globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 3rd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ქართულ სპეცსამსახურებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ!“ // „იქნებ შემცირება სამინისტროების ბიუროკრატიული აპარატის გადახედვით და იქ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის შემოწმებით დაიწყონ“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ რუმინეთის ელჩთან: „იგეგმება თუ არა ნატოს შემოსვლა ფოთში?“ // „ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. გადაჭარბებული რეაგირება ჩვენი მიზანი არ არის“

კვირის პალიტრა: ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილთან: „ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში“ // „სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლები ძალიან ხშირად არღვევენ წესებს. როდესაც კანონი ამოქმედდება, ისინიც მკაცრად დაჯარიმდებიან“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემდეგ „ოცნება“ თავხედურად იქცევა“

რეზონანსი//მთელი კვირა: გაერთიანდებიან თუ არა „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“

რეზონანსი//მთელი კვირა: ზოგადად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

რეზონანსი//მთელი კვირა: აფხაზი სეპარატისტები გალის ქართველობას ახალ დისკრიმინაციულ სტატუსს ანიჭებენ

„ახალი თაობა“: ანატოლი ბიბილოვი: „თბილისთან გზა არ დაიკეტება“ // ვის აძლევს დაპირებას პრეზიდენტობის კანდიდატი

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „ოპოზიციამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს“ // რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში

„ახალი თაობა“: ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება? // ინტერვიუ ნატო იმნაძესთან: „ასლან აბაშიძემ მამაჩემს პერანგში ხელი ჩასჭიდა და სახისა და მკერდის არეში რამდენიმეჯერ ესროლა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ რჩეულიშვილთან: „გუკა რჩეულიშვილი საპყრობილედან 11 აპრილს გამოდის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მარინე ცუცქირიძესთან: „პროკურატურას საპროცესო გარიგებასა და ქონებაზე ყადაღის ახსნას ვთავაზობთ“

კვირის პალიტრა: მშენებლობის არითმეტიკა // „2008 წელს დაწყებული კრიზისის დროს 8 სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა მოიკლა თავი“ // „უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას უძრავი ქონების ფასის გაზრდა მოჰყვება“

კვირის პალიტრა: როდის და რა ფორმით გაიცემა უმუშევრობის კომპენსაცია? // „სახელმწიფოსთვის მომგებიანია, რომ უმუშევრები დროზე დაბრუნდნენ შრომის ბაზარზე, იპოვონ სამუშაო ან ახალი პროფესია შეიძინონ და თვითდასაქმებულები მაინც გახდნენ“

კვირის პალიტრა: შავი ფული რკინის ყუთებიდან // საშიში ლიფტები – ვინ „კრიშავს“ ლიფტების მაფიას // „მათ ადამიანების სიცოცხლე აბარიათ. ჩვენ რომ გვქონოდა ინფორმაცია და შეგვემოწმებინა ის ლიფტი, 9 წლის გოგონა რომ შეიწირა, მაშინვე დავაკონსერვებდით“

——————–

კვირის პალიტრა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ქართულ სპეცსამსახურებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ!“ // „იქნებ შემცირება სამინისტროების ბიუროკრატიული აპარატის გადახედვით და იქ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის შემოწმებით დაიწყონ

ნათია დოლიძე

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 25 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნა ევროპის კარი და ევროინტეგრაციისკენ მრავალწლიანი გზის ერთი მონაკვეთი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით დაგვირგვინდა, თუმცა ეს გზა კვლავაც გრძელდება. ეს პროცესი აქამდეც რთული იყო და სავარაუდოდ, არც ამის მერე იქნება მარტივი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი რისკი და გამოწვევა კვლავაც არის, მათ შორის გაჩნდა ახალიც – რამდენად მოახერხებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციით მიღებული შესაძლებლობების სწორად და ეფექტიანად გამოყენებას? გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე მიღებული გადაწყვეტილება და ევროპასთან ამოქმედებული უვიზო მიმოსვლა პოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გამიჭირდება ვივარაუდო, რამდენად სწორად და ეფექტიანად გამოვიყენებთ ამ უფლებას, რადგან, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ნაწილი აქამდეც საკმაოდ არაპრეზენტაბელურად იქცეოდა… ევროპის ციხეებში დღესაც ბევრი ქართველი იხდის სასჯელს და არალეგალურადაც მრავალი ქართველი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ძნელად სავარაუდოა, აწი ვინ როგორ მოიქცევა. იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ გამონაკლისი იქნება და გაცილებით მეტი ჩვენი მოქალაქე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. სხვა შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნას.

დღეს კი გვაქვს აჟიოტაჟი ატეხილი, რომ უპრობლემოდ შევძლებთ შენგენის ზონაში გადაადგილებას, მაგრამ გავიხსენოთ ისრაელის მაგალითი, სადაც არალეგალურად დარჩენის მსურველთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა უკიდურესად გართულებულია. თუმცა, გვაქვს თურქეთში უვიზო მიმოსვლის მაგალითიც, სადაც ბევრად ნაკლები ხმაურის გარეშე ხდება საემიგრაციო დარღვევებზე რეაგირება და პრობლემაც ცოტაა. ძალიან ბევრი იქნება ჩვენს მოქალაქეობრივ შეგნებაზე დამოკიდებული…

- პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკი, გამოცხადდა, რომ ამ სიკეთით სარგებლობა შეუძლიათ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით რა პოზიტიური მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- ჩემი აზრით, ზედმეტად დაიმედება სწორი არ იქნება. ოსებზე ვერაფერს ვიტყვი, აფხაზების დაინტერესების ფაქტები კი ჩემთვის ცნობილია. ამას არ ჰქონია დიდი მასშტაბი, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ესეც კარგია. საინტერესოა, ჩვენი მეზობლების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, განსაკუთრებით კი ჩრდილოკავკასიელების. ნამდვილად არ ველოდი მათგან ასეთ ინტერესს. არაერთმა ჩრდილოკავკასიელმა მოიკითხა უკვე, რა პირობებით შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის მიღება. დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც დაინტერესდებიან, მათ შორის, შესაძლოა, კრიმინალური და ექსტრემისტული მიზნებითაც, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილე და გამუდმებული მუშაობა მართებთ სახელმწიფოს სპეცსამსახურებს.

- ის ნეგატიური პროცესები, რაც რუსეთის წახალისებით ბოლო ხანებში მიმდინარეობს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც აფხაზეთში, ასევე . . სამხრეთ ოსეთში, ხომ არ შეიძლება განვიხილოთ როგორც კრემლის პასუხი საქართველოს შეუქცევად ევროინტეგრაციულ კურსზე? გავიხსენოთ აფხაზეთში, ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების შემცირება და . . სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსული არმიის რიგებში შესვლის გადაწყვეტილება...

- ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს და განსაკუთრებული კომენტარი არც სჭირდება. საქართველოს ევროინტეგრაციული კურსი სწორედ იმიტომაც არის ასეთი აქტიური და შეუქცევადი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ოკუპაციას დასასრული არ უჩანს. მეორე მხრივ, საქართველოს ეს აქტიურობა რუსეთის ახალ-ახალ საპასუხო ქმედებებს იწვევს. საქართველო მუდმივად იღებს დარტყმებს რუსეთისგან.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 1994 წელს ელცინმა და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩარჩო-ხელშეკრულებას. მაშინ ამ დოკუმენტში გაწერილი იყო საქართველოსა და რუსეთის მომავალი ურთიერთობა ყველა სფეროში. მათ შორის იყო ასეთი პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და არმიის მშენებლობაში. მაშინ ეს ხელშეკრულება რუსეთის სათათბიროს მიერ რატიფიცირებული არ იქნა, შესაბამისად, ხელშეკრულებაც ჩაიშალა და სწორედ ამის მერე დაიწყო საქართველოს აქტიურობა დასავლეთის მიმართულებით. მაშინ გაჩნდა პირველი აქტიური კონტაქტები აშშ-თან, ნატოსთან და ა.შ. ნაწილობრივ სწორედ რუსეთის უარმა განაპირობა დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვა, რაც წლიდან წლამდე ძლიერდება. მოსკოვში ვერაფრით ხვდებიან, რომ მათი ანექსიური პოლიტიკა საქართველოს მთავრობასაც და მოსახლეობასაც დასავლეთისკენ უბიძგებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე გაწბილებაც ბევრი შეგვხვდა, უკმაყოფილებაც და ა.შ. მაგრამ, როდესაც ერთ მხარეს არის ოკუპაცია, მეორე მხარეს კი დასავლეთთან ჩვენი მცირე უთანხმოებები, რა თქმა უნდა, დასავლეთს ვირჩევთ… კრემლში ამის გაგება არაფრით უნდათ. დიახ, საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ისტორიული ტრადიციით და ამასთან, რუსეთის პოლიტიკითაც. მოსკოვში რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, ისინი სხვა არჩევანს თვითონვე არ გვიტოვებენ.

- აფხაზეთში ახლახან გაიმართა დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც აქტიურ პოლიტიკას ისევ უბრუნდება ალექსანდრე ანქვაბი

- ალექსანდრე ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნება არსებითად არაფერს შეცვლის… მიუხედავად რუსეთის ანექსიური პოლიტიკისა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობისას მაინც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ქცევაზე. ნუ გვავიწყდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობს მასშტაბური რუსული პროპაგანდა. ავიღოთ რუსეთის მიერ ახლახან გახმაურებული ინიციატივა, რომ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს დაურიგებენ აფხაზებს – გადაწყვიტეს ასე დაუპირისპირდნენ მკურნალობის მიზნით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აფხაზების მასობრივ გადმოსვლას. ჩვენთან ჩამოსული აფხაზების ნაწილი უკან უკიდურესად კეთილგანწყობილი ბრუნდება, ნაწილს აგრესიული განწყობა უკეთესობისკენ ეცვლება, ზოგიც კიდევ მიიჩნევს, რომ ქართველები ვალდებული არიან, მათ უმკურნალონ და ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის გავლენა. რუსეთის მიერ დარიგებული პოლისები მნიშვნელოვანი რამეა და აფხაზი პაციენტების ნაწილი კრასნოდარის მხარეში იმკურნალებს, მაგრამ, რასაკვირველია, აქაც ჩამოვლენ, რადგან ჩვენთან სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი დონეა. როგორც კი გაჩნდა­ აფხაზ საზოგადოებაში ჩვენთვის პოზიტიური და რუსეთისთვის ნეგატიური ბზარი, მაშინვე გააქტიურდა კრემლი. გაგახსენებთ, პოლისების დარიგების გარდა, ჰოსპიტალსაც აშენებენ აფხაზეთში.

ჩვენ ამ ყველაფრის საპასუხოდ რას ვაკეთებთ? მე რასაც ვხედავ, ძალიან ფრაგმენტულად და არათანამიმდევრულად ვმუშაობთ. ძირითადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმედად ვართ, რაც არცთუ კარგია. სახელმწიფოს ჯერ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მუშაობა არც აქტიურია და არც კონსოლიდირებული. ხომ ხედავთ, ბოლო გამოკითხვებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სულ უფრო უკანა პლანზე გადადის. როდესაც ჟურნალისტები კითხვებს სვამენ, რა ხდება აფხაზეთისა და დე ფაქტო ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში, პასუხი ერთია – არც არაფერი განსაკუთრებული, ორივეგან კლანური ბრძოლა მიმდინარეობს. განსხვავება ის არის, რომ აფხაზები ჯიუტად ცდილობენ, გაუძალიანდნენ რუსეთს და თავისი გაიტანონ, ოსები კი ყველაფერზე თანხმდებიან. სწორედ კლანური ბრძოლაა ის, რასაც ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უწოდებენ და რომელიც 9 აპრილს უნდა გაიმართოს.

- ამ არჩევნებთან ერთად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარდება პლებისციტი, რომელიც ამ ტერიტორიისთვის ახალი სახელისალანიას დარქმევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, .. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: “სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება“…

- ასეთი რეფერენდუმი ბოლო წლებში უკვე ორჯერ ჩაატარეს. ეს პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ხდება და არა იმიტომ, რომ ვერ გაიგეს მოსახლეობის აზრი. სახელის გადარქმევისთვის პლებისციტის ჩატარებაც ზემოთ ნახსენები კლანური ბრძოლის შედეგია, უფრო კონკრეტულად კი დე ფაქტო პრეზიდენტ თიბილოვსა და დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ბიბილოვს შორის დაპირისპირებისა. გაგახსენებთ, ბიბილოვმა ჯერ კიდევ შარშან დააყენა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა, მაშინ თიბილოვმა მოსკოვის მოთხოვნით აკრძალა ეს საკითხი, თუმცა იმისთვის, რომ ოპონენტების კრიტიკა როგორმე შეემსუბუქებინა, სახელის შეცვლის თაობაზე პლებისციტის ჩატარება მოიფიქრა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ალანიას დაარქმევენ თუ რამე სხვას… ფაქტი ერთია, იმას, შევა თუ არა ე. წ. სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში, გადაწყვეტს არა რეფერენდუმი, არამედ კრემლი, რომელსაც ამ ეტაპზე ამ საკითხის გააქტიურება საერთოდ არ აწყობს… თუმცა საკმარისია საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა გახდეს ბევრად აქტიური, სავარაუდოდ, მოსკოვი ამ თემას წინ წამოსწევს.

რეგიონში იმდენად ბევრი და მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, ძალიან ძნელია რაიმეს პროგნოზირება.

ავიღოთ თუნდაც ჩვენი ორი დიდი მეზობლის, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა. რომ ვფიქრობდით, მათ შორის დამოკიდებულება დათბაო, ფაქტია, ისევ ნელ-ნელა ცივდება. საქმე ის არის, რომ ერდოღანის რუსეთში ვიზიტის დროს მან და პუტინმა ვერ მოილაპარაკეს ქურთების საკითხზე. ამას მოჰყვა ის, რომ თურქეთში დაბრუნებულმა ერდოღანმა ბრძანება გასცა, უარი ეთქვათ რუსეთისგან ხორბლის შესყიდვაზე. ლაპარაკია მილიონ-ნახევარ ტონა ხორბალსა და შესაბამისად უზარმაზარ თანხაზე, რაც რუსულ ბიუჯეტში უკვე გათვლილი ჰქონდათ. ბუნებრივია, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ჩვენს რეგიონზე დიდ გავლენას ახდენს. თითქოს უმნიშვნელო ამბავია ამ დიდ გეოპოლიტიკაში ის, რაც მოხდა ბათუმში, თუმცა რუსეთისა და თურქეთის წამყვანმა მედიასაშუალებებმა ამას დიდი დრო დაუთმეს. ამ განხილვებისას ერთი მხარე ცდილობდა, მეორე წარმოეჩინა ამ ამბის ორგანიზატორად და პირიქით.

შეიძლება ამას დიდწილად შეფარვით ცდილობდნენ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ჩემი აზრით, ამას უნდა მიაქციოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ყურადღება და ბევრი რამ გააანალიზოს.

- ამ რამდენიმე დღის წინ მორიგი სოციალური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, რომლის მიხედვითაც, პარტიების რეიტინგში ლიდერობსქართული ოცნება” 26%-ით, მეორეანაციონალური მოძრაობა” (15%), მესამე კიევროპული საქართველო” (8%). თქვენი აზრით, რამდენად ასახავს ეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განწყობას?

- გამიჭირდება პასუხის გაცემა. რასაც ვხედავ, დღეს ქართველ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმი გაცილებით გაზრდილია. შესაბამისად, ეს კვლევა რეალურ ვითარებაზე ვერაფერს მეუბნება, თანაც გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შემჩნეულია, რბილად რომ ვთქვათ, კვლევის შედეგებით მანიპულირებაში.

- რას იტყვით პოლიტიკოსთა რეიტინგზე, რომელსაც პრეზიდენტი მარგველაშვილი უდგას სათავეში 67%-ით, მას მოჰყვება დავით სერგეენკო და მხოლოდ მესამეა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი...

- რაც ზემოთ ვთქვი, პოლიტიკოსთა რეიტინგებსაც შეეხება. მეეჭვება ეს რეალური პროცენტები იყოს.

- პარლამენტში 7 აპრილს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წლიური საანგარიშო მოხსენებით ელიან. ბოლო ხანს ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და პოლიტიკური აქტიურობით უკვე წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

- ჩემი აზრით, მარგველაშვილი არ ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, თუმცა, თუ შანსი გაუჩნდა, პოლიტიკურ გუნდს შექმნის. მის გარშემო ტრიალებს არაერთი პოლიტიკური ფიგურა. მიუხედავად მისი ეპატაჟური საქციელისა და სკანდალებისა, რაც მის ოჯახს დაუკავშირდა, გიორგი მარგველაშვილი არა მგონია უჭკუო კაცი. ვფიქრობ, ის ხვდება, ამ პოლიტიკური ფიგურებისთვის ლიდერი რომ არ არის. მხოლოდ პოლიტიკური იარაღია, რომლითაც ისინი შეეცდებიან პოლიტიკაში დაბრუნებასა და გააქტიურებას.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიამ დროულად გააცნოს ფართო საზოგადოებას, რა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოამზადა. ძალიან კარგია, რომ ამის თაობაზე აქტიურად თანამშრომლობენ ვენეციის კომისიასთან, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია მის განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართვა. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გვეღირსოს კონსტიტუცია, რომელიც წლებს გაუძლებს და ყოველი ხელისუფლება მასში ცვლილებების შეტანას არ მოისურვებს! აქვე ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესია, მკაფიოდ განსაზღვროს კონსტიტუციამ, რა უფლებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი. ეს გაურკვეველი შუალედური ფორმა მუდმივად წარმოშობს ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების საფრთხეს. ჩვენი საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფრით, უფრო სწორად, ის ნაწილი, ვინც დაინტერესებულია. რაღა დასამალია და, ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს საკუთარი სოციალური მდგომარეობის გარდა, დიდად აღარაფერი აინტერესებს.

