„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნა მოსალოდნელი არ არის“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალია“ // „დავით უსუფაშვილის პარტიაში თინა ხიდაშელის ადგილი არ იქნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ტალღებად მონათლული სასამართლოს რეფორმიდან შხეფებიც კი არ დარჩა”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისიასთან: „დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, რუსეთს სანქციები მოუხსნას“
——
„არსენალი“: ავღანეთი მაშინ და ახლა: ქართველი ჯარისკაცების შთაბეჭდილებები
„არსენალი“: არმია ოპტიმიზაციის რთული პროცესის მოლოდინში //
თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები 3 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურით შემცირდება
———————–
„ახალი თაობა“, 04 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნა მოსალოდნელი არ არის“
„ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
- ბატონო თორნიკე, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაასწროს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვადაზე ადრე გადადგეს, რაზეც პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს. რას ფიქრობთ თქვენ?
- ვინ პროგნოზირებს პრეზიდენტის გადადგომას?
- დავით უსუფაშვილი...
- მე არ მესმის, რატომ უნდა გადადგეს გიორგი მარგველაშვილი? ის საკმაოდ აქტიურად მუშაობს. რა უფლებამოსილებაც დაუტოვეს, იმ ფარგლებში მუშაობს. მისი გადადგომა იქნება უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, ნებისმიერი მოტივით.
- ამბობენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად შევიწროება მიმდინარეობს. ასეა?
- ყველა ხელისუფლება საქართველოში ცდილობს, თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ყველა ინსტიტუტი. პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია ამ ეტაპზე. მისი მხრიდან გადადგომა ამ ეტაპზე არასწორი ნაბიჯი იქნება.
- რას ელოდებით 2017-ში? რამდენად გააქტიურდებიან ოპოზიციური ძალები? ამბობენ, რომ დავით უსუფაშვილი საკმაოდ გააქტიურდება. ელოდებით ახალ პოლიტიკურ ცენტრებს, კოალიციებს?
- არანაირ ალიანსს არ ველოდები. მარტივი მიზეზის გამო, დღეს პოლიტიკური პარტიები ძალიან სუსტია. ეს გამოაჩინა ბოლო არჩევნებმა. პოლიტიკური პარტიები ვერ დალაგდნენ. არავინ იცის, ვინ ვისთან გაერთიანდება და მეორეც – ფული, პრაქტიკულად, არავის აქვს. დღეს ფული აქვს მხოლოდ ორ ძალას, ბიძინა ივანიშვილსა და ნაცმოძრაობას.
- ანუ?
- ანუ ის, რომ ოპოზიციის გამოჩენა ძალიან რთული იქნება. თუ გამოჩნდება ახალი ოპოზიციური ძალა, ჩვენ მათ კითხვა უნდა დავუსვათ – ვისი ფულით ფინანსდება?!
- თქვენ ფიქრობთ, რომ თუ გამოჩნდა ახალი ოპოზიციური გაერთიანება ან ახალი ცენტრი, მას რომელიმე ეს ძალა დააფინანსებს?
- უფრო ბიძინა ივანიშვილი, რადგან დღეს ნაცმოძრაობას იმდენი ფული არა აქვს, რომ სხვა პარტიები არჩინოს.
- გამოდის, ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია გვეყოლება?
- ამის ძალიან დიდი შანსი არსებობს.
- მინიშნებები ამაზეც ადრეც კეთდებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავადვე შექმნის ოპოზიციურ ძალას. იკვეთება ამის ნიშნები? რადგან დავით უსუფაშვილზე ვსაუბრობდით, უშვებთ იმას, რომ ის იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ახალი ოპოზიციური ცენტრის ლიდერი?
- გამორიცხული არაფერია. რატომაც არა. დავით უსუფაშვილმა დიდხანს იმუშავა ბიძინა ივანიშვილთან, მათ შორის პირადი კონფლიქტი არ მომხდარა და უსუფაშვილმა საკუთარი პარტიაც დატოვა. მეტი რა უნდა გაეკეთებინა, საინტერესოა!
- ანუ ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს იწვევს?
- რასაკვირველია. ამდენი ხანი იყო პარტიაში, არც სხვა დროს მიუღწევია ამ პარტიას დიდი წარმატებისთვის და მაინცდამაინც ახლა რატომ დატოვა!
- ანუ ის მესამე ოპოზიციური ცენტრი, ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ასე ელოდება საზოგადოება, შესაძლოა, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ იყოს დაფინანსებული?
- დიახ. ჩვენ უნდა ავდგეთ და ძალიან მარტივად ვკითხოთ ასეთ ძალას: საიდან მოდის ფული?! ამ ქვეყანაში ბიზნესმენებს იმდენი ფული არ აქვთ, რომ პარტიები დააფინანსონ. პლუს, ჩვენთან არის ისეთი მოდელი, რომ ბიზნესმენები ერიდებიან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკაში ჩარევას. პოსტსაბჭოური მოდელია.
- ექსპერტების შეფასებით, `ოცნებამ~ კონსტიტუცია იღლიაში ამოიდო. თქვენ ხედავთ ამის ნიშნებს?
- ამ კუთხით ფონი კიდევ უფრო დაიძაბება. საზოგადოების აქტიური ნაწილი კარგად ხვდება, რომ არ შეიძლება, მეორედ მოხდეს იგივე, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს ცუდია როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე, რაც ყველზე მნიშვნელოვანია, ცუდია სახელმწიფოსთვის. ასე რომ, აუცილებელია მოხდეს საზოგადოების მობილიზება. საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ასე მარტივად გადაწყდეს ეს საკითხი, რომ დღეს ვიღაცამ მოინდომოს და კონსტიტუცია შეცვალოს.
- რას იტყვით პრეზიდენტის არჩევის წესზე?
- იგივე ხდება აქაც. თუ პარლამენტმა აირჩია პრეზიდენტი, გასაგებია, რომ პარლამენტში უმრავლესობა „ქართული ოცნებაა“ და ისინი აირჩევენ თავიანთ აქტივისტს. აქაც ჩნდება კითხვა – რატომ უნდა აკონტროლოს მთელი ქვეყანა, ყველა ინსტიტუტი ერთმა პოლიტიკურმა ძალამ?! ეს კითხვა ხომ ლოგიკურია, მით უმეტეს, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში ხმების ნახევარი მიიღო. ჩნდება კითხვა: რამდენად ლეგიტიმური იქნება შემდგომ ეს ყველაფერი?!
