„რეზონანსი“: გილოცავთ, ევროპისკენ გზა იხსნება!
„რეზონანსი“: ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან: „დროა, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გააკეთოს განაცხადი“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ქეთევან ციხელაშვილთან: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ მანქანა, რომელიც გადაადგილების თავისუფლებას ხელს უშლის“
„რეზონანსი“: რას მოუტანს ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ეკონომიკას // გია ხუხაშვილი: ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი გადაჭარბებულია
„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მიყურადებაზე მონიტორინგი გასამკაცრებელია, მაგრამ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს“
—–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „აფხაზებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სინანული ექნებათ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ამჟამად ყველაფერს ერთი რიგითი მოქალაქე განაგებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „თუ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი განზრახ გააჩინეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“ // „პრეზიდენტის ფონდი, ასევე პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ფონდები დაზარალებულებს უნდა დაეხმარონ“ // „ბლოკების შექმნის აკრძალვა დემოკრატიას ეწინააღმდეგება“
„ახალი თაობა“: მოსკოვი აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბს აბრუნებს // ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან
———————
„რეზონანსი“, 03 თებერვალი, 2017 წელი
გილოცავთ, ევროპისკენ გზა იხსნება!
ეკატერინე ბასილაია
სულ რაღაც ერთი ნაბიჯი და საქართველოს მოქალაქეებს ვიზის რიგებში დგომის გარეშე, 39 ევროდაც კი, ევროპაში თავისუფლად მოგზაურობა შეეძლებათ. ეს შეიძლება უკვე მარტის ბოლოსთვის მოხდეს, ან აპრილის დასაწყისში.
553 ხმა 66-ის წინააღმდეგ – ბრიუსელში ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის 30-მდე ქვეყნის კარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბოლოოდ გაიხსნება.
მილოცვები ისმის ბრიუსელიდან. თბილისში ზეიმია. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის განცხადებები იმაზე, საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება და ამისთვის ქვეყნის შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობა იქნება, თუმცა საქართველოს წევრობაზე ჯერ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში შეტანილი არ აქვს.
დებატები ბრიუსელში
საქართველომ ეს დაიმსახურა, – გუშინ დიდწილად ასეთი განცხადებები ისმოდა ბრიუსელში ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების განხილვისას. ევროპის პარლამენტში ამ პროცესს საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა, პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ევროპარლამენტარები დარბაზში ქართველ კოლეგებს ტაშით შეეგებნენ და ასევე ტაშით შეხვდნენ კენჭისყრის შედეგებსაც.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ ევროპარლამენტარებს შორის დებატები უძღოდა. გამომსვლელების უმეტესობამ განაცხადა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ჯერ კიდევ გასულ წელს ეკუთვნოდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დასრულება.
საუბარი შეეხო რუსეთიდან არსებულ საფრთხეებსაც. დეპუტატების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა ყველა ქვეყნის სუვერენულ არჩევანს სცემს პატივს.
“ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ ევროკავშირსაც რადგან, დღეიდან იგი პარტნიორს იძენს და კედელს არ აშენებს, როგორც ზოგიერთ ქვეყნებს შორის ხდება დღევანდელ მსოფლიოში,” – განაცხადა ლიტველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
“თქვენ დაიმსახურეთ ეს და მე ვამაყობ, რომ ჩემი წვლილი მაქვს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში… თქვენ ბრძანდებით ამაყი ევროპის ოჯახის წევრი,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა მიშალ ბონიმ პლენარული სხდომიდან.
“საქართველო სამაგალითოა… იქ (თბილისში) ევროკავშირის უფრო მეტი დროშა ვნახე, ვიდრე ბრიუსელში,” – ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულუსმა თბილისის ვიზიტისას დროშებით აღფრთოვანებაც გაიხსნენა.
პოზიტიურ შეფასებებთან ერთად კრიტიკული იყო მხოლოდ სამი დეპუტატი. ვიკი მაიერმა მთავარ საფრთხედ ორგანიზებული დანაშაულის გამძაფრება დაასახელა და გერმანია მოიყვანა მაგალითად.
ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელმა პარლამენტარმა სტივენ ვულფმა კი საქართველოს ტერორისტების სატრანზიტო ქვეყანა უწოდა და ამის დამადასტურებლად “რეზონანსში” გასულ წელს გამოქვეყნებული სტატია არასწორი ინტერპრეტაციით მოიყვანა.
“ქალბატონმა მერკელმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, როდესაც გერმანიის კარები გაუღო შესაბამისი შემოწმების გარეშე ყველა მსურველს, ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. ევროკავშირი ცდილობს თავისი გავლენის, თავისი იმპერიის გაფართოებას, ანალოგიურ შეცდომას უშვებს. არ ამოწმებს, ვინ ჩამოვა ევროკავშირში. თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა ძალიან საფრთხის შემცველია. ქართულმა გაზეთმა “რეზონანსმა” განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას “ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას, რაც მერკელმა გასულ წელს დაუშვა,” – განაცხადა სტივენ ვულფმა.
ევროპარლამენტარის ამ გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობა მოჰყვა.
საუბარია ვახტანგ მაისაიას ინტერვიუზე, სადაც ის ჰყვება “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან მომავალ საფრთხეზე. კერძოდ იმაზე, თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია ქმნის სპეციალურ 600-700-კაციან ჯგუფს, რომელიც აპირებს საქმიანობა განავითაროს სხვადასხვა მიმართულებით – დაწყებული ცენტრალური აზიიდან და ამერიკით დამთავრებული – მათ შორის საქართველოშიც. გაზეთი ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ინფორმაცია მანამდეც და მას შემდეგაც არაერთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა.
თუმცა ვულფმა საქართველოს საკითხის განხილვისას ამაზე ისაუბრა, როგორც მომხდარ ფაქტზე და არა როგორც ექსპერტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე; ამასთანავე, თქვა, თითქოს ყველა ეს “600-700 ტერორისტი” ევროპაში საქართველოდან შედის და ეს ქართულმა გაზეთმა განაცხადა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
რა იცვლება უვიზო მიმოსვლით
უვიზო მიმოსვლამდე დარჩა მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება – ახლა უკვე საჭიროა, დოკუმენტს ევროკავშირის საბჭომ კენჭი უყაროს და მინისტრების დონეზე დაამტკიცოს. შემდეგ დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენელი ხელს მოაწერენ და კავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.
თბილისში ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შევა.
ეს რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს ვიზის გარეშე იმოგზაუროს 90 დღის განმავლობაში შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. საგულისხმოა ის, რომ უვიზოდ მიმოსვლა სამუშაოდ და სასწავლებლად წასვლას არ გულისხმობს.
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ევროკავშირის ქვეყანაში იმოგზაუროს მრავალჯერ, მაგრამ 180-დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეზე მეტი არ უნდა დარჩეს.
დღეს ევროპაში წასასვლელად საჭიროა: საკონსულოში მისვლა, რიგში დგომა და საბუთების ჩაბარება. საკონსულოში კი უნდა წარადგინო – ცნობა სამსახურიდან ხელფასის შესახებ; ბანკიდან ბოლო თვეების ამონაწერი; ბანკიდან ანაბრის ცნობა; 2 ფოტოსურათი; პასპორტის ასლი; უნდა შეავსო აპლიკაციის ფორმა; დაჯავშნო სასტუმრო; ასევე დაჯავშნო თვითმფრინავის ბილეთები; ასევე ვიზისთვის უნდა გადაიხადო 35-150 ევრო. ამის შემდეგ ელოდები პასუხს 7-დან 21-დღემდე.
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ კი მოქალაქეს, საზღვრიდან უკან რომ არ გამოაბრუნონ, აუცილებელია ჰქონდეს: ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები; სასტუმროს ჯავშანი; გამოსაბრუნებელი ბილეთი ან ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა და ნაღდი ფული ან ამონაწერი ბანკიდან, რომ გაქვს გარკვეული თანხა, ერთ სულზე დღიურად მინიმუმ – 40 ევრო. საზღვარზე არ გადაუშვებენ იმ ადამიანებს, თუ მოგზაურობის პირობები მას ოდესმე რამე დაურღვევია.
