globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 3rd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „მაიკ პენსმა გვითხრა, რომ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვართ” // „აფხაზები რუსებს ოკუპანტებს ეძახიან“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „საქართველო ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცა“ // „ახალი ცივი ომი უკვე დაწყებულია“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნები მიხეილ მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა და დავით ბაქრაძემ მოაგებინეს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ოპოზიციას მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს“ // „ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს”

საქართველო და მსოფლიო: მგუდავი ბიძინა და მცოცავი ოკუპაცია

——————-

ახალი თაობა“, 03 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „მაიკ პენსმა გვითხრა, რომ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვართ” // „აფხაზები რუსებს ოკუპანტებს ეძახიან

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს აფასებს.

- ბატონო ირაკლი, ამერიკის ვიცეპრეზიდენტს რამდენად ძლიერი გზავნილები ჰქონდა, ამ ვიზიტს როგორ შეაჯამებთ?

- არ მახსენდება ასეთი მკაფიო და გამორჩეული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ბოლო პერიოდში. საინტერესო იყო თავად ვიზიტის კონტექსტიც – მონტენეგრო, ბალტიისპირეთი და საქართველო. ჩემთვის ვაანალიზებდი ამ ვიზიტს, რა ახალი გზავნილი მივიღეთ, რა იყო ახალი? ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ვიზიტით ახალი ეტაპი დაიწყო. ბატონმა პენსმა გამოსვლის დროს სიტყვა „მოკავშირე“ ახსენა. აქამდე ვიყავით სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი და ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ახალი არ არის, მაგრამ, მთავარი არის ის, რომ ამ ინტერესებში ჩვენ ვართ მოკავშირეები, ეს პარტნიორობაზე მეტია. ამერიკასა და საქართველოს საერთო ინტერესები აქვთ და ამ ინტერესების დაცვაში ჩვენ ერთად ვართ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი გზავნილი ეს იყო.

- კონკრეტულად რით შეიძლება, ეს მოკავშირეობა გამოიხატოს?

- პირველ რიგში, ცხადია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი გამოიხატება, თუმცა, აქვე იყო მკაფიო გზავნილი ეკონომიკურ და ბიზნესინტერესებზე. ბატონმა ვიცეპრეზიდენტმა სრულიად ღიად აღნიშნა ბოლო ხუთ წელიწადში მიღწეული პროგრესი. ისაუბრა იმ თანამშრომლობაზე, რომელიც არსებობს ჩვენს ხელისუფლებას, ბატონ კვირიკაშვილსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციას შორის. ამერიკა საქართველოს აღიქვამს, როგორც სტაბილურ ქვეყანას, სადაც დემოკრატიას თავისი საფუძველი და დატვირთვა აქვს, სადაც რეფორმები წარმატებულია. ამერიკამ იცის, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ამერიკული პოლიტიკური ინვესტიციების ჩადება ღირს.

- საინტერესოა, რაზე იყო მთავარი აქცენტები შეხვედრებზე?

- ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე, მაქვს იმედი, რომ პრაქტიკული მხარდაჭერის ნიშნებიც გამოჩნდება.

- კონკრეტულად რით შეიძლება გამოიხატოს?

- არ მინდა, ამაზე წინასწარ ვისაუბრო. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება მზარდი და პრაგმატული. ზოგადად მსოფლიოში რთული გეოპოლიტიკური მოცემულობაა. ამ ფონზე პირველი ქვეყნის ასეთი გამოხატული, მკაფიო მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.

- ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რამდენად იქნება ამერიკის მხარდაჭერა ამ ფონზე ადეკვატური, ამაზე თუ იყო საუბარი?

- ბატონმა პენსმა პირდაპირ გვითხრა, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ ვართ ამ გამოწვევის წინაშე ერთადო და განმარტა, ეს სიტყვები მხოლოდ ჩემი არ არის, ეს არის ამერიკელი ხალხისა და ამერიკის პრეზიდენტის პოზიციაო. ვიცეპრეზიდენტი ამ ვიზიტისთვის ძალიან მაღალ დონეზე იყო მომზადებული, მან იცის, საქართველოსთან მიმართებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას. ეს ვიზიტი იყო ამ პოზიტიური პერსპექტივის გახმოვანება.

- სამხედრო წვრთნებზე მინდა გკითხოთ: შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო, ერთი მხრივ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მეორე მხრივ კი - რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება?

- ეს მეტად სერიოზული საკითხია. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდა პირდაპირ დაკავშირებულია სწორედ ასეთ წვრთნებთან როგორც ფიზიკურად, ისე მორალური თვალსაზრისით. რას ვგულისხმობ მორალურში: თუ აქამდე ჩვენ ვამბობდით, რომ ამერიკელები გვიწვრთვნიან ჯარს და ა.შ. დღეს ჩვენ ვართ, როგორც ერთი ოჯახი, საბრძოლო ოპერაციას გვერდიგვერდ ვატარებთ, ერთად, ერთმანეთს ვენდობით ბოლომდე. ეს არის სწორედ ერთი ოჯახი. ის სამხედრო წვრთნები, რომელიც დღეს საქართველოში ტარდება, ვიმეორებ, მართლაც უმნიშვნელოვანესია. თქვენ იცით, რომ 1.200 ამერიკელი, გერმანელი, ბრიტანელი, ნატოს წევრი სახელმწიფოების შემადგენლობის ჯარისკაცები, ამერიკული ტექნიკაა ჩამოსული, `აბრაამსი~, `ბრედლი~. ეს წვრთნები შესაძლებლობაა, რომ დავხვეწოთ ჩვენი პროფესიონალიზმი, კიდევ უფრო თავსებადი ვიყოთ ნატოს სტანდარტებთან.

- 8 აგვისტოს, არ არის გამორიცხული, პუტინი აფხაზეთში ჩავიდეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის პენსის ვიზიტის საპასუხო ვიზიტი პუტინის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში…

- შეიძლება, ასე დავინახოთ, ასეც იყოს. რუსეთი არ მოელოდა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთ გამოკვეთილ მხარდაჭერას. რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდა ეს ყველაფერი, ეს არის, რომ ძალიან გვიან ხვდება. რაც არ უნდა ქნას პუტინმა, სოხუმში ჩავა თუ არ ჩავა, სურათი შეცვლილია.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთში რუსებს ოკუპანტებს ეძახიან.

- აფხაზები?