- უკანონო ცვლილებები ხორციელდება?
- არა, ყველაფერი კანონის ფარგლებში კეთდება, მაგრამ მეორეა, რამდენად ლეგიტიმურია ეს ყველაფერი! რამდენად ჩათვლის ამას ხალხი სამართლიანად! საზოგადოება ამ კითხვას თუ უსვამს თავის თავს, კარგი იქნება.
- ანუ ყველაფერი საზოგადოების აქტივობაზე იქნება დამოკიდებული?
- რეალურად სხვა შემკავებელი ძალა არ არსებობს. პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. საზოგადოებამ უნდა დაარწმუნოს „ქართული ოცნების“ ლიდერი, რომ, პირველ რიგში, ეს მათთვის არ იქნება კარგი და მეორეც – სახელმწიფოსთვის, ხოლო სხვა მათი შემკავებელი ძალა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, არ არსებობს.
- „ნაცმოძრაობა“?
- „ნაცმოძრაობა“ ჯერჯერობით რჩება ძალად, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას ბევრი შეეწინააღმდეგება. ამ პარტიას წარმატების შანსი ჯერ კიდევ არ აქვს, მით უმეტეს, რომ შესაძლოა, საერთოდ დაიშალოს. ჩვენ ამ პროცესს ვხედავთ. სხვა ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს. ასე რომ, ვინ დარჩა? დარჩა საზოგადოების აქტიური ნაწილი.
- რამდენად შეძლებს ეს აქტიური ნაწილი ბრძოლას? ან რა გამოუვა? არის ეს მუხტი, მზად არის საზოგადოება ამისთვის?
- სიმართლე გითხრათ, ეს მუხტი ჯერჯერობით არ იკვეთება. საზოგადოება, როგორც ჩანს, ბოლო ოთხი წელია, მიძინებულია. ეს განაპირობა იმან, რომ `ქართულ ოცნებას~ განსაკუთრებულად არაფერი გაუფუჭებია, სერიოზული მტრები არ გამოსჩენია, არ ჩაუდენია ისეთი შეცდომები, როგორებიც ჩაიდინა ნაცმოძრაობამ, ვგულისხმობ ძალაუფლების გადამეტებას, კერძო საკუთრების წართმევას, წამებას ციხეებში და ასე შემდეგ. ამიტომ საზოგადოებაც მიძინებული და პასიურია.
- წინ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ამ დროისათვის დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ „ქართული ოცნება“ ახალი შვილობილით ჩაანაცვლოს?
- ჯერჯერობით შვილობილის გამოჩენა არ სჭირდება. ისევ და ისევ, თუ პოლიტიკური პარტია გაჩნდება საქართველოში, ჩვენ ლოგიკური შეკითხვა უნდა დავსვათ – საიდან ფინანსდება?! ეს არის სრულიად ლოგიკური და სამართლიანი კითხვა, რომლის დასმასაც ვერავინ აგვიკრძალავს.
- რამდენად გვეტყვიან სიმართლეს, საინტერესოა...
- ეგ სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებს, გვაქვს ეჭვის საფუძველი და ამ კითხვის დასმის უფლება.
- საუბრისას „ნაციონალური მოძრაობა“ ახსენეთ. რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ამ პარტიაში?
- პროცესი აშკარად მიდის პარტიის გახლეჩისკენ, რომელიც აღარ გაჩერდება. როგორც ჩანს, მხარეები ძალიან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს გარედან მშვენივრად ჩანს, იმავე სოციალური ქსელებიდან. როგორც ჩანს, ეს პარტია გაყოფას ვერ ასცდება, რაც მათთვის ტრაგიკომიკური იქნება.
- ამით დაასრულებს „ნაცმოძრაობა“ მოღვაწეობას?
- შეიძლება, არ დაასრულოს, მაგრამ ძალიან დიდ ზიანს მიიღებს.
- ვისი ფრთა აჯობებს, სააკაშვილისა თუ ბოკერიასი?
- ყრილობაზე, წესით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა აჯობოს, რადგან მან გაიტანა თავისი პროექტი ყრილობისთვის. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ დარჩება.
„ახალი თაობა“, 04 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალია“ // „ჯონ მაკეინი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული „ნაციონალების“ „მისაჩუხანებლად“ ჩამოვიდა“ // „დავით უსუფაშვილის პარტიაში თინა ხიდაშელის ადგილი არ იქნება“
ვისი მითითებით ქმნის დავით უსუფაშვილი ახალ პარტიას, რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სენატორი მაკეინი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
- ჩვენში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში ამერიკელ სენატორ მაკეინის ჩამოსვლამ. ამ პიროვნებაზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ ის პირველ იანვარს საქართველოში შემთხვევით არ ჩამოვიდოდა. მას აქ ჩამოსვლა რამდენიმე დღის შემდეგაც შეეძლო, მაგრამ მაშინ მისი ვიზიტი დაგვიანებული იქნებოდა. აშკარაა, რომ ამ ადამიანს რაღაც ეჩქარებოდა. ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, რომ ეს ადამიანი ახალგაზრდა მეცნიერებს შეხვდა და საოკუპაციო ზოლთან მივიდა. ეს ყველაფერი არის ფარსი – მისი ვიზიტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას უკავშირდება. დღეის მონაცემებით, ნაცები გაყოფილები არიან და ერთმანეთს ლანძღავენ, 20 იანვრის შემდეგ კი ეს დაპირისპირება, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს. არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე მაკეინი სააკაშვილთან ჩავიდა უკრაინაში.
- თქვენი აზრით, „ნაცმოძრაობა“ იმდენად მნიშვნელოვანია მაკეინისთვის, რომ ის ამერიკიდან საქართველოში ახალი წლის დღეებში ჩამოვიდა?
- „ნაციონალური მოძრაობა“ აგრესიული ამერიკელი რესპუბლიკელების პროექტია. ამ ქორების ერთ-ერთი ლიდერი თავად მაკეინია. აგრესიული რესპუბლიკელების მთავარ მიზანს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის არევა წარმოადგენდა და არიეს კიდევაც ყველაფერი. ისინი არიან ფერადი რევოლუციების შემქმნელები. ეს ქორები ძალიან ჰგვანან რუს გენერლებს – ომის დროს დიდ ფულს შოულობენ. ფულიანი და გავლენიანი ნაცმოძრაობის გაყიდვა არ აწყობთ.
