„რეზონანსი“: ინტერვიუ არჩილ ყარაულაშვილთან: ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თქმით, „ხუთ წელიწადში საქართველო უფრო ევროპული იქნება“
„ალია“: „ტეხასელები ყოფილან ჩვენი მეგობრები და არა ობამა, ბაიდენი და ჯონ კერი!“ // ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ერთსქესიანთა ქორწინება და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივები
„ვერსია“: ინტერვიუ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილესთან: ბორის იაროშევიჩის თქმით, საქართველომ ნამდვილად დაიწერა ქულა ევროკავშირის თვალში“
„ვერსია“: სირიაში ქართველები მეგის ქარდავას გადაჰყავს! // სად არის და რა ბიზნესშია სამხედრო პოლიციის ძებნილი ექს-ხელმძღვანელი
———————-
„რეზონანსი“, 02 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ არჩილ ყარაულაშვილთან: ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თქმით, „ხუთ წელიწადში საქართველო უფრო ევროპული იქნება
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
ასოცირებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი 3-4 წელიწადში დასრულდება, 5 წელიწადში კი საქართველო უფრო ევროპული იქნება, ვიდრე დღესაა, ამბობს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელზე საუბრისას და დასძენს, რომ “არასწორი მოლოდინი” იმედგაცრუების მთავარი მიზეზია. რაც შეეხება მთავარ მოლოდინს – უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ამბობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება უკვე თავისუფლად უნდა შეგვეძლოს.
“რეზონანსთან” ინტერვიუში არჩილ ყარაულაშვილი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან გასულ ერთ წელიწადს აფასებს.
არჩილ ყარაულაშვილი: პირველ რიგში, ასოცირების ხელშეკრულება პრაქტიკულად ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმაა, სადაც ის რეფორმებია გაწერილი, რომლის შესრულებითაც საქართვეოლო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს. აქ მინიშნებულია ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები, რეგულაციები და ასევე ვადები, რა დროშიც ამ კონკრეტული ამოცანების შესრულება უნდა მოესწროს. გასულ წელს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მექანიზმი, გაძლიერდა ევროინტეგრაციის სტრუქტურები, სხვადასხვა უწყებებში შეიქმნა განყოფილებები და ყველა უწყებაში პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილეა. ანუ, მთლიანად სისტემაა შექმნილი, რომელსაც სპეციალური კომისია ხელმძღვანელობს – ევროკავშირთან ინტეგრაციის კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი ორგანოა.
ამავე დროს, ჩვენი ოფისი სხვადასხვა უწყებებასთან ერთად ჰორიზონტალურ კოორდინაციას ანხორციელებს. გვაქვს შესაბამისი ყოველწლიური გეგმა. 2014-ში ეს გეგმა 4-თვიანი იყო, რადგან ასოცირების შეთანხმება ძალაში 1 სექტემბერს შევიდა. წელს კი უკვე ჩვეულებრივ ერთწლიანი გეგმა გვაქვს. მის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი. მათ მიერ წამოყენებული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა. გეგმა წარმატებით სრულდება და ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეფასებაა. ამ შეფასებამ პირველად გასულ წელს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოზე გაიჟღერა. იგი სხვა ფორმატებშიცაა აღნიშნული. რიგის სამიტის დოკუმენტშიც წერია, რომ საქართველო წარმატებით ანხორციელებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს.
- იღებს თუ არა ქვეყანა იმ მაქსიმალურ სარგებელს, რაც ასოცირების ხელშეკრულებას შეეძლო მოეტანა?
- ეს სარგებელი ძალზედ ფართო და მრავალწახნაგოვანია. რა თქმა უნდა, ქვეყანამ ამ სარგებლის მიღება სხვადასხვა მიმართულებით უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, ასოცირება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის კომპონენტსაც გულისხმობს. შესაბამისად, ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე უკვე ტარიფებისა და კვოტების გარეშე გადის. ამჟამად აქტიური მუშაობა მიდის ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვისათვის, რათა პროდუქციას არასატარიფო ბარიერებიც მოეხსნას და მან ევროკავშირის ბაზარზე შეღწევა სრულიად თავისუფლად შეძლოს. ამ რეფორმების შედეგად ნავარაუდებია, რომ ქართული ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც წარმოების, დასაქმებისა და ცხოვრების დონის ზრდაც მოჰყვება.
