„კვირის ქრონიკა“: როგორ მოახსნევინეს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი
„კვირის ქრონიკა“: ვინ დარჩა მოგებული ირაკლი ღარიბაშვილის წასვლით?
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რა ახალი სისხლი, კვირიკაშვილი სამი წლის განმავლობაში მინისტრია, რამდენ თანამდებობას შეუცვლი ადამიანს, იმდენჯერ ახალი სისხლია? ასეთი ნეპოტიზმი სააკაშვილის დროსაც კი არ ყოფილა – ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, სიძეები, რძლები…»
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „იქნება პრემიერი თუ გიორგი კვირიკაშვილი, როცა ბიძინა ივანიშვილი იღებს და პრემიერი და სხვა გეგმების შემსრულებლები არიან მხოლოდ?!“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “დღეს გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნებისთვის” ჟანგბადის ბალიშია” – როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი პოლიტიკაში?!
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის იდეალი არ არის და არც მას მერე დამიწყია მისი ქება, როცა პრემიერი გახდა… ირაკლი ღარიბაშვილისგან პარტიის შექმნა გამორიცხულია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილთან დისკუსია დაიწყო”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „საქართველო რელიგიური დაპირისპირების საფრთხის წინაშე დგას“
„კვირის პალიტრა“: ეკონომიკური პროგნოზი 2016 წლისთვის
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „კოალიციაში ყველამ ყველაფერი მიიღო თავისი ინტერესების მიხედვით, ქვეყანა კი დარჩა ღარიბი და განუვითარებელი!»
—————————-
„კვირის ქრონიკა“, 4 იანვარი, 2016 წელი
როგორ მოახსნევინეს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი
ნინო სამხარაძე
იურისტი ვალერი გელბახიანი»კვირის ქრონიკის» გამორჩეული რესპონდენტია, ფაქტობრივად, მთელი გასული წლის განმავლობაში პროგნოზებში არ შემცდარა, მას ხუმრობით „ვანგა გელბახიანი“ შეარქვეს კიდეც. სწორედ გელბახიანი აანონსებდა ჩვენთან ინტერვიუში, რომ აუცილებლად გადადგებოდა ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნებამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრე. „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ახლა ის აცხადებს:
- მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან ინტერვიუში ამ მოვლენამდე სამი თვით ადრე ვაცხადებდი, რომ არჩევნებამდე აუცილებლად გადადგებოდა ირაკლი ღარიბაშვილი, ჩემთვის 2015 წლის მიწურულს მისი გადადგომა, იყო მოულოდნელი! ამ ფაქტს ახალი წლის შემდეგ უფრო ველოდი. ალბათ, უნდა შეფასდეს „ქართული ოცნების» მოღვაწეობის სამი წელი და ამის შემდეგ ითქვას, რა საფუძველი ედო ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, რაზე იყო გათვლილი, რა მიიღო ამით ქვეყანამ, ან იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ღარიბაშვილი წარმოადგენდა. რაც უფრო დრო გადის, საქართველო თავისი რეგიონალური გეოპოლიტიკური მდგომარეობით უფრო და უფრო მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ხდება, ისე ვითარდება მოვლენები, რომ საქართველო უფრო და უფრო საჭირო ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში. მზარდია რუსეთის სახელმწიფოს მოთხოვნები საქართველოსთან მიმართებაში, აღმოსავლეთის პრობლემების დაძაბულობა, ამას ემატება აღმოსავლეთის კონფლიქტი, რაც, ბუნებრივია, დასავლეთში შეშფოთებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, რეგიონალური თვალსაზრისით, საქართველო მოითხოვს, იყოს სახელმწიფოებრივად სტაბილურ გარემოში. ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამონათქვამს ანალიზი უკეთდებოდა და ამის შემდგომ ყალიბდებოდა საერთაშორისო წრეებში აზრი.
დაახლოებით ასეთი სურათი შეიქმნა დასავლეთში ირაკლი ღარიბაშვილის როგორც პრემიერის მიმართ, არასანდო პოზიცია ჩამოყალიბდა. დღეს შეიძლება უკვე ამ თემაზე ლაპარაკი და ღიად გეტყვით, რომ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ირაკლი ღარიბაშვილზე იყო დასკვნა გაკეთებული, როგორც არასანდო პარტნიორზე. სხვათა შორის, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი გამწესდა საგარეო საქმეთა მინისტრად, შერბილდა ხისტი დამოკიდებულება, რადგან კვირიკაშვილს საჯარო ურთიერთობებში აღმოაჩნდა გამოცდილება და ტაქტიკა, რის ხარჯზეც მოახერხა ამერიკელების განეიტრალება. კვირიკაშვილმა შეძლო, დასავლეთის ეჭვები გაეფანტა.
- რაში გამოიხატებოდა ირაკლი ღარიბაშვილის დასავლეთისთვის არასანდო პარტნიორობა?
- ეს ყველაფერი გაანალიზდა მისი სამწლიანი მოღვაწეობის შედეგად და დასავლეთს ეს დასკვნა არ დაუდევს მხოლოდ ერთი ან ორი ფაქტის შემდეგ. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ფარდის უკან ვინ დგას და რეალურ პოლიტიკას ვინ აკეთებს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი პრემიერობის დროს რუსმა კომპანიებმა საქართველოში მოიკიდეს ფეხი და თუ ასე გააგრძელებენ, რუსული კომპანიები ყველა დანარჩენს ამოძირკვავენ და მონოპოლისტები გახდებიან. როცა საქართველოს ბაზარზე ასე სერიოზულად შემოდის რუსული ინვესტიცია, რომელიც საფრთხის მატარებელია დასავლეთის ინტერესების მიმართ, ბუნებრივია, ასეთი მდგომარეობის შექმნა დასავლეთს არ აწყობს, მათ შორის არც ევროპელებს და პირველ რიგში, თურქებს. აქედან გამომდინარე, დარტყმა მოხდა ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე და არა მასზე, ვისი ნებითაც ეს მოხდა. თქვენ ნახეთ, რომ, ფაქტობრივად, მთავრობა არც კი შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ პრემიერი, გამოიყენეს პოლიტიკური ტექნოლოგია საერთაშორისო მიმართულებით, მაგრამ საარჩევნო ტექნოლოგია, როგორც ხედავთ, ამ ცვლილებებში არ იყო, მინისტრთა კაბინეტის ცვლა მოხდება მაშინ, რა დროზეც წინა ინტერვიუში მიგითითებდით, ანუ ეს მთავრობა იქნება დროებითი ხასიათის გარდამავალი პერიოდის მთავრობა და რადიკალური ცვლილებები მოხდება ალბათ, მაისში.
არჩევნების წინ, სისხლის გადასხმა თუ არ განხორციელდა მთავრობაში, გაუჭირდება, არჩევნები მოიგოს. თუ ვინმე ფიქრობს, საბოლოოდ მაინც გამარჯვება ჩვენ ხელშიაო, ეს პოლიტიკაში არის ილუზია და ეს ილუზია ყველას თავზე დაემსხვრევა. ეს ნაბიჯი, რომ ღარიბაშვილი საერთაშორისო ტექნოლოგიების გამო გამოიცვალა, მიანიშნებს იმას, რომ საკმაოდ სერიოზული პიარკონსულტანტები ჰყავთ უცხოეთიდან დაქირავებულები და როგორც ჩანს, ის ადამიანები მართავენ რეალურად საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, ეს ნაბიჯი გადაიდგა სწორედ იმის გამო, რომ პირველ რიგში დასავლეთთან ყოფილიყო ურთიერთობების ნორმალიზება. რაც შეეხება არჩევნებს, ეს სხვა თემაა, სწორედ მაისში უნდა ვიხილოთ მინისტრების ცვლა.
- ვიცე-პრემიერი კახი კალაძე არაბუნებრივადაა გასუსული, არადა, მის მიმართაც არსებობდა პრეტენზიები, იგივე „გაზპრომთან“ მოლაპარაკების ფაქტორი კალაძეა. როგორ ფიქრობთ, შეინარჩუნებს თანამდებობას სამთავრობო კარუსელის დროს?
- ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ის პოსტს ინარჩუნებს, თუმცა არ მგონია, რომ მას თანამდებობა დაატოვებინონ სამთავრობო ცვლილებების დროსაც.
- თქვენი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის რამდენად მოულოდნელი იყო მითითება, რომ გადამდგარიყო?
- რომც არ ვთქვა, მას სახეზე ეწერა, რომ მოულოდნელი ამბავი დაატყდა თავს, თუმცა იანვრის შემდეგ ის მაინც უნდა წასულიყო.
- თქვენი აზრით, ვინ იქნება მმართველი გუნდის სიის პირველი ნომერი?
- ჯერჯერობით ეს საკითხი ბოლომდე გამოკვეთილი არ არის, სამუშაო პროცესია, ამიტომ ცალსახად იმის თქმა, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და ვინ სად წავა, ჯერ ადრეა. პარლამენტი და მთავრობა გუნდური პრინციპით რომ მუშაობდეს, მაშინ შეიძლება ორიენტირის გაკეთება, სავარაუდოდ, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, მაგრამ ჯერჯერობით ხე ლისუფლებაში გუნდური პრინციპი არ მუშაობს და ამ საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ერთ ადამიანზეა, მას ვინ მოსწონს და რას ფიქრობს, არავინ იცის. მაგალითად, ამ ეტაპზე იკვეთება გიორგი კვირიკაშვილის მისამართით ბიძინა ივანიშვილის სიმპათია. დღეს რომ ვთქვათ, რომ სიის პირველი ნომერი იქნება კვირიკაშვილი, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება და ვინ მოეწონება ბატონ ბიძინას, ამიტომ ძნელია პროგნოზის გაკეთება.
- რას ფიქრობთ ახალ პრემიერ-მინისტრზე და რამდენად შეძლებს გიორგი კვირიკაშვილი, ქვეყანა წინ წაწიოს და რეალური ცვლილებები განახორციელოს?
- ბატონ გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, როცა ის მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო. არის ძალიან მოწესრიგებული და გაწონასწორებული პიროვნება, ის არ გახლავთ აგრესიული ბუნების, არ არის ხისტი, სწრაფ გადაწყვეტილებებს არ იღებს, არ გახლავთ კონფლიქტური, თუმცა ის არ გახლავთ ქარიზმატული პიროვნება, რომელიც თემას წამოწევს და საზოგადოებას თავს მოახვევს. ასეთი არ გახლავთ. ის შეეცდება, დაბალანსებულ, მშვიდ გარემოში იმუშაოს და დაძაბულობის კერები აღმოფხვრას. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, კვირიკაშვილი შეეცდება, პრეზიდენტთან დაარეგულიროს ურთიერთობა. მერწმუნეთ, როგორც პრემიერი, პრეზიდენტთან არ შექმნის დაძაბულობას. მაგალითად, ღარიბაშვილი დემონსტრაციულად ამბობდა უარს, დასწრებოდა პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას, ამას კვირიკაშვილი არ გააკეთებს. უცხოელები რომ ხედავდნენ ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის ურთიერთობას, გაოგნებულები იყვნენ, როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა უარი თქვას და არ მივიდეს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე. იმასაც ხედავდნენ, რომ საერთაშორისო ფორუმებზე პრეზიდენტი ყოველთვის ნბლოკირებული იყო, კვირიკაშვილი კი ამ ყველაფერს აღარ გააკეთებს და დაძაბულობას არ შექმნის ხელისუფლების შტოებს შორის.
- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ ის „ოცნების“ მხარდამჭერი არ იქნება?
- ბუნებრივია, პრეზიდენტს აღარ აქვს „ოცნებისგან“ ნდობა, თუმცა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულია, ითანამშრომლოს მმართველ გუნდთან, რომც არ მოსწონდეს. აქედან გამომდინარე, არც პრეზიდენტს აკლია კონსტრუქციულობა, ის გამომწვევ და პროვოცირებულ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაგრამ არც იმას შეეცდება, პოლიტიკურ არჩევნებში გამოკვეთილად დადგეს კოალიცია „ქართული ოცნების“ გვერდით, რომელმა გუნდმაც ის პრაქტიკულად უარყო.
————
P.S. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახი კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის კადრებს გადადგომა მოსთხოვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კალაძისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებას, თუმცა კალაძეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ წამსვლელთა სათადარიგო სკამზე შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს, ყველაფერი კი დამოკიდებულია ერთი ადამიანის ნებაზე, რომელმაც ერთხელ უკვე მიანიშნა კახი კალაძეს, ნუ გადააყოლებ ქვეყანას შენს ბიზნესინტერესებსო..
„კვირის ქრონიკა“, 4 იანვარი, 2016 წელი
ვინ დარჩა მოგებული ირაკლი ღარიბაშვილის წასვლით?
ნინო სამხარაძე
2015 წლის სკანდალებს შორის, ყველაზე აუხსნელი სკანდალური პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომა იყო სამთავრობო გადადგომებსა და მინისტრების დანიშვნებს შორის. თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ისეთივე მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის და თავად ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც, როგორც მისი წასვლა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან.
რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმ მიზეზს, რა შეიძლება მომხდარიყო იმ რამდენიმე საათში, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო ბრიფინგით ჩაგვერთო კანცელარიიდან. მისი პიროვნება, პატრიოტული მოტივები, ქართული ტრადიციების დაცვა, კონსტიტუციაში ქალისა და მამაკაცის ქორწინების ჩაწერა, უცხოელთათვის მიწების არმიყიდვა და კიდევ უამრავი ეროვნული თემის ლობირება უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს. ის ე.წ. ლიბერალების ფონზე მოჩანდა ხელისუფლებიდან, როგორც ნათელი წერტილი. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა ჩავარდნები მისი ასაკის და პოლიტიკური გამოუცდელობის გამო, მაგრამ ჰქონდა მთავარი ღირებულება და ეს იყო გულწრფელობა, ერთგულება, ეროვნულობა და ის ასე ხელაღებით გადასაგდები ნამდვილად არ იყო…
მაგრამ დიდ პოლიტიკას დიდი მსხვერპლი მოჰყვება. ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობის ბოლო აკორდი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება იყო, რასაც მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ისინი მზად არიან, შეარბილონ რუსეთთან სავიზო რეჟიმი და ასევე, მზად არიან, ხელისუფლებასთან დაიწყონ მოლაპარაკება. ამ ორი საკითხის გადაკვეთაზე მოხდა ის, რაც მოხდა.
გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება დაიწყება და ჩვენ მოგვიწევს უფრო მეტად გავატაროთ ევროპის ინტერესები, რაც, სავარაუდოდ, წინააღმდეგობაში მოვა ჩვენს ეროვნულ ტრადიციებთან, აქ უკვე ირაკლი ღარიბაშვილი ზედმეტი იყო, თან იმ ფონზე, როცა მთავრობის მეთაური მიზანმიმართულად ცდილობდა, პუტინის რუსეთი არ გაეღიზიანებინა. სამაგიეროდ, ჩვენ განსხვავებულ განცხადებებს ვისმენდით მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის მხრიდან. თინა ხიდაშელი აგრძელებს სააკაშვილის აგრესიულ რიტორიკას, რასაც, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, მთავრობის შემადგენლობა არ იზიარებდა, მაგრამ თუკი შედეგით ვიმსჯელებთ, მინისტრთა კაბინეტი დატოვა მხოლოდ ღარიბაშვილმა, ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ სტუმრობდა შეერთებულ შტატებს და იქ საკმაოდ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც მისთვის, როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის, წარმატებული ვიზიტი აღმოჩნდა, ნათელი ხდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთს არ აწყობდა. როგორც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯანელიძე თინა ხიდაშელს უნდა შეეცვალა, ასევე მოხდა ღარიბაშვილის გადაყენების შემთხვევაშიც. ხელწერა ერთი და იგივეა, ადვილი მისახვედრია, რას შეეწირა ღარიბაშვილი.
ის, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური არჩევნებამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე გადადგებოდა, ეს თავადაც იცოდა, მაგრამ მოვლენები დააჩქარა სწორედ ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა. ახალმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას პარლამენტში მიანიშნა, რომ მას სულაც არ მოსწონს, რომ საქართველოში რუსეთისადმი პრორუსული განწყობები იზრდება, ეს იყო ახალი პრემიერის გზავნილი დასავლეთისადმი, რომ ის არ გაიხედავს რუსეთისკენ და გააგრძელებს სვლას მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით.
ვინ დარჩა მოგებული ღარიბაშვილის წასვლით? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია – მოგებული დარჩა „რესპუბლიკური პარტია“, ალასანიას პოლიტიკური ჯგუფი…
სხვათა შორის, „თავისუფალი დემოკრატები“ არ გამორიცხავენ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებას მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა და ამ განცხადებას აკეთებს ვიქტორ დოლიძე: „ახალ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, არ გამოვრიცხავთ ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ კვლავ მონაწილეობას, ჩვენ დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე“…
რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი, ვინც მათ იდეოლოგიასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ყველას ახსოვს, რა ტექსტებით მოიხსენია ხიდაშელი 2012 წლის არჩევნებამდე. ფაქტობრივად, „რესპუბლიკური პარტია“ იყო ის ძალა, რომელიც ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ფარულად თუ ღიად, იბრძოდა. მათ გარდა, ირაკლი ღარიბაშვილს უპირისპირდებოდნენ საკუთარი გუნდის წევრები, ერთ-ერთი მათგანი იყო ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, რომელიც საოცრად გაისუსა და კომენტარიც კი არ გაუკეთებია ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო პერიოდში მათ შორის კონფლიქტი თითქოსდა მოგვარდა, აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტთან მის დაპირისპირებაზე, არადა ამ დაპირისპირების ინსპირატორი თავად ბიძინა ივანიშვილი იყო. თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრისგან ვიგებთ, რომ ის არ აპირებს, შევიდეს კონფრონტაციაში პრეზიდენტთან და არ იკადრებს, რომ მას ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მოსთხოვოს.
გამოდის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ხასიათის მძევალი აღმოჩნდა, რადგან არავის აქვს იმის ილუზია, რომ კვირიკაშვილი იქნება ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პრემიერი, მაგრამ პოლიტიკური მანევრებით მას შეუძლია, საჯაროდ ამტკიცოს, რომ ის არის ლიბერალი და დემოკრატი, პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს და არ შეასრულებს ივანიშვილის დავალებას, რაცვერ შეძლო ღარიბაშვილმა.
პრობლემები პრობლემებად რჩება, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლით მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ფონი ნამდვილად არ გაუმჯობესდება, რადგან მინისტრთა კაბინეტში კვლავ ის ოდიოზური ფიგურები არიან, ვისი დანახვაც კი ხალხს, რბილად რომ ვთქვათ, აღიზიანებს. ვერავინ წარმოიდგენდა რომ ახალ კაბინეტში თავის ადგილს შეინარჩუნებდა თუნდაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომ არაფერი ვთქვათ განათლების, კულტურის, ენერგეტიკისა და სხვა არაპოპულარულ მინისტრებზე, რომლებმაც ადამიანებს კეთილდღეობის ნაცვლად, პრობლემები მოუტანეს. გაძვირებული გადასახადებისა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამო პასუხი არ უგია კახი კალაძეს, ენერგეტიკის სამინისტრო მან საკუთარ კორპორაციად აქცია, მისი კაპიტალი იზრდება, ჩვენს დაფინანსებაზე უარს ამბობს და ხელფასს არ იღებს, მას ჰგონია, რომ ეს კარგი ტონია. რეალურად კი, რასაც კალაძე აკეთებს, ნიშნავს, რომ ის ხალხის მინისტრი არ არის, რომელსაც პასუხს ვერავინ მოსთხოვს, მოგვიბრუნდება და იტყვის, – მოსახლეობის ფულს ხელს არ ვკიდებ, შესაბამისად, როგორც მის ბიზნესინტერესებს აწყობს, ისე იქცევა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელიც აქამდე მინიმუმ ხუთჯერ უნდა გადაეყენებინათ, კვლავ ფინანსთა მინისტრია. არადა, უამრავ სკანდალში გახვეული მინისტრი თავმოყვარე რომ იყოს, საკუთარი ნებით უნდა წერდეს განცხადებას. როგორც ჩანს, გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას არც ქალაქის მერი აპირებს, არადა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ საზოგადოება ელოდა, რომ ნარმანიაც გადადგებოდა, მაგრამ ნარმანიამ შემოგვითვალა – „ვერ მოგართვითო!“ ვნახოთ….
„კვირის ქრონიკა“, 4 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რა ახალი სისხლი, კვირიკაშვილი სამი წლის განმავლობაში მინისტრია, რამდენ თანამდებობას შეუცვლი ადამიანს, იმდენჯერ ახალი სისხლია? ასეთი ნეპოტიზმი სააკაშვილის დროსაც კი არ ყოფილა - ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, სიძეები, რძლები…»
გელა ზედელაშვილი
როგორი იყო 2015 წელი საგარეო პოლიტიკის მხრივ, რომელიც, ასე თუ ისე, მაინც მიბმულია საშინაო პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებზე? რა მოგვიტანა თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებამ, დასავლეთის დაკრულზე ცეკვამ და საშინაო დავალებების შესრულებამ, ან რა ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ცოტაოდენ მაინც დაგვერეგულირებინა რუსეთთან ურთიერთობა? ამ თემაზე „ქრონიკას» პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:
- ჩვენ 2015 წელს საგარეო პოლიტიკაში გვქონდა სიმბოლური მიღწევები, რაც ძალიან ჰგავს საშინაო პოლიტიკას – მაგალითად, მთელი წელიწადი გავიდა ისე, რომ ქონება არავისთვის წაურთმევიათ, ისეთი არავინ დაუჭერიათ, მაგრამ ბწკენა-ღრენა ძალიან გახშირდა. ეს წელი სამართლიანობის თვალსაზრისით ძალიან წავიდა ქვევით და საახალწლოდ დაუსვეს წერტილი ლევან მურუსიძის მუდმივ მოსამართლედ დანიშვნით. სამართლიანობა მარტო იმაში არ გამოიხატება, თუ ქონებას არავინ წაგართმევს. ქონების წართმევა უსამართლობა კი არა, დანაშაულია და უნდა დაისაჯოს. სამართლიანობის აღდგენა უფრო მორალურ სფეროში შედის, თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს, რომ ვიღაცა ცუდი კაცია და იმას არ აქვს ფრთების გაშლის საშუალება. მე გამაოცა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლის განცხადებამ, თურმე მურუსიძისთვის იმიტომ მიუციათ ხმა, ემანდ მსუსხავი ეფექტი არ გამოიწვიოს სამოსამართლეო კორპუსზეო. თან უსირცხვილოდ ლაპარაკობენ ზეწოლაზე. მე თუ სამართლიანობას მოვითხოვ, რასაკვირველია, ეს ზეწოლაა, მაგრამ არის მორალური. როდესაც ნიქსონის წინააღმდეგ «ვაშინგტონ პოსტმა» სკანდალი ააგორა, ისიც ზეწოლა იყო, მაგრამ სამართლიანი.
- სიტყვა „ზეწოლა“ ბევრისთვის ფარი გახდა...
- აბა, თქვენ რისთვის ხართ, თქვენი გაზეთი ზეწოლის ბერკეტი არ არის? მართალია, არ შეგიძლიათ, გამოსცეთ განკარგულება, დაიჭირეთ მავანი, მოხსენით მავანი, პრესა და სამოქალაქო საზოგადოება არის მორალური ზეწოლის ბერკეტი, ამის გაგება არ უნდათ. ქვეყანაში მთავარი უნდა იყოს მხოლოდ კანონი, ის ცოდოა, საწყალია, შეეშალა, შემოეშალა, არ გამოდის.
- ბატონო სოსო, დავუბრუნდეთ საგარეო პოლიტიკას, 2015 წელი დავიწყეთ თამარ ბერუჩაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობით, შემდეგ იყო გიორგი კვირიკაშვილი, წელს ვამთავრებთ კიდევ ახალი მინისტრით, ამ ცვლილებებმა რამე გარდატეხა შეიტანა ჩვენს საგარეო სარბიელზე?
- არავითარი გარდატეხა არ ყოფილა, ერთი გუნდის შიგნით მოხდა ცვლილება, უბრალოდ, მოხდა კარტების გადალაგება. უსუფაშვილ-ხედაშელმა დაიწყო და ირაკლი სესიაშვილიც აჰყვათ, ახალი სისხლია საჭიროო. რა ახალი სისხლი, კვირიკაშვილი სამი წლის განმავლობაში მინისტრია, რამდენი თანამდებობას შეუცვლი ადამიანს, იმდენჯერ ახალი სისხლია? ან ახლა რომ დაიწყეს ლაპარაკი, სალომე ზურაბიშვილი დავნიშნოთ საგარეო საქმეთა მინისტრადო, ეგ არის ახალი სისხლი? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ეს ქალი მიშა სააკაშვილის კადრი იყო? ბოლოს და ბოლოს, რა გამოდის, მარტო სააკაშვილი და რამდენიმე კაცი იყო დამნაშავე, დანარჩენები ანგელოზები არიან, ყველა რომ დატოვეს თანამდებობებზე? ეს გამოიწვია იმანაც, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მოუმზადებელი. როდესაც იწყებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, უნდა გყავდეს მინისტრთა ჩრდილოვანი კაბინეტი, გამოცდილი ფინანსისტები, ეკონომისტები, იურისტები, დიპლომატები და ასე შემდეგ.
როცა მოვიდნენ, რამდენი სამინისტრო იქნებოდა, ისიც კი არ იცოდნენ. განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა დიპლომატიის სფერო, ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებდა, ვინ იქნებოდნენ ელჩები, როგორ დაკომპლექტდებოდა საელჩოები. ეს საქმე ქაოსურად ჩააბარეს მაია ფანჯიკიძეს, რომელმაც ისეთი ელჩები დანიშნა, რომლებიც მსოფლიო დიპლომატიაში ითვლებიან დიდ კურიოზებად. დღესაც თვალი რომ გადაავლო, ერთი-ორის გარდა, ყველა ანეკდოტია, ასეთი ნეპოტიზმი სააკაშვილის დროსაც კი არ ყოფილა – ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, სიძეები, რძლები… გოგო-ბიჭებით გაავსეს საელჩოები. კი, ბატონო, ახალგაზრდობას გასაქანი უნდა მივცეთ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, გაუნათლებლები გავაპარპაშოთ? 2015 წელი ამ მხრივ იყო ერთი დიდი ლაბორატორია, სადაც ატარებდნენ უნიჭო ცდებს. მე არ ვიცი, ეს წელიწადი იქცევა კი ჭკუის სასწავლებლად და დასკვნების გამოსატანად? დღემდე არავინ არ ლაპარაკობს შეცდომებზე, არავინ აღიარებს შეცდომებს ხელისუფლებაში.
ჩვენ ისიც ვერ გავიგეთ, ახალი წლის წინა დღეებში რატომ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და იძახის, ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული იყოო. გამაგებინონ, წარმატებულ პრემიერ-მინისტრს ვინ ცვლის?
- საგარეო საკითხებში ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა წარმატებები? საშინაო გასაგებია, იყო ლარის გაუფასურება, სოციალური პრობლემები, ხალხის უარესად გაღატაკება და ასე შემდეგ.
- საგარეო კუთხით ღარიბაშვილი აქტიური ნამდვილად იყო… საეროდ, საგარეო პოლიტიკაში დასრულდა პროექტის რამდენიმე მიმართულება, რომელიც დაწყებული იყო წინა ხელისუფლების დროს – იგივე ვიზალიბერალიზაცია, იგივე ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ უკვე ისე ვზეიმობთ, გეგონება, ევროკავშირსა და ნატოში გავწევრიანდით. ბარემ ისიც ვთქვათ, დაახლოებით 6 თვის შემდეგ, როდესაც ძალაში შევა ვიზალიბერალიზაცია, რამდენი ადამიანი ისარგებლებს ამით, რამდენ ადამიანს ექნება ფინანსური საშუალება? თუ ისევ იმ ხალხმა იარა, რომელიც დღემდე ისედაც დადიოდა მშვენივრად, გამოდის, ბევრი ვერაფერი მივიღეთ. ჩვენი მინისტრები და პარლამენტარები რომ ივლიან, ეგ ისედაც ვიცით. ჩვენ ყოველთვის გვღალატობს ზომიერების გრძნობა, ნაპოლეონი წერდა თავის მემუარებში, როცა ელენეს კუნძულზე ცხოვრობდა – „ჩემზე ამბობენ, თითქოს გენიოსი ვარ, ეს ტყუილია, გენიოსია ის, ვისაც ზომიერების გრძნობა გააჩნია, მე რომ ეს გრძნობა მქონოდა, რა მინდოდა რუსეთშიო?’ ახლა, ჰიტლერს რომ ზომიერების გრძნობაჰქონოდა, რა უნდოდა რუსეთში, მთელი ევროპა უკვე ჯიბეში ედო და ინგლისიც დაჩოქებული ჰყავდა. ჩემთვის გასაგებია, როდესაც ქვეყანაში ამდენი სოციალური პრობლემაა, ლიდერი ყოველთვის გარეთ ეძებს წარმატების გასაღებს, მაგრამ ფუჭი ეიფორია მაინც არ არის სწორი გზა. დღეს მთავრობის ვერც ერთ წევრს ვერ ათქმევინებ, რომ, მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულება დიდს არაფერს ნიშნავს, ამ ხელშეკრულების წევრები არიან მაროკო და ალჟირი, რომლებიც ვერასოდეს ვერ გახდებიან ევროკავშირის წევრები. კი, ბატონო, რაღაც წარმატება არის, მაგრამ ამის გამო თვალი არ უნდა დახუჭო უფრო დიდ პრობლემებზე. ბოლო დროს ჩვენში დამკვიდრდა ცინიკური გამონათქვამი, რომელიც შევარდნაძის დროს იყო მოდაში. მე მაშინ იქ ვიყავი და როცა მინისტრებს ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი, სტანდარტული პასუხი ასეთი იყო: ჩვენ როდისმე ვთქვით, რომ ყველაფერი იდეალურადაა? დღესაც იგივე მესმის, მაგრამ არავინ არ ამბობს, კონკრეტულად რა არ არის იდეალურად. მოკლედ, ისევ შევარდნაძის დრო მახსენდება, ეს არის ვირეშმაკული დიპლომატია.
