globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 3rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „დღეს ოდესაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს“

რეზონანსი: რუსეთის ციხეებიდან ქართველების გათავისუფლება და შვეიცარიელი მონიტორები // კიდევ ერთი მწვავე საუბრის მოლოდინში – აბაშიძე კარასინს ივნისის ბოლოს შეხვდება

რეზონანსი: ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: “საქართველოს არ ძალუძს საკუთარი რესურსით ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს

რეზონანსი: ასოცირების გვიანი ხიბლი // სამომავლო პერსპექტივაზე გათვლილი სარგებელი

„ალია“: რამდენი გვჭირდება და რა დაუჯდება საქართველოს იტალიურ-ფრანგული სარაკეტო სისტემები?

„ალია“: აკაკი მინაშვილისთვის ზაზა აბაშიძეც რუსეთუმე ყოფილა

———————-

„ახალი თაობა“,03 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „დღეს ოდესაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს“

„ახალი თაობის“ კორესპონდენტი ნონა ცაბაძე კავკასიის საკითხების ექსპერტს მამუკა არეშიძეს ესაუბრება. თემები: მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად, საქართველო-უკრაინისა და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები.

ინტერვიუში იგი ვრცლად ეხება ოდესის ოლქის სტრატეგიულ მნიშვნელობას: „ოლქის ტერიტორია ესაზღვრება მოლდოვას შემადგენლობაში მყოფ დნეტრისპირეთის სეპარატისტულ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის რეგიონებს. ოდესა კეტავს ის სახმელეთო გზას მარიუპოლიდან დნესტრისპირეთამდე, რომლის გაჭრასაც რუსეთი ცდილობს. გარდა ამისა, ოდესა არის უკრაინისთვის მტავარი საზღვაო პორტი და სამხედრ-სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქი:“.

მამუკა არეშიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა გუბერნატორის თანამდებობაზე ძალიან მაღალი რისკის შემცველია:

„მსოფლიო პოლიტიკური ელიტა ამ ტემით არის დაკავებული. ზოგი აგინებს მიხეილ სააკაშვილს, ზოგი დასცინის, ზოგიც აქებს. ამ თვალსაზრისისთ ოდესაზე რუსეთის თავდასხმა უფრო მაღალი რისკის შემცველი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. მიუხედავა იმისა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, რეალობა ასეთია“.

„მას შეუძლია კარგი საქმეც გააკეთოს და ცუდიც, ცუდის გამოსწორება კი შეუძლებელია. ოდესის ოლქს მილიარდერი იგორ კოლომოისკი აკონტროლებდა,, რომელიც ბოლო დრომდე კიევის ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. იგი ძალიან ახლოს იყო აგრეთვე საქართველოს „ნაციონალურ“ ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილთან. იგორ კოლომოისკის საქართველოში ბანკები და სამრეწველო ობიექტები ეკუთვნოდა, რომლებიც ახლა გაყიდა. აღსანიშნავია, რომ კოლომოისკსა და პრეზიდენტ პოროშენკოს შორის დაპირისპირება მოხდა. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით პოროშენკომ სააკაშვილიც და კოლომოისკიც ერთმანეთს დაუპირისპირა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადრე ერთმანეთთან ახლობლობდნენ“.

ექსპერტის თქმით, ოდესის გუბერნატორობა შეიძლება ან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კრახით, ან გამარჯვებით დასრულდეს. ძალიან რთული  იქნება ამ  სიტუაციაში გამარჯვება, რადგან ოდესის ოლქი დიდი ოლქია და მასში კიდევ 19 ქალაქი სედის. ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესოა რეგიონია იმათთვის, ვისაც ფულის კეთება უყვარს. ოდესაში სააკაშვილი ზალიან ძლიერ კლანებს გადააწყდება.. ოდესის ოლქის მოსახლეობა რამდენიმე მილიონია, მას ხელს შეუშლიან… გარდა ამისა, უნდა თუ არ უნდა მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქში ფრონტის ხაზი გადის. რუსეთი, ალბათ, გააგრძელებს მარიუპოლის მიმართულებით შეტევას, რიომლითაც გზა იხსნება ყირიმისა და ოდესისაკენ. რუსეთი ამ დერეფნის გაჭრას მოისურვებს და ოდესა ფრონტისპირა ქალაქი იქნება, უნდა თუ არ უნდა ეს ვინმეს“.