„რეზონანსი“, 03 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან: „დროა, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გააკეთოს განაცხადი“
ეკატერინე ბასილაია
“საქართველოს მოქალაქე კარგად ინფორმირებული უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება საზღვრის კვეთის დროს არ შეუშვან ტერიტორიაზე და საქართველოში უკან დაბრუნება მოუწიოს,” – აცხადებს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და თვლის, რომ უვიზო მიმოსვლის მიღების შემედეგ საქართველოს ხელისუფლებამ გამოსვლებში უნდა დაამკვიდროს სიტყვა “ევროკავშირი” და უკვე გაწევრიანებაზეც უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი. „აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხმარობს სიტყვას – ევროინტეგრაციას და ნაკლებად სიტყვას – ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც პირადად ჩემთვის გასაკვირია,” – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
- რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქისთვის?
- ჯერ პროცედურები არ დასრულებულა. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მოკლე ვადით, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განმავლობაში წავიდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში ისე, რომ მათ არ დასჭირდებათ მისვლა საკონსულოებში და რიგში დგომა, რაც არც ისე სასიამოვნოა. ახლა საზღვარზე მისვლისას თუ მოგზაურობის მიზეზი არის ტურიზმი ან ახლობლის მონახულება, მას დასჭირდება ბიომეტრიული პასპორტი, სამედიცინო დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და გარკვეული თანხა ანგარიშზე, რაც გარკვეული დროის მანძილზე მოქალაქის ამ ქვეყანაში დარჩენას უზრუნველყოფს.
- გამოიწვევს თუ არა ეს ახალგაზრდების მიგრაციას? ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ რეალური საფრთხის წინაშე ვართ გაღარიბებულმა მოსახლეობამ ქვეყანა დატოვოს.
- არ მინახავს რაიმე კვლევა, რომ ვიზალიბერალიზაციამ მიგრაციულ ნაკადებზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს. არ გამოვრიცხავ, რომ 90 დღის დარღვევა იქნება. არც იმას, რომ ახალგაზრდები სამუშაოს საძებნელადაც წავიდნენ. ამის უარყოფას აზრი არ აქვს, მაგრამ აპოკალიფსური სურათის დახატვაც არ არის სწორი. ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრი ვიზის პირობებშიც ახერხებდა წასვლას და ევროკავშირში არალეგალურად დარჩენას.
- სხვა ქვეყნის გამოცდილება როგორია? იგივე მოლდოვასი?
- მოლდოვა პოზიტიური მაგალითია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი წლის მანძილზე დარღვევა ძალიან ცოტას აღმოაჩნდა, საუბარია დაახლოებით 3 ათასამდე მოქალაქეზე, რომელმაც ეს 90-დღიანი ვადა დაარღვია. არც თუ პოზიტიური მაგალითია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ალბანეთი და სერბეთი, საიდანაც ძალიან მაღალი იყო თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში. ეს გარკვეულწილად გეოგრაფიული სიახლოვითაც იყო განპირობებული. საქართველოს შემთხვევაში რა იქნება, არ ვიცი – განმეორდება ბალკანეთის ქვეყნების სცენარი თუ მოლდოვის სცენარი.
ერთ-ერთი რისკი ისიც შეიძლება იყოს, რომ თუ საქართველოს მოქალაქე კარგად ინფორმირებული არ იქნება, შეიძლება საზღვრის კვეთის დროს არ შეუშვან ტერიტორიაზე და უკან დაბრუნება მოუწიოს. ხოლო თუ უკან დაბრუნებულების რაოდენობა დიდი იქნება, ამანაც შეიძლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა. “შეჩერების მექანიზმში” ჩამოთვლილ პუნქტებში ერთ-ერთი ზუსტად ეს არის.
- იუსტიცის მინისტრმა თქვა, რომ თუ დარღვევები 20-ზე მეტი იქნება, უვიზო მიმოსვლას შეგვიჩერებენო. ასე ცოტა დარღვევაზე არის რისკი?
- მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ არ ვიცი ეს საიდან მოიტანა და ალბათ ეს მისი პირადი აზრი იყო. არავინ იცის შეჩერების საფუძველი რა იქნება 20, 100 თუ 10 ათასი დარღვევა.
- ევროპარლამენტში ორი დეპუტატისგან გაისმა, საქართველო კრიმინალის ზრდას და და ტერორიზმის საფრთხეს მოიტანსო.
- მგონია, რომ ეს უფრო პოლიტიკური განცხადება იყო, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე პლატფორმის წარმომადგენლები აკეთებდნენ, ამიტომ მათგან ეს გასაკვირი სულაც არ იყო. მათ სხვაგვარი განცხადებები რომ გაეკეთებინათ, ეს უფრო გამიკვირდებოდა. ცხადია, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ ზოგად ჭრილში თუ შევხედავთ, ნორმალურია – ევროპარლამენტში ხომ 751 წევრია. განსაკუთრებით, თუ ეს “იუკიპის” (გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია), ან მარი ლე პენის “ნაციონალური ფრონტის” წარმომადგენელია. კენჭისყრაზეც გამოჩნდა, რომ აშკარად უმცირესობაში არიან. სულ 66 კაცი იყო წინააღმდეგი.
- ითქვა, რომ მარტის ბოლოს უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი გახდება. ასეა?
- ეს ჯერ ვარაუდია. ეს კენჭისყრა არ არის საბოლოო ეტაპი. ის მნიშვნელოვანია, მაგრამ ისტორიულს ვერ დავარქმევ. კიდევ არის ეტაპები და ტექნიკური პროცედურები. ასევე “შეჩერების მექანიზმზეც” არის კენჭისყრა ჩასატარებელი როგორც ევროპის პარლამენტში, ასევე საბჭოში. ოპტიმისტური გათვლებით, შესაძლებელია იყოს მარტში. თუმცა გვახსოვს შარშანდელი გამოცდილება, როდესაც ყოველ დღე ველოდებოდით უვიზო მიმოსვლას.
- ახლა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დრო დადგა?
- აქამდე საქართველოს ხელისუფლება ხმარობს სიტყვას – ევროინტეგრაციას და ნაკლებად სიტყვას – ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც პირადად ჩემთვის გასაკვირია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენი მინისტრების გამოსვლები. ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს ტერმინი უნდა დაამკვიდროს და მეორე რიგში – განაცხადის გაკეთება ეს არის ის, რაც ნამდვილად არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის არსენალში და ამას კარგად დაგეგმვა სჭირდება.
- რატომ არ აკეთებს განაცხადს ქვეყანა, რამე კრიტერიუმის დაკმაყოფილება სჭირდება?
- განაცხადის გაკეთებას არაფერი არ სჭირდება. განაცხადის გაკეთება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ის მზად არის ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის მოთხოვნები შეასრულოს და აიღოს ვალდებულებები სამომავლოდ წევრი სახელმწიფო იყოს. ეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ქვეყანამ გააკეთოს, შეზღუდვა არ არის. ოფიციალური პოზიციაა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ გახსნილი არ არის, რომ ევროკავშირში არ არის ისეთი სიტუაცია, ჩვენ განაცხადი გავაკეთოთ, ან არ გვინდა ევროკავშირს სიურპრიზი მოვუწყოთ.
„რეზონანსი“, 03 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ქეთევან ციხელაშვილთან: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ მანქანა, რომელიც გადაადგილების თავისუფლებას ხელს უშლის“
სალომე სარიშვილი
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში დაინტერესებას გამოიწვევს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ცხინვალსა და აფხაზეთში რუსიფიკაციისა და იზოლაციის ინტენსიური პროცესი მიდის. მინისტრი არ ვარაუდობს, რომ დასაწყისისთვის ქართული პასტორტის მიღების მსურველთა რიცხვი მყისეულად და მკვეთრად გაიზრდება, თუმცა იმაში კი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაცია ყველა მოქალაქისთვის მიმზიდველი იქნება.
“საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროპული გზით განვითარება, ზოგადად განვითარება ეკონომიკურიც და დემოკრატიულიც, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ზრდის ამ პერსპექტივებს,” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ქეთევან ციხელაშვილი.
მინისტრს ვიზალიბერალიზიასა და ამ პროცესის კონფლიქტებზე გავლენის საკითხზე ვესაუბრეთ.
ქეთევან ციხელაშვილი: ის, რომ საქართველო მიმზიდველი და განვითარებული ქვეყანა ხდება და ახალი შესაძლებლობები ეხსნება, როგორიც არის მაგალითად, უვიზო მიმოსვლის ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, უკეთესი ჯანდაცვისა და განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს ფაქტია. საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ითვალისწინებს, როცა ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს იცავს. ამასთან, ყველა ეთნიკური ჯგუფის, ინდივიდის, იდენტობის დაცვის ვალდებულებასაც იღებს. რეალურად ვიზალიბერალიზაციის სიკეთე ორ რამეში გამოიხატება – ერთი მხრივ, მატერიალურად გაზომვადი სიკეთეა და მეორე მხრივ, არის დაცული იდენტობა, ადამიანის უფლებები, მათ შორის, ეთნიკური ჯგუფის უფლებები. მგონია, რომ ეს ერთობლიობაში ძალიან მიმზიდველ მოდელს ქმნის, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის. თან ეს იმ ფონზე, როცა იქ რეალურად დეფაქტო რუსიფიკაციის საკმაოდ ინტენსიურ პროცესთან გვაქვს საქმე.
- როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზის ლიბერალიზაცია მიიღო, თუ გაიზრდება ქართული პასპორტების მიღების მსურველთა რიცხვი? ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს…
- დასაწყისისთვის ჩვენი ამოცანაა, ეს პროცესი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი თავადვე გავხადოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებითა და აუცილებელი პროცედურების დაცვით (რასაც ვერ გადავალთ პროცედურულადაც და გეოგრაფიულადაც) ეს სიკეთე ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ვფიქრობ, ეს შეთავაზება თავის როლს აუცილებლად შეასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანუტარული და არა მხოლოდ ჰუმანიტარული საგრებელი იქნება, რაც ინტერესს უთუოდ გამოიწვევს. არ ველოდები, რომ ამოქმედებინად მეორე დღესვე ამ რიცხვში დრამატული ზრდა იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა ყველას თანაბარ სარგებელს მოუტანს.
- იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა სულ ახლახანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი, აფხაზეთში რამდენიმე გადასასვლელი ჩაკეტა და როდესაც თავადვე ამბობთ, რომ იქ რუსიფიკაციის ინტენსიური პროცესი მიდის, ხომ არ ფიქრობთ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების დაინტერესებითა და გადაადგილებით, რაიმე სირთულეს წავაწყდებით? როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება რუსეთის დამოკიდებულება?
- მათი დამოკიდებულება ისედაც გასაგებია, ყოველ შემთხვევაში დღეს მათი პოზიცია და ქმედება ამ ტერიტორიებზე ცალსახა და თვალსაჩინოა. საუბედუროდ ესაა: საოკუპაციო რეჟიმი, ჯარები, ტანკები და მკაცრი კონტროლი გამყოფ ხაზებთან. ჩვენი სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციას ვერ აღიქვამს ურთიერთობების გამწვავებად. ევროპული ინტეგრაცია, არათუ ვიზის ლიბერალიზაცია, არავის წინააღმდეგ არაა მიმართული, ის მხოლოდ ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული, ამიტომ ამ პროცესს არანაირ კონფრონტაციულ ნაბიჯად არ აღვიქვამთ. შესაბამისად, არც ველოდებით, რომ ის რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს გამოიწვევს.
როგორც უკვე გითხარით, ხდება ის, რომ არის ნეგატიური პროცესები, გადასასვლელების ჩაკეტვის ტენდენცია, კონტაქტების ხელის შეშლის ტენდენცია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 6-იდან 2 გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. ამ ფაქტებზე ჩვენ სრული მობილიზება მოვახდინეთ და ისიც ცხადია, რომ პარტნიორებიც მხარს გვიჭერენ. ყველაფერს ვაკეთებთ პრევენციისთვის ხურჩასა და ორსანტიას მონაკვეთებზე. ამდენად, ეს მექანიზმები გარკვეულწილად ჩართულია.
შესაძლოა ვინმეს შერიგების პროცესი და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ნაბიჯები არ გადავდგათ. მოდით, ასე ვთქვათ – ეს ნაბიჯები მოსახლეობის კეთილდღეობისთვისაა გათვლილი, რადგან რეალურად ეს დღე შესაძლებლობებს უქმნის ხალხს, რომელიც იმ რეჟიმის მიერ იზოლირებულ გარემოში ცხოვრობს, მაგალითად, კილომეტრობით მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ცხინვალში. ეს პროცესი კი რეალური შესაძლებლობაა ადამიანებისთვის არათუ მეზობელთან და მეგობართან რამდენიმე მეტრს იქით გადავიდეს, არამედ იმოგზაუროს ევროკავშირის ქვეყნებში და შესაბამისად, სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
- რაიმე რისკ-ფაქტორებს თუ ხედავთ ამ პროცესში?
- ვერ გეტყვით ასეთი რისკ-ფაქტორები რა შეიძლება იყოს, თანაც ვიზის ლიბერალიზაცია არ ხდება დღეს, ეს გახლავთ პროცესი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. საქართველომ უამრავი რეფორმა, პროცედურა გაიარა და უვიზო მიმოსვლა სრულიად დამსახურებულად მიიღო, დღეის შემდეგ მხოლოდ ტექნიკური პროცედურები რჩება. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ ტენდენციებს და ფაქტი სახეზეა – ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და იქ ინტენსიური რუსიფიკაციის ან კიდევ უფრო მკვეთრი იზოლაციის პროცესი მიდის. ამასაც ვხედავთ, რომ მეტი დაინტერესება არის, თუმცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის მხრიდან, გარკვეული კონტაქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების გამოყენების და უკეთესი მომავლის პერსპექტივების მიმართ დაინტერესების ტენდენციაც აშკარად სახეა.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ რაღაც პიარულ ნაბიჯებს არ ვდგამთ მიზანმიმართულად, მითუმეტეს არც კონფრონტაციულს, ამიტომ ძალიან მშვიდად და წყნარად, საქმის კეთებით მგონია, რომ შევძლებთ იმას, რომ სწორად გამოვიყენოთ ეს მექანიზმების ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მეორე მხრივ, კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ მანქანა, რომელიც მავთულხლართებით დაწყებული, სხვადასხვა დაბრკოლებებით დასრულებული გადააგილების თავისუფლებას და კონტაქტების განვითარებას უშლის ხელს. გარდა ამისა, აუცილებელია არა მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებმა, არამედ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქე, ვინც საქართველოს პასპორტის მფლობელია, წესებს, რეგულაციებს კარგად გაეცნოს და გაიაზროს, რას ნიშნავს ვიზის ლიბერალიზაცია. ამის ახსნა ჩვენი ვალდებულებაცაა, რათა პროცესი არალეგალური მიგრაციის ინსტრუმენტი არ გახდეს, ამიტომ ჩვენც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ იმას, რაც ქვეყანამ დიდი შრომის შედეგად მიიღო.
ცხადია, სახელმწიფო თავის მხრივ პასუხისმგებლობით მოეკიდება იმას, რომ სწორად გამოვიყენოთ ეს მექანიზმი და ყველა სარგებელი, რომელიც შეიძლება მოიტანოს მან მაგალითად, ბიზნესის, ხელოვნების, ახალგაზრდების ცნობიერების, კულტურული კავშირებისთვის, რაც ახალ სივრცეებს ქმნის.
„რეზონანსი“, 03 თებერვალი, 2017 წელი
რას მოუტანს ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ეკონომიკას
გია ხუხაშვილი: ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი გადაჭარბებულია
მარი ჩიტაია
საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკურად დიდ სარგებელს ვერ მოუტანს, თუმცა პოლიტიკურად ქვეყანა საკმაო დივიდენდს მიიღებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებით ქვეყანა, შესაძლოა, ცალკეული გამოწვევების წინაშეც დადგეს, რის საპასუხოდაც მთავრობას სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვა გაორმაგებულად მოუწევს. თავისთავად ფაქტი, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, პოლიტიკურად დიდი გამარჯვებაა და ამას ვერავინ უარყოფს.
