globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 2nd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: ორად გაყოფილი ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას // რაზე ვერ შეთანხმდნენ და რას აპირებენ პოლიტიკური პარტიები

ახალი თაობა: ისევ კომბალი, ისევ რევოლუცია? ოპოზიცია საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლას ხელისუფლებას აბრალებს // ინტერვიუები ნიკა რურუასთან და გიორგი ახვლედიანთან

ახალი თაობა: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „რუსეთუმეობას ხელისუფლებას ის ხალხი აბრალებს, რომელიც 2008 წელს რუს დამპყრობლებს მასპინძლობას უწევდა“ // „მოვითხოვ „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგების გამოძიებას“

ახალი თაობა: შალვა ოგბაიძე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავისი მოსმენა არ უნდოდა, ეს კი პოლიტიკურ პროცესზე და მათზეც აისახება“

——————

ვერსია“, 01-03 სექტემბერი, 2017 წელი

ორად გაყოფილი ოპოზიციის ულტიმატუმი ხელისუფლებას

რაზე ვერ შეთანხმდნენ და რას აპირებენ პოლიტიკური პარტიები

თათია გოჩაძე

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი ოპოზიციური პარტიები 6 სექტემბერს სტრასბურგში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე გაემგზავრებიან. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო. საქმე ის გახლავთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან დიალოგის შესახებ ოპოზიციის აზრი ორად გაიყო. ერთი მხრივ საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი სტრასბურგში ვენეციის კომისიის მოდერატორობით ულტიმატუმების გარეშე აუცილებელია, ხოლო ე.წ. დაიცავი კონსტიტუციის ფორმატში შემავალი პოლიტიკური მოძრაობები მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება უპირობოდ არ დათანხმდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, დიალოგსა და სტრასბურგში გამგზავრებას აზრი არ აქვს. ამ მოსაზრებებით ერთმანეთს ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე და თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე დაუპირისპირდნენ. ,,ვერსია” ორივე პოლიტიკოსს დაუკავშირდა და მათი არგუმენტების გაგებას შეეცადა.

მამუკა კაციტაძის განმარტებით, 15 კვალიფიციური ოპოზიციური პარტიის საკოორდინაციო საბჭო შეჯერდა და პოზიცია დოკუმენტად აქცია, რომელშიც 4 მოთხოვნაა: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციული სისტემის დამკვიდრება. გაუნაწილებელი მანდატების დონტის წესით განაწილება; 5%-იანი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება; ბლოკების, გაერთიანებების არ აკრძალვა; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ძალაში დატოვება.

,,როცა ნაცმოძრაობამ წამოწია საკითხი, თავი დავანებოთ სხვა მოთხოვნებს და მხოლოდ ერთი საკითხი – პროპორციული სისტემა დავტოვოთ სამსჯელოდო, ზოგი პარტია გადაერთო მათ დღის წესრიგზე”, – განმარტა მამუკა კაციტაძემ და ,,დაიცავი კონსტიტუციის” ფორმატში არსებული პარტიებიც დაასახელა: თავისუფალი დემოკრატები, სახელმწიფო ხალხისათვის, ევროპული საქართველო და ა.შ

,,ახლების” ლიდერის განმარტებით, ნაცმოძრაობას არ აწყობს ბლოკების შენარჩუნება, რადგან გაერთიანების გარეშე ფინანსურად სუსტი პარტიები კონკურენციას ვერ უწევენ და უფრო იმკვიდრებს ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს. რაც შეეხება მანდატების განაწილების საკითხსა და ბარიერს, კაციტაძის განმარტებით, 2016 წელს 5%-იანი ბარიერის პირობებში ხმების დაახლოებით 20%, ანუ 16 მანდატი დარჩა გაუნაწილებელი. საიდანაც 2 მანდატი პატრიოტთა ალიანსმა, 7 ,,ქართულმა ოცნებამ”, 7 კი ნაცმოძრაობამ გაინაწილეს: ,,ამის შედეგად პარლამენტში ნაციონალებს 20-ის მაგივრად 27 მანდატი აღმოაჩნდა, ხოლო ,,ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. გამოდის, ბარიერის არდაწევა და ბლოკების აკრძალვა ხელისუფლებასა და ნაციონალებს აწყობთ”.

მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ ახალი მემარჯვენეები საბჭოს 4-პუნქტიანი პაკეტის ერთგულნი რჩებიან: ,,ტყუილია, რასაც შალვა შავგულიძე ქადაგებს, თითქოს, ვიღაც ,,საკენკს” დათანხმდება. როგორ უნდა გაცვალო პროპორციული სისტემა ბარიერის შემცირება-არშემცირებაზე?! ან როგორ უნდა გაცვალო პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ბლოკების აკრძალვაზე?! ეს წარმოუდგენელია! შავგულიძემ რამდენიმე პუნქტზე უარის თქმა რომ გაამართლოს, დაიწყო საუბარი, თითქოს ვიღაცებს სურთ წვრილმან საკითხებზე დათანხმება და წვრილ-წვრილ პარტიებად მოგვიხსენიებს. ჯერ ერთი, კონსენსუსი ყველა პარტიასთან უნდა შედგეს; მეორეც, დამენახოს, მსხვილი პარტია რომელია?! თავისუფალმა დემოკრატებმა წინა არჩევნებში ხმების 4.5% აიღო, მაგრამ მას შემდეგ პარტიიდან 2/3 წავიდა, ახლა ალექსანდრე ელისაშვილის ბლოკში არშესვლის გამო საერთოდ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და ჩვენ გვეუბნებიან, სუსტი პარტიები ხართო. მათ რა ალაპარაკებს, ვინც ნაცმოძრაობის ორბიტაზე ტრიალებს?!”

მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ სწორედ საკოორდინატო საბჭოს წერილის საფუძველზე გადაწყვიტა ვენეციის კომისიამ 6 სექტემბერს სტრასბურგში ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის გამართვა: ,,ამის შემდეგ უცებ, ნაცმოძრაობა და ის პარტიები, რომლებიც ვითომ პრინციპულ იმიჯს იქმნიან, ამბობენ, თუ ხელისუფლება წინასწარ არ იტყვის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებითო. როგორც კი მიიღო ხელისუფლებამ მათი ეს წერილი, განაცხადა, ულტიმატუმია და აზრი აღარ აქვს შეხვედრასო. რეალურად, ამგვარი პოზიციით შანსი მისცეს ხელისუფლებას, სტრასბურგს დაუსხლტეს”.

