„რეზონანსი“: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: საფრანგეთთან ხელმოწერილი საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულების საიდუმლო და ნატოსთან ურთიერთობის საკითხები
„ახალი თაობა“: გოგი თოფაძეს ნატოს ხსენება აუკრძალეს… // საპარლამენტო უმრავლესობაში საქმის გარჩევები გრძელდება
„ალია“: ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან: რისთვის შეხვდა „კორკოტას“ ორგანიზაციას უკრაინის ელჩი?
———————-
„რეზონანსი“, 03 აპრილი, 2015 წელი
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: საფრანგეთთან ხელმოწერილი საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულების საიდუმლო და ნატოსთან ურთიერთობის საკითხები
იაგო ნაცვლიშვილი
(შემოკლებით)
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე ეფექტური რეფორმების გატარებას აუცილებლობად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვისაც, რომ ნატოს არსებითი პაკეტი წარმატებით განხორციელდეს, ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ინტეგრაციისთვის გადმოიდგას სხვა ქმედითი ნაბიჯებიც. ამის შესახებ დოლიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროცესი უკვე დაზარალდა „კაბელების“ საქმით და პროკურატურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით. ამბობს, რომ მას და ალასანიას ნატოს გენმდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ უთხრა, რომ ალიანსი არსებითი პაკეტის განსახორციელებლად მზადაა, ახლა ჯერი ქართულ მხარეზეა. ვიქტორ დოლიძისთვის შემაშფოთებელია ის, რომ ქვეყნის მთავარსარდალი თავდაცვის უწყებისგან ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ იღებს. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს პოლიტიკურ ნებას მიიჩნევს.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას დღევანდელ პრესკონფერენციაზე „კაბელების“ საქმეზე და საქართველოს საჰაერო უსაფრთხოების თემაზე ახალი გარემოებები იქნება გაჟღერებული.
(…)
– „თავისუფალი დემოკრატები“ ამ საქმეს უკავშირებთ პარიზის ამბებსაც, როდესაც თავდაცვის მინისტრის რანგში ალასანიას ვიზიტი ჰქონდა საფრანგეთში და საჰაერო თავდაცვის საკითხზე ხელშეკრულებას აფორმებდა. რა დროსაც, ალასანიას მტკიცებით, ახლანდელმა თავდაცვის მინისტრმა მას პრემიერის დავალებით დაურეკა და ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა მოსთხოვა. მინდია ჯანელიძემ რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია ამ საკითხზე საუბრისას. როგორ ფიქრობთ, რატომ?
– სიმართლე გითხრათ, ამაზე საუბარი ძალიან მიმძიმს. როდესაც საუბარია შენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე და მასში სრული დაბნეულობა შეინიშნება, ამ დროს საუბარი ჩვენი მხრიდან მარტივი არ არის. მინისტრი ერთ დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე დღეს – მეორეს. კარგად მესმის მისი უხერხული პოზიცია. მას არა პირადი გადაწყვეტილებით უწევს ასეთი განცხადების გაკეთება, არამედ რასაც ავალებენ, იმას იმეორებს. მე მასაც და მთავრობის მეთაურსაც ვურჩევ, რომ ამ სურათს ცოტა გვერდიდანაც შეხედონ და მიხვდებიან, რაოდენ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. საჭიროა, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და წერტილი დაესვას ამ საკითხს.
(…)
– პრეზიდენტის მხრიდან საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. ქვეყნის მთავარსარდალი თავდაცვის სამინისტროსგან ვერ იღებს ინფორმაციას ნატოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით…
– რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ადეკვატურად მიუდგნენ ამ საკითხს. გააცნობიერონ, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მთავარსარდალი და რომელსაც თავდაცვისა და სამხედრო საკითხები უშუალოდ ეხება. პრეზიდენტს აქვს უფლება, მოითხოვოს ამ საკითხების განხილვა, მათ შორის მთავრობის სხდომის მოწვევაც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, პრემიერი დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ წყვეტს. იგი არის ნომინალური ფიგურა, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, თუკი მან არ მიიღო მითითება კულისებიდან.