- ჩვენში გამოხმაურება მოჰყვა რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ თვითმმართველობების შემცირებაზე გაკეთებულ განცხადებებს. თავის დროზე, თვითმმართველობის რეფორმა ითვალისწინებდა თვითმმართველი ქალაქების გაზრდას, რაც ნაწილობრივ მოხდა კიდეც, თუმცა დღეს უკვე მათ შემცირებაზე ლაპარაკობენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველო პატარა ქვეყანაა და არა გვაქვს იმის ფუფუნება, დიდი ბიუროკრატია შევინახოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას თვითმმართველობის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებენ. მათ ამ საკითხზე ხელისუფლების უმაღლეს პირებს ღია წერილითაც მიმართეს...

- ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ ამხელა ბიუროკრატიის შენახვის თავი მართლაც არა გვაქვს, მაგრამ იქნებ შემცირება სამინისტროების ბიუროკრატიული აპარატის გადახედვით და იქ დასაქმებულთა პროფესიონალიზმის შემოწმებით დაიწყონ.
მე არა ვარ ამ საკითხის სპეციალისტი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ როდესაც თავის დროზე თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობა მიიღეს, ის განპირობებული იყო მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურით და ცვლილების პროექტიც ძალიან ნედლი იყო. დღეს რა თვითმმართველობაც გვაქვს, ეს არ არის რეალური თვითმმართველობა, უფრო სწორად, ყოვლად არასრულყოფილია.

რა მნიშვნელობა აქვს, არჩეული იქნება მერი თუ დანიშნული, თუ ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრიდან დაელოდება დირექტივებს და დამოუკიდებლად ვერაფერს გადაწყვეტს?! იმისთვის, რომ მივიღოთ რეალური თვითმმართველობა, ისეთი, როგორიც ევროპაშია, ამისთვის მხოლოდ კანონი არ არის საკმარისი, საჭიროა ის ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, იკისრონ საკუთარი რაიონისა თუ ქალაქის მართვის პასუხისმგებლობა… ახლა უცებ იდეალური კანონიც რომ შევქმნათ, რეგიონებში ძნელად იპოვით ადამიანს, ვინც ამას შეძლებს­. შესაბამისად, ალბათ, კანონმდებლობაც და საზოგადოებრივი შეგნებაც ეტაპობრივად უნდა განვითარდეს.

კვირის პალიტრა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ რუმინეთის ელჩთან: „იგეგმება თუ არა ნატოს შემოსვლა ფოთში?“ //ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. გადაჭარბებული რეაგირება ჩვენი მიზანი არ არის

ვაჟა თავბერიძე

საქართველო ნატოს სთავაზობს, ფლოტი ფოთში განათავსოს, რაც კარდინალურად შეცვლის ძალთა ბალანსს შავ ზღვაზე და რუსეთს გეოპოლიტიკურ საფრთხეს შეუქმნის – რუსულ მედიაში გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ საქართველოში ბევრი შეაფიქრიანა. ერთი მხრივ, ამ ამბის დაჯერება გულით გვინდოდა, თანაც ნატოს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებაც გვაძლევდა ოპტიმიზმის საფუძველს – ალიანსმა გადაწყვიტა, შავი ზღვის უსაფრთხოება გაეძლიერებინა. მეორე მხრივ, ინფორმაცია მოდიოდა რუსული წყაროდან, ქართული მედია და სამთავრობო სტრუქტურები კი ან დუმდნენ, ან დეტალებზე საუბარს თავს არიდებდნენ. იმის გასააზრებლად, რა მასშტაბის მოვლენასთან გვექნება საქმე, თუ ეს ამბავი რეალობას შეესაბამება, აღვნიშნავთ, რომ თეორიულად მსგავსი ნაბიჯი ნატოს შესაძლებლობას მისცემდა, მონტრეს კონვენციისთვის აევლო გვერდი, რომლის მიხედვით, არაშავიზღვისპირა ქვეყნების 15 ათას ტონაზე მეტი წყალწყვის მქონე ხომალდებს უფლება არა აქვთ, შავ ზღვაში 21 დღეზე მეტი დაჰყონ.

როგორია დღეს შავი ზღვის უსაფრთხოება და როგორ შეიცვლება ის უახლოეს მომავალში, ამ საკითხზე “კვირის პალიტრა” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ჰორუმბას ესაუბრა:

- როგორია დღეს ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე და როგორ შეცვლის მას ნატოს ჩართულობა?

- 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მოწმე ვხდებით შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის დღითი დღე გაუარესებისა. შესაბამისად, ნატოს გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა შავი ზღვის უსაფრთხოება, არის რეაქცია რუსეთის მოქმედებებზე – არა მარტო შავ, არამედ ბალტიის ზღვაშიც, სადაც ასევე მომსწრე ვართ რუსული სამხედრო მანევრებისა, თანაც, ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი აქვთ. ხაზს გავუსვამ, რომ ნატოს რეაქცია იყო თანდათანობითი და არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებული.

- საქართველოს შეზ­ღუდული სანაოსნო რესურსებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის რა საშუალებები არსებობს ნატოსა და ჩვენს ქვეყანას შორის? რა შეუძლია საქართველოს შემოგთავაზოთ?

- პირველ რიგში, პოლიტიკური ფაქტორი. შავ ზღვაზე სანაოსნო უფლებამოსილებები რეგულირდება 1936 წლის მონტრეს კონვენციით, რაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია თურქეთისა და მისი სუვერენიტეტისთვის შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ სრუტეებზე. იგივე კონვენცია აწესებს დროისა და წყალწყვის ლიმიტს არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების გემებისთვის, ანუ გამორიცხავს სცენარს, სადაც არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემები განუსაზღვრელი დროით არიან გაჩერებული შავი ზღვის პორტებში.

მეორე საკითხი – სანაოსნო წარმომადგენლობა შავ ზღვაზე საქართველოს სტაბილურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საქართველო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო და ენერგოდერეფანს. ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკური კავშირებისა და ვაჭრობის წილი ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, განსაკუთრებით ჩინეთთან, უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტი კი სწორედ საქართველოზე გადის. ქართული პორტებიდან პროდუქცია მიდის სხვა შავი ზღვის პორტებში და შემდეგ ევროპაში. ჩვენ, რუმინელებს, განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს – კონსტანცა ხომ შავი ზღვის უდიდესი პორტია, თანაც პირდაპირ უერთდება მდინარე დუნაის, რომელსაც, თავის მხრივ, უზარმაზარი სატრანსპორტო პოტენციალი აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგოდერეფნის საკითხიც. კასპიის ზღვიდან მომავალი გაზსადენების უმრავლესობა ხომ ასევე საქართველოზე გადის.

- ისევ სამხედრო უსაფრთხოებას დავუბრუნდეთ. რაც უნდა არარეალურად გვეჩვენებოდეს, ვთქვათ, ნატომ მართლაც ააშენა ფოთში სამხედრო ბაზა, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს?

- ნატოს სამხედრო ბაზები ფოთში არ არის და ასეთი ბაზის აშენება არც იგეგმება. რომ იგეგმებოდეს, სავარაუდოდ, ეს გაამწვავებდა სიტუაციას რეგიონში და როგორც უკვე ვთქვი, ნატოს მიდგომა ამ საკითხისადმი ადაპტაციურია – ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. გადაჭარბებული რეაგირება ჩვენი მიზანი არ არის.

- რვა წლის წინ ბუქარესტში საქართველოს მაპ- დაჰპირდნენ. რვა წლისა და ერთი ომის გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა როლი ითამაშა ბუქარესტის მოვლენებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?

- 2008 წელი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იყო – ნატომ განაგრძო ღია კარის პოლიტიკა წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის და, რა თქმა უნდა, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩაირთო განგაშის სიგნალი მოსკოვში. ასე რომ, ბუქარესტის მიწვევა, ალბათ, იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალაშია. ვარშავის სამიტზე ის კიდევ ერთხელ გაიმეორეს. და დასასრულ, მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ: მონტენეგროს მაგალითი – ეს ქვეყანა დიდხანს ელოდა წევრობას, სულ ახლახან კი ნატოს წევრი გახდა. ასე რომ, სისტემა მუშაობს.
კვირის პალიტრა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილთან: „ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში“ // „სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლები ძალიან ხშირად არღვევენ წესებს. როდესაც კანონი ამოქმედდება, ისინიც მკაცრად დაჯარიმდებიან

თეა ხურცილავა

2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 35 997 დანაშაული დარეგისტრირდა და ამ დანაშაულების 57,4% გაიხსნა. გაიზარდა გარკვეული კატეგორიის დანაშაული, ნაწილი კი შემცირდა. გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, 418-ით მეტი ქურდობა მოხდა. გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტები – სულ 1 356 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე 361 ერთეულით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებმა. გაზრდილია კიბერდანაშაულის მაჩვენებელიც. 2015 წელთან შედარებით, სამი ერთეულით მოიმატა მკვლელობის რაოდენობამაც – რეგისტრირებულია 114 მკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შემცირებულია ყაჩაღობის, ძარცვის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხულიგნობის, მკვლელობის მცდელობის ფაქტები. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დანაშაულთა უმეტესობა – 40,5% – თბილისში მოხდა. ამ და სხვა საკითხებზე შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გვესაუბრება:

- 2015 წელთან შედარებით 2,5%-ით არის მომატებული რეგისტრირებული­ დანაშაულის რაოდენობა, თუმცა მთლიანად დანაშაულის კლების ტენდენცია, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, შენარჩუნებულია. საინტერესოა ისიც, რა სახის დანაშაულმა მოიმატა და რატომ, ან რომელი დანაშაული შემცირდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, გამომჟღავნდეს ლატენტური (დაფარული) დანაშაული. ასეთია ოჯახში ძალადობა, კიბერდანაშაული, რაზეც საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. ჩვენი მიზანი იყო, ეს ფაქტები გამოვლენილიყო და მათზე რეაგირება მოგვეხდინა.

- ოჯახში ძალადობის ფაქტების მატება გამოიწვია შს სამინისტროს აქტიურმა კამპანიამ, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას გულისხმობდა?

- დიახ, წინა წლებთან შედარებით გაათმაგებულია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. თუმცა, ვფიქრობთ, ეს საკმარისი არ არის. პოლიციას სჭირდება მეტი მომზადება პრევენციისთვის. როდესაც ოჯახში პრობლემაა, პოლიციელის ერთხელ მისვლაც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ ოჯახური კონფლიქტი ძალადობაში არ გადაიზარდოს…
რაც შეეხება ქურდობას, ეს მაჩვენებელი გაზრდილია და ჩვენ უკმაყოფილო ვართ ვითარებით. ეკონომიკური დანაშაულების მხრივ – როგორიც არის ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა – ვითარება გაუმჯობესებულია.

- ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქმეები სწორად არ კვალიფიცირდება, რადგან ეს დანაშაული სტატისტიკაზე არ აისახოს. მაგალითად, ყაჩაღობა ხშირად ძარცვის მუხლით აღიძვრებაო...

- კვალიფიკაციის საკითხი პროკურატურასთან ერთად წყდება. პროკურატურა კი არ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს ამ მხრივ დაინტერესებულ მხარედ. შეიძლება იყოს არასწორი კვალიფიკაციის ერთეული შემთხვევები. ისმის სპეკულაციები დანაშაულის რეგისტრაციასთან დაკავშირებით­აც, მაგრამ ესეც სიცრუეა. დაინტე­რესებული რომ ვიყოთ დანაშაულის მაჩვენებლის ხელოვნური შემცი­რე­ბ­ით, კიბერდანაშაულთან დაკავშ­ირე­ბით ამდენი კამპანია გვექნებოდა? ყველამ იცოდა, რომ ამ კამპანიის შემდეგ მიმართვიანობა გაიზრდებოდა. ჩვენი მიზანია ყველა დანაშაულის გამოვლენა.

- ქურდობის ფაქტები გაიზარდა. გამოჩ­ნდნენ ტრანსპორტში ჯიბის ქურდებიც. ეს რამ გამოიწვია?

- მიზეზი, სისხლის სამართლის ლიბერალური პოლიტიკით დაწყებული, სხვადა­სხვაა. ქურდობა ითვლება მსუბუქ დანაშაულად და მათი დაპატიმრება იშვიათად ხდება. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელში გაზრდილია არასრულწლოვანთა ხვედრითი წილიც. მთავარია, ეს არ არის ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაული. სამაგიეროდ, შემცირდა ძალადობითი ხასიათის დანაშაული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის სტანდარტით, რასაც უწოდებენ სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულს და რაც არის საერთო კრიმინალური ვითარების შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი, ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად მინიმალური დანაშაული – სულ რამდენიმე ერთეული შემთხვევა და ასეთი საქმეებიც ძირითადად გახსნილია.

- მკვლელობებმა ხომ იმატა?

- წინა წელთან შედარებით ნაკლები დანაშაული მოხდა 2016 წელს, მაგრამ სტატისტიკაში დაფიქსირდა იმაზე მეტი მკვლელობა, ვიდრე რეალურად საქართველოში მოხდა – ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პოლიციასთან და არაერთი ჩვენი მოქალაქე მიეცა პასუხისგებაში საზღვარგარეთ ჩადენილი მკვლელობისთვის. 2016 წელს დავაკავეთ პირი, რომელმაც გერმანიაში მოკლა ადამიანი; რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში და მათ ბრალი აქ წავუყენეთ. სწორედ ამან გაზარდა მკვლელობის სტატისტიკა.

- პრობლემაა გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებიც. შარშან დაიღუპა 581 ადამიანი, დაშავდა – 9951. მართალია, წელიწადზე მეტი გავიდა, რაც კანონპ­როექტი პარლამენტშია, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი დამტკიცება...

- ძალიან მალე განიხილავენ კომიტეტის სხდომაზე. იმედი გვაქვს, აპრილში დავასრულებთ პარლამენტთან მუშაობას და მიიღებენ კანონს. ამის შემდეგ დროა საჭირო მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რადგან ეს ცვლილება ყველა მოქალაქეს ეხება.
ნახევარ წელში ჩვენ გვექნება ახალი კანონი და ვფიქრობთ, მომავალ წელს დაშავებული და დაღუპული ადამიანების სტატისტიკა განახევრდება მაინც.

10 წელია, თითქმის არაფერი შეცვლილა. როგორიც იყო მაჩვენებელი 2006 წელს, თითქმის ისეთივეა 2016 წელსაც. მოგვეცემა საშუალება, უკონტაქტო პატრულირებით იქ შევძლოთ კანონის აღსრულება, სადაც პოლიციელი არ ჩანს. ამას დაემატება ვიდეოკამერები, რომლებიც ზაფხულიდან გამოჩნდება ქალაქში და ავტობანებზე. საპატრულო პოლიციას მიეცა ინსტრუქციები, იყოს უფრო აქტიური, მეტად გამოავლინოს საგზაო დარღვევების შემთხვევები. მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა და ყოველ დარღვევას დააფიქსირებს­ საპატრულო პოლიციელი. ამის მიხედვით შეიძლება მართვის მოწმობა მძღოლს ექვსი თვით ან ერთი წლით შეუჩერდეს – როგორც ამას პარლამენტი გადაწყვეტს.

- მიკროავტობუსების მძღოლების მიერ წესების დარღვევის საგანგაშო სტატისტიკაც გამოვლინდა. ამ კუთხით ხომ არ გეგმავთ რამეს?

- როდესაც კამერები პირველად ჩავრთეთ სატესტო რეჟიმით, მართალია, დაჯარიმება არ დაგვიწყია, მაგრამ აჩვენა, რომ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლები ძალიან ხშირად არღვევენ წესებს. როდესაც კანონი ამოქმედდება, ისინიც მკაცრად დაჯარიმდებიან.

- ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე რა აზრის ხართ?

- ჩვენ თუ უცებ გამოვაცხადებთ ლიბერალიზაციას, შეგვიმცირდება დანაშაული, მაგრამ გაიზრდება ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როგორიც ახლაც ხდება.
რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც გოგონები გარდაიცვალნენ ბიოს მოხმარებით, იმიტომ, რომ არ იცოდენენ მოხმარების წესები. ეს მოხდა დღევანდელი მკაცრი პოლიტიკის პირობებში და წარმოიდგინეთ, რა იქნება ლიბერალური პოლიტიკის დროს. ეს თუ არ მოხდება გეგმაზომიერად და მიდგომა თუ არ იქნება კომპლექსური, ლიბერალიზაცია მიუღებელია.

- ბოლო დროს ხშირად ისმის ბრალდებები პოლიციის მისამართით. როგორია პოლიციელების ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა?

- ეს არ არის სისტემური პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, არის რამდენიმე ერთეული და ყველა საკითხზე დაწყებულია გამოძიება. გვაქვს მაგალითი, როდესაც ადვოკატის ცემის საქმეზე პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი მიეცა პასუხისგებაში. ბორჯომშიც გამოვლინდნენ დამნაშავე პოლიციელები. იმატა იმ ადამიანების ბრალდებებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან დანაშაულთან. მათ პოლიციაში იბარებენ დაკითხვის მიზნით, ისინი კი ბრალს სდებენ პოლიციას, თითქოს დაკითხვისას აწამეს. ამით სურთ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ. ათასობით ადამიანი შედის და გამოდის ყოველდღე პოლიციის განყოფილებებში. ეს რომ იყოს სისტემური პრობლემა, ჩვენ გვეყოლებოდა არა ათეული, არამედ უფრო დიდი რაოდენობით დამნაშავე პოლიციელები. როცა პოლიციელი ცუდად იქცევა, მას ხელს არ ვაფარებთ, მაგრამ მთელი პოლიციისთვის ჩირქის მოცხება არ შეიძლება. ჩვენი პოზიცია გამოჩნდა ბათუმის მოვლენებშიც, როდესაც ყველამ მოისმინა პოლიციის მიმართ ბრძანება, არავინ ეცემათ და არავისთვის დაერტყათ.

