globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 2 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 2nd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: დენი შეიძლება ორი თეთრით გაძვირდეს // ამჯერად ხალხს გამოზამთრებას აცლიან და თუ ლარი არ გამყარდა, ტარიფს ზაფხულში გაზრდიან

„რეზონანსი“: რატომ გაწირეს ლარი? // ყველა ბნელი გზა ბანკებისკენ მიდის

„რეზონანსი“: გამოწვეულია თუ არა ლარის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით?

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ამათ ნუ ჰგონიათ, რომ რადგანაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, ხალხიც მხარს ამ დონეზე უჭერს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ნუ იზამს „ოცნება“ იმას, რაც „ნაცმოძრაობასაც“ არ უკადრებია“

„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაცმოძრაობა“ ნელ-ნელა რიგითი პარტია გახდება…“

„რეზონანსი“: სკანდალური ოფიცრები თავდაცვის სამინისტრომ თანამდებობებზე აღადგინა „რეზონანსი“: რუსეთი უკრაინას სარაკეტო დარტყმით ემუქრება

——–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გიგა ბოკერიას პოზიცია ძალიან არ მომეწონა“ // „მუდამ კაბინეტში რომ ზიხარ, ხავსი გეკიდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ყველა ოპერაცია ლარში უნდა სრულდებოდეს“ // „ეროვნული ბანკის განცხადება უპასუხისმგებლოა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ქუჩის აქციები გარდაუვალია“ // „გიორგი კვირიკაშვილს ბანკები და დეპუტატები აშანტაჟებენ“

„ახალი თაობა“: რაულ ხაჯიმბას გადადგომისთვის ვადა მისცეს

——————-

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

დენი შეიძლება ორი თეთრით გაძვირდეს

ამჯერად ხალხს გამოზამთრებას აცლიან და თუ ლარი არ გამყარდა, ტარიფს ზაფხულში გაზრდიან

მარი ჩიტაია

კომუნალური ტარიფები გაძვირების ზღვარზეა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოკომპანიებს მძიმე დრო უდგათ, გადასახადის გაძვირებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. მათი უმეტესობა ირწმუნება კიდეც, რომ სემეკისთვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით არ მიუმართავთ. ამას სემეკშიც ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, ძნელად სავარაუდოა, ლარის რეკორდულ გაუფასურებას კომუნალურმა ტარიფებმა გაუძლოს. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას დენის გადასახადი, მინიმუმ, 2 თეთრით გაუძვირდება. არ არის გამორიცხული, სატარიფო ცვლილება ზაფხულში განხორციელდეს, რათა ხალხს გამოზამთრების საშუალება მისცენ.

გრძელვადიან პერიოდში კომუნალური ტარიფის შენარჩუნება გაჭირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ კიდეც, რომ არსებულ სიტუაციაში ტარიფის ამჟამინდელ ნიშნულზე დატოვება მხოლოდ ხელოვნურად არის შესაძლებელი.

ბოლო პერიოდში კომუნალური გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ირწმუნებიან, რომ გაძვირება არ იგეგმება, თუმცა ენერგეტიკოსებს თუ მოვუსმენთ, კურსის მკვეთრი ცვლილება სხვა არჩევანს არ ტოვებს.

„სემეკის“ ტარიფების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გივი სანიკიძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რაც გულისხმობს, რომ კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ მოხდება ყველა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა. ასევე გამოცხადებულია კომისიაში წარსადგენი წინადადებების ბოლო ვადა.

“სატარიფო განაცხადების შემოტანა ოქტომბრიდან დაიწყო. ჩვენ ვავალდებულებთ კომპანიებს, რომ ყოველწლიურად წარადგინონ სატარიფო განაცხადი, რათა გაანალიზდეს და დაიგეგმოს მომავალი წელი. ცალსახად იმის თქმა, რომ დენის ტარიფზე კურსი გავლენას მოახდენს, არასწორია. უნდა მოხდეს სრულად ყველა დანახარჯის გაანალიზება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა.ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ კურსი გაიზარდა, ტარიფის მატების წინაპირობა არ არსებობს. სრულყოფილად იგი გაანალიზებულიც არ არის. საჯარო განხილვებს დეკემბრის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ. დღევანდელი მოცემულობით, გაძვირების საფუძველი არ იკვეთება”, – ამბობს გივი სანიკიძე. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია 31 დეკემბრამდე გამოაცხადებს.

ენერგოგამანაწილებელ კომპანიებს თუ მოვუსმენთ, ტარიფის გაძვირების მოთხოვნით სემეკისთვის არავის მიუმართავს და ამ მხრივ ცვლილებას არც ელიან.

“თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის: „წარვადგინეთ წლიური ელექტრონული ანგარიში ხარჯებთან დაკავშირებით. კურსი უნდა დაფიქსირდეს გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ტარიფის გაძვირება არ მოგვითხოვია”, – ამბობენ “თელასში”, რასაც “ენერგო პრო ჯორჯიაშიც” იმეორებენ.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე არ მალავს, რომ კომუნალური გადასახადების გაძვირების მოლოდინშია. ამ ეტაპზე ტარიფის შენარჩუნება მხოლოდ ხელოვნურადაა შესაძლებელი. სავალუტო კურსი სხვა შესაძლებლობას არ ტოვებს.

“თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ფაქტობრივად, მოკვდება ენერგოკომპანია, თუკი ტარიფს არ გადახედავს. ჩემი აზრით, აუცილებლად შეიტანენ განაცხადს გაძვირებასთან დაკავშირებით. ამაზე ჯერ ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ კულუარებში აქტიურად მიდის მსჯელობა. შეიძლება, მხოლოდ კურსი არ იყოს მიზეზი, კომპლექსურად სხვა საკითხიც გამოჩნდეს, რომელიც ტარიფის გადახედვის წინაპირობა გახდება. ძალიან მძიმე იქნება „სემეკ“-ისათვის გაძვირების გადაწყვეტილება, მაგრამ შენარჩუნებაც უფრო მძიმე შეიძლება იყოს. თავდაპირველად, როცა კომუნალური გადასახადი 2,30-იან ნიშნულზე იყო დაანგარიშებული, გაჩნდა ჩანაწერიც, რომ 10%-იანი სხვაობის შემთხვევაში, ტარიფის გადახედვას მოახდენდნენ. ამჟამინდელი გადასახადი თუ შენარჩუნდა, ეს იქნება ხელოვნურად გაჩერებული. ენერგოკომპანიების განაცხადებს არ ვიცნობ და მიჭირს თქმა, რამდენით შეიძლება მოიმატოს ტარიფმა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ცვლილება 2 თეთრზე ნაკლები არ იქნება”, – აცხადებს გია არაბიძე.

გაძვირებას არც ფინანსისტი დავით ასლანიშვილი გამორიცხავს. როგორც მან “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ახლა კურსზე მნიშვნელოვანი ისაა, დენის და გაზის ტარიფები როდის გაიზრდება, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება.

“ამ ეტაპზე მთავარი პრობლემებია: 1 წლის განმავლობაში როგორ გადაიხდის კერძო ბიზნესი 4 მილიარდ დოლარამდე არსებულ საგარეო ვალს? ამ წელს 800 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე, მომდევნო წელს კი 3 მილიარდ დოლარამდეა გადასახდელი. მეორე საკითხი – რა მოხდება კომუნალური ტარიფების გაზრდის შემდეგ? გარდა აქციზის გადასახადის გაზრდისა, მოგვიწევს დენის, გაზის და სხვა ტარიფების აწევა, რაც მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს”, – აღნიშნა ასლანიშვილმა.

განსხვავებულად ფიქრობს ენერგეტიკის ექსპერტი თემურ ჭიჭინაძე, რომლის ვარაუდითაც, კომპანიებს გადასახადის გაზრდის საჭიროება არ აქვთ: “ტარიფი ისედაც მაქსიმალურად არის გაზრდილი. არა მგონია, კურსის ცვალებადობას ამჯერად გადასახადების ზრდა მოჰყვეს. ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ უდგათ. ტარიფის გაზრდა მოსახლეობისა და მრეწველობისთვისაც ძალიან მძიმე იქნება. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს სახელმწიფო პოზიცია, არ მისცეს კომპანიებს ტარიფით სპეკულირების საშუალება. შარშან სახელმწიფო წამოეგო მათ ანკესს და გადასახადს მოუმატეს. ახლა ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან. ამგვარ ცვლილებას ნამდვილად არ ველოდები”, – აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

შეიძლება ითქვას, კომუნალური ტარიფები გაძვირების ზღვარზეა. თუკი კურსი ასეთ ნიშნულზე დარჩება და დევალვაციაც გაგრძელდება, შესაძლოა, სხვა გამოსავალი არც დარჩეს. სემეკს აქვს ყველა უფლება, ნახევარ წელიწადში კვლავ გადახედოს კომპანიების საგადასახადო პოლიტიკას და უკვე ზაფხულში ისევ დადგეს ტარიფების გაძვირების საკითხი.

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

რატომ გაწირეს ლარი?

ყველა ბნელი გზა ბანკებისკენ მიდის

ნათია ლომიძე

სავალუტო ბაზარზე ლარის თავბრუდამხვევმა დაცემამ დიდი პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვია. პარალელურად სავალუტო ბაზარზე სპეკულაციის ნიშნები გამოიკვეთა. მთელი ქვეყანა შოკში ჩავარდა, ბიზნესმა და მოსახლეობამ ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო.

პირველ დეკემბრამდე ლარი დოლართან მიმართებით მუდმივად უფასურდებოდა, მაგრამ უცაბედმა დევალვაციამ ბაზარზე ელვისებურად იმოქმედა. სამთავრობო სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ ლარის დაცემა რეგიონული ვალუტების გაუფასურებამ გამოიწვია, თუმცა მარტივი ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ამ მხრივ მკვეთრი ცვლილება, თურქეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

ყურით მოთრეული მიზეზები

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა და სომხური დრამი სტაბილურია და საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება. მეტ-ნაკლებად გაუფასურდა თურქული ლირა (10,2%-ით) და აზერბაიჯანული მანათი (5,3%-ით). იგივე პერიოდში დევალვაციის რეკორდი დაამყარა ქართულმა ვალუტამ, რომელმაც 12,5%-ით დათმო პოზიცია. გარდა საგარეო ფაქტორებისა, ხშირად იშვერენ ხელს მოსახლეობისკენ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გუშინ სავალუტო ბაზარზე მომხდარი ცვლილება სწორედ ხალხს გადააბრალა. სებ-ის განცხადებით, ხალხში გამოწვეულ პანიკას ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა:

“დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის განმავლობაში გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ – დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია 2003 წლის მერე. მას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინი, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას. ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს”.

“რეზონანსი” დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი, რომ შიდა სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟი ხალხმა გამოწვია. რეალობა სებ-ის განცხადებისგან მკვეთრად განსხვავებულია. ბოლო 2 დღეა თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქმედი სავალუტო ჯიხურები მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან და თავადაც თავს იკავებენ დოლარის გაცემისაგან. ერთ-ერთი ჯიხურის მეპატრონე თემურ კაცაძე ეროვნული ბანკის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

“გავეცანი სებ-ის განცხადებას და მაინტერესებს, რომელ სავალუტო ჯიხურთან დაინახეს დოლარის ყიდვის ან გაყიდვის მსურველების რიგი? რაღაც სისულელეს რომ გამოაქვეყნებენ, ამის დასაბუთებაც უნდა შეძლონ. ხალხი შოკშია, გაჩერებულია ყველა და ყველაფერი. მთელი დღეა დოლარის არც ყიდვის და არც გაყიდვის მსურველი არ გამოჩენილა. სიმართლე გითხრათ, გარკვეული მიზეზების გამო, მეც თავს ვიკავებ უცხოური ვალუტის გაცემისაგან. სიტუაცია აშკარად უკონტროლოა და არ ვიცით, რა შეიცვლება. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეროვნული ბანკის განცხადება სრული აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება”, – განუცხადა “რეზონანსს” თემურ კაცაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას რეალობას მოკლებულს უწოდებს ფინანსისტი ნოდარ ჭიჭინაძე. მისი თქმით, სებ- ის განცხადება იმის თაობაზე, რომ დევალვაცია მოსახლეობის პანიკის შედეგია, არის საკუთარი შეცდომების გადაფარვის მცდელობა სხვის ხარჯზე.

“საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება რეალობას აცდენილია, მერამდენედ აკეთებენ ამგვარ განცხადებებს. ეს უკვე დაცინვაა, თანაც ასეთ პირობებში. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რამ გამოიწვია ეს პანიკა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის უყურადღებობის ბრალი ეროვნული ვალუტის მიმართ.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება ძალიან ცუდად დაიწყო. ფულის მიწოდება კომერციული ბანკებისთვის ყველანაირ ზღვარს გასცდა, ქადაგიძის მმართველობის დროინდელ ნიშნულსაც კი გადაუსწრო. მივიღეთ პანიკა და ამის აღიარება ეროვნული ბანკის მხრიდან ნიშნავს თავისივე შეცდომის აღიარებას. მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ პანიკისგან და არარაციონალური შეფასებებისგან უნდა დავიცვათ ბაზარი და დღეს თავად აკეთებენ მსგავს განცხადებას. ფაქტია, რომ ვერ იცავენ ან არ იცავენ ბაზარს.

ყველაფერში მთავარი დამნაშავე ეროვნული ბანკია. არც ისე ბევრი დოლარი და ლარი აქვს ამ ხალხს, რომ ერთიანად მიწყდომოდნენ სავალუტო ჯიხურებს. ასეთი გადაბრალება ხალხზე, რომ თურმე მათ გამოა სავალუტო ბაზარზე ქაოსი, არ შეიძლება.

მთავრობის განცხადებებიც ცინიკურად მიმაჩნია ინფლაციასთან დაკავშირებით. თურმე ინფლაციის ნიშნები არ შეიმჩნევა ქვეყანაში, ამიტომ არანაირ რეაგირებას არ ახდენენ. ამ დროს ლარი თავზე ემხობათ”, – განუცხადა “რეზონანსს” ნოდარ ჭიჭინაძემ.

დეპუტატები ბანკების წინააღმდეგ

სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებისა და მოსახლეობის მსგავსად სებ-ის განცხადება გადაჭარბებულად მიაჩნიათ უმრავლესობის წევრებსაც. სწორედ ამიტომ დეპუტატმა გია მიქელაძემ პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტის მოწვევის საკითხი დასვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობისა და კომპანიების უდიდესი ნაწილი ბანკების ტყვეობაშია.

კურსის ასეთი ცვლილება საეჭვოდ მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძესაც. მისი აზრით, ეკონომიკაში არ მომხდარა ისეთი რყევა, რაც ლარის ერთ დღეში საგრძნობლად გაუფასურებას გამოიწვევდა.

“ქვეყანაში თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გაუგებარია – ლარის კურსი ეცემა, გუშინდელ დღესთან შედარებით გაიზარდა 15 პუნქტით. არ ვიცი, ეს რას შეიძლება დავაბრალოთ. არა მგონია ეკონომიკაში ასეთი რყევა მომხდარიყო ერთ დღეში, რომ ჩვენი ვალუტა ასე მკვეთრად გაუფასურებულიყო”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, რაშიც ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე, – ასე შეაფასა პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა გუშინდელი დღე.

დეპუტატმა ყურადღება ბანკების არაპროფილურ საქმიანობაზე გაამახვილა და ეს დიდ გამოწვევად შეაფასა. კახა ოქრიაშვილის თქმით, არსებობს კანონი, რომელიც ბანკების არაპროფილურ საქმიანობას კრძალავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი სხვადასხვა სქემით არაპროფილურ ბიზნესებს ფლობენ და ამით კონკურენციას კლავენ. ამიტომ მთავრობა ბიზნესის ნდობას კარგავს.

“არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში. საჭიროა კონკურენტული და თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა. როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს და არიან სხვადასხვა კომპანიების ფაქტობრივი მფლობელები, ეს იწვევს კონკურენციის ჩახშობას დარგში, ბიზნესის უნდობლობას საბანკო სექტორისა და მთავრობის მიმართ”, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ლარის კურსის გაუფასურებას სპონტანურსა და დროებით რეაქციას უწოდებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. მისი ინფორმაციით, მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ “რამდენადაც შესაძლებელია, კურსმა დაიწიოს”.

ლარის დევალვაციას დროებითს უწოდებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მან პარლამენტის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლებს მოუწოდა, ხელი არ შეუწყონ პანიკას. “ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ მოქალაქეებს, რომ ვალუტის კურსთან დაკავშირებული პროცესი დროებითია. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავთ, არ აჰყვნენ პანიკას, ასვე მივმართავ უმცირესობის წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობენ ხელს პანიკურ სიტუაციას”, – განაცხადა მდინარაძემ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ლარის კურსის მკვეთრ მერყეობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ისინი აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება მოითხოვს სწრაფ, ოპერატიულ რეაგირებას. ლარის არასტაბილურობა ანგრევს მისდამი ნდობას და ლარიზაციის იდეას საფუძველშივე კლავს:

“მთავრობის მიერ შემოთავაზებული ლარიზაციის პროგრამა კონცეპტუალურად სწორია და ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში პრობლემის პრევენციაზე, მაგრამ იგი ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები მივმართავთ მთავრობას და ეროვნულ ბანკს შემდეგი რეკომენდაციებით:

გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რადგან მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკა ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ნაადრევად. ინფლაციის დაბალი დონის არგუმენტად გამოყენება თეორიულად სწორია, მაგრამ აცდენილია რეალობას. გარდა ამისა, არსებობს საგარეო რისკები ნავთობზე ფასის მატების, რისგან დასაცავადაც საჭიროა პრევენცია და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ეს ნაბიჯი ლარის კურსზე დადებითად აისახება.

ეროვნულმა ბანკმა უნდა შეზღუდოს კომერციული ბანკების დაკრედიტება, მათ შორის, რეფინანსირების სესხებით. ბოლო მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება სებ-ის მიმართ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 1 მილიარდ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ნოემბრამდე (როდესაც ლარის გაუფასურების პირველი ტალღა მოხდა) ეროვნულ ბანკს თავად ჰქონდა კომერციული ბანკების ვალი, ანუ ფული ამოღებული იყო ბანკებიდან, რაც კურსის სტაბილურობას ეხმარებოდა. 2014 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად იზრდება სებ-ის მიერ ბანკებისთვის ნასესხები ფული, რაც ხვდება ბაზარზე და ლარზე ქმნის წნეხს.

უნდა გამოცხადდეს მოკლევადიანი მორატორიუმი ფულის მასის ზრდაზე – წლის დასაწყისიდან დღემდე სარეზერვო ფული გაზრდილია 21%-ით, ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში ასევე – 21%, ხოლო ქ2 აგრეგატი – 16%-ით. დოლარის შემოდინების მცირედი გაუმჯობესების ფონზე, ეროვნული ვალუტის მასა გაიზარდა გაცილებით დიდი ტემპით და ნეგატიურად აისახა გაცვლით კურსზე;

მთავრობის დაანონსებული რეფორმები მნიშვნელოვანია, თუმცა მათი დაანონსება უნდა მოხდეს ფრთხილად, თანმიმდევრულად და თანდათანობით, ბიზნესთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რათა არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინი. მაგალითად, საწვავზე აქციზის ზრდის დაანონსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი კომპანიის საღად მოაზროვნე ხელმძღვანელი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მთელი მის ხელთ არსებული რესურსით მოახდინოს პროდუქტის დამარაგება, რაც ზრდის დოლარზე მოთხოვნას.

სესხების გალარების პროგრამა კი ბანკებს უჩენს ცდუნებას, რომ კურსის ცვლილებით დამატებით მოგება ნახონ იმ იმედით, რომ მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება სესხის გალარების დროს კურსის შემსუბუქებაში;

აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება შემცირების მიმართულებით; საჭიროა სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის ფორსირება და აქცენტი უნდა გადავიდეს უცხოელი ინვესტორების მოძიებაზე, რათა ქვეყანაში მოხდეს დოლარის ახალი მასის შემოდინება;

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე წვდომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მხოლოდ ბანკები ყიდულობდნენ მას. ახლა გვაქვს შემდეგი სურათი, ბანკები შეუზღუდავად ყიდულობენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, შემდეგ მათი დაგირავებით ეროვნული ბანკიდან იღებენ სესხს, რაც დამატებითი წნეხია ლარისთვის;

უნდა გადაიხედოს ლარის კურსის განსაზღვრის მექანიზმი – დღეს ლარის კურსი დგინდება მხოლოდ ბანკთაშორისი გარიგებების შედეგად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეალურად საბანკო სექტორში მხოლოდ 2 მსხვილი ბანკია, ძალიან დიდია ბაზარზე არაფორმალური გავლენის ალბათობა. მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ლარის კურსის დადგენაში მონაწილე სუბიექტების წრე და მხოლოდ ბანკების გარდა, კურსის დადგენაში გაითვალისწინებოდეს, მაგალითად, მიკროსაფინანსოების, მსხვილი ექსპორტიორების და იმპორტიორების, სხვა ორგანიზაციების გარიგებები”.

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

გამოწვეულია თუ არა ლარის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით?

ნინო ქეთელაური

(შემოკლებით)

გამოწვეულია თუ არა ლარის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ამირან სალუქვაძე (ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში): ეკონომიკურ პოლიტიკაში პრობლემები რომ არ ყოფილიყო, ამ კუთხით სამთავრობო ცვლილებები არ განხორციელდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ დოლარი გამყარდა უამრავ ვალუტასთან მიმართებაში: ევრო, აზერბაიჯანული მანათი, ფუნტი, იენა, სინგაპურული დოლარი, სომხური დრამი, შვედური კრონა და სხვა. რამდენად ნიშნავს ეს, რომ ჩვენს ვალუტაზეც უნდა ასახულიყო, ეკონომისტებისთვის მიმინდვია. რაც შეეხება ვარდნის პროცესს, აშკარად პანიკურია. შესაძლოა, დოლარის სხვა ვალუტებთან გამყარებას დაემთხვა ჩვენი შიდა პროცესები. კერძოდ, მთავრობის ბოლო ეკონომიკური ინიციატივები, რომლებას მოჰყვა ოპოზიციის კრიტიკა და გაუგებრობა ბიზნეს წრეებში თუ მთლიანად საზოგადოებაში. უნდა ვისწავლოთ თვითცენზურა, როგორ მოვიქცეთ ასეთ სიტუაციებში, ვალუტა რომ არ ჩამოვშალოთ, რადგან ეს მეორედ ხდება. მთავრობამ კი, უნდა გააუმჯობესოს საინფორმაციო უზრუნველყოფა, გაააქტიუროს პრესსპიკერის აპარატი და ადმინისტრაციის მხრიდან სახელისუფლებო წრეების კოორდინაცია.

ლაშა ჩხარტიშვილი (“დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი): ლარის ასეთი გაუფასურების უპირველესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური ქმედებებია, თუმცა ამას ემატება გარკვეული ფინანსური საკითხების ერთობლიობა. ამასათანავე, სახსრების ხარჯვა ხდება უყაირათოდ. ადმინისტრაციული ხარჯები არის გაზრდილი. გავიხსენოთ თუნდაც ავადსახსენებელი პრემიებისა და დანამატების თემა, ასევე ძვირადღირებული ავტომანქანები და სხვა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობის მხრიდან რეალური და ადეკვატური გეგმა ყოფილიყო წარმოდგენლი, ვიხილეთ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ქმედებების ერთობლიობა, რომელის ნაწილი ლარის გამყარების წინაპირობა ვერ გახდება და მეორე ნაწილი კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს მდგომარეობას. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯი და დაიწყოს ადგილობრივ წარმოებაზე ზრუნვა.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო აქციზის ფასის მომატების ნაადრევად გამოცხადება, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ამ ყველაფერს საფუძველად ხომ არ უდევს ფუნდამენტური მექანიზმები?! ამიტომ, უნდა ჩაცხრეს აჟიოტაჟი და ალბათ, ამაზე პასუხის გაცემის საშუალება სპეციალისტებს მერე ექნებათ.

ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): ალბათ, გარკვეულწილად არასწორი ეკონომიკის ბრალიც არის, მაგრამ რაღაც ხრიკი უფრო მგონია მე. ვერ გავიგე, ბენზინის ფასის მომატება რას უშველის ლარის კურსს?! ვფიქრობ, ეს ისტერიკა რაღაცის გადასაფარად ხომ არ არის მოწყობილი?! ოღონდ, ვისი მხრიდან, ნამდვილად არ ვიცი.

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ამათ ნუ ჰგონიათ, რომ რადგანაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, ხალხიც მხარს ამ დონეზე უჭერს

ელზა პაპოშვილი

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მთავრობის პირველი სხდომა და პრემიერის ინიციატივები ორაზროვანი და ბუნდოვანია, რომლის განხორციელებასაც სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზი სჭირდება. მისი თქმით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზაფხულზე მივიღებთ პროტესტს, რომელიც დიდი ალბათობით, ქუჩაში გადაინაცვლებს.

- როგორ შეაფასებთ მთავრობის პირველ სხდომას და პრემიერის მიერ გახმაურებულ ინიციატივებს?

- მთავრობის მიერ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის მხოლოდ წინადადებები მოვისმინე და არა კონკრეტული მექანიზმები, თუ ამ ინციატივების განხორციელებას როგორ აპირებენ. მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, როგორ მოხდება ამ გახმოვანებული ინიციატივების რეალიზება. მართალია, კარგია, რომ მთავრობას ასეთი ინიციატივების განხორციელება უნდა, მაგრამ როგორც ვნახეთ, ამან გარკვეული დისონანსი გამოიწვია. იგივე ლართან მიმართებაში, რომლის მოსაგვარებლადაც სასწარფოდ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სხვადასხვა საკითხებია, რომელსაც დიფერენცირებული მიდგომა სჭირდება. 20-25 თეთრით ბენზინი რომ გაძვირდება, შემდეგ ამას ტრანსპორტის გაძვირება მოჰყვება, რის კონტროლსაც ხელისუფლება ვეღარ შეძლებს. ავტომანქანების აქციზზე საუბარი კიდევ სხვა თემაა.

სანამ ეს ყველაფერი გახმაურდებოდა, ხელისუფლებას უფრო დეტალურად უნდა გაეთვალა, რომ ასეთი განცხადებები გარკვეულ რყევებს იწვევს. საზოგადოებაში და მოსახლეობაში ხვალ რა რეაქცია იქნება, არ ვიცით. ასევე წარმოუდგენელია იმ ადამიანების ვალის დაფარვა და სესხის ლარში გადაყვანა, ვისაც დოლარში აქვს აღებული. მაინც მგონია, რომ ყველა ამ პრობლემის მიმართ ერთი სტანდარტული მიდგომა სწორი არ არის. როდესაც ადამიანმა კრედიტი თავისი სიამოვნებისთვის აიღო, ამაში ხელისუფლება რატომ უნდა ჩაერიოს? ეს საკითხები უფრო დასაზუსტებელია და საზოგადოებამდე ისე უნდა მივიტანოთ.

- თუკი მთავრობამ ეს პრობლემები ვერ მოაგვარა, შესაძლებელია თუ არა რომ ქვეყანაში სოციალური აფეთქება მოხდეს?

- არ მგონია, რომ უხლოვეს პერიდოში საზოგადოების მხრიდან რაიმე სახის გამოსვლებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა გაზაფხულზე მგონია, რომ სიტუაცია უფრო დაიძაბება. გამოსვლები შეიძლება დაიწყოს, რადგანაც ძალიან რთული ვითარებაა. ამიტომ ხელისუფლებას ძალიან მოქნილი და ხისტი პოლიტიკის გაწევა მოუწევს. თუ მთავრობამ თავისი ყველა ნაბიჯი სწორად არ გათვალა და საზოგადოებას კონკრეტულად არ აუხსნა, რას და როგორ აპირებს, მაშინ ხალხი ყველაფერს გააპროტესტებს.

ლეგიტიმურია საზოგადოების პრეტენზია, რომ ღარიბ ადამიანს, სესხი დოლარში არ აუღია. გადამხდელუუნარო ადამიანს ბანკი სესხს ხომ არ აძლევს. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ყველა თავისი ნაბიჯი სწორად უნდა შეაფასოს. რა თქმა უნდა, უკმაყოფილება იქნება და ძალიან სწრაფადაც გაიზრდება. ამათ ნუ ჰგონიათ, რომ რადგანაც კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, მოსახლეობაც მხარს ამ დონეზე უჭერს. გარდა ეკონომიკისა, პოლიტიკური ანალიზიც საჭიროა.

- როგორ შეაფასებთ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს, შესაძლოა თუ არა რომ ეს პარტია ორ სუბიექტად ჩამოყალიბდეს?

- პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება რომ მოვისმინე, გულწრფელად გითხრათ, ვთქვი, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. ეს პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად გაიყო. პროცესი უკვე შეუქცევადია, მათ ერთიანობის შენარჩუნება უკვე გაუჭირდებათ. ის, რომ ბოლიტსაბჭოზე სააკაშვილის ფრთამ გაიმარჯვა, პირველყოვლისა “ქართულ ოცნებას” უნდა მივულოცოთ. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ჰყავდეს როგორც ოპოზიცია და საუცხოოა, თუ ეს სააკაშვილის მეთაურობით იქნება. სანამ სააკაშვილის ფაქტორი იარსებებს, “ოცნება” ხელისუფელბას და ძალაუფლებას შეინარჩუნებს. თუ ძალიან სერიოზულ კრიზისამდე არ მივედით და საქმეში ქუჩა არ ჩაერთვება.

- ელოდებით თუ არა, რომ გაზაფხულზე ოპოზიცია უფრო გააქტიურდეს და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ძვრები დაიწყოს?

- სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური სპექტრი დალაგებული და ჩამოყალიბებული არ არის. თუმცა სადღაც თებერვლის თვეში, ოპოზიციური სპექტრის მოწესრიგებას ველით. ვნახოთ, რა იქნება, დავით უსუფაშვილისგან რაღაც ახალი ძვრები უნდა წამოვიდეს.

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ნუ იზამს ოცნება იმას, რაც ნაცმოძრაობასაც არ უკადრებია

თაკო მათეშვილი

პოლიტოლოგი სისო ცისკარიშვილი ლარის კატასტროფულ გაუფასურებას გარკვეულწილად მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებს და ამბობს, რომ ამ თემაზე პანიკისა და მითქმა-მოთქმის თუნდაც რამდენიმედღიანი შეჩერება სიტუაციას ბევრად დაასტაბილურებდა.

“რეზონანსთან” ინტერვიუში ცისკარიშვილი იმასაც ამბობს, რომ ლარის ამგვარ მდგომარეობასთან გარკვეულ კავშირში შესაძლოა არჩევნები, უფრო კონკრეტულად – წინასაარჩევნოდ დახარჯული ფულიც იყოს. მთავრობის ეკონომიკური ინიციატივების ნაწილს კი ცისკარიშვილი მკაცრად აკრიტიკებს. მისი აზრით, სიტუაციის ერთჯერადად გამოსწორების მიზნით მთავრობა ისეთი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას დიდ ზიანს მოუტანს.

სოსო ცისკარიშვილი: ჩვენი მშობლიური ლარის გამოსაფხიზლებლად და მოსარჩენად, მგონი, უფრო მეტი გულშემატკივარი დაფიქსირდა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობაა. დილიდან საღამომდე ეს თემა არც მედიასივრცეს სცილდება და არც საპარლამენტო სივრცეს. ფაქტია, რომ მშვიდი და უპრეტენზიო ლარი ახალი ახლადარჩეული პარლამენტის ორი ძირითადი სუბიქტის ერთმანეთთან დაპირისპირების საბაბი გახდა.  ეკონომისტობა ადრე პროფესია იყო, ახლა კი ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე ყველა მსჯელობს, ვისაც არ ეზარება. იმის მიუხედავად, არითმეტიკა სკოლაში ხელეწიფებოდა თუ არა. საზოგადოებაც დაიბნა და კიდევ უფრო მეტად დაიბნა ლარი.

ლარის ტკივილის მოსაშუშებლად უპირველესი ნაბიჯი მის მიმართ ასეთი გაავებული ინტერესის შემცირებაა. ანუ, 2-3 დღე მაინც უნდა ვაცადოთ ლარს ისე, რომ მოსახლეობას გული არ გავუხეთქოთ. აჟიოტაჟი ნებისმიერ ვალუტას ვნებს და ლარს ეს მაინც ავაცილოთ.

- ფიქრობთ, რომ აჟიოტაჟი არაადეკვატურია?

- საზოგადოების რეაგირება, ბრალდებები ხელისუფლებისა და უნდობლობა ლარის მიმართ ადეკვატურია, მაგრამ ქმედებისთვის მათ პრაქტიკულად შესაფერისი ფინანსური ატრიბუტი არ გააჩნიათ. მხოლოდ დარდითა და კრიტიკით არანაირი დაავადება არ განიკურნება. მათ შორის, არც ლარი. იქნებ ერთკვირიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ ლარის საკითხის საჯაროდ გარჩევასთან დაკავშირებით. სიმშვიდის მომგვრელი იქნებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ეკონომისტებისა და ფინანსისტების მიერ გამოთქმული სურვილი, რომ ყოველგვარი კამერების გარეშე დასხდნენ და ჩვენი მოსახლეობის სადარდებელის შველაზე ერთად იფიქრონ.

ვიმეორებ – კრიტიკა საფუძვლიანი და ადვილია, მაგრამ ეს თავად ლარს ვნებს. შესაბამისად, ჩვენს გაოგნებულ მოსახლეობასაც. ლარი გამოჯანმრთლებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა ასეთი რეალობის ავტორები საერთო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.

- თქვენ თქვით, რომ საზოგადოების რეაქცია ადეკვატურია, ხელისუფლების რეაქცია და განცხადებები რამდენად არის ადეკვატური? მოსახლეობის მხრიდან მათი გამონათქვამები გამაღიზიანებლად არ აღიქმება?

- რაც უფრო სუსტდება ლარი, მით უფრო იზრდება “ნაციონალთა” სიამაყე საკუთარი წარსულით. თუმცა, ასეთი კმაყოფილების საფუძველი, რასაკვირველია, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის მიუღებელია. ჩემთვის შედარებით სიმშვიდისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ნოემბრის დღეებში გამართული ურთიერთდაპირისპირების, სრულიად მიუღებელი წამოძახილებისა და შეფასებების შემდეგ ზამთრის პირველ დღეს ორივე მხრიდან შედარებით აკადემიური გამოსვლები იყო.

რასაკვირველია, ფრაზეოლოგიაში შიგადაშიგ ამ თემის პოლიტიკური შემადგენელი გამოჩნდებოდა-ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ წუხილი მთელ პარლამენტში გულწრფელია. ეს მაფიქრებინებს, რომ კონსენსუსის მიღწევას არცთუ დიდი დრო დასჭირდება, თუკი პარლმენტარები და მთავრობა შეძლებენ, რომ პოლიტიკა დაივიწყონ და მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იღვაწონ. ჩვენ კი ამას იმ მედიასაშუალებების დახმარებით მივადევნებთ თვალს, რომელსაც მოვლენების ობიექტურად გაშუქებისადმი მისდრეკილება აქვს.

- რამდენად შეიძლება ლარის გაუფასურება არჩევნებთან იყოს კავშირში?

- ძნელია, მკაფიო არგუმენტები ჩამოაყალიბო და ამა თუ იმ ფაქტით დაადასტურო, მაგრამ საინტერესოა, თავად მთავრობისგან გავიგოთ თუ რა დაემართა ლარს არჩევნების შემდეგ. როგორ გაძლო მან თავაწეულმა არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების შემდეგ რატომ დაბარბაცდა და ახლა უკვე – დაკოჭლდა. ხომ არ იყო იმის აუცილებლობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხარჯები დოლარებში გაწეულიყო. თუნდაც, მცირე, საქართველოს მასშტაბში. ამაზე საუბარი იყო. მტკიცებულებები ძნელად მოსაძიებელია, თუმცა ეჭვები არსებობს, რომ სწორედ დოლარისაკენ მეტი ლტოლვა ჰქოდნათ, ვიდრე ლარისკენ მათ, ვისაც საჭიროების შემთხვევაში ვინმესთვის სურვილის ასასრულებლად საარჩევნო რეალობის შეცვლა ხელეწიფებოდა.

