globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 2nd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „არჩევნებამდე ერთ წელიწადში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეიძლება. ალბათ, საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლის ლეიტმოტივი ეს არის“

ახალი თაობა: ირაკლი ღარიბაშვილის პროამერიკული გამარჯვება

ახალი თაობა: ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „კრემლი საქართველოში მესამე ჯოკერს აგზავნის. ლევან ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლას პუტინი აიძულებს?

„რეზონანსი“: ირანს საქართველოდან და სომხეთიდან მტკნარი წყლის ექსპორტი სურს

———————

„ალია“, 2 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „არჩევნებამდე ერთ წელიწადში რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეიძლება. ალბათ, საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლის ლეიტმოტივი ეს არის“

(შემოკლებით)

„ალია“ 27 აგვისტოს ნომერში წერდა, რომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებდა, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს კი კვირიკაშვილი ჩაანაცვლებდა. „ალიას“ ინფორმაცია დადასტურდა. რას შეცვლის ორი მინისტრის ცვლილება სახელისუფლებო გუნდში? კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ შემოდგომაზე?

„ალიას“ იურისტი ვალერი გელბახიანი ესაუბრა:

- ბატონო ვალერი, სახელისუფლებო გუნდში 2 მინისტრის შეცვლა რა სიახლეს მოიტანს? გუნდის შიგნით რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ამას?

- ჩვეულებრივი ლოგიკით, როდესაც იცვლება საგარეო საქმეთა მინისტრი, ასეთ შემთხვევაში, ორი რამის გამო იცვლება. ერთი, თუ სახელმწიფო საგარეო ვექტორში, ურთიერთობებში ცვლილებას ახორციელებს და ახალმა მინისტრმა უნდა დაალაგოს და წარმართოს ეს ურთიერთობები და მეორე, როდესაც მოქმედ მინისტრს ნაკლოვანებები აღმოაჩნდება, ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. თამარ ბერუჩაშვილის შეცვლის შემთხვევაში არ დასახელდა არც ერთი მიზეზი.

- ამ ორიდან, თქვენი აზრით, რომელი უფრო იყო ბერუჩაშვილის შეცვლის მიზეზი?

- მე ვფიქრობ, უფრო პირველი. ალბათ, რუსეთთან დაიწყება ახალი, განახლებული ურთიერთობები, ეს იქნება მინისტრის მთავარი ამოცანა. არჩევნების წინ ვდგავართ და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მოსურნე ძალიან ბევრია, ეს ხალხი ამომრჩეველია და ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება მათ მომხრობას. ეს კი, ამ ერთ წელიწადში რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით შეიძლება. შეიძლება ითქვას, ეს არის ლეიტმოტივი საგარეო მინისტრის შეცვლისა.

- ისე, დიდად პროდასავლურობას არც თამარ ბერუჩაშვილი ამჟღავნებდა.

- შესაძლოა, მაგრამ რეალურად აქტიური პროატლანტიკური კურსი ხორციელდებოდა. ვიმეორებ, ეს ცვლილება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მიზნით გაკეთდა. კი, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი და უმთავრესი ამ ეტაპზე ხელისუფლებისთვის პრორუსული ელექტორატის მომხრობაა. თუ საქართველოში გამოჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც უფრო აქტიურად განახორციელებს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას, ამ მხრივ რეალური ცვლილებების გეგმას შესთავაზებს ხალხს, ხალხი მას გაჰყვება. ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, ხელისუფლებისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ელექტორატის შენარჩუნება, შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. რაც შეეხება ეკონომიკის ახალ მინისტრს, ერთადერთი შემიძლია ვთქვა – ღარიბაშვილის გუნდის ერთგული წევრია და ამ ნიშნით დაინიშნა პოსტზე. რას გააკეთებს, გამოჩნდება.

ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2015 წელი

ირაკლი ღარიბაშვილის პროამერიკული გამარჯვება

რედაქცია

ერთი შეხედვით სამთავრობო გუნდში მოულოდნელი ცვლილება განხორციელდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩაიბარა, ხოლო მისი ადგილი დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა. სად იმუშავებს საგარეო საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, მალე გახდება ცნობილი. ამის გადაწყვეტა პრემიერმა კვირიკაშვილს მიანდო.

