„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან: „ასეთი სცენარის შესახებ ინფორმაცია სწორედ „ნაცმოძრაობის“ ოფისებიდან მოგვდის“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ნიკოლოზ რურუასთან: „გაყალბებას გავაპროტესტებთ“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან, ხათუნა ლაგაზიძესთან და გიორგი პაპავასთან: პაატა ბურჭულაძის შესახებ
—–
„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ოცნების“ ოთხი წელიწადი // მთავარი მიღწევა თავისუფალი გარემოს შექმნაა, მთავარი ჩავარდნა კი – საყდრისის აფეთქება და ეკონომიკური პრობლემები
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ათი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან
„რეზონანსი//მთელი კვირა“: როგორ იმოქმედა „ოცნების“ რეიტინგზე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებმა? (გამოკითხვა)
„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ნაცმოძრაობა“ და რევოლუცია // ექსპერტთა ნაწილის აზრით, „ნაცმოძრაობისთვის“ არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობის ცდა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება
„რეზონანსი//მთელი კვირა“: არჩევნები და ეთნიკური უმცირესობები // „ეროვნული უმცირესობებიდან პარლამენტში ყოველთვის ისეთი დეპუტატები სხედან, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი ერთჯერადი გამოყენების პრემიერია“ // „სავარაუდოდ, „ოცნება“, არჩევნების მოგების შემთხვევაში, ახალ პრემიერს შეარჩევს“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: პირველი ლედი და სხვები – დაძაბული ბრძოლა ზუგდიდისათვის
„რეზონანსი//მთელი კვირა“: შვილმოკლული დედა ყოფილი პირველი ლედის წინააღმდეგ // „სამეგრელოში, სენაკში შეძახილებით გვაცილებდნენ, იყო აგრესია, თუმცა მე ამ ხალხზე საცოდაობის შეგრძნების მეტი არაფერი მაქვს“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: არჩევნები და ჩხუბი პირდაპირ ეთერში
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ირაკლი ჩიქოვანთან: „ზუგდიდში ჩემი კონკურენტია ადმინისტრაციული რესურსი და არა ვინმე სხვა“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ მერაბ ქვარაიასთან: „ზუგდიდში „ოცნების“ კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავთ“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ნინო წილოსანთან: „გურიისა და გურულების სიყვარულში, მათდამი ერთგულებასა და თავდადებაში კონკურენტი არ მყავს“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ „ნაციონალ“ ნინო კვიტაიშვილთან: „ჭკუასელის ჩანაცვლება გურიაში „ოცნების“ პირველი მარცხი იყო… ვფიქრობ, ნინო წილოსანს დავამარცხებ“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: პოლიტოლოგის პროგნოზი: ვის აირჩევს გურია?
—–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „რუსთაველზე კარვები გასაშლელად უკვე მზად არის“ // „მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს საკუთარი თავი შესთავაზა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ნაცმოძრაობა“ სანამ საკადრის პასუხს არ მიიღებს, რევოლუციაზე უარს არ იტყვის“ // „ქვეყნისათვის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება სასიცოცხლოა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „5 ოქტომბერს ნაციონალების აქციაზე ხუთასი კაცის მეტი არ მივა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ის ტექსტი, რომლითაც ნაცები ჩანაწერებში საუბრობენ, 9 წლის განმავლობაში გვესმოდა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ევროპის სასამართლოში ევროპამ ორიანი დაგვიწერა“
——————–
„კვირის პალიტრა“, 3 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან: „ასეთი სცენარის შესახებ ინფორმაცია სწორედ „ნაცმოძრაობის“ ოფისებიდან მოგვდის”
არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე გავრცელდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების სავარაუდო საუბრის ჩანაწერი (ავთენტურობას ექსპერტიზა დაადგენს), რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ერთგვარ რევოლუციურ სცენარს განიხილავს. როგორ ემზადება არჩევნებისთვის მმართველი გუნდი, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გვესაუბრება:
- ვიდრე ჩანაწერი გავრცელდებოდა, ჩვენი წყაროებისგან მსგავსი სცენარის შესახებ ინფორმაცია უკვე გვქონდა. სხვათა შორის, ინფორმაცია სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებიდან მოგვდის.
- იქ აგენტურა გყავთ?
- ეს ინფორმაცია იმის გამო ჟონავს, რომ იქ ყველა არ არის წამსვლელი “ნაცმოძრაობის” ლიდერების მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი გეგმის შესრულებაზე. ზუსტად ვიცით, რა გეგმები ჰქონდათ წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც – სურდათ პროვოკაციების მოწყობა, რითაც პოსტსაარჩევნო პროცესისთვის ფონი შემზადდებოდა, მოვლენების განვითარება ინტენსიური უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ერთი ინციდენტისა და პროვოკაციის საშუალება არ მივეცით. პარალელურად ჩვენს აქტივისტებს ვეუბნებით: “შეგაგინებენ, არ უნდა უპასუხო. დაგარტყამენ, ხმა არ გასცე”.
- პროვოკაციებზე ლაპარაკობთ, თუმცა კონკრეტული ფაქტი მხოლოდ ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა. კიდევ რა პროვოკაციების აღმოფხვრა მოგიხდათ?
- მთელი ჯაჭვი უნდა ყოფილიყო. გვქონდა ინფორმაცია ე.წ. პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია “საქართველოს ერთგულების სახელით”, რომელსაც “ნაცმოძრაობის” გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეეხება ფაქტებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი მართლაც გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა.
- არც ამჯერად დაასახელებთ, ვინ დაგეგმა გოგიჩაიშვილის შტაბში “ქართული ოცნების” მაისურებით შეიარაღებული ჯგუფის შესვლა?
- არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ. “ნაციონალურ მოძრაობას” არა აქვს რესურსი რევოლუციური სცენარის დადგმისა – პარტია დაშლის პირასაა, რაც არჩევნების შემდეგ მასშტაბურ სახეს მიიღებს.
- რომელ საარჩევნო ოლქშია პროვოკაციების მოწყობის მაღალი ალბათობა?
- დღეს ორი ზონა იკვეთება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ბათუმი.
- ამ ორ რეგიონში “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალხმრავალი აქციაც გამართა…
- ბათუმსა და ზუგდიდში აქციები ვიწრო ქუჩებში ჩაატარეს, რეალურად კი, თუნდაც აჭარაში, ადგილობრივ შტაბს 6 000 კაცის მობილიზება ჰქონდა დავალებული, თუმცა მხოლოდ 2 500-მდე კაცის შეკრება მოახერხა. ზუგდიდშიც იგივე სურათი იყო. მეტიც, ზუგდიდის შტაბში თბილისიდან ჩასული ლიდერები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ადგილობრივი აქტივის ხელმძღვანელები მწვავედაც გააკრიტიკეს. ჩვენი ოთხწლიანი პრინციპული პოლიტიკის შედეგია ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აბსოლუტურად უსუსურ და მარგინალურ პოლიტიკურ ძალად იქცა. 8 ოქტომბერს მათი მარგინალიზაცია ამომრჩეველმა საბოლოოდ უნდა გააფორმოს.
- 9 თვის წინაც ვიხილეთ მსგავსი ჩანაწერი, მაგრამ გამოძიებამ მისი ავთენტურობაც ვერ დაადგინა...
- გამოძიება დაწყებულია და დაკითხვაზე შესაბამისი პირებიც დაიბარეს. ჩანაწერის ავთენტურობაზე ეჭვი არ მიჩნდება, რადგან მასში გაჟღერებული გეგმები ზუსტად ემთხვევა ჩვენი წყაროების ინფორმაციას. დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ.
„კვირის პალიტრა“, 3 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ნიკოლოზ რურუასთან: „გაყალბებას გავაპროტესტებთ“
ხელისუფლების განცხადებებს შესაძლო პროვოკაციებზე ბოდვას უწოდებს მთაწმინდის რაიონში “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ რურუა:
- ეს ჩანაწერი სუს-ში ერთადერთი მიზნით დაამონტაჟეს – უნდათ საზოგადოებაში ვითარება ხელოვნურად თავადვე დაძაბონ. ადრეც არაერთხელ გვინახავს შეწებებული სიტყვებით შექმნილი უკანონო ჩანაწერები, რომლის ავთენტურობის დადგენა სუს-მა დღემდე ვერ მოახერხა?!
- ფრაზა “რევოლუციური სცენარი უნდა გვქონდეს, აქ ჯერ ვასტოკი ცხვირში უნდა მოვადოთ” როგორ უნდა შეკოწიწებულიყო სხვადასხვა სიტყვით, თუ რეალურად არ იყო ამ სცენარზე საუბარი? მეტიც, საგანგებო დავალებაზე ლაპარაკობენ “თავისუფალი ზონის” ყოფილი აქტივისტები. – “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრები სუს-მა ორგანიზაციაში აგენტებად შეგზავნა – ამ ბავშვების გაფუჭება სახელმწიფოს ღირსეული საქმე ნამდვილად არ გახლავთ. რაც შეეხება კონკრეტულ ფრაზებს, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის შინაარსობრივ განხილვაზე მეპატიჟებით, რაშიც ნამდვილად არ გამოგყვებით.
- შინაარსობრივი განხილვა არც თქვენი პარტიის ლიდერებთან გიცდიათ, ან არც ის გიკითხავთ, რატომ აანონსებს სააკაშვილი არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნებას?
- თუ ვინმე დღეს არეულობას გეგმავს, მხოლოდ “ქართული ოცნებაა”, დარწმუნებული ვარ, არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ პროტესტს ვერ გაექცევიან. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ლაპარაკს, ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილი და “ქართული ოცნების” ფობიაა. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ხელს შეუწყობს.
- რა იქნება თქვენთვის გაყალბების საზომი და როგორია ალტერნატიული გეგმა, თუ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოახერხებთ?
- გაყალბების არაერთი მეთოდი არსებობს, მათ შორის, “მკვდარი სულების გამოყენება, საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების მხარდამჭერი პირების მიწერა, კარუსელი და ა.შ. თუმცა, სანამ ფაქტი არ დაფიქსირდება, ეს დანაშაული არ გახლავთ. ვიმეორებ, თუ მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდება, ხალხის მწვავე რეაქციაც არ დააყოვნებს.
- ანუ, არჩევნების შემდეგ აქციებს მაინც აანონსებთ?
- გაყალბებას აუცილებლად გავაპროტესტებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ ოპოზიციას, თითოეულ მოქალაქეს ჯოჯოხეთურ ტირანიაში ცხოვრება მოუწევს. მშვიდობიანი აქციები დემოკრატიული სახელმწიფოს ნაწილია.
- თუ “ნაცმოძრაობის” წარსულს გავითვალისწინებთ, თქვენ ხართ დემოკრატიისა და თავისუფლების გარანტორი პოლიტიკური ძალა?
- სხვა პარტიებთან შედარებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ყველაზე დემოკრატიული ღირებულებები და ურთიერთობებია. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს აქ არავინ იღებს, თუ ადრე ასე იყო.
- არც მიხეილ სააკაშვილი?
- მართალია, მიხეილ სააკაშვილი მძიმეწონოსანი ლიდერია, თუმცა ის პარტიის ერთადერთი ლიდერი არ გახლავთ. გადაწყვეტილებებს ლიდერები შეთანხმებულად იღებენ. დიახ, სწორედ ჩვენ გვაქვს ამ მახინჯი სისტემის შეცვლის ეფექტური მოდელი. თუ ადრე შეცდომებს ვუშვებდით, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეს ვაკეთებდით, “ქართული ოცნება” კი ქვეყნისთვის არაფერს აკეთებს და მაინც ყველა ნაბიჯზე შეცდომებს უშვებს.
„კვირის პალიტრა“, 3 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან, ხათუნა ლაგაზიძესთან და გიორგი პაპავასთან: პაატა ბურჭულაძის შესახებ
პაატა ბურჭულაძის პარტიიდან ლიდერებისა და აქტივისტების გადინების სერია ბლოკიდან “გირჩის” გასვლით გაგრძელდა – ზურა ჯაფარიძემ მსოფლიო ბანი ფინანსურ შანტაჟში დაადანაშაულა და საპარლამენტო არჩევნების გამოტოვების გადაწყვეტილება მიიღო. დეტალებზე “კვირის პალიტრასთან” “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე საუბრობს:
- პაატა ბურჭულაძემ შემომითვალა, საღამოს ოფისში მოდი, შენთან შეხვედრა მინდაო. ამ დროს ვაკეში მოსახლეობას ვხვდებოდი, თუმცა დათქმულ დროს მივედი. ოთახში კიდევ 30 ადამიანი დამხვდა. პაატა ბურჭულაძემ მითხრა – პრობლემა მაქვს, რომლის მოგვარებასაც ორი კვირაა უშედეგოდ ვცდილობ, ერთ საათს გაძლევ მის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო სიიდან “გირჩის” წევრებს ამოვიღებო. იქვე მოაყოლა, თუ გინდა, შენ სიაში დარჩი და პარლამენტში მოხვედრის შანსიც გექნებაო. ვცადე გამერკვია, კონკრეტულად რას ითხოვდა. ისიც შევახსენე, რომ ბლოკში გაწევრებამდე საარჩევნო სიასა და სხვა დეტალებთან ერთად, ფინანსურ ვალდებულებებზეც შევთანხმდით. ბურჭულაძემ მიპასუხა, რომ ფინანსური ვალდებულებები შესრულებული მქონდა, თუმცა მას ჩვენგან დამატებითი თანხა სჭირდებოდა. ამ შემთხვევაში რამდენიმე მილიონი დაასახელა. დარწმუნებული ვარ, ეს თანხა მას პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა და არა ბლოკისთვის. მეტიც, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ეს ადამიანი ბლოკის ისედაც მწირი ბიუჯეტიდან ყოველთვე 60.000 ლარს ხელფასის სახით იღებდა.
- ბურჭულაძის განცხადებით, თქვენთან შეხვედრამდე ორი საათით ადრე შეიტყო, რომ “გირჩს” ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, ამასთან, მას ყოფილ პრემიერთან შეხვედრა შესთავაზეთ...
- აბა, იმას ხომ არ მოჰყვება, რაც იყო?! თანაც ეს განცხადებები სხვადასხვა დროს გააკეთა. ჯერ თქვა, რომ ივანიშვილთან ჩვენი კავშირი აღმოაჩინა, მოგვიანებით მოაყოლა, – ივანიშვილთან შეხვედრა შემომთავაზესო, თუმცა ვერ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა. შემდეგ კი ეს განცხადებაც შეცვალა და “გირჩის” სქემებზე ინფორმაცია მივიღეო. ეს არის ბურჭულაძის ბოდვა! ამხელა ადამიანი დგას და სამი წლის ბავშვივით იტყუება და იბლანდება საკუთარ ტყუილებში. მას უნდა სცოდნოდა, ეს თანხა ანგარიშზე რომც მქონოდა, ჩემთან და “გირჩთან” ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოვიდოდა. მეტიც, “გირჩის” წევრებს საპარლამენტო სკამისთვის არ გავცვლიდი. ვფიქრობ, ამ ადამიანს ერთადერთი მოტივაცია აქვს – პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს.
ბურჭულაძეს არც ის აინტერესებს, გადალახავს თუ არა მისი ბლოკი ბარიერს, მაღალი ალბათობით, ის არჩევნების შემდეგ ბლოკიდან სოლიდურ ფულს მოხსნის და არამხოლოდ პოლიტიკიდან, ქვეყნიდანაც კი წავა. “გირჩი” რომ პარლამენტში არ მოხვედრილიყო, უამრავი ადამიანის ინტერესში იყო, მათ შორის, როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ნაციონალური მოძრაობის”. ორივე ძალის ინტერესია, პოლიტიკაში ერთადერთ მოთამაშეებად დარჩნენ.
- გიორგი ვაშაძისგან ელოდით, რომ პაატა ბურჭულაძესთან დარჩებოდა?
- ვაშაძე უკვე მეორედ დარჩა, იქ, საიდანაც ჩვენ წამოვედით. თავდაპირველად “ნაცმოძრაობაში” და ახლა ბურჭულაძესთან.
——–
„პაატა ბურჭულაძემ საკუთარი პერსონაც დაანგრია“
ხათუნა ლაგაზიძე, “სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილი წევრი:
- “გირჩთან” დაკავშირებით ბურჭულაძემ წარმოუდგენელი სიხარბე გამოავლინა და საარჩევნო სიაში ადგილების გაყიდვა ორჯერ მოისურვა. თავდაპირველად, როდესაც თანაპარტიელები გამოუშვა და სიაში ადგილებიც გამოათავისუფლა, მეორედ კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი დღე იყო ცესკო-ში დარჩენილი სიაში ცვლილებების შესატანად.
როდესაც “გირჩის” წევრები აცხადებენ, რომ ბურჭულაძემ მათგან ერთ საათში რამდენიმე
მილიონი მოითხოვა, აუცილებელია შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ, როგორ უნდა გაეთეთრებინა” ასეთი სოლიდური ფინანსები ბურჭულაძეს. ამასთან, როდესაც “გირჩის” წევრები საუბრობენ, რომ ბლოკის შექმნისას აღებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულეს, რა ციფრებში გამოისახა ეს ყველაფერი, როდესაც ბურჭულაძეს საკუთარი პარტიის წევრებისთვის 2 თვე ხელფასი არ გადაუხდია?! ბურჭულაძემ არამხოლოდ პარტია და ბლოკი, საკუთარი პერსონაც დაანგრია.
———
„გირჩის” წასვლა დიდ დანაკლისს არ წარმოადგენს“
გიორგი პაპავა, “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი: - როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მან ორი საათით ადრე შეიტყო, რომ ივანიშვილი “გირჩის” დაფინანსებაში მონაწილეობდა. ეს მიუღებელი აღმოჩნდა და “გირჩმაც” ბლოკი დატოვა.
- რატომ არ აკონკრეტებთ, რა ფაქტებზეა საუბარი ან ვინ სთავაზობდა ბურჭულაძეს ივანიშვილთან შეხვედრას?
- ეს ინფორმაცია აქვს პაატა ბურჭულაძეს, რაც ჩემთვისაც სრულიად საკმარისია.
- პარტიის ლიდერად მოიაზრებით და არც დაინტერესებულხართ, რატომ გავიდა თქვენი პოლიტიკური პარტნიორი ბლოკიდან?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პაატა ბურჭულაძისა და იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომლებიც ბლოკში დარჩნენ. თუ მათი ინფორმაცია საკმარისი იყო, რომ “გირჩის” დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, დამატებითი დეტალების გამოქექვას არ ვაპირებ. “გირჩთან” საკმაოდ პროდუქტიულად ვმუშაობდი ეკონომიკური მიმართულებით, თუმცა, თუ სიას გადავავლებთ თვალს, მათი წასვლა პარტიისთვის დიდ დანაკლისს არ წარმოადგენს. ჩვენ “გირჩამდეც” ძლიერი პოზიცია გვქონდა.
——————-
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
„ოცნების“ ოთხი წელიწადი
მთავარი მიღწევა თავისუფალი გარემოს შექმნაა, მთავარი ჩავარდნა კი – საყდრისის აფეთქება და ეკონომიკური პრობლემები
თაკო მათეშვილი
საგარეო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები, ჯანდაცვის სფეროს რეფორმა, თავისუფალი გარემოს შექმნა, ჩინეთთან პარტნიორობა, ციხეებში სიტუაციის გამოსწორება, “დიქტატურის მოსპობა” – სწორედ ეს ყველაფერი მიაჩნიათ პოლიტოლოგებს “ქართული ოცნების” ოთხწლიანი მმართველობის მთავარ მიღწევად. მათი აზრით, ყველაზე კარგი, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მოხდა, ისაა, რომ აზრის გამოხატვის აღარავის ეშინია და აღარავის აქვს იმის მოლოდინი, რომ ამის გამო ციხეში მოხვდება. თუმცა, აქვე ისინი “ოცნების” მთავარ ჩავარდნებზეც საუბრობენ და ჩამონათვალი აქაც საკმაოდ ვრცელია – ლარის კურსის დაცემა, მოსახლეობამდე ინფორმაციის ვერმიტანა, საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსნა, მთავარი დაპირების – სამართლიანობის აღდგენის ვერშესრულება და ა.შ.
მოგეხსენებათ, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უკვე ოთხი წელი გავიდა და სწორედ ამდენი დრო ჰქონდა მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებას” საკუთარი დაპირებების შესასრულებლად და ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენი რესპონდენტების თქმით, ხარვეზები იყო, თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ, საერთო ჯამში, ქვეყანა სწორი გზით მიდის.
