globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 3rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „რუსეთს  დასავლეთის სანქციების შერბილება სურს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ისლამურ ხალიფატს“ საქართველოში და კავკასიაში კონკრეტული ინტერესები აქვს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ქალბატონი ნინოსთვის მოსკოვი უცხო გარემო არ გახლავთ, მას ნაცნობობაც შესაბამისი აქვს და ცხადია, სერიოზული კონტაქტებიც“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ფრთხილადპოლიტიკურმა კატა-თაგვობანამ მთავარი გამოწვევები არ დაგვავიწყოს// “არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სანქციების ფორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ

„კვირის პალიტრა“: „15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენ… მოსალოდნელია კავკასიაში სიტუაციის დაძაბვა”

———————

რეზონანსი“, 03 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „რუსეთს დასავლეთის სანქციების შერბილება სურს“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს:

- არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად სწორად იმოქმედა ხელისუფლებამ რუსეთის მიერ სოფელ ხურვალეთში “სასაზღვრო ბანერების” დამომტაჟებისას. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არასაკმარისად იყენებს კრემლთან ბრძოლაში საერაშორისო თანამეგობრობას. მთავრობა კი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან მოქმედების ტაქტიკა აბსოლუტურად სწორია. ასეთ ფონზე გააქტიურდა განცხადებები მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის ახალ ფორმატში დაწყების შესახებ. თქვენ როგორ შეაფასებდით შიდა ქართლში რუსეთის გააქტიურებაზე ოფიციალური თბილისის რეაქციას?

- საერთაშორისო თანამეგობრობამ საკმაოდ მკაფიო რეაქცია მისცა ხურვალეთის მოვლენებზე (დონალდ ტუსკი ადგილზეც კი გაეცნო სიტუაციას). ამ ფონზე ოპოზიციის ბრალდება ტოვებს შთაბეჭდლებას, რომ ეს არის კრიტიკა კრიტიკისთვის. ამჟამად ამ ნაბიჯის გადაგმას რუსეთის მხრიდან ალბათ უფრო სერიოზული მიზეზები ჰქონდა, ვიდრე ბანერების დამონტაჟებაა. მიზეზები, ჩემი აზრით, საქართველოში საერთოდ არ უნდა ვეძებოთ. დღეს რუსეთს სურს დასავლეთის სანქციების შერბილება და მიანიშნა, რომ შეუძლია ხელი აღმართოს მილსადენზე. ამ “დუელში” რუსეთსა და დასავლეთს შორის საქართველოს უფრო აქტიური ჩართვა, ვიდრე ის ჩაერთო, გაუგებარი იქნებოდა.

- უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავაც გაურკვეველია, ხოლო კრემლი საქართველოსგან საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას სულ უფრო ღიად და დაჟინებით ითხოვს. ასეთ ვითარებაში რამდენად დროულად მიგაჩნიათ მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების ახალ ფორმატში დაწყება? თქვენი კოლეგა სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ არსებულ გაურკვევლობაში ამგვარი დიალოგის “დახანება სჯობია”. . .

- სოსო ბევრის მნახველი კაცია და დაეჯერება. მართლაც, იმ გაურკვევლობაში, რაც შეიქმნა დასავლეთს, რუსეთს და უკრაინას შორის, საქართველომ რომ ზედმეტად იაქტიუროს, ფეხგამოყოფილ კუს დაემსგავსება. მე ვერც იმას ვხედავ, რომ კრემლი განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვდეს ჩვენგან რაიმეს, თუმცა თუ ჩვენ თავად წავალთ დათმობებზე მასთან, უარს არ იტყვის. საქართველოს შესაძლო მოლაპარაკებებმა ან სხვა აქტიურობამ რაიმე ადგილი უნდა დაიკავოს როგორც პარტნიორების, ისე მტრების სტრატეგიაში, ისე არ აქვს აზრი აქტიურობას. ხოლო, შექმნილ სიტუაციაში არც რუსეთს, არც უკრაინას და არც დასავლეთს გრძელვადიანი და მათთვის შედეგიანი სტრატეგია, როგორც ჩანს, არ გააჩნიათ. ამ სიტუაციაში აქტიურობა პროგნოზირებად შედეგს ვერ მოიტანს. ეს ის შემთხვევაა, როცა დროულ პაუზას დიდი ფასი აქვს.