მამუკა კაციტაძის განმარტებით, ვენეციის კომისიის მოდერატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჯერ არასდროს გამართულა და ახლა ოპოზიციის ერთი ნაწილის ულტიმატუმებით საუბრის გამო მოლაპარაკება უნდა ჩაიშალოს: ,,ეს გათვლა იყო _ ერთი მხრივ, ,,ოცნება” იხსნეს მოლაპარაკებებისა და ვენეციის კომისიის თვალწინ ლუსტრაციისგან. მეორე მხრივ, ნაცმოძრაობამ ,,ოცნებას” დღის წესრიგიდან ამოაგდებინა ისეთი საკითხები, რომლებიც არც მას აწყობდა და არც ხელისუფლებას. რატომ არ უნდა მოხდეს სტრასბურგის შეხვედრა? მხოლოდ ნაცმოძრაობაა ოპოზიცია?!”

,,ვერსიის” კითხვაზე, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, თუ ვენეციის კომისია კონსენსუსისთვის ოთხიდან რომელიმე პუნქტის დათმობას მოსთხოვს? კაციტაძე პასუხობს, რომ უკომპრომისო შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ოპოზიციამ უკვე ისედაც ბევრი დათმო: ,,საკომპრომისო და დასათმობი ოპოზიციას არაფერი აქვს, თუმცა ამაზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანა რთულია. გვაინტერესებს, რას გიპასუხებს სტრასბურგში ხელისუფლება. მან ხომ ვენეციის კომისიაცა და ქართული საზოგადოებაც დაარწმუნა, საქართველოში პროპორციული სისტემა უნდა დამკვიდრებულიყო, ბოლოს რატომ შეიცვალა პოზიცია? ან ბლოკების გაუქმებაზე რას გვეტყვის _ არ მინდა, ვინმემ შემცვალოსო? ეს ხომ არასერიოზულია. თუ ყველაფერი ასე მოხდა, შეთანხმება არ შედგება და ხელისუფლებას ვენეციის კომისიის თვალწინ სრული ლუსტრაცია მოუწევს, ამისთვის კი ნამდვილად მოუწევს პოლიტუკური ფასის გადახდა”.

ოპოზიციის მეორე ფლანგის პოზიციის გასაგებად, თავისუფალი დემოკრატების ლიდერს შალვა შავგულიძეს დავუკავშირდით, რომელმაც განმარტა, რომ მამუკა კაციტაძესა და კახა კუკავასთან გასაყოფი არაფერი აქვს, უბრალოდ სურს, საზოგადოებამ საკონსტიტუციო კანონის შესახებ კონსენსუსის არსი სწორად გაიგოს: ,,ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმის მიზეზად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დაასახელა. ეს მოცემულობა მსჯელობის საგანი არ გამხდარა. შემდეგ ხელისუფლებამ მოულოდნელად საპარლამენტო განხილვების წინ შეცვალა პოზიცია და დაიწყო ისეთი კანონის მიღება, რომლითაც ქვეყანაში შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) სისტემა შენარჩუნდება. შექმნილ ვითარებაში ვენეციის კომისიამ მეტად ნეგატიური შეფასება გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, კონსტიტუცია იყოს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეთანხმების პროექტი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მმართველმა ძალამ, რადაც უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა”.

შალვა შავგულიძის განმარტებით, ამის მისაღწევად ხელისუფლებას ორი გზა აქვს _ შექმნას კონსენსუსის იმიტაცია, მიაღწიოს შეთანხმებას რამდენიმე პარტიასთან მაჟორიტარული სისტემის პირობებში საარჩევნო ბარიერზე, ბლოკებზე და ა.შ, ან შექმნას ყალბი სურათი, თითქოს ოპოზიცია მზად არაა კონსენსუსისთვის. ასეთ დროს შავგულიძე ოპოზიციის მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს. მისი განმარტებით, ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობა, პოლიტიკური წონიდან გამომდინარე და საქართველოს არასამთავრობო სექტორი მზადაა, გააგრძელოს დიალოგი, ოღონდ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს თავდაპირველ მოცემულობას, რომ ქვეყანა გადადის პროპორციულ სისტემაზე: ,,თუ ხელისუფლება არაა ამისთვის მზად და გვიყენებს ულტიმატუმს, დავთანხმდეთ მის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ერთპიროვნულად კანონის მიღებაში ხელს ნამდვილად ვერ შევუწყობთ. აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ამ პოზიციაზე, ხოლო რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მაგალითად, ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, მზად არიან, ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყონ ამ წინაპირობის გარეშე, ანუ ერთი და იგივე დონეზე დადგეს საარჩევნო სისტემის, ბარიერის, ბლოკები და მანდატების საკითხები”.

შალვა შავგულიძის განმარტებით, ხელისუფლება ქმნის დიალოგის სურათს, არ თმობს პოზიციას და ამას ასაღებს კონსესუსად: ,,ეს პარტიები მზად არიან, ბლოკებსა და ბარიერზე მოხდეს შეთანხმება, თუნდაც ეს იყოს მაჟორიტარული სისტემის კომპონენტები და ასეთ შეთანხმებას დაარქვან ხელისუფლებასთან მიღწეული კონსენსუსი. ეს საზოგადოების მოტყუებაა. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც ერთ პარტიას. ჩემი პარტიაც არაა დღეს ძლიერად წარმოდგენილი. ზუსტად ამაზე აქვს ხელისუფლებას ბოროტი გათვლა, რომ ის პარტიები დათანხმდებიან, რომლებსაც არ ეიმედებათ დამოუკიდებლად მოხვედრა პარლამენტში. ისე, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, არ იყვნენ მოწვეულნი კვალიფიციური პარტიები. მე დავაყენე მათი ჩართვის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარემ მიპასუხა, ეს არის ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზი, რომ კვალიფიციური სტატუსი აძლევს შესაძლელობას, დაფინანსება მოიპოვონ და სინამდვილეში ეს პარტიები პოლიტიკური წონით იმდენად უმნიშვნელოა, მათი აზრის მოსმენა ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნიაო. დღეს კი, როცა დასჭირდა კონსენსუსის იმიტაციის შექმნა, სწორედ ამ პარტიების მოხიბვლას ცდილობს”.

