„ახალი თაობა“: რატომ ჩაიშალა თეა წულუკიანის საპასუხო ვიზიტი უკრაინაში?
„ალია“: ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: „დედას გიტირებთ, ნაციონალებს ხელი არ ახლოთო“, აშშ-ის ადმინისტრაცია პირდაპირ ასეთი ტექსტით გველაპარაკებოდა
„რეზონანსი“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ჩვენ “ცივი ომის” ახალ ფაზაში ვართ და აქ საქართველომ თავისი ადგილი უნდა აირჩიოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ფიქრია ჩიხრაძესთან: „რუსეთს რაც მეტს დაუთმობ, მით უფრო დაგაჭერს წიხლს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტარიელ ფუტკარაძესთან: „კირნათში რუსული დროშების ფრიალი თურქეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა“
——————
„ახალი თაობა“, 04 თებერვალი, 2015 წელი
რატომ ჩაიშალა თეა წულუკიანის საპასუხო ვიზიტი უკრაინაში?
მარიკა მჭედლიშვილი
(შემოკლებით)
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმ ჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე მსჯელობს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე, რომელაც უცნაურობებიც ახლავს თან.
რადიო „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბ-მა კვაჭანტირაძემ ისაუბრა უკრაინაში ახლახან გამართულ ვიზიტსა და იმ თავისებურებებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას შორის ჩამოყალიბდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაეხმაროს უკრაინას რეფორმების გატარებაში და გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინა კონსულტანტებად ძებნილ ქართველებს იწვევს.
ზვიად კვაჭანტირაძე: „უკრაინის უმაღლეს რადაში ფართო სპექტრთან გვქონდა შეხვედრები. რა თქმა უნდა, უკრაინის რადა არ არის ერთფეროვანი. იქ სხვადასხვა მიდგომა აქვთ საკითხების მიმართ. მათ შორის, უცხოელი ექსპერტების რეფორმებში გამოყენების თვალსაზრისით. საქართველოს გავლილი აქვს რეფორმებში უცხოელი ექსპერტების გამოყენების ეტაპი. თუმცა, ბალცეროვიჩი იყო ბალცეროვიჩი, ხოლო სააკაშვილი და ადეიშვილი მაინც სააკაშვილად და ადეიშვილად დარჩებიან ისტორიაში. ამ თემას უფრო ღრმად ვუყურებ და არა მხოლოდ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გადასახედიდან. მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, უკრაინა სწორედ იქ არის, სადაც ჩვენ ვიწყებდით რეფორმებს. მაშინ საქართველოში ძალიან ბევრი გრანტი და დახმარება წამოვიდა“.
ზვიად კვაჭანტირაძის სიტყვებით, მაშინდელი გრანტი მბევრმა ტანამდებობის პირმა საქართველოში დაუმსახურებლად მიიღო, ანუ მიითვისა. იგივე ხდება უკრაინაშიც ქართველების მონაწილეობით: „ბევრს ჰონორარი დამსახურებულად აქვს მიღებული, მაგრამ ასევე შეიქმნა ე.წ. „გრანტიჭამიების“ მთელი კასტა, მათი მოღვაწეობის შედეგი სახელმწიფოს არ უნახავს. (…) უკრაინაში დღეს იგივე მეორდება. უცხოელი ექსპერტების რანგში იქ აღმოჩნდენენ ხელისუფლებიდან გაძევებული წარმომადგენლები. უკრაინელო კოლეგებს ვესაუბრეთ ამის შესახებ. ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ უკრაინის ხელისუფლებას დახმარება გავუწიოთ რეფორმების რეალიზების საქმეში, მაგრამ ეს საქმე იმ ადამიანებმა არ უნდა დაიწყონ, რომლებმაც თავის დროზე საქართველოში კრიმინალთან დაიწყეს ბრძოლა და მერე თვითონ გახდნენ კრიმინალები.
ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, საქართველოს არაფერი დაუშურებია, რომ რეფორმების გატარების საქმეში უკრაინისთვის უანგარო დახმარება შეეთავაზებინა იუსტიციის სფეროში, მაგრამ უშედეგოდ. ჩაიშალა ასევე თეა წულუკიანის საპასუხო ვიზიტი უკრაინაში. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების დახმარება არ უნდათ იმათ, ვინც უკრაინაში გრანტებს ინაწილებს…
„ქალბატონ თეა წულუკიანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ თავისი კოლეგა პეტრენკო მოეწვია, მან უკრაინელ კოლეგას თბილისში ვიზიტის დროს მაქსიმალურად აღუთქვა დახმარება. შემდეგ უნდა ყოფილიყო საპასუხო ვიზიტი, როიმელიც ჩაიშალა. თეა წუკუკოიანს უთხრეს, რომ მინისტრი ქართველი კოლეგის მისაღებად მზად არ არისო. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვისაც არ აწყობს, რომ ე.წ. „პარტიზანი“ ნაციონალი ექსპერტების ჩანაცვლება მოხდეს [საქართველოს ოფიციალური ხელლისუფლების მიერ გაგზავნილი სპეციალისტებით]“, – ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
„ალია“, 3 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: „დედას გიტირებთ, ნაციონალებს ხელი არ ახლოთო“, – პირდაპირ ასეთი ტექსტით გველაპარაკებოდა აშშ-ის ადმინისტრაცია
ვრცელ ინტერვიუში რეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან მრავალ საშიანო და საგარეოპოლიტიკურ საკითხზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს:
- ექსპრემიერმა ღარიბაშვილი გააკრიტიკა საკადრო პოლიტიკის გამო. თქვენი აზრით, ივანიშვილის გზავნილი რას ემსახურება?
- ექსპერტებისგან მესმის ასეთი პრეტენზია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სისტემა არ გამოიცვალა, სისტემა ჩვენი საზოგადოებაა და სისტემის გამოცვლა ჩვენი საზოგადოების გამოცვლას ნიშნავს. როგორ წარმოუდგენიათ სისტემის გამოცვლა?
მაგალითად, შევდივართ პროკურატურაში, რომელიც თავიდან ბოლომდე სააკაშვილს ემსახურებოდა. ყველა დამნაშავეა, ვინც უკანონობას სჩადიოდა და ისიც, ვინც ამას ითმენდა. მაშინ, მთელი საქართველო უნდა გამოგვეცვალა. იმ ადამიანებს რა ვუყოთ, ვინც 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველზე იდგნენ და `გამარჯვებას“ ზეიმობდნენ ყველაზე სამარცხვინო დამარცხების შემდეგ. 150 სოფელი, ტერიტორიის 25 პროცენტი დავკარგეთ, სამარცხვინოდ გამოიქცა იქიდან ქვეყნის მთავარსარდალი, დაგვეხოცა უამრავი ახალგაზრდა. რაც იყო მაშინ, ამ რეალობას ჩემს ფილმში ვაჩვენებ, მაგრამ მე გეკითხებით, რა ვუყოთ ამ ხალხს, რომელიც ომში დამარცხებას სამარცხვინოდ ზეიმობდა? თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგონა სიტყვა „კოჰაბიტაცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ცდებით. საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულეს ძალიან მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ძალებმა, აშშ-ს ადმინისტრაციამ კი პირდაპირ უთხრა, – ხელი არ ახლოთ „ნაციონალებს“, თორემ ხელებს დაგამტვრევთ, შიმშილით მოგკლავთ, ვერც ევროპაში შეხვალთ და ვერც ვერაფერს გააკეთებთ, დედას გიტირებთო, პირდაპირ ასეთი ტექსტით ელაპარაკებოდნენ და ხელებს უბრახუნებდნენ მაგიდაზე. თქვენ თუ გგონიათ, უკრაინელი ხალხის ოცნება იყო, რომ დამნაშავე, წითელი ცირკულარით ძებნილი ადეიშვილი იყოს უკრაინის ხელისუფლების კონსულტანტი, ძალიან ცდებით. ამის უკანაც პოლიტიკური კონიუნქტურა და ის ბნელი ძალები დგანან, რომელიც შლის დღეს უკრაინას. ვიღაცას ძალიან სჭირდება ისეთი პროვოკატორები, როგორიც არის სააკაშვილი, მანამდე საქართველოში სჭირდებოდათ, დღეს კი ეს ავანტიურისტი სააკაშვილი უკრაინაში ამერიკასაც სჭირდება და რუსეთსაც, ორივესთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. პრაქტიკულად, აპირისპირებს უკრაინასა და საქართველოს, ყველაფერს აკეთებს, რომ დაანგრიოს ჩვენი ურთიერთობა, პროვოკატორის როლს თამაშობს და პროვოკატორები იქ უნდათ, სადაც ომი სჭირდებათ, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოში დასჭირდათ ეს ომი.