თუნდაც პერსპექტივა, რომ ევროკავშირის ბაზარი იხსნება და საქართველო თავის ეკონომიკურ რეფორმებში უფრო ადვილად განჭვრეტადი იქნება, ინვესტორებსაც უბიძგებს, რომ ფული აქ უფრო აქტიურად დააბანდონ. ასე რომ, ეს ინვესტიციების ზრდასთანაცაა დაკავშირებული. ამას უნდა მოჰყვეს საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებაც, კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
ევროკავშირის ბაზარი მსყიდველუნარიანობით მსოფლიოში უდიდესია. ესაა 500 მილიონი მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქე. შესაბამისად, პერსპექტივა ძალიან ფართოა და მისი გამოყენება იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიურად ჩაიდება ჩვენს ბიზნესში ინვესტიციები, რამდენად აქტიურად გაუმჯობესდება ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და ა.შ.
ამის გარდა, აქ კიდევ ძალიან ბევრი მიმარულებაა, რომლის განვითარებასთან ერთად საქართველო უფრო თანამედროვე სახელმწიფო გახდება. სხვადასხვა სფეროებში, სექტორალურ მიმართულებებზე ევროპული სტანდარტები დაინერგება, რომლებიც იცავს ადამიანის, მომხმარებლის, მესაკუთრის უფლებებს და ა.შ. ჩვენ პრაქტიკულად ვიღებთ იმ გამოცდილებას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დააგროვეს. ზუდტად ამ გამოცდილების გაზიარებას ემსახურება ასოცირების ხელშეკრულებაც. თანაც ევროკავშირი ამ გამოცდილების გაზიარებაში გვეხმარება – ფინანსურად, ექსპერტიზით, სხვადასხვა პროექტებითა და პროგრამებით, ინვესტიციებით.
- თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემი, რამდენად გაიზარდა ექსპორტი ამ დროისათვის?
- წლის პირველ კვარტალში, როდესაც ლარზე დიდი ზეწოლა იყო, ზუსტად ევროკავშირში ექსპორტის ზრდამ შეუწყო ხელი იმას, რომ ლარი მეტად არ გაუფასურებულიყო მაშინ, როცა ჩვენი ექსპორტი დსთ-ში საკმაოდ შემცირდა ამ ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო.
ბოლო 4 თვეში ეექსპორტი 6%-ით გაიზარდა, თუმცა პირველ კვარტალში უფრო მნიშვნელოვანი რიცხვი გქვონდა, თუ სწიორად მახსოვს – 21%. შესაბამისად, ხელშეკრულება უკვე მოქმედებს და ჩვენს ეკონომიკას ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაეხმარა.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული კომპანიები ევროკავშირის ბაზარს სულ უფრო მეტად სწავლობენ და მასში ერთვებიან. სულ უფრო მეტი ახალი პროდუქცია გადის. ამის საკმაოდ წარმატებული მაგალითებიც არსებობს. თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენი ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შესაბამისი რეფორმებია საჭირო, რათა ყველა ის მოთხოვნა დაინერგოს, რაც არასატარიფო ბარიერებს მოხსნის და ექსპორტის გაზრდის საშუალებას მოგვცემს.
- მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაზეც თქვენ საუბრობთ, საზოგადოებაში ხშირად ისმის საყვედური იმის შესახებ, რომ ასოცირებით ხალხი კონკრეტულ პროგრესს ვერ გრძნობს. რა ეტაპზე იქნება სარგებელი ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის ხელშესახები?
- არ უნდა ველოდოთ, რომ ერთ დღეს ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება. რეფორმების დიდი ნაწილი 3-4 წელიწადში დასრულდება. ასეა გაწერილი ვადები. როგორც გითხარით, სარგებლის ასპექტი საკმაოდ ფართოა. იგი შეეხება ჯანდაცვის სისტემის ხარისხსაც, განათლების სისტემასაც და ა.შ. ეს სტანდარტები ეტაპობრივად დაინერგება და შესაბამისად ის მომსახურებაც, რასაც სახელმწიფო მოქალაქეებს უწევს, ეტაპობრივად გაუმჯობესდება. გაუმჯობესდება მოთხოვნებიც არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კორძო სექტორის მიმართაც. თავად ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა არ არსებობს. ამ მიზნების კრიტიკული მასა ალბათ დაახლოებით 5-6 წელიწადში განხორციელდება და მაშინ საქართველო მეტად ვეროპული იქნება, ვიდრე დღესაა.
