციონალურ მოძრაობას. პოლიტიკოსისათვის არ არის კარგი, როცა ის თავის წერილს სხვა პარტიის გინებაზე და არა კონსტრუქციულობაზე აგებს.

- ითვლება, რომ კონკურენციის მიუხედავად, ქართული ოცნება და ნაცმოძრაობა ერთმანეთს აძლიერებენ. ზოგი მათ შორის გარიგებაზეც საუბრობს...

- დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა ერთად არ არიან. მათ შორის დაპირისპირებაა. თავის წერილში ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტი პარტიის გინებისას ფანტასმაგორიული სურათი დახატა. მისი თქმით, სააკაშვილის დროს ქვეყანაში ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იყო. იგი იმასაც წერს, რომ ადამიანები საკუთარ სახლებშიც შიშისაგან ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. იმ წლებში ბევრი ნეგატიური რამ ხდებოდა, მაგრამ ასეთი შეფასებები ფანტასტიკის სფეროდანაა. ეს ციფრიც არარეალურია და ჩურჩულიც. იყო გადაცდომები, მაგრამ მაშინ საპროტესტო აქციებიც ეწყობოდა, მათ შორის უნიტაზების თანხლებით. ბიძინა ივანიშვილის წერილში დემოკრატიის მაღალ ხარისხსა და მედიის თავისუფლებაზეც არის გამახვილებული ყურადღება. ესეც ღიმილს იწვევს.

- ფიქრობთ, რომ დემოკრატიის მხრივაც პრობლემებია?

- რა თქმა უნდა! კორცხელის ინციდენტისა და „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე დემოკრატიაზე ლაპარაკი უხერხულია.

- რისი მაჩვენებელია კორცხელის ინციდენტი?

- ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ სპორტსმენები მიუსია ოპოზიციას, თანაც, შუალედური არჩევნების დროს.

- რა სარგებელი მიიღო აქედან ხელისუფლებამ?

- თავიდან სავარაუდო ჩანაფიქრზე ვიტყვი. ჯერ ერთი, ამით დაგეგმილი იყო ამომრჩევლისა და ოპოზიციის დაშინება. მეორეც, გათვალისწინებული იყო ვიზალიბერალიზაციის შეფერხება. ეს შედის რუსეთის გეგმებში. კორცხელიდან ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო, პირიქით, უკუშედეგი ნახა. იმდენად დიდია ევროპისა და ზოგადად დასავლეთის ინტერესი, საქართველო დაუახლოვდეს ევროპას და არ დაბრუნდეს რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, რომ ვიზალიბერალიზაცია გარდაუვალია.

- რუსთავი 2-ის თემას პოლიტიკურად მიიჩნევთ?

- ბუნებრივია. სამართლებრივ ჭრილში „რუსთავი 2“-ს გადაყვანა აბსურდული იქნება. ამ ტელეკომპანიამ ბევრი მეპატრონე გამოიცვალა. გაუგებარია, რატომაა ყველაზე კეთილსინდისიერი ქიბარ ხალვაში და სხვები რატომ ითვლებიან არაკეთილსინდისიერებად? არის ეჭვი, რომ ამ საქმეში მოსამართლეები ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს. ამ ტელევიზიასთან ბრძოლაც შედის რუსეთის ინტერესებში. შეიძლება ეს არხი კავშირშია ნაცმოძრაობასთან, მაგრამ ის არაა დამოკიდებული ხელისუფლებაზე და რუსეთზე. ესაა ყველაზე მძლავრი და პოპულარული ტელევიზია, რომლის საქმიანობა დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას.

- არჩევნებს დავუბრუნდეთ. ქართული ოცნების კოალიციის პარტიები ცალ-ცალკე, ან სხვა ბლოკებით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ბოლო დროს პარტია ქართულ ოცნებასაც გამოაკლდა რამდენიმე დეპუტატი. თამაზ მეჭიაური თავის პარტიას ქმნის. პარტიაქართულ ოცნებას მათთან კონკურენცია ექნება?

- კონკურენცია გარდაუვალია. ვინც კოალიციიდან ან პარტია „ქართული ოცნებიდან“ გამოვიდა, ყველამ სხვისი ნება შეასრულა. ყველა შემთხვევაში ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სურვილი. „ქართული ოცნება“ კოალიციას შექმნის ახალ პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით არ გამოვრიცხავ ერთ საშიშროებას.

- რა საშიშროებაზე საუბრობთ?

- საქმე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ ეყოლება სიაში პაატა ბურჭულაძეს. შეიძლება ამ სიაში არ იყვნენ სახელმწიფოებრივად განწყობილი ადამიანები. პაატა ბურჭულაძემ ერთი-ორი პრორუსული განცხადების შემდეგ დაიწყო დასავლური განცხადებების გაკეთება. მთავარი ლოზუნგები არ არის. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ პაატა ბურჭულაძის ხალხი შეიძლება პარლამენტში გაერთიანდეს `ქართულ ოცნებასთან~ და მათ ერთად საფრთხე შეუქმნან ქვეყანას.

- ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება ბურჭულაძე ნაციონალებთან გაერთიანდეს...

- ეს ნაკლებად საშიში იქნება. მაფიქრებს ისიც, რომ ბურჭულაძის პარტიაში შევიდა მერაბ მეტრეველი, რომელსაც აფხაზეთის კონფლიქტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ანტისახელმწიფოებრივი ხედვები აქვს. მისი შეხედულებები რესპუბლიკელების პოზიციებს ჰგავს.

- გიორგი კვირიკაშვილმა გამორიცხა თანამშრომლობა პატრიოტთა ალიანსთან და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან..

- იმედი მაქვს, ამ ორ პარტიას ცოტა წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში. შეიძლება მათთან უმრავლესობა არ შექმნან, მაგრამ შედგეს დროებითი თანამშრომლობა და საფრთხე შეიქმნას ცალკეულ საკითხებზე კენჭისყრისას.

- რამაზ საყვარელიძის აზრით, ბურჭულაძე, ვაშაძე და გირჩი ალტერნატივაა ნაცმოძრაობის ამომრჩევლისათვის...

- არა მგონია, რომ გირჩი და ვაშაძე სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ ნაცმოძრაობას, თუმცა, ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული.

- ძალადობა მოსალოდნელია არჩევნებზე?

- ამბობენ, ძალადობისათვის კანონს გავამკაცრებთო. თავისთავად, ეს ცუდი არ არის, თუმცა, კანონით ძალადობა ისედაც არ იყო დაშვებული. მთავარია, იყოს ნება. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ წააქეზოს ძალადობა. «ქართული ოცნებისა“ და მასთან დაახლოებული პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს საგანგაშო განცხადებები. მათ, ფაქტობრივად, მოიწონეს კორცხელის სისხლიანი ჩხუბი და დასძინეს, რომ ეს დაუსჯელობის ბრალია. მათი მტკიცებით, თუ ნაციონალები არ დაისაჯნენ, ხალხი მათ ქუჩებში გაუსწორდება. ფეისბუქით გავრცელდა ერთი პროფესორის მოწოდება ძალადობისაკენ. იგი მოუწოდებდა ნანა ალექსანდრიას, დატოვოს საქართველო.

- ნანა ალექსანდრია პოლიტიკურად არ აქტიურობს და რაშია საქმე?

- მოწოდების ავტორის აზრით, მან ეს უნდა გააკეთოს შვილისა და რძლის გამო. ეს ძალიან სახიფათო სიმპტომებია, ესაა ძალადობისაკენ მოწოდებები. თუ დასჭირდა, ხელისუფლება ძალადობას წაახალისებს.

„ახალი თაობა“, 02 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ეს საარჩევნო მოდელი ხელისუფლებას აწყობს

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა უფრო ანტიკონსტიტუციურია, ვიდრე ე.წ. გერმანული მოდელი.

- ბატონო ბაჩუკი, თუ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა 8 ოქტომბრის არჩევნები, რამდენად იქნება ამისთვის მზად ოპოზიცია?

- საქართველოში რაც კი აქამდე არჩევნები ტარდებოდა, სწორედ ამ საარჩევნო სისტემით ტარდებოდა. ეს არის საარჩევნო სისტემა, როდესაც ხელისუფლებას აქვს იმთავითვე ძალიან დიდი ბონუსი და უპირატესობა ოპოზიციასთან შედარებით. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა იყოს და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში. გერმანული მოდელის შემთხვევაში არანაირ ბონუსთან არ გვექნება საქმე. რამდენ ხმასაც მიიღებს პარტია, იმდენ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია. ოპოზიციას რა არგუმენტი აქვს?

- კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს თითო ხმა და არა ორი ხმა. არსებული საარჩევნო სისტემა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხმები დაემატოს სახელისუფლო პარტიას. ხელისუფლებამ იცის, რომ მას ამომრჩევლის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად 50%-ზე მეტი სჭირდება. ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი შეინარჩუნოს და ცვლილებები არ დაუშვას. ნებისმიერი სხვა ვარიანტი, რომელიც მას უსამართლოდ ხელისუფლების მიტაცების შესაძლებლობას არ აძლევს, მისთვის ანტიკონსტიტუციურია.

- ექსპერტები აცხადებენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ და რეალური კოალიციური მთავრობა გვეყოლება. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- საარჩევნო სისტემა ვერ იქნება მხოლოდ ამის განმსაზღვრელი ანუ გვეყოლება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი. დღევანდელი პარლამენტიც მრავალპარტიულია, მინიმუმ 10 პარტიაა დღეს წარმოდგენილი პარლამენტში.

- კოალიციური ფორმატით მოვიდნენ ისინი, აქ საუბარია არჩევნებში დამოუკიდებლად გამარჯვებულ პარტიებზე...

- გასაგებია, მაგრამ 3-4 პარტიაზე ნაკლები არც ერთ პარლამენტში არ ყოფილა, არც 2012 წლამდე. დიდი მოლოდინი არც ამ არჩევნებიდან მაქვს. არავინ იცის წინასწარ, თუ როგორ შედეგებს მივიღებთ. რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს მე არ ველოდები. თუმცა, თუ არ მოხდება არჩევნების ტოტალური გაყალბება, თუ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ შეიქმნება და თუ ხელისუფლება არ გადაამლაშებს და გარკვეული ზომის ფარგლებში იმოქმედებს, შეიძლება ჩვენ ყოველგვარი მიტინგებისა და ქუჩაში დროშების ფრიალის გარეშე ეს ხელისუფლება სახლში გავისტუმროთ. ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში მართლაც არის შესაძლებელი, მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ.

- ქართულ ოცნებას გაუჭირდება გამარჯვება?

- სოციოლოგიური კვლევებით, ბოლო შუალედური არჩევნებით, იმით თუ როგორ იქცევა ხელისუფლება და რა ჯიუტად არის ჩაბღაუჭებული უვარგის საარჩევნო სისტემას, მაფიქრებინებს, გაუჭირდება, თან ძალიან. წარმატების შანსები მიზერულია. ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილი, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, იყო ქართველი ამომრჩევლის შანტაჟი. წერილის ქვეტექსტი დაახლოებით ამას გვეუბნებოდა, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, დაღუპულები ხართ, მოვა მიშა და ყველას დაგიჭერენ, ვისაც მისთვის ხმა არ მიგიციათ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ასევე არსებული განწყობებით, რომ რთული არჩევნები ელოდება წინ «ქართულ ოცნებას“.

„ახალი თაობა“, 02 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: ჩვენს ჩამოყვანილ მომღერალს მაყურებლისთვის უკანალი რომ მიეშვირა, ტაბურეტკების რევოლუციას მოგვიწყობდნენ“ // „ირაკლი ოქრუაშვილს გოგა ხაინდრავაზე სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს

რაზე უნდა გადაიღოს ფილმი გოგა ხაინდრავამ, ვინ დაასაქმა ნოდარ ხადურმა, რას ვერ პატიობენ ნაციონალები სააკაშვილს, რა ამბავი გაიგო ცხინვალიდან ირაკლი ოქრუაშვილმა? – ამ თემებზე «ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.

„ქოცების შემხედვარეს თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონა, მაგრამ იქ, სადაც ივანიშვილი და ხადურია, გაკვირვების საბაბს რა დალევს. ეს უსირცხვილო ფინანსთა მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, საქართველოში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალიაო. ამას ამბობს იმ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, სადაც ყოველ წელს არასრულფასოვანი კვების გამო რამდენიმე ასეული ბავშვი იღუპება. უმუშევრობის შემცირებაზე იმ ქვეყნის ხელისუფლება საუბრობს, სადაც ადამიანები ნაგვის ბუნკერებში იქექებიან და იქ ეძებენ პურის ლუკმებს. ასე რომ ტრაბახობს და ბაქი-ბუქობს, გამოვიდეს და გვითხრას, სად შეიქმნა სამუშაო ადგილები. ამათი მოსვლის შემდეგ ქვეყანა გაჩერდა. ჩვენს დროს ერთგვარი დრაივი იყო, სადაც გაიხედავდი, ყველგან მშენებლობას დაინახავდი. შენდებოდა გზები, სახლები სასტუმროები’, – ამბობს მეგი გოცირიძე.

- სასტუმროები ახლაც ხომ შენდება?

- ახლა სასტუმროს ივანიშვილი აშენებს ბოტანიკურ ბაღში. სხვა ყველაფერი გაჩერებულია.

- გზების შეკეთებაც ხომ მიდის?

- ახლა ხადურივით ნუ აპირებთ ჩემს გადარევას, რას ეძახით გზის შეკეთებას – ორი მუშა რომ დგას და წვიმაში აგებს ასფალტს? გზების კეთება იმას ჰქვია, რაც ჩვენს დროს ხდებოდა. ამას ჩვენი ოპოზიციაც კი ვერ უარყოფდა. სხვა სათქმელი რომ არაფერი ჰქონდათ, იმას ამბობდნენ – ასფალტი ვჭამოთო? ახლა ასფალტიც აღარ აქვს ხალხს საჭმელად. იმ ასფალტის დაგებაზე უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული. ახლა იცით, რა ხდება? ხადური თონეში შემწვარ ციკანს ჭამს და ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, 41 ნერწყვი ჩამოგვდის. რეკორდები რადგან ახსენეს, ქოცებმა მართლაც მოხსნეს რეკორდი, ოღონდ საკუთარი ნათესავების დასაქმებაში. ამ მხრივ მართლაც გამოიდეს თავი და დამატებითი სამუშაო ადგილებიც კი შექმნეს. „ქართული ოცნების“ აქტივისტებით არის სავსე საჯარო უწყებები.

- აქტივისტების დასაქმება არც ნაცმოძრაობისთვის იყო უცხო...

- როგორ შეიძლება ჩვენი და ამათი შედარება ერთმანეთთან. ჩვენ მართალია ვასაქმებდით ჩვენს აქტივისტებს, მაგრამ ის ხალხი კონკურსებს გადიოდა. ამათ კონკურსები გააუქმეს და ხელშეკრულებებით აჰყავთ ხალხი სამსახურში. ხელისუფლებაში როგორც კი მოვიდნენ, ეგრევე თავისი ხალხით გადაავსეს სახელმწიფო უწყებები. ადგილებზე თითო-ოროლა ძველი თანამშრომელი დატოვეს. ისინიც იმიტომ, რომ მათთვის ეჩვენებინათ, როგორ ჩაერთოთ კომპიუტერი.

- კომპიუტერის ჩართვა არ იცოდნენ?

- არც ჩართვა იცოდნენ და არც გამორთვა.

- ძალიან არარეალურია თქვენი ეს განცხადება. `ქართული ოცნება~ ხელისუფლებაში 2012 წლის დამლევს მოვიდა. წარმოუდგენელია, ამ დროს ხალხს კომპიუტერის ხმარება რა სცოდნოდა. ფეისბუქს რომ თავი დავანებოთ, ოდნოკლასნიკების მომხმარებლები ხომ მაინც იქნებოდნენ?

- ტყუილების თქმას მიჩვეული არა ვარ და დამიჯერეთ, ამ ხალხმა დღემდე არ იცის კომპიუტერის ჩართვა. კომპიუტერის ჩართვაში ღილაკზე თითის მიჭერას არ ვგულისხმობ. ხელისუფლებაში რომ მოვედით, საქმის წარმოება ელექტრონულ სისტემაზე გადავიყვანეთ. ეს ხალხი საქმეს აწარმოებს ელექტრონულად კი არა, ფეისბუქზე გაზიარება და დალაიქება ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან. აი, ასეთი უცოდინარი აქტივისტები დაასაქმეს და უნამუსოდ გვეუბნებიან, უმუშევრობის დონე რეკორდულად შემცირდაო. ხადურს ტყუილების თქმაში მხარი დიმიტრი ქუმსიშვილმაც აუბა და ამტკიცებს, სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი 500.000-მდე შემცირდაო. ეს იმ დროს, როცა სოციალურად დაუცველთა ბაზაში ლამის მილიონამდე ადამიანია შეყვანილი.

