globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 3 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 3rd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ  მამუკა გამყრელიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილის გააქტიურება საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდება“ // „ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება“

ახალი თაობა“: კახა მიქაია ხელისუფლების კანდიდატებს სკანდალურ დოკუმენტებს უქვეყნებს: „ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ყოფილი „ნაციონალია“

ვერსია“: „ნაციონალების“ საკონსტიტუციო ავანტიურა // ყოფილები არეულობისთვის ემზადებიან?

ვერსია“: ინტერვიუ: ვის და როგორ შეეძლება ახალი კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება // რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები და რა ინიციატივები არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო კომისიამ

—————–

ახალი თაობა“, 03 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ  მამუკა გამყრელიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილის გააქტიურება საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდება“ // „ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

„ახალი თაობის“ კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, 5 წელი გავიდა ქართული ოცნების მმართველობიდან. უკმაყოფილოთა რიცხვი მატულობს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეგიძლიათ გამოყოთ?

- დადებითით დავიწყებ, ერთმნიშვნელოვნად დადებითია ერთადერთი რამ, ეს არის ერთგვარი სიმშვიდის განცდა მოსახლეობის დიდ ნაწილში. რამდენად რეალურია ეს სიმშვიდე, ეს კიდევ სხვა საკითხია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მოჩვენებითი და ფსევდო სიმშვიდეა, მაგრამ ასეა თუ ისე, ის შიშის განცდა და პრაქტიკა, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, მოხსნილია. მოსახლეობაც უფრო ლაღად გრძნობს თავს. თუმცა ის შეპირებული ღირსების აღდგენა არ მოხდა და ვერც მოხდებოდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ეს აბსტრაქტული ცნებაა. ღირსება ან გაქვს, ან არ გაქვს. მისი აღდგენა შეუძლებელია. უარყოფითი გაცილებით ბევრია. პირველ რიგში ეს არის ხელისუფლების პასიურობა, ეს არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სრულიად უუნარობა და, რაც მთავარია, არაფორმალური მმართველობა, რომელიც ერთი ძალიან მყარი ვერტიკალია. ადამიანი, რომელიც თამაშგარე გავიდა, არის ამ ვერტიკალის თავში და ყველა ცდილობს, ამ ვერტიკალზე ააგოს ყველაფერი. პასუხისმგებლობას გაურბიან, აბსოლუტურ დელეგირებას უკეთებენ ამ თამაშგარე მყოფ ადამიანს.

- ანუ ამ ერთი ვერტიკალის გარშემო ბრუნავს ხელისუფლება?

- დიახ, ყველაფერი ტრიალებს ერთი წერტილის გარშემო და ის წერტილი კი ექსცენტრიულად დგას. ეს საბოლოო ჯამში კარგს არაფერს მოიტანს. დღეს მთელი მსოფლიო გლობალიზაციის პროცესშია და ჩვენ ვუბრუნდებით ამ ფეოდალურ, ძალიან მყარ ვერტიკალურ მმართველობას და ეს არ არის კარგი. უარყოფითი კიდევ ბევრია, თუმცა ძირითადი არის ეს, აქედან გამომდინარეობს მერე სხვა ყველაფერი.

- მიგაჩნიათ, რომ ოცნების ხელისუფლებაში მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილია?

- რა თქმა უნდა, ასეა და ეს ბოლო დღეების მოვლენებმაც ნათლად აჩვენა. სრულიად უსაფუძვლო გადაცემა ერთ ლარად ამხელა მიწის ნაკვეთისა. ეს ქალაქის ტერიტორიაა, საზოგადოების მოხმარებაშია და ამის გაკეთება უბრალოდ ამორალური იყო. კერძო პირზე ერთ ლარად გადაცემა იმ ტერიტორიის, რომელიც დღესაც გამოიყენება როგორც დასასვენებელი სკვერი. ეს არის ერთადერთი ადგილი, ქალაქს რომ დასჭირდეს თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა ავტოსადგომის გაკეთება, მხოლოდ აქედან იქნება შესაძლებელი მიდგომა. ამ თვალსაზრისით მომავლის პერსპექტივასაც ვსპობთ.

- ეს საპროტესტო აქციები გამოიღებს შედეგს?

- არავითარ შედეგს არ გამოიღებს! მოსახლეობაში არის ერთგვარი ეფემერული სიმშვიდის განცდა, შესაბამისად, მოსახლეობა ამ სიმშვიდეს არ დათმობს. არ დათმობს არაფრის ფასად. ურჩევნია, იყოს მშვიდად და იცხოვროს ამ სიტუაციაში.

