globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 3rd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ დეპუტატ გიორგი ხეჩინაშვილთან: „ჩვენ, „ფორუმელები“, “ქართული ოცნების” რეჟიმში აღარ ვართ“

რეზონანსი//მთელი კვირა: ღარიბთა მილიონნახევრიანი არმია საქართველოში // ყველაზე უმწეო ხალხი რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში ცხოვრობს

——-

„ალია“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: რას პასუხობს იგი ალიასდავით უსუფაშვილის სკანდალურ განცხადებაზე?

——-

კვირის პალიტრა: პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება!.. // რისთვის ემზადება “ნაციონალური მოძრაობა”?!

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ქვეყანაში სამართლიანობა უშინაარსო სიტყვად იქცა“

კვირის პალიტრა: პენტაგონი საქართველოში ტანკების სწრაფად გადმოსროლაში ვარჯიშობს // რა სატრანსპორტო გზები არსებობს საქართველოში NATOს საბრძოლო ტექნიკის გადმოსასროლად, რამდენად სწრაფად შეიძლება ამის განხორციელება და როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი რუსეთმა ამ ჩანაფიქრს…

——-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ბიძინა ივანიშვილი თუ ძველ გუნდს დატოვებს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდება”

„ახალი თაობა“: რუსეთმა ანექსირებულ რეგიონებთან ახალი სამხედრო შეთანხმება დაამტკიცა // აფხაზეთს ფინანსური დახმარება არ შეუმცირდება

———————

რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ დეპუტატ გიორგი ხეჩინაშვილთან: „ჩვენ, „ფორუმელები“, “ქართული ოცნების” რეჟიმში აღარ ვართ“

თიკო ოსმანოვა

“ეროვნული ფორუმი” განსხვავებულ აზრს ყოველთვის პატივს სცემს. არის თემები, რაშიც არის თანხვედრა და რაშიც – არა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ასე რომ, “რესპუბლიკელებისა” და “ქართული ოცნების” დაპირისპირებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ვფიქრობ, ეს კერძო დავაა – ჩვენ აღარ ვართ “ქართული ოცნების” რეჟიმში. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხზე მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყეტილებას პარტიის წევრებთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “ეროვნული ფორუმის” წევრი, დეპუტატი გიორგი ხეჩინაშვილი.

“საბავშვო ბაღების რეფორმასა და “რესპუბლიკელებისა” და “ოცნების” დაპირისპირებაზე “რეზონანსი” უმცირესობის დეპუტატ გიორგი ხეჩინაშვილს გაესაუბრა.

გიორგი ხეჩინაშვილი: საბავშვო ბაღების რეფორმა რომ საჭიროა ფაქტია, ეს ჩემი პირადი პოზიციაა ამ საკითხზე “ეროვნული ფორუმის” სახელით ვერ ვილაპარაკებ, რადგან ეს თემა ფრაქციის ფორმატში ჯერ არ განგვიხილავს.

- ამ საკითხის განხვილვის დროს “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის შეკამათება მოხდა. თქვენ პირადად რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- რაც შეეხება საბავშვო ბაღების რეფორმას, გეტყვით, რომ მხარს ვუჭერ “ქართული ოცნების” ვარიანტს, იმიტომ, რომ სხვა უკეთესი ვერაფერი ვერ ვნახეთ.

- ალტერნატიული წინადადებები ჰქონდა “რესპუბლიკურ პარტიას”, რამაც უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია…

- “ეროვნული ფორუმი” და პირადად მე განსხვავებულ აზრს ყოველთვის პატივს ვცემთ. არის თემები, რაშიც არის თანხვედრა და რაშიც არა. ეს ჩვეულებრივი პროცესია – ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

- თუმცა ეს “რესპუბლიკელებისა” და “ოცნების” დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური მოხდა რამდენიმე დღის წინაც…

- ეს ჯობია მათ ჰკითხოთ, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ცალკე ვართ. არ ვართ “ქართული ოცნების” ფორმატში. ყველას თავის პოზიცია აქვს. კამათი ყოველთვის მისაღებია, თუკი დაცული იქნება სტანდარტი. კამათის გარეშე არ ხდება არაფერი.

- და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაპირისპირება? ხელი არ შეეშლება გადაწყვეტილებების მიღებას და საპარლამენტო საქმიანობას?

- ვფიქრობ, ეს კერძო საკითხია. არ ვიცი, გამოიწვევს თუ არა ეს განხეთქილებას.

- და, “ეროვნული ფორუმი” ვის დაუჭერს მხარს?

- ჩვენ ყველა საკითხს გავივლით ფრაქციულად და დავაფიქსირებთ ერთიან პოზიციას.

- “ეროვნული ფორუმი” “ოცნებასთან” ოპონირებას რა ფორმით აპირებს?

- ოპონირებას, რასაკვირველია, ვაპირებთ, მაგრამ ეს იქნება ოპონირება არა ზოგადად ოპონირებისთვის, არამედ კონკრეტულ თემებთან მიმართებაში. სწორედ ახლა ჩვენი საექსპერტო ჯგუფის წევრები მუშაობენ გარკვეული მიმართულებებით და ვამზადებთ თემებს, რომელთა ირგვლივაც გვექნება ოპონირების ფორმატი. ეს იქნება კრიტიკა და, ასევე, პრობლემის გადაწყვეტის ალტენატიული გზების ძიება. ასე რომ, არა მარტო პრობლემების იდენტიფიცირება, გახმაურება მოხდება, არამედ ამ პრობლემის გადაჭრის გზასაც წამოვაყენებთ.

- გაქვთ უკვე კონკრეტული თემა, რაშიც “ოცნებას” მხარს არ დაუჭერთ და ოპონირების რეჟიმში გადახვალთ?

- ახლა თავს შევიკავებ, თუმცა ზოგადად მაინც ვიტყვი, რომ არის ზოგიერთი ასეთი საკითხი, მაგალითად საარჩევნო კოდექსი. ამასთან დაკავშირებით იხილება რამდენიმე ვარიანტი, არის საინტერესო წინადადებები როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ასე რომ, იქნება ოპონირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კატეგორიული იყო გადაწყვეტილების მიღების დროს.

- და თუ არ იქნება თქვენი აზრი გათვალისწინებული, რას აპირებთ?

