„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ამდენი გაყიდული პარტია არცერთ არჩევნებს არ ახსოვს“ // „უფასო სარეკლამო დრო არასწორი მიდგომაა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანიშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვა და ნაციონალები საარჩევნო კომისიებშიც გარიგდნენ“ // „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ოქტომბერში გამორიცხულია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „9 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში გადავა“ // „ჩვენ შურისძიებას არ ვაპირებთ“
„ვერსია“: ლალი მოროშკინა კენჭს ნაძალადევში იყრის? // ლაშა ნაცვლიშვილის ფაქტორიდან პაატა ბურჭულაძის ფაქტორამდე
——————-
„ახალი თაობა“, 03 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ამდენი გაყიდული პარტია არცერთ არჩევნებს არ ახსოვს“ // „უფასო სარეკლამო დრო არასწორი მიდგომაა“
ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებზე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა საგარეო პოლიტიკა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია. გთავაზობთ მის ინტერვიუს „ახალ თაობასთან“:
- სხვა არჩევნებზე მსგავსი შემთხვევები არ გახსენდებათ?
- არასოდეს. ძირითადი აქცენტები სოციალურ თემებზე კეთდებოდა, გაზის ტარიფი შემცირდება, ელექტროენერგიის და ასე შემდეგ. ახლა კი დებატები მიდის ასე: რუსეთი თუ დასავლეთი? ეს სიახლეა.
- მიხეილ სააკაშვილის დროსაც ხომ იყო საუბარი საგარეო კურსზე?
- ადრე თითქოს გარკვეული იყო, რომ რუსეთი მტერია, ნატო – მეგობარი და საკამათოც არაფერი იყო. მაშინ დისკუსია არ იყო. მიხეილ სააკაშვილის დროს რომელი პარტია გაბედავდა და იტყოდა, რუსეთის ბაზები აშენდეს თბილისშიო?! ან იმის თქმას ვინ გაბედავდა, რუსულ პენსიას დაგინიშნავთო?! ვანო მერაბიშვილი ასეთი განცხადებებისთვის კაცს რასაც უზამდა, ყველამ კარგად ვიცით.
- მერე ეს ჯანსაღი პროცესია, რუსეთის ბაზების განლაგებას რომ გვპირდებიან თბილისში?
- არა, მე ეს არ მითქვამს, ჯანსაღი ნამდვილად არ არის. ჯანსაღი როგორ იქნება საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების მოთხოვნა. უბრალოდ, სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არის ჯანსაღი სიტუაცია. თუმცა ჯანსაღიც არის და ჯანსაღიც, როდესაც ქართველი მანდილოსანი, რომელიც თამარ მეფის შთამომავალია და კითხვაზე, რას აკეთებდიო, ასეთი უწმაწური სიტყვებით პასუხობს, თითქოს ესეც ჯანსაღია, ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს, უბრალოდ, არაეთიკურია. არაჯანსაღი იყო უკვე რეაგირება.
- რომელი რეაგირება?
- იმ თმაგაჩეჩილი ბიჭისა, „ოცნების“ ახალგაზრდა „ამომავალი ვარსკვლავი“ რომ არის, კობახიძე, მალე აიკრძალება ტელევიზიით ყველაფერიო. აი, ეს უკვე არაჯანსაღი იყო! ჩემი აზრით, ჯანსაღია პოზიცია, როდესაც კეთდება განცხადება – არანაირი ბაზები! არც რუსეთის ბაზები, რაც უფრო რეალურია და არც ნატოსი, რაც არარეალურია. ნატოს საქართველოში ბაზები არ სჭირდება და ეს რუსეთმა ყველაზე უკეთ იცის. ისევე, როგორც არ გვემუქრება რუსეთის მიერ დარიგებული პენსიები. მეტი საქმე არა აქვს რუსეთს, ორ მილიონზე მეტ უსაქმურს ფული უხადოს, როცა თავად გაზარდა საპენსიო ასაკი იმიტომ, რომ ფული არ აქვს.
- წინასაარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სარეკლამო დროს, თანაც უფასოს. უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ უფასო სარეკლამო დრო? რამდენად სწორია ეს მიდგომა?