გიჟის გარდა, შეიძლება, რომ მაგას ვინმე აჰყვეს?!. მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯგუფურად ცდილობს, ომში ჩაგვითრიოს. ეს არის ტერორისტებისა და ბოროტმოქმედების ორგანიზაცია. მათი ერთადერთი მიზანია, დაწვას და დაბუგოს ეს ქვეყანა, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა და ბნელი ვნებები დაიკმაყოფილოს, ეს ხომ ნათელია. ამის მიუხედავად, ყოველი ახალი ამბები, ყოველი გადაცემა ტელევიზიებში „ნაციონალებით“ იწყება და „ნაციონალებით“ მთავრდება. ეს არის დაავადმყოფებული პატარა წრე, ყოველდღე დიდი დოზით შხამს აფრქვევენ ქართველ საზოგადოებას, რომ სული მოუწამლონ!
(…)
- თქვენ საინტერესო განცხადება გააკეთეთ, დასავლეთის გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს ხელისუფლებას მაგიდაზე მუშტი დაუბრახუნა და დაემუქრა, _ თუკი კოჰაბიტაციაში არ იქნებით `ნაცმოძრაობასთან“, დედას გიტირებთო… მათ შეუძლიათ ხელისუფლების შეცვლაც. ფიქრობთ, რომ ეს ძალები ამუშავდებიან „ნაციონალების“ სასარგებლოდ მით უფრო, მაშინ, როცა, არსებული ინფორმაციით, ეს ძალა საქართველოს ხელისუფლებით კმაყოფილი არ არის…
- ასეთი დემოკრატიული ხელისუფლება და ქვეყანა, როგორიც დღეს არის, ძალიან ცოტაა. თქვენ გახსოვთ ისეთი მთავრობა, რომელსაც საკუთარი ტელევიზია არ ჰქონოდა? რა, არ შეეძლოთ, რომ ჰქონოდათ? ეს იყო პრემიერმინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილის პრინციპული პოზიცია, დღეს ყველა მხრიდან დაუცველია ხელისუფლება, ყველა ტელევიზია მას ურტყამს. ნებისმიერი შეტევის დროს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და მინისტრები პოსტს ტოვებენ, თქვენ გინახავთ, რომ საზოგადოების კარნახით მინისტრის გადადგომა კი არა, საქართველოში რამე მომხდარიყო?!. იმიტომ იყო მთელი ეს უბედურება და გაუთავებლად ქუჩაში დგომა, ხელისუფლება საზოგადოებას არ უსმენდა.
- ბატონო გოგა, მე გკითხეთ დასავლეთის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ ხელისუფლებას მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამენ და კმაყოფილები არ არიან, კონკრეტული ძალები ცდილობენ ალტერნატიული ძალის შექმნას, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს.
- დასავლეთში მიდის მიზანმიმართული ხერხვა იმ ხის, რომელზეც ჩვენ ვსხედვართ. რაც უნდათ, ის დამიძახონ, სულ ფეხებზე მკიდია, ყველამ კარგად იცის, ვინ ვარ, 60 წლის ვხდები ამ წელს და ამ საზოგადოებაში თვითდამკვიდრება აღარ მჭირდება. არც მაამებელი ვყოფილვარ ხელისუფლების და არც ახლა ვაპირებ, მაგრამ ყველას ვეკითხები, ხვალ დილას რომ გავიღვიძოთ და ვნახოთ, ივანიშვილი არ არის საქართველოში, რომელია ის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავის თავზე აიღებს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას?.. „ალიას“ საშუალებით ვთავაზობთ ყველას გამობრძანდნენ და თქვან მთელი ქართველი საზოგადოების წინაშე, რომ ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მომავალზე, მე დაველოდები მათ პასუხს.
- ნინო ბურჯანაძე აცხადებს მზაობას, აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე.