შალვა შავგულიძე კატეგორიულად აცხადებს, თუ ხელისუფლება არ დაუბრუნდა იმ მოცემულობას, რაზეც ნახევარი წელი ამსჯელა, საზოგადოება და ვენეციის კომისია, არც სტრასბურგში და არც სხვაგან დიალოგზე არ დასხდებიან.

ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2017 წელი

ისევ კომბალი, ისევ რევოლუცია? ოპოზიცია საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლას ხელისუფლებას აბრალებს // ინტერვიუები ნიკა რურუასთან და გიორგი ახვლედიანთან

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო. ამიტომ უმრავლესობა არც ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაში აპირებს მონაწილეობის მიღებას და 6 სექტემბერს, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ახალი თაობის” კითხვებს ნიკა რურუა („ნაციონალური მოძრაობა“) და გიორგი ახვლედიანი („დემოკრატიული მოძრაობა“) პასუხობენ.

———-

- ბატონო ნიკა, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სტრასბურში წასვლას არ გეგმავენ და აპირებენ, ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით უყარონ კენჭი. საბოლოოდ უარი თქვა ხელისუფლებამ დათმობაზე?

- ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, ახლა უკვე საქვეყნოდ გაირკვა, რომ ხელისუფლება კონსენსუსზე არ მუშაობდა, ის მიათრევდა თავის უვარგის, ოლიგარქიულ პროექტს, რომელმაც არ გაიარა არც ვენეციის კომისია, არც საერთო სახალხო მოსმენა, არც არანაირი კონსენსუსი მას არ აქვს პოლიტიკური სცენის სხვა წევრებისგან, ის არალეგიტიმურია პოლიტიკურად და იღებენ ასეთ პარტიულ დოკუმენტს, რომელიც ნამდვილად ვერ იქნება ღირსი, რომ მას ვუწოდოთ კონსტიტუცია! ეს ჩვენ ვიცოდით, ახლა ეს იცის ყველამ.

- კონსენსუსის მზაობა უმრავლესობის მხრიდან ფარსი იყო?

- დიახ, ეს იყო სრული ფარსი. თავიდანვე ვამბობდით ამას და ახლა უკვე ეს თვითონაც დაგვიდასტურეს. “ოცნებამ” ეს ფარსი დასრულებულად გამოაცხადა, რახან ვერანაირი განხეთქილება ვერ შეიტანა პრინციპულ, ნამდვილ ოპოზიციაში, პროდასავლურ ოპოზიციაში და გამოავლინა, რომ მას კონსენსუსი არ უნდოდა.

- რა გამოდის, რომ ვენეციის კომისიაც მოტყუებული დარჩა?

- კი, ასე გამოდის ზუსტად! ეს არის ყოვლად უვარგისი დოკუმენტი, რომელიც არ გამოადგება ქვეყანას და დააზიანებს ასევე “ქართულ ოცნებასაც”, ვინაიდან ის იქნება პოლიტიკური ლეგიტიმაციის არმქონე.

- ხელისუფლება ოპოზიციას გადანაშაულებთ კონსენსუსის ვერმიღწევაში.

- ეს არის ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა. ახლა ჩვენზე გადმობრალება უნდათ და უნდათ გადღაბნა სინათლის, მკაფიოობის, რათა ამომრჩეველმა, ქართველმა ხალხმა ვერ დაინახოს, რა არის რეალობა. ეს ფარსი არ გამოუვათ! ხალხი მშვენივრად ხედავს, რომ მას ართმევენ უფლებას, პირდაპირ აირჩიოს თავის პრეზიდენტი, მანკიერი მაჟორიტარული სისტემა ნარჩუნდება და დანარჩენი ყველაფერიც ისე იქნება მოწყობილი, რომ ანგარიშვალდებულება საერთოდ არ იქნება ახალ სისტემაში. ვერ გაიგებ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. იქნება ერთი დიდი გადღაბნილობა! ეს აწყობს ოლიგარქს, რომ შეინარჩუნოს ფორმალური მმართველობა.

- 6 სექტემბერს სტრასბურში ოპოზიციის წასვლასაც ეკარგება აზრი?

- რა თქმა უნდა!

- რას აპირებს ოპოზიცია, თუ გაქვთ სამოქმედო გეგმა?

- ამაზე უკვე მოგვიანებით!

———–

- ბატონო გიორგი, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ირგვლივ კონსენსუსი ვერ მოხერხდა და ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორია თქვენი შეფასებები?

- ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას! არაფერი მოულოდნელი და განსაკუთრებული არ მომხდარა, ჩვენი ხელისუფლების ხასიათს თუ გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალეულობას, მადლობა ღმერთს, რომ ყველამ დაინახა, რამდენი ინიციატივა იყო ჩვენი მხრიდან, როგორი ამომწურავი ინიციატივა შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ყველა საკითხზე სამსჯელოდ მზაობა გამოთქვა ოპოზიციამ.

- ხელისუფლება კი აცხადებს, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო...

- რაც უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, სპილო აქლემიაო, ამით სპილო აქლემი ხომ არ გახდება?! ყველამ კარგად დაინახა, ჩვენ ამ ინიციატივებს როგორ წარმოვაჩენდით. ერთადერთი ვერ გაიგო ხელისუფლებამ, რომელსაც არ უნდა კონსენსუსი. თუ მაჟორიტარული სისტემა ვერ შეინარჩუნეს, მაშინ მათთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან მაჟორიტარების გარეშე უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ.

- ანუ მათი ბრალია მოლაპარაკებების ჩაშლა?

- რა თქმა უნდა! “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა სამი რამე.

- კერძოდ?