- დიახ, აფხაზები. აქამდე თუ რუსეთი აფხაზების მიერ აღქმული იყო, როგორც დიდი მფარველი, ახლა სურათი რადიკალურად არის შეცვლილი, მიხვდნენ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აფხაზები, როგორც ერი, არ არსებობდნენ, გაქრნენ. ყველაფერი რუსეთმა წაიღო, არაფერი აფხაზებს არ დაუტოვა, ადგილზე მმართველობის თვალსაზრისითაც. მთელი ენერგოსისტემა, რკინიგზა, ვაჭრობა _ ყველაფერს მოსკოვი აკონტროლებს. რუსებმა აფხაზებს ყველაფერი წაართვეს. ამას ახლა მიხვდნენ აფხაზები. პუტინი სოხუმში ჩადის არა როგორც მეგობარი, სტუმარი, არამედ, როგორც ოკუპანტი. აფხაზებს რუსები განადგურებისკენ მიაქანებენ. აფხაზეთში აფხაზური გენოფონდი თითქმის იცლება. დემოგრაფიული მდგომარეობა სავალალო დღეშია. ურთულესი ვითარებაა, თუ აქამდე რუსი ტურისტი მაინც ჩადიოდა, ახლა ისინი აღარ ჩადიან, რადგან დავალებაა, ყირიმში უნდა ჩავიდნენ.

- ბატონო ირაკლი, რას იტყვით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იდეაზე - ამერიკასთან სპეციალური წარმომადგენლის მივლენაზე?

- ზოგადად, ასეთი იდეებით არ იმართება ქვეყნები. ჩვენ გვაქვს ამერიკასთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან ისეთი დონის ურთიერთობა, რომ არ არსებობს მსგავსი საჭიროება. არ გვაქვს არანაირი პრობლემა ურთიერთობებში, არ გვაკლია არანაირი ელემენტი, რომ გვჭირდებოდეს ამ ურთიერთობებში რამის შევსება.

- თენგიზ ფხალაძემ განმარტა, რომ ელჩის სტატუსსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციებს არ დააკნინებს…

- გასაგებია, ყველანაირი ფორმის მოძებნა შეიძლება, მაგრამ, როდესაც ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორი ჩამოდის ქვეყანაში, როდესაც ყველა საკითხი წინასწარ არის დამუშავებული და შეთანხმებული, ასეთი საჯარო სიურპრიზები არ უნდა მოაწყო. ზოგადად, საგარეო პოლიტიკის წარმოების პრეროგატივა მთავრობას აქვს.

ახალი თაობა“, 03 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „საქართველო ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად გადაიქცა“ // „ახალი ცივი ომი უკვე დაწყებულია

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორია გახდა პოლიგონი რუსეთსა და ამერიკას შორის. მისი განცხადებით, საჭიროა, ამერიკასთან გაფორმდეს უსაფრთხოების ინდივიდუალური ხელშეკრულება, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს.

- ბატონო ვახტანგ, ამერიკისა და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ტექნიკაზე ამხედრებულებმა სამხედროებმა მთელი დასავლეთ საქართველო გამოიარეს, ჩერდებოდნენ ქალაქებში, ხვდებოდნენ ხალხს და ასე ჩააღწიეს ვაზიანის საწვრთნელ ბაზამდე, სადაც წვრთნები იმართება. როგორ აფასებთ თქვენ ამ ფაქტს? რას ნიშნავს ეს?

- ეს არის კლასიკური ტიპის სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამერიკელებმა ჩაატარეს რუსების წინააღმდეგ. კლასიკური ტიპის სამხედრო ძალის დემონსტრირება ხდება როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. საქართველო გახდა ერთგვარი პოლიგონი რუსეთ-ამერიკის გეოსტრატეგიული დაპირისპირებისა. ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ეს ფაქტი ასე შეიძლება აღვიქვათ, რადგან რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია. წვრთნა კი მიმდინარეობს ნატოს „ღირსეული პარტნიორობის“ პროგრამის სულისკვეთებით, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთის მოკავშირე სომხეთის სამხედრო ძალის წარმომადგენლები (30 ჯარისკაცი).

- რატომ არის ჩართული ამ წვრთნებში რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე სომხეთი?

- საქართველოში მიმდინარეობს წვრთნები ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ეგიდით, რომელიც მოიცავს ნატოს სამშვიდობო ოპერაციების, კრიზისების მართვის ოპერაციების განვითარებასა და ხელშეწყობას, რომელშიც მონაწილეობენ ნატოს წევრი სახელმწიფოები და პარტნიორი ქვეყნები.

- სომხეთი ნატოს პარტნიორი ქვეყანაა?

- რა თქმა უნდა, არის. სომხეთი მონაწილეობდა კოსოვოსა და ავღანეთის კრიზისებში, პარტნიორობაშია ნატოსთან. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაფერია.

- თქვენ აცხადებთ, რომ საქართველო გახდა პოლიგონი ამერიკისა და რუსეთის გეოსტრატეგიული დაპირისპირებისა...

- დიახ, საქართველო გადაიქცა უკვე ახალი ცივი ომის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიგონად. ახალი ცივი ომი შემდგარია და მისი განვითარების შუა ფაზაშია. ჩვენ ვცხოვრობთ ახალი ცივი ომის პირობებში.

- რა შედეგი შეიძლება მოიტანოს საქართველოსთვის მის ტერიტორიაზე რუსულ-ამერიკულმა გეოსტრატეგიულმა დაპირისპირებამ?

- საქართველოს კარგს რომ არაფერს მოუტანს, ფაქტია. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავიქეცით ამ პოლიგონად. ოკუპაციამ უსაფრთხოების ჩიხამდე მიიყვანა ქვეყანა. ამერიკული სამხედრო ძალა საკმაოდ ინტენსიურად აკეთებს მობილიზებას. ამერიკელებს ძალიან მძიმე ლეგიტიმაცია გააჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე ჩერნოგორიასა და ბალტიისპირეთში. მართალია, ჩერნოგორიაში რუსული ძალა კვლავ ძლიერია და საფრთხე ჯერ კიდევ არ არის აცილებული, მაგრამ ჩერნოგორია უკვე არის ნატოს წევრი ქვეყანა. სხვათა შორის, მაიკლ პენსმა მოიარა ის ქვეყნები, რომლებიც რუსული რეალური აგრესიის ქვეშ არიან. მან იმოგზაურა იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან რუსული აგრესიის პირდაპირი მსხვერპლნი და დღესაც არიან რუსული სამხედრო ძალის რეალური დარტყმის საფრთხის ქვეშ.

- როდესაც ძალის დემონსტრირებაზეა საუბარი, რუსეთისთვის ცხადია, ცნობილი იყო ამ წვრთნებისა და პენსის ვიზიტის შესახებ...

- დიახ, ცნობილი იყო ორი თვით ადრე.

- ამ ვიზიტისა და წვრთნების წინ რუსეთი გარკვეულ პროვოკაციულ ქმედებებს ახორციელებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმავე ცხინვალის რეგიონში საზღვრები გადმოჰქონდა, ხნულებს ავლებდა, ადამიანებს იტაცებდა, ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი დაიჭირა...

- მიუახლოვდა თბილისი-გორის სატრანსპორტო მაგისტრალს.