სტატისტიკის თუ არ სჯერათ, გაიარონ უფასო სასადილოებში და ნახონ, რა ხდება. ხალხი წყალ-წყალა სუპის მისაღებად რიგში დგას. იმ ხალხზეა საუბარი, რომელთა გამოსაკვებადაც, საკრებულოს დეპუტატის თქმით, 1.18 ლარია საკმარისი. ამათ უნდა აჭამო დღეში 1.18 ლარის პროდუქტი და ვნახავ, როგორ იჭიკჭიკებენ. აქტივისტების დასაქმებაზე ვსაუბრობდით და რამდენადაც მახსოვს, გიგი უგულავა ამ ბრალდებით დააკავეს. მაინტერესებს, ახლა აღარ ითვლება ეს დანაშაულად? ან ის მითხრას ვინმემ, რატომ არ დაუბრუნეს ხალხს წართმეული ქონება. ამათი მიზანი ხომ სამართლიანობის აღდგენა იყო. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქონების დაბრუნებას ითხოვდა, ერთნაირი პასუხი მიუვიდა – ხანდაზმულობის გამო მათი საქმე ვერ გადაიხედებოდა.

- თქვენ მართლა დარდობთ იმაზე, რომ თქვენი მმართველობის დროს წართმეული ქონება ხალხს არ დაუბრუნეს?

- მე ის მაწუხებს, რომ ხალხი თავიდანვე მოატყუეს. ქოცებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ქონების დაბრუნება ვერ მოხდებოდა.

- წინასწარ საიდან იცოდნენ, რომ ამ ქონებას ვერ დააბრუნებდნენ?

- იმიტომ, რომ მათთვისაც ნათელი იყო, რა ვითარებაში მოხდა ამ ქონების ჩამორთმევა. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ იშოვა ქონებაჩამორთმეულთა უმეტესობამ ქონება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ადამიანებმა კუპონებზე შეიძინეს ყველაფერი. ეს იყო სახელმწიფოს დაყაჩაღება. ჩვენ ამ ადამიანებს ჩამოვართვით ქონება და არა იმათ, ვინც პატიოსანი გზით იშოვა ფული.

- ადამიანისთვის ქონების ჩამორთმევა შეიძლება სამართლიანი იყოს?

- ამ შემთხვევაში ისაა მთავარი, რა გზით გაქვს ეს ქონება ნაშოვნი. და რაც მთავარია, ჩვენ ეს ქონება არ მიგვითვისებია.

- ქონებაწართმეულები ამბობენ, რომ მათი ქონებები თქვენ გადაიფორმეთ...

- ეს ქონება სახელმწიფოს ეკუთვნოდა და სახელმწიფოსვე დაუბრუნდა. პიროვნებებს, რომლებიც ამ ქონებას განკარგავდნენ, მათი დაბრუნების შანსიც მიეცათ. გაიმართა აუქციონები, სადაც კუპონებზე ნაყიდი ქონება გამოიტანეს და რეალურ ფასად გაყიდეს.

- საკუთარი ქონების ყიდვა შესთავაზეთ?

- რას ჰქვია საკუთარი ქონების? ეს იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. ამ ადამიანებმა ბევრი მოგება ნახეს წლების მანძილზე ამ ქონებით და შეეძლოთ აუქციონზე მისი ხელახლა შეძენა. ბევრი ასეც მოიქცა. უკანონოდ თუ გვქონდა ვინმესთვის რამე წართმეული, «ქართულმა ოცნებამ“ რატომ არ გამოასწორა ეს ხარვეზები? ვერაფერი უკანონობა ვერ იპოვეს და ამ ხალხს მისწერეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერაფერსაც ვერ დაგიბრუნებთო. სამართლიანობის აღდგენა ისეთივე ბლეფი იყო, როგორც მათ მიერ დაპირებული კეთილდღეობა. როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებამ ქვეყანას სიკეთე მოუტანოს, რომელიც ოპოზიციის ოპოზიციაა. ასეთი უსახური ხელისუფლება საქართველოს შევარდნაძის დროსაც კი არ ჰყოლია.

- კუპონებზე მიითვისეს ქონებაო, თქვით. როცა ეს ხდებოდა, ვიცე-პრემიერი იყო თქვენი მოგვარე რომან გოცირიძე, ის განაგებდა ეკონომიკურ სფეროს. როგორც ამბობენ, სწორედ მის სახელს უკავშირდება ეს ამბები...

- რა შუაშია აქ რომან გოცირიძე ან ვინ ეკითხებოდა მას ამ ქონების განკარგვას. მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ასე ხდებოდა და ყველგან რომან გოცირიძე იყო? სახელმწიფო ქონებას მაშინ ყველა იტაცებდა, ვისაც ორი კაპიკი და ავტომატი ჰქონდა.

- გოგა ხაინდრავამ თქვა, ჩემს ფილმში ნაციონალების გარყვნილებაზეც იქნება საუბარი, ასეთი გარყვნილება არავის არსად უნახავს და გთხოვთ, მოზარდები ეკრანებს მოაშოროთო. ამისთანას რას აკეთებდით?

- გოგა ხაინდრავაზე მარტო იმის გახსენებაა საკმარისი, რაც მაგას 1992 წელს თბილისსა და სამეგრელოში აქვს გაკეთებული.

- მაშინ რატომღა დანიშნეთ სახელმწიფო მინისტრად?

- ეგ მეც არ ვიცი და ერთადერთი, რასაც არასდროს ვაპატიებ მიშას, ხაინდრავას მინისტრად დანიშვნა იქნება. ის ამ თანამდებობაზე მიშას რეკომენდაციით არ მოხვედრილა.

ახლა რაც შეეხება კინოს. ქოცები არჩევნების წინ ბინძური კადრების ჩვენებას მიეჩვივნენ. 2012 წელს ერთხელ უკვე დაიჯერა ამომრჩეველმა მათი სიბინძურე, მეორედ ეს აღარ განმეორდება. გინდა წერილები დაწერონ და გინდა ფილმები გადაიღონ. ძალიან მაინტერესებს, იქნება თუ არა ამ ფილმში შეტანილი ხაინდრავას მინისტრობის პერიოდი. ყველაზე მეტად მაინტერესებს, ცხინვალში, ბორის ჩოჩიევის კაბინეტში მომხდარი ამბავი თუ მოხვდა ამ ფილმში. რამდენადაც ვიცი, იქ მყოფი ცხინვალის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დღემდე შოკშია მომხდარის გამო. ახლა არ დავწვრილმანდები იმაზე საუბრით, ვინ ვისთან ისადილა მაშინ და სად რისთვის წავიდა, ეს ამბავი ქართულ პრესაში არაერთხელ დაიწერა. სიახლე მხოლოდ ის არის, რომ ამ ამბის გამო დაუპირისპირდა ხაინდრავა ნაციონალურ მოძრაობას. ირაკლი ოქრუაშვილი გორიდან არის წარმოშობით და ცხინვალთან აქვს კავშირები. მას ამ ამბის შესახებ ცხინვალიდან აცნობეს, ის სააკაშვილთან აპირებდა მისვლას და სიმართლის თქმას. ეს ამბავი გაიგო გოგა ხაინდრავამ და სანამ გააგდებდნენ, თავად გადადგა ნაბიჯი. იმ პერიოდში სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესი მიდიოდა და საპროტესტო აქციები იმართებოდა. ხაინდრავა იქ გაიქცა და ამით გადაფარა თავისი წასვლის ნამდვილი ამბავი. ცოტა უხერხულია, როცა ის და სხვა მეოცნებეები სხვის გარყვნილებაზე საუბრობენ. ამათ პრემიებსა და დანამატებზე რამდენი ფული იხარჯება, სათვალავი აღარ არის. საზღვარგარეთ მივლინებებიც მილიონები უჯდება ბიუჯეტს. ციკნებით და ბიუჯეტის ხარჯზე ნაყიდი კოკა-კოლებით რომ გული იჯერეს, ახლა მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებით გადაწყვიტეს გართობა.

- ეს ვარსკვლავები თქვენც ხომ ჩამოგყავდათ?