- ამ კითხვაზე ხელისუფლების არგუმენტი რა იქნებოდა, თქვენი აზრით?

- არც ერთი ოფიციალური პირისგან არ მომისმენია, რომ სწორედ არჩევნების შემდეგ ატყდა ეს გაუგებრობა. იმაზე საუბარი, რომ თურმე ჩვენი ექსპორტი იმპორტს ჩამორჩება, დამწყები კლასების მოსწავლეებისთვისაც კი არ იქნება დამაჯერებელი. მით უფრო, ამ საქმეში ოდნავ ჩახედულისათვის. არასოდეს მომხდარა ისე, რომ ქართული ექსპორტი საქართველოში შემოსულ იმპორტზე მეტი ყოფილიყო. ალბათ ამაზეც ექნებათ მომზადებული პასუხები მათ, ვინც ახლა საკუთარი თანამდებობებით ტკბობის ხასიათზე მაინცადამაიც არ არიან. ვითარება მართლაც საკმაოდ დაძაბულია არა მხოლოდ ვალუტის გასაცვლელ ჯიხურებთან, არამედ ყველა სასურსათო მაღაზიაშიც.

კიდევ ერთხელ ვამბობ – ვეცადოთ, ეს თემა დღის განმავლობაში შედარებით ნაკლებად ამოვატივტივოთ. რაიმე პოზიტიური გამოსავლის მოძებნის იმედით ჩვენს საზოგადოებას წარმატებულთა მოსმენა სურს და არა ცრუ დაპირებების იმედად დარჩენა, რასაც სამწუხაროდ, უკვე შევეჩვიეთ კიდეც.

- ორიოდ დღის წინ ახალი მთავრობა პირველად შეიკრიბა და საკმაოდ ბევრი კონკრეტული ინიციატივაც გაჟღერდა. როგორ შეაფასებდით მათ სტარტს?

- დღეს სხვადასხვა მიმართულებით განსხვავებული მიდგომებია. ჩემთვის გულგასახეთქია მზაობა, რომ საქართველომ რკინიგზისა და გაზსადენის წილები გაყიდოს. ეს ორი უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ადგილმდებარეობის მიმართ დამოკიდებულებას და თანამშრომლობის სურვილს ამყარებს.

რამდენჯერაც ხელისუფლებას ფული შემოელევა, ასეთი სიმდიდრე გაყიდოს, არაა კარგი. ის სიმდიდრე, რომელიც წინა თაობებმა გვიანდერძეს. ჩვენი თაობა არ უნდა შეცდეს და შთამომავლბა არ უნდა გააუბედუროს. ამ სტრატეგიულ ობიექტებს არა მხოლოდ პირდაპირი დანიშნულება, არამედ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შინაარსიც გააჩნიათ.

ეს 25-25% რომ გავანიავოთ, ამით ერთჯერად შემოსავალს კი მივიღებთ, მაგრამ სამომავლო შემოსავლებს დავკარგავთ. ყოველწლიურად დავკარგავთ იმას, რასაც წინა წლებში ვფლობდით. ეს არნახული მავნებლობა იქნება.

ამ საკითხის ლონდონის ბირჟაზე გატანას რომ გვპირდებიან სიმშვიდის მოსაპოვებლად, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენი სიმდიდრის დასაფასებლად არიან ჩასაფრებულები, ამ ნაბიჯის გადადგმას ლონდონშიც მოახერხებენ და დედამიწის ნებისმიერ წერტილშიც. ასე რომ, გინდა დეზერტირების ბაზარზე გაგვიტანია რამე და გინდა ლონდონის ბირჟაზე.

თუ რკინიგზისა და გაზსადენის საფუძველზე თანხების მოძიება გარდაუვალია, ჯობია საქართველოში არსებული ბიზნეს სუბიექტების შესაძლებლობები მოვიძიოთ და თითოეული მიმართულებით შესაბამისი აქციები გამოვცეთ. მოსახლეობის, ან ბიზნესის მიერ გაღებული ეს თანხა მთავრობის გასაჭირსაც წაადგება, თანაც, რამდენიმე წელში მაინც იქნებ გაიმართოს ჩვენი ბიუჯეტი წელში და სახელმწიფოს საშუალება ექნება აქციები უკან დაიბრუნოს. ეს პრაქტიკულად ინფრასტრუქტურის დროებით გასესხება იქნება და არა შემოსავლის სერიოზული წყაროს სამუდამოდ დაკარგვა.

პრივილეგია ასეთი აქციების შეძენისას საქართველოს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს. არაა აუცილებელი თითო აქცია ასიათასობით დოლარი ღირდეს. რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება თუნდაც 100-ლარიანი აქციის შეძენის შესაძლებლობა, მით უფრო იმძლავრებს საკუთარი ქვეყნის წინსვლის სწრაფვა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გაზრდის საფუძველიც ეს იქნება.

ნუ ვიფიქრებთ იმის გაყიდვაზე, რაც ჩვენს წინაპრებსაც არ გაუყიდიათ, რომელთაც უფრო უჭირდათ. გაზსადენის გაყიდვაზე 2010 წელს “ნაციონალური მოძრაობაც” ალაპარაკდა. მაშინ პარლამენტარი ლაშა თორდია სხვადასხვა შეხვედრაზე ბრძანებდა, რომ თურმე მისი პირადი ინიციატივაა მაგისტრალური გაზსადენი სტრატეგიულ ობიექტთა ნუსხაში მოხსენიებული არ იყოს და გაიყიდოს. საბედნიეროდ, ამას არავინ დაუჯერა. საზოგადოების აღშფოთება იმდენად ძლიერი იყო, რომ გონიერება ეყოთ და ეს ნაბიჯი არ გადადგეს. ასე რომ, “ოცნება” ნუ იზამს იმას, რაც “ნაცმოძრაობასაც” არ უკადრებია.

- დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანის ინიციატივაზე რას ფიქრობთ? განმუხტავს სიტუაციას?

- ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო. ჩვენ რაიმე სახის ცდა შეიძლება ჩავატაროთ და შევიძინოთ იმის გამოცდილება, თუ რა როდის შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი ეროვნული და უცხოური ვალუტის ურთიერთობაში. ყველაფერს კვლევა სჭირდება. დაახლოებით სამთვიანი საცდელი პერიოდის შემდეგ გვექნება საშუალება, ავწონ-დავწონოთ და უფრო დამაჯერებელი გადაწყვეტილება მივიღოთ.

- ეს სხვა მოქალაქეების მიმართ რამდენად სამართლიანი იქნება?

- იმაზე საუბარი, რომ მე ვალი არ ამიღია და ფული რატომ უნდა გადავიხადო, მაშინ იქნება სამართლიანი, თუ მოქალაქე ამ მიზნით სადღაცაა გამოძახებული და მას ფულს ართმევენ. გადასახადებით აკრეფილი თანხები თუ სხვა საბიუჯეტო შემოსავლები კი მთავრობის მიერ გამოიყენება. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით ემოციურ მუხტს ნუ გავზრდით. ყველაფერს ექსპერიმენტი სჭირდება. ასეთი ექსპერიმენტები ხანმოკლე უნდა იყოს, შედეგი კი- დამაჯერებელი. ასეთ შემთხვევაში, არც საზოგადოება იქნება დაბნეული და არც ხელისუფლება. რაც მთავარია, არც ჩვენი ქვეყნის ნაკლებად მოსიყვარულე მეზობელი იქნება ნასიამოვნები.

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის გარეშე ნაცმოძრაობა ნელ-ნელა რიგითი პარტია გახდება…

სალომე სარიშვილი

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაანონსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმისა, ეს გზავნილები უკანასკნელ დღეებში მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა გადაფარა. ამასთან, კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ მთავრობა ვერ ახერხებს საზოგადოებას მოსალოდნელი ცვლილებების მოტივი და შესაბამისად, ამით სამომავლოდ მიღებული კარგი თუ ცუდი შედეგი აუხსნას. მისი აზრით, მმართველი პარტია ცდება, როცა “ნაციონალური მოძრაობის” ავკარგიანობაზე აპელირებს, რადგან ახლა ეს რიტორიკა საქმიანი დებატებითა და შედეგზე გათვლილი საუბრით უნდა ჩანაცვლდეს.

მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” საუბრისას “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიუხედავად პარტიაში არსებული აზრთა სხვაობისა, უმეტესობა მაინც მიხეილ სააკაშვილის იდელოგიის ერთგული რჩება, ხოლო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელმძღვანელის როლის მორგებას მეტისმეტად ნაადრევად ცდილობს.

მამუკა არეშიძე: პირველ რიგში, ბოდიში მინდა მკითხველს მოვუხადო, რადგან ლარის გაუფასურებაზე მიწევს საუბარი. ვხედავ, რომ ბოლო პერიოდში ყველას უწევს ეკონომიკაზე საუბარი – მცოდნეს თუ ნაკლებად კომპეტენტურს, თუმცა ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ. ცხადია, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა შექმნილი.

რასაკვირველია შეგვიძლია ჩვენი მეზობელი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანოთ და გავიხსენოთ, რა მდგომარეობა შეიქმნა აზერბაიჯანში მანათის გაუფასურების თვალსაზრისით; ვნახეთ, რომ იქ ვალუტა კატასტროფულად დაეცა. აგრეთვე ვხედავთ, რა მდგომარეობაა რუსეთში, სადაც რუბლი მკვეთრად გაუფასურდა, მაგრამ ეს ქართული საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვანია, მას სურს მხოლოდ ის მიიღოს, რასაც ნებისმიერი ხელისუფლება უკეთესი მომავლისთვის ჰპირდება.

ცხადია, რომ იმის გახსენებაც შეგვიძლია, რა მდგომარეობა შექმნა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომელიც გადამდები აღმოჩნდა, რადგან დღევანდელი მთავრობაც ამ გზას გაჰყვა. ფაქტია, რომ იმ პროგრამამ, რაც დღევანდელმა ხეილუსფლებამ წარმოადგინა, საზოგადოებაში დადებითი განწყობა ვერ შემქნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება კარგად მოიქცა, როცა ტყუილი არ თქვა და ვალუტაზე ღიად ისაუბრა, თუმცა არც ესაა საზოგადოებისთვის გამოსავალი. სჯობს, ყოველთვის ითქვას სიმართლე, თუ რა მდგომარეობაა ეკონომიკაში და რა იწვევს იმ მყისიერ პროცესებს, რომელიც, როგორც წესი, არჩევნების შემდეგ განუვითარებელ ქვეყნებში ხდება-ხოლმე.

- პირადად თქვენ რას უკავშირებთ ეროვნული ვალუტის კატასტროფულ ვარდნას და როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები ამ თემაზე?

- რა გითხრათ, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. რა მოხდა ახლა საქართველოში? რატომ მოხდა ლარის ასე მყისიერი ვარდნა? რატომ გახდა საჭირო აქციზის შემოღება სიგარეტზე, საწვავზე და მანქანებზე? რატომ მიიღო მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება, როცა ეკონომისტებს არც ონლაინ-სეხსხების აკრძალვასთან დაკავშირებით აქვთ მთლად კარგი შეფასება? – ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, თავად მთავრობამ მოახერხა საზოგადოებისთვის შესაძლო ცვლილელების მოტივაციის ახსნა? მოვისმინეთ, რომ გარკვეულ ცვლილებები ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის, მაგალითად აღნიშნეს, რომ სიგარეტისა და ბენზინის ფასის ზრდა ეკოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს…

- ამგვარი ახსნა, რომ სიგარეტის და ბენზინის გაძვირება ეკოლოგიაზე კარგად იმოქმედებს, კი ბატონო, იყოს, მაგრამ ეს ახსნა არაა. ონლაინ-სესხებზეც ვერ მოვისმინეთ ცალსახა პოზიცია, ერთი ნაწილი ამბობს რომ გაუქმდება, მთავრობის მეორე ნაწილი კი უარყოფს. გარდა ამისა, გაუქმების შედეგებიც ვერ არის ისეთი, რაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ამასობაში მეორე პლანზე გადავიდა ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეხება. ეს თემა ონლაინ-სესხების გაუქმებით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სფეროს კარგად არ ვიცნობ, შემიძლია ხალხის განწყობა შევაფასო და ვთქვა, ეს გაღიზიანებაა თუ გაუგებრობა, რადგან ხალხმა ამ გადაწყვეტილებების მოტივაცია ჯერ კიდევ ვერ გაიგო.

