globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 3rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: ინტერვიუ რაულ ჩილაჩავასთან: როგორ ხვდებიან უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული სამსახურის შეფად დანიშვნას?

„ალია“: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ძალიან მინდა, რომ ეს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხოს… ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალა“

რეზონანსი: ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: “რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი აუცილებელია”

„არსენალი“: “ოსური არმია” რუსული საოკუპაციო ბაზის ბატალიონად იქცევა

„ახალი თაობა“: ცხინვალის რეგიონის უშიშროების ორგანოები რუსეთის უშიშროებაში შევლენ // რას ითვალისწინებს რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის დასადები ხელშეკრულება?

——————

„ალია“, 3 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ რაულ ჩილაჩავასთან: როგორ ხვდებიან უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული სამსახურის შეფად დანიშვნას?

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

საქართველოს ექსპრეზიდენტი, საქართველოს ელიტარული კორუფციის მამა, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფრონტი დღეს უკრაინაზე გადის და კორუფცია უკრაინისთვის რუსულ ჯარსა და ტანკებზე არანაკლები მტერია. ხედავთ, როგორ „ჩაახუჭუჭა“?

როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, სააკაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობისთვის კონკურსში მონაწილეობას აპირებს. მიხეილის თქმით, მისი პროგრამა წარმატებულ ქართულ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული. თურმე, ასევე აპირებს საერთაშორისო კავშირების გამოყენებას, რათა უკრაინაში საზღვარგარეთიდან იანუკოვიჩის კორუმპირებული დაჯგუფების აქტივების დაბრუნების საკითხი გადაწყდეს. ალბათ, სააკაშვილი ჯერ ვიქტორ იანუკოვიჩს დააბრუნებინებს მილიონებს, შემდეგ კი პუტინსაც გაუფორმებს „საპროცესო შეთანხმებას“.

რას ამბობენ უკრაინელები ქართველების თანამდებობებზე დანიშვნებზე? რის გამო შეექმნა პრობლემა ზურაბ ადეიშვილს? „ალიას“ ესაუბრება კიევში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, უკრაინის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში, მწერალი რაულ ჩილაჩავა:

- აქ ამ თანამდებობისთვის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ბოლო დრომდე ერთ ამერიკული წარმოშობის უკრაინელს ასახელებენ. უკრაინის ხელისუფლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მიწვევებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ცოტა გადაჭარბებული მგონია. ჯერჯერობით ქართული თემიდის მიერ სამართალში მიცემული არც ერთი პირი აქ თანამდებობაზე არ დანიშნულა. ის ადამიანები კი, ვინც დანიშნეს, მიმწვევთა აზრით, არიან პროფესიონალები, რომლებმაც თავიანთ სფეროებში წარმატებული რეფორმები ჩაატარეს და, ამდენად, თავიანთი გამოცდილებით წაადგებიან უკრაინულ რეფორმებსაც. ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეუდგა ავტოინსპექციის ლიკვიდაციას და პატრულის ჩამოყალიბებას.

- ბატონო რაულ, თითქოს ანტიკორუფციული ბიუროს შეფად ზურაბ ადეიშვილს ნიშნავდნენ, რა მოხდა, არ გამოუვიდათ?

- მას შემდეგ, რაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ადეიშვილის ძებნა დადასტურდა, მის კანდიდატურაზე თავი შეიკავეს, მაგრამ, როგორც კულუარებში ამბობენ, ის მაინც რჩება იუსტიციის საკითხებში მთავრობის არაოფიციალურ მრჩევლად.

- თუ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ამ თანამდებობაზე წავიდეს, მოქალაქეობის მხრივ რა ხდება, წესი როგორაა, საქართველოს მოქალაქეობა ხომ უნდა დათმოს?

- უეჭველად… უკრაინას არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა. ყველა ქართველმა, ვინც აქ დაინიშნა, საქართველოს მოქალაქეობა დათმო.

- არადა, მიშა ამბობდა, საარჩევნოდ უნდა მოვემზადო, მოქალაქეობას ვერ დავთმობო.