ინტერვიუში მამუკა არეშიძე საუბრობს აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხისა და მისი სამომავლო როლის თაობაზე ქართულ პოლიტიკაში.

რეზონანსი“, 03 ივნისი, 2015 წელი

რუსეთის ციხეებიდან ქართველების გათავისუფლება და შვეიცარიელი მონიტორები

კიდევ ერთი მწვავე საუბრის მოლოდინში – აბაშიძე კარასინს ივნისის ბოლოს შეხვდება

თიკო ოსმანოვა

“საბაჟო ადმინისტრირების შესახებ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების ამოქმედება და რუსეთის ციხეებიდან ქართველების გათავისუფლება”, – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხილვაც ივნისის ბოლოს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორ კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დროს მოხდება, ივნისის ბოლოს.

„რაც შეეხება ფორმატის გაფართოებას, ალბათ, მოლაპარაკებას დაემატებიან ორივე მხარის ეკონომიკის სამინისტროებიდან თითო წარმომადგენელი. როგორც იცით, დღემდე შეხვედრებს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ექსპერტი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ივნისის შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხების განხილვას ვაპირებთ: ვისაუბრებთ იმ ქართველი მოქალაქეების ციხიდან გამოყვანეზე, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ
ჯაშუშობის“ გამო დააპატიმრა. შარსან სამი გავათავისუფლეთ, ახლაც რამდენიმე კიდევ პატიმრობაში დარცენილი. გვინდა რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს ტემა საერთოდ დაიხუროს და არცერთი ჩვენი თანამოქალაქე ციხეში არ დარჩეს. ეს ზალიან მძიმე და მწვავე საკითხია.

ასევე საუბარი გვექნება საბაჟო ადმინისტრირების შესახებ 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეიქმნება სპეციალური კორიდორი, სადაც შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები დადგებიან და ტვირთების გადაადგილებას მონირორინგს გაუწევენ.. ჩვენ წინა სეხვედრაზე რუსულ მხარეს განვუცხადეთ, რომ საქართველომ დაასრულა ამ დოკუმენტებზე მუშაობა და ახლა რუსეთის ჯერია, რატა კონტრაქტები გაფორმდეს შვეიცარიელებთან. რუსეთმა თავისი მზაობა უნდა დაადასტუროს. მათ გვითხრეს, რომ ისინიც მუშაობენ, მაგრამ მუშაობის დასასრულებლად 2-3 თვე მაინც დაჭირდებათ. გვინდა გავიგოთ, მივდივართ თუ არა ამ პროექტის რეალიზებისაკენ.

ამ პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სამი სავაჭრო კორიდორი, მათ შორის ორი ოკუპირებული ტერიტორიებზე – აფხაზეთის, ცხინვალის და ყაზბეგის გავლით. ამ კორიდორების დასაწყისში და ბოლოში შვეიცარიელები უნდა დადგნენ, რომლებიც შეაგროვებენ ინფორმაციას ტვირთების შესახებ და ამ ინფორმაციას ქართულ და რუსულ მხარეებს მიაწვდიან“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფო სატათბიროში  რუსეთ-„სამხრრეთ ოსეთის“ ხელსეკრულების რატიფიცირების საკითხს და პრეზიდენტის წარმომადგენლად გრიგორი კარასინის დანიშვნას, ზურაბ ბაშიძე აღნიშნავს, რომ ასეთი თანამდებობა ახალი არ არის [დროებითი თანამდებობაა], თუმცა გამორიცხული არაა, რომ შეხვედრაზე ამ საკითხსაც შეეხონ: „გრიგორი კარასინი კურირებას უწევს დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობებს და სწორედ ამიტომ მოხდა მისი დანიშვნა პრეზიდენტის წარმომადგენლად რუსეთ-სამხრეთ ოსეთის შეთანხმების რატიფიცირებისთვის, ასე მოხდა გასულ წელსაც, როცა რატიფიცირება გაუკეთდა აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულებას. ეს ტრადიციულად ასე ხდება, თუმცა ალბათ, ამ საკითხსაც მწვავედ შევეხებით“.