- ბათუმის ფაქტზე უამრავი ვერსია გავრცელდა, გამოძიებით ხომ არ გაირკვა რამე?

- სავარაუდოდ, ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში. დეტალებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

- ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა, როგორი იქნება თქვენი თანამშრომლობა უცხოელ სამართალდამცავებთან?

- გვაქვს ორდონიანი თანამშრომლობა. პირველი – ქვეყნების დონეზე. ყველგან გვყავს პოლიციის ატაშეები და პირდაპირი დიალოგი გვაქვს მათთან. გვაქვს შეთანხმება ფრონტექსტთან, ევროპის სპეციალურ სააგენტოსთან. ახლა უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები თანამშრომლობის ფორმებზე. 4 აპრილს გაფორმდება უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება ევროპოლთან, რომლის თანახმად, საქართველო ევროპის პოლიციის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა გახდება. ეს არის ჩვენი სამართალდამცავი სისტემის აღიარება ევროპული სამართალდამცავი სისტემის მიერ.

- ხომ არ იყო ფაქტები, როცა უკან მოაბრუნეს ჩვენი მოქალაქეები?

- რამდენიმე შემთხვევა იყო საფრანგეთსა და გერმანიაში, როცა არ შეუშვეს ჩვენი მოქალაქე და ისიც იმიტომ, რომ არ გაითვალისწინეს მესაზღვრის რჩევა. ერთ შემთხვევაში ადამიანს არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მეორე არაბიომეტრიული პასპორტით წავიდა, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტით და ისიც უკან მოაბრუნეს.

- ისრაელიდან ხშირად უკან აბრუნებენ საქართველოს მოქალაქეებს

- ჩვენ არ გვაქვს ისრაელთან შესაბამისი შეთანხმება და ინფორმაციის ამ მიმართულებით გაცვლა არ ხდება. თუმცა მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენი კოლეგები ისრაელიდან გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელში დანაშაულის ჩადენის პრობლემა არ დგას. რაც შეეხება საზღვარზე შესვლას, ისრაელის მხარე ამას წყვეტს თვითონ. ეს ისრაელის სახელმწიფოს საქმეა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემდეგოცნებათავხედურად იქცევა

სალომე სარიშვილი

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის უკანასკნელი კვლევის შედეგი არა კონკრეტული პირების მისამართით, არამედ საზოგადოებაში განწყობის ცვლილებითაა განპირობებული. პოლიტოლოგს არც ის აკვირვებს, რომ პრეზიდენტის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, რეიტინგმა აიწია, რადგან მიიჩნევს, რომ ის ბოლო პერიოდში უსაფუძვლო და უსამართლო თავდასხმის სუბიექტი გახდა, რასაც საზოგადოებაც კარგად ხვდება.

- რამდენად ასახავს რეალობას ის შედეგი, რომ პრემიერი რეიტინგით პრეზიდენტს ჩამორჩება ხოლო მას მცირე სხვაობით ჯანდაცვის მინისტრი მოჰყვება?

- ვერ ვიტყვი, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის რეიტინგის მაჩვენებლი დაეცა, რადგან მესამე ადგილი წარმატებისთვის სრულიად საკმარისია. რაც შეეხება მეორე ადგილზე გასულ მინისტრს, იგი წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების მიერ მხოლოდ ქებით მოხსენიებული პირია, რასაც სამედიცინო სივრცეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. რაც წლების განმავლობაში სიკეთე იყო, სულ ზარზეიმით აღნიშნავდნენ, ახლა კი, როცა ჯანდაცვის სისტემა გაუარესდა, ამაზე არავინ საუბრობს. ცხადია, ოპტიმისტურად განწყობილი რესპონდენტები ჯანდაცვის მინისტრის გაბრწყინებას კვლავ ელიან.

სხვათა შორის, არც ის გამკვირვებია, რომ დათო ბაქრაძე გამოირჩა იმ სივრციდან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებასთან მუდმივ წინააღმდეგობაშია. მისი პოლიტიკური წარსული და დღევანდელი აქტივობა ოპოზიციური სივრციდან სრულიად საფუძვლიანად გამოარჩევს როგორც ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული წარსულში არ ჰქონია. ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ დანაშაულს.

- როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის რეიტინგის დაღმასვლა რითაა განპირობებული?

- „ქართული ოცნების“ შედეგის დაცემა ბუნებრივი მოვლენაა, რადგან უკვე მეხუთე წელია, რაც დანაპირების შეუსრულებლობას ვხედავთ. მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ მათი საქმიანობა თავხედურია, ხოლო საზოგადოება მათთვის გარკვეული ბალასტია, რადგან თავის თავს ვერ აკონტროლებენ, როდის რა უნდა ილაპარაკონ და აკეთონ. იმასაც ვერ იაზრებენ, სად უნდა იზეიმონ მათი წარმატება და სად მოუხადონ ამომრჩეველს ბოდიში. ეს მხოლოდ ამ პარტიის მახასიათებელი არაა, როგორც წესი, გამარჯვებულნი გარკვეული პერიოდის განმავობაში ეიფორიაში არიან, ეს კი მანამ ხდება, სანამ რეალობას პირისპირ არ შეეჯახებიან. ჯერჯერობით არანაირი თვითკრიტიკა არავის წამოსცდენია, საკუთარი თავით ტკბობით და მხიარულებით დიდხანს არც ერთ პარტიას ჰქონია წარმატება. ამდენად, მათი რეიტინგის ვარდნა ბუნებრივია.

- ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ოპოზიციური ძალა, მეორე ადგილს არც ერთ კვლევაში არ თმობს. მათ რეიტინგზე რას გვეტყვით?

- ჩემი აზრით, ეს უფრო მოგონებაა, რომელიც ძველი გუნდის შემადგენლობის მხარდაჭერას ჰგავს. ვფიქრობ, ჯერ არავის აქვს სერიოზულად გააზრებული, რა ცვლილებები მოხდა ამ პარტიის შემთხვევაში. ანუ, ამით იმის თქმა მსურს, რომ ხალხს გააზრებული არ აქვს, რომ “ნაციონალები” გაიყვნენ. ვერ მიხვდნენ, რომელი სათაური რას ნიშნავს. მგონია, რომ ეს მაღალი მაჩვენებელი უფრო მეხსიერებიდან ამოღებულია. თავისთავად, “ევროპული საქართველოს” ზედა ნაწილში ყოფნა კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ძალას უკეთესი შედეგის მიღწევა ძალუძს.

- ზემოთ ახსენეთ, რომ მმართველ გუნდს თვითკრიტიკა არ ახასიათებს. ზოგიერთი მინისტრი ამ კვლევებს კვლავ უნდობლობას უცხადებს. როგორ ფიქრობთ, ეს არაღიარების პოლიტიკა რითია განპირობებული?

- როდესაც პოლიტიკოსი რამეზე პირადადაა ნაწყენი, ის ობიექტურობას კარგავს. კი, ბატონო, ვერ ვიტყვი, რომ “აირაი” ის სუბიექტია, რომლის შედეგები კრიტიკის საგანი არასდროს ყოფილა, მაგრამ თითქოს ეს შედეგი მთავრობის წევრებს ძალიან გაუხარდათ, რადგან მათ ამის გაკვეთილები უკვე გავლილი აქვთ. ყოველთვის შეუძლიათ, ამ შედეგებით უარყოფიდან იყვნენ განწყობილნი, ამასობაში კი ობიექტურობის შეგრძნებას სულ უფრო კარგავენ.

- თვითმმართველობის რეფორმის ირგვლივ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვაობაა. თქვენ რას გვეტყვით, რამდენად სწორი იქნება ახალი თვითმმართველი ერთეულების შექმნა?

- ჩემი აზრით, ეს მორიგი მცდელობაა, აუტკივარი თავი აიტკიონ, რისი ნიშნებიც დღევანდელ მთავრობას ხშირად აქვს. მიზეზი და მიზანი კი ერთმანეთს საერთოდ არ ეთანხმება. საუბარი, რომ ჩვენი ქალაქების დიდმა რაოდენობამ დამოუკიდებლობა უნდა დაკარგოს, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლების წინა ნაბიჯებიც მცდარი იყო, მაგრამ რადგან ამ სიმცდარეს საზოგადოებას ვერ აგებინებს, აკვიატებული აზრების დამკვიდრებას ცდილობს., ნაცვლად იმისა, რომ თვითმმართველობა გავაძლიეროთ, ჩვენ მას უფრო ვიწრო სივრცეში ვათავსებთ. ამაზე მოსახლეობამაც უნდა იფიქროს და საკუთარი აზრი გამოთქვას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზევიდან ბრძანებას მეტი ძალა აქვს. ვფიქრობ, ეს თემა დიდი უკმაყოფილების საგანი გახდება. ამასთანავე, იქნებ დადგეს ჟამი, როცა საქართველოს მოსახლეობას საკუთარი გუბერნატორების არჩევის შესაძლებლობას ვანდობთ.

პრემიერის მიერ დანიშნული გუბერნატორები იმ ხალხისთვის არასდროსაა სანდო, რადგან ამ ადამიანებს არანაირი მონაწილეობა ხალხის უკეთესად ცხოვრებისთვის არ მიუღია. თუ ამ იდეას კონსტიტუციაში ჩადებენ, ეს ძალიან კარგი იქნება, რაც დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთავე, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობაში გაჩნდება განცდა, რომ ისინი ამ პროცესის შემოქმედნი თავად არიან. სხვა მხრივ, ეს თვითმმართველობის რეფორმა დაბნეულობის შემომტანი უფრო მგონია, ვიდრე რეალური ცვლილების წინაპირობა.

- კიდევ ერთი თემა, რომელიც გასულ კვირას დავის თუ აზრთა დაპირისპირების საგანი გახდა, პრეზიდენტის პარლამენტში წარდგომის ფორმატია. მმართველ გუნდში დებატების ფორმატის აზრს ვერ ხედავენ, ოპოზიცია კი პირიქით ფიქრობს. თქვენ რას იტყვით?

- როგორც ყოველთვის, მმართველი გუნდი საერთო აზრზე ვერ ყალიბდება. უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად ითქვა, რომ ჯერ ფრაქციების ლიდერების გამოსვლები იქნება და მერე პოზიცია შეიცვალა. ეს ის პერიოდი იყო, როცა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს ემუქრებოდა. ადვილად წარმოსადგენია, რა თავდასხმის სუბიექტი იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტი. როგორც ჩანს, მერე დაითვალეს ფრაქციების რაოდენობა, რომელიც შემდეგ ისევ მმართველ პარტიას მისდგებოდა და რიტორიკა შეცვალეს. ამის მოსმენა ეთაკილებათ და ამიტომ მოიქცნენ ასე.

როგორ გადაწყდება საკითხი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ერთი კი ცხადია – პრეზიდენტის მზაობა, მივიდეს საპარლამენტო დარბაზში, სადაც უამრავი დაგეშილი ელოდება, პოლიტიკური კამიკაძეობის ტოლფასია.

- ზოგად სოციალურ ფონზეც მინდა გკითხოთ. ვხედავთ, რომ ყოველდღიურად აქციები და შეხლა-შემოხლა არ წყდება. ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები, ასევე, გარე მოვაჭრეები. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, ეს პროცესი მასობრივ აქციებში გადაიზარდოს, არსებობს ამისთვის საკმარისი ნიადაგი?

- როდესაც თვეები გადის და ჯერ კიდევ არ ვიცით ბავშვთა სამყაროს დაწვის შესაძლო ვერსიაც კი, ცხადია, ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცამ რაღაც იცის და ამის საჯაროდ თქმას ერიდება. რასაკვირველია, ასეთი თემებისადმი ხელისუფლების ურეაქციობა ვნებს არა მხოლოდ მას, არამედ საზოგადოებას ნდობას კიდევ უფრო მეტად უკარგავს. იგივე ხდება გარემოვაჭრეების შემთხვევაშიც, მათაც არ აქვთ მისაღები ალტერნატივა. მესმის, რომ გარე ვაჭრობა ქალაქის ქუჩებში ულამაზოა და ეს არც მე მომწონს, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება.

ამიტომაა ნათქვამი – „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო“. ვიდრე ამ ადამიანებს ადგილიდან აყრიდნენ, ჯერ ხალხისთვის უნდა მოესმინათ. ასე ულუკმაპუროდ ადამიანების დატოვება არაფრით არ შეიძლება. ცხადია, ეს პროცესი სიკეთის მომტანი არ იქნება.

- და ბოლოს, ვიზალიბერალიზაციაზეც რომ გვითხრათ თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეებს და ხომ არ გგონიათ, რომ შესაძლოა, უვიზო რეჟიმის პარალელურად ევროპაში ქართველი არალეგალების რიცხვი გაიზარდოს?

- რასაკვირველია, ნებისმიერ სიახლეს თან გარკვეული ეჭვი ახლავს. ის ფაქტი, რომ ე.წ. იაფი ბილეთების ფასი სამჯერ გაძვირდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპაში მოსურნე ლტოლვილთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე გვეგონა. ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება უკვე დაიწყო, მაშინაც კი, როცა საქმე ავადმყოფს ეხება. ვხედავთ, რომ პოლიტიკა გამკაცრდა, წესები გამკაცრდა, ამიტომ ჩვენი თანამემამულეების პირველი ნაკადი ძალიან მკაცრი შესწავლის საგანი იქნება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენი ათასი ჩვენი თანამემამულეა შენგენის ზონის ციხეებში და იმასაც გავიაზრებთ, რომ შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს, რასაკვირველია, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას უნდა ველოდოთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს რისკს არ გამორიცხავს, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყოველივეს კარგად იაზრებს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 აპრილი, 2017 წელი

გაერთიანდებიან თუ არათავისუფალი დემოკრატებიდარესპუბლიკელები

თიკო ოსმანოვა

7-წლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტია და “თავისუფული დემოკრატები”, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ამ ეტაპზე აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ სიმპათიას ღიად გამოხატავენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ გაერთიანების საკითხზე აქტიური მოლაპარაკება დაიწყონ.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატურები არ დაუსახელებიათ, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები” ერთი კანდიდატურის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დასახელებას აპირებენ. შესაბამისად, ბუნებრივია, კულუარებში პოლიტიკური ძალების გაერთიანებაზეც არის საუბარი.

“ოფიციალურად არაფერი არ ხდება, უბრალოდ, პარტია მსჯელობს იმ შესაძლებლობაზე, რამდენად სჭირდება გაერთიანება და სხვა. ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხი ნამდვილად არ მაქვს. არჩევნების წინ ყოველთვის განიხილება ვინმესთან გაერთიანება და ამ გაერთიანების უარყოფითი და დადებითი მხარეები. ეს ახლა ჩვეულებრივი ამბავია. „თავისუფალი დემოკრატები“ არის ის პარტია, რომელსაც პოლიტიკურ ველზე რესპუბლიკური პარტია ყველაზე მეტ პატივს სცემს. ახლა ვზომავთ, ვწონით, რომელი უფრო იქნება მომგებიანი პარტიისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. ამიტომ ამჟამად არ გვაქვს კონკრეტული ხედვა, ვინ როგორ მოიქცევა. ელისაშვილთან დაკავშირებითაც იგივე შემიძლია გითხრათ – ჯერ არ არის გადაწყვეტილი“, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია.

გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამენ „თავისუფალი დემოკრატები“ და აქცენტს საერთო ღირებულებებზე აკეთებენ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” მზად ვართ, ვისაუბროთ პროდასავლური ტიპის პარტიებთან. “რესპუბლიკელებთანაც” მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. გიდასტურებთ იმას, რომ ვაპირებთ კონსულტაციებს, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. მოკლედ, ჯერ არანაირ ფორმებზე და გაერთიანებაზე საუბარი არ დაგვიწყია, მხოლოდ ვგეგმავთ მოლაპარაკების გამართვას თემატურ საკითხებზე და მათ შორის შეიძლება იყოს თვითმმართველობის არჩევნები,” – უთხრა “მთელ კვირას” ნინო გოგუაძემ.

რაც შეეხება 2010 წლის “ალიანსი საქართველოს” გარშემო ამ ორი პარტიის გაერთიანებას, გოგუაძე მაშინდელ ერთობას დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ მათმა კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლო.

„ჩვენ მრავალნაირი პრაქტიკა გვქონდა – 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ვიყავით გაერთიანებული ერთ ბლოკში – „ალიანსი საქართველოსთვის“, მერე 2012 წელს ასევე პარტნიორი პარტიები ვიყავით “ქართულ ოცნებაში”. ასე რომ, მსგავს გაერთიანებებში ვყოფილვართ და ჩვენი ღირებულებებიც არის პროდასავლური. 2010 წელს სრულიად ახალი შექმნილი იყო ეს ალიანსი. მაშინ “ნაციონალები” საკმაოდ ძლიერ საარჩევნო აგიტაციას ატარებდნენ დაშინებით და ასე შემდეგ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენმა კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ ამ პირობებში თბილისში მიიღო 20%. ასე რომ, ჩვენს თანამშრომლობას ნეგატიურ კონტექსტში ნუ განვიხლავთ. საერთოდ ამ აფეთქებულ პოლიტიკურ ველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, ყველა ძალამ, ვისაც უნდა ევროპული და თავისუფალი სახელმწიფოს შექმნა, უნდა ეცადოს და ერთმანეთისკენ მიმავალი გზები ნახოს. ინტეგრაციული პროცესები, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ველზე არის დასაწყისი, მაგრამ ეს როდის დაიწყება, იქნება თუ არა თვითმმარველობის არჩევნების წინ თუ მერე, ამას დღეს ვერ გეტყვით. ისიც კი არ ვიცით, რა ფორმით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას,” – გვითხრა ნინო გოგუაძემ.