- მიშამ ისიც თქვა, მე არ მაქვს პრეტენზია, უკრაინაში რაიმე თანამდებობა დავიკავოო. მან, ცხადია, იცის, რომ თუ საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებასაც უნდა დაემშვიდობოს.

- თქვენ მოგწონთ, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს ამ მხრივ? ქართველების დანიშვნას ვგულისხმობ თანამდებობებზე.

- მიმაჩნია, რომ უკრაინას ამ საკითხზე საქართველოსთან კონსულტაციები უნდა გაემართა, რაკი მათ მიერ შერჩეული პირები როგორც ოფიციალური ხელისუფლების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფით შეფასებას იმსახურებენ.

- ამბობენ, რომ უკრაინაში „ნაციონალებს“ მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, ანუ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ქართველები მოიშორონ. მსგავსი რამ შეინიშნება?

- არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც საერთოდ არ მოსწონთ ე.წ. „ვარიაგების“ მონაწილეობა უკრაინულ რეფორმებში, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ უკრაინელთა საქმეა. ხალხშიც ისმის უკმაყოფილო ხმები, მაგრამ ჯერჯერობით კანტიკუნტად. როგორც ვხვდები, ელიან პირველ შედეგებს. ნამდვილ რეაქციასაც მაშინ ვნახავთ. დასკვნის გაკეთება ძალიან ძნელია, დღემდე ყველაფერი მხოლოდ პიარის დონეზე ხდება. თანაც უნდა გვახსოვდეს, უკრაინა უზარმაზარი და არაერთფეროვანი ქვეყანაა, თანაც ის საომარ პროცესშია. ამას დავამატოთ ტოტალური კორუფცია, საბოტაჟი, დაუმორჩილებლობა და მივიღებთ სიძნელეთა კომპლექსურ სურათს, რომლის დაძლევა ნამდვილად არ იქნება იოლი საქმე. სწორედ ასეთი სიძნელეების გამო უკრაინაში დღემდე ნებისმიერი რეფორმა განწირული იყო. მე 12 წელი ვიმუშავე უკრაინის მთავრობაში და 8 სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში მივიღე მონაწილეობა. ყველა მათგანი კრახით დასრულდა.

- თქვენთვისაც ხომ არ შემოუთავაზებიათ რამე ახალი თანამდებობა?

- არა, აქ ახლა `იმპორტული~ ქართველებია მოდაში. მე კი ადგილობრივად ვითვლები.

„ალია“, 3 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „ძალიან მინდა, რომ ეს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხოს… ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალა“

ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთის კორესპონდენტ ნინო სამხარაძესთან საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- აცხადებთ, რომ თქვენი ხედვები არ ემთხვევა, საგარეო კურსს გულისხმობთ?

- მე არ მივაყენებ თქვენს მკითხველს შეურაცხყოფას და არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ ვითომ პრორუსულობა და ვითომ პროდასავლურობა ხელისშემშლელი ფაქტორია, ეს არაფერ შუაშია, ყველა გონიერმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალა, მაგრამ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც მომხრეა, საქართველომ აწარმოოს დამოუკიდებელი სახელმწიფო პოლიტიკა. ამ დროს, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც ელემენტარული უნარი არ აქვს იმისა, რომ საშინაო ან საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს უცხოური საელჩოს გარეშე. სიმართლე გითხრათ, არ მინდა, რომ ჩვენს მომხრეებს ჰქონდეთ გაერთიანების ილუზია, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჩვენ ძალიან დაგვაზარალა ამ ილუზიამ“.

რეზონანსი“, 03 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ აკაკი ასათიანთან: “რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი აუცილებელია”

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი უნდა აშენდეს, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “ტრადიციონალისტების” ლიდერი აკაკი ასათიანი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ორმხრივი კომპრომისული ნაბიჯების ხარჯზე უნდა მოხდეს. აკაკი ასათიანის განცხადებით, რუსეთი ამას მაინც არა დააფასებს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეულ დათმობებზე წასვლა საქართველოს მხრიდან შეიძლებოდა.

- როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, საქართველო ყირიმის სანქციებს შეუერთდა, ოღონდა არ გახმაურდა. მოგვიანებით მთავრობაში ეს ცნობები უარყვეს… თქვენი აზრით, რა მოხდა სინამდვილეში?

– არ ვიცი, რა მოხდა. ფაქტია, ეს განცხადება მალევე უარყვეს. თუ შეუერთდა საქართველოს სანქციებს, ეს არ იქნება სწორი. აგერ საბერძნეთის ხელისუფლებაში უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური ძალა მოვიდა, რომელიც არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებას, ავსტრიაც სანქციების წინააღმდეგია. ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ სანქციებს მხარი დავუჭიროთ.

ჩვენს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან ცოტა აერია ურთიერთობა. რისი ბრალია ეს?

– დიახ, ურთიერთობა აშკარად გაცივდა. ეს გარკვეულწილად უკრაინის ბრალიცაა. დემონსტრირება მოახდინეს საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების თანამდებობებზე დანიშვნით. ზოგადად უკრაინის ხელისუფლება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

ურთიერთობის დასარეგულირებლად რა არის საჭირო?

– უნდა გადაიდგას ნაბიჯები ორივე მხრიდან. უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობა ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გადაწყვეტილია, სად აშენდება ნატოს საწვრთნელი ცენტრი, ეს ცნობები თავდაცვის სამინისტროში უარყვეს. თქვეს, რომ გადაწყვეტილი არაფერია. რაზე მიანიშნებს ეს?

– ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენს ხელისუფლებაში, უმნიშვნელოვანესი სფეროების წარმომადგენლები საქმის კურსში არ არიან. ხშირად ხდება, რომ ერთი უწყების ან ადამიანის განცხადებას მეორე უარყოფს, რაც უხერხულ სიტუაციას ქმნის.

მის აშენებას რუსეთი განსაკუთრებულად ეწინააღმდეგება. მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ბაზა უნდა აშენდეს?

– რუსეთი ყველაფერზე რეაგირებს და მათ ჭკუაზე ვერ ვივლით. რუსეთი რომ დააფასებდეს ამას, ამაზე შეიძლებოდა ანგარიშის გაწევა, მაგრამ ვერ ვხედავ მისი მხრიდან ამისთვის მზაობას. საქართველომ გადადგა რაღაც ნაბიჯები. თუნადც ის, რომ არ შევუერთდით მის წინააღმდეგ სანქციებს, სამაგიეროდ მივიღეთ ჯერ აფხაზეთთან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება და იგივე ხელშეკრულებას აფორმებენ სამხრეთ ოსეთთან. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. მომხრე ვარ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, მაგრამ ეს უნდა იყოს ორივე მხრიდან გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე. მგონია, რომ მაინც შეხვედრაა საჭირო იმისათვის, რათა ვიცოდეთ, ისინი რისთვის არიან მზად და ჩვენ რისთვის ვართ. პირდაპირი კონტაქტის დამყარება აუცილებელი ხდება.

„არსენალი“, №02, 3 თებერვალი, 2015 წელი

ოსური არმია” რუსული საოკუპაციო ბაზის ბატალიონად იქცევა

(შემოკლებით)

“მოსკოვი ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. მოკავშირეობისა და რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციის ხელშეკრულებას ამზადებს. დოკუმენტის პროექტზე მუშაობა დასრულდა, ხოლო თებერვალში ნავარაუდევია სეპარატისტთა სტრუქტურებში მისი განხილვა, “ცვლილებათა შეტანა” და შემდგომ უკვე ხელმოწერა. ცხინვალელ სეპარატისტთა ლიდერებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება მათთვის ურთიერთკავშირების მხრივ არასაკმარისი იყო და რუსეთთან რიგ სტრუქტურათა ინტეგრირება სურდათ. ეს უპირველესად სეპარატისტთა სამხედრო, მილიციისა და უშიშროების სტრუქტურებს შეეხება. ცხინვალში, ჩათვალეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ე.წ. ოსური არმიის დანაყოფები საოკუპაციო ჯარების მე-4 ბაზის, ხოლო მილიციისა და უშიშროების ორგანოები კი ჩრდილო ოსეთის _ ალანიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფედერალური უშიშროების სამმართველოს დაქვემდებარებაში გადავლენ.