– თქვენი პოლიტიკური ძალა მუდმივად საუბრობთ, რომ საქართველომ შეანელა სლვა ევრო-ატლანტიკური მიმართულებით. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით?
– რამდენიმე დღის წინ მე ირაკლი ალასანიასთან ერთად ვიმყოფებოდი ბრიუსელში, სადაც შეხვედრა გვქონდა ნატოს გენმდივნის პირველ მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. შეხვედრები ევროკომისიასა და ევროპარლამენტშიც გვქონდა. მთავარი განსახილველი თემა ნატოს არსებითი პაკეტი იყო.
ვერშბოუმ დაგვიდასტურა, რომ ნატოს მხრიდან ყველაფერი მზად არის და ალიანსი განახორციელებს ამას, როგორც ეს იყო გაწერილი გეგმის მიხედვით. ალიანსში მიიჩნევენ, რომ ანალოგიურად მოიქცევა ქართული მხარეც. ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა. იმედი მაქვს, რომ განვლილი სირთულეების მიუხედავად საქართველოს მთავრობა აღებულ ვალდებულბებს ზედმიწევნით კარგად შეასრულებს.
– თედო ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისს თქვა, რომ ნატოს მაღალჩინოსნებმა მას უთხრეს, რომ აღებულ ვალდებულებებს საქართველო უფრო კარგად ასრულებს, ვიდრე ნატო. თუ საქართველო ასრულებს ზედმიწევნით კარგად ვალდებულებებს, რატომ არ არის შემხვედრი ნაბიჯები ალიანსის მხრიდან?
– ეს არის პროცესი. ალიანსის მხრიდან დამაბრკოლებელს ვერაფერს ვხედავ. ეს პაკეტი არის იმის ადეკვატური, რა წარმატებული ნაბიჯებიც საქართველომ გადადგა. პაკეტი ინდივიდუალურად არის მორგებული ჩვენზე, ამ პაკეტზე უკეთესს ვერც ვინატრებდით. მაგრამ ამას სჭიდება განხორციელება და არა მხოლოდ თავდაცვის დონეზე.
ეს არის პროცესი, რომელიც ამავე დროს ითვალისწინებს დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობას. თუნდაც იგივე „კაბელების“ თემა ძალიან აზიანებს პროცესს. პროცესს აზიანებს პროკურატურის გამოყენება პოლიტიკურ იარაღად, საჭიროა მისი რეფორმირება, ასევე ის, რომ ყოვნდება შსს-ს რეფორმა, რაც მის ორ უწყებად გაყოფას გულისხმობს. იგივე საარჩევნო კოდექსი, სადაც მაჟორიტარული სისტემა პოლიტიკურ იარაღად იქცა და ა.შ.
– ანუ ნატოს მხრიდან ქმედებითი ნაბიჯები რომ გადმოიდგას, ამისთვის რეფორმების განხორციელებაა საჭირო?
– რა თქმა უნდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეფექტური რეფორმების გატარების შემთხვევაში ნატოს მხრიდანაც და ევროკავშირის მხრიდანაც შეიცვლება დამოკიდებულებაც და იქნება ქმედითი ნაბიჯებიც. დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაცია.
„ახალი თაობა“, 3 აპრილი, 2015 წელი
გოგი თოფაძეს ნატოს ხსენება აუკრძალეს…
საპარლამენტო უმრავლესობაში საქმის გარჩევები გრძელდება
შორენა მარსაგიშვილი
(შემოკლებით)
პარლამენტში დიდი ამბებია მოსალოდნელი: სახელისუფლებოი კულუარებში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სენარჩუნება ვაი-ვაგლახით ხერხდება. დეპუტატები განსხვავებულ პოზიციებს უკვე ღიად აფიქსირებენ, ამის გამო კი „მეოცნებეებს არაერთხელ ჰქონდათ საქმის გარჩ ევა ერთმანეთში. ამჯერად საქმე „მრეწველტა“ ფრაქციის ლიდერს გოგი თოფაძესა და პარლამენტის სპორტი კომიტეტის წევრებს გაურჩიეს – მათ ჯერ „ყვითელი ბარათები“ აჩვენეს და თუ არ ასე გააგრძელებენ, „წითელსაც“ აუნთებენ…
ჩვენი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ გოგი თოფაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაგმო. მისი აზრით, არ იქნება ურიგო, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.