„ახალი თაობა“, 03 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ისლამურ ხალიფატს“ საქართველოში და კავკასიაში კონკრეტული ინტერესები აქვს“

„ახალ თაობის ჟურნალისტს გულიკო ბალაძეს სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ვახტან მაისაია ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ბატონო ვახტანგ, რას იტყვით „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხეზე? ჩვენ ვწერდით, რომ შესაძლებელია თარხან ბათირაშვილმა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოოს. ეს ხომ არაა იმ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი რიომლიდანაც მუდმივად საფრთხე გველოდება?

- შეიძლება, მაგრამ ის ინტერვიუ, სადაც თარხან ბათირაშვილზეა საუბარი, პროპაგანდისტული ომის ნიშანია – ხალიფატმა მესიჯი გამოაგზავნა. მე ადრეც ვამბობდი, რომ „ისალმური ხალიფატი“ თავის პირობებს წამოგვიყენებდა.

- ისე, თუ ბათირაშვილს რეალურად სურს საქართველოს ხელისუფლებასთან დალაპარაკება, ამას საქვეყნოდ რატომ აცხადებენ?

- იმიტომ, რომ ეს ფაქტობრივად, ულტიმატუმია, რომლის მთვარი გზავნილი ასეთია: თუ თქვენ ჩვენ არ შეგვეხებით, ჩვენც არ შეგეხებით. არავითარ მოლაპარაკებაზე საუბარი არ არის. აქ შეიძლება კიდევ ერთი პასაჟი იყოს: ამ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა, „ხალიფატის“ ხელმძღვანელები არ მიატოვებენ. „ისლამურ ხალიფატს“ საქართველოში და კავკასიაში კონკრეტული ინტერესები აქვს. ბუნებრივია, ისინი ამ ინტერესების დაცვას ცდილობენ და ალბათ, თავიანთი გეგმების განხორცილებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. რა და როგორ იქნება, ინტერვიუში განსახილველი თემა არ არის. ისე კი, მინდა ჩვენი ხელისუფლება გავაფრთხილო, ძალიან ფრტხილად იყოს, რადგან უახლოეს ხანში „ისლამური ხალიფატი“ ძალიან გააქტიურდება. ამით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს.

- ისე, როგორც ჩანს, თარხან ბათირაშვილი დიდ როლს ასრულებს ამ საკითხში?

- რა თქმა უნდა. თარხან ბათირაშვილი „ისლამური ხალიფატის“ შეიარაღებული ძალების ოპერატიული შტაბის უფროსია. ამასთან, საქართველოს იგი კურატორობს.

„ახალი თაობა“, 03 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ქალბატონი ნინოსთვის მოსკოვი უცხო გარემო არ გახლავთ, მას ნაცნობობაც შესაბამისი აქვს და ცხადია, სერიოზული კონტაქტებიც

მაია მიშელაძე

(შემოკლებით)

როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებას, რას ფიქრობს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებსა და ლარის კურსის გაუფასურებაზე, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირებაზე, შეურიგდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს და რამდენად სწორია ოპოზიციური პარტიის ლიდერის რუსეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების მიზნით? - ,,ვერსიას” ,,ექსპერტთა კლუბისპრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს:

- ხომ არ იცით, კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეს ბიძინა ივანიშვილმა და არაბმა შეიხმა ნახევარსაათიან შეხვედრაზე?

- ამ შეხვედრას არ დავსწრებივარ და არც ისეთ აპარატურას ვფლობ, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში მოსმენას შევძლებდი. შესაბამისად, ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ არაბები, მაგრამ ზუსტად ვიცი, საქართველოთი ირანელი ინვესტორები დაინტერესდნენ. მას შემდეგ, რაც ცივილიზებულმა დასავლეთმა ირანს სანქციები მოუხსნა, რამდენიმე დღეში ამ ქვეყნიდან სხვადასხვა დელეგაცია ჩამოვიდა და უკვე ბიზნესწინადადებების შეთავაზებაც დაიწყო, ამიტომ ეს წინადადებები უნდა გამოვიყენოთ, რათა შავი ზღვის ზოლით დავაინტერესოთ, თანაც სწორედ ჩვენსავე საკუთარ, აფხაზეთის მონაკვეთზე. შესაძლოა, ეს რუსეთიდან დამატებითი სანქციის ფასად დაგვიჯდეს, მაგრამ არაფერია. ისეთ ტვირთმზიდ მცურავ საშუალებებს, როგორებიც ნავთობის გადასატანად ირანს აქვს, არც ერთი სხვა სახელმწიფო არ ფლობს და ცხადია, ჩვენი შავიზღვისპირეთი ამ ქვეყნისთვის საინტერესოა.