- ანუ საზოგადოებას კვლავ მწარედ ახსოვს ის, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა და სიმშვიდის სანაცვლოდ დათმობენ ყველაფერს?

- ასეა, თუმცა აქ მარტო შიში და სიმშვიდე არ არის. წინა ხელისუფლება, მიუხედავად თავისი უარყოფითი მხარეებისა, ერთ ძალიან საინტერესო მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას.

- კერძოდ?

- ეს იყო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ვისაც უმუშავია იმ ხელისუფლებასთან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ იძლეოდნენ სრულ კარტბლანშს. შენ უნდა აგეღო პასუხისმგებლობა შენს საქციელზე, შენს ქმედებებზე, შენ უნდა მიგეყვანა საქმე ბოლომდე! ქართველ ხალხს კი არ უყვარს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, სულ თავის არიდების გზებს ეძებს, ხან ბატონი უნდა და ხან მომხდური, იმან უნდა აჭამოს და გადაწყვეტილებები მის მაგივრად მიიღოს. აი, ასეთი მიდგომები მოსწონთ. იყოს „ოცნება“ რამდენი ხანიც გინდა, მე მგონი, პრეტენზია არ ექნებათ.

- დღეს გვესმის შეფასებები, რომ სწორედ ამას ცდილობს ხელისუფლება კონსტიტუციური ცვლილებებით, რომ მესამე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში. რამდენად გამოუვათ ეს, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, დაადებს ვეტოს ახალ კონსტიტუციას?

- სავარაუდოდ, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. თუმცა უკვე მაგის ეჭვიც გამიჩნდა, ადგა და პორტუგალიაში წაბრძანდა. არც ის არის გამორიცხული, იქიდან დაადოს ვეტო. გარდა ამისა, მისი ვეტო ნაკლებად ქმედითუნარიანია. მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობას აქვს ვეტოს გადალახვის ძალიან მარტივი მექანიზმი. ისინი აუცილებლად გაიტანენ ამ ვარიანტს.

- რამდენად კარგია ახალი ვარიანტი?

- ვერ გეტყვით, რამდენად კარგია. წინა ხელისუფლებამაც შეცვალა კონსტიტუცია და ძალიან არასწორი ცვლილებები შეიტანა. ამან ძალიან უარყოფითი შედეგი გამოიღო და მათთვის, უპირველეს ყოვლისა. ახლა ესენი ცვლიან. ცვლიან იმიტომ, რომ შემდეგ 2020-ში გაუადვილდეთ არჩევნების მოგება.

- მოიგებენ ასე მარტივად?

- ვერ გეტყვით. იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ამ გუნდის ჩანაცვლება და ამას ვადამდელი არჩევნების გზით გააკეთებს. სარწმუნო წყაროსგან მომივიდა ეს ინფორმაცია.

- ჰყავს ახალი ფავორიტი გუნდი, ვისით ჩაანაცვლებს?

- ახალი სახეების შემოყვანას გეგმავსო. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქება-დიდება მიმდინარეობს და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდება მისი ფიგურის გააქტიურება. ეს ფაქტია. დანარჩენი ვნახოთ, ახლო მომავალი გვიჩვენებს. ხვალ რა მოუვა თავში ბიძინა ივანიშვილს, ამას მისი ახლობლებიც ვერ გეტყვიან.

- ანუ, შესაძლოა 2020 წლამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვიხილოთ?

- დიახ, ეს არ არის გამორიცხული. როგორც ვიცი, ეს საკითხი განიხილება. ის, რომ ამ გუნდის ჩანაცვლებას აქტიურად ცდილობს ახალი სახეებით, ეს ხმები ჩემამდე უკვე დიდი ხანია მოდის. მიმდინარეობს აქტუალიზება, ცვლილება ახალი სახეებით, ეს ხდება პარლამენტის შიგნითაც.

ახალი თაობა“, 03 ოქტომბერი, 2017 წელი

კახა მიქაია ხელისუფლების კანდიდატებს სკანდალურ დოკუმენტებს უქვეყნებს: ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ყოფილი ნაციონალია

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. იგი „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილ კანდიდატებს ენმ-თან კავშირში სდებს ბრალს და ამის დასადასტურებლად პარტიის წევრის მოწმობას აქვეყნებს, რომელიც 2013 წლით თარიღდება და რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს.