თსუ-ს პროფესორს კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატმა თავისი როლი ამოწურა, ამიტომ მის გაფართოებასთან დაკავშირებით მას გარკვეული კითხვები უჩნდება: „თუ საუბარია, რომ მიზნები იგივეა, მაგრამ გაფართოება ხდება, ეს, ცოტა არ იყოს, რაღაც საფრთხეს შეიცავს. ჩვენთვის გაურკვეველია – სპეცწარმომადგენელი ვის წინაშეა ანგარიშვალდებული, ღარიბაშვილთან, ივანიშვილთან თუ სხვასთან. ასევე იბადება კითხვა: ხომ არ გვაქვს საქმე კულუარულ დიპლომატიასთან? არ ვიცით, თუ რა ხდება რეალურად. ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს, რათა საზოგადოებამ საფრთხე არ იგრძნოს, რომ მის უკან რაღაც ხდება“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რეზონანსი“, 03 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: “საქართველოს არ ძალუძს საკუთარი რესურსით ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს

“რეზონანსის“ ჟურნალისტმა იაგო ნაცვლიშვილმა ინტერვიუ ჩამოართვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს.

ზაქარია ქუცნაშვილი: ნატოს მიმართ ჩვენ გაცხადებული ინტერესი გვაქვს. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა სამხედრო თვალსაზრისით, ზალიან მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. საქართველოს თავისი რესურსებით არ ძალუძს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარემოცვაში. ვაცნობიერებთ იმას, რომ დამოუკიდებლად ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეგვიძლია, ამიტომაც დგას საკითხი – რომელი პოლიტიკური უსაფრთხოების ორგანიზაციის მომხმარებლები გავხდეთ. ყველაზე რეალისტური არის ნატო. ამიტომაც ვთქვით, რომ ჩვენი სამიზნე არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი – ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური და კოლექტიური თავდაცვის სისტემა. სწორედ ამის გამო ვიღებთ საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას და ამის გამო ვირჯებით, კარგად გვესმის, რომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება საქართველოს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გუშინდელი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ისევე, როგორც თინა ხიდაშელის მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ საქართველო ივნისის ბოლომდე შეიძენს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. ამით ბოლო მოეღება ამ საკითხის ირგვლივ არსებულ მითქმა-მოთქმას.

„რეზონანსი“: ნატოს გენმდივანმა ალიანსისათვის პრიორიტეტულ ქვეყნად მონტე – ნეგრო დაასახელა. რა გზავნილი დაინახეთ თქვენ იენ სტოლტენბერგის განცხადებაში?

ზაქარია ქუცნაშვილი: ბუნებრივია, პრიორიტეტების გამოკვეთის თემა აქტუალურია, ამიტომაც ამ კუთხით ჩვენ სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ცხადია, დიდწილად ყველაფერი ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.

რეზონანსი“, 03 ივნისი, 2015 წელი

ასოცირების გვიანი ხიბლი

სამომავლო პერსპექტივაზე გათვლილი სარგებელი

თაკო მათეშვილი

გვიანი ხილი – ასე უწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტოლიგები ასოცირების ხელშეკრულებასა და მისგან მიღებულ პროგრესს და ბუნებრივად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კონკრეტული სარგებელი თუ ცვლილებები ქვეყანაში ჯერ არ იგრძნობა.

მოგეხსენებათ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი გასული წლის 27 ვინისს მოეწერა. ამ თარიღიდან ერთი წელი გადის და მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამს საყვედურს იმის გამო, რომ არც მათ და არც ქვეყნის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. პროგრესს ვერც ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით ხედავენ და ვერც ცხოვრების დონის.

საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა მაქსიმალურად შეასრულეს და უამრავ კანონში შეიტანეს ცვლილება, რათა ქართული კანონმდებლობა ევროპულს დამსგავსებოდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ანი მიროტაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ცვლილებები ყველა სფეროს შეეხო.

“ჩვენ, პარლამენტარებმა, ათობით კანონი მოვიყვანეთ ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში. არ ვიცი, აღსრულების კუთხით რამდენად წარმატებულად საქმიანობენ სხვადასხვა უწყებაში და რამდენად სრულდება ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ცვლილება ბევრ კანონში შევიტანეთ. ამით ქართული კანონმდებლობა ევროპულს დაუახლოვდა. ეს ყველა სფეროს ეხება – ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მართლმსაჯულებას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, სასაზღვრო პოლიტიკას და ა.შ.

“კანონები ამ დროისათვის ძალაში უკვე შესულია. ჩვენ ევროპული საზოგადოების ნაწილი გვინდა გავხდეთ და ეს არა მხოლოდ სურვილის დონეზე უნდა დარჩეს, მათ კანონმდებლობით, ცხოვრების წესით, განვითარებით, ერთმანეთის პატივისცემითა და თანასწორუფლებიანობითაც უნდა დავემსგავსოთ”, – ამბობს ანი მიროტაძე.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მოსახლოებაში ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია. მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი მოკლევადიან პერსპექტივაზე არ არის გათვლილი და მისით მიღებული სარგებელის დანახვას დრო სჭირდება. იგი გასულ ერთ წელსაც აჯამებს და ამბობს, რომ მთლიანობაში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

“შეიძლება მთავარს – სავიზო რეჟიმის გაუქმებას ჯერ ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს მაინც აუცილებლად მოხდება. რაც მთავარია, საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური ორიენტირი. თუ აქამდე ჩვენ ზუსტად არ ვიცოდით საით მივდიოდით, და მკვეთრი მიმართულება არ გვქონდა, ასოცირების ხელშეკრულება უკვე იძლევა საშუალებას ქვეყნის გეზი გარკვეული იყოს. სარგებელი შეიძლება ჯერ ცხადი არაა, მაგრამ ეკონომიკას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ევროპის ქვეყნებში აშკარად გაიზარდა. გვაქვს შესაძლებლობა, რომ იგი კიდევ უფრო გავზარდოთ და ევროპის ბაზარი ჩვენთვის ისეთივე მთავარი გახდეს, როგორც მოლდოვისათვის გახდა. მან რუსეთის ემბარგოს პირობებში თავისი ეკონომიკისა და ექსპორტის გაზრდა მოახერხა და ევროპის ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქტის გატანა შეძლო. გარდა ამისა, უამრავი რამაა, რაც კანონმდებლობის დახვეწასთანაა დაკავშირებული და რასაც ასევე უფრო შორეულ პერსპექტივაში ექნება ეფექტი”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

შესაბამისად, კაკაჩიას თქმით, არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ პროცესები შეფერხებულად მივიჩნიოთ. ამბობს, რომ ჩვენ და ევროპას საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთი და იგივე შეხედულება გვაქვს. გაუგებრობა კი მხოლოდ ვადებთან დაკავშირებითაა.

“ჩვენ გვინდა რომ ეს მალე მოხდეს, ევროპელები კი კი გვეუბნებიან, რომ ეს უახლოეს მომავალში, თანამედროვე რეალობებიდან გამომდინარე, რაც საქართველოსა და რეგიონშია შექმნილი, შეუძლებელია. საქართველო რომ ევროპისაკენ მიისწრაფის, ამას ყველა აღიარებს. ასე რომ, შეუთანხმებლობა ძირითადად დროშია”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროგრესს ხალხი ევროპასთან საზღვრების გახსნის შემდეგ იგრძნობს, პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანიც ეთანხმება და დასძენს, რომ ურთიერთობაში ბარიერების მოხსნა ბევრ პრობლემას მოაგვარებს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრეულებისაგან ხელშესახებ ცვლილებებს პირველი ეტაპიდანვე არ უნდა ველოდოთ და აცხადებს, რომ ჩვენ თუ ევროკავშირთან დაახლოება გვსურს, ის სტანდარტები უნდა გავიზიაროთ, რაც იქ მოქმედებს.