- ხალხში იმედგაცრუების მატებას ხომ არ უკავშირებთ ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა ზრდა, ბოლო კვლევებით ასეთი მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი.
- მოსაზრებას გარკვეულწილად ვეთანხმები. საქართველომ ძალზედ ბევრი რეფორმა უკვე განახორციელა და ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ ჩამოყალიბდება და ევროპულ პერსპექტვას მოგვცემს. ამით ცალსახად იქნება ნათქვამი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ამის უფლება საქართველოს აქვს, თუმცა მზაობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჩვენც ვიცით, რომ დღეს ამისათვის მზად არ ვართ, მაგრამ საჭიროა ევროკავშირმაც აღიაროს, რომ პერსპექტივა გვაქვს. ზუსტად ამ აღიარებას ვთხოვთ ევროპელ პარტნიორებს.
სამწუხაროდ, რიგის სამიტზე ეს არ მოხდა. ამას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივის გადადება მოსახლეობაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს და დასავლური კურსის მოწინააღმდეგეებს იმის არგუმენტს აძლევს, რომ ევროპა ჩვენი განვითარების რეალური პერსპექტივა არაა, რომ საქართველოს ევროკავშირში მიღებას არავინ აპირებს და ამიტომ სხვა გზა უნდა ვეძიოთ. ხშირად მინიშნებაცაა, რომ ეს რუსეთთან ინტეგრაციის გზა უნდა იყოს.
ვფიქრობ, ამ ხალხს ავიწყდება, თუ როგორი სახელმწიფოა დღეს რუსეთი. სამწუხაროდ, იგი დემოკრატიით, კორუფციასთან ბრძოლითა და თავისუფალი ეკონომიკით არ გამოირჩევა. რომ არაფერი ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ხალხი მნიშვნელოვანი სარგებლის მოლოდინშია და ერთ-ერთი ასეთი სარგებელი უვიზო მიმოსვლაა. სამწუხაროდ, იყო არასწორი მოლოდინი, რომ ამას რიგის სამიტზევე მივიღებდით. ზოგადად სამიტები არაა ადგილი, სადაც უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის შესაბამისი საბჭო იღებს, რომელიც შს მინისტრების დონეზე იკრიბება შეფასების პროცესი დასრულდების შემდეგ. ვინაიდან რიგის სამიტისადმი დიდი და არასწორი მოლოდინი იყო, შემდგომ გარკვეულ იმედგაცრუებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ეს პრორუსული ძალებისათვის კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი იყო.
ჩვენი რეფორმები ამ კუთხით უმოკლეს დროში იქნება განხორციელებული ადა ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც აღიარებენ. სამოქმედო გეგმას ჩვენ უფრო სწრაფად ვასრულებთ, ვიდრე მოლდოვამ შეასრულა. უბრალოდ, მან ეს ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყო და უფრო ადრეც დაასრულა. ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ, მხოლოდ შეფასების კომპონენტებია დარჩენული, რაც დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისად, უვიზო მიმოსვლაც არაა ძალიან შორს.
(…)
- ფიქრობთ თუ არა, რომ თავიდანვე, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ევროკავშირთან მიმართებით უფრო აქტიური პოლიტიკა რომ გატარებულიყო, დღეს უფრო წინ ვიქნებოდით, ვიდრე ვართ?
- ევროკავშირთან ჩვენი აქტიურობა არასდროს შენელებულა. პირიქით, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა თუნდაც ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში. უბრალოდ, მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირმა გარკვეული პროცესები გაცილებით ადრე დაიწყო. თუნდაც სამეზობლო პოლიტიკაში ისინი გაციებით ადრე ჩაერთვნენ. ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგიც წლებით ადრე დაიწყეს. ჩვენთან გვიან რომ დაიწყო, სწორედ წინა ხელისუფლების დროს მოხდა. ასე რომ, სასტარტო პოზიციაზე წინა ხელისუფლების დროს ჩამოვჩით.