- გაყიდვაში რას გულისხმობთ?
- რას და გაპარტახებული „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან იაფად იყიდა. ეს ამბავი ჩემი მოგონილი არ არის. ამაზე თავად ნაცმოძრაობის წევრები საუბრობენ. ნაყიდები რომ არიან, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სააკაშვილმა პარტიის ნაწილზე კონტროლი დაკარგა. სკაიპითა და სატელევიზიო მიმართვებით მან არაერთხელ ცადა თანაპარტიელების შემორიგება, მაგრამ ნაცმოძრაობის გაერთიანება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ნაპრეზიდენტალი იძულებული გახდა, მაკეინისთვის დაერეკა და დახმარება მისთვის ეთხოვა. როგორც უკვე გითხარით, ეს პარტია მისი პროექტია და, გაიგო თუ არა პრობლემების შესახებ, ახალი წლის დღეებში საქართველოსკენ დააწვა.
უკრაინიდან ჩამოსული მაკეინი აქ მყოფ ნაციონალებსაც შეხვდა და, სავარაუდოდ, დაალაგა კიდევაც სიტუაცია. როგორც პატარა ბავშვებს აუწევენ ხოლმე ყურებს, ასე აუწია მან ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებს ყურები. ისინი, ფაქტობრივად, მიაჩუხანა. ამ დღეებში დავინახავთ, რომ ნაცმოძრაობის წევრები სულ სხვა ხმაზე აჭიკჭიკდებიან. არც გაყოფა მოხდება და სააკაშვილიც შეინარჩუნებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს. აქამდე ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ივანიშვილს უნდოდა. ახლა ასე აღარ იქნება. ნაციონალებთან დაკავშირებით მისი გეგმა, ფაქტობრივად, ჩავარდა.
- ამას ასე იოლად შეხვდება ბიძინა ივანიშვილი? ზემოთ თქვით, რომ მან ერთი ხელის მოსმით იყიდა ეს პარტია...
- რა უნდა გააკეთოს? გვინდა თუ არა, მაკეინი სენატორია და ის მთელ მსოფლიოში დიდი გავლენით სარგებლობს. არჩევნების წინ ნაციონალებს ჰქონდათ ძალიან სერიოზული გეგმა. ისინი პარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ. ასეთი გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, პარლამენტი ლეგიტიმაციას დაკარგავდა. ყოფილი ხელისუფლების მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ჩამოშლა იყო. იმის მაგივრად, რომ ამ გზას დასდგომოდნენ, პარლამენტში შევიდნენ. აშკარაა, საქმე რაღაც სხვა მოვლენასთან გვაქვს. ამ პროცესებმა გამოაჩინა ისიც, რომ გიგა ბოკერია რუხი კარდინალი კი არა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც, სააკაშვილისგან განსხვავებით, `ქართული ოცნების~ ოპოზიციას ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ბოკერიამ და მისმა ფრთამ ივანიშვილის თამაში ითამაშეს.
ამ თამაშს აქამდე ბიძინა ივანიშვილი იგებდა, მაგრამ ეს ვიღაცების ინტერესებში არ შედის და ამიტომაც ჩამოვიდა ჯონ მაკეინი საქართველოში. მისი ვიზიტის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება. არც ის არის შემთხვევითი, რომ ბოლო პერიოდში პარტიები ერთმანეთის მიყოლებით დაიშალნენ. პოლიტიკურ ბაზარზე ახალი მოთამაშეები უნდა შემოვიდნენ. ნაციონალებისა არ იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დრო უკვე მოჭამა.
- 4 წელიწადში მოჭამა თავისი დრო?
- მოჭამა და თან სერიოზულად. ამ პარტიას ბიძინა ივანიშვილი რომ ჩამოვაშოროთ, კაციშვილი არ მისცემს მაგათ ხმას. მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ბევრი ივანიშვილს კი არა, მის მილიარდებს აძლევს ხმას. მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ის მილიარდერია და ხალხის ფულს არ მიითვისებს. ჩვენი მოსახლეობა დარწმუნებულია იმაშიც, რომ მისი ფულები გუგლსა და კარფურშია ჩადებული. მეც მჯერა, რომ ის ჩვენს ფულს არ მოიპარავს, მაგრამ მას ჰყავს ნათესავები, რომლებიც ძალიან კარგადაც აკეთებენ ფულს და მთელ საქართველოს მოასხდნენ. იმდენი მოახერხეს, რომ ძალიან მოკლე ხანში ხალხს თავი შეაძულეს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ პარტია სოროსის ბარტყებით გაავსეს. ეს სოროსი და მისი ბარტყები კი უკვე ამერიკასაც აღარ უნდა. ამიტომაც ვამბობ, რომ `ქართულმა ოცნებამ~ თავისი დრო მოჭამა.
ჯორჯ სოროსის მითითებით აქამდე მიდიოდა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის გინება. ამერიკის ახალ ხელმძღვანელობას კი მოსკოვთან სხვა ურთიერთობა სურს. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონი შეეცდება, საქართველოში ისეთი პოლიტიკოსები მოიყვანოს, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერენ. ჩემი აზრით, სწორედ ამას უკავშირდება დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში შემობრუნება. პარტია, რომელსაც ის ჩაუდგება სათავეში, არც პრორუსული იქნება და არც პროამერიკული.
- დარწმუნებული ხართ, რომ დავით უსუფაშვილი ისეთ პარტიას შექმნის, რომელიც პროამერიკული არ იქნება?
- თინა ხიდაშელზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ დავით უსუფაშვილი ნამდვილად გახდება ასეთი ძალის ლიდერი. ის ისეთ პარტიას გააკეთებს, სადაც თინა ხიდაშელის ადგილი არ იქნება. მინდა, თქვენს მკითხველს შევახსენო, თუ ვინ იყო დათო უსუფაშვილი 2008 წლამდე. 2008 წლამდე ის წელიწადში 7-ჯერ მაინც ჩადიოდა მოსკოვში. მას იქ ბევრი მეგობარი ჰყავს და სპონსორებსაც პოულობდა. რამდენიმე წლის წინ რუსეთის თემაზე მან და სოზარ სუბარმა კავკასიის პირდაპირ ეთერში სერიოზულად იჩხუბეს. დავით უსუფაშვილისგან არასდროს მახსოვს, რუსეთზე შეურაცხმყოფელ ტონალობაში ესაუბრა.
