globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 3rd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მაინტერესებს, რატომ არ გადადგა ირაკლი კობახიძე?!“ // „თბილისელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევს”თუ კალაძეს ან მის გარემოცვას აქვთ ილუზია, რომ ის შეძლებს, ნაციონალური მასშტაბის ლიდერად ჩამოყალიბდეს, ეს სრული ფიასკოთი დასრულდება“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „არ გამოვრიცხავ, კახა კალაძისთვის რუსული კონტაქტები საბედისწერო აღმოჩნდეს“ // „კახა კალაძისთვის თბილისის შესაძლო მერობა იქნება ან პოლიტიკური ტრამპლინი, ან მძიმე დასასრული“

„კვირის პალიტრა“: „მაჟორიტარებმა ხელისუფლება საერთაშორისო შარში გახვიეს!“ // „ყველამ კარგად იცის, რა ფენომენად იქცნენ ქართულ პოლიტიკაში მაჟორიტარები – მათი დიდი ნაწილი ბიზნესიდან მოდის და დეპუტატობის მიუხედავად, ფარულად საკუთარ ბიზნესს ლობირებს. ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ“

—–

ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „კახა კალაძე არც პრემიერსა და არც პარლამენტის თავმჯდომარეს ანგარიშს არ გაუწევს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს“ // „ოცნებას“ თავად „ოცნება“ დაამარცხებს“

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ლაფანყურის ამბავი მიხეილ სააკაშვილის იდეა ნამდვილად არ იყო“ // „საქართველო-ამერიკის იარაღით ვაჭრობის შეთანხმების გამომზეურება არ შეიძლებოდა“

ახალი თაობა: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „საქართველო უკანონო მიგრანტებისგან უნდა გავწმინდოთ“ // ვინ დგას ქართველთა მარშის უკან და რას აპირებს ვინმე აბდულა

—–

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსთან: „ორმა ქვეყანამ – საქართველომ და აზერბაიჯანმა ეს შავი ლაქა უნდა ჩამოირეცხოს“ // „იმედია, საქართველო აფგან მუჰთარლის საქმეს გამოიძიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დარჩება სამარცხვინო ისტორიად“

„კვირის პალიტრა“: „თუ აზერბაიჯანელები სტრატეგიული პარტნიორები არიან, ნუ გვიგდებენ აბუჩად“ // „აზერბაიჯანის ტელეკომპანია ARB-ის ეთერში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპი ტრიალებს და ამ კლიპში აზერბაიჯანელი ახალგაზრდა წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველში იმანჭება“

—–

„კვირის პალიტრა“, 03 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მაინტერესებს, რატომ არ გადადგა ირაკლი კობახიძე?!“ // „თბილისელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდსა და უარესს შორის მოუწევსთუ კალაძეს ან მის გარემოცვას აქვთ ილუზია, რომ ის შეძლებს, ნაციონალური მასშტაბის ლიდერად ჩამოყალიბდეს, ეს სრული ფიასკოთი დასრულდება»

ნათია დოლიძე

ვიდრე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ორი მოსმენით სასწრაფოდ ისე მიიღებდა, რომ საარჩევნო წესის შეცვლისა და მაჟორიტარული წესის გაუქმების თაობაზე მიღწეული შეთანხმების ამოქმედებას 2024 წელს გადასწევდა, ვენეციის კომისიისგან მხოლოდ დადებითი შეფასებები ისმოდა, თუმცა გასულ კვირას ვითარება შეიცვალა… საქართველოში სულ სხვა მიზნით ჩამოსული ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს მწვავე განცხადებებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ის ბათუმში ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა პოლიტიკურმა პროცესებმა ვიზიტის მიზანი გადაფარა. ორდღიანი შეხვედრების დიდი ნაწილი ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მოანდომა, თუმცა – უშედეგოდ.

„ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია, არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შეისწავლა ვენეციის კომისიამ. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს”, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ მთელი საკონსტიტუციო პროცესი პოლიტიკურად სრულიად ინფანტილურად წარმართულიყო, საბოლოოდ კი ყველაფერმა უცნაური სახე მიიღო. ხელისუფლება, პროცესის დასაწყისში, თვითონ ჩავიდა ვენეციის კომისიაში, პირობა დადო, რასაც გვეტყვით, ყველაფერს გავითვალისწინებთ, რადგან დემოკრატიის მშენებლობა გვინდაო… არ ვიცი, ვინ ეხვეწებოდათ ამას, რატომ გადაიკლეს ასე თავი… საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიას ერთს ელაპარაკებოდნენ, ბუკიკიოს ჩამოსვლის წინა დღეებში კი ამის საპირისპირო პროექტი მიიღეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცხადია, რომ ხელისუფლების არათანამიმდევრულობას ვენეციის კომისიაში ბუკიკიოც და სხვებიც შეურაცხყოფად მიიღებდნენ. ეს ავტორიტეტული ორგანიზაციაა და ბუნებრივია მათი პოზიციაც – თუ მე მეკითხები აზრს, ამბობ, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ და მპირდები, რომ ჩემს რეკომენდაციებს გაითვალისწინებ, საბოლოოდ სხვაგვარი ფაქტის წინაშე რატომ მაყენებ?

ანუ მე მაჩვენებ ერთ პროექტს, იღებ ჩემს დადებით შეფასებას, მერე კი მასში შესწორებები ისე შეგაქვს, როგორც გინდა… ჩნდება ეჭვი – სწორედ იმიტომ მიიღეს ეს პროექტი ასე საჩქაროდ, რომ იცოდნენ, ბუკიკიო რა განცხადებებსაც გააკეთებდა და დაასწრეს. მას რომ ასეთი მწვავე შეფასებები მანამდე გაეკეთებინა, ალბათ, ორი მოსმენით მისი მიღება გაუჭირდებოდათ. ახლა პროცესი გახადეს შეუქცევადი, რადგან მესამე მოსმენის დროს პროექტში მხოლოდ რედაქციული შესწორებები შედის. იქ თვისებრივად და შინაარსით ვერაფერს შეცვლი. აი, ეს არის ამ პროცესის პოლიტიკური ლოგიკა, რაც ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ამას აუცილებლად მოჰყვება მძიმე შედეგები ვენეციის კომისიასა და ბევრ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტთან ურთიერთობაში. ერთი შეხედვით, წასვლამდე ჯანი ბუკიკიომ თითქოს შეარბილა ტონი, თუმცა ამ რბილი ტონითაც დიპლომატიურად ძალიან მძიმედ შეაფასა ყველაფერი. მან დაუფარავად თქვა, რომ ხელისუფლების ამოცანა არჩევნების მაჟორიტარული წესის შენარჩუნებისას ერთადერთია – ძალაუფლების შენარჩუნება. ფაქტობრივად, მან თქვა, რომ კონსტიტუციის შეცვლისას ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესები კი არ აღელვებს, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით, ეს ბუკიკიოს ყველაზე მკაცრი შეფასება იყო.
ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა არა მხოლოდ ეს მოცემულობა, არამედ შესრულების ხარისხიც! საერთოდ, რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი ამ ფორმით, რატომ ჩართეს პროცესში ყველა მაშინ, როდესაც არავისი აზრის გათვალისწინებას არ აპირებდნენ, რა საჭირო იყო ეს ექვსთვიანი ეპოპეა?! შედეგად საკუთარ თავს პოლიტიკურად უფრო მეტი ზიანი მიაყენეს. შეიქმნა ვითარება, როცა სამართლებრივად რაც უფრო ლეგიტიმური ხდება კონსტიტუცია, მით უფრო კარგავს “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. ამას მოხერხება უნდოდა.

ეს იმდენად უხარისხო ნამუშევარია, დარწმუნებული ვარ, მას, ვინც ამ პროცესზე იყო პასუხისმგებელი, ცოტა ხანში გუნდში მოსთხოვენ პასუხს, რადგან მან მოახერხა და დაწვა ყველა ხიდი პოლიტიკურ ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან მისასვლელად… ვერც ერთი სოციალური ჯგუფი ამ პროცესში თავის პარტნიორად ვერ აქცია. “ქართულმა ოცნებამ” სრული სტერილიზაცია განიცადა და დარჩა მარტო. ახლა სხდომათა დარბაზში ჩაკეტილი უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ თურმე ასე სჭირდება ქვეყანას, ანუ ერთმანეთსაც კი ატყუებენ…

- ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი მაჟორიტარების არგუმენტებმა დაარწმუნა. ფიქრობთ, რომ ეს შედეგი .. მაჟორიტარების აჯანყების გამო მივიღეთ?

- პარლამენტში მეტისმეტად ტრაგიკომიკური ვითარებაა შექმნილი. სასაცილოა, როდესაც აცხადებენ, რომ თურმე მაჟორიტარებმა რაღაც დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანეს… მაჟორიტარებმა ეს არგუმენტები გამოაქვეყნეს და საინტერესოა, სად ნახეს ეს დამაჯერებლობა, თავი რომ დავანებოთ იმას, ვინ არიან თვითონ… ეს ხომ ძირითადად ის ხალხია, ვინც სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისასაც მაჟორიტარები იყვნენ, სააკაშვილს ყველა უბედურებაზე ხელს უწერდნენ და “ნაციონალთა” განუკითხაობას პულტებით “აპრავებდნენ”… ეს ისევ ის ოქრიაშვილია, კი არ გამოცვლილა ეს ადამიანი! ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მიშა სააკაშვილის დროს ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და მორჩილად აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ავალებდნენ… მათ ეუბნებოდნენ, იყავით პარლამენტში თქვენთვის და როცა გეტყვით, პულტს დააჭირეთ ხელი, თუ გინდათ, რომ”ბოსტანი” არ გადაგიბუგოთო. დღეს ამ ხალხმა იგრძნო ხელისუფლების სისუსტე და, ფაქტობრივად, მათი მძევალი გახდა “ქართული ოცნება”. უკვე ისინი კარნახობენ თამაშის წესებს! ხომ ხედავთ, საჯარო განცხადებაც კი გამოაქვეყნეს და თავდაყირა არგუმენტებით აგვიხსნეს, რატომ არის საჭირო 2024 წლამდე ამ სისტემის შენარჩუნება. ამას ასაბუთებენ იმით, რომ თურმე ქვეყანაში პარტიული ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. პარტიული ინფრასტრუქტურა სწორედ იმიტომ არ არის განვითარებული, რომ ასეთ წურბელა მაჟორიტარებს მიაქვთ პარლამენტის ნახევარი და ასეთ ვითარებაში არც არასდროს განვითარდება.. ამ ტიპის მაჟორიტარების ერთადერთი ამოცანა პარლამენტიდან საკუთარი კეთილდღეობის დაცვაა.