- პირველი, რომ ხელისუფლებას ეშინია მოლაპარაკებების, კონსენსუსის და გარბის მოლაპარაკების მაგიდიდან, მეორე ის, ისინი აპირებენ, რომ მიიღონ ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს უკვე გადაწყვეტილი აქვთ და მესამე, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უზარმაზარ ნაბიჯს დგამს ავტოკრატიისკენ. ქვეყანაში სიტუაცია ძალიან უარესდება და ფერები ძალიან მუქდება.

- ამით რისი თქმა გსურთ, ცუდ პროცესებს ელით?

- შესაბამისად ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ისევ დაიწყება რევოლუციური პროცესები, ისევ დაიწყება რადიკალიზაცია. საზოგადოება დაინახავს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება არ იცვლება, ხელში აიღებს კომბალს და ვისზე გადატყდება ეს კომბალი, ეს ამ ქვეყანაში ბევრჯერ გვინახავს.

სააკაშვილი ყველაფერზე იყო წამსვლელი, მზად იყო, სისხლი დაეღვარა, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა ხელისუფლება და ესენი, მით უმეტეს, ვერ შეინარჩუნებენ. ძალიან დიდი იქნება საერთაშორისო ზეწოლა. თვითონ რომ ვერაფრის თქმა მოახერხეს, ოქრიაშვილი შემოგვაჩეჩეს და რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?!

- ანუ ამ ვადით დაასრულებსოცნებამოღვაწეობას?

- 2020 წელს “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ რევოლუციური განვითარების გზით უნდა წავიდეთ. ამ ქვეყანას არ ეღირსა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ისეთ საარჩევნო სისტემას შექმნის, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, არჩევნებით შეცვალოს ხელისუფლება. ამიტომ ქმედებაში გამოყენებული იქნება ისევ კომბალი!

ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „რუსეთუმეობას ხელისუფლებას ის ხალხი აბრალებს, რომელიც 2008 წელს რუს დამპყრობლებს მასპინძლობას უწევდა“ // „მოვითხოვ ნაცმოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგების გამოძიებას

ბორჯომის, აბასთუმნის ტყეებსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ხანძრები ლიკვიდირებულია, თუმცა ამ გამოწვევებზე მსჯელობა გრძელდება. “ახალი თაობა” ამ საკითხებზე ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.

“მომავალში სახელმწიფო ხანძრებსა და სტიქიურ უბედურებას უფრო მომზადებული შეხვდება. იყო პრობლემები, მაგრამ ამ კრიზისულ სიტუაციაში სწორად მოიქცა პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის მოქმედებები სახელმწიფოებრივი და გაწონასწორებული იყო“, – ამბობს ანზორ აბრალავა.

- გამკრიტიკებლები მასაც ჰყავს. ოპონენტები ხელისუფლებას ვერ პატიობენ იმას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციოდ ხელისუფლებამ დასახმარებლად რუსეთსაც მიმართა...

- ეს გამკრიტიკებლები ძირითადად ნაცმოძრაობას წარმოადგენენ.. ეს ის პირები არიან, რომლებმაც არა მარტო დაკარგეს და რუსეთს დაუთმეს ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ, რუს სამხედროებს ომის დროს, 2008 წელს, მძღოლობას და გიდობას უწევდნენ. ასე იქცეოდა გუბერნატორი გოროზია და მისი კოლეგები შიდა ქართლში. ნაცმოძრაობის სახეები – გივი თარგამაძე და სხვები ოკუპანტებს მოუწოდებდნენ, გორში დაებომბათ სტალინის ძეგლი. რუსეთუმეობას ამ ხელისუფლებას ის ხალხი აბრალებს, რომელიც რუს დამპყრობლებს მასპინძლობას უწევდა. სააკაშვილსა და მის დამქაშებს ჩადენილი აქვთ არაერთი მძიმე დანაშაული სამშობლოს წინაშე. ისინი წაგებული ომის შემდეგ ზეიმს აწყობდნენ თბილისის ცენტრში. 21-ე საუკუნეში დოკუმენტების, მტკიცებულებების მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს. აუცილებელია დამნაშავეების დასჯა.

- 2008 წლის ამბები აქამდე უნდა გამოეძიათ...

- ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი და სამართლიანობას აღვასრულებდი. გამოძიება ახლაც შესაძლებელია. ამიტომ მოვითხოვ, მაშინდელი დანაშაულების, სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგების გამოძიებას. დღეს ამ დამნაშავეებს მძევლად ჰყავთ აყვანილი ხელისუფლება და რაც ენაზე მოადგებათ, ყველაფერს აბრალებენ! პირველი ხანძარი ჯერ გაჩაღებულიც არ იყო, რომ ეს ხალხი უკვე მის სიახლოვეს იმყოფებოდა.

- ამით რისი თქმა გსურთ? ეჭვი გაქვთ, რომ ნაცმოძრაობა დივერსიაშია გარეული?

- ეს გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს. პირადად მე ამაში დარწმუნებული ვარ. მათ ეგონათ, რომ ხანძრების გამო ხალხი საპროტესტოდ გამოვიდოდა, ნაცმოძრაობა კი მას სათავეში ჩაუდგებოდა. ტყეებში საეჭვოდ ჩნდებოდა ცეცხლის სხვადასხვა კერა. ეს ორგანიზების გარეშე ვერ მოხდებოდა. მანამდე დაიწვა არაერთი ბაზრობა და სავაჭრო ცენტრი.

- ბაზრობებსა და ტყეებს ბევრი ერთმანეთს არ უკავშირებს...

- მე ამას ერთი სქემის ნაწილებად მივიჩნევ. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები უმოწყალოდ ხოცავდნენ და აწამებდნენ საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყნის ბუნებაზე ან ეკონომიკაზე რატომ შესტკივდებათ გული? აშშ-ის მაშინდელ ადმინისტრაციას რომ არ დაეშალა, ნაცმოძრაობის ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, მაგისტრალურ გაზსადენსაც რუსეთს მიყიდიდა. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ასეთი გეგმა არსებობდა.

- საერთაშორისო ორგანიზაციები როგორ შეხვდებიან ნაცმოძრაობის დამნაშავე წარმომადგენლების დასჯას?