თუმცა, როგორც გითხარით, ამ პროცესში ჩვენ მათ ვეწევით და უკრაინას პრაქტიკულად გადავუსწარით კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გვიან დავიწყეთ ეს რეფორმები, ყველაზე აქტიურად და ეფექტურად ვანხორციელებთ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ახალი ხელისუფლება ნაკლებად აქტიური იყო. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ის პრობლემური საკითხები, რაც ძველი ხელისუფლების დროს დაგროვდა და ეხებოდა შრომის კანონმდებლობას, კონკურენციის კანონმდებლობას თუ ა.შ. ამ ხელისუფლების დროს გადაიჭრა.
- რა შეიძლება გახდეს წლის ბოლოს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმის მიზეზი?
- ამ წლის ბოლოს მხოლოდ შეფასება დასრულდება და არა უვიზო მიმოსვლის დაწყება. არასწორი მოლოდინი თუ არ გაუჩნდა ხალხს, იმედგაცრუებაც არ იქნება. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მოქალაქეებს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ.
- რა პროცესებია გასავლელი მანამდე?
- ჩვენი რეფორმები წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. წლის ბოლოს ევროკავშირი შეგვაფასებს და შესაბამისი პროცედურები დაიწყება – შს მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭო შეიკრიბება და შენგენის ქვეყნები უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ – მისცენ თუ არა საქართველოს უვიზოდ მიმოსვლის უფლება.
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ უვიზო მიმოსვლა ევროპაში გადასახლების უფლებას არ ნიშნავს. საქართველოს მოქალაქეებს არც იქ მუშაობის ნება ეძლევათ და არც სწავლის. ეს მხოლოდ მოკლევადიანი გამგზავრების უფლებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ადვილდება იქაურ სასწავლებლებში ჩაბარებაც და ლეგალური სამუშაოს შოვნაც, რის შემდეგაც უკვე იქაური დამსაქმებელი დაგეხმარება გრძელვადიანი ვიზის აღებაში.
თუ ყველაფერი ასე წავიდა, ალბათ მომავალი წლის გაზაფხულზე ეს უკვე უნდა შევძლოთ.
„ტეხასელები ყოფილან ჩვენი მეგობრები და არა ობამა, ბაიდენი და ჯონ კერი!“
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: ერთსქესიანთა ქორწინება და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივები
ნინო სამხარაძე
(შემოკლებით)
ამერიკელების თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება ქართველების ცხვირი. ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ფორმებით ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა იმდენი დაფინანსებული არამკითხე მოამბე გაჩნდა, რომ სწორედ მათი გადამკიდე ქვეყანას ახალი ისტერია ელოდება, აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის „წყალობით“.
„მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა“. – განაცხადა ჯო ბაიდენმა და დაამატა, რომ გეებისა და ლესბოსელების მომხრეები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად ნაკადს, მათი მოწინააღმდეგეები კი მარგინალებიდა ველურები არიან… აღმოჩნდა რომ ბაიდენისეული „ველურები“ აშშ-იც საკმაოდ ბევრნი არიან, ტეხასის გუბერნატორიდან და პროკურორიდან დაწყებული, ლუთერანული ეკლესიით დამთავრებული. მაგალითად, ზიმბაბვეს მხცოვანმა პრეზიდენტმა, აშშ-ს პრეზიდენტს ხელი სთხოვა, ზიმბაბვეს 91 წლის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაქორწინებას სთავაზობს.
რობერტ მუგაბეს ხუმრობა იქით იყოს და ამერიკამ შესაძლოა, საქართველო, როგორც მოკავშირე ქვეყანა დაკარგოს. აი, რას აცხადებს „ალიასთან“ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცინცაძე (…):
- ამერიკის ერთგულების დამტკიცების მიზნით, პროდასავლური ძალები „ნაციონალები“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოში დაიწყებენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ლობირებას?
_ რასაკვირველია, დაიწყებენ, პრაქტიკულად უკვე დაიწყეს. ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს ჩაიწერება კონსტიტუციაში, არასამთავრობოების მხრიდან მოჰყვა პროტესტი. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ძალიან ძნელია საქართველოში შემოიღო ნამდვილად დასავლური ფასეულობები და ღირებულებები, მაგრამ ადვილია შენ მიიღო კანონი, გეიაღლუმი დაუშვა და თქვა, რომ ეს არის დასავლური ფასეულობა, მაგრამ ეს არის დასავლური ღირებულებების ლექი, რადგან იმდენად ძლიერია დასავლური და ევროპული ფასეულობა და ღირებულებები, რომ ის ამ ლექს იტანს და არ აძლევს იმის საშუალებას, რომ კარგი გადაფაროს, მაგრამ საქართველოში, სადაც ნეპოტიზმში იხრჩობა ქვეყანა, რომელიც არის ანტიდასავლური „ფასეულობა“, როდესაც ყოველდღიურად ვიგებთ, რომ პარლამენტარების შვილები, რძლები, სიძეები, ძმისშვილები და ასე შემდეგ თანამდებობაზე ინიშნებიან, ეს არის დაუშვებელი და ანტიდასავლური.