- ამ ფონზე ნატოს მხრიდან ძალის დემონსტრირება რა შედეგს მოიტანს? პესკოვმა გააკეთა განცხადება, რომ ის ქვეყნები, სადაც მაიკ პენსმა იმოგზაურა, დამოუკიდებელნი არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და უარყოფითად მივიჩნევთ რუსეთის საზღვართან ნატოს მიახლოებასო…

- დიმიტრი პესკოვი ამ საკითხს პროპაგანდისტული კუთხით უყურებს, როგორც სამხედრო საფრთხის კუთხიდან. მათთვის ნატო და ამერიკა ერთ მთლიანობად აღიქმება. მათთვის ნატოსა და ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოჩენა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს არის პირდაპირი საფრთხე. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მათი გადასახედიდან, რუსეთმა ადეკვატური ქმედება განახორციელა ბალტიისპირეთთან მიმართებით. ადეკვატურიც აღარ არის ის ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელსაც პირდაპირ ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან მართავს. ჩვენ სიახლოვეს შეიარაღებული ძალები მოიყვანა სამხედრო მზადყოფნაში, წვრთნებს ატარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე, მობილიზაცია გაუკეთა ასევე სარაკეტო-საზენიტო დანადგარებს, “ისკანდერ-მ-ებს“. ეს წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში დღესაც მიმდინარეობს.

- ამიტომ იყო ამერიკელების მხრიდან სამხედრო ტექნიკის გატარება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამხედრო ძალის დემონსტრირება?

- დიახ, ნატოსა და ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. საქართველო ახლა უკვე ამ ორი გეოპოლიტიკური გავლენიანი ცენტრის – რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების პირდაპირი პოლიგონია.

- ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დადებითია თუ უარყოფითი?

- თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა. სამწუხაროდ, დადებითი ვერ იქნება, რადგან ამერიკელები დღეს არიან, წვრთნების შემდეგ გავლენ, ჩვენ კი ვრჩებით რუსეთის პირისპირ. რუსეთს კიდევ რა მოუვა თავში და რა ახალ `სიურპრიზს~ მოგვიწყობს, გაურკვეველია. საქართველოს უსაფრთხოება არის მოწყვლადი, ამიტომ აქ არის მისაღები კონკრეტული ზომები.

- რა ზომებია მისაღები?

- საქართველოსთვის უნდა შეიქმნას ისეთივე თავდაცვითი მექანიზმი, როგორიც არის ნატოს ეგიდით. პენსმა პირდაპირ თქვა, რომ ისინი ბალტიისპირეთს დაიცავენ ნატოს წესდების მეხუთე მუხლის შესაბამისად. თუ ბალტიისპირეთში შეიჭრება რუსული არმია, ნატოს, ამერიკის შეიარაღებული ძალები პირდაპირ ჩაერთვებიან რუსული ავიაციის მოსაგერიებლად, ისევე, როგორც ჩერნოგორიაში. საქართველო კი არის გაურკვეველ სიტუაციაში. საქართველოს მიმართ ნატოს მეხუთე მუხლი არ მოქმედებს. ჩვენ მაპიც კი არ გაგვაჩნია. მაპი, გარკვეულწილად, ითვალისწინებს გარკვეული ზომების მიღებას, როგორც კანდიდატ ქვეყანას, აქვს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ამერიკასთან უნდა გაფორმდეს უსაფრთხოების ინდივიდუალური ხელშეკრულება, როგორიც გაფორმებული აქვს იორდანიასთან, იაპონიასთან, რადგან ჩვენი უსაფრთხოება ბეწვზე ჰკიდია.

- ამერიკის სამხედრო მანქანა ხომ შეიძლება, კიდევ შემოვიდეს?

- შემოვა და გავა. შეიძლება, სამხედრო ინსტრუქტორები დარჩნენ.

- სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი არ მისცემს ამერიკას საშუალებას, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს?

- სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი რუსული აგრესიის შემაკავებელი მექანიზმი არ არის. ამერიკელებმა შეიძლება სამხედრო ტექნიკა გადმოგვცენ, დაგვეხმარონ სამხედრო აღმშენებლობის საქმეში, წვრთნები ჩაატარონ. ამის იქით მათი ქმედება არ წავა. რუსეთი ახლა აგრესიული გახდა. ამერიკამ ბოლოდროინდელი სანქციებით რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ახლა გაცილებით მძიმე სიტუაციაა. აქამდე ეკონომიკური ომი არ იყო გაჩაღებული. ახლა ამერიკასა და რუსეთს შორის ეკონომიკური და კიბერომია გაჩაღებული. კიბერომი პირველმა რუსეთმა დაიწყო. პირველმა რუსეთმა მიაყენა დარტყმა ამერიკის სუვერენიტეტს, ამერიკის პოლიტიკურ სისტემას. ამიტომ რუსეთმა მიიღო ეკონომიკური ომი და სანქციები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო.

ახალი თაობა“, 03 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ოცნებას საპარლამენტო არჩევნები მიხეილ მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა და დავით ბაქრაძემ მოაგებინეს~

რა გარიგება შედგა „ევროპულ საქართველოსა“ და ხელისუფლებას შორის, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ნეპოტიორი, რატომ გადაწყვიტა ნაციონალების გვერდით დადგომა? ამის შესახებ „ახალ თაობას“ მონიტორინგის ცენტრ `მედიატორის~ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

„ჩვენი გუნდი თბილისურ ამბებში რომ აქტიურად იყო ჩართული, ეს ყველამ კარგად იცის. თბილისის მერიაში არსებულ დარღვევებზე უამრავი კვლევა გვაქვს გამოქვეყნებული. აქტიურად ვამხელდით კორუფციულ ფაქტებს და მისი გადაჭრის გზებსაც ვთავაზობდი ხელისუფლებას. ჩემთვის არ არის სულ ერთი, თუ ვინ იქნება თბილისის მერი. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩავბმულიყავი ამ ბრძოლაში და მხარი ზაალ უდუმაშვილისთვის დამეჭირა. რომელიც წესიერი ადამიანია“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

- მონიტორინგის ცენტრ “მედიატორს დატოვებთ?

- ჩემი თავი „მედიატორის“ გარეშე ვერ წარმომიდგენია და ყოველთვის მათთან ვიქნები დაკავშირებული. რამდენიმე კვირის წინ გრანტიც მოვიგეთ და გარკვეული ვალდებულებები გვაქვს. „მედიატორში“ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ და მე მათთან ერთად ვიბრძოლებ, რომ ხელისუფლებაში არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, არამედ წესიერი პიროვნებები მოვიდნენ. ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე ნაციონალებთან დაკავშირებით, ადვილი არ იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა გამოსავალიც იყო, მაგრამ ოპოზიციამ უარი თქვა ამაზე.

- რა გამოსავალი იყო და რაზე თქვა ოპოზიციამ უარი?