- მათ წინააღმდეგ დოკუმენტები არსებობს. გაზსადენის რუსეთისთვის მიყიდვის მცდელობის ამბავი ბუშის ადმინისტრაციაში კარგად იციან. სამართლიანი გამოძიების წინააღმდეგ ვინ რა უნდა თქვას!

- სახელმწიფო რომ კრიზისებისთვის უკეთესად უნდა მოემზადოს, ამას პრემიერიც აღიარებს. დაგეგმილია შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და თანხების გამოყოფა კრიზისების დაძლევისათვის. ოპონენტები ამას არასაკმარისად მიიჩნევენ. მათთვის მიუღებელია კრიზისების მართვის საბჭოს შემადგენლობა...

- ბევრი უწყება უნაკლო არ არის, მაგრამ პიროვნებების გაკრიტიკება – უადგილოა. ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. საზოგადოებაში ფსიქოლოგიური კრიზისიც არსებობს. სტიქიისას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეგნება და სიმამაცე გამოიჩინა. ზოგს ვედრო ეჭირა ხელში, ზოგს – ნიჩაბი. კარგია, რომ ხალხი მოღალატე პოლიტიკოსებს არც ახლა აჰყვა.

- პოლიტიკურ წრეებში ახალ კრიზისსაც ელიან იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია კონსტიტუციას სხვებთან შეუთანხმებლად მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს...

- დღეს ღრმა კრიზისი, მათ შორის, მორალური, ოპოზიციურ პარტიებს უდგათ. ბევრი მათგანი წლების განმავლობაში საკუთარ ჯიბეს ისქელებდა და დაფინანსებას მტრისგანაც იღებდა. ეს გრძელდება. ინფორმაცია მაქვს იმაზე, თუ რა დიდი შიდა დაპირისპირებებია ზოგიერთ პარტიაში. დასახელებისაგან თავს ვიკავებ. ეს პოლიტიკოსები გარედან მიღებულ ფულს ვერ იყოფენ. სახელმწიფომ ამ უზნეო პარტიების ჭკუაზე არ უნდა იაროს. მან თავისი სიმტკიცე უნდა გამოავლინოს. კონსტიტუციის მიღებით არანაირი კრიზისი არ შეიქმნება. სახელმწიფომ თავისი მტკიცე ხელი იმ დანაშაულების გამოძიების საქმეშიც უნდა გამოიჩინოს, რომელზეც თავიდან ვისაუბრე.

ახალი თაობა“, 02 სექტემბერი, 2017 წელი

შალვა ოგბაიძე ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

„ქართულმა ოცნებამ“, როგორც იქნა, მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებისთვის მოიცალა. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისელებს გაუმართლათ, თუმცა მმართველი გუნდი მალე რეგიონებშიც გავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ოცნებას” თბილისის საკრებულოსთვის მაჟორიტარების შერჩევა ძალიან გაუჭირდა. პარტიის ლიდერები კერძო საუბრებში აცხადებდნენ, რომ მაჟორიტარების შერჩევაზე საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება იყო გუნდში.

თავიდან უკვე არსებულ მაჟორიტარებს თითქოს გარანტირებული ჰქონდათ ადგილები. ყველაფერი კახა კალაძის ამბავმა შეცვალა. როგორც მოგეხსენებათ, ის თბილისის მერობის კანდიდატია და მან ოფიციალურად მოითხოვა, რომ პარტიული სია და მაჟორიტარები მისი ხალხით ყოფილიყო დაკომპლექტებული.

კახა კალაძის ამ მოთხოვნას გუნდში დიდი სიხარულით არ შეხვედრიან და, როგორც ამბობენ, მას ბოლომდე თავისი არ გაატანინეს

მაჟორიტარების სია პრემიერთან შეხვედრის დროს დაამტკიცეს. პოლიტსაბჭო დამტკიცებული მაჟორიტარების ვინაობის გამხელას 1-ელი სექტემბრის 20 საათამდე არ აპირებდა. თუმცა რაღაც ინფორმაციებმა მაინც გამოჟონა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება შალვა ოგბაიძე. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოში „დემოკრატიული მოძრაობის“ კვოტით შევიდა. მასთან ერთად „დემოკრატიულ მოძრაობიდან“ საკრებულოში თამარ ცინცაბაძე და ზაზა ვეკუა მოხვდნენ. სამივე მათგანმა „დემოკრატიული მოძრაობა“ გასულ წელს დატოვა.

მაჟორიტარებში ფეხბურთელები არ არიან და ვნახოთ, რა იქნება პარტიულ სიაში.

“ოცნებას” მაჟორიტარების წარდგენა ნახანძრალს მოუწია. კანდიდატების წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე მთაწმინდის ფერდობს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ წვიმაც მოვიდა.

მაჟორიტარების წარდგენისას ხანძარგამოვლილმა პრემიერმა აღიარა, წვიმა შემიყვარდა ნამეტანიო.

წვიმაზე შეყვარებულმა მთავრობის მეთაურმა კანდიდატები ბედნიერი სახით წარადგინა.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები.

- თვითმმართველობის არჩევნებში ხალხი გადაწყვეტს, ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე. ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად ხალხის საჭიროებებზე, ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც სწორ არჩევანს გააკეთებს, – განაცხადა წვიმის მოყვარულმა კვირიკაშვილმა.