ე.წ. ოსეთის არმია ისედაც დაფინანსებით, კადრებით, შეიარაღებით, უზრუნველყოფითა და ა.შ. მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და მოსკოვის ბრძანებებით მოქმედებს. ასე იყო 2008 წლის აგვისტოში, როცა ოსმა სამხედროებმა ზუსტად შეასრულეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანება და საქართველოსთან ომის პროვოცირებისთვის ყველაფერი გააკეთეს, რაც იმით დაუფასდათ, რომ არმია ათას კაცამდე შემცირდა. საარსებო საშუალებებს მოკლებულმა სამხედროებმა კი ადგილობრივ სეპარატისტთა მაშინდელ ლიდერს, კოკოითის პროტესტით უპასუხეს. 2012 წლის ნოემბერში რუსებმა საოკუპაციო ჯარების მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ჩამოსაყალიბებელ ოსურ ბატალიონში სამსახურისთვის 30 წლამდე ასაკის, საშუალოზე მეტი განათლების, დანაშაულის არმქონე და სამხედრო სამსახურგამოვლილი მოსურნეეები მოიწვიეს. 2013 წლის აპრილში ოსური ბატალიონის I ასეულისთვის შერჩეულმა ჯარისკაცებმა ფიცი მიიღეს და სამთვიანი მოსამზადებელი კურსის გასავლელად რუსეთის არმიის სასწავლო ცენტრებში გაიგზავნენ“.

ამ ბატალიონის შემდგომი ბედი უცნობია, მაგრამ ხელშეკრულება და ინტეგრაცია იმის საწინდარია, რომ ეს იდეა ახალ იმპულსს შეიძენს. წინასწარ ძნელი სათქმელია, გაუქმებული ოსური არმიის ბაზაზე შექმნილი ბატალიონი რამდენად აამაღლებს ცხინვალში რუს ოკუპანტთა სამხედრო პოტენციალს? ისედაც მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებში ბევრი ადგილობრივი მსახურობს და შემდგომში სამხედრო სამსახურგამოვლილები რეზერვში ჩაირიცხებიან, მათ რუსები გამოიყენებენ მაშინ და იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლიან. ოსური ბატალიონის შემატების შემთხვევაში ცხინვალის სამხედრო ბაზის რიცხოვნება 4 500 კაცამდე გაიზრდება, ხოლო ომის შემთხვევაში მას რეზერვისტებიც შეემატებიან. ამ ძალებით შესაძლებელია 3-4 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება და ისეთი ამოცანების გადაჭრა, როგორიცაა:

- თბილისის იზოლირება-ბლოკირებისთვის დასავლეთ საქართველოსთან დამაკავ-შირებელი სარკინიგზო-საავტომობილო მაგისტრალების გადაკეტვა-გაკონტროლება;

- მოქმედებები სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით სომხეთის საზღვრისკენ უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად და გიუმრის რუსული 102-ე ბაზის ძალებთან შეერთება;

- საქართველოსათვის მნიშვნელონი სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა; – ჩრდილო კავკასიიდან დამატებით ძალების მიღების შემდეგ საქართველოს დედაქალაქზე შეტევა.