„ოცნების“ მიღწევები
ხელისუფლების მთავარ მიღწევებზე საუბრისას სპეციალისტთა აზრი ორად იყოფა. ის, რაც ზოგიერთ მათგანს წარმატებად მიაჩნია, მეორე ნაწილისათვის წარუმატებლობა იყო. სწორედ ასეთი საკითხია საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი რესპონდენტები სხვადასხვაგვარად აფასებენ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო 4 წელიწადში საგარეო პოლიტიკამ წინ საგრძნობლად წაიწია და ამას ოპონენტებიც კი აღიარებენ. მაგალითად მას ასოცირების ხელშეკრულება, ნატო-ს ხელმძღვანელობის დაპირებები და ვიზიტები, ევროკავშირთან ინტენსიური დიალოგი და შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის საკითხის მომწიფება მოჰყავს და დასძენს, რომ ეს ყველაფერი ის პოზიტივია, რაც ამ 4 წელიწადში მოხერხდა. “გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიტივიც გვაქვს – ჩინეთი. ეს თემა საქართველოსათვის, როგორც დერეფანში მყოფი ქვეყნისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე აღმოსავლეთიდან ორიენტაცია მხოლოდ თურქეთსა და აზერბაიჯანზე გვქონდა. ქართულ ჰორიზონტზე ჩინეთის გამოჩენა ქვეყნის როლს მთელი კონტინენტის მასშტაბით ცვლის. ესეც ბოლოდროინდელი მიღწევაა, რომლის პერსპექტივები ბოლომდე ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მისი თქმით, მთავარი საფრთხე ვალუტის დევალვაცია იყო. ამბობს, რომ ამ საფრთხემ ბევრ ქვეყანას გადაუარა. ხელისუფლებამ კი მოახერხა და ამ ყველაფერს უფრო უკეთ გაუმკლავდა, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი მეზობელი.
“შედარება მიჭირს, მაგრამ როცა ვხედავ, თუ რა ხდება აზერბაიჯანში ან რუსეთში სავალუტო კურსის მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენთან იყო კრიზისი, ოღონდ სხვა ქვეყნებზე უკეთ მოვახერხეთ, რომ არ დავცემულიყავით. ამაში, ჩემი აზრით, დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დროულად შეიცვალა,” – დასძენს იგი.
ასე რომ, “ოცნების” მმართველობას ხარვეზები, რამაზ საყვარელიძის აზრით, ჰქონდა, თუმცა, შიდა პოლიტიკისა და სასამართლოს მეტ-ნაკლებად სტაბილიზირება მოხერხდა. შედეგად, პოლიტოლოგის თქმით, გამამტყუნებელი განაჩენებითა და პატიმრების რაოდენობით ევროპაში მოწინავე ადგილი აღარ გვიკავია. გარდა ამისა, პოზიტიურ ფაქტად მიაჩნია ისიც, რომ მოლოდინის მიუხედავად კრიმინალს “ქვეყანა არ წაულეკავს”. ამბობს, რომ პრეცედენტები არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. დემოკრატია და თავისუფლება, ის რომ ყველაფერს უშიშრად ვამობთ, რაც კი თავში მოგვივა – ესეც ამ ხელისუფლების დამსახურებაა,” – დასძენს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი, “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის” პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი გასული ოთხი წლის მნიშვნელოვან მიღწევად ქვეყნის იმ ეტაპზე მიყვანას მიიჩნევს, როცა მრავალპარტიული პოლიტიკური გარემო ყალიბდება. ამბობს, რომ საქართველო გარდამავალ პერიოდშია და პირველად, დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო იქმნება. მთავარი წარმატება კი, მისი აზრით, საყოველთაო დაზღვევაა. თუმცა, აქვე ამბობს, რომ იგი რეფორმას საჭიროებს. კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ იგი თითიეულ მოქალაქეზე ვრცელდებოდეს, ისეთებზეც კი, რომლებიც ამას საჭიროებენ, უმჯობესია, სახელმწიფომ ის ადამიანები დააზღვოს, რომელთაც ამის საჭიროება მართლაც უდგათ და უფრო მძლავრი პაკეტი შესთავაზოს. “სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთ ადამიანებზეც იხარჯება სახსრები, რომლებიც ამას არ საჭიროებენ. უფრო მიზნობრივი რომ იყოს, ეფექტიანობა გაიზრდებოდა,” – მიიჩნევს იგი.
ზოგადად, ჯანდაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები, კიკიანის თქმით, წარმატებული იყო. ამის კიდევ ერთ მაგალითად კი “ცე” ჰეპატიტის პროგრამა მოჰყავს, რომლითაც, მისი თემით, ბევრმა ისარგებლა და ბევრი განიკურნა კიდეც. მთავარი მიღწევა თავისუფალი გარემოს შექმნაა,” – ასე აფასებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია გასულ 4 წელიწადს და “ოცნების” მმართველობას და დასძენს, რომ ხალხს საკუთარი აზრის გამოვლენის არ ეშინია, პოლიტიკოსებს კი – რადიკალური პოლიტიკური აგრესიის გამოვლენის. არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ამის შედეგად ციხეში მოხვდნენ.
“ბოლო პერიოდში “ოცნება” ხელისუფლის როლში შევიდა. პირველ ორ წელიწადში გქვონდა შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ “ოცნებას” თავისი თავი ისევ ოპოზიციაში ეგონა, ხელისუფლებაში კი ისევ – “ნაცმოძრაობა. ბოლო დროს კი თითქოს შეიგრძნო ხელისუფლება და წინასაარჩევნო კამპანია ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა. ამომრჩეველთან მიმართებაში “ოცნება” ბევრად უფრო ადეკვატურია, ვიდრე მთელი რიგი პარტიები. ოპოზიციამ კრიტიკის სივრცე დაკარგა და არაადეკვატურ ნეგატივში გადავიდა, “ოცნებამ” კი ბევრად ადეკვატური და საქმიანი ტონი შეინარჩუნა. თითქოს საზოგადოებასთან ურთიერთობაც უფრო დაულაგდა და ბევრად მშვიდი და თავდაჯერებული გახდა,” – აცხადებს არჩილ გამზარდია. იგი არ ეთანხმება ხშირად გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კოალიციის მთლიანობის ვერშენარჩუნებამ და მისმა თანდათანობითმა ჩამოშლამ მმართველ პარტიას იმიჯი შეულახა და ამბობს, რომ ამ ფაქტს “ოცნების” რეიტინგზე უარყოფითად არ უმოქმედია. მისი აზრით, კოალიცია კიდევ უფრო ადრე უნდა დაშლილიყო, ვინაიდან პარტია “ქართული ოცნება” თან დონორი პარტია იყო და ამავდროულად, ყველაზე სუსტად ხილვადი. დამოუკიდებლად გასვლის შემდეგ კი ბევრად ხილვადი და ამომრჩევლისათვის ხელშესახები გახდა.
“მით უმეტეს, რომ “ოცნების” ყოფილი პარტნიორები, რომლებიც ოპოზიციაში გადავიდნენ, ბევრად უფრო არაადეკვატურები აღმოჩნდნენ, ვიდრე თავად “ოცნება”. ყოფილ პარტნიორებს დაშორება არ შეუძლიათ ისე, რომ მტრობაში არ გადავიდნენ. დანარჩენმა სუბიექტებმა იმდენად არაადეკვატური აგრესია გამოავლინეს, რომ “ოცნება” თავისი პოზიციებით ბევრად მისაღები აღმოჩნდა. ამიტომ არ მგონია, ამ პროცესს მისთვის ხელი შეეშალა,” – დასძენს არჩილ გამზარდია.
„ოცნების“ წარუმატებლობები
ისევე როგორც ყველა სხვა ხელისუფლებას, პოლიტოლოგების აზრით, “ქართულ ოცნებასაც” ჰქონდა ჩავარდნები და თან არცთუ ისე ცოტა. რამაზ საყვარელიძის აზრით, ზოგ შემთხვევაში ის, რაც ერთი მხრივ ხელისუფლების წარმატებად მიიჩნევა, შესაძლოა, წარუმატებლობადაც ჩაითვალოს, რადგან თავის გართმევა უკეთაც შეიძლებოდა. მაგალითად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოჰყავს და ამბობს, რომ მართალია, საქართველოში რყევები სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად იგრძნობოდა, მაგრამ “ქართულ ოცნებას” გარკვეული სტრუქტურებისთვის უფრო ადრე რომ მიეხედა, შედეგი კიდევ უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. კერძოდ, მისი აზრით, შეიძლებოდა, მოხერხებულიყო და ეჭვი არ გაჩენილიყო, რომ ეს კრიზისი სუბიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, ხელს უწყობდა. ამბობს, რომ ამ სიტუაციის მოგვარება “ოცნებამ” ვერ შეძლო. ისევე როგორც, მისივე თქმით, “ოცნებამ” ვერ შეძლო მოეხსნა ეჭვი იმის შესახებ, რომ ბევრი სასამართლო გადაწყვეტილების უკან მოსამართლეთა ინტერესები იდგა და ეს ინტერესები პოლიტიკისაგან თავისუფალი არ იყო.
“ცუდია ისიც, რომ ხელისუფლება საკუთარ მიღწევებზე ხალხს ინფორმაციას არ აწვდის და იმასაც არ ამბობს, რასაც უნდა ამბობდეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამ 4 წლის განმავლობაში დაულაგებელი იყო. არადა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება ხელისუფლების უმაღლეს საფეხურებზე,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე. ისეთი ფაქტი კი, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მისი აზრით, საყდრისის ისტორიული საბადოს აფეთქებაა. ამბობს, რომ ეს კატეგორიულად არ უნდა დაეშვათ. გარდა ამისა, იგი ასახელებს იმ “უსუსურობასაც”, რაც ხელისუფლებამ სახელმწიფო სტრუქტურებში “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენების მიმართ გამოავლინა.
“თავიდან ამას კოჰაბიტაცია დაარქვეს, მაგრამ ეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამის საჭიროება არანაირად არ იდგა. ამ პრობლემის მოგვარება უფრო კვალიფიციური საგამოძიებო ორგანოებისათვის ამ საქმეების გადაბარებით შეიძლებოდა და არა იმ ადამიანებისათვის ჩაბარებით, ვინც თავის დროზე საქმეთა წარმოშობაში იყო გარეული.
კიდევ ერთი ფრაგმენტი, რომელიც ასევე არ უნდა მომხდარიყო, ივანიშვილისა და “საოცნებო” ელიტის პრეზიდენტთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება ყველგან შეიძლება იყოს, ოღონდ საზოგადოება მასში არ უნდა ჩაერთოს. ზრუნვა იმაზე, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებასაც გადადებოდა, ჩემი აზრით, პოლიტიკური შეცდომა იყო,” – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
სოციალური ფონი “ოცნების” მთავარ წარუმატებლობად მიაჩნია არჩილ გამზარდიას. ამბობს, რომ ხელისუფლებამ თითოეული ჩვენგანისათვის უკეთესი პირობების შექმნა ვერ შეძლო თუნდაც მომხმარებელთა უფლებების, დაქირავებულთა უფლებების და სხვადასხვა კუთხით. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ “ოცნებამ” ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აიღო და ჯანდაცვის სექტორში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, პენსია გაიზარდა, უსახლკაროებისათვის თავშესაფარი აშენდა და გარკვეული პროგრამები შემუშავდა, რითაც სახელმწიფომ ვალდებულება შეასრულა. ეს, მისი აზრით, კარგი ტონი იყო.
“სისუსტე, რაც “ოცნებას” ახასიათებს, არათანამედროვეობაა. თავისი შინაარსით იგი კომუნისტურ იდეოლოგიას წააგავს, საბჭოურ მეთოდებზეა აგებული, სადაც შიდა დინებების ეფექტი ბევრად მეტია. ასევე, მათ გარკვეული წარმატებების მოქალაქეებამდე მიტანაც ვერ მოახერხეს. მთავარი ჩავარდნა კი მათ ყველაზე მთავარ დაპირებასთან – სამართლიანობის აღდგენასთანაა დაკავშირებული. ჩემთვის გარკვეული სტანდარტების დაცვის გამო სამართლიანობის აღდგენის მაღალ ტემპზე უარის თქმა გასაგებია, მაგრამ ეს მათი განაცხადი იყო და ამის ვერშესრულება ხალხმა ნეგატირუად მიიღო,” – ამბობს არჩილ გამზარდია.
ირაკლი კიკიანი: “მე აქცენტს საგარეო პოლიტიკაზე გავაკეთებდი. საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს თამამად უყენებს წინაპირობას იმის თაობაზე, რომ თუკი ის აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს, სანქციებს არ გაუუქმებენ. საქართველო კი აღარავის ახსოვს და ეს ყველაზე დიდი ჩავარდნაა. ასევე ჩავარდნად მიმაჩნია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის გაუფასურება, რამაც ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გააღატაკა. გლობალური პროექტები შეჩერდა. მათ შორია ანაკლიის პორტი, შემოვლითი რკინიგზა, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. როგორც უკვე აღვნიშნე, გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით და ალბათ, ეს გზაც გასავლელი გვქონდა”.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
ათი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან
ეკატერინე ბასილაია
საზოგადოებას კვალიფიციური და სწორი ანალიზის გაკეთებაში უნდა დავეხმაროო, – ამ იდეით “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ბოლო, ყველაზე აქტიურ და დასკვნით ფაზაში, როგორც პარტიის ერთგვარი მაშველი რგოლი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც გამოჩნდა და 10 რეგიონიდან კვირაში ორჯერ საათნახევრიანი გადაცემა ძირითადად მიუძღვნა “ოცნების” ქებას და ოპონენტების განქიქებას.
დაპირებისამებრ, ბიძინა ივანიშვილი 10-ვე რეგიონში ჩავიდა, თუმცა, მოსახლეობას არ შეხვედრია, მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამართა პრესკონფერენციები და ტელეეთერის საშუალებით შესთავაზა საკუთარი ანალიზი ამომრჩეველს.
იყო საუბარი “ქართული ოცნების” მიღწევებზე, გეგმებზე, თუმცა ძირითადად მაინც პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა ისმოდა, ხშირ შემთხვევაში – გადამეტებულადაც კი. მათ შორის ყველაზე ხშირად “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებისა და ძალადობის სურვილზე ისაუბრა, თუმცა, ივანიშვილმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმო, მისი თქმითვე, 1%-იანი რეიტინგის მქონე “რესპუბლიკელების” დესტრუქციულ ქმედებებსა და დავით უსუფაშვილის “ცრუ საუბრებს”.
გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებით დაბინძურებული უწოდა, ე.წ. შუაშისტებს კი, მათ ვინც მესამე ძალას ეძებს – მავნებლები.
ივანიშვილის “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში გამოჩენა რომ აუცილებელი იყო, ამას ყველა პოლიტოლოგი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რადგან, მათი მტკიცებით, “ოცნების” მთელი რეიტინგი ესაა ივანიშვილის ფაქტორი და პლუს ადმინისტრაციული რესურსი, სხვა არაფერი. თუმცა, რამდენად გაამართლა ივანიშვილის ამ ფორმატით გამოჩენამ და შეძლო “ოცნების” რეიტინგის გაუმჯობესება, შეფასებები განსხვავებულია – ნაწილი, მათ შორის გია ხუხაშვილი და ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევენ, რომ ამ ფორმატმა “ოცნებას” დიდი ვერაფერი მოუტანა; ნაწილი – მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი კი თვლის რომ – ამოცანა იყო “ოცნების” ამომრჩევლის მობილიზება და ივანიშვილს ეს გამოუვიდა. მერყევ ამომრჩეველზე კი ეს გადაცემები მაინცდამაინც არ იმოქმედებს.
ელდარ პირმისაშვილის თქმით, ზოგადად, იმ ადამიანებს, ვინც ჩამოყალიბებული არ არიან, უფრო მძლავრი ემოცია სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, ვიდრე ასეთი ტიპის ფორმატია. ამიტომ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი იმოქმედებდა “ქართულ ოცნებაზე”, ნაკლებად იმოქმედებდა ოპოზიციურ ნაწილზე და კიდევ უფრო ნაკლებად – ე.წ. დაუკვალიანებელ ადამიანებზე, რომლებსაც გადაწყვეტილების მისაღებად უფრო მძლავრი ემოცია სჭირდებათ, მაგალითად, ჩანაწერები ან 2012 წელში რაც იყო, მსგავსი რამ.
რა მოუტანა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებმა “ოცნებას”
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის კონფერენციები “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი და ეფექტური იყო და ამ გადაცემებით მხარდამჭერების მობილიზება მოხდა. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ამომრჩეველში ივანიშვილის იმიჯი გადამწყვეტია და ამ დროს იყო საუბრები იმაზე, რომ ივანიშვილს საკუთარი პარტია მაინცდამაინც არ მოსწონს, იმედები გაუცრუვდა და მისგან დისტანცირებას ცდილობს, ამ გადაცემებმა კი ეს ჭორები გააქარწყლა და მმართველი პარტიის ამომრჩეველს უთხრა, რომ ის დღესაც “ქართული ოცნების” ლიდერია. გარდა ამისა, ეს პროექტი ეფექტური იყო იმითაც, რომ ამ გადაცემებმა დაიკავა საინფორმაციო ტოპ-ათეული და საარჩევნო კამპანიაში ყველა პარტიის მიზანი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტად გამოჩნდეს ნიუსებში თუ გადაცემებში, რადგან ამომრჩეველი არჩევანს უფრო ტელევიზორიდან აკეთებს და ვინც ხშირად ჩანს, ის უფრო იგებს.
“ვფიქრობ, რომ ივანიშვილს საინფორმაციო სივრცის დაკავებაზე ჰქონდა გათვლა. გათვლა იმაზე, რომ ყოფილიყო აპელირება, თუ რა თქვა მან და ყველა საინფორმაციო მიდგომა მასზე ორიენტირებული გამხდარიყო, რაც ამ კუთხით ძალიან კარგი ეფექტია,” – ამბობს ელდარ პირმისაშვილი, რომლის თქმითაც, ივანიშვილის გათვლა ასევე დაუკვალიანებელ და ჩამოუყალიბებელ ან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე ზემოქმედებაც იყო და თვლის, რომ ამ ჯგუფზე ამ გამოსვლებმა ნაკლებად იმოქმედა.
ელდარ პირმისაშვილის თქმით, ამ შეხვედრებზე ივანიშვილი მეტწილად ოპოზიციის დისკრედიტაციას რომ ეწეოდა, ვიდრე პროგრამის წარდგენას, ესეც მიმართულია “ოცნების” ამომრჩეველში იმ აზრის გასამტკიცებლად, რომ “ქართული ოცნებაა” ერთადერთი ალტერნატივაა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ყველა, მათ შორის თავადაც, გარკვეული ინტერესით ელოდა ივანიშვილის რეგიონებში ჩასვლას და შეხვედრებს, თუმცა, ამბობს, რომ ის სხვა გამოსვლებს ელოდა და რაც ნახა, დიდი ალბათობით ეს “ქართული ოცნების” რეიტინგს დიდად ვერაფერს შესძენს. მისი თქმით, ჯერ ერთი, გადაცემა არასწორ დროს გადიოდა, მაშინ, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, იმის მიუხედავად, სამუშაო აქვს თუ არა, ტელევიზორთან არ ზის. ამიტომაც მას დიდი აუდიტორია არ ჰყოლია და მოსახლეობას უფრო მეორეული ინფორაცია მიეწოდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით. გარდა ამისა, ელოდა, რომ ივანიშვილისგან მოისმენდა, როგორ უყურებდა ის მომავალი 4 წლის განვითარებას და ამ დროს ძირითადად თემების აბსოლუტური უმეტესობა პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას მიეძღვნა.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ამ გადაცემების მიზანი “ოცნების” გულგატეხილი ამომრჩევლის დაბრუნება იყო, რასაც ექსპრემიერი “ნაციონალური მოძრაობის” მტრის ხატის გაძლიერებით ცდილობდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა სხვა ოპოზიციური პარტიებიც გააკრიტიკა, მაინც “ქართულმა ოცნებამ” სტრატეგია “ნაციონალური მოძრაობის” დემონიზაციაზე აიღო და ივანიშვილის გამოსვლების მთავარი ლაიტმოტივიც ეს იყო – მოსახლეობაზე მოეხდინა წნეხი, რომ თუ “ოცნებას” არ დაუჭერენ მხარს, “ნაციონალები” დაბრუნდებიან. ისევე როგორც “ნაციონალებიც”, მთავარ ოპონენტად მხოლოდ “ოცნებას” მიიჩნევენ და ამით დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს 5%-ს მიღმა დარჩენისკენ სწირავენ.