მაჟორიტარების სია კი ასე გამოიყურება:

1. ჯაბა ჯიშკარიანი – (მთაწმინდა)

2. გიორგი მუსხელიშვილი – (ვაკე /ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი)

3. გიორგი ბირბიჩაძე – (ვაკე/ვაჟა-ფშაველა, ნუცუბიძე)

4. ავთანდილ ცინცაძე – (საბურთალო/ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი, სოფელი დიღომი)

5. დავით ურთმელიძე – (საბურთალო/საბურთალოს ქუჩა, გაგარინი, გოთუა, მარცხენა ნაწილი)

6. ვახტანგ შაქარაშვილი – (საბურთალო/ დოლიძე-ბახტრიონი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა ნაწილი)

7. თემურ გორგაძე – (კრწანისი)

8. ილია ჯიშკარიანი – (ისანი/ქეთევან წამებულის გამზირი, ავლაბარი, მეტრომშენი)

9. ნინო ლაცაბიძე – (ისანი/ნავთლუღი)

10. ლევან დავითაშვილი (ისანი)

11. გიორგი დოხტურიშვილი – (სამგორი/ვარკეთილი მასივი /მეტრომდე)

12. გიორგი ტყემალაძე – (სამგორი/ორხევი, ლილოს დასახლება, აეროპორტი )

13. რევაზ სოხაძე – (სამგორის მაჟორიტარი /ვარკეთილი მეტროს ზევით)

14. თამარ ტალიაშვილი – (ნაძალადევი/თემქა)

15. რიმა ბერაძე – (ჩუღურეთი)

16. ვლადიმერ ძნელაძე – (დიდუბე/აღმაშენებლის გამზირის მხარე)

17. თარაშ შურღაია – (დიდუბე/დიღმის მასივის მხარე)

18. დავით ჭელიძე – (ნაძალადევი/ძველი ნაძალადევი, ლოტკინი)

19. მიხეილ ამაშუკელი – (ნაძალადევი)

20. ალექსანდრე ხუჯაძე (ნაძალადევი/სანზონა)

21. ქეთი მამულაშვილი – (სამგორი/მოსკოვის გამზირი, აფრიკა)

22. შალვა ოგბაიძე – (გლდანი/ზაჰესი, ავჭალა, გლდანულა, სოფელი დიღომი)

23. ოთარ გრიგოლია – (გლდანი/ლუწი მიკრორაიონები)

24. გულია გოცირიძე – (გლდანი/კენტი მიკრორაიონები)

25. ქეთევან ჯოხაძე – (გლდანი/მუხიანი).

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის აზრით, მაჟორიტარების შემადგენლობა ზომიერად არის განახლებული.

საინტერესოა, რა დოზით იქნება მათი პარტიული სია გადახალისებული.

„ინტერპრესნიუსი“, 01 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავისი მოსმენა არ უნდოდა, ეს კი პოლიტიკურ პროცესზე და მათზეც აისახება

კობა ბენდელიანი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ”ქართულმა ოცნებამსაშემოდგომო სესიაზე სარედაქციო შესწორებებით საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება დაანონსა. თქვენ როგორ შეაფასებდით უმრავლესობის ამ განცხადებას და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის განცხადება შიდაპოლიტიკურ პროცესზე?

- საერთოდ, ჩემთვის ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მიუღებელია. როდესაც ხედავ მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ხელების გადაგრეხას და ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციის, ოპონენტებისა და სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანებს არავის აზრის გათვალისწინება არ უნდათ. მათ, იმით რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიიღეს, ისედაც ჩაიყენეს თავი უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ამის შემდეგ საზოგადოებასთან თითის ქნევით და მუქარის ტონით დაიწყეს საუბარი. ახლა მე ძალიან მაოცებს ის ფაქტი, რომ მათ არც კი მოისურვეს დაეცადათ 6 სექტემბრისთვის, როდესაც ოპოზიციური ძალები თავის პოზიციას გააცნობდნენ ვენეციის კომისიას.

ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური და ფიზიკური ძალადობისა და ხელის გადაგრეხის ძალიან მკაფიო მაგალითი. ეს კი ადასტურებს იმას, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა არის აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ მოთხოვნებთან, რომელიც პოლიტიკოსებს წაეყენებათ. პოლიტიკოსი უნდა იყოს კომპრომისის ხელოვნების უზადოდ მფლობელი და პოლიტიკური გუნდი უნდა ახერხებდეს იმას, რომ ყველასთან შეთანხმებით, ყველასთან აზრის შეჯერებით და გაზიარებით მიაღწიოს საბოლოო შედეგს.

საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში ჩვენ დავინახეთ, რომ არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავის მოსმენა არ უნდოდა. ეს კი კატასტროფის მომასწავებელია პირველ რიგში მმართველი გუნდისთვის. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკურ პროცესზე და მათზე ძალიან სწრაფად აისახება. ან უნდა ვივარაუდო, მათ ყველა მონაცემის საფუძველზე აქვთ სურათი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მათი კატასტროფა გარდაუვალია და ახლა კატასტროფის რეჟიმში რეალობის სრულიად შეუსაბამოდ და სრულიად არაადეკვატურად მოქმედებენ.

ჩემი ვარაუდით, უფრო მეორეა, ანუ არჩევნებში წარუმატებლობა და ახლა უნდათ მოასწრონ და გააკეთონ ის, რასაც თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს ეძახიან. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას ყველა ქვეყანაში აპრობირებული პრინციპია – თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა ძალის შეთანხმებით არ მოხდა, ისე ის ვერ იმუშავებს. ეს კი არც ქვეყანას წაადგება და არც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ასეთი ფორმით და ასეთი პროცედურით სცადა მისი მიღება.

- სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეებთან დაკავშირებით არ ცხრება ხმაური. არასამთავრობოების ნაწილმა დატოვა კომისია. მოგეხსენებათ, სტრასბურგმა წარდგენილი მოსამართლეები ორჯერ დაგვიწუნა. თქვენ როგორ შეაფასებდით ახლა რაც ხდება?

- ჩემი აზრით, ახლა კარგი კანდიდატურებია შერჩეული. სამი კანდიდატიდან ერთი ბატონი ლადო ჭანტურიაა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იყო, ორნი არიან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები. რამდენადაც ვიცი, ორივე კანდიდატს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის ვადა უმთავრდება და სწორედ ამიტომ იღებენ ისინი კონკურსში მონაწილეობას.

ვფიქრობ, ძალიან ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ, რომ ამჯერადაც არ მოხდეს მესამედ შერჩეული კანდიდატების ჩავარდნა, თორემ ეს ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა, რომელმაც ვერ მოახერხა ღირსეული სამი კანდიდატის შერჩევა, რათა წარედგინა ევროპული საბჭოსთვის და სპეციალური კომისიისთვის, რომელიც ამ კანდიდატებს არჩევს.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი ჩვენი კანდიდატები მესამეჯერაც რომ ჩავარდნენ, არ ვიცი რა შეიძლება დაერქვას იმას, რომ სამჯერ ჩატარებული კონკურსის შედეგად ვერც ერთი ვერ იქნას მოწონებული.

