„რეზონანსი“: პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევნების შემდეგ
„რეზონანსი“: სად გადის ზღვარი ხალხის მოთმინებასა და სოციალურ აფეთქებას შორის // „ხელისუფლება ქმნის რევოლუციურ სიტუაციას და არა რომელიმე ოპოზიცია“
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: საქართველოს მთავრობა როგორც კატა, რომელიც თაგვებს ვეღარ იჭერს // „როცა ცუდად ვცხოვრობ, მთავრობა დამაჯერებლად ამიხსნის ამის მიზეზებს თუ არადამაჯერებლად, ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია”
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ხელისუფლების მთავარი კოზირი ძლიერი ოპოზიციის არარსებობაა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „თუ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, გაზაფხულზე ცუდი პროცესები გველოდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „მთავრობას ვადას 5 დეკემბრამდე ვაძლევთ“ // არასამთავრობოები ქუჩის აქციებით იმუქრებიან
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა სუსტი ლარის პოლიტიკა აირჩია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ დუნდუასთან: „პირველი დეკემბერი „თიბისი“-ს და „საქართველოს ბანკის“ სირცხვილია“
——————-
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
პირველი ოფიციალური ვიზიტი არჩევნების შემდეგ
სალომე სარიშვილი
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, რეფორმები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ბევრ მნიშვნელოვან გზავნილთან ერთად, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ახალ მთავრობასთან ევროკავშირი-საქართველოს საერთო ორმხრივი დღის წესრიგის გატარებაში. მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ეს ქართული დელეგაციის პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, რაც მხარეთა განცხადებით, საქართველოს ევროპისკენ მისწრაფებასა და ერთგულ პარტნიორობაზე მიუთითებს.
ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბრიუსელში გაჟღერებული გზავნილები უფლებას გვაძლევს მოვლენათა შემდგომი განვითარების თაობაზე საკმარისი ოპტიმისტური ხედვა შეგვექმნას. ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის პროცესს, ახლა ეჭვის ქვეშ ვერ დადგება.
საქართველო და ევროკავშირი
ბრიუსელში გამართულ გუშინდელ ღონისძიებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უძღვებოდა. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია კი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა. სხდომის დასრულების შემდგომ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრის დეტალებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით მიიღწევა. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ის ფაქტი, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდა, ევროპული მისწრაფებების ნათელი დემონსტრირებაა.
“გვქონდა აზრთა ნაყოფიერი გაცვლა უმაღლეს წარმომადგენელთან ასოცირების პროცესის სარგებლის მაქსიმალური გამოყენების გზების შესახებ. წარვადგინეთ ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართული რამდენიმე მოსაზრება და ინიციატივა. იმედის თვალით შევყურებთ ევროკავშირთან შემდგომ თანამშრომლობას ჩვენი ხედვის კონკრეტულ მოქმედებაში გარდაქმნაზე. მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს ჩვენი რეფორმატორული საქმიანობის მიმდინარე მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოცირების პროცესში ჩვენი საერთო მიზნების მიღწევის საქმეში. ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე და იქვე დაუმატა, რომ საქართველოში რეფორმები კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებითაც გაგრძელდება.
როგორც მან აღნიშნა, ასოცირების საბჭოს სხდომაზე ასვე განხილული იყო უსაფრთხოების საკითხები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აქტიური შუამდგომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სანდო პარტნიორია.
ფედერიკა მოგერინიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე, თავადაც მოუთმენლად ელოდება.
“როგორც ვიცი, პრეზიდენტმა ტუსკმაც პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა შეასრულა. ჩვენ ყველა, მათ შორის მეც, მოუთმენლად ველოდები საბჭოსა და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რითიც დასრულდება ეს პროცესი და ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემა. ეს ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამაზე ვმუშაობთ”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ, თუმცა კონკრეტული თარიღი მან ვერ დაასახელა.
ფედერიკა მოგერინის თქმით, ის ფაქტი, რომ მთავრობის ფორმირების შემდეგ, პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელი შეირჩა, საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებასა და თავდადებულ პარტნიორობაზე მიუთითებს, რასაც, მისი განცხადებით, ევროკავშირიც იზიარებს.
“ასოცირების საბჭოს შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ასოცირების შესახებ შეთანხმების კუთხით მიღწეული პროგრესი. სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ივლისში ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. განვიხილეთ უზარმაზარი პროგრესი, რომელიც ამ თვალსაზრისით მიღწეულ იქნა პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროებსა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ნათელია, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთიან ღირებულებებს, გვამოძრავებს ერთიანი დღის წესრიგი და ინტერესები, ისევე, როგორც ვალდებულებები, რომელთა მიზანი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაა მომავალში. ორივე მხარე ერთნაირად მოწადინებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ასევე განვიხილეთ მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელიც ჩვენი სრული მხარდაჭერით სარგებლობს”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
საქართველო და ნატო
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგთან ერთადაც გამართა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართვევლოს ნატოსკენ მისწრაფებასა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს კუთხით არსებულ გამოწვევებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. “საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა სცეს და არ ჩაერიოს ამ არჩევანში,” – ეს განცხადება კი პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა და დასძინა, რომ ნატოს გაფართოება ხელს უწყობს სტაბილურობასა და მშვიდობას ევროპაში. მისივე თქმით, ნატო მნიშვნელოვანი ელემენტია თავისუფალი და ერთიანი ევროპისთვის.
“თითოეულ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც უფლება აქვს თავისი გზა აირჩიოს. საქართველომ და ნატო-მ უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი. სხვა არავინ უნდა ჩაერიოს ამაში. ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და საფრთხეს არავის უქმნის. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომაც ნატოსკენ მის მისწრაფებას ყველამ პატივი უნდა”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მან ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებსაც მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას სიმამაცე გამოიჩინეს. სტოლტენბერგის განცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ნატოს ღირებულებების დაცვაში.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. როგორც პრემირრმა აღნიშნა, ვარშავის სამიტზე წევრმა-ქვეყნებმა არაორაზროვნად გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, მოემზადოს გაწევრიანებისათვის.
“ჩვენ ამ ინსტრუმენტებს მომავალშიც სრულად გამოვიყენებთ, რათა დავუახლოვდეთ გაწევრიანების მიზანს. რაც შეეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას, არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. დიდად ვაფასებთ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ამ კუთხით. მათი ჩართულობის შედეგად, გვაქვს კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვიზიარებთ გენერალური მდივნის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო და ალიანსი გამოყოფენ ყველა აუცილებელ რესურსს საიმისოდ, რომ განხორციელდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებული ყველა პროექტი და გამოყენებული იყოს ვარშავაში განსაზღვრული თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული გზა. ეს ინიციატივები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებას და ამ გზით ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დაძინა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს ინიციატივებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ სრულად ვიაზრებთ შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და რეგიონული მშვიდობისთვის. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით”, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მნიშვნელობას ალიანსისთვის და საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, განაგრძობს წვლილის შეტანას ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში. “ჩვენ ასევე შევეხეთ სქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და რუსეთსა და სოხუმის თვითგამოცხადებულ რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს. შეთანხმება შეეხება ერთიანი სამხედრო დანაყოფის შექმნას. ეს უკანონო ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს”, – განაცხადა პრემიერმა.
შეფასებები
“სტრატეგიული კვლევების ცენტრის” თანადირექტორი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპელი პარტნიორებისგან ბრიუსელში გაჟღრებული გზავნილები უფლებას გვაძლევს მოვლენათა შემდგომი განვითარების თაობაზე საკმარისი ოპტიმისტური ხედვა შეგვექმნას. ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით, ევროკავშირის მზაობა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობას შემდგომშიც ხელი შეუწყოს, ახლა ეჭვის ქვეშ ვერ დადგება.
“ეს სხდომა შეთანხმების ფორმატში გათვალისწინებული ღონისძიებაა და იგი თავისთავად რუტინად უნდა იქცეს, სამოვავლოდ კი ჩვენი თანამშრომლობის კოორდინაციის ძირითად ფორმადაც კი. რაც შეეხება თავად დისკუსიას, რომელიც იქ გაიმართა, აქ მნიშვნელოვანია რა ითქვა სხდომაზე და რა გზავნილები გაჟღერდა. ამ თვალსაზრისით რომ მივყვეთ, ევროპის პირველი რეაქცია საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყანა შემდგომ ნაბიჯებსაც აქტიურად გადადგამს. იმედი მაქვს, ამას შედეგიც მოჰყვება. ყოველ შემთხვევაში ევროპისგან მზაობა – დაინახოს ჩვენი მისწრაფება, შეაფასოს და შესაბამისი შედეგიც მისცეს, სახეზეა. ჯერჯერობით მხოლოდ ეს შეგვიძლია ვთქვათ, რადგან საქართველო საშინაო დავალებებს დისციპლინურად ასრულებს. თუმცა, რა თქმა უნდა, სამომავლო პროცესის გაძლიერებაზე ფიქრია საჭირო. ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანს ევროპასთან ინტეგრაცია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილი,” – აღნიშნავს “რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.