უდავოდ დადებითი მოვლენის მიღმა მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველოდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება არ დაიწყოს, რაც დემოგრაფიულ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ვიზალიბერალიზაცია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კოოპერირების გაღრმავებას.
“ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი დამადასტურებელი ფაქტი. ყველას კარგად გვესმის, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეკრულება გვაკავშირებს და მისი სრულფასოვნად გამოყენეა ძალზე რთულია გადაადგილების თავისუფლებისა და მობილურობის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ვიზალიბერალიზაცია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, არის დიდი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კოოპერირების გაღრმავებას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თუმცა, ექსპერტების კრიტიკაც მინისტრმა სწორედ ამ კონტექსტის გამო იწვნია. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკური ეფექტი არ ახლავს და ეს ფაქტი თავიდან ბოლომდე წმინდა პოლიტიკური მოვლენაა. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც, ევროპის მიმართულებით ეკონომიკური აქტივაციის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირება უხერხულია, როცა ეს ურთიერთობები ისედაც ძალაშია.
“ვიზალიბერალიზაცია თავისთავად ძალიან კარგი ფაქტია. ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ მივიწევთ იმ სტრატეგიული მიზნისკენ, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია. კიდევ ერთ ეტაპს გავდივართ ამ მიმართულებით და მისალალმებელია. ამას აქვს დიდი პოლიტიკური დივიდენდი პირდაპირ, თუ ირიბად. გარკვეული სტიმულირება შეიძლება მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებითაც, თუმცა წმინდა ეკონომიკური ეფექტს რაც შეეხება, საუბარი ამ მხრივ გადაჭარბებულად მიმაჩნია”, – აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ მისთვის გაურკვეველია ეკონომიკის მინისტრის პოზიცია ვიზალიბერალიზაციის ეკონომიკურ სარგებელთან დაკავშირებით.
“საქართველოში ინვესტიციებზე თუ ვლაპარაკობთ, ისედაც ხორციელდება. ვინმეს აქ თუ ჩამოსვლა და ბიზნესის კეთება უნდა, პრობლემა არც აქამდე შექმნია. ამიტომ ჩვენი მხრიდან ეკონომიკური აქტივობის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირება, ცოტა არ იყოს, უცნაურია. თუ იმ 40 ევროზეა საუბარი, რომელსაც ვიზის აღებაზე ვიხდიდით, ამის ეფექტს, ცხადია, სათვალავშიც არავის მიიღებს. ამიტომ ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი გადაჭარბებულია.
რა სტიმულს მოგვცემს ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკური თვალსაზრისით, ამას ნამდვილად ვერ ვხვდები. კარგი იქნება, თუკი ახსნის ვინმე. ჩვენი ეკონომიკა სუსტია, საექსპორტო პოტენციალი არ გვაქვს, ევროპიდან ეკონომიკური ვაჭრობა ისედაც აქტიური იყო. რაც შეეხება ექსპორტს, წარმოების სიმცირის გამო ისედაც ვერ ხერხდება. ის, რაც არის, საყოფაცხოვრებო სარგებელია და არა სისტემური ეკონომიკური სიკეთე. ყველა მინისტრს ვურჩევ, ამა თუ იმ მოვლენის დეკლარირებას რომ ახდენენ, არგუმენტებიც დაამატონ, რათა მათი პოზიცია უფრო მკაფიო იყოს”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
თუმცა, სპეციალისტების ნაწილი ეკონომიკურ სარგებელს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, მოკლე პერიოდში ამ სიკეთის დანახვა ცოტა რთულია. მიუხედავად ამისა, აკადემიკოსი შიშობს, რომ პირველ წლებში, შესაძლოა, ქვეყანა დემოგრაფიული საფრთხის წინ დადგეს, თუკი ვიზალიბერალიზაციის პარალელურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე არ იზრუნებს.
“ვიზალიბერალიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. ყველა მიმართულებით კარგია, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. ხანგრძლივ პერიოდში ქვეყანას სარგებელს ნამდვილად მოუტანს. სხვა საკითხია, თუ ვისაუბრებთ მოკლევადიან პერსპექტივაზე. ამ მხრივ შესამჩნევი ეფექტი მალე არ გვექნება, ამის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს.
მიმაჩნია, რომ თავისუფალი გადაადგილება ადამიანებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ როგორც პროდუქციის მიწოდება (მთავარია, შექმნან), ასევე სამუშაო ადგილოს შოვნის მხრივაც მეტი კომფორტი შეიქმნან. ცხადია, ფულად გადმორიცხვებზეც აისახება დადებითად, თუკი ჩვენი მოქალაქეები ლეგალურად იცხოვრებენ ევროპის ქალაქებში. დროთა განმავლობაში ეფქეტი აშკარად გვექნება, მცირე დროში ამ სარგებლის დანახვა ვერ მოხარხდება.
პარალელურად მთავრობამ გაორმაგებულად უნდა იზრუნოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რადგან წინ დიდი საფრთხეა, რომ ჩვენი მოსახლეობა შემცირდეს. დიდი გამოწვევის წინაშე დგება ქვეყანა და უნდა შეძლოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. როგორ გაართმევს თავს ამოცანას, ვიზალიბერალიზაციის შედეგზე დიდად იქნება დამოკიდებული”, – განმარტავს სილაგაძე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე გუშინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები. მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები და დაახლოებით 2 თვეში საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ.
„რეზონანსი“, 03 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მიყურადებაზე მონიტორინგი გასამკაცრებელია, მაგრამ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს“
თიკო ოსმანოვა
“ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით ჩემი აზრით, გასამკაცრებელია მონიტორინგი, არის თუ არა კანონიერი მოსმენა, რაც არ არის იოლი საქმე. მერე დასაყენებელია იმ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალება ამ სფეროში ისე მუშაობა, რომ არ იყოს ხელყოფილი ადამიანის უფლებები,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა ფარული მოსმენის კანონპროექტთან დაკავშირებით არასმათავრობოთა კრიტიკას არ იზიარებს და აცხადებს, რომ არსებულ საკითხზე მომუშავე ჯგუფმა ოქროს შუალედის მოძებნა შეძლო. მათი თქმით, გამოიყენეს მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც ერთდროულად იცავს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებს.
კერძოდ, მოჰყავთ დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომლის პარლამენტმა საგამოძიებო უფლებამოსილებების გაზრდის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რასაც დედოფალმა ხელი 2016 წლის 29 ნოემბერს მოაწერა.
ეს კანონი 270-ზე მეტი მუხლისაგან შედგება და დაახლოებით 300 გვერდს მოიცავს. ის შეფასდა, როგორც დემოკრატიის ისტორიაში უპრეცედენტო, ვინაიდან სამართალდამცველ ორგანოებს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის თითქმის შეუზღუდავ უფლებას ანიჭებს.
კანონპროექტის ინიცირების საფუძველს ინტერნეტის ტერორისტული მიზნებისთვის გამოყენების მზარდი ტენდენცია და მომეტებული საფრთხეები წარმოადგენდა, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი უკანასკნელ პერიოდში აღმოჩნდა.
კანონის თანახმად, სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერი კომპანიები ვალდებულნი არიან, მომხმარებელთა მონაცემები 12 თვის ვადით შეინახონ და მათზე პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურის და სხვა სახელმწიფო უწყებათა ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.
კომპანიების მიერ შესანახ მონაცემთა შორის ხვდება ე.წ. ვებ-ისტორიები, ტრაფიკის მონაცემები, მეტა მონაცემები, რაც გულისხმობს იმას, რომ 12 თვის ვადით, შეგროვებული და შენახული იქნება ინფორმაცია მომხმარებლების მიერ განხორციელებული ვებ-მისამართების ვიზიტების, მათი თარიღების, ვებ-გვერდზე ნანახი შინაარსის და ძიების, ვებ-გვერდზე შესული ბრაუზერის ტიპის შესახებ, ასევე, მონაცემები დომეინ სერვერების, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართის (ე.წ. აიპი) შესახებ.