“ბიძინა ივანიშვილის გათვლით, იმ ამომრჩევლის მოსაბრუნებლად, ვინც თვლის, რომ რაღაც-რაღაცები არ გაკეთდა და გულგატეხილია “ოცნებაზე”, ერთადერთი გზა არის უთხრას – თუ არ მობრუნდები და ისევ მე არ დამიჭერ მხარს, აგერ სააკაშვილი ჩამოსვლას აპირებს და უარესი იქნებაო. თუმცა არ მგონია, რომ ივანიშვილის ეს გამოსვლები დიდად წაადგა მათ დაბრუნებაში “ქართულ ოცნებას”,- აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე. მისი თვალსაზრისით, ამ მტრის ხატის გასაძლიერებლად იყო ყველაფერზე “ნაციონალების” ჯვაროსნული კრიტიკა და “ოცნების” ვერგაკეთებული საქმეების “ნაციონალების” ცუდ მემკვიდრეობაზე დაბრალება, მაგრამ ასეთ საუბარში მოსახლეობა საკვირველს ვერაფერს ნახავდა და ეს შედეგსაც ვერ მოიტანს.
“მოსახლეობა ამას შეეჩვია. ვერ დამისახელებთ ვერ ცერთ ხელისუფლებას საქართველოში, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე წინა ხელისუფლების კრიტიკით არ არის დაკავებული. აბა, ჰკითხეთ “ნაციონალურ მოძრაობას”, რა გააკეთეს – საუბარს იმით იწყებენ, რომ შევარდნაძის დროს არაფერი იყო. ამიტომაც ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი არ არის. კიდევ 4 წელი ილაპარაკებენ ამას. ამან ალბათ დიდად არც იმუშავა “ოცნების” სასარგებლოდ, რადგან უბრალოდ მიჩვეული ვართ ამას. ივანიშვილი ამ გადაცემებით იმ ამომრჩეველს, ვინც “ქართულ ოცნებაზე” გულგატეხილია, უკან ვერ მოაბრუნებს. დიდი ალბათობით, გათვლა უფრო იმაზე იყო, რომ შეჩერებულიყო რეიტინგის დაცემა და ალბათ ეს მეტ-ნაკლებად გამოუვიდა,” – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
რა მოუტანა ამ გადაცემებმა გაკრიტიკებულ ოპონენტებს
ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილის თქმით, ჩვენ ვნახეთ დიდი დოზით სხვების განქიქება, თან – პერსონალურადაც და ისეთ ადამიანებზეც, ვისაც პოლიტიკაში პულსიც კი არ ესინჯებოდათ და თვლის, რომ ეს საჭირო არ იყო.
“თუ შედეგზე ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, მისმა ამ მძაფრმა კრიტიკამ კომაში მყოფ “რესპუბლიკურ პარტიას” შოკური თერაპია ჩაუტარა და ოდნავ მაინც გამოაცოცხლა. თუმცა, ეს მიზანი ივანიშვილს არ ჰქონია. აქცენტი იყო შუას გაკრეფვაზე – აი, ჩვენ ვართ და ალტერნატივა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობაა”, მგელი, რომელიც თუ მოვიდა, ყველას შეგჭამთ. ვინც დღეს მასთან არ არის, ყველა მტრად გამოაცხადა და მცდელობა ჰქონდა, ყველა მტრის ბანაკში გაეკრიფა. შორსაც წავიდა, როდესაც ე.წ. შუაშისტებზე დაიწყო ლაპარაკი და მათ მავნებლები უწოდა. ამ ქვეყნის 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, წავა თუ არა არჩევნებზე ან ვის მისცემს ხმას და მან საქართველოს მოსახლეობის ამ უმრავლესობას უთხრა, თუ არც ჩემ მხარეს ხარ და არც ჩემი მტრის მხარეს, ხარ მავნებელიო. მისი ეს კრიტიკა “ნაციონალურ მოძრაობას” ვერც ვერაფერს აკლებს და ვერც უმატებს.
ამ პარტიას ზრდის პოტენციალი პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ მას ჰყავს ამომრჩეველი, რომლისთვისაც ივანიშვილის რიტორიკა არაფერს წარმოადგენს და არც უსმენენ. თუმცა, ივანიშვილის ეს ორპოლუსიანი რიტორიკა მთელ პოლიტიკურ სპექტრს აზიანებს და ამომრჩეველს მესამე, სხვა პარტიის არჩევანის გაკეთების საშუალებას არ უტოვებს,” – ამბობს გია ხუხაშვილი.
ელდარ პირმისაშვილი თვლის, რომ ოპოზიციის ხშირად ხსენება და გადაჭარბებული კრიტიკა სწორედ ის მესიჯი იყო, რომ ალტერნატივა არის მხოლოდ “ოცნება”. ამ კრიტიკამ “ნაციონალურ მოძრაობას” არც დააკლო რამე და არც შემატა, მაგალითად “რესპუბლიკელებს” კი ხელი შეუწყო იმაში, რომ სატელევიზიო შოუებში მოხვედრილიყვნენ და საზოგადოებას მათზე ელაპარაკა.
“რამდენიმე გადაცემა იყო, როდესაც “რესპუბლიკელებზე” ილაპარაკა და მედიამაც ყურადღება “რესპუბლიკელებს” უფრო დაუთმო, რამაც მთავარი ფოკუსის დაკარგვა გამოიწვია. თუმცა, ეს ყველაფერი სპონტანური იყო და არ იყო იმაზე ორიენტირებული, რომ “რესპუბლიკელები” გაეაქტიურებინა. “ნაციონალურ მოძრაობას” კი ამ კრიტიკით არც არაფერი დააკლდა და არც შეემატა. ყველა აუდიტორიაზე მუშაობს, “ნაციონალებს” კი საკუთარი, კარგად შეკრული, კონკრეტული აუდიტორია ჰყავთ, რომელსაც თავის ღირებულებები აქვს, თავისი ლიდერის ესმის და ყველაფერზე თავისი ინტერპრეტაცია აქვს. მათ ივანიშვილი არ მოსწონთ და მისგან წამოსული კარგი ან ცუდი კომუნიკაცია ერთნაირად, უმნიშვნელოდ და არასერიოზულადაა აღქმული. “თავად “ნაციონალური მოძრაობისთვის” ყველაფრის დაბრალება და მათი დემონიზაცია კი “ოცნების” მხარდამჭერებში ისედაც გავრცელებული იმიჯია და ფაქტობრივად, ივანიშვილმა ეს აზრი მხოლოდ გააძლიერა იმით, რომ თავადაც ასე ფიქრობს,” – ამბობს ელდარ პირმისაშვილი.
რა მოუტანა ბიძინა ივანიშვილს
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ პროექტში ძალიან ბევრი ლაფსუსი და გაუგებრობა იყო. მაგალითად, თვლის, რომ გინდა არ გინდა 10 პრესკონფერენციაზე ერთსა და იმავე საკითხზე გიწევს საუბარი, რაც ორი-სამი მოსმენის შემდეგ მომაბეზრებელი ხდება მაყურებლისთვის, ამიტომაც სჯობდა, გადაცემა 10-ის ნაცვლად ყოფილიყო 3 ან 4. გარდა ამისა, თუ რეგიონებში დადიხარ, მოსახლეობას უნდა შეხვდე. თუ მოსახლეობას არ ხვდები და ტელეეკრანის მეშვეობით აპირებ ხალხთან კომუნიკაციას, ამის გაკეთება ერთი სტუდიიდან შეიძლება და მოგზაურობას რა აზრი აქვს?!
პლუს, გია ხუხაშვილის თქმით, ბევრ სხვა გზავნილთან ერთად არასწორი და შეურაცხმყოფვლი იყო მთავარი გზავნილიც – ანალიზში დახმარება.
“ასეც რომ ფიქრობდე ადამიანი, არ უნდა თქვა. ყველა ღიზიანდება იმ რიტორიკით, რომ თურმე რაღაც არ ესმის და მუდმივად ახსნა სჭირდება, რომ გააგებინო და ეს ასე პირდაპირ უხეშად არ უნდა ატაკო. ეს ყველაფერი გამაღიზიანებელი და არასწორია,” – მიიჩნევს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ამ გადაცემების კონტენტში არის რაღაც, რაც საყურადღებო და საინტერესოა, თუმცა პიროვნებების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ საკმაოდ დიდი აგრესია არ ჰგონია “ოცნებისთვის” და ივანიშვილის ავტორიტეტისთვის კარგის მომტანი იყოს. თვლის, რომ ივანიშვილმა ამ გადაცემებით იმიჯი საკმაოდ დაიზიანა.
“საზოგადოება თვლის, რომ ის არის ძალის ცენტრი, არსებობს მისი უძლეველობის ლეგენდა და ამ პროექტმა ვფიქრობ, ეს ლეგენდა თუ არ დაამსხვრია, ძალიან შეფერთხა, რადგან იქ იყო ლაფსუსები (იგივე პოლ პოტი რომ ნიკარაგუის დიქტატორი იყო და ყვარყვარე ჯავახიშვილის ნაწარმოებია თურმე), და ვინც ამ გადაცემებს უყურებდა, მათ თვალში ივანიშვილის მიმართ მოწიწების ხარისხი საგრძნობლად იკლებდა და ესეც მისთვის საზიანოა და არ მგონია “ოცნებისთვისაც” ამ პროექტს მაინცდამაინც რაიმე სასიკეთო მოეტანოს. ამ პროექტით კატასტროფული არაფერი მომხდარა, მაგრამ “ოცნებამ” ამით ვერაფერი დივიდენდი ვერ მიიღო და “ქართული ოცნების” რეიტინგს ეს ეტყობა,” – მიიჩნევს გია ხუხაშვილი, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, ეს ბევრად ცუდი იქნებოდა “ქართული ოცნებისთვის”, რადგან “ქართულ ოცნებაში” დღეს ივანიშვილის გარდა სხვა ძალის ცენტრი არ არსებობს, სხვები ყველა ფსევდოლიდერები არიან.
ელდარ პირმისაშვილ თვლის, რომ ივანიშვილის იმიჯის კლება “ოცნების” ამომრჩეველში არ მოხდება. “ის, რომ გამოსვლებში რაღაც ამბები ეშლებოდა, უფრო სახუმარო ჟანრში იყო გამოყენებული, მაგრამ მგონია, რომ ივანიშვილისგან ასეთ შეცდომებს ადამიანები ისედაც შეჩვეული არიან, ადრეც იყო ასეთი ტიპის მიდგომები და ეს კი, მეტ-ნაკლებად ურტყამს მის კომპეტენციას, მაგრამ შედარებით ნაკლებად. „ოცნება” დიდ ინტელექტუალურ რესურსსა და განათლებასთან ისედაც არ ასოცირდება, ის უფრო ეროვნულობასთანაა ასოცირებული და ამიტომ არ მგონია, ამომრჩეველს ამ კუთხით მოლოდინი ჰქონდეს და დიდად იმოქმედოს,” – აღნიშნავს ელდარ პირმისაშვილი.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
როგორ იმოქმედა „ოცნების“ რეიტინგზე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებმა?
ლიკა გურაბანიძე
“შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, – ასე ჰქვია ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ის წინასაარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. გადაცემა ერთი თვეა, მიმდინარეობს და მას “2030″-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან. პროექტის პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერში 1 სექტემბერს, 12:00 საათზე აჭარიდან გავიდა.
ტელეეთერი ყოფილ პრემიერს ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, დღის 12 საათიდან ეთმობა. ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან შეხვედრას საქართველოს ათივე რეგიონში ახორციელებს. იგი შეხვედრებზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს: განვლილი 4 წლის შეფასება და პროგნოზი, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი და გზავნილი საზოგადოებას, პოლიტიკური პარტიების შეფასება და ინფორმაცია მათ შესახებ არჩევანის გაკეთების წინ, რატომ არ ჰყავს “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა და როგორ აფასებს მმართველ გუნდს, რა რჩება მთავარ გამოწვევად და პასუხი ოპონენტებს.
როგორ იმოქმედა “ოცნების” რეიტინგზე ივანიშვილის პრესკონფერენციებმა? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): “იმაზე რომ ივანიშვილის ჩართულობა ზოგადად “ქართული ოცნებისთვის” ხმების მომტანია, ორი აზრი არ არსებობს. “ქართულ ოცნებას” პრაქტიკულად გაუჭირდა და ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ამიტომაც ჩაერთო ასეთი ფორმით. ეს პარტიას რეიტინგს აუცილებლად აუმაღლებს. ივანიშვილი რომ არ ჩართულიყო, “ქართული ოცნების” რომელ რეიტინგზე იყო საუბარი? ხალხი მათზე გაბრაზებულია, ხოლო ვისაც ივანიშვილის მიმართ პირადი სიმპათია დარჩა, ეს, რა თქმა უნდა, ამ გუნდის რეიტინგზე აისახება.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): “მე მგონია, რომ პირიქით მოხდა, ვინაიდან ივანიშვილის დიდაქტიკური, მენტორული და დამრიგებლური ტონი ჩვენს საზოგადოებას არ სიამოვნებს. ეს საზოგადოებასა და პრესასთან დახვეწილი ურთიერთობის ფორმა არაა. ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” არანაირ წონას არ მატებს, მეტიც – უკან ხევს მას.”
არჩილ გამზარდია: (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): “ივანიშვილის მედიასთან შეხვედრები ძირითადად ნეგატიურ კვანძში იყო გადაწყვეტილი. პიარპროცესების კუთხით ეს მომგებიანი სვლა არ არის. ივანიშვილმა პრაქტიკულად “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში განტევების ვაცის როლი შეითავსა, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ მის მიმართ გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება და არა პარტიის მიმართ. მეტიც, გარკვეულწილად დადებითი ეფექტი მოახდინა, რადგან “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია კარგად მიმდინარეობდა.”
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “ივანიშვილის ამ ფორმით გამოსვლები “ქართულ ოცნებას” რეიტინგს დიდადარ არ უმაღლებს, მაგრამ იმის დაფიქსირება ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პარტიის მკაფიო მხარდამჭერია და სხვას აღარ უჭერს მხარს. “ქართულ ოცნებას” ეს წაადგება.”
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
„ნაცმოძრაობა“ და რევოლუცია
ექსპერტთა ნაწილის აზრით, „ნაცმოძრაობისთვის“ არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობის ცდა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება
ნინო ქეთელაური
8 ოქტომბრის ღამეს “ნაციონალური მოძრაობა” დესტაბილიაციას გეგმავს, – ამის შესახებ “თავისუფალი ზონიდან” წამოსული კიდევ ერთი წევრი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი საუბრობს. მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში”, აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული, კონკრეტული გეგმა არსებობს, რომლის შესახებ მითითებებსაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩიორა თაქთაქიშვილი და კობა ხაბაზი გასცემენ.
როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ამ გეგმის მიხედვით, თუ “ნაცმოძრაობა” არჩევნებს წააგებს, დედაქალაქის ცენტრში – თავისუფლების მოედანზე, სახელმწიფო კანცელარიასა და 9 აპრილის ტრაგედიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება დესტაბილიზაცია. მისივე თქმით, ამის გეგმის შემადგენელი ნაწილია “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მიერ საკუთარი მანქანების აფეთქება, რასაც შემდგომ პარტია აანაზღაურებს.
“ეს დავალება დაიწყო აგვისტოს პირველ რიცხვებში. ძალიან ბევრმა ადამიანმა ხმაურის გარეშე დატოვა “თავისუფალი ზონა”. უკრაინულ სცენარზე კონკრეტულად კობა ხაბაზი გვესაუბრებოდა. მე ამას ვისმენდი ყოველ თათბირზე”, – აცხადებს ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
შეგახსნებთ, რომ “თავისუფალი ზონა” ცოტა ხნის წინ კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა, რომლებიც ასევე დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობდნენ. ამ საკითხზე “მთელი კვირა” ჩიორა თაქთაქიშვილსა და კობა ხაბაზთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა, მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. “ჭიაბერაშვილისა და კალაძისნაირ პატარა კაცუნებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვიალად”, – განუცხადა “მთელ კვირას” კობა ხაბაზმა.
პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნების პარალელურად, დესტაბილიზაციისთვის გარკვეული მზადება დიდი ხანია, მიმდინარეობს და რეალური საფრთხე არსებობს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამის განხორციელება “ნაცმოძრაობისთვის” სასიკვდილო განაჩენი იქნება, რაზეც არ წავა.
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი სცენარის პრაქტიკულ განხორციელებას იწყებს.
“ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის დავალებები ოდესიდან, მისი საქმიანობა უკრაინაში მოღვაწე ქართველ მოხალისეებთან, რომელთაც მომზადებაში ფულს უხდიან, რათა სახელმწიფო გადატიალების დრო თუ დადგა, საქართველოში ჩამოვიდნენ. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია, გავრცელებული ჩანაწერები. არის კვამლი და თქვენ იცით, რომ ცეცხლის გარეშე ეს ვერ იქნება. ასევე ამის დამადასტურებელია მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მას თავისი ლობი – მაკკეინი ჰყავს, რომელსაც საქართველოს გმირობაც კი მისცა. მათ გარკვეული ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ. ასე რომ, ეს ბოლო მოვლენები და განცხადებები იმის მომასწავებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსასვლელად იდეოლოგიურად მზადდება ნიადაგი. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი და მცდელობა აქვთ”, – ამბობს იგორ კვესელავა და აღნიშნავს, რომ ეს მათი ხელისუფლებაში მოსვლის უკანასკელი შანსია, რადგან ისინი არჩვნების გზით ვერ დაბრუნდებიან.
“ანალიტიკური შესაძლებლობები გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ვიმსჯელოთ და დავადგინოთ – ეს მათი საქართველოს ხელისფლებაში მოსვლის უკანასკნელი შანსია. არჩვნების გზით, მათი სათავეში მოსვლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, 10-15%-ის მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ქართველ ხალხში ყოველთვის არსებობდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომლის მიხედვითაც ეუბნებიან – თქვენ გექნებათ ეს, ჩვენ გაგიკეთებთ ამას, ივანიშვილი გასაქცევად არის გამზადებული და ა.შ. – ამან შეიძლება იმოქმედოს კიდეც და ამომრჩევლის გარკვეულმა ნაწილმა იფიქროს, რომ ასე მოხდება და არჩვნებში 5-იანი შემოხაზოს. თუმცა, მთლად შესაძლებლად არ მიმაჩნია”, – აღნიშნავს იგორ კვესელავა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან მსგავსი დესტაბილიზაციის მოწყობა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.”საკითხი ასე უნდა განვიხილოთ: “ნაციონალური მოძრაობისთვის” რა უფრო ღირებულია – დესტაბილიზაციის მცდელობა, ვთქვათ, მანქანების აფეთქება და ა.შ. და საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, თუ, მეორე მხრივ, არჩევნების წაგება, თუმცა მეორე პარტიად დარჩენა და ამასთან შეგუება.
“ამ ორ ცუდ სცენარს შორის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ნაკლებად ცუდს აირჩევს – რომ შეეგუონ დამარცხებას, მოაწყონ, ვთქვათ, კანონის ფარგლებში, საპროტესტო აქცია, გამოიყვანონ ხალხი, თუ ეს შეუძლიათ, მიმართონ საერთაშორისო საზოგადოებას, საელჩოებს, მათ იქ მიესვლებათ და მე მგონი, ამას უფრო მიმართავენ”, – ამბობს სოსო ცინცაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ დესტაბლიზაციის მცდელობით “ნაციონალური მოძრაობა” იმ საერთაშორისო მხარდაჭერასაც დაკარკავს, რაც აქვს. შეიარაღებული აჯანყება და აფეთქებები ნიშნავს იმას, რომ “ნაცმოძრაობა” დაკარგავს შაგრენის ტყავივით შემცირებულ, მაგრამ მაინც არსებულ მხარდაჭერას, რაც მათ ევროპასა და ამერიკაში აქვთ”, – ამბობს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა “ნაცმოძრაობიდან” წამოსული ადამიანები რას იტყვიან, მთავარი ფაქტების სწორი ანალიზია.
“ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან წამოსული რას იტყვის, მნიშვნელობა აქვს ფაქტების სწორ ანალიზს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ “ნაცმოძრაობას” 2 ალტერნატივა აქვს: სცადონ დესტაბილიზაცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და ერთი მანქანა კი არა, ველოსიპედიც რომ აფეთქდეს, ნიშნავს იმას, რომ “ნაცმოძრაობამ” გადალახა წითელი ზღვარი და წავიდა კრიმინალური გზით, რაც უკვე პარტიის აკრძალვის მომასწავებელია; და მეორე, წაგების შემთხვევაში “ნაცმოძრაობა” ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და რაც მთავარია, ინარჩუნებს საკმაოდ სოლიდურ სახელმწიფო დაფინანსებას. ამიტომ, მართლა გიჟები უნდა იყვნენ, რომ მსგავსი დესტაბილიზაცია მოახდინონ”, – ამბობს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დესტაბილიზაციის მომხრეა, მაგრამ ამჟამად პარტიაში დარჩენილი ადამიანები ამაზე წამსვლელი არ არიან. იგივე დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, არ არიან ამაზე წამსვლელი. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება მართლაც ამის მომხრე იყოს, მაგრამ შემსრულებლები სხვაა. სააკაშვილმა რაც არ უნდა უთხრას ბაქრაძეს, გამოდი და ბომბი ააფეთქეო, ბაქარაძემ უკვე დიდი ხანია დაამტკიცა რომ ექსტრემისტი არ არის.