- ჩემი აზრით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას, უფასო სარეკლამო დრო არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამაზე უარესია დისკრიმინაცია, ზოგს აქვს, ზოგს არა აქვს. ამას მეორე უკიდურესობა სჯობია, ან ყველას ჰქონდეს, ან არავის. რას ნიშნავს უფასო სარეკლამო დრო? ეს არ არის უფასო! ეს ფასიანია! ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება.
- ბიუჯეტის ფული მიდის?
- რასაკვირველია! ბიუჯეტს ვინ ავსებს?! მთვარიდან ხომ არ მოდის?! ყველა თანაბარ პირობებში როცა იქნება, ეს არის ყველაზე სამართლიანი პროცესი. როდესაც არ იქნებიან პრივილეგირებულები. მე არ მესმის, ჩემს ხარჯზე რატომ უნდა ფინანსდებოდნენ თუნდაც იგივე სოციალ-დემოკრატები, რომელთა გავლენა საქართველოში ნულია! ერთი პროცენტიც არ აქვთ. ან იგივე კონსერვატორები რომ ავიღოთ. მათი გავლენაც ნულია! კონსერვატორებმა თავი დაამახსოვრეს ქართველ ხალხს ერთი `გენიალური~ საკანონმდებლო წინადადებით, რომ ყველამ ჩოხებით ვიაროთ სამსახურშიო. კონსერვატორების სხვა წინადადებები ახსოვს ვინმეს?! მე არა. მე არ მესმის, მაგათ რატომ უნდა ჰქონდეთ უფასო სარეკლამო დრო!
- არიან ფინანსურად მდიდარი და ღარიბი პოლიტიკური პარტიები, გამოდის, რომ მაინც ვერ იქნებიან თანაბარ სიტუაციაში?
- მიდგომის სხვა პრინციპებია დასამუშავებელი. სხვა მეთოდები უნდა ამოქმედდეს, თუნდაც ისეთი, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 5 ათას დოლარზე მეტს ვერ შესწირავ პარტიას, აკრძალულია. ეს სწორი მიდგომაა, რათა ფულიანმა უფულო არ დაჩაგროს. ჩვენთან კი ნახეთ, რა ხდება, პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ფინანსური შესაძლებლობები მწირი აქვს, მხარს არ უჭერენ, ღარიბი პარტიაა და რა პერსპექტივა აქვსო.
- ანუ ფული წყვეტს ყველაფერს?
- რასაკვირველია. ჩვენთან ყველაფერს წყვეტს ფული! ითხოვენ უფასო სარეკლამო დროს და რომ ჰკითხო, ამიხსენი, რატომ უნდა გქონდესო, ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ აგიხსნის. არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს უფასო სარეკლამო დროს პარტიას, რომელიც მოითხოვს რუსეთის სამხედრო ბაზებს თბილისში!
- თქვენც წინააღმდეგი ხართ უფასო სარეკლამო დროის?
- კატეგორიულად მე არც მომხრე ვარ და არც – წინააღმდეგი. ძალიან ბევრი ნიუანსია და ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს. თუმცა ეს პროფესიონალებმა უნდა დაალაგონ. მე არ მომწონს ეს უსამართლობა, მაგრამ მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია.
- თუმცა თვლით, რომ უსამართლობაა?
- დიახ, ნამდვილად უსამართლობაა, რომ ნულპროცენტიანი პარტიები ასიათასობით ლარის დაფინანსებას იღებდნენ და ვისაც მართლა ეკუთვნის და ხალხის მხარდაჭერაც აქვს, ის – ვერაფერს. თუმცა, როგორც ჩანს, იმ ხალხს, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს, ჩვენი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ. ეს არის ძალიან ცუდი და ამიტომ არის, რომ ჩვენ ასე შორს ვართ დემოკრატიისა ევროპისგან. კლასიკური აღმოსავლური ქვეყანა ვართ! არჩევნებს რაც შეეხება, დააკვირდით – ამდენი კინკლაობა, ამდენი გადაჯგუფება, პარტიების დაშლა. ყველაზე ცუდი რაც არის, არასოდეს ამდენი გაყიდული პარტია წინა არჩევნებში არ ყოფილა.
- იყიდებიან პარტიები?