- თუმცა, მმართველი პარტია სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს და ამბობს, რომ პანიკა ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს…

- წმინდა ფილოსოფიური თვასაზრისით ეს ასეცაა – პანიკა ვითარებას ამწვავებს, მაგრამ მის გამომწვევ შედეგებზეც ხომ უნდა ვილაპარაკოთ, არა? ხალხს ეს პანიკა თავისით არ შეუქმნია, ეს პანიკა ეროვნული ვალუტის ძალიან სწრაფმა ვარდნამ გამოიწვია. ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების მოვალეობაა ეს პროცესი ახსნადი იყოს. სხვათაშორის, ეკონომიკის მცოდნე არ ვარ, მაგრამ ვიცი რა არის მცურავი კურსი და მისი შედეგიც მესმის, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ქვეყნის არასტაბილურობაა. არასტაბილური გარემო კი პანიკას აჩენს. ასე რომ, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია. ვფიქრობ, ხელისუფელებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და რაც მთავარია, ეს პროცესი საზოგადოებისთვის გასაგებად ახსნას, რადგან მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა ელით მომავალში.

- ზემოთ მოსალოდნელი ცვლილებები და მისი მოტივი ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ის გზავნილები, რაც საკანონმდებლო ორგანოდან გვესმის?

- გზავნილების ნაწილი პირველ სხდომაზე სწორი იყო, თუმცა იყო მიუღებელიც. არ შეიძლება მუდმივად იმაზე აპელირება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცუდია, ეს ზოგიერთმა დღეს გაიგო, მე და ჩემნაირებმა კი მათი ნამოქმედარი ჩვენს თავზე გადავიტანეთ. რასაკვირველია, მავანი მეტყვის, რომ იმ ფონზე, როცა “ნაცმოძრაობა” თავს მამა აბრამის ბატკნად ასაღებს, რთულია მოითმინო და არ გაღიზიანდე, მაგრამ მეორე მხრივ, ეს შედეგის მომტანი ვერაა, ამაზე საუბარს ახლა საქმიანი რიტორიკა უნდა ჩაენაცვლოს. საერთო ჯამში, ნაწილობრივ კარგი გზავნილებიც მოვისმინეთ, მაგრამ ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა ეს ყველაფერი გადაფარა. გულის ფანცქალით ველი რა გზავნილები ექნება ხელისუფლებას საგარეო მიმართულებით, მათ შორის, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- და ბოლოს, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებზეც მინდა გკითხოთ. აშკარაა, რომ პარტიაში გარკვეული განხეთქილებაა და ეს მეტწილად მიხეილ სააკაშვილის კვლავ ლიდერად დარჩენა-არდარჩენის საკითხს ეხება. ისიც ვნახეთ, რომ დასაწყისისთვის პოლიტსაბჭოზე სააკაშვილის მომხრეებმა გაიმარჯვეს. თქვენ როგორ უყურებთ მთელ ამ პროცესს და როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იქნება პარტია მიხეილ სააკშვილის გარეშე?

- სააკაშვილის მითითებების გარეშე “ნაციონალური მოძრაობა” ნელ-ნელა რიგითი პარტია გახდება, რადგან ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი მოტორი სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილია. ვერც ერთი სხვა დღევანდელი ლიდერი მას ვერ შეცვლის, თუმცა მეორე მხრივ, გარკვეული ჯგუფის ამბციებს სააკაშვილის ექსცენტრიული ხასიათი ხელს უკვე უშლის.

როგორც ჩანს, გიგა ბოკერიას სხვა ტიპის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება უნდა, უფრო ნაკლებად ექსცენტრიული და მეტად საქმიანი, მაგრამ მგონია, რომ იგი ცდება, რადგან იმ დამღას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, უახლოეს მომავალში ვერ ჩამოიცილებს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, თუკი პარტიაში ის გუნდი დარჩება, რომელშიც ლიდერი ბოკერიაა, მაშინ ის დამღად დარჩება. პრინციპში, ახალი პარტიის შექმნის შემთხვევაშიც ასე იქნება და ის ვერაფერს შეცვლის სახელის გარდა. მაინც ვფიქრობ, რომ საქმეს განხეთქილებამდე არ მიიყვანენ და თუ ასე მოხდა, მაშინ სულელები ყოფილან. ვფიქრობ, ისინი მოახერხებენ პოლიტსაბჭოში სიმშვიდე შეინარჩუნონ, ხოლო ლიდერად ისევ სააკაშვილს დაასახელებენ. ყველაფერი კი იმით დამთავრდება, რომ დაპირსპირებას კულუარებში გადაიტანენ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ბოკერიამ ხელმძღვანელობის შეთავსება დროზე ადრე გადაწყვიტა. პარტიის უმეტესობა კი იდეოლოგიური თვალსაზრისით მაინც სააკაშვილის ერთგული იქნება.

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

სკანდალური ოფიცრები თავდაცვის სამინისტრომ თანამდებობებზე აღადგინა

ელზა პაპოშვილი

თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო ავიაციის და თავდაცვის სარდლობაში სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის თანამდებობებზე აღდგენის ბრძანება გასცა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებზე თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა ვიცე-პოლკოვნიკების – სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით 16 ნოემბერს დაიწყო, რადგანაც მათი თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ სამხედრო ექსპერტები მათ წარსულსა და “ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრობდნენ, რომელიც დანაშაულებრივ ელემენტებს შეიცავდა და ოპოზიციაზე პოლიტიკური სახის დევნას შეეხებოდა.

“მოკვლევისას გამოიკითხნენ მედიაში გაჟღერებული ფაქტების მონაწილე პირები: “ინფო-9″-ის ოპერატორი, იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც 2012 წელს ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მეთაურობდნენ და თავად ხსენებული ოფიცრები. გამოკითხულთაგან არც ერთმა დაადასტურა მედიაში კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ბრალდება. შესაბამისად, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენილია, გიორგი ცაბაძე კი – ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ნინუასა და ცაბაძის წინააღმდეგ დოკუმენტური მასალები არსებობდა და გაკვირვებულია, გენინსპექციამ რა ვერ აღმოაჩინა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებშ, ღრმა კრიზისია, რასაც თანამდებობებზე შეუფერებელი პირების დანიშვნა ადასტურებს. მისი თქმით, თავდაცვის პოლიტიკამ “სუპერინფლაციას” მიაღწია, შედეგად კომპეტენტური კადრების არყოლის გამო, თავდაცვისუნარიანობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ცხადი იყო, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ ჩაჩიბაია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გახდა, ნინუა და ცაბაძე უკან დაბრუნდებოდნენ, რადგანაც ისინი თანამდებობებეზე მისი განცხადების საფუძველზე დაინიშნნენ.

“ამ ადამიანების უკან დაბრუნება თავდაცვის სამინისტროში კადრების დეფიციტით არის განპირობებული და ჩაჩიბაიას პირადი გადაწყვეტილებით. ასეთი ადამიანების დაწინაურების გამო, გვახსოვს, თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს გადადგომა მოუწია. ვგულისხმობ ვალერი დუმბაძეს – ფოტორეპორტიორების, სიმონ კილაძის, მუხროვანის ამბოხის საქმეების პირველი გამყალბებელი და ჯალათი, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა. ასეთი ტენდენციები შეიარაღებულ ძალებში კვლავაც არის. როდესაც თანამდებობებზე ასეთ ადამიანებს ნიშნავ, ამით ხელს ვუწყობთ, რომ არმია პოლიტიზებული იყოს. სამწუხაროდ, თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური ნება ვერ გამოიჩინა და მათი უკან დაბრუნებით უფრო ღრმად შეტოპა. წარმოუდგენელია, რომ ადამიანებზე, რომელთა მანქურთიზმის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის, გენინსპექციამ ვერაფერი აღმოაჩინა. კადრები ვიხილეთ, სადაც ეს ხალხი ოპოზიციის წარმომადგენლებს უსინდისოდ ატერორებდნენ. ამაზე მეტი არგუმენტები, მეტი რაღა უნდა გაკეთდეს. გენინსპექცია პოლიტიზებულია, არ შეიძლება, რომ ეს სტრუქტურა თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებოდეს. ეს ხომ სრული ნონსენსია,” – ამბობს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. ელემენტარულად ის პირობები შექმნას, რომ თავდაცვის სამინისტროში შექმნილ დომხალს მიხედოს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გამაწონასწორებელი ბერკეტი უნდა იყოს, ხოლო ის დღეს ნომინალური ბუტაფორიაა და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

„რეზონანსი“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

რუსეთი უკრაინას სარაკეტო დარტყმით ემუქრება

ეკატერინე ბასილაია

შავ ზღვაში ვითარება იძაბება. გუშინ უკრაინამ ყირიმთან ორდღიანი სარაკეტო წვრთნები დაიწყო, საპასუხოდ კი რუსეთის სამხედრო გემებმა შავ ზღვაში პოზიციები დაიკავეს და კიევს რაკეტების ჩამოგდებითა და გამშვები პუნქტების დაბომბვით დაემუქრნენ.

მოსკოვი კიევს აფრთხილებს, თუკი თუნდაც ერთი თვითმფრინავი ან რაკეტა ყირიმის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდება, ეს აღქმული იქნება, როგორც მუქარა რუსეთზე და რუსეთის ფედერაცია საპასუხო დარტყმას განახორციელებს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, უკრაინელები გეგმურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ უკვე რამდენი წელია და რუსეთის მხრიდან ამგვარი შეშფოთება და მუქარა ეჭვს აჩენს, მოსკოვს გრძელვადიანი მორიგი ხაფანგი ხომ არ აქვს დაგეგმილი და უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის აქტიურ ომში გადაზრდა ხომ არ არის მთავარი მიზანი.

“რუსებმა უკვე საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს დონეცკისა და ლუგანსკის თვითმარქვია სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებული სამხედრო ფორმირებები, რომლებიც, ბუნებრივია, სხვა ფორმაში გადაცმული რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები არიან. აშკარაა, რომ ჩრდილოეთიდან უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის განსახორციელებლად პლაცდარმს ამზადებენ და გამორიცხული არ არის, რუსეთის გეგმა უკრაინაში ინტერვენციაც იყოს,” – ამბობს ვახტანგ მაისაია.

ცნობისათვის: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 ნოემბერს უკრაინის საელჩოს მოსკოვში გაუგზავნა მუქარის ნოტა, სადაც წერია, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა და ამიტომაც ყირიმთან ახლოს, რუსეთის ტერიტორიული წყლების ფარგლებში სარაკეტო წვრთნები დაუშვებელია.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ რაიონში მოქმედი რაკეტების შენიშვნისთანავე ისინი რუსეთის ფედერაციის ჰაერსაწინააღმდეგო ძალების მიერ განადგურებული იქნება. იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი რაკეტები რუსეთის ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან, რომელიც რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ რაიონში მდებარეობს (ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეში), საპასუხო დარტყმები განხორციელდება მათი გაშვების საშუალებების წინააღმდეგ,” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილში, რომლის ასლიც ორი დღის წინუკრაინსკაია პრავდამგამოაქვეყნა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ მიიღეს მუქარის წერილი, მაგრამ რუსული მხარის საპროტესტო ნოტის მიუხედავად, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წვრთნები ყირიმთან ახლოს შავი ზღვის აკვატორიაში 1-2 დეკემბერს მაინც გაიმართება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტურჩინოვის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ამ მუქარით ცდილობს, ჰიბრიდული ომი აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს და შესაძლებელია რუსეთმა დაიწყოს სარაკეტო დარტყმები, მაგრამ ისინი სწავლებაზე უარს არ იტყვიან. უკრაინა წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დაცვით საკუთარ სუვერენულ საჰაერო სივრცეში ახორციელებს.