ახალი რეგულაციის ერთ-ერთი ნორმა ადგენს მონაცემების მასშტაბური შეგროვების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას მრავალი მომხმარებლის შესახებ, მათი რაიმე კონკრეტული ნიშნით შერჩევის გარეშე.
ნორმატიული აქტი ითვალისწინებს საგამოძიებო ორგანოების მიერ ელექტრონულ მოწყობილობაში (პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი) შეღწევის და ნებისმიერი ინფორმაციის ფარულად მოპოვების უფლებამოსილებას. კანონი იძლევა ამ საგამოძიებო მოქმედების შესაძლებლობას მაშინაც, როცა ფარული მიყურადების ობიექტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
საბოლოო ჯამში, კომუნიკაციების სერვის პროვაიდერებს ეკისრებათ, ფაქტობრივად, მომხმარებლის შესახებ ყველანაირი მონაცემის შენახვის და მათი შესაბამისი ორგანოებისთვის გადაცემის ვალდებულება.
ამ კანონით ეს მონაცემები 50-მდე სახელმწიფო უწყებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორისაა: უსაფრთხოების სამსახური (“მი-5″), სამთავრობო კავშირების ცენტრი, დაზვერვის საიდუმლო სამსახური (“მი-6″), პოლიციის დეპარტამენტები (ლონდონის, შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიის და ა.შ.), თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის დეპარტამენტი, შემოსავლების და საბაჟო სამსახური, სატრანსპორტო დეპარტამენტი.
ბრიტანეთის მაგალითს არ იცნობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა მისი აზრით, ერთი გასაღები უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სტრუქტურას ოღონდ მასზე უნდა გამკაცრდეს კონტროლი.
რამაზ საყვარელიძე: ფარული მოსმენის თემაზე პრობლემა რომ არის, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ მეეჭვება, ის ვერსიები, რაზეც აჟიოტაჟია ატეხილი, იყოს მნიშვნელოვანი. არალეგალური მოსმენა კანონით ისჯება. საუბარია ლეგალურ მოსმენაზე, როდესაც ამას ახორციელებს სახელმწიფო სტრუქტურა. ამ დროს თუ ვინმეს სჭირდება კანონიერი მოსმენა, სჭირდება სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურებს და მათ ჩაუყენო თანაზიარად ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები არ არიან, ცოტა გაუგებარი ნაბიჯია, და შეიძლება სახიფათოც.
- ანუ სუს-ის მიერ შექმნილ სსიპ-ს უნდა ჰქონდეს ერთი გასაღები?
- თუკი მივცემთ ამ ადამიანებს ერთ გასაღებს, ეს ნიშნავს იმის მიცემასაც, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში და რად გინდა მაშინ თვალყურის დევნება? არის მიზანშეწონილი ჩააყენოს საქმის კურსში, რას აკეთებს სახელმწიფო სტრუქტურა, მითუმეტეს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო სფეროში?! ბოლოს და ბოლოს შეიძლება მერე ეჭვი იქაც გაგვიჩნდეს, ამა თუ იმ არასამთავარობო ორგანიზაციამ ხომ არ გამოიყენა თავისი ინტერესების სასარგებლოდ. ვიცით, რომ არსებობს ისეთი ენჯეოებიც, რომელიც ამა თუ პოლიტიკური პარტიის ხელდასხმით არის შექმნილი, რომელიც ამ პარტიის ინტერესებისთვის ბევრ რამეზე წავა. ასე რომ, კარებს რომ გახსნი, ამ ღია კარებში რას შემოიტანს ცხოვრება, კაცმა არ იცის.
- მაშინ რომელია ოქროს შუალედი?
- ჩემი აზრით, გასამკაცრებელია მონიტორინგი იმაზე, არის თუ არა კანონიერი მოსმენა, რაც არ არის იოლი საქმე. მერე დასაყენებელია იმ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალება ამ სფეროში ისე მუშაობა, რომ არ იყოს ხელყოფილი ადამიანის უფლებები. ასე რომ, სახელმწიფოს მიეცი და მოსთხოვე კიდეც. სახელმწიფოს არ ვაძლევ და მოდი მთელმა საზოგადოებამ გავინაწილოთო, ეს არასწორია, მერე შეიძლება დადგეს საკითხი, მოდი, საჯაროდ განვიხილოთ და ა.შ.
- მაშინ საქართველოსთვის რომელი საერთაშორისო პრაქტიკაა ყველაზე ოპტიმალური?
- არ ვარ დიდად ჩახედული, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, უმრავლეს ქვეყანაში დაახლოებით ასეთი პრინციპია – საზოგადოების სტრქტურებს არ უნაწილებენ, ოღონდ მკაცრია მოთხოვნა თვითონ სახელმწფოს მიმართ, რომ არ იყოს უკანონო მოსმენა.
————————-
„ახალი თაობა“, 03 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „აფხაზებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სინანული ექნებათ“
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს.
- ბატონო სოსო, საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. რამდენად შეიძლება, ამ პროცესს შემდეგი ნაბიჯები მოჰყვეს და რაზეა ეს დამოკიდებული?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დადებითი ნაბიჯი. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, ეს არ არის მარტივი, რადგან ჩვენ არ ვიცით, სამომავლოდ რა იქნება ევროკავშირში. შემდეგი ნაბიჯები ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ევროპაში ახალი პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესს გზა გაუხსნა დიდმა ბრიტანეთმა თავისი გამოსვლით ევროკავშირიდან. ამას ემატება არჩევნები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით არის საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში. თითქმის ყველგან ულტრამემარჯვენე ძალები იმარჯვებენ. ამიტომ, ჯერ არავინ იცის, რა შიდარეგულაციებს შემოიღებენ ეს ქვეყნები.
თუმცა, პესიმისტური განწყობების ადგილი დღეს არ არის, რადგან არ შეიძლება, ეს მოვლენა რამემ დაჩრდილოს. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პირველი სამი თვე პროცესს, რამდენი პროცენტული მაჩვენებელი იქნება ტურისტების, ვიზიტორების, გაიზრდება ეს მაჩვენებელი თუ არა? იქნება ბუმი? მე ბუმს არ ველოდები, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ვისაც ფული აქვს, ის ვიზალიბერალიზაციის გარეშეც დადიოდა ევროპაში და ეს მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. აქ საუბარია საშუალო ფენაზე, რამდენად შეძლებს საშუალო შესაძლებლობის მქონე ქართველი, წავიდეს ლუვრის, ვერსალის, რომის, ვენეციის სანახავად?! ეს არის მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამ ყველა ნიუანსის გათვალისწინებისა, ვიზების ლიბერალიზაცია დადებითი მოვლენაა.
- რამდენად არის პოლიტიკური სიგნალი?
- რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური სიგნალი როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე, ამავდროულად, ეს არის სიგნალი რუსეთისთვის.
- ეს არ მოეწონება რუსეთს?
- რასაკვირველია, არ მოეწონება. პოსტსაბჭოურ სივრცეში ვიზალიბერალიზაცია მიიღო საქართველომ და უკრაინაა ამ რიგში. მოლდოვას მისცეს, მაგრამ თვითონ თქვა უარი.
- რამდენად იქნება ვიზალიბერალიზაცია მომხიბვლელი აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ამ მიმართულებით რამდენად ექნება პოლიტიკური დატვირთვა ამ პროცესს?
- მე გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებით დიდი პოლიტიკური გარღვევა გვქონდეს და რაღაც შეიცვალოს, თუმცა, სულაც არ გამოვრიცხავ, აფხაზეთის ელიტამ გულში დანანებით თქვას, თუ რატომ არ არიან საქართველოს შემადგენლობაში.
- ოსეთში?