- თუ ჩვენს წინადადებს არ გაითვალისწინებენ, გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენი ინსტრუმენტია ამა თუ იმ თემის შეფასება და შემდეგ პრესკონფერენციების გამართვა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 მაისი, 2016 წელი

ღარიბთა მილიონნახევრიანი არმია საქართველოში

ყველაზე უმწეო ხალხი რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში ცხოვრობს

ელზა წიკლაური

საქართველოს ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 44%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, სადაც სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 6,5% იღებს, შემდეგია თბილისი – 7,3%, მესამე ადგილს კი ქვემო ქართლი იკავებს – 8%.

რაჭის ანალოგიურად, მძიმე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, ინვესტიციების სიმცირე და წარმოების დაბალი დონე, მეორე მხრივ კი, შობადობის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიგრაციაა. მთლიანად ქვეყანაში კი ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა 38%-ს (1 მლნ 413 ათასი კაცი) შეადგენს, სწორედ მოსახლეობის ეს რაოდენობა თვლის, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სახელმწიფოს შემწეობა სჭირდება.

“ბიზნეს-რეზონანსმა” სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საგანგაშო ვითარება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ღატაკია. იქ მოსახლეობის 44,4% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი კი რეგიონის მოსახლეობის 73,8%-ს აქვს დაწერილი. ბოლო აღწერით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში სულ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 23 629 თვლის, რომ ღარიბია, 14 229 კი საარსებო შემწეობას იღებს.

ღარიბი მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში 263 383 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც საარსებო შემწეობას 54 935 ადამიანი იღებს, ანუ რეგიონის მოსახლეობის 20,8%. 126 263 ადამიანი, ანუ 50% კი თვლის, რომ ღარიბია, სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და სპეციალური განაცხადი აქვს შეტანილი სოციალური მომსახურების სააგენტოში.

რიგით მესამე ღატაკი რეგიონი – მცხეთა-მთიანეთია, სადაც საარსებო შემწეობას მოსახლეობის 19,8% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას უფრო მეტი, 41,6% გამოთქვამს. რეგიონში სულ 94 500 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას იღებს – 18 702, განაცხადი კი დაწერილი აქვს 39 319 ადამიანს.

შემდეგ მოდის კახეთი, სადაც საარსებო შემწეობა რეგიონის მოსახლეობის 17,8%-ს აქვს დანიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში კი რეგისტრირებულია 41,1%. სულ კახეთში 318 583 ადამიანი ცხოვრობს.

სიღარიბის დონით შემდეგია გურია, სადაც საარსებო შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 15,5% იღებს, თუმცა ღარიბობაზე პრეტენზიას 57,7% გამოთქვამს. გურიაში სულ 113 350 ადამიანი ცხოვრობს.

გურიას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონში სულ 330 761 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 46 622 ადამიანი, ანუ 14% ღარიბია, სოცსააგენტოში განაცხადი კი 154 123 ადამიანს, ანუ 46,6%-ს აქვს დაწერილი.

სოცმომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იმერეთში საარსებო შემწეობას 75 619 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 14,1%-ს შეადგენს. პარალელურად 238 972 ადამიანი, ანუ 44,7% თვლის, რომ ღარიბია და სოცსააგენტოს ბაზაშია რეგისტრირებული. იმერეთში სულ 533 906 ადამიანი ცხოვრობს.

ყველაზე უკეთ სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. რეგიონში სოციალურ შემწეობას მხოლოდ 6,5% იღებს, თუმცა ღარიბობის პრეტენდენტთა რაოდენობა აქაც მაღალია, დაახლოებით 42,6%. სამცხე-ჯავახეთში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. უკეთესობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა თბილისი. დედაქალაქში ღარიბი 7,3%-ია, რიგში კი 24,8%-ია. მესამე ადგილზე ქვემო ქართლია. აქ ღარიბი სულ რეგიონის მოსახლეობის 8%-ია, სოცსააგენტოს ბაზაში კი რეგისტრირებული 29,7%. ქვემო ქართლში ბოლო აღწერის მიხედვით 423 986 ადამიანი ცხოვრობს.

რაც შეეხება აჭარას, ბოლო აღწერის მიხედვით, იქ 333 953 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 10,6% იღებს, სულ 35 635 ადამიანი, სიღარიბეზე პრეტენზიას კი 162 010 ადამიანი, ანუ 48,5% აცხადებს.

სოციოლოგი ავთო სულაბერიძისთვის რაჭა-ლუჩხუმში სიღარიბის მაღალი დონე მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, სადაც დიდია მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელიც – 25-30%.

“ფაქტობრივად, ინვესტიციები იდება თბილისში და ეკონომიკური თვალსაზრისით მხოლოდ დედაქალაქი ვითარდება. რეგიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ტრანსფერების იმედზეა, რომლებიც სოციალური ხასიათისაა. მოსახლეობა არის სახელმწიფოს კმაყოფაზე, ანუ იგი მომხმარებელია და არაფერს აწარმოებს. მას ერთადერთი სოფლის მეურნეობა აქვს”, – ამბობს ავთო სულაბერიძე და დასძენს, რომ სადაც დიდია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება, ის რეგიონი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. რაჭა-ლეჩხუმში არც სოფლის მეურნეობაა განვითარებული და არც მრეწველობა.

“თბილისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელმა უკვე შესამჩნევად იკლო. ამას განაპირობებს სახელმწიფო პოლიტიკა. სულ ვამბობ – უნდა განვითარდეს საშუალო და პატარა ქალაქები! სამწუხაროდ, ინვესტიციები იქ არ იდება. ამიტომ მოსახლეობა მოდის თბილისში, რეგიონებში კი დაუსაქმებელი ხალხი რჩება”, – ამბობს ავთო სულაბერიძე.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე რაჭა-ლეჩხუმში არსებულ პრობლემას ბიზნეს აქტიურობის დაბალი დონით, ინვესტიციების სიმცირითა და მოსახლეობის დაბერებით ხსნის.

“საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეკონომიკური განვითარების დონით, სამეწარმეო აქტიურობით დედაქალაქი გამოირჩევა და თბილისში, სადაც მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ცხოვრობს, ბიზნეს-აქტიურობისა და ბრუნვის დაახლოებით 72-75% მოდის.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი – ეს არის სამეწარმეო აქტივობის დაბალი დონე და მეორე ის, რომ ამ რეგიონში მაღალია საპენსიო ასაკს მიტანებული მოსახლეობა და მცირეა შრომისუნარიანთა რაოდენობა, ანუ ისინი, ვინც უშუალოდ უნდა შექმნას დოვლათი და უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა. დაბალი შობადობის და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო საშუალო ასაკი ძალიან შემცირდა. ამ რეგიონში შემოსავლის ძირითადი წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა”, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს და ქვემო ქართლს, ამ რეგიონებში ღარიბი მოსახლეობის სიმცირის მიზეზი შობადობის მაღალი მაჩვენებელი და შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობაა.

“ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მოსახლეობის ბუნებრივი მატება საგრძნობლად აღემატება საშუალო მაჩვენებელს. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი მაღალია და თანაც, ამ ორ რეგიონს ეკონომიკური ზრდის მეტი პოტენციალიც გააჩნია”, – დასძინა არჩვაძემ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.

მთავრობამ რეგიონების ეკონომიკური სტიმულირებისთვის თვითმმართველობის რეფორმა კი გაატარა, მაგრამ ამ რეგიონებში ფულის დატოვება დაენანა და ისინი ფინანსურად ისევ სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმული დატოვა. მართალია, რაიონებში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით), მაგრამ ჯერჯერობით მას მოსახლოების ცხოვრების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

სოსო არჩვაძის თქმით, თუ გვინდა, რომ რეგიონი და მთა განვითარდეს, ბიუჯეტიდან ტრანსფერი და სოციალური დახმარება არ იქნება საკმარისი, აუცილებელია დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაც. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის რეგიონებში სოციალური მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

———————–

„ალია“, 02 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: რას პასუხობს იგი ალიასდავით უსუფაშვილის სკანდალურ განცხადებაზე?

(ამონარიდი)

„ყველა გამონათქვამი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი ამბობს, საკმაოდ გულდასმით არის შესწავლილი არავის სჭირდება ევროპაში თავისი დაზვერვის ამოქმედება და არც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ჩანაწერების გაშიფრვა – ამისთვის საკმარისია ჩვენი ოპოზიცია, რომელიც ვინ სად რა თქვა, დეტალურად აწვდის ინფორმაციას ევროპარლამენტს. ამიტომ, თპფაძე რამდენჯერაც იტყვის, რომ სტაილინის სურათი უნდა ეკიდოს ოთახში, იმდენჯერ ეს იქნება ტირაჟირებული ევროპის პარლამენტში. ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, ჩახვალ თუ არა ევროპარლამენტში, გეუბნება, რომ საქართველო უბრუნდება სტალინიზმს.

ამაზე ჩვენ ვაკეთებთ რეაქციას. მახსოვს, ევროპარლამენტში ვიყავით მე, თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე, როცა სტალინური ნოსტალგიები გაჟღერდა საქართველოში პოლიტიკოსთა მხრიდან და ჩვენ მოგვიწია მაშინ ერთობლივი განცხადების გაკეთება და გამიჯვნა ამ გამონათქვამებისგან. მიუხედავად ამისა, ასეთი გამონათქვამები მრავლდება. თოფაძის გარდა ეს გაიმეორეს სხვა პარლამენტარებმა – ზოგმა თქვა ნატო არ გვინდა, ზოგმა – რუსეთთან სხვაგვარი საუბარია საჭირო, ნეიტრალიტეტი გვჭირდება და ა.შ. ესენი ივნენე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები, ხელისუფლების გუნდის წევრები. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვხვდება იქ, ევროპარლამენტში, სადაც წყდება ჩვენი საკითხები, ყველაფერ ამას დეტალურად გვიყვებიან, რომ ჩავდივართ. გაგიკვირდებათ, და გორში საკრებულომ რა იმსჯელა, ამასაც დეტალებით მოგახსენებენ. გასაგებია, რომ მათ ჰყავთ “შესანიშნავი” ინფორმატორები, რომლების ამ ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ სწორედ იმისთვის, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება ევროპარლამენტში, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის სტალინის მომხრე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა ასეთი მკვეთრი განცხადება, მანამდე ზუსტად ასეთივე, ანალოგიური განცხადება ევროპის სხვა დედაქალაში, სტრასბურგში გააკეთა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის ცალკეული არაკორექტული გამონათქვამები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ხელისუფლება ებრძვის სტალინიზმს და გვაქვს სპეციალური კანონი – იგულისხმება “თავისუფლების ქარტია”, რომელიც გმობს ტოტალიტარულ, კომუნისტურ წარსულს. უსუფაშვილის განცხადება არაა კავშირში პარტიულ ოპონირებასთან, პირიქით, ვინც ამბობს, რომ სტალინი კარგია, ისაა ხელისუფლებასთან ოპონირებაში. და ის, რომ ახალგაზრდა უსუფაშვილი როდესღაც იყო რაღაცის წევრი, ამით კანონი არ ირღვევა და დღეს არაა აქტუალური“.

———————–

კვირის პალიტრა“, 02-08 მაისი, 2016 წელი

პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება!..

რისთვის ემზადებანაციონალური მოძრაობა“?!

ნათია დოლიძე

არცთუ ისე დიდი ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცხადე­ბდნენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებდა­ დიდი უპირატესობით გამარჯვებას. დღეს მათი რიტორიკა აშკარად შეცვლილია ” “ნაციონალები” თავდაჯერებით აცხად­ებენ, რომ არჩევნების შემდეგ სწორედ ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. აქეთ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “იმუქრება”, რომ არჩევ­ნების შემდეგ­ “ეგრევე დაბრუნდება საქართველოში”, იქით გივი თარგამაძე მოუწოდებს პოლიციელებს, “სამი თვე მოითმინონ”… შეცვლილია ტაქტიკაც ” აგრესიული საპროტესტო აქციები (ერთი მაგა­ლითი რამდენიმე დღის წინ მერიასთან ვიხილეთ), რომლებიც “მოდი, დამარ­ბიეს” მეთოდს უფრო წააგავს. ამან­ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუჩინა კითხვები ” ხომ არ ემზადება “ნაცმოძრაობა” კარგად გათვლილი რევოლუციური სცენარისთვის? საქართველოში მდგომარეობის დაძაბვა და ქაოსის შექმნის მცდელობა გამ­ოიწვევს იმას, რომ ქვეყანა კარგა ხნით დაემშვიდობება ევროინტეგრაციას და ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით უკან გადადგამს გიგანტურ ნაბიჯს. პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებას დაეკისრება(!).