და ვიდრე ისინი ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის პარაზიტები იქნებიან, მანამდე სახელისუფლებო ძალას ყოველთვის ექნება ყველა არჩევნებში გამარჯვების შანსი.
მაჟორიტარები არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებას რყვნიან. ეუბნებიან, არ გინდა ფულის ხარჯვა, თან რაიონებსაც არ იცნობ, მე კი ვიცნობ, ფულიც მაქვს და ვიცი, ვინ ვიყიდო, ვინ დავაშინო და დავაშანტაჟო და გაგიკეთებ საქმეს, იოლად მოგიტან მანდატს, ოღონდ თან ჩემს “ბოსტანს” მოვუვლი, შენც კმაყოფილი იქნები და მეცო… მათ ასე ურიგდებოდა ყველა ხელისუფლება, ახლა უკვე – “ქართული ოცნებაც”.

დღეს ხელისუფლება, ერთი მხრივ, გაურიგდა “კოლექტიურ მურუსიძეს”, მეორე მხრივ კი – “კოლექტიურ ოქრიაშვილს”. ამით, ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” მძევლად აყვანის პროცესი დასრულდა. დღეს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ქმნიდა ამ გარყვნილ სისტემას და “ქართული ოცნება” მედლის ორი მხარეა. ამ კონსტიტუციურმა პროცესმა სწორედ ეს აჩვენა. ხომ აშკარაა, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით ძალაუფლების შენარჩუნება სურთ და ცდილობენ, 2024 წლამდე როგორმე გაწელონ პროცესი. იმაზე შორს გასახედად, როგორც ჩანს, თვალსაწიერი არ ჰყოფნით, ფიქრობენ, მერე ან ვირი მოკვდება, ან – მისი პატრონიო… იყო მოლოდინი, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაიხსნებოდა პოლიტიკური სივრცე და კრიზისში მყოფი პოლიტელიტა, რომელშიც “ქართულ ოცნებასაც” ვგულისხმობ, გაიფილტრებოდა­, პოლიტიკურ პარტიებს სტიმული მიეცემოდათ… მაგრამ ყველაფერი მოლოდინად დარჩა და ბოლო ექვსი თვეც წყალში ჩაიყარა.

- გამოითქვა ვარაუდი, რომ მალე, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხიქართულ ოცნებაშისწორედ იმ ადამიანებმა დააყენონ, ვისაც ამ საკონსტიტუციო პროცესში ის ვერ გაუმკლავდა, არადა, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე იყო მოვალე, საკონსტიტუციო ცვლილებებისას კონსენსუსზე ეზრუნა

- დიახ, ეს შეიძლება მოხდეს და თან – ძალიან მალე. ირაკლი კობახიძე არასდროს ყოფილა პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ ახლა საბოლოოდ გაცამტვერდა. მან ადრე ისიც კი თქვა, თუ პროპორციული სისტემა არ გავა, გადავდგებიო, მაგრამ ისე შეეჩვია კაბინეტს, აღარ ეთმობა. ის დაჰყვა შეთავაზებულ წესებს და ახლა თვითგადარჩენისთვის იბრძვის. აღარ აინტერესებს არც პრინციპები, არც სახელმწიფო ინტერესები… მართლა მაინტერესებს, რატომ არ გადადგა ირაკლი კობახიძე?! მიუხედავად იმისა, რომ მასთან ბევრი პრეტენზია მაქვს, გულწრფელად მეცოდება. ასეთ ასაკში ასეთ მწვერვალზე ასვლა და მერე იქიდან თავით გადმოშვება ძალიან მძიმე საყურებელია… რა ფასი აქვს თანამდებობას, როდესაც შენს ნათქვამსა და დანაპირებს ან საკუთარი სურვილით “შეჭამ”, ანაც “შეგაჭმევენ”.

- ოპოზიციამ ხელისუფლებას კანონ-პროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა, თუმცაქართული ოცნებაამას არ აპირებს

- ამ ინფანტილური პროცესის შედეგად მათ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს. ეს ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა, ვიღაცამ – მიამიტობით. “ქართულ ოცნებაში” ხომ ვერტიკალი არ არსებობს – ყველაფერი მიშვებულია, ვინ რას აკეთებ, ვერ გაიგებ. ცხადია, ბევრი მიზეზის გამო ახლა უკანდახევა აღარ გამოვა. მიიჩნევენ, რომ ამით ძალიან დაზარალდებიან, მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს არის მომდგარი. არც მქონია ილუზია, რომ უკან დაიხევდნენ. ისინი ჩქარობდნენ ბუკიკიოს ჩამოსვლამდე კანონის ორი მოსმენით მიღებას, რომ ბუკიკიოს ვიზიტს აზრი დაეკარგა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რომ წამგებიანია, ცხადია, მაგრამ, სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებაში” სტრატეგიული აზროვნების უნარი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” დაადგა დეგრადაციის გზას, მისი მთავარი ამოცანა გახდა არა სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება და მათ შორის ბალანსის მიღწევა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ჩვენ ეს გვინახავს ამ ქვეყანაში და ვინ როგორ დაასრულა, ისიც გვახსოვს…

- ფაქტია, რომ მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება ძალიან სუსტი ოპოზიცია

- ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირეა ოპონენტების სისუსტე და ამის გამო ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი, რომლის ერთ პოლუსზე “ნაციონალური მოძრაობაა” ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის გამოცდილებით… მაგრამ ამ ტალღაზე “ქართული ოცნების” მიერ დივიდენდების მიღება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მიუხედავად ამომრჩევლის იმედგაცრუებისა,”ქართული ოცნება” ამ ოპოზიციურ სპექტრთან არ დამარცხდება, მაგრამ ისეთ თვითდაზიანებებს იყენებს­, რომ გარედან საფრთხის არარსებობის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, ძალიან სავალალოდ დაასრულოს. იმის გამო, რომ ყველაფერთან ერთად იგრძნობა მმართველობითი სისტემის კოროზია, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. საიდან იმართება ქვეყანა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, გაუგებარია, რამაც შეიძლება გააჩინოს სერიოზული სახელმწიფოებრივი პრობლემები. მივიღეთ ჰიბრიდული ხელისუფლება, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდება სხვადასხვა სახელისუფლებო ჯგუფი, ინტერესჯგუფები ხელისუფლების გარეთ და ა.შ. ეს კი ძალიან სახიფათოა.

ერთადერთი ავტორიტეტი ყველა ამ ჯგუფისთვის ისევ ივანიშვილია. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს მართვას, დაუბრუნდეს ლეგალურად. ის უნდა დაუბრუნდეს პრემიერ-მინისტრის სავარძელს და აღადგინოს სახელმწიფოებრივი წესრიგი. დღეს არის ქაოსი, რომელიც, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ კრიზისს გამოიწვევს, მერე კი ამ კრიზისებს რამდენჯერ დაასხამს ნავთს ჯეჯელავა…

- ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება რეალური გგონიათ?

- სიმართლე გითხრათ, ამას სკეპტიკურად ვუყურებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია…

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ძალას იკრებს

- არა მგონია, რომ ადგილობრივი არჩევნები ქვეყანაში რამეს რადიკალურად შეცვლის, იმიტომ, რომ ჯერ სრულფასოვანი ალტერნატივა, რაც შექმნილ ვითარებას არსებითად შეცვლიდა, არ ჩანს. მცირე ინტრიგას ინარჩუნებს თბილისის არჩევნები, მაგრამ აქაც ობიექტურად რომ შევაფასოთ რესურსები, ხელისუფლებას აშკარად დიდი უპირატესობა აქვს. ამ უპირატესობის მიუხედავად, კალაძეს მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა. იმიტომ კი არა, რომ მას ოპოზიცია დააზარალებს, არამედ დააზარალებს ხელისუფლება, რადგან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ბევრ ჯგუფს კალაძის მერობა მაინცდამაინც არ მოსწონს და მის კანდიდატად დასახელებასაც ეწინააღმდეგებოდნენ.

კახა კალაძის დასახელება კვლავაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებაში” არ არიან ლიდერები და ეს პარტია დღესაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე პარაზიტობს. ეს ეხება კალაძესაც. “ქართულ ოცნებაში” არ არის ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი და რომელზეც ამომრჩეველი არ ფიქრობს, რომ ის ივანიშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს… ვერ განვითარდნენ, ვერ გაიზარდნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად გაიზარდა, კალაძეა. მან გამოავლინა სპორტული ბუნება და იმუშავა საკუთარ თავზე, მაგრამ მასაც აქვს თავისი თამასა, რაც არ აძლევს იმის ნებას, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. თუ კალაძეს ან მის გარემოცვას აქვთ ილუზია, რომ ის შეძლებს, ნაციონალური მასშტაბის ლიდერად ჩამოყალიბდეს, ეს სრული ფიასკოთი დასრულდება.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მას, ალბათ, უფრო დიდი შანსი ექნებოდა, თავისი განაცხადი თავიდანვე “ნაციონალური მოძრაობისთვის” რომ არ დაეკავშირებინა და ყველაფერი პოლიტტექნოლოგიურად ცოტა სხვანაირად გაფორმებულიყო, ანუ წამოეყენებინა თავი დამოუკიდებელ კანდიდატად და შემდგომ გამოეცხადებინა მისთვის მხარდაჭერა “ნაციონალურ მოძრაობას”… საბოლოოდ კი, თბილისელ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ისევ ცუდს და უარესს შორის მოუწევს, რაც მართლაც გულდასაწყვეტია…

- თბილისში გამართულ მედიაფორუმზე კრემლთან დაახლოებული რამდენიმე რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლა სკანდალად იქცა, რაც გაირკვა, რომ მათ შორის რადიოსადგურლაპარაკობს მოსკოვისმთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვიც იყო, რომელიც 2009 წელს საქართველოში არ შემოუშვესოკუპირებული ტერიტორიებისშესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო. მართალია, შსს აცხადებს, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის ყოფნას ხანდაზმულობის ვადა ჰქონდა გასული, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მამონტოვი აფხაზეთში 2014 წელსაც იმყოფებოდა. ამგვარი სკანდალები ბოლო ხანს გახშირდაშეგახსენებთ ამ ცოტა ხნის წინ მოსკოვის ექსმერის, ლუჟკოვის ვიზიტსისმის კითხვა, რატომ არ სრულდება კანონი?

- როდესაც ვილაპარაკე მმართველობითი სისტემის კოროზიაზე, ამგვარი შემთხვევებიც მქონდა მხედველობაში. ეს არ მიკვირს იმის გათვალისწინებით, რომ ვინმე ფარცხალაძე, რომელსაც ფაქტობრივი თანამდებობა არ აქვს ხელისუფლებაში, ურტყამს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, მაგრამ მთელი ძალოვანი სისტემის დახმარებით ახერხებს პასუხისმგებლობისგან გაქცევას. ეს ნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი ამ ქვეყანაში დარღვეულია. არც ის მიკვირს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვევა, რაც რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის კი არა, ჩვენი მმართველობითი პრობლემების ბრალია.