- თუკი ამერიკელებმა ოფიციალურად მოგვთხოვეს ერთსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონება, როგორც ეს მოხდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას, უარის შემთხვევაში აშშ რაიმე სანქციებს დაგვიწესებს და წნეხში გვამყოფებს?
- არავითარი სანქცია არ ამოქმედდება, თუ არ დავაკანონებთ ერთსქესიან ქორწინებას, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, თუკი სექსუალური უმცირესობების უფლებები დაირღვევა, მაგრამ სექსუალური უმცირესობების უფლებები ისე უნდა დაიცვა, რომ არ დაარღვიო უმრავლესობის უფლებები, ბალანსის დაცვაა საჭირო, მაგრამ ვინ ადევნებს ამას თვალყურს? ნაწვიმარზე სოკოებივით ამოსული არასამთავრობოებია, რომლებიც საიდან ფინანსებიან, არავინ იცის და ისინი ბალანსის დამცველებად ვერ გამოგვადგებიან.
- ეროვნული ღირებულებების ტრადიციებისა და ფასეულობების დაკნინებას ხომ არ მოჰყვება ერის პროტესტი და ერთმორწმუნე რუსეთისკენ კურსის გადახვევა?
- ხანგრძლივ მომავალში ეს მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი ყველა ხიდს წვავს საქართველოსთან, მაგრამ მათ აქვთ საქართველოზე გათვლილი სტრატეგია და მშვენივრად იცის, რომ, ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი ამას ვერ მოითმენს და მოჰყვება პროტესტი, მეორე საკითხია ამ პროტესტს ვინ გამოიყენებს, დემაგოგი თუ პატრიოტი? სამწუხაროდ, დასავლეთი ჩვენ არ გვიტოვებს სხვა გზას, გარდა იმისა, რომ ჩვენი გენოფონდის გადარჩენისთვის კურსს გადავუხვიოთ იქით, საითაც ჩვენი გენოფონდის გადარჩენის საშუალება იქნება! თავის დროზე იცით, რატომ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა არჩევანი რუსეთზე და არა ისლამურ სამყაროზე? მაშინ ქართველი ერი გადარჩა, კი ცუდი იყო დიქტატურა, საშინელება, მაგრამ ფიზიკურად გადარჩა ქართველი ერი. ამიტომ ამის შედეგი იქნება ანტიდასავლური. პუტინი „უკვდავი კაშეი“ ხომ არ არის, ცხოვრების კანონი მაგაზეც მოქმედებს და მოვა სხვა, საქართველოში მოვა თაობა, რომელიც იტყვის მე არ მინდა ასეთი დემოკრატია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემი გენოფონდის გადაშენებას და არჩევანი გაკეთდება რუსეთზე. საბოლოო ჯამში, ამას მიაღწევს დასავლეთი სექსუალური უმცირესობის უფლებებით. ნახეთ, როგორ იყენებენ თავის უფლებებს სექსუმცირესობები და მათი დამცველები, მათგან მოდის ძალიან დიდი აგრესია, პატარა დათმობა არ ყოფნით, მათი მადა და აგრესია იზრდება და ეს არის ძალიან საშიში პრობლემა.