- დიახ. თითო-ოროლა შემთხვევა კი იყო ყველა არჩევნებში, რომელსაც სააკაშვილი ყიდულობდა, რომელსაც შევარდნაძე ყიდულობდა, მაგრამ ახლა მასობრივი ხასიათი მიიღო ამ ყველაფერმა. მაგალითად, ბურჯანაძის მთელი ფრაქცია გაიყიდა.
- და ვინ ყიდულობს, ბიძინა ივანიშვილი?
- არა, სოსო ცინცაძე! აბა, ვინ იყიდის?! მე და თქვენ რისი მყიდველები ვართ?! ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა – გაყიდული პოლიტიკური პარტიები.
„ახალი თაობა“, 03 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანიშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილის გარემოცვა და ნაციონალები საარჩევნო კომისიებშიც გარიგდნენ“ // „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ოქტომბერში გამორიცხულია“
საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერი მირიან მირიანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციასა და მოვლენების პოსტსაარჩევნო განვითარებაზე საუბრობს.
მირიან მირიანაშვილი:
- წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ დასავლეთი ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში. უკრაინაში სიტუაციის გართულებამ მოითხოვა სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. იმის გამო, რომ სააკაშვილი ამ ეტაპზე ვერ ბრუნდება, ის სხვების გამო არ გაირჯება. ამიტომ აღარ არის მოსალოდნელი მოვლენების განვითარების რევოლუციური სცენარი.
- ხმები არჩევნების შემდგომი ესკალაციის შესახებ მაინც ვრცელდება...
- ეს მიზანმიმართულად ხდება. ნაცმოძრაობის მომხრეების სტიმულაციისთვის სააკაშვილის მითითებით ყრიან ჭორებს მიხეილ სააკაშვილის მოსალოდნელი ჩამოსვლის შესახებ. სინამდვილეში, ის უახლოეს ხანში ვერ ჩამოვა. ნაციონალების რევოლუციური სცენარი, ასე, 6-8 თვით გადაიდო.
- აღნიშნეთ, მიხეილ სააკაშვილი სხვების გამო არ გაირჯებაო...
- დიახ. სააკაშვილი პირადად ჯერ ვერ ჩამოდის. უკრაინაში ვითარების მეტ-ნაკლებად სტაბილიზაციამდე ის საქართველოში ჩამოსვლაზე ვერც იფიქრებს. სხვებისთვის იგი თავის რესურსებს არ დახარჯავს. ეს ისეთივე სიტუაციაა, როგორიც 1991 წელს შეიქმნა. 1991 წლის აგვისტოდან მოყოლებული კიტოვანი და სიგუა ტელეფონით მუდმივად ეთათბირებოდნენ შევარდნაძეს. შევარდნაძეს არც აგვისტოში, არც შემოდგომაზე არ ჰქონდა დრო და საშუალება, რომ საქართველოში ჩამოსულიყო. ამის გამო გადატრიალება დეკემბრისთვის გადაიდო. ისიც არ იძლეოდა მოქმედებების ნებართვას, სანამ თავად არ მოახერხებდა ჩამოსვლას. დღევანდელი სიტუაცია ამის სრული ანალოგიაა. სააკაშვილსაც არ სცალია. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მოტივი ახალი გარიგებისა, რომელიც ბოლო დროს გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ კვირიკაშვილის ჯგუფსა და ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს შორის.
- მომავალ პარლამენტში ადგილების განაწილების თაობაზე?
- გარიგების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ესაა. მომდის ინფორმაცია იმაზე, რომ გარიგება საუბნო და საარჩევნო კომისიებშიც გადმოვიდა. `ქართულმა ოცნებამ~ საარჩევნო კომისიებში დატოვა ნაციონალების 90%. ეს ის ხალხია, რომელიც ნაცმოძრაობის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა. ამ ადამიანების უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს კომპრომატებით ჰყავდათ დაჭერილი.
- თუ რევოლუციური სცენარი გადაიდო, რატომაა ამდენი საუბარი არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე?
- ეს სცენარი გადაიდო ორგანიზაციული და არა _ პროპაგანდისტული თვალსაზრისით. არჩევნების გაყალბებაზე ნაციონალები და ამ პარტიის სატელიტები ბევრს იჟრიამულებენ, მაგრამ მათი სამოქმედო გეგმები შეიცვლება.