საიდან ჩაუვარდა მას ეს მოწმობა, რატომ ნიშნავს „ოცნება“ თანამდებობებზე ყოფილ ნაციონალებს, რა არ იმალება ზუგდიდში? ამის შესახებ კახა მიქაია „ახალ თაობას“ ესაუბრება: „ის, რაც ახლა ზუგდიდში ხდება, ეს კოაბიტაცია აღარ არის. ეს არის ქოცების და ნაცების სრული უნისონი. მოგეხსენებათ, რომ იმ 9 წლის მანძილზე ნაციონალებს აქციებს ვუწყობდი და სისხლს ვუშრობდი. ვინც მაშინ მე დამდევდა, ქოცებმა ყველა დააწინაურეს და თანამდებობაზე დანიშნეს. თავის დროზე ტყუილად კი არ ვუთხარი ამათ, პარტიის სიმბოლიკიანი მაისურებით ევლოთ, ისე დაემსგავსნენ ერთმანეთს, ვერ გაიგებ, რომელი ქოცია, რომელი ნაცი’, – ამბობს კახა მიქაია.

- თქვენი აზრით, რაში სჭირდება ქართულ ოცნებას თანამდებობებზე ყოფილი ნაციონალების დანიშვნა, ან თვითმმართველობის არჩევნებზე მათი კანდიდატურების წარდგენა?

- საქმე ისაა, რომ ახლა „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ისე უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა, რომ ყველაფერს კადრულობენ.

- ფიქრობთ, რომ ოცნებას ისე უჭირს, რომ მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს?

- კი არ ფიქრობს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ და მზად არიან, მთელი ნაციონალური მოძრაობა მიიღონ თავიანთ რიგებში. თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატები სულ ნაციონალები არიან. მკითხველი რომ გაერკვეს, მათ ვინაობასაც დავასახელებ. ესენი არიან: ირაკლი ჯანაშია  (ჭითაწყარის მაჟორიტარობის კანდიდატი), პაატა ებრალიძე (ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატი). „ნაციონალური“ წარსული აქვთ მოქმედ გამგებლებს ზურაბ ფაჟავას, რევაზ შელიას, ვალერი პერტაიას, ბადრი ნინუას და კობა ჩახაიას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ზუგდიდის მერობის კანდიდატს ლაშა გოგიას. ისიც ყოფილი „ნაციონალია“ და მის პარტიულ ბილეთს ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს.

- თავად ლაშა გოგია ნაციონალობას უარყოფს...

- აბა რა გეგონათ, დაადასტურებდა? მე ხელთ მაქვს მისი მანდატი. ამ მანდატების ფოტოები მე მედიასაც გადავეცი. იმასაც გეტყვით, რომ ეს მანდატი არის ამოწურული 2006 წელს. ახლა კი მივმართავ ლაშა გოგიას: სად არის ახალი მანდატი, რომელიც შენ აიღე, გულის ჯიბაში ხომ გაქვს? კარგად შეინახე, ვინმემ არ მოგპაროს! ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ მის პარტიულ მანდატს აწერია უსაფრთხოების სამსახური. ლაშა გოგია დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოების თანამშრომელია.

საინტერესო ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ გამარჯვების ხუთი წლის თავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით ხვდება. ნაციონალებით სავსე „ქართული ოცნება’ ხალხს უმტკიცებს, რომ ისინი ყოფილ ხელისუფლებას ებრძვიან.

- თქვენ ოცნების ერთ კანდიდატს გასულ წელსაც ამოუქექეთ ასეთივე მანდატი...

- ამოვუქექე. ამირან ლაგვილავა იყო ის კაცი. „ოცნებამ“ ის კორცხელის მაჟორიტარად წარადგინა და ყველას გახსოვთ, როგორ დასრულდა კორცხელის არჩევნები.

- არ უშვებთ იმას, რომ ოცნებაში არ იცოდნენ, რომ მათი კანდიდატები ნაციონალები იყვნენ?

- რას ჰქვია, არ იცოდნენ? კანდიდატს რომ წარადგენ, ელემენტარულად მისი წარსული ხომ უნდა იცოდე. ამის გარდა, ეს ზუგდიდია, პარიზი ხომ არა, რომ არ იცოდე, ვინ ვინ არის. ზუგდიდში ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის და რაღა ამათ ვერ გაიგეს?!

- თქვენ მათი პარტბილეთები საიდან მოიპოვეთ?

- ეგ ჩემთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ამათაც რომ მოენდომებინათ, უპრობლემოდ მოიპოვებდნენ. მანდატები კი არა, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის ვიცოდი, რას ლაპარაკობდნენ როლანდ ახალაიას კაბინეტში.

- ამას მართლა ამბობთ თუ ხუმრობთ?

- სრულ სიმართლეს გეუბნებით. რასაც როლანდ ახალაია თავის კაბინეტში გეგმავდა, ამას მე მიტინგებზე ვასაჯაროებდი.