“პროგრესი მართლაც ნაკლებად იგრძნობა, ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა, ეს ყველაფერი ეკონომიკასთან, ბიუჯეტთანაა დაკავშირებული. თუმცა ქალაქში გაჩნდა პანდუსები შშმ პირების გადაადგილებისათვის. ამ მხრივ მუშაობა მიდის და იმედია, რომ ეს სხვა სფეროებსაც შეეხება, ჯერჯერობით ევროსტანდარტებამდე ძალიან ბევრი გვიკლია. ქვეყენაში საერთოდ არ არსებობს უმუშევართა კანონი, ადამიანის ისეთივე უფლებაა რომ იყოს დასაქმებული, როგორც მიიღოს გარკვეული დახმარება სახელმწიფოსგან, როდესაც ის უმუშევარი რჩება. ჩვენ ქვეყანაში ეს სტატუსი ჯერ არ ასებობს, თუმცა საქართველო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციიდან გამომდინარე იღებს ვალდებულებას რომ, ის არამარტო აღიარებს უმუშევარ ადამიანებს, არამედ მათზე რაღაც გარკვეულ სოციალურ დახმარებასაც გასცემს. ეს ყველაფერი მოუგვარებელია და ცვლილებები ასე თვალში საცემი ამიტომაც ვერ იქნება.

ჩვენ კაცობრიობის განვითარების დიდი ეტაპი გამოვტოვეთ და აქედან გამომდინარე სწრაფი ტემპით გვიწევს დაწევა და ევროსტანდარტებთან მიახლოება. დასავლეთის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ეს რთული იქნება და ხელისუფლების გარეშეც წარმოუდგენელია შემდგომი გლობალური ცვლილებების განხორციელება”, – მიიჩნევს კიკიანი.

„ალია“, 3 ივნისი, 2015 წელი

რამდენი გვჭირდება და რა დაუჯდება საქართველოს იტალიურ-ფრანგული სარაკეტო სისტემები?

ლევან ჯავახიშვილი

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი კომპლექსის შეძენაზე მოლაპარაკებებს დაასრულებს და საბოლოდ, ქართული მხარე მათ შეიძენს. ეს ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სწორედ ეს თავდაცვითი საჰაერო სისტემები იყო, რომელსაც დიდი აურზაური მოჰყვა. მათ შესაძენად საფრანგეთში მოსალაპარაკებლად ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. უკვე პოსტიდან გადამდგარმა ალასანიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ფრანგულ მხარესთან გამზადებულ კონტრაქტზე ხელი არ მოაწერინეს, რადგან მას კრიზისების მართვის სააგენტოს უფროსმა, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ ხელი არ მოეწერა კონტრაქტზე.

ალასანია დღემდე ეჭვობს, რომ ჯანელიძე ამას ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე ვერ გააკეთებდა და სწორედ პრემიერმა დაბლოკა ეს სამხედრო კონტრაქტი და ალასანიასთან ჯანელიძეს მან დაარეკვინა. მაშინ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა. მაშინ ზოგმა დაიჯერა ალასანიასი და ღარიბაშვილი ლამის ქვეყნის მტრად გამოაცხადეს, – მაგას არ უნდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რუსეთის დაკვეთას ასრულებს და იმიტომ დაბლოკა მოლაპარაკებაო. მეორენი კი აცხადებდნენ, რომ ღარიბაშვილი მართალი იყო, როცა ჯანელიძეს ალასანიასთან დაარეკვინა, – რუსეთს გააღიზიანებდა ამ იარაღის შეძენა და საქართველოსთან სამხედრო დაძაბულობის დასაწყებად, საბაბი მიეცემაო. გამოდის, რომ ორივე მხარე უსაფუძვლოდ ღელავდა. საქართველო მაინც ყიდულობს ამ თავდაცვით სისტემას და სწორედ იმ პრემიერ-მინისტრის დროს, რომელსაც რუსეთის დაკვეთის შემსრულებელს უწოდებდნენ.