- ოსეთში – ნაკლებად. აფხაზეთში გარკვეულ ნაწილს მართლაც დასწყდება გული, მაგრამ დღეს არც აფხაზები და არც ოსები არ არიან ისეთ რეალობაში, რომ თვითონ მიიღონ რამე გადაწყვეტილება. ამ ორივე ხალხმა ისეთ რეალობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი, რომ თავიანთ ბედს თვითონ აღარ განკარგავენ.
- ქვეყნის შიგნით ხელისუფლება პიარის თვალსაზრისით რამდენად გამოიყენებს ამას?
- რასაკვირველია, გამოიყენებს და სხვა ნებისმიერი ხელისუფლება გამოიყენებდა. სულელი იქნებოდა, რომ არ გამოეყენებინა. ზომიერად უნდა მოხდეს გამოყენება, მაგრამ არა ეიფორიაში გადავარდნა და მტკიცება იმისა, რომ დღეის იქით ევროპაში გავიღვიძებთ. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. რეალურ რეფორმებს ვგულისხმობ. ბოლომდე არა, მაგრამ კარი შეგვიღეს. 90 დღე შეგვიძლია დავყოთ შენგენის ზონაში. მე მაინც მგონია, რომ ვინც იმედით უყურებდა ვიზალიბერალიზაციას, ეს ის ხალხია, რომლებსაც უნდათ ქვეყნის დატოვება და ლუკმაპურის საშოვნელად წასვლა, მაგრამ მათ ნამდვილად გაუცრუვდებათ იმედი. ისეთი მდგომარეობა არ უნდა მივიღოთ, როგორც რამდენიმე თვის წინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, ქართველებით გაივსო ჩვენი ციხეებიო.
რა თქმა უნდა, ევროპის ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციას ვერ მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ დიდი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, რადგან სერიოზული ახსნა-განმარტება მოუწევთ უფრო რეგიონებში ადამიანებთან, თუ რას ნიშნავს და რას ითვალისწინებს 90 დღით შენგენის ზონაში გადაადგილება. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ქართველი არალეგალებით გაივსოს ევროპა.
ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს და თავიდან უნდა ამოიგდოს ის აზრი, რომ მისი მარიფათის საქმეა, რამდენი დღე დარჩება, 90 თუ 190. თუ ასე წავიდა საქმე, მაშინ, როგორც მოგვცეს, ისე ჩამოგვართმევენ. ეს უკვე ძალიან დიდი კრახი იქნება არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. ეს არ უნდა დავუშვათ.
„ახალი თაობა“, 03 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ამჟამად ყველაფერს ერთი რიგითი მოქალაქე განაგებს“
„ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.
- ბატონო სოსო, საკონსტიტუციო ცვლილებები, პრეზიდენტის არჩევის წესი ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ პარლამენტის თბილისში გადმოსვლის შემდეგ ქუთაისის პარლამენტის შენობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდება. რას იტყვით ამის შესახებ?
- ქუთაისის დამამშვენებელი საპარლამენტო სივრცე იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუ 2018 წელს პრეზიდენტად ავირჩევთ იმას, ვისაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს. ჩვენს დღევანდელ პრეზიდენტს რეალური რეზიდენცია გააჩნია დუშეთში. დღეში ორჯერ დუშეთში ასვლა-ჩამოსვლა არ რგებს საქმეს.
- რატომ თქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი, ავლაბრის რეზიდენციაში ეცხოვრა ოჯახთან ერთად?
- საერთოდ, ყველგან ასეა, იგივე თეთრი სახლი ავიღოთ. პრეზიდენტი ოჯახთან ერთად სწორედ იქ იდებს ბინას, ხოლო ჩვენთან იმისთანა ჟივილ-ხივილი გაიმართა ერთი რიგითი მოქალაქის მხრიდან, რომელმაც ტრაგედიად მიიჩნია, რომ ვერ შეძლო პრეზიდენტის პრივატიზაცია, ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს საერთოდ უარი ეთქვა, ოჯახთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღამე გაეთია.
დღეს, როდესაც პრივატიზებულია არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ სახელმწიფოს კონსტიტუცია, ივანიშვილის მხრიდან მხოლოდ ერთი თავის დაკვრა იქნება საკმარისი, რომ ესა თუ ის პირი უმრავლესობის მიერ პრეზიდენტად იქნეს არჩეული. ალბათ, ისეთი პირი იქნება არჩეული, ვისაც გული უფრო დასავლეთ საქართველოსკენ მიუწევს, ვიდრე ბრიუსელისკენ.
- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუკი პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება და მას პარლამენტი აირჩევს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაინაცვლებს ქუთაისში პრეზიდენტის რეზიდენცია?
- რასაკვირველია. საერთოდ, ქუთაისში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პარლამენტის შენობა. ასეთი თავქუდმოგლეჯილი პროექტის განხორციელების წინაპირობა დაიბადა მაშინ, როცა თვეების განმავლობაში გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, იყო კარვები. პარლამენტი კომიტეტის სხდომებს ატარებდა სხვადასხვა სამინისტროს შენობაში, მაგრამ თავად პარლამენტის ფუნქცია ვერ ხორციელდებოდა. სწორედ ამიტომ მიიღო ყოფილმა პრეზიდენტმა ეს სპონტანური გადაწყვეტილება და ამით რუსთაველის გამზირმაც სიმშვიდე შეიძინა. ახლა უმრავლესობის უმრავლესობას თან უნდა, რომ გადმოვიდნენ თბილისში, თან ფეხები უკან რჩებათ.
- რატომ, ეშინიათ?
- დიახ. მათ წარმოუდგენიათ შენობა, ხალხით გარშემორტყმული. ყველაფერს გადაწყვეტს ფორმულა: გულადი თუ მშიშარა?! მშიშარა სახელისუფლებო გუნდი მოისურვებს ქუთაისში დარჩენას, გულადი მზად იქნება, უფრო ახლოს და უფრო ხშირად ჰქონდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მხარს დაუჭერს პარლამენტის საქმიანობის აღდგენას და არა რუსთაველის გამზირზე გადმოტანას.
- ანუ თქვენც მომხრე ხართ, რომ პარლამენტმა თბილისში იმუშაოს?
- მე სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს დედაქალაქში უნდა იყოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი! ეს სამი ძირითადი სუბიექტი ქვეყნის მართვისა არ უნდა იყოს მიმობნეული მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე!
- პრეზიდენტის არჩევის წესზე როგორია თქვენი პოზიცია?
- მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გადათვლილი, რომ უკვე გაჟღერდა თემა – პარლამენტის მიერ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი! ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აირჩევს ერთი რიგითი მოქალაქე, რომელმაც დააკომპლექტა პარლამენტის უმრავლესობა და რომელსაც უკვე ოთხი წელია, დიდი სურვილი აქვს, უმტკივნეულოდ შეცვალოს პრეზიდენტი და მან აირჩიოს ამ თანამდებობაზე ადამიანი.
- ვისი კანდიდატურა მოიაზრება?
- აკი დაგვემუქრა კიდეც, რომ ღარიბაშვილი იქნებოდა კარგი პრეზიდენტი. ზოგადად, ის პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, კარგ ასოციაციებს არ იწვევს. ყველაფერს ეს ერთი ადამიანი განაგებს. ეს არ არის რაიმე გამონაკლისი ქართულ რეალობაში. ყველა პრეზიდენტი საკუთარი გემოვნებით ადგენდა იმდროინდელ კონსტიტუციებს, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ყოფილი კონსტიტუციები იმართებოდა არჩეული პრეზიდენტების მიერ, ხოლო ამჟამად ყველაფერს განაგებს ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც თავისუფალ დროს გახლავთ ასწლოვანი ხეების მწყემსი! ჩვენ შეგვიძლია, ახალი კონსტიტუცია წინასწარ გამოვიტიროთ.
„ახალი თაობა“, 03 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „თუ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი განზრახ გააჩინეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“ // „პრეზიდენტის ფონდი, ასევე პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ფონდები დაზარალებულებს უნდა დაეხმარონ“
რამდენიმე აქტუალურ პრობლემაზე „ახალი თაობა“ მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს ესაუბრა.