(…)
- ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი იან კელი სწორედ ამ მიმართულებით იზრუნებს, რომ შეიცვალოს და დემოკრატიული გახდეს საარჩევნო კოდექსი…
- ეს არის აბსურდი, ახალი ელჩი იან კელი გაცილებით პასიური იქნება, ვიდრე რიჩარდ ნორლანდი იყო. ამერიკას ეშინია ერთი რამის, რომ საქართველოში ზედმეტად აქტიურობას არ მოჰყვეს პრორუსული განწყობილების გაძლიერება, ვაშინგტონში მშვენივრად იციან, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში არც ნატო ეჭყანება და არც ევროკავშირი, რამდენ ხანს შეიძლება ამ საკენკით კვებო სამმილიონიანი მშიერი ქვეყანა? ჩემი პროგნოზი თუ გაინტერესებთ, ამერიკის ახალი ელჩი, ნორლანდივით არ მოიქცევა, რომელმაც ყველანი დიპლომატიური კანონების უხეში დარღვევით ზუგდიდში არჩევნების შემდეგ, მიტინგზე ალასანიას გვერდით იდგა, საკითხი პრინციპულად ასე იდგა, რომ ალასანიას ზუგდიდში უნდა გაემარჯვა, ამას უკვე ახალი ელჩი აღარ იზამს, ეს გამორიცხულია. ამის გარდა, აშშ-შიც იცვლება მთავრობა და არავინ იცის, ვინ მოვა. წლინახევრით ადრე არჩევნებამდე ამერიკაში არის შტილი, ნიავიც კი არ მოძრაობს, ამიტომ გარწმუნებთ, რომ აშშ-ს ახალი ელჩი იქნება პასიური.
ინტერვიუ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილესთან: ბორის იაროშევიჩის თქმით, საქართველომ ნამდვილად დაიწერა ქულა ევროკავშირის თვალში“
„ვერსიის“ კორესპონდენტი მაკა ლომიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ბორის იაროშევიჩს ესაუბრება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, თბილისში მომხდარ წყალდიდობას შეეხო და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ფაქტიც მოიხსენია (3,2 მილიონი ევროს ოდენობით).
შეკითხვაზე, „თქვენი აზრით, მთავრობის რეაგირება ადეკვატური იყო თუ არა“, ბორის იაროშევიჩი პასუხობს: „მე არ ვარ მათი უშუალო შემფასებელი და მით უმეტეს, კრიტიკოსად ვერ გამოვდგები. ეს თქვენი სამოქალაქო საზოგადოების საქმეა. ჩემი გადმოსახედიდან, მთავრობის რეაგირება საკმაოდ ნორმალური იყო. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებები ბევრად უკეთ მოქმედებენ. (…) შემძრა ახალგაზრდების, მოქალაქეების სოლიდარობამ. ოთხი წელია თბილისში ვცხოვრობ. სოლიდარობის ბევრი მაგალითი ახსოვს ქვეყანას, მაგრამ რაც ამ დღეებში ვნახე – ახალგაზრდების საყოველთაო მობილიზება – ეს იყო უაღრესად პოზიტიური რამ. ეს აჩვენებს, რომ ისინი სწორედ ისეთ საზოგადოებას წარმოადგენენ, როგორსაც, ზოგადად, ვუწოდებთ, ევროპულს. მჯერა, ეს ძალიან დადებითი ნიშანია საქართველოს მომავლისთვის. ამ დღეებმა გვაჩვენა არამარტო ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის უნარი, არამედ ისიც, რამდენად ინიციატივიანი ახალგაზრდობა მოდის. ეს იყო უაღრესად სამაგალითო მოვლენა ქვეყნისთვის. საქართველომ ნამდვილად დაიწერა ქულა ევროკავშირის, ჩვენს თვალში.
(…)
უკეთესობა ნამდვილად შესამჩნევია. ბოლო არჩევნები მშვიდად ჩატარდა, მაგრამ დაძაბულობა, რომელიც დაპირისპირებისკენ გიბიძგებთ, მაინც იგრძნობა. მომხდარის პოლიტიზება, ჩემი აზრით, შეცდომაა, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება და კატასტროფის მიზეზებს მიაგნოთ. შესაძლოა, დამნაშავეებიც გამოვლინდნენ. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია: ზოგადად, ეს იყო კლიმატური ცვლილებების შედეგი. ევროკავშირი აქტიურად ცდილობს, მოაგვაროს ეს პრობლემა. ინფრასტრუქტურის სწორი დაგეგმარების საკითხიც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი პირდაპირ თუ ირიბად, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. ჩვენ დაგეხმარებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოხდეს, რადგან ამის გარეშე, ერთი გზის გაყვანაც კი არ შეიძლება. ბუნება ყველგან დიდი წნეხის ქვეშაა, მაგრამ ეს შეიძლება დარეგულირდეს ინფრასტრუქტურის უკეთესი დიზაინის და დაგეგმარების მეშვეობით. ჩემი დაკვირვებით, თბილისის მშენებლობითი დაგეგმარება, გზების ინფრასტრუქტურა, წყლის განაწილება, გამდინარე წყლების გამოყენება… ყველაფერი გადასახედია. ქალაქი იზრდება და გარემოზე ზრუნვა მეტადაა საჭირო. ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, მზადაა, დაგეხმაროთ და ამ მიმართულებით, 20-30 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გავცეთ. თბილისის გეგმა უნდა გადაიხედოს და უნდა გაანალიზდეს, სად შეიძლება მილების გაყვანა, სად _ გზების დაგება. ალბათ, სატრანსპორტო სისტემის გარდაქმნაც გახდება საჭირო. უდავოა, ქალაქის უკეთესი გეგმაა საჭირო, რადგან რაც აქ ხდება, ანარქიას ჰგავს. ამ მხრივ დიდი გამოცდილება გვაქვს და დაგეხმარებით.