რა სახისაა ეს საჰაერო თავდაცვის კომპლექსი და რა ღირს ის? რა სამხედრო სარგებელს მიიღებს ამისგან საქართველო? რამდენად გაღიზიანდება მათი შესყიდვით რუსეთი და რა საფრთხეს უნდა ველოდოთ მისგან? რას ნიშნავს ის ფაქტორი, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობისას ხორციელდება ეს შესყიდვა?

ამ და „ალიას“ სხვა კითხვებს უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია უპასუხებს:

- ბატონო ვახტანგ, კონკრეტულად რა სახის საჰაერო თავდაცვით სისტემებს ყიდულობს საქართველო?

- მთლიანად საჰაერო თავდაცვითი კომპლექსის სახელწოდება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სარაკეტო კომპლექს „ასპა-ტე“-ს სახეობისაა. ეს არის რასკეტსაწინააღმდეგო საჰაერო კომპლექსი, ევროპული ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტი, იტალიისა და საფრანგეთის ერთობლივი სამხედრო წარმოებისაა და ერთი სარაკეტო ბატარეის ღირებულება 25-30 მილიონი დოლარია.

- რა ტიპის რაკეტების მოსაგერიებლად გამოდგება?

- ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტი, რომელსაც შეუძლია რაკეტსაწინააღმდეგო ფუნქციები შეასრულოს. შეუძლია, სუპერტაქტიკური და ტაქტიკურ რაკეტები გადაკვეთოს – მოიგერიოს. ბრძოლის დროს ტაქტიკური და სახმელეთო ჯარების შენაერთები შეუძლია დაიცვას საჰაერო თავდასხმისგან. ერთი ბრიგადა რომ დაიცვას, ამისთვის, ალბათ, დაგვჭირდება ორი ბატარეის შესყიდვა. ასევე, ომის დროს გამოიყენება მოსახლეობის, თავდაცვითი და სამოქალაქო ობიექტების დასაცავად. სრულყოფილი საჰაერო თავდაცვისთვის, ალბათ, 8 ერთეული ასეთი კომპლექსი დაგვჭირდება.

- თუ ირაკლი ალასანიას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და ამ კომპლექსის შესყიდვა მაშინ დაიბლოკა, ახლა რატომღა ყიდულობს მას საქართველო? ვინც ამ კომპლექსის შესყიდვის წინააღმდეგი იყო, აცხადებდნენ, რომ ეს რუსეთს გააღიზიანებდა. რუსულმა საფრთხეებმა, რა, ჩაიარა?

- მე ვფიქრობ, რომ ალასანია არ ტყუის და ის ზარი მართლა განხორციელდა პარიზში სახელმწიფო კანცელარიიდან და სავარაუდოდ, სწორედ ჯანელიძემ დარეკა, თუმცა, თავად ამას უარყოფს. თუმცა, ირაკლი ალასანიას განცხადებამ ძალიან დიდი სკანდალი გამოიწვია, მეტიც, ალასანიამ და მისმა გუნდმა ხელისუფლების ევროატლანტიკური არჩევანი და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაც კი დააყენეს ეჭვქვეშ და ამით ხელისუფლებას სერიოზული დარტყმა მიაყენეს. ამიტომაც იყო, რომ მინდია ჯანელიძე ირაკლი ალასანიას მოხსნის შედეგ, როცა თავდაცვის მინისტრი გახდა, თავადაც აწარმოებდა ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებას ამ კომპლექსის შეძენაზე. ეს იმის საილუსტრაციოდ უფრო გაკეთდა, რომ საქართველო კვლავ ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩებოდა, საგარეო კურსს არ იცვლიდა. თუმცა, ამის მიუხედავად, არ მჯერა, რომ ჯანელიძე ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ალბათ, უფრო დროში გაწელავდა მოლაპარაკებას და საბოლოოდ, ჩაშლიდა მას. ჯანელიძემ, ჩემი ვარაუდით, მოლაპარაკებები იძულებით გააგრძელა, რადგან ხელისუფლებაში გააქტიურდნენ პროდასავლური ძალები და მას სხვა გზაც აღარ დარჩა.