რაც შეეხება, უსაფრთხოებისა და ნატოში ინტეგრაციის გზას, მისი აზრით, ამ მიმართულებით თავად სტოლტენბერგის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, რადგან მან სწორი და დროული აქცენტები დასვა. მისი თქმით, საქართველოს ნატოში შესვლა პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი დასავლეთში, სადაც, როგორც თავად ამბობს, მთლად სახარბიელო მდგომარეობა არაა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმ ტემპით, რომელიც ნატოში ინგეგრაციის გზაზე გვაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საშინაო დავალებას თავს ამ საკითხშიც ბეჯითად ვართმევთ, თუმცა ეს არ გახლავთ ინტეგრაციისთვის საჭირო რამ. ჩვენი ნატოში შესვლა პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით კი დასავლეთში, სადაც სამწუხაროდ მთლად სახარბიელო მდგომარეობა არაა. აქედან გამომდინარე, უნდა შევძლოთ და ჩემი აზრით, პროცესს გაგებით მოვეკიდოთ, რათა საზოგადოებაში პესიმიზმი არ გაღრმავდეს. იგივეს ვიტყოდი ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც. ამგავრი სირთულე პერიოდულად ყველგან ჩნდება ხოლმე – ევროპაშიც, აშშ-შიც და აღმოსავლეთშიც. ვგულისხმობ იმ სტაგნაციას, რომელიც დასავლურ სტრუქტურებში პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. ალბათ ესეც მოთმინებით უნდა ავიტანოთ, თუმცა, ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში ძალიან კარგდ მესმის ქართული მხარის ერთგვარი წყენა, რადგან ამ პროცესს უკვე კარგა ხანია მოთმინებით და სრულიად დამსახურებით ველით,” – დასძენს ირაკლი მენაღარიშვილი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამ ვიზიტს ასევე წარმატებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს პირველ რიგში პრემიერ კვირიკაშვილის დამსახურებაა.
„გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე ძირითად მომენტს გამოვყოფ. პირველი, რომ პრემიერ კვირიკაშვილს სრულფასოვნად აღიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პარტნიორები, ქვეყნების ლიდერები და ა.შ. ძველი დამოკიდებულებების ნაცვლად, კვირიკაშვილი კარგად შეერწყა ამ სივრცეს, ის სარგებლობს პატივისცემიტ და მხარდაჭერითაც. მე ვიტყოდი, რომ საქართველოსადმი ბოლო პერიოდში გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წილი კვირიკაშვილის ეფექტური კომუნიკაციების შედეგიცაა. ეს კონკრეტულ ვიზიტსაც შეეტყო, მათ შორის მხარდამჭერი განცხადებებით ვიზალიბერალიზაციის მიღების პერსპექტივის კონტექსტში, მათ შორის რეფორმების მხარდაჭერით, ასევე მიიღეს ის თემატური გარანტიები, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით.
ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო პოზიტიური კვეთებით, თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოში მიმდინარე მეტნაკლებად ჰარმონიული პროცესი ამ დადებითი პათოსის შემქმნელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად უნდა იმუშაოს საქართველოს მოსახლეობასთან, რომ მხარდაჭერილი იყოს ის რეფორმები, რაც არსებითად 2017 წლიდან არის დაგეგმილი სხვადასხვა სექტორში და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს”, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
სად გადის ზღვარი ხალხის მოთმინებასა და სოციალურ აფეთქებას შორის
„ხელისუფლება ქმნის რევოლუციურ სიტუაციას და არა რომელიმე ოპოზიცია“
ეკატერინე ბასილაია
წინ ეკონომიკურად საკმაოდ რთული და მკაცრი ზამთარი გველის. ბოლო დღეების განმავლობაში ლარის მუდმივმა გაუფასურებამ და მთავრობის დაანონსებულმა ეკონომიკურმა გეგმამ, ფასების მატების გარდაუვალობაზე აალაპარაკა ყველა და საზოგადოებაში ერთგვარი პანიკაც შეიქმნა.
ანალიტიკოსების თქმით, სოციალური უკმაყოფილება უკვე არსებობს და ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, როს გამოც ეს უკმაყოფილო ადამიანები ქუჩაში საპროტესტოდ არ გამოდიან, ისაა, რომ დღეს მეტ-ნაკლებად სერიოზული პოლიტიკური ძალა, “დაუზიანებელი პოლიტიკური ბრენდი”, რომელიც ამ პროტესტის კონსოლიდაციას მოახდენს, არ არსებობს და სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე, რომელმაც ამ კრიზისის ფონზე არაპოპულარული განცხადებებითა თუ გაუგებარი ინიციატივებით “გამოიჩინა” თავი.
პოლიტოლოგების პროგნოზით, თუკი იანვარ-თებერვალში მთავრობა რაიმე ქმედით, სისტემურ ცვლილებას არ განახორციელებს, გაზაფხულისთვის დიდი პროტესტს მხოლოდ ერთი მცირე ნაპერწკალი დასჭირდება, ეს ნაპერწკალი კი ხელისუფლების მიერ დაშვებული ნაკლებად მნიშვნელოვანი შეცდომაც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
ბოლო ერთი თვეა, ხელისუფლება ვერა და ვერ აჩერებს ლარის გაუფასურებას, რამაც უკვე გამოიწვია იმპორტირებული საქონლის გაძვირება. ამ ფონზე კი, ოთხი დღის წინ ახალმა მთავრობამ ეკონომიკური განვითარების ახალი გეგმა წარმოადგინა, რის მიხედვითაც აქციზის განაკვეთი იზრდება ნავთობპროდუქტებზე, სიგარეტზე, იმპორტირებულ ავტომანქანებზე.
ექსპერტების თქმით, აქციზის ფასის მატება ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან საწვავზე ფასი მინიმუმ 20 თეთრით გაიზრდება, რაც თავისთავად იწვევს სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვან გაძვირებას.ეკონომისტები ასევე პროგნოზირებენ ელექტროენერგიის ტარიფის 2 თეთრით მატებას. მედიაში ასევე იწერება, რომ მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსის საფასური შესაძლოა 80 თეთრიდან 1 ლარამდე ავიდეს.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილის თქმით, სამომხმარებლო პროდუქტის, ასევე დენის და გაზის ტარიფების გაძვირება გარდაუვალია იმიტომ, რომ ამის ალტერნატივა სუბსიდირებაა. ყველაფრის სუბსიდირება კი აბსურდამდე მიდის. მისი თქმით, მომავალ გარდაუვალ გაძვირებასაც რომ თავი გავანებოთ, ადამიანისთვის დღევანდელი ფასებით ოპერირებაც ძალიან რთულია და დღეს ძალიან რთული ვითარება მივიღეთ, რადგან მოსახლეობის საკმაოდ დიდი სეგმენტი – საშუალო ფენა ღარიბთა კატეგორიაში გადავიდა და ეს ამ ხელისუფლებას გაზაფხულზე წინ აუცილებლად დახვდება.
“ეს ფენა არის ის დასაქმებული ადამიანები, რომელთა ხელფასი 1000-3000 ლარი იყო, რომლებმაც რაღაც კრედიტები აიღეს და თუკი ადრე მათი ხელფასი 20-30%-ით შესაძლებელი იყო ვალის მომსახურება, ახლა მათი ხელფასის დიდი ნაწილი მიდის ამ ვალზე და პრაქტიკულად საარსებო ფული აღარ რჩებათ. შესაბამისად, ამ ყველაზე აქტიურმა მასამ ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლა და ეს გრძელვადიანი ყველაზე დიდი რისკი და ხიფათია, რაც ამ ხელისუფლებას გაზაფხულზე წინ დახვდება. სოციალური უკმაყოფილება დღეს უკვე სახეზეა, მაგრამ ეს ადამიანები ჯერ შოკურ მდგომარეობაში არიან,” – მიიჩნევს გია ხუხაშვილი. მისი პროგნოზით, შობა-ახალი წლის დღესასწაულების გამო, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარის გაუფასურების პატარა პაუზა გვექნება.
“15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ლარის სტაბილურობა დამოკიდებული იქნება არა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე, რამდენ ინდაურს და გოჭს შევჭამთ ჩვენ. ეკონომიკა 15 იანვრის შემდეგ ამოიქოქება და ეს მძიმე რეალობა და პრობლემები უკან დაბრუნდება. ამ ხელისუფლებას ვურჩევ, 15 იანვრამდე, სანამ ჩვენ გოჭებით და გოზინაყით ვიქნებით დაკავებულები, საქმეს მიხედონ და რაღაცა მოიფიქრონ. ჭამაში ნუ გაერთობიან. მათ უნდა იცოდნენ, ჩვენ რომ ჭამას მოვრჩებით, პასუხს მერე მათ მოვთხოვთ. ამიტომაც რაღაც რეალური გეგმა უნდა წარმოადგინონ და არა დღევანდელი არადამაჯერებელი გეგმები. სხვა შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეიძლება დაიწყოს.
სერიოზული პროტესტის საფუძველი არსებობს. ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე არის ის, რომ დღეს მეტ-ნაკლებად სერიოზული პოლიტიკური ძალა, დაუზიანებელი ბრენდი, რომელიც ამ პროტესტის კონსოლიდაციას მოახდენს, არ არსებობს. თუმცა ამის იმედად ყოფნაც ხელისუფლებისთვის არასწორი იქნება, რადგან თუ პროტესტი ლიდერს ითხოვს, მიწოდება აუცილებლად გაჩნდება და ლიდერიც გამოჩნდება. ხოლო თუკი კონსოლიდირებული პროტესტი დაიწყო, მაშინ სერიოზული კრიზისი შეიძლება ჩამოყალიბდეს, რისი გადალახვაც ამ ტიპის და ფსიქოლოგიის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება,” – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
ექსპერტის თქმით, სოციალური უკმაყოფილება ნელ-ნელა დაგროვდება და ხელისუფლების ერთი შეცდომაც კი გამოიყვანს ხალხს ქუჩაში.
“თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა კრიზისის ღირსეული ეფექტური მენეჯმენტი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ დროს კი ტლაპოში ჩახტომას აგრძელებენ. ერთი ლაპარაკობს, რომ აქციზის მომატებით თურმე ჰაერი გაიწმინდება და იბერია გაბრწყინდება. ასევე ამბობენ, რომ თურმე გაუნათლებელი მოსახლეობა ჰეჯირების გარეშე იღებს სამოხმარებლო კრედიტებს და დევალვაცია კარგია იმიტომ, რომ 1000 დოლარით მეტი ლარი მოგივა. თუ ამ რიტორიკით გააგრძელა ხელისუფლებამ მუშაობა, მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი?! ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების ადეკვატურობაზე. რევოლუციას არასდროს არ აწყობს ოპოზიცია, ეს არის შეცდომა. ხელისუფლება ქმნის რევოლუციურ სიტუაციას და არა რომელიმე ოპოზიცია. 2003 წლის რევოლუცია მიშა სააკაშვილმა კი არა, ედუარდ შევარდნაძემ მოამზადა, რადგან მან შექმნა სიტუაცია, როდესაც ხალხს აღარ უნდოდა ისე ცხოვრების გაგრძელება,” – დასძენს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძის მოლოდინი ფასების მატებაზე პესიმისტურია. მისი ვარაუდით, შესაძლოა ლარის კურსი კიდევ უფრი დაეცეს, რაც ყველა იმ პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, რაც იმპორტირებულია, ქართულ ეკონომიკაში კი ძირითადად ყველა საქონელი იმპორტირებული გვაქვს.
ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ფასების ზრდის გამო მთავრობის ლეგიტიმურობის ხარისხის შემცირდება და მის რეიტინგს დაბლა დასწევს, მაგრამ ამას მასობრივი გამოსვლები არ მოჰყვება. ის ამ ზამთარს მხოლოდ მცირე, ცალკეულ პროტესტს პროგნოზირებს.
“ცალკეულ გამოსვლებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მათ შორის იქნება რადიკალური მოთხოვნებიც, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, მაგრამ მასობრივი გამოსვლები გაზაფხულამდე მოსალოდნელი არ არის. ჯერჯერობით მოსახლეობა ამ ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს. არც ოპოზიცია არ არის ისეთი ძლიერი, რომ საპროტესტო მუხტი აწიოს. მართალია, “ნაციონალურ მოძრაობას” 500 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მან შეძლოს მათი უმრავლესობის გამოყვანა და საპროტესტოდ აყოლა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე 9 წლის სისხლიან რეჟიმზე მითები რომ გაეფანტა, რაც ნაწილი სიმართლე და ნაწილი ტყუილი იყო, მაშინ შეძლებდა ნდობის და მხარდაჭერის მოპოვებას.
მცირე ჯგუფები ალბათ მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ეს არ იქნება სერიოზული. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ვნახოთ. თუ უფრო გაუარესდება ვითარება, 2017 წლის მეორე ნახევარში უფრო შესაძლებელია დიდი გამოსვლების იყოს,” – მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.
“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ 2017 წლის ზამთარი რაიმეთი უარესი იქნება გასულზე, თუმცა ამბობს, რომ საფრთხეების კორიანტელი არ დადუმდება და არც “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა აღდგება უახლოეს მომავალში მაინც.
“გაზაფხულამდე არანაირ პროტესტს არ ველოდები. გაზაფხულზე კი ჩვენ დავინახავთ როგორ იქცევიან ისეთი ბიზნესის მფლობელნი, რომლებიც არაფერს დაგიდევენ საკუთარი ინტერესების გარდა. შევაფასებთ საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობას, რომელსაც სწორედ ბიზნესმენები წარმოადგენენ და ვნახავთ, კვლავ კერძო ბანკების ნება-სურვილის აღმასრულებელი იქნება ჩვენი მთავრობა, თუ მოიძიებს საკუთარ თავში ძალას, იყოს რეალურად დამოუკიდებელი როგორც მცოდნეთა, ასევე უცოდინართა მიმართ,” – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი. მისი თქმით, მცირე მასშტაბის გამოსვლები ალბათ იქნება, მაგრამ არა დიდი და ფართომასშტაბიანი. თანაც, ეს უფრო გაზაფხულისთვის და არამც და არამც ეს შიმშილის გამო არ მოხდება.
“თუ რაიმე საჯარო უსამართლობას დააფიქსირებს საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს უფრო ახლოს იქნება საერთო ბუნტთან, ვიდრე 2 თეთრით გაძვირებული ტარიფები. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ცარიელი იყო მაღაზიებში თაროები, საქართველოში მშიერთა ბუნტი არასდროს ყოფილა. საქართველოსგან განსხვავებით ამის ხილვა რუსეთსა და უკრაინაში არაერთხელ მომხდარა. ამიტომ, თუ მხოლოდ ფასზე და წარუმატებელ პერიოდზე ვიფიქროთ, მაშინ გარკვეული წინმსწრები ნაბიჯებით შეგვიძლია შევიმსუბუქოთ ის სიმძიმე, რასაც შეიძლება ველოდოთ. “რაიმე სახის მრავალათასიანი ღონისძიებები გამორიცხულია, რადგან ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ ძალს, რომელიც იმდენად სანდო იქნება საზოგადოებისთვის, რომ მას სიცივეში ქუჩაში გაჰყვეს. შეიძლება პატარა გამოსვლები შედგეს, მაგრამ მასშტაბური არ იქნება. თუმცა, არც ის ივარგებს, ყველა საკუთარ ბინაში ჩაიკეტოს და საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით არ ინტერესდებოდეს,” – დასძენს სოსო ცისკარიშვილი.
„რეზონანსი“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: საქართველოს მთავრობა როგორც კატა, რომელიც თაგვებს ვეღარ იჭერს // „როცა ცუდად ვცხოვრობ, მთავრობა დამაჯერებლად ამიხსნის ამის მიზეზებს თუ არადამაჯერებლად, ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია”
თაკო მათეშვილი
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ლარის გაუფასურების ფონზე ხელისუფლების ხელგაშლილობით აღშფოთებულია. მისი თქმით, დაპირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ნაცვლად, რიგ უწყებებში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ვიხილეთ. ამ ყველაფერს კი, სოსო ცინცაძის თქმით, ისიც ერთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი სახეები ვალუტის გაუფასურებაზე არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ და ამით ისედაც გაღიზიანებულ მოსახლეობას კიდევ უფრო აღიზიანებენ.
“რეზონანსთან” ინტერვიუში ცინცაძე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის მიზნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ იქაური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კიდევ ერთხელ გაურკვეველი პერსპექტივით გადადებული ვიზალიბერალიზაცია იქნება.
სოსო ცინცაძე: საუბრის თემა მრავალენოვანი იქნება. ვიზალიბერალიზაცია წამყანი თემაა, მაგრამ ევროპასთან სხვა პრობლემებიც გვაქვს. მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობა.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კი ყველაფერი პრაქტიკულად გარკვეულია – წელს არ გვაძლევენ. ხელოვნური საბაბით არ გვაძლევენ. ოფიციალურ მიზეზად შეჩერების მექანიზმის შემუშავებას ასახელებენ, მაგრამ შეჩერების მექანიზმის დადგენა არაა იმხელა პრობლემა, რომ ამას მთელი ერთი წელი სჭირდებოდეს. გასულ გაზაფხულზე უნდა მიგვეღო და მომავალი გაზაფხულისთვის გადაგვიდეს. ისიც, საუკეთესო შემთხვევაში.
მოგეხსენებათ, შეჩერების მექანიზმი იმ პროცედურების შემუშავებას გულისხმობს, რომლებიც იმ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს, თუკი ქართველები ევროპაში იმდენად ცუდად მოიქცევიან, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება გახდა საჭირო.
- რეალური მიზეზი რა არის, თქვენი აზრით?
- როგორც ჩანს, პრობლემები თავად ევროპაშია. ვიზალიბერალიზაციას რიგითი ევროპელი განიხილავს, როგორც ახალ დერეფანს, საიდანაც ღარიბი ქვეყნებიდან მოსახლეობა ევროპაში შევა. იქ დეტალებს – მხოლოდ 90 დღით ჩამოვა, ვერ იმუშავებს და ვერ ისწავლის და ა.შ. – ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ულტრამემარჯვენეები, რომლებიც იქაურ ხელისუფლებებს მიგრანტებთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ, ამას, რასაკვირველია, სათავისოდ იყენებენ. გარდა ამისა, არ გვინდა ვაღიაროთ, მაგრამ ევროპის “სახალხო პარტიას” უდიდესი გავლენა აქვს. იგი ვიზალიბერალიზაციას მთელ რიგ პოლიტიკურ ასპექტებთან აკავშირებს. “სახალხო პარტიასთან” ერთად ზოგიერთი იქაური პოლიტიკოსი “რუსთავი 2″-ის ეპოპეის დასრულებასაც ელოდება. საბოლოო შედეგები აინტერსებთ. მთლიანობაში ამ ყველაფერმა თავი მოიყარა, ხელოვნური საბაბიც გამოჩნდა და ვიზალიბერალიზაცია გადაიდო, საუკეთესო შემთხვევაში გაზაფხულისათვის.
ასე რომ, გიორგი კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შედეგები ტესტი იქნება. ვნახოთ, რითი გამოუშვებენ იქიდან – ისევ ხელცარიელს, დაპირებებით, თუ რაიმე რეალური წინადადებით. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მხოლოდ დაპირებების იმედი უნდა გვქონდეს.