ახალი მინისტრების წარდგენის შემდეგ, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთხმად განაცხადა, ამ ცვლილებით ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის და საგარეო უწყებას იმ მინისტრს აბარებს, რომელიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებსო. რეალურად კი, კვირიკაშვილის დანიშვნით ღარიბაშვილმა პროამერიკული ფლანგი გააძლიერა. რატომღაც ოპიზიციას „დაავიწყდა“, რომ კვირიკაშვილს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული და რაც მთავარია, შტატებში სასწავლებლად ბატონი გიორგი სწორედ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით წაიყვანეს.

შესაბამისად, იმის თქმა, რომ ამ გადაადგილებით საგარეო კურსს რაიმე საფრთხე ემუქრება, აბსურდულია. ხელისუფლება ღიად აფიქსირებს, რომ პროამერიკული კურსი უჭირავს და ახლა, ამერიკაში განათლებამიღებული კვირიკაშვილი ამ კურსს უფრო გაამყარებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაადგილება უშუალოდ პრემიერის პროამერიკული გამარჯვებაა და ამას უცხოელი პარტნიორებიც აღნიშნავენ. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრად მუშაობის გამოცდილებას, კბვირიკაშვილს ეს უცხოური ვიზიტებისას აშკარად წაადგება და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: კრემლი საქართველოში მესამე ჯოკერს აგზავნის. ლევან ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლას პუტინი აიძულებს?

ვინ ამზადებს ლევან ვასაძეს პოლიტიკაში მოსასვლელად, რა ტიპის მთავრობის ჩამოყალიბებას აპირებს ბიზნესმენი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

მეგი გოცირიძე: ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. ეს სამზადისი მან დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს პერსონა პოპულისტური განცხადებებით, მოდური მანერებით, ჰეროიკული გამოხტომებით, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით წლების მანძილზე ცდილობს საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვებას. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული მესამე ჯოკერი გახლავთ.

- მესამე ჯოკერიაო ამბობთ და ორი ჯოკერის ვინაობასაც ხომ არ დაასახელებთ?

- პირველი ასეთი ჯოკერი იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი, მეორე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ლევან ვასაძე, როგორც უკვე მოგახსენეთ, მესამე ჯოკერია. სამივე მათგანი მიზანმიმართულად აგროვებდა ნდობის ხარისხს საზოგადოებაში. სამივე მათგანის უკან კრემლი იდგა. მათ სხვაც ბევრი აქვთ საერთო, მაგრამ ვასაძე ყველასგან გამორჩეულია –  მან საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა, წლების მანძილზე იმუშავა საკუთარ თავზე და ოჯახის კაცის იმიჯი შეიქმნა. მას, როგორც მორწმუნე ადამიანს, ისე მოიაზრებენ. მასზე იციან, რომ ეკლესიებს აშენებს. (…) მოკლედ რომ გითხრათ, ეს კაცი ნელ-ნელა ზღაპრული ადამიანის იმიჯს ირგებს. სინამდვილეში ის ნარცისიზმით შეპყრობილი კრემლის პროექტია, რომელსაც სასულიერო პირების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

- რატომ არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა, თავადაც აღნიშნეთ, რომ ეკლესიებს აშენებსო.

- ეკლესიებს მიშა სააკაშვილიც აშენებდა. ლევან ვასაძეს კრემლის მიერ მართული სასულიერო პირები უჭერენ მხარს და მოსკოვის დავალებით, კიდევ ერთხელ აპირებენ მრევლის გაბითურებას.

- აქამდე როდის გააბითურეს მრევლი?