- გიორგი კვირიკაშვილს რისთვის სჭირდება გარიგება ნაციონალებთან?
- იგი ზრუნავს თავის პოლიტიკურ მომავალზე. მას არ უნდა, აღმოჩნდეს ირაკლი ღარიბაშვილის მდგომარეობაში. კვირიკაშვილს იმის შიში აქვს, რომ ისიც შეიძლება გადააყენონ. ამიტომ ის აწარმოებს ფარულ მოლაპარაკებებს ნაციონალებთან ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან. ფაქტობრივად, ეს ახალი კოაბიტაციაა, რომელსაც რატომღაც ამერიკელებს აბრალებენ. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ აშშ არანაირ კავშირში არ არის ამ გარიგებებთან. პირიქით, ამერიკელები ამბობენ, რომ მათ არ აუკრძალავთ პასუხის მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობისთვის და სამართლიანობის დამკვიდრება. ასეთი გარიგებებით და აშშ-ის ჩარევაზე ჭორების დაყრით კვირიკაშვილის გარემოცვა აღვივებს ანტიდასავლურ განწყობას მოსახლეობაში. ჩვენს პარტიას საჯარო რეესტრმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნა, რომ საარჩევნოდ დარეგისტრირება ვეღარ მოხდა. ამაში პირადად გიორგი კვირიკაშვილი იყო ჩარეული. თუმცა, მე მაჟორიტარობის კანდიდატად ვაკეში მაინც დავრეგისტრირდი.
- მიუხედავად იმისა, რომ გარიგებაა?
- თუ კვირიკაშვილის ჯგუფსა და ნაციონალებს შორის გარიგება დიდ მასშტაბებს მიაღწევს, მაშინ არჩევნებში სხვების, მათ შორის, ჩემს მონაწილეობას აზრი აღარ ექნება.
- ანუ შესაძლებელია, რომ ვაკეში გარიგების შედეგად არჩევნები ნაციონალმა ელენე ხოშტარიამ მოიგოს?
- სხვადასხვა უბანში, ალბათ, სხვადასხვანაირად იქნება. ზოგან ერთი პარტიის კანდიდატს გაამარჯვებინებენ, ზოგან _ მეორეს.
- „ქართული ოცნება“ კანდიდატებად ყოფილ ნაციონალებს რომ აყენებს, ესეც გარიგების შედეგია?
- მოტივი ყველგან ერთი და იგივე არაა. ზოგჯერ კანდიდატად დასახელებისას ან სიაში ჩასმისას მოტივია ფული. სააკაშვილის ერთ-ერთი მიზანია, რომ ნაცმოძრაობა მეორე ადგილზე გავიდეს, სხვა პარტიები კი პოლიტიკურად განადგურდნენ. მათ შორის, ალასანიასა და ბურჯანაძის ორგანიზაციები.
- მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ...
- შეიძლება, თითომ 5 ან 6 კაცი გაიყვანოს პარლამენტში. ეს არაფერს შეცვლის. სააკაშვილს სხვა ოპოზიციური სპექტრის განადგურება უნდა. `ქართული ოცნების~ მდგომარეობა მძიმეა. ის დასუსტებულია, შეკრული არაა. გარდა ამისა, მას ელის ბრალდებები არჩევნების გაყალბების თაობაზე. ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც რევანშისტული გეგმები სამომავლოდ გადადო, მაგრამ მათზე უარი არ უთქვამს.
„ახალი თაობა“, 03 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „9 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში გადავა“ // „ჩვენ შურისძიებას არ ვაპირებთ“
რას აპირებს ყოფილი ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, სად მიდის ივანიშვილი და როგორ აფასებენ მეორე ნაცმოძრაობის გამოჩენას, ვინ არბევს მათ ოფისებს? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ესაუბრება.
ნიკა მელია:
- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე არაერთი ვანდალური აქტი განხორციელდა. ამის უკან, ბუნებრივია, ხელისუფლება დგას, ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ განხორციელებული თავდასხმების უკან. მაშინ ქვეყნის მასშტაბით ჩვენს ოფისებს საღებავები შეასხეს. ამის გამო კაციშვილი არ დასჯილა. ეს პროცესი ისევ გაგრძელდება და მას წერტილი 8 ოქტომბერს დაესმება.