ამ პარტიების გაერთიანების შემთხვევაში თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს არჩევნებზე, ამ საკითხზე პროგნოზი უჭირს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ჰიპოთეტური კოალიციის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაზე. „გააჩნია, რა აქტიურობას გვაჩვენებენ წინასაარჩევნო პერიოდში. თუკი ამ მდგომარეობას შეინარჩუნებენ და გავითვალისწინებთ იმ შედეგს, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენეს, ამ შედეგით ნაკლები შანსი ექნებათ. იმიტომ, რომ დრო რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს. ასე რომ, აქტიურობაზეა ბევრი რამე დამოკიდებული,” – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ზოგადად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

გვანცა წულაია

შაბათს სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა, სადაც 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზეა საუბარი. ანგარიშში გარკვეული პროგრესია აღნიშნული, თუმცა ზოგადად ის საკმაოდ კრიტიკულია. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მოსაზრება, პრინციპში, მისი მოსაზრებაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ როგორც მედიის მიმართულებით, ასევე, პირადი თავისუფლების, ადამინის უფლებების ყველა პუნქტში მისი გაუმჯობესებაა ბოლო წლების განმავლობაში.”

ზოგადად, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია თუ გაუარესებული? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): გაუარესებული არ არის. მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა მჭიდროდაა დაკავშირებული არა მარტო პოლიტიკურ სისტემასთან, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობასთანაც. ბევრს ვამბობთ, რომ ეს უფლებები არ არსებობს. ადამიანის უფლებების უპირველგესი დაცვა არის ის, რომ მას ჰქონდეს არსებობის, შრომის, თავის გატანის საშუალება. სანამ ეს არ იქნება, მანამდე ქვეყანაში ადამიანის უფლებები რომ ბოლომდე დაცულია, ამაზე საუბარი ზედმეტია.

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ვისაც ვიცნობ და რასაც ვხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ გაუმჯობესდა. ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, ვერც შეძლებს. ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: “თუ არ გინდა, რომ დაინახო ქვა, ვერ დაინახავ.” ვიღაცას სურს, რომ სიტუაცია არიოს და დაძაბოს, პირველ პლანზე წამოაყენოს მისი პოლიტიკური ინტერესები, სამშობლო, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია. ისინი, ვინც მუდმივად საუბრობენ, რომ მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დროს “ქართული ოცნების” მომხრეები იყვნენ, როგორც ჩანს, ელოდნენ მაღალ თანამდებობებს და ვერ მიიღეს. ამ ყველაფრით კი მათ სამაგიეროს უხდიან. ხალხი ყველაფერს ხედავს.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ვერც გაუმჯობესებას და ვერც გაუარესებას ვერ ვხედავ. როდესაც ქვეყანაში შერჩევითი სამართლის პრეცედენტებია, იქ უფლების დაცვის გაუმჯობესებაზე საუბარი ზედმეტია. თუკი შერჩევითი სამართალია, მაშასადამე, იმ ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვა ვერ არის სიმაღლეზე. ას არაერთ მაგალითზე თვალნათლივ ჩანს. ახლა ძალიან დიდი ამბავია რჩეულიშვილებთან დაკავშირებით. ყველა ვთანხმდებით, რომ კანონი უზენაესი უნდა იყოს! მაგრამ თუკი კანონის დამრღვევი 25 წლის განმავლობაში თავად ხელისუფლებაა, მაშინ ის კანონის თამამად დაცვას მოქალაქეებს ვეღარ მოსთხოვს. შერჩევითი სამართალი არ შეიძლება. სახელმწიფო არ შეიძლება იდგეს პილატეს პოზიციაზე, ეს დამღუპველია. ამ ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.

ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): ბოლომდე გაუმჯობესებული არ არის, 70%-30%-ზე. რაღაც შეცდომები არის, შეუმცდარი არავინ არაა.

გივი სიხარულიძე (მსახიობი): ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველია ადამიანი. ძაღლი, კატა და თაგვი უფრო დაცულია, ვიდრე ადამიანი. არც ერთი მთავრობის დროს, შევარდნაძიდან მოყოლებული, სააკაშვილის და ივანიშვილის ჩათვლით, ადამიანის უფლელები დაცული არ ყოფილა. შემდეგი მთავრობაც რომ მოვა, ასე იქნება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 აპრილი, 2017 წელი

აფხაზი სეპარატისტები გალის ქართველობას ახალ დისკრიმინაციულ სტატუსს ანიჭებენ

ნინო ომანაძე

ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს 30 მარტს ახალი სამართლებრივი სტატუსი მიანიჭეს. აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა “უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის” ახალი სტატუსის მინიჭების საკითხი.

“ბინადრობის მოწმობა ის დოკუმენტია, რომელიც გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე მათი უფლებების განსაზღვრისთვის და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად, კანონიერად ცხოვრებისთვის, ასევე, თავისუფალი გადაადგილების და საზღვრის კვეთისთვის,” – განაცხადა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლაშა ცაავამ.

აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრ ასლან კობახიას განცხადებით, ბინადრობის მოწმობა, რომელიც უნდა გაიცეს გალის რაიონის მოსახლეობაზე, ისეთივე პასპორტია, როგორიც აფხაზური პასპორტი და ამ დოკუმენტით ისინი საშუალებას აძლევენ ადამიანებს, გაერკვიონ საკუთარ სამართლებრივ სტატუსში.

“ბინადრობის მოწმობა – ესაა პასპორტი აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, გაცემის წესიც ისეთივეა, როგორც პასპორტის შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილი იქნება სტატუსის საკითხი: მოქალაქეა თუ არამოქალაქე. რამდენიმე თვეში რესპუბლიკაში არ დარჩება უპასპორტო ადამიანი. გალის რაიონის მოსახლეობისთვის ამ დოკუმენტის გაცემით ჩვენ მივცემთ საშუალებას ადამიანებს, დამშვიდდნენ და გაერკვიონ საკუთარ სამართლებრივ სტატუსში.”

2011 წლის აღწერის მიხედვით, გალის რაიონში 98% ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გამოცემა “აფსნიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ გალი აფხაზეთში ყველაზე მოვლილი დასახლებული პუნქტია. „გალის რაიონული ცენტრი აფხაზეთში ყველაზე მოვლილი დასახლებული პუნქტია. ირგვლივ სისუფთავეა, პარკები და გაზონები მოვლილია, გზები ასფალტირებული, ყველა სოფელში დგას ტრანსფორმატორები, გაყვანილია ახალი ელექტროგადამცემი ხაზები. სოფელ ოტობაიას ანგარიშზე დღეს ნახევარი მილიონი რუბლი ირიცხება, შეიძლება ახლა ამდენი ფული ხაზინაშიც არ იყოს, ეს კი მოსახლეობის დამსახურებაა, რომელიც კეთილსინდისიერად მუშაობს და იხდის გადასახადებს,” – აცხადებს თემურ ნადარაია.

2014 წელს აფხაზეთში შეიქმნა ე.წ. საპარლამენტო კომისია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პასპორტიზაციით იყო დაკავებული. მან დაასკვნა, რომ 2009 წელს მოსახლეობის პასპორტიზაციის მიზნით შექმნილი საგანგებო კომისიები კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებდნენ და პასპორტები „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის“ დარღვევით გაიცემოდა. ამ „კანონის“ მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეორე პასპორტი რუსულია, გალის მოსახლეობას კი საქართველოს მოქალაქეობა აქვს, რაც აფხაზურ “კანონს” ეწინააღმდეგება.

გალელებისთვის პასპორტების გაცემა 2014 წელს ოპოზიციის უკმაყოფილების და ალექსანდრე ანქვაბის „საპრეზიდენტო“ ვადამდე გადაყენების საფუძველი გახდა.

ალექსანდრე ანქვაბის გადაყენების მერე რაიონული კომისიების მიერ გაცემული მოქალაქეობა გალის ყველა მცხოვრებს გაუუქმდა და მათ მიერ გაცემული დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელ ბლანკად გადაიქცა, რომლის მეშვეობითაც მხოლოდ ხელფასის ან პენსიის აღება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემაა შესაძლებელი.

გალელებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი 2017 წლის “საპარლამენტო არჩევნების” ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა, “დეპუტატობის კანდიდატების” უმეტესობა მხარს უჭერდა გალელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, თუმცა “არჩევნებში” გამარჯვებული კახა პერტაია “ხელისუფლების” აზრს იზიარებს და აცხადებს, რომ მოქალაქეობაჩამორთმეულ გალელებს მხოლოდ ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი საბუთები უნდა დაურიგდეთ.

ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობისთვის ახალი სტატუსის მინიჭებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა.

“მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა ის დისკრიმინაციული ქმედება და პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი. ამისთვის ჩვენ ვახდენთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მობილიზებას და ამის დასტურია ის რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ. რეზოლუციაში საბჭო და საბჭოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ იქნეს დაშვებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შესწავლილი იქნეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა და მოხდეს თითოეული მცხოვრებლს უფლებების დაცვა, განსაკუთრებით შეიზღუდოს ის ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც დღეს ხორციელდება,” – განაცხადა ჯანელიძემ.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკური ანალიზისა და კვლევის სამმართველოს წარმომადგენელი გულიადა ჭკადუა “მთელ კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სტატუსი, რომელიც გალის მოსახლეობას მიენიჭა, დისკრიმინაციულია.

„ეს სტატუსი შეიძლება იყოს გადაადგილებისთვის აუცილებელი, მაგრამ არის აშკარად დისკრიმინაციული. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ ხარ ეთნიკურად ქართველი, ე.ი. ხარ მესამეხარისხოვანი პიროვნება. ოკუპირებული გალის ქართველი მოსახლეობა იძულებულია, დაეთანხმოს ამ დისკრიმინაციას, ვინაიდან სჭირდება დოკუმენტი, რომელიც გადაადგილების და საზღვრის კვეთის საშუალებას მისცემს. გალელები არიან გმირები. როცა დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ ვინ იყო საქართველოს მოქალაქე, მოსახლეობის 98%-მა აფხაზებს საკუთარი პასპორტები წარუდგინა და განაცხადეს, რომ ისინი არიან და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, სწორედ ამის გამო ჩამოართვეს მათ უფლებები და გაუუქმეს „აფხაზური მოქალაქეობა“.

- რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს სტატუსი?

- ერთ-ერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, რომელიც გალის რაიონიდან იყრიდა კენჭს, მოსახლეობასთან შეხვედრაზე თქვა, რომ ბინადრობის ახალი მოწმობები, რომლებიც გალელებზე უნდა გაიცეს, არის საფრთხის შემცველი და შეიძლება ამ სტატუსის მქონე ადამიანები ძალიან მარტივად დაექვემდებარონ ქვეყნიდან გაძევების პროცედურას. ეს მოხდება ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც კი. გალელები ისჯებიან იმისთვის, რომ ისინი უარს არ ამბობენ საქართველოს მოქალაქეობაზე, აფხაზეთის “ხელისუფლებას” ეშინია მათი, წარმოიდგინეთ 46.000 კომპაქტურად ჩასახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შეუძლია, მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას და მოითხოვოს საკუთარი უფლებების განმტკიცება და სტატუსის განსაზღვრა.

- ბინადრობის მოწმობა გალელების საკუთრებას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის?

- დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მართალი გითხრათ, ჯერ არ ჩანს, რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას, თუმცა ვიცი, რომ გალელებს ეკრძალებათ ახალი ქონების შეძენა ან ქონების გაყიდვა. მხოლოდ იმ ქონებაზე აქვთ უფლება, რომელსაც აქამდე ფლობდნენ. ბინადრობის დოკუმენტის გაცემა უკვე დაწყებულია, მოსახლეობას კი არ აქვს ინფორმაცია, რაზე აწერს ხელს და რას იღებს. დარწმუნებული ვარ, სასიკეთო ნამდვილად არ იქნება.

„ახალი თაობა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ანატოლი ბიბილოვი: თბილისთან გზა არ დაიკეტება

ვის აძლევს დაპირებას პრეზიდენტობის კანდიდატი

კვირის ბოლოს ცხინვალში დიდი ბდღვნა იქნება – 9 აპრილს იქ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებს ოფიციალური თბილისი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არალეგიტიმურად ცნობენ, ეს არახალი ამბავია. არსებულ ვითარებას არც ახალი პრეზიდენტისა და, გნებავთ, არც ძველის ახალი ვადით არჩევა შეცვლის.

საინტერესო აქ წინასაარჩევნო დაპირებებია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იმ გზასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებებია, რომელიც თბილისს ცხინვალთან აკავშირებს და რომლის გახსნასაც ასე გაალმასებით ითხოვს ოფიციალური ერევანი.

სომხეთის ხელისუფლება როკის გვირაბის გახსნას უკვე დიდი ხანია ითხოვს. სომხეთის პრემიერმა მედიასთან საუბარში არაერთხელ განაცხადა, რომ ამ თემაზე ქართველ კოლეგასთან უკვე მოილაპარაკა. ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

რამდენიმე დღის წინ სომხეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უკვე მოძებნა ის გზა, რომელიც ლარსის ალტერნატივა გახდება.

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ალტერნატივა როკის გვირაბი იქნება. რამდენიმე თვის წინ, როცა ეს ინფორმაცია პირველად გავრცელდა, ცხინვალის ხელისუფლებამ ეს დაუშვებლად მიიჩნია. მათმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ისინი ამ გზას არ გახსნიდნენ, რადგან ეს რესპუბლიკის ეკოლოგიისა და უსაფრთხოებისთვის პრობლემატური იქნებოდა.

როკის გვირაბის გავლით სომხური დერეფნის გაკეთებაზე ამ დღეებში უკვე მოკრძალებულად საუბრობენ ცხინვალელი ლიდერები. სომხეთის პრემიერის ბოლო განცხადებაზე სამხრეთელთა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მხოლოდ ის თქვა, რომ მან არაფერი იცის. უფრო შორს წავიდა მისი კონკურენტი ანატოლი ბიბილოვი და ამის გამო მას დამატებითი განმარტებების გაკეთება დასჭირდა. კონკურენტებმა იგი ამის გამო პროქართულობაშიც კი დაადანაშაულეს.

საბედისწერო განცხადება ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ოსური მედიის ცნობით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ახალგორელებს ხშირად ხვდება და მათ ქართულ ენაზე ელაპარაკება. ახალგორელებს იგი ამ დღეებშიც შეხვდა და დაჰპირდა, პრეზიდენტი თუ გავხდები, თბილისთან დამაკავშირებელი გზა არ დაიკეტებაო.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატი ამ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. იგი განმარტავს, რომ ასე არ უთქვამს, თუმცა განმარტებაში იმავეს იმეორებს. ძველ და ახალ განცხადებებს შორის განსხვავება ის არის, რომ ბოლოს ის ოფიციალური თბილისისგან ერთი პირობის შესრულებას ითხოვს. „ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების უფლება. არ დაუჯეროთ ინფორმაციებს, რომელთაც ჩემი სახელით ავრცელებენ. თუკი მე გავხდები პრეზიდენტი, გზა, რომელიც ჩვენ თბილისთან გვაკავშირებს, არ დაიკეტება. ქართველებთან კარგი ურთიერთობა კი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავდაუსხმელობის შესახებ“, – აცხადებს ანატოლი ბიბილოვი. მისმა ამ განცხადებამ ყური ერევანსაც მოსჭრა. იქ ფიქრობენ, რომ ბიბილოვს არა ახალგორი-თბილისის დამაკავშირებელი გზა, არამედ როკის გვირაბი ჰქონდა მხედველობაში.

ცხინვალში მცხოვრები სომხური დიასპორა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უჭერს მხარს. სომეხთა საყოველთაო ტრფიალი მან გასულ წელს დაიმსახურა. 2016 წლის პირველ ნახევარში თურქეთმა და რუსეთმა ერთმანეთს ლამის ომი გამოუცხადეს. ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვიტა, მოსკოვის გამჯავრებელი ანკარა თავადაც დაესაჯა. სასჯელად კი მან სომხების გენოციდის აღიარება განსაზღვრა. ამასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტაციაც მომზადდა, მაგრამ მოულოდნელად პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს დაუტკბნენ. საგენოციდო დოკუმენტაცია ცხინვალის პარლამენტის თაროზე შემოდეს, მაგრამ სომხური მხარე მაინც კმაყოფილი დარჩა.

„ახალი თაობა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „ოპოზიციამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს“ // რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი თენგიზ შარმანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარ განწყობებს პროექტთან დაკავშირებით ვერასდროს გაიგებ.

- ბატონო თენგიზ, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს, 15 აპრილამდე საკონსტიტუციო ცვლილებების ვარიანტი გამოაქვეყნოს. გასულ კვირას თბილისში ვენეციის კომისია იმყოფებოდა, რომელსაც ხელისუფლებამ ცვლილებების შავი ვარიანტი გადასცა. კომისიაში რა დონეზეა სამუშაოები შესრულებული?

- კომისიის ჯგუფებში სამ რაუნდად არის დაყოფილი სამუშაოები. პირველი რაუნდი იყო აზრების გაცვლა, მეორე – მუხლობრივი საკითხების განხილვა და მომზადება. ეს ორი ეტაპი დასრულებულია. მესამე რაუნდის წინ განიხილება ის შედეგები, რომლებიც ვენეციის კომისიას გადაეცა. საუბარია სამუშაო, შავ ვარიანტზე. მესამე რაუნდი დაეთმობა წინასწარი ვარიანტის დაზუსტებებს. კომისიამ სამუშაოები 30 აპრილამდე უნდა დაასრულოს.

- მოესწრება?

- კომისიის თავმჯდომარემ ეს გრაფიკი სამუშაოების დაწყებისას განსაზღვრა. სწორედ გრაფიკიდან გამომდინარე, 15 აპრილამდე კომისიის წევრებს დაგვირიგდება ეს ვარიანტი.

- ძირითადად კონსტიტუციის გადასინჯვა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარეობს...