სამხრეთ უკრაინაში სარაკეტო წვრთნები 1 დეკემბერს დაიწყო და დღეს სრულდება. წვრთნის ფარგლებში უკრაინელი სამხედროები საშუალო რადიუსის, “ეს-300″ ტიპის რაკეტების სროლაში ივარჯიშებენ. სროლა ყირიმიდან დაახლოებით 30 კილომეტრში ხორციელდება.

ბოლო დღეებია რუსულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ უკრაინა სარაკეტო წვრთნების გამო სახიფათო ზონის საზღვრებს გადავიდა, რომ უკრაინის მხრიდან ყირიმის ნახევარკუნძულის საზღვართან სარაკეტო სროლების წარმართვა – ეს კიევის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციაა, რომელიც უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტის ესკალაციისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს იმას, რომ რუსეთის მკვეთრი რეაქცია გამოიწვიოს. “რია ნოვოსტის” ცნობით, ამ წვრთნებზე საპასუხოდ ყირიმის სანაპიროზე შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები საბრძოლო პოზიციებზე განლაგდა. რუსული სამთავრობო სააგენტო “ტასი” კი წერს, რომ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ჯარებიც გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე.

მოსკოვში აცხადებენ, რომ მზად არიან უკრაინული რაკეტების ჩამოსაგდებად, თუ კიევის ქმედებები საფრთხის შემცველი იქნება. მოსკოვი კიევს აფრთხილებს, თუკი თუნდაც ერთი თვითმფრინავი ან რაკეტა ყირიმის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდება, ეს აღქმული იქნება, როგორც მუქარა რუსეთზე და რუსეთის ფედერაცია საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.

ვახტანგ მაისაიას თქმით, “მოსკოვის ეს აღშფოთება შეიძლება იყოს რუსეთის გრძელვადიანი მორიგი ხაფანგი. მაგალითად, პარალელურად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და ყირიმზე თავდასხმას აპირებენ. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს უკრაინელ დივერსანტთა ჯგუფი. მედიით კი აჩვენეს დაკავებული ჯგუფი, მაგრამ გაურკვეველია, ისინი დივერსანტები იყვნენ თუ არა. ასევე გაავრცელეს ცნობა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა სპეცსამსახურებმა ორი რუსი სამხედრო გაიტაცეს და ტყვეობაში ჰყავთ. ფაქტობრივად, რუსებმა საინფორმაციო პროვოკაციები დაიწყეს.”

ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ფაქტია, უკრაინელები გეგმურ წვრთნებს ატარებენ, ამგვარი წვრთნები მათ ჩაატარეს გასულ წელსაც და უფრო ადრეც და რუსეთის მხრიდან ამას ასეთი პროტესტი არ მოჰყოლია. მეორეც, უკრაინა სამხედრო წვრთნებს ატარებს საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ყირიმის აკვატორიას და საჰაერო სივრცეს არც ეხებიან.

“მიუხედავად ამისა, რუსეთი აგრესიას არ მალავს და გამორიცხული არ არის, რაღაც პროვოკაციას აპირებენ. შესაძლოა მათ პროვოკაციას წამოეგოს უკრაინული მხარე და შემდგომში შესაბამისი საინფორმაციო ომის კამპანიის ფონზე განახორციელონ ის გეგმა, რაც ჩაფიქრებული აქვთ, იგივე თუნდაც ინტერვენცია. რუსებმა უკვე საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს დონეცკისა და ლუგანსკის თვითმარქვია სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებული სამხედრო ფორმირებები, რომლებიც ბუნებრივია, სხვა ფორმაში გადაცმული რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები არიან. ჩრდილოეთიდან უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის განსახორციელებლად პლაცდარმს ამზადებენ,” – აღნიშნავს მაისაია.

მისი თვალსაზრისით, რუსეთი ყველანაირად ცდილობ უკრაინაში დესტაბილიზაცია შექმნას. უკრაინაში ჩატარდეს მორიგი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ჰიბრიდული ომის ელემენტების მეშვეობით შექმნას ახალი ფერადი რევოლუცია ოღონდ მოსკოვის სცენარით და ეს მზადება შეინიშნება.

“რუსეთის მიზანია, პოროშენკოს ხელისუფლება დაემხოს და ანარქიული და არაპროგნოზირებადი პროცესები დაიწყოს, რომ შემდგომში რუსებმა მშვიდობისმყოფელების სახით უკრაინის პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა მოახდინონ. ეს არის კრემლის დღევანდელი სტრატეგების მიზანი. მათი სურვილია, უკრაინაში აღიდგინონ ის პოზიციები, რაც იანუკოვიჩის მმართველობის დროს ჰქონდათ. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო პერიოდში ვიქტორ იანუკოვიჩი მედიაში აქტიურად გამოჩნდა. როსტოვში ჩაატარა რამდენიმე ხმაურიანი პრესკონფერენცია, მაშინ როდესაც მანამდე მისი ხმა არავის გაუგია. რუსულ პოლიტიკურ თოქ-შოუებში ასევე გამოჩნდა მაიდნის ანტიგმირი, იმდროინდელი შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, რომლის ბრძანებითაც “ბერკუტმა” მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა. ის უკრაინაში მთავარ სახელმწიფო დამნაშავედაა გამოცხადებული და იძებნება,” – დასძენს მაისაია.

——————–

„ახალი თაობა“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გიგა ბოკერიას პოზიცია ძალიან არ მომეწონა“ // „მუდამ კაბინეტში რომ ზიხარ, ხავსი გეკიდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებზე „ახალი თაობის“ კითხვებს მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? ამბობენ, რომ ბრძოლის პირველი რაუნდი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მოიგეს.

- ჩემი აზრით, ამას შეიძლება დაერქვას პარტიის გაჯანსაღების პროცესი. ეს ძალიან კარგია. იმაში, რომ სხვადასხვა შეხედულებებია პარტიაში, არაფერს კატასტროფულს არ ვხედავ. კამათში ყოველთვის ჭეშმარიტება იბადება.

- ყრილობის ჩატარებაც გადაწყდა?

- მივესალმები იმ აზრის გამარჯვებასაც, რომელიც 7 ათას კაციან წარმომადგენლობით ყრილობას ემხრობა. როდესაც ზედიზედ ოთხ არჩევნებს წააგებ, ალბათ, პირველ რიგში, პოლიტსაბჭომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და გადადგეს. ნამდვილად ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ეს ხალხი კვლავ დარჩეს პოლიტსაბჭოში. იმედი მაქვს, ამ ყრილობაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ახალი იდეები, გამოჩნდება ახალი ხალხი, უფრო ენერგიული.

- ანუ ეს სახეები უკვე მოძველდნენ?

- მუდამ კაბინეტში რომ ზიხარ, ხავსი გეკიდება, მოუხეშავი ხდები. ახალი ხალხი, ახალგაზრდული შემართება, რომლებსაც ამბიციები აქვთ, რომ პარტია იყოს უფრო წარმატებული, ვფიქრობ, თავს გამოიჩენენ. ახლა შეიქმნა ძალიან კარგი სიტუაცია.

- რა თვალსაზრისით?

- ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებს ხელისუფლება. მას არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის. ეს შეცდომები კვლავაც გაგრძელდება. მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური ველი სრულიად მოსუფთავებულია და გამოდის, რომ ერთადერთი რეალური ძალა ნაციონალური მოძრაობაა. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას ეძლევა ისტორიული შანსი, გადახალისდეს, განახლდეს, ახალი ენერგია შეიძინოს, ახალი სახეები წამოვიდნენ წინა პლანზე და ახალი ენერგიითა და განახლებული ძალით რაც შეიძლება მალე მოგვევლინონ ხელისუფლებაში.

- დარწმუნებული ხართ, რომ ამას შეძლებენ?

- მე ასე ვისურვებდი. ამ ხელისუფლების შემხედვარეს, დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ამ კუთხით სიახლეები იქნება.

- ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილის ფრთამ და მისმა იდეებმა?

- კი. დღეს ამბობენ, რომ არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ფრთები, მაგრამ ეს არ არის სწორი. ამ 25 კაცში არიან ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ. ვერ ვიტყვით, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილივით ფიქრობენ. შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს ისე, როგორც ეს 25 კაცი. ასეთი დაყოფა – ბოკერიას ფრთა და სააკაშვილის ფრთა _ არასწორად მიმაჩნია.

- ჩვენ მოვისმინეთ ექსპერტთა შეფასებები, რომ კარგი იქნება, თუ გაიყოფიან და ნაციონალურ მოძრაობაში ორი სუბიექტი ჩამოყალიბდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- უკვე ორი დღეა, სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლებს ამ საკითხზე ვესაუბრები და ეს არ მიმაჩნია სწორად. გაცილებით მეტი კონფრონტაცია იყო მხარდამჭერებს შორის, ვიდრე თავად საბჭოს წევრებს შორის.

- პოლიტსაბჭოშიც ხომ არიან სრულიად რადიკალური მხარეები?

- პოლიტსაბჭოშიც არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, უბრალოდ, გაიბუტებიან და არ მოინდომებენ მუშაობას, მაგრამ, თუნდაც იმ 24 კაცთან, რომელთა აზრიც არ გაითვალისწინეს, შესაძლებელი იქნება შემდგომში მუშაობა. არ შეიძლება ასეთი ხალხის არგამოყენება. ეს ხალხი გამოცდილია პარტიული მშენებლობის თვალსაზრისით. მოკლედ, ხელს არავინ არავის ჰკრავს.

- რას იტყვით გიგა ბოკერიაზე?

- პირდაპირ გეტყვით, ძალიან არ მომეწონა გიგა ბოკერიას პოზიცია. მე არავისთან მინდა კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნა და ვთვლი, რომ ეს არ არის სწორი, მით უმეტეს, როდესაც გამარჯვებულ პოზიციაში ვარ და მეორე მხარის ქილიკი დავიწყო, ეს ჩემთვის მიუღებელია! უბრალოდ, ძალიან არ მომეწონა გიგას განცხადება. ის ისევ იმ აზრზეა, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს. გამოიტანეს ხმები, რომ ის ძალიან გაცეცხლებული იყო და ძალიან ცუდად მოიხსენია ის მხარდამჭერები, რომლებიც იქ მივიდნენ. ამ სიტუაციაში ყველას თავის შეკავება მართებს. ამ პარტიამ უნდა იპოვოს თავის თავში ძალა, შეიძინოს ახალი ენერგია, რათა მომავალში მოვიდეს ხელისუფლებაში. არ ვარგა ის პარტია და უვარგისია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივ ოპოზიციაში აპირებს ყოფნას.

- რამდენად შეეგუება ბოკერია დამარცხებას? ამბობენ, არაადეკვატური იყო ამ გადაწყვეტილების შემდეგო. რამდენად დათმობს ის პოზიციებს?

- ვერაფერს გეტყვით. ეს მისი პირადი საკითხია, რას შეძლებს და როგორ შეძლებს. დანარჩენები სრულიად ადეკვატური ხალხია და, ალბათ, უნდა მიხვდნენ, რა ჯობია. იქითა მხარეს არის, მაგალითად, ზურაბ ჭიაბერაშვილიც და მე ვთვლი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოტოვება ამ საქმიანობიდან, თუნდაც იგივე გიგი წერეთელი, რომელმაც თავი შეიკავა. არც ის უნდა გამოეთიშოს პარტიულ მუშაობას.

- პარლამენტში ვინც შევიდა, ისინიც ხომ გიგა ბოკერიას ფრთად მოიაზრებიან?