- დაახლოებით 3 თვის წინ, მაშინ როცა თვითმმართველობის არჩევნების თემა ასეთი აქტუალური არ იყო, ტვ პირველის ეთერში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭირო იყო ოპოზიციის გაერთიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ დედაქალაქის მთავრობაში ისევ ეს კრიმინალები დარჩებიან. მაშინ ისიც ვთქვი, რომ თუ პოლიტიკურ კეკლუცობას დავიწყებდით, ამით, რა თქმა უნდა, იხეირებდა ხელისუფლება. სამწუხაროდ, ოპოზიციამ პოლიტიკურ კეკლუცობაზე უარი ვერ თქვა.

ჩემი გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურასთან. ჩემი გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ამ ნაციონალურ მოძრაობაში აღარ არიან გიგა ბოკერიები, მიხეილ მაჭავარიანები, ხათუნა გოგორიშვილები, გივი თარგამაძეები, გაბაშვილები.

- თქვენი აზრით, ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა ეს ხალხი იყო?

- რა თქმა უნდა. შარშან სწორედ ამ ხალხის გამო არ მივიღე ნაციონალებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობა და `ახალ საქართველოში~ წავედი. ახლა ეს ხალხი აღარ არის ნაციონალურ მოძრაობაში და ამ პარტიაში ახალი რეალობაა. ძალიან ბევრი ფიქრისა და თუ რაღაც პირადულის დავიწყების შემდეგ გვიწევს პრაგმატული ნაბიჯის გადადგმა _ ან ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თბილისს ჩამოვაშოროთ ნარმანია და არ მივუშვათ კახი კალაძე, ან ვრჩებით კორუფციის ჭაობში.

დავით ნარმანია ფაციფუცა კორუმპირებულია, არაფრის გამკეთებელი არ არის. მან მერობის 3 წლის განმავლობაში 3 მილიარდი დახარჯა. ამ 3 მილიარდიდან 229 მილიონი ლარი უშუალოდ ხელფასებსა და პრემია-დანამატებში დაიხარჯა. 441 მილიონი ლარი მათი კომფორტისთვის დავხარჯეთ სამ წელიწადში, რაც ავტომობილით მომსახურებას, საწვავით, სამივლინებო ხარჯით, წარმომადგენლობითი ხარჯით, სარესტორნო ხარჯით, ავეჯის, დაზღვევით და ა.შ. უზრუნველყოფას ნიშნავს. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა სოციალური მიმართულებით. მიუხედავად კოლოსალური დახარჯული თანხისა, შედეგი არსად ჩანს – ხალხი კიდევ უფრო გაღარიბებული და გაღატაკებულია.

ინფრასტრუქტურული მიმართულებით 368 მილიონი ლარი გაფლანგეს. 220 მილიონი ეკოლოგიაში დახარჯა მერმა და ამ მიმართულებით თბილისი 467 ქალაქში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურების მხრივ. თბილისის გამწვანებაზე 42 მილიონი გავიღეთ და სანაცვლოდ ბეტონის ჯუნგლებად გადაქცეული ქალაქი მივიღეთ. ეს ხომ კატასტროფაა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი შედეგი იქნება, თუ კალაძე გახდება მერი. ნარმანიასგან განსხვავებით, ის უფრო ხისტი, კორუმპირებული და უფრო კლანურ-მაფიოზური მმართველი იქნება. ამის გარდა, „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ის პირია, რომელიც თავის დროზე ამომრჩეველს ტარიფების განახევრებას შეჰპირდა და, რაც განახევრდა, ყველა ვხედავთ – ყოველ წელს იზრდება დენისა და გაზის ტარიფი.

კახა კალაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც შარშან ოპოზიციას კორცხელში თავისი ზონდერები დაასია. მანვე გააფორმა გაზპრომთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება. იმისთვის, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები მის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს მოეგო, კალაძემ ადამიანი დღისით, მზისით მოიტაცა. ამ დროს რისთვის იომა კალაძემ? იმისთვის, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის 265 მილიონი ლარია გამოყოფილი. დღეის მდგომარეობით, 97 მილიონია ათვისებული და, რა დღეშიც არის ქართული ფეხბურთი, ყველა ხედავს.

ნეპოტიზმზე როცა ვსაუბრობთ დედაქალაქის მთავრობაში, პირველი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი უნდა ვახსენოთ. ის არის მთავარი ნეპოტიორი. მან თავის ცოლისძმას ჩააბარა განათლების საქალაქო სამსახური. არადა, იმ ბიჭს განათლება არ ჰქონდა. ცოლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა საბურთალოს გამგებლის მოადგილედ დაასაქმა, ცოლის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე საბურთალოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად დასვა. ჯერ მერი არ იყო და თავისი ნათესავებით გაავსო იქაურობა, მერი რომ გახდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამს. აი, ამის წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყო ოპოზიცია. გაერთიანება არ შედგა და პროდასავლური პარტიების კანდიდატები, საბოლოო ჯამში, მხოლოდ მავნებლების როლს შეასრულებენ.

- მავნებლების როლს რატომ შეასრულებენ?

- მათ უმრავლესობას 3%-ზე მეტის აღების შანსი არა აქვს. უკეთეს შემთხვევაში, 4-5%-ც შესაძლებელია, რომელიც მათ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას მოუტანს. მიღწევა სულ ეს იქნება. რეალობაში წაეხმარებიან „ქართული ოცნების“ კანდიდატს იმაში, რომ გაზარდოს სხვაობა, მაგალითად, ზაალ უდუმაშვილთან. ზალიკოს გარდა, მეორე ტურში გადასვლის შანსი სხვა არცერთ კანდიდატს არა აქვს. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს, ასეთია რეალობა. კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვი წლებია და მინდა იქ ვიყო, სადაც უფრო მძიმე არტილერიაა. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო.

- შესაძლოა, უდუმაშვილს მართლა აქვს მეორე ტურში გადასვლის შანსი, მაგრამ ის არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. ეს პარტია კი, როგორც გია ხუხაშვილი იტყვის ხოლმე, დაზიანებული ბრენდია. თქვენი აზრით, დაზიანებულ ბრენდთან ერთად დადგომა თქვენ არ დაგაზიანებთ?

_ ამაზეც გეტყვით, რას ვფიქრობ. ძალიან სასაცილოა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა აღარ ჰქვია ბოკერიას, გივი თარგამაძეს, მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს და ნაციონალები გვქვია მე და ზაალ უდუმაშვილს.

- ფაქტია, რომ დღეს მართლა თქვენ ხართნაციონალური მოძრაობა“…

- მოდით, პირდაპირ ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა. ახალი ადამიანები არიან, მათ შორის ისეთები, რომლებსაც საქმე აქვთ ნაკეთები, მაგრამ ისინი საზოგადოებას არასდროს უნახავს. „ნაციონალურ მოძრაობას“, მართალია, პრობლემები აქვს, მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ პარტიას მარტო დედაქალაქში 120.000 მხარდამჭერი ჰყავს.

- ნაციონალური მოძრაობა ახლა ორად არის გაყოფილი და ეს 120.000 ამომრჩეველი არ იქნება გაყოფილი?