- ამას ცარიელი სიტყვები კი არა, არგუმენტაცია სჭირდება. მერე ვილაპარაკებთ, ერთი ვინ რისი პასუხისმგებლობის ამღებია… ჩვენ არ გვაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ აზრი, მშვენივრად ვიცით რა პასუხისმგებლობა აიღეს და რისი გამკეთებლები არიან, იგივე ეხება ალასანიას, მის მიმართ არსებობს სერიოზული კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას არა მარტო პროკურატურაში, არამედ ჩვენს წინაშეც მოუწევს.
მე ვეკითხები ალასანიას, იყო კორუფციაში ჩართული, თუ არა. ველოდები ამ გამოძიების დამთავრებას, სადაც შემხვდება პირადად ვკითხავ, – ჩემო ირაკლი, იყავი კორუფციაში ჩართული, მსოფლიო კონიუნქტურაზე ამოფარება არ გამოგივა. ესენი ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, ქართული პოლიტიკის ბედი აქ წყდება და არა იქ, დასავლეთში, და საერთოდაც, არ მესმის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებასა და კომენტარს ქართული ტელევიზიები, აშშ-ს ელჩს რატომ სთხოვენ? რით ვერ გაიგეთ, რომ ჩვენი ბედი აქ წყდება და არჩევანს ქართველი ხალხი აკეთებს?!
- ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული გვარები ჩამოთვალა და განაცხადა, რომ დაინტერესებულია მათი საქმიანობის შესწავლით. ჩვენ ვნახეთ, ამას რა ვნებათაღელვა მოჰყვა, კონკრეტულად რას აპირებს?
- თმები ყალყზე დამიდგა, რომ ვნახე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რა დაფინანსებას იღებენ, ლაპარაკია ათეულობით მილიონობით დოლარზე, თუნდაც შვედეთისგან. მე მაინტერესებს, რისთვის იღებდნენ ამ ფულს და შედეგი რა არის? მე არ ვმონაწილეობ იმ კვლევებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, მე ჩემი კვლევა მაქვს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კარლ ბილდტის საქმიანობას ვსწავლობ. კარლ ბილდტი არის პოლიტიკური კორუფციონერი, სადაც არა მხოლოდ სააკაშვილი იყო ჩართული, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, გიგაური, ლომჯარია, კოჟორიძე. ბატონი ბილდტი განაგებდა განვითარების სააგენტოს „სიდა“-ს, რომელსაც ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს სიღარიბის დაძლევისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც შვედური პრესა იტყობინება, 2006 წლიდან ეს ურთიერთობა საქართველოსთან განსაკუთრებით აქტიური გახდა. შვედეთის ბიუჯეტის ფული, რომელიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო საქართველოში სიღარიბის დაძლევისთვის, ირიცხებოდა „ენ-დი-აი“-ში და ევრაზიის ფონდში. ამ ორგანიზაციების მეშვეობით ეს ფული ნაწილდებოდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს თანხები არის დახარჯული არამიზნობრივად. აღმოჩნდა, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მილიონობით დოლარი გამოეყო სიღარიბის დაძლევისთვის განსაზღვრული თანხებიდან. ამას ადასტურებს თავად `სიდა~-ს დოკუმენტი.
თანხები ირიცხებოდა სულ სამ ორგანიზაციაში – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. სიღარიბის დაძლევისთვის ბიუჯეტის ფული მოდის საქართველოში, თუმცა ეს ბიუჯეტი იხარჯება იმ ინტერესების განსახორციელებლად, რომლებიც გააჩნიათ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, იმ ძალებს, რომლებიც კორუფციონერ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს ნიშნავენ უკრაინაში. ეს არის დიდი პოლიტიკური კორუფცია. შვედური პრესა დეტალურად წერს, როგორ გაიფლანგა 95 მილიონი შვედური კრონი საქართველოში და სად მიდიოდა ეს ფული. მაგალითად, არჩევნების წინ „ენ-დი-აი“-ში, ნავაროსთან მიდიოდა ფული გაყალბებულ მონაცემებში, სადაც იწერებოდა, რომ სააკაშვილს ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი. ამ საკითხზე შვედეთში სერიოზული სკანდალია და სასამართლო პროცესი იწყება, კვალი კი კარლ ბილდტთან მიდის.