- ისეთ განცხადებას აკეთებთ, შეიძლება დაგაბრალონ, რომ მოსმენებს თქვენ აწარმოებდით...

- არაა გამორიცხული. არც ის გაგიკვირდეთ, ის რომ თქვან, ეს კახა მიქაია აუპატიურებდა პატიმრებს ცოცხებითო. დაბრალებით უკვე დამაბრალეს რაღაცები. ეს მანდატები რომ ავაფრიალე, ერთმა ქოციონალმა თქვა, მიქაიამ ეგ მოწმობები თავად დაბეჭდაო. მე მას თქვენი გაზეთიდან მივმართავ და ვეტყვი, რომ მარტო მანდატებს კი არა, 100 დოლარიანებსაც ვბეჭდავ. პარიზიდან საღებავი ჩამოვიტანე, გერმანიიდან „სტანოკი“ და ვარ ასე არხეინად. მივმართავ ქოცებს, თქვენ ძალიან გიყვართ დოლარები და ყველას თითო-თითო „პაჩკა“ ასდოლარიანებს დაგიბეჭდავთ. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ, მაგრამ სახუმაროდ არ არის საქმე. ხელისუფლება ისევ ნაციონალების ხელშია. და ეს ნაციონალები ამტკიცებენ, რომ ნაციონალებს ებრძვიან. პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებას მივმართე, იგივე მინდა გავაკეთო თქვენი გაზეთითაც. მართალია, მთავრობაში პრემიერია, მაგრამ ჩემი მიმართვის ადრესატი კახა კალაძეა.

- გიორგი კვირიკაშვილს რატომ არ მიმართავთ?

- პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ნომინალური ფიგურაა და არა მგონია, ღირდეს მას მივმართო. მე მინდა მივმართო მთავარ ფიგურას დღეს – კახი კალაძეს, რომელიც ასევე არის მთავარი გადამპორტირებელი.

ბატონო კახა! შენ მოკალი „ქართული ოცნების“ იდეა! ბატონო კახა, შენ წაართვი ადამიანებს იმედი და ოცნება, რომ იცხოვრებდნენ თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში!

ბატონო კახა, შენ ათასი ჯურის არაკაცის და ნაძირალას თავშესაფრად და ნავსაყუდელად აქციე „ქართული ოცნება“!

ბატონო კახა, შენ ადგილობრივი ბანდიტების და წამლის ბარიგების, შონიების და კოდუების, მეოხებით მიწასთან გაასწორე და შეარყიე ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი სამეგრელოში და არა მხოლოდ სამეგრელოში.

გეკითხებით, ბატონო კახა, რა დარჩა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „ოცნებიდან?!“. ესენი?!

ბატონო კახა, იცოდეთ ერთი რამ – თქვენ ვერ მიიღებთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, როგორც თქვენ ბრძანებთ. თქვენ მიიღებთ ნაცებით სავსე „ქართულ ოცნებას“, რის გამოც აგებთ პასუხს. ყველა ხედავს, ბატონო კახა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებაც კი გეხამუშებათ.

ამ მანდატებს გიგზავნით ფოსტით. თქვენ მალე თბილისის მერი იქნებით, როგორც უმტკიცებთ საზოგადოებას. პირველივე ტურში იქნებ გამოგადგეთ ეს მანდატები და ეს ადამიანები ზუგდიდიდან თბილისში წაიყვანეთ და თავიანთი მანდატებით იქ თქვენთან მაღალ თანამდებობაზე დანიშნეთ.

ვერსია“, 02-05 ოქტომბერი, 2017 წელი

ნაციონალებისსაკონსტიტუციო ავანტიურა

ყოფილები არეულობისთვის ემზადებიან?

ნინო დოლიძე

„ნაციონალებმა“ ახალი ავანტიურა ჩაიფიქრეს. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც „ვერსიისთვის“ კულუარებიდან ხდება ცნობილი, ასეთ გონივრულ ეჭვს აჩენს. ზოგადად, ყოფილები პოლიტიკური ავანტიურისა და ინტრიგისთვის რომ არიან დაბადებულნი, ჩვენი ბედკრული სამშობლოს უახლესი ისტორიაც მოწმობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმაზე მეტი ავანტიურა რაღა გინდათ, რაც 14 წლის წინ ანუ 2003 წლის ნოემბერში ჩაიდინეს – პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, მაგრამ ყველაფერი ისე „მიკერ-მოკერეს“, თითქოს ცხონებული შევარდნაძე და მისი ხელისუფლება შინ ხალხმა გაუშვა.