- დავით უსუფაშვილს ასეთი ტონი არავის მიმართ არ ჰქონია.
- სხვებისგან განსხვავებით, ის დადებითი პერსონაა. თავისი ცოლი და ძმები ბერძენიშვილები რომ არა, მას დეპუტატად კიდევ აირჩევდნენ, მაგრამ თინა ხიდაშელმა და ძმებმა შეაზიზღეს ხალხს რესპუბლიკელები. საჭიროების შემთხვევაში მის გაერთიანებას გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდება.
- გიორგი მარგველაშვილიც არ არის ანტირუსულად განწყობილი?
- მინდა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებიც გაგახსენოთ. 2010 წელს მან კავკასიის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, ჩვენ რუსეთის ორბიტაზე უნდა ვიტრიალოთო. დამერწმუნეთ, ისინი ძალიან მარტივად გამონახავენ საერთო ენას. დღეს ამერიკას საქართველოში ისეთი დასაყრდენი უნდა, რომელიც რუსეთის ლანძღვა-გინებას არ დაიწყებს, მაგრამ არც მოსკოვის ინტერესების გამტარებელი არ იქნება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, პოლიტიკურ ბაზარზე ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდება. ამის გარდა, საქართველოში პრორუსული პარტიების გაძლიერებაც მოხდება. ეს პარტიები მკვეთრად პრორუსულები იქნებიან, მაგრამ ამერიკის ლანძღვას არ დაიწყებენ. ამერიკისა არ იყოს, მოსკოვსაც ნეიტრალური პოლიტიკოსები სჭირდება დასაყრდენად.
- პრორუსული ძალები ვის გარშემო გაერთიანდებიან?
- არა მგონია, ეს ნინო ბურჯანაძე იყოს. მას აღარ აქვს ისეთი დიდი პოლიტიკური წონა, როგორიც 2011 წელს. მას თავის პარტიაშიც სერიოზული პრობლემები აქვს. ეს გაერთიანება არც პატრიოტთა ალიანსის გარშემო მოხდება. ჩვენ რატომღაც პრორუსულ ძალად ვითვლებით, მაგრამ ეს სისულელეა – პატრიოტთა ალიანსი პროევროპული პარტიაა.
- ზემოთ თქვენ ახალი მოთამაშეების გამოჩენაზე ისაუბრეთ. საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდება, რომ პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილიც დაბრუნდება. ამაზე გასულ წელს თქვენც საუბრობდით. ახლა რას ფიქრობთ?
- ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალია. „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ამბები მიდის, რომ ამ ძალას მხოლოდ ღარიბაშვილი გადაარჩენს. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის კარგი სათადარიგო მოთამაშეა. კარგი სათადარიგო მოთამაშეები კი მაშინ გამოჰყავთ, როცა გუნდს ძალიან უჭირს. „ქართულ ოცნებაში“ კი ძალიან მძიმედ არის საქმე.
- რით გამოიხატება ეს სიმძიმე?
- რაში და ერთმანეთს ჭამენ. თებერვლის ბოლოს ეს პროცესი უკვე ღია გახდება. ახლა რაღაცნაირად თავს იკავებენ. პროცესის სირთულეზე პარტიაში ფრაქციების შექმნის პროცესიც მეტყველებს. ფრაქციის შექმნა უნდოდა კახა ოქრიაშვილს, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყეს. მას ახვლედიანები ქუთაისში აფთიაქების წართმევას ედავებიან. „ქართულ ოცნებას“ რომ სამართლიანობის აღდგენა არ აინტერესებს, ყველამ ვიცით. საინტერესოა, რატომ დაინტერესდა ახვლედიანების საქმით? აშკარად რაღაცაშია საქმე. თავისი თანაგუნდელის წინააღმდეგ საქმეს არავინ აღძრავდა. დარწმუნებული ვარ, არც ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე, მაგრამ ოქრიაშვილს გააჩერებენ.
- რას აპირებდა ოქრიაშვილი ამისთანას, რომ მისი გაჩერება გახდა საჭირო?
- რაღაცას აპირებდა. მის მიერ ფრაქციის შექმნა ვიღაცას არ აწყობს. დიდად არც ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა გახარებიათ, მაგრამ მას ვერაფერს უხერხებენ. მის წინააღმდეგ კომპრომატები არ აქვთ და ესეც ხან მინისტრებს მიახტება, ხან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ამით ის სერიოზულ ქულებს იწერს. თავის სათქმელს მალე იტყვის. თებერვლის ბოლოდან „ქართულ ოცნებაში“ დიდი დაჭმა დაიწყება და მისი გადარჩენა მხოლოდ ღარიბაშვილის დაბრუნებით იქნება შესაძლებელი.
„ახალი თაობა“, 04 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ტალღებად მონათლული სასამართლოს რეფორმიდან შხეფებიც კი არ დარჩა”
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სასამართლო სისტემის მესამე ტალღაზე საუბრობს.
- ბატონო შალვა, სასამართლო სისტემის ე.წ. მესამე ტალღა დაამტკიცა პარლამენტმა. რა ხელშესახებ ცვლილებას მიიღებს სისტემა რეფორმის მესამე ტალღისგან?
- სასამართლო სისტემა რეფორმირებას რომ საჭიროებს, ამაზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ ამ კანონპროექტით ისეთ მნიშვნელოვან დებულებებზე ითქვა უარი, რომელიც აუცილებელი იყო სისტემის გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, უარი ითქვა სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობაზე. ისევ იუსტიციის საბჭო ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარეებს. ასევე, იუსტიციის საბჭოს წევრობის უფლება ეძლევათ მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს 10-წლიანი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს. ახალ მოსამართლეებს ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი კეთდება ძველ მოსამართლეთა კორპუსზე და არა ახლებზე. რაც შეეხება საქმეთა ელექტრონულ, შემთხვევითი განაწილების პრინციპს, მნიშვნელოვანია, მაგრამ ის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
- რატომ?