„რეზონანსი“, 03 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ჩვენ “ცივი ომის” ახალ ფაზაში ვართ და აქ საქართველომ თავისი ადგილი უნდა აირჩიოს“
კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
(ამონარიდი)
- საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის სავარდო ადგილად ვაზიანის ტერიტორია დასახელდა. ხელისუფლების მტკიცებით, ამ ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით “რისკები შეფასებულია”. ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსკოვი რეაქციის გარეშე დატოვებს ჩვენთან ნატო-ს საწვრთნელი ბაზის მშენებლობას. უკვე ცნობილია, რომ კრემლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედრო ქვედანაყოფების გაძლერებას გეგმავს. ცენტრის გახსნაც და რუსული ბაზების ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლერება რომ საფრთხეებს ზრდის, აშკარაა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ვითარებაში შეიძლება უფრო ხილული აღმოჩნდეს რუსული საფრთხე და რამდენად დიდია საქართველოს მიმართულებაზე კრემლის გააქტიურების ალბათობა?
- ჩვენ ჩვენი საქმე უშიშრად უნდა ვაკეთოთ. რუსეთი ყველა შემთხვევაში აფხაზეთთან და ოსეთთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა და მიუხედავად იმისა, შეიქმნებოდა თუ არა ვაზიანში ნატოს საწრვთნელი ბაზა, თავის კონტიგენტს აფხაზეთსა და ოსეთში გააძლიერებდა. ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ “ცივი ომის” ახალ ფაზაში ვართ და აქ საქართველომ თავისი ადგილი უნდა აირჩიოს – როცა მანქანების ნაკადში ქუჩას გადადიხარ, არჩევანი უნდა გააკეთო და ან წინ წახვიდე და ან უკან. თუ დაიწყებ ისტერიულად მერყეობას და წინ-უკან ფორთხიალს, აუცილებლად გაიჭყლიტები.
„ახალი თაობა“, 04 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ ფიქრია ჩიხრაძესთან: „რუსეთს რაც მეტს დაუთმობ, მით უფრო დაგაჭერს წიხლს“
ინტერვიუში რეჟისორი „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე ჟურნალისტ თამარ ნინიძესთან საშიანო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდებს:
– კრიტიკა რამდენიმე არასამთავრობოს და პერსონების მიმართ ვისგან იმართება, საიდან მოდის?
– დასავლეთი ამას მხარს არ დაუჭერს. ის ორგანიზაციები დასახელდა, რომლებიც მართლა იბრძოდნენ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის წინა და ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
(…)
– შურისძიების მოტივი ამოძრავებს ივანიშვილსაც და მის გუნდსაც?
– ესეც და ასევე ისიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამ თავდასხმებში, რომ ეს ორგანიზაციები გამოკვეთილად პროდასავლურები არიან, მათი ხელმძღვანელებიც ნდობით სარგებლობენ დასავლეთში.
(…)
– არის ბრალდებები, რომ მათ აქვთ შვედეთის საგარეო მინისტრ კარლ ბილდტისგან დაფინანსება მიღებული და დავალებებს ასრულებენ.
– ამით ზიანდება საქართველოს ინტერესები, დასავლეთისგან მხარდაჭერა სასიცოცხლოდ გვჭირდება, როცა მსგავსი შეტევები ხორციელდება, ეს შეფარულად რუსეთის წისქილზე დასხმული წყალია. დასავლეთს კი არ ვჭირდებით ჩვენ დიდი დოზით, არამედ ჩვენ გვჭირდება ის ღირებულებები, რომლებიც მას აქვს. რა მაგარი ქვეყანა ვართ, რაში გვჭირდება დასავლეთთან ურთიერთობა – ასეთ განწყობას ხშირად ვისმენთ. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა.
– ხელისუფლების საგარეო კურსი არათანმიმდევრულია. ხან სომხეთი უნდა იყოს ჩვენთვის მაგალითი, ხან რუსეთის მიმართ სანქციების ფონზე ჩვენ, პირიქით, რუსეთთან ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და უკრაინასთანაც გაურკვეველი დამოკიდებულება გვაქვს. ესეც ამ ხელისუფლების დიდი მინუსია. ამ კურსს როგორ აფასებთ?