- ჩვენ თუ ჩამოგვყავდა, უფასო კონცერტებს ვმართავდით. ამათ კიდევ ბილეთები გაყიდეს. თანაც როდის ყოფილა, რომ ჩვენ მიერ ჩამოყვანილ ვარსკვლავს კონცერტზე ვინმესთვის უკანალი საგანგებოდ მიეშვირა. ამათ ჩამოყვანილმა რობი უილიამსმა ეს გააკეთა და ეს ვითომ არაფერი. მაინტერესებს, სად იყვნენ ქართველი ვაჟკაცები და ოჯახის სიწმინდის დამცველები. დავიჯერო, ტაბურეტკისკენ არავის გაუწია გულმა? ჩვენს დროს რომელიმე უცხოელ მომღერალს კონცერტზე რომ ჩაეხადა, ტაბურეტკების რევოლუციას მოგვიწყობდნენ.

„ახალი თაობა“, 02 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოთამაშე-მწვრთნელად რჩება // „ნაციონალური მოძრაობისაკრძალვა მინდა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ახალ თაობას“ პოლიტიკოსი თენგიზ დიხამინჯია ესაუბრა. „მე კოალიციური მთავრობის მომხრე ვარ, მაგრამ „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კოალიცია არ გამოვა. კოალიციურმა მთავრობამ გარდამავალი პერიოდისთვის, გარკვეულწილად, გარანტია უნდა მისცეს საზოგადოებას“, – აცხადებს თენგიზ დიხამინჯია.

- დღეს ხომ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, სადაც მრავალი ძალა დომინირებს? შეიძლება კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა ბუნებრივად წარმოიშვას...

- კი ბატონო, მაგრამ თან რუსთავი 2-ზე ძალიან ცუდი ამბები ხდება.

- რას გულისხმობთ?

- ამ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვისაც რუსთავი 2 ჭირის დღესავით ეზიზღებოდა, აზრი შესცვლოდა.

- თუ ქიბარ ხალვაშს ის ქონება წართმეული აქვს, არ უნდა დაუბრუნდეს?

- ჰო, მაგრამ ამან ისეთი ხასიათი მიიღო, რომ რუსთავი 2 წინასაარჩევნოდ საბოლოოდ უნდა განეიტრალდეს. თუ ამას აკეთებდნენ, ადრე უნდა გაეკეთებინათ. ეს არის საბედისწერო შეცდომა. ანალოგიური ოპერაციები ჩატარდა მაესტროზე.

- რა პროცესებს აქვს ადგილი, ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი არ არის. მაშინ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დაპირება როგორ უნდა შესრულდეს?

- იმის თქმა მინდა, რომ ერთი და იგივე ხელწერაა, რაც ხდება რუსთავი 2-ისა და მაესტროს მიმართ. რუსთავი 2 დანაშაულებრივი პარტიის განაყოფს რომ წარმოადგენს და მათ იდეოლოგიას ემსახურებოდა და დღესაც ემსახურება, ცხადია. ისე არ უნდა გააკეთო, შთაბეჭდილება დატოვო, რომ ყველა ტელევიზიის კონტროლი გინდა.

- როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანობის აღდგენა მათთვის, ვისაც ქონება წაართვეს? ხალვაში აცხადებს, რომ თავისი ქონების დაბრუნება უნდა. სულ არ აინტერესებს, იმის იქით რა ხდება...

- ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს. ეს უნდა გაეკეთებინათ გაცილებით ადრე. წინასაარჩევნო პერიოდს არ უნდა დამთხვეოდა.

- სჯობს გვიან

- ჰო, მაგრამ პირდაპირ იკითხება – ხალვაში ჯერ სააკაშვილის მარიონეტი იყო, ახლა ამათი მარიონეტია, ზეგ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, იმათი გახდება.

- პიარი რომ ჩამოვაშოროთ ამ ყველაფერს, მაშინ რა იქნება?

- რა თქმა უნდა, რუსთავი 2 არის დამნაშავე ხალხის ტელევიზია. კორცხელში ინციდენტი რომ მოხდა ამ ბედოვლათების გამოისობით, სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ჩაერთო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსთავი 2-ს ძირითადად სააკაშვილი აკონტროლებს. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ ამ ორგანიზაციას ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს. ის კი არ უნდა თქვა, მეორე ადგილზე გავლენ და კიდევ ჩვენ ორნი დავრჩებით, მესამე და მეოთხე კი უნდა გაიკრიფოსო. შენ უნდა შექმნა დემოკრატიულ საწყისებზე ნორმალური საარჩევნო გარემო და ისეთი სამართლებრივი ველი, სადაც ყველა თავის ადგილს მონახავს. ამის მაგივრად ხდება ამ მოვლენების გადაფარვა და რაღაც მავნე ტენდენციების წარმოჩენა.

- მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა. ის ფიქრობს, რომ დღეისთვის შეიქმნა ისეთი თავისუფალი ველი, სადაც ყველა ძალას შეუძლია თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა. ისე, თუ ავიწროვებენ, რუსთავი 2-დან მუდმივი კრიტიკა როგორ ისმის? თვითონ სააკაშვილი მოითმენდა იმგვარი კრიტიკის 1%?

- მაესტროში ძმები გაჩეჩილაძეების შემოყვანა, გარკვეულწილად, ნიშნავდა შევიწროებას…

- გაჩეჩილაძეებმა რა დააშავეს? ისინიც ხომ იბრძოდნენ ძალადობის წინააღმდეგ და სააკაშვილის რეჟიმმა სძლია? ამას რომ თავი დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილისგან რა მთავარი გზავნილი მიიღეთ?

- მთავარი გზავნილი, რაც მე ძალიან არ მომწონს, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოთამაშე-მწვრთნელად დარჩენაა.

- ცუდია მოთამაშე-მწვრთნელად ყოფნა?

- ძალიან ცუდია. მოთამაშე-მწვრთნელად ყოფნა შეიძლება დიდ კლუბებში, სადაც რამდენიმე მილიარდიანი ბიუჯეტი აქვთ ზოგიერთ ქვეყანასავით. ისინიც კი თავიანთ თავს ფუფუნების უფლებას არ აძლევენ. თუ უმძიმესი მდგომარეობა ან ექსტრემალური ვითარებაა, შეიძლება 2-3 თვე ჰყავდეთ მოთამაშე-მწვრთნელი. ისიც ძალიან დიდი პიროვნება უნდა იყოს, რომელიც ერთმანეთს უთავსებს მწვრთნელისა და მოთამაშის ამპლუას.

- ქვეყნის ავკარგიანობაზე პასუხისმგებლობა მას თუ ეკისრება?

- რა თქმა უნდა.

- მაშინ მწვრთნელად ყოფნასაც რატომ უწუნებთ?

- ამას წინათ პაატა ბურჭულაძეს ჰკითხეს (ჩემი ტერმინით რომ ვთქვათ), თქვენც მოთამაშე-მწვრთნელად გინდათ რომ იყოთო? არა, მე თუ პრემიერობას შემომთავაზებენ, საქმეს ბოლომდე მივიყვანო.

- პაატა ბურჭულაძეს ბიძინა ივანიშვილის გუნდზე უკეთესი გუნდი ჰყავს, რომ დანაპირები შეასრულოს?

- ამაზე საუბარი არ არის. მან მთავარი თქვა, `ოცნებისგან~ განსხვავებით, ის არ შეეგუება იუსტიციის სამინისტროსა და დანაშაულებრივი სასამართლოს არსებობას. სხვებისგან განსხვავებით, მაგათ მხოლოდ მსხვერპლად არ აღიქვამს.

- სხვათა შორის, ის ჯაგნარი, რომელიც იყო საქართველოში 2012 წლამდე, გაკვალულია.

- რა თქმა უნდა.

- ამიტომ ახლა ნებისმიერს შეუძლია იბრძოლოს გამარჯვებისთვის...

- ნებისმიერს არ შეუძლია.

- რატომ?

- საარჩევნო კანონია ძალიან ცუდი. მაჟორიტარების ინსტიტუტი ისეა მორგებული ხელისუფლებაზე, რომ კოლოსალური ბერკეტები გააჩნია.

- პოლიტიკურმა ძალებმა არსებული საარჩევნო კანონმდებლობის რადიკალურად შეცვლისთვის რატომ არ იბრძოლეს 2013-14-15 წლებში? არჩევნების წინა დღეს ლაპარაკს რა აზრი აქვს?

- ქუჩაში გამოსულიყვნენ?!

- მშვიდობიანად გამოსულიყვნენ და მოეთხოვათ. თუ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერდა, უნდა გამოეყვანათ...