- თავად კანონით არ არის განსაზღვრული, თუ როგორი მექანიზმით იქნება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება. იუსტიციის სამინისტროს ევალება, შექმნას სამუშაო ჯგუფი სპეციალისტების ჩართულობით, რომლებიც შექმნიან ელექტრონულ პროგრამას, რაც უნდა დაამტკიცოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მაგრამ პარლამენტმა წინასწარ კანონად გამოაცხადა ის, რაც არ ვიცით, საბოლოოდ თუ რა სახეს მიიღებს.
- ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც გამოყოფდით, თუ რა გზით უნდა წავიდეს სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღა?
- მეც მქონდა პატივი, რომ თავის დროზე აღნიშნულ კანონპროექტზე მემუშავა. ჩვენ არ გვინდოდა იმ გზით წასვლა, რა გზითაც განახორციელა სასამართლო რეფორმა წინა ხელისუფლებამ. წინა ხელისუფლებამ მოსამართლეები სასამართლოდან გაყარა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ახალი კორპუსი მიიღო. ეს არ გვინდოდა ნამდვილად, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ თანაბარი პირობები შეგვექმნა, აუცილებელი იყო სწორედ ამ გზით წასვლა ყველა მოსამართლისთვის ხელახლა თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში. ეს იქნებოდა ახლი თუ ძველი მოსამართლე, რომელსაც ვადა გაუვიდოდა, მაგრამ ვადის გასვლამდე მათ, რა თქმა უნდა, არ უნდა შევხებოდით. ამიტომ საჭირო იყო ახალი კრიტერიუმების მკაფიო, ნათელი, ეფექტური კრიტერიუმების შემოღება, რომლითაც მოსამართლეები შეფასდებოდნენ იმ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც შემოღებული იქნა. პირადად მე გახლდით იმ კანონპროექტის ავტორი, რომელიც მოსამართლეების სამწლიან გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებს.
- გამოსაცდელ სამწლიან ვადას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თავის დროზე...
- ეს იყო ერთადერთი სწორი გზა. სწორედ ამ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ქვეშ უნდა მოქცეულიყო ყველა მოსამართლეობის მსურველი. აქ საუბარია ძველ მოსამართლეებზეც, რომელთაც ვადა გაუვიდათ და ახალ მოსამართლეებზეც, რომელთაც უნდათ უვადოდ გამწესება. ყველას ერთნაირი ახალი კრიტერიუმებით უნდა გაევლოთ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო მათი მოსამართლედ დანიშვნის საკითხი. ამ თანასწორ პირობებს ვთავზობდი. რასაკვირველია, კრიტერიუმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო მოსამართლეთა მიერ განხორციელებული პროფესიული უფლებამოისლება, ანუ მათი საქმეების გადაწყვეტილების რა პროცენტი იქნა შენარჩუნებული საბოლოო ინსტანციაში, ე.ი. საკასაციო კონტროლს დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ამიტომ საჭირო იყო საკასაციო სასამართლოში მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ახალი მოსამართლეების მიღება სერიოზული ოდენობით, რათა საკასაციო კონტროლის განხორციელება შესაძლებელი გამხდარიყო. არსებული 14 მოსამართლე არსებულ საკასაციო განხილვებს უბრალოდ ვერ აუვიდოდა. წინა ხელისუფლების დროს ფაქტიურად საკასაციო სასამართლო აღარ ფუნქციონირებდა, ამიტომაც იყო 14 მოსამართლე მხოლოდ დარჩენილი. მაშინ სარჩელთა 90 % დაუშვებლად იყო გამოცხადებული და არც კი განიხილებოდა. ამიტომ თავდაპირველ ვარიანტში უზენაეს სასამართლოს წევრთა რაოდენობის გაორმაგება გვქონდა შეთავაზებული. ეს აუცილებელია, რადგან საჭიროა განხორციელდეს ეფექტური საკასაციო კონტროლი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე.
- ბატონო შალვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა არ იზრდება?
- მხოლოდ ორი მოსამართლით, 14 მოსამართლის ნაცვლად 16 გვეყოლება. თუ რატომ, ამას მხოლოდ ერთადერთი ცუდი ახსნა აქვს: პრეზიდენტის მიერ ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ინიცირება. წარმოიდგინეთ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული 14 მოსამართლის ჩაგდება პარლამენტში, ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებდა „ქართულ ოცნებას“, ორ მოსამართლეს უფრო მარტივად ჩააგდებს, ეს ისე არ ყვირის. ამდენად, ტალღებად მონათლული რეფორმიდან, სამწუხაროდ, შხეფებიც კი არ დარჩა. თავიდან, მართლაც ვფიქრობდით, რომ რბილად, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მართლაც ტალღებად განგვეხორციელებინა სასამართლო სისტემის ესოდენ საჭირო რეფორმა.
- თუ ასეა, რა მოხდა?
- ეს რეფორმა მართლაც უზრუნველყოფდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საჭირო „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ მივიღეთ შეფარვით შენარჩუნება ისევ მართვადი სასამართლოსი.
„ახალი თაობა“, 04 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისიასთან: „დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, რუსეთს სანქციები მოუხსნას“
როგორი იყო გასული წელი მსოფლიოსთვის და რას ემსახურებოდა ამერიკული დელეგაციის (მაკეინის) ვიზიტი საქართველოში. ამ და სხვა საკითხებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ აანალიზებს.
- ბატონო ვახტანგ, როგორი იყო 2016 წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის?
- 2016 წელი მსოფლიოსთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ სერიოზული კონფლიქტები სირიაში, უკრაინაში და საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, გამოიკვეთა ახალი ცივი ომის პარამეტრები, ჩატარდა ამერიკისთვისაც უჩვეულო არჩევნები, რომელმაც შეიძლება, ძირფესვიანად შეცვალოს ურთიერთობები. ეს ყველაფერი ქმნის დაძაბულ ფონს 2017 წლისთვის.
- რა კუთხით შეიძლება შეცვალოს ურთიერთობები?