- 2015 წელს რუსეთის მიმართულებით რამე გაკეთდა?
- მე ათასჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, არ დავიღლები ამაზე ლაპარაკით: სანამ არ იქნება შეხვედრა უმაღლეს დონეზე, პონგ-პონგის თამაშით და პულტი-მულტით ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხდება. მე არ ვლაპარაკობ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, ევრაზიულ კავშირზე, სანამ არ იქნება სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკებები, მანამდე ყოველთვის გვექნება საფრთხე, რუსეთს რამე არ მოეწონება და უცებ დაგვიფრენს თავისი ბაზრიდან. კი, რაღაც დოზით შეგვიშვეს, მიდის ვაჭრობა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის გამყარებული სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებებით. როდესაც პუტინი კეთილ ნებას იჩენს, მას ხვალ ისიც შეუძლია, ეს ყველაფერი უკან წაიღოს. რუსები ხვალ იტყვიან, თქვენს ღვინოში პესტიციდები აღმოჩნდა და აქედან დაახვიეთო. სხვათა შორის, რაიმე ხელშეკრულების დადებისა ყველას ეშინია, ეს ვერც ღარიბაშვილმა გაბედა, ვერც ივანიშვილმა გაბედა, ვერც საგარეო უწყებამ. მე არ ვიცი, კვირიკაშვილი გაბედავს? არადა, წელიწადი წელიწადს მისდევს. საერთოდ, დიპლომატიაში არსებობს დაუწერელი კანონი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა საგარეო კურსს მხარს არ უჭერს, ის კურსი ვერ იქნება წარმატებული. ჩვენ დღემდე არ ვიცით, ჩვენი მოსახლეობა რომელ კურსს უჭერს მხარს, სადმე ამაზე დისკუსია გაიმართა? ეს «რუსთავი 2“ რომ შეკრებს ხოლმე ხუთიოდე რუსთმოძულეს და ალაპარაკებს, ეს ხომ არ არის მთა ვარი? მე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე არც ერთ ტელევიზიას არ მივუწვევივარ, იქით შევთავაზე, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ-მეთქი, პასუხი ვერ მივიღე. ესე იგი, სანამ რუსეთი ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს, მანამდე არ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა. ეს არის დიპლომატიური სისულელე და იდიოტობა. დღევანდელი ხელისუფლებაც ამ ტყვეობაში აღმოჩნდა, ჩემი მეგობარი ზურა აბაშიძეც იგივეს იმეორებს და ვიცი, რომ, რასაც ლაპარაკობს, თვითონაც არ სჯერა. ვერ გავიგე, ჩვენ იაპონელებზე ჭკვიანები ვართ? როდის იყო, გაბუტვით ტერიტორიებს იბრუნებდნენ? პუტინი ლამაზი თვალებისთვის არაფერს არ მოგცემს, ბორის ელცინი რომ გააცოცხლო, ისიც კი არაფერს დაგვიბრუნებს. სანამ არ იქნება მყარი გარანტია, რომ კავკასიიდან რუსეთს საფრთხე არ დაემუქრება, ამაზე არც უნდა ვიოცნებოთ. ამას უნდა დიპლომატიური მუშაობა, რას ჰქვია, არ დაგელაპარაკები? მაშინ საკითხი ასე დავაყენოთ: ჩვენ თურქეთთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ასევე გვაქვს ირანთან, რაც ჩვენ ისტორიულად ამ ორმა ქვეყანამ გაგვიკეთა და რა ტერიტორიებიც წაგვართვა, რატომ ველაპარაკებით? როგორ, თურქეთი არ არის ოკუპანტი ქვეყანა?
- თურქეთისთვის და ირანისთვის ხანდაზმულობის ვადა მუშაობს...
- თურქეთმა 95 წლის წინათ წაგვართვა მიწები, რუსეთმა – 30 წლის წინათ, ერთიც ოკუპანტია და მეორეც. ლოგიკურად ასეა. ასე რომ, ხელისუფლებამ 2015 წელს რამდენიმე მიმართულებით ვერ დაძლია შიში და ვერ გამონახა კადრები, რომლებიც ეფექტურად, პროფესიულ დონეზე იმუშავებდა.
„კვირის ქრონიკა“, 4 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „იქნება პრემიერი თუ გიორგი კვირიკაშვილი, როცა ბიძინა ივანიშვილი იღებს და პრემიერი და სხვა გეგმების შემსრულებლები არიან მხოლოდ?!“
ლევან ჯავახიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის მიზეზი კვლავ ბურუსითაა მოსილი. ბევრი ვერსია გავრცელდა პრემიერის წასვლის შესახებ, მაგრამ ცალსახად სარწმუნო არც ერთი არაა… პრეზიდენტმა გიგი უგულავას შეწყალებაზე უარი განაცხადა და ამით კიდევ ერთხელ დააბნია ხალხი – ბევრი ფიქრობს, რომ მარგველაშვილმა ამით ბიძინა ივანიშვილს გაუგორა კოჭი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს მისი და „ნაციონალების“ ალიანსის გადაფარვის მცდელობა იყო… ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევა ლამის წლის მთავარ სკანდალად იქცა და ამ ფაქტმა დღევანდელი უხერხემლო ხელისუფლების სახე კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა.
„ქრონიკა“ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, რა იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის რეალური მიზეზი?
- მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მოხდა კულუარულად. სახელდება რამდენიმე ვერსია და ორი მათგანი უფრო ახლოსაა ჭკუასთან. ერთი, რომ ეს იყო შიდა სახელისუფლებო გადატრიალება – „რესპუბლიკელებმა“ მოახერხეს მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება. მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და „რესპუბლიკელებს“ შორის დაპირისპირება იყო. ეს ბრძოლა „რესპუბლიკელებმა“ მოიგეს. კი, არც გიორგი კვირიკაშვილია „რესპუბლიკელი“, მაგრამ „რესპუბლიკელთა“ მიმართ მის გულწრფელად კარგ დამოკიდებულებაზე ბევრს ლაპარაკობენ საზოგადოებაში. მეორე ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი სანათესაოს კორუფციულ საქმეებში მონაწილეობის გამო, გახდა იძულებული, გადამდგარიყო, მას რამდენიმე ნათესავის კორუფციულ დანაშაულში მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები დაუდეს და ამის შემდეგ უთხრეს, გადამდგარიყო, ანუ წასვლა აიძულეს თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. ღარიბაშვილის გადადგომა უცაბედად მოხდა, ამის ნიშნები თითქოს არ არსებობდა, არც მმართველ გუნდში საუბრობდნენ ამის შესახებ და ჭორიც კი არ იყო გამოსული, რომ ასე მალე, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, პრემიერი შეიცვალოსო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მისი გადაყენება თუ წასვლა ძალიან დროული იყო, ეს კაცი უნდა შეცვლილიყო.
- რატომ?
- ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა. მან ვერ შეძლო 3 წლის მანძილზე, როგორც პოლიტიკოსი, გაზრდილიყო. მე ხშირად ვადარებ ერთმანეთს კახი კალაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს, ორივე გამოუცდელი ახალგაზრდა მოვიდა პოლიტიკაში, ერთი საბანკო სფეროდან, მეორე – სპირტიდან. შედარება არ არის – კახი კალაძე გაიზარდა, როგორც პოლიტიკოსი, მისი ნებისმიერი განცხადება, კომენტარი მოზომილია, დაბალანსებული. კალაძე წინ წავიდა, ღარიბაშვილი კი ერთ ადგილას დარჩა და როდესაც თანამდებობის პირი თავად არ განიცდის პროგრესს, ის ქვეყანას ვერ მოუტანს სიკეთეს, ვერ გამოადგება.
- რა მნიშვნელობა აქვს, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება პრემიერი თუ გიორგი კვირიკაშვილი, როცა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იღებს და პრემიერი და სხვა მინისტრები მისი გადაწყვეტილებების, მისი გეგმების შემსრულებლები არიან მხოლოდ?
- კი, ეგრეა, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლების უფლება და თუ მოინდომა, გარკვეული დოზით, ამას მიაღწევს კიდეც, ვისზეც არ უნდა იყოს დამოკიდებული. გიორგი მარგველაშვილიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა პოლიტიკაში, მაგრამ მან მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას მიაღწია და ძალიან ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც თავად ივანიშვილს და მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ცხადია, მისი ეს გადაწყვეტილებები დიდად არ მომწონს, რადგან არ მომწონს ის პოლიტიკური ძალა, ვის სასარგებლოდაც მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა, ფაქტია, ის მარწუხებს გაექცა და ბევრად თავისუფალი პოლიტიკოსია, მარიონეტი ნამდვილად არ არის. თუნდაც ივანიშვილზე დამოკიდებულმა პოლიტიკოსმა, ქვეყნის სასიკეთო პოლიტიკა უნდა გაატაროს, მაგრამ მე ამის სურვილს ვერც ღარიბაშვილს ვამჩნევდი და ვერც ხელისუფლების სხვა ლიდერებს, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებიდან. არავის არ აინტერესებს, თავისი საქმიანობით ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთოს, რაღაც კეთილი კვალი დაამჩნიოს. რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილს ეს სურვილი ექნება. მან უნდა გაატაროს საქართველოს ინტერესები და არა სხვა ქვეყნების ინტერესები საქართველოში. თუ ამას შეძლებს, ხომ კარგი, თუ არადა, ქართველი ხალხი მასაც პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს, როგორც ღარიბაშვილს. თუმცა, ჯერ მოდით, ამას ნუ ვიტყვით, იქნებ ეს ადამიანი ადგება ქვეყანას. მოკლედ, ვინც არ უნდა დაგნიშნოს პოსტზე, რა დაკვეთებსაც არ უნდა ასრულებდე, თუ სურვილი გაქვს, რაღაც მინიმუმს მაინც გაუკეთებ შენს ხალხსა და ქვეყანას. ღარიბაშვილმა ეს მინიმუმიც არ გააკეთა და ამიტომ იყო წასასვლელი.
- კონკრეტულად რა არ შეასრულა ირაკლი ღარიბაშვილმა?
- მთავარი ვერ გააკეთა – სამართლიანობა ვერ აღადგინა ქვეყანაში, ამ მხრივ, თითიც კი არ გაუნძრევია. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 3 წლის წინათ იყო. «ნაცმოძრაობისგან“ დაზარალებული უამრავი ადამიანი სამართალს ითხოვს, ეს სამართალი კი არ სრულდება. სამაგიეროდ, დამნაშავენი თავს არა მარტო დაუსჯელად გრძნობენ, მეტიც, განცხრომასა და კომფორტში ცხოვრობენ. აი, ამ ქვეყნის ამომგდებთ და ათასობით ადამიანის გამაუბედურებლებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუზიც ვერ აუფრინა. აღარაფერს ვამბობ იმ წინასაარჩევნო დაპირებებზე, რომლებიც მისი პრემიერობის დროს უნდა შესრულებულიყო, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. თავად პერსონაც ძალიან უხერხემლო იყო, ტელევიზიით რაიმეზე კომენტარებს რომ აკეთებდა, ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა, სურვილი მიჩნდებოდა, რომ რაღაცით დავხმარებოდი, სიტყვა შემეშველებინა… ბოლოს და ბოლოს, პრემიერმა მედიასთან ელემენტარულ საკითხებზე სრულყოფილი კომენტარის გაკეთება უნდა შეძლოს, ისეთის მაინც, მერე მთელი სოციალური ქსელის საქილიკო რომ არ გახდეს მისი უადგილო ფრაზები და გამონათქვამები.
- ქალბატონო ნანა, გიგი უგულავას მხარდამჭერებმა საჭირო რაოდენობის, 50 000 ხელმოწერა შეაგროვეს, რათა პრეზიდენტის წინაშე პირდაპირი წესით, მისი შეწყალების საკითხი დაეყენებინათ. დააყენეს კიდეც, მაგრამ გიორგი მარგველაშვილმა უგულავა არ შეიწყალა. როგორ ფიქრობ, როგორც თავად აცხადებს პრეზიდენტი, ამით მართლა საზოგადოების მხარეს დადგა და ამიტომ თქვა უარი უგულავას შეწყალებაზე?
- არა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოების ინტერესების გამო არ გააკეთა ეს. მან ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას არ დაუკარგავდა, ის უბრალოდ, ხალხის წინააღმდეგ ვერ წავიდა. უგულავა რომ შეეწყალებინა, საერთოდ გაცამტვერდებოდა, როგორც პოლიტიკური ფიგურა და არანაირი პოლიტიკური მომავალი აღარ ექნებოდა. გიორგი მარგველაშვილი რომ „ნაციონალების“ დიდი გულშემატკივარია, ეს ყველამ კარგად ვიცით და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია, ბევრჯერ დამდგარა მათ მხარეს, მაგრამ ახლა ეს ვერ გაბედა. პირიქით, გამოვიდა, რომ „ნაციონალების“ წინააღმდეგ წავიდა და ამას ხშირად აკეთებს, ამით აბალანსებს კიდეც „ნაციონალების» ამ მხარდაჭერას და მათ მიმართ სიმპათიებს ერთგვარად ფარავს. პრეზიდენტს, ეტყობა, ჭკვიანი მრჩევლები ჰყავს და ხშირად ისეთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას იღებს, ხალხს მართლა მიუკერძოებელ პრეზიდენტად აჩვენებს თავს.
_ გიგი უგულავას არშეწყალებამ, ვფიქრობ, საბოლოოდ მოხსნა ის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას შეიწყალებს...
- კი, არც მათ შეიწყალებს და არ წავა ხალხის ნების წინააღმდეგ, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური ხარაკირი იქნება.
