globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 4th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „ნაციონალები” უკრაინის არასამთავრობო სექტორსაც აძლიერებენ

„ვერსია“: ხათუნა ლაგაზიძე: ,,ზუსტად უნდა დავინახოთ ჩვენი პრობლემა!”

„ვერსია“: ექსკლუზიური ინტერვიუ უნგრეთის ელჩთან: როგორ აფასებს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს და რა ახალ ერთობლივ პროექტებზე საუბრობს შანდორ საბოსი

———————-

„რეზონანსი“, 4 მარტი

ნაციონალებიუკრაინის არასამთავრობო სექტორსაც აძლიერებენ

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დასაქმება გრძელდება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უკრაინის რეფორმების საერთაშორისო ცენტრის წამყვანი ექსპერტი გახდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, მეგობარ ქვეყანაში დასაქმებულ “ნაციონალთა” რიცხვმა ასს გადააჭარბა. ბარამიძე ამბობს, რომ ყველა მათგანის მოტივაციაა – უკრაინის დახმარებით საქართველოს დაეხმარონ. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, უკრაინაში დასაქმებული ყოფილი ქართველი მოხელეების რიცხვი კიდევ გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილის, ლევან ვარშალომიძის, ზურაბ ადეიშვილის, გია გეწაძის და ეკატერინე ზღულაძის შემდეგ სამთავრობო პოსტები მეგობარ ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილმა პროკურორმა დავით საყვარელიძემ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაიკავეს.

რაც შეეხება ბარამიძეს, იგი უკრაინას სამოქალაქო სექტორიდან დაეხმარება და კორუფციასთან ბრძოლისა და პოლიციის რეფორმაში საკუთარ წვლილს შეიტანს. “კიევში დროდადრო ჩავალ ხოლმე და რასაც აქამდე ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ, უბრალოდ ახლა ამან ფორმალური სახე მიიღო. ეს არ არის სამთავრობო დაწესებულება – არასამთავრობო ორგანიზაციაა. ეს ორგანიზაცია ადგილობრივმა რეფორმატორებმა ჩამოაყალიბეს, მუშაობენ კორუფციასთან ბრძოლისა და პოლიციის რეფორმის მიმართულებით. ამ სფეროებში გამოცდილება მაქვს. ექსპერტობა მთხოვეს და სიამოვნებით დავთანხმდი. რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ახლა იქ მუშაობენ, ვფიქრობ, საგრძნობი რაოდენობაა იმისათვის, რომ უკრაინის რეფორმების მხარდაჭერა განხორციელდეს. სამთავრობო უწყებებში ვინც არის, ბევრმა მათგანმა უკრაინის მოქალაქეობაც მიიღო. ბევრის სახელი და გვარი გაჟღერდა, თუმცა იქ კიდევ არიან სხვადასხვა უწყებებში ჩართულები ექსპერტებად, მრჩევლებად, რომელთა შესახებ პრესაში არ დაწერილა. ერთი სიტყვით, საკამოდ მნიშვნელოვანი რაოდენობაა. არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. იქ არიან ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და მათი მოტივაციაა, რომ უკრაინისადმი დახმარებით საქართველოს დაეხმარონ, იმიტომ, რომ დღეს უკრაინა არის ფრონტის წინა ხაზზე და თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენც გავიმარჯვებთ, ხოლო თუ დამარცხდება, ცუდი იქნება საქართველოსთვისაც. მე მგონი, ამას ყველა მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს,” – უთხრა “რეზონანსს” ბარამიძემ.

“ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის ხელისუფლებაში 100-ზე მეტი მისი თანაგუნდელი მუშაობს. “უკრაინაში საკმაოდ ბევრი ქართველი მინისტრი და თანამდებობის პირია დაკავებული რეფორმების გატარებით. მაგალითად, უკრაინის პოლიციის რეფორმას ჩვენი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას ძალიან ენერგიულად შეუდგა და მას უკრაინის საზოგადოებამაც მხარი დაუჭირა. იუსიტიციის ორგანოების რეფორმით ჩვენი სპეციალისტების დიდი ჯგუფია დაკავებული, ისინი ელექტრონული ტენდერების სისტემას შექმნიან, რათა ყველა ტენდერი და აუქციონი გამჭვირვალე პროცედურებით ჩატარდეს,” – განუცხადა რუსულ ტელეკომპანია “დოჟდს” მიხეილ სააკაშვილმა.

