„რეზონანსი“: ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: “ოცნება” ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც “ნაცმოძრაობა” მიმართავდა”
„ახალი თაობა“: „გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად კენჭს ისევ იყრის“
„ახალი თაობა“: ნინო ბურჯანაძე თინა ხიდაშელის წინააღმდეგ
——————
„რეზონანსი“, 02 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: “ოცნება” ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც “ნაცმოძრაობა” მიმართავდა“
“ხელისუფლებამ მთავარი დანაპირები სამართლიანობის აღდგენის კუთხით ვერ შეასრულა, ასევე ვერ მოახერხა ის, რომ ეკონომიკურ სექტორში გატარებულიყო იმ სახის რეფორმები, რომლებიც მეტ თავისუფალ სივრცეს შექმნიდა, რასაც თავის მხრივ, მეტი სამუშაო ადგილი და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოეხდინა“, – ამბობს „რეზონანსის“ ჟურნალისტ იაგო ნაცვლიშვილთან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
მთავრობის ყოფილი წევრი, აკრიტიკებს რა დღევანდელი ხელისუფლების სამი წლის განმავლობაში გატარებულ საშინაოპოლიტიკურ კურსს, გარკვეულწილად დადებითად აფასებს საერთაშორისო არენაზე ქართული დიპლომატიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს: მაგალითად, საგარეოპოლიტიკური კუთხით მხედველობაში აქვს ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულება, ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი. ეს ორი მოვლენა, გამოკითხვის შედეგად, ბოლო წლების მთავარ მიღწევებად ითვლება“, – ამბობს მაია ფანჯიკიძე, თუმცა იგი იქვე კრიტიკასაც არ იშურებს:
„ზოგადად კი, საგარეო პოლიტიკის კუთხით საქართველოს აქყიურობა ძალიან შემცირებულია. იმისათვის, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ, საგარეო პოლიტიკა შენელებულ რეჟიმშია გადაყვანილი. არ ხდება ჩვენი ტერიტორიული პრობლემების აქტიური გაჟღერება საერთაშორისო არენაზე. ასეთი პასიური პოლიტიკის შედეგია მცოცავი ოკუპირების ფაქტები და ის, რომ მიმდინარე წელს გაფორმდა რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულებები“, – აცხადებს ინტერვიუში მაია ფანჯიკიძე.
- ქართულ პოლიტიკაში კვლავ თავი იჩინა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთმანეთთან დაპირისპირებამ. მაგალითად, გაეროს გენასამბლეაძე გამგზავრების საკითხში. წასვლით კი ორივე წავიდა, მაგრამ ჩვენი ელჩი აშშ-ში პრემიერ-მინისტრთან დარჩა ვაშინგტონში და პრეზიდენტს ნიუ-იორკში არ გაჰყვა, ანუ მას არ დაეხმარა შეხვედრების ორგანიზებაში. სად უნდა ყოფილიყო ელჩი, ვაშინგტონში თუ ნიუ-იორკში?
- საქართველოს ელჩი ამ საკითხზე თავად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ დელეგაციასთან უნდა ყოფილიყო. იქ იყო მისი უშუალო უფროსი – საგარეო საქმეთა მინისტრი. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ელჩმა არჩილ გეგეშიძემ პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრისაგან მიიღო მოქმედების ინსტრუქცია ვაშინგტონში დარჩენილიყო. რასაკვირველია, ასეთი ინსტრუქცია სწორი არ არის.
- როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გაეროში?
- გაეროს გენასამბლეა საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება ხოლმე, ყოველი ქვეყანა საკუთარი პრობლემების გაჟღერებასა და ყურადღების მიპყრობას ცდილობს, გენასამბლეის მუშაობის დროს მიღწევებზე ნაკლებს საუბრობენ, უფრო პრობლემებზე გადააქვთ აქცენტი. ეს არის ფორუმი, სადაც ყოველთვის უნდა გაღღერდეს საქართველოს გამოწვევები და საფრთხეები. არ აქვს მნიშვნელობა, რა თემა იხილება სამიტზე. მთავარი სათქმელი და დასაფიქსირებელი კი არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ერთი მეოთხედის ოკუპირება რუსეთის მიერ.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ჩავარდნაა იმაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ ისაუბრა ოკუპირებაზე, ამ პრობლემაზე არაფერი არ უთქვამს ანუ აქცენტები სწორად არ დასვა. ამით საქართველოს ინტერესები დაზარალდა. ვნახოთ რას იტყვის ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენასამბლეის მთავარი გამოსვლის დროს, პირველ ოქტომბერს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებს, ინფორმაცია ძალიან მწირია. აშკარაა, რომ ბევრი ორმხრივი შეხვედრა არ გამართულა.
- პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის კანცლერთან და საბერძნეთის პრემიერთან, ბრიტანეთი ექს-პრემიერ ტონი ბლერთან..