- არა, არა. ეს არის აბსოლუტურად შავი პიარი.

- არ შეიცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი?

- რა თქმა უნდა, მაგრამ პრეზიდენტის არჩევის წესი არის ერთ-ერთი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად. კონსტიტუციაში ბევრი სხვა საკითხის დაზუსტება და გასწორება ხდება, რაც იგნორირებულია. ბევრი კონკრეტული მუხლის დახვეწა ხდება. მათ შორის პარლამენტთან დაკავშირებული მუხლების, ასევე მთავრობასთან დაკავშირებული ნორმების, მათ შორის, პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხების.

- თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიას არანაირი წინასწარი სიტყვიერი შენიშვნები არ ჰქონია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.

- მე მჯერა ქალბატონი ჩუგოშვილის, ვინაიდან ის აღწერს იმ შეხვედრებს, რომლებიც მან პირადად გამართა ვენეციის კომისიის წევრებთან.

- როგორ დასკვნას დადებს ვენეციის კომისია, როგორია მათი წინასწარი განწყობები?

- 2010 წელს მე ვიყავი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი და არაერთხელ მიხდებოდა მათთან შეხვედრა. ვენეციის კომისიასთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და, მერწმუნეთ, რომ მათ წინასწარ განწყობებს, რაც უნდა მოინდომოთ პროექტთან დაკავშირებით, ვერ გაიგებთ. სანამ არ დადებენ საბოლოო დოკუმენტს, მანამდე გხვდებიან, გისვამენ უამრავ დამაზუსტებელ კითხვას, რომ ზუსტად მიიღონ შენგან ამომწურავი ინფორმაცია.

- ამ შეხვედრებზე მათი წინასწარი განწყობები მაინც როგორი იყო?

- ისინი არავითარ შემთხვევაში არ გასცემენ, თუ რას ფიქრობენ წინასწარ, სანამ საბოლოო პროექტი არ დაიდება, ეს გამორიცხულია. თუ ვინმემ გითხრათ, რომ უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის წინასწარი პოზიცია, მას შეცდომაში შეჰყავხართ. საუბარია მაღალი დონის პროფესიონალებზე, მათ შორის თავიანთი განწყობებისა და ემოციების მართვის კუთხითაც.

- ვენეციის კომისიის შენიშვნებს რამდენად გაითვალისწინებს ეს ხელისუფლება? 2010 წელს შექმნილ კომისიას ბევრი შენიშვნა არ გაუთვალისწინებია...

- დიახ, გეთანხმებით, არ გაუთვალისწინებია, თუმცა, საბოლოო დასკვნა გავა თუ არა და რას გაითვალისწინებს იმ შენიშვნებიდან, ამაზე პასუხს კომისია ვერ აგებს, რადგან კენჭს პარლამენტი უყრის.

- ეს ხელისუფლება გაითვალისწინებს?

- მე მახსენდება ირაკლი კობახიძის პირველ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. მან თქვა, რომ არ იქნება ის დებულება მიღებული, რომელზეც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა იქნება. შესრულდება თუ არა ეს დაპირება, ვერ გეტყვით, თუმცა, მე მჯერა მისი, რომ ის ამ პირობას შეასრულებს.

- ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, კომისიას პროტესტის ნიშნად დატოვებს. შეიცვლება საარჩევნო სისტემა?

- ეს ძალიან ცუდი იქნება, ოპოზიციამ არ უნდა დატოვოს კომისია, რადგან მე მაქვს 2010 წლის მწარე გამოცდილება, როდესაც უამრავმა პოლიტიკურმა პარტიამ კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა, რაც საბოლოოდ აისახა კიდეც შედეგზე. ჩემი პოზიციაა, რომ ადამიანმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს. უკვე მიმდინარეობს განხილვები კომისიაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

- შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადავალთ?

- არათუ გადავდივართ, დეტალებზე მიდის დავა, რომ გადაუნაწილებელი ხმები პირველ ადგილზე გასულმა ძალამ კი არ აიღოს, არამედ სრულად გადანაწილდეს და ა.შ. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს, სანამ პროექტის ბოლო წინადადებას წერტილი არ დაესმება, თუმცა, მე პოლიტიკური ასპარეზი დავტოვე და არც ვაპირებ, დავუბრუნდე პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ.

„ახალი თაობა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება?

ინტერვიუ ნატო იმნაძესთან: „ასლან აბაშიძემ მამაჩემს პერანგში ხელი ჩასჭიდა და სახისა და მკერდის არეში რამდენიმეჯერ ესროლა“ // „საქართველოს ყველა ხელისუფლება ნოდარ იმნაძის მკვლელთან წარმატებით ვაჭრობდა

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ჩამოვიდეს. მის წინააღმდეგ არაერთი ხმაურიანი საქმე იყო აღძრული. ყველაზე ძველი და გახმაურებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა. ამის გამო მასზე ინტერპოლითაც კი გამოცხადდა ძებნა. ამ დანაშაულიდან 25 წლისთავზე სასამართლომ ასლან აბაშიძეს განზრახ მკვლელობის მუხლი შეუცვალა. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო იმნაძე, რომელიც მამის მკვლელობის თვითმხილველია, ფიქრობს, რომ ყველაფერი აბაშიძის „გასაპრავებლად“ კეთდება.

რატომ შეეცვალა აბაშიძეს მუხლი, რის გაკეთებას აპირებს დაზარალებული მხარე, ვინ მფარველობს ასლან აბაშიძეს? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ნატო იმნაძე ესაუბრება.

- ნატო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოში ასლან აბაშიძე დაბრუნდეს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ? არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც მოსკოვიდან მისი ჩამოყვანა სურს.

- გამორიცხული არაფერი არ არის. გენერალური პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეს და მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ ასლან აბაშიძეს ბრალი წაუყენეს ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობაში, რის შემდეგაც გამოცხადდა ინტერპოლით ძებნა. მკვლელობიდან 25 წლის შემდეგ, 2016 წელს, პროკურატურამ სასამართლოზე მოითხოვა, ასლან აბაშიძეს 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს გამოტანილი განაჩენით განსასჯელ ასლან აბაშიძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ განზრახ მკვლელობით ჩადენილი დანაშაული გადაკვალიფიცირდა მოგერიების ფარგლებს გადაცილებად და სსკ-ის 107-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ასლან აბაშიძე წლების განმავლობაში ცდილობდა, განზრახ მკვლელობის მუხლი შეეცვალა, მაგრამ ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მოახერხა. აი, დადგა დრო და ეს ოცნებაც აისრულა.

თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე – უნდათ თუ არა ასლან აბაშიძის ჩამოყვანა… ამ სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ მის ჩამოსვლას ვერ გამოვრიცხავთ, რადგან მოსამართლე და საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი კიკუს როლშია. სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.

- თქვენ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეთ. გაქვთ იმედი, რომ ალან აბაშიძეს ისევ ძველ მუხლს დაუბრუნებენ?

- გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სასამართლოს სხდომა 19 აპრილს არის დანიშნული. მე ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად. 26 წელია, რაც ბრძოლაში ვარ. 30 აპრილს გადის მამის მკვლელობიდან 26 წელი. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არ მომხდარა მკვლელობის მოტივის გამოძიება. არადა, ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს.

- თქვენი აზრით, რატომ არ მოხდა მკვლელობის მოტივის გამოძიება?

- ეს იმათ უნდა ვკითხოთ. აშკარაა, ვიღაცა ძალიან არის დაინტერესებული იმით, რომ აბაშიძე გამართლდეს. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამ კუთხით ერთი მოწმეც არ ჰყავთ დაკითხული. ამაზე ერთი კითხვაც არ არის მათი მხრიდან დასმული. ყველაფერი კი ამას მოჰყვა: 1991 წლის 14 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად 31 მარტამდე ასლან აბაშიძე დაინიშნა, პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად კი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერი ნოდარ იმნაძე. პირველი დადგენილება, რომელზეც ასლან აბაშიძემ ხელი მოაწერა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების 28 აპრილისთვის გადატანა იყო. ასლან აბაშიძეს ამ მოკლე დროში უნდა მოესწრო აჭარაში სრული ძალაუფლების მოპოვება, რისთვისაც საჭირო იყო ნოდარ იმნაძის ჩამოშორება არა მარტო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, არამედ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერობიდანაც. აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში „მრგვალი მაგიდის“ საარჩევნო სიას ნოდარ იმნაძე ადგენდა. ასლან აბაშიძე რომ გამხდარიყო აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების პროცესების წარმმართველი და უზენაესი საბჭოს წარმომადგენელთა უმრავლესობა გაეკონტროლებინა, ამისთვის საჭირო იყო, `მრგვალი მაგიდის~ საარჩევნო სია ნოდარ იმნაძეს კი არა, თავად მას შეედგინა.

ამ მოკლე დროში ნოდარ იმნაძის საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება მხოლოდ მისი ლიკვიდაციით შეიძლებოდა. აბაშიძეს სჭირდებოდა დასაყრდენი ძალა და ეს ძალა აჭარაში იყო სეპარატისტულად განწყობილი, ანტიეროვნული დაჯგუფება, კერძოდ, ე.წ. აჭარის ხსნის კომიტეტი, აგრეთვე უშიშროების კომიტეტი და კომპარტიის ზოგიერთი თანამდებობის პირი. ეროვნული ძალების პროვოცირებისთვის საჭირო იყო აჭარაში მასობრივი არეულობა და დაპირისპირება, რისი გაკეთებაც არ გასჭირვებიათ. ორგანიზატორები მზად იყვნენ, სისხლიც კი დაეღვარათ. იყო სეპარატისტული ლოზუნგებიც.

- რა ლოზუნგები იყო?

- 1991 წლის 22-23 აპრილის პროვოკაციული აქციები დღესაც მწარედ ახსოვთ ბათუმში. აბაშიძის მიერ ორგანიზებული ანტიეროვნული მიტინგები მიმართული იყო ეროვნული ძალების წინააღმდეგ. აქციის ლოზუნგები ასეთი გახლდათ: „ავტონომიის ხელშეუხებლობა“, „რელიგიის ხელშეუხებლობა“, „აჭარა აჭარლებს“, „აჭარას უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი, უნდა ჰქონდეს დროშა, გერბი და ჰიმნი“. მათ გეგმაში შედიოდა პროვოკაცია, რომელიც, შეიძლებოდა, სისხლისღვრით დამთავრებულიყო. აქციის ერთ-ერთი თავკაცი იყო აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი იოსებ ხიმშიაშვილი. მას აბაშიძე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას დაჰპირდა, ამის სანაცვლოდ დაავალა ზემო აჭარიდან ხალხის ჩამოყვანა. მან მობილიზება გაუკეთა თავის ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს და დავალება ფრიადზე შეასრულა. მომიტინგეებმა ჯერ მინისტრთა საბჭოს შენობა დაარბიეს, შემდეგ კი მოითხოვეს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გურამ ჩიგოგიძის გადაყენება და მის ადგილას იოსებ ხიმშიაშვილის დანიშვნა.

გამოძიებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თუ რა განცხადებები გააკეთა იმ დღეებში ხიმშიაშვილმა. მან ასლან აბაშიძე აჭარის პრეზიდენტად მოიხსენია. ეს ყველაფერი ვიდეოფირზეა დაფიქსირებული. ასლან აბაშიძის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ასევე დაარბიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაც, მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ მამუკა კობახიძის გადაყენება და ლევან ხოზრევანიძის დანიშვნა. ეს უკანასკნელიც ანტიეროვნული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ზემო აჭარიდან ხალხის ჩამოყვანის სანაცვლოდ მას აბაშიძე შს მინისტრობას დაჰპირდა.

ასლან აბაშიძის გეგმა იყო ნოდარ იმნაძის გაძევება არა მარტო აჭარიდან, არამედ საქართველოდანაც, რაც ხოზრევანიძემ მომიტინგეებთან გაახმოვანა.

- ასე პირდაპირ თქვა, ნოდარ იმნაძე და მისი გარემოცვა უნდა გავაძევოთო?

- მისი გამოსვლაც ჩაწერილია. მან შემდეგი სიტყვებით მიმართა მომიტინგეებს: „მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, მიგულეთ ყოველთვის თქვენ გვერდით და, როგორც დღეს ჩემი დანიშვნა მოითხოვეთ და გვერდში ამომიდექით, ისე ამოგიდგებით საზოგადოების წესრიგის დაცვისა და იმ არაკაცების აჭარიდან კი არა, მთლიანად საქართველოდან მოცილებისთვის“. ლევან ხოზრევანიძე არაკაცებში ნოდარ იმნაძესა და მის გარემოცვას გულისხმობდა.

მინისტრთა საბჭოსა და შსს-ს დარბევის შემდეგ მომიტინგეები უკვე უზენაეს საბჭოში შეცვივდნენ, სადაც ნოდარ იმნაძე გვარდიელებთან და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ნოდარმა მეორე სართულზე შენობის უკანა მხარეს არსებული ფანჯარა ჩაამსხვრია და გვარდიელებთან ერთად დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა, რათა უბრალო ხალხთან არ მომხდარიყო შეხლა-შემოხლა, რადგან ხალხს ამოფარებული უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, რომელიც ნოდარ იმნაძის ლინჩის წესით გასამართლებით გამოიხატებოდა და, აქედან გამომდინარე, იყო სისხლისღვრის დიდი საშიშროება. ნოდარის სახელმწიფოებრივი მიდგომა და სწორი გადაწყვეტილება რომ არა, აჭარაში 1991 წლის 22-23 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა.

- მოდით, ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ. რაში არ ეთანხმებით სასამართლოს?

- განაჩენი მსჯავრდებულ ასლან აბაშიძის მიმართ ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის ეპიზოდში არის უკანონო, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. მოსამართლეს არ ვეთანხმებით მურმან ომანიძისა და ასლან აბაშიძის დაჭრასთან დაკავშირებით. ასევე არ ვეთანხმებით და გაუგებარია, რატომ იტყუება მოსამართლე, როდესაც წერს, რომ ფოიესა და დერეფანში განხორციელებულ სროლებს თვითმხილველი არ ჰყავს.

- რა მოხდა ასლან აბაშიძის კაბინეტში?

- ასლან აბაშიძის კაბინეტში იმყოფებოდნენ: ნოდარ იმნაძე, ასლან აბაშიძე, ანზორ ჯაიანი, მურმან ომანიძე, არსენ სურმანიძე და მე, ნატო იმნაძე. მოწმე ანზორ ჯაიანი პროკურატურის კითხვას ასე პასუხობს: „იმ დროს, როცა ნოდარ იმნაძე შემოვიდა ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახში, მე მას შევხვდი პირისპირ დაახლოებით 4-5 მეტრში. მე ნოდარ იმნაძეს შევხვდი ხელგაშლილი, იარაღი ხელში არ მქონია, ნოდარ იმნაძეს ჩემი მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, მას შეეძლო, მოვეკალი ან დავეჭერი ავტომატით, რაც მას არ გაუკეთებია“.

მურმან ომანიძე ჩვენებაში წერს, რომ ორივე ფეხში იყო ავტომატის ტყვიებით დაცხრილული და მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ეს ფაქტი არც მოწმეთა ჩვენებებითა და არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება.

მოწმე მალხაზ ელიაშვილი, ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმი, ჩვენებაში წერს: „მინისტრთა საბჭოს ვესტიბიულში, პირველ სართულზე, იყო 10-15 კაცი … ჩვენ განვაგრძეთ გზა და კიბით ავედით მეორე სართულზე, სადაც დერეფანში, ხელმარცხნივ, კიბიდან დაახლოებით 3-4 მეტრის მოშორებით იყო ადამიანის გვამი, პირქვე ჩამხობილი, რომელშიც შევიცანი იმნაძე. გვამის დათვალიერების მომენტში გავიგონე ფეხის ხმა დერეფანში და, როცა უკან მოვიხედე, გვამისკენ მოდიოდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის შევიცანი ბატონი აბაშიძე, ბატონი ომანიძე და ჯაიანი“.

ეს ძალიან საინტერესო მომენტია. მურმან ომანიძე ხომ ამბობს. რომ ორივე ფეხი დაცხრილული ჰქონდა. თუ ასე იყო, როგორღა ახერხებდა სიარულს? ექიმი დეტალებში აღწერს ყველაფერს, რატომღაც ჩვენებაში არ ამბობს, რომ მურმან ომანიძე კოჭლობდა ან ფორთხვით მიდიოდა მისკენ. ექიმი არც იმას წერს, რომ ასლან აბაშიძეს სდიოდა თქრიალით სისხლი. ასლან აბაშიძეც ამტკიცებდა, რომ დაჭრილი იყო. საქმეში არ არის მურმან ომანიძის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, არც სამედიცინო ცნობა, რაც იმას დაადასტურებს, რომ ის დაჭრილი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროკურატურა და სასამართლო მაინც ურცხვად მიიჩნევს დადგენილ ფაქტად ომანიძის დაჭრას.

პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეში არსებული ფაქტობრივი მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ ასლან აბაშიძის კაბინეტში მხოლოდ ნოდარ იმნაძე იყო მძიმედ დაჭრილი, რომელმაც უკუსვლით დატოვა კაბინეტი და მძიმედ დაჭრილი გავიდა მდივნის ოთახში. ამას ადასტურებს ყველა მოწმის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნები.

როდესაც ნოდარი უკუსვლით, მძიმედ დაჭრილი, გავიდა მდივნის ოთახში, მას დაედევნა იარაღმომარჯვებული ასლან აბაშიძე.

როგორც მოსამართლე აღნიშნავს, ნოდარ იმნაძე აღარ წარმოადგენდა განსასჯელისთვის საშიშროებას და მას აღარ უნდა განეხორციელებინა დამატებითი გასროლები. მიუხედავად ამისა, ასლან აბაშიძე იარაღმომარჯვებული მისდევს მძიმედ დაჭრილ ნოდარ იმნაძეს მდივნის ოთახში, თავს ესხმის და ესვრის სახის არეში მაკაროვის სისტემის იარაღიდან. სწორედ აქედან იწყება მისი განზრახვა, რომ სისასტიკით გაუსწორდეს ნოდარ იმნაძეს.