მიხეილ სააკაშვილი რომ აქ იყოს, შეიძლება რამდენიმე ათეული ასეთი მომხრე გამოძებნოს და გარკვეული დესტაბილიზაციის მცდელობები იყოს, მაგრამ აქ არ არის და უიმისოდ, მხოლოდ მოწოდებებით ვერაფერს იზამს. პარტიის აქ დარჩენილი წევრები არ არიან ისეთები, რომ ბარიკადებზე ავივდნენ, სასიკვდილო საფრთხეზე წავიდნენ და მიუსხდნენ უგულავას და მერაბიშვილს. პრინციპში, მე ამას გამოვრიცხავ. ამისთვის შესაბამისი სამხილებიც უნდა იყოს. მხოლოდ საუბრები, რომ ამას მოვაწყობთ, სამხილი არ არის, მეტი მტკიცებულებაა საჭირო”, – ამბობს სოსო ცინცაძე.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
არჩევნები და ეთნიკური უმცირესობები
ზაურ ხალილოვი: „ეროვნული უმცირესობებიდან პარლამენტში ყოველთვის ისეთი დეპუტატები სხედან, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას“
ნინო ომანაძე
ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 16.2%-ს შეადგენს, ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები 6.5%-ს და სომხები 5.7%-ს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან რუსები, ოსები, აფხაზები, ბერძნები, ჩეჩნები, ებრაელები და ქურთები. თუმცა, არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ორგანოში ისინი შესაბამისი პროპორციით არ არიან წარმოდგენილი. როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში განმარტავენ, პასიური საარჩევნო უფლებების მსგავსად, ეროვნული უმცირესობები, არც საარჩევნო უფლებების რეალიზებას ახდენენ.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილე მხოლოდ ორ პარტიას აქვს მიზნობრივად ასახული ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები და ე.წ. “გამსვლელ სიაშიც” მხოლოდ ორ პარტიას ჰყავს უმცირესობების წარმომადგენელი.
“მთელ კვირასთან” საუბრისას სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელი ზაურ ხალილოვი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ენის უცოდინარობის გამო, ეთნიკური უმცირესობები აქტიურად ვერ მონაწილეობენ არჩევნებში. მისივე განმარტებით, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ცდილობს, ამ ადამიანებთან მიიტანოს საკუთარი ხედვა და პარტიის პროგრამა.
“საელჩოების წარმომადგენლები, ეუთოს უმაღლესი კომისარი ჩვენგან, არასამთავრობოებისგან იღებენ ინფორმაციებს, არ მინდა შერცხვეს ქვეყანა, ეს ჩემი სამშობლოცაა, არ მინდა, მათ ანგარიშებში ჩაიწეროს ის ნეგატივები, რაც ხდება. ეს ხელს გვიშლის განვითარებაში, არც ევროპის კარი გაიღება ჩვენთვის, თუ ქვეყანაში არ იქნება არათანაბარი მიდგომა ადამიანებისადმი. “უკვე 25 წელიწადია, ერთსა და იმავე რეკომენდაციებს გვწერენ უცხოელი პარტნიორები, მაგრამ ვერ ვახერხებთ ამ რეკომენდაციების ჯეროვნად გათვალისწინებას და შესრულებას”, – ამბობს ხალილოვი.
- როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში წარადგენს კანდიდატს, არის თუ არა გათვალისწინებული იმ რეგიონში მცხოვრები ადამიანების აზრი?
- არა და არც არასოდეს გაუთალისწინებია არავის. საერთოდ გაუგებარია, რა კრიტერიუმით ახდენენ კანდიდატის შერჩევას. საქართველოს კანონმდებლობით, პირს, რომელმაც არ იცის სახელმწიფო ენა, ეკრძალება საჯარო სამსახურიც კი. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული უმცირესობებიდან პარლამენტში ყოველთვის ისეთი დეპუტატები სხედან, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას. საინტერესოა, რა უნდა გაიგოს ან რა სასიკეთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პირმა, რომელსაც არ ესმის, რაზე ლაპარაკობენ.
- თქვენ საუბარში ახსენეთ, რომ ეთნიკური უმცირესობები განიცდიან ინფორმაციულ ვაკუუმს, რომ მათთვის არც ერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამა არაა ხელმისაწვდომი საკუთარ ენაზე…
- პოლიტიკური პარტიები ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არც ზრუნავენ. არც ერთი პარტია არ ცდილობს, რომ მათი საარჩევნო პროგრამა ნათარგმნი იყოს იმ ენებზე, რომელ ენაზეც საუბრობენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. არადა, ამ ადამიანების რიცხვი არც ისე მცირეა – მოსახლეობის 16%.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარტიებს აინტერესებთ მხოლოდ ამ ადამიანების ხმები და არა მათი პრობლემები. თუმცა, ჩვენ ვუხსნით ხელისუფლებას და პოლიტიკოსებსაც, რომ ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობებიდან უკვე კარგად ფლობენ ქართულ ენასაც და სხვა საჭირო უნარებსაც და ძალიან ძნელია, ამ პირობებში მოიგო არჩევნები 106%-ით, როგორც წინა წლებში ხდებოდა. ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოების დამსახურებაა, რომ ამომრჩეველი უფრო აქტიური გახდა.
- ცესკო როგორაა ჩართული ამ პროცესში? თუ ხდება ამ ადამიანებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება?
- ისინი მართლაც გამართულად მუშაობენ. იბეჭდება ბიულეტენები და საარჩევნო ბუკლეტები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, მუშაობს “ცხელი ხაზი” ეთნიკური უმცირესობებისთვის, ტელევიზიებში გადის სარეკლამო კლიპებიც. ამ მხრივ ცესკო ატარებს კარგ სამუშაოებს, თუმცა პრობლემა მაინც არის პარტიების, ხელისუფლების დონეზე. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი პარტიის დაინტერესება ამ პრობლემით.
- როცა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ჩამოდიან პოლიტიკოსები, რა ენაზე ახდენენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას?
- კარგ თემას შეეხეთ. ესაუბრებიან რუსულად ან ქართულად, რაც ძალიან ცოტას ესმის; წარადგენენ კანდიდატს, რომელსაც არავინ იცნობს ან თუ იცნობენ, იმდენად უარყოფით კონტექსტში, რომ მისთვის ხმის მიცემას არავინ მოისურვებს. ამ არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” მარნეულში წარმოადგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც “ნაციონალური” ხელისუფლების ზონდერი იყო და 2012 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” მომხრეებს ოჯახებს უწიოკებდა. არც მოსახლეობის ინტერესი გაუთვალისწინებია ვინმეს და არც ადგილობრივი თვითმმართველობის.
- საპარლამენტო სიებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ძალიან ცოტაა. რა შანსები აქვთ დამოუკიდებელ მაჟორიტარებს პარლამენტში მოხვედრისა?
- ძალიან ცოტა შანსი აქვს. დამოუკიდებელ მაჟორიტარს, რომელსაც არ გააჩნია ფინანსები, მხარს არ უჭერს არც ერთი პარტია. საგარეჯო ამის ნათელი მაგალითია. საგარეჯოში დამოუკიდებელ მაჟორიტარად კენჭს იყრის გაზაფან მამედოვი, თუმცა ის ამბობს, რომ მას, როგორც ეროვნებით აზერბაიჯანელს, ავიწროვებენ. პარტიები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქართველ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და არა-ეთნიკურ აზერბაიჯანელს. რასაც ხელისუფლება ამ მიმართულებით აკეთებს, არის აზერბაიჯანელი ეთნოსის დაკნინება. ამ რეგიონებს არ აქვს სახელისუფლებო განწყობა, კრიტიკული მასა დღითი დღე იზრდება, გაიზარდა ახალგაზრდობა, მათ სამოქალაქო განათლება უფრო მეტი აქვთ და კარგად ხვდებიან ყველაფრს.
- რომელიმე პარტიას თუ ჰყავს მრჩეველი, რომელიც მუშაობს ამ ადამიანების პრობლემებზე?
- ერთადერთი პარტია, რომელსაც ჰყავდა ამ მიმართულებით მრჩეველი, იყო პაატა ბურჭულაძის პარტია, მაგრამ მათმა წარმომადგენელმა ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ მის ხედვებს არავინ იზიარებს და პარტია დატოვა. ვინმემ თუ იცის, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყავდა მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში? არა. არც არავის გაუგონია მისი არსებობის შესახებ, ადამიანი ამდენი წლის განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და მისი ხმა არავის გაუგონია. ეს იყო სავალამ მირზოევი, რომელიც დღეს “ქართული ოცნების” კანდიდატია საპარლამენტო არჩევნებზე. რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა? ხელისუფლება ვერ ახერხებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში და არც ცდილობს ამ მიმართულებით რამე სასიკეთო ნაბიჯის გადაგმას…
ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს ამ ადამიანების რეალური პრობლემებით, ჩვენ კი რას ვხედავთ? ყოველდღიურად აშანტაჟებენ მოსახლეობას – ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, ისევ “ნაციონალები” გაიმარჯვებენ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა იქნებაო.
საჭიროა ხალხთან მეტი ურთიერთობა, უნდა გააცნონ მათ საკუთარი პროგრამები, რეგიონის განვითარების ხედვები. ამ ხალხს აინტერესებს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რას ჰპირდება ესა თუ ის პარტია, თუმცა, მზად ამ გამოწვევისთვის არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აღმოჩნდა.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი ერთჯერადი გამოყენების პრემიერია“ // „სავარაუდოდ, „ოცნება“, არჩევნების მოგების შემთხვევაში, ახალ პრემიერს შეარჩევს“
ელზა პაპოშვილი
ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში მხოლოდ “ოცნება” და “ნაციონალები” შევლენ, ეს ქვეყანაში კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი გახდება. მისივე შეფასებით, დღეს ქვეყანაში მოჩვენებითი სიწყნარეა, რადგანაც მთავარი პროცესები არჩევნების შემდგომ განვითარდება, რომელშიც, დიდი ალბათობით, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა ჩაერევა. მისი განცხადებით, ოლქების დიდ ნაწილში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება, რაც ხელისუფლებას დამატებით თავსატეხს გაუჩენს, რადგანაც “ოცნება” ხელისუფლების დაკანონებას და “ზურგის გამაგრებას” 9 ოქტომბერსვე ევრ შეძლებს. ეს კი ქვეყანაში პროცესების გაკონტროლების ნაკლებ საშუალებას მისცემს.
- როგორ ფიქრობთ, იმ განცხადებების ფონზე, რაც ახლა კეთდება, როგორი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდი?
- მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინ მოჩვენებითი სიწყანარეა, სიტუაცია სინამდვილეში საკამოდ რთულადაა. 8 ოქტომბრის შემდეგომ მოვლენები სხვადასხვა სცენარით შეიძლება განვითარდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ მოთამაშე ორ პოლიტიკურ ძალას მაღალი ლეგიტიმაცია არ აქვს, ამას კი ყველა კვლევა აჩვენებს, გარდა ამისა, გადაუწყვეტელი ადამიანების რიცხვი კვლავ მაღალია და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს პრობლემა კვლავ არსებობს, შესაბამისად, კრიზისის ფორმირების ალბათობა საკამოდ მაღალი იქნება. ვხედავთ, რომ ხელისუფლების წინასაარჩევნო ტაქტიკა ორპოლუსიან პოლიტიკაზეა აგებული. ისინი ფაქტობრივად ამბობენ, რომ “ამ ველზე მთავარი მოთამაშე ძალა ვართ მე და “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საშინელებაა” და გადაუწყვეტელ ამომრჩეველს აფრთხილებს, რომ მე თუ არ ამირჩევ, კვლავ ის ხალხი მოვაო.
ამასთანავე, ვხედავთ, რომ ხელისუფლება უცებ რამდენიმე წლის წინანდელ დამარხულ იარაღს პოულობს, ინტერნეტში ჩნდება ფარული ჩანაწერები, სადაც რევოლუციური სცენარის განხილვა მიმდინარეობს და ხელისუფლებაც ბოლო დღეებში აპოკალიპსური სცენარების განვითარების საშიშროებაზე გვესაუბრება.
სწორედ აქ უშვებს შეცდომას, როდესაც ყველას მისამართით ხიდს წვავს. ადამიანებს, რომელთაც არც “ნაციონალური მოძრაობა” მოსწონთ და არც ხელისუფლებით არიან კმაყოფილი, შუაშისტებსა და მავნებლებსაც კი ეძახიან. ასეთი კი ჩვენი ქვეყნის უმრავლესობაა. ახლა წარმოიდგინეთ, შენი ქვეყნის მოსახლეობის ასეთ დიდ ნაწილს მავნებელს რომ უწოდებ, სიტუაცია შენკენ როგორ შეიძლება შემოტრიალდეს. ეს ფაქტორი შეიძლება კრიზისის ფორმირების კიდევ ერთი მიზეზი გახდეს.
- ამ კრიზისის თავიდან აცილება როგორ შეიძლება მოახერხოს ხელისუფლებამ?
- ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე მიაღწია შედეგს, რომ ქვეყნის პოლიტიკური სივრცე მხოლოდ ორპოლუსიანი ყოფილიყო. “ნაცმოძრაობას” კარგად ესმის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს და ამის ამბიციაც არა აქვს, მას უბრალოდ “ოცნების” დამარცხების სურვილი ამოძრავებს. ამ კონცეფციიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ორპოლუსიან პარლამენტს მივიღებთ, სავარაუდოა, რომ “ნაციონალებმა” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადონ და თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლებას ეს სცენარი გათვლილი აქვს, მაგრამ პროლემა ისაა, რომ სწოერდ იმავე დანარჩენმა პოლიტიკურმა ელიტამაც რომ თქვას და მათი აზრი გაიზიაროს, მაშინ საქმე უფრო ცუდად იქნება. ხოლო ხელისუფლებას თუ არჩევნების შემდეგ “ნაციონალების” გარდა დაპირისპირება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან მოუწია, ეს ძალიან სერიოზული კრიზისის დასაბამი გახდება. მას პარტნიორები არც პოლიტკურ ელიტაში და არც საზოგადოებაში არ აღმოაჩნდება. სიტუაციას ასევე ისიც დაძაბავს, რომ კვლევების მიხედვით, მეორე ტურის ჩატარების ალბათობა დიდი იქნება.
“ოცნებას” უმრავლეს რაიონებში მაჟორიტარების მხრივ შეიძლება პირველი ადგილები ჰქონდეს, მაგრამ 50%-მდე ბარიერამდე ვერ ადიან. შესაბამისად, მათ იმის ფუფუნება, რომ 9-ში უკვე გამარჯვება გამოაცხადონ და ზურგი გაიმაგრონ, შეიძლება არ ჰქონდეთ. ფაქტობირავად გამოდის, რომ 8 ოქტომბერს არჩევნები კი არ მთვარდება, არამედ იწყება რაღაც პროცესი, რომელიც მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდება. ხოლო ამ პროცესს თუ ფონად დაძაბულობა დაერთო, რომლშიც მთელი პოლიტიკური ელიტა იქნება ჩართული, ისეთ სურათს ვიღებთ, სადაც “ოცნებას” რაც არ უნდა კარგი შედეგი ჰქონდეს, ლეგიტიმაცია გაუჭირდება. ამიტომაც ხელისუფლებამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ფაქტობრივად, საკუთარ თავს გზა თავადვე მოუჭრა.
- შესაძლებელია, რომ საზოგადოებამ მესამე ძალის ძიება სწორედაც რომ თავად დაიწყოს?
- კრიზისის ფორმირება ვფიქრობ შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ერთი ფლანგიდან არჩევნების ლეგიტიმაციაზე უარი განაცხადეს და ამას შემდეგ, პირობითად, “პატრიოტთა ალიანსმაც” მხარი აუბა და თქვა, რომ შედეგები რეალობას არ შეესაბამება. მაშინ “ოცნება” პოლიტიკურად “ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ” აღმოჩნდება და ხელისუფლებაში გამაგრება გაუჭირდება. კრიზისი გადაულახავი იმ შემთხევაში გახდება, თუ ხელისუფლებას ორივე მხრიდან დაარტყამენ.
- როგორ ფიქრობთ, ბოლო დროს გამოქვეყნებულმა ფარულმა ჩანაწერებმა როგორ შეცვალა ამომრჩევლების განწყობა?
- საბოლოო ჯამში ამ ჩანაწერებით ორივე მხარე თამაშობს. შეთქმულების თეორია და ასეთი საფრთხე, რამდენად გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აზიანებს. მათ თავისი სტაბილური ელექტორატი ჰყავთ, რომელიც ასეთ ინფორმაციებზე არ რეაგირებს. უბრალოდ ზრდის პოტენციალი არა აქვთ, თორემ მათ თავისი ამომრჩეველი არ დაუკარგავთ. ეს ინფორმაცია მხოლოდ მესამე არჩევანზე მუშაობს.”ქართული ოცნება” ამ ვიდეოჩანაწერების თამაშით ცდილობს, იმ ადამიანებზე იმოქმედოს, რომელთაც არც ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ხიბლავს და არც ახლანდელი.
ისინი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის შეშინებას ცდილობენ და აფრთხილებენ, რომ თუ რომელიმე მესამე ძალისკენ გაიხედავს, ისინი ამით ხელს “ნაციონალურ მოძრაობას” შეუწყობენ, ამიტომაც ხმა კვლავ “ოცნებას” უნდა მისცეს, რომ ქვეყანაში არაფერი მოხდეს. შესაბამისად, ამით “ნაციონალური მოძრაობა” კი არა, მთელი დანარჩენი პოლიტიკური ელიტა ზიანდება, რომლისგანაც “ოცნება” ამომრჩევლის მოკვეთას ცდილობს.
- ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ეს ჩანაწერები მათი მოპოვებულია, რადგანაც მაშინ ყველა ის პირი უნდა დააპატიმროს, ვინც ჩანაწერში ფიგურირებს. შესაძლოა, სწორედ ეს სურდეს მიხეილ სააკაშვილს, რომ წინასაარჩევნოდ დასავლეთის ყურადღება მიიქციოს?
- რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მათი მოსმენის დაკანონება სრულიად თავისუფლად შეეძლო, რადგანაც ვიცით, რომ მათ აქამდე კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე ედავებიან. თუმცა, გამოძიება რა პროცესშია, ჯერაც არ ვიცით. ფარული ჩანაწერებით ოპერირება მხოლოდ სუსტის ხვედრია. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და შეთქმულების თეორიაზე საუბრობს, მაგრამ მასში მონაწილე პირებს არ აკავებს, ეს მის ავტორიტეტს აზიანებს და მის სიტყვას ფასს უკარგავს. ჩვენ ვიცით, რომ წინასაარჩევნოდ შეთქმულების თეორიების თხზვა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო. ყველა არჩევნების წინ ამ ქვეყანაში რაღაც გადატრიალება ხდება, რომელიც არაფრით არ მთავრდება. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ციკლი, როდესაც ხელისუფლება ისტერიკას იწყებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, არც არაფერი ხდება. შესაბამისად, თუ ჩვენს ხელისუფლებას სურს, რომ წინა ხელისუფლებებისგან რამით განსხავდებოდეს და სჯობდეს, მაშინ ღირსების საკითხია, რომ უბრალოდ კი არ ლაპარაკობდეს, არამედ ქმედებაზე გადავიდეს, რომ მოსახლეობას “დეჟავიუს” გრძნობა არ გაუჩნდეს.
ხალხი კითხვას დასვამს – შენ თუ იმავენარიად ცდილობ საზოგადოების მანიპულირებას, შეთქმულებების თეორიებით, მაშინ იმას შენ რით სჯობიხარ? რეალურად შესაძლებელია ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ უკუშედეგი მიიღოს. საზოგადოება თუ ხელისუფლებას აღარ ენდობა, მას თავიდან იშორებს. ამიტომაც ეს ყველაფერი ძალიან სახიფათო თამაშია. “ოცნება” თუ ისეთ მანკიერ ქმედებებზე ხელს აწერს, როგორითაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა, შესაბამისად, ის მის დონეზე ეცემა და ამ ხელისუფლებასაც ჩვენი საზოგადოება იმავე განაჩენს გამოუტანს.
საქართევლოს მოსახლეობა 25-წლიანი პოლიტიკური ტყუილების ფონზე ძალიან გამოიწრთვნა. იმით, რაც მას უკვე ნანახი აქვს, როგორღა მოატყუებ? შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის და საზოგადოებას თვალს უპაჭუნებს – იარაღი ვიპოვეთ და ბიჭო, იცოდეთ ემანდ არაფერი გაბედოთო. მერე საზოგადოებას რაღაც აბდა-უბდა უთხრეს და იქიდან ნახევარი შინაარსი ვერავინ გამოიტანა. ეს არის ან ძალიან არაკომპეტენტურად გაკეთებული ოპერაცია, ან საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების უხარისხო მცდელობა.
- როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილის სამომავლო პოლიტიკური მოღვაწეობა როგორ წარიმართება. ფიქრობთ, რომ ის კვლავ პრემიერ-მინისტრი იქნება?
- არჩევნების შემდეგ მგონია, რომ კვირიკაშვილის კარიერა ძალიან მალე დამთავრდება. ის დღეს პრემიერ-მინისტრი იმიტომ არ არის, რომ გრძელვადიანად შეინარჩუნონ. ის უბრალოდ სხვადასხვა დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო ფასადად მომგებიანი ფიგურაა როგორც დასავლეთისთვის, ისე ქვეყნის შიგნით საზოგადოებისთვის. თუმცა, საკმაოდ კურიოზურად გამოიყურება – ის ამ ხნის განმავლობაში სიყვარულსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს და მთელი დანარჩენი სისტემა შეთქმულების თეორიაზე საუბრობს. კვირიკაშვილის რიტორიკა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სტრატეგიასთან სრულიად შეუსაბამოა. არჩევნების შემდეგ მისი კარიერა ძალიან სწრაფად დასრულდება. კვირიკაშვილი ერთჯერადი გამოყენების პრემიერ-მინისტრი მგონია.
- პაატა ბურჭულაძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მინდა შევეხო. როგორ ფიქრობთ, ბურჭულაძესა და “გირჩს” შორის რეალურად რა მოხდა?
- მოვლენები როგორც განვითარდა, მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძემ შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც გაერთიანებაზე კონტროლი ახლად შეძენილ პარტნიორებს გადააბარა, მათ შორის “გირჩს”, რის შემდეგაც სცენარი ათასგვარად შეიძლება განვითარებულიყო. ამ გაერთიანებაში ერთადერთი “გასაყიდი” პაატა ბურჭულაძის ბრენდი იყო. ბურჭულაძემ კი თავისი გუნდის წევრები მოიშორა და ენდო ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური თამაშის ზეპროფესიონალები არიან. სრულიად გამოუცდელი ადამიანი ამ ხალხის წინაშე მარტო დარჩა. ვვარაუდობ, რომ იქ ვიღაცამ სერიოზულად ითამაშა. იქ არის ვაჭრობის ოსტატი ხალხი, რომლებმაც ბურჭულაძის წინააღმდეგ ვიღაცასთან სარფიანი გარიგება დადო. ეს შეიძლება პავლე კუბლაშვილი ყოფილიყო, რომლის დიაპაზონი მიშა სააკაშვილით დაწყებული “ქართულ ოცნებამდე” უსაზღვროა და ყველა მიმართულებით შეიძლება ევაჭრა, სადაც პროცესების აფეთქება დაევალებოდა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თუ გავიგებ, რომ ამ ხლართვის ორგანიზატორი კუბლაშვილი გახდა, ეს არ გამიკვირდება, ზურა ჯაფარიძისგან განსხვავებით, რომელსაც შეიძლება არც არაფერი სცოდნოდა.
- ბურჭულაძეს მისივე გუნდის ყოფილი წევრები იმაში ადანაშაულებენ, რომ იგი პოლიტიკაში თავისი სახელით ვაჭრობს და ამით ფინანსური ხეირის ნახვა სურს.
- საერთოდ არ მსიამოვნებს, როდესაც გუნდიდან წასული ადამიანი საკუთარ ლიდერს მსგავსი სახის ლაფს სცხებს. მათ მიმართ ისმის კითხვა – თუ ეს იცოდნენ, რატომ იდგნენ მის გვერდით და თუ წამოსვლის შემდეგ გაიგეს, მაშინ როგორ გაარკვიეს? რა თქმა უნდა, ბურჭულაძემ თავისი ბრენდი გაყიდა. პოლიტიკური ბაზარი ასეთია – ბრენდი იყიდება, არ არის აუცილებელი ამის სანაცვლოდ ფულზე იყოს საუბარი, შეიძლება ეს იდეის სანაცვლოდ მოხდა.
- როგორ ფიქრობთ, ბურჭულაძემ “მყიდველები” სწორად შეარჩია?
- შეცდომა ბურჭულაძემ სწორედ აქ დაუშვა – თავისი გამოუცდელობის, თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო, როდესაც ზედმეტად მიენდო ახლად გაცნობილ პარტნიორებს და პოლიტიკურ პროცესზე კონტროლი მათ გადააბარა. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც პოლიტიკაში შემოვიდა, გვერდზე არ უნდა გაეწია, ის ამან დაღუპა. ამით მან პროცესებზე კონტროლი დაკარგა და კრიზისი განვითარდა.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
პირველი ლედი და სხვები – დაძაბული ბრძოლა ზუგდიდისათვის
თიკო ოსმანოვა
ერთ კვირაში, თბილისის შემდეგ, ზუგდიდი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში მოექცევა. საპარლამენტო მანდატისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. რის გამოც, პოლიტოლოგთა ნაწილი აქ “ქართული ოცნების” მარცხს პროგნოზირებს და არ გამორიცხავს, რომ სამეგრელო ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლადაც იქცეს, როგორც ეს წინა საპარლამენტო და შუალედური არჩევნების შემთხვევაში მოხდა.
შეგახსენებთ, 22 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში ფიზიკური შეხლა-შემოხლის ფონზე გაიმართა შუალედური არჩევნები, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მმართველი პარტიის წარმომადგენლის დამარცხება კიდევ ერთხელ შეძლო.
ასევე 2012 წელს ზუგდიდში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატ როლანდ ახალაიასთან დამარცხდა.
იმას, რომ სახელისუფლებო პარტიას სამეგრელოში სახარბიელო მდგომარეობა არც ამჟამად აქვს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, სამეგრელოში “ოცნების” რეიტინგის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე სხვა რეგიონში.
“ვფიქრობ, “ქართული ოცნების” პოზიციები სამეგრელოში არ არის მყარი, მათ შორის არც ზუგდიდში. ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის ამ ოლქში მოგება ძალიან პრობლემური იქნება. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მას აქვს გარკვეული შანსები გამომდინარე ძალიან ბევრი ფაქტორიდან – საკმაოდ კარგი საინფორმაციო მხარდაჭერა აქვს, თანაც მუშაობს გარკვეული სენტიმენტებით სხვადასხვა ფენასთან დაკავშირებით. მის წინააღმდეგ აგორებულმა კამპანიამ, რაღაც უცნაურ თემებზე არ იმუშავა. ძალიან უხარისხოდ და ბინძურად იყო გაკეთებული. პირიქით, მის სასარგებლოდ იმუშავა. როცა ადამიანს აბრალებ წარმოუდგენელ რაღაცას, ეს ყოველთვის უკუშედეგს გაძლევს. ვფიქრობ, მეორე ტურის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ ვისა და ვის შორის იქნება – ძნელია პროგნოზი. თუმცა, სანდრა რულოვსი აუცილებლად იქნება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გია ხუხაშვილი.
მის აზრს იზიარებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ რულოვსმა მმართველი პარტიის კანდიდატი პირველივე ტურში დაამარცხოს.
“ვფიქრობ, ზუგდიდში წარმატება “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ექნება. წინაპირობები ძალიან მაღალი რომ არ ყოფილიყო, ბუნებრივია, სანდრა რულოვსს იქ არ გაუშვებდნენ. თანაც, ზუგდიდში ვიცით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როლანდ ახალაიამ მოიგო. „ნაციონალურ მოძრაობას” სამეგრელოში ბევრად უფრო სიმპათიით უყრებენ, ვიდრე “ქართულ ოცნებას”. ამიტომ რამდენიმე რეგიონი პრაქტიკულად “ნაციონალური მოძრაობისაა”, მათ შორის ბათუმიც. “მე მგონი, სანდრა რულოვსი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. თუკი ამ პროგნოზისგან განსხვავებული შედეგი დადგება, მაშინ გამოდის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იმუშავა”, – ამბობს არჩილ გამზარდია.
“რეზონანსი” ზუგდიდში “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს და “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ მერაბ ქვარაიას დაუკავშირდა, რომლებმაც თავიანთ კონკურენტებსა და იმ წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს, რასაც საკმაოდ უხვად გასცემენ. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ სანდრა რულოვსთან დაკავშირება, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
შვილმოკლული დედა ყოფილი პირველი ლედის წინააღმდეგ
„სამეგრელოში, სენაკში შეძახილებით გვაცილებდნენ, იყო აგრესია, თუმცა მე ამ ხალხზე საცოდაობის შეგრძნების მეტი არაფერი მაქვს“
თიკო ოსმანოვა
წინა ხელისუფლების დროს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან შესახვედრად ხალხი მიკროავტობუსებით დაჰყავთ. მისი თქმით, მან ეს პირადად ნახა სენაკში, სადაც სპეციალურად რულოვსთან შესახვედრად ჩავიდა. სენაკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ზოგადად, სამეგრელოში არსებულ განწყობაზე “მთელი კვირა” თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრ ია მეტრეველს გაესაუბრა.
ია მეტრეველი: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სანდრა რულოვსი დადის რაიონებში და ხალხს ხვდება. ძალიან გამაღიზიანა მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომ მან თავის მეუღლეს თვალებში ჩახედა და ამოიკითხა, რომ ძალადობა აღარ იქნება. ამიტომ, როდესაც გავიგე სანდრა მოსახლეობას სენაკში უნდა შეხვედროდა, მე და გულიკო გამცემლიძე – გიორგი გამცემლიძის დედა, რომელიც ჩემსავით – გააუბედურეს, სენაკში ჩავედით. მე პირადად მოვახერხე სცენაზე ასვლა და რულოვსისთვის კითხვების დასმა – “ახლა მე მინდა, ჩამხედოთ თვალებში და მითხრათ, რას იტყვით, 19 წლის ბავშვზე რომ მომიკლა თქვენმა ქმარმა და რას ეტყვით ხალხს, აღარ აწამებთ პატიმრებს ციხეში?!” ეს კითხვები დავუსვი და ბუნებრივია, მან პასუხი არ გამცა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემმა იქ მისვლამ მასზე იმოქმედა და შეხვედრა მალე დაასრულა. ფაქტობრივად, ჩავუშალეთ წინასაარჩევნო კამპანია. მინდა აღვნიშნო, რომ ხალხი, როგორც ყოველთვის, “მარშრუტკებითა” და ავტობუსებით ჰყავდათ ჩამოყვანილი.
- ზოგადად ხალხის განწყობა როგორი იყო, გამოხატავდნენ თუ არა თქვენ მიმართ აგრესიას?
- ხალხს 20-20 ლარს ურიგებენ, ეს მათი მეთოდია. ასე ჰყავდათ ჩამოყვანილი “მარშრუტკებით”. ამას ჩემი თვალით ვხედავდი. სენაკელი იყო დაახლოებით 10 ადამიანი, დანარჩენი სულ ჩამოიყვანეს. გულწრფელად საცოდაობა იყო. გამახსენდა “დათა თუთაშხია”. აგრესია იყო, რადგან ფაქტობრივად ვეღარ გააგრძელეს მათი ეს ღონისძიება. ძალიან ცუდად გახდნენ. როდესაც ქალბატონი ჩამობრძანდა და გზა გააგრძელა, ჩვენც წამოვედით.
შეძახილებით გვაცილებდნენ, იყო აგრესია, თუმცა, მე ამ ხალხზე საცოდაობის შეგრძნების მეტი არაფერი მაქვს. იმიტომ, რომ მართლა საცოდაობაა, რომ ჩემი ქვეყნის ხალხი ამ მდგომარეობაშია და თან ვფიქრობ, რომ არაფერი ეშველებათ. ამიტომ მათი შეძახილებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. არც ვიცი, რას იძახდნენ.
- თუმცა, ექსპერთა უმრავლესობა ზუგდიდში სწორედ სანდრა რულოვსის გამარჯვებას პროგნოზირებს. თქვენ რა განწყობა დაინახეთ იქაურ საზოგადოებაში?
- სამეგრელოში ჯანსაღი ხალხი ცხოვრობს. ერთადერთი, სადაც ასეთი განწყობაა, ეს ზუგდიდია. ესეც იმიტომ, რომ იქ ახალაიების კლანი ცხოვრობს. არ მგონია, რომ სამეგრელოს არ ეყოს გონება და “ნაციონალებმა” გაიმარჯვონ იქ. ასეთი რამ ნამდვილად არ მოხდება.
- ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” კანდიდატის სასარგებლოდ ვაკეეში თქვენი კანდიდატურა მოხსენით. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- ჩემი კანდიდატურა მოვხსენი ბიძინა გეგიძის სასარგებლოდ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი მთელი 9 წელიწადი. არ შემეძლო მის წინააღმდეგ მებძროლა და მით უმეტეს, ამით “ნაციონალურ მოძრაობას” ესარგებლა.
- პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებთ?
- კი, ვაგრძელებ. ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას და ბოლომდე ასე გაგრძელდება. უბრალოდ, მწირი ფინანსების გამო ვერ ვაწარმოეთ წინასაარჩევნო კამპანია ისე, როგორც საჭირო იყო. არ ვიყავით კვალიფიციური პარტია და დაფინანსება არ გვქონდა. ბვერი შემოთავაზება იყო ფულის, თუმცა, ჩვენ არ გავიყიდეთ ისეთ ფულზე, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი იყო.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
არჩევნები და ჩხუბი პირდაპირ ეთერში
მარიამ ელიაშვილი
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ვითარება წინა არჩევნებთან საკმაოდ მშვიდია და დაძაბულობა ნაკლებია. თუმცა, ამ ფონზე უკვე მოხდა რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება ამა თუ იმ პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა მონაწილეობით, თანაც – პირდაპირ ეთერში.
“გამოდი გარეთ, ვინ გგონია შენი თავი, შე…” – ეს სიტყვები 1-ელ ოქტომბერს რადიო “ჰერეთში” შეცვენილი დაუდგენელი პირებისგან ერთ-ერთს ეკუთვნის. მან ფიზიკური შეურაცხყოფა რადიოს სტუმარს, მოძრაობის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლაგოდეხის დეპუტატობის კანდიდატ ლაშა დვალიშვილს მიაყენა.
როგორც პირდაპირ ეთერში განაცხადეს, დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ პირადი ურთიერთობა გახდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, შემოჭრილი უცნობი სვამდა კითხვას – “რატომ დაუმესიჯე ჩემს ცოლს?”.
რადიო “ჰერეთმა” მოგვიანებით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისმის შეურაცხმყოფელი სიტყვები დვალიშვილის მისამართით, რასაც მისი მხრიდან გაურკვეველ საკითხებზე თავის მართლების ფრაზები მოჰყვება – “წყალზე ვკითხე, ძმაო, რას მელაპარაკები. შვილებს ვფიცავარ, ჩემი… თუ რამე იყოს, რას ლაპარაკობ, ჩემო ძმაო. ჩემი ორი შვილის სიცოცხლეს ვფიცავარ, თუ რამე იყოს “. თუმცა, მოგვიანებით ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბრისას მან განაცხადა, რომ რადიო “ჰერეთში” შეჭრილ პირებს არ იცნობს: “რადიოში მომხდართან დაკავშირებით იყო გამოკითხვა, მე არავისთან პრეტენზიები არ მაქვს, პირველად ვნახე ის ადამიანები”, – განაცხადა დვალიშვილმა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით 1-ელ ოქტომბერს ლაშა დვალიშვილი ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
გასულ კვირას მომხდარი ეს ინციდენტი ამ საარჩევნო კამპანიისას ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არაა. ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის გადაცემა “საპარლამენტო არჩევნები 2016″-ში ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელ ვეფხია გურგენიშვილსა და თოფაძის პარტიის წევრ ფოლად ხალილოვს შორის დაწყებული დებატები ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. თავდაპირველად, კამათი ბიძინა ივანიშვილზე საუბრით დაიწყო. ფოლად ხალილოვმა მას “ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი” უწოდა, რაზეც ოპონენტმა უპასუხა, რომ “ეს არის თოფაძის რეალური სახე” და რომ ისინი რეალურად ისევ ივანიშვილის მხარდამჭერები არიან.
კამათი უფრო გამწვავდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრისას. ტელეწამყვანი მოწვეული სტუმრების დამშვიდებას შეეცადა, თუმცა, გურგენაშვილი არც ჟურნალისტს მოერიდა და ხმამაღალი ტონით განუცხადა – “მაშინ არ მოგეწვიათ ეს არარაობა”. შემდეგ, ოპონენტის მისამართით დედის გინება და ყვირილი განაგრძო – “ახლა ამ ჭიქას ჩაგამტვრევ თავში, ბიჭო. არაკაცი ხარ შენ, ვიღაცა ხარ! უზრდელი ეს”.
ფოლად ხალილოვმა საპასუხოდ მას კალამი ესროლა, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება მსოფლიოს მრავალმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა, მათ შორის – “სიენენმა” და “ევრონიუსმა”.
მსგავს ინციდენტში გოგი თოფაძის პარტიის კიდევ ერთი წევრი, ზაზა აგლაძეც გაეხვა. ის ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში ფიზიკურად დაუპირისპირდა მოძრაობის “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ღლონტს. კამათი ჟურნალისტის მიერ ღლონტის მისამართით დასმულმა კითხვამ გამოიწვია. კითხვა იმ პარტიების აკრძალვას ეხებოდა, რომელთაც მან “პოლიტიკური კიკუები” უწოდა. “მე კიკუებს მათ ვეძახი, ვისთვისაც სულერთია, რა პოზიციას გააცხადებს. მე ყველას ხელაღებით ამას არ ვეტყვი, არც ბატონ ზაზას არ ვაკადრებ ამას. აი, გოგი თოფაძის პარტიის სახელით რომ მელაპარაკებოდეს, ცოტა სხვა მიმართულებით ვისაუბრებდი”, – განმარტა ღლონტმა.
ზაზა აგლაძემ კი უპასუხა, რომ სწორედ თოფაძის პარტიის სახელით ელაპარაკება.
“გოგი თოფაძის პოზიციები არის რუსული წისქვილის წყალზე დამსხმელი”, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა, რასაც აგლაძის მწყობრიდან გამოყვანა და ოპონენტის მისამართით ჭიქის სროლა მოჰყვა. “ანუ, ჩვენ კიკუები ვართ, ბიჭო, გოგი თოფაძეა კიკუ?” – იყვირა და საცემად გაიწია. ჭიქის სროლა უპასუხოდ არც ღლონტს დაუტოვებია: “ვინ გითხრათ კიკუები ხართო?” – იკითხა მან და ჭიქა მოუქნია. ამის შემდეგ ჩხუბმა სტუდიის კულისებში გადაინაცვლა და როგორც ჩანაწერში ისმის, ნივთების მსხვრევა და გინება კადრს მიღმა გაგრძელდა.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ირაკლი ჩიქოვანთან: „ზუგდიდში ჩემი კონკურენტია ადმინისტრაციული რესურსი და არა ვინმე სხვა“
თიკო ოსმანოვა
“თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს მის კონკურენტად ის არაჯანსაღი საარჩევნო გარემო მიაჩნია, რომელიც, მისი თქმით, ზუგდიდში ჯერ კიდევ არსებობს.
ირაკლი ჩიქოვანი: 3 ძირითადი დაპირება მაქვს – ვიქნები ძლიერი, გამოცდილი ზუგდიდის წარმომადგენელი; ასევე შევქმნი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრს და ვაპირებ ვიბრძოლო იმისათვის, რომ ზუგდიდს ჰქონდეს სამეგრელოს ტურისტული ცენტრის სტატუსი. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და დადიანების სასახლეს ერთიანობაში წარვადგენ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისაღებად.
- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?
- ჩემს კონკურენტად მიმაჩნია ის არაჯასაღი საარჩევნო გარემო, რომელიც სამეგრელოშია. სამწუხაროდ, ისევ არსებობს. ჩემი კონკურენტია ადმინისტრაციული რესურსი და არა ვინმე სხვა.
- რას იტყვით სანდრა რულოვსზე?
- სტუმარი ღვთისაა – როგორც მოსვლით გაგვახარა, ალბათ, ისე წასვლითაც გაგვახარებს. არ მინდა დავკავდე ჰიპოთეტური პროგნოზით, იმიტომ, რომ საქართველოში ეს უმადური საქმეა.
- რაც შეეხება მმართველი პარტიის კანდიდატს?
- მერაბ ქვარაიას პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს და სხდასხვა ფერად არის მისი ისტორია შეღებილი, პარტიულ ფერებს ვგულისხმობ. მის იდეოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით ნამდვილად არ შემიძლია რამე ვთქვა. ის “ქართული ოცნების” კანდიდატია და კენჭს იყრის 41-ე ნორმით – ამის მიღმა კონკრეტული საქმეები და დანაპირები მასში ვერ დავინახე მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი ხანია, ვიცნობ.