- ანგელა მერკელთან შეხვედრა, თუ ფოტოს დავაკვირდებით, ქუჩაში მოხდა შემთხვევით. სერიოზულ თემებზე საუბარი არ მომხდარა. რაც შეეხება საბერძნეთის პრემიერს, მასთან შეხვედრა საინტერესო გამოდგა, ასევე ტონი ბლერთანაც, რადგან იგი მსოფლიოში ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა, თუმცა იგი პრობლემების მომგვარებელი არ არის.
„ახალი თაობა“, 02 ოქტომბერი, 2015 წელი
„გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად კენჭს ისევ იყრის“
ნათია ხურცილავა
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი მის აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას ეხებოდა.
- პრეზიდენტმა თქვა, რომ არსად აპირებს წასვლას. ამდენად, ეჭვები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ივანიშვილის შეეშინდება და გაიქცევა, გაფანტულია, – ამბობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.
- პრეზიდენტმა უფრო კონკრეტულად განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ერთი ვადის ამოწურვის შემდეგ სახლში წასვლას არ აპირებს.
- და რატომ უნდა წავიდეს? ახალგაზრდაა, რაციონალურად მოაზროვნეა.
- მეორე ვადით შეიძლება იყაროს კენჭი?
- რატომ არ უნდა იყაროს?! დიდი ალბათობით, იყრის კიდეც. მარგველაშვილი პოლიტიკაში ყოველთვის იყო აქტიურად ჩართული. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მეგობარი ჰყავდა. ძალიან დაახლოებული იყო ზურაბ ჟვანიასთან, მაგრამ ოფიციალურად პოლიტიკაში არ ყოფილა, ის ყოველთვის აძლევდა რჩევებს მის მეგობარ პოლიტიკოსებს, როგორც პოლიტიკის თეორეტიკოსი. ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაში სულ იყო და სწორედ ამაზე ისაუბრა მან ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- მარგველაშვილი რა ტიპის პოლიტიკოსია? რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს მას?
- მარგველაშვილი ნამდვილად არის დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების მიმდევარი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გამოცდილებას, ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ის შედარებით გამოუცდელია, ვიდრე მისი მეგობრები იყვნენ. მარგველაშვილი გულწრფელი პოლიტიკოსია, შეიძლება ასე ითქვას.
- მეორე ვადით თუ გადაწყვიტა მარგველაშვილმა კენჭისყრა, ფაქტია, რომ ის არ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რა ფორმით შეიძლება, მან კენჭი იყაროს?
- მართლაც დადასტურებული ფაქტია, რომ მარგველაშვილი არ იქნება „ქართული ოცნების“ კანდიდატი. რომ არა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რომელიც ორი წლის წინ ჰქონდა, მარგველაშვილი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. ახლა არ არის გამორიცხული, რომ ის იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი.
- რა შანსები შეიძლება ჰქონდეს მარგველაშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს?
- ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. მარგველაშვილის შანსები დამოკიდებული იქნება პოლიტიკური პროცესების განვითარებასა და მის პოლიტიკურ ნაბიჯებზე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად შეინარჩუნებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ნეიტრალური ფიგურის სტატუსს.
- ირაკლი ალასანიასთან პრეზიდენტ მარგველაშვილის ალიანსი რამდენად მოსალოდნელია? შეიძლება, თავისუფალი დემოკრატები გახდეს მისი დასაყრდენი ძალა?
- ალასანია და მისი გუნდი შეიძლება იყოს პრეზიდენტ მარგველაშვილის დასაყრდენი ძალა. ნაციონალურ მოძრაობას გამოვრიცხავ. რაც შეეხება საკუთარი პარტიის შექმნას, გამოვრიცხავ, ამას მოერიდება, მაგრამ აუცილებლად შემოიკრებს პროფესიონალთა გუნდს. სწორედ ეს იქნება მისი დასაყრდენი ძალა და, არ არის აუცილებელი, ეს პოლიტიკოსთა გუნდი იყოს.
- დასავლეთის, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ექნება? ჩანს, რომ თბილად დახვდნენ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
- მადლენ ოლბრაიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილად არ არის რიგითი პოლიტიკოსი. ის წონიანი პოლიტიკოსი იყო ყოველთვის, მაგრამ მისი მხარდაჭერა არ ნიშნავს ამერიკის მხარდაჭერას. ამერიკაში წინ არის პრეზიდენტის არჩევნები. იქ უნდა დალაგდეს სურათი და შემდეგ მოხდება საგარეო მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღება. პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და ნიუ იორკში შეხვედრები კი გამართა, მაგრამ ეს არ იყო მაღალი დონის შეხვედრები. უფრო მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებაში მას, როგორც ჩანს, არ ეხმარება ჩვენი საელჩო ამერიკაში. თუ ამერიკელები მარგველაშვილით დაინტერესდებიან და დაინახავენ, რომ მას ძალა და გავლენა აქვს ქვეყნის შიგნით, მაღალი დონის შეხვედრა აუცილებლად გაიმართება.