- ბატონო სოსო, ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. რამდენად სწორია, ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსეთში რომ ჩადის და ცდილობს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაალაგოს? ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის საქმეა?

- საქმე ბევრად მარტივადაა: ქვეყანაში ოპოზიცია არსებული ხელისუფლების ოპონენტია, მაგრამ როდესაც საზღვრებს სცდება, ამ ქვეყნის დესპანი უნდა იყოს. როდესაც საზღვარგარეთ საკუთარი ხელისუფლების დისკრედიტაციას იწყებ, გასარკვევია, რა სჭარბობს ასეთ ოპოზიციონერში – საკუთარი თავით ტკბობა თუ სახელმწიფო ინტერესები? არ მგონია, ქალბატონ ნინოს საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გაეკრიტიკებინა… ამ დარგში სხვა ოპოზიციური სუბიექტები ბევრად წარმატებულები არიან…

- ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს გულისხმობთ?

- არა მარტო. რაც მთავარია, ქალბატონი ნინოსთვის მოსკოვი უცხო გარემო არ გახლავთ, მან უმაღლესი განათლება მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ნაცნობობაც შესაბამისი აქვს და ცხადია, სერიოზული კონტაქტებიც. ნებისმიერ ადამიანს ვგულშემატკივრობ, რომელიც საქართველოს ინტერესების დასაცავად, საზღვარგარეთ მოქმედებს. სამწუხაროდ, თბილისში დაბრუნებულ ბურჯანაძეს, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის არცერთი პირი არ შეხვდა, თურმე, დრო ვერ გამონახეს. უკაცრავად, მაგრამ ქალბატონი ნინო პლისეცკაიას იუბილეზე კი არ წასულა, ეს იყო გრანდიოზული კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს თავი რომ დავანებოთ, მსოფლიო გლობალიზაციის კარიბჭესთან ატუზული ქვეყანა ვართ და იქნებ, ხელისუფლების წარმომადგენლები ოდნავ მაინც დაინტერესებულიყვნენ, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ამ კონფერენციაზე! ნუთუ, შეიძლებოდა, ასეთი ინფორმაციის მქონე ადამიანს არ შეხვედროდნენ?

- საქართველოს ხელისუფლების პასუხი ასეთია: 6 ქვეყანასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციას შეუერთდა!

- ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო! უკეთესი იქნებოდა, ეს სანქცია ძველებურად მიძინებული ყოფილიყო. მსგავსი მკაცრი სანქცია არავის გამოუცხადებია რუსეთისთვის. დღემდე დამამძიმებელია მისთვის ჩვენი სანქცია და ესაა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. პუტინოფობიით შეპყრობილ არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანაში ასეთი აზრიც კი არავის მოსვლია!

„კვირის პალიტრა“, 03 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ფრთხილადპოლიტიკურმა კატათაგვობანამ მთავარი გამოწვევები არ დაგვავიწყოს// “არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სანქციების ფორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტისთვის ნათია დოლიძესთთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საშინაო და საგარეო პო9ლიტიკის საკითხებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

- რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვმა საქართველოსა და უკრაინას სანქციები დაუწესოს. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო და უკრაინა, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის გამო დაწესებულ შემზღუდველ ზომებს, კერძოდ, იქ ნაწარმოები პროდუქციის შესყიდვის შეზღუდვას. რას სახის სანქციებია მოსალოდნელი რუსეთისგან?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენდა სანქციების ფორმალიზება რუსეთის წინააღმდეგ. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს ე. წ. სანქცია წელიწადზე მეტია, რაც ძალაშია. სავარაუდოდ, ჩვენს ხელისუფლებაში ვერ მოიპოვეს შესაბამისი არგუმენტი ევროპელებისთვის და ეს იყო ერთგვარი რევერანსი ევროპის წინაშე. თუმცა კარგი იქნებოდა, ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამდით, შეგვეხსენებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა მასთან, რაც თავში არ მოსვლია არც ერთ იმ სახელმწიფოს, რომლებიც ახლა ტრაბახობენ ამ სანქციებით, მათ შორის, არც უკრაინას. ჩვენ ასევე 2008 წელს დავტოვეთ დსთ-ის სივრცე. სევასტოპოლიდან საქართველოში თევზს შემოვიტანთ თუ არა, სრულიად უმნიშვნელო მგონია, თუმცა ეს შესაძლოა იქცეს საკმარის მიზეზად რუსეთისთვის, რათა კონტრნაბიჯები გადადგას. თუმცა სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა მოიფიქრონ ახალი, რაც აქამდე არ გვიწვნევია რუსეთისგან. კარგი იქნებოდა, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მწვავე რეაქცია ჰქონოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ბატონი შოიგუს განცხადებაზე, რომ საქართველო არასდროს გახდება ნატოს წევრი.

- თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ახლახან განაცხადა: თუ საქართველო ნატოს მომავალ სამიტზე მაპ- ვერ მიიღებს, ეს არ იქნება ქვეყნის დასასრული, მაგრამ იქნება ტრაგედიაო

- დარწმუნებული ვარ, თინა ხიდაშელს ძალიან უნდა, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია დაჩქარდეს, მაგრამ მასზე ბევრი არაფერია დამოკიდებული, რადგან ეს წყდება სხვაგან და სხვების მიერ. ერთადერთი მიზანი ამ ფრაზის წარმოთქმისა, საზოგადოების დამშვი­დება უფრო მგონია. იმედია, ბოლოს და ბოლოს, მართლაც გაიღება ნატოს კარი ჩვენთვის და მომავალ სამიტზე მაპ-ს­ მართლაც მივიღებთ.

- როგორ შეაფასებთ თურქეთში შექმნილ ვითარებას: ქვეყანა, ერთი მხრივ, დაუპირისპირდაისლამურ სახელმწიფოს“, მეორე მხრივ კი ქურთებს

- “ისლამური სახელმწიფო” საფრთხის შემცველია ყველასთვის, ვისკენაც ის გაიხედავს. სამწუხაროდ, საქართველოც არის მისი მხედველობის არეში. იმედია, ჩვენთანაც მუშავდება უსაფრთხოების გეგმები. თურქეთი აქამდე თავს იკავებდა სამხედრო დაპირისპირებაში ჩარევისგან, თითქოს სუნიტური თურქეთი არც უნდა ყოფილიყო შიიტების წინააღმდეგ მებრძოლი “ისლამური სახელმწიფოს” სამიზნე, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება. თურქეთისთვის კიდევ ერთი პრობლემაა ქურთების შეიარაღებული ძალები. ქურთებთან დაპირისპირებას სულ სხვა, ხანგრძლივი ისტორია აქვს. როგორც ჩანს, თავად ქურთებში სხვადასხვა მოსაზრებაა და ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან, მათთვის ვინ მეტად დაუძინებელია მტერია: თურქეთი თუ “ისლამური სახელმწიფო”.

- არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთმაისლამურ სახელმწიფოსთანბრძოლა დასავლეთსა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმებების გამო გაააქტიურა, თითქოს ცდილობს, ამ გზით დასავლეთს თავი კვლავაც რეგიონის ლიდერად დაანახვოს

- არ არის გამორიცხული, თურქეთი რეგიონში მართლაც ცდილობდეს ლიდერის პოზიციის მოპოვებას. თუმცა სადღეისოდ, მით უფრო “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაპირისპირების თვალსაზრისით, უპირობო ლიდერია ირანი, რომელმაც„”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სახმელეთო ძალები გამოიყენა. მე უფრო ის მაინტერესებს, რაც ბოლო დღეებში ხდება ქართულ-ირანულ ურთიერთობაში, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. მას შემდეგ, რაც ირანისთვის დაწესებული სანქციები მოიხსნა, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა ბევრად გააქტიურდება. ის შეხვედრები, რაც უკვე შედგა ირანის ოფიციალურ დელეგაციებთან, საიმედო პერსპექტივას აჩენს. შესაძლოა, – და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ირანის უმდიდრეს საბადოებზე მოპოვებული ნედლეულის დასავლეთში გასატანად ქართული პორტები გახდეს საჭირო.