„კვირის პალიტრა“, 03 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „არ გამოვრიცხავ, კახა კალაძისთვის რუსული კონტაქტები საბედისწერო აღმოჩნდეს“ // „კახა კალაძისთვის თბილისის შესაძლო მერობა იქნება ან პოლიტიკური ტრამპლინი, ან მძიმე დასასრული

რუსუდან შელია

“ჩემი ოცნების ქალაქი” – ასეთია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახი კალაძის გზავნილი თბილისელი ამომრჩევლისთვის. იქნება თუ არა მეორე ტური და როგორ გამოიყენებს გამარჯვების შემთხვევაში კახი კალაძე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პოსტს, “კვირის პალიტრის” კითხვებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პასუხობს:

- “ქართული ოცნების” დაფუძნების დღიდან კახი კალაძე ერთადერთი ფიგურა აღმოჩნდა, რომელმაც გუნდში დამოუკიდებლად თამაში შეძლო – მას აქვს პოლიტიკური პიარის შეგრძნება, რაც პოლიტიკოსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებასთან კომუნიკაციის სწორი ფორმა ვერ გამონახა, რაც კალაძემ მოახერხა. თუმცა, მის ყულაბაში უამრავი ნეგატივი მაინც დაგროვდა – ის იყო “გაზპრ­ომთან” მოლაპარაკებებში ჩართული, კარგად გვახსოვს მისი კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან, რაც წინასაარჩევნო პროცესს შლეიფად გაჰყვება და მეტიც, ეს ტენდენცია მისი მერად არჩევის შემთხვევაშიც აუცილებლად გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მას აქტიური მოწინააღმდეგეები გუნდშიც გამოუჩნდება. ნარმანია ისტორიაში წარუმატებელ მერად დარჩება, მან ვერ შეძლო გუნდის იმ ელიტასთან წინააღმდეგობის გაწევა, რომელსაც დიდი ბიზნესინტერესები ამოძრავებს. ამ კასტასთან ურთიერთობა კალაძესაც მოუწევს.

- გამარჯვების შემთხვევაში კალაძე ამ კასტას დაუპირისპირდება თუ პირიქით?..

- კალაძისთვის თბილისის შესაძლო მერობა იქნება ან პოლიტიკური ტრამპლინი, ან მძიმე დასასრული, რადგან თუ ვინმე დაუწყებს კალაძეს დაქაჩვას, ეს “ქართულ ოცნებაში” მყოფი ან ამ პარტიას ამოფარებული ბიზნესინტერესების მქონე ჯგუფია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად არის თბილისში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის სახელსაც არაერთი ბიზნესი უკავშირდება, ამიტომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კონკრეტულ ჯგუფთან დაპირისპირება, შესაძლოა, მისთვის ფინანსური დანაკლისებით დასრულდეს. ანუ კალაძეს აქვს არჩევანი – ან თბილი­სის მერობა დაასრულოს დანაკარგის გარეშე და დაჰყვეს ბიზნესჯგუფის ინტერესებს, ან წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას ჩაუყაროს საფუძველი.

კახა კალაძე ყველაზე ხისტია იმ პირთა შორის, რომლებიც ავანსცენაზე ივანიშვილმა გამოიყვანა. სიხისტე შეიძლება ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართ­ულებით გამოიყენოს: წაადგეს ქალაქს ხისტი და ოპერატიული გადაწყვეტილებებით, ან ჩაკლას თავისუფალი სიტყვა… დღეს მიჭირს პროგნოზირება, რა არჩევანს გააკეთებს, ქალაქს განავითარებს თუ მის კონტაქტებს დასავლური ფასეულობების დასათრგუნავად გამოიყენებს.

- რა იგულისხმეთ კონტაქტებში?

- მან გაიცნო უმაღლესი თანამდებობის პირები რუსეთში, როდესაც “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ტრამპის არჩევიდან ექვს თვეში საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კალაძეს უნდა ეყოს გონიერება, ადეკვატურად შეაფასოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-ისთვის. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა პირდაპირი სიგნალია, რომ ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაცია საქართველოს რუსეთთან ყოველგვარ გარიგებაში შესვლას არ დაუშვებს.
“გაზპრომი” თუ ამერიკა – ამ არჩევანის წინაშე კალაძე აუცილებლად აღმოჩნდება. მას დღეს გზა აქვს ხსნილი რუსეთის პოლიტიკური ელიტისკენ, თუმცა თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში მისი ფიგურით ამერიკა აუცილებლად დაინტერესდება.

ორივესთან ერთდროულად თამაში კი არ გამოუვა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჟურნალ “ეკონომისტში” გამოქვეყნებული სტატიაც, სადაც ღიად არის მითითებული, რომ დღეს თბილისის მერობა ოქროს საწმისის მოპოვების ტოლფასია. მერის პოსტი დღეს მაღალი დონის ლეგიტიმაციის ფიგურას ნიშნავს,­ რომელიც, დიდი ალბათობით, გარდამტეხი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. დარწმუნებული ვარ, კალაძე მერობისთვის ბრძოლით სწორედ 2020 წლის არჩევნებისთვის ნიადაგს იმზადებს. სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ, კალაძისთვის რუსული კონტაქტები საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. მოუწევს არჩევანის გაკეთება – რუსეთთან კონტაქტები და ბიზნესინტერესები, თუ ქვეყნის მომავალი.

- გულისხმობთ, რომ კალაძეს რუსეთთან ბიზნესინტერესებიც აერთიანებს?

- ამაზე ეჭვი მაშინ გაჩნდა, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები რომ დაიწყო.

- რამდენად მოსალოდნელია მეორე ტური?

- მეორე ტურის ალბათობა დიდია – ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში­ ჩართვა მეორე ტურის შანსს შეამცირებდა. ჩანს, ივანიშვილს აღარ სურს მისი მოყვანილი გუნდის შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება და გუნდი ერთგვარ “თავისუფალ ცურვაში” გაუშვა. რაც შეეხება ოპოზიციას, ფაქტია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც ერთ კანდიდატზე არ შეთანხმდნენ. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შოკურ მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება გაუჭირდება. ვფიქრობ, ამას ვერც დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მოახერხებს.

„კვირის პალიტრა“, 03 ივლისი, 2017 წელი

მაჟორიტარებმა ხელისუფლება საერთაშორისო შარში გახვიეს!“ // „ყველამ კარგად იცის, რა ფენომენად იქცნენ ქართულ პოლიტიკაში მაჟორიტარებიმათი დიდი ნაწილი ბიზნესიდან მოდის და დეპუტატობის მიუხედავად, ფარულად საკუთარ ბიზნესს ლობირებს. ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ

რუსუდან შელია

“იმედგაცრუებული ვარ”, “ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები”, “საკონსტიტუციო პროცესი ბლოკირებულია” – ასეთი შეფასებებით ასრულებდა ბათუმში მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მმართველ გუნდთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, ორდღიანი ვიზიტის დასასრულს კი აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან შესაძლო კომპრომისისთვის საფუძველი არსებობს. ბუკიკიოსთვის განსაკუთრებით გაუგებარი აღმოჩნდა ის ცვლილებები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის გვერდის ავლით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიიღო… რა გავლენას მოახდენს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ვინ არის პასუხისმგებელი, რომ საკონსტიტუციო პროექტზე კითხვის­ ნიშნები არა მხოლოდ ქვეყანაში, მის ფარგლებს გარეთაც საერთაშორისო ორგანიზაციებს უჩნდებათ.

——–

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი:

- ჯანი ბუკიკიომ ვიზიტის მეორე დღეს შედარებით დიპლომატიური განცხადება გააკეთა – აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის იმედი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, ის, რაც პირველ დღეს თქვა იმედგაცრუების თაობაზე, აბსოლუტურად ესადაგებოდა იმ შეხედულებებს, რაც საკონსტიტუციო პროექტზე საერთაშორისო ასპარეზზე არსებობს. ფაქტია, ბუკიკიოს პოზიცია ემთხვევა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პრეზიდ­ენტისა და სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, უშუალოდ პროცესში ჩართული კონსტიტუციონალისტების შენიშვნებს – “ქართულმა ოცნებამ” ორი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რამაც პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.

ხელისუფლების ტყუილს აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაგირება – რისთვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რა მიზანი ჰქონდა სახალხო განხილვებს და ვენეციის კომისიაში პროექტის გადაგზავნას, თუ მათ მიერვე შემუშავებულ­ ცვლილებებს ერთ დღეში თავადვე შეცვლიდნენ. გამოვიდა, რომ მმართველმა გუნდმა არა მხოლოდ მოსახლეობა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მოატყუა – ვენეციის კომისია აბსოლუტურად სხვა პროექტზე ამუშავეს და რეკომენდაციებიც დააწერინეს და სულ სხვა პროექტს უყარეს კენჭი. სწორედ ამან გადარია ბუკიკიო. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ საერთაშორისო შარში ხელისუფლება მის სახელსვე ამოფარებულმა მაჟორიტარებმა გახვიეს.

- მმართველი გუნდის ნაწილიც აღიარებსრომ მაჟორიტარებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყ­რაზე ჩავარდნის ზღვარზე იდგა. როგორ მოხდა, რომ მაჟორიტარები თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომლის უშუალო ინიციატივა გახლდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, უფრო გავლენიანები აღმოჩნდნენ?

ის, რომ მაჟორიტარები დღეს მთელ გუნდს დღის წესრიგს კარნახობენ და რეფორმის ჩაგდებით ემუქრებიან, “ქართულ ოცნებას” ძვირად დაუჯდება. ყველამ კარგად იცის, რა ფენომენად იქცნენ ქართულ პოლიტიკაში მაჟორიტარები – მათი დიდი ნაწილი ბიზნესიდან მოდის და დეპუტატობის მიუხედავად, ფარულად საკუთარ ბიზნესს ლობირებს. ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ. ბევრი მათგანი თავიანთ რაიონებს ისე უყურებს, როგორც სათავადოებს. მაჟორიტარების ფეოდალური მენტალიტეტის შესახებ ხელისუფლებაშიც კარგად იციან, უბრალოდ, მათ “მწვანე” აუნთეს, რადგან ეგონათ, საჭიროების შემთხვევაში სათავისოდ გამოიყენებდნენ. საბოლოოდ კი მთლიანად გუნდი აღმოჩნდა მათი შანტაჟის მსხვერპლი. განა არ იციან შესაბამისმა პირებმა, რომ მაჟორიტარების გარეშე კონკრეტულ რეგიონში ბიზნესსაქმიანობა შეუძლებელია და ნებისმიერი პროექტიდან 10%-იანი ფინანსური შემოსავალი პირდაპირ მათ ჯიბეში მიდის?