- ახლა ამ ყველაფერმა კომიკური ხასიათი მიიღო. რადგან ხმალაძე რესპუბლიკელია, ისეთნაირად გააკეთა, რომ სატელევიზიო ეთერი ჩამოაჭრა ნათელაშვილს, ბურჯანაძესა და სხვებს და გაუნაწილა ვაიკოალიციაში შემავალ სუბიექტებს, რაც არასამართლიანია.

- ბიძინა ივანიშვილის წერილიდან დადებითი ვერაფერი ამოიკითხეთ?

- დადებითი ის ამოვიკითხე, რომ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ფონი და სუნთქვა შეიძლება. გარკვეულწილად, მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა. ადამიანის უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, სამართლებრივი ველი მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა. თუმცა, კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მესამე უნდა გაიკრიფოს და ორპარტიული სისტემა უნდა დარჩეს, ნაცები და ქოცები. ამის გულისთვის ყველაფერს აკეთებს.

- ახლანდელ წერილში ეს სად წერია?

- ეს პირდაპირ იკითხება.

- მგონი, პირიქით ამბობს, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენო. თქვენ ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნების მომხრე ხართ?

- პირიქით, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა მინდა. ძირითადი ბირთვი უნდა გაესამართლებინათ. უდანაშაულო ხალხი კი უნდა დაეტოვებინათ. ეს იქნებოდა სამართლიანობის ფუნდამენტალური აღდგენა.

——————–

ვერსია“, 01 ივნისი, 2016 წელი

ნინო ბურჯანაძის გუნდი თამაზ მეჭიაურის პარტიაში გადადის

რომელ დეპუტატებს წაიყვანსოცნებიდანდა ვის წაართმევს ხმებს უმრავლესობის ყოფილი ლიდერი

ნინო კომახიძე

არჩევნებამდე ოთხი თვე, თამაზ მეჭიაურის პარტიის დაარსებამდე კი ორი კვირა რჩება. ყოველ შემთხვევაში, თავად დეპუტატმა ასე დააანონსა მას მერე, რაც ,,ქართული ოცნებიდან” საბოლოოდ წამოვიდა. არაერთი ფრთიანი ფრაზის ავტორმა პოლიტიკოსმა პარტია დაახლოებით ერთი კვირის წინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დატოვა, საკუთარი სურვილით, თუმცა კოალიციას თემატურ უმრავლესობას დღემდე ავსებინებს. ბოლო სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, სიტყვები – ახლა დაყოფის დრო არ არისო, სწორედ მეჭიაურს მიუძღვნა. პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ყოფილმა პრემიერმა კურსელს არაპირდაპირ სთხოვა, ამ წინასაარჩევნოდ ახალ პარტიას ნუ შექმნიო, თუმცა, როგორც მეჭიაურის გეგმებიდან ჩანს, ,,ბუნებით მაჟორიტარი”, გავლენიანი კურსელის თხოვნას არ ითვალისწინებს. მეტიც, მისი სავარაუდო პარტნიორების შესახებ უკვე ბევრი საუბრობს. ,,ვერსიამ” გაარკვია, ვინ იქნებიან მეჭიაურის პარტიის სახეები და ვის წაართმევს საარჩევნო სეგმენტს – ყოფილ პარტიას თუ რადიკალურ ოპოზიციას.

თავად მეჭიაური პარტიულად ,,მრეწველებსა” და პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა არჩევნებზე წარდგომას მარტო აპირებს. როგორც ამბობს, მისი პარტია კონსერვატიულ ფლანგს გააძლიერებს. საიდუმლოს არც მისი საგარეო ორიენტირი წარმოადგენს, რადგან დეპუტატისა და ,,ოცნების” პოლიტიკური გაყრის მიზეზი სწორედ ქვეყნის დეკლარირებული საგარეო კურსი გახდა – თამაზს ნატოსი არ სჯერა! პარლამენტის წევრმა უკვე ისიც დააზუსტა, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თბილისში იყრის, რადგან ,,რეგიონში დეპუტატად ყოფნა დიდ დროს მოითხოვს”. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. სუბიექტები უკვე თავად დაასახელა, რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, ვინც მეჭიაურთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს, მათ შორის ერთ-ერთი პირველია დეპუტატი ,,ოცნებიდან”, ომარ ნიშნიანიძე. თამაზ მეჭიაურის განცხადებას წასვლის შესახებ, ყველაზე ოპერატიულად სწორედ ნიშნიანიძე გამოეხმაურა და თქვა, ,,პირველად წელიწადნახევრის წინ ვიყვირე, რომ პარტიაში არ იყო კარგი მდგომარეობა. მას მერე მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. ყრილობამაც, სამწუხაროდ, იმედი გამიცრუა, მითუმეტეს, პოლიტსაბჭოს ახალმა შემადგენლობამ, ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, ვიქნები თუ არა მათთან, ესაა საკითხავი… არ არის გამორიცხული, მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში იმიტომ, რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა”. ომარ ნიშნიანიძის ეს შეფასება ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია ამ მომავალი პარტიის მიმართ, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, მეჭიაურის ახალ გუნდს საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. არაკოაბიტირებული ნაწილი შეუერთდება, რომლის ყოფნა-არყოფნა მთავარ სახელისუფლო პარტიაში, დიდი ხანია კითხვის ნიშნისქვეშ დგას. ესენი არიან: სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და ომარ ნიშნიანიძე. პარლამენტსგარეთ კი მეჭიაურს მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, ჯონდი ბაღათურიასთან, შალვა ხაჭაპურიძესთან, სოსო მანჯავიძესთან, ზვიად ტომარაძესა და სანდრო ბრეგაძესთან. პარლამენტში და მის გარეთ მყოფ ამ ადამიანებს გამოკვეთილად ნაციონალური მოძრაობის მიმართ შეუწყნარებლობა ახასიათებთ, ისინი კოჰაბიტაციას არაერთხელ გაემიჯნენ და კიდევ ერთი, რაც შეუძლებელია, ვერ დავინახოთ – თამაზ მეჭიაური რადიკალურ ნიშას ირგებს და პირდაპირ ნინო ბურჯანაძის სეგმენტს ,,აჯდება”, მათ შორის, მისი ყოფილი პარტნიორების გადაბირებითაც. რეალურად, სოსო ჯაჭვლიანიცა და ლუკა კურტანიძეც ნინო ბურჯანაძის ხელდასხმით მოხვდნენ ჯერ ბიძინა ივანიშვილის პირად, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის სიაში.: ყოფილი დეპუტატი და უფლებათდამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ნინო ბურჯანაძის ,,გაერთიანებული დემოკრატების” მერობის კანდიდატი იყო, ჯონდი ბაღათურია – ალიანსში მყოფი პარტია, სახალხო კრებასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს შალვა ხაჭაპურიძესაც. სხვათა შორის, სახალხო კრებაში იყო სოსო მანჯავიძეც, რომელმაც ამ გაერთიანების რიგები საკმაოდ მალე დატოვა, შემდეგ ირმა ინაშვილის პარტიაში ვიხილეთ, დღეს კი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია და თამაზ მეჭიაურთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

როგორც სოსო მანჯავიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პატივს სცემს დეპუტატ მეჭიაურს და არ გამორიცხავს თანამშრომლობას არავისთან, ვინც ნაციონალების სატელიტობაში არაა ეჭვმიტანილი.

კულუარებზე უკეთ კი ფოტოფაქტები მუშაობს – ნიკოლოზობის დღესასწაული მეჭიაურმა სანდრო ბრეგაძესთან, შალვა ხაჭაპურიძესთან, სოსო მანჯავიძესა და ზვიად ტომარაძესთან ერთად აღნიშნა და შესაბამისი სურათები ინტერნეტითაც გავრცელდა. როგორც ფოტოების ერთ-ერთი გმირი ჩვენთან პირად საუბარში ადასტურებს, მასა და მეჭიაურს შორის რამდენიმე შეხვედრა მართლაც შედგა და გამორიცხული არაა, ახალი პარტიის რიგებში მართლაც ვიხილოთ. სანდრო ბრეგაძე ,,ეროვნულებიდან” კი ლგბტ თემის წინააღმდეგ ისე თავდაუზოგავად იბრძვის სამოქალაქო სექტორში, როგორც მეჭიაური საპარლამენტო ტრიბუნიდან. ამიტომ მათი პოლიტიკური კავშირი გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს. სხვათა შორის, საპარლამენტო ტრიბუნა კიდევ ერთი პლუსია, რაც მეჭიაურს აქვს, გარდა მაღალი ცნობადობისა და ,,არაკოჰაბიტირებულის” იმიჯისა. თუ მის გარშემო თავს ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ლიდერები მოიყრიან, ნინო ბურჯანაძე, რომელსაც ნომერ პირველი რადიკალი ქალის სტატუსი ისედაც ირმა ინაშვილმა ჩამოართვა, სრულიად გაკოტრებული დარჩება. თუმცა მეჭიაურის გაძლიერება დიდად არც პატრიოტთა ალიანსს აძლევს ხელს – თუ ირმა ინაშვილი – თამაზ მეჭიაურის პარტიები არ ითანამშრომლებენ, „პატრიოტებისთვის“ დეპუტატის ახალი ძალა ყველაზე რეალური კონკურენტი შეიძლება გახდეს ე.წ. რადიკალურ სეგმენტში. ხოლო თუ პატრიოტთა ალიანსს, ბურჯანაძე-დემოკრატებს, მრეწველებს, ეროვნულებსა და მეჭიაურს ერთად ვიხილავთ, მაშინ ეს ყველაზე დიდი საპირწონე იქნება პროდასავლური ფრონტისთვის, სადაც ყველა დანარჩენი, ავტომატურად, ნაციონალების ბანაკის გვერდით დაჯგუფდება და პროდასავლურობის გარდა, „ანტინაციონალობის“ მტკიცებაც მოუწევს.