თინა ხიდაშელი კი, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და შეისყიდის ამ სისტემებს. შეიძლება ითქვას, ამ კომპლექსების შეძენა ერთგვარი ტესტიც კია საქართველოსთვის იმის დასამტკიცებლად, რომ საგარეო კურსს არ იცვლის. უკან დახევა აღარ გამოდიოდა. ამიტომ გააგრძელა მოლაპარაკებები მინდია ჯანელიძემ. რუსულ საფრთხეებს რომ არ ჩაუვლია, ეს ფაქტია. უპირველესად, სწორედ რუსული საფრთხეებისგან თავდასაცავად გვჭირდება ეს კომპლექსები.

თუ გაღიზიანდება და გაღიზიანდეს რუსეთი, რუსეთის ჭკუაზე თუ ვიარეთ, მაშინ საქართველოს ჯარი საერთოდ არ სჭირდება.

- თუ მინდია ჯანელიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მითითებით დაურეკა ირაკლი ალასანიას და დააბლოკვინა ამ სისტემების შესყიდვა, მაშინ იმავე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში რატომღა ყიდულობს მათ თავდაცვის სამინისტრო? რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში ალასანიას განცხადება.

- არ ვიცი, მაშინ ზუსტად რა და როგორ იყო, მაგრამ, მჯერა, რომ ალასანია არ იტყუება. შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილს გარკვეული ძალები სწორედ ამ რუსული საფრთხეებით აშინებდნენ და უარი ათქმევინეს კონტრაქტზე ხელმოწერისგან. შემდეგ კი, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ვითარება რომ მართლა კარდინალურად შეიცვალა, ამის დასტურად თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაც მეტყველებს – ეს ცალსახად პროდასავლური ძალების მოძლიერებას ნიშნავს ხელისუფლების შიგნით. თუმცა, მე იმას არ ვამტკიცებ, რომ მართლა ირაკლი ღარიბაშვილის მითითებით დარეკა ალასანიასთან ჯანელიძემ. უბრალოდ, ლოგიკას მივყავართ აქამდე, კრიზისების მართვის სააგენტოს უფროსი ასეთ საკითხებს არ წყვეტს, ეს თავდაცვის მინისტრისა და ცხადია, პრემიერის გადასაწყვეტია.

- თუ კონტრაქტს ხელი მოეწერა, რამდენ ხანში ჩამოიტანენ ამ საჰაერო თავდაცვით კომპლექსებს საქართველოში?

- ალბათ, ეტაპობრივად განხორციელდება ეს პროცესი. ხვალ-ზეგ არ მოეწერება ხელი კონტრაქტს, ამას დრო უნდა, შემდეგ სხვა პროცედურებია გასავლელი. სავარაუდოდ, გაისად უკვე საქართველოში უნდა იყოს ეს კომპლექსები.

„ალია“, 3 ივნისი, 2015 წელი

აკაკი მინაშვილისთვის ზაზა აბაშიძეც რუსეთუმე ყოფილა

დიანა ლიპარტელიანი

„ნაციონალი“ აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის დანიშვნა რუსული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება. დეპუტატის თქმით, რუსული გავლენებისა და ინტერესების ზრდას საქართველოში სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს და ამის მაგალითია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის დანიშვნა, რომელიც, თავის მხრივ, რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორია.

აკაკი მინაშვილი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი ცენტრი შექმნილია რუსული, გორჩაკოვის ფონდის მიერ, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი, კონსტანტინე კოსაჩოვი და სხვანი…

რას პასუხობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი აკაკი მინაშვილს?