ქართულ ოცნებას ეგონა, ურჩხულის გადმობირებას შეძლებდა, მაგრამ

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

“ნაც­მოძრაობის” ბოლოდროინდელ მოქმედებებში აშკარად ჩანს, რომ ამის უკან პოლიტტექნოლოგიური გათვლებია და ეს ყველაფერი რევოლუც­იური სცენარის ნაწილია.
თუნდაც ის, რომ ერთი ადამიანი ” ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ ამოღებული მიზანში. დააბრალო ადამიანს ის, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია, ესეც პოლიტტექნოლოგიურად ნაცადი ხერხია. მაგალითად, ივანიშვილისთვის ბუნებასთან ურთიერთობა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ამ მიმართულებით. ვიცი, რომ აბსოლუტურად უანგაროდ ტყის მასივების განახლებას აფინანსებს ისე, რომ ამაზე არც ლაპარაკობს, ამხელა სანერგე­ აჩუქა სახელმწიფოს და ნახეთ, ერთი ხის გადარგვაზე რა ამბავი ატეხეს. “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ამოცანაა, არეულობის ინსპირირებით როგორმე მოახერხონ არა ის, რომ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვონ, არამედ ის, რომ ხელისუფლება დამარცხდეს­ და ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნას. მესმის იმ ადამიანების, ვინც ამბ­ობს, რომ “ნაცმოძრაობის” ასეთი მოძლიერება ხელისუფლების უუნა­რობისა და მისი შეცდომების ბრალია. ეს უკვე სახელმწიფოს უქმნის პრობლემას. გავიხსენოთ კოაბიტაციის თემა,
მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი ამ ფორმით კოაბიტაციის, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები მიმტკიცებდნენ, ეს დასავლეთის უპირობო მოთხოვნააო. არადა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ითხოვდნენ კოაბიტაციას­ პოლიტიკურ ძალასთან და არა დამნაშავე რეჟიმთან, თუმცა, ეს რატომღაც არ გაითვალისწინეს და ამის შედეგია, რომ დღეს ხელისუფლებაში კვლავაც კოლექტიური მურუსიძე გვყავს.

ამ ხელისუფლების ტრაგედიად იქცა ის, რომ სააკაშვილის დანა­ტოვარ სისტემასთან ურთიერთობაში გარკვეული კომფორტი იგრძნეს, იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც სისტემური დანაშაულის ტექნიკურად შემსრულებლები იყვნენ. დღეს ეს ხელისუფლება ამ სისტემის მძევლად არის ქცეული­. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, კოაბიტაციის ფარგლებში დაეწყოთ ამ ურჩხულთან თანამშრომლობა, იმ იმედით, რომ მის გადმობირებას და მართვას შეძლებდნენ, მაგ­რამ ასე არ მოხდა.

ეს არის ადამიანების კასტა, რომელთა გარყვნილება მემკვიდრეობით გადადის ხელისუფლებიდან ხელისუფლებაზე. მათთან საქმის დაჭერა იყო “ქართული ოცნების” ფატალური შეცდომა, ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ურჩხული ხელისუფლების შეჭმას აპირებს და მოახერხებს კიდეც, თუ არ ეყო ხელისუფლებას ჭკუა, არ გამოფხიზლდა და ეფექტიანად არ დაიწყო მოქმედება.

გავიხსენოთ ათასობით ფარული ჩანაწერი, რომელიც დღესაც ყოფილი ხელისუფლების ხელშია. როდესაც “ნაციონალები” მიიჩნევენ, რომ დადგა სახელისუფლებო ან საარჩევნო გადატრიალების დრო, სწორედ მაშინ ამუშავდება კომპრომატებით “მასობრივი­ მართვის” სისტემა და იმ ადამიანებმა, ვინც დღემდე რჩებიან სახელისუფლებო სტრუქტურებში, პროცესების რევოლუციური განვითარების რეჟიმში შესაძლოა, დაიწყონ საბოტაჟი, სხვადასხვა დესტრუქციული აქციების ინსპირირება, რისი მიზანიც ხელისუფლების ინსტიტუციური ჩამოშლა იქნება.

მე გესაუბრებით ძალიან დიდ და მას­შტაბურ რევოლუციურ ოპერაციაზე, რომლის დაგეგმვის და განხორციელების რესურსი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, თუმცა საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის გაძლიერების გარეშე ეს არ გამოვა. დღეს ამის საფუძველი თით­ქოს არ ჩანს, თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება,­ ვინ იცის? მით უფრო, თუ ხელის­უფლებამ კვლავაც ასე დახუჭა თვალი და სააკაშვილისეული სისტემისგან გათავისუფლება არ სცადა. თუ ისევ გააგრძელეს ამ ურჩხულთან თამაში და არ გამოფხიზლდნენ, პირველ რიგში, თავად დაზარალდებიან და ქვეყანაც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. დემოკრატია არ გულისხმობს დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენებთან თანამშრომლობას და მათ თავის ნებაზე მიშვებას, დემოკრატია კანონის უზენაესობაა, რაც თავის მხრივ, მკაცრი ზომების გატარებასაც გულისხმობს.”

ჰუმანურობა ხალხს ახალ უბედურებად არ უნდა ექცეს

დათო მაღრაძე პოეტი:

„ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აშკარად მიღებული აქვთ ბელადისგან დავალება, იუზრდელონ, ითავხედონ, მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია, მათ სურთ არეულობა, რის უსუსურ მცდელობებსაც ვხედავთ, თუმცა, ჩემი აზრით, მიზანს ვერ მიაღწევენ. 2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა რეჟიმი, რომლის მსგავსიც, როგორც წესი, კატასტროფულად ასრულებს არს­ებობას. ჩვენთან ასე რომ არ მოხდა, ეს ქართველი ხალხის მაღალ სამოქალაქო კულტურასა და ჰუმანურობაზე მეტყველებს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ მოიმკა ის, რაც დათესა, ოღონდ ეს ჩვენს ხალხს ახალ უბედურებად არ უნდა ექცეს.­ ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ნება და უზრუნველყოს სტაბილურობა ქვეყანაში.