- რა დონის შეხვედრა შეიძლება იყოს ეს?
- მაგალითად, შეხვდეს სახელმწიფო მდივან ჯონ კერის.
- არსებობს მოსაზრება, რომ მარგველაშვილი ჟვანიას ტიპის პოლიტიკოსად ყალიბდება, რომ ის არის გაწონასწორებული, პროდასავლელი და ა.შ.
- რაც შეეხება გაწონასწორებულობასა და პროდასავლურობას, ეს არის თანხვედრაში, ასევე საერთოა სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინტერესების დაცვის კუთხითაც, მაგრამ ჟვანიას უზარმაზარი პოლიტიკური ბრძოლის, პარტიული გამოცდილება ჰქონდა, რომელიც მარგველაშვილს ნაკლებად აქვს.
„ახალი თაობა“, 02 ოქტომბერი, 2015 წელი
ნინო ბურჯანაძე თინა ხიდაშელის წინააღმდეგ
მარიამ მჭედლიშვილი
საქართველოში შექმნილი მწვავე პრობლემების მთავარ მიზეზად „გაერტიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნების დროს გაკეთებულ არასწორ არჩევანს ასახელებს. მისი აზრით, ხალხმა ქვეყნის ბედი იმ ადამიანს მიანდო, რომელსაც პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მართვის გამოცდილება არ გააჩნდა.
ნინო ბურჯანაძე დიდ შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილისადმი ნდობის გამო საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი „აბსოლუტურად უცნობ პიროვნებას“ დაუჭირა.
- როცა ასეთი მდგომარეობაა, გამორიცხულია ქვეყანაში არ შეიქმმნას ის სირთულეები, რომლებიც გვაქვს. საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანები ენდნენ ბიძინა ივანიშვილს. მან კი მოსახლეობა მოატყუა და სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მათ ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაცია შესთავაზა, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა. მისი შეფასებით, დიდი ფულის მქონე ბიძინა ივანიშვილის სახით ხალხი მესიას ელოდებოდა. საერთოდ კი, გადამრჩენებზე იმედს მოსახლეობა მანამდეც ხშირად ამყარებდა ხოლმე.
- ქვეყნის ლიდერი უნდა აირჩიო არა მოწონება-არმოწონების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის, – ამბობს პოლიტიკოსი.
ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ იგი პრეზიდენტის პოსტზე ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებდა და ეს იმის მიუხედავად, რომ აჟამად პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნადაა შეკვეცილი.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, იგი გაეროშიც ღირსეულად გამოვიდოდა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზეც უზრუნველყოფდა წევრების დასწრებას.
ნინო ბურჯანაძეს ხშირად აკრიტიკებენ ოკუპანტი რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკისა და ლოიალობის გამო. თავად პოლიტიკოსი კი აცხადებს, რომ იგი რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრინციპულია და იცავს საქართველოს ინტერესებს. ნინო ბურჯანაძის თქმით, მას კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა რუსეთის ტელეკომპანია „როსიას“ პროგრამა „ვესტი“-ში, სადაც გამოთქვა პროტესტი საოკუპაციო ზოლის საქართველოს სირრმეში გადმოწევის გამო.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაში მას „უნიკალური რესრსი“ აქვს“. მისი აზრით, დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრი ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი საერთოდ უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, მეორე კი მზადაა საქართველო რუსეთს ჩააბაროს: „ამ ორ უკიდურესობას შორის ჩემი სახით არის ერთაერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რუსეთთან კონსტრუქციული და მკვეთრი მოლაპარაკებებით მოახერხოს ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, – აღნიშნავს პარლამენტის ექს-სპიკერი. მისი აზრით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დროს კი საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიალოგის იგნორირება თვითმკვლელობნას ნიშნავს.
ნინო ბურჯანაძე ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს ტავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლიოს თანახმად, საქარტველო ნატოში გერმანიის მსგავსად უნდა შევიდეს, ანუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი 1953 წლისდროინდელი აღმოსავლეთ გერმანიის სტატუსის ანალოგიურია.
იმ დროს, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი დგას, დანარცენი საქართველოს შესვლა ნატოში არის ხელმოწერა იმაზე, რომ ჩვერნ ამ ტერიტორიებზე უარს ვამბობთ. დიდი განსხვავებაა საქართველოსა და გერმანიას შორისაც. გერმანელი ერი ორ ნაწილად იყო გახლეჩილი, ჩვენთან კი ქართვე, აფხაზ და ოს ეთნოსებს შორის განსხვავება არსებობს, – მიაჩნია ნინო ბურჯანაძეს.