- თავად ლევან მურუსიძეზე, მგონი, აღარაფერი დარჩა სათქმელი, მაგრამ იმ ხალხზე რას იტყვით, ვინც ის მოსამართლედ აირჩია? არ არიან ეს ადამიანები მართლა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თანამონაწილენი, როგორც ამას ხალხი აცხადებს?
- ლევან მურუსიძე რომ არ უნდა დაენიშნათ მოსამართლედ, ეს უდავოა და საკამათო არ გახლავთ, მაგრამ რა კონტექსტში არ უნდა იყოს დანიშნული, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. 9 წელიწადში 150 უდანაშაულო მბიჭი ჩაცხრილეს ქუჩაში, მაგრამ მათი მკვლელები არ დასჯილან, არადა იყო გამოძიება, სასამართლო პროცესები. ყველა საქმის უკან დგანან კონკრეტული გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები და ამ ბიჭების მკვლელები მათ არ დასაჯეს. ამ უბრალოდ გაწირული ბიჭებიდან ყველას არ ჰყავდა ისეთი თავგადადებული, გმირი დედა, როგორიც ირინა ენუქიძე იყო, მაგრამ ამ ხალხს შვილები დაუხოცეს და ამაზე დიდი საშინელება აღარ არსებობს. და რადგან ამ ბიჭებს არ ჰყავდათ ირინა ენუქიძისთანა თავგადაკლული დედა, მათი მკვლელების ხელის დამფარებლები არ უნდა დაისაჯონ? ამ საქმეებში ვინც იყვნენ, რომელიმე მოსამართლე, გამომძიებელი ან პროკურორი დასაჯა დღევანდელმა ხელისუფლებამ? ისინი არ არიან მურუსიძეები და უარესებიც? ამ ხალხის უმეტესობა დღეს ისევ თავის პოსტზე მუშაობს, ბევრი მოსამართლე ისევ ადგილზეა ან ამ 2 კვირის წინ მურუსიძესთან ერთად აირჩიეს მოსამართლედ უვადოდ.
მურუსიძე ვინც არის და რაც არის, ყველამ ვიცით, მაგრამ დანარჩენებს რა ვუყოთ? თუ ერთი მურუსიძე არ დაინიშნება მოსამართლედ, ამით წყდება ყველა პრობლემა? დანარჩენი დამნაშავენი რომ დადიან დაუსჯელნი, ამაზე ხმას რატომ არ იღებს არავინ? გასაგებია, სანდრო გირგვლიანის საქმე ძალიან რეზონანსული იყო, შესაბამისად, ლევან მურუსიძის დანიშვნის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ვიმეორებ, ერთი მურუსიძის დანიშვნა-არდანიშვნით არ წყდება საქმე, ყველა მურუსიძე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ეს ხელისუფლება არის სრულიად უუნარო. მან მოახერხა იმდენი, რომ ლევან მურუსიძემ გაბედა და ისევ მოსამართლეობაზე განაცხადა პრეტენზია და თან აირჩიეს კიდეც! უნდა შეფასებულიყო „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი დანაშაულებრივი საქმიანობა, უნდა დასჯილიყვნენ დამნაშავენი და მერე ამდენს ვერავინ გაბედავდა. ან რატომ გვიკვირს, რომ მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ? ვინ აირჩია, მოდით, ესეც ვთქვათ, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ადრე თავად იყვნენ მოსამართლენი, თავად აქვთ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება გამოტანილი, მურუსიძეზე ნაკლები არც ერთი არ არის. სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმე მურუსიძეს დააწერეს და რაც გააკეთა, ყველამ ვიცით, მაგრამ იმ მოსამართლე წევრებიდან ნებისმიერ სხვას რომ დასწეროდა, ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანდა, რაც მურუსიძემ გამოიტანა. ამ ხალხს ლევან მურუსიძესთან დანაშაულებრივი კავშირიც აქვს, რადგან მათაც არაერთი უკანონობა, კრიმინალი აქვთ ჩადენილი. ეს ხალხი უნდა დაესაჯა თავის დროზე ხელისუფლებას, მათი განაჩენების რევიზია უნდა მომხდარიყო. იქ ბევრია ისეთი, რომელთაც ისეთი განაჩენები აქვთ გამოტანილი, შეიძლება ჭკუაზე გადავიდეს ადამიანი. ეს რომ მომხდარიყო, იმ იუსტიციის საბჭოში ახლა სხვა ხალხი იქნებოდა და მურუსიძესაც არ აირჩევდნენ.
- იუსტიციის საბჭოში ეგ სხვა ხალხიც არის, «ქართული ოცნების“ დანიშნული წევრები - ევა გოცირიძე, გურამ თორდია და კახაბერ სოფრომაძე, მაგრამ მათაც მურუსიძეს მისცეს ხმა… თუმცა, ამათგან რა მიკვირს, „ოცნების“ მამა-მარჩენალმა ივანიშვილმა აქო და ადიდა მურუსიძე თავის დროზე…
- კი, ამ ხელისუფლებამ ხელი დააფარა ლევან მურუსიძეებს, მათთან დანაშაულებრივ კავშირში შევიდა, რომელსაც კოჰაბიტაცია დაარქვა და ამ სამმა წევრმა მურუსიძეს რომ მისცა ხმა, ესეც ამ კავშირის შედეგია. „ქართული ოცნების“ ეს 3 წევრი საბჭოში იმ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელმაც დამნაშავეები არ დასაჯა, ქვეყანაში სამართლიანობა არ აღადგინა და რატომ გიკვირთ ახლა, რომ მურუსიძეს მისცეს ხმა? სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში რამდენი «ლევან მურუსიძეა“, იცით? მათზე პროკურატურაში საჩივრებია შეტანილი. მათ მოშორებასაც არჩევნები ხომ არ სჭირდება? ადგნენ და მოხსნან, დაიწყონ ამ ხალხის წინააღმდეგ გამოძიება და დასაჯონ დამნაშავენი. არა, ამას არ აკეთებენ,ადგან ეს მურუსიძეები ისევ თვითონ სჭირდებათ.
გივი თარგამაძე, რომელიც სულის ამოხდომით გვემუქრებოდა, დღეს პარლამენტში კანონშემოქმედებას ეწევა, ხათუნა გოგორიშვილი იმავე პარლამენტიდან სამართლიან არჩევნებზე გველაპარაკება და ამის შემდეგ, ლევან მურუსიძის თემა გახდა ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში? ვაღიაროთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს ხელისუფლება ღმერთს არ უქნია, არა აქვს დამნაშავეთა დასჯის ნება და როცა ასეთი უგერგილო ხელისუფლება გვყავს, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ლევან მურუსიძე მოსამართლედ აირჩიეს. თუ არ მოხდა ძველი დანაშაულების შეფასება, მათზე სამართლებრივი რეაგირება, ვერც ერთ მოსამართლეს ვერ დასჯიან. ამბობენ, მურუსიძე არ უნდა აერჩიათ, რადგან სტრასბურგის სასამართლომ მისი გამოტანილი ვერდიქტები სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე, უკანონოდ ცნოო. კი, ასე იყო, მაგრამ ეს სტრასბურგის სასამართლომ გააკეთა და არა ამ ხელისუფლებამ. მოჰყვა რაიმე გაგრძელება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს? ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიძია ეს საქმეები და დასაჯა ის ხალხი, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ჩაფარცხა ან სულხან მოლაშვილი უკანონო პატიმრად აქცია? არა! ხელისუფლებამ, პირიქით, წაუყრუა ამ გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ, ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნად დანიშნა, ახლა კი მისი მოსამართლედ დანიშვნა უკვირთ. მურუსიძის საქმემ პოლიტიკური ელფერი შეიძინა და იმიტომ გახდა ამხელა ინტერესის საგანი, თორემ მურუსიძის გაკეთებული იმათთან იქნებ მოსატანიც კი არ იყოს, რაც სხვა მოსამართლეებს აქვთ ჩადენილი, მაგრამ ისინი არავის ახსენდება.
„კვირის პალიტრა“, 4 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: “დღეს გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნებისთვის” ჟანგბადის ბალიშია” – როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი პოლიტიკაში?!
ნათია დოლიძე
2015 წლის დასასრული პოლიტიკურად გადატვირთული აღმოჩნდა. პრემიერმინისტრობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებით, ეს იყო წასვლა წასვლისთვის, ანუ პოლიტიკური წარმატების ზენიტში ძალაუფლებაზე უარის თქმის მაგალითი, რამაც ჩვენში 25 წლის განმავლობაში დამკვიდრებული მავნე ტრადიცია გააქარწყლა. გასული წლის მიწურულის პოლიტიკურ პროცესებსა და 2016 წლის გამოწვევებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება:
- დამეთანხმებით, 2015 წლის მიწურული პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური გამოდგა. პრემიერმინისტრობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ამ თემას ბიძინა ივანიშვილი მოჰფენდა ნათელს…
- უპირველესად, ნება მიბოძეთ, ჩემი ფავორიტი გაზეთის შემოქმედებით ჯგუფსა და მკითხველს ახალი წლის დადგომა მივულოცო… კვლავინდებურად ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მან თქვა, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, რომელიც წარმატების ზენიტში ყოფნისას წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ დაამატა, რომ კმაყოფილი და ბედნიერია მისი წასვლით. ამ განცხადებებში ლოგიკის დანახვა ძალიან გამიჭირდა. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამგვარი დემოკრატიული გადაწყვეტილებით ძველი ტრადიცია წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ მე მეეჭვება…
- ივანიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი პოლიტიკურად გაკოტრებული არ წასულა; მას დიდი პოლიტიკური რესურსი აქვს, თუნდაც იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს და ქართულ პოლიტსივრცეში დაბრუნდეს…
- ეს მხოლოდ ღარიბაშვილის დასამშვიდებლად ნათქვამი მგონია. ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ვერ წარმომიდგენია. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ ღარიბაშვილმა პარტია შექმნას და პოლიტიკაში დაბრუნდეს. თუმცა ამისთვის, ალბათ საჭიროა, რომ ხელისუფლება კრიზისში აღმოჩნდეს. ვნახოთ, 2016 წელს შესაძლოა, არაერთი პოლიტიკური სიურპრიზი ვიხილოთ…
იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. სამწუხაროდ, ცხადად დავინახე, რომ ის არ აპირებს საკუთარი ზეგავლენისგან ხელისუფლების გათავისუფლებას. კი აცხადებს, რომ არც ღარიბაშვილის მმართველობისას ერეოდა ქვეყნის მართვაში და მხოლოდ კონსულტაციებს სჯერდებოდა, მაგრამ ეს კონსულტაცია ხშირად ბრძანებად აღიქმება…
არ არის ჩვენი საზოგადოება ისეთი განუვითარებელი, რომ საკუთარი სურვილით გადადგომა დაიჯეროს პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც ისიც კი ვერ გადაწყვიტა, რომელ საათზე განეცხადებინა წასვლის თაობაზე, თუმცა, ვისაც თავის მოტყუება სურს, მისი ნებაა… ვფიქრობ, ეს ცვლილება მხოლოდ მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილს ეს ნაბიჯი ადრე რომ გადაედგა, ქვეყნის წინაშე დღეს ნაკლები გამოწვევა იქნებოდა. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს არ იქნება გადანაცვლება, რომელიც ჯამს არ შეცვლის. ჩვენ დღეს გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნდობას უდავოდ იმსახურებს. ის თავის დროზე პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელიც იყო, პარლამენტის წევრიც, ეკონომიკის მინისტრიც, საგარეო საქმეთა მინისტრიც, ბანკირიც… ერთი სიტყვით, დღეს გიორგი კვირიკაშვილი “ქართული ოცნებისთვის” “ჟანგბადის ბალიშია”. თუ იცის “ქართულმა ოცნებამ”, “ჟანგბადის ბალიში” როგორ გამოიყენოს, წინასაარჩევნოდ სუნთქვა ნამდვილად გაუადვილდება.
- როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი შეძლებს ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლას?
- ყოფილი და დღევანდელი პრემიერები სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. დარწმუნებული ვარ, ახალი პრემიერ-მინისტრი დააბალანსებს ურთიერთობას ივანიშვილთან. მგონია, რომ პარლამენტში გამოსვლისას კვირიკაშვილის განცხადებებმა ივანიშვილი მაინცდამაინც არ გაახარა, რაც მის ინტერვიუშიც გამოჩნდა. ვგულისხმობ პრეზიდენტის რეზიდენციის თაობაზე კვირიკაშვილის გონივრულ განცხადებას, რის საპასუხოდ ივანიშვილმა ბრძAანა, რომ კვირიკაშვილი, თურმე, პრეზიდენტის რეზიდენციის თემის “გაპრავებას” ცდილობს… არადა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დასრულდეს ამ თემაზე ლაპარაკი! ეს, უპირველესად, სახელმწიფოს აზარალებს.
იმედი ვიქონიოთ, რომ კვირიკაშვილის პრემიერობისას ივანიშვილის სახით ჩვენ უფრო ლმობიერ რიგით მოქალაქეს მივიღებთ, ვიდრე ის იყო ღარიბაშვილის დროს. კვირიკაშვილი ერთდროულად არის პოლიტიკოსი, ეკონომისტი, ფინანსისტი და ა.შ. მისი დამოკიდებულება მეგობრებთან, კოლეგებთან, ოჯახთან, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სანიმუშოა. იმედი მაქვს, ყველა ეს ღირსება მას საშუალებას მისცემს, ინსტრუქციების მისაღებად მუდმივად ტელეფონზე არ იყოს ჩამოკიდებული.
- პრეზიდენტის თემას დავუბრუნდეთ… ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილზე მეტი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა; რომ მისი პოლიტიკური თამაშის ნაწილია მურუსიძის დანიშვნის შემდეგ ატეხილი ხმაური და ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალი. რატომ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, მარგველაშვილი მართლაც ცდილობდეს პოლიტიკური ჯგუფის შემოკრებას და მომავალში ახლებურ პოლიტიკურ პოზიციონირებას?