მე-4 ბაზის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადება მთელი წელი გრძელდება, რასაც ძარწემის პოლიგონზე (ოკუპაციამდე გორის მუნიციპალიტეტი) ასეული-ბატალიონის დონეზე საველე მეცადინეობებს კლასებში ტრენაჟორებზე ინდივიდუალური მომზადება ენაცვლება. საველე სწავლებებზე დიდი ადგილი უკავია სპეციალურ სამთო მომზადებას, თავდაცვა-შეტევით მოქმედებებს ღამით და რთულ მეტეოპირობებში, სადაზვერვო-დივერსიული ხასიათის ამოცანებს, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას დაზვერვის მიზნით, უპილოტოებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე საბრძოლო ტექნიკის ეკიპაჟების მოქმედებებს და ა.შ. რადგან ძარწემის პოლიგონის ტერიტორია ზომებში შეზღუდულია, ამიტომ ბაზის ტანკისტები საშტატო 125 მმ-იანი ჭურვებით სროლაში ჩრდილო ოსეთში ტარსკოეს პოლიგონზე ვარჯიშობენ. ადგილობრივი მოსახლეობის “დასაცავად” შექმნილი რუსული სამხედრო ბაზა რეალურად საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ოკუპაციით არის დაკავებული, რომელიც ახლა ქართული მიწების ანექსიაში გადადის“.

„ახალი თაობა“, 03 თებერვალი, 2015 წელი

ცხინვალის რეგიონის უშიშროების ორგანოები რუსეთის უშიშროებაში შევლენ

რას ითვალისწინებს რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის დასადები ხელშეკრულება?

მარიკა მჭედლიშვილი

(შემოკლებით)

აფხაზეთის შემდეგ რუსეთი რომ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონისთვისაც მოიცლიდა, ცნობილი იყო. ხელშეკრულების ტექსტი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შედგენილია. შეთანხმებული ვარიანტი კი ცხინვალმა მოსკოვში გადააგზავნა.

დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფომაცია „რია ნოვოსტიმ“ მოიპოვა.

ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს ღრმა ინტეგრაციას, პირველ რიგში, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, საბაჟო საქმიანობა, ასევე ძალოვანი უწყებების აქტიური ურთიერთქმედება.

დოკუმენტის ტექსტის თანახმად, გათვალისწინებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება.; გადაწყდა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფები და უშიშროების ორგანოები შევლენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების შემადგენლობაში. რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები უქმდება. საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად მოხდება. მოსალოდნელია ცხინვალის რეგიონის საბაჟო ორგანოს ინტეგრაცია რუსეთის საბაჟო ორგანოში.

ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაცი-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა. ეს ორგანო უზრუნველყოფს ოპერატიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლას, მის ანალიზს, დანაშაულებრივი დაჯგუფებების შესახებ სპეციალიზებული მონაცემთა ბანკის შექმნას, ძებნილი პირების ძებნა-დაკავებას.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თითქმის ანალოგიური ხელშეკრულება აფხაზეთთან გააფორმა, საქართველოს ხელისუფლებამ  პირობა დადო, რომ ამ მხრივ დიპლომატიურ საქმიანობას გაააქტიურებდა და, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, რუსეთთ შემდგომ ნაბიჯებს არ გადაადგმევინებდა.

საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო სვლები ისედაც კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც ჩანს, ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხის გამოც გააკრიტიკებენ.

თუმცა ოკუპირებული ტერიტორიები და სეპარატიზმი არ არის ადვილად დასაძლევი პრობლემები. მით უმეტეს, საქართველოსნაირი სუსტი და ცხელ რეგიონში მდებარე ქვეყნისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ სეპარატისტულ მოქმედებებს და რუსეთის მხრიდან აგრესიას არგამორიცხავენ ევროპის შუაგულში მდებარე ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ჩამოყალიბებული სახელმწიფოები. ამაზე ისინი ჯერ კიდევ გაზაფხულზე ტეხდნენ განგაშს.

ბალტიისპირელებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ დასავლელი პარტნიორები იმის გამო, რომ რუსეთთან პირისპირ შეიძლება აღმოჩნდნენ.

ამ ვითარებაში ძნელია საქართველოს დიპლომატების იმედზე ყოფნა, რომლებსაც ისიც კი ვერ მოუგვარებიათ, რომ ევროსტრუქტურებმა ნაციონალების ნაკარნახევი რეზოლუციები არ მიიღონ და უცხოეთში ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარი არ უწოდონ.

Comments are closed