„კვირის პალიტრა“, 03 აგვისტო, 2015 წელი

15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში ისლამისტები შემოვლენმოსალოდნელია კავკასიაში სიტუაციის დაძაბვა

ნანა ფიცხელაური

(შემოკლებით)

სირიაში იერიშის მიტანით თურქებმა მსოფლიოს აჩვენეს, თითქოსისლამურ სახელმწიფოსაცებრძვიან და ქურთ ტერორისტებსაც. სინამდვილეში, მათ ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინეს“, – ამბობსკვირის პალიტრასთანექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში იოსებ­ ზაალიშვილი და იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა საქართველოს სექტემბერში დაემუქროს.

(…)

- თურქეთმა, გამოიყენა რა დასავლეთის მიერ გამოჩენილი სისუსტე ირანთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, ერთი მხრივ გამოაცხადა, რომ ცეცხლს უხსნის “ისლამურ სახელმწიფოს”, მაგრამ ამასთან ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმაცია მოახდინა. მათ რომ აქამდე დაერტყათ ქურთებისთვის, მთელი მსოფლიო იტყოდა, ქურთები “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძვიან და ამით თურქეთი მხარს “ისლამურ სახელმწიფოს” უჭერსო. სინამდვილეში, თურქებმა გაანადგურეს ქურთების იარაღის საწყობები. დღეს უკვე ქურთებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ თავი დაიცვან “ისლამური სახელმწიფოს” შეტევისგან…

თურქეთი როდესაც ჩრდილო სირიას გააკონტროლებს, იქ მოჯაჰედების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მარტო თურქებს ექნებათ, შეიქმნება საინფორმაციო ვაკუუმი. თურქებს უნდოდათ, რომ ეს ზონა არასაფრენ ზონად გამოეცხადებინათ, ანუ იქ არა მარტო სამოქალაქო და საბრძოლო, არამედ სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენაც აიკრძალოს და ინფორმაციის შეკრება იმ ტერიტორიაზე მხოლოდ თურქეთის დაზვერვისთვის იქნება შესაძლებელი. ომარ ალ შიშანი სირიიდან თურქეთში ისე შემოვა, ამას თურქების მეტი ვერავინ გაიგებს.

- საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე რას იტყვით?

- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფო” ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ამერიკის სენატორი ტედ კრუზი გამოვიდა და თქვა, “ისლამური სახელმწიფო”, ირანი და მოჯაჰედები ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენენო. ამერიკა ახლო აღმოსავლეთიდან 5000 კმ-ით არის დაშორებული, საქართველო კი – 500 კმ-ით. 15 სექტემბრისთვის თურქეთიდან საქართველოში შემოვლენ ისლამისტები, შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში გადავლენ. 15-დან 20-მდე უღელტეხილები იკეტება, საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში ვეღარ გადავლენ, ამიტომ უნდა მოასწრონ. ისლამისტები ტურისტებად შემოვლენ, მერე მათ  გააცილებენ პანკისის ხეობამდე, იქიდან კი ჩრდილო კავკასიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ტერორისტული აქტები მოხდა საფრანგეთში, ამერიკასა და ისრაელში, დიდი შანსია, ჩვენთანაც იგივე განმეორდეს.

- და როგორ შევძლებთ ამ ყველაფრის თავიდან აცილებას?

- ჩვენმა სახელმწიფომ, დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ უნდა იმუშაონ სხვა ქვეყნების იმავე სამსახურებთან. უნდა ვითანამშრომლოთ ისეთ უცხოურ სპეცსამსახურებთან, რომელთაც იგივე ინტერესები აქვთ. უნდა გამკაცრდეს სავიზო რეჟიმიც. სრულიად საკმარისი იყო სამთვიანი ვიზები, მაგრამ ამათ ის ერთწლიანით შეცვალეს და უცხოელებს­ საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებას აძლევენ.

Comments are closed