მართალია, ამბობენ, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ პოლიტიკა მდინარე არაა, ამიტომაც აქ „ყველაფერი მოსულა“, თან ისიც ხომ ცნობილია, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ჰოდა, ისეთი პირი უჩანს, „ყოფილები“ „ძველის“ რეინკარნაციას ცდილობენ.

ახლა, ვერ ვიტყვით, რომ რევოლუცია უეჭველი მოხდება, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო და, „ნაცებიც“ ხავსს ეჭიდებიან, რომ თუნდაც არჩევნების წინ მუდმივად ავანსცენაზე იყვნენ ანუ „ნიუსები“ შექმნან და თუ საშუალება მიეცემათ, უარს ალბათ, არც უფრო დრამატულ სცენარზე იტყვიან.

სიტყვამ მოიტანა და, „პოლიტიკური დრამატურგიაც“ ხომ მათი მოგონილია. გავიხსენოთ, მაგალითად, კორცხელის ინციდენტი, როცა აბსოლუტურად უმნიშვნელო კენჭისყრა მიშას და-ძმებმა ლამის „მესამე მსოფლიო ომის“ დასაწყისად გამოაცხადეს.
ისე, „მინი კორცხელი“ „ნაცებმა“ და მათგან განქორწინებულებმა ანუ ბოკერია-უგულავას პოლიტდაჯგუფების წევრებმა ორი-სამი დღის წინ თბილისის საკრებულოშიც ,,გაითამაშეს” – ელენე ხოშტარიამ და ზაალ უდუმაშვილმა დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს აღება ლამის შტურმით სცადეს.

მათ ტოლი არც ალეკო ელისაშვილის „ფანკლუბმა“ დაუდო და ნატა ფერაძემ საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს შუა თითი ორჯერ თუ სამჯერ დაანახა.
ჩვენში დარჩეს და, არჩევნებს ეს ტრიუკები რომ იგებდეს, მაშინ მთელი მსოფლიო მუშტი-კრივსა და საჩვენებელი თითის ჩვენებაზე გადავიდოდა, მაგრამ ყველაფერი ეს, მავრისა არ იყოს, თავის საქმეს მაინც აკეთებს ანუ მინიმუმ, პოლიტიკურ ტემპერატურას ზრდის. გაზრდილი პოლიტტემპერატურის მთავარი მიზანი კი, როგორც პოლიტტექნოლოგები ამბობენ, შანტაჟია.

დიახ, იმის მიხვედრას, რომ „ნაციონალები“ და ზოგადად, ოპოზიციის უმეტესობა ხელისუფლებას აშანტაჟებს, დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება. ავიღოთ, მაგალითად პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დედაქალაქის მთავარი გამზირის სტრატეგიულ ადგილას, ესე იგი, პარლამენტის წინ „კარვები დასცა“ და შიმშილობა დაიწყო _ გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლებას ბევრ რამეში არ ეთანხმება და იმის წინააღმდეგიც იყო, რომ კონსტიტუცია იმ სახით მიღებულიყო, რა სახითაც იქნა მიღებული, მაგრამ მგონი, არავის აქვს ილუზია, რომ ამ შიმშილობით მესამე მოსმენით დამტკიცებული ქვეყნის მთავარი კანონის ანულირება მოხდება და საკონსტიტუციო განხილვები ხელახლა დაიწყება.

კი ბატონო, პრეზიდენტმა კონსტიტუციას შესაძლოა, ვეტო დაადოს, მაგრამ ჯერ ერთი, სამთავრობო უმრავლესობას ვეტოს დაძლევის „უზარმაზარი” გამოცდილება აქვს.
მეორეც, ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ პატივცემულ მარგველაშვილს კონსტიტუციის რამდენიმე სეგმენტზე ვეტო-ს დადებისკენ თავად პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა და ისიც დასძინა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობა ვეტო-ს არ დაძლევსო.
ყოველივე ზემოთქმულის რეზიუმე კი ასეთია: მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კონსტიტუცია მესამე მოსმენით დაამტკიცა, ოპოზიცია პრეზიდენტს ეახლა, ქვეყნის მთავარი კანონისთვის ვეტო-ს დადებისკენ მოუწოდა და იქვე ურჩია, მოტივირებულ შენიშვნებში ხუთი ძირითადი საკითხი აისახოსო.

ამ საკითხების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თან აქ „ძაღლის თავი“, როგორც „ვერსიას“ უხსნიან, სხვაგანაა დამარხული, კერძოდ, საუბარი იმაზეა, რომ ,,ნაცები” ოპოზიციას გაემიჯნენ, უფრო სწორად, განაცხადეს, რაღა ხუთი, ბარემ ექვსი საკითხი იყოს გათვალისწინებული მოტივირებულ შენიშვნებშიო.