ან იქნებ ისიც გვითხრან, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტიდანაც მაჟორიტარები ფულს არ იპარავენ? ყველამ ყველაფერი იცის, თქმას და მოქმედებას ვერავინ ბედავს.ხელისუფლებას მაჟორიტარების ეშინია, რადგან სუსტი მმართველი­ ძალა გვყავს. მაჟორიტარები კი ამ სისუსტეს სათავისოდ იყენებენ და ქმნიან განწყობას, რომ რეგიონებში ვითარების “არევის” რესურსი აქვთ და ამას შანტაჟისთვის იყენებენ. გვინდა ამ კასტის კიდევ 7 წლით შენარჩუნება?!

არადა, მათ ხალხი სიმპათიების გამო კი არ ირჩევს, იმდენად დიდი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, რომ ქველმოქმედების სახელით ნებისმიერი მოქალაქის ირიბად მოსყიდვა შეუძლიათ – ზოგი ხალხს მედიკამენტებით ეხმარება და საკუთარ კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, ზოგიც სოციალურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს ერთი ტომარა ფქვილით ამარაგებს და ა.შ. ხალხსაც ეკონომიურად იმდენად უჭირს, რომ ასეთ ერთჯერად დახმარებას გადარჩენად აღიქვამს. აბა, ნახეთ, რა მიიღო წალკამ ან დმანისმა კახა ოქრიაშვილის რამდენიმეწლიანი მაჟორიტარობით? ან ხულოში რა შეიცვალა თუ მაჟორიტარად 12 წლის განმავლობაში ანზორ ბოლქვაძეს ირჩევს?!

რამდენიმე დღის წინ მათი განცხადება მოვისმინე – ჩვენ ზეპარტიულები ვართო და ცხოვრებაში პირველად დავეთანხმე, დიახ, ზეპარტიულები არიან, რადგან იდეოლოგიაც კი არ გააჩნიათ, იმ პოლიტიკურ ძალასთან გარბიან, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, პირველები სწორედ მაჟორიტარები გაიქცევიან ე.წ. გუნდიდან. ისიც კი მოვისმინე, მაჟორიტარებს ნახევარმა მილიონმა­ ამომრჩეველმა მოგვცა ხმაო. ეს მართლაც ცინიზმის პიკი გახლდათ! მაჟორიტარების ნაწილი რა სქემითაც იგებს არჩევნებს, უკვე განვმარტე, მეორე­ ნაწილი კი პარტიას არის ამოფარებული. ვინ აირჩევდა ფეხბურთელებს ან მორაგბეებს მაჟორიტარად, “ქართული ოცნების” სახელით რომ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა?

- თქვენი განწყობა მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ვერც 2024 წელს მოხერხდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა?

- კონსტიტუციაში დაანონსებული დაპირება სულაც არ გვაძლევს გარანტიას, რომ მაჟორიტარები 2024 წელს ისევ შანტაჟის ენით არ ისაუბრებენ ხელისუფლებასთან. იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყოს თუნდაც საარჩევნო მიმართულებით, სხვა რეფორმასთან ერთად, მაჟორიტარების ინსტიტუტის დემონტაჟი აუცილებელია!

- პროპორციულ სისტემაზე გადასვლას პრინციპულ საკითხად მიიჩნევდა პარლამენტის თავმჯდომარე. ვრცელდება ხმები, რომ შესაძ­­ოა, სწორედ ჩავარდნილი ცვლილებების გამო მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ის გია ვოლსკიმ ჩაანაცვლოს

- ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო მთელ ამ პროცესში, თუმცა, პასუხისმგებლობა მთლიანად გუნდმა უნდა გაიზიაროს. არ გამოვრიცხავ, არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება კობახიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საბაბად გამოიყენონ, თუმცა, არ იქნება სამართლიანი. გუნდის სხვა წევრების განცხადებებიც გვახსოვს, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობდნენ, თუმცა, არაფერი გაუკეთებიათ რეფორმის გასატარებლად.

————

კახა გოგოლაშვილი, “რონდელის ფონდისევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი:

- როდესაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი იყენებს ისეთ ტერმინს -­ “ბლოკირებული”, ღიად ამბობს, რომ იმედგაცრუებულია და დასძენს, რომ კონსტიტუცია მთლიან პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას, მმართველი გუნდისთვის ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ბუკიკიო იმანაც გააბრაზა, რომ, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ არა მხოლოდ საზოგადოება, ვენეციის კომისიაც მოატყუა – ორგანიზაციას გადაუგზავნა პროექტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ გუნდი პროპორციულ საარჩევნო სის­ტემაზე გადასვლას უჭერდა მხარს. მათ იმუშავეს ამ პროექტზე და შესაბამისი რეკომენდაციებიც გააცნეს მმართველ გუნდს, თავად კი ერთ დღეში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს… არ მესმის, რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამ ქმედებას მწვავე საერთაშორისო კრიტიკა არ მოჰყვებოდა.

- რა გავლენას მოახდენს ბუკიკიოს განცხადებები მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე?

- ფაქტია, რომ ჯანი ბუკიკიოს განცხადებებმა უკვე მოახდინა გავლენა მმართველ გუნდზე და ამის პირველი ნიშანი ის გახლდათ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, ეთქვა, ვენეციის კომისიასთან დიალოგს გავაგრძელებთო. “ქართული ოცნება”­ უნდა შეეცადოს, მთავარი რეკომენდაცია გაითვალისწინოს და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიოს. რაც შეეხება ჯანი ბუკიკიოს განცხადებებს, ბუნებრივია, მსგავს შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ყურადღებით აკვირდებიან.­ არაა გამორიცხული, საკითხის განხილვა ევროპარლამენტშიც გაგრძელდეს და ქვეყნის იმიჯს ზიანი მიადგეს. ბოლო დროს საქართველოსთან დასავლეთს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაუგროვდა…

———————–

ახალი თაობა“, 03 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „კახა კალაძე არც პრემიერსა და არც პარლამენტის თავმჯდომარეს ანგარიშს არ გაუწევს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში დედაქალაქის მერობის კანდიდატებსა და მათ შანსებზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, თუ კალაძე გაიმარჯვებს, როგორი მერი იქნება, დავიტ ნარმანიასგან რადიკალურად განსხვავებული თუ იგივე სტილი გაგრძელდება?

- ვინც არ უნდა გახდეს თბილისის მერი, მე მაინც შვებით ამოვისუნთქავ, რადგან ნარმანიას ყველა აჯობებს. თეორიულადაც რთულად წარმოსადგენია თბილისისთვის ნარმანიაზე უარესი მერი. დავით ნარმანიას, როდესაც ქალაქის მერად ინიშნებოდა და არ ირჩეოდა, უკვე საგრძნობლად ჰქონდა რეპუტაცია შერყეული იმ სამინისტროში, სადაც ძალიან დიდი თანხა აუთვისებელი დატოვა. კომუნისტების დროს ბიუჯეტის აუთვისებლობისთვის პარტიიდან რიცხავდნენ უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი იჭერდნენ. დავიტ ნარმანია ამბობდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორებმა პირობები დაარღვიეს, ეს იყო მისი გამართლება. რაც შეეხება მილიონი ხის დაპირებას, თითქოს ეს არც კი ყოფილა. რაც დარგეს, მისი ნახევარი გახმა. აღარაფერს ვამბობ `სითი-პარკის~ გაყვანის დაპირებაზე. ასევე პასუხგაუცემელი რჩება მშენებლობის ნებართვის მტკივნეული პრობლემა. რა იყო ეს ოთხი წელი თბილისისთვის? დანაშაულებისა და უნიათობის კოქტეილი.

- კახა კალაძეზე რას იტყვით?

- კახა კალაძისთვის, დავით ნარმანიასგან განსხვავებით, თბილისის მერობა არ არის კარიერის პიკი. თუ კახა კალაძე მერი გახდება, ეს არ იქნება მისთვის უკანასკნელი თანამდებობა. ამიტომ მან თავი უნდა გამოიჩინოს. თბილისის მერობა კახა კალაძეს ტრამპლინად სჭირდება. მით უმეტეს, საერთაშორისო პრაქტიკაში, ირანიდან დაწყებული, საფრანგეთით დასრულებული, დედაქალაქის მერობა არის ქვეყნის უმაღლესი თანამდებობისკენ მიმავალი გზა. ამიტომ კახა კალაძე ყველაფერს გააკეთებს, რომ კარგი მერი იყოს.

- რამდენად არის მოსალოდნელი, რომ კალაძემ დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს?

- კახა კალაძემ უკვე რამდენჯერმე გამოაჩინა ბრჭყალები თავისი გუნდის მიმართ. კახა კალაძეს მოუწევს იმ პერიოდში მუშაობა, როდესაც ბიზინა ივანიშვილი მართლაც ჩამოშორებული იქნება პოლიტიკას. ეს არის ყველაზე დიდი ინტრიგა, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ვინ აიღებს მართვის სადავეებს ხელში. იქნება თუ არა ეს კახა კალაძე?!

- იქნება?

- დღეს ეს რთული სათქმელია, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ თუ კახა კალაძე მერი გახდება, ის ნამდვილად იქნება დამოუკიდებელი. კახა კალაძე არ არის ის ტიპი, რომ ანგარიში გაუწიოს თუნდაც პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის ინტერესებს.

- მით უფრო ხალხის არჩეული იქნება...

- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მას ექნება ხალხის პირდაპირი ლეგიტიმაცია. კახა კალაძე იქნება დამოუკიდებელი, რადგან მას აზრადაც არ მოსდის, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ სახლში წავა მშვიდად პენსიაზე და მემუარების წერას შეუდგება. ის ემზადება მომავალი პერსპექტივისთვის და ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პერსპექტივა არ გაანიავოს. ეს არ იქნება მარტივი საქმე, რადგან თბილისის მერობა არ არის მარტივი საქმე. თბილისის ვერცერთმა მერმა ამ თანამდებობით შემდგომი კარიერა ვერ გაიკეთა. ედუარდ შევარდნაძის დროს მერი ასე თუ ისე იგივე შევარდნაძეზე იყო დამოკიდებული, ურთულესი პერიოდი იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ცხადია, მასზე იყო დამოკიდებული გიგი უგულავა. დავით ნარმანიაც ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული. დღეს სრულიად განსხვავებული მოცემულობაა, როდესაც თითქოს მართლა მიდის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, კახა კალაძეს ყველა კარტი ხელში უჭირავს. აქედან გამომდინარე ვაკეთებ ამ დასკვნას. რაც შეეხება დანარჩენებს, ნაციონალების კანდიდატს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატსა და სხვებს, ეს ანტურაჟია.