– ჩვენთან ყველაფერი ბუნდოვანია. არ ვეკუთვნი იმ კატეგორიას ადამიანებისას, ვინც ფიქრობს რომ შერბილებული ურთიერთობით რუსეთთან მისგან სარგებელს მიიღებს. პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გვქონდეს. არ ვამბობ, რომ ხმალი უნდა ვიქონიოთ, მაგრამ პრინციპულობა უნდა შევინარჩუნოთ. დემოკრატიული სამყაროს ბუნებრივი ნაწილი უნდა ვიყოთ. უსინდისოა ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ რაც მეტს დავუთმობთ რუსეთს, მით მეტ სარგებელს ვნახავთ. სხვისი უბედურების ხარჯზე ჩვენ არ უნდა ავაგოთ კეთილდღეობა. ერთი სისხლის ხალხს, უკრაინელებს, როგორც ექცევიან რუსები, ნახეთ. დაუნდობლად ბომბავენ დასახელებულ პუნქტებს. ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში. ეს არის კრემლის აუტანელი პოლიტიკა, რომელიც არავისთან მიმართებაში არ არის განსხვავებული. რაც მეტს დაუთმობ, მით ურო მეტად დაგაჭერს წიხლს. ძლიერი საქართველო რუსეთს არ სჭირდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ხელიდან არ გავუშვათ შანსი ინტეგრაციისა დასავლეთის სტრუქტურებთან. გარანტიები უნდა შევიქმნათ, რომ ამ სივრცის სრულფასოვანი წევრები ვიყოთ, სადაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობა აღიარებენ, სადაც საქართველო უნდათ, რომ ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყნად, გვეხმარებიან რეფორმების გატარებაში. არა იქ, საითაც მივაქანებს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკა.
„ახალი თაობა“, 04 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ ტარიელ ფუტკარაძესთან: „კირნათში რუსული დროშების ფრიალი თურქეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა“
ვრცელ ინტერვიუში 1990 წლის მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ჟურნალისტ გულიკო ბალაძესთან ამას წინათ სოფელ კირნათში მომხდარ ამბავზე საუბრობს.
როგორც ცნობილია, აჭარის სოფელ კირნათში, რომელიც თურქეთთან საზღვრის პირას მდებარეობს, ამ რამდენიმე დღის წინათ რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა რუსეთის დროშა ააფრიალა მოწოდებით „რუსეთო დაგვეხმარე“. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ჯერ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, შემდეგ კი ტელეკომპანია „იმედის“ პროგრამა „იმედის კვირაში“ მას სპეციალური სიუჟეტი მიეძღვნა.
ტარიელ ფუტკარაძის თქმით, რუსეთის დროშის ამფრიალებლების ქმედება დაგეგმილი სპექტაკლია. „ამასთან ერთია ის, რომ სოციალურ ქსელებში ეს ვიდეოკადრები რამდენიმე ადამიანმა ნახა, მაგრამ მეორეა როცა ამას საქართველოს ტელევიზია იმეორებს და მსოფლიოში ყველას ანახვებს, ეს დიდი შეუსაბამობაა. იქ რუსული დროშების მიტანა და ლოზუნგების სამ ენაზე გაკეთება უბრალო ნასვამი გლეხების გაკეთებული არ არის. გლეხები სამ ენაზე ვერ დაწერდნენ და მტრის დროშებს ვერ ააფრიალებდნენ. ეს არის კარგად გააზრებული და დაგეგმილი გეოპოლიტიკური პროვოკაცია“.
„როდესაც ასეთი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს საქართველოს ცენტრალური ტელევიზია მთავარ თემად გადააქცევს, რას იტყვის რუსეთში, ამერიკაში და სხვა ქვეყანაში ადამიანი, როცა ხედავს, რომ საქართველო-თურქეთის საზღვართან რუსული დროშა ფრიალებს? ხომ ვერ აუხსნი მსოფლიოს, რომ ეს „სამმა ბრიყვმა“ გააკეთა? ამ დროს კი ისინი „ბრიყვები“ არ არიან…
თურქეთის მფლობელობაში ქართული მიწები მართალც არის დარცენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება პოლიტიკური სიბეცეა. ვინც კირნათში ოკუპანტის დროშას აფრიალებდა, იქიდან ერთ-ერთი პროვოკატორია, რომლის მიზანს საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება წარმოადგენს და იმის ჩვენება, რომ აჭარაში პრორუსი ადამიანებიც არიან“, – ამბობს ინტერვიუში ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც წარმოშობით აჭარიდანაა.