- პარლამენტში ვინც შევიდა, ისინი, მე მგონი, პარტიის წევრები საერთოდ არ არიან. პოლიტსაბჭოს წევრები მით უმეტეს არ არიან. მათი აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად გასათვალისწინებელია. თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სერგი კაპანაძის აზრი, ელენე ხოშტარიას აზრიც, მნიშვნელოვანია რომან გოცირიძის აზრიც, რომელიც ძალიან დაბალანსებული და ჭკვიანი ადამიანია, სალომე სამადაშვილის აზრიც, რომელიც რატომღაც ვერ მიტანს, ვეზიზღები, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი გოგოა. ისინი რა პოზიციაზე დადგებიან, ვერ გეტყვით. პირიქით, მე ვისურვებდი, რომ სერგი კაპანაძისნაირი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ბევრი ჰყავდეს.

- ხელისუფლების უუნარობა ახსენეთ. რა ხდება, რა პროცესებთან გვაქვს საქმე? მართლა შოკშია ხელისუფლება?

- მექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ და ამას არ ტესტავენ. მერე უწევთ ამ გადაწყვეტილებების უკან წაღება, რაც კარგი არ არის. მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებდნენ, მერე უკან აღარ იხევდნენ. მაგალითად, გვახსოვს, რამხელა პროტესტი მოჰყვა გარე ვაჭრობის აკრძალვასა და სალარო აპარატების შემოღებას, მაგრამ არ შეუშინდნენ ამ პროტესტს, უკან არ დაიხიეს და ძალიან სწორადაც მოიქცნენ. როდესაც უკან იხევ, ეს არის ხელისუფლების სისუსტე. არ ტესტავენ იმას, რაც უნდათ, რომ გაიტანონ.

შეამზადე მოსახლეობა ორი-სამი თვით ადრე, დაიწყე აქტიური მუშაობა. როდესაც ამბობ, რომ გააუქმებ ონლაინსესხებს, ორი საათის შემდეგ კი გამორბიხარ და აცხადებ, რომ არ გააუქმებ, უბრალოდ, იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებ. ძალიან სერიოზული სისუსტეა ხელისუფლების მხრიდან.

- არ ვარგა ეკონომიკური გუნდი?

- ის ეკონომიკური გუნდი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, იგივე ქუმსიშვილი და იგივე გახარია, საკმაოდ გამოცდილია, მაგრამ მათ აკლიათ თავისუფლება, დამოუკიდებლობა! დამოუკიდებლად ელემენტარულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ყველაფერზე გარბიან კვირიკაშვილთან, კვირიკაშვილი კი – თავის ზემდგომთან. გუშინ ერთი საინტერესო ფაქტი მიამბეს. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა უცხოური ტელეარხი, მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული და ყურებადი, შეხვდნენ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, არ ვიტყვი, ვის და შესთავაზეს, საქართველოზე 7-სერიიან ფილმს გადავიღებთ და ჩვენს არხზე გავუშვებთო.

- და უარი მიიღეს?

- გეტყვით. ამ არხს უყურებს მთელი მსოფლიო და ასეთი არხი საკუთარი ინიციატივით რომ ასეთ წინადადებას შემოგთავაზებს, თანაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სულ ფეხები უნდა დაუკოცნო, რადგან უფასოდ გაპიარებენ. ამათ კი რა პასუხი გასცეს? იცით, რაო, თქვენი მეილი მოგვწერეთ და ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთო. ეს, იცით, რას ნიშნავს?!

- რას?

- ეს მაღალი რანგის ჩინოვნიკი დებილი კი არ არის, გადასარევად იცის, რომ ეს ძალიან კარგია, სიხარულითაც დათანხმდებოდა, მაგრამ ეშინია გადაწყვეტილების მიღების, ინიციატივის გამოჩენის, ზემოთ რას იტყვიან. მე მომიხდა სააკაშვილის დროს მუშაობა და არანაირი ინიციატივა არ ისჯებოდა, პირიქით, გეხვეწებოდა, გამოიჩინე ინიციატივა, ვიღაც მოიყვანე, რაღაცაში ჩაერთეო. დღეს კი როგორი მიდგომაა? – შენ არავინ გეკითხება, ამას მე გადავწყვეტ! ეს საქმეს სერიოზულად აფერხებს და აზიანებს. ასე შორს ვერ გავფრინდებით. ამიტომაც არის ის პრობლემები, თორემ, დარწმუნებული ვარ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც ნამდვილად არ არიან შტერები!

„ახალი თაობა“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ყველა ოპერაცია ლარში უნდა სრულდებოდეს“ // „ეროვნული ბანკის განცხადება უპასუხისმგებლოა

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.

- ბატონო დემურ, ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ველოდებით გაუფასურების შეჩერებასა და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას. ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადასცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. როგორ შეაფასებთ ეროვნული ბანკის პოზიციას?

- ასეთი განცხადება შეიძლება ეპატიოს ძალიან დილეტანტ, დაბალი დონის ე.წ. ექსპერტს, რომელიც სახელისუფლებო ფრთაზე მოიაზრება და რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს პროფესიონალიზმთან. პროფესიული, ურთულესი და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანო, მისი ხელმძღვანელი არ შეიძლება, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. ასეთი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი ვერ გრძნობს შექმნილ სიტუაციაში პასუხისმგებლობას, ან ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი პროცესია, რომელშიც ძალიან შეძლებული ფინანსური ჯგუფები საქართველოში ძალიან სერიოზულ ფულს იშოვიან, შემდეგ კი, ქვეყანაში მდგომარეობა მთლად რევოლუციამდე რომ არ მიიყვანონ, გარკვეული დროით შეჩერდებიან, სანამ ეროვნული ბანკი მომავალი პროვოკაციისთვის სიგნალს არ მისცემს. ეროვნული ბანკის ეს განცხადება უპასუხისმგებლოა. ჩვენ ან პროფესიულ შეუმდგარობასთან გვაქვს საქმე, ან ეს არის კარგად დაგეგმილი, ძალიან სერიოზული აფერა. წლებია, ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა.

- რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან? რამდენიმე ინიციატივა უკვე გაახმოვანა პრემიერმა. მათ როგორ აფასებთ?

- ის ინიციატივები, რომლებიც აქამდე მოვისმინეთ, არ არის საკმარისი, ვინაიდან ლარის გამყარებისა და სტაბილიზაციის გარეშე ქვეყანაში ეკონომიკა ვერანაირად განვითარდება. ქვეყანაში სავალუტო კრიზისია. ეროვნული ვალუტა არ გვყოფნის და სწორედ აქედან მომდინარეობს დღეს არსებული ვითარება.

- ლარიზაციასთან დაკავშირებით სკეპტიკურად ხართ განწყობილი თუ, პირიქით, აქამდეც უნდა გადადგმულიყო ამ მიმართულებით ნაბიჯები?

_ ლარიზაციასთან დაკავშირებით არანაირად არ ვარ სკეპტიკურად განწყობილი. ვინც დედოლარიზაციის, ანუ ლარიზაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, ის საქმიანი ადამიანი არ არის ამ სფეროში და, უბრალოდ, ვიღაცის მსახურია. სახელმწიფოში ლარი, ანუ ეროვნული ვალუტა ერთადერთი გადამხდელი ვალუტა უნდა იყოს. ქვეყნის შიგნით ყველა ოპერაცია ეროვნულ ვალუტაში უნდა სრულდებოდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რამე შეზღუდვა გექნებათ უცხოურ ვალუტაში, მაგალითად, დოლარში გქონდეთ ანგარიშები ან რამე სახის საგარეო ოპერაცია განახორციელოთ, ან, ქვეყნის გარეთ თუ წახვალთ, რამე შეფერხება გექნებათ გადახურდავებაში და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი უნდა იყოს. აქ საუბარია წესრიგზე, იმ წესებზე, რომლებითაც მთელ ქვეყანაში მოქმედებს ეროვნული ვალუტა ყველა დონის ოპერაციაში და არა უცხოური ვალუტა, მაგალითად, დოლარი, როგორც აქამდეა.

- მსხვილი გარიგებების დროს...

- დიახ. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა გვქონდეს ეს წესრიგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ეკონომიკა განვითარდება. 20 წელია, რაც ყველა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ამ მახინჯ საბანკო სისტემას. ამ მახინჯმა პოლიტიკამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ტარდებოდა, მიგვიყვანა იქამდე, რაც სახეზეა – გაღარიბებული, განადგურებული ეკონომიკა და არანორმალურად მომგებიანი კომერციული ბანკები. ამიტომ ლარიზაცია არის ერთადერთი გზა, რომ ელემენტარული წესრიგი დამყარდეს ქვეყანაში, მაგრამ, ისეთი განცხადებებით, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, ის ვერ იქნება ასეთი პოლიტიკის გამტარებელი.

- აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?

- ეს ყველაფერი ერთი დიდი პრობლემის დეტალებია. აქციზი არაფერ შუაშია ლარიზაციასთან ან ლარის კურსის სტაბილიზაციასთან. ეს უფრო საკმაოდ სუსტი წინადადებაა ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად, რაც არ გაამართლებს. იმ პროდუქციაზე, რომელზეც იგეგმება აქციზის გაზრდა, მთელ მსოფლიოში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქციზი მაღალია, მაგრამ იქ სხვა შემოსავალი აქვს ადამიანს. ჩვენთან კი, როდესაც გაჭირვებულია ადამიანი, ცხოვრების გაცილებით დაბალი დონეა და ეუბნები, მაგალითად, თამბაქო არ მოიხმაროს და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდეს, ეს მისთვის შვება ვერ იქნება. ეს ყველაფერი ან კომპლექსურად უნდა გაკეთდეს, ან, თუ ყოველივე ასეთი მიდგომით გაგრძელდა, როგორც აქამდე იყო, წარუმატებლობისთვისაა განწირული.

- ეს ინიციატივები საკმარისი არ არის ვითარების გამოსასწორებლად?

- აბსოლუტურად არასაკმარისია, მით უმეტეს, გაწერილი არ არის სრულყოფილად, დეტალები ცნობილი არ არის. ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. საჭიროა ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც შეძლებს ლარის სტაბილიზაციასა და ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რის გარეშეც საერთოდ ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული.

„ახალი თაობა“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ქუჩის აქციები გარდაუვალია“ // „გიორგი კვირიკაშვილს ბანკები და დეპუტატები აშანტაჟებენ

რა ულტიმატუმი წაუყენეს ბანკების ხელმძღვანელებმა ხელისუფლებას, რაზე გაგიჟდნენ დეპუტატები, რა არის `ქართული ოცნების~ წამალი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

ლადო სადღობელაშვილი:

- ბანკების მტაცებლური პოლიტიკის წყალობით საქართველოში დოლარის დეფიციტი შეიქმნა, რასაც ავტომატურად მოჰყვა ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ამის საშველად ბატონმა პრემიერმა საოცარი მეთოდი წარმოგვიდგინა და თავად ევროპაში რაღაც სამიტზე „მოტყდა“, აქ დაგვიტოვა გაურკვეველი ტიპები, რომლებსაც რატომღაც მინისტრები და დეპუტატები ჰქვიათ. ისინი პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც ონლაინ-სესხების აკრძალვას ეხება, სულელურ პასუხებს იძლევიან. ახლა ამტკიცებენ, აკრძალვას არავინ აპირებს, მხოლოდ რეგულაციები იქნებაო. ეს გაუგებრობა იმ ულტიმატუმს მოჰყვა, რომელსაც ჯერ ბანკების, ხოლო შემდეგ დეპუტატების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ რამდენიმე კერძო ბანკს მოსთხოვა, გამოეშვათ ბაზარზე დოლარი. ეს ბობოლა ბანკები ამ დოლარებს ასხდებიან და ბრუნვაში არ უშვებენ. ბანკების მეპატრონეებმა მთავრობას უთხრეს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვუშვებთ დოლარს, თუ ლარის ბაზარს დაგვიბრუნებთო.

- ლარის ბაზრის დაბრუნება რას ნიშნავს?