ის, რომ ნოდარ იმნაძეს მდივნის ოთახში ასლან აბაშიძე გაეკიდა, სადავო არ არის და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტია. როცა მამაჩემი გავიდა ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახიდან და მიეყრდნო მისაღებ ოთახში მდგარ მდივნის მაგიდას, მასთან ახლოს მივიდა ასლან აბაშიძე, მამაჩემს პერანგში ჩასჭიდა ხელი და რამდენიმეჯერ ესროლა სახისა და მკერდის არეში. როგორც აღვიქვი, ასლან აბაშიძემ მამას ესროლა 3-ჯერ. ეს ჩვენება ჯერ კიდევ 1991 წელს მივეცი. მოსამართლე კი აცხადებს, თითქოს მე სადღაც ვამბობ, რომ ამ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

მძიმედ დაჭრილი ნოდარი ხელის კვრით ახერხებს, თავი დააღწიოს ასლან აბაშიძეს, რის შედეგადაც აბაშიძე წაიბორძიკებს. ნოდარი კარგავს წონასწორობას და, მძიმედ დაჭრილს, ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახის ღია კართან ხელიდან უვარდება ავტომატი. ის ბარბაცით, დიდი ნაბიჯებით გადის დერეფანში. ასლან აბაშიძე ნოდარის ავტომატს იღებს ხელში და ავტომატმომარჯვებული მისდევს მას დერეფანში. დავინახე, როგორ ესროლა ავტომატიდან.

საინტერესო ჩვენება აქვს მოწმე მურმან ომანიძეს. ის ჩვენებაში წერს: „დავინახე, რომ დაჭრილი იმნაძე ოთახიდან ძლივს გადიოდა. მას ხელში არცერთი იარაღი უკვე აღარ ეჭირა“.

ასლან აბაშიძემ გამოძიებას მოტყუებით ჩააბარა ლურჯი ფერის პიჯაკი. სინამდვილეში მას ნაცრისფერი ეცვა. მან შეგნებულად გამოცვალა, რადგან პიჯაკი ნოდარის სისხლით იქნებოდა დასვრილი. აბაშიძეს რომ იმ დღეს სხვა ფერის პიჯაკი ეცვა, ამას, ჩემ გარდა, იქ მყოფი სხვა პირებიც ადასტურებენ. არის კიდევ უამრავი დეტალი და მოწმეთა ჩვენებები. სამწუხარო ის არის, რომ ამ საქმის გამოძიება არცერთმა ხელისუფლებამ არ მიიყვანა ბოლომდე. არადა, ყველაფერი ხელისგულზეა.

- თქვენი აზრით, რატომ არ ხდება ამ საქმის ბოლომდე გამოძიება?

- ასლან აბაშიძეს ძალიან უნდა, რომ ამ საქმეში მართალი იყოს და ამ თემაზე წარმატებულად ვაჭრობს ყველა ხელისუფლებასთან. მისთვის მუხლის შეცვლაც არ არის შემთხვევითი. ალბათ, ნიადაგს უმზადებენ საქართველოში დასაბრუნებლად.

- თქვენ რას იზამთ?

- მე 26 წელია, სიმართლის დასადგენად ვიბრძვი და არც ახლა ვაპირებ გაჩერებას. მამაჩემის მკვლელობის შემდეგ აბაშიძე და მის კრიმინალური გარემოცვა კვლავ აგრძელებდა ჩემი და ჩემი ოჯახის დევნას. საქმეში თავის დროზე ბევრი გაყალბება მოხდა, ტყვიებთან დაკავშირებით, ექსპერტიზასთან დაკავშირებით, მოწმეების ჩვენებებში არის საპირისპირო ინფორმაცია და ეს მოითხოვდა დაზუსტებას, მოწმეების დაპირისპირებას, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გამოძიების მასალებში მაინც ნათლად ჩანს ასლან აბაშიძის მიერ სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება ასლან აბაშიძის მიერ ნოდარ იმნაძის მკვლელობის ნაწილში და, ნაცვლად 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენში დაკვალიფიცირებული 107-ე მუხლისა, ასლან აბაშიძის ქმედება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულით და სასჯელის ზომად განისაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ახალი თაობა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ რჩეულიშვილთან: „გუკა რჩეულიშვილი საპყრობილედან 11 აპრილს გამოდის

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დაპატიმრებული არიან. სასამართლომ მათ სააკაძის მოედანზე მდებარე ეპიზოდზე 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე პატიმრობაში რჩება რჩეულიშვილების ვაჟი –  გუკა რჩეულიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი კი უმძიმესი დიაგნოზით საავადმყოფოშია.

„ახალმა თაობამ“ მასთან საუბარი მოახერხა.

- ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ ექიმები? რამდენად დამაიმედებელია პროგნოზი?

- ექიმები რას მეტყვიან, სიმსივნეა და, როგორ განვითარდება პროცესი, ვინ რა იცის.

- თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, რომ კომაში იყავით. რამდენ ხანს იყავით ასე?

- ახლაც ძალიან ცუდად ვარ, ისევ საავადმყოფოში ვარ და თითქმის სულ მძინავს.

- ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და სამართალთან კავშირი არ აქვს. ასეა?

- ამ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს. დღეს ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი. მეც, მაიაც, რუსუდანიც – ყველანი პოლიტიკოსები ვართ. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. მე მიმაჩნია, რომ ამ საქმეს სულ სხვა საფუძველი აქვს.

- სხვაში რას გულისხმობთ?

- თავის დროზე სახელმწიფომ არ აიღო არავითარი ვალდებულება, რომ ცენტრ პოინტს დახმარებოდა, ყველაფერი მარტო კომპანიას აჰკიდა და თან ის ვალები, რაც სახელმწიფოს ჰქონდა, არ დაგვიბრუნა. ამან გამოიწვია ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ჩვენ დავდექით, გარდა ამისა, ხალხიც არ იხდიდა თანხებს და ამ ყველაფერს დაერთო ჩვენი ცუდი მომსახურებაც. მოკლედ, ყველაფერი ერთად მოხდა.

- ანუ თქვენში იყო პრობლემა?

- ვერ გეტყვით, რომ ყველაზე კარგი მომსახურება გვქონდა მთელ საქართველოში, მაგრამ ეფექტურობით ვერცერთი კომპანია ვერ შეგვედრებოდა. არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში ისეთი ეფექტური საწარმო, როგორიც „ცენტრ პოინტი“ იყო. მილიონი კვადრატული მეტრი არცერთ ქალს არ აუშენებია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

- ამ ყველაფერში რა არის პოლიტიკური? დაზარალებულები მოითხოვენ დაკმაყოფილებას, ბრალდების მხრიდან საუბარია თაღლითობასა და თანხების გაფლანგვაზე. აბა, არ უნდა მოეთხოვათ?

- მე გითხარით, რომ ჩვენი შეცდომებიც იყო. პოლიტიკური, იცით, რა არის?! მიშას უნდოდა დედისტირება ოპოზიციისთვის, შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა იმ ოპოზიციამ მოინდომა დედისტირება მიშასთვის და აი, ამ ყველაფერში მოყვა მაია და ახლა უკვე რუსუდანიც.

- პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობენ. ამაზე რას იტყვით?

- არ შესთავაზებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იცით, რა მოხდება?!

- რა?

- რა და ყველა დაზარალებული გარეთ დარჩება და მიადგება პროკურატურას. 25 დაზარალებულია კმაყოფილი მაიას დაკავებით, დანარჩენი 2.500 ფიქრობს, რომ ამით პროკურატურამ უფრო ცუდი საქმე გაუკეთა. დღეს დაზარალებულების დიდი ნაწილი პროკურატურის მიმართ არის აგრესიულად განწყობილი. მიხვდნენ, რომ მაიას დაკავებით მათ პრობლემას არაფერი ეშველება.

- ანუ პროკურატურა ზეწოლის ქვეშ არის დაზარალებულების მხრიდან?

- მე გითხარით, რომ უმძიმეს დღეში ვარ, ამაზე მეტი საუბარი არ შემიძლია. დღეს ჩემთვის ყველაზე სასიხარულო, რაც ხდება, არის ის, რომ, მთავარია, ჩემი გუკა გამოდის. მაია მაქსიმალურად აწამეს, რუსუდანი დააკავეს. რაღას იზამენ ახლა, თავებს ხომ ვერ მოგვაჭრიან?! კიბო მაქვს მე, კიბო აქვს მაიასაც. რუსუდანია ერთადერთი ჯანმრთელი და ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუკა გამოდის.

- როდის უშვებენ თქვენს ვაჟს? ამაზე არაფერი თქმულა პროკურატურის მხრიდან...

- 11 აპრილს გამოვა. გამოდის იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ვადა უთავდება, თორემ მათი კეთილი ნებით კი არ უშვებენ!

- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მაია და რუსუდანიც გამოუშვან?

- აღარ შემიძლია ამდენი საუბარი. გითხარით, რომ კიბო მაქვს და ვწევარ საავადმყოფოში. კაცი ფეხზე ვერ ვდგები. ამდენიც რომ გითხარით, არ გიკვირთ?!

„ახალი თაობა“, 03 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ მარინე ცუცქირიძესთან: „პროკურატურას საპროცესო გარიგებასა და ქონებაზე ყადაღის ახსნას ვთავაზობთ

სასამართლომ განაცხადა, რომ რჩეულიშვილების ქონებას ყადაღა მოეხსნა. ამ საკითხის შესახებ „ახალი თაობა“ რჩეულიშვილების ადვოკატ მარინე ცუცქირიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო მარინე, რა შეიცვალა განაჩენის გამოცხადების შემდეგ? ითქვა, რომ ცენტრ პოინტის ქონებაზე ყადაღა მოხსნილია. ასეა?

- ყადაღა არაფერზე არ არის მოხსნილი. ეს არის სასამართლოს განცხადება, რომელიც არ არის დაკონკრეტებული. ზოგადი განცხადებაა. მე ვფიქრობ, ალბათ, ეს არის ტექნიკური შეცდომა, რადგან არ მინდა ვიფიქრო, რომ სასამართლოს შეგნებულად შეჰყავს ხალხი შეცდომაში.

- მაშ, რაზეა საუბარი?

- რეალურად ყადაღა მოეხსნა ერთადერთ მიწის ნაკვეთს, რომელიც იყო გირაოში ჩადებული. როდესაც საქმე აღიძრა 2013 წელს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს გირაო შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიების სახით და სწორედ გირაოში იყო ჩადებული ეს მიწა 250 ათას ლარად თითოზე. კანონშია გაწერილი, როდესაც საქმეზე გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი, გირაოთი უზრუნველყოფილი უძრავი ქონება იყიდება და თანხა შედის ბიუჯეტში. ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთს მოეხსნა ყადაღა. ეს გაიყიდება აუქციონზე და თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში.

- და არ წავა დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად?

- არავითარ შემთხვევაში. არცერთი თეთრი არ წავა დაზარალებულებთან. დაზარალებულებთან ეს მიწის ნაკვეთი კავშირში არ არის. ეს იყო გირაოთი უზრუნველყოფილი ქონება და წაიღო ბიუჯეტმა. ეს ბევრად აღემატება 250 ათასს. ეს არის მილიონი ლარის ღირებულების ქონება, რომელიც წაიღეს ბიუჯეტში.

- დანარჩენი ისევ დაყადაღებულია?

- სხვას კი აბსოლუტურად არაფერს მოხსნია ყადაღა. ყველაფერი ისევ ისეა დაყადაღებული პროკურატურის მიერ და სწორედ ამას ვიხვეწებით, ეტაპობრივად ახსენით ყადაღა, გავასხვისოთ, არიან ინვესტორები და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

- პროკურატურა მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. ასეა?

- ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ თვითონ მრავალი თვეა და ჯერ კიდევ სანამ დააპატიმრებდნენ მაია რჩეულიშვილს, პირადად მაია და ჩვენც აქეთ ვთავაზობდით პროკურატურას საპროცესო შეთანხმებას. ჩვენ გვყავდა კარგი ინვესტორები და დღესაც გვყავს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს იძენენ საკმაოდ კარგ ფასად. ჩვენ ვითხოვდით, რომ აეხსნათ ყადაღა, რათა შეგვძლებოდა მიწის ნაკვეთების გასხვისება, ხოლო შემოსული ფული მიებმებოდა კონკრეტულ ობიექტებს და მათი დასრულება მოხდებოდა. იმასაც ვთავაზობდით, რომ გამოეყოთ ნებისმიერი პირი, გინდაც აღმასრულებელი, გინდაც პირთა ჯგუფი, ვინც აკონტროლებდა ამ თანხების მიზნობრიობას. მრავალი შეთავაზება იყო, თითქოს განიხილავდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერზე პროკურატურა არ დათანხმდა.

- მაშ, რას ნიშნავს ეს განცხადება?

- მე ვფიქრობ, რომ როდესაც ეს დაზარალებულები სასამართლოდან უკმაყოფილონი წავიდნენ პროკურატურასთან, რაღაც ხომ უნდა ეთქვათ და თქვეს, რომ თითქოს გვთავაზობდნენ საპროცესო გარიგებას. აქეთ ვთავაზობდით და დღესაც ვთავაზობთ. დღეს რეალურად არის ორი ინვესტორი, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული, რომელიც მზად არის, ჩადოს სერიოზული თანხები და ამ თანხით ძალიან ბევრი ობიექტი დასრულდება და ძალიან ბევრი დაზარალებული დაკმაყოფილდება. თუ ეს სერიოზული შემოთავაზებაა პროკურატურის მხრიდან და მართლა დაზარალებულებზე ზრუნავენ, ჩვენ მზად ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაზე და, რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმებას გავაფორმებთ. იმასაც არ ვითხოვთ, რომ ერთიანად მოეხსნას ყადაღა ყველა მიწას, ეტაპობრივად მოხდეს. მისცენ ინვესტორს თანხის ჩადების საშუალება, მანაც დაინახოს, რომ ქონებას ეხსნება ყადაღა, რათა მას ჰქონდეს სერიოზული დაინტერესება.

- საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში როგორია თქვენი პირობები?

- ჩვენ არ ვითხოვთ, რომ როგორც კი გაფორმდება საპროცესო შეთანხმება, მეორე დღესვე გამოვიდნენ მაია და რუსუდანი საპატიმროდან. ავიღოთ დასაკვირვებელი პერიოდი, ბუნებრივია, ოთხ წელს ვერ ავიღებთ. აიღონ რამდენიმე თვე და, რომ დააკვირდებიან, საქმე ნამდვილად კეთდება, ბუნებრივია, მერე უნდა გამოუშვან. პროკურატურის მხრიდან ამ პერიოდის განმავლობაში იყო ერთადერთი შეთავაზება.

- რა სახის?

- დააკმაყოფილეთ ყველა დაზარალებული, მერე გაგიფორმებთ საპროცესო შეთანხმებას და მერე მოგიხსნით ყადაღასო. ეს ხომ არასერიოზულია?! ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილებას ერთი და ორი მილიონი ხომ არ ჰყოფნის. სახლში ხომ არ უდევთ რჩეულიშვილებს ამდენი ფული, თანაც, ციხეში თუ იქნებიან და ქონება არ გააყიდვინეს, რანაირად დააკმაყოფილებენ?! ეს ცოტა არასერიოზული შემოთავაზება იყო. თუ იქნება რეალური და კონსტრუქციული შემოთავაზება, რა თქმა უნდა, პირველები ჩვენ ვართ დაინტერესებული საპროცესო შეთანხმებით და არა ის, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით თქვა, დააკმაყოფილე 6 ათასი დაზარალებული და გამოგიშვებთო. თუ დააკმაყოფილეს, ისედაც გამოვა მაია რჩეულიშვილი, ხომ?! იყოს რეალური შემოთავაზება და ჩვენ პირველები ვიქნებით თანახმა.

- ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ 11 აპრილს მისი ვაჟი გამოდის საპატიმროდან. თქვენ რა ინფორმაციებს ფლობთ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

- აპრილის შუა რიცხვებში გუკა რჩეულიშვილს 9-თვიანი ვადა უსრულდება. შესაძლოა, ეს ჰქონდა ბატონ ვახტანგს მხედველობაში. კოდექსითა და კონსტიტუციით არ შეიძლება, წინასწარი პატიმრობის ვადა აღემატებოდეს 9 თვეს. სწორედ ეს ვადა სრულდება და, თუ პროკურატურამ ვერ მოასწრო საქმის დასრულება სასამართლოში და განაჩენი ვერ მოესწრო, მაშინ გუკა რჩეულიშვილი, კანონის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს. ალბათ, ეს აქვს მხედველობაში ბატონ ვახტანგს.

კვირის პალიტრა“, 03 აპრილი, 2017 წელი

მშენებლობის არითმეტიკა

2008 წელს დაწყებული კრიზისის დროს 8 სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა მოიკლა თავი“ // „უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას უძრავი ქონების ფასის გაზრდა მოჰყვება

ემა ტუხიაშვილი

როგორ აფასებენ „ცენტრ პოინ­ტთან“ დაკავშირებულ მოვლენებს სამშენებლო დარგის ექსპერტები და რამდენად დაცულია მომხმარებელი დღეს?