- ხანძრების თემამ ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. ცოტა ვინმე თუ უარყოფს, რომ სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხდით და ეს თემა უნდა იყოს მსჯელობის საგანი. ამავე თემაზე ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები კრიზისების საბჭოზე. აშკარაა, რომ ხელისუფლება სტიქიასთან ბრძოლასთან მოუმზადებლობის თემაზე მსჯელობის განწყობას არ ავლენს….

- ხანძრები ჩვენი ცხოვრების ძალიან მკაფიო ნიმუშია, რომ ჩვენ საერთოდ ვართ სახანძრო ვითარებაში და ამ სახანძრო ვითარებაში არც ხელისუფლება გვყავს მზაობაში, რომ უპატრონოს ხანძარს ანუ მისი ჩაქრობა დროულად შეძლოს. უარესი ის არის, სავარაუდოდ, ეს ხანძრები არ არის სტიქიური მოვლენების შედეგი, უფრო მეტად მგონია, რომ არის შედეგის დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგი და სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ჰყოფნის რესურსი, ასეთი ხანძრების საფრთხის პრევენცია მოახდინოს და ხანძრების პირისპირ დარჩენილმა გააკეთოს ისე, რომ სწრაფად მოხდეს მათი ლიკვიდაცია.
მგონი, მთელი საქართველო თვალცრემლიანი შეჰყურებდა ბორჯომის თავზე წითლად მოელვარე ცას და იმას, თუ რა პოლიტიკური შეცდომების და მიქარვების ფონზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ვგულისხმობ, რომ ვერ გაერკვიათ ვისთვის ეთხოვათ და ვისგან მიეღოთ დახმარება. ახლა არავის არ გვაქვს იმის განცდა, რომ ხანძრის შემთხვევაში მეხანძრე მოვა და ექნება საკმარისი ტექნიკა ცეცხლის ჩასაქრობად.

ამ ხანძრის დღეებში მთელი სოციალური ქსელი იმით იყო აღშფოთებული, რომ ხელისუფლებას მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებისთვის ძვირადღირებული მანქანები აქვს შეძენილი და არავის გაახსენდა გვქონოდა ვეტფრენი, რომელიც ხანძრისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ბუნებისა და ადამიანების გადარჩენისთვის იქნებოდა მობილიზებული და გამოყენებული. ეს ნამდვილად თვალსაჩინო იყო.

არადა, ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ კატასტროფებისგან არ ვართ დაზღვეული. ისეთი ლანშაფტი გვაქვს, რომ ყველგან მანქანით ვერ მიხვალ. გულსატკენია, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც კარგ ხელფასსა და პრემია-დანამატებს ვუხდით და ვინახავთ, კარგ მანქანებში და ოფისებში გვყვანან, მაგრამ ისინი თავიანთ საქმე ისე ვერ აკეთებენ, რომ კრიზისები არ შეიქმნას და კრიზისულ სიტუაციაში ვერ არიან ქმედუნარიანები. ძალიან საშიში მოვლენაა, როცა საზოგადოებას მის მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეების მიმართ ასეთი განწყობა უჩნდება.

- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას?

- მე ახლა რეგიონში, კერძოდ, გურიაში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, გურულები პოლიტიკურად აქტიურები არიან, ახლა აქ ნაკლებად იგრძნობა, რომ ძალიან მალე ადგილობრივი არჩევნებია მოსალოდნელი. ამას წინათ ახლობელმა გამიმხილა, რომ უნახავს”ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სია ოზურგეთში და იყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ამ სიაში აღმოაჩინა ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მოქმედებდნენ ”ნაცმოძრაობის” სახელით და დღეს ისინი მმართველი გუნდის სიებში არიან. როგორც ჩანს, კოჰაბიტაციის პროცესი ”ქართული ოცნებისა” და ”ნაცმოძრაობის” შერწყმაში გადაიზარდა. ამით საზოგადოება საკმაოზე მეტად აღშფოთებულია. ეტყობა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ჩვენს საზოგადოებას არც ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს, რომ ვერ გაიხსენოს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 5-7 წლის წინ.

მე ყველას, მათ შორის ხელისუფლების გასაგონად ვამბობ – ნუ მოიჭრიან ასე თავს და ნუ გადაიკიდებენ საზოგადოებას. ნუ ექნებათ იმედი, რომ გაყალბებით, მოსყიდვით და ადამიანების დაბეჩავებით არჩევნებზე ხმებს მიიღებენ. ეს ხალხი თუ გამწარდა, მერე უკონტროლო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, რაც ძალიან ცუდი იქნება არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ საერთოდ ქვეყნისთვის.

- ბატონი რამაზ საყვარელიძე შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იმას მიიჩნევს, რომქართულ ოცნებაკონკურენტის გარეშეა დარჩენილი. პრაქტიკულად იგივე აზრი გამოთქვა ბატონმა გია ნოდიამ – ”ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავს”.
ამგვარი ტენდენცია რეგიონებშიც შესამჩნევი რომ არის, თქვენ უკვე ბრძანეთ. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლება ალტერნატივის, რეალური ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი?

- სამწუხაროდ, ჩვენ ნაკლები პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენში ხომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს ოპოზიციის ან განადგურებას, ან მოსყიდვას. ან ახდენს მის იმდენად კომპრომენტირებას, რომ ის იყოს განეიტრალებული. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენთან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არ არსებობდეს და ყველა ხელისუფლება ყველანაირი მანკიერი ხერხის გამოყენებით ცდილობს ხელისუფლების სათავეში ყოფნას.