- დღეისთვის ლარის ბაზარი, ასე თუ ისე, ათვისებული აქვთ ონლაინსესხების მეპატრონეებს, რომლებიც ჩვეულებრივი მევახშეები არიან. მართალია, ეს ონლაინსესხები მოსახლეობას წეწავენ, მაგრამ ის მაინც აწყობს ხალხს. მაგალითად, დამჭირდა უცბად ფული, ონლაინსესხს ავიღებ, ბანკში მისვლა და კრედიტოფიცერთან წუწუნი აღარ დამჭირდება. ონლაინსესხი იმ შემთხვევაშიც გიმტკიცდება, თუ საბანკო სისტემაში ხარ გაშავებული. აქედან გამომდინარე, ეს სესხები მისაღებია ხალხისთვის. სამაგიეროდ, ის მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის და მათ ხელისუფლებას ამ ბაზრის რეგულირება მოსთხოვეს. თავიდან მათ ონლაინსესხების ბაზრის სრული აკრძალვა მოითხოვეს. სწორედ აქედან მომდინარეობდა პრემიერის განცხადება, რომელიც რამდენიმე საათში უკვე დეპუტატებისა და მთავრობის წევრების ულტიმატუმის შედეგად შეიცვალა.

- იმათ რაღა ულტიმატუმი ჰქონდათ?

- არიან დეპუტატები, რომლებიც ონლაინსესხების უკან დგანან. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ახალი თაობაც“ წერდა. დეპუტატების გარდა, მევახშეობით მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების უფროსებიც არიან დაკავებული. ამ ადამიანების ვინაობა მალე გასაჯაროვდება. ამ მევახშე დეპუტატებმა აქედან განახორციელეს ზეწოლა პრემიერზე. ისინი 100 ლარში 30 ლარს იგებენ და ამ მსუყე ლუკმას გაუშვებდნენ ხელიდან? ამიტომაც გამოვიდნენ მერე მთავრობის წევრები და თქვეს, მხოლოდ რეგულაციები დაწესდებაო. ამის საპასუხოდ ბობოლა ბანკები კიდევ უფრო დაასხდნენ დოლარს. შედეგიც სახეზეა – რეგულაციების დაწესების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა. ეს არის სახელმწიფოს შანტაჟი.

- სახელმწიფოს არ შეუძლია, ამ შანტაჟს რამენაირად წინ აღუდგეს?

- თუ მოინდომებს, შეუძლია ამის გაკეთება. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი რამე ბანკებს სააკაშვილისთვის რომ გაებედათ. სააკაშვილი დაიბარებდა ამ ბობოლა ბანკირებს, შეყრიდა მათ რამდენიმე საათით ციხეში, დაალაპარაკებდა მათ გამაუპატიურებლებს და ლარის კურსი რამდენიმე საათში დარეგულირდებოდა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ასე უნდა მოიქცეს?

- ასე არ უნდა მოიქცეს, მაგრამ ვერც ბანკები უნდა ბედავდნენ ამ შანტაჟს. ერთ-ერთი ბობოლა ბანკის მეპატრონეს ანაკლიის პორტის მშენებლობაც კი ანდეს. ამ პორტის მშენებლობით ნატოა დაინტერესებული. დაზუსტებით არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ეს ადამიანი რაღაცნაირად გადაგდებული აღმოჩნდა და ის ხელისუფლებას სხვა ბობოლებთან ერთად პრობლემებს უქმნის. დღეს ეს ბობოლა ბანკები ასრულებენ ეროვნული ბანკის ფუნქციას, რომელიც მათ მიერ არ კონტროლდება. ამ ბობოლა ბანკების კაპიტალი საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. აქედან გამომდინარე, ისინი თავისუფლად ათამაშებენ ლარის კურსს.

- ხელისუფლება რას აკეთებს ამ დროს?

- ხელისუფლება ჩმორია. სააკაშვილის მეთოდები ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მის დროს ასეთი რამის გაკეთებას გულშიც კი ვერ გაბედავდნენ. ქვეყანას აკლია ძლიერი ხელი. ეს ხელისუფლება კი საკუთარ თავზეა შეყვარებული და არაფრის გამკეთებელი არ არის. ბოლო დღეებში ყველა კითხულობს, რატომ დუმს ბიძინა ივანიშვილი და რატომ არაფერს ამბობს ლარის კურსის ვარდნაზე. ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ მის სიტყვას ძალა ექნება.

- რატომ გგონიათ, რომ მის სიტყვას ექნება ძალა?

- იმიტომ, რომ ბანკების ხელმძღვანელები მხოლოდ მას მოუსმენენ. ეჭვი მეპარება, მთავრობის წევრებმა გაბედონ ივანიშვილთან მისვლა და დახმარების თხოვნა. როგორი სათქმელია, ბიძინა ბატონო, ბანკების მმართველები დაიბარე და დოლარის კურსი დააწევინეო. ამ ჩმორების ხელში სასიკეთოს არაფერს ველოდები. ონლაინსესხებთან დაკავშირებით რამდენიმე საათით ვერ შეძლეს ერთ პოზიციაზე ყოფნა. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდება, ქვეყანა საომარ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდეს. ესენი ისე გაიქცევიან აქედან, რომ მათ ადგილსამყოფელს ვერავინ მიაგნებს. მე არ ვიცი, რას ელოდება ხალხი იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ნაციონალებთან თანამშრომლობს, მისი დეპუტატები კი ათას სისულელეს ლაპარაკობენ. ამათი წამალი მხოლოდ ქუჩის აქციებია. ქუჩის აქციების სააკაშვილსაც კი ეშინოდა.

- ქუჩაში გასვლას რომ არავინ აპირებს? ხალხი პროტესტს სოციალური ქსელებით გამოხატავს...

- მხოლოდ სოციალურ ქსელებში რომ მოვთქვამთ, მაგიტომაც არის ჩვენი სოციალური მდგომარეობა კატასტროფული. დამიჯერეთ, ჩვენი ხალხი ასეთი მძიმე პერიოდის გადატანას მეორედ აღარ მოისურვებს.

- თქვენ გჯერათ, რომ ხალხი გამოვა?

- თუ არაფერი შეიცვალა, აქციები აუცილებლად დაიწყება. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიყვანო. ამ ხელისუფლებას ნაციონალებთან კურკური ძალიან გაუტკბა და ცოტა აზრზე მოყვანა სჭირდებათ. „ოცნებას“ იმაზეც უნდა მოვთხოვოთ პასუხი, რომ ეგ დამნაშავეები მთავარ ოპოზიციურ ძალად დააყენეს. პარლამენტში „გრუშასავით“ უბრაგუნებენ.

- არ თქვათ, რომ ნაცმოძრაობა გეცოდებათ...

- მეცოდება კი არა…. თუ საბრაგუნოა, დაიჭირონ და ხალხის ნერვების მოშლას თავი დაანებონ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დამნაშავე ნაციონალებს არ დაიჭერენ.

- რატომ გგონიათ, რომ არ დაიჭერენ?

- დამჭერები აქამდე დაიჭერდნენ. „ოცნება“ ხომ არის ჩმორი და ამ ჩმორსაც თავისი ჩმორი უნდა. ასეთი ჩმორიკები არიან ნაციონალები. აბა ერთი მათ ადგილზე ბურჯანაძე და ალასანია შესულიყვნენ, ვნახოთ, რას გაუბედავდა „ოცნება“. ეს ნაციონალები კი „გრუშასავით“ არიან. აქამდე 9 წელიწადზე საუბრით ხალხის ყურადღება გადაჰქონდათ, მაგრამ ახლა ისეთი კატასტროფული ვითარება შეიქმნა, ეს ხალხს აღარ გააჩერებს. ქუჩის აქციები გარდაუვალია და ამას ოპოზიცია აუცილებლად დაიწყებს. როგორც უკვე გითხარით, ამ ხელისუფლების ერთადერთი წამალი ქუჩაა.

„ახალი თაობა“, 02 დეკემბერი, 2016 წელი

რაულ ხაჯიმბას გადადგომისთვის ვადა მისცეს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ჩავიდა. მანამდე, ერთი დღით ადრე, მას აფხაზეთის ოპოზიციამ სიურპრიზი მოუწყო და მისი გადადგომა მოითხოვა. ოპონენტებმა დაარღვიეს სიმშვიდე, რომელიც ზაფხულის ჩაშლილი რეფერენდუმის შემდეგ დამყარდა.

„თუ რაულ ხაჯიმბა არ გადადგა, 15 დეკემბერს სახალხო შეკრებას გავმართავთ“, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტია „ამცახარას“ მეშვიდე ყრილობამ, რომელსაც ოპოზიციურ ძალთა ბლოკიც ესწრებოდა. ოპოზიციური ყრილობის პარალელურად, სოხუმში მიმდინარეობდა ხაჯიმბას მხარდამჭერთა მიტინგი. ამცახარას ლიდერ ალხას კვიცინიას განმარტებით, ხაჯიმბას გადადგომა აუცილებელია იმისთვის, რომ აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნგრევა შეჩერდეს.

„ძალიან უხეში შეცდომების კომპლექსი, რომელსაც ჩვენ კატასტროფულს ვუწოდებთ, მოითხოვს ხელისუფლების შეცვლას. თუ რაულ ხაჯიმბას რეჟიმი 2019 წლამდე გასტანს, ეს პროცესები გამოუსწორებელი გახდება“, – განაცხადა ამცახარას ლიდერმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ქალები პოლიტიკაში“ თავმჯდომარე ირინა აგრბამ ხაჯიმბას მხარდამჭერი აქცია გააპროტესტა: „გაუგებარია, რატომ იმყოფებიან ჩინოსნები მიტინგზე და არა სამსახურში? ხაჯიმბა ეძებს მხარდაჭერას იმათში, ვინც მას შთააგონა სახელმწიფო გადატრიალება 2014 წელს“.

ყრილობის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს საზოგადოების დაყოფა, რასაც ის თავის სასარგებლოდ იყენებს, უხუცესთა საბჭოში კი რაულ ხაჯიბას ოდიოზური მომხრეები არიან გაერთიანებული. ირინა აგრბას შეფასებით, ხაჯიმბას რეჟიმმა დაამკვიდრა კლანური მმართველობა, სიბნელე, თავაშვებულობა და საგადასახადო წნეხი. ხელისუფლება ვერ აგვარებს სოციალურ პრობლემებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „კიარაზას“ ხელმძღვანელმა დიმიტრი დბარმა ხაჯიმბას გაუხსენა დაპირება ენგურზე საზღვრის ჩაკეტვის შესახებ. მისი თქმით, ეს საზღვარი არათუ ჩაკეტილი არ არის, არამედ, ნორმალურად ვერ კონტროლდება, რაც საფრთხის შემცველია.

„ორივე მხრიდან მდინარე ენგურზე გადასულ-გადმოსულთა რიცხვი 2015 წელს შეადგენდა 441.509 კაცს, 2016 წლის სამი კვარტლის განმავლობაში კი – 566.816 ადამიანს. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – აცხადებს დიმიტრი დბარი.

ყრილობამ მიმართა რაულ ხაჯიმბას, ნებაყოფლობით გადადგეს, ვინაიდან ის ვერ უზრუნველყოფს ეროვნულ თანხმობასა და აფხაზეთის განვითარებას. შეკრებილებმა პარლამენტს მოუწოდეს, დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. „თუ რაულ ხაჯიმბა ყურად არ იღებს ჩვენს მოწოდებას და არ მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომაზე, 15 დეკემბერს სახალხო ყრილობას მოვიწვევთ“, – ნათქვამია ყრილობის რეზოლუციაში.

ოპოზიციის მოთხოვნას რაულ ხაჯიმბა თავისი მომხრეების მიერ გამართულ მიტინგზევე გამოეხმაურა. „სახელმწიფოს მეთაურს ხალხი ირჩევს. თუ მთელი ხალხი გადაწყვეტს, რომ წავიდე, მაშინ წავალ“, – აღნიშნა მან.

რაულ ხაჯიმბა საზოგადოების გულის მოგებას გაზრდილი ბიუჯეტის პერსპექტივით შეეცადა: „სამ წელიწადში საკუთრივ აფხაზეთის ბიუჯეტი 8 მილიარდ რუბლამდე გაიზრდება. რუსეთმა გვაღიარა და ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მაგრამ, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად სუვერენული სახელმწიფო ვართ.

დეპუტატ თემურ გულიას თქმით, ოპოზიცია ხაჯიმბას საწინააღმდეგოდ ვერაფერს წარმოადგენს, ვინაიდან მას არც კონსტიტუცია დაურღვევია და არც რომელიმე კანონი.

——————–

Comments are closed