დიახ, ნამდვილად იმხელა იყო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულის მასშტაბი, რომ მას ადეკვატური პასუხი ვერ გაეცა.­ სასაცილოა, დღეს ქვეყნის ბედზე “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მხარდამჭერების ვიშვიში, თითქოს შვეიცარია გადააბარეს “ქართულ ოცნებას” და ამათ საქართველოდ აქციეს. სასაყვედურო შეიძლება ბევრი აქვს “ქართულ ოცნებას” და მთავრობას, მაგრამ არა მათგან. მაგალითად, ნამდვილად იმსახურებს საყვედურს მთავრობის არაჯანსაღი საკონცერტო ვნებ­ები. ეს სერიოზული შეცდომაა. კულტურის სამინისტროს ვალდებულება არ არის, შოუბიზნესი ბიუჯეტის პრიორიტეტად აქციოს.

კვირის პალიტრა“, 02-08 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: “ქვეყანაში სამართლიანობა უშინაარსო სიტყვად იქცა

რუსუდან შელია

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე დიდ ბრიტანეთში ვესტმინისტერის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას უარი უთხრა, ქართულმა­ მხარემ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა არ გამოიყენა და მის ძალაში შესვლას­ მშვიდად დაელოდა. დავით კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა კი გადაწყვეტილება სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინა და მოსამართლე ნინო ელიაშვილს შუამდგომლობით მიმართა, რათა ბრალდების საქმეს,­ რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხება, მტკიცებულებად დაერთოს. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო. პროკურატურის უმოქმედობაზე “კვირის პალიტრას” უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრა:

- დავით კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო აგვისტოს ომის დროს, ამ ომში კი ქართველები სამარცხვინოდ დავმარცხდით. დამარცხების გარდა, საკუთარი მოქალაქეების წინაშე დანაშაულიც ჩავიდინეთ და მტერთან ბრძოლისას ბედის ანაბარა დავტოვეთ. თავდაცვის მინისტრს ამაზე პასუხი არ უნდა ეგო?! არ გამოვრიცხავ, კეზერაშვილზე ხელის დაფარება იმითაც არის განპირობებული, რომ მას ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს…

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურა დიდი ხნის წინ დადგმულ სცენარს დღესაც წარმატ­ებით ათამაშებს – არ არსებობს ნება, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დანაშაულებისთვის პასუხი აგებინონ. თუ ადრე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ პროკურორები გამოუცდელობის გამო შეცდომებს უშვებდნენ და ექსტრადირების საკითხიც ამით იყო განპირობებული, დღეს ნათელია, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეგნებულად კეთდება. ეს პროცესი 2013 წელს დაიწყო – პროკურატურა საზოგადოებას უსამართლობასთან შეგუებისკენ მოუწოდებდა, დღეს კი, თურმე, იმასაც მშვიდად უნდა შევხვდეთ, რომ საგამოძიებო უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ნებაც კი არ აღმოაჩნდა. ეს დამოკიდებულება უკვე პოლიტიკად ჩამოყალიბდა.

- რა არის ამის მიზეზი, გარიგება?

- გადავხედოთ, რა მოხდა პროკურატ­ურაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ? აბსოლუტურად არაფერი! უწყებაში ისევ ძველი პროკურორები მუშაობენ, რეფორმა კი, რომელიც თითქოს პარლამენტმა და მთავრობამ ერთობლივად დაიწყეს, მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევის წესის განსაზღვრით შემოიფარგლა. პროკურატურის საქმიანობის მთავარი არსი და პრინციპი უცვლელი დარჩა – უწყება დარღვევების გამოვლენასა და დამნაშავეების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას არ ცდილობს, ის მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამას ემატება ისიც, რომ მართლმსაჯულების სისტემაც გამართულად არ ფუნქციონირებს – შესაბამისად, ქვეყანაში სამართლიანობა უშინაარსო სიტყვად იქცა. საზოგადოება წინასაარჩევნოდ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს – ხელისუფლების მართვის სადავეები ხელთ არ უნდა ჩაუვარდეს იმ პირებს, რომლებიც მსგავს უკანონობას უშვებენ. არ შეიძლება,­ დავით კეზერაშვილი ანგელოზად გამოგვიცხადონ. ის დანაშაულებრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი რგოლი გახლდათ, თანაც, სხვადასხვა წელს სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებებს ხელმძღვანელობდა – თავდაცვის მინისტრი იყო აგვისტოს ომის დროს, ამ ომში კი ქართველები სამარცხვინოდ დავმარცხდით. დამარცხების­ გარდა,­ საკუთარი მოქალაქეების წინაშე დანაშაულიც ჩავიდინეთ და მტერთან ბრძოლისას ბედის ანაბარა დავტოვეთ. თავდაცვის მინისტრს ამაზე პასუხი არ უნდა ეგო?! არ გამოვრიცხავ, კეზერაშვილზე ხელის დაფარება იმითაც არის განპირობებული, რომ მას ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს.

- თქვენი აზრით, ინფორმაციის შენახვის სანაცვლოდ, მოქმედი მაღალჩინოსნებიდან ვინ ლობირებს თავდაცვის ყოფილ მინისტრს?

- მინისტრებს, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, თუმცა, თუნდაც თავდაცვის სამინისტროში არიან საკმაოდ გავლენიანი რგოლები, რომლებსაც პროკურატურასთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ. თუნდაც საფინანსო პოლიცია ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული და ისინი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებში. შიდა დინებები და გარიგებები ყოველთვის დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, ვიდრე ღია პოლიტიკური­ დაპირისპირებები. “ძაღლი ძაღლის ტყავს­ არ დახევს” – საქართველო დღეს ამ პრინციპით იმართება. დანაშაულით გადაჯაჭვული მაღალჩინოსნები ერთმანეთის გადარჩენას პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ცდილობენ. იმედია, ეს პროცესი არჩევნების შემდეგ მაინც დასრულდება.

კვირის პალიტრა“, 02-08 მაისი, 2016 წელი

პენტაგონი საქართველოში ტანკების სწრაფად გადმოსროლაში ვარჯიშობს

რა სატრანსპორტო გზები არსებობს საქართველოში NATO საბრძოლო ტექნიკის გადმოსასროლად, რამდენად სწრაფად შეიძლება ამის განხორციელება და როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი რუსეთმა ამ ჩანაფიქრს

ირაკლი ალადაშვილი

მაისის შუა რიცხვებში თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, მეორედ გაიმართება ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი-2016″ (Noble Partner-2016), რომელში მონაწილეობისთვისაც ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდლობა საქართველოში “აბრამსის” ტიპის ტანკების ერთ ასეულს გამოგზავნის.