- როდის? 2012 წლის არჩევნებზე ეგენი არ იყვნენ, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ რომ მოუწოდებდნენ მრევლს? ახლა გამოვლენ და იტყვიან, რომ მათ მხარი რაინდს უნდა დაუჭირონ. თქვენ რა გგონიათ, რაინდად შემთხვევით ეკურთხა? ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. სამეფო ოჯახმა უბოძა ეს ტიტული. სწორედ ამ ტიტულის მოსაპოვებლად დაგეგმა მან სამეფო ქორწილი. ეს იდეა მთლად მაგის არ იქნებოდა, ზევიდან მიიღებდა მითითებას. კრემლიდან მოდიოდა ეს იდეა. გახდა ზღაპრული პრინცი რაინდი, მალე პუტინი მას თეთრ ცხენზე აამხედრებს და ასე გამოუშვებს საქართველოში.

- რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ საქართველოში მის გამოშვებას რუსეთი აპირებს. თუ ეს ჩანაფიქრი აქვს კრემლს, რატომ დაუშვა მისი მოსკოვში დაბრუნება. ის ხომ აქ იყო?

- იქ იმიტომ წაიყვანეს, რომ კარგად გააპიარონ. ამისთვის რაღაც ოფიციალური სამსახური მისცეს. ის დღეს კორპორაცია „სისტემის“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია. ამჯერად ის რუსეთის მოსახლეობის თვალშიც უნდა გაპიარდეს. რუსეთში ტელევიზია არ დარჩენილა, სადაც ის არ მიიწვიეს. რომელ გადაცემაშიც კი გამოვიდა, ყველგან რუსეთთან ვითარების დარეგულირებაზე საუბრობს.

- ამაში რა არის განსაკუთრებული? რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც კი მოგვიწოდებენ.

- მოლაპარაკებები ერთია, მაგრამ დანაშაულის აღიარება _ მეორე. კრემლის რიგით მესამე ჯოკერი კი ქართველებს შეცდომების აღიარებისკენ მოგვიწოდებს.

- რა შეცდომები უნდა ვაღიაროთ?

- რაც აფხაზებთან და ოსებთან დავუშვით თურმე. ბევრს საუბრობს რუსეთთან შერიგების აუცილებლობაზე და ამტკიცებს, რომ ამის გაკეთება მარტო მას შეუძლია. რუსეთის ყველა არხი ამ საკითხზე აკეთებს აქცენტს. ეს შემთხვევით არ ხდება. დამიჯერეთ, მას პუტინი აუცილებლად აამხედრებს თეთრ ცხენზე და ვინც მასზე მაღალი იქნება, აიძულებს თავის დახრას. მოიყვანენ ხელისუფლებაში და შექმნიან სამეფო მთავრობას.

(…)

- იქნება და არ მოდის პოლიტიკაში? რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი მიზანი პოლიტიკაში მოსვლა არ არის.

- მერე მას ვინ ეკითხება, უნდა თუ არა პოლიტიკაში მოსვლა. ასე გადაწყვიტა პუტინმა და დამთავრდა. თავის დროზე ბიძინასაც არ უნდოდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ კრემლიდან რომ მიუთითეს, მშვენივრად მოვიდა.

- ივანიშვილსაც კრემლის მიერ მართულად მიიჩნევთ და თუ პუტინი მის ჩანაცვლებას ვასაძით აპირებს, რა გამოდის, ვერ გაუმართლა ექსპრემიერმა კრემლს იმედები? ან იქნებ საერთოდ არ ყოფილა კრემლის პროექტი?

- ივანიშვილი დღესაც კრემლის პროექტია. მან მშვენივრად შეასრულა ის დავალება, რომელიც კრემლიდან მიიღო. მას სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ევალებოდა. ეს მისია შეასრულა და ამით დამთავრდა ყველაფერი. მისი მთავრობა ვერაფერს აკეთებს. ხალხის უკმაყოფილება იზრდება და არჩევნებზე აუცილებლად მოხდება ცვლილება. ამას შესანიშნავად გრძნობს პუტინი და ამიტომაც შეარჩია ჯოკერად ზღაპრული იმიჯის რაინდი. ამ ინტერვიუში უკვე მესამედ გეუბნებით, რომ მას პუტინი აუცილებლად შესვამს თეთრ ცხენზე და საქართველოში, როგორც ქვეყნის უკანასკნელ იმედს, ისე შემოიყვანს.