- იმიტომ, რომ ამის ნიშნებს მე ვერ ვხედავ და არც ის მიმაჩნია სარწმუნოდ, თითქოს მარგველაშვილი ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. მურუსიძის არჩევა არის სახელმწიფოს სირცხვილი. ამ ადამიანის მოსამართლეობა ნეგატიურად შეაფასა საერთაშორისო სასამართლომ. ივანიშვილმა ისე წარმოაჩინა, რომ მურუსიძეც სააკაშვილის სისტემის მსხვერპლი ყოფილა, არადა, თვითონ ბატონი მურუსიძე მსხვერპლად სულაც არ მიიჩნევს თავს, დიდგულობს და გვიმტკიცებს, რომ მართალი კაცია. წარმოუდგენელია, გჯეროდეს, რომ ამ ადამიანის მოსამართლეობისას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება, ან ის იუსტიციის საბჭო, რომლის 2/3 კვლავაც დაკომპლექტებულია ზურიკელა ადეიშვილის მიერ, შეიძლება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტად მიაჩნდეს ვინმეს. ვფიქრობ, საჭიროა სასწრაფო საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც, როგორც ვიცი, ახალგაზრდა იურისტების ჯგუფი უკვე მუშაობს. ჩემი ინფორმაციით, მურუსიძე, მისი ამომრჩევლები და ძმანი მათნი აპირებენ, უფრო ძლიერად აამოქმედონ საცეცები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ…
იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობამ გაიმარჯვოს და არა – პირადმა ინტერესებმა, ისევ და ისევ საზოგადოების თანადგომა და ერთიანობაა საჭირო. ვიმეორებ, ეს საბჭო დღესაც დაკომპლექტებულია ადეიშვილის მიერ. ვინ და როგორ ეტრფის ადეიშვილის სამართლიანობის სტანდარტს ამ სისტემაში, ადრე თუ გვიან უსათუოდ გამოჩნდება, რადგან უამრავი ადამიანი მზად არის, მისცეს ჩვენება, თუ რა ხდებოდა იუსტიციის საბჭოში წლების განმავლობაში.
- საშიშია თუ არა მურუსიძისნაირი მოსამართლეების ყოფნა სააპელაციო სასამართლოში არჩევნების შემდეგ, როცა ბევრი საჩივარი მომზადდება და შესაძლოა, არჩევნების ბედი სწორედ სასამართლომ გადაწყვიტოს?
- რა თქმა უნდა, ესეც პრობლემაა. როცა ამ ხელისუფლების პირობებში მურუსიძის აღზევება დაიწყო, “ნაციონალები” გაისუსნენ – მათ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ჩემთვის ეს თვითლუსტრაცია იყო. სწორედ ეს პოლიტიკური ძალა იყო დასაბამი ბოროტებისა, რომლის სიმბოლოდაც იქცა მურუსიძე. ახლა რატომღაც შეცვალეს პოზიცია, ხმა ამოიღეს და თვითონ დაიწყეს მურუსიძის კრიტიკა, რაც სასაცილოც არის და სახიფათოც. ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მურუსიძე უღალატებს “ნაციონალურ მოძრაობას” და რაიმე მოტივით “ოცნების” დამხმარედ იქცევა. ორივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ამ ადამიანთან შანტაჟის მეთოდებით მოქმედებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “ნაციონალურ მოძრაობას” ვერავინ აჯობებს. ამიტომ პირში ჩალაგამოვლებული დარჩება ყველა, ვინც მურუსიძის ხელით გადაწყვეტს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლას… ამ ძალას დღემდე ფარული ჩანაწერების მთელი კოლექცია აქვს…
- ბევრი ელოდა, რომ ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ რამდენიმე მინისტრიც შეიცვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა…
- ერთ დღეში რომ გამოჩენილიყო ახალი პრემიერი ახალი სიით, ბუნებრივია, მაშინვე გაჩნდებოდა მოსაზრება, რომ ეს სია სხვისი შედგენილი იყო. სწორი იქნება, მოგვიანებით ვისაუბროთ ახალ შემადგენლობაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მასშტაბური ცვლილება. პირველ ეტაპზე კვირიკაშვილმა შეიძლება ერთი-ორი მინისტრი შეცვალოს.
- 2015 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო. თქვენი აზრით, ამ თვალსაზრისით როგორი იქნება 2016 წელი?
- აშკარაა, რომ მომავალ წელს ევროს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ანალიზი იმისა, რა მოუვა ლარს, უნდა მოხდეს სწორედ ახალი მთავრობის პირობებში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიერ. აუცილებელია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა. თუ ვინმეს ხელეწიფება ჩვენი ვალუტის გადარჩენა, სწორედ კვირიკაშვილის მსგავს გამოცდილ ადამიანს. ვიღაც იკითხავს, ის ეკონომიკის მინისტრი იყო და რატომ ვერ შეამსუბუქა ლარზე დაწოლა 2015 წელსო? იმიტომ, რომ მას გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღება არ შეეძლო.
- 2016 წელი საარჩევნო წელია და ალბათ, პოლიტიკურად რთულიც იქნება. თქვენი აზრით, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ და როგორი კონფიგურაციის პარლამენტი შეიძლება ავირჩიოთ?
- სასურველია, 2016 წელი იყოს ისეთი, როგორზეც უშედეგოდ ვოცნებობდით განვლილი სამი წლის განმავლობაში. ამის წინა პირობები არსებობს – გააქტიურებულია არასაპარლამენტო ოპოზიცია, მოსახლეობამ კარგად იცის, რას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც”. ყველა კვლევაში აისახა, რომ ცალკე ვერც ერთი პოლიტიკური სუბიექტი პარლამენტში მანდატების უმრავლესობას ვერ მიიღებს, მხოლოდ კოალიციური სუბიექტები თუ შეძლებენ დიდი რაოდენობით ხმების მოპოვებას. ეს უნდა იყოს მტკიცე ერთობა, ოღონდ არჩევნებამდე, ჩემი აზრით, პარლამენტში წვრილ-წვრილად შესული პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა გაჭირდება. წინასაარჩევნო პროცესის გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანი მგონია პრემიერის შეცვლა. თუ კვირიკაშვილს დაანებეს ქვეყნის მართვა, მან მმართველ კოალიციას, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქოს საარჩევნო ტვირთი. გადახალისება აუცილებელია. ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან, რომ აქტიურად აპირებს საარჩევნო პროცესში ჩართვას, მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო სიის შედგენაშიც. ამის მერე უფრო დაუჯერებელი მეჩვენება მტკიცება, რომ ის ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ცვლილებები საინტერესო და მისაღები იქნება. “ნაციონალური მოძრაობა”, ალბათ, კვლავინდებურად შეეცდება, ყურადღება დესტრუქციული მოქმედებებით მიიქციოს, რასაც 2015 წელსაც ცდილობდა.
რაც შეეხება სხვა ძალებს… მურუსიძის ამბავმა ბევრი ისეთი ძალა და ადამიანი გააერთიანა, რომელთა ერთ მაგიდასთან დასხდომა წარმოუდგენელი გვეგონა. არ გამოვრიცხავ, ამან ანგარიშგასაწევ ძალას ჩაუყაროს საფუძველი. საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ 5-6-სუბიექტიანი პარლამენტი. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გარე თუ შიდა საფრთხეების შემცირების ფონზე არჩევნები მშვიდად და სამართლიანად ჩატარდება. ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ევროინტეგრაციისკენ ქვეყნის შემდგომი ნაბიჯებისთვის.
„ახალი თაობა“, 04 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის იდეალი არ არის და არც მას მერე დამიწყია მისი ქება, როცა პრემიერი გახდა... ირაკლი ღარიბაშვილისგან პარტიის შექმნა გამორიცხულია“
შექმნის თუ არა ყოფილი პრემიერი პარტიას, რა შეცდომას უშვებენ თავისუფალი დემოკრატები, ვინ აპირებს „ქართული ოცნებიდან“ ლეონიდ ჩერნოვეცკის „ბედნიერ საქართველოში“ გადასვლას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ახალი პარტიის შექმნა. ამას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ბევრი ფიქრობს, რომ ექსპრემიერი მართლაც შექმნის პარტიას. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- მართალია, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს პარტიის შექმნა შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის. ღარიბაშვილი ლიდერად არ დაბადებულა და პარტიის შექმნას ვერ შეძლებს.
- რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ ყოფილი პრემიერი ლიდერად არ არის დაბადებული?
- ამის თქმის საბაბს მისი 2-წლიანი პრემიერობა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა მაძლევს. ის პარტიული საქმიანობისთვის მზად არ არის. მე კარგად მახსოვს მის მიერ ჩატარებული „ოცნების“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომები. მას ძალიან მწირი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას ნიშნავს პარტიული სტრუქტურა და ორგანიზაცია. ამის ნათელი მაგალითია ბათუმი. ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ქალაქში „ქართულ ოცნებას“ არც პარტიის ოფისი აქვს და არც საქალაქო ორგანიზაცია ჰყავს. ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ ღარიბაშვილი სუსტი ორგანიზატორია. ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეძლო, რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებულიყო და სწორედ ამ მიზეზის გამო ჩამოშორდა ხელისუფლებას.
- ბიძინა ივანიშვილი მასზე ამბობს, რომ ის ძლიერ სათადარიგო მოთამაშედ რჩება. სათადარიგო მოთამაშე კი ადრე თუ გვიან მაინც ებმება თამაშში...
- ვერაფრით ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ღარიბაშვილი სათადარიგო მოთამაშედ რჩება. ივანიშვილმაც ძალიან კარგად იცის ეს.
- თუ იცის, აბა, რატომ თქვა, ძლიერი და წარმატებულიაო?
- ამით ის მოეფერა მის მიერ გაშვებულ პრემიერს. რაც შეეხება მის სათადარიგო მოთამაშეობას, ექსპრემიერი ასეთი არ არის და ეს მისი წასვლის შემდეგაც გამოჩნდა. საქართველოს მთავრობა 20 მინისტრისგან შედგება და არცერთმა მათგანმა არ მოისურვა, გაჰყოლოდა ექსპრემიერს.
- აუცილებელი იყო, რომ ვინმე გაჰყოლოდა?
- როცა პრემიერი თანამდებობას ტოვებს, როგორც წესი, მასთან ერთად მთავრობას რამდენიმე წევრი მაინც ტოვებს. როცა გუნდის მართვაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ გუნდიდან რამდენიმე წევრი უნდა გაიყოლიო. ეს ფაქტიც მის არალიდერობაზე მიუთითებს და მისგან პარტიის შექმნას არ ველოდები.
- აბა, სად წავა ღარიბაშვილი?
- იიგი ორი წლის განმავლობაში უმაღლესი თანამდებობის პირი იყო და გამოვრიცხავ, რაიმე პოლიტიკურ თანამდებობას დათანხმდეს. უფრო მგონია, რომ ის არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლებს და მისი არსებობა რამდენიმე კვირაში საქართველოს მოსახლეობას დაავიწყდება კიდეც.
- თქვენ ღარიბაშვილზე რაღაცნაირად ნიშნის მოგებით საუბრობთ. პარლამენტის ბოლო სხდომაზე, სადაც კვირიკაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადეს, მეოცნებეებს ექსპრემიერთან დააბარეთ, ჩემ სასარგებლოდ 1:0-ო...
- არ ვმალავ, რომ ცოტა ანჩხლი კაცი ვარ და სათქმელს პირდაპირ ვამბობ. გახსოვთ, როგორ გამრიცხეს „ქართული ოცნებიდან“? კოალიციიდან ჩემი გაშვების მიზეზი ღარიბაშვილთან უთანხმოება იყო.
- ეს უთანხმოება რის საფუძველზე წარმოიშვა?
- ხშირად ვსაუბრობდი იმაზე, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სამართლიანობის აღდგენა. ვსაუბრობდი, თუ რა იყო ინიციატივა და პოლიტიკა. განსაკუთრებით ბევრს ვსაუბრობდი აჭარის თემატიკაზე. ამ რეგიონს ისეთი სუსტი პირველი პირი არ ახსოვს, როგორიც დღეს ჰყავს, ხოლო თუ ცენტრალურ მთავრობას ასეთი კაცი მოსწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც არ ვარგა. აი, ამის გამო გამრიცხა მე ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან“, ისიც მითხრა, პარლამენტის ვიცესპიკერობიდანაც გადაგაყენებთო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.
- არავინ გამოგსარჩლებიათ?
- ჩვენს საუბარს კახა კალაძე, ნოდარ ხადური და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. ხმა არცერთ მათგანს არ ამოუღია. გამოსვლისას ღარიბაშვილს ვუთხარი, ბევრი მთავრობა გამოვიცვალე და შენც გამოგცვლი-მეთქი. 29 დეკემბრის სხდომაზე სწორედ ეს გავიხსენე და ამიტომ ვთქვი, რომ ჩემ სასარგებლოდ 1:0-ია. ის აღარ არის მთავრობის წევრი, ხოლო მე ვრჩები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. ექსპრემიერს შეცდომები გამოუცდელობითაც მოუვიდა. ის ამ მაღალ თანამდებობაზე დაუმსახურებლად მოხვდა.
- დაუმსახურებლად რატომ მოხვდა?
- ასეთი მაღალი თანამდებობა რომ დაიკავო ადამიანმა, დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყო პოლიტიკაში, ოპოზიციაშიც ბევრი წელი უნდა გქონდეს გატარებული.
- ოპოზიციონერობა აუცილებელია?
- თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს კბილებიდან ოფლი არ გაქვს გამოდენილი, თანამდებობის სტატუსს კარგად ვერ გაითავისებ. ღარიბაშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ივანიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, პოლიტიკიდან რომ წავიდა.
- თავად ამ ნაბიჯს გამართლებულად მიიჩნევს.
- გამართლებული როგორ არის? ხალხმა მას მიანიჭა უფლებამოსილება და მისი ხათრით აირჩია „ქართული ოცნება“. ის პრემიერად უნდა დარჩენილიყო. პოლიტიკიდან მის წასვლას დღემდე არასწორ ნაბიჯად მივიჩნევ. ასევე არასწორ ნაბიჯად მივიჩნიე პრემიერად ახალგაზრდა ღარიბაშვილის დანიშვნა. როდესაც ქვეყანას ასეთი გამოწვევები აქვს, არ შეიძლება, მაღალ თანამდებობაზე 30 წლის ახალგაზრდა დანიშნო. არ მომწონს კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. რომელსაც რუსული განათლება აქვს მიღებული. მას დიპლომატიური აკადემია რუსეთში აქვს დამთავრებული.
- ამიტომ არ მოგწონთ საგარეო საქმეთა მინისტრი?
- მიხეილ ჯანელიძე არის 34 წლის ბიჭი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში. მაინცდამაინც `ქართული ოცნებიდან~ თუ უნდოდათ კანდიდატურის შერჩევა, თედო ჯაფარიძე იქ არ ჰყავდათ? საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ასევე თავისუფლად შეიძლებოდა, სალომე ზურაბიშვილი წარედგინათ. ორივე მათგანს დიდი გამოცდილება აქვს. 34 წლის ჯანელიძე კი ვერც ჯონ ქერის დაელაპარაკება და ვერც – სერგეი ლავროვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ს 60 წელზე ნაკლები ასაკის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ჰყოლია. ამ თანამდებობას, წიგნიერი განათლების გარდა, ცხოვრებისეული სიბრძნეც სჭირდება. გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ღარიბაშვილის კრახიც მისი გამოუცდელობის ბრალია.
- რატომ ხართ ასეთი კატეგორიული, იქნებ ბრუნდება ექსპრემიერი პოლიტიკაში?
- არ დაბრუნდება. მან რომ კრახი განიცადა, ეს გიორგი კვირიკაშვილისთვის ნდობის გამოცხადების დროსაც გამოჩნდა. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მიმართ დიდი კორექტულობით არ გამოირჩევა, მაგრამ მათ კვირიკაშვილს ერთი დეტალიც კი ვერ მოუძებნეს, რომლის გამოც საყვედურს ეტყოდნენ. ასე იმიტომ მოხდა, რომ ახალი პრემიერი უკვე დაბრძენებული ადამიანია და პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ის საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო.
- ისე ახასიათებთ ახალ პრემიერს, ეტყობა, ვერც თქვენ პოულობთ მის ბიოგრაფიაში რაიმე სასაყვედუროს...
- როგორ არ ვპოულობ. ის საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეთა კავშირის სიით შევიდა. მოქკავშირის წევრობა ჩემთვის მიმზიდველი არ არის, მაგრამ ჩემთვის სხვა რამე არის მიმზიდველი. ძალიან მომეწონა მისი პასუხები, დიქცია და გამომეტყველება. ქართველ საზოგადოებას ლიდერებად სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება.
- ასეთში რას გულისხმობთ?
- გაწონასწორებულობას. ქვეყნის გაერთიანება ასეთ ლიდერებს შეუძლიათ. 29 დეკემბერს პარლამენტის წინაშე კვირიკაშვილის ნაცვლად ღარიბაშვილი რომ წარმდგარიყო, დარწმუნებული იყავით, ის სხდომა მუშტი-კრივით დასრულდებოდა. კვირიკაშვილი ჩემთვის იდეალი არ არის და არც მას მერე დამიწყია მისი ქება, როცა პრემიერი გახდა. იგივე „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, რომ პრემიერობა ყველაზე მეტად მას და დავით სერგეენკოს შეეფერებოდათ. ამას მანამდე ვამბობდი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ ექსპრემიერს დაასახელებდა.
- როგორც აღმოჩნდა, ახალმა პრემიერმა ბევრის გული მოიგო, იგივე თავისუფალი დემოკრატები ძალიან დაუტკბნენ მას. მათმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ კვირიკაშვილის მთავრობას 100 დღის განმავლობაში არ გააკრიტიკებენ…
- ალბათ, აქვთ რაღაც სტრატეგია. მათ ნაცვლად მე ვერ ვილაპარაკებ. რამდენიმე დღის წინ თავისუფალმა დემოკრატებმა აჭარის რეგიონში ცუდი რამ ჩაიდინეს, რამაც მე ბევრი ეჭვი გამიჩინა.
- რა ჩაიდინეს ამისთანა?
- რამდენიმე დღის წინ აჭარის ბიუჯეტი ჩავარდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და აქ სიტუაციას ოპოზიცია აკონტროლებს. ოპოზიციაში არიან თავისუფალი დემოკრატებიც. თავიდან მათ ხმა არ მისცეს ამ ბიუჯეტს. 30 დეკემბერს ბიუჯეტის პროექტი ხელახლა შემოიტანეს და მას თავისუფალმა დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაცები შეიცვლება.
- რა შეიცვლება? თქვენც ფიქრობთ, რომ შესაძლოა თავისუფალი დემოკრატები კოალიციაში დაბრუნდნენ?
- არ ვიცი, დაბრუნდებიან თუ არა. აჭარის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ და თავისუფალი დემოკრატები ალიანსში არიან. მე ეს არ მაინტერესებს. ჩემ წინაშე სხვა ამოცანაა.
- რა ამოცანა?
- “ბედნიერ საქართველოსთან“ ერთად ძლიერ კონკურენციაში უნდა შევიდე „ქართულ ოცნებასთან“. მისი ლიდერი აქტიურად აპირებს წინასაარჩევნო პროცესებში ჩაბმას. მას შემთხვევით არ უთქვამს თავის თავზე, რომ ის სათადარიგო მოთამაშეა.
- დარწმუნებული ხართ, რომ ძირითადში დაბრუნდება?
- რაღაც დოზით ის უკვე დაბრუნებულია ძირითად შემადგენლობაში. ეს კი ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშის, ჩერნოვეცკის გამოჩენას უკავშირდება.
- ჩერნოვეცკი რა შუაშია?
- პოლიტიკაში მის გამოჩენამდე, პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ `ქართული ოცნების~ საარჩევნო სიის შედგენაში მიიღებდა მონაწილეობას. ის აღარც პოლიტსაბჭოზე ჩნდებოდა, მაგრამ, გამოჩნდა თუ არა ჩერნოვეცკი, ძალიან გააქტიურდა და ამბობს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩაერთვება. მის გააქტიურებას მართებულად მივიჩნევ. ივანიშვილი აცნობიერებს, რომ ჩერნოვეცკის სახით მისი ალტერნატივა გამოჩნდა.
- რატომ გგონიათ, რომ კიევის ყოფილი მერი ივანიშვილის ალტერნატივაა?
- ის საზოგადოების წინაშე ძალიან კარგი გუნდით წარდგება. ამის გარდა, ღია ადამიანი ვარ და ღიად ვიტყვი, რომ არჩევნებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფულს. ამ შემთხვევაში წესიერ და კანონიერ ფულზე ვსაუბრობ. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს არამცთუ წესიერი, ფული საერთოდ არა აქვთ. ფულის ქონა იმიტომ კი არ არის საჭირო, რომ ამომრჩეველი მოისყიდო, ფული იმისთვის გჭირდება, რომ საარჩევნო პროგრამა დაწერო და ამომრჩეველს მიუტანო. პარტიას ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება, ჩერნოვეცკის ეს შეუძლია. ამიტომაც შეშფოთდა ასე ძალიან ივანიშვილი.
- ზემოთ თქვით, საინტერესო გუნდით წარდგება „ბედნიერი საქართველოო“ და შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხალხი იყრის თქვენ გარშემო თავს?
- ამ ხალხის ვინაობას ისევ ვერ დავასახელებ, იმას კი გავამხელ, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი დაინტერესებულია „ბედნიერი საქართველოთი“.
- მათი დაინტერესება რით გამოიხატება?
- მათ მე ყველაფერი გამომკითხეს. ამ ადამიანებთან პირადული საუბარი მქონდა და მათ ვინაობასაც ვერ დავასახელებ.
- ეს ადამიანები შეიძლება ვიხილოთ „ბედნიერ საქართველოში“?
- ვნახოთ, ვნახოთ. დაინტერესება ძალიან დიდია.
„ახალი თაობა“, 04 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილთან დისკუსია დაიწყო”
2015 წელი მოულოდნელი ცვლილებებით დასრულდა. ღარიბაშვილის გადადგომამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა საზოგადოებაში. ასევე საინტერესო მინიშნებები გააკეთა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი მესიჯების გაშიფრვას „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე შეეცადა.
- ბატონო რამაზ, საკმაოდ საინტერესო პროცესებით დასრულდა 2015 წელი. საზოგადოება ახლის მოლოდინშია. როგორია თქვენი შეფასებები? უნდა ველოდოთ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში?
- პირველ რიგში, მომილოცავს ახალი წელი ერთგული მკითხველისა და თქვენი თანამშრომლებისთვის. დაგეთანხმებით, უდავოდ საინტერესო ინტერვიუ იყო. შეიძლება ბევრი ფიქრის საფუძველს იძლევა ეს ინტერვიუ და შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც კი იყოს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბევრი ვერსია ტრიალებდა იქამდე და მე მგონი ამ ვერსიებზე პასუხის სურვილმა მიიყვანა სტუდიაში ბიძინა ივანიშვილი.
- რა ვერსიებზე საუბრობთ?
- ბევრი ვერსია ტრიალებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი წყვეტს რაღაც საკითხებს და ფაქტობრივად ერთ-ერთი მესიჯი რაც იყო შეთავაზებული მაყურებლისთვის, იყო გარკვეული დისტანცირება ამა თუ იმ საკითხისგან, მით უმეტეს ისეთი საკითხისგან, როგორიცაა პრემიერის თემა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ როდის მოხდებოდა პრემიერის შეცვლა, ღარიბაშვილმა თვითონ გადაწყვიტა.
- ვითომ?
- მან ასე თქვა და ეს გასაგებს ხდის, თუ რატომ აღმოჩნდა გუნდი მოუმზადებელი ამ ცვლილებებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მინისტრთა კაბინეტი იგივე დარჩა, აშკარად ვერ მოესწრო ამ კაბინეტის დაკომპლექტება სასურველი ხარისხით. თუმცა ხაზი ესმება ყველას მხრიდან, რომ მინისტრთა კაბინეტი აუცილებლად შეიცვლება. ეს უკვე გამორიცხავს მთელ რიგ ვერსიებს…
- რასთან დაკავშირებით?
- იმის თაობაზე, რომ ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ამ ცვლილებაზე. მან არათუ ამ ცვლილებაზე განაცხადა, არაფერ შუაში ვარო, არამედ ახალი პრემიერის კანდიდატურაც ითქვა, რომ არის მთლიანი გუნდის კანდიდატურა და არ არის ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგი. ესეც საინტერესო ფაქტია, რადგან, რაც უფრო მეტად აღმოჩნდება პოლიტიკური გუნდი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი, მით უფრო მალე დაღვინდება ეს გუნდი. დამოუკიდებლობას ადამიანი დამოუკიდებლობის პირობებში სწავლობს.
- თუმცა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში არის იმის განცდა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მაშინ რატომ ჩნდება ასეთი განცდა ხალხში?
- ჯერ ერთი, ცუდად არის პიარის საქმე დაყენებული გუნდში. ის, რაც ივანიშვილმა განაცხადა, მკაფიოდ უნდა თქმულიყო, ახსნილიყო. ასევე ბუნდოვანი დარჩა ივანიშვილის განცხადებაშიც, თუ რატომ გადაწყვიტა ღარიბაშვილმა წასვლა.
- რა იყო მიზეზი?
- ჩვენი მხრიდან ტყუილი შრომა იქნება ვერსიის აგება იმაზე, რომ, დავუშვათ, რაღაცა მოხდა ივანიშვილსა და ღარიბაშვილის შორის.
- სიახლეებთან დაკავშირებით როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- კვირიკაშვილთან ივანიშვილმა დისკუსია დაიწყო ამ პირველივე ინტერვიუში. პრეზიდენტის თემაზე კვირიკაშვილმა ლოიალური განცხადება გააკეთა და ამ თემასთან დაკავშირებით დაიმსახურა ივანიშვილის კრიტიკა, რადგან ცნობილია დამოკიდებულება ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის.
- ეს რაზე მიუთითებს?
- ეს პოზიტიური ფრაგმენტია და მიუთითებს პირველი პირების დამოუკიდებლობის საკმაოდ ნორმალურ და მაღალ ხარისხზე. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოწმე ვხდებით „ქართული ოცნების“ წიაღში ახალი პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბების და ეს პროცესები თავის თავს გამოავლენენ უფრო მოგვიანებით.
- კონკრეტულად რომელი მინისტრის შეცვლას ელოდებით?
- არ არის ჩემთვის ეს კითხვა ადვილი საპასუხო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინისტრების მუშაობა, საკმაოდ ბევრი ფენის შემცველია.
- თუმცა ეს ცვლილებები იქნება?
- აუცილებლად იქნება.
- ეს ყველაფერი გაკეთდა გუნდის გადასარჩენად და იმიჯის გამოსასწორებლად წინასაარჩევნოდ?
- ყველა სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღალი რეიტინგით მოდის და შემდეგ იკლებს მისი მხარდაჭერა. ყველა სახელისუფლებო გუნდს უდგას ის ამოცანა, თუ როგორ გააგრძელებს ბრძოლას მომავალი არჩევნებისთვის.
- რა იქნება ამ შემთხვევაში?
- ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისთვის გამოსავალი არის იმიჯის ცვლილება, ეს ტიპურია ყველა სახელისუფლებო პარტიისთვის არჩევნების წინ _ მთავრობის შეცვლა.
- ღარიბაშვილის შესახებ რას იტყვით, მართლაც მოვა ის საკუთარი გუნდით პოლიტიკაში? ამაზე ივანიშვილმაც გააკეთა მინიშნება. მის მიერ გადადგმული ნაბიჯი ხომ არ იყო გაკეთებული მისი პოლიტიკური იმიჯის გადასარჩენად?
- ვერ ვიტყოდი, გადასარჩენად, რადგან გადარჩენა ითქმის იმ სიტუაციაზე, თუკი მას ექნებოდა რაიმე მძიმე კრიზისი იმიჯში. ასეთი მძიმე კრიზისი არ იყო.
- აბა, რა იყო?
- იყო ღიმილიანი, ნეიტრალური დამოკიდებულება. ინერციის პირობებში, ეს დამოკიდებულება გარკვეულ რეიტინგს მისცემდა. არა მგონია, გადარჩენა იყოს მისთვის ამოცანა. ჩემთვის ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, კონკრეტულად რა მექანიზმმა გადაწყვიტა ეს ნაბიჯი. რა გახდა გადამწყვეტი.
- რა უნდა გამხდარიყო?
- ვივარაუდოთ, რომ ღარიბაშვილის ცვლილების საკითხი პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი იყო. თუმცა კითხვის ნიშანი ისევ არის, რატომ თოვლის ბაბუის მოსვლამდე და რატომ არა მას შემდეგ?! ეს არის გაუგებარი ღარიბაშვილისგან. რა იყო ის მოვლენა, რომელმაც ითამაშა ამ პროცესის კატალიზატორის როლი?! ეს ჩვენ არ ვიცით.
- უახლოესი მომავალი გამოაჩენს ამ პროცესს?
- ან ამას გამოაჩენს, ან რაიმე ახალს შემოგვთავაზებს. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ, თუ რაიმეს დამალვა უნდათ, ყველაზე კარგი მეთოდი დამალვისა არის კარგი ტყუილი. ლოგიკური ტყუილი მაინც ეთქვათ, მათ არანაირი ვერსიები არ შემოუთავაზებიათ, ამიტომ დაიწყო ამდენი ლაპარაკი.
- საინტერესო პროცესები გველის არჩევნებამდე?
- იმედი ვიქონიოთ, რომ არ მოგვაწყენენ.
„ახალი თაობა“, 04 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „საქართველო რელიგიური დაპირისპირების საფრთხის წინაშე დგას“
ვის ინტერესებშია საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, რას მოგვიტანს ისლამური არმიის შექმნა, ვინ აგებს პასუხს ფონიჭალაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ მკვლელობაზე? ამის შესახებ „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
„ახალი წლის დღეებში ნამდვილად არ მინდოდა ხალხის დაზაფვრა, მაგრამ საქმე რთულად არის. ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ მხოლოდ დამდგარ შედეგზე ვახდენთ რეაგირებას, შედეგი კი უკვე სახეზეა. ამ დღეებში რელიგიურ ნიადაგზე საქართველოში, სოფელ ფონიჭალაში, მოხდა მკვლელობა. 23 წლის ფიქირათ ახმედოვი თანასოფლელმა რამინ ისაევმა მოკლა. ადგილობრივების თქმით, მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობას წინ ვაჰაბიტ მუსლიმებსა და სოფლის რელიგიურ უმრავლესობას, ტრადიციული ისლამის მიმდევრებს შორის დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახმედოვს რადიკალური ისლამის მიმდევრებმა პასუხი იმ ინფორმაციის გამო მოსთხოვეს, რომელიც მედიასაშუალებით გაშუქდა. საბედისწერო ინტერვიუში ახმედოვი ამბობდა, რომ სოფელში ვაჰაბიტები ერთ-ერთი სახლის სარდაფში იკრიბებოდნენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადგილობრივებმა ვაჰაბიტების სამლოცველოს დახურვისა და გაუქმების მოთხოვნით ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას არაერთხელ მიმართეს, რამდენჯერმე შეაგროვეს ხელმოწერებიც, რომლებიც ამ დრომდე უპასუხოა“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი..
- რატომ არ მოახდინა ხელისუფლებამ ფონიჭალის მოსახლეობის მოთხოვნაზე რეაგირება?
- ვერ გეტყვით. ამაზე ხელისუფლებამ უნდა გაგვცეს პასუხი. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ასეთი რამეები თავიდან ყოფილიყო აცილებული.
- სხვა დროსაც ჰქონდა ასეთ დაპირისპირებას მცდელობა?
- რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ადგილი და ეს კონფლიქტიც ქვემო ქართლში მოხდა.
- მაშინაც ისლამის მიმდევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?
- ერთმანეთს ქართველი სუნიტები და აზერბაიჯანელი შიიტები დაუპირისპირდნენ. ქვემო ქართლის რეგიონში აჭარიდან ეკომიგრანტები არიან ჩასახლებული. ამ ეკომიგრანტებით დასახლებული სოფლის მოსახლეობასა და აზერბაიჯანელებს შორის საძოვრების გამო წარმოიშვა კონფლიქტი. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ამ სოფლების მცხოვრებლები ერთმანეთს უვარდებოდნენ. ამ საქმეში მაშინვე ჩავერიეთ და სიტუაცია განვმუხტეთ. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე საფრთხეების პრევენციულ ღონისძიებებსაც მოიცავდა. არაერთხელ განგვიცხადებია, რომ უნდა არსებობდეს ქვეყნის თავდაცვის ეროვნული დოქტრინა, რომელიც ასევე გაითვალისწინებდა ამ პრობლემებს. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ წინა პრემიერს ეთნორეგიონული პოლიტიკის კონცეფცია. ეს სამი რამ დოკუმენტის სახით უნდა შექმნას სახელმწიფომ და მათ საფუძველზე უნდა დაიწყოს მოქმედება. ერთიანი გეგმის გარეშე მოქმედება შესაძლოა სამეზობლო პოლიტიკისთვის საზიანო იყოს.
- სამეზობლო პოლიტიკაში რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას?
- ჩვენს შემოგარენში ცხოვრობენ როგორც შიიტები და სუნიტები, ასევე ვაჰაბიტები. ერთიანი და გრძელვადიანი გეგმის გარეშე მოქმედებამ შესაძლოა რომელიმე მეზობელთან ურთიერთობა გაგვირთულოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ისლამური სახელმწიფო და ახლახან შექმნილი ისლამური არმია. ცოტა ხნის წინ 35-მა ისლამურმა სახელმწიფომ, მათ შორის თურქეთმა, ყატარმა და საუდის არაბეთმა, შექმნეს ერთიანი არმია. ასეთი რამ მას შემდეგ, რაც სალადინმა მუსლიმები გააერთიანა, დაამარცხა ჯვაროსნები და იერუსალიმს დაეუფლა, აღარ მომხდარა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და მას საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.
- ისლამური არმიის შემადგენლობაში თურქეთიც შევიდა. ნატოს წევრ ქვეყანას შეუძლია სხვა ალიანსში შესვლა?
- აქ ცოტა სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე და, არა მგონია, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამის გამო თურქეთს პრობლემები შეუქმნას.
- ისლამური არმიის შექმნის მიზანი რა არის?
- ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ისეთი ძლიერი არმია იქმნება, რომ ხალიფატს გაანადგურებენ.
- და ისინი შექმნიან ახალ ხალიფატს?
- არა, ახალ ხალიფატს არ შექმნიან, მაგრამ მათი სახით აუცილებლად გაჩნდება ახალი ძლიერი მოთამაშე, რომელიც აუცილებლად მიუჯდება საერთაშორისო მაგიდას და ტორტის ნაჭერს მოითხოვს.
- რა შეიძლება მოითხოვოს ისლამურმა არმიამ?
- ამას მომავალი გვიჩვენებს. ამ არმიის შექმნით რუსეთსაც და ირანსაც სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და ყველანაირ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. საქართველოს ხელისუფლებას ახლა გაათმაგებული ყურადღება მართებს. აქ პატარა უყურადღებობაც კი შესაძლოა საბედისწეროდ დამთავრდეს. ამასთან, ჯერ არ ვიცით, როგორ გაგრძელებას ჰპოვებს ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა. გვეეჭვება, რომ ამან ასე ჩაიაროს. მომხდარ ტრაგედიაზე ჩვენ პასუხისმგებლობას კრიზისების მართვის ცენტრს ვაკისრებთ.
- ის რა შუაშია ამ მკვლელობასთან?
- იმ შუაშია, რომ მას ეკისრება ასეთ თემებზე რეაგირება. ამის გარდა, 2 წლის წინ ჩვენ სწორედ ამ ცენტრის წარმომადგენლებს გავატანეთ ირაკლი ღარიბაშვილთან უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ასეთი დაპირისპირებების პრევენციაზე იყო საუბარი. კრიზისების მართვის წევრები დაგვპირდნენ, რომ მოხდებოდა მისი განხილვა, მაგრამ ვერც მათ და ვერც წინა პრემიერმა ამისთვის ვერ მოიცალეს, შედეგად კი რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა მივიღეთ. არავის ვაშინებ, მაგრამ უკვე დროა, რაღაც ზომები მივიღოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ისლამური არმია სერიოზულად შეცვლის ვითარებას. ეს რომ ასე იქნება, ამაში რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში მომხდარი ფაქტიც მარწმუნებს.
ორ იანვარს საუდის არაბეთში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული შეიხი ნიმრ ბაქრ ალ ნიმრი 46 მსჯავრდებულთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილით მასობრივი დასჯა რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი ამის გამო საუდის არაბეთს დაჰპირდა, რომ მას ალაჰის სახელით სასჯელი ელის. მანვე შიიტი სასულიერო მოღვაწე წამებულად მოიხსენია და განაცხადა, რომ იგი მშვიდობიანი ხერხებით ცდილობდა თავისი მოძღვრების ქადაგებას ხალხში. ჰამენეის აზრით, ნიმრი მისი ოპოზიციური გამონათქვამების გამო დასაჯეს, რადგან იგი ოფიციალური ხელისუფლების შეხედულებას არ ეთანხმებოდა. მისიონერის დასჯით აღშფოთებულმა ირანელებმა საუდის არაბეთის საელჩოს ცეცხლი მოუკიდეს. ეს დაპირისპირება ასე არ ჩაივლის და ამაში რუსეთიც ჩაერთვება. საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება ბევრ ვინმეს აწყობს. მათ შორის არიან რუსეთი, თურქეთი, ირანი, ხალიფატი და ისლამური არმია.
- აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ იმის თქმა, რომ საქართველო რელიგიური დაპირისპირების ზღვარზეა?
- ზღვარზე ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით სერიოზული საფრთხე ემუქრება. დაინტერესებული მხარეები შეეცდებიან, რომ ერთმანეთთან დააპირისპირონ სუნიტები და შიიტები, ასევე უნდა ველოდოთ დაპირისპირებას სუნიტებსა და ვაჰაბიტებს, შიიტებსა და ვაჰაბიტებს შორის. საქართველოში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტს აღარ ველოდები. ეთნიკური კონფლიქტები დღეს საინტერესო აღარ არის. ახლა მსოფლიოში სენსორული თემები ტერაქტები და რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირებებია. ასე რომ, წინ რთული პროცესები გველოდება. ამისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანა არ არის, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.
„კვირის პალიტრა“, 4 იანვარი, 2016 წელი
ეკონომიკური პროგნოზი 2016 წლისთვის
ემა ტუხაშვილი
ექსპერტთა ნაწილი 2016 წელს იმედებს უკავშირებს, ნაწილი კი არასახარბიელო პროგნოზებს აკეთებს. ასეა თუ ისე, ფაქტია – “ეკონომიკის ფრონტზე” ქვეყანას რთული ბრძოლების გადატანა მოუწევს.
“ლარის გამყარებისთვის ყველა საფუძველი არსებობს“
დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: “მიუხედავად საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსა და ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ჩვენი ეკონომიკა 4,6%-ით გაიზარდა და ერთ-ერთი მოწინავე იყო რეგიონში. შედარებისთვის, ამავე პერიოდში აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2,8% იყო, სომხეთის – 3,4%, რუსეთის – 0,6%, უკრაინის – 6,8 და თურქეთის – 2,9%. 2015 წლის 10 თვეში, წინასწარი შეფასებით, მშპ-ის ზრდა 2,8%-ია, მთელი წლისთვისაც მინიმუმ 2,8%-იან ზრდას ველოდებით. თავდაპირველად სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენს რეგიონსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, პროგნოზი 2%-მდე შევამცირეთ. სამაგიეროდ, ეკონომიკური აქტივობის ფონზე, 2016 წლისთვის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება: 2016 წელს 3%, ხოლო 2017 წელს – 5%, რაც ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებში.
ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე, მოგეხსენებათ, სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა (ექსპორტიდან შემოსავლის, ფულადი გზავნილების კლებამ), აგრეთვე, უარყოფითმა მოლოდინმა. ლარის კურსში, რომელიც ბოლო დროს აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა, უკვე ასახულია ყველა შოკი, მათ შორის უარყოფითი მოლოდინიც და შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში ჩვენ მის გამყარებას ველოდებით. ამის თქმის საფუძველს არსებული ვითარებისა და აგრეთვე, საგადამხდელო ბალანსის პროგნოზის ანალიზი იძლევა, რომელიც ქვეყანაში შემოდინებული და გადინებული ვალუტის მოცულობის ნათელ სურათს გვიქმნის. 2015 წლის მეორე კვარტალიდან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა 16,2%-ით (68,7 მლნ დოლარით), სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 7%-ით (74,7 მლნ დოლარით), მომსახურების ბალანსი კი ჩვეულებისამებრ დადებითია. 2015 წლის 11 თვის განმავლობაში, 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად – 14,8%-ით (1,14 მლრდ დოლარით) შემცირდა საქონლის იმპორტის მოცულობა. იმავდროულად, ტურიზმის ექსპორტიდან შემოსავალი გაიზარდა (+93,45 მლნ დოლარით). მათმა ჯამმა არა მხოლოდ დააბალანსა ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლებით (შესაბამისად, -608,7 მლნ და -341,8 მლნ დოლარით) გამოწვეული უცხოური ვალუტის დანაკლისი, არამედ მას 284 მლნ დოლარითაც გადააჭარბა. შესაბამისად, შემცირებულია წნეხი ეროვნული ვალუტის კურსზე.
წლევანდელ 11 თვეში ტურიზმიდან შემოსავალმა 3,259 მლრდ ლარი შეადგინა. გამოთვლილია, რომ ერთი ვიზიტიორი დღეში საშუალოდ 600 ლარს ხარჯავს, რაც ჯამში 210,966 მლნ ლარით, ანუ 93,45 მლნ დოლარით (6,9%-ით) მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. აქედან გამომდინარე, დღეისთვის ლარის კურსის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს, პირიქით, არსებობს ყველა საფუძველი მისი გამყარებისთვის”.
თურქული ლირა და რუსული ნავთობი
ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: “ჩემი გათვლებით, მშპ-ის ზრდა 2016 წელს 2,5-2,6% იქნება. ექსპორტის თვალსაზრისით რამე ხელშესახებ მატებას არ ველოდები, რადგან ყველა ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორს დიდი პრობლემები აქვს. თურქეთში რთული ფინანსური ვითარებაა და დამატებით, რამდენადაც ვხედავ, პოლიტიკურ პრობლემებშიც გადაიზარდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა. 2016 წლისთვის თურქეთს უზარმაზარი ბაზარი გამოაკლდა რუსეთის სახით და როცა ეს შემოსავალზე სრულად აისახება, თურქულ ლირას დიდი დარტყმა ელოდება. ეს კი ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედებს.
რაც შეეხება რუსეთს, ელოდებიან, რომ ნავთობის ფასი 30 დოლარის გარშემო იტრიალებს მთელი წლის განმავლობაში და რუსეთშიც კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ამით ჩვენ მოგვაკლდება არა მხოლოდ ექსპორტიდან შემოსავალი, არამედ კიდევ უფრო შემცირდება ფულადი გზავნილებიც. ქვეყნის შიგნით არის საარჩევნო სიტუაცია, ქვეყნის გარეთ კი პრობლემებია და შედეგად 2016 წელს არცთუ მაღალი – 2,6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ვფიქრობ, ლარის კურსი 2016 წლის ბოლომდე შენარჩუნდება 2,40-იან ნიშნულზე. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, შემიძლია გითხრათ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი არ შეიცვლება. ინვესტიციების მატებაც ნაკლებად მოსალოდნელია და ის სავარაუდოდ 1,5 მილიარდს არ გადააჭარბებს. ერთადერთი, კაპიტალის გატანა შემცირდება, რადგან აგვისტოდან მოყოლებული, საქართველოდან საკმაოდ დიდი კაპიტალი უკვე გავიდა”.
“რეგიონში ყველაზე კარგი სასტარტო პირობები გვაქვს“
ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: “2016 წელს შესაძლოა გარკვეული თვალსაზრისით გარდამტეხი წელი იქნეს. ერთი მხრივ, გვაქვს გამოწვევები და პრობლემები, რაც 2015 წელს დაიწყო, მათ შორის რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი, აზერბაიჯანის მანათის მცურავ კურსზე გადასვლა, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება. მაგრამ ამავე დროს არის პოზიტიური მოლოდინიც, რომ სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, შეიძლება არა მხოლოდ დაიძლიოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედება, არამედ ერთგვარი გარღვევაც მოხდეს პოზიტიური მიმართულებით. მხედველობაში მაქვს კვირიკაშვილის გაპრემიერება და ის გამოსვლები, რომელიც წლის ბოლოს ჩვენ ვნახეთ. მკვეთრად გამოიკვეთა ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობის საკითხი, რაც ბუნებრივად ბადებს პოზიტიურ მოლოდინს 2016 წლისთვის და ქმნის იმედის საფუძველს, რომ პოლიტიკა სწორად დაიგეგმება და უფრო შედეგიანად მოხდება გამოწვევებთან გამკლავება.
უპირველესი გამოწვევები კი ლარის სიმყარე და ინფლაციის მეტ-ნაკლებად კონტროლირებად ჩარჩოებში მოქცევაა, აგრეთვე საბიუჯეტო პროცესის თანამიმდევრულად და სწორად წარმართვა. მთავარია, ხელისუფლება გახდეს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და პრიორიტეტების სწორად გამოკვეთის თვალსაზრისით. მეტი აქცენტები უნდა დაისვას ბიზნესის წამახალისებელ ინიექციებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაში მცირე ბიზნესის “სტარტაპების” დაფინანსებაზე, რათა თავად ბიზნესს გაუჩნდეს პოზიტიური მომავლის განცდა. მეორე მხრივ, თავად ეკონომიკური პროცესებიც, მაკროეკონომიკურ პარამეტრებში გამოხატული, შესაძლოა მეტ-ნაკლებად დავასტაბილუროთ. მართალია, რეგიონსა და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მძიმე ფონია, თუმცა სასტარტო პოზიცია მათთან შედარებით უკეთესი გვაქვს და ყველაფერი ხელისუფლების მარიფათზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწორად დაგეგმავს მუშაობას და ბიზნესთან ერთად პრობლემების მოგვარებას დაიწყებს”.
„კვირის ქრონიკა“, 4 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „კოალიციაში ყველამ ყველაფერი მიიღო თავისი ინტერესების მიხედვით, ქვეყანა კი დარჩა ღარიბი და განუვითარებელი!»
გელა ზედელაშვილი
როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ თანამდებობებს ასევე დატოვებდნენ ეკონომიკური გუნდის წევრები – კერძოდ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები. თუმცა ასე არ მოხდა, ხადურმა და ქუმსიშვილმა პოსტები, მინიმუმ, გაზაფხულამდე შეინარჩუნეს. როგორი იყო 2015 წელი ამ ეკონომიკური გუნდის პირობებში? როგორც ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, ეს იყო წარუმატებელი და წინ კიდევ უფრო წარუმატებელი წელიწადი გველოდება:
- ბატონო დემურ, თუკი ეკონომიკური გუნდი არ შეიცვლება, თუკი ისევ ის ადამიანები დარჩებიან თანამდებობებზე, რა შეიცვლება, რის იმედი უნდა გვქონდეს?
- არაფერი არ შეიცვლება, თუ რამე არ კეთდება ცალკეულ სამინისტროებში, ეს არის არასწორი მართვისა და არასწორი სისტემის ბრალი, ასევე სუსტი ადმინისტრირების შედეგი. მინისტრები დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და არ აქტიურობენ, რადგან ელოდებიან, რომ ყველა საკითხს სხვა გადაწყვეტს. ამიტომ მე ეკონომიკური ბლოკების ან სხვა ბლოკების ნაკლებად მჯერა. როდესაც მთავრობა იღებს სუსტ გადაწყვეტილებებს, ეს აისახება ყველა სფეროზე, ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ არაეფექტური მმართველობა.
- სიტყვა „მთავრობა“ ზოგადია, იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში?
- რასაკვირველია, ამ ყველაფერში სამინისტროების დიდი წვლილია, მაგრამ მახინჯი სისტემა მთავრობას არ აძლევს საშუალებას, რომ იყოს ეფექტური. აქ მნიშვნელოვანია არასწორი ხედვაც.
- რატომ უნდა ჰქონოდა მთავრობას არასწორი ხედვა, ხომ იციან, რაც ქვეყანაში ხდება და რაც არის გასაკეთებელი? მით უმეტეს, კარგად ესმის საგანი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამდენი ქონება დააგროვა. კაცმა ამხელა ფინანსური იმპერია შექმნა და როგორ შეიძლება მას არასწორი ხედვა ჰქონდეს? მიზანმიმართულ სვლებს გამორიცხავთ?
- საქმე ის არის, რომ ბიზნესის მართვა და ფულის კეთება ცოტა უფრო ვიწრო საქმიანობაა, ვიდრე სახელმწიფოს მართვა, ეს უკვე გრანდიოზული ამოცანაა. შეიძლება ცალკეული მიმართულებით ადამიანები გამოცდილები იყვნენ, მაგრამ სახელმწიფოს უკვე სჭირდება სისტემურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასევე პოლიტიკური ალღო და ხედვა. ჩვენთან არ არსებობს სრული წარმოდგენა იმ პრობლემებზე, რაც დღეს გვაქვს. ქართული ეკონომიკა არ არის აწყობილი სისტემურად, შეიძლება ჩვენ დიზაინი გვქონდეს სხვანაირი, მაგრამ ის მაინც არ უნდა განსხვავდებოდეს ამერიკულისგან ან გერმანულისგან. ჩვენი ეკონომიკა დღეს გახლავთ 16-მილიარდიანი, ეს არის ერთი საშუალო ამერიკული ფირმის ბიუჯეტი, ამით ყველაფერია ნათქვამი.
ამიტომ არ მჯერა ზედმეტი საუბრების, 16-მილიარდიან ეკონომიკაში ნუ ვეძებთ პერსპექტივებს. მოდით, ანბანურ რამეს გეტყვით, ანუ რა ვერ გააკეთა ხელისუფლებამ ამ დროის განმავლობაში? ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ოლიგარქიიდან ბიზნესისკენ. თუ გნებავთ, ვახსენებ იგივე ბიზნესგაერთიანებას, სადაც კონსულტაციებს გადის მთავრობა, არის ხოლმე პომპეზური შეხვედრები, რაც მე კომკავშირულ მმართველობას მაგონებს.
- რა ბიზნესგაერთიანებას გულისხმობთ?
- ბიზნესფედერაციას ვგულისხმობ, სადაც დითირამბებს მღერიან. საქმე ის არის, რომ დიდი, მცირე და საშუალო ბიზნესი ერთმანეთისგან განუყოფელი უნდა იყოს, მთელ მსოფლიოში საშუალო ბიზნესია უფრო წამყვანი და მნიშვნელოვანი, ვიდრე დიდი ბიზნესი. 10 სამუშაო ადგილიდან8 ადგილი მცირე და საშუალოზე მოდის, ხოლო საქართველოში ასეთი ბიზნესის წილი მხოლოდ 20 პროცენტია. წინა ხელისუფლებას საერთოდ იგნორირებული ჰქონდა ეს მიმართულება, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ვერაფერი ვერ გაიაზრა იმ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უმუშევრობაა. შეუძლებელია, დაბეგვრის იმ სისტემაში, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, რამე სერიოზული გააკეთო, აქ მხოლოდ ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესები დევს და არ არის გათვალისწინებული მცირე და საშუალო ბიზნესის სპეციფიკა, ასევე, ქვეყნის სპეციფიკა.
თუ არ არსებობს სწორი ხედვა, არც გადაწყვეტილებები იქნება სწორი, არ მუშაობს საბაზრო ინსტიტუტები. შეიძლება შესანიშნავი პრემიერმინისტრი იყოს პიროვნულად, ასევე კარგი მინისტრები იყვნენ, მაგრამ მე არ მაინტერესებს მათი კარგი ბიჭობა და კარგი ადამიანობა, მე მაინტერესებს კარგი პროფესიონალიზმი, მაინტერესებს ის საბაზრო ინსტიტუტები, რაზეც დაფუძნებულია ეკონომიკა. მე მაინტერესებს, რამდენად არის ბიზნესი მთავრობის დოგმებისგან თავისუფალი, რატომ არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკა, რატომ ჰყავთ მინისტრებს ვიღაც უჩინარი ზედამხედველები, რატომ ჰყავთ ე.წ. კურატორები, რომლებიც თავად არიან დაკავშირებული თავიანთ ნათესავებთან, რატომ იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს? ახლა ჩვენ მივადექით მეორე ფუნდამენტს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მშენებლობისთვის, რატომ დარჩა ჩვენში მართვის არქაული სტილი, რომელიც დღემდე არაფორმალურ მართვაში აისახება?
არაფორმალური მართვა ეფექტური ვერასოდეს იქნება და შედეგად მივიღებთ ყოველთვის იმას, რაც უკვე მივიღეთ. ამ დროს სახელმწიფო ინსტიტუტები გადადიან არა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, არამედ ცდილობენ, მიიღონ რენტა თავიანთი თანამდებობებიდან.
- ბატონო დემურ, სანამ ადამიანები ხელისუფლებაში მოვლენ, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ყველა გენიოსია და ლაპარაკობს იმას, რაც ხალხს აწუხებს, რაც ხალხს აწყობს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ სხვანაირად „მღერიან“. ანუ გამოდის, რომ, რაც გასაკეთებელია, ვიცით, მაგრამ მერე ვითქვიფებით სისტემაში...
- დიახ, სწორედ ამაშია საქმე, სწორედ სისტემა და სოციალური ინფრასტრუქტურაა ის მახრჩობელა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. რაც შეეხება, ყველამ ყველაფერი იცის, ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემთვის ბევრი რამე გასაგები გახდა ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოში. მე მაშინვე მივხვდი, რომ ამ ხელისუფლებისგან სერიოზული არაფერი გამოვიდოდა. თუმცა ეს ხელისუფლება შეუდარებლად უკეთესია, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც, უბრალოდ, დამნაშავეთა ჯგუფი იყო და მეტი არაფერი. დღეს ნამდვილად არ გვყავს დამნაშავე ხელისუფლება, მაგრამ რა, ხელისუფლებამ თავი იმით უნდა მოიწონოს, ყაჩაღი არ ვარო? აქ უკვე პარადოქსამდე მივდივართ. კოალიციამ თავის დროზე დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა მთავრობა დანიშნა არა პროფესიონალიზმის ნიშნით, არამედ კვოტები გაინაწილეს და დაიწყეს პარტიულ-კომკავშირული მიდგომებით მართვა. კოალიციაში ყველამ ყველაფერი მიიღო თავისი ინტერესების მიხედვით, ქვეყანა კი დარჩა ღარიბი და განუვითარებელი. კიდევ გეუბნებით, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება არ არის მტარვალი და მძარცველი, მაგრამ ეს იმდენად ცოტაა, რომ ამით თავმოწონებაც კი აღარ შეიძლება.
- თუმცა ბიუჯეტიდან მაინც კარგად ხეირობენ ზოგიერთები...
- ჰოდა, თუ ამ «სახეიროსაც“ არ გამოვასწორებთ, სხვა ყველაფერთან ერთად, 2016 წელი იქნება გაცილებით რთული, ვიდრე იყო 2015 წელი და რატომ? ჯერ ერთი, არაფერი უმჯობესდება საგარეო ფაქტორების თვალსაზრისით, პირიქით, მსოფლიოში უფრო მეტი დაძაბულობაა მოსალოდნელი და მეორეც – ყველაფერი დამოკიდებული იქნება საშინაო პოლიტიკაზე, რამდენად ეფექტურად შეძლებს მთავრობა, გაატაროს რადიკალური სისტემური ცვლილებები. შეიძლება წერტილოვანი ღონისძიებებით ჩვენ რაღაც მაჩვენებლები გვქონდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც არაეფექტური იქნება. იცით, რა მაჩვენებლებს ვიღებთ 2016 წელს ლარის დევალვაციის გამო? მთლიან შიდა პროდუქტს, რომელიც 2 მილიარდი დოლარით ნაკლები იქნება, ვიდრე იყო 2015 წელს. ესე იგი, ჩვენი ეკონომიკის 16-მილიარდიანი მმოცულობა შემცირდება 14 მილიარდამდე. ამ დროს უნდა გვქონდეს 3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ლარში გამოხატული. იცით, ეს რა პარადოქსული სიტუაციაა?
- ანუ ეს მოასწავებს არნახულ ინფლაციას?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა უფრო შეიკუმშა, ეკონომიკა შემცირდა, სადაც რაიმე სერიოზული პრობლემების გადაწყვეტა უკვე შეუძლებელია, ჩვენ ვდგავართ უმძიმესი მდგომარეობის წინაშე, ერთ წელიწადში 2 მილიარდი დოლარით შემცირება კატასტროფაა. ჩვენ გვეუბნებიან, ეკონომიკა იზრდებაო, როგორ იზრდება, როცა ფული მცირდება? არა, ლარში იზრდებაო. ჰოდა, შეუძლიათ, ეს ლარი გააკრან საკუთარ სახლებში გამოსაჩენ ადგილზე, ან ჩარჩოში ჩასვან და კედელზე დაკიდონ! უნდა გაკეთდეს ელემენტარული რამ: ჩვენი ქვეყანა ჩამოკიდებულია იმპორტზე, ჩვენს სამყოფ საჭმელსაც კი არ ვაწარმოებთ. ეს არის მოშლილი სისტემა, სადაც საკუთარი რესურსების გამოყენება-განვითარებაზე არავინ ფიქრობს, ჩვენ ქვეყანა ჩამოვკიდეთ მტარვალ იმპორტიორებს და ხელისუფლება ეთათბირება ამ იმპორტიორებს, რომლებსაც თავიანთი მოგების გარდა, არაფერი არ აინტერესებთ.
ადგილობრივი წარმოების განვითარება ნიშნავს მათი ბიზნესების სიკვდილს. ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობა, გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობები, არ გვაქვს პოლიტიკა და ნება, ასევე ხელმიუწვდომელია ფინანსები. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ვის ვატყუებთ, საკუთარ თავს? სად წავიდა 800 მილიონი ლარი, რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩაიდო? სად არის სხვა პროგრამები, რას იძლევა ეს ყველაფერი? რას იძლევა და 2 მილიარდით შემცირებულ ეკონომიკას, აბა, მითხარით, ეს სწორია? მეც შემიძლია, დღეს მთავრობის წევრებს დითირამბები ვუმღერო და ვუთხრა, რომ 2015 წელი წარმატებულად ჩაამთავრეს, მაგრამ ეს ნორმალური იქნება? პირიქით, მათ გავუწევ დათვურ სამსახურს.
რაც მთავარია, რა იქნება საბოლოო შედეგი? არაფერი, ეს იქნება საკუთარი თავის მასხრად აგდება.