- ეს გამოჩნდება. რუსეთშიც და ამერიკაში, შიგნითაც დაძაბული სიტუაციაა. სკანდალი, რომელიც ეხება რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებას, რომელმაც გავლენა მოახდინა ამერიკის პრეზიდენტის არჩევაზე და ჰაკერული შეტევების შედეგად ტრამპის გამარჯვებას ხელი შეუწყო, საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკაში მზადდება პოლიტიკური გადატრიალება, რაც უცხო ხილია ამერიკისთვის. გადატრიალებები ევროპისთვის შეიძლება არ იყოს უჩვეულო, მაგრამ ამერიკისთვის უჩვეულო სიტუაციაა.
- ანუ, თუ დამტკიცდება, რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევაზე რუსეთმა გავლენა მოახდინა…
- ტრამპის ლეგიტიმურობა, უფლებამოსილება ეჭვის ქვეშ დადგება. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს პოლიტიკურ გადატრიალებას. 6 იანვარი არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ამ დღეს კონგრესმა უნდა დაამტკიცოს არჩევნების შედეგები. 20 იანვარს კი ინაუგურაციაა. ვნახოთ, რა მოხდება. ამ ეტაპზეც მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა, სტამბოლში მოხდა სასტიკი ტერაქტი. 40 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია. თავდასხმა დისკოთეკაზე მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახალიფომ აიღო.
- იმ პროცესებიდან, რომლებიც 2016 წელს მიმდინარეობდა (ვთქვათ, სირიაში და სხვაგან, რუსეთის როლის გათვალისწინებით ამერიკის არჩევნებში), რუსეთი გაძლიერებული გამოვიდა?
- დიახ, ეს ბარაკ ობამამაც აღიარა, თქვა, რუსეთი უკვე არის სახელმწიფოო. რუსეთი გადაიქცევა გავლენის ცენტრად.
(…)
- რას შეიძლება ემსახურებოდეს ამერიკელი კონგრესმენების ტურნე ბალტიისპირეთში, უკრაინასა და საქართველოში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ?
- ჯონ მაკეინი და მისი გუნდი იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში (ესტონეთში, უკრაინასა და საქართველოში), რომელთა მიმართ რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს. არ ვიცი, ჯონ მაკეინისა და მისი ჯგუფის ვიზიტი შეთანხმებული იყო დონალდ ტრამპთან თუ არა. როგორც ვიცი, ჯონ მაკეინი დაპირისპირებულია დონალდ ტრამპთან და მის მოსაზრებებს არ იზიარებს. ეს არის ნეოკონსერვატორების ჯგუფი, რომელიც ავითარებს იმ იდეებს, რომლებსაც ახლა ბარაკ ობამა ახორციელებს.
- დელეგაციაში ორივე მთავარი პარტიის წარმომადგენლები რომ შედიოდნენ?
- ჯონ მაკეინთან ერთად იმყოფებოდნენ ისინი, ვინც დონალდ ტრამპის იდეებს არ იზიარებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მესიჯებს მოიცავდა მათი ვიზიტი. როგორც ჩანს, ჯონ მაკეინის ჯგუფს აინტერესებდა ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. ჯონ მაკეინის ვიზიტი იმასაც ნიშნავდა, რომ ამერიკა არ მიატოვებს საქართველოს, უკრაინასა და ესტონეთს.
————————-
„არსენალი“, №1, იანვარი, 2017 წელი
ავღანეთი მაშინ და ახლა: ქართველი ჯარისკაცების შთაბეჭდილებები
(შემოკლებით)
„ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო დანაყოფი 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში პარტნიორთა თხოვნით საქართველოს ხელისუფლებამ კონტინგენტი რამდენჯერმე გაზარდა… საქართველომ თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის პირველად 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით მსახურობდა გერმანული სარდლობის მეთაურობით, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 2009 წლის ნოემბრიდან ქართული კონტინგენტის 173 სამხედრო მოსამსახურე ქაბულში ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებით თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მომდევნო წლებში კი ავღანეთში ქართველი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა… ჩვენ დავინტერესდით, როგორი იყო ვითარება 2009 წელს და რა ხდება ახლა. ჩვენი რესპონდენტი, 36 წლის გიორგი, მეოთხე მისიაზეა“.
„2009 წლის ნოემბერში ქაბულში ჩავედით. დღისით ისე არაადამიანურად ცხელოდა, სათვალის გარეშე თვალები ვერ გავახილე. ბიჭებს გადავხედე, ყველას ინტერესი ეტყობოდა სახეზე, რადგან პირველად ვიყავით ავღანეთში. ეს იყო უკიდეგანოდ გადაჭიმული ქვიშიანი ადგილი, ქვიშას ბუღი ასდიოდა. რამდენიმე ხანს ადაპტაციას მოვუნდით. მაშინ საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში, ჩვენ ფრანგულ სარდლობას ვექვემდებარებოდით. იმ დღეს ფუნქციები აგვიხსნეს. ფრანგი სამხედროები ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებული. ჯარისკაცის დილა აქაც 6 საათზე იწყებოდა. ისეთი კერძები იყო, რომ რამდენიმე ბიჭი, მათ შორის მეც, ვერ მივხვდით, როგორ უნდა გვეჭამა. თარჯიმანმა ყველას აგვიხსნა, რა იყო და როგორ იჭმებოდა. ერთი სიტყვით, კარგად ვიხალისეთ. ფრანგებს თავშეკავებულად ეღიმებოდათ. საუზმის მერე თათბირი და დავალებები დაიწყო, კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, მხოლოდ და მხოლოდ ფრანგი სამხედროების რეკომენდაციებით გვესარგებლა და მათ გარეშე ნაბიჯი არ გადაგვედგა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი – ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი სამხედრო.