„რეზონანსი“, 2 სექტემბერი, 2015 წელი

ირანს საქართველოდან და სომხეთიდან მტკნარი წყლის ექსპორტი სურს

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

ირანს სურს ურმიის ნახევრად დამშრალი ტბის აღდგენა საქართველოდან მტკვრის, ხოლო სომხეთიდან სევანის ტბის წყლის ექსპორტის საშუალებით მოახდინოს.

როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ეს არის ირანული მხარის იდეა. თეირანმა ადრეც რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მომხდარა..

(…)

საქართველოდან ირანში წყლის ექსპორტთან დაკავშირებით ქართველ ექსპერტებში აზრთა სსვადასხვაობაა.  ზოგიერთის აზრით, ჩვენთვის ირანში წყლის მიწოდება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საქართველოს ამის რესურსები გააჩნია. სპეციალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს დაუშვებელია, რადგან საქართველოში დღესაც ბევრი რეგიონი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი ან მის დეფიციტს განიცდის. დიდი პრობლემაა სარწყავ წყალთან დაკავშირებითაც. დაუშვებელია ჩვენს მიერ ირანისათვის წყლის მიწოდება, რადგან შესაძლებელია უახლოეს მომავალში პრობლემები საქართველოსაც შეექმნეს.

როგორც გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში, „საქართველოს გააჩნია წყლის მნიშვნელოვანი რესურსი – დასავლეთ საქართველოს ჭაობებში თითქმის 20 მილარდ ტონამდე წყალია და ურმიის ტბისათვის სამყოფი მარაგია. ასე რომ, ირანის ტბის ქართული წყლით შევსება ჩვენთვის რაიმე პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემაა მისი ტრანსპორტიების ხარჯები – ვინ ააგებს მილსადენს, ვინ დაფარავს ხარჯებს და ასე შემდეგ. ამავე დროს აუცილებელია მოხდეს დაკვირვება საქართველოს მდინარეებზე, შესწავლილი იქნეს მონაცემები წყლის ჩამონადენის მოცულობის შესახებ. არსებობს ძველი მონაცემები, რომელთა შედარება ახალ მონაცემებთან აუცილებელია. გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული“.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის თქმით, ირანს რომ ურმიის ტბის არსადგენად საქართველოდან წყლის წარება სურს, ეს საკითხი ახალი არ არის. საკითხავი ისაა, თუ როგორ მოხდება წყლის გადაქაჩვა. „ჩემს გარდა, ბევრი თვლის, რომ დღესდღეობით საქართველოს არ აქვს იმ რაოდენობის ჰიდრორესურსები, რომ მილსადენებით წყალი ირანს მივაწოდოთ. გასაგებია, რომ ირანს წყალი უნდა და შესაძლოა საქართველომ ამპროექტის რეალიზებაში დადებითი როლი შეასრულოს, თუმცა გადსათვალისწინებელია, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს წყლის მარაგს სერიოზული ზიანი მიადგება. ერთაერთი, რაც ჩვენთვის მისარები იქნება, ისაა, რომ საქართველომ ჩამოასხას  სასმელი წყალი და ისე გაყიდოს. სწორედ ასე იქცევიან სხვა ქვეყნები. ამ შემთხვევაში საქართველოს მარაგი არ დაზიანდება.

უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან წყლის გატანა სრულიად შეუძლებელია. წლევანდელმა გვალვამ დაგვანახა, რომ ზაფხულში ჩვენც გვაქვს წყლის პრობლემა. სხვათა შორის, გვალვმა პროიბლემები შექმნა დასავლეთ საქართველოშიც, რომელიც წყალუხვ რეგიონად ითვლება. თუ ჩვენ ირანს მტკვრის წყალს მივცემთ, მაშინ მდინარის დონე ძალიან დაიწევს და წყალი ქვემო ქართლის რაიონებს დააკლდებათ, მოიკლებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და, სესაბამისად, ფასები აიწევს.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში არათუ სარწყავი წყლის, არამედ სასმელი წყლის პრობლემა არსებობს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უპირველესად საკუტარი ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს სხვა ქვეყნების დახმარებაზე“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

Comments are closed