ისე, სადაც ხუთი, იქაც ექვსი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხუთ საკითხზე ოპოზიციას ნამსჯელი აქვს. აი, ნაციონალების მიერ წამოყენებული მეექვსე საკითხი კი, რომელიც „ვერსიის“ ინფორმაციით, რელიგიას ეხება, ჯერ არავის განუხილავს. შესაბამისად, მოტივირებულ შენიშვნებში ექვსი საკითხის შეტანა რომ გადაწყდეს, კონსტიტუციის საბოლოო ამოქმედებას რამდენიმე თვე დასჭირდება, რადგან „ნაცების“ მიერ შემოგდებული მეექვსე საკითხის განხილვაზე, მინიმუმ, ორი თვე მაინც დაიხარჯება.

ჰოდა, ისე გამოვა, რომ ეს დალოცვილი კონსტიტუცია არასოდეს გვექნება!
რაც შეეხება ძაღლის თავს, როგორც „ვერსიას“ პოლიტტექნოლოგები ეუბნებიან, მოტივირებულ შენიშვნებში მეექვსე საკითხის არშეტანის გამო, ყოფილებმა შესაძლოა, ქოში უკუღმა ყარონ, ხელი საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას მიჰყონ და ქუჩაში გამოცვივდნენ.

კი ბატონო, ზოგი მიიჩნევს, რომ ნაციონალებს ბევრი „ფანი“ არ ჰყავთ და მათი ქუჩის პროტესტიც რამდენიმეკაციანი იქნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სამ კვირაში არჩევნებია, თან ქუჩაში სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც არიან გამოსულნი და პატარ-პატარა აქციებით, საბოლოო ჯამში, შეიქმნება ფონი, რომ მოსახლეობის უმეტესობა ხელისუფლებას კრიჭაში უდგას. ამ აკომპანიმენტით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმურობა კი ცივილურმა დასავლეთმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს. ეს გაუგებრობა თავიდან რომ აიცილოს, მმართველი გუნდი, იძულებული გახდება, რამე იღონოს ანუ გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.

დავუშვათ, ხელისუფლებამ დათმო, მაგრამ ხომ იცით, მთავარი მიზეზია, თორემ აყალმაყალისთვის საბაბი ყოველთვის მოიძებნება. ჰოდა, ასეთ დროს ყოფილებიც ხელზე სხვა რამეს დაიხვევენ.

ისე, ნაციონალები არც ერიდებიან და ღიად მიანიშნებენ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფერზე წავლენ, თუმცა ეს იმ „ოპერიდანაა“, კაცი რომ ბჭობდა, ღმერთი კი იცინოდა. ამ შემთხვევაში, ღმერთი ამომრჩეველია ანუ თითქმის ყველა ჯურის ექსპერტი თანხმდება, ნაციონალებმა სიარული სულ ყურებზე რომ დაიწყონ, ხელისუფლებაში ვერც არჩევნების გზით დაბრუნდებიან და ვერც – კვაზი რევოლუციისო.

არეულობის ინსპირირება, როგორც ამბობენ, ყველაზე მეტად სააკაშვილს აწყობს და აი, რატომ: არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში შესაძლოა, საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს და ამით სააკაშვილის უკრაინულ აქტივობას წერტილი დაუსვას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ,,ნაცები” ვითარებას დაძაბავენ, აქციის ერთი-ორი მონაწილე შესაძლოა, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს. ყველაფერ ამის გამო მიშა იტყვის, აი, ო ქვეყანაში – უკრაინასა და საქართველოში მე და ჩემს მომხრეებს გვდევნიანო და ამით შეეცდება, იგივე დასავლეთს თავი სარფიანად მიჰყიდოს.

ზოგადად, პოლიტიკა ჩვეულებრივი ბიზნესია და, როგორც ნამდვილ ბიზნესში, სარფიანი აღებ-მიცემობა აქაც მოსულა. ამ ლოგიკით, მიშას ქმედებებს ვინმემ შესაძლოა, გამართლებაც მოუძებნოს, მაგრამ მთელ ამ ბაკქანალიაში საგანგაშო და ცუდი ისაა, რომ რიგითი ადამიანები იჭყლიტებიან _ ხალხს კარგ, წესიერ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, სწორედ ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკოსები და მოსახლეობის გულწრფელ მისწრაფებას საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის იყენებენ. აი, სწორედ ამიტომაც ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო, თუმცა მოდი, შევთანხმდეთ, რომ ბინძურ პოლიტიკას ბინძურები აკეთებენ, თორემ არ შეიძლება, სუფთა ადამიანმა ბინძური საქმე გააკეთოს!