ეს გიორგი კვირიკაშვილსა და ჩვენ ხელისუფლებაზე უკვე ნაკლებადაა დამოკიდებული. უფრო ევროპის პრობლემაა – ფაქტია, რომ ევროპას დღეს ჩვენთვის არ სცხელა და საქართველო პრიორიტეტად არ მიაჩნია. ჩემი აზრით, ეს ევროჩინოვნიკების მხრიდან დაშვებული სერიოზული შეცდომაა. სიმართლე გითხრათ, პირადად მე მეგონა, რომ ევროპა უფრო საღ აზრს და პოლიტიკურ ნებას გამოავლენდა, ვინაიდან დღეს სქართველო კავკასიაში ევროპული მისწრაფებებით ლიდერია. ევროპისათვის ფაქტიურად სრული კრახით დასრულდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი – ძალზედ ძვირადღირებული კამპანია. ხომ ხედავთ, რა ხდება მოლდოვასა და უკრაინაში. საქართველოღა შემორჩა ისეთი, რომლის საგარეო ვექტორი ჯერ კიდევ მყარად პროდასავლურია. ეს ყველაფერი ევროპას უნდა გაეთვალისწინებინა.
- ანუ, ფიქრობთ, რომ ვინც უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში, როგორც უნდა ეაქტიურა, პროცესებს ვერ დააჩქარებდა?
- მეტ-ნაკლებად შეიძლება ასეც იყოს, თუმცა ვფიქრობ, არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემთხვევაშიც ევროპას ნაკლები საბაბი ექნებოდა. თუნდაც “რუსთავი 2″-ის საკითხი დროულად რომ გადაწყვეტილიყო. ფაქტია, რომ ჩვენმა პარლამენტარებმა რაც უნდა ამტკიცონ – ეს კერძო სუბიექტების დავააო, ევროპას ამისი არ სჯერა. თავის დროზე პუტინმაც ასე უპასუხა ჟურნალისტებს “ენტევე”-სთან დაკავშირებით – კერძო მესაკუთრეების დავააო. ჩვენმა სასამართლომაც ვერ დაგარწმუნა ამაში. ამ არგუმენტზე ყველას ეცინება. უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკურ დავაა და არა სამეურნეო. თავად ხალვაშიც რაღაც ძალიან ინდიფერენტულია ამ თემის მიმართ. ამდენმილიონიან ქონებას თუ ართმევენ, უფრო უნდა აქტიურობდეს. ამ დროს კი არც მედიასთან ჩნდება, არც ინტერვიუს იძლევა და ა.შ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მას “რუსთავი 2″ არაფრად უღირს. ეს ყველაფერი ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს.
- დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრის კანდიდატი დაასახელა – გენერალი ჯეიმს მეტისი, იგივე “ცოფიანი ძაღლი”. რა დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან?
- ის, რომ ერთია წინასაარჩევნო რიტორიკა და მეორე – რეალური პოლიტიკა. ეს ამ დანიშვნიდანაც ჩანს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამერიკის დღევანდელი კანონმდებლობით, მეტისის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა არ შეიძლება, რადგან კანდიდატის სამხედრო უწყებიდან წამოსვლიდან შვიდი წელი უნდა იყოს გასული. ის კი 2013 წელს წამოვიდა. ანუ, სამი წლის წინ. ამიტომ, მეტისის დასანიშნად კონგრესმა სპეციალური კანონი უნდა მიიღოს და ეს შვიდწლიანი ვადა შეცვალოს. როგორც ჩანს, ტრამპს ეს კანდიდატურა იმდენად ძვირად უღირს, რომ იმაზეც კი მიდის, რომ კონგრესს კანონის შეცვლა სთხოვოს. ვინაიდან მეტისს ანტირუსულად და ანტიირანულად განწყობილი პოლიტიკოსის მყარი რეპუტაცია აქვს, ალბათ, კონგრესი ტრამპთან ამ დათმობაზე წავა და იგი თავდაცვის მინისტრი გახდება, რაც რუსეთისათვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.
- საქართველოს ახალი მთავრობის სტარტი ლარის კატასტროფულ გაუფასურებას დაემთხვა. როგორ შეუფასებთ მათ ეკონომიკურ ინიციატივებს, განმუხტავს ეს არსებულ სიტუაციას?
- მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ლარის მომხმარებელი, ხელისუფლებით უკმაყოფილო ვარ, რადგან ლარის ასეთი კატასტროფული გაუფასურება დაუშვა. მათი მიზეზები და პროგნოზები არ მაინტერესებს. მე ხელფასით ვცხოვრობ, რომელსაც ლარში ვიღებ და ვხედავ, რომ ყოველდღიურად ვღარიბდები. დღეს ჩემი ხელფასით იმის ნახევარს ვყიდულობ, რასაც ადრე ვყიდულობდი. მოსახლეობის უმეტესობა ასეა.
ასე რომ, თამამად შეგვიძლია მთავრობას მეტი ეფექტურობა მოვთხოვოთ, რათა შედეგზე იყვნენ ორიენტირებული და არა ახსნაზე. ჩემთვის სულერთია მათი ახსნები იმის შესახებ, თუ რატომ ვცხოვრობთ ცუდად. მთავრობა იმისთვის ავირჩიე, რომ კარგად ვიცხოვრო. თუ ცუდად ვცხოვრობ, მთავრობა დამაჯერებლად ამიხსნის ამის მიზეზებს თუ არადამაჯერებლად, ეს ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობის მქონე არ არის.
როგორც კატაა ვალდებული თაგვი დაიჭიროს, მთავრობაც ვალდებულია უკეთესად გვაცხოვროს. კატამ თუ დაიწყო იმის ახსნა – თაგვებს იმიტომ ვერ ვიჭერ, რომ არატრადიციულად იქცევიან, დღევანდელი თაგვი სხვანაირიაო, ის კატა აღარ იქნება. ასევეა მთავრობაც – ხალხის მეტ-ნაკლებად ნორმალურად ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. ხადურივით არ უნდა იყოს იმის ახსნით დაკავებული, თუ რატო უფასურდება ეროვნული ვალუტა და რატომ გვაქვს ინფლაცია, რატომ გაიაფდა ლარი და რატომ იქცა ჩონჩხად. მე მიზეზი კი არა, შედეგი მაინტერესებს.
- ლარის გაუფასურების ფონზე დაპირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა განხორციელდა? თქვენ ამჩნევთ ამას?
- რა თქმა უნდა, არა. მე იმას ვხედავ, რომ თბილისის მერიამ 28 მილიონით გაზრადა ადმინისტრაციული, ოფისების მოწყობისა და საწვავის ხარჯები. იმასაც ვხედავ, რომ პარლამენტის თითოეული კომიტეტის თავმდჯომარეს და მათ მოადგილეებს პერსონალური ავტომობილები ემსახურებათ. ეს არ მესმის. რატომ უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო მანქანა პარლამენტის კომიტეტების თავმდჯომარის მოადგილეებს? ან ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეებს? თავმჯდომარე რომ დადის არაა საკმარისი? დანარჩენებმა საკუთარი მანქანებით იარონ, რა დაშავდება?
წარმოიდგინეთ ეს რამხელა ხარჯია – რამდენი კომიტეტია, რამდენი თავმდჯომარე და მისი მოადგილე გვყავს. ეს თანხა ცოტა ხანში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბენზინი გაძვირდება. ასე რომ, ჩვენ პარლამენტარებს ქამრების შემოჭერის რა ემჩნევათ?! თუნდაც გარეგნობიდან გამომდიარე ვიმსჯელოთ – სუქდებიან და სუქდებიან. გასული ოთხი წლის განმავლობაში 20-20 კილო მაინც მოიმატეს. ჯერ-ჯერობოთ ქამრების შემოჭერას ჩემს კოლეგებზე – მეცნიერებზე ვხედავ. მათ ნამდვილად შემოიჭირეს.
- უმრავლესობის ახალი სახეების განცხადებები ამ ყველაფრის ფონზე როგორ შთაბეჭდილებას გიქმნით? რამდენად ადეკვატურად გეჩვენებათ?
- მათი განცხადებები ანეგდოტურია. ბევრად ჯობია ჩუმად იყვნენ. მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით ჩვენ პარლამენტარებს მივმართო – ნუ გვაღიზიანებთ! სათქმელი თუ არაფერი გაქვთ, ჯობია საერთოდ გაჩუმდეთ. ცოტა პარლამენტარი გვყოლია ისეთი, ვინც ორი მოწვევის განმავლობაში მიკროფონთან ერთხელაც არ მისულა? ესენიც გაჩუმდნენ, თავიანთი არაადეკვატური განცხადებებით ხალხს ნუ აღიზიანებენ.
მთლიანობაში კი, საკადრო სელექცია და საკადრო პოლიტიკა დამოუკიდებელი საქართველოს ისიტორიაში აქილევსის ქუსლია. გამსახურდიადან დაწყებული, დღევანდელი ხელისუფლების დამთავრებული. ნეპოტიზმი და პირადი ერთგულება მუდმივად აქტუალურია. თითქოს გამსახურდიამაც ამ პრინციპით შეარჩია გარემოცვა, მაგრამ სწორედ მათ გაყიდეს. ესეც ჩვეული ამბავია – ყველა მთავრობა იგივე გზას გადის. პოლიტიკოსები პარტიებს მუდმივად ღალატობენ. ხან ერთ გუნდში გადადიან, ხან – მეორეში. “ნაცმოძრაობაშიც” მასე იყო – დამარცხდა თუ არა, ბევრმა მიატოვა. “ქართული ოცნების” ოფისთანაც ახლა რიგები დგას, მაგრამ როგორც კი არჩევნებს წააგებს, ვნახავთ ვინღა შერჩება. მოღალატეები ყოველთვის იყვნენ და არიან კიდეც.