- თქვენი რჩევების ქვეტექსტი, თუ სწორად მივხვდი, ისაა, რომ გარემოს დაცვა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს?
- შარშან საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ევროკავშირი შეწუხებულია აქაური მდგომარეობით წყლის რესურსის მართვის, ჰაერის დაბინძურების, ბუნების დაცვის კუთხით. საჭიროა, ამ ყველაფერსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის ბალანსი მოინახოს. გვჯერა, ეს ორი ცნება ერთმანეთს არ გამორიცხავს. საქართველოს შესანიშნავი ბუნებრივი პოტენციალი გააჩნია. გაქვთ დაცული ტერიტორიები, სადაც შეიძლება, ტურიზმი კარგად განვითარდეს… ასე რომ, ნამდვილად ვერ დავაპირისპირებდი ინდუსტრიულ და გარემოს დაცვას. ორივე შეიძლება გაკეთდეს და მეტიც, ორივე იყოს ეკონომიკური წინსვლის საწინდარი დასაქმების მიმართულებით.
- ფინანსური დახმარების გარდა, უცხოელი ექსპერტების იმედიც შეიძლება გვქონდეს?
- ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან. იქ ჩვენი, გერმანელი ექსპერტია მრჩევლად. გვაქვს საკმაოდ ბევრი პროექტი. ერთ-ერთია ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების დაცვის პროექტი. საქართველოს ამ მიმართულებით უკვე ვეხმარებით. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ავალებს, გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონის ბევრი პუნქტის ჰარმონიზაცია მოახდინოს. ასე ხდება ევროპაშიც. მაგალითად, სამშენებლო კომპანიებს გარემოს დაცვითი რეგულაციები არ სიამოვნებთ. ყველგან გამოწვევაა ოქროს შუალედის პოვნა ეკონომიკურ აღმავლობასა და გარემოს დაცვას შორის. მსხვილი ინვესტორები იძულებულნი იქნებიან, დაემორჩილონ ევროკავშირის დირექტივებს, მაგალითად, გამდინარე წყლის გამოყენების სფეროში. ამას ხარჯებიც სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ, სარგებელს მოუტანს მთელ საზოგადოებას, რადგან გექნებათ ნაკლებად დაბინძურებული წყალი.
სირიაში ქართველები მეგის ქარდავას გადაჰყავს!
სად არის და რა ბიზნესშია სამხედრო პოლიციის ძებნილი ექს-ხელმძღვანელი
ნინი ჯაფარიძე
(შემოკლებით)
სად არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელსაც სასამართლომ დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა?
(…)
ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, ,,ვერსიას” სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და ირწმუნება, რომ მეგის ქარდავა თურქეთშია და აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში. ჟურნალისტი იმ იარაღს გულისხმობს, რომელიც თურქეთიდან სირიასა და ავღანეთში გადის. სილვერმანის მტკიცებით, ქარდავას საქართველოსთანაც აქვს მჭიდრო კონტაქტი _ სამეგრელოდან მასთან ყოველთვე მღვდელი დადის, რომელსაც ფულის გარდა ინფორმაცია და სამოქმედო გეგმა მიაქვს. სილვერმანის განმარტებით, ქარდავას თურქეთსა და უკრაინაში მოღვაწე მაღალჩინოსნები მფარველობენ, რადგან ის დღეს განსაკუთრებით საჭირო კაცია და ძველებურად, ,,შავ სამუშაოს” ასრულებს; შესაბამისად, მისი თავიდან მოშორება დღეს არავის აწყობს. სილვერმანი იმასაც ამტკიცებს, რომ ქარდავას მჭიდრო ურთიერთობა აქვს თურქეთის სადაზვერვო სამსახურთან უკრაინაში, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან და მხარს ამერიკის საელჩოც უჭერს.