ვერსია“, 02-05 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ: ვის და როგორ შეეძლება ახალი კონსტიტუციით ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება // რა საფრთხეებს ხედავენ ექსპერტები და რა ინიციატივები არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო კომისიამ

თათია გოჩაძე

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჟიოტაჟი რამდენიმე საკითხმა გამოიწვია და ერთ-ერთი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებაა. კერძოდ, ზოგი კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დაწყებული ე.წ. პასპორტიზაციის ფონზე, ეს გამარტივება საფრთხისშემცველია. მაინც, რა სახის ცვლილება შედის ამ კუთხით ქვეყნის უმთავრეს კანონში და ვის შეეძლება ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება? ,,ვერსია” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ გიორგი გოცირიძეს და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.

როგორც გიორგი გოცირიძე ამბობს, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. თუ პირს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, პრეზიდენტს აქვს სრული დისკრეცია, მას მოქალაქეობა მიანიჭოს. ახალ კონსტიტუციაში კი წერია, რომ პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება წესრიგდება ორგანული კანონით, რომელსაც პარლამენტი იღებს.
საია-ს იურისტი განმარტავს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში მომავალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ანუ 2018 წლიდან შევა.

გიორგი გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ აქამდე პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტდა, ვისთვის მიენიჭებინა ორმაგი მოქალაქეობა და ვისთვის არა: ,,ორმაგი მოქალაქეობა საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ადამიანების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ აქვს დაკარგული, რომ სომხეთში ან რუსეთში სწავლისა თუ მუშაობის გამო, იქაური მოქალაქეობა მიიღო. პრეზიდენტი კი ორმაგ მოქალაქეობას ისე ანიჭებდა, არც ასაბუთებდა. ეს ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობა ამიერიდან კანონით მოწესრიგდება”.

მოკლედ, თუკი აქამდე მოქალაქეობის მინიჭების საკითხს პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრავდა, ამიერიდან ამ კრიტერიუმებს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი განსაზღვრავს.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ ეს, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, სერიოზული საფრთხისშემცველია: „მთავარი საფრთხე რუსეთის პოლიტიკაა, რომელსაც მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ატარებს და მეზობელ სახელმწიფოებში შეჭრას საკუთარი მოქალაქეების ,,დაცვის” საბაბით ამართლებს. სწორედ ამის გამო, საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისას, ეს საკითხი რამდენიმე ადამიანთან ერთად დავაყენე, მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს იგი.

- კომისიას რა წინადადებას სთავაზობდით?

- ვითხოვდით, არსებული ნორმა ოდნავ შეცვლილი სახით დარჩენილიყო ანუ ორმაგი მოქალაქეობის უფლება ჰქონოდათ პირებს, რომელთაც საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც დაბადებით მიიღეს, მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქეთა შვილი აშშ-ში დაიბადება, ავტომატურად, შტატების მოქალაქე ხდება. ჩვენ კი ვამბობდით, რადგანაც საქართველოს მოქალაქეთა შვილია, ავტომატურად საქართველოს მოქალაქეც გახდესო.
ასევე, გვქონდა წინადადება, კონსტიტუციით აკრძალულიყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის (პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და ა.შ.) სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

- რატომ?

- ასეთ დროს ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება. წარმოიდგინეთ, საქართველოსა და რომელიმე სხვა ქვეყნის ურთიერთობის საკითხია გადასაწყვეტი, ასეთ დროს ორმაგი მოქალაქეობის თანამდებობის პირმა ვისი ინტერესი უნდა დაიცვას?

- საია- იურისტის თქმით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს სომხური ან რუსული პასპორტის მიღების გამო ამბობს, ამიტომ საქართველოში პრობლემები ექმნება. ისიც ცნობილია, რომ უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტები დიდი ხანია ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებას ითხოვენ. ამ მხრივ ზემოხსნებული ცვლილება განა დადებითი არაა?