„ალიას“ ზაზა აბაშიძე ესაუბრა:

- მე ვარ საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე, ასევე, საქართველო-ირლანდიის ურთიერთობის საზოგადოების წევრი, მე ვარ ჩეხეთის სათვისტომოს დამფუძნებელი წევრი, ვარ ფონდი „ქართველის“ დამფუძნებელი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი და კიდევ რამდენიმე ფონდის თავმჯდომარე, მათ შორის რუსულ-ქართული კულტურული ცენტრის ყოფილი თავმჯდომარე. დღეს უკვე არ ვარ ამ ცენტრის თავმჯდომარე. პირდაპირ ასე დაწერეთ, რა – სისულელეებს ნუ ლაპარაკობენ და ამ სისულელეების ტირაჟირებას ნუ ახდენენ, ისინი აბსოლუტურად არ არიან საქმეში ჩახედულნი.

- მაშინ, რას ემსახურება მინაშვილის განცხადება?

- რას უნდა ემსახურებოდეს აკაკი მინაშვილის განცხადება? როგორც ყოველთვის, პროვოკაციას ემსახურება. სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს მინაშვილის აზრი ჩემთან დაკავშირებით. მაგრამ, ზემოთ რაც გითხარით, ის განუმარტეთ რა, რომ მე სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირებული ფონდისა და საზოგადოების თავმჯდომარეც ვარ. მათ შორის დაძმობილებული ქალაქების ასოციაციის პრეზიდენტი და ა.შ.

- ამ ეტაპზე რა გაკავშირებთ ამ რუსულქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან?

- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ავად რომ ვიყავი, ვთქვი, რომ ვერ შევძლებდი და მგონი, ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს. ბოლო დროს რაღაც კონფერენცია მოიწვიეს და იმ კონფერენციაზე ვიყავი სტუმრად მისული. ეს არც დამიმალავს არასდროს და ამაში არაფერი სათაკილო არ არის.

- როცა ამ ცენტრის დირექტორი იყავით, თქვენი საქმიანობა რით შემოიფარგლებოდა?

- ეს ცენტრი უსახსროა, სისულელეს რომ ამბობენ, თითქოს ვიღაც აფინანსებს, ასე არ არის. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სლავური კულტურის ცენტრი და ვერ მოვახერხეთ. აქედან გამომდინარე, მე იქ არანაირი აქტიური მოქმედება არ მქონია. ცენტრი რომ დაფუძნდა, მაშინ მე საერთოდაც საავადმყოფოში ვიწექი და მისასალმებელი გავუგზავნე საავადმყოფოდან მესიჯის სახით და ეს იყო ჩემი ცენტრთან ურთიერთობა. ვისაც არ სჯერა, აღმასრულებელ მდივანთან, ნატა წერეთელთან გადაამოწმოს.

ბოლოს, კიდევ ერთ ჩემს „მაკომპრომეტირებელ“ ინფორმაციას მოგაწვდით, აკო მინაშვილი გაეცნოს – მე გახლავართ რუსეთში გამომავალი მართლმადიდებლური ენციკლოპედიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩემი მეშვებით, ათობით მეცნიერი, მათ შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, აქვეყნებს სტატიებს ამ ენციკლოპედიაში საქართველოზე, ესეც ალბათ, რუსეთის გავლენას უნდა მივაკუთვნოთ.

გარდა ამისა, მე თითქმის ყოველწლიურად ვმონაწილეობ რუსეთში გამართულ ქართველოლოგიურ სემინარებში, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად არსად არ ხდება, გარდა წმინდა ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველოლოგიური სექცია მუშაობს და რომლის კონსულტანტიც მე გახლავართ. თუ უნდათ, ესეც ჩემს კომპრომატად და აგენტურად ჩათვალონ, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს ამდენი ინფორმაცია საქართველოზე არ გასულა და დაბეჭდილა რუსეთში ქართველების ავტორობით, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როცა მე დავუკავშირდი ამ სამეცნიერო წერებს და მათი წარმომადგენელი გავხდი.

Comments are closed