ჩვენ ხომ არ გვაქვს ურთიერთმოსმენის და აზრის გაზიარების ან თუნდაც ურთიერთპატივისცემის კულტურა და ეს ყველაფერში იგრძნობა. როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციას იღებს ისეთი ძალადობრივი მეთოდებით, როგორსაც ის ამას აკეთებს, რა გასაკვირია რომ მან ოპოზიციას კისერი კარგა ხანია გადაუმტვრია და რეალურად პოლიტიკურ ველზე არანაირი ოპოზიციური ძალა არ ჩანს.

ეს კეთდება სრულიად შეგნებულად, სრულიად განზრახ, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა – პოლიტიკურ მოედანზე ხელისუფლების გარდა სხვა არავინ არ არის და არჩევნებზე ხმაც მან უნდა მიიღოს.

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ გურულები პოლიტიკურად მართლაც აქტიურები არიან. ძნელი დასაჯერებელია, რომ გურიაშიქართულ ოცნებასნერვების მომშლელად ერთი ელისაშვიალი მაინც არ ჰყავს?

- სამწუხაროდ, არ არის. თბილისის მერობაზე ისეთი ბრძოლაა გაჩაღებული, რომ ამ თემამ სხვა ყველა საკითხი დაჩრდილა. შესაძლოა, ესეც სპეციალურად კეთდებოდეს, რომ ყურადღების კონცენტრაცია თბილისზე იყოს გაკეთებული და ყველას დაავიწყდეს, რომ რაიონებში გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები უნდა გამოიცვალოს და საკრებულოს წევრებიც ასარჩევია.

- სამწუხაროდ, გურიასა და სამეგრელოში მწერებმა თხილისა და სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაანადგურეს. თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენციული ზომების მიღება?

- თხილის წარმოების სფეროში მეც ჩართული ვარ და ვიცი, მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა. მთის სოფლებში კიდევ არა უშავს, მაგრამ ბარის ზონის სოფლებში აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაა. არავის მოსავალი არ აქვს. სხვათა შორის, ხალხი იმდენად დაბეჩავებულია, არავინ არ ფიქრობს ხელისუფლებისგან მოითხოვონ გარკვეული კომპენსაცია, როგორც სტიქიური უბედურებულებისგან დაზარალებულებმა. თხილის მოსავალი გურიაში შემოსავლის უმთავრესი წყაროა. თუ ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩა, თან წელს კლიმატური პირობების გამო ძალიან მოუსავლიანი წელია, რასაც დაავადებებისა და პარაზიტების პრობლემა დაემატა, მე რასაც ვაკვირდები, ალბათ, ამ ზამთარს გურიაში შიმშილობა იქნება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ უფასო ხვნა-თესვა გააუქმა, ამიტომ ეს ხარჯები ძალიან ბევრმა ვერ გაიღო, ძალიან დიდი ფართობები სრულიად აუთვისებელი და გამოუყენებელია. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წლევანდელი ზამთარი გურიის მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე იქნება.

2-3 წლის წინ სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ პარაზიტები და მავნებლები ძალიან მომრავლდა და მათი ზრდა-გამრავლება გამოიწვევდა იმ შედეგს, რომელიც დღეს დაგვიდგა. უფრო მეტიც, მაშინ მათ რეკომედაციებს ყური არავინ დაუგდო. მაგრამ ახლაც, რა ღონისძიებებიც ჩატარდა, ის არ არის საკმარისი და არ არის შედეგიანი, სამწუხაროდ, ამას არ აქვს სისტემური ხასიათი, რომ მთლიანად მოიცვას ყველაფერი. შესაძლოა, მომავალ წელს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყოს, თუკი წელსაც არ მოხდა თხილის პლანტაციების დროულად მოვლა.

- ”ქართული მარშისერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით – ”ჩვენ დავიწყებთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან, გადავალთ რუსთაველზე და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთ სახელმწიფო კანცელარიასთან”. თქვენ როგორ შეაფასებდითქართული მარშისგააქტიურებას? და კიდევ, იგივე გურიის საზოგადოებაში თუ შეიმჩნევასამარშოგანწყობა?

- სამწუხაროდ და ჩემდა გულგასახეთქად, ხალხი იმდენადაა დაბეჩავებული, იმას ვერ ითხოვს, რაც ეკუთნის. ვგულისხმობ, კატასტროფის გამო კომპენსაციას. ჩემი აზრით, აქ ადამიანებს არ აქვთ ის განწყობა, რაც ”ქართული მარშის” მესვეურებს აქვთ და რაც ჩვენ აღმაშენებელზე ვნახეთ.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხელოვნურად, დაგეგმილად, ფინანსური უზრუნველყოფით მოწყობილი ღონისძიებები. რაც კეთდება, ჩვენი ქვეყნისთვის აშკარად საზიანო საქმეა. ”ქართული მარშის” ყველა ეს ღონისძიება მიმართულია ქვეყნისათვის რამდენიმე ზიანის მომტანი შედეგისაკენ. მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ასე არ ესმის ეს ამბავი. ვფიქრობ, ყველა დარწმუნებულია ქვეყნისათვის ამ აქციების მავნებლობაში. ძალიან საწყენია, რომ ასეთი თავხედობით და საჯაროდ ხდება ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება. სად არიან უსართხოებისა და საგამოძიებო სამსახურები? ამის გამოძიებასა და დადგენას რა უნდა. ტელევიზორში ვნახე და მივხვდი – აღმაშენებელზე მარშის ორგანიზატორები ერთნაირი მაისურებით რომ იყვნენ გამოწყობილები ჩანდა, რომ მათი აქცია იყო დაფინანსებული ღონისძიება.

ჩემი აზრით, ”ქართული მარშის” აქტიურობა მიმართულია იქეთკენ, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ევროპული მისწრაფება და ორიენტაცია, რომ პირიქით, ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ, არც ნატო გვინდა და საერთოდაც, გვინდა რუსეთი. არადა, საზოგადოებაში ასეთი განწყობა არ არის, ჩვენ არც ტოლერანტობა გვაკლია, მაგრამ როდესაც ტელევიზიებში ასეთი კადრები გავა, ძნელია უცხოელმა დაიჯეროს, რომ რომ ეს აქციები ყალბია და არ ასახავს რეალობას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ”ქართული მარშის” აქტივობა სწორედ ამისკენაა მიმართული.

Comments are closed