იმის დასადგენად, თუ რამდენად მოსახერხებელია ბულგარეთიდან ბორნით წამოღებული “აბრამსების” ჩამოტვირთვა ბათუმის პორტში და შემდეგ ვაზიანამდე სარკინიგზო ეშელონით მათი ტრანსპორტირება, ბათუმს ესტუმრა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი ამერიკელ და NATO-ს მაღალჩინოსან სამხედროებთან ერთად.

გენერალმა ჰოჯესმა არც დამალა, რომ მათი ვიზიტის მიზანია, გაეცნონ ბათუმის პორტისა და რკინიგზის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, დაადგინონ, რამდენად ოპერატიულად და უხიფათოდ შეიძლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მძიმე ტექნიკის გადმოსროლა საქართველოში.

ეს რომ შესაძლებელია, ამერიკელი გენერალი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დარწმუნდა, როდესაც ვაზიანში, ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე – “ღირსეული პარტნიორი-2015″ – ანალოგიური მარშრუტით ჯერ ჩამოიყვანეს და შემდეგ უკან გაიტანეს “ბრედლის” ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

მართალია, 30 ტ-იანი “ბრედლის” (შარშან ამერიკელებმა ვაზიანში ამ ქვეითთა საბრძოლო მანქანის თანამედროვე მოდიფიკაცია M2A3 ჩამოიტანეს) და 62 ტ-იან “აბრამსის” ბორნიდან გადმოყვანისა და რაც მთავარია, სარკინიგზო პლატფორმაზე დატვირთვა-ჩამოცლის ტექნიკური პროცედურები განსხვავებულია, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამ გახლავთ – რამდენად ოპერატიულად შეძლებენ ისინი რეალურად შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში მძიმე საბრძოლო ტექნიკის საქართველოში გადმოსროლას, რა მარშრუტით და რამდენად ითვალისწინებენ რუსეთის ხელის შემშლელ ფაქტორებს.

ამერიკული დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის საქართველოში გადმოსროლის სამი – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო – გზა არსებობს, თითოეულს კი თავისი უპირატესობა და სუსტი მხარეები აქვს.

ბუნებრივია, ყველაზე ოპერატიულად ამერიკული სამხედრო დახმარების საქართველოში გადმოსროლა შეიძლება საჰაერო გზით, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით (ოღონდ ცოცხალი ძალის, რადგან მძიმე საბრძოლო ჯავშანტექნიკის ჩამოტანას დიდი რესურსი დასჭირდება).

სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებს, ასევე – სენაკისა და მარნეულის სამხედრო აეროდრომებსაც შეუძლიათ, ვაზიანისა და თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომების მოწესრიგების შემდეგ კი მათი გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. მაგრამ თუ აგრესორმა ქვეყანამ ქართული აეროდრომების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების დაბომბვა და მწყობრიდან გამოყვანა მოასწრო (2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ თითქმის ყველა აეროდრომი დაგვიბომბა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა და ესეც პოლიტიკური მოსაზრებით არ გააკეთა, თორემ ტექნიკურად ეს არ გაუჭირდებოდა), მაშინ ეს შესაძლებლობა აღარ გვექნება.

სახმელეთო გზა, რომლითაც ამერიკული საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლა შეიძლება, მხოლოდ თურქეთზე გადის. მართალია, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ინჯირლიყში, დისლოცირებულია დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა, მაგრამ ის საჰაერო ძალებისაა და იქ შეიარაღებაში მძიმე ჯავშანტექნიკა არ აქვთ. ერთადერთი მიმართულებაა გერმანიის ამერიკული სამხედრო ბაზებიდან, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, “აბრამსებისა” და “ბრედლების” ავტოლაფეტებით ჩამოყვანა, თუმცა, ეს პროცესი გაჭიანურდება და ოპერატიულობას დაკარგავს.

ერთი წლის წინ ზემოხსენებული სახმელეთო მარშრუტი არცთუ მისაღები ჩანდა, რადგან NATO-ს წევრობის მიუხედავად, თურქეთი, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, ალბათ, არ დასთანხმდებოდა ამერიკული “აბრამსების” საქართველოსკენ ტრანზიტს (ოფიციალური ანკარის ეს სიფრთხილე 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც გამოჩნდა, როდესაც მან შეზღუდა ბოსფორის სრუტეში ჩრდილოატლანტიკური პარტნიორის – აშშ-ის ზოგიერთი სამხედრო ხომალდის გავლა, რომლებიც საქართველოს სანაპიროსკენ მოემართებოდა), თუმცა, სირიის კონფლიქტში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებისა და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესების ფონზე აღარ გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ ანკარამ ამერიკული მძიმე ტექნიკა სახმელეთო გზით ბათუმისა და ვალეს მიმართულებით გაატაროს.

მესამე, საზღვაო გზა, ერთი შეხედვით უფრო საიმედო ჩანს, რადგან ბულგარეთის (ბურგასისა და ვარნის) და რუმინეთის (კონსტანცის) პორტებიდან გამოსული ამერიკული “აბრამსებით” დატვირთულ ბორნებს ბათუმისა და ფოთის პორტებამდე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შეიძლება პირდაპირ არ დაესხას თავს ამერიკულ ბორნებს, მაგრამ მწყობრიდან გამოიყვანოს ბათუმისა და უპირველესად – ფოთის პორტების ნავმისადგომები, ან სულაც საზღვაო ნაღმები ჩაუშვას ამ პორტების სიახლოვეს, რაც საქართველოს სანაპიროსთან დიდი ხნით შეაჩერებს ნაოსნობას სავაჭრო გემებისთვისაც კი და ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

როგორც ხედავთ, არ არსებობს გზა, რომლითაც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში ამერიკული სამხედრო დახმარების გარანტირებულად ოპერატიულად გადმოსროლა შესაძლებელი იქნება.