- და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ზუგდიდელების გულის მოგებას მაშინ, როცა 2012 წელს თქვენმა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გამარჯვება ვერ მოახერხა?
- “თავისუფალმა დემოკრატებმა” დავანახეთ ჩვენი პრინციპულობა. ვართ საქმის გამკეთებლები. მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობისა და თანამდებობისა, შეგვძლია პრინციპების ერთგულები ვიყოთ. მე მგონი, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა, შევძელი ზუგდიდის მოსახლეობისთვის დამემტკიცებინა, რომ ვიქნები მათი ღირსეული წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებაში. შევძლებ გავიტანო ბოლომდე ჩემი ქალაქის სატკივარი და დავიცვა მათი ინტერესები.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მერაბ ქვარაიასთან: „ოცნების“ კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავთ“
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნების” კანდიდატი ზუგდიდში მერაბ ქვარაია კი დარწმუნებულია, რომ სამეგრელოში მმართველი პარტიის” კანდიდატები გაიმარჯვებენ. მისი თქმით, “ოცნების” კანდიდატებს ალტერნატივა არ ჰყავთ.
მერაბ ქვარაია: ჩემი წინასაარჩევნო დაპირება 3 კონკრეტული საკითხით შემოიფარგლება. პირველი – ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდს რეალურად არ ჰყავდა მოქმედი მაჟორიტარი, რომელიც თავისი ამომრჩევლის დამხმარე ფუნქციით იქნებოდა დატვირთული. როგორც კი გავხდები დეპუტატი, შევქმნი ბიუროს, რომელიც იქნება ძალიან აქტიური, კონტაქტური. მოსახლეობას შეეძლება ამ ბიუროში მისვლა იმ საჭიროებებით, რომლებიც მათ წინაშე დგას. ვიქნები შუამავალი ხალხსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
მეორე – ვიქნები აქტიური მხარდამჭერი თვითმმართველობისა და იმ პროექტებისა, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქ ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში. ვიქნები ლობისტი, რომ, რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს ჩვენს ქალაქში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს რეგიონს განვითარებისთვის. მესამე – ვაპირებ, ვიყო ძალიან აქტიური საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით. ვარ ეკონომისტი, იურისტი, სამეცნიერო გზა მაქვს გავლილი და შესაბამისად, ვიქნები აქტიურად ჩართული ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე ვგეგმავ, ვიყო ახალგაზრდული პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი და ვაპირებ, ვიმუშაო დედათა და ქალთა პრობლემებზე, რომელზეც ვფიქრობ, რომ დღეს არცთუ ისე მნიშვნელოვანი ყურადღდება ეთმობა.
- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?
- ყველა კონკურენტი პატივსაცემია, ანგარიშგასაწევია, მაგრამ “ქართული ოცნების” კანდიდატები სამეგრელოში უალტერნატივონი არიან. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ ყველა მუნიციპალიტეტში.
- ანუ ფიქრობთ, ზუგდიდში სანდრა რულოვსი დამარცხდება?
- “ოცნების” კანდიდატები ამ არჩევნებში არიან უალტერნატივო.
- თქვენს ყოფილ თანაგუნდელ ირაკლი ჩიქოვანზე რას იტყვით?
- ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი გავეცი. საარჩევნო მარათონში თითქმის ყველა პარტიაა ჩართული, თითოეულ მათგანს პატივს ვცემ, თუმცა, “ქართული ოცნების” კანდიდატებს ალტერანტივა არ ჰყავთ.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ნინო წილოსანთან: „გურიისა და გურულების სიყვარულში, მათდამი ერთგულებასა და თავდადებაში კონკურენტი არ მყავს“
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი კონკურენტად არავის მიიჩნევს. ამბობს, რომ გურიისა და გურულების სიყვარულში, მათდამი ერთგულებასა და თავდადებაში კონკურენტი არ ჰყავს. დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.
ნინო წილოსანი: ამ კუთხესთან ბევრი რამ მაკავშირებს – წარმომავლობა, ბავშვობა, ახლობელი ადამიანები, უამრავი დადებითი ემოცია. ამიტომ, გურია ჩემთვის არც მხოლოდ საარჩევნო ოლქია და არც გურულები არიან მხოლოდ ამომრჩევლები. მათთან პირნათელი ყოფნა პირველ რიგში ჩემი ადამიანური ღირსების საქმეა, მერე კი – მოვალეობა. მართალია, საარჩევნო კამპანიაში ერთი თვეა ჩავერთე, მაგრამ ამ კუთხის პრობლემებს ადრეც საკმაოდ კარგად ვიცნობდი. საქველმოქმედო საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ჩამოვდიოდი აქ, ვინტერესდებოდი, რა აწუხებდათ და შეძლებისდაგვარად გვერდში ვედექი.
მჯერა, რომ გურულები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ სიბრძნეს და ნდობას გამოუცხადებენ “ქართულ ოცნებას” და მის კანდიდატს, რათა დაწყებული სასიკეთო პროცესები გაგრძელდეს. ყველა სოფელს თავისი კონკრეტული პრობლემები აქვს, რომლებიც აუცილებელ მოგვარებას ითხოვს. ვიქნები თითოეული მოსახლის ხმა პარლამენტში, იქ, სადაც მათი კეთილდღეობის საქმე უნდა გადაწყდეს. მეც თითეული გურულივით მინდა და მჭირდება ახალი გზები, ახალი საბავშვო ბაღები და სკოლები, სხვადასხვა ფუნქციური დაწესებულება, წარმოების ამოქმედება, სამეურნეო საქმის აყვავება. მათ ვპირდები და აუცილებლად შევძლებთ, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ პროფესიონალები, რისთვისაც ავაშენებთ ახალ ამბულატორიებს; ყველა ოჯახს ექნება საკუთარი ჭერი, რაც “ქართული ოცნების” სოციალური მიმართულების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია; პენსიონერს ექნება ღირსეული ცხოვრება თავისი პენსიით; შეიქმნება სამუშაო ადგილები, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს, საკუთარი შემოსავლით იცხოვრონ; გაზის, შუქისა და წყლის საკითხები საბოლოოდ გადაიჭრება; ინტერნეტი ექნება ყველა სოფელს. ამ საპასუხისმგებლო საქმეში მე პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარ, ძლიერ გუნდთან ერთად ვარ. “ქართულმა ოცნებამ” ეს ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო და ახლა უფრო მეტი შემართებით გეგმავს გაგრძელებას. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ხმით სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობა უნდა ავირჩოთ.
- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?
- გურიისა და გურულების სიყვარულში, მათდამი ერთგულებასა და თავდადებაში კონკურენტი არ მყავს.
- რას იტყვით “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატზე?
- ვფიქრობ, რომ ჩემს მოსაზრებაზე მნიშვნელოვანი ხალხის დამოკიდებულება და მათი საბოლოო არჩევანია. მჯერა, რომ ეს არჩევანი გონივრული იქნება.
- გავრცელებული ინფორმაციით, ჭკუასელის ჩანაცვლება “ოცნებამ” რეგიონში არსებული დაბალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ – შეძლებთ გამარჯვებას?
- ამ ცვლილების შესახებ პრემიერმა და თავად თემურ ჭკუასელმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს. სხვა მოსაზრება თუ მიზეზები საფუძველს მოკლებულია, რის გამოც კომენტარს, ცხადია, ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება გამარჯვებას, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან 8 ოქტომბერს იმარჯვებს არა კონკრეტული კანდიდატი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომლის კეთილდღეობის გარანტი სწორედ “ქართული ოცნებაა”.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ „ნაციონალ“ ნინო კვიტაიშვილთან: „ჭკუასელის ჩანაცვლება გურიაში „ოცნების“ პირველი მარცხი იყო… ვფიქრობ, ნინო წილოსანს დავამარცხებ“
თიკო ოსმანოვა
გამარჯვებაში დარწმუნებულია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი. მმართველი პარტიის კანდიდატს სუსტ პოლიტიკოსად მიიჩნევს და შესაბამისად, ფიქრობს, რომ 8 ოქტომბერს მისი დამარცხება არ გაუჭირდება.
ნინო კვიტაიშვილი: ლანჩუხთსა და ჩოხატაურში პრობლემები ერთგვაროვანია – ეს არის სასმელი წყლის, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პრობლემა. გარდა ამისა, შიდა გზების სერიოზული პრობლემებია, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. სოფლის პროექტებში არსებული თანხები აშკარად არამიზნობრივად არის დახარჯული. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ეს საკითხებია გადასაჭრელი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ჰქონდა სოციალური შემწეობა და ამ ხელისუფლების პირობებში მოეხსნათ და ბუნებრივია, ამაზე სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტების დაფინანსება ან არსებული პროექტების გაგრძელება. ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ბახმაროს განვითარების გაგრძელება. იმიტომ, რომ 2012 წელს რაც გაკეთდა, მას შემდეგ იქ არაფერი გაკეთებულა. შესაბამისად, საერთაშორისო დონის კურორტულ ცენტრად უნდა ვაქციოთ, იმიტომ, რომ ამის სრული პოტენციალი გააჩნია.
- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?
- ჩემს მთავარ კონკურენტად, სიმართლე გითხრათ, ის გამოწვევები მიმაჩნია, რომლებიც ჩემ წინაშე დგას. რა თქმა უნდა, თანაბარ მნიშვნელოვნად ვაფასებ ზოგადად ყველა კონკურენტს. პიროვნულ ღირსებას არ ვეხები და შესაბამისად, ყველა კონკურენტი თანაბარი ძალით იბრძვის.
- რას იტყვით მმართველი პარტიის კანდიდატ ნინო წილოსანზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას ახალხან შეუერთდა?
- საერთოდ მივიჩნევ, რომ ჭკუასელის ჩანაცვლება “ოცნებისთვის” იყო პირველი მარცხი ამ არჩევნებში. თავიდან წარადგინეს ჭკუასელი, როგორც ყველაზე ღირსეული. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, რომ მე მას ძალიან ვუსწრებდი ეს მათ შიდა კველევის შედეგად დაადგინეს და ჩანაცვლდა ქალი კანდიდატით. მის პიროვნებას არ ვაფასებ, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, ძალიან სუსტ პოლიტიკოსად მივიჩნევ მისი საჯარო გამოსვლებიდან და კონკრეტული საკითხებისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მას აკლია ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს ესაჭიროება.
- აქედან გამომდინარე ფიქრობთ, რომ შეძლებთ კონკურენტის დამარცხებას?
- ჭკუასელის ჩანაცვლება წილოსანით იმ ფონზე, როცა მისი ოჯახის წევრები ბრალდებულები არიან, ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუმცა, ნათელია, რა თამაშთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, როგორც მე ვხედავ ამას სწორად, ისე ხედავს საზოგადოებაც. ამიტომ მივიჩნევ, რომ გარდა მცირე სამთავრობო რესურსის გამოყენებისა, მას სხვა რესურსი არ გააჩნია. ვფიქრობ, წილოსანს დავამარცხებ.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი
პოლიტოლოგის პროგნოზი:
ჩანაცვლება კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე – ვის აირჩევს გურია
თიკო ოსმანოვა
ლანჩხუთსა და ჩოხატაურში საპარლამენტო მანდატისთვის 10 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის – მმართველი პარტიის ახალი სახე ნინო წილოსანი, რომელმაც ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი თემურ ჭკუასელი ახალხან ჩაანაცვლა. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც გვიან დაიწყო. თუმცა, მისი კონკურენტების მსგავსად, გამარჯვებაში დარწმუნებულია. კატეგორიულად გამორიცხავს იმ მოსაზრებას, რომ ჭკუასელის ჩანაცვლება პარტიამ გურიაში არსებული დაბალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა.
საბოლოოდ ვისკენ გადაიწევა სასწორის პინა, სულ რაღაც 5 დღეში გაირკვევა.
გურიის რეგიონთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს. ამბობს, რომ ოლქების 80%-ში მეორე ტური იქნება, თუმცა, კონკრეტულად ამ რეგიონში რამდენადაა მოსალოდნელი მეორე ტური – ძნელი სათქმელია.
“მაჟორიტარი კანდიდატების შეფასება ძალიან გამიჭირდება, იმიტომ, რომ ამის შესაფასებლად უნდა იცნობდე იმ სიტუაციას, რაც არსებობს ამა თუ იმ რეგიონში. რადგან პარტიასა და ზოგადად მაჟორიტარი კანდიდატის რეიტინგი ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავდება. ამ შემთხვეაში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ამა თუ იმ პირს რა რეიტინგი აქვს ამა თუ იმ ქალაქში.
“გამიჭირდება იმის თქმა, თუ რატომ მოხსნა ჭკუასელმა თავისი კანდიდატურა და რატომ ჩაერთო ამაში ნინო წილოსანი. თუმცა, აქ ასევე გასათვალისწინებელია ერთი მომენტი, რომელიც ვარაუდის დონეზე უნდა ითქვას – ლანჩხუთი და ჩოხტაური ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებულია. ჩოხატაური მთაგორიანი რაიონია და შესაძლოა, ჭკუასელს ასაკის გამო გაუჭირდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა და სოფელ-სოფელ სიარული”, – განუცხადა “მთელ კვირას” ძაბირაძემ და დასძინა, რომ საქართველოში ერთსა და იმავე რაიონში მაჟორიტარის მეორედ გამარჯვების შანსი მინიმალურია.
“ერთი რამეც გასათვალისწინებელია – ჩვენთან ისეთი ვითარებაა, რომ იმავე რაიონში მეორედ მაჟორიტარი კანდიდატის გამარჯვების შანსი საკმაოდ დაბალია. იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა მაჟორიტარს აღიქვამს, როგორც გამგებლის უფროსს. შესაბამისად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა რაც არ უნდა გააკეთოს, იმაზე მეტს ითხოვენ დეპუტატისგან, რომელსაც ამის არც ბერკეტები გაჩნია და არც უფლებამოსილება.
“ამიტომ ჭკუასელი უკვე იყო ერთგზის მაჟორიტარი და არ მგონია, მის მიმართ მოსახლეობის მხრიდან აღფრთოვანება ყოფილიყო.
“მთლიანად საქართველოში ოლქების დაახლოებით 60-80%-ში იქნება მეორე ტური და ამათგან, ყველგან ერთ-ერთი კანდიდატი მმართველი პარტიის იქნება. სხვა ვინ იქნება – ვერ გეტყვით, არჩევნებზე გამოჩნდება.
“კონკრეტულად ჩოხატაურში იქნება თუ არა მეორე ტური, ნამდვილად ვერ გეტყვით. გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება”, – გვითხრა ძაბირაძემ.
“მთელი კვირა” ლანჩუხთსა და ჩოხატაურში საპარლამენტო მანდატისთვის “მებრძოლ” კანდიდატებს – მმართველი პარტიის წარმომადგენელ ნინო წილოსანსა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ნინო კვიტაიშვილს დაუკავშირდა. ორივე მათგანი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
——————–
„ახალი თაობა“, 01 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „რუსთაველზე კარვები გასაშლელად უკვე მზად არის“ // „მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს საკუთარი თავი შესთავაზა“
რა სცენარით აპირებს ნაცმოძრაობა მოქმედებას, ვინ გამოვა 5 ოქტომბერს ქუჩაში, რა მესიჯი გაუგზავნა სააკაშვილმა პუტინს ამერიკიდან? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
- უკრაინელი ჩინოვნიკი, საერთაშორისო მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში იქაურ ქართველებს შეხვდა. შეხვედრაზე მან ბევრი სისულელე თქვა, სიამაყით განაცხადა, პუტინი მე რაღაცებს მითმობდა და მხვდებოდა, ივანიშვილს კი თავს არ უყადრებს, რადგანაც თავის მონად მიაჩნიაო.
- ამ შემთხვევაში მართალია სააკაშვილი – ბიძინა ივანიშვილს მართლაც არ შეხვედრია პუტინი...
- რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა და დიალოგი თავად საქართველოს ხელისუფლებამ არ მოისურვა. ამ მიშიკოს კიდევ რაღა არჩევნების წინ გაახსენდა პუტინი? რუსეთის პრეზიდენტი იმიტომ გაიხსენა, რომ ყელში ჰყავს გაჩხერილი მას ჩვენი პარტია. ჩვენი პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე წავიდა და შეხვდა პუტინს. მის ამ განცხადებას სხვა ქვეტექსტიც აქვს. მისი ეს განცხადება რუსეთის ხელისუფლების მისამართითაც არის გაკეთებული. მიშიკო კრემლს ეუბნება, მე კარგი ბიჭი ვიყავი, პუტინიც კი მხვდებოდაო.
- რუსეთის ხელისუფლების მისამართით არის გაკეთებულიო და მიზანი რა არის, თავს სთავაზობს ის რუსეთის ხელისუფლებას და მათგან მხარდაჭერას ითხოვს?
- ხელისუფლებაში დაბრუნება ისე უნდა, თავს შესთავაზებს კი არა, რომ დასჭირდეს, საკუთარი ოჯახის წევრებს ცოცხლად გააძრობს ტყავს. პუტინი კი არა, რუსეთის ხელისუფლების რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი ხელისუფლებაში დაბრუნებას რომ შეჰპირდეს, დაოთხილი ჩავა. არ ჩასულა მოსკოვში, არ უმათხოვრია თუ რა? რუსეთს მაშინ ემათხოვრება, როცა ძალიან უჭირს. ახლაც სიამოვნებით წავა რუსეთში.
მისგან განსხვავებით, ჩვენი ლიდერი იქ ღიად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად მიდის. ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ესაუბრება რუსეთის პირველ პირებს. სააკაშვილი და მისი გუნდი რუსებთან იმიტომ გარბიან, რომ ქვეყანას უღალატონ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, საერთაშორისო ფორუმებზე ტუალეტებთან და კაფეებთან როგორ უსაფრდებოდა მსოფლიო ლიდერებს. აგვისტოს ომის შემდეგ მისთვის ხელის ჩამორთმევა არავის სურდა, ეს მათ წინ ხვდებოდა და ისინიც იძულებული იყვნენ, სააკაშვილისთვის გამარჯობა ეთქვათ. მის მიერ კონტროლირებადი მედია ნაძალადევად ხელის ჩამორთმევას საქმიან შეხვედრად ასაღებდა. სააკაშვილი ასეთი ყალთაბანდია და მე რა ვუთხარი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანას ვერაფრით მოაშორა ჭირი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია.
- ამბობენ, ამას ჩვენც ძალიან განვიცდით, მაგრამ დასავლეთმა არ მოგვცა დამნაშავეების დასჯის უფლებაო...
- ვერც ამერიკის შეერთებული შტატების და ვერც რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩი მათ დაფარვას ვერ გაბედავდა, „ქართულ ოცნებას“ მამხილებელი დოკუმენტები რომ წარედგინა. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩვენ გამოვამზეურებთ იმ სიბინძურეებს, რაც სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა ჩაიდინეს. ეს კარგად იცის ოდესის ოლქის გუბერნატორმა და ამიტომაც გამუდმებით ჩვენს ხსენებაშია. მისი ადგილი არის ციხეში და მას აუცილებლად ჩავაყუდებთ იქ. მისი და მისი დამქაშების გასამართლების გარეშე სამართალი ვერ იზეიმებს. პარტიის ლიდერებმა და „ისპალნიტელებმა“ პიჯაკები ჩაიცვეს, მაგრამ არაფერი გამოუვათ, პიჯაკებიდან კალაშნიკოვები და სისხლიანი ხელები უჩანთ.
- მიხეილ სააკაშვილს დავიჭერთო, ამბობთ, მან კი ამერიკაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას არასდროს დაუჭერია პოლიტიკოსები, მათ შორის არც ნინო ბურჯანაძე, რომელმაც, მისი თქმით, 26 მაისს სისხლიანი პროვოკაცია მოაწყო...
- პოლიტიკოსი რატომ არ უნდა დაიჭირო, პოლიტიკოსობა იმუნიტეტი კი არაა. თუ ამ სახელს ყაჩაღი და მკვლელია ამოფარებული, უნდა დაიჭირო. ასევე ისეთივე მოღალატეც უნდა დააპატიმრო, როგორიც სააკაშვილია. კაცი ვითომ ქურდებს ებრძოდა და თავად გახდა ნომერ პირველი ბაცაცა და ყაჩაღი.
ახლა რაც შეეხება პოლიტიკოსების დაკავებას, მინდა, ყველას გავახსენო, რომ ირაკლი ბათიაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ერთი სატელეფონო ზარისთვის. მან კოდორის მოვლენების დროს ემზარ კვიციანს დაურეკა და საუბრის ბოლოს უთხრა, ცუდი არაფერი მოხდეს, გამაგრდით, ბიჭებოო. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ნდობის მანდატი ისე ამოწურა, რომ მათი ერთადერთი დასაყრდენი ის ზიზღია, რაც ქართველებს ყოფილი ხელისუფლების მიმართ აქვს. ამიტომ არის, რომ პერიოდულად წამოსწევენ ხოლმე მიშას დაბრუნების თემას.
- თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილს დაბრუნება არ უნდა და ამას `ოცნება~ ხალხის დასაშინებლად იგონებს?
- სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა, მაგრამ ამ თემით „ქართული ოცნება“ სარგებლობს, თორემ ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვამბობდი – სააკაშვილს როგორც კი საშუალება მიეცემა, აქედან წაღებული ფულით საქართველოში არეულობას დაგეგმავს და დაბრუნებას შეეცდება-მეთქი. ამისთვის მან ნიადაგიც მოამზადა, არასამთავრობოები და ახალგაზრდული ორგანიზაციები შექმნა, უმაღლეს სასწავლებლებში შევიდა, როგორც კიბო. უკრაინაში მას ჰყავს შეიარაღებული ფორმირება, რომლის წევრებიც მზად არიან, საქართველოში ჩამოვიდნენ. ეს ამბავი მე თუ ვიცოდი, ხელისუფლებას არ უნდა სცოდნოდა? ახლა რომ მოინდომეს ყველაფერი, იარაღების სამალავები გათხარეს და ხალხს ზაფრავენ _ სააკაშვილი მოდისო. თქვე მართლა ჩაჩნებო, მისი ჩამოსვლა თუ არ გინდოდათ, სად უშვებდით, აქ არ გყავდათ? ან ახლა რომ იბარებთ გია ლორთქიფანიძეს, აქ არ იყო? კაცზე საქმე იყო აღძრული და ქვეყნიდან გაუშვით. ვის ატყუებთ? მსგავსი მეთოდები არ გავა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილს მათ შესაცვლელად რესურსი არა აქვს, თორემ საქართველოში ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა.
- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რესურსი არა აქვსო? თავად არ თქვით, ნიადაგი მოამზადა და შეიარაღებული ჯგუფიც კი ჰყავსო?
- ნიადაგი მომზადებული აქვს და არც უფულობას უჩივის, მაგრამ ხალხის სათანადო მხარდაჭერა არ აქვს. იმიტომ ვუხდით სპეცსამსახურებს ფულს, რომ ასეთი რამეები ადრევე აღკვეთონ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არ დაიწყონ ფაფხური.
- ხალხის სათანადო მხარდაჭერაში რას გულისხმობთ?
- იმ ოდენობის ხალხი არ უჭერს მხარს, რაც მისი სცენარის განხორციელებისთვის არის საკმარისი. ეს მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, დიდი ხნის წინ შეცვლიდა ხელისუფლებას. გაზეთებს სპეცსამსახურების წარმომადგენლები კითხულობენ და მინდა ვუთხრა, თუ რა სცენარით აპირებს სააკაშვილი მოქმედებას. მას და მის გუნდს რამდენიმე სცენარი აქვთ შემუშავებული. თუ მისთვის საჭირო რაოდენობის ხალხის გამოყვანა შეძლო, მათ ჩაიყვანს სარფში, თავად საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის გავლით შემოვა, ამ ხალხის შუაში ჩადგება და ასე ჩამოვა თბილისში. 100.000 კაცთან გამკლავებას ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს და ვერც სააკაშვილს დააკავებენ. მეორე ვერსიით, ოდესის გუბერნატორი თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდება. ათეულობით ათასი მომხრე მას იქ დახვდება და რუსთაველზე მიიყვანენ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ პანღურებით გამოყრიან კაბინეტებიდან, შემდეგ კი ციხეებში ჩაყრიან.
- თქვენ ფიქრობთ, რომ თუ 100.000 მხარდამჭერს ვერ მოაგროვებს, საქართველოში არ ჩამოვა?
- თუ მის ფსიქოტიპს გავითვალისწინებთ, სხვა შემთხვევაში საქართველოში დაბრუნებას ვერ გაბედავს.
- 5 ოქტომბერს ყოფილი ხელისუფლება გრანდიოზული აქციის გამართვას აპირებს ვარდების მოედანზე. „ოცნებას“ ამ აქციის ძალიან ეშინია და ვარაუდობს, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება...
- არანაირი გადამწყვეტი არ იქნება. ახლავე გეტყვით, რომ ნაციონალები საჭირო ოდენობის ხალხს ვერ გამოიყვანენ. ამ აქციაზე ხელფასზე მყოფ კოორდინატორებს, აგიტატორებს, უბნისა და ზონის უფროსებს, თავიანთ ცოლებს, საყვარლებს, საყვარლების საყვარლებს, ძაღლებისა და კატების მომვლელებს, მძღოლებს, პარიკმახერებსა თუ სტილისტებს გამოიყვანენ. რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბება, იხტუნავებენ და წავლენ.
ექსკლუზიურად გეუბნებით, ყველაფრის მიუხედავად, კარვები აქვთ გამზადებული – თუ სიტუაცია შეიცვალა, უცბად რომ დასცენ რუსთაველზე. გამზადებული აქვთ რაღაც სამკლავურებიც. მზად არიან მათი მედიაჯგუფები. ისინი მოვლენებს ისე გააშუქებენ, თითქოს ყოფილი ხელისუფლება დემოკრატიის დასაცავად გამოვიდა ქუჩაში. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ სცენარია და მას ამ ეტაპზე განხორციელება არ უწერია. თუ ხელისუფლებამ გააგრძელა ნამდვილი ოპოზიციისა და მათ შორის ჩვენი პარტიის შევიწროება, მაშინ ნაციონალებს წინ აღარავინ დაუდგება.
- რა შევიწროებაზე საუბრობთ?
- შევიწროებაა, აბა რა არის, კუთვნილი საეთერო დრო წაგვართვეს, ჩვენთვის განკუთვნილი უფასო სარეკლამო დრო იმ პარტიებს გადაუნაწილეს, რომლებიც ჯერ კოალიციაში შეიფარეს, შემდეგ კი იქიდან კინწისკვრით გამოყარეს. შევიწროებაა, როცა კუთვნილ თანხას არ გვაძლევენ, გვეუბნებიან, ფული გეკუთვნით, მაგრამ არჩევნების შემდეგ მიიღებთო. არჩევნების მერე რად გვინდა? პლაკატები რომ დაგვებეჭდა, ვალები ავიღეთ. „ქართულ ოცნებას“ რა უჭირს, ბიძინა ივანიშვილმა ასესხა მილიონი.
- სხვა სახის შევიწროებას თუ აქვს ადგილი, იმავე მთაწმინდის ოლქში, სადაც მაჟორიტარად იყრით კენჭს?
- მთაწმინდაზე განსაკუთრებული არაფერი ხდება, პლაკატების ჩამოხევის გარდა.
- ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თუ ცესკო მათთვის სასურველ შედეგს არ დადებს, ისინი ქუჩაში გამოვლენ...
- ამაზე წინასწარ საუბარი სწორი არ იქნება. ერთ რამეში, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენ სამშობლოს გამყიდველებთან, ნაციონალების სატელიტ 0%-იანებთან და თახსირ პოლიტიკოსებთან არ ვითანამშრომლებთ.
- ანუ, რაც არ უნდა მოხდეს, ქუჩაში არ გამოხვალთ?
- თუ მოხდა გაყალბება, ჩვენს ხმებს აუცილებლად დავიცავთ და სათქმელსაც ვიტყვით. არა მგონია, ისე გამოსულელდეს ხელისუფლება, რომ საქმე აქამდე მივიდეს.
„ახალი თაობა“, 01 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ნაცმოძრაობა“ სანამ საკადრის პასუხს არ მიიღებს, რევოლუციაზე უარს არ იტყვის“ // „ქვეყნისათვის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება სასიცოცხლოა“
„ახალი თაობა“ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის“ წარმომადგენელ მანუჩარ მაჩაიძეს.
მანუჩარ მაჩაიძე:
- აღმაშფოთებელია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გაქცეული ლიდერი სააკაშვილი რევოლუციით იმუქრებიან. ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ნაციონალების განცხადებები და მოქმედებები ბოლო 4 წლის განმავლობაში მუქარის შემცველია. ამ დღეებში ამას დაემატა ახალი ჩანაწერი, რომელიც სახიფათო ფრაზებს შეიცავს. ითვლება, რომ ავთენტურობის დადგენამდე ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. ძალიან გაჭიანურდა ამ ჩანაწერის ნამდვილობის დადგენა. რევოლუციასა და ძალადობრივ გეგმებზე ნაცმოძრაობის ლიდერები ამ ჩანაწერამდეც საჯაროდ და გასაგებად საუბრობდნენ.
- ეს, უბრალოდ, მუქარებია თუ მოსალოდნელია მოვლენების რევოლუციურად განვითარება?
- ნაციონალები თუ რაიმე დაპირებას ასრულებენ, ეს მუქარებია. როგორც წესი, ისინი მუქარებს საქმედ აქცევენ ხოლმე. ზოგი თავს იმით იმშვიდებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია და ვერაფერს მოაწყობს. სახელმწიფო გადატრიალებას უამრავი ხალხი არ სჭირდება. პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისე დაამხეს, რომ მასები არ გამოუყენებიათ. პირიქით, მაშინ ხალხი პრეზიდენტს უჭერდა მხარს და გადატრიალების მოწინააღმდეგე იყო. 2003 წელს კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მართალია, შევარდნაძეს ხალხში ცოტა მომხრე ჰყავდა, მაგრამ ქუჩაში მის წინააღმდეგ ბევრი არ გამოსულა. ე.წ. ვარდების რევოლუციისას მიტინგზე, მაქსიმუმ, 50.000 კაცი შეკრიბეს მთელი საქართველოდან.
- ახლაც რეალურია ტექნოლოგიების გამოყენება რევოლუციის მოსაწყობად?
- რა თქმა უნდა. ხელისუფლებამ ამის წინააღმდეგ პრევენციული ზომები უნდა მიიღოს.
- ხელისუფლებამ გააკეთა პრევენციული განცხადებები...
- საჭიროა ქმედითი ზომები კანონის ფარგლებში. არ მესმის, რატომ უყურებს გულხელდაკრეფილი ეს ხელისუფლება ნაცმოძრაობის სამზადისს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ნაცმოძრაობა მხოლოდ სააკაშვილის მმართველობის დროს არ ანგრევდა ქვეყანას და მხოლოდ 2003-2012 წლებში არ უწყობდა გენოციდს საკუთარ ხალხს.
- რა გაქვთ მხედველობაში?
- საკუთარი მოსახლეობისათვის აუტანელი პირობების შექმნა დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ. მაშინ ხელისუფლებაში იმყოფებოდა მოქალაქეთა კავშირი შევარდნაძის ხელმძღვანელობით. ნაცმოძრაობის დღევანდელი ლიდერების ნაწილი მოქკავშირში იყო. იმ დროიდან მოყოლებული, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო დაიცალოს ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ამ პროცესს უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცა. სააკაშვილი აცხადებდა, რომ ქართველი ხალხი ზარმაცია და მუშაობა არ უნდა. შე ოჯახაშენებულო, სამსახურს რომ წაართმევ, როგორღა იმუშავებს? ლუკმაპურის ძიებაში საქართველო დატოვა დაახლოებით 2 მილიონმა მოქალაქემ. ამ ადამიანების უმრავლესობა მონურ მდგომარეობაშია უცხოეთში. ასეთმა მოპყრობამ ერი გადაშენების პირას მიიყვანა. ეს ეწინააღმდეგება გაეროს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის პრინციპებსა და დოკუმენტებს. საერთაშორისო სამართალი კრძალავს ერების მოსპობას და ასიმილაციას. ეს პრინციპები მოქმედებს ცივილიზებულ მსოფლიოში, მათ შორის, ბოშებთან მიმართებით. რატომღაც საქართველოს არ შეეხო ეს ნორმები.
- ასეთი პოლიტიკა შეცდომების შედეგია?
- ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები. საქართველო უნდა დაცლილიყო ადგილობრივი მოსახლეობისაგან. სააკაშვილი აპირებდა აქ სხვების ჩამოსახლებას. ის ამას არც მალავდა. ხალხის გაღატაკებას ხელი შეუწყო ეკონომიკის განვითარების მონეტარულმა მოდელმა, რომელიც შევარდნაძის დროს დაინერგა. ეს მოდელი ზოგიერთ განვითარებულ სახელმწიფოში ამართლებს. საქართველოსთვის ის შეუთავსებელია. ამ პირობებში საჭირო ხდება ლარის კურსზე ზემოქმედება ანუ შეგნებული ინფლაცია. ქადაგიძის დროს ეროვნული ბანკი ნაცმოძრაობის ხელში იყო და მაშინ ლარის კურსის დაცემას სხვა მიზეზებიც განაპირობებდა.
- მიგაჩნიათ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა შესაცვლელია?
- ჩვენთვის სასიცოცხლოა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე იაფი გრძელვადიანი კრედიტების გაცემა მოქალაქეებისათვის. შესამცირებელია სასესხო პროცენტები ბანკებში. `ქართულ ოცნებას~ 2012 წელს ისეთი მძიმე მდგომარეობა დახვდა, რომ მყისიერად სიტუაციას ვერ გამოასწორებდა. მოქკავშირისა და ნაცმოძრაობის მიერ 20 წლის განმავლობაში გაფუჭებულ საქმეს 4 წელიწადში ვერავინ უშველიდა. ყველაზე არაადეკვატური ისაა, რომ ნაცმოძრაობა ეკონომიკურ დაპირებებსა და სიახლეებს სთავაზობს ამომრჩეველს. ნაციონალები ისეთი რიხით ლაპარაკობენ ჩავარდნაზე ეკონომიკაში, თითქოს ეკონომიკა მათი დანგრეული არ იყოს.
- მომავალ პარლამენტში შეიძლება, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა მოხვდნენ?
- არა მგონია. ნაცმოძრაობის რეიტინგი დაახლოებით 7 ან 8%-ია. ამასაც მოსყიდვებით მიაღწია. ასეთ შემთხვევაში, რა გამოვა, დანარჩენი ადგილები მარტო „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიკავოს? პარლამენტში აუცილებლად უნდა მოხვდნენ სხვებიც, განსაკუთრებით, ეროვნული ძალები. თუ ნაციონალური მოძრაობის არაოფიციალური დევიზი იყო „საქართველო ქართველების გარეშე“, ჩვენი დევიზია „საქართველო ყველასათვის“.
- ნაცმოძრაობის მიერ 5 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას ზოგი მაიდანის რეპეტიციას უწოდებს. მოსახლეობის ნაწილი შიშმა შეიპყრო...
- რისი ეშინიათ? მუდმივად შიშში ხომ ვერ ვიცხოვრებთ? ნაციონალებმა ბევრი რამის გამო პასუხი უნდა აგონ. შიში მათ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ მართლები ვართ, მაგრამ მათგან თავი უნდა დავიცვათ. მოქალაქეებს შეუძლიათ, მშვიდობიანად ჩამოაშორონ ქვეყანას ნაცმოძრაობა. ამისათვის აქტიურობაა საჭირო. რაც მეტი ამომრჩეველი მივა 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე და გააკეთებს არჩევანს სხვების სასარგებლოდ, მით ნაკლები შანსი ექნება ნაციონალურ მოძრაობას, იყოს პარლამენტში. სხვებში არ ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის სატელიტებს. ამ სატელიტების განცხადებები ზუსტად ემთხვევა თავიანთი პატრონების პოზიციებს. მათი ამოცნობა ადვილია.
„ახალი თაობა“, 01 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „5 ოქტომბერს ნაციონალების აქციაზე ხუთასი კაცის მეტი არ მივა“
არჩევნებამდე ხუთი დღე რჩება. დაიძაბება თუ არა ვითარება? შეძლებენ თუ არა ნაციონალები არეულობის მოწყობას? გრანდიოზული იქნება თუ არა მათ მიერ დაანონსებული 5 ოქტომბრის აქცია? – „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ნანა კაკაბაძე პასუხობს.
- ქალბატონო ნანა, არჩევნებამდე 5 დღე რჩება. გამუდმებით საუბრობენ მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე. ფარულ ჩანაწერებში ნაციონალების ლიდერები კადაფიზაციაზე ლაპარაკობენ. რამდენად არიან ამ ყველაფერზე წამსვლელები?
- ნაციონალები ძალაუფლების მოსაპოვებლად და მისი უზურპირებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელნი. თუმცა დღეს მთავარი ის არის, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია ნაციონალურ მოძრაობას.
- ერთხელ ხომ უკვე წავიდნენ ამაზე?
- 2003 წელს, როდესაც მათ მოახდინეს გადატრიალება, მაშინ საზოგადოების ნაწილი იყო მოტყუებული და მათ ჰქონდათ ხალხის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ძირითადად იყო იმის განმსაზღვრელი, რომ მათ გაბედეს წასვლა რევოლუციაზე. დღეს ისინი იმდენად გაკოტრებულები არიან ქართველ საზოგადოებაში და საქართველოს მოსახლეობამ იმდენად კარგად იცის, რა უბედურება დაატრიალა 9-წლიანმა რეჟიმმა ქვეყანაში, იმ მცირე რაოდენობის სექტის გარდა, ვინც მათ გვერდით არის, მთელი საქართველო ამხედრდება მათ წინააღმდეგ.
- ეს ნაციონალებს არ ესმით?
- ძალიან კარგად ესმით. კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში ისინი იმხელა რისხვას ელიან საზოგადოებისგან, რომ ამას ვერ გაბედავენ.
- საშუალება რომ მიეცეთ, არიან ამაზე წამსვლელები?
- რა თქმა უნდა! ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათთვის კატასტროფა იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაზე წავიდოდნენ. ნაციონალებმა კარგად უნდა დაიმახსოვრონ, ერთი უკანონოდ გადადგმული ნაბიჯი და ხელისუფლება სულ არ იქნება საჭირო, მათ საზოგადოება ისე წალეკავს. ამიტომ ისინი ამას ვერ გარისკავენ. არის მეორე – დასავლეთის ფაქტორი. 2003 წელს მათ დასავლეთის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდათ. დღეს ეს მხარდაჭერა არ არსებობს.
- ფაქტია, რომ მაინც ჰყავთ მათ მხარდამჭერები. სენაკში სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ჩვენ ვნახეთ, როგორი დაპირისპირება მოხდა ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველსა და რულოვსის მომხრეებს შორის...
- ეს ხომ ის ხალხია, რომლებსაც ავტობუსებით სანდრა ყველა შეხვედრაზე დაატარებს. რა რაოდენობა იყო?! მაქსიმუმ 200 კაცი. განა 200 და 300 კაცი განსაზღვრავს არჩევნებში რაიმეს?! საერთოდ, ასეთი ბნელი ძალების მხარდამჭერები ყოველთვის არიან აქტიურები და აგრესიულები. ისინი იმდენად უმნიშვნელო რაოდენობას წარმოადგენენ, რომ საზოგადოებაში ვერანაირ კლიმატს ვერ ქმნიან. სწორედ ამიტომაც დატოვა რულოვსმა ის შეხვედრა და წავიდა.
- ჩვენ მოვდივართ სუფთა ხელებითო. რამდენად სუფთა ხელები აქვთ?
- ეს უკურეაქციას იწვევს. ხალხმა ყველაფერი იცის, საკუთარ კანზე აქვს გამოცდილი. ის მაინც ილაპარაკონ – კი ბატონო, სისხლიანი ხელები გვქონდა, მაგრამ ეს ამის და ამის ბრალი იყო, დაასახელონ გვარები, თქვან, რომ მოიკვეთებიან ჩვენი რიგებიდან, ჩვენ ეს არ გვინდოდა და კიდევ შეიძლება რაღაც პროცენტი საზოგადოების დადებითად განეწყოს. როდესაც ამბობს, სუფთა ხელებით მოვდივართ პოლიტიკაშიო, მათსავე საწინააღმდეგო ტექსტებს ლაპარაკობენ. საზოგადოებას, მათი შემხედვარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამათი საშველი არ არის. განცდა იმისა, რომ მათ ქვეყანა დააქციეს, ოჯახები გააუბედურეს, მათ არ გააჩნიათ!
- აღიარებაზე უნდა წასულიყვნენ?
- დიახ, სწორედ ეს იყო მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი. რომ ეფარება მიშა სააკაშვილის სახელს, რა ცოლიც არის და რა ქმარიც, რა ოჯახი აქვთ და ურთიერთობაც, ხომ ყველამ კარგად იცის!
- რას გულისხმობთ?