გოგფი თოფაძის მხრიდან ნატოსადმი კრიტიკა პირველი შეთხვევა არ არის. ამას ყველა მიჩვეული იყო და ყურადღებას არარ აქცევდნენ. ბოლო დროს „მრეწველტა“ ლიდერს მეტისმეტი მოუვიდა – იმდენჯერ დააყარა ალიანსს ქოქოლა, რომ „ნაციონალები“ გადარია. მისი სიტყვები გიორგი კანდელაკმა სიტყვა-სიტყვითა და სათუთად გადატარგმნა, თარგმანი კი ჩვენს დასავლელ მეგობრებს აახლა.
ეს ამბავი არც პრემიერს ეამა და დაგვპირდა, რომ გოგი თოფაძე ამ საკითხზე განმარატებას გააკეთებდა. იმ მომენტისათვის ნატოს მგმობელი დეპუტატი საქართველოში არ იმყოფებოდა და სამშობლოში როცა დაბრუნდა, პირობა მოგვცა, რომ ამ ტემაზე აუცილებლად დაგველაპარაკებოდა.
- მე არაფერი დასამალი არ მაქვს – რასაც ნატოზე ვფიქრობ, ყველაფერს ღიად ვლაპარაკობ და ამას თქვენც გეტყვით, – განაცხადა ჩვენთან საუბარში დეპუტატმა, რომელსაც „ახალ თაობასთან“ ნატოს თემაზე ამ დღეებში უნდა ესაუბრა.
ჩვენი რედაქცია როცა გოგი თოფაძეს დაუკავშირდა, მან ასეთი პასუხი გაგვცა:
- ამ თემაზე არანაირ კომენტარს აღარ გავაკეთებ. ნატოზე საუბარი დამთავრებულია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გალანძღვის გამო მას კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მკაცრად მოსთხოვა პასუხი, ხოლო რამდენიმე მსხვილი „მეოცნებე“ მას კოალიციიდან გაძევებითაც კი დაემუქრა.
საქმე ის გახლავთ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ევროატლანტიკური კურსი აქვს აღებული, გოგი თოფაძის განცხადებები კი, სესაბამისად, მიუღებელია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ „მრეწველტა“ ლიდერი ნატოს მაშინაც გმობდა, როცა „მეოცნებეებმა“ თავიანთი დასავლური კურსის განსაზღვრეს. გოგი თოფაძის ანტინატოური განწყობა ბიძინა ივანიშვილისთვისაც იყო ცნობილი. ამ განსხვავებულობის გამო მისთვის აქამდე არ უსაყვედურიათ, ახლა კი მკაცრად მოსთხოვეს პასუხი. მის გარდა, ნატო მთაწმინდის მაჟორიტარულმა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმაც შეაჩვენა. „მრეწველთა“ თავკაცისაგან განსხვავებით, იგი ჯერ არ შეუჩვენებიათ.
საპარლამენტო კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ მათ ორივემ შეიძლება უმრავლესობის რიგები დატოვონ…
ინტერვიუ გია კორკოტაშვილთან: რისთვის შეხვდა „კორკოტას“ ორგანიზაციას უკრაინის ელჩი?
გელა ზედელაშვილი
(შემოკლებით)
2 აპრილს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის“ გამგეობის წევრებსა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო, უკრაინის კონსული ლიუბომირ კოროლი და „ქართული მისიის“ გამგეობის წევრები – არჩილ შველიძე და გიორგი ზარნაძე. შეხვედრა შედგა უკრაინის საელჩოს ინიციატივით. „ქართული მისიის“ გამგეობის წევრებმა მასპინძლებს წარუდგინეს ახალი პროექტი, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის უსასყიდლო იურიდიული მომსახურების გაწევას უკრაინის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საქართველოში.
დიპლომატებმა მადლობა გადაიხადეს გაწეული თანადგომისთვის და „ქართული მისიის“ გამგეობის წევრებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მადლობის წერილიც გადასცეს. თქვენი არ ვიცი და, მე პირადად ცოტა უცნაურად და საინტერესოდ მეჩვენება ასეთი დასაწყისი.