“ფრანგულ ბაზაზე უსაფრთხოება დაცული იყო, მაგრამ ისეთ ადგილას იყო განთავსებული, საფრთხე მუდმივად არსებობდა. ახალი ჩასულები ვიყავით, თითქმის არაფერი ვიცოდით, მომზადების დონეც არ იყო ისეთი, რომ დამოუკიდებლად შეგვძლებოდა მუშაობა. ძალიან მძიმედ მახსოვს პირველი პატრულირება. ადგილობრივ მოსახლეობას ეტყობოდა, რომ ეს ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსული; თალიბები ამერიკული სამხედროების გამო მათ ერჩოდნენ, ჩვენ კი მოსახლეობა მუდმივად ყურადღების ცენტრში გვყავდა, რადგან მათში საფრთხეს ვხედავდით და ვინ რისი გამკეთებელი იყო, კაცმა არ იცოდა. მათთვის ყველა ამერიკელი სამხედრო ვიყავით, ფრანგიც, გერმანელიც, პოლონელიც, უკრაინელიც. ზოგი ქვებს გვესროდა და გვეჩხუბებოდა. ძალიან ვფრთხილობდით, ბაზაში დასაქმებულ ავღანელსაც კი არ ვენდობოდით და შესვლა-გამოსვლისას დეტალურად ვჩხრეკდით. მათ მაღაზიები ჰქონდათ, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობდნენ. ზოგი ეზოში, ბაზასა და სასადილოში დამლაგებლად მუშაობდა. ყველა მათგანი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა იმდენად მოხერხებულები იყვნენ, მაინც ახერხებდნენ ინფორმაციის გატანას”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რამდენიმემ მობილურის საშუალებით გადაიღო ვიდეო და თალიბებს მიაწოდა, რასაც რამდენჯერმე ბაზაზე თავდასხმა მოჰყვა. ფრანგები მათ არც ერთ ნაბიჯზე არ ენდობოდნენ, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ჰქონდათ შეთანხმება, რომ ისინი დაესაქმებინათ და სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ კი იცოდნენ, რა რისკის შემცველი იყო მათთან ახლო ურთიერთობა. ახლა სხვა დროა, დროთა განმავლობაში სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს შეეჩვივნენ, მათ იმედი გაუჩნდათ, რომ თალიბებისგან დაიცავენ და იმასაც ხვდებიან, რომ “თალიბანს” მონობა და სიკვდილი მოაქვს. თუმცა სანდო მაინც არ არიან. შეიძლება ყოველდღე უყურო ძალიან მშვიდ და უწყინარ კაცს ან ქალს, მაგრამ ერთ დღეს თალიბებმა იდეოლოგიურად დაამუშაონ და თავი აიფეთქოს… სანამ ადგილზე არ ნახავ ყველაფერს, რაც უნდა ძლიერი წვრთნა გაიარო, მაინც ძნელია რეალობის აღქმა. ახლა ისეთი სათვალთვალო კამერებია დაყენებული ყველა ბაზის გარშემო, რამდენიმე კილომეტრიანი ზოლის გაკონტროლება შეგიძლია და შესაბამისად, დროული პრევენციაც. გაუფრთხილებლობით შეიძლება რამე დაგემართოს, თორემ ტექნიკურად ყველაფერი ისეთ მაღალ დონეზეა აღჭურვილი, რომ დაცული ხარ. ყოფილა შემთხვევა, უცებ გამოექანებოდა რომელიმე თვითმკვლელი ტერორისტი ტროტილით დატვირთული სატვირთო ან მსუბუქი მანქანით, ან სულაც მოტოციკლით, და ბაზის შესასვლელთან აიფეთქებდა თავს. ადგილს შემთხვევით არ არჩევდა, ინფორმაცია, სად, რომელ ადგილას ჯობდა თავის აფეთქება, შიგნიდან ჰქონდათ მიწოდებულ-გატანილი”, – ამბობს გიორგი.
„სწავლებები ფრანგებთან ერთად გვიტარდებოდა, თან ვმუშაობდით და ვსწავლობდით. პატრულირებაზე გასვლა, სწავლებები, შეხვედრები. სწავლების დროს რამდენჯერმე ქარბორბალა ამოვარდა. შორიდან შენიშნა სწავლების ფრანგმა მეთაურმა, რომელიც ტერიტორიას ბინოკლით ათვალიერებდა, შორიდანვე შენიშნა ყვითელი ზოლი და მაშინვე “ჰამერებში” ჩასხდომა გვიბრძანა. ასეთ მომენტს თალიბები თავდასხმისთვის კარგად იყენებენ და ამის საშუალება არ უნდა მისცე. ბაზაში რომ შევედით, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ. ბიჭებს ფერი არ ედოთ, ფრანგები ამ ყველაფერს უემოციო სახეებით შეხვდნენ. პატრულირებაზე საკმაოდ მძიმე ვითარებას ვაწყდებოდით, – შიმშილის გამო სიკვდილის პირას მისულ მოხუცებსა და ბავშვებს, გაღაკატებულ მოსახლეობას, ძონძებში გახვეულ ქალებს, რომელთაც სახეზე უამრავი იარა ჰქონდათ. ისინი ამ ყველაფერს წარბშეუხრელად უყურებდნენ. შემდეგ მივხვდი, რომ გამოცდილება ჰქონდათ, ანუ ძალიან ბევრჯერ და ბევრნაირი სიტუაცია ჰქონდათ ნანახი, ამიტომაც იყვნენ გულგრილნი. ამ დროს მთავარია, ყურადღება არ გაგეფანტოს, თორემ იქ არავინ არაფრისგან არის დაზღვეული. შეიძლება შენი დაბნეულობით ისარგებლონ – სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებში ყოფილა მსგავსი ფაქტები. ახლა ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაშინ უსაფრთხოება ასე კარგად არ იყო დაცული. ამდენი კამერაც არ იყო. არაერთხელ გვინახავს სათვალთვალო კამერაში, როგორ მოდის ჩადრიანი ქალი ბავშვებთან ერთად ქვიშის უდაბნოში და ქვიშაში როგორ დებენ ნაღმს, გეგონება, სათამაშოებს მალავენო, ისეთი მშვიდი სახეები აქვთ. მოგვიანებით, გამნაღმველი აპარატურით მივდივართ იმ ადგილას და ნაღმებს ვეძებთ“.