- იმას, თუ რა ურთიერთობა აქვს ამ ორ სუბიექტს ერთმანეთთან. რამდენჯერ მიფიქრია, არჩევნებს რომ წააგებს ეს სანდრა და დარჩება ხელმოცარული, სად უნდა წავიდეს, ვისთან?! უკრაინაში მიშასთან?! იმას რაში სჭირდება? სად აქვს წასასვლელი ამ ადამიანს? ჰოლანდიაში თუ დაბრუნდება. ასეთ მდგომარეობაში ხარ, შე დალოცვილო და კი მაინც ილაპარაკე იმაზე, რომ ამას აკეთებდა მიშა, რომ საშინელება იყო მისი რეჟიმი, მე მათნაირად არ ვფიქრობ და მე მათ ვემიჯნები. ამ შემთხვევაში კიდევ რაღაცა შანსი შეიძლება ჰქონდეს.
- მიშა აცხადებს, სანდრა იგივე მე ვარო და სანდრასგანაც მოვისმინეთ ანალოგიური განცხადებები...
- ჰოდა, რომ წააგებს არჩევნებს, მერე დავინახავთ, სად წავა სანდრა.
- მაშ, რა აიძულებს სანდრას, რომ მიშას სახელით მოვიდეს პოლიტიკაში, მასზე დადებითად ისაუბროს? რამე ვალდებულებები აქვს?
- რა თქმა უნდა, სერიოზული ვალდებულებები აქვს. სანდრა არ არის ჩვეულებრივი ფიგურა, ჩვეულებრივი ადამიანი.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ მის პიროვნებაზე ათასი ინფორმაცია არსებობს მისი სპეცსამსახურებთან ურთიერთობის და ასე შემდეგ. დღეს სანდრას სისხლხორცეულად სჭირდება, თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, თავისი არჩევანიდან გამომდინარე, რომ არ აღმოჩნდეს თამაშგარე. თუ თამაშგარე აღმოჩნდება, ის აღარავის დასჭირდება. აქედან გამომდინარე, ის ცდილობს, იყოს მოთამაშე ფიგურა, რომ ვიღაცას დასჭირდეს.
თუ ის არ მოვა პოლიტიკაში, მაშინ აღარავისთვის საჭირო აღარ იქნება, აღარც მიშასთვის და აღარც გრიშასთვის. ამიტომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მასაც აწყობდა. მაგრამ ვნახავთ, წაგების შემთხვევაში სად წავა სანდრა, სად აქვს მას წასასვლელი.
- თქვენ ამბობთ, რომ ნაციონალებს ჰყავთ მცირერიცხოვანი მხარდამჭერები და მათ დაატარებენ აქეთ-იქით. ამ მცირერიცხოვანი მასით რამდენად შეძლებენ დესტაბილიზაციის კერების შექმნას?
- დესტაბილიზაცია უფრო ფართო ცნებაა, მათ კი შეუძლიათ მხოლოდ ხულიგნური და დებოშური სიტუაციების შექმნა, რაც ვერანაირ სერიოზულ ამინდს ვერ შექმნის ვერც არჩევნების დროს და ვერც არჩევნების მერე. ეს არ არის 2003 წლის შევარდნაძის ძირმომპალი რეჟიმი, რომელსაც შეიძლება, ძალის გამოყენებით დაემუქრო.
- 5 ოქტომბერს ნაციონალები საპროტესტო აქციას აანონსებენ. რას ელოდებით?
- დავინახავთ, რომ ეს გრანდიოზული აქცია რამდენიმე ადამიანის იქით არ წავა. მივა დაახლოებით 500 კაცი. მეტი ეგენი არ არიან. ეს აქცია პრობლემას არ წარმოადგენს, მაგათი სიმღერა უკვე დასრულებულია. ნაციონალებმა უკვე იმღერეს გედის სიმღერა და დაასრულეს თავიანთი პოლიტიკური კარიერა! 8 ოქტომბერი მათთვის არჩევნები კი არ არის, ეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
- სწორედ ამიტომ ხომ არ არიან საშიშები?
- საშიშები ნამდვილად არიან. დღეს თითოეული მათგანის არსებობაა საშიში ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა დღეს მათ იმის რესურსი არ გააჩნიათ, რომ ეს დამანგრეველი ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში. ბარიერის გადალახვის იქით დღეს მათი შანსი არის ნული! ბარიერიც რომ გადალახონ, ესეც სათუოა. ისინი ვერც გაყალბებას შეძლებენ და ვერც _ კარუსელის ტრიალს.
- სამართალდამცავებმა იარაღის გადამალული არსენალი აღმოაჩინეს. ეს რამდენად სახიფათოა?
- სამართალდამცავებს არჩევნებისთვის სერიოზული მუშაობა მოუწევთ. სხვა თუ არაფერი, ნაციონალები იმდენნი ხომ არიან, რომ ამის გამოყენება და გასროლა მოახერხონ. ამ მხრივ სიტუაცია სახიფათოა. სისხლი არ უნდა დაიღვაროს. ეს „ოცნებისთვის“ სახიფათოა. ნაციონალები ხედავენ, რომ თვითონ არაფერი გამოუვათ და ახლა გადართულები არიან იმაზე, რომ „ოცნებაც“ თან გაიყოლონ! თუ გასროლა მოხდა და სისხლი დაიღვარა, მართალია, აქ ნაციონალების მოსვლაზე არ არის საუბარი, მაგრამ ამ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსსა და პროკურატურას ამ კუთხით სერიოზული სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი სახელმწიფო ამ ხიფათს თავს გაართმევს. მთავარია, მათ ქვეყანაში სისხლის დაღვრის საშუალება არ მიეცეთ.
„ახალი თაობა“, 01 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ის ტექსტი, რომლითაც ნაცები ჩანაწერებში საუბრობენ, 9 წლის განმავლობაში გვესმოდა“
ინტერვიუ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან:
- ბატონო დავით, ნაცმოძრაობის რევოლუციური გეგმები რეალისტური შეიძლება იყოს?
- ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. ნაცების რევოლუციური აღტკინება მხოლოდ მათი ილუზორული ხედვაა და ემყარება მათ სურვილებს. ამას არც თვითონ მალავენ. უნდათ, მოვლენები რევოლუციურად განავითარონ, მაგრამ, პირველ რიგში, ქართველი ხალხი თავისი არჩევანით ამის საშუალებას არ მისცემს.
- ბოლო დროს ნაცები აცხადებენ, რომ არჩევნებში ისინი იმარჯვებენ, `ოცნება~ მარცხდება, ხოლო ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გარბის. ეს მხოლოდ ნაცების ოცნებებია თუ…
- ეს არ არის მათი ოცნებები, სიზმრებია. სიზმარში ესიზმრებათ, გაეღვიძებათ და ცივი ოფლი დაასხამთ. რასაც ისინი ამბობენ, სრული ბოდვაა.
- რატომ?
- საფუძველი არ აქვს. უბრალოდ, 2003 წლის რევოლუციის ტყვეობაში არიან. 2003 წელს ნაცმოძრაობამ აიღო 20%, მოქკავშირს ჰქონდა მასზე მეტი. ნაცმოძრაობა უპრობლემოდ შედიოდა პარლამენტში, მაგრამ სააკაშვილმა აიხირა, რომ გაუყალბეს. უნდოდათ, რევოლუცია მოეწყოთ და მოაწყვეს კიდეც. თუმცა მაშინ საზოგადოების განწყობა დღევანდელისაგან განსხვავდებოდა. იმ პერიოდში არსებული ხელისუფლების მიმართ ძალიან ნეგატიური მუხტი იყო და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს. დღეს რევოლუციის მოწყობის წინაპირობა არ არსებობს. მოსახლეობაში რევოლუციური განწყობა არ არის და ვერც იქნება.
- ნაციონალები აცხადებენ, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ...
- ნაცმოძრაობას ჰყავს თავისი მხარდამჭერები და მომავალშიც ეყოლებათ, მაგრამ, არა იმდენი, რომ ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა მოახერხონ. ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
- არჩევნებით?
- არჩევნებში მიიღებენ იმ შედეგს, რომლის გამოცხადების შემდეგაც მათი მხარდამჭერები რევოლუციის იდეას არ გაიზიარებენ და არ გაჰყვებიან.
- ალბათ, მოისმინეთ ჩანაწერები, რომლებიც ქვეყნდება. ადრე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე თქვეს, ჩვენი საუბრის ჩანაწერიაო, მაგრამ ახლა ამბობენ, უხეში მონტაჟიაო. ჩანაწერების ექსპერტიზა არ არის აუცილებელი?
- რა თქმა უნდა, ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადგინდეს. ჩანაწერი აიტვირთა სოციალურ ქსელებში. ჯერ ჩანაწერის ავთენტურობაზე დასკვნა არ არის.
- რას გეუბნებათ ის ტექსტები, რომლებიც ჩანაწერშია?
- ის ტექსტები, რომლითაც ნაცები საუბრობენ, 9 წლის განმავლობაში გვესმოდა. რამე ახალი თქვეს? ხელკეტები, ჯოხები და ა.შ. რასაც ახსენებენ, საზოგადოებისთვის უცხო არ არის. რამდენიც უნდა იძახონ, არ გვითქვამსო, არ არის დასაჯერებელი. თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არ დავარღვევთ. ჩანაწერის ავთენტურობაც უნდა დადგინდეს და სათანადო გამოძიებაც ჩატარდეს, მაგრამ ის ტექსტები, რომლებიც ჩანაწერში ისმის, მათ მიერ 9 წლის განმავლობაში რეალურად განხორციელდა.
- მოსახლეობა როგორ მიიღებს მათი საუბრების შინაარსს?
- მოსახლეობას არ დავიწყებია, რასაც ისინი უკეთებდნენ თავიანთ თანამოქალაქეებს 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს. საერთოდ, პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე მართებთ საზოგადოებასთან. ახლა ნაცმოძრაობის ლიდერები ცდილობენ, გაანეიტრალონ მაშინდელი ნამოქმედარი, შეარბილონ მათ მიმართ არსებული ნეგატიური განწყობა.
- რას გულისხმობთ?
- დავით ბაქრაძემაც კი აღიარა, ვწუხვარ, რაც იყოო, მაგრამ ეს რა შეღავათია მოსახლეობისთვის? მათი ახლანდელი განცხადებები შეღავათი არ არის. ეს მათ შეეძლოთ ეღიარებინათ, როცა ამომრჩეველმა ხელისუფლებიდან ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრა. 2016 წლის სექტემბერში მათი წუხილი და ვიშვიში არავის აინტერესებს. გიორგი ბარამიძემ თქვა, იმის გამო, რაც 26 მაისს მოხდა, საზოგადოების წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელიო. მაპატიეთ, მაგრამ სულიკო ასათიანსა და ნიკა კვინტრაძეს, რომლებსაც ოჯახის წევრები გაუნადგურეს, მათი ბოდიში რას უზამთ? სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში რეალობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. არა მგონია, მათი მობოდიშება საზოგადოებისთვის საკმარისი იყოს.
- საქართველოში სააკაშვილი ბრალდებულია. მისი საქმეები განიხილება სასამართლოში. გამორიცხულია, მას ჩვენი უშიშროების სამსახური უსმენდეს, გამორიცხავთ, მსგავსი ჩანაწერები უშიშროებას რეალურად ჰქონდეს მოპოვებული?
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმიტომ არსებობს, რომ ქვეყანაში სიტუაციას ფლობდეს, მაგრამ მოსმენები უნდა ხორციელდებოდეს სამართლებრივი ნორმების დაცვით ანუ მოსმენაზე შესაბამისი სანქცია უნდა იყოს გაცემული.
- სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ლოგიკურად, მოსმენის სანქცია ხომ უნდა იყოს გაცემული?
- არ არის აუცილებელი, ადამიანი დამნაშავედ ცნობილი იყოს და მხოლოდ მას უსმენდნენ. შეიძლება უსმენდნენ სხვა პირსაც. მთავარია, მისი მოსმენა კანონის ფარგლებში იყოს მოქცეული ანუ სასამართლო გადაწყვეტილება არსებობდეს. ამიტომ საჭიროა, გამოძიება ჩატარდეს და ყველაფერი დადგინდეს, მოსმენა ხდებოდა თუ რეალურად როგორ იყო. საკითხების მთელი კომპლექსია განსახილველი. მოსმენა გამორიცხული არ არის, მაგრამ კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული.
- გამორიცხავთ, უშიშროების სამსახური სააკაშვილს კანონიერად უსმენდეს?
- არ გამოვრიცხავ, სახელმწიფოს უშიშროების სამსახურები კანონიერად სააკაშვილს კი არა, ნებისმიერ ადამიანს უსმენდნენ, თუკი დანაშაულში იქნებიან შემჩნეულნი. დანაშაულის პრევენციისთვისაც შეიძლება ისმენდნენ. აქედან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავ, ასე ხდებოდეს.
- ჩანაწერი აიტვირთა სოციალურ ქსელებში, შემდეგ დაიწყო გამოძიება. ჩვენ არ ვიცით, მანამდე გამოძიება მიმდინარეობდა თუ არა. როგორ ფიქრობთ, უნდა დააპატიმრონ ის პირები, რომლებიც შეიძლება განუხორციელებელი რევოლუციისა თუ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში აღმოჩნდნენ ბრალდებულები?
- თუ დადგინდება, რომ იმ მუხლით, რა მუხლითაც არის აღძრული საქმე – სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის მუხლით დანაშაული თუ გამოიკვეთება და თუ იქნება დაკანონებული, რა თქმა უნდა, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს. მთავარია, არ იყოს ფალსიფიცირება, მით უმეტეს, პოლიტიკური ოპონენტების დევნა სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული, თორემ არავის აქვს იმის იმუნიტეტი, თუ დანაშაულს ჩადის ან დანაშაულს ამზადებს, ან კიდევ დანაშაულის დაგეგმვაში მონაწილეობს, სახელმწიფომ პრევენციული ზომები გაატაროს. არჩევნებამდე მოკლე დროა. ალბათ, მანამდე გამოძიების დასრულება გართულდება, მაგრამ ჩვენს ამომრჩევლებს ხელთ აქვთ გამოძიების დასრულების შესაძლებლობა. ამომრჩევლებს ვთხოვთ, სახლში არავინ დარჩეს, ყველა მივიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს ის პოლიტიკური ძალა და მაჟორიტარობის ის კანდიდატი, რომელიც მათ სურთ.
„ახალი თაობა“, 01 ოქტომბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ევროპის სასამართლოში ევროპამ ორიანი დაგვიწერა“
იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრის გადადების მიზეზი.
- ბატონო ლევან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეებთან დაკავშირებით უნდა მიღებულიყო, ოთხი თვით გადაიდო. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროპის სასამართლომ? მათ შეიძლება კითხვის ნიშნები ჰქონდეთ იმ პროცედურასთან დაკავშირებით, რომლითაც იქნა არჩეული კანდიდატები?
- უმთავრესი, რაც უნდა აღვნიშნოთ, არის ის, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი კანდიდატების შერჩევის დროს. რადგან ეს გახლავთ თუნდაც არა საქართველოს მოსამართლის შერჩევა, არამედ ევროპის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის, არა ერთი რომელიმე სახელმწიფოს, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოს უმაღლეს სასამართლოში მოსამართლის გამწესებაზეა საუბარი. რასაკვირველია, აქ ძალიან მაღალია სტანდარტი როგორც პროფესიონალიზმის, ისე პროცედურების მიმართ, როგორც გამჭვირვალობის კუთხით, ისე მორალური თვალსაზრისით. უნდა იქნეს შერჩეული კანდიდატი, რომელიც არათუ თვითონ იწვევს რამე სახის კითხვას, არამედ თავად პროცედურებიც უნდა იყოს ზედმიწევნით უნაკლო.
- კანდიდატების შერჩევის პროცედურა არ იყო სათანადოდ გამჭვირვალე და დაცული?
- რა თქმა უნდა, არ იყო. არსებობს კითხვები და ამ კითხვებს ვერ გავექცევით.
- კონკრეტულად?
- მაგალითად, ევა გოცირიძის კანდიდატურის მიმართ არსებობს კითხვები, რომელსაც უფრო ნაკლები შეფასება ჰქონდა, ვიდრე ანა დოლიძეს. რა ნიშნით არის უკეთესი ევა გოცირიძე ანა დოლიძეზე?!
- მახსოვს კომისიის არგუმენტი, რომ თითქოს სამოსამართლეო პრაქტიკაზე გაკეთდა მეტი აქცენტი...
- ვის აქვს მოსამართლის პრაქტიკა, ევა გოცირიძეს?! მგონი, ამას თვითონაც არ იბრალებს, თანაც ეს არ არის იქ მთავარი მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პროცესში იყო პოლიტიკოსი ჩართული თეა წულუკიანის სახით, რომელმაც გვითხრა მთელ საზოგადოებას, გიორგი პაპუაშვილს როგორ დაუწერა ორიანი. საბოლოო ჯამში, ევროპამ ორიანი ჩვენ დაგვიწერა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს რეალობაა.
- თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპამ კიდევ ერთი შანსი მოგვცა და პროცესი იანვრამდე გადაიდო. ყველაფერი ჯერ არ არის დასრულებული...
- დიახ, ასეა. რეალურად ეს არის გადადება იანვრამდე, მაგრამ ეს არის არა გადადება, არამედ შემოლაწუნება. ევროპამ ძალიან ნათლად იცის, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში არჩევნებია. იქნებ ახალმა მთავრობამ, პარლამენტმა გონებას მოუხმოს და წარადგინოს ღირსეულად შერჩეული კანდიდატები.
- როგორი პროცედურებით?
- ნეიტრალიტეტის სრული დაცვითა და გამჭვირვალე პროცედურებით უნდა იყოს შერჩეული კანდიდატები. თავად ის გარემოება, რომ შემრჩევი კომისია იუსტიციის სამინისტროში რომ იყო და მინისტრი რომ იყო პროცესის წარმმართველი, ეს უკვე იყო პროცესის პოლიტიზება. ეს უკვე იყო ევროპულ სტანდარტთან შეუსაბამო. აქ ეს არის უმთავრესი. ჩვენმა მთავრობამ დაუშვა შეცდომა, როდესაც პოლიტიკური სიმპათიებითა და ერთგულების ნიშნით დაიწყო კანდიდატების შერჩევა. არადა, საუბარია ევროპის ქვეყნების სასამართლოს სადარაჯოზე მყოფ მოსამართლეზე. სამწუხაროდ, ეს მეათეხარისხოვანი აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლებისთვის, რაც მათ ნაკლებ ევროპულობასა და ინტელექტზე მიანიშნებს.
- ბატონო ლევან, ხელისუფლების წარმომადგენლები შეგეკამათებიან და გეტყვიან, რომ მაღალი კვალიფიკაციის იურისტები წარგზავნეს, როგორც კანდიდატები...
- პროცედურები იყო პოლიტიზებული და ევროპის სასამართლო შინაარსში აღარც კი შესულა. 21-ე საუკუნეა და ვერ მოვატყუებთ არათუ ევროპას, ვერავის. საუბარია იმ პროცედურებზე, რომლებითაც შეირჩნენ ეს კანდიდატები.
- აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის მინისტრის განმარტება მოვისმინე. ის ამბობს, რომ პროცესი გადაიდო და არსად გვეჩქარება. არ ეთანხმებით?
- დიახ ასე თქვა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ევროპამ სწორედ იმ მიზეზით გადადო, რომ არჩევნების შემდეგ წულუკიანი არ იქნება ახალი კომისიის წარმომადგენელი. თუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დღესვე მიიღებდა გადაწყვეტილებას, საკითხს კენჭისყრაზე გაიტანდა და კანდიდატურას ჩააგდებდა. ზუსტად იმ იმედით გადადო ევროპამ, რომ ცივი გონებით მივიღოთ გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ არ შევრცხვეთ ამ დონეზე.
- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეთა დამტკიცების პროცედურები როგორია?
- ქვეყანა წარადგენს სამ კანდიდატურას და იქიდან მხოლოდ ერთს კენჭისყრით ამტკიცებს მოსამართლის პოსტზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კომიტეტი.
- სტრასბურგის სასამართლოს შეეძლო, ჩაეგდო ჩვენი კანდიდატი და შანსიც აღარ გვქონოდა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპამ როგორც საქართველოსთვის, მისი იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ გააკეთა და მოგვცა კიდევ ერთი შანსი და გაგვაფრთხილა. თუ კანდიდატს ჩაგვიგდებდნენ, მერე გენახათ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი სახელმწიფო. ეს იქნებოდა ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის, ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის.
- თქვენ ამბობთ, რომ ამისთვის არ გაგვიმეტა ევროპამ?
- დიახ, ასეა.
- ახალი პროცედურები რას ითვალისწინებს?
- მთავრობას შეუძლია, იგივე კანდიდატები დატოვოს ან ახალი კანდიდატები წარადგინოს, ღია, გამჭვირვალე პროცედურებით შერჩეული. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ღირსეული კანდიდატები იქნებიან წარდგენილები და მართლაც ღირსეული ღირსეულთა შორის გახდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე. ეს ძალიან საპატიო და, ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა.