globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 3rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან:   „ქართული ოცნებისაგან სიურპრიზებია მოსალოდნელი“

რეზონანსი: ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: „პრემიერ-მინისტრი ბერუჩაშვილს არაკორექტულად მოექცა“

რეზონანსი: მიგრაციის კრიზისმა, შესაძლოა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ჩაგვიშალოს

რეზონანსი: ერთი წლის თავზე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი მინიმალურია

———————

ახალი თაობა“, 03 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან:    „ქართული ოცნებისაგან სიურპრიზებია მოსალოდნელი“

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს საშიანო და საგარეოპოლიტიკურ კურსზე საუბრობს. გთავაზობთა ამონარიდს:

- თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე ნაბიჯს არ დგამს, დასავლეთში მკვიდრდება ტერმინი – „გავაჩეროთ რუსეთი“, რაც ამ რამდენიმე თვის წინათ არ არსებობდა. ამის მიუხედავად, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მკაფიო გზავნილები იშვიათად ისმის. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობაში თინა ხიდაშელის მსგავსი პოლიტიკოსების ნაკლებობა?

- თინა ხიდაშელის მსგავს პოლიტიკოსს, რომელიც ამ დონის ანალიზს გაუკეთებდა არსებულ ვითარებას, ჭარბად ვერც სხვა მთავრობებში ვერ ნახავდით. მის ინტერვიუში მართლაც არის ნათქვამი, რომ საქართველო პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე ნაბიჯებს არ დგამს. ალბათ, სწორედ ამითაა განპირობებული, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ მკაფიო გზავნილებს იშვიათად ავრცელებს. ჩვენი პარტნიორები, უკრაინის ამბების ფონზე, ახლა მიდიან იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი გასაჩერებელია, თუმცა ეს დასკვნაც ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამ სიტუაციაში საქართველოს ფრონტის გახსნა მათ არაფერში არ დაეხმარება, სირთულეები კი შეიძლება გაუჩინოს. ხომ ხედავთ, რა სიფრთხილით უჭერს დასავლეთი რუსეთს ეკონომიკურ მარყუჟს. ამ სიფრთხილეს თავისი მიზეზი აქვს – რუსეთი სახიფათო ქვეყანაა.

[დასავლეთისაგან განსხვავებით], ჩვენ რუსეთთან სიფრთხილის გამოჩენა სამარცხვინოდ მიგვაჩნია, ამის შედეგი კი არაერთხელ მოგვიმკია. როგორც ჩანს, დასავლეთს რუსეთის მიმართ საქართველოსაგან განსხვავებული სტრატეგია აქვს.

- როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ პოლიტიკურ ველზე პროცესები 2015 წლის შემოდგომაზე და არჩევნებამდე დარჩენილ დროში?

- არჩევნების წინ ყველა პარტია ცდილობს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს და ამ მიზნით მოულოდნელ ნაბიჯებს დგამს ხოლმე. სავარაუდოა, რომ სიურპრიზები ახლაც იქნება, განსაკუთრებით, მმართველი პარტიიდან, რომელსაც ასეთი მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმის მეტი შესაძლებლობა აქვს.

რეზონანსი“, 3 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: პრემიერ-მინისტრი ბერუჩაშვილს არაკორექტულად მოექცა

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“გიორგი კვირიკაშვილი ამ მთავრობაში არის ერთადერთი ადეკვატური მინისტრი. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის ადრე რას საქმიანობდა. მისი საქმიანობა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მთავრობაში იყო ძალიან დამაჯერებელი. აქედან გამომდინარე მასთან მიმართებაში კითხვები არ მაქვს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელსაც მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ვესაუბრეთ.

დავით ზალკალიანი: „ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება, რომ საგარეო საქმეტა სამინისტროში ხელმზრვანელად მოვიდა ადამიანი, რომელსაც დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს. ეს ერთგვარი სიახლეა, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ მხოლოდ ერტხელ იყო. ამასტან, ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის ამ მთავრობაში ერთადერთი ადექვატური მინისტრი. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი…

(…)

მინდა წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა, რომ თავის გადაწყვეტილებებში, რომლებიც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უნდა განახორციელოს, იყოს ძალიან პრინციპული და და არ გადაუხვიოს აღებულ კურსს, რასაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჰქვია. ეს არის სეუქცევადი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაინიშნება ამ პოსტზე, ყველამ უნდა განახორციელოს ქართველი ხალხის პროდასავლური არჩევანი.

- რას მოუტანს ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა?

- ამას დრო გვიჩვენებს, რადგან წინასწარ ამის განჭვრეტა ძნელია. საგარეო საქმეტა სამინისტრო და და დიპლომატიური სამსახური არის სპეციფიკური სისტემა, შეიძლება იტქვას,, ერთაერეთი უწყება, რომელმაც 25 წლიანი არსებობის ისტორიაში ყველანაირ ქარ-ცეცხლს გაუძლო. აქ ჩამოყალიბდნენ ძალიან სერიოზული კადრები, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებაში ძალიან მაღალ პოსტებზე იყვნენ. ჩვენი დიპლომატები საერთაშორისო პოლიტიკის წინა ხაზზე იყვნენ და დღესაც არიან. ვფიქრობ, ეს ტრადიცია უნდა შენარჩუნდეს. როდესაც ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია ვითარდება, ამაზე რეაგირება ჩვენს დიპლომატებსაც უწევთ – მათ უნდა ჩვენი პრობლემები უნდა მიიტანონ საერთაშორისო თანამეგობრობამდე, რომ საზღვარგარეთ რეაგირება მოახდინონ.

- რატომ გახდა თამარ ბერუჩაშვილის თანამდებობიდან წასვლა აუცილებელი?

- არ ვიცი, რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ თამარ ბერუჩაშვილი პოლიტიკური გუნდის წევრი არ იყო, ის ერთგვარი ტექნოკრატი მინისტრი იყო, აკლდა სითამამე და პრინციპულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა მინისტრისათვის. ვფიქრობ, რომ ქვეყნის პირველი დიპლომატი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან წონადი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც გუნდში საკუთარი სიტყვა ეთქმის, შეუძლია სწრაფი და ადექვატური რეაგირება ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებზე.

- პრემიერ-მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილის ბედი გიორგი კვირიკაშვილს ჩააბარა. რამდენად მიზანშეწონილი იყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება თქვენს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით?

- ჩემი აზრით, ეს არ იყო კორექტული განცხადება. რაც არ უნდა იყოს, თამარ ბერუჩაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქვეყანას, იმ კოალიციას და გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო „ქართული ოცნების“ წევრი და პოლიტიკური ფიგურა, ვფიქრობ, რომ ასეთი მოპყრობა და დამოკიდებულება ადამიანებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტულია. ღარიბაშვილის ადგილზე მე პოზიციას სხვანაირად და სხვა ფორმით გამოვხატავდი. თუ თამარ ბერუცაშვილის კანდიდატურა მიუღებელი იყო მისთვის და არ აპირებდა შემდეგ სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, პრემიერს შეეძლო უფრო სხვა ფორმით და სხვაგვარად გამოეხატა, დაეცვა ელემენტარული კოლეგიალობა და ადამიანისადმი პატივისცემა გამოეხატა.

რეზონანსი“, 3 სექტემბერი, 2015 წელი

მიგრაციის კრიზისმა, შესაძლოა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ჩაგვიშალოს

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა, წლის ბოლოს დანიშნულ რიგის სამიტზეც ვეღარ მიიღოს. ყოველ შემთხვევაში ევროკავშირში საქართველოს ელჩი არ გამორიცხავს, რომ მიგრაციის კრიზისმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.

როგორც ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძე აცხადებს (იგი შეტავსებით საქართველოს წარმომადგენელიცაა ევროკავშირში), უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ძალიან ცუდი ფონია შექმნილი – მსოფლიოში მიგრაციული პოლიტიკის კრიზისია, რომელმაც ევროკავშირის და საერთოდ, დასავლეთი ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია სავიზო რეჟიმის გამარტივების (ან სულაც გაუქმების) თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. არის ფაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებენ ევროკავშირის პოლიტიკაზე, ამიტომაც შეიძლება ჩვენთვის უარყოფითად იმოქმედოს. თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

(…)

გერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას აზრით, მიგრაციული კრიზისი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიღების საკითხში შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება, ეს პროცესს ხელს ვერ შეუძლის, თუმცა ლტოლვილების რაოდენობამ ევროკავშირის ქვეყნებში კრიტიკულ მასას მიაღწია.

ანალიტიკოსებს ამ საკითხის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრება აქვთ:

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, მიგრაციის პრობლემა მართლაც მწვავეა, მაგრამ მას საქართველოზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. „საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ნამდვილად იმსახურებს… თუმცა ევროკავშირის ქვეყნები, როცა საქართველოსთნა მიმართებით გადაწყვეტილების მიღებას დააპირებენ, გაითვალისწინებენ იმასაც, რომ შეიძლება საქართველოდანაც გავიდეს ბევრი არალეგალი“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან“ საუბრისას, – წლის ბოლომდე ბოლო, მეოთხე პროგრეს-ანალიზი უნდა გაკეთდეს, შემდეგ კი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება.

სხვა აზრი აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელს გიორგი გოგიშვილს, რომლის თქმით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღება შეიძლება გართულდეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მიგრაციას სხვადასხვა კომპონენტები აქვს. „ევროპას მიგრანტთა ტალღა მიაწყდა. ეს ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან ჩვენს და ევროპას შორის უვიზო რეჟიმის შემოღების გამო ჩვენი ტერიტორიის გავლით მიგრანტთა ნაკადი გაიზრდება. ზოგიერთ ქვეყანასთან ჩვენი უვიზო რეჟიმიდან გამომდინარე, ლტოლვილები შემოდიან საქართველოში, შემდეგ გადადიან თურქეთში, იქიდან კი ევროპაში, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას ვასრულებთ, რაც, ფაქტიურად, ტრეფიკინგადაა აღიარებული, ვართ მიგრანტთა მიმღები და გამცემი ქვეყანა. თუ უვიზო რეჟიმი დაწესდება ევროკლავშირთან, ცხადია, მიგრანტების რაოდენობა გაიზრდება და პრობლემად გადაგვექცევა. უვიზო რეჟიმის დაწესებას ზოგიერთი ჯგუფები ბოროტგანზრახულად გამოიყენებენ’, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას გიორგი გოგიშვილი.

რეზონანსი“, 3 სექტემბერი, 2015 წელი

ერთი წლის თავზე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი მინიმალურია

(შემოკლებით)

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. DCFTA, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს, გასული წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. შედეგად, მხარეებს შორის პროდუქციის შეტანაზე საბაჟო ბარიერები მოიხსნა და კვოტები გაუქმდა (გარდა ნივრისა).

რა შედეგი დადგა სავაჭრო მიმართულებით ხელშეკრულების ამოქმედებიდან ერთ წელიწადში და როდის უნდა ელოდოს საქართველო DCFTA-ს ხელშეკრულებიდან უფრო მეტ სარგებელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1724 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 %-ით მეტია, აქედან ექსპორტი 0,4%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 3%-ით მეტი.

მთლიანად 2014 წლის განმავლობაში კი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2990 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტი იყო. აქედან ექსპორტი 2%-ით მეტი იყო, ხოლო იმპორტი 4%-ით მეტი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 2014 წლის მაჩვენებელს სრულად DCFTA-ს ვერ დავუკავშირებთ, რადგანაც სავაჭრო ბარიერები მხარეებს შორის მხოლოდ გასული წლის 1 სექტემბრიდან მოიხსნა, შესაბამისად, საქართველოსა და ევროკავშირს თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობა 2014 წელს ბოლო 4 თვის განმავლობაში მიეცათ.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც რეგიონში და მათ შორის საქართველოში არსებობს, უპირველეს ყოვლისა კი ეროვნული ვალუტის 30%-იანი დევალვაცია.

წინასწარი კვლევების მიხედვით, DCFTA-ს გაფორმების შემდეგ ქართული პროდუქციის ექსპორტი 12%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო იმპორტი 7,5%-ით, თუმცა, როდის მიაღწევს საქართველო ამ მაჩვენებლებს,  ამის თქმა ჯერ შეუძლებელია.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ მთავარი, რაც ამ ხელშეკრულებას უნდა მოეტანა,  ევროპაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა უნდა ყოფილიყო, რაც არ მოხდა.  ნამჩავაძის განცხადებით, ეს მარტო სავაჭრო პოლიტიკაზე დამოკიდებული არ არის და საქართველოს  პროდუქციის ექსპორტზე გასატანად შიდა წარმოების განვითარება სჭირდება.

„მარტო ის, რომ ბუნებრივად გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწარმი და ამისთვის ბაზარი გაგვეხსნა, არაფერს მნიშვნელოვანს არ მოგვცემს. ზოგადად ხელშეკრულებას მხარს ვუჭერ, არის განსაკუთრებით წინსვლა სურსათის უვნებლობის მიმართულებით, თუმცა, ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება ბევრი სხვა მძიმე რეფორმისაც, რომელიც აუცილებელია განვითარებული ქვეყნებისთვის, მაგრამ მძიმე სოციალური ტვირთი იქნება საქართველოსთვის. 2018 წლამდე მოგვიწევს ბევრი ასეთი მძიმე რეფორმის გატარება, მაგალითად რაც ახლა გადავავადეთ მანქანებზე ტექდათვალიერება“,- აცხადებს ბესო ნამჩავაძე. მისივე განცხადებით, DCFTA-ს დადებითი შედეგი ცალსახად უნდა  აისახოს ექსპორტის მაჩვენებელზე, სხვა ყველა დადებითი შედეგი კი  პოლიტიკური იქნება.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ როდის შეძლებს საქართველო უფრო მეტი სარგებლის მიღებას ხელშეკრულებიდან, ნამჩავაძე ფიქრობს, რომ დღეს არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებიდან შესამჩნევი სარგებლის მიღებას დაახლოებით 2-3 წელიწადში ელოდებიან „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში”. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ირინა კვახაძის თქმით, ხელშეკრულების შედეგები ბიზნესზე ერთ წელიწადში ვერაფრით აისახებოდა, რადგანაც DCFTA-ს  2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა აქვს, რომელშიც საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი.

„უნდა განხორციელდეს გარკვეული რეფორმები, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს ისარგებლონ ამ ხელშეკრულებით. შესაბამისად შედეგებს ალბათ გრძელ ვადაში უნდა ველოდოთ და არა 1 წლის თავზე. ერთ წელიწადში შედეგების შეჯამება ძალიან ადრეა“,- აცხადებს „ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენელი.

Comments are closed