- რატომ, ასეთი დაბალია მათი შანსები?

- თუ რეალურად შევხედავთ, ასეა. ეს არის ის ფონი, რომელიც დღეს გვაქვს. მთელ ამ პროცესში მთავარი ფიგურა კახა კალაძეა, როგორი კამპანია ექნება მას, რა აქცენტებს დასვამს, ეს ყველაფერი ბევრ რამეს გამოაჩენს – თუ რა მიმართულებით აპირებს ის წასვლას, როგორი იქნება თუნდაც მისი სტილი.

ახალი თაობა“, 03 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს“ // „ოცნებას თავად ოცნება დაამარცხებს

ვის შეუძლია არსებული ვითარების გამოსწორება, რა დანაპირები უნდა შეასრულოს ივანიშვილმა, რა დაამტკიცა „ქართულმა ოცნებამ“, რა არის ხელისუფლებისთვის მთავარი საფრთხე? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

„მმართველობის სისტემაში აშკარა კოროზია იგრძნობა, ამის გარდა, რამდენიმე კრიზისის მომსწრენი გავხდით. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესებისგან დისტანცირებულია. დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად პარაზიტირებს ყოფილი პრემიერის რესურსებზე. აქედან გამომდინარე, მას იმის ფუფუნება არა აქვს, რომ საერთოდ ჩამოშორდეს ამ ყველაფერს. მას აქვს პასუხისმგებლობა როგორც ამ ადამიანებზე, ასევე სახელმწიფოზე. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ მან მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა და ამომრჩეველში გაჩნდა ეს განცდა, ეს „ქართული ოცნებისთვის“ ფატალურად დასრულდება. ამ წლების განმავლობაში მათ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ვერ დააგროვეს. ესენი ქვეყანას რომ არ მართავენ, ისედაც კარგად ვიცით, მაგრამ არც თავად ცდილობენ ამაში ხალხის დარწმუნებას. ამიტომ არ მგონია, ივანიშვილი მთლიანად ჩამოშორდეს ამ პროცესებს. მეტსაც გეტყვით, ეს იქნება სახელმწიფოსთვის სახიფათო“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

- ოცნებისთვის მისი ჩამოშორება მართლა სახიფათო იქნება, მაგრამ სახელმწიფოს რა პრობლემები შეექმნება ამით?

- მისი სრული წასვლა პოლიტიკიდან ძალიან სერიოზულ რყევებს გამოიწვევს. ასეთი სცენარი ქვეყნისთვის სასურველი არ არის. მმართველობითი სისტემა ისეთი კოროზიით არის მოცული, რომ გასვლა კი არა, სასურველი იქნებოდა, პრემიერის რანგში დაბრუნებულიყო. მორღვეულ მმართველობით სისტემაში წესრიგის აღდგენა მხოლოდ მას შეუძლია. სხვა ამას ვერ გააკეთებს. დღევანდელი ხელისუფლება არის ჰიბრიდული, სადაც ფორმალური ხელისუფლება და სხვადასხვა ინტერესჯგუფები ცდილობენ, რაღაც გაიყონ. ისინი ამას ვერ მოახერხებენ.           ივანიშვილი ორივე მხარისთვის ავტორიტეტია და სახელმწიფოებრივი კრიზისის თავიდან ასაცილებლად მისი დაბრუნებაა საჭირო. ის 2020 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დარჩეს ხელისუფლებაში.

- პროცესებიდან დისტანცირება რატომ მოისურვა, ვერ ხედავს კრიზისს თუ დაიღალა და მობეზრდა პოლიტიკა?

- შესაძლებელია, ის თავისი გუნდის ტესტირებას ახდენდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა მშობელი ცდილობს, რაღაც ეტაპზე თავისუფლება მისცეს თავის შვილს. თავისუფლების მიცემის შემდეგ ის სხვა მშობლებივით აკვირდება, რამდენად შეუძლია მის შვილს, დამოუკიდებლად იარსებოს. თუ საქმე მართლა იმასთან გვაქვს, რასაც მე გეუბნებით, ახლავე გეტყვით, რომ „ოცნება“ ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს. ის კლასიკური გადამწიფებული თინეიჯერია და მუდმივად ამ სტატუსისთვის განწირულია, ის მამიკოს გარეშე ზრდასრულ ორგანიზმად ვერ ჩამოყალიბდა.

- ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართვას არ აპირებს. არის ვარაუდი, რომ თუ ის არჩევნებამდე არ გამოჩნდება, ოცნებას ცუდად წაუვა საქმე. თქვენ ამაზე რას ფიქრობთ?

- პოლიტიკას აქვს როგორც საჯარო, ასევე კულისური მხარეები. ივანიშვილის საჯარო გამოჩენა არ არის მთავარი. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ისედაც მას აძლევს ხმას და არა – კახი კალაძეს. ის ამ არჩევნებზე ზუსტად იმდენივე ხმას აიღებს, რამდენსაც `ოცნების~ ნებისმიერი კანდიდატი. ამ ხმებს მათ ბიძინა ივანიშვილის რესურსი მოუტანს. საკუთარი მხარდამჭერები მათ არ ჰყავთ.

- თქვენ ვარაუდობთ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ოცნების ტესტირებას ახდენს. თქვენი აზრით, ქართული ოცნება ყველაზე მეტად რომელ ფრონტზე მოიკოჭლებს?

- აქ ასე არ არის საქმე, რომ რომელიმე ფრონტზე მოიკოჭლებდეს. „ოცნებამ’ დაამტკიცა, რომ არის გადამწიფებული თინეიჯერი, რომელიც ვერც ვერაფერს აკეთებს, მაგრამ დაშავებითაც არაფერს აშავებს. ეს ყველაზე უცნაური და არასტაბილური მდგომარეობაა. ცუდები არ არიან, მაგრამ, რადგან მამა ჰყავთ ავტორიტეტი, ცდილობენ, ცუდი ბიჭობა ითამაშონ. ეს როლი ძალიან მოსწონთ, თუმცა, როცა რეალურ ბარიერს აწყდებიან, უკან იხევენ. კარგია, ეს უნარები მაინც რომ აქვთ განვითარებული.

გაორება საყოფაცხოვრებო დონეზე შეიძლება სასაცილოც კი იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდია. ამ გაორების გამო რამდენიმე კრიზისი ჩამოყალიბდა, რომლებიც გახსნილი ჭრილობებივით არის სახელმწიფოს სხეულზე. „ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ თვითდაზიანებებს როცა მიიყენებენ, ამით ქვეყანასაც აზიანებენ. ოპოზიციაში რომ იყვნენ, მათი თვითდაზიანებები ჩვენი პრობლემა არ იქნებოდა.

- ხელისუფლების მიერ გამოწვეული კრიზისები სახელმწიფოს სხეულზე გახსნილ ჭრილობასავით არისო ამბობთ, ეს არჩევნების შედეგზე არ იმოქმედებს თუ ამომრჩეველზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იქონიებს გავლენას?

- პოლიტიკური პროცესები ჯერ ისევ ყოფილი პრემიერის ნიშნით მიდის. პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც მოახდენდა საპროტესტო ტალღის კაპიტალიზაციას, უბრალოდ, არ ჩანს. ერთადერთი ალტერნატივა ამ მანკიერი ორპოლუსიანი სისტემიდან გამომდინარე არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დაზიანებული ბრენდია და დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ ამაგრებს. საბოლოო ჯამში, „ოცნებას“ პრობლემა იმდენად გარედან არა აქვს, რამდენადაც შიგნიდან.

- რას გულისხმობთ?

- როცა ვამბობ, რომ მათ ამ არჩევნებზე ოპოზიციისგან ფატალური საფრთხე არ ემუქრება, იმას არ ვგულისხმობ, რომ ისინი არ წააგებენ. მათზე სხვა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ხელისუფლებას სუიციდისკენ აქვს მიდრეკილება და შეიძლება, ხარაკირი გაიკეთოს.  ასე რომ, უფრო მეტი პრობლემა აქვთ შიგნით და ეს მათთვის შესაძლოა ცუდი სიურპრიზით დასრულდეს.

- შიდა პრობლემებზე როცა საუბრობთ, გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებასაც გულისხმობთ?

- არა, შიდა დაპირისპირებაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ, „ოცნებაში“ აღარ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ამიტომაც არის, რომ მუდმივად თვითდაზიანებებს იყენებენ. ამის საუკეთესო მაგალითია საკონსტიტუციო ცვლილებები. ვინ ეხვეწებოდათ, ჯანი ბუკიკიოსთან რომ გაქანდნენ და უთხრეს, რასაც შენ გვეტყვი, იმას გავაკეთებთო. იმან მისცა რაღაც რეკომენდაციები, ამათ არ გაითვალისწინეს. ამას სჯობდა, საერთოდ არ წასულიყვნენ იმ ბუკიკიოსთან.

- მისთვის რჩევა რომ არ ეკითხათ, ამასაც ხომ მოჰყვებოდა სკანდალი?

- მოჰყვებოდა, ოღონდ ასეთი – არა. ჯანი ბუკიკიოს სკანდალით „ოცნებამ“ სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა. ბიძინა ივანიშვილის დისტანცირების პერიოდში გუნდში არ გამოჩნდნენ ავტორიტეტები, ვერტიკალი არ მუშაობს და ყველა თავის ბოსტანში იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს. ეს გადაწყვეტილებები ნორმალური რომ ყოფილიყო, რა უჭირდა, მაგრამ ყველა ერთმანეთზე უცნაური და უარესია. არაკვალიფიციურობა და პოლიტიკური ინფანტილიზმი ძალიან სახიფათოა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი კრიზისის პირისპირ აღმოვჩნდებით.

- თქვენი აზრით, გაითვალისწინებს ყოფილი პრემიერი თქვენს რჩევას?

- იმის დიდი იმედი არა მაქვს, რომ ივანიშვილი ამ ეტაპზე ჩემს რჩევას გაითვალისწინებს. თუმცა ეს თხოვნა უფროა, ვიდრე რჩევა. როცა ივანიშვილს დაბრუნებას ვთხოვ, მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან ამოვდივარ და სენტიმენტებზე არ ვსაუბრობ. ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში არ დაბრუნდება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამის აუცილებლობაში თავად დარწმუნდება. მას ალბათ ახსოვს ერთი დაპირება, რომელიც ხალხს მისცა. როცა პრემიერობიდან მიდიოდა, თქვა, თუ დავინახე, რომ ცუდად მიდის საქმე, დავბრუნდებიო. იმედი მაქვს, ამ დანაპირებს შეასრულებს. კარგი იქნებოდა, ეს ახლავე გაეკეთებინა. ახლა უფრო იოლად შეძლებს დალაგებას. რაც უფრო იქით გადასწევს დაბრუნებას, მით უფრო გაუჭირდება დალაგება.