- „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილმა ხანძარმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა მოვაჭრეებს. საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი იმის გამო, რომ ქვეყანაში კერძო თუ სახელმწიფო თანხები არასწორად იხარჯება. მაგალითად, გამოითქვა აზრი, რომ 5 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ჯგუფ „აეროსმიტის“ ჩამოსაყვანად არის გამოყოფილი, დაზარალებულებს უნდა დაურიგდეს.
- ამ ხალხის მდგომარეობა უმძიმესია. ეს მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროში“ საქმიანობდნენ, რათა ოჯახები ერჩინათ. ისინი არ გამდიდრებულან. თუ არ ჩავთვლით სავაჭრო ცენტრის მეწილეებსა და ხელმძღვანელობას, იქ შეძლებული არავინ ყოფილა. კონცერტებში ძალიან დიდი თანხების ხარჯვას ჩვენი გუნდი სააკაშვილის დროსაც ეწინააღმდეგებოდა. ახლა, როცა, ეკონომიკაში ამდენი პრობლემაა, ეს კიდევ უფრო მიუღებელია. თუმცა, თუ რომელიმე ჯგუფთან ან მომღერალთან კონტრაქტი გაფორმებულია, მისი დარღვევა სწორად არ მიმაჩნია. თავიდანვე არ უნდა დაიდოს ასეთი კონტრაქტები და გართობას ამ რაოდენობის სახსრები არ უნდა მოხმარდეს. უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ დაზარალებულებს აუცილებლად უნდა აუნაზღაურდეთ ზარალი.
- როგორ?
- არსებობს პრეზიდენტის ფონდი. ცნობილი გახდა, რომ ამ ფონდის ფული ხმარდება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის საზღვარგარეთ უაზრო სიარულს. ამგვარად დაიარებოდა სააკაშვილი თავის ბებიასთან და სხვა ახლობლებთან ერთად და ფლანგავდა თანხებს. გიორგი მარგველაშვილი იმყოფება იმ რეზიდენციაში, რომლის შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. კეთილი ინებოს, გადავიდეს სხვაგან და ამ შენობის შესანახი თუნდაც ერთი წლის ფული დაურიგდეთ დაზარალებულებს. გარდა ამისა, არსებობს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ფონდები. ისინიც უნდა დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ხანძარმა გააკოტრა.
- ზარალის დათვლა შესაძლებელია?
- რასაკვირველია. დაუჯერებელია, რომ ამბობენ, ზუსტ ზარალს ვერ დავითვლითო. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციასა და საგადასახადო სამსახურს ეს არ უნდა გაუჭირდეთ. მემარცხენე ალიანსი მოვითხოვთ, რომ დაზარალებულებს ზარალი 100%-ით აუნაზღაურდეთ. ვერ წარმომიდგენია, რა ნამუსით უნდა მიიღონ მაღალჩინოსნებმა თავიანთი მაღალი ხელფასები, ასევე პრემიები და დანამატები იმ დროს, როცა ამდენი მოქალაქე, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა. დაგეგმილია შენობის დემონტაჟი. იმის მაგივრად, რომ მის გამაგრება-გარემონტებაზე იზრუნონ, ამხელა ნაგებობას ანგრევენ! ამ შემთხვევამ დეზერტირების ბაზრის ბარბაროსული განადგურება გამახსენა. ეს სააკაშვილ-უგულავას მეცადინეობით მოხდა. საგანგაშოა, რომ ხანძრები გახშირდა, მათი გამოძიება კი არასდროს ბოლომდე არ მიდის. თბილისში ოპერა რომ დაიწვა, ისიც კი ვერ გამოიკვლიეს.
- მას შემდეგ ტექნიკა განვითარდა...
- მართლაც, ახლა თითქმის ყველგან კამერებია დამონტაჟებული, ვიდეოჩანაწერები კეთდება. ამ ხანძარზე არსებობს მოწმეების ჩვენებებიც. გამოძიებას აქვს მასალები იმისთვის, რომ ყველაფერი გაარკვიოს. თუ დადგინდა, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. დაუსჯელობა ასეთი შემთხვევების რიცხვს გაზრდის და მაშინ ჩვენ უფრო დავემსგავსებით მე-20 საუკუნის დასაწყისის ველური კაპიტალიზმის პერიოდის ამერიკას, სადაც ერთმანეთს სასტიკად ებრძოდნენ მაფიოზური ჯგუფები. მომხდარის გამოძიება აუცილებელია. თუ ამისათვის უცხოელი დეტექტივების ჩამოყვანა გახდა საჭირო, ესეც უნდა გაკეთდეს. საეჭვო ხანძრები მოხდა ელიავას ბაზრობაზე, ასევე „საბას“ ბაზრობაზე. მისახედია ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკაც. შესაბამისი დეტექტორები ძვირი არ ჯდება და ისინი უნდა დამონტაჟდეს.
- მძიმეა საჯარო სამსახურებიდან დათხოვნილი ადამიანების მდგომარეობაც. ზოგ მათგანს კომპენსაცია მისცეს, მაგრამ ამ პირებმა საპროტესტო აქციები მაინც გამართეს...
- ამ კომპენსაციასაც არ დაარიგებდნენ, ჩვენ და კიდევ სხვა პოლიტიკოსებს რომ არ აგვეტეხა ხმაური. შემცირებულების პროტესტი გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ დაირღვა კონტრაქტი. კონტრაქტი უნდა შესრულდეს – ეს რომის სამართლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. თუ იძულებული ხარ, თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვა, მაშინ მასთან ხელშეკრულებას მაინც ნუ გააგრძელებ! კონტრაქტების დარღვევა ხელს ვერ შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას. ხელისუფლებამ ხალხის დასაქმების პირობა დადო, მაგრამ ჯერჯერობით ხალხს ამცირებს. მე, კახა ძაგანიამ და პაატა ჯიბლაძემ ამგვარი რამ ჩვენს თავზე გამოვცადეთ. როცა „ნაცმოძრაობამ“ უმრავლესობა მიიღო, საკრებულოს თანამდებობებიდან დაგვითხოვა.
- არჩევითი ორგანოდან მიხეილ სააკაშვილი ვერ დაგითხოვდათ...
- რომ შესძლებოდა, ამასაც გააკეთებდა. სოციალური კომისიის თავმჯდომარეობიდან რომ გადამაყენა, ამის შემდეგ ხალხს ვეღარ ვეხმარებოდი. მანამდე ეს პოსტი საშუალებას მაძლევდა, მომეგვარებინა ჩემთვის უცნობი მოქალაქეების პრობლემები. ნაციონალებს ამ კომისიაში ერთი პრობლემაც არ მოუგვარებიათ. სააკაშვილმა მაშინ მთელი რესურსები თანაპარტიელებისა და თავისი ამომრჩევლების მოსაქრთამად მიმართა.
- კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს შევეხოთ. არსებობს იდეა, რომ პარტიებს აეკრძალოთ ბლოკებსა და გაერთიანებებში შესვლა...
- ჩვენც შევიტყვეთ ამის შესახებ. მემარცხენე ალიანსი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ქვეყანაში 240-მდე პარტიაა. აქედან არცერთი არ არის რეიტინგული. „ქართული ოცნების“ წარმატებაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დიდ ავტორიტეტს უკავშირდება. რატომ უნდა აეკრძალოთ პარტიებს ბლოკების შექმნა? ჩვენ რომ თანამოაზრე პარტიასთან გავერთიანდეთ, ამით რა დაშავდება? ხელისუფლება, პირიქით, ხელს უნდა უწყობდეს პოლიტიკური ორგანიზაციების გამსხვილებას. თუ ევროპისკენ მივდივართ, ასე უნდა იყოს. ბლოკების შექმნის აკრძალვა დემოკრატიას ეწინააღმდეგება.
„ახალი თაობა“, 03 თებერვალი, 2017 წელი
მოსკოვი აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბს აბრუნებს
ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან:
ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს. რას შეცვლის ანქვაბის დაბრუნება პოლიტიკაში? ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს „ახალ თაობასთან“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია აანალიზებს.
- ბატონო ჯემალ, რას მოიტანს ახალს ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნება? რა კონფიგურაცია შეიქმნება ანქვაბის დაბრუნებით?