- არა, ბატონო. როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებიც ხდებიან, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ეძლევათ. რუსეთის მილიონამდე მოქალაქე ქართველია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ჰოდა, ამ ხალხს ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, ხომ გაჩნდება საფრთხე, არჩევნებში მხარი ისეთ პარტიას დაუჭიროს, რომელიც რუსეთის ინტერესების გამომხატველია?! ქვეყნის მოქალაქეობა სახელმწიფოსთან პირის პოლიტიკური კავშირია ანუ მოქალაქეობა პირს მხოლოდ უფლებებს კი არ აძლევს, არამედ ქვეყნისადმი ვალდებულებებსაც აკისებს; მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს იმ პირის მდგომარეობა წარმოიდგინეთ, რომელიც საქართველოს მოქალაქეცაა და იმ ქვეყნისაც, რომელთანაც შეიძლება, სამხედრო კონფლიქტი გვქონდეს ანუ თუ ომში რომელიმე მხარეს ჩაერთო, ყველა ვარიანტში დამნაშავედ გამოცხადდება.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს და უამრავი სხვა ქვეყნის კანონმდებლობით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან სპეცსამსახურში მუშაობა ეკრძალება. იმავდროულად, ბევრ ქვეყანაში მოქალაქეს აქვს ვალდებულება, სამხედრო სამსახური გაიაროს და თუ არ გაიარა, ეს დანაშაულად ეთვლება. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა, თუ აქ არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, დამნაშავე იქნება ცნობილი და ასევე, რუსეთიც დეზერტირად გამოაცხადებს. რა ქნას საწყალმა პეპელამ – არც გაფრინდეს და არც მოფრინდეს? დიდი პრობლემა ჩნდება პენსიით უზრუნველყოფის საკითხშიც – რომელმა ქვეყანამ უნდა გადაუხადოს პირს პენსია, ორივემ?

- ორმაგი მოქალაქეობა აქამდეც არსებობდა და ზემოხსენებული პრობლემები როგორ გვარდებოდა?

- აქამდე ორმაგი მოქალაქეობის რიცხვი დიდი არ იყო, თან კონსტიტუციაში ეწერა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა პირს შეიძლება, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მიენიჭოს. ე.ი. პირი საქართველოსთვის საჭირო უნდა ყოფილიყო. ასეა სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, გავრცელებული მაგალითია, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე მაღალი კლასის სპორტსმენს ორმაგ მოქალაქეობას იმიტომ ანიჭებენ, რომ ამ ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს. თუ პირს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, სახელმწიფომ პენსიაც რომ მისცეს, თუნდაც სხვა ქვეყანაშიც იღებდეს, ამას გამართლება აქვს. ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება, გამონაკლისის წესით მიენიჭოს, მაგრამ ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის ამის ტოტალურად დაშვება სახიფათოა, ძლიერი ქვეყანა რომ ვიყოთ, პრობლემა არ იქნებოდა.

- როგორც ვხვდები, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორმაგ მოქალაქეობას ისევ პრეზიდენტი მიანიჭებს, მაგრამ ორგანული კანონით იხელმძღვანელებს, არა?

- დიახ, ასეა… შეიძლება, კანონით გარკვეული შეზღუდვები დადგინდეს, მაგრამ არავინ იცის, ეს რა ტიპის ცვლილებები იქნება.

- ამას ხომ პარლამენტი გადაწყვეტს?

- მაშინ კონსტიტუცია რად გვინდა?! კანონებს პარლამენტი იღებს, კონსტიტუცია კი უფლებების მიმნიჭებელი და შემზღუდველი დოკუმენტია. კონსტიტუცია ჩარჩოებს ადგენს. კანონს კი, რომელმაც ქვეყანას შეიძლება, ზიანი მიაყენოს, ვერ მიიღებენ და თუ მაინც მიიღეს, საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს, როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამოს, ამიტომ კონსტიტუციის მნიშვნელობა იმ წითელი ხაზების გავლებაა, რისი არქონაც არასწორი გადაწყვეტილებების რისკს ზრდის.

- ერთი სიტყვით, ბატონო ვახტანგ, ფიქრობთ, მოქალაქეობის მინიჭების ერთპიროვნული უფლება მხოლოდ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს?

- დიახ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას აბსოლუტურად თავისუფალი არც პრეზიდენტი იყო.

- რატომ?

- რატომ და, კონსტიტუციით იყო განსაზღვრული, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისას პირი რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. როცა მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით ხდება, პრეზიდენტს ამ პირის შესახებ, მოკვლევის საფუძველზე, აწვდიან ინფორმაციას, რომელშიც ამ პირთან დაკავშირებული ყველა დეტალია აღნიშნული. ხომ შეიძლება, პირი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დევნილი იყოს ან სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის ჰქონდეს მოხდილი? ასეთ დროს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მას მოქალაქოება მიანიჭოს თუ არა და ეს მისი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური პასუხსმგებლობა იქნება. ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ კი მთლიანად კანონზე იქნება დამოკიდებული, კარი რამდენად გაიღება, რადგან კონსტიტუციური ჩარჩო აღარ იარსებებს.

Comments are closed