ახალი თაობა“, 03 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ლაფანყურის ამბავი მიხეილ სააკაშვილის იდეა ნამდვილად არ იყო“ // „საქართველო-ამერიკის იარაღით ვაჭრობის შეთანხმების გამომზეურება არ შეიძლებოდა

გასულ კვირას ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსა და ამერიკას შორის იარაღით ვაჭრობაზე იყო საუბარი. ამ იარაღით კი სირიაში მოქმედი ოპოზიცია მარაგდებოდა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ახალ თაობასთან ინტერვიუში აღნიშნულ თემას ეხმიანება.

- ბატონო მამუკა, რის თქმა შეგიძლიათ აღნიშნულთან დაკავშირებით?

- ამ დოკუმენტში, თუ ის რეალური დოკუმენტია, საუბარი იყო ორ სახელმწიფოს შორის იარაღით ვაჭრობაზე, საქართველოსა და ამერიკას შორის. ეს თუ მართალია, ამით დიდი განსაკუთრებული მსოფლიოსთვის არაფერი მომხდარა, მაგარამ ამ საქმის გახმოვანება „რუსთავი-2“-ის მხრიდან არის სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა. იმის გამო, რომ შენ გინდა, არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინო, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ინტერესების დისკრედიტაციაც უნდა მოახდინო.

- ანუ არის თემები, რომლებსაც არ უნდა შეეხო?

- რასაკვირველია! ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე არ ვიცი ბევრი რამ, იგივე რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში, რა ხდებოდა 2012 წელს ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით, მე და ჩემი კოლეგები არასოდეს ვსაუბრობთ იმაზე, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

- თქვენ რა ინფორმაციებს ფლობთ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით? არსებობს მსგავსი ხელშეკრულება ამერიკასა და საქართველოს შორის?

- ეს კონკრეტული ხელშეკრულება თუ არსებობს, არ ვიცი, მაგრამ ამგვარი ხელშეკრულება რომ შეიძლება არსებობდეს, ამას არ გამოვრიცხავ. გეოპოლიტიკურ სივრცეში ხდება სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორებს შორის, მათი საერთო ინტერესებიდან გამომდინარე.

- მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ასევე ხშირად საუბრობდნენ უკანონო იარაღით ვაჭრობაზე...

- ეს კიდევ სხვა საკითხია. მაშინ ეს გახმაურებული ამბავი იყო. ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის შეძენილი რაკეტები აღმოჩნდა სრულიად სხვა ქვეყანაში, ჩვენთან კი შემოვიდა ძველი და უვარგისი სამხედრო მასალა.

- რამდენად სერიოზულად დაზიანდა ამ დოკუმენტის გამომზეურებით ქვეყნის ინტერესი?

- ამ დოკუმენტის მიხედვით გამოვიდა ისე, რომ საქართველო აწვდის იარაღს ე.წ. ზომიერ აჯანყებულებს. ანუ საქართველო ჩარეულია სირიის კონფლიქტში ამ ფორმით, რაც ჩვენ არანაირად არ გვაწყობდა. კი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორების ქმედებას ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ჩვენ თვითონ ჩართულები არა ვართ. დეკლარაციის დონეზე ასე ითქმება, მთავრობა ასე ამბობს და უცებ „რუსთავი-2“ აქვეყნებს ასეთი ტიპის დოკუმენტს, რითაც გამოდის, რომ არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე, არამედ უშუალოდ ყოფილა ჩართული საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეში. ჩვენი ჯარისკაცები რომ მონაწილეობდნენ ამ პროცესებში, კიდევ გასაგებია.  ეს არის ყველაზე უწყინარი ჩართულობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ჩვენს სიტუაციაში, მაგრამ არ არის სასურველი, რომ ეს ჩვენი მტრის სალაპარაკო გახდეს.

- თქვენ ამბობთ, უწყინარი ჩართულობაო, მაგრამ შესაძლოა ამ ინფორმაციის გაჟღერებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნას ქვეყანას? რა გამოძახილი მოჰყვება ყოველივე ამას?

- აი, სწორედ ეგ არის საქმე! წარმოიდგინეთ, ამ იარაღით, რომელსაც ვითომდა ქართული მხარე აწვდის სირიაში მყოფ ოპოზიციას, დაიღუპოს რომელიმე რუსი ინსტრუქტორი, რა ამბავი მოჰყვება ამას. გვინდა ეს ამბავი? ნამდვილად არ გვინდა!

- ასე მარტივად ხელმისაწვდომი იყო რიგითი ჟურნალისტისთვის ეს დოკუმენტი თუ ვიღაცამ სერიოზულად იმუშავა?

- რასაკვირველია, ეს რომ ჟურნალისტების მოპოვებული დოკუმენტი არ არის, ფაქტია. ეს არის რომელიღაცა ბობოლა ნაციონალის მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც გადასცა ჟურნალისტებს. ამით დამატებითი პრობლემა შეუქმნეს ქვეყანას სრულიად არაფრის გამო, ცარიელ ადგილას! მაგალითად, ლაფანყურის ამბავი, როგორც დაიწყო ის თავიდან აპრილში, სრულიად ნათელია, ეს ვისი ინტერესებისთვის ხდებოდა ეს ამბავი, ვინ იყო ამის ინიციატორი და როგორ ხდებოდა ეს დინამიკა, მაგრამ მე თავში არ მომივა არასოდეს, რომ ეს მოვყვე.

- პერიოდულად ვრცელდებოდა ამ თემაზე ინფორმაციები. ბოლოს ერთ-ერთმა დაკავებულმაც სკანდალური განცხადებები გააკეთა. თქვენ კიდევ უფრო სერიოზული ინფორმაციები გაქვთ?

- კი, მაქვს. ამ პირმა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თქვა, რომ ის იყო ჩანერგილი რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ამ მოსამზადებელ პროცესში და ის იყო რუსული სპეცსამსახურების აგენტი. ეს ამბავი ჩემთვის ცნობილი იყო.

- და თქვენ იცით გაცილებით მეტი?

- რასაკვირველია. მე კარგად ვიცი, ვის ინტერესებში იყო ამის დაწყება. ვინ ვინ გამოიყენა. გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გამოვიდა, როგორც მარიონეტი! ხან ერთმა ქვეყანამ გამოიყენა მათი უვიცობა, ხან მეორე ქვეყანამ გამოიყენა მათი ასეთი საქმეში ჩაუხედაობა.

- ეს არ იყო მიხეილ სააკაშვილის იდეა და მისი წამოწყებული პროვოკაცია?

- ნამდვილად არ იყო მიხეილ სააკაშვილის იდეა! მიხეილ სააკაშვილს ჩვენ ვედავებოდით იმაში, რომ ტყუილების ლაპარაკი დაიწყო, რომ ვითომ ისინი შემოდიოდნენ იქიდან აქეთ, რუსეთიდან საქართველოში. გარდა მაგისა, რომ ასე მოექცნენ ამ ადამიანებს, ჩამოიყვანეს, გამოიძახეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სხვა დავალებისა და ფუნქციისთვის და სულ სხვა შედეგი მიიღეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ 29 აგვისტოს დილის ამბავი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის სიურპრიზი იყო.

- არ იცოდნენ?

- არა, მაგრამ არ ცხრებოდნენ, ბოლომდე აწვებოდნენ იმ ვერსიას, ვითომ ყველაფრის აზრზე იყვნენ. დღესაც მაგას ლაპარაკობს სააკაშვილი. იქ კიდევ სხვა ქვეყნების ინტერესები იყო, რაზეც ჩვენ არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დაზარალდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი.

- აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წვრთნები აქტიურად მიმდინარეობს. გვესმის შეფასებები, რომ ეს საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. რას იტყვით თქვენ?

- ეს წვრთნები, სამწუხაროდ, ტრადიციული გახდა. ამ წვრთნებით იწყება ხოლმე „ზაფხულის სეზონი“ და შემდეგ გრძელდება წვრთნებით, რომლებსაც ჰქვია `კავკასია~. „კავკასია 2008“ რითიც დამთავრდა, ყველასთვის ცნობილია. აფხაზეთში მიმდინარე წვრთნები არის ამ ღონისძიების კონტექსტში, მაგრამ ეს არის პარალელური წვრთნები. საქართველოს ტერიტორიაზეც პარალელურად ხდებოდა წვრთნები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობდა წვრთნებში, რომელთაც სამი ქვეყანა აწარმოებდა: აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. პარადოქსული სიტუაცია იქმნება. ამ პატარა სივრცეში ორი ბლოკი ატარებს წვრთნებს!

- რამდენად ფეთქებადსაშიშია სიტუაცია?

- ამწუთიერი ხიფათის მოლოდინი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ მოხდება. თუ გაგრძელდება ნატოს ინტეგრაცია და საქართველოს სვლა ნატოსკენ, მაშინ გამორიცხული არაფერია. თუმცა რუსეთი სხვა ალტერნატივას არ გვიტოვებს თავისი ქმედებით. ვიდრე აფხაზეთში დაიწყებოდა ეს მასშტაბური წვრთნები, კარასინი გამოვიდა და ეს წვრთნები იმით გაამართლა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ხდება ნატოში.

- ამ ფონზე რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები?

- ერთი შეხედვით, ხელისუფლების ნაბიჯები ჩანს ძალიან სუსტი, მაგრამ, მეორე მხრივ, მე ვამართლებ ამ ნაბიჯებს, რადგან ეს არის მშვიდობაზე ორიენტირებული ნაბიჯები. კბილებით რომ გიჭირავს სიტუაცია, დაახლოებით ეგეთი ვითარებაა. დღეს რუსეთში ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, თუ სასწრაფოდ არ უშველეს, რუსული ეკონომიკა ჩამოიშლება. ამ ფონზე რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა იწყებს ხოლმე რაღაცა კონფლიქტს, რომ გადაფაროს თავის საზოგადოების თვალში უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. სწორედ ამიტომ არის საშიში დღეს რუსეთი. მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ-ზეგ ომი დაიწყება. არსებობს ისეთი სერიოზული ხიფათიც, როგორიც არის დამარცხებული ისლამური ხალიფატი.

- აქედან წამოსული საფრთხე რამდენად სერიოზულია?