„ახალ წელს იქ შევხვდი – სოციალური ქსელით მივულოცე ჩემებს. უგაზო შამპანურით აღვნიშნეთ. ან რა გვედღესასწაულებოდა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ვიყავით. ასეთ დროს განსაკუთრებით გვენატრებოდა ქართული კერძები, ოჯახის წევრებთან, მეგობრებსა და ახლობლებთან ერთად ყოფნა, მაგრამ რას ვიზამდით, ჯარისკაცის პროფესია ასეთია, გულჩვილობა სახლში უნდა დატოვო… ახლა მეორედ შევხვდები აქ ახალ წელს. ერთი ფერადკანიანი ფრანგი დაგვიმეგობრდა. მის ათეულთან ერთად ხშირად გვიწევდა პატრულირება. არ ვიცი, როდის ეძინა, სულ ვარჯიშობდა, კითხულობდა, ინტერნეტში იყო შემძვრალი. მერე მითხრა, უძილობა მჭირს. ალბათ, ეს ჩემი ბოლო მისია იქნება და შემდეგ დავისვენებო. თუმცა შემდეგ ინტერნეტში ვიპოვე და მითხრა, მას მერე სამჯერ ვიყავი წასულიო”, – დასძენს ქართველი ჯარისკაცი და შეკითხვაზე – „გამოცდილი სამხედროები, ალბათ, ადგილობრივებთან ურთიერთობასაც გასწავლიდნენ“ – პასუხობს:
“დიახ, ყოფილა შემთხვევა, – ავღანელებს უთქვამთ, ამა და ამ ადგილას არ გაიაროთ, დანაღმულიაო. იქ მართლა იყო ნაღმი, მაგრამ რამდენჯერმე გვეტყოდნენ ასე, რათა ჩვენი ნდობა მოეპოვებინათ, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ სწორედ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. ბავშვს ცნობიერების ჩამოყალიბებისთანავე ასწავლიან, რომ უნდა მოკლას და მოკვდეს.. იქ ქალის ფუნქცია იქ მხოლოდ შვილების გაჩენაა. ადგილობრივები, ძირითადად, მოტოციკლებითა და მსუბუქი მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ბადრაგში რომ მივდიოდით, გზადაგზა გვხვდებოდნენ მანქანები, – მამაკაცები კაბინაში ისხდნენ, ქალები კი ბარგი-ბარხანით ძარაზე, სიცხესა და სიცივეში… ზოგჯერ პირდაპირ ტვირთზე ისხდნენ და ერთი არასწორი მანევრი და გადაცვივდებოდნენ. მამაკაცები აქლემზე ამხედრებული თუ მოდიან, ქალი აუცილებლად ფეხით მოჰყვება. რაც მთავარია, იქ ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს ერთი ფასი აქვს. ახლა მეოთხე მისიაზე ვარ. მას მერე, ჰილმენდშიც ვიყავი, მაზარიშარიფში, და ახლა ისევ ჰილმენდში ვარ, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება წარუშლელია”.
„არსენალი“, №1, იანვარი, 2017 წელი
არმია ოპტიმიზაციის რთული პროცესის მოლოდინში
თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები 3 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურით შემცირდება
(შემოკლებით)
ახალი 2017 წელი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას გვპირდება. ქვეყანაში გამონაკლისი არც შეიარაღებული ძალები იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამხედრო ბიუჯეტი 750 მლნ ლარამდე იზრდება. ფინანსური პრობლემების, რომლებიც აფერხებენ ქართული არმიის გაძლიერებას, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამხედრო ბიუჯეტის 67% პირადი შემადგენლობის ხელფასებსა და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე იხარჯება. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, წესით, ამ მუხლის სამხედრო ბიუჯეტის არა უმეტეს 50-55%-ის უნდა ხმარდებოდეს, თუკი არმია გადაიარაღებასა და საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზე ფიქრობს.
„ოპტიმიზაცია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშრომლების შემცირებასაც ითვალისწინებს, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებსაც შეეხო. თავდაცვის სამინისტროდან და შეიარაღებული ძალებიდან, სავარაუდოდ, დაითხოვენ 2,8-3 ათას კაცს, თუმცა სამხედრო მხოლოდ 300-მდე თუ იქნება, დანარჩენი სამოქალაქო მოსამსახურეები. სამხედროების შემცირებას ისიც განაპირობებს, რომ 1-ლი და მე-5 ქვეითი ბრიგადები გაერთიანდებიან. დღეს, როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, სამსახურის დაკარგვა ოჯახურ ტრაგედიად იქცევა. მეორე მხრივ ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვნად იმატა ისეთმა კადრებმა, რომელთა არყოფნაც არმიის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა-შემცირებაზე არ იმოქმედებს“.
„საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ ახალგაზრდა ოფიცრებს საკარიერო წინსვლისთვის გზა გაეხსნათ, რისთვისაც უფროსმა ოფიცრებმა, ვისაც 20 წელზე მეტი აქვთ ნამსახურები, მაგრამ ზღვრული ასაკი არ დასდგომიათ (პოლკოვნიკისთვის ზღვრული ასაკი 55 წელს შეადგენს, ვიცე-პოლკოვნიკისთვის 50 წელს, მაიორისთვის 45 წელს) მათ თანამდებობა დაუთმონ და თადარიგში გავიდნენ. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელსაც შეეძლო ერთ დღეს 200-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი ახსნა-განმარტების გარეშე გაეყარა არმიიდან (ბევრ მათგანს 20-წლიანი სამხედრო სამსახურის სტაჟის შესასრულებლად რამდენიმე თვეღა რჩებოდა), ამჯერად თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ნებით თადარიგში გასვლის შემთხვევაში პოლკოვნიკს 28 ათასი, ვიცე-პოლკოვნიკს 23 ათასი, ხოლო მაიორს 18 ათასი ლარის ოდენობის ერთჯერად ფულად კომპენსაციას ჰპირდება, თუკი მათ ზღვრული ასაკი კიდევ რამდენიმე წლით სამსახურის საშუალებას აძლევს“.
„თუკი ოფიცრებს ზღვრული ასაკი 2017 წელს გასდით, ისინი კომპენსაციას ვერ აიღებენ და საშუალება მიეცემათ ზღვრულ ასაკამდე იმსახურონ. რაც შეეხება შემცირებულ სამოქალაქო მოსამსახურეებს, მათთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა გათვალისწინებული არ არის. თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობის ეს შეთავაზებები საინტერესოა (რაზეც მეტყველეებს იმ ოფიცერთა გაზრდილი სია, რომლებიც თანახმა არიან ერთჯერადი კომპენსაციის შემდეგ არმია დატოვონ), თუმცა უმთავრესი იქნება, თუ პრაქტიკაში რამდენად ობიექტურად განხორციელდება არმიაში ოპტიმიზაციის პროგრამა და რამდენად ნაკლები განაწყენებული ადამიანი დარჩება, რადგან საერთო ჯამში ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ“.