მსახიობ გია კორკოტაშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ჯერ ბოლომდე არც კი ჩამოყალიბებულა და უკვე უკრაინის საელჩოში იწვევენ.
ამ თემაზე „ალიას“ თავად ბატონი გია ესაუბრება:
- გია, მომკალით და ვერ გავიგე, რა შუაშია უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში იურიდიული მომსახურება?
- სანამ „ქართული მისია“ ჩამოყალიბდებოდა, იყო „ალტერნატიული მოძრაობა“… ალბათ, გახსოვთ, შევქმენით „გაბრაზებული მოქალაქეც“ და ახლა ამ ყველაფერმა თავი მოიყარა „ქართულ მისიაში“. 2014 წლის დეკემბერში ამ ბიჭებს ჰქონდათ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელი ბიზნესმენებისა თუ ჩვეულებრივი მოქალაქეების დაცვას საქართველოში. ისინი მაშინვე მივიდნენ უკრაინის საელჩოში და უთხრეს, თუ ვინმეს დახმარება დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ, ამ ფორმით დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს ყოველგვარი ანგარების გარეშეო. არჩილ შველიძე და გიორგი ზარნაძე იურისტები არიან, კარგად იციან თავიანთი საქმე და ამ წინადადების შემდეგ სულ იყო ხუთი ზარი, სამ ადამიანს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, ჩავერიეთ, მოვუგვარეთ და ორსაც მსუბუქი პრობლემები გადავუწყვიტეთ იურიდიული თვალსაზრისით. როდესაც ეს უკრაინელები სამშობლოში დაბრუნდნენ, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცეს ინფორმაცია და სწორედ სამინისტროს დავალებით მიიწვია საელჩომ ჩვენი წარმომადგენლები. ზოგი მოხალისედ მიდის უკრაინაში, ზოგი წინდებს აგზავნის, ჩვენ კი ასე გამოვხატეთ თანადგომა. ახლა უკრაინის საელჩოს უნდა, რომ ეს ფრონტი უფრო გააფართოოს, საქართველოში უკვე ბევრი ლტოლვილია ჩამოსული და დახმარება სჭირდებათ. ძალიან გაუხარდათ, ასე რომ დავუდექით გვერდით.
- სანაცვლოდ რას იძლევიან, მიშა სააკაშვილს?
- (იცინის) მაგაზე ჯერ არ გვქონია ლაპარაკი. ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ იურისტების რაოდენობაც და მე ვფიქრობ, ურთიერთობების რაღაც ახალი ნოვაციაა. ეს ჩვენი საქმიანობის ერთი მიმართულება იქნება. უბრალოდ ვცადეთ, გამოგვივიდა, ხალხი მადლიერი დარჩა, სულ ესაა.
- ამ ყველაფერს, აღმა-დაღმა სირბილს სჭირდება ფინანსები, ამის საშუალება გაქვთ?
- ჩვენ დავიწყეთ საქმე, რომელსაც დიდი ფინანსები არ სჭირდებოდა, ერთადერთი – ბენზინის ფული. ჩვენი თავი გამოვცადეთ, რამე ფინანსებზე ლაპარაკი არავისთან არ ყოფილა. თუ ვინმე დაგვეხმარება ალალად, უარს არ ვიტყვით.
- უკრაინელებს ეხმარებით, მაგრამ ქართველმა ბიზნესმენებმა რა ქნან, სათითაოდ რომ აგორებენ სადარბაზოებში?
- ქართველ ბიზნესმენებს აქ იმდენი პატრონი ჰყავთ, ვერც კი დაითვლით… პროკურატურიდან დაწყებული ყველა მაგათი პატრონია. ეს ხუმრობით, „ქართული მისია“, თუ საჭირო იქნება, მთელ საქართველოს მოემსახურება, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ადამიანის ღირსება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საკუთარი ინტერესების გარშემო, საზოგადოებამ თვითონ უნდა დაიცვას თავი. არ არის საჭირო ვიღაცების ძებნა ჩრდილოეთში, სამხრეთსა და დასავლეთში, ჯერ შიგნით უნდა მოვშველდეთ ერთმანეთში და გარეთ ისე გავიხედოთ.