——————–
„ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ხელისუფლების მთავარი კოზირი ძლიერი ოპოზიციის არარსებობაა“
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
- ქალბატონო ხათუნა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ვგულისხმობ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს, რამდენად ნეგატიურად აისახება პოლიტიკურ პროცესებზე და რამდენად შეიძლება, ეს იყოს არასტაბილურობის წინაპირობა?
_ უშუალოდ არჩევნების წინაპერიოდი რომ იყოს, მაშინ ეს პროცესები უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლიდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩავლილია. წინ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუმცა, არც ისე ახლოს არის. აპრილი-მაისი რომ იყოს, მაშინ ხელისუფლებას ვერაფერი უშველიდა. ხელისუფლების მთავარი კოზირი დღეს არის ის, რომ მას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია. შესაბამისად, საპროტესტო ტალღის მეთაურიც არ არსებობს.
- ძლიერი ოპოზიციური ლიდერი არ არის?
- არა, ოპოზიციური ლიდერები არ არიან. არ არის ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც საზოგადოების ნდობას დაიმსახურებს. არ არის პოლიტიკოსების გუნდი, რომელიც ორი მიმართულებით შეძლებდა მიზნის მიღწევას _ ერთი _ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო განწყობის ზუსტად გამოყენებასა და სწორად მიმართვას და მეორე _ საზოგადოება ვერ ხედავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეძლებდა მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრას. ეს არის დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრის არსებითი პრობლემა და ეს არის საზოგადოების პრობლემაც. რომ არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას თუ ვერ აიღებდა, შეავიწროებდა მაინც და საკუთარ თავზე აიღებდა არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ზრუნვას, შექმნილ ვითარებას აუცილებლად მოჰყვებოდა მაღალი ხარისხის საპროტესტო მუხტი.
- ადგილობრივი არჩევნები შეიძლება გახდეს ამ ვითარების ტესტი?
- ადგილობრივი არჩევნები „ბოლის გამოშვების“ მორიგი ეტაპია, მაგრამ აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მივიღებდით, ის რომ ახლოს იყოს, ვიდრე მივიღეთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ძალა არ არის, მე რადიკალურ და რევოლუციურ ცვლილებებს არც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ველოდები.
- პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები, ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი, რამდენად შეიძლება იყოს ხელისუფლებისთვის პრობლემის შემქმნელი?
- გარეთ ოპოზიცია არ არსებობს. მე ამაზე ჩამოყალიბებული აზრი მაქვს. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მისი რესურსები შეზღუდულია. ნაციონალურ მოძრაობას აკლია ის, რაც აქვს პატრიოტთა ალიანსს და პირიქით.
- რას გულისხმობთ?
- ნაციონალურ მოძრაობას, შეიძლება, აქვს კვალიფიკაცია, რომ გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლებიც არის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო მიმართულებით. სულ მცირე, ამის ილუზიას თუ რეალობას ქმნის ის განვლილი პერიოდი, როდესაც თუნდაც ლარი გაცილებით სტაბილური იყო, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას აქვს სერიოზული, გადაულახავი პრობლემა – მის მიმართ ხალხს ნდობა აქვს დაკარგული. საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 წელი ჯერ კიდევ ღია ჭრილობაა საიმისოდ, რომ თუნდაც მათი პროფესიონალიზმისთვის თვალი დახუჭონ.
პატრიოტთა ალიანსში პირიქით არის საქმე. შეიძლება, ხალხს გულს ეფინება მათი რიტორიკა, მათი ეროვნული, პატრიოტული განწყობები, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში ეს ძალა არ ფასდება, როგორც პროფესიონალებითა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალა და ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა. შეიძლება, პატრიოტთა ალიანსმა მოახერხოს გარკვეული საპროტესტო მუხტის მობილიზება, მაგრამ ის ვერ შეძლებს ამ მუხტის გადაზრდას საერთო, საყოველთაო გამარჯვებაში, რადგან ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომელზეც უკვე მოგახსენეთ.
- ნაციონალური მოძრაობა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. იქონიებს გავლენას მათ რეიტინგზე ის მოვლენები, რომლებიც პარტიის შიგნით ვითარდება? ვგულისხმობ შესაძლო გაყოფას...
- ნაციონალური მოძრაობის წარმატებები ნამდვილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი შიდა წინააღმდეგობების გადალახვას.
„ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „ჩემმა შვილმა ონლაინსესხი რომ ვერ დაფარა, კომპანიამ პრეტენზია მე წამომიყენა“ // „თუ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, გაზაფხულზე ცუდი პროცესები გველოდება“
ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს
- საწვავზე აქციზების ზრდა, რასაც ხელისუფლება აპირებს, ყველა პროდუქციას გააძვირებს. რა პროცესებს გამოიწვევს ეს მოსახლეობაში?
- ამან შეიძლება, ხალხის უკმაყოფილება მღელვარებაში გადაზარდოს. ხელისუფლება ეძებს გამოსავალს უმძიმესი სიტუაციიდან. ამ მიზნით მან გაასაჯაროვა თავისი გეგმები. ზოგიერთი მიდგომა სწორი და მისასალმებელია, ზოგი კი – მიუღებელი. მაგალითად, ვერაფრით დავეთანხმებით აქციზის გაზრდას საწვავზე. ეს ნიშნავს, რომ გაძვირდება პირველადი საჭიროების სურსათი და საგნები – ბავშვის საკვებით დაწყებული, პურით დამთავრებული. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაბალია, მაგრამ აქციზის შემოღება მაინც მტკივნეული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომელიც კითხულობს თქვენს გაზეთს, საწვავს ნუ შეეხება და სხვა პროდუქციაზე დააწესოს აქციზი, გაზარდოს მოსაკრებელი კაზინოებისთვის და სხვა. მემარცხენე ალიანსს კიდევ ერთი კონკრეტული ინიციატივა გვაქვს მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამაზე ბრიფინგიც ჩავატარეთ.
- რაში მდგომარეობს ეს ინიციატივა?
- ის ეხება კრედიტების პროცენტების რეგულირებას. სამოქალაქო კოდექსში არის მუხლი, რომელიც აწესებს ზღვარს იპოთეკური სესხებისთვის. ესაა საშუალოდ 16%, მაგრამ სხვა სახის კრედიტების შემთხვევაში სრული განუკითხაობაა. ეს საშუალებას აძლევს ბანკებს, მიკროსაფინანსო და ონლაინორგანიზაციებს, დაადგინონ უზომო პროცენტები სესხებზე. ეს აღვირახსნილობა უნდა დამთავრდეს. შევიმუშავეთ პროექტი, დამატება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში, რომლითაც ეს რეგულაცია შეეხება ყველა სახის კრედიტს. მივესალმებით განზრახვას ონლაინკრედიტების აკრძალვის შესახებ. ამას დიდი ხანია, მოვითხოვთ.
- მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე გაუგებარია. ჯერ თქვეს, ონლაინსესხები იკრძალებაო, რამდენიმე საათში კი გადათქვეს...
- არ უნდა გადაეთქვათ. ონლაინსესხებს დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის. აქაც გამოჩნდა ამ ხელისუფლების მერყევი ბუნება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სხვა საკითხებშიც გამოუჩენიათ ორჭოფობა და გაურკვევლობა. ჯერ უნდოდათ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, შემდეგ კი ამის საპირისპიროს ამბობდნენ და აკეთებდნენ. ამის შედეგად ქვეყანა სუსტდება. ხისტ პოზიციებსა და ნატოს წვრთნებს მოჰყვა ის, რომ რუსეთმა გალი სამხედრო ქალაქად აქცია.
- ონლაინსესხებს ბევრი მომხრე ჰყავს. ითვლება, რომ თუ ადამიანს უცებ დასჭირდა მცირე თანხა, მაგალითად, 200 დოლარი, მას შეუძლია, ფული ონლაინრეჟიმში რამდენიმე წუთში ისესხოს...
- ასეთი მიდგომა დანაშაულს უტოლდება. ფული ძალიან მაცდური რამეა, ადამიანს ბევრი რამ სჭირდება. საჭირო თანხა შეიძლება 200 დოლარიც იყოს და ორი მილიონიც. რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ სესხი ლამის საჩუქარია. ეს საჩუქარი კი არა, პრობლემაა. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ჩემმა შვილმა ოჯახთან შეუთანხმებლად აიღო ონლაინსესხი. რომ ვერ დაფარა, კომპანია მე დამიკავშირდა და პრეტენზიები წამომიყენა. მე მევახშეებს აქეთ დავდე ბრალი იმის გამო, რომ სესხი მისცეს ახალგაზრდას, რომელსაც საკუთრება და ქონება არ გააჩნია და არ მუშაობს. მსესხებლებიც და მევახშეებიც ჩვენი მოქალაქეები არიან. ამ კრედიტებით ყველა ზარალდება. არასრულწლოვანს რომ აძლევ კრედიტს და ის ვერ გიბრუნებს, შენც ხომ ზარალდები? ამიტომ ონლაინსესხები, რომლებმაც ბევრი ადამიანი დააზარალა, ასაკრძალია.
- ბოლოდროინდელი მოვლენები როგორ აისახა ხელისუფლების რეიტინგზე?
- ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია ვითარების გამოსწორება. მან 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშაოს, რომ ჯერ ლარის კურსის ვარდნა შეაჩეროს, შემდეგ კი კურსი გაამყაროს. 17 წლის განმავლობაში ლარი მყარი იყო და ახლაც რეალურია მისი კურსის დარეგულირება. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება საჭირო რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. აუცილებელია ყველა კრედიტზე პროცენტების შეზღუდვა, ონლაინსესხების აკრძალვა და უარის თქმა საწვავის აქციზზე. თუ ხელისუფლება ამას ვერ მიხედავს და სწორ ნაბიჯებს არ გადადგამს, გაზაფხულზე ძალიან ცუდი პროცესები ელის.
9 პარტიამ უკვე გამოაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ჩვენ ამ შეფასებას არ ვეთანხმებით. ეს პოლიტიკოსები ჩასაფრებული არიან. ისინი ელიან, რომ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვას და ხალხი აღელდეს. არც სააკაშვილს სძინავს.
„ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „მთავრობას ვადას 5 დეკემბრამდე ვაძლევთ“ // არასამთავრობოები ქუჩის აქციებით იმუქრებიან
მომავალი კვირიდან საქართველოში საპროტესტო აქციები იწყება. არასამთავრობოები და ოპოზიციის ნაწილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომას ითხოვს. კერძოდ, „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“ მთავრობას ორკვირიან ვადას აძლევს, რათა ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან. თუ ეს გეგმა არ იქნება და ეკონომიკური გუნდი არ გადადგება, პარტია სამთავრობო დაწესებულებების პიკეტირებას დაიწყებს. „ახალ საქართველოში“ იმედი აქვთ, რომ მათ აქციებს დანარჩენი ოპოზიციაც შეუერთდება.
ოპოზიციასთან კონსულტაციებს დამოუკიდებლად აწარმოებენ არასამთავრობოები. დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა უკვე დააანონსა აქციების დაწყების თარიღი. რა შემთხვევაში დაიწყებენ ისინი აქციებს და ვისთან ერთად გამოვლენ ქუჩაში? – ამ თემაზე ლაშა ჩხარტიშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება.
- ლაშა, თქვენ სოციალური ქსელით დააანონსეთ საპროტესტო აქცია და ხელისუფლებას 5 დეკემბრამდე წაუყენეთ ულტიმატუმი. თქვენ გარდა, კიდევ აპირებს ვინმე ამ აქციაში მონაწილეობის მიღებას?
- ბოლო დროს ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. ამ პროცესის შესაჩერებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, გამოგვეფხიზლებინა მთავრობა, რომელიც რეალობას მოწყვეტილია. ისინი რატომღაც თვლიან, რომ ამომრჩეველთან ყველაფერი გაუვათ და არხეინად აგრძელებენ ჯიბეების გასქელებას. იმ დროს, როცა ხალხი მშიერია, ისინი დანამატებსა და პრემიებს იწერენ. დაბალი დონის ჩინოვნიკებს მართლა ეკუთვნით პრემია. შავ სამუშაოებს ძირითადად ისინი ასრულებენ, პრემიებს კი იშვიათად იღებენ. მაღალი თანამდებობის პირები კი დაუმსახურებლად მაღალ პრემიებს იწერენ. ამ დღეებში გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ვნახეთ, რომ მაღალჩინოსნების პრემიებმა და დანამატებმა რამდენიმე მილიონი შეადგინა. ამ უმსგავსობას ბოლო უნდა მოეღოს. მე თუ მკითხავთ, მაღალი და საშუალო რანგის მოხელეებზე პრემია-დანამატების გაცემა საერთოდ უნდა აიკრძალოს – მათ ისედაც მაღალი შემოსავალი აქვთ. ასევე უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები. არც ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა უნდა მოხდეს. სხვა ღონისძიებებთან ერთად, ეს ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს. ხელისუფლება ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს.
- საწვავსა და სიგარეტზე აქციზის გაზრდას ღონისძიებად არ უთვლით?
- ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები არის ცინიზმის მწვერვალი. ისინი გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. იმედია, ისე არ გააძვირებენ საწვავს, რომ ქვეყანა შუა საუკუნეების ხანაში გადავარდეს. საწვავის გაძვირება ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ხელისუფლებამ საწვავის გაძვირებაზე საუბარს თავი უნდა დაანებოს, ტექნიკური დათვალიერებებისთვის მოემზადოს და ხალხს ავტოპარკის გადახალისებაში დაეხმაროს. ლარის დასასტაბილურებლად არაერთი მეთოდის გამოყენება შეუძლია ხელისუფლებას. თუ 5 დეკემბერს 6 საათამდე ხელისუფლება არ წარმოადგენს გეგმას, მაშინ აქციებისთვისაც დავიწყებთ სამზადისს. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, აღარ არის. ხელისუფლება უნდა გამოვაფხიზლოთ, რომელიც თავის პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ხალხის ხარჯზე იკმაყოფილებს. ასევე მიუღებელია ის პრეტენზიები, რომლებიც მათი მხრიდან საბანკო სექტორის მიმართ გაჟღერდა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ლარის გაუფასურებაში საბანკო სექტორს წვლილი არ მიუძღვის?
- წვლილი როგორ არ მიუძღვის, ეს სექტორი საქართველოში ყაჩაღურად იქცევა. მისკენ ხელის გაშვერა არის თავის დაცვის უსუსური მცდელობა. უკვე მოძველებულ ახალ ხელისუფლებას თითიც კი არ გაუნძრევია იმისთვის, რომ ყაჩაღებად ქცეული ბანკების თავგასულობა მოეთოკა. არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მოუთხოვია ვინმეს პასუხი. ასე რომ, სხვაგან ხელის გაშვერას თავი დაანებონ, განსაკუთრებით ისეთმა პიროვნებებმა, როგორიც კახა ოქრიაშვილია. უბრალოდ, სასაცილოა, ეს ადამიანი სხვების მონოპოლიზებაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. იმის მაგივრად, რომ პასუხი მოსთხოვონ, ყველა ხელისუფლებას მოერგო და ბაირაღივით გადადის ხელიდან ხელში.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბანკებს რეგულაციები არ დაუწესდეს. რეგულაციები სასწრაფოდ უნდა შემოიღონ, ეს ბანკები ზემოგებებზე არიან გადასული. ისინი ხელისუფლებასთან დრაკონული მეთოდებით ურთიერთობენ და ეს ხელისუფლებას მარტო ლარის გაუფასურების დროს არ უნდა გაახსენდეს.
- მოდით, ისევ აქციას დავუბრუნდეთ, რომელი ორგანიზაციები აპირებთ მის მოწყობას?
- აქციაზე დასწრება ყველას შეუძლია, მაგრამ დაველოდოთ 5 დეკემბერს. თუ ამ დღეს 6 საათისთვის ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ გეგმას არ წარადგენს, ან ლარი დასტაბილურებას არ დაიწყებს, ამ შემთხვევაში დაიწყება კონსულტაციები სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
- მარტო არასამთავრობო სექტორზეა საუბარი თუ პოლიტიკურ პარტიებზეც?
- ჩვენ ყველასთან სათანამშრომლოდ მზად ვართ. ერთადერთი გამონაკლისი არის ნაციონალური მოძრაობა. მის მიმართ ჩემი პოზიცია უცვლელია – ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, დამნაშავეებთან არანაირი კონსულტაცია არ იქნება.
- „ახალ საქართველოსთან“ თუ ითანამშრომლებთ? მათ ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური გუნდი არ გადადგება, ისინი სამთავრობო ობიექტების პიკეტირებას აპირებენ...
- „ახალ საქართველოსთან“ ახლო შეხება არა მაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, ნაციონალების ნამსხვრევებზე მაღალი წარმოდგენისა არ ვარ. თან ისიც გასარკვევია, ვისთან თანამშრომლობენ ეგენი – ძველ ხელისუფლებასთან, ახალთან თუ ორივესთან ერთად. სხვებთან კი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. ორშაბათს, 5 დეკემბერს, ჩვენი მოთხოვნა თუ არ შესრულდა, 8 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან პირველი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. იმედი გვაქვს, ეს აქცია მაინც მოიყვანს გონს. ისინი უკვე ძალიან დაშორდნენ ხალხს.
- ხელისუფლების წევრების შეფასებებზეც მინდა გკითხოთ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ აჟიოტაჟის შექმნაში და ლარის გაუფასურებაში მედიას მიუძღვის წვლილი...
- ზვიად ძიძიგურის მხრიდან ეს არის ურცხვი და უტიფარი განცხადება. ეს ხელისუფლება ძალიან მიეჩვია ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებას. ისინი იმიტომ დავიქირავეთ და იმიტომ ვუხდით ხელფასს, რომ ქვეყანა განავითარონ. ესენი კი ფუფუნებაში გადავარდნენ და სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას იწყობენ. ცივილურ სამყაროში ჩინოვნიკებს ლუკმა-პურის შოვნაზე არ უწევთ ფიქრი, მაგრამ არც მდიდრდებიან. აქ კი ყველაფერი პირიქითაა.
„ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა სუსტი ლარის პოლიტიკა აირჩია“
ეკონომიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე აფასებს.
- ბატონო ალექსანდრე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ის, რაც 1 დეკემბერს სავალუტო ბაზარზე ხდებოდა, აჟიოტაჟი და მოლოდინებით შექმნილი იყო. როგორ აფასებთ მის განცხადებებს და ზოგადად რა ხდება ქართულ ეკონომიკაში?
- ხდება ის, რომ მთავრობას ჯერჯერობით არ დაუწყია ნორმალური მუშაობა, განსაკუთრებით – ეკონომიკურ გუნდს. წლის ბოლოა, ლარზე მოთხოვნა დიდია და ამიტომ ხდება ასეთი ტიპის ექსცესები. მთავრობა მალე გონს მოვა და რაღაც ქმედებებს განახორციელებს. ამავდროულად, ჩემთვის მეორე საკითხიც გარკვეულია.