- არავითარ შემთხვევაში. 120.000 ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას მხარს მიხეილ მაჭავარიანისა და გიგა ბოკერიას ხათრით არასდროს უჭერდა. ისინი იდეას უჭერდნენ მხარს. ეს ხალხი კორუფციის წინააღმდეგია. ისინი თვლიან, რომ კორუფციის დამარცხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია. ეს 120.000 ამომრჩეველი „ნაცმოძრაობის“ სხვა მხარდამჭერებთან ერთად არასდროს დაუჭერს მხარს ბოკერიას, მაჭავარიანს, გოგორიშვილს, მამა-შვილ გაბაშვილებს, ბაქრაძეს. ამ ხალხს, მართალია, ხშირად ვახსენებ ამ ინტერვიუშიც და სხვაგანაც, მაგრამ მათი ხსენება არ მომბეზრდება.

- აშკარად გეტყობათ, რომ სიამოვნებით ახსენებთ ამ გვარებს...

- კიდევ ხშირად ვახსენებ ამ გვარებს, რადგან სწორედ მაჭავარიანებმა, გოგორიშვილებმა, ბოკერიებმა დააზარალეს ეს პარტია. ბრენდის დაზიანებაზე თუ ვსაუბრობთ, ნაცმოძრაობა ამათ დააზიანეს.

- თქვენ არასდროს ყოფილხართ ამ პარტიის წევრი?

- მთლად ასე არ არის. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მე ნაცმოძრაობის კანდიდატი ვიყავი ვარკეთილში. 300 ხმა დამაკლდა, „ოცნების“ კანდიდატი რომ დამემარცხებინა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი კანდიდატებიდან თბილისში ყველაზე მაღალი შედეგი მე ვაჩვენე. ჩემთვის იდეა და ღირებულებებია მთავარი. ამისთვის რაღაცების გვერდზე გადადება მიწევს. 2012 წელს მთელი ქართველი ხალხი დაგვამარცხა რუსულმა ფულმა, რუსმა ოლიგარქმა და ეფესბემ. მაშინ მარტო ნაციონალური მოძრაობა არ დამარცხებულა. ამასთან, იმასაც ვიტყვი, რომ ის ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო.

- ხომ შეიცვალა...

- და რა მივიღეთ მერე? უარესი შედეგი მივიღეთ. იმის მაგივრად, რომ წინ წავსულიყავით, უკან მივდივართ და კორუფციის ჭაობში ვეფლობით. ბოკერიებ-მაჭავარიანებ-გოგორიშვილების ქმედებები რომ არა, 2012 წელს „ოცნება“ ამდენ ხმას ვერ მიიღებდა. დღეს დავით ნარმანია თბილისის მერი რომ არის, ესეც ამ გუნდის დამსახურებაა. სწორედ ამ ხალხმა მოახდინა მოქმედი მერის ლეგიტიმაცია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ასე მოხდა. „ოცნებას“ არჩევნები მათ „გაუპრავეს’.

- ყოფილ თანაპარტიელებს სერიოზულ ბრალდებებს უყენებთ.

- არანაირ ბრალდებებს არ ვუყენებ. ამაზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი. ესენი არიან გაყიდულები. ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობით არიან დაკავებული და ეს ამბავი წლებია, რაც გრძელდება. პოლიტიკურ ვაჭრობაში გაწაფულები რომ არ ყოფილიყვნენ, 21 მანდატს მოიპარავდნენ? ამ ადამიანებმა ნახევარი მილიონი ამომრჩეველი გადააგდეს, საიდანღაც მოიტანეს უცბად „ევროპული საქართველო“.

პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ გიგა ბოკერია არის დევიდ კოპერფილდი. მისი რეიტინგი არ აღემატება 0.3%-ს, მაგრამ მან 21 მანდატი მოიპოვა პარლამენტში. ამას ხომ მოფიქრება უნდა. დღეს ეს ხალხი მოშორებულია „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიაში გადაწყვეტილებები გუნდურად მიიღება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი თაობა“, 03 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ოპოზიციას მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს“ // „ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს”

„ახალი თაობის“ კითხვებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს.

- ბატონო გიორგი, თქვენ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებთ და ამბობთ, ხელისუფლების დამარცხებისთვის აუცილებელია გაერთიანებაო. რომელ პარტიებთან ერთად გეგმავთ ახალი ალიანსის შექმნას და რა გეგმები გაქვთ?

- ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს პროცესი, გასულ კვირაში გვქონდა გაერთიანებაზე პირველი განცხადება. გამოხმაურება არის ძალიან პოზიტიური. გუშინ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, ოთხი პოლიტიკური პარტია იყო აქ მოსული, ასევე – ცალკეული ადამიანები, საზოგადოებისთვის ცნობილი და აქტიური სახეები, რომლებიც ჩაერთვნენ ამ პროცესში. შევთანხმდით, რომ პარასკევს გადავდგამთ პირველ ნაბიჯს.

- ნაბიჯს რისკენ?

- ის ადამიანები, რომლებიც უკვე მზად ვართ ამ გაერთიანებისთვის, ოფიციალურად ვაფუძნებთ ამ ყველაფერს. მაგრამ მთავარი, რატომ ვაკეთებთ ამას?!

ჩვენ თუ ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელსაც კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა, აუცილებელია მისი დამარცხება არჩევნებში, სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებში. იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეძლონ ხელისუფლების შენარჩუნება. ვხედავთ, თუ რა თავნებობას აქვს ადგილი. პირდაპირ ვთქვათ, მეორე, მესამე და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას და ბრძოლას იმისთვის, რომ ვიღაცა მთავარი ოპოზიციური ძალაა, ვიღაცა მეორე ოპოზიციური ძალაა და ასე შემდეგ, არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული! ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, არის გამარჯვებისთვის ბრძოლა. ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ამისთვის აუცილებელია მაქსიმალური კონსოლიდაცია და გაერთიანება. სხვა შემთხვევაში ეს ვერ მოხდება.

- რამდენად გაიზრდება თქვენი რიგები? ელოდებით, რომ, ამ ოთხი სუბიექტის გარდა, სხვა პარტიებიც შემოგიერთდებიან?

- მე ვფიქრობ, რომ ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლებსაც რეალურად უნდათ „ქართული ოცნების“ დამარცხება, უნდა შეუერთდეს ამ პროცესს. ვიმეორებ, ისინი ჩემთან კი არ მოდიან, მე ვეუბნები, რომ ყველა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით შევქმნათ და დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში.

- რას გულისხმობს ახალი პოლიტიკური კულტურა?

- ახალი პოლიტიკური კულტურა გულისხმობს სწორედ ასეთ გაერთიანებებს, მათ შორის გულისხმობს პრაიმერებს.

- მერობის ერთიან კანდიდატზე როგორ შეთანხმდებით?

- პრაიმერი ერთადერთი გზაა. ვინც წინაპირობას დააყენებს, რომ მე უნდა ვიყო მერობის კანდიდატი, ეს არის ამ მოლაპარაკების ჩამშლელი. პირდაპირ უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ჩვენთვის ერთადერთი გზა არის პრაიმერი! სწორედ პრაიმერის მეშვეობით უნდა მოხდეს კანდიდატის შერჩევა, რომელიც საბოლოო ბრძოლაში დაუპირისპირდება კახა კალაძეს, რომელიც უნდა დამარცხდეს ამ არჩევნებში.

- გაერთიანების შემთხვევაში მეტი შანსი გაქვთ?

- კვლევებს შევხედოთ. თუ ოპოზიცია გაერთიანდება, ფაქტობრივად, ეს არის გამარჯვების გარანტია. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლებას, საუკეთესო შემთხვევაში, აქვს 30%. ანუ 70% სად არის? არის ოპოზიციაში. გაერთიანების შემთხვევაში 70-ით 30-ს ვამარცხებთ! აი, ამაზეა ლაპარაკი.

- ყველა ოპოზიციურ პარტიას ეპატიჟებით? თუ არიან პარტიები, რომლებთანაც თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავთ? არსებობს ეს ბარიერი?

- ბარიერი არის, რა თქმა უნდა. პრორუსულ პარტიებთან ვერ ვითანამშრომლებთ. ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, მე იმასთან როგორ უნდა ვითანამშრომლო?! ეს ვერ წარმომიდგენია. მადლობა საქართველოს საზოგადოებას, რომ ამ ხალხს მხარდაჭერა საერთოდ არა აქვს. საქართველოში პრორუსულ პარტიებს მხარდაჭერა არა აქვს. ვინც მოსკოვში ჩავიდა, მისი რეიტინგი განულდა და ეს აჩვენა პატრიოტთა ალიანსის რეიტინგმაც.

- ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო – მათთან სათანამშრომლოდაც მზად ხართ?

- ყველასთან, გარდა პრორუსული პარტიებისა. ხვალ-ზეგ შევთანხმდებით სტრატეგიაზე და დამატებით განცხადებებს გავაკეთებთ.

- ამ პარტიებს უკვე ჰყავთ მერობის კანდიდატები და რამდენად წამოვლენ ამ შეთავაზებაზე?

- მერე რა, რომ ჰყავთ?! პრაიმერზე დააყენონ. ელისაშვილი, უდუმაშვილი თუ დანარჩენები დადგნენ პრაიმერზე, რა პრობლემაა?! ჰყავთ რა, თვითმიზანია, რომ თავიანთი კანდიდატი უნდა ჰყავდეთ?! თუ ჩვენი მიზანია, რომ ხელისუფლება დავამარცხოთ?! აი, ამაშია ამოცანა. ვის რა აქვს მიზნად დასახული, ახლა ეს ყველაფერი გაირკვევა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ნამდვილად არ ვიცი მათი პოზიციები, მაგრამ ვნახოთ.

- ყველაფერი გაირკვევაო, აცხადებთ. რა უნდა გაირკვეს?

- პირდაპირ ვამბობ, თუ არ ჩაერთვებიან, ეს იმუშავებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

- ბატონო გიორგი, ჯანი ბუკიკიო მმართველ პარტიასა და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურში შეხვედრას სთავაზობს, რადგან მანდ ვერ შეძელით კონსენსუსი, იქნებ აქ დაილაპარაკოთო. როგორ აფასებთ ამ შეთავაზებას და რას ელოდებით?

- უპრეცედენტო შემთხვევაა ვენეციის კომისიის მხრიდან. ფაქტობრივად, თავის თავზე მედიატორის ფუნქცია აიღო ვენეციის კომისიამ და პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებასა და ასევე ოპოზიციურ პარტიებსაც – დავსხდეთ, მე ვიქნები თქვენ შორის მედიატორი და შევთანხმდეთ ისეთ სამართლებრივ პროცესზე, ისეთ კონსტიტუციაზე, რომელიც იქნება ფართო კონსენსუსით მიღებული, რომელიც იქნება ფუნდამენტი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისა.

- რაზე მიუთითებს ბუკიკიოს ეს ინიციატივა?

- რამდენიმე საკითხზე მიუთითებს. პირველი: „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხში შეიყვანა საკონსტიტუციო პროცესი და ამას უნდა, რომ უბრალოდ საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ევროპა, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის სახით, ზრუნავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და საქართველოში კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის ფუნდამენტის სწორად აწყობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი პარტნიორი ქვეყანა საქართველოს სახით, იყოს დემოკრატიული და ვითარდებოდეს დემოკრატიულად. და მესამე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“, სამწუხაროდ, არანაირი რესურსი არა აქვს დიალოგის, კომპრომისების, არ ფიქრობს ქვეყნის განვითარებაზე, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე და ოპოზიციის კონსოლიდირებულ პოზიციას შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი.

- წამოვა ამაზე ხელისუფლება, დათანხმდება ამ ფორმატში შეხვედრას?

- დღეს ხელისუფლებას სხვა გზა არც აქვს. რას ჰქვია, არ დათანხმდება?! თუ არ დათანხმდება, ის ამ ნაბიჯით საკუთარი პარტიის იზოლაციას დაიწყებს, ფაქტობრივად, ევროპული სტრუქტურებიდან და არა ქვეყნის, რადგან ქვეყნის იზოლაციას „ქართული ოცნება” ვერ მოახდენს!

- რას ელოდებით ამ შეხვედრისგან?

- მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ შეხვედრაზე ხელისუფლება წავა დათმობებზე და მას მოუწევს მიიღოს კონსტიტუცია, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად ფართო კონსენსუსით მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მიდის დემოკრატიული ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და იწყებს საკუთარი თავის დელეგიტიმაციას.

საქართველო და მსოფლიო“, 02-08 აგვისტო, 2017 წელი

მგუდავი ბიძინა და მცოცავი ოკუპაცია

ბაკურ სვანიძე

პატარძალი თამაშ–თამაშ რომ დაორსულდა – ეს ამბავი ჩვენმა წინაპრებმა მრავალი საუკუნის წინათ იცოდნენ. ეს ცნობილი ქართული ანდაზა ახალ ქართულ რეალობაში, თუ დავაკვირდებით, ძალიან აქტუალურია და ბევრი მიმართულებით იჩენს თავს. მაგალითად, თამაშ–თამაშ გვიპყრობს რუსეთი, რომელსაც ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშადაც შეუძლია და ნამდვილად არ ეშინია არანაირი “საერთაშორისო თანამეგობრობის”.

მთლიანად საქართველოს ანექსია რუსეთმა უკვე სცადა ორიოდე საკუნის წინათ და შედეგი მისთვის ისეთი არასახარბიელო გამოდგა, რომ აღარ მგონია, მსგავსი შეცდომა გაიმეოროს. მანამდე დანაკუწებული “საქართველოები”, რუსეთის მიერ დაპყრობამ, ფაქტობრივად, კვლავ გააერთიანა, მთლიან საქართველოდ აღადგინა და ისევ და ისევ რუსეთს დაუპირისპირა. ხოლო საქართველოსგან მოწყვეტილი “მცირე საქართველო”, ანუ კლარჯეთი, ლაზეთი და სხვა ძირძველი ქართული მიწები, რომლებიც იმდროინდელი სამხედრო პერიპეტიების შედეგად თურქეთმა დაინარჩუნა, დღეს აღიარებული თურქული ტერიტორიაა, მასზე საქართველოს პრეტენზია არ აქვს, იქ მცხოვრები ქართველები რჯულშეცვლილები, მენტალობაშეცვლილები, ენაშეცვლილები არიან და “გურჯისა”, მხოლოდ სახელიღა აქვთ შერჩენილი. თურქეთს საქართველოს ოფიციალური წრეები “ისტორიულ მეგობრად და მოკავშირედ” აღიქვამენ, ხოლო რუსეთს პირველ მტრად, ოკუპანტად და იმ სახელმწიფოდ, რომელთანაც, უბრალოდ, მოლაპარაკებაც კი სამშობლოს ღალატი და დანაშაულია.

ლოგიკა ასეთია: სახელმწიფო, რომელმაც წაიღო საქართველოს ტერიტორიის ნაწილი 100 წლის წინათ, აკრძალა ამ ტერიტორიაზე ქართული ენა, გააპარტახა ეკლესიები, აიძულა მოსახლეობა, შეეცვალა რელიგია და მიტაცებული ქართული ტერიტორია საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, 100 წლის შემდეგ არის საქართველოს “ისტორიული მეგობარი”, “სტრატეგიული პარტნიორი” და “მოკავშირე”; ხოლო სახელმწიფო, რომლის სტრატეგიულმა სამხედრო და თუნდაც იმპერიალისტურმა მისწრაფებებმა ჩვენს ტერიტორიაზე გამოიწვია დანაწევრებული საქართველოს გაერთიანება, არ მოუთხოვია მოსახლეობისთვის რელიგიის შეცვლა, ხოლო ეკლესია-მონასტრებს ბოლშევიკური მმართველობის მხოლოდ პირველ წლებში ანგრევდა, შემდეგ კი მათ სახელმწიფოს სპეციალური სამსახურები იცავდა და უფრთხილდებოდა, გამოცხადდა ნომერ პირველ მტრად.

რაც მთავარია, რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე არ აკრძალულა მშობლიურ ენაზე საუბარი. ახლა ვინმე იტყვის – ამის მცდელობა ხომ იყოო, მაგრამ მცდელობა და შესრულება სხვადასხვაა! და ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთთან ჩვენ ჩვენი ყოველთვის გაგვქონდა, სხვა მტრებთან, თუნდაც იმავე თურქეთისგან განსხვავებით.

ამის შემდეგ, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ გულისწყრომას _ რატომ წაგვართვა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები? არადა, პასუხი უმარტივესია: თუკი ქართველები 100 წლის წინათ ტერიტორიების წამრთმევ, დამანგრეველ და გამანადგურებელ სახელმწიფოებს 100 წლის შემდეგ “ისტორიულ მეგობრებად” ვაცხადებთ, მაშინ რუსეთიც მიიერთებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, და დაელოდება 100 წლის ჩავლას. შემდეგ კი ისიც ჩვენი “უერთგულესი მეგობარი” იქნება თურქეთივით.

აი, ასე და ამიტომ, ამგვარად “მოცოცავს” რუსეთი საქართველოს იმ ტერიტორიებისკენ, რომლებიც მის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

რას ვუპირისპირებთ ჩვენ, ანუ საქართველოს სახელმწიფო “მცოცავ რუსეთს”? _ ვერაფერს, გარდა “მხოხავი ამერიკისა”. დიახ, ამ დღეებში ფოთიდან თბილისისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების კუთვნილი ტანკების “გადმოხოხება” ქართველი საზოგადოების ნაწილმა დიდი ზარ–ზეიმით აღნიშნა და მეტიც, ზოგმა ტვინდაზიანებულმა ქართველმა ეს “საბოლოო გამარჯვებადაც” კი აღიქვა.

“აჰა! ახლა კიდევ იტყვით, ამერიკა მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს და პამპერსებს გვიგზავნისო? ფოთიდან თბილისისკენ ამერიკული ტანკები დაიძრნენ!” – გახარებული გვამცნობს ერთი ქართველი ფეისბუქმომხმარებელი.

“დიახ! ამერიკული დროშების ფრიალით, ამერიკულმა ტანკებმა ცხვირწინ, სულ რაღაც 500 მეტრში, ჩაუარეს რუსულ ჯარებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არიან შემოჭრილი!” – სიხარულისგან გიჟდება მეორე ქართველი ფეისბუქმომხმარებელი.

საუბარია საქართველოში დაწყებულ ნატოს სამხედრო წვრთნებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს რატომღაც მართლა “დიად გამარჯვებად” მიაჩნია.

არადა, თუკი დღეს ამერიკულმა ტანკებმა ამერიკის დროშების ფრიალით 500 მეტრში ჩაუარეს რუსულ არმიას, იცით კი, რა მოხდება ხვალ, როდესაც რუსული არმია საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალთან 400 მეტრში გადმოიწევს? – აი, მერე მოხდება ის, რომ ამერიკული ტანკები რუსულ არმიას უკვე 400 მეტრში ჩაუვლიან ამაყად! ხოლო, როდესაც ოკუპანტი ჩვენი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან უკვე 300 მეტრში იქნება, ჩვენი “დიადი სტრატეგიული” პარტნიორი, მას თავისი ტანკებითა და დროშების ფრიალით 300 მეტრში ჩაუვლის ამაყად. დარწმუნებული ვარ, ამერიკელები საქართველოს გასაჭირში არ მიატოვებენ და ასევე წარმატებით ჩაუვლიან რუსულ არმიას 200 მეტრში, 100 მეტრში და, თქვენ წარმოიდგინეთ, 50 მეტრშიც კი. აი, ასე უპირისპირდება “მხოხავი ამერიკა” “მცოცავ რუსეთს” საქართველოს ტერიტორიაზე და აი ასე, შტერი ბავშვებივით, გვიხარია ჩვენ ყოველივე ეს.

ჩნდება კითხვა: რას მოვითხოვდით და რას მოვითხოვთ რუსეთისგან? აკი რუსეთმა თავის დროზე გასაგებად გვითხრა, რომ იგი ჩვენს მოქმედებებში ხედავდა მცდელობას, მის ტერიტორიასთან უშუალოდ მიგვეახლოვებინა ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები, რაშიც რუსეთი მისთვის სასიცოცხლო საფრთხეს ხედავდა და არაფრით დაუშვებდა ამას. “თუნდაც ეს ომის ფასად დაგვიჯდეს!” – ზუსტად ეს განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების შეფმა სერგეი ლავროვმა იმხანად და დღემდე ვერ ვხვდები, რომელი “ნიღაბი” ჩამოგლიჯა სააკაშვილმა რუსეთს, რომელიც არასდროს კეთებია?

მიუხედავად ამისა, ქართული მხარე მუდამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არ აპირებს, რუსეთს საფრთხე შეუქმნას და არც იმისთვის არის მოწოდებული, რომ საკუთარი ტერიტორია ამერიკულ სამხედრო შენაერთებს დაუთმოს. დღეს კი სხვა სურათს ვხედავთ და რას ვაკეთებთ ამით? ვამართლებთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს? მას უკვე აქვს სათქმელი, მე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ამერიკული სამხედრო ბაზებისაგან დავაზღვიეო. და მას უკვე ვეღარავინ შეეკამათება.

მოდი, კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა და ვუპასუხოთ კიდეც: რას მოვითხოვდით და მოვითხოვთ რუსეთისგან? მისთვის აშკარად საზიანო, საფრთხის შემცველი მოქმედებები შეგვარჩინოს, არაფერი გვიპასუხოს და პირიქით _ გვითხრას, _ უი, რა კაი ბიჭები ხართ, ჩემი პირველი მტერი ჩემი ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს რომ მოგყავთ, მიდით, ბიჭებო, აბა, თქვენ იცითო?

ტლიკინი, რომ “ეს ჩვენი, ქართველების, ტერიტორიაა და იქ, ვისაც გვინდა, იმას შევიყვანთ, ხოლო რუსეთს საერთაშორისო ნორმებით არ აქვს უფლება, ამის გამო ტერიტორიები წაგვართვას და მიიტაცოს”, პირდაპირ გეტყვით და, ცხონებული ბაბუაჩემისა არ იყოს, “გრამაფონშია”! აბა, სცადოს და, დავუშვათ, მექსიკამ თავის ტერიტორიაზე რუსული ტანკები შეიყვანოს! უკვე წართმეულ ტექსასის შტატს, აუცილებლად მიემატება ნახევარი მექსიკა, რომელიც ამერიკის ტერიტორია გახდება “უსაფრთხოების მიზნით”!

მსოფლიოზე გავლენის მქონე ერთ–ერთი უდიდესი იმპერიის წინააღმდეგ “საერთაშორისო სამართლის ნორმებზე” აპელირება ძალიან დიდი სისულელეა და “დათვისა და ბაბაიას” ანდაზის აბუჩად აგდებაც სწორედ მის ინტერესში შედის, ვისაც “დათვის” უკიდურესად გაღიზიანება სურს, რათა ეს გაღიზიანებული დათვი შენ დაგეტაკოს, შენ შეგალიოს ენერგია, ხოლო წამქეზებელი უვნებლად გადარჩეს, თანაც “დათვის” შესაძლებლობები შენი გაწირვის ხარჯზე კარგად შეაფასოს და აწონ–დაწონოს.

აი, სულ ესაა “მხოხავი ამერიკის” მთელი ფილოსოფია “მცოცავ რუსეთთან” ჭიდილში.

ამ გლობალურ პოლიტიკურ ამბებში, არ მინდა, კიდევ ერთი წმინდა ქართული ამბავი გამომრჩეს – “მგუდავი ბიძინა”. როდესაც მიხეილ სააკაშვილს “ბანანის ქერქზე” ფეხი აუცურდება, ბიძინა ივანიშვილის ფანატები ჟვილ-ხივილს ატეხენ ხოლმე – „აი, რას უშვება მგუდავი (“უდავ”) ბიძინა მიშას, ახლაც ვერ ხვდებით, რა მაგარია ივანიშვილი?!”

ასეთი აჟიოტაჟი ატყდა, მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ, როდესაც ცნობილი შეიქნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ექსპრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა. “აი, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი! მოგუდა ნელ-ნელა!” _ აღფრთოვანდნენ და ჭკუიდან გადავიდნენ “ბიძინმადიდებლები”. ყველაზე სასაცილო კი ნიშნისმომგები ტონია მათ მიმართ, ვინც ბიძინა ივანიშვილის “უდავ”-ობას (“მარხჩობელა გველი”) სკეპტიკურად უყურებდა და უყურებს.

“აჰა, ახლაც არ აღიარებთ ბიძინას მაგრობას? ახლა რაღას იტყვით?” – გვეკითხებიან აჟიტირებული ბიძინისტები.

მშვიდად და ირონიულად ვუპასუხებთ: რას ვიტყვით და იმას, რომ, ჯერ ერთი, უკრაინული პასპორტის ჩამორთმევა დიდი ვერაფერი “გამარჯვებაა” სააკაშვილზე და მეორეც _ როდესაც ქვეყნიდან გაქცეულ, გარემოცვაშემოძარცვულ, ჭკუიდან გადასულ და გაფარჩაკებულ მიშა სააკაშვილს, ლამის 6 წელიწადია, “გუდავ”, უკვე, “უდავი” კი არა, კოჭლი კუც აღარ ხარ, ძმაო!

ან საერთოდ, რატომ ამტკიცებენ ბიძინისტები სააკაშვილის ნებისმიერი წაბორძიკებისას, რომ აქ “უდავი-ივანიშვილის” ხელი ურევია? მიშას კუჭი რომ აეშალოს, იმწამს აჟიოტაჟი ატყდება, _ ნახეთ, რა უქნა ბიძინამ! მიშას ქუჩაში დაგდებულ ბანანის ქერქზე რომ აუცდეს ფეხი, ამასაც “უდავის” ოინებად ასაღებს “ქოც-მადიდებელთა” არმია.

ალბათ, ასე 50 წლის შემდეგ, როდესაც მიშა სააკაშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლება, “ქოცების” ფანები ისევ იმას იტყვიან _ აი, ბოლოს და ბოლოს, ხომ მოგუდა მაინც “უდავმა” ბიძინამ, არც ახლა დაიჯერებთო? არადა, იმხანად თვითონ ბიძინა ივანიშვლი კაი 10 წლის გარდაცვლილიც რომ იყოს, ისინი მაინც ამას იტყვიან ჯიუტად.

ზუსტად ისეთი სიჯიუტით, როგორითაც ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილი, 30 წელიწადია, “მცოცავი რუსეთის” წინააღმდეგ “მხოხავი ამერიკის” გამოყენებას უკრავს ტაშს და აღფრთოვანებით ხვდება.

არადა, ერთადერთი, ვინც “მხოხავი ამერიკის” უტიფრობითაც, “მცოცავი რუსეთის” აგრესიულობითაც და “მგუდავი” ბიძინას შტერული ქება-დიდებითაც გამოუსწორებელ ზარალს განიცდის, ისევ და ისევ ჩვენი ბედკრული საქართველოა…

Comments are closed