- ბატონო ჯეფრი, ამერიკის საელჩოს ან, თუნდაც, თურქეთის სადაზვერვო სამსახურს რა სარგებელი აქვს ქარდავას მფარველობით?
- მეგის ქარდავა დღესაც ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრია, მაგრამ მისი ჩრდილში ყოფნა ახლა უფრო ხელსაყრელია _ ბინძური საქმის საკეთებლად იყენებენ. აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში. ეს ის იარაღია, რომელიც ავღანეთსა და სირიაში მიდის. როდესაც სირიაზე ვსაუბრობ, ,,ისლამურ სახელმწიფოს” ვგულისხმობ.
- ამ საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას რის საფუძველზე ავრცელებთ?
- ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს ჩანაწერების სახით და თუ გამოძიება დაინტერესდება, აუცილებლად წარვადგენ.
- არსებობდა ინფორმაცია, თითქოს ქარდავა წალენჯიხის რაიონში იმყოფებოდა.
- დიახ, ეს სიმართლეა. გასულ ზაფხულს სამეგრელოში 2 თვე დავყავი. იქ ნამდვილად ვნახე სამალავები, სადაც იარაღი ინახებოდა. ჩემი ინფორმაციით, იმ პერიოდში მეგის ქარდავაც სამეგრელოში იყო, მოგვიანებით კი, თურქეთში გადავიდა. ამას ჩემთან საუბარში წყაროები ამბობდნენ, თუმცა ახლა ამის დადასტურება აღარ შემიძლია.
- თქვენი ინფორმაციით, ქარდავას საქართველოში თუ აქვს ვინმესთან კონტაქტი?
- აქვს, თანაც, ძალიან მჭიდრო. სამეგრელოში არის ერთი მღვდელი, რომლის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ, არ მინდა, საფრთხე შევუქმნა, თუმცა შესაბამისი უწყებები თუ დაინტერესდებიან, ამის გარკვევა, არ მგონია, გაუჭირდეთ. შარშან ეს ადამიანი თვეში ერთხელ სტუმრობდა თურქეთში მეგის ქარდავას. ჩაჰქონდა ფული, ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მითითებები. ჩემი ინფორმაციით მათ დღესაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ. ჩემი აზრით, ქარდავა ახლა ძირითადად აშშ-ს მითითებებით ხელმძღვანელობს. ის აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში. იგი საშიში ადამიანია – თუ მას დაიჭერენ, ალაპარაკდება და ყველას ჩაძირავს. ამ ეტაპზე ძალიან საჭირო ადამიანია. ჩემი ინფორმაციით, ის ორგანიზატორობს ქართველების სირიაში გადაყვანას. სამ წელზე მეტია ამ ბიზნესშია ჩართული, თუმცა 3-4 წლის წინ, ქართველების ,,ისლამურ სახელმწიფოში” ჩართულობაზე არავინ საუბრობდა. მე მყავს წყაროები, რომლებიც ამას დაადასტურებენ.
- მეგის ქარდავას ბრალი აქვს წაყენებული სერგო თეთრაძის წამებისთვის. მასზე ძებნაა გამოცხადებული. როგორ ფიქრობთ, როდემდე შეძლებს, თან ჩრდილში იყოს და თან, როგორც ამბობთ, ბინძური საქმეები აკეთოს?
- დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანესია, უკრაინაში არსებული ვითარება გააკონტროლოს, რასაც ვერ შეძლებს მხოლოდ აქმყოფი ადამიანებით, ამიტომ სჭირდება ისეთი ხალხი, რომელიც რეზერვად ეყოლება. ქარდავა ასეთია. შესაძლოა, მოგვიანებით რომელიმე თანამდებობაზეც დანიშნონ, მაგალითად ოდესაში, მაგრამ არ მგონია, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ამ ეტაპზე, უკრაინაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ქართული გუნდი წარმატებებს აღწევს. ამის დამადასტურებელია სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. სააკაშვილმა იცის, რომ შეუძლია უკრაინელების გაოცება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მაგრამ იცით, ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ უკრაინას დასაკარგი არაფერი აქვს, სააკაშვილს კი აქვს. თუ უკრაინაში წარმატებებს ვერ მიაღწევს, საერთოდ გააქრობენ.