ირაკლი როსტომაშვილი, “საქართ­ველოს მენაშენეთა ასოციაციისთავმჯდომარე: „წინა ხელისუფლების დროს “ცენტრ­ პოინტის” საქმიანობა წახალისებული იყო. გახსოვთ, ალბათ, პირდაპირ ეთერში დარეკავდა მაია რჩეულიშვილი და განაცხადებდა, რომ ამასა და ამას ჩუქნიან ბინას. იმ დროს “ცენტრ პოინტი”­ სამშენებლო ბაზრის დაახლოებით 25-30%-ს იკავებდა, იზრდებოდა, ვითარდე­ბოდა და მის მესვეურებსაც ჰქონდათ განცდა, რომ მუდმივად ასე იქნებოდა. გიდასტურებთ, რომ ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ამ ოჯახთან, მაგრამ­ როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ხშირად­ ვეკამათებოდი. მეტსაც გეტ­ყვით, იყო შემთხვევა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მივწერე, რომ დეველოპერული სექტორი საფინანსო სექტ­ორთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე სამშენებლო საქმიანობასთან. იმ პირობებში­, როცა ხდება ხალხისგან თანხების მოზიდვა,­ განვადებით უძრავი ქონების გაყიდვა და ა.შ., ეს უფრო ისეთ საქმიან­ობას ჰგავს, რომელიც ფინანსურ რეგულირებას საჭიროებს. პირდაპირ ვთხოვდი ეროვნულ ბანკს, ჩარეულიყო ამ სექტორის რეგულირებაში. მარტივად გეტყვით, რას ვითხოვდი: მაგალითად, თუ კონკრეტული მშენებლობა ჯდება 1 მილიონი დოლარი და კომპანია აპირებს, წინასწარ გაყიდვებით მოიზიდოს ეს თანხა, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ პროექტში­ მოზიდული სახსრებით, ანუ დეპოზიტარებისგან მიღებული ფულით, სხვა პროექტი წამოიწყოს. ის თანხა უნდა ყოფილიყო გარანტირებულად ხელუხლებელი, სანამ კონკრეტული ვალდებულება არ შესრულდებოდა.­

ჩემს ამ პოზიციას ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მათ შორის მაშინდელი ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძისგან, რომელიც ამბობდა, რომ ბიზნესს სრული თავისუფლება უნდა ჰქონოდა. იმ დროს აქტიურად მუშაობდა სამშენებლო სექტორში წინასწარი გაყიდვების­ სქემა და ეს არ იყო, როგორც ამას ხშირად უწოდებენ “ჰაერის გაყიდვა”. წინას­წარი გაყიდვა არის ფიუჩერსული, სამომ­ავლო გაყიდვა, რომელიც მიღებულია მთელ მსოფლიოში. ინვესტორიც ხომ ფულს კონკრეტულ პროექტში მოგების მიზნით აბან­დებს. ეს ხომ არ არის ჰაერის­ ყიდვა? ბორდოს რეგიონში, საფრანგეთში, რამდენიმე წლით ადრე იყიდება მოსავალი.

2008 წელს მოხდა ორი მნიშვნელოვანი რამ – აგვისტოს ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ასეთ არასტაბილურ გარემოს უძრავი ქონების ბიზნესი ყველაზე მეტად უფრთხის. მოხდა ისე, რომ გაყიდული ბინების ნაწილის დაახლოებით 60%-ის მეპატრონეებმა, რომლებსაც ნელ-ნელა უნდა შეეტანათ ფული კომპანიებში, გადახდა შეწყვიტეს, ზოგმა გაჭირვების, ზოგმაც გაურკვევლობის გამო. იმ დროს სახელმწიფოს ვეუბნებოდი, რამე ფორმით ჩართულიყო ამ პრობლემის მოგვარებაში, რადგან კრიზისის დროს 8 სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა მოიკლა თავი. ეს არ იყო საკმარისი სიგნალი, რომ სექტორში რაღაც მეტად მნიშვნელოვანი ხდებოდა?

რაც საქართველო დამოუკიდებელია, თბილისმა ოცამდე მთავარი არქიტექტორი გამოიცვალა. ყველანაირი ადამიანი იყო ამ თანამდებობაზე, მათ შორის პროფესიონალი, ასაკოვანი და ახალგაზრდა, პოლიტიკოსი, პარტიული ნიშნით შერჩეული, ძალოვანი სტრუქტურებიდან მოყვანილი, იურისტი, ვიღაცის დეიდაშვილი და ა.შ. ნუთუ ეს გზავნილი არ იყო ხელისუფლებისთვის, რომ ის, რაც სამშენებლო სექტორში ხდებოდა, მთავარი არქიტექტორის კი არა, ზოგადად, სისტემის ბრალი იყო. ახლა მივიდნენ იქამდე, რომ პოლიციის პოლკოვნიკია თბილისის მთავარი არქიტექტორი…

ისეთ მარაზმამდე ვიყავით მისული, რომ მახსოვს, ჩვენი სამშენებლო კომპანიის ხარჯით ბუკლეტები გამოვუშვით, სადაც ეწერა 5 რჩევა, რის მიხედვითაც უნდა ეყიდა ბინა მოქალაქეს. ვეუბნებოდით, რომ თუ ფასი გონივრულ თანხაზე დაბა­ლია, ესე იგი, სახლი არ აშენდება. შემდეგ, ასეც რომ ვერ გავაგებინე ხალხს, სატელევიზიო ეთერში ვთქვი – როცა ხედავთ, რომ ხინკალი 5-10 თეთრი ღირს, ესე იგი, იქ ხორცი არ არის, ან კატის ხორცი დევს. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ პერიოდში “ცენტრ პოინტი” მომხმარებელს საბაზროზე დაბალ­ ფასსაც სთავაზობდა და 24%-ად­ სესხებსაც იღებდა მოსახლეობისგან “ცენტრ პონტ ინვესტის” მეშვეობით. იმ პერიოდში ბანკები სესხებს 11-14%-ად გასცემდნენ, ესენი კი ხალხისგან თითქმის ორჯერ მეტად იღებდნენ.

ძალიან მარტივად ჩანდა ბევრი ხარვეზი სამშენებლო სფეროში. ამას ემატებოდა ისიც, რომ წინა ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში მენაშენეებს სხვადასხვა ნაგებობის აშენებას გვავალებდა, ბანკები კი გაცემულ სესხებზე უზარმაზარ საკომისიოებს გვარიცხავდნენ. ვაპროტესტებდით, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა.

ახლა გვყავს ორი დაზარალებული მხარე და არც ერთის საშველია და არც – მეორის. მე რომ ვიყო “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლების ადგილას, ვიფიქრებდი, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის ციხეში ყოფნაა. პირველად არიან მსჯავრდადებული, ქალები არიან, აუცილებლად შეეხებათ ვადამდე გათავისუფლება. რაც შეეხება დაზარალებულებს, სასამართლოს განაჩენის შემდეგ დავრწმუნდი, რომ არაფერი ეშველებათ. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ დაასრულებს შეჩერებულ მშენებლობებს? მე მაინც მგონია, რომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პირადად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, მათი ციხეში ყოფნით დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების არანაირი პერსპექტივა არა აქვთ.

არის ერთი არსებითი საკითხი, რასაც არავინ ახსენებს – კოოპერატიული ბინათმშენებლობები. რადგან დასაჭერი არავინაა, ამაზე პასუხისმგებელიც არავინ არის? სახელმწიფოს უკვე 30 წელიწადია, შიდა ვალად აქვს აღებული ამ ხალხის მიერ შეტანილი ფული. სამართლიანობა არ შეიძ­ლება შერჩევითი იყოს და ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. თავის დროზე სახელმწიფომ ეს ფული ვალად აღიარა და გადააგდეს ეს ხალხი. სააკაშვილი რომ ამბობდა, ამ ხალხის დასაკმაყოფილებელი ფული არ არისო, 27 ათასი მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება აქვს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაცემული თავისი გარემოცვისთვის.

წარსულის მაგალითის გათვალისწინებით, დღეს ყველა კომპანია ცდილობს, ობიექტი საკუთარი კაპიტალით ააშენოს. დასრულებული შენობის გაყიდვა უფრო სარფიანად შეიძლება და ცხადია, ბევრად მომგებიანია, ვიდრე მშენებარის. ბევრს ლაპარაკობენ უძრავი ქონების ფასზეც. მინდა განვმარტო, ერთია უძრავი ქონების გასაყიდი ფასი და მეორე – რა ჯდება აშენება. მაგალითად, თუ მშენებელი 1 000 კვმ-ის აშენებას აპირებს, არ იგულისხმება, რომ ათასივე გასაყიდია. აქედან შეიძლება 600 გაყიდოს, დანარჩენი კი – სარდაფი, სადარბაზო, ლიფტის შახტი არ იყიდება, მაგრამ ეს ხარჯი მშენებელმა უნდა გასწიოს. თუ ვიტყვით, რომ პირობითად 1 კვმ თეთრი კარკასის მშენებლობა ჯდება 250 დოლარი, ეს არ ნიშნავს უძრავი ქონ­ების თვითღირებ­ულებას. გასაყიდი ფართობის თვითღირებულება რომ მივიღოთ, 250 დოლარს დაახლოებით 30% უნდა დავუმატოთ. ამას ემატება კიდევ მიწის ღირებულება, გადასახადები, კომუნიკაციის ხარჯები, პროექტის საფასური, მისი შეთანხმება, მშენებლობის ლეგალიზაცია, გაფორმების, მარკეტინგის ხარჯები და სხვ. მშენებელი აშენებს 250-300 დოლარად და ყიდის­ უძრავ ქონებას 700-1.000 დოლარად­. იქ, სადაც 1.500 დოლარი ღირს 1 კვმ ფართი, ვნახოთ, 1 კვმ მიწა რა ღირს – დაახ­ლოებით იგივე ფასი აქვს. თბილისში საბინაო ფონდის დიდი ნაწილი ავარიულია, ამიტომ უძრავ ქონებაზე დიდი მოთხოვნაა. სამშენებლო ბუმი არა გვაქვს, მაგრამ ეს ბიზნესი მუშაობს და თუ ვნახავთ, როგორია მისი ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. სამშენებლო სექტორზეა პირდაპირ მიბმული სავაჭრო სექტორიც, რადგან ახალ ბინაში 100-დან 90-ს ახალი ნივთები შეაქვს”.

შოთა გუჯაბიძე, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი: „ბოლო 8 წელიწადში­ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი­ საკმაოდ გაიზარდა. 2008 წლის შემდეგ­ ვარდნა სერიოზული იყო. რა თქმა უნდა, პრობლემები დღესაც რჩება, მათ შორის, განაშენიანებასთან, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. თუმცა, მენაშენეებისთვის აპრილიდან ახალი კანონი ამოქმედდება, სადაც უსაფრთხოების ნორმები უფრო დეტალურად არის გაწერილი. ეს კი მშენებლობის ხარისხსაც გაზრდის, რასაც, შესაბამისად, უძრავი ქონების ფასების გაზრდაც მოჰყვება. დღეს ბაზარზე არსებული ფასები მეტ-ნაკლებად ადეკვატურია, რადგან თუ დროულად ვერ გაყიდი, დროულად ვერ ააშენებ შემდეგს და შესაბამისად, ვერ განვითარდები. ამიტომაც უძრავი ქონების ფასი ისეთი უნდა იყოს, რომ დროულად გაიყიდოს. რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდებას, მართალია, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მაინც ადგილობრ­ივია. თუმცა, არის მოთხოვნის ზრდის განსაზღვრული ტენდენცია ემიგრანტების, უცხოელების მხრიდან. მათ შორის, ისინიც ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას, ვინც საქმიანი ვიზიტით იმყოფება. ადრე თუ ეს ადამიანები ბინის დაქირავებასა და დაგირავებას არჩევდნენ, ახლა უკვე შეძენას ანიჭებენ უპირატესობას. ამას იმით ვხსნით, რომ ვითარდება ქვეყანა, აღარ ვართ იმ 90-იან წლებში და ეკონომიკურ ჭრილში ქვეყანა ვითარდება. ევროსივრცესთან დაახლოებას რომ ვცდილობთ, ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია”.

დღეს საოჯახო ბიზნესის 3 წევრი ციხეშია

6000-მდე დაზარალებული და 411 დაკითხული პირი, 157 საგამოძიებო მოქმედება და 5 ეპიზოდზე ჯამში 20 მილ­იონ ლარზე მეტი მითვისებული თანხა – “ცენტრ პოინტის საქმეზესასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, რომლის არგუმენტაცია საქალაქო სასამართლომ გაიზიარა, სამშენებლო კომპანიაცენტრ პოინტ ჯგუფისხელმძღვანელობამ მენაშენეების თანხები თაღლითურად მიითვისა, რამაც საბოლოოდ შეუძლებელი გახადა მენაშენეთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. შედეგად, დღეს საოჯახო ბიზნესის 3 წევრი ციხეშია, დაზარალებულები კი დახმარებას კვლავ ხელისუფლებას სთხოვენ.

კვირის პალიტრა“, 03 აპრილი, 2017 წელი

როდის და რა ფორმით გაიცემა უმუშევრობის კომპენსაცია?

სახელმწიფოსთვის ბევრად მომგებიანია, რომ უმუშევრები დროზე დაბრუნდნენ შრომის ბაზარზე, იპოვონ სამუშაო ან ახალი პროფესია შეიძინონ და თვითდასაქმებულები მაინც გახდნენ

ხათუნა ჩიგოგიძე

უმუშევრებს დახმარებას ყველა მოწინავე სახელმწიფოში უწევენ. ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოს მთავრობაშიც მიმდინარეობს, რასაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სიტყვებიც ადასტურებს: “ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზე მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. უნდა იყოს მიღებული ისეთი მოდელი, რომელიც ყველაზე ოპტიმალური და რეალისტური იქნება”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი და მიაჩნია, რომ ეს საკითხი პროფკავშირებისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით უნდა გადაწყდეს. რას ფიქრობენ ამ პრობლემაზე საქართველოს პროფკავშირები? – ამის თაობაზე “ბიზნესპრესნიუსი” გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა:

„უმუშევართა შემწეობა სოციალური დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია და არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, თუნდაც ნაკლებად განვითარებული, რომელსაც ეს მექანიზმი არ ჰქონდეს. უმუშევრობის კომპენსაცია ყველგან სხვადასხვაა. თურქეთში, მაგალითად, მინიმალური ხელფასი არის 500 დოლარი, ხოლო უმუშევრობის შემწეობა დაახლოებით 300 დოლარია. უმუშევრად დარჩენა შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს და თუ ასეთ ადამიანს სახელმწიფო არ დაეხმარება, ის ღირსეულად ვეღარ იცხოვრებს. უმუშევარმა შეიძლება გაყიდოს ყველაფერი, რაც აბადია, ბოლოს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვს შეუერთდეს და სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება მოითხოვოს. ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში მთლიანად სახელმწიფოზე ხდება დამოკიდებული.

ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ადამიანის გაღატაკებას არ უნდა დაელოდონ, რადგან ეს სახელმწიფოსთვის ძალიან წამგებიანია. ამიტომ სახელმწიფომ არ უნდა დაიზაროს უმუშევრისთვის დახმარების გაწევა, რომ ის რაც შეიძლება მალე დააბრუნოს შრომის ბაზარზე. სახელმწიფოს ამოცანაა, უმუშევარი ისევ გადასახადის გადამხდელად იქცეს და ღირსეული ცხოვრების პირობები შეინარჩუნოს. სამწუხაროა, რომ საქართველოში მოქალაქეები რჩებიან გრძელვადიან უმუშევრებად, რის გამოც წყალში იყრება თანხა, რომელიც მათზე სახელმწიფომ დახარჯა.

უმუშევარი ძალიან პასიურია, ბიუჯეტში თანხა არ შეაქვს, არ ყიდულობს არაფერს, ამიტომ სახელმწიფოსთვის ბევრად მომგებიანია, რომ უმუშევრები დროზე დაბრუნდნენ შრომის ბაზარზე, იპოვონ სამუშაო ან ახალი პროფესია შეიძინონ და თვითდასაქმებულები მაინც გახდნენ.

მოწინავე ქვეყნებში დასაქმების კომპანიებსაც კი უხდიან თანხას, რომ მათ სწრაფად დაასაქმონ უმუშევრები და რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს მათთვის უმუშევრობის კომპენსაციის გაცემა. ამავე დროს, უმუშევარი არ უნდა გაზარმაცდეს და თუ უარს იტყვის გადამზადებაზე ან შეთავაზებულ სამუშაოზე თუნდაც ქვეყნის სხვა კუთხეში, ნელ-ნელა უმცირებენ დანიშნულ შემწეობას და თუ მესამედაც უარს იტყვის, საერთოდ შეუწყვეტენ. ეს არის სწორი მიდგომა და არა ის, რაც ჩვენთან ხდება: უმუშევარი წლობით რჩება სამსახურის გარეშე და ბიუჯეტს ჩამოეკიდება ან საზღვარგარეთ მიდის და იქ იწყებს­ საქმიანობას – ორივე გზა სახელმწიფოსთვის უარყოფითი შედეგის მომტანია“.

————

„უმუშევრობის კომპენსაციის გაცემა ძალიან რთული საკითხია, ამიტომ, პირველ რიგში იმაზე უნდა ვიფიქროთ, საიდან მოვიტანოთ ეს თანხა, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სოსო არჩვაძემ: – ვფიქრობ, უმუშევრობის შემწეობა, ადრე თუ გვიან, საქართველოში მართლაც დამკვიდრდება, მაგრამ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მე ამ საკითხს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. უმუშევრობის შემწეობის დანიშვნა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და უკვე არსებული ადგილების ოპტიმიზაცია. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი თანხა შევიდეს ბიუჯეტში, ეკონომიკა გამოცოცხლდეს და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდოს. სწორედ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაა მთავარი და არა უმუშევრების დახმარებაზე ფიქრი. ნებისმიერი სახელმწიფო ზრუნავს, რომ მათი რიცხვი სულ უფრო მეტად შეამციროს. რა პრინციპით უნდა შევარჩიოთ უმუშევრები, რომლებსაც კომპენსაციას დავუნიშნავთ, ან რა დააშავეს ახალგაზრდებმა, რომლებსაც ცოდნა აქვთ, მაგრამ ერთი დღეც არ უმუშავიათ თავიანთი პროფესიით?“.

ეკონომიკის ექსპერტის თქმით, უმუშევრობის კომპენსაცია არც ისე მცირე უნდა იყოს, რომ ადამიანმა ვერ იარსებოს, მაგრამ არც იმდენი, რომ სამუშაოს პოვნის სურვილი დაკარგოს: “უმუშევრობის შემწეობა დროებით ინიშნება და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ვადით გასცემენ: ზოგიერთ ქვეყანაში 26 კვირით, ხოლო ზოგიერთში უფრო მეტი ხნითაც. გერმანიაში ეს ვადა ყველაზე ხანგრძლივია – 63 კვირა, ხოლო აშშ-ში უმუშევრები დახმარებას 26 კვირის განმავლობაში იღებენ. კომპენსაციის რაოდენობა ხელფასის მიხედვით განისაზღვრება: როგორც წესი, ის ხელფასის 40-60%-ია. თუ ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობის გაცემა დაიწყება, ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ქართულ რეალობასთან მორგება აუცილებლად უნდა შევძლოთ”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

კვირის პალიტრა“, 03 აპრილი, 2017 წელი

შავი ფული რკინის ყუთებიდან

საშიში ლიფტებივინკრიშავსლიფტების მაფიას // მათ ადამიანების სიცოცხლე აბარიათ. ჩვენ რომ გვქონოდა ინფორმაცია და შეგვემოწმებინა ის ლიფტი, 9 წლის გოგონა რომ შეიწირა, მაშინვე დავაკონსერვებდით

თეა ხურცილავა

თბილისისა და სხვა ქალაქების საცხოვრებელი კორპუსების დიდ ნაწილში ლიფტები სავალალო მდგომარეობაშია. დაჟანგული­ სისტემა, დაზიანებული კარი, ღიობები ლიფტის კაბინასა და კედელს შორის, არასათანადო განათება, ლიფტების ხშირი გაჭედვა – ეს ყოველდღიური რეალობაა. ახლახან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 9 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ პრობლემის სიმწვავე.

ვინ უზრუნველყოფს ლიფტების უსაფრთხოებას და ვინ უნდა აგოს პასუხი ტრაგედიის გამო? არსებობს კერძო აკრედიტებული მაკ­ო­ნტროლებელი ორგანოები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, მაგრამ ფაქტია, პრობლემა მოუგვარებელია.

——-

შპსსაქართველოს­ ლიფტების კომპანიის სერვისისდირექტორი გიორგი კობახიძე ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვს.

- რა ტრაგედიაც საბურთალოზე მოხდა, შემაძრწუნებელია. ის ლიფტი მანამდე რომ შემოწმ­ებულიყო, უბედურება არ დატრია­ლდებოდა. როგორც ჩანს, სიძველის­ გამო ბადე აღარ ვარგოდა. სულაც 5 ლარის ბადე რომ ეყიდათ და დაემაგრებ­ინათ, ბავშვი თავს ვეღარ შეყოფდა… ამ სფეროში სრული ქაოსია,­ სტრუქტურა მთლიანად მორღვეულია, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. არადა,­ ლიფტები ძალიან საშიშია, თუ ჩამოვარდა, ძალიან მცირეა გადარჩენის შანსი. შეიძლება ავტოკატასტროფას გადაურჩე, მაგრამ ლიფტის ჩავარდნისას გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთ დროს შეიძლება საპირწონეც კი მოწყდეს და დაიშალოს.

რამდენიმე წლის წინ საბურთალოზე კაბინა მოწყდა, მას საპირ­წონეც მიჰყვა და ჩაჭრა ჩავარდნილი კაბინა. კაბინაში მყოფი ქალი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ლიფტის კედელს იყო მიყრდნობილი და იმან გადაარჩინა. იყო შემთხვევა, როცა დიპლომატის შვილი და ძიძა ჩაცვივდნენ ლიფტში… ქუთაისშიც დაიღუპა­ მოქალაქე, რუსთავში შეკეთების დროს დაიღუპა ლიფტიორი­… შარშან შარდენზეც ჩამოვარდა ლიფტი, 5 კაცი იყო შიგნით. დაშავდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. სასაცილო კომენტარი გაკეთდა, ხტუნაობდნენ და იმიტომ ჩამოვ­არდაო. ეს აბსურდია. ლიფტი რამდენიმე ტონას უძლებს,­ მაგრამ­ დღემდე ჩვენს კორპუსებში უმეტესად ისევ კომუნისტების დროინდელი, ყავლგასული ლიფტებია.

- გამგეობები ხომ აფინანსებენ ლიფტების შეკეთებასა და მონტაჟს?

- ყველა კორპუსს ჰყავს ამხან­აგობის თავმჯდომარე და შეუძ­ლია, გამგეობას ლიფტის აღდგ­ენა­ მოსთხოვოს. გამგეობა 70-80 პროცენტით აფინანსებს, მაგრამ ლიფტს მოვლა სჭირდ­ება, ყოველთვიური გეგმური შემოწმება, რაც სტანდარტებით გათვალისწინებულია. როდესაც გამგეობები სამუშაოს აფინანსებენ, უნდა მოსთხოვონ ამხანაგობას, აუცილებლად რომელიმე კომპანიასთან ან ისეთ ფიზიკურ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება,­ რომელიც ნამდვილად სერტიფიცირებულია და იცავს­ ყველა წესს. 4 წლის წინ გამგეობის დაფინანსებით გამოცვლილი ლიფტი უკვე აღარ ვარგა­ და იმავე ამხანაგობას ახლის დასამონტაჟებლად ბიუჯეტიდან თანხას ისევ აძლევენ.

- ბევრ კორპუსში დამონტაჟებულია რკინის ყუთები, სადაც ფული იყრება, ეს თანხა არ უნდა მოხმარდეს ლიფტის შეკეთებას?

- ბიუჯეტში აქედან არაფ­ერი შედის და სახელმწიფო რამდენიმე მილ­იონს კარგავს.­ კერძო ლიფტიორის ინსტიტუტი ყველაზე შავი ლაქაა. ვის ჯიბეში მიდის ეს თანხები, წარმოდგენა არავის აქვს. ჩვენ 420 ლიფტი გვაქვს აღრიც­ხვაზე, მათ ყოვ­ელთვე დეტალურად ამოწმებენ ჩვენი ხელოსნები და ავსებენ აქტს, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე ან კორპუსის მობინადრე. შემდეგ ლიფტს მონიტორინგის სამსახური ამოწმებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ლიფტებზე, რომ იქ არავინ დაშავდება… ლიფტების მომსახურებაზე სხვა კომპანიებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ, მაგრამ, ძირითადად, ამ სფეროს კერძო პირები ემსახურებიან, რომლებიც შესამოწმებლად მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა ლიფტი გაფუჭდება.

მე ვიცი ორი კაცი, რომლებიც 300 ლიფტს ემსახურებიან. თითო რკინის ყუთიდან 250-300 ლარი ამოდის თვეში და წარმოიდგინეთ, 300 ლიფტის მომსახურების შემთხვევაში­ რა თანხები მიდის მათ ჯიბე­ებში.­ სტატისტიკას თუ გადახედავთ, ყველა ლიფტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო ლიფტიორის იყო… განსაკუთრებით სავალალო მდგომა­რეობაა გარეუბნებში. სერიოზული პრობლემებია ნუცუბიძეზე. თბილისში იმდენი საშიში ლიფტია, მე პირადად, ასეთ ლიფტებში არ შევდივარ.

დრო გადის, ლიფტები უფრო და უფრო ძველდება, ამიტომ გახშირდება ტრაგედიებიც. საჭიროა ხელ­ისუფლების სასწრაფო რეაგირება. მარტო თბილისში 9000-ზე მეტი ლიფტია უკონტროლოდ, ყუთებიდან ამოღებული არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ შედის. ამ კერძო ლიფტიორებს ჰყავთ ე.წ. კრიშა. ასე მარტივად ვერ მოჰკიდებ მათ ლიფტებს ხელს, შეიძლება მოკვლითაც დაგემუქრონ. ყოფილა შემთხვევა, მეც დამმუქრებიან. ყოველთვე მათთან შედის დიდი ოდენობით შავი ფული. ალბათ გახსოვთ ძმები ატალშიკოვების შემზარავი მკვლელობა, ერთი ძმა იყო ამ ბიზნესში და მომხდარი მკვლელობა სწორედ ლიფტების ბიზნესს უკავშირდებოდა. საკმაოდ ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი, როცა ლიფტების ბიზნესს ადამიანი შეეწირა. პრობლემა ძალიან მწვავეა და ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოსგან მკაცრი რეგულაციები და კონტროლი. დიდი კორუფციული გარიგებებია, უზარმაზარი თანხები ტრიალებს ამ სფეროში და არავინ იცის, რაში იხარჯება და რა მიმართულებით მიდის ფული. ფაქტია, არც ერთი თეთრი არ შედის ბიუჯეტში. მათთან გარიგებული არიან ამხანაგობის თავმჯდომარეები. შეიძლება 6-სადარბაზოიანი კორპუსის ლიფტიორმა ამხანაგობის თავმჯდომარეს მისცეს 300 ლარი და ის კმაყოფილი ჰყავდეს, თვითონ კი დიდი თანხა ჩაიჯიბოს ამ კორპუსიდან. ასეთი კორპუსი კი უამრავი აქვთ.

რას აკეთებს ამ დროს ფინანსური პოლიცია?! რას აკეთებს გამგეობა, რომელსაც ამის გაკონტროლება შეუძლია?! ეს ბიზნესი სერიოზული მაფიის ხელშიIა და მასთან ბრძო­ლა ადვილი არ არის. მაშინ გაურკვეველ ჯგუფს უნდა დაეჯახო, რაც ძალიან საშიშია. ყუთებიდან ამოღებული ფული ბიუჯეტში რომ შევიდეს და ისევ ლიფტების პრობლემას მოხმარდეს, მერწმუნეთ, ასეთი სავალალო მდგომარეობა ქვეყანაში არ იქნება. ლიფტების 70-80% გასაჩერებელია.

- ვინ უნდა აგოს 9 წლის ბავშვის სიკვდილზე პასუხი?

- იქ შახტის მთლიანობა­ იყო დარღვეული, ამას შეეწირა ბავშვის სიცოც­ხლე. ჩემი აზრით, პასუხისმგებელია ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე­, ასევე ის ლიფტიორი, რომელიც ემსახურებოდა­ კორპუსს. მიმაჩნია, რომ გამგეობის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს…

———-

ერთ-ერთი კომპანია, რომე­ლ­მაც აკრედი­ტაცია გაიარა და ლიფტებისა და სხვა საშიში ობიექტების უსაფრთხოების გამოვლენა ევალება, “სიეი ინთერნეიშენალია”.

კომპანიის გენერალური დირექტორი სანდრო შელია:

- ჩვენ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს კონკრეტულ დარღვევაზე ვაწვდით ინფორმაც­იას.­­ არავის ვაჯარიმებთ, ჩვენი ფუნქცია მხოლოდ გამოვლენა, ანგარიშის შედგენა და სერტიფ­იკ­ატის გაცემაა. საქართველოში­ რამდენი ლიფტია, არავინ იცის. ჩვენი­ მონაცემებით, 14 000-მდე და უმეტესობა თბილისშია. საბურთალ­ოს­ გამგეობას აღრიცხული აქვს 1 200 ლიფტი. სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსი, რომ ყველა ლიფტისთვის ჩაეტარებინა ინსპექტირება. ლიფტების უმრავლესობა­ ძალ­იან ცუდ მდგომარეობაშია. თითოეული ლიფტი ამხანაგობის საკუთრებაა… ჩვენ უმეტესად ის მოგ­ვმართავს, ვინც ახალ ლიფტს ამონტაჟებს. ამ პროგ­რამას მერია აფინანსებს. შემდეგ­ უნდა გაიაროს ინსპექტირება,­ რათა კომპანიამ მიიღოს სერტიფიკატი და მერიამ თანხა გადაურიცხოს… ჩვენ ვამოწმებთ მაშინ, როცა განცხადება შემოდის. არა გვაქვს უფლება, ვინმეს დავაძალოთ, ლიფტი შეგვამოწმებინოს.

ახლო მომავალში ვაპირებთ­ საპილოტე პროგრამის გან­ხორციელებას, ჩავატარებთ რამდენიმე ლიფტის ინსპექტირებას, რომ საერთო მდგომარეობაზე შეგვექმნას წარმოდგენა და გამგეობასაც ეცოდინება, როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა.

- თითქმის ყველგან დგას ყუთები და გროვდება თანხები, ვინც ემსახურება კორპუსს არ უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე?

- არიან კომ­პანიები,­ რომლებიც მხოლოდ ფულს იღებენ. აუცილებელია მომსახურეთა კომპეტენციის დადასტურება. მოსახლეობამ რა იცის, ვის ენდოს?! მათ ადამიანების სიცოც­ხლე აბარიათ. მთავრობამ სავალდებულო უნდა გახად­ოს ინსპექტირება. ჩვენ რომ გვქონოდა ინფორმაცია და შეგვემოწმებინა ის ლიფტი ვაჟა-ფშაველაზე,­ მაშინვე დავაკონსერვებდით.

- ამ ტრაგედიის მერე მაინც თუ შეამოწმებთ კორპუსებს?

- ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, დავარწმუნოთ ამხანაგობა, რომ ლიფტების ინსპექტირება აუცილებელია. ისევ სახელმწიფომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, დაჯარიმების ვალდებულება. ჩვენ ჯერ მხოლოდ 250-300 ლიფტი გვაქვს ინსპექტირებული, ეს კი ზღვაში წვეთია… დღეს თბილისში ძველი ლიფტების დიდი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ინსპექტირების შემთხვევაში, მათი 70-80% გასაჩერებელი გახდება. ამას კი მოსახლეობა ვერ შეეგუება. ამიტომ, სანამ ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებს, კარგი იქნება, ასეთ ლიფტებთან გაიკრას განცხადება: სიცოცხლისთვის საშიშია! მერე მოს­ახლეობამ თავად გადაწყვი­ტოს, შეუქმნას თუ არა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე.

———-

ჩვენ დავინტერესდით ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პოზიციითაც. როგორც გაირკვა, არც ისინი ამოწმებენ ლიფტებს, თუ შეტყობინება არ მიიღეს.

რატი ობოლაძე, ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე:

- ზედამხე­დველობის სამსახური ამოწმებს იმ ობიექტებს, რომლებზეც შეტყობინება შემოდის, რომ არსებობს საფრთხე ან მოხდა უბედური­ შემთხვევა. მოვუწოდებთ­ ყველას, გვაცნობონ ასეთი ფაქტები. ჩვენ ვამოწმებთ ახალდამონტაჟებულ ლიფტებსაც. როცა ის ექსპლუატაციაში შევა, ვამოწმებთ, რომ გამოირიცხოს რაიმე შეუსაბამობა, რამაც შეიძლება მომავალში საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. ასევე ვამოწმებთ მერიის თანადაფინანსებით პროგრამის ფარგლებში აღდგენილ ლიფტებს.

- სპეციალისტების თქმით, თბილისში ლიფტების უმრავლესობა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია

- არ ვეთანხმები ამ მოსაზ­რ­­ებას.­ საქართველოში 15 000-17 000-მდე ლიფტია. უბედური შემთხვევის რიცხვი კი არ არის დიდი – წელიწადში ერთი ან ორი(?!). როცა აღმოვაჩენთ დარღვევას, ვაწესებთ შესაკეთებელ ვადას. თუ კრიტიკული შეუსაბამობაა, მაშინ ვაჩერებთ. ფარული ექსპლუატაციისთვის ვაჯარიმებთ 1000 ლარით. დარღვევებიდან ხშირია საპი­რ­წონის არასწორი მუშაობა, გაჩერების სადგურის არასწორი გათანაბრება, მწყობრიდან გამოსული მექნიზმი,­ ან არ არის განათება, გაშიშვლებულია კაბელები… წელ­იწადში 800-1000 ლიფტს ვამოწმებთ, ყველას ვერ გავწვდებით. ახლახან დატრიალებულმა ტრაგედიამ უფრო თვალნათელი გახადა პრობლემის სიმწვავე. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მიზეზი, ჩვენც ვიყავით შემთხვევის ადგილზე.

- ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, თქვენი სააგენტო?

- მფლობელები ვალდებული­ არიან, მიიღონ ყველა ზომა, რათა ობიექტი წესრიგში იყოს. საჭ­ირ­ოა ინსპექტირება. ლიფტის მფლობელები ვალდებული არიან, მოგვაწოდონ ინფორმაცია. ჩვენ ის ობიექტი, ამხანაგობა, 100 ლარით დავაჯარიმეთ(?!), რადგან შეუტყობინებლობა კანონით ისჯება. როცა შემოწმდება ტექნიკური ნაწილი, ამისთვის ცალკე ჯარიმა განესაზღვრებათ 500 ლარის ოდენობით. აკრედიტებულმა ორგ­ანოებმა სწორედ იმაში აიღეს აკრედიტაცია, რომ შე­ამოწმონ ობიექტები და ლიფტის მფლობელი ვალდებულია მიმართოს მათ.

- ამ ტრაგედიის შემდეგ მაინც თუ შეამოწმებთ კორპუსებს? როგორც ამბობენ, სავალალო მდგომარეობაა ნუცუბიძეზე...

- გადავწყვიტეთ ჯერ შევამოწმოთ ის ლიფტები,­ რომელთაც ირგვლივ ცხაური აქვთ. ყველა ფაქტზე ვრეაგირებთ,­ მთავარია მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

P.S. მაკონტროლებელი ორგანოები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, პასუხისმგებლობას კი მომხდარ თუ მოსალოდნელ ტრაგედიებზე ყველა გაურბისეს სფერო ფულის საჭრელ მანქან­ად­ არის ქცეული და ცოტას­ თუ ადარდებს ადამიანების ბედი. დროა, ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყოს.

Comments are closed