- როგორც ჩანს, ბატონი ალექსანდრე ანქვაბი ბრუნდება პოლიტიკაში. მის დაბრუნებას წინ უძღოდა აფხაზეთის საზოგადოებრიობის – ომში დაღუპულთა დედების, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის განცხადება-მიმართვა ალექსანდრე ანქვაბისადმი, რომ იგი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბი უკვე დარეგისტრირებულიც არის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში. ის საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა. როგორც ჩანს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის მოთხოვნა ძლიერ ხელმძღვანელზე.
- რაულ ხაჯიმბა ძლიერი ხელმძღვანელი არ არის?
- განვლილი ორი წლის განმავლობაში რაულ ხაჯიმბამ სრულიად საპირისპირო წარმოდგენა შექმნა მის პიროვნებაზე. რაულ ხაჯიმბა, როგორც ხელმძღვანელი, სუსტია. ის თავის დაპირებებს არ ასრულებს. ქაოსია ქვეყანაში. სადღაც წავიკითხე, რომ იყო ანქვაბი, რომელიც არავის უსმენდა, ახლა გვყავს ხაჯიმბა, რომელსაც არავინ უსმენს. ეს აზრი აფხაზეთიდან მოდის და ძალიან კარგად ახასიათებს ერთსაც და მეორესაც.
- ჩვენთვის რაიმე მნიშვნელობა თუ აქვს ალექსანდრე ანქვაბის დაბრუნებას?
- ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აფხაზეთში ანქვაბი დაბრუნდება პოლიტიკაში, რაულ ხაჯიმბა წავა თუ პირიქით. სანამ აფხაზეთი ოკუპირებულია, ვინ უხელმძღვანელებს საოკუპაციო რეჟიმს, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.
- სულ ცოტა მნიშვნელობა მაინც არ აქვს, ვინ იქნება სეპარატისტების ლიდერი? ანქვაბი არ იყო წინააღმდეგი, პასპორტი მისცემოდათ იქ მცხოვრებ ქართველებს, რის გამოც მათ დღეს პრობლემები აქვთ...
- მართალია, ალექსანდრე ანქვაბი, როგორც ხელმძღვანელი, ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე „კაგებეშნიკი“ რაულ ხაჯიმბა. ალექსანდრე ანქვაბმა ძალიან კარგად იცის, რაც იქ დღეს ხდება. საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, უმძიმესი დანაშაულია, რომელიც დღეს თუ არა ხვალ საერთაშორისო სასამართლოს განსჯადი გახდება.
- ალექსანდრე ანქვაბის დაბრუნება აფხაზურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას არ გაამწვავებს?
- ალექსანდრე ანქვაბი სად არის დღეს? იგი დღეს მოსკოვშია. რუსეთს რომ არ სურდეს მისი პოლიტიკაში ჩართვა, მაშინ მას ამას პირდაპირ ეტყოდნენ, საქმეს მისცემდნენ, ბიზნესს მისცემდნენ და ეტყოდნენ, აქ დაკავდი და პოლიტიკას თავი დაანებეო. მას არ ექნებოდა სხვა გზა, გარდა ოკუპანტი ქვეყნის ბრძანების დამორჩილებისა.
- ანუ ალექსანდრე ანქვაბი რუსების ნებართვით ბრუნდება?
- დიახ. რადგან ის მოდის მოსკოვიდან პირდაპირ სოხუმში და კენჭს იყრის, ე.ი. მას პოლიტიკაში დაბრუნება ნებადართული აქვს. თუ ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნება დაპირისპირებას გამოიწვევს, ე.ი. ოკუპანტ ქვეყანას აფხაზეთში აწყობს კლანებს შორის დაპირისპირება. აწყობს, რომ კარგად მართოს ხელისუფლება. თუ კიდევ უფრო გამწვავდება სიტუაცია, ქაოსი იქნება, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო კანდიდატურა ისევ ალექსანდრე ანქვაბი იქნება, რომ წესრიგი დაამყაროს.
- რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს?
- ამას ორმაგ თამაშს ვერ დავარქმევ. ყველაფერი, რაც აფხაზეთში ხდება, რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც მიმართულია აფხაზეთის ეფექტურად მართვისკენ. ეს ადამიანები ასრულებენ და მომავალშიც სურთ, შეასრულონ მარიონეტების როლი. მეტი სხვა როლი მათ არ გააჩნიათ, მაგრამ ვიღაც ამ როლს კარგად თამაშობს, ვიღაც – ნაკლებად. რაც იქ ხდება, ჩვეულებრივი ამბავია ოკუპირებული ტერიტორიისთვის, მით უმეტეს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ანკლავისთვის.
- პიროვნული დამოკიდებულებები რაიმეს არ განსაზღვრავს? ვთქვათ, ის, რომ რაულ ხაჯიმბას სასტიკად ეჯავრება ქართველები, ანქვაბს კი - რაულ ხაჯიმბაზე ნაკლებად. თუ ალექსანდრე ანქვაბი დაბრუნდება სეპარატისტულ ხელისუფლებაში, რაიმე შეღავათი შეიძლება იყოს იქ მცხოვრები ქართველებისთვის?
- ამაზე მიჭირს პასუხის გაცემა. თუმცა, ვიცი, რომ როგორც ალექსანდრე ანქვაბმა, ისე მისმა მომხრეებმა საპასპორტო პოლიტიკა, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება ატარებს, სასტიკად გააკრიტიკეს და, თუ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ალბათ, ამ საკითხში რაღაც კორექტივები შევა. იქნებ რუსეთსაც, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ყველა დონეზე აკრიტიკებენ მთელ მსოფლიოში, რაღაცის შეცვლა უნდა. მოგეხსენებათ, ეს პასპორტები არის შიდა მოხმარების, აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მათ ძალა არ აქვთ, მაგრამ, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მისთვის საშვივითაა. მას აქვს უფლება, აფხაზეთში თავისუფლად გადაადგილდეს, აქეთაც გადმოვიდეს.
- ალექსანდრე ანქვაბი შეიძლება მოგვევლინოს პარლამენტის თავმჯდომარედ?
- დიახ. ვფიქრობ, თუ ანქვაბმა მართლა კენჭი იყარა, ალბათ, პარლამენტში გავა. სხვათა შორის, სადაც ალექსანდრე ანქვაბი იყრის კენჭს, იქ კენჭს იყრის შამილ არძინბა, რომელიც დე ფაქტო მთავრობაში ვიცეპრემიერი გახლდათ. ასევე მოქმედი დეპუტატი ვალერი აგრბა იყრის კენჭს. ისინი რაულ ხაჯიმბას კადრებია. მათ არ ვიცნობ, მაგრამ, რადგან ანქვაბი იქ არის რეგისტრირებული, იმედი აქვს, მათ იოლად დაამარცხებს.
- ანუ რაულ ხაჯიმბა იქნება პრეზიდენტი, ხოლო ალექსანდრე ანქვაბი - პარლამენტის თავმჯდომარე...
- დიახ. წარმოიდგინეთ, რა იოლი სამართავი იქნება ხელისუფლება ოკუპანტის მიერ.
- როგორც ჩანს, ამ რეგიონს, ასეთი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, დიდი ბატალიები ემუქრება...
- დიახ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. მოვლენების განვითარებას ჩვენ თვალ-ყურს მივადევნებთ.
- ალექსანდრე ანქვაბი რომელ ოლქში იყრის კენჭს?
- ალექსანდრე ანქვაბი კენჭს იყრის მესამე ოლქში. როგორც ჩანს, ეს ტერიტორია სპეციალურადაა შერჩეული. წარმოიდგინეთ, მესამე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება. ეს არის ქალაქის ცენტრი. სანაპიროდან იწყება და მთელი ცენტრი წარმოადგენს მესამე საარჩევნო ოლქს. ამ ოლქის ტერიტორიაზეა დე ფაქტო მთავრობა, პრეზიდენტი და ქალაქ სოხუმის დე ფაქტო ხელმძღვანელობა. როგორც ჩანს, ანქვაბმა გადაწყვიტა, არჩევნებით „აიღოს“ ხელისუფლება, აჩვენოს, სად იყარა კენჭი.