- ხელისუფლებას რაში აწყობს თქვენი ოფისების დარბევა?
- მათ საკუთარ წარმატებაში ეჭვი ეპარებათ და მათი აგრესია ამით არის გამოწვეული. ყველა ხელისუფლება, რომელიც ასეთ ძალადობას მიმართავს, მარცხისთვის არის განწირული. ასე მოუვიდა შევარდნაძისა და წინა ხელისუფლებებს. უბრალოდ, მიკვირს, რატომ არ ითვალისწინებს „ქართული ოცნება წინამორბედების შეცდომებს. შეცდომების გათვალისწინებას ვინ ჩივის, უარესებს აკეთებენ.
- ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობის 2 ფრთა იქნება. ამ ორფრთიანობაზე რას იტყვით?
- პოლიტიკაში ოდნავ მაინც ვინმე თუ არის ჩახედული, მაშინვე მიხვდებოდა, თუ რა ინტერესია ამ ფრაზის უკან. ბიძინა ივანიშვილს აქვს ამომრჩევლის დაბნევის სურვილი. მას ჰგონია, რომ ამ განცხადებით ჩვენს მომხრეებს დილემის წინაშე აყენებს – ვის მისცენ ხმა – ამ ნაციონალურ მოძრაობას თუ მეორეს. მისი განცხადება მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც მას დაამარცხებს. რაც არ უნდა ეცადოს, ხალხის დაბნევა არ გამოუვა, ძალიან დააგვიანა, მან ამ ქვეყანაში საზოგადოების ყველა ფენა მოატყუა და მას აღარავინ დაუჯერებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე იქცევა ის ადამიანი, რომელსაც 4 წლის წინ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.
- თავად „ორ“ ნაციონალურ მოძრაობაზე რას იტყვით. მართლა არსებობს ორი ნაციონალური მოძრაობა?
- არანაირი მეორე ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს. ეს არის ივანიშვილის მოგონილი ფანდი.
- თქვენი ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ახალი ნაცმოძრაობა მათი პარტიაა. ამაზე რას იტყვით?
- გიორგი ვაშაძემ რა თქვა, არ ვიცი, მისი განცხადებებისთვის არ მომისმენია. მე მხოლოდ ივანიშვილს მოვუსმინე, რომელსაც ხელისუფლების დაკარგვის პარანოიდული შიში აქვს და ამ ფონზე უამრავ სასაცილო განცხადებას აკეთებს. ამ ადამიანს ნაციონალური მოძრაობის დაშლის დიდი სურვილი ჰქონდა და მიზნის მიღწევას სხვადასხვა გზით ცდილობდა. გეგმაში პარტიის რამდენიმე ჯგუფად დაყოფა ჰქონდა, რაც ვერ მოახერხა. ვიღაცების გაყვანა მაინც შეძლო და ახლა მათი დახმარებით ცდილობს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. მე ყურადღებით ვუსმინე რეგიონულ მედიასთან ივანიშვილის შეხვედრას. ეს იყო ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანის ლაპარაკი, რომელიც ცდილობს, რეალობას არ შეეგუოს. მან უნდა იცოდეს, რომ 9 ოქტომბრიდან ოპოზიციაში გადავა.
- თავად ამბობს, „ქართული ოცნება“ პარლამენტში 100 კაცს გაიყვანსო...
- იმედი აქვს, ბევრი ოცნებაც აქვს, მაგრამ ამის არანაირი შანსი არ არის. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო 150 წევრით არის დაკომპლექტებული. როგორ შეიძლება, 150-კაციან პარლამენტში 100 კაცი შეიყვანოს? მის სიტყვასაც კი აღარ აქვს ფასი. 1 სექტემბერს იმ გადაცემას, რომელშიც ის გამოვიდა, რეკორდულად დაბალი რეიტინგი ჰქონდა. 100 კაცის გაყვანაზე საუბარი მხოლოდ მის ისტერიკულ შიშზე მიუთითებს. ის ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს. მინდა გაგახსენოთ 2012 წელი. მაშინ ნაცმოძრაობის ძალიან ბევრ ლიდერს არ ეგონა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და გამარჯვებას „ქართული ოცნება“ მოიპოვებდა. ახლა „ოცნების“ წევრებს აქვთ იგივე განცდა, რომ არ დამარცხდებიან.
- ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტების ნაწილი საარჩევნოდ არეულობას ელოდებიან. მათი მტკიცებით, ამ არეულობის მოწყობას თქვენი პარტია აპირებს...
- „ქართულმა ოცნებამ“ ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა. მათ საზოგადოების ყველა ფენა მოატყუეს და მათთან სათქმელიც არაფერი აქვთ. ამომრჩევლის ყურადღების გადატანას არეულობაზე საუბრით ცდილობენ. ინფორმაცია, რომ ჩვენ არეულობა გვინდა, ისეთი სიმართლეა, როგორც ის, რომ საქართველოში 100 საწარმო გაიხსნა და 1.000-მდე გარემონტდა. ამ 4 წლის განმავლობაში არაერთხელ დაგვაბრალეს არეულობის მოწყობა და ამის დასამტკიცებლად ვერანაირი ფაქტები ვერ წარმოადგინეს. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ არეულობის მოწყობას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არაფერში გვჭირდება, რადგანაც გუნდის განახლებული შემადგენლობა ჩვენი ძლიერი მხარეა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საარჩევნო ურნასთან დავამარცხოთ ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი.
- მის მომსახურე პერსონალში ვის გულისხმობთ?
- მთავრობას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ ადამიანმა მთავრობა პირადი მცველებითა და ექიმებით დააკომპლექტა, ეს ხალხი პირდაპირ მინისტრებად დანიშნა. ამიტომაც მოვიხსენიებ აღმასრულებულ ხელისუფლებას ივანიშვილის მომსახურე პერსონალად. ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც არეულობა აწყობს, არის ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი. არეულობა თუ მოხდა, ის არც მოსახლეობას წაადგება და არც ქვეყნის წინსვლას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არეულობის მოწყობას შეეცდებიან, მაგრამ ამ პროვოკაციაში არ ავყვებით.
- იმაზეც მიდის საუბრები, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ნაციონალები ოპონენტებზე შურისძიებას დაიწყებენ. ამაზე რას იტყვით?
- ჩვენს პარტიულ სიაში ახალი სახეების ჩართვა არის გარანტია იმისა, რომ რა გადაცდომებიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, არავითარ შემთხვევაში არ გამეორდება. ის პოზიტივი კი, რაც იმ 9 წლის განმავლობაში იყო, აუცილებლად გაგრძელდება. და ძალიან უხერხულია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვიღაცის შურისძიებაზე რომ საუბრობენ. ბოლო 4 წელი „ქართული ოცნება“ მიმართავს შურისძიებას. ამ შურისძიებას წერტილს 8 ოქტომბერს დავუსვამთ. ხმებს შურისძიებაზე სუს-ი ავრცელებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს. მოსახლეობა აღარც ამ ანკესს წამოეგება. ჩვენ, ახალი სახეები, ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში ზიზღის და ბოროტების დათესვა აღარ გაგრძელდება. ჩვენ ვთვლით, რომ ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო შურისძიება, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გავიმეორებთ.
„ვერსია“, 02 სექტემბერი, 2016 წელი
ლალი მოროშკინა კენჭს ნაძალადევში იყრის?
ლაშა ნაცვლიშვილის ფაქტორიდან პაატა ბურჭულაძის ფაქტორამდე
მერაბ მერაბიშვილი
ქართული პარტიები „დიეტაზე“არიან – პოლიტიკური გაერთიანებები წევრებს კალორიებივით კარგავენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც გასული კვირა იყო – „დემოკრატიული მოძრაობა“ გენერალურმა მდივანმა დატოვა. „დატოვების ცუნამი უფრო ადრე თამაზ მეჭიაურს დაატყდა თავს – მისი პარტიის საინიციატივო ჯგუფს ლალი მოროშკინა და სანდრო ბრეგაძე გამოაკლდნენ.
სხვათა შორის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხმა, რომ ლალი მოროშკინას შესაძლოა, ზუგდიდის დამოუკიდებელი მაჟორიტარობისთვის ებრძოლა, მაგრამ აღნიშნული თავად მოროშკინამ ერთ-ერთ სატელევიზიო თოქ-შოუში უარყო. ამასობაში კი, „ვერსიისთვის“, პირად წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ხმაურიანი ლალი, რომელიც გარკვეულწილად, პოსტნაციონალური ქართული პოლიტიკის ბრენდად იქცა, მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ოპოზიციურ ძალასთან აწარმოებს. წყარო ამ ოპოზიციური ძალის სახელს არ აკონკრეტებს, მაგრამ არ გამორიცხავს, მოროშკინა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად ვიხილოთ.
ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის უმეტესობას მაჟორიტართა ვინაობა გარკვეული აქვს, თუმცა კულუარებში გარკვეულ „პერეტრუბაციებს“ არ გამორიცხავენ. მაჟორიტართა შეცვლაზე მეტად კი მედიის და, საერთოდ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისეთი საარჩევნო ამბები უფრო ხვდება ხოლმე, როგორიც მაგალითად, „ცენტრისტების“ საარჩევნო მარათონიდან მოხსნაა. ამასთან, ცნობილია ისიც, რომ საარჩევნო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვეღარც ვალერი კვარაცხელიას სოციალისტური პარტია მიიღებს.
საარჩევნო მარათონიდან მოხსნილი პარტიები დემოკრატიით აპელირებენ და ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური დევნის ობიექტები არიან, თუმცა როგორც ყველა მედალს, მეორე მხარე ამ მედალსაც აქვს და ეს მეორე მხარე ისაა, რომ ქვეყანაში, მინიმუმ, ქაღალდზე მაინც არსებობს კანონი, რომლის ძალითაც რუსეთი ოკუპანტია, ტოტალიტარული, კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიების პროპაგანდა კი დასჯადია. შესაბამისად, როცა საარჩევნო ორთაბრძოლიდან მოხსნილი სუბიექტები ამბობენ, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან, ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელია, რადგან პოლიტიკური დევნა, ლოგიკას თუ გავყვებით, ხელისუფლებას ხელეწიფება – სწორედ ხელისუფლების ხელშია ყველა ის ბერკეტი, რითიც დევნაა შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ე.წ. პრორუსულ პარტიებს კანონი დევნის.
ახლა, შეიძლება ვინმემ თავი გამოიდოს და თქვას, რომ ეს კანონები მიშას ხელისუფლების მიერ არის მიღებული. კი ბატონო, ასეა, მაგრამ იმის აღიარებას, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული, მიშას ხელისუფლება არ სჭირდება. ეს ფაქტია, რომელსაც, როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრის დროს აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სახეზე კანონის დარღვევა კი არა, კანონის დაცვაა ანუ ცესკო-მ თავის მიერ დაშვებული შეცდომა გამოასწორა და პარტიები, რომლებიც პირდაპირ რუსულ პროპაგანდას ეწევიან, რეგისტრაციიდან მოხსნა.
ცესკო-ს შეცდომა ის იყო, რომ ამ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო.
ზოგადად, კარგი იქნება, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები კანონებს გულისყურით გაეცნობიან და შეცდომებს თავიდანვე არ დაუშვებენ ხოლმე.
სხვათა შორის, პოლიტიკურ წრეებში ასეთი შეფასებაც არსებობს, რომ იგივე ე.წ. პრორუსულიპარტიების რეგისტრაციაში ჯერ გატარება და შემდეგ მოხსნა შესაძლოა, გარკვეული გეგმის შემადგენელი ნაწილი იყოს, რაც, მინიმუმ, საარჩევნო ტემპერატურის აწევას ისახავს მიზნად. გამორიცხული არაფერია, რადგან პოლიტიკა რაღაცით წესების გარეშე ბრძოლის არენას ჰგავს, მით უმეტეს, ქართული პოლიტიკა. შესაბამისად, ბევრი ისეთი რაღაცის მოწმენი ვხდებით, გაოცებისგან თმა შეძლება ყალყზე დაგვიდგეს. ასე, მაგალითად, ოთხი წლის წინ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, საზოგადოების უმეტესობა ელოდა, რომ ე.წ. ნაციონალური რეჟიმი ყველაფერ იმის გამო, რაშიც ხალხი ამხელდა, საკადრისად დაისჯებოდა, მაგრამ სანაცვლოდ რა მივიღეთ? რა და, ყბადაღებული კოჰაბიტაცია. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგი პირდაპირ და ზოგიც არაპირდაპირ, ამბობს, რომ კოჰაბიტაცია დასავლეთის მთავარი მოთხოვნა იყო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კოჰაბიტაციას „ადგილობრივი მამებიც“ ჰყავდა.
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოსახლეობა კოჰაბიტაციის მთავარ არქიტექტორებად გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს მიიჩნევს. სახელისუფლებო ეშელონებში აღარც ერთია და აღარც – მეორე. უფრო მეტიც, ხუხაშვილი „ოცნების“ მთავარ მაკრიტიკებლად გვევლინება, ლაშა ნაცვლიშვილი კი მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა დატოვა, კარგა ხანს აღარ აქტიურობდა, თუმცა ახლახან, მედიასივრცეში ისევ გამოჩნდა.
შეიძლება, უბრალო შემთხვევითობაა, მაგრამ მისი გამოჩენა იგივე ყოფილი პირველი ლედის გარშემო აგორებულ სკანდალს დაემთხვა. ლალი მოროშკინა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ამბობს, რომ ყოფილი პირველი ლედის მამხილებელი მასალები მთავარ პროკურატურაში დიდი ხანია დევს. ამას გარდა, სხვებიც ამბობენ, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები დამთავრდა თუ არა, მთავარ საგამოძიები უწყებაში შეიტანეს განცხადებები სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, მაგრამ… კვალი, რომ სამართლიანობა არ აღდგა, რაღაცნაირად ნაცვლიშვილამდე მიდის ანუ საბოლოო ჯამში, კოჰაბიტაციაზე, რომელიც ხალხს ასე ძალიან აღიზიანებს, პასუხი მას მოეთხოვება.
ყველაფერი ეს შეიძლება, ხალხური მითოსია და მეტი არაფერი, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ გახურებული საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე საჯარო სივრცეში ისევ ჩნდება.
აქ ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი ანუ ბურჭულაძის ფაქტორი. ისე გამოდის, ყოფილი ბანი რაღაცნაირად ნაციონალების ალტერნატივად გვევლინება, უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე მთავარი „ბუას“ ფუნქციას „მიშას სასტავი“ ასრულებდა, ახლა ამ კუთხით სიმძიმის ცენტრის გადატანა და არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, სწორედ ბურჭულაძეზე ხდება. შემთხვევითი, ალბათ, არც ეს არის.
ზოგადად, მოვლენებს უფრო რეალისტურად თუ შევხედავთ, შეიძლება, მივიდეთ დასკვნამდე, რომ საქართველოშიც, ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როცა მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ორი, მაქსიმუმ, სამი პარტია იქნება. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს ქართული დემოკრატიის დაკნინებას გამოიწვევს, მაგრამ საპასუხოდ, შეგვიძლია გავიხსენოთ „დემოკრატიის მექა“ – აშშ, სადაც მთავარი სწორედ ორი პარტიაა – რესპუბლიკელები და დემოკრატები. ისე, გულწრფელები თუ ვიქნებით, ამ პატარა საქართველოში იმდენი, მინიმუმ, ადამიანური რესურსი არც არის, 200 პარტია არსებობდეს, მაგრამ აქ მეორე უბედურებაც იჩენს თავს და ამ უბედურებას ამბიცია ჰქვია – ჩვენში ხომ ყველას პრეზიდენტობა ან პარტიის თავმჯდომარეობა უნდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ოკეანის გაღმა იგივე საზოგადოების პოლიტიკური კულტურა გაცილებით მაღალ დონეზეა და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მაღალი თანამდებობის პირები სამოქალაქო აქტივისტებს „ვირიშვილო მამაძაღლოს“ არ ეძახიან და არც სამოქალაქო აქტივისტები კადრულობენ იმას, ღია ეთერში უწმაწური სიტყვები გამოიყენონ.