———————-

საქართველო და მსოფლიო“, 01 ივნისი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი მითები და რეალობა

გიორგი გაჩეჩილაძე

30 მაისს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც განვლილი 4 წელიწადი შეაჯამა. მმართველი გუნდის საქმიანობა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო გეგმები, ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა და ერებს შორის ურთიერთობა – აი ძირითადი საკითხები, რომლებზეც წერილში ყურადღებაა გამახვილებული.

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არაერთგვარი შეფასებები გამოიწვია, უფრო მეტიც _ ურთიერთგამომრიცხავი. ერთნი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის წერილში ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო. მეორენი, ძირითადად, “ქართული ოცნების” წევრები ბიძინა ივანიშვილს ხოტბას ასხამენ და ამბობენ, რომ ეს იყო ყველაზე იმედიანი, ობიექტური და სწორი შეფასება; პარლამენტის ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს კი “ივანიშვილის წერილმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაახსენა”.

ამ საკმაოდ ვრცელ წერილში ბევრი საკამათო პასაჟია, მაგრამ ყურადღებას მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ:

ბიძინა ივანიშვილი წერილის იმ ნაწილში (“სად ვიყავით”), რომელშიც მოჰყავს ნაწყვეტები 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული მიმართვიდან, აღნიშნავს:

საგადასახადოს, პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობსერთ დიდ ციხედ გადაქცეული მთელი ქვეყანა, ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა. ტოტალური მოსმენები, თვალთვალი, ფარული გადაცემები, დასმენა და შანტაჟი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა.

ვისაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას შეატყობდნენ, სამსახურებიდან აგდებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ცემდნენ, აპატიმრებდნენ, ციხეში სასტიკად აწამებდნენ და, თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, კლავდნენ კიდეც. ორმაგი სტანდარტით მართავდნენ ქვეყანას - სინამდვილეში სულს ხდიდნენ ადამიანებს, სხვების დასანახად კი დემოკრატიის შუქურად მოჰქონდათ თავი”.

დიახ, მართლა ასე იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და სწორედ ამ ჯალათი რეჟიმის თავიდან მოსაშორებლად და სამართლიანობის აღსადგენად დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობამ “ქართულ ოცნებას”, იმედით, რომ ადამიანებს წართმეულ ბიზნესს დაუბრუნებდით, მკვლელებსა და მწამებლებს კი სათანადოდ დასჯიდით, მაგრამ მოხდა ასე? მხოლოდ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის ექსმერი გიგი უგულავა არიან დამნაშავენი 2003-2012 წლებში ქართველი ხალხის თავზე დატრიალებულ უბედურებებში? განა დამნაშავე ნაციონალებთან კოაბიტაციის გამო დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა “ქართულ ოცნებას” და პირადად ბიძინა ივანიშვილს? ხომ ცხადია, რომ სწორედ ე.წ. კოაბიტაციის შედეგად აღზევდა “ნაციონალური მოძრაობა” და ახლა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის “დაუსჯელობის სინდრომით” გათამამებული წევრები საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების სათავეში დაბრუნებით ემუქრებიან. განა სახელისუფლო სტრუქტურები (განსაკუთრებით _ ძალოვანი უწყებები) “ნაცმოძრაობის” ყოფილი თუ მოქმედი წევრებით არ არის სავსე? განა კორცხელში გამართულ შუალედურ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” “ნაცმოძრაობის” მოქმედი წევრი(!) არ დაასახელა თავის კანდიდატად? განა კორცხელშიც ისეთივე მეთოდით, ცემა-ტყეპით, არ ჩატარდა არჩევნები, როგორ მეთოდებსაც თავის დროზე “ნაცმოძრაობა” იყენებდა?

ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო - 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას”.

ამ ფრაზის წერისას ბატონ ბიძინას, ალბათ, არ გაახსენდა 2015 წლის ოქტომბერში საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნები, როდესაც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამინისტროს რესურსი გამოიყენა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ თამარ ხიდაშელს პარლამენტის დეპუტატობა გაუკვარახჭინა. განა სხვას რას აკეთებდნენ არჩევნების გაყალბებაში დაოსტატებული ნაციონალები?! განა ეს არ არის იმ რეჟიმის მეთოდების გამოყენება, რომლებსაც გმობდით 2011 წლის წერილში?!

ისინი ღიად ქადაგებდნენ ქართველი კაცის ძირისძირობამდე გარდაქმნასა და რაღაცახალი ადამიანისჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვას და ყველაფრის მკადრებელ ზომბებად გაწვრთნას ნიშნავდა. ისინი არავის ინდობდნენ, ვისი ავტორიტეტიც ამ მიზნის განხორციელებაში ხელს უშლიდათ და ამიტომ ებრძოდნენ ასე თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას.

და რა, შეწყდა ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ? შეწყდა შეურაცხყოფა პატრიარქისა მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობებისა? განა პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი ან ლგბტ-აქტივისტების მიერ საპატრიარქოს გალავნის შეღებვა ერის შეურაცხყოფა არ არის? სოციალურ ქსელებს თავი რომ დავანებოთ, მედიასაშუალებები გადაჭედილია საქართველოს პატრიარქისა და, საერთოდ, მართლმადიდებლობის ლანძღვა-გინებით ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებსაც ფულს სწორედ ყოველივე ქართულისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ობსკურანტიზმის გადმონაშთად წარმოჩენაში უხდიან.

2011 წელს მე ჩემს თანამოქალაქეებს დავპირდი, რომ, _ წერს ბიძინა ივანიშვილი, - პერსპექტიულს გავხდიდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას. დავიწყებდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, გავაღრმავებდით აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობასა და ინტეგრაციას”.

ამ დაპირებებიდან, აშშ-სა და ევროკავშირთან მდგომარეობის “გაღრმავების” გარდა, რაც თბილისში ბიოლოგიური ლაბორატორიის, ე.წ. საწვრთნელი ცენტრის მოდერნიზაციასა და “ვიზალიბერალიზაციაში” გამოიხატა, არაფერი გაკეთებულა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კი (რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ლაპარაკი აღარ არის) ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ აღარ ახსენებს.

2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე 2009-2012 წლებშიმსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87- ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ზე აღმოვჩნდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66- ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით

სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000 საერთაშორისო დოლარს, რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს. იმავე კვლევის მიხედვით, 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46,4%-ით გაიზრდება”.

ამ (და სხვა) არნახული მიღწევების წაკითხვის შემდეგ კაცი უნებლიეთ იფიქრებ, რომ ბატონი ბიძინა სხვა პლანეტაზე, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს ან კიდევ მითებს გვიყვება, რადგან რეალობა სხვაა – საქართველოში მაღალია უმუშევრობის დონე, ლარი გაუფასურებულია, ხოლო პენსიები – სასაცილო… ქვეყანაში, საიდანაც მილიონზე მეტი ადამიანი ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთშია გადახვეწილი და ბევრი, შიმშილით რომ არ მოკვდეს, ნაგავში იქექება, რომელ ეკონომიკურ წარმატებაზეა ლაპარაკი?!