- რომელი საკითხი?
- ის, რომ ეროვნულმა ბანკმა აირჩია სუსტი ლარის პოლიტიკა, რაც დიდი შეცდომაა.
- რა იგულისხმება სუსტი ლარის პოლიტიკაში?
- ის, რომ დიდი იქნება გაცვლითი კურსი. ეს კარგია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ექსპორტისკენ არის მიმართული, მაგალითად, ირანი, თურქეთი და ასე შემდეგ. ასევე ეს კარგია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი შეცდომაა. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ აზერბაიჯანის მაგალითზე.
- ამბობენ, რომ ის, რაც ახლა ხდება, ხელოვნური პროცესია, რომ ვიღაც დიდ ფულს შოულობს. ასეა?
- არა, მე ამაში კორუფციულ გარიგებას ვერ ვხედავ. აქ არის ორი მიზეზი: პირველი _ ეროვნული ბანკის საერთო პოლიტიკა და მეორე – მთავრობას ჯერ არ დაუწყია ნორმალურად ფუნქციონირება. დაველოდოთ, ვნახოთ, რა იქნება 100 დღის შემდეგ.
- რამდენად შეძლებენ სიტუაციის გამოსწორებას?
- ეს სამი თვის შემდეგ მკითხეთ. ახლა ამაზე პასუხი არ მაქვს.
- გაძვირებულ ფასებზე რას იტყვით? მთავრობამაც დააანონსა აქციზების გაძვირება საწვავზე, სასმელზე და ასე შემდეგ. ეს მოსახლეობის ჯიბეს არ დაარტყამს?
- თუ ასეთი პოლიტიკა ხანგრძლივი იქნება, მაშინ ყველაფერი გაძვირდება. რაც შეეხება აქციზს, პრინციპში, მე ერთადერთ აქციზს ვეთანხმები. ეს არის თამბაქოზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად მწეველი ვარ. ეს არის მსოფლიო დონის პოლიტიკა, ასევე, იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, ენერგომატარებლებსა და საწვავზე.
- საწვავის გაძვირება უკვე დაანონსდა. მთავრობა ამ წინადადებას უკან წაიღებს?
- ვნახოთ, არ ვიცი. ხელისუფლების შიგნით ურთიერთდამოკიდებულება ჯერ კიდევ გარკვეული არაა. შეიცვალა პოზიციები, შეიცვალნენ მინისტრები. რა დამოკიდებულებებია, ვის დაუჯერებს პრემიერ-მინისტრი, ვის – არა, არ ვიცით. დაველოდოთ და ვნახოთ.
- რას ფიქრობთ ინიციატივებზე, რომ სესხები გადავიდეს ლარში, აიკრძალოს ონლაინსესხები? ამის თაობაზე როგორია თქვენი პოზიცია?
- ძალიან დადებითი. არა მარტო ეკონომიკური, არამედ ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, კონსტიტუციით ჩვენი ეროვნული ვალუტა ლარია. ვინმეს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთში კრედიტები შვეიცარიულ ფრანკებში გაიცემოდეს და არა – ევროში?! მთელი ანგარიშსწორება ლარში უნდა ხდებოდეს. ეს კონსტიტუციაში წერია.
- ლარში გაცილებით მაღალი პროცენტია, ვიდრე დოლარში.юю
- ეს სხვა პრობლემაა, რაზეც სხვადასხვა ტიპის რეგულაციები უნდა არსებობდეს. არ შეიძლება, კრედიტებს დრაკონული პროცენტი დაედოს. ჩვენთან უზომოდ მაღალია განაკვეთი კრედიტებზე. მსოფლიოში წლიური არის 2-3%, ჩვენთან კი ძალიან მაღალია. ამას სჭირდება შესაბამისი რეგულაციები და ამის ერთ-ერთი თავიდათავი არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც კომერციულ ბანკებს ფულს უზომოდ მაღალი პროცენტით აწერენ.
- საუბრობენ იმის თაობაზეც, რომ სესხების ლარში გადატანა ბევრ, იმავე სამშენებლო ბიზნესს დააზარალებს.юю
- რატომ უნდა დააზარალოს?! ჯერჯერობით დეველოპერები ყველაფერს დოლარში ყიდიან და, როცა ლარში გადავლენ, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ერთი რამ ფაქტია – მათ არ უნდა გაზარდონ ფასები.
- ეკონომიკური თვალსაზრისით მკაცრი ზამთარი არ გვექნება?
- შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ეს ქართული უნიათობით იქნება გამოწვეული, იმიტომ, რომ თამაშის წესებს ბიზნესი უნდა შეეჩვიოს. არ შეიძლება ხავსმოკიდებული ტექნოლოგიებით მუშაობა. ცოტა სხვა ტიპის ურთიერთობები უნდა განვითარდეს საქართველოში. რაც დღეს ჩვენთან ხდება, ამას არ ჰქვია მეწარმეობა.
„ახალი თაობა“, 03 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მიხეილ დუნდუასთან: „პირველი დეკემბერი „თიბისი“-ს და „საქართველოს ბანკის“ სირცხვილია“
„სირცხვილი საქართველოს ბანკს და თიბისი ბანკს“! – ასეთი მოწოდებით გამოდის 20\30-ის წევრი მიხეილ დუნდუა, რომელიც ლარის კურსის მკვეთრ დაცემაში ამ ორი ბანკის როლს არასახელმწიფოებრივად აფასებს.
რატომ მიიჩნევს ამ ორი ბანკის ქმედებებს სირცხვილად და არასახელმწიფოებრივად, რატომ უნდა გახდეს მათი ქმედებები პროკურატურის ძიების საგანი, ამის თაობაზე მიხეილ დუნდუა „ახალ თაობას“ ესაუბრა.
- ბატონო მიხეილ, თქვენ ლარის კურსის მკვეთრ დაცემას არაჯანსაღ პროცესებს უკავშირებთ. რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?
- ამგვარი შეფასების საშუალებას მაძლევს ის სიტუაცია, რაც იყო 1 დეკემბერს სავალუტო ჯიხურებში, სადაც არ გახლდათ არანაირი ხალხმრავლობა, კურსი ავარდა ზევით, 2,70-ს გადააჭარბა და რამდენიმე საათში ჩამოვიდა 2.60-ის ნიშნულამდე.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ეს გააკეთეს დიდმა მოთამაშეებმა, რაც სამართალდამცავი ორგანოების ძიების საგანი უნდა იყოს. კერძოდ, რა გააკეთეს?
- ის კურსი, რაც დაფიქსირდა 1 დეკემბერს, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, არაფერს ასახავდა. როგორც გავიგე, სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებიც კი აღშფოთებული იყვნენ. ლართან დაკავშირებული სიტუაცია არ იყო დაკავშირებული არც ერთ ეკონომიკურ ფაქტორთან.
- ბანკების როლი აქ რით ჩანს?
- სავალუტო ჯიხურებს თანხას აძლევენ მსხვილი მოთამაშეები.
- კერძოდ?
- ორი მსხვილი მოთამაშეა, საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი. უნდა დაიწყოს მოკვლევა მათ ქმედებებთან დაკავშირებით.
- ამ ბანკებმა არაკანონიერი ოპერაციები ჩაატარეს?
- ვინ რა გააკეთა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ის, რაც მოხდა 1 დეკემბერს, გინდ სამართლებრივი კუთხით, გინდ სხვა კუთხით, საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის სირცხვილია. კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ თუ არა, მოიკვლიონ სათანადო ორგანოებმა. მათი ქმედება იყო ანტისახელმწიფოებრივი. ამიტომ შესაბამისმა ორგანომ უნდა გამოიძიოს და დამნაშავე პირები დასაჯოს.
- რატომ იყო მათი ქმედება არასახელმწიფოებრივი? რა გააკეთეს?
- სავალუტო ჯიხურებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით ფული საოპერაციოდ. ისინი ფულს, როგორც წესი, საქართველოს ბანკიდან და თიბისი ბანკიდან იღებენ. ისინი არიან ჯიხურებისთვის ფულის მიმწოდებლები. შესაბამისად, თუ ბანკები გადაწყვეტენ, რომ ძალიან მაღალი კურსით მისცენ თანხა ჯიხურის მფლობელებს, ისინი ან უნდა დაემორჩილონ, ან უარი თქვან. ჯიხურის მეპატრონეებმა უარი თქვეს მაღალი კურსით თანხის მიღებაზე. რაღაც დროის განმავლობაში ჯიხურები არც კი ახურდავებდნენ ფულს, რადგან არ უნდოდათ, იმ კურსით ჩაეტარებინათ ოპერაცია, რასაც, დარწმუნებული ვარ, კავშირი ჰქონდა მსხვილ მოთამაშეებთან.
- ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა იმგვარ ოპერაციებსაც, როცა გარკვეულმა მოთამაშეებმა დილით ლარი ერთ კურსში იყიდეს, შემდეგ კი, როცა კურსი დაეცა, გაყიდეს...
- ფაქტია, რომ ლარის კურსმა 2,70-ს გადააჭარბა. ამაში დამნაშავე ვინც არის, უნდა დაისაჯოს. ეს იქნება რიგითი მოხელე თუ მაღალი დონის მოხელე ბანკში, ვინც ამ საკითხში უარყოფითი როლი ითამაშა, უნდა დაისაჯოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ამ ორი ბანკის სირცხვილი. თუ ვერ გააკონტროლეს და შიდა მოხელეების ბრალია, ეს კიდევ უფრო დიდი სირცხვილია.
- ე.ი. ამ ორ ბანკზე იყო დამოკიდებული სავალუტო მოძრაობები?
- მათ უნდა მიეხედათ ამ საკითხისთვის.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ დღეს საქართველოს სავალუტო ბაზარს აკონტროლებენ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ ბანკი?
- დღეს საქართველოს საფინანსო ბაზარს აკონტროლებენ „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“. მათ იმდენად დიდი მასშტაბები აქვთ, რომ პრაქტიკულად, ისინი არიან სისტემური ბანკები. ისინი საფინანსო სექტორს აკონტროლებენ. შესაბამისად, შეუძლებელია, მათი მონაწილეობის გარეშე წარმართულიყო ლარის კურის მკვეთრი ვარდნის პროცესი.
- მაშინ ეროვნული ბანკი რას აკეთებს? როგორ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა დაარეგულიროს პროცესი?
- ეროვნულმა ბანკმა უნდა მიხედოს ბანკების ზედამხედველობას, ზედამხედველობა უნდა გაამკაცროს. უნდა გაითვალისწინოს სავალუტო ფონდის რეკომენდაცია.
- ზოგიერთი ექსპერტი იმასაც აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟის მიზეზი ის გეგმა იყო, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა. ზოგიერთმა ორგანიზაციამ იმისთვის, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმნოდა, დიდი ოდენობით დოლარი შეისყიდა...
- არა, რა დოლარი შეისყიდეს. ბლუმბერგზე სხვა კურსი იყო და სავალუტო ჯიხურებში სხვა კურსი დაფიქსირდა. ხსენებული ბანკების ჩარევის გარეშე ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა.
- ბლუმბერგზე რა ხდებოდა?
- ბლუმბერგი არის სავაჭრო სისტემა, სადაც ხდება ვაჭრობა. იქ შეიძლება დააკვირდე, როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა. არ შეიძლება, ბლუმბერგის კურსი და ჯიხურის კურსი რადიკალურად განსხვავდებოდეს. ბლუმბერგზე რა კურსიც არის, დაახლოებით იგივე უნდა იყოს სავალუტო ჯიხურებშიც. 1 დეკემბერს კი ისეთი სიტუაცია მივიღეთ, ჯერ სავალუტო ჯიხურებში ავარდა ვალუტის კურსი, ბლუმბერგის კურსი კი მერე წავიდა.
- თქვენ ფეისბუქზე წერდით, რომ 2015 წელს გერმანიის განვითარების ბანკისაგან საქართველოს საბანკო სისტემის კრიტიკა იყო, რეკომენდაციები არ შევასრულეთ, არ დავუჯერეთ და, სამწუხაროდ, ვაგვიანებთ ამ მიმართულებით ღონისძიებებსო. საბანკო სისტემის რეფორმა იყო საჭირო?
- სავალუტო ფონდით ითხოვდა და გერმანიის განვითარების ბანკმაც მოგვცა რეკომენდაციები, რომ უნდა შეიზღუდოს სამომხმარებლო დაკრედიტება და გზა უნდა მიეცეს საინვესტიციო დაკრედიტებას, ანუ კორპორაციულ დაკრედიტებას, რადგან საბანკო სექტორის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მიზერულია. ბანკები რისკისგან დაუცველ მოსახლეობას აწვდიან ფულს და ვალს, არაადეკვატური საპროცენტო განაკვეთებით და არასათანადო პირობებით. ამის გამო, ზემოაღნიშნული ბანკები ყველაზე მაღალი მომგებიანობით მსოფლიოს ბანკების ოცეულში შედიან. ეს არ უნდა ხდებოდეს.
- შეგიძლიათ თქვათ, რომ არსებულმა საბანკო სისტემამაც შეუწყო ხელი, ამ ორ ბანკს ის განეხორციელებინა, რაც მოხდა?
- რა თქმა უნდა. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს არ მიხედა, კომერციული ბანკების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ზომები. არ შეასრულა სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. იმიტომ გვჭირს ის, რაც გვჭირს. არ მეგონა, თუ ასე მწვავედ დადგებოდა ეს საკითხი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მართალი ვიყავი, როცა ვამბობდი, რომ საჭირო იყო, გაეთვალისწინებინათ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. არ გაითვალისწინეს და ახლა აღიარებენ, რომ უცხოურ ვალუტაში არ შეიძლება სესხების აღება დაუცველი მოსახლეობისთვის.
- ჩვენ გვახსოვს, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დიდი იმედი გვქონდა, როცა ქადაგიძე იცვლებოდა. რატომ ვერ შეასრულა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის ფუნქცია, რაც საჭირო იყო?
- ის, რა ღონისძიებებსაც ახლა მიმართავს, სწორი ღონისძიებებია, მაგრამ ეს ეროვნულ ბანკს 2015 წელს უნდა გაეკეთებინა. ახლა არის 2016 წლის დეკემბერი. ქადაგიძემ საჭირო ღონისძიებები არ გაატარა, რამაც მიგვიყვანა ახლანდელ სიტუაციამდე. მისმა შეცდომებმა მიგვაღებინა დღევანდელი სიტუაცია. სამი წელია, გორდება ეს სიტუაცია. ერთი და ორი თვის მიუხედაობის ამბავი რომ იყოს, ასე არ მოხდებოდა. 3 წლის წინანდელმა პრობლემამ ახლა ერთბაშად იფეთქა. ახლა ეროვნული ბანკი ასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციას. დაგვიანებით, მაგრამ მაინც ასრულებს. ქადაგიძემ ეს არ გააკეთა.
- ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების არჩევა ხდება. თუ ადევნებთ თვალყურს?
- არ შეიძლება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ავირჩიოთ კიკორია და მესტვირიშვილი.
- რატომ?
- დაუშვებელია, კიკორია ავირჩიოთ ეროვნული ბანკის საბჭოში, რადგან რამდენიმე თვის წინ ის საქართველოს ბანკს ხელმძღვანელობდა. მისი სავარძელი ჯერ გაცივებული არ არის. ასეთი პიროვნება უნდა დაინიშნოს ეროვნულ ბანკში, რომელმაც ბანკებს ზედამხედველობა უნდა გაუწიოს? როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება? ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ კიკორიას ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი აქვს საქართველოს ბანკთან.
- კიკორიასაც ხომ არ აქვს 1 დეკემბრის სავალუტო რყევებში მონაწილეობა მიღებული?
- არ ვიცი, საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, მაგრამ ის, რაც მოხდა, მინიმუმ სირცხვილია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის.
- რატომ უნდა მოეხდინათ სავალუტო კურსის მკვეთრი ვარდნისთვის ხელშეწყობა ხსენებულ ბანკებს?
- მათ ეს გააკეთეს მოგების მიღების მიზნით.
- თქვენ თქვით, რომ არ შეიძლება მესტვირიშვილი და კიკორია იყვნენ ეროვნული ბანკის საბჭოშიო...
- მესტვირიშვილმა დაიმსახურა, წავიდეს ეროვნული ბანკიდან.
- რით?
- როცა ჩვენ ვეუბნებოდით, გაეთვალისწინებინათ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, არ გაითვალისწინეს. ახლა აღიარებენ, რომ გასათვალისწინებელი ყოფილა. ამიტომ უნდა წავიდეს.
- თუ კიკორიასა და მესტვირიშვილის ყოფნა ეროვნული ბანკის საბჭოში არ შეიძლება, მაშინ რატომ წარადგინეს?
- ისინი პრეზიდენტმა წარადგინა. ეს უნდა ვკითხოთ პრეზიდენტს, რატომ წარადგინა.
- პროტესტს ხომ არ აცხადებთ?
- არა, მაგრამ კიკორია და მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში არ უნდა იყვნენ. სხვაგან კარგ ადგილზე დანიშნონ, უფრო მეტი ფული მისცენ, პრობლემა არ არის. უკეთესად იცხოვრონ, პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს ამ ადამიანებთან, მაგრამ საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ეროვნულ ბანკში ზედამხედველად არ უნდა იჯდეს.
- საქართველოს ბანკს თუ აკონტროლებდა, რა, ფული არ აქვს?
- არ ვიცი. მე ვამბობ, კარგად იცხოვროს, პიროვნულად პრობლემა არ მაქვს-მეთქი. უბრალოდ, არ შეიძლება, საქართველოს ბანკის ყოფილი წარმომადგენელი ეროვნული ბანკის საბჭოში იყოს. მერე გახდება ზედამხედველობის ხელმძღვანელი და ბანკებს როგორ უზედამხედველებს?!
- რიგი ექსპერტებისა, სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ხელისუფლებას რომ აბრალებენ, ამბობენ, რომ საჭიროა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ამას როგორ უყურებთ? თქვენ ხელისუფლების როლს როგორ აფასებთ?
- ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცა და ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ეს უნდა განხორციელდეს. თუმცა, 1 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან ამას ნაკლები კავშირი აქვს, იმიტომ, რომ სავალუტო ფონდი მუდმივ მონიტორინგს უტარებს ამ პროცესებს. არასოდეს უთქვამს სავალუტო ფონდს, მთავრობის ხარჯვითმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ლარის დევალვაციასო. ასეთი პრობლემები რომ იყოს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და სავალუტო ფონდი ხედავს, გასაგები იქნებოდა. პრობლემა უნდა ვეძებოთ იმ მიმართულებით, რაზეც გესაუბრეთ. მიუხედავად ამისა, ხარჯების შემცირება, ადმინისტრაციის შემცირება ძალიან კარგია და ეს უნდა გაკეთდეს.