- ისლამური ხალიფატისთვის საქართველო არ არის პირველი რიგის ქვეყნებში, რომელიც ტერორისტული სამიზნე გახდება. დღეს მთავარი ტერორისტული სამიზნე ისლამური ხალიფატისთვის არის დიდი ქვეყნები. ევროკავშირი, განსაკუთრებით ისეთი ქალაქები ევროკავშირისა, სადაც ტერაქტი რეზონანსული იქნება. ესენია პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ასე შემდეგ. ასევე ეს არის ირანი, რომლის წინააღმდეგაც ომი ხალიფატმა რამდენიმე დღის წინ პირდაპირ გამოაცხადა და მოხდა წარმოუდგენელი რამ. ისეთ ტოტალიტარულ ქვეყანაში, როგორიც არის ირანი, რომელსაც ჰყავს საუკეთესო სპეცსამსახურები და საუკეთესო დაცვა ხდება თეირანისა, იქ მაინც მოხდა ასეთი მასშტაბური ტერაქტი. ასევე სერიოზული სამიზნეა თურქეთი. ხოლო რაც შეეხება კავკასიას და კონკრეტულად საქართველოს, ეს მხარე ისლამური ხალიფატისთვის ბაზის ცენტრად განიხილება. რასაკვირველია, კავკასიელი მებრძოლები შეეცდებიან, აქ დაბრუნდნენ და თავისი გავლენები გააძლიერონ, ოღონდ ჯერ ტერორისტული სამიზნე არ ვართ, თუ არ ჩავთვლით დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

- ანუ შესაძლოა საელჩოები გახდეს თავდასხმის ობიექტი?

- შეიძლება იყვნენ სამიზნეები. ფიზიკური არ არის, მაგრამ კარგა ხანია, რაც არსებობს იდეოლოგიური ტერორი, რომელშიც ჩვენ უკვე ვცხოვრობთ. მათთვის კავკასია ამ ეტაპზე მოსამზადებელი სივრცეა. მიმდინარეობს მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავება, ჯერ მუსლიმანი მოსახლეობის, ხვალ კი ჩვენი რიგი დადგება.

ახალი თაობა“, 03 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „საქართველო უკანონო მიგრანტებისგან უნდა გავწმინდოთ“ // ვინ დგას ქართველთა მარშის უკან და რას აპირებს ვინმე აბდულა

ვინ დგას ქართველთა მარშის უკან, მონაწილეობს თუ არა პროცესებში ღარიბაშვილი, რა პროვოკაციას გეგმავს ვინმე აბდულა, რის გაკეთება მოუწევს შსს-ს? ამ თემებზე „ახალ თაობას“ მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება.

- სანდრო, რამდენიმე დღის წინ თქვენ ქართველთა მარშის მოწყობის იდეით გამოხვედით. ეს იდეა საზოგადოების ნაწილმა აიტაცა, მეორე ნაწილი კი ამას პროვოკაციად თვლის. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ღონისძიების უკან რუსეთი დგას...

- ჩვენ მიერ დაანონსებულ ქართველთა მარშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიღაცებს ამის ძალიან შეეშინდათ და ათას რამეს გვაბრალებენ, მათ შორის რუსეთის აგენტობასაც. ჩემთვის ამის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.

- რატომ არის უხერხული?

- იმიტომ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც რუსეთის არმიას 18 წლის ასაკში ავტომატით ხელში ებრძოდა. თან იმასაც ხომ გააჩნია, ვისგან მოდის ბრალდება. რუსეთის აგენტობას მე მიხეილ სააკაშვილის ხროვა მაბრალებს. იმ კაცის ხროვა, რომელიც კაგებეშნიკ ბიძა თემურ ალასანიასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოში რუსული პოლიტიკა გატარებულიყო. ამ ხალხმა ნახევარი საქართველო რუსეთს მიჰყიდა. რუსეთს მე, როგორც ოკუპანტს, ისე ვუყურებ. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. რუსეთის აგენტების გარდა სხვა იარლიყებსაც გვაწებებენ. ზოგი მანჯურიის აგენტადაც კი მოგვიხსენიებს. მინდა ამ ხალხს იმედი გავუცრუო, მათი არცერთი ვერსია სწორი არ არის. ჩვენ სულ სხვა ქვეყნის აგენტები ვართ. ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია. დიახ, ჩვენ საქართველოს აგენტები ვართ. ნაცებისა და გიგა ბოკერიას ხვლიკებს ვურჩევ, სხვის აგენტობაზე საუბარს თავი დაანებონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ.

- ნაცებისა და გიგა ბოკერიას ხვლიკების გარდა, ქართველთა მარშის უკან რუსულ ინტერესებს სხვებიც ხედავენ. ამაზე ეჭვებს ხელისუფლების მეოცნებეებიც აკეთებენ.

- სიმართლე თუ გინდა, არავისი აზრი არ მაინტერესებს. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, ეს ჩემი ქვეყნის ინტერესებია. პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ, გაუთავებლად ილაპარაკონ. ქართველთა მარშის უკან არცერთი პოლიტიკური ძალა არ დგას. ეს გახლავთ ევროპული ყაიდის ღონისძიება. ასეთი მარში გაიმართა ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში, როტერდამში, კოპენჰაგენში. ევროპაში ასეთი რამეები ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი მარშის მიმართ ვისაც კითხვები აქვს, მათ გასაგონად ვამბობ, რომ მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ – კანონის აღსრულებას.

- რომელი კანონის?

- საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერი არალეგალი მიგრანტი დაკავებასა და ქვეყნიდან დეპორტაციას ექვემდებარება. საქართველოს კანონმდებლობითვე პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა და პროსტიტუციაში არასრულწლოვანების ჩაბმა ისჯება. ამ არალეგალებს ჩვენი 13-14 წლის გოგოები ჰყავთ პროსტიტუციაში ჩაბმული. მოვითხოვთ, მოხდეს არალეგალების დეპორტაცია. საქართველოს პარლამენტისგან კი ევროპული ტიპის საემიგრაციო კანონის მიღებას ვითხოვთ, რომლის მიხედვითაც, კრიმინალები და მანიაკები საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლებას ვერ მოიპოვებენ. აი, ესაა ჩვენი მოთხოვნები, აბსოლუტურად ცივილიზებული და მსოფლიოსთვის მისაღები.

- ამ აქციის გამართვას აღმაშენებლის გამზირზე აპირებთ, სადაც ძალიან ბევრი ღამის კლუბია. დარწმუნებული ხართ, რომ მარში მშვიდობიანად დასრულდება?

- ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები შსს-თან და საპატრულო პოლიციასთან. ჩვენი მარში არის მშვიდობიანი და აქედანვე ვაცხადებ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძალადობის ხერხებს მიმართავს, იქნება შემოგზავნილი პროვოკატორი. პირობას გაძლევთ, რომ მოძალადე უმკაცრესად აგებს პასუხს.

- ანუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მარში მშვიდობიანად დასრულდება?

- მარში კი არა, ფეხბურთის მატჩის დროსაც არავინ არის დარწმუნებული, რომ არეულობა არ მოხდება. სიმშვიდე უნდა უზრუნველყოს შსს-მ. წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და შსს-ს ეკისრება.

- აბა, ორგანიზატორებს რა გეკისრებათ?

- მარშის მოწყობა. ამასთან, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ სახელმწიფოსთან, რომ მარში მშვიდობიანად დასრულდეს. ექსკლუზიურად შემიძლია ერთი ინფორმაციაც მოგაწოდოთ. არის ვინმე აბდულა, წარმოშობით სირიელი, გვარს ამ დღეებში დამიდგენენ. ის ერთგვარი მაფიის ბოსია. მან რამდენიმე დღის წინ გამართა თავისიანების შეკრება და არეულობის მოწყობის განკარგულება გასცა.

- რა არეულობაზეა საუბარი?

- აბდულამ შეკრება ჩვენ მიერ დაანონსებული ქართველთა მარშის შემდეგ გამართა. მისი ბრძანებით, მარშის მონაწილეებზე უნდა მოხდეს თავდასხმა. იმედია, შსს ამ ინფორმაციას გაითვალისწინებს. ჩვენ ძალადობას არ ვაპირებთ და მინდა, ეს ყველამ დაიმახსოვროს.

- ზემოთ ვსაუბრობდით, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ ღონისძიების უკან. ერთ-ერთ ორგანიზატორად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებენ. აქვს რაიმე კავშირი მას თქვენთან?

- ირაკლი ჩემი მეგობარია, ნამდვილი ქართველია და ძალიან მიყვარს, მაგრამ მას ამ მარშთან საერთო არაფერი აქვს. მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია...

- რამდენი ხანია, რაც არ გილაპარაკიათ?

- დიდი ხანია არ გვილაპარაკია. ირაკლიზეც შეგნებულად ავრცელებენ. რაც არ უნდა იჭორაონ, ეს მარში ჩატარდება. მასში მონაწილეობას, სულ მცირე, 10.000 კაცი მიიღებს. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას, საქართველოში საეჭვო წარმოშობის პირები ვეღარ მიიღებენ ბინადრობის უფლებას. საქართველო საეჭვო წარმოშობის მიგრანტებისგან უნდა გავწმინდოთ. 14 ივლისი ამ უკანონობის დასასრულის დასაწყისი იქნება.

———————–

„კვირის პალიტრა“, 03 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსთან: „ორმა ქვეყანამ - საქართველომ და აზერბაიჯანმა ეს შავი ლაქა უნდა ჩამოირეცხოს// „იმედია, საქართველო აფგან მუჰთარლის საქმეს გამოიძიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დარჩება სამარცხვინო ისტორიად

ვაჟა თავბერიძე

გასულ კვირას ევროპარლამენტმა აფგან მუჰთარლის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც მკაცრად მოუწოდებს საქართველოსა და აზერბაიჯანს, დაწვრილებით გამოიძიონ ეს საქმე. რა მოჰყვება რეზოლუციას და რა გავლენა ექნება ამ ინციდენტს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ამ თემებზე დოკუმენტის­ ერთ-ერთ ავტორს, ლიტველ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს ვესაუბრეთ:

- რამდენად რეალურია, რომ ბაქო და თბილისი ამ საქმეს გამოიძიებენ?

- რაც მოხდა, ძალიან ცუდია საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟისთვის­ – თქვენს სუვერენულ ტერიტორიაზე იტაცებენ ადამიანს, რომელიც შემოგეხიზნათ და იმედოვნებდა, რომ აქ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა. ის მოვლენებიც, რაც შემდგომ აზერბაიჯანში განვ­ითარდა, კარგს არაფერს ამბობს… უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ორმა ქვეყანამ ყველაფერი იღონოს, რათა შავი ლაქა ჩამოირეცხოს. იმედია, საქართველო საქმეს გამოიძიებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დარჩება სამარცხვინო ისტორიად. დაისმება შეკითხვა, რამდენად შეიძლება ვენდოთ­ საქართველოს ხელისუფლებასა და მის სიტყვას. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება დემოკრატიულობასა და კანონის უზენაესობას ქვეყანაში. დასანანი იქნება, თუ საქართველო ამ შანსს ხელიდან გაუშვებს. მმართველმა ძალამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მოსაზრება, რაც ბრიუსელში გვაქვს საქართველოზე, სწორია, რომ ქვეყანა მიისწრაფვის მეტი დემოკრატიულობისკენ, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ.

- აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი და ენერგომომმარაგებელია. როგორ ფიქრობთ, თბილისს რომ ოფიციალურად გადაეცა აფგან მუჰთარლი ბაქოსთვის, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია?

- რატომ უნდა გადაეცა? როგორც ვიცი, მას დანაშაული არ ჩაუდ­ენია. ჟურნალისტი, მით უმეტეს, საგამოძიებო მედიაში, კრიტიკული უნდა იყოს. ჩვენ არ ვცხოვრობთ პუტინის რუსეთში, სადაც ოპოზიციასა და ჟურნალისტებს ძალით აჩუმებენ.

- საქართველოში საკმაოდაა ხალხი, ვინც თვლის, რომ არ ღირს ერთი ადამიანის გამო ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭება

- არა მგონია, აფგან მუჰთარლის ამხელა­ ზეგავლენა ჰქონდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე. დღეს ევროპასა და ევროკავშირში დიდ ყურადღებას აქცევენ კანონის უზენაესობას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც დაინტერესებული­ არიან ევროკავშირთან დაახლოებით. თუ აფგან მუჰთარლის საქმესთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას პასუხი არ გაეცა, ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე. ეს არ იქნება ურთიერთობის გაწყვეტის საბაბი, მაგრამ ჩაითვლება, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ დაგვრჩება ეჭვები და შეკითხვები ქართულ მხარესთან.

„კვირის პალიტრა“, 03 ივლისი, 2017 წელი

თუ აზერბაიჯანელები სტრატეგიული პარტნიორები არიან, ნუ გვიგდებენ აბუჩად“ // „აზერბაიჯანის ტელეკომპანია ARB-ის ეთერში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპი ტრიალებს და ამ კლიპში აზერბაიჯანელი ახალგაზრდა წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველში იმანჭება

ეთერ ერაძე

“როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი,­ არასოდეს გიკითხავს, რატომ გქვია ინგი­ლოო, არავინ­ დაინტერესებულა, რას განვ­იცდიდი­ მე, თქვენი მეგობარი, როცა ინგილოს მეძახდით და არა ჰერს. სინამდვილეში ინგ­ილო გამაჰმადიანებულ ქართველს ნიშნავს, ჩემს წინაპარს კი ჰერების მიწაზე რწმენა არასოდეს შეუცვლია, არც სისხლისა და ტკივილის ფასად. ვინც შეიცვალა, დღესაც ტანჯვით იხსენებს იძულებით შეცვლილ თავის რჯულს”, – მწერდა ჩემი ჰერი მეგობარი, რომელმაც ამ წერილით სახტად დამტოვა, რადგან მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რა ტკივილს ვაყენებდით, ასე ერთი სიტყვით, რომ ვუვიწყებდით ქრისტიანობისთვის თავდადებას.

რწმენასთან დაკავშირებული ყოველი ნიუანსი დღესაც სულისშემძვრელი დარდია­ ამ კუთხისთვის, მით უფრო, თუ საქმე­ ჰერ­ეთის უძველესი ქრისტიანული ტაძრების შეურაცხყოფას ეხება. დღეს ეს ტაძრები აზერბაიჯანში ალბანურ ძეგლებად ითვლება და თითოეულ მათგანს “ალბანურობის” აღმნიშვნელი დაფებიც აქვს მიკრული. ცოტა ხნის წინაც უკვე მერამდენედ შეურ­აცხყვეს ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი – ჰერეთის ქრისტიანობის სალოცავი, რომლის ძალასაც აზერბაიჯანელი მუსლიმანებიც პატივს სცემენ. ვანია თოფალაშვილმა ამ ფაქტის შესახებ გვიამბო და გულისტკივილით დასძინა, – უსაშველო გვჭირს ქართველებს, ჩვენს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრისას, ჰერეთი თუ არსებობს, არ აგონდებაო.

ვანია თოფალაშვილი:

- ჰერი თუ მოკვდა, ჰერეთიც აღარ იქნება.­ შვილებსაც ისე ვზრდით, თითოეული ქართული სიტყვა და ქართული ნამღერი სიწმინდედ ჩათვალონ და აბა, წარმოიდგინეთ, ეკლესიების შეურაცხყოფა როგორ გვეტკინება. მუსლიმანური სალოცავების თუნდაც ვაგლახად მოხსენიებას აზერბაიჯანის ხელისუფლება არავის შეარჩენს, ჩვენს კი… ნუთუ ასე ძნელია, აზერბაიჯანის ხელისუფალთ შეხვედრისას უთხრან, – ქრისტიანული ტაძრები ტუალეტებად გაქვთ გადაქცეული, საკურთხევე­ლში კი რწმენის შეურაცხმყოფელ კლიპებს იღებთო! რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანის ტელეკომპანია ARB-ის ეთერში ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპი ტრიალებს და ამ კლიპში რომელიღაც აზერბაიჯანელი ახალგაზრდა წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველში იმანჭება.

- ეს ის ტაძარი არ არის, რომლის ძალისაც მუსლიმანებს სწამთ?

- მუსლიმანები ქრისტიანებივით ადიან ამ ეკლესიაში სათხოვარზე, ახსოვთ, ამ ხატ-საყდარმა რამდენჯერ შეისმინა მათი სათ­ხოვარიც, მაგრამ ამან სულაც არ შეუშალა­ ხელი ტელევიზიას, ქურმუხის ეკლესიის კარზე დადებული ბოქლომი აეხსნათ და შოუები ჩაეტარებინათ. ეს ამ ტაძარში გადაღებული ARB-ის მეორე კლიპია. პირველი­ 2015 წელს გადაიღეს კარატეს ილეთებით, სადაც ქრისტიანული მღვდელმსახურების შეურაცხყოფა ჩანს.

- ამ ფაქტს საქართველოდან ვინ გამოეხმაურა?

- ერთადერთი, საპატრიარქომ მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდ­ერს და ფაქტის დროული მოკვლევა სთხოვა. რატომ უნდა იყოს ასე შეშინებულ-დამფრთხალი ჩვენი ხელისუფლება, რატომ ვერ უნდა იღებდეს ხმას?! გავიძახით, აზერბაიჯანელები სტრატეგიული პარტნიორები არიანო. კეთილი, მაგრამ თუ პარტნიორები არიან, ნუ გვიგდებენ აბუჩად. როცა ეროვნულ გრძნობებს და რელიგიას ეხება საქმე, იქ წვრილმანი პრობლემები არ არსებობს – ჰერებისთვის ტაძრის შეურაცხყოფა­ სიკვდილის ტოლია!
აზერბაიჯანში ჩვენი სხვა ეკლესიებიც მძიმე დღეშია. გიშის VI საუკუნის ტაძარში ალბანური მუზეუმია მოწყობილი (გიშის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალმა დააარსა). დღეს კი ამ ძეგლს ასეთი წარწერა ამშვენებს: “პამიატნიკ ალბანსკოი არქიტექტური”. ერთ XIX საუკუნის ტაძარში ტუალეტია გამართული, რაზეც უბრალო აზერბაიჯანელებიც კი შეწუხებული არიან – ბევრი მათგანი პატივს სცემს ქრისტიანულ ტაძარს, როგორც სიწმინდეს.

- ეს ტაძარი სად არის?

- ზაქათალაში. ასე რომ, ამ მხარეში ჯერ კიდევ მაშინ ახსენებდნენ ქრისტიანულ ტაძრებს, ვიდრე ბოლშევიკები ამ მიწას აზერბაიჯანს მიაჩუქებდნენ. აქ ხალხი დღესაც 40 კილომეტრზე I(სოფელ ქოთოქლოდან კახში) დადის სალოცავად და ამ დროს ტაძარი ხელის გაწვდენაზე აქვთ, საქართველოს ხელისუფლებას კი ამასთან დაკავშირებით რეაქცია არა აქვს.
ჰერეთი ამ მიწაზე მაინც გაძლებს­ – მითხრა ვანიამ და საუბარი­ დაასრულა იმ იმედით, რომ საქართ­ველოს ხელისუფლება ამჯერად მაინც გააპროტესტებს მომხდარს და ამით მხოლოდ ჰერებს კი არ გაამხნევებს, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის ძალასაც იგრძნობს.

გამახსენდა მწერალი აკა მორჩილაძე: „აქ საინგილოს (ჰერეთი) სევდაა. ის თვალებშიცაა და ხელებშიც, მიხრა-მოხრასა და ღიმილშიც. ეს ძლივს შესამჩნევი სევდაა: ახლო სიშორის თუ შორეული სიახლოვის გამომხატველი. თითქოს დამალული და მაინც თავგამოჩენილი, თავწახრილი, მაგრამ მაინც მომზირალი. ეს სიმშვიდეა ეგებ ბევრგან საძებარი, საინგილოში (ჰერეთი) კი ასეთი უხვი და შეუმჩნევლად მოძრავი. მგონი, ეს სიმშვიდე საუკუნეებს ითვლის, ოდესღაც დაიწყო და არასოდეს დამთავრდება. საინგილო (ჰერეთი) ისედაც რაღაცნაირი ჩურჩულის ქვეყანაა, თითქოს ჩუმი ლოცვისა თუ რაღაც ასეთის. ალბათ ამ სიმშვიდის გამო მას სიტყვის გარეშეც შეუძლია გვითხრას რაღაც: ათასი რამით, ქცევით, თვალებით, ღიმილით. ყველაზე სანდონი ფიქრებით უსიტყვოდ ლაპარაკში ბავშვები არიან. საერთოდ საინგილოში (ჰერეთი) არაფერი იტყუება: არც ბავშვის თვალები, არც ბებიის ღიმილი და შემპარავი სითბო. ისტორიამ უცნაური გაწირვა იცის ხოლმე. წაიღებს სისხლს, ხორცს, ძალას, ღონეს და დატოვებს მხოლოდ გულსა და სულს. მერე კი კაცმა უნდა უბეროს სული გულს, ეცადოს მის გამოცოცხლებას, გაღვიძებას, ამუშავებას. ეს გრძელი და ტკივილით სავსე ამბავია, მაგრამ ეს სიცოცხლისა და გადარჩენის ამბავიცაა”.

Comments are closed