ყველაფრის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წერილში არის მონაკვეთი, რომლის არსიც მისაღებია. როგორც ჩანს, ივანიშვილის ზოგიერთი მრჩეველი კითხულობს და ჯეროვნად აანალიზებს გონივრულ წინადადებებს. ალბათ, ამით აიხსნება ივანიშვილის წერილში რიგი მონაკვეთების ასეთი მსგავსება იმასთან, რაზეც “საქართველო და მსოფლიო” წლების წინათ წერდა – ეს არის საქართველოს ადგილი რეგიონში და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი.

აი რას ამბობდა 2013 წლის ივნისში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში ცნობილი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია:

“მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა შეუდგეს რეგიონში იმ როლის შესრულებას, რომელიც ისტორიულად განპირობებულია მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ბუნებრივი პირობებით, მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური შემადგენლობით, ქართველი ხალხის, როგორც სახელმწიფოს წარმომქმნელი ერის მენტალიტეტით. საქართველო მდებარეობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიჯნაზე, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე, ქრისტიანობისა და ისლამის შეხების ადგილას, მეტიც, ქრისტიანობის ძირითადი განშტოებების _ მართლმადიდებლობის, კათოლიკობის, გრიგორიანობისა და ასევე ისლამის ძირითადი განშტოებების _ სუნიტებისა და შიიტების შეხების ადგილას. აქვე ისტორიულად არსებობს იუდაიზმი, ასევე ქურთების, იეზიდების, ასირიელებისა და მთელი რიგი ხალხების რელიგიები. და მიუხედავად ამისა, ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოში რელიგიური უთანხმოების ნიადაგზე მომხდარიყოს სერიოზული შეტაკება, მით უფრო რელიგიური ომები. ამიტომ საქართველო, ღვთისა და ისტორიის ნებით, წარმოადგენს ბუნებრივ მოედანს კონფესიათაშორისი, ეროვნებათაშორისი, ცივილიზაციათაშორისი ურთიეთობების შესწავლისთვის, ანუ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანური თანაარსებობის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შესამეცნებლად. მართალია, შევარდნაძემ და სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობასთან ომის გაჩაღებით, რამაც ეთნოკონფლიქტების სახე მიიღო, უდავოდ სერიოზულად შელახეს საქართველოსა და ქართველების რეპუტაცია, მაგრამ, ვფიქრობ, საკითხის გონივრული დასმით ეს გამოცდილებაც შეიძლება ვაქციოთ კვლევის საგნად, როგორც, მაგალითად, ავანტიურისტი ხელისუფლების ვოლუნტარისტული ჩარევა ხალხების ბუნებრივად მიმდინარე თანაცხოვრებაში.

იდეალურ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება იქცეს დემილიტარიზირებულ ქვეყნად, თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების შემსწავლელ ლაბორატორიად, რეგიონში წამოჭრილი სერიოზული საკითხების დასარეგულირებლად საერთაშორისო შეხვედრების ადგილად, სადაც მთელი რიგი მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტებისა განთავსდება. სწორედ სხვადასხვა ხალხებთან და რელიგიებთან მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამოცდილების გამო საქართველოს შეუძლია დიალოგების არენად იქცეს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა თურქულ-ქურთული, სომხურ-აზერბაიჯანული, ირანულ-თურქული, ირანულ-აზერბაიჯანული, თურქულ-სომხური პრობლემები, რამეთუ საქართველოში თითოეული მხარე დაინახავს მონათესავე გარემოს უკონფლიქტო თანაცხოვრების ჩვენეული გამოცდილებით. მსგავსი საქმიანობისთვის უზარმაზარი პერსპექტივები არის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩვენ შევძლებდით მათ არსებით დახმარებას პრობლემების დარეგულირებაში, რომლებიც მუდმივად წარმოიშობა ხოლმე საქართველოსთან ისტორიულად მრავალი ძაფით დაკავშირებულ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის. საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ მსოფლიო რელიგიურ კონფესიათა შორის დიალოგის ადგილი გახდეს. ასეთი როლი _ ჟენევის როლი ჩვენს რეგიონში _ უზრუნველყოფდა საქართველოს საჭიროებას ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, შესძენდა მას პატივისცემას და შეუქმნიდა ავტორიტეტს რეგიონის ხალხებში, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შეძენა გამოიწვევდა ქვეყანაში სოლიდური ფინანსური სახსრების მოზიდვას, მოახდენდა განათლებისა და მეცნიერების განვითარებას, კვლევითი მუშაობის სტიმულირებას ისტორიის, რელიგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, ფილოსოფიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა დარგებში… ამასთანავე, საქართველოს თავისუფლად შეუძლია, იქცეს საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრად მაღალი კლასის კლინიკებითა და სანატორიული ბაზით. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გახდეს მეზობელი ხალხებისთვის მათი კულტურული მიღწევების დემონსტრირების ადგილი: აქ შესაძლებელია საერთაშორისო თეატრალური და კინოფესტივალების, სამხატვრო გამოფენების, მუსიკალურ ღონისძიებათა ჩატარება; ჩვენ ხომ გვქონდა ამის გამოცდილება, უბრალოდ, საჭიროა, აღვადგინოთ და გავაღრმაოთ იგი.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდა ქართული მათემატიკური სკოლა, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა. ბევრ ერს არ შეუძლია მოიწონოს თავი ეროვნული სამეცნიერო სკოლებით. გონივრული მიდგომით ყველაფერ ამის აღორძინება შეიძლება, ყველაფერი ეს მოთხოვნადია თანამედროვე მსოფლიოში, ყოველივე ეს საქართველოს მოუტანს პოზიტიური, ეფექტურად განვითარებადი ქვეყნის სახელს, ხოლო ქართველებს _ თანამედროვე, ინტელექტუალური ერის რეპუტაციას, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით მეცნიერებასა და კულტურას ავითარებს.

მე ვოცნებობდი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ავაშენებდით. სწორედ ასეთ მოდელს ვთავაზობდი 90-იან წლებში და იმედი მქონდა, რომ შევარდნაძე, თავისი საერთაშორისო გამოცდილებიდან და მაშინდელი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ამ გზით წავიდოდა, მაგრამ მან საგარეო დიქტატისადმი მორჩილება, ქვეყნის დეინდუსტრალიზაცია, სამეგრელოს აოხრება და გაძარცვა, აფხაზეთში ძმათაკვლა ამჯობინა. სააკაშვილმა კი გააგრძელა თავისი სულიერი მამის მოღვაწეობა. საქართველო დაიქცა, მისი განვითარება შეჩერდა, დაიწყო დეგრადაციის პროცესი. დღეს ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზეც ვოცნებობდი. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი უნდა იყოს “ქართული ოცნება”.

ეს კი ამონარიდია ბიძინა ივანიშვილის 2016 წლის 30 მაისის წერილიდან, რომელიც, ფაქტობრივად, იმეორებს ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებას:

“ყველა ერს აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება, გამორჩეული შესაძლებლობა, რომლის მეოხებითაც იგი წარმატებას აღწევს. ეს შეიძლება იყოს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, ბუნებრივი წიაღისეული, ადამიანური რესურსი, შრომისმოყვარეობა, ტექნოლოგიური მიღწევები და ა.შ. საქართველოსთვის ასეთ საყრდენ ფენომენად მესახება მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი კულტურა და ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე დიდ იმპერიებს შორის ცხოვრების უნიკალური გამოცდილება, რომლის წყალობითაც თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პროგრესისკენ სწრაფვის უნარ-ჩვევები ლამის გენეტიკურ კოდში გვაქვს ჩაწერილი…

კომპრომისის ძიება, როცა საჭიროა _ დათმობა, როცა საჭიროა _ მტკიცედ დგომა ჩვენი ცხოვრების წესად და გეოპოლიტიკურ ლაბირინთებში საიმედო გზამკვლევად იქცა. ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა თბილისის ისტორიულ ცენტრში გვერდიგვერდ მდგარი ტაძრები, რომლებიც ოთხ დიდ რელიგიას _ ქრისტიანობას, ისლამს, იუდაიზმსა და ზოროასტრიზმს განასახიერებენ და ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქვეყანას აძლიერებენ. საქართველოში გვაქვს სკოლები, რომლებშიც ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები ერთად სწავლობენ, გვერდიგვერდ ლოცულობენ და განსხვავებული სარწმუნოება უფრო საინტერესოს ხდის მათ ურთიერთობას. ჩვენი ხასიათისთვის სრულიად უცხოა და მიუღებელი სხვისი სიწმინდეების შეურაცხყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირება. ამ მხრივ საქართველო არის სხვადასხვა ეთნოსის თუ რელიგიური ჯგუფის მეგობრულად და კეთილგანწყობით თანაარსებობის მისაბაძი მოდელი. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მცდელობები, თავს მოგვახვიონ პოლიტიკური თუ რელიგიური რადიკალიზმი, აგრესია განსხვავებული აზრისა თუ ცხოვრების წესის გამო, განადგურებით ემუქრება ჩვენი არსებობის საფუძვლებს. ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე და შეურიგებლობა გვმართებს. სწორედ გულწრფელი ტოლერანტობა წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოში არსებული ბევრი მწვავე პრობლემის გასაღებს და იმ ოქროს საწმისს, რომლითაც ჩვენ საინტერესონი გამოვჩნდებით მსოფლიოსთვის.

ნამდვილად შეგვიძლია, რომ ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველო ძალიან მალე გადავაქციოთ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად, რომლის მოდელიც არის ძველი თბილისი და რისი გამოცდილებაც ათეულობით საუკუნის განმავლობაში გამოვიმუშავეთ…

ჩვენი სტრატეგიული კაპიტალია გეოპოლიტიკური მდებარეობა და კულტურათა მშვიდობიანად შეხვედრისა და ჰარმონიული თანაარსებობის გამოცდილება. ავტორიტარიზმში დაბრუნება ჩვენთვის, მხოლოდ პოლიტიკური კი არა, კულტურული და მენტალური ტრაგედიაც იქნება, ვინაიდან ავტორიტარიზმი ძალადობას ეფუძნება, მისთვის მიუღებელია პოლიტიკური, რელიგიური და საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და ნულოვან ტოლერანტიზმს ამკვიდრებს.

ნულოვან ტოლერანტობასა და ავტორიტარიზმში დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა, კულტურათა მშვიდობიანი გზაშესაყარის ნაცვლად, ცივილიზაციათა გზაგასაყარად და ინტერესთა შეჯახების პოლიგონად გადაიქცევა, რაც დაგვანგრევს და განვითარების ყოველგვარ პერსპექტივას მოგვისპობს”…

შეძლებს თუ არა ამ დაპირების შესრულებას ბიძინა ივანიშვილი, მალე დავინახავთ, თუმცა ჯერ მისმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, თანაც დიდი უპირატესობით და ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს ეროვნული ძალები და არა პროდასავლურ-ანტიქართული, როგორც ეს გააკეთა 2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც “ქართულ ოცნებას” “ნაცმოძრაობიდან” “გადაპორტირებული” პირები, რესპუბლიკელები და ალასანიას პარტიის წარმომადგენლები მიაბა.

საერთოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ამ წერილს წერდა არა როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უნდა, გაიაზროს საკუთარი, ტერიტორიებდაკარგული, კატასტროფის პირას მყოფი კავკასიური ქვეყნის, რეგიონის, უშუალო სამეზობლოს რეალობა, არამედ, როგორც, მაგალითად, რომელიმე ბალკანური სახელმწიფოს წარმომადგენელი.

“ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე საქართველოს კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად ძალიან მალე გადაქცევაზე” საუბრისას ის არაფერს ამბობს ჩვენი უშუალო მეზობლების _ თურქეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იმიერკავკასიის რესპუბლიკების ფაქტორზე, მათ ინტერესებთან ჩვენი ინტერესების თანხვედრის აუცილებლობაზე და ისე გატაცებით საუბრობს “საქართველოს ევროპულ გზაზე”, თითქოს ჩვენი უშუალო მეზობლები გერმანია, ლიხტენშტეინი ან საფრანგეთი იყვნენ და არა თურქეთი, ირანი და რუსეთი. იგი არათუ არ აცნობიერებს იმას, რომ საქართველო არის არა ცენტრალურ ევროპაში, არამედ შუაგულ კავკასიაში, თანაც ფრიად სახიფათო გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი დანაწევრებული ქვეყანა, არამედ უფრო მეტიც _ საერთოდ გვერდს უვლის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებსა და ამისთვის სასწრაფოდ განსახორციელებელ ღონისძიებათა თემას. თანაც გაუგებარია _ ახლა რომ გაახსენდათ მას და მის მრჩევლებს “საქართველოს კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ადგილად გადაქცევა”, ვინ დაუშალა ამ საშური საქმისა და იდეის წლების წინათ, ანუ მაშინვე გაზიარება, როდესაც ასეთი შეთავაზება მისმა გუნდმა ალექსანდრე ჭაჭიასგან საჯაროდ მიიღო?

თავის წერილში ივანიშვილს, ასევე, ავიწყდება, რომ საქართველოს სულიერ-ზნეობრივი დეგრადაცია აქტიურ ფაზაშია შესული; რომ მიმდინარეობს დაუფარავი შეტევა მართლმადიდებლობაზე; რომ ხდება გარყვნილების დანერგვა-პროპაგანდა; ერის, როგორც სოციო-კულტურული ფენომენის გადაგვარება და კვლავ აქებს კოალიციას, რომელიც შექმნა… შეგახსენებთ, ეს ის კოალიციაა, რომელიც მეტწილად ზემოჩამოთვლილ უბედურებებში ხშირად “ნაციონალურ მოძრაობაზე” მეტად ჩართული რესპუბლიკელებისა და ალასანიას პარტიისგან თუ სააკაშვილის ბანდის სხვა ოდიოზური თანამზრახველებისგან შედგებოდა… ივანიშვილი მოგვიწოდებს, კვლავ დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” _ პრემიერ კვირიკაშვილის “გამოცდილ გუნდს”… ვის, ბატონო ბიძინა, რესპუბლიკურ პარტიას, “ოცნებაში” პორტირებულ სხვა ნაცებსა და მათ დესანტს თუ ბატონ კოღუაშვილს, რომელსაც, ლამისაა, ენა გაუცვდეს სააკაშვილის რეჟიმის ჯალათების ქება-დიდებაში? იქნებ მარგველალაშვილს ან ენამჭევრ ზაქარეიშვილს, ან შეუდარებელ ხიდაშელს უნდა დავუჭიროთ მხარი? განა ასევე არ მოგვიწოდებდით, თან დაჟინებით და ჯიუტად, ამ რამდენიმე წლის წინათ, მხარი დაგვეჭირა რესპუბლიკელებისთვის, ალასანიასთვის, მარგველაშვილისთვის? სად არიან დღეს ისინი, ვის ინტერესებს იცავენ?

თქვენ თავს იწონებთ, რომ, ნაციონალების ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქვეყანა მათგან დაქცევას გადავარჩინეთო. ვინ, თუ არა თქვენ, აიძულეთ ქართველი ხალხი, შერიგებოდა თავსმოხვეულ კოაბიტაციას დამნაშავეებთან? ახლა შეიძლება ამის აღიარება გეუხერხულოთ, მაგრამ სწორედ თქვენ იყავით კოაბიტაციის ავანგარდში, როდესაც ადეიშვილის “კარგ მენეჯერობას” მისტიროდით, თინა ხიდაშელი კი იქამდე გაკადნიერდა, რომ განაცხადა, კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო.

საქართველოს მიმართ ამერიკელების სქემის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი ის არის, რომ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენთან არსებობს ორი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა _ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. არადა, სინამდვილეში, როგორც დრომ აჩვენა, ეს ერთი და იმავე მსოფლმხედველობის ძალებია. ქვეყანაში რეალურად არ არსებობს ალტერნატიული მსოფლმხედველობის გამტარებელი პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ აძლევს ივანიშვილსა და “ოცნებას” კრედიტს _ ამომრჩევლის მხადრაჭერის თამასუქს.

არჩევანი მარტივია _ ხმა უნდა მივცეთ ან “ოცნებას”, ან ხელისუფლებაში მოვლენ “ნაცები”. გარეწრები ხმას “ნაცმოძრაობას” მაინც მისცემენ, მაგრამ ეს იქნება ხმების არცთუ დიდი რაოდენობა. ივანიშვილიც და ამომრჩეველიც ხვდებიან, რომ ამ არჩევნებზე, “ოცნების” არჩევის გარდა, სხვა ალტერნატივა, თუ არა “ნაცბანდის” ხელისუფლებაში დაბრუნება, არ გვაქვს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხმა _ “ქართულ ოცნებას”!

იმედი ვიქონიოთ, რომ ივანიშვილი და “ოცნება” მომავალ ოთხ წელიწადს მაინც გამოიყენებენ გონივრულად და ბოლომდე უსარგებლოდ არ ამოწურავენ ამომრჩევლის ნდობის კრედიტს.

Comments are closed