თუკი აშშ-ის ხელისუფლებას რუსული აგრესიის შემთხვევაში მართლაც ჩაფიქრებული აქვს საქართველოს სამხედრო დახმარება, ყველაფერს აჯობებს, არ დაელოდონ კრემლს და ქართულ მიწაზე წინასწარ განთავსდეს ამერიკული საბრძოლო ტექნიკა, როგორც მოხდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

———————–

„ახალი თაობა“, 29 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ბიძინა ივანიშვილი თუ ძველ გუნდს დატოვებს, ეს ქართული ოცნებისთვის საბედისწერო აღმოჩნდება

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი საკადრო სელექცია, საარჩევნო სიის ფორმირება და რუსთავი 2-ის საქმე იქნება.

- ბატონო სოსო, თქვენ აცხადებთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 5 თვე გადამწყვეტი იქნება ხელისუფლებისთვის. რა თვალსაზრისით იქნება გადამწყვეტი?

- გადამწყვეტი იქნება საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, საარჩევნო სიის ფორმირების თვალსაზრისით. „ქართული ოცნება“ ჩაატარებს ყრილობას, სადაც აირჩევს თავმჯდომარედ მოქმედ პრემიერ-მინისტრს და, ალბათ, საარჩევნო სიის პირველ ათეულს, ოცეულს გააცნობს ამომრჩეველს. თუ ვის გააცნობს ის საზოგადოებას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც არჩევნები ახლოვდება, პირველი, რასაც პარტია აკეთებს, მით უფრო, თუ ის სახელისუფლებოა, ცდილობს ახსნას რეიტინგის ვარდნის მიზეზები, არა საჯაროდ, არამედ შიდა მოხმარებისთვის. ხელისუფლების არაპოპულარობისთვის ბევრი ფაქტორი მუშაობს: სოციალური ფონი, სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ საქართველოსთვის ახალი არ არის. შევარდნაძის მმართველობის დროს შიმშილი იყო ქვეყანაში, მაგრამ არჩევნებს იგებდა. ასევე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც იყო სიღარიბე, უმუშევრობა, მაგრამ არჩევნებს იგებდა. საქართველო არ არის ამერიკა და ევროპა, სადაც ცხოვრების ინდექსის ერთი პროცენტით გაუარესებაც კი შეიძლება არჩევნების ბედის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

- თუ სოციალური ფონი არა, მაშინ რა არის გადამწყვეტი?

- ბევრი ფაქტორი მუშაობს, მათ შორის მე გამოვყოფდი არასწორ საკადრო პოლიტიკას.

- ასეთი მნიშვნელოვანია საკადრო საკითხი?

- უმნიშვნელოვანესია, მით უფრო ჩვენნაირ ქვეყანაში. ავიღოთ საკანონმდებლო ორგანო და თვალი გადავავლოთ „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის სახეებს. ვინ არის იქ ისეთი პოპულარული, ვისაც ხალხი პატივს სცემს? რუსთაველის გამზირზე რომ გაისეირნონ, ხალხი მათ გამოეკიდება არა ავტოგრაფებისთვის, არამედ ლანძღვა-გინებით. ბიძინა ივანიშვილი თუ ისევ ამ გუნდით აპირებს ახალ არჩევნებზე წასვლას, მაშინ ეს საბედისწერო აღმოჩნდება ქართული ოცნებისთვის”. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ: დამიმტკიცონ, რომ ჩემზე კარგს მოიყვანენ და მერე მითხრანო. მსგავსი განცხადებები არასოლიდურია.

ამ 5-6 თვეში შეუძლებელია ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება ისე, რომ ამან არჩევნებზე გავლენა იქონიოს. შეუძლებელია უმუშევრობის შემცირება, პენსიების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ ყველაფერი დადის პერსონიფიცირებამდე, თუ ვინ იქნება ახალი სიის შემადგენლობაში. ბატონმა ივანიშვილმა ერთი ფრანგული ანდაზა, რომ „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“, კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

- რას გულისხმობთ?

- იმ ხალხს, რომლებიც უკვე დავიწყებული იყვნენ, ბიძიან ივანიშვილმა გააცოცხლა და შედეგიც სახეზეა. მე ფინანსისტი არ ვარ, არც ეკონომისტი და ამიტომ ამ ტენდენციებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მე ვსაუბრობ რეალურ პოლიტიკაზე, მის ანალიზზე, ყოველგვარი დამატებითი შემადგენლის გარეშე, რაც ხელისგულზე დევს.

- კიდევ არის მსგავსი ფაქტორი, რომელიც ხელისუფლებისთვის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს?

- არის ასეთი კიდევ ერთი ფაქტორი და ეს „რუსთავის-2“-ის საქმეა. ხელისუფლებამ დიდსულოვნების ტესტი უნდა ჩააბაროს. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის საზღვრები მყიფეა და თუ უნდა ხელისუფლებას ამ საზღვრის გამყარება, მაშინ „რუსთავი-2“-ის საქმეს უნდა შეეშვას, რაგინდ მართალიც უნდა იყოს. მე არ ვიცი, რა და როგორ იყო იქ, წილების გასხვისება როგორ ხდებოდა და ა.შ., მაგრამ მე ვსაუბრობ სუფთა პოლიტიკური ჭრილიდან, რა აჯობებს დღეს ხელისუფლებისთვის, მით უფრო, როდესაც წინ ასეთი მნიშვნელობის არჩევნებია. პარიზში ვიზიტით ჩასულ პუტინს ფრანგებმა „ენტევე“-ზე ჰკითხეს, პუტინმა უპასუხა, ორ სამეურნეო სუბიექტს შორის დავაში ვერ ჩავერევიო. ქალბატონი კობახიძისა და ბატონი მეჭიაურის არგუმენტაცია ერთი ერთზე ჰგავს ამ არგუმენტაციას.

- ბატონო სოსო, როდესაც სიაზე საუბრობდით, ვისზე უნდა გააკეთოს აქცენტი ქართულმა ოცნებამ”? ცნობადი სახეები კვლავ აქტუალური იქნება?

- ერთხელ და სამუდამომ ვიღაცამ გორდიას კვანძი უნდა გაჭრას, რადგან გახსნა შეუძლებელია და ხელი აიღოს მოჭიდავეების, მოკრივეების სიაში შეყვანაზე. ახლა საუბარია ფეხბურთელებზე, არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ პარლამენტში უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც კანონებს წერენ. ყველა ვერ დაწერს კანონს, მაგრამ კანონის კითხვა მაინც უნდა შეეძლოს, დასკვნის გამოტანა მაინც უნდა შეეძლოს. რა გახდა ეს ცნობადი სახეები! ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც თავიდან არის ასაშენებელი, ასეთი ხალხის ასეთ ადგილებში გამწესება დამღუპველია. რას ნიშნავს ცნობადი სახე, არავინ იცის. ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში ყველაზე ცნობადი სახე პლეხანოველი მარინა და პლეხანოველი კიკა იყვნენ. მათ მთელი თბილისი იცნობდა. არავინ იცოდა, ვინ იყო ცეკას მეორე, მესამე მდივანი, უნივერსიტეტის რექტორი.

- საჯარო მოხელის წარსულს აქვს მნიშვნელობა?

- რასაკვირველია, აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დემოკრატიულ სახელმწიფოში. პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება ძალიან პირობითი ცნებაა.

- რატომ, პოლიტიკოსს ხომ აქვს პირადი ცხოვრების უფლება?

- რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ, როდესაც მე ხალხს ვთხოვ, რომ მხარი დამიჭიროს და მის რჩეულად გამხადოს, მაშინ მან ყველაფერი უნდა იცოდეს ჩემზე და, თუ მაინც ამირჩევს, დამალული არ უნდა იყოს არაფერი. ამერიკაში, ევროპაშიც საჯარო პირის, მაღალი თანამდებობის პირის პირადი ცხოვრების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და გვახსოვს ჩვენ ამის მაგალითები.

- პრეზიდენტ ბილ კლინტონის მაგალითზე ამბობთ, რომელსაც კინაღამ იმპიჩმენტი მოუწყვეს?

- რასაკვირველია და ეს არ იყო რიგითი საქმე. ჯონ კენედის პირადი ცხოვრებით ამერიკული პრესა ყოველდღე იყო აჭრელებული. როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ, ხალხისგან ვერაფერს ვეღარ დამალავ. შენს ამომრჩეველს ვერაფერს ვეღარ დაუმალავ, საჯარო პირიც სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ მისი ცხოვრება, ყველა დეტალი არის საჯარო. არავინ იცოდა, ლეონიდ ბრეჟნევი როგორ ცხოვრობდა, მიხეილ სუსლოვი როგორ ცხოვრობდა, მაგრამ ისინი ტოტალიტარულ რეჟიმს წარმოადგენდნენ და ჩვენც ხომ არ გვინდა, ტოტალიტარიზმში დავბრუნდეთ. ვლადიმირ პუტინს ვერაფერს ათქმევინებ თავის პირად ცხოვრებაზე, მაგრამ ეს ხომ არ არის სტანდარტი, ეს ხომ არ გვინდა ჩვენ? მე ვსაუბრობ დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნის ევროპულ სტანდარტზე.

„ახალი თაობა“, 29 აპრილი, 2016 წელი

რუსეთმა ანექსირებულ რეგიონებთან ახალი სამხედრო შეთანხმება დაამტკიცა

აფხაზეთს ფინანსური დახმარება არ შეუმცირდება

პირველი მაისიდან ამოქმედდა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შეთანხმებები. ამ დოკუმენტებს ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა. შეთანხმებები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ქმნის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას რუსეთის, ასევე ამ ტერიტორიების სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის. ამას ითვალისწინებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დადებული ფართო ხელშეკრულებები, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე უწოდა ანექსიის გაგრძელება. მაგალითად, აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გულისხმობს არა მარტო კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, არამედ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას. მათ შორის, საზღვრების ერთობლივად დაცვას.

ამ ხელშეკრულებით ერთ რომელიმე მხარეზე განხორციელებული აგრესია ითვლება აგრესიად ანუ შეიარაღებულ თავდასხმად მეორე მხარეზე. ფართომასშტაბიანი ხელშეკრულება გულისხმობს ბევრი ახალი შეთანხმების გაფორმებას სხვადასხვა სფეროში. ამჯერად პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სამხედროებისათვის სამედიცინო დახმარების შესახებ. „ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხდება ახალი შეთანხმებების შემუშავება“, – აცხადებს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ხლოპონინი. მისი მტკიცებით, რუსეთი აფხაზეთს სრული მოცულობით აფინანსებს. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში შექმნილი ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გამო აფხაზეთს, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მსგავსად, შეუმცირდა დოტაციები. ამის გამო ანექსირებული აფხაზეთის ხელმძღვანელებმა დაიწყეს ყურადღების გამახვილება შემოსავლების საკუთარ წყაროებზე.

რუსეთის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2016 წელს აფხაზეთი რუსეთის ბიუჯეტიდან მიიღებს დაგეგმილი თანხის სრულ მოცულობას ანუ 7 მილიარდ 767 მილიონ რუბლს. აფხაზეთში ასევე ხორციელდება საინვესტიციო პროგრამა. ამ პროგრამით ფინანსური დახმარება შეადგენს 9 მილიარდ 300 მილიონ რუბლს. აქედან 4 მილიარდზე მეტი რუბლი წელს დაიხარჯება.

„თუ რაღაც მიზეზით შეფერხება წარმოიქმნება და მთელი თანხის ათვისება ვერ მოხდება, ის მომავალ წელს გადავა“, – განმარტავს ალექსანდრ ხლოპონინი.

აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერი არტურ მიქვაბია აღნიშნავს, რომ ამ სახსრებით გაგრძელდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. კერძოდ, დაიგება გზა, აშენდება ენერგეტიკული ობიექტები, გარემონტდება საცხოვრებელი სახლები. „მთავარია, რომ ყოველ ობიექტზე სამუშაო გამჭვირვალედ ჩატარდეს“, – ამბობს რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანი.

რუსეთში ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების ფონზე ანექსირებული აფხაზეთისათვის ადრე დაგეგმილი დახმარების შენარჩუნება მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. მანამდე რუსეთი დაკავებული იყო მხოლოდ აფხაზეთში საკუთარი სამხედრო ბაზის გაძლიერებით.

რუსეთი დიდი ხანია, დაინტერესებულია იმითაც, რომ აფხაზეთში შესაძლებელი იყოს უძრავი ქონების შესყიდვა. დღემდე ამის უფლება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ. აფხაზეთის საზოგადოების დიდი ნაწილი ამ შეზღუდვას გამართლებულად მიიჩნევს. შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთის წარმომადგენლები ქონების შესყიდვას მაინც ახერხებენ ადგილობრივ პირებზე მისი გაფორმების გზით.

Comments are closed