“უკრაინის ხელისუფლებაში ყოფილი “ნაციონალების” დანიშვნას ცოტა ხნის შინ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და, ნომინალური თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მეგობარი ქვეყნის სუვერენულ უფლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ფაქტი ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხეს არ შეუქმნის. “მე და პოროშენკოს მანდატი ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა მოგვცა. ეს გვავალდებულებს, რომ გავამყაროთ მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. რომ არ ვასრულებდეთ ამ ვალდებულებას, ჩვენ კი ვასრულებთ, მაინც ვერ შევძლებდით ქართველებისა და უკრაინელების წაჩხუბებას, ვინაიდან ისტორიული ფესვები და საერთო მიზნები გვაერთიანებს. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინას ემსახუროს. უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

“მისივე თქმით, გარკვეული დეტალები, ლაფსუსები მშვიდობიან დროს მოგვარდება. “ასეთი საკითხები არ განიხილება, როდესაც მეგობრებს პრობლემები აქვთ”, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

“საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე კი ამას ქართული დიპლომატიის მარცხად აფასებს, მაგრამ აქვე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უკრაინაში ქართველების დანიშვნაზე იწონებს და ამბობს, რომ ამით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი მომგებიანი ნაბიჯი გადადგა. “მარგველაშვილი კიევში სტუმარი იყო და მასპინძლების თვალწინ კორექტულობაა საჭირო, რაც პრეზიდენტმა გაითვალისწინა კიდეც. მისი მხრიდან ეს იყო კიდევ ერთი მომგებიანი პოლიტიკური პასაჟი იმისათვის, რომ დაემტკიცებინა თავისი ოპოზიციური როლი. ის, რომ მარგველაშვილი ამ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა, რომ ერთი “წკიპურტი” კიდევ არ გაემეტებინა საკუთარი თანაგუნდელების მისამართით, ეს მოსალოდნელი იყო. აქ უჩვეულო არაფერია. მარგველაშვილმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და რასაც იტყოდა მთელი მსოფლიო საზოგადოება, საქართველოს მმართველი პარტიის გარდა. ინგლისელები, რომლებიც დღეს კიდევ ითვლებიან დემოკრატიის ეტალონად, მიიჩნევენ, რომ უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. ამ პოლიტიკას ისინი დღემდე მიმართავენ. ძალიან არ გაუხარდათ ინგლისელებს, როდესაც საფრანგეთის ტახტზე კიდევ ერთი ნაპოლეონი აღმოჩნდა, მაგრამ ოფიციალური განცხადება იყო, რომ ეს თვითონ ფრანგების საქმეა და ჩვენ არ გვეხება მაშინ, როდესაც რუსეთში ნიკოლოზ პირველი კინაღამ ჭაღებზე ახტა – ეს როგორ მოხდა, რატომ და რისთვისო,” – უთხრა ცინცაძემ “რეზონანსს”.

“თსუ-ს პროფესორის, კორნელი კაკაჩიას თქმითაც, კიევს ნაკლებად აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში, უკრაინისთვის ახლა მთავარია იმ რეფორმების გატარება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანაში გაატარა. “დღეს უკრაინა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მნიშვნელობას კარგავს, თუ ვის დანიშნავენ თანამდებობაზე. მათთვის ფუფუნებაა იმაზე ფიქრი, იძებნება თუ რა დანაშაული აქვს ჩადენილი ამა თუ იმ პიროვნებას. ყველაზე მთავარი, რაც ახლა კიევს ყოფილი ხელისუფლებისგან სჭირდება, ეს არის იმ რეფორმების გამოცდილება, რომლებიც საქართველოში მეტ-ნაკლებად წარმატებით განხორციელდა – 2003-დან 2007 წლამდე. ეს რეფორმები საერთაშორისო მასშტაბით არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, კიევს ნაკლებად აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში,” – გვითხრა კაკაჩიამ.

“მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გაბუტვის პოზიცია არ უნდა დაიკავოს და ძველებურად უნდა გააგრძელოს ურთიერთობა მეგობარ ქვეყანასთან. “უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს ხელისუფლებამ შიდაპარტიული დაპირისპირება და სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ერთმანეთში არ უნდა აურიოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაინიშნება თანამდებობაზე. სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები უნდა განვითარდეს. “ოცნების” გაბუტვის პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობებს არ წაადგება,” – განაცხადა კაკაჩიამ.

„ვერსია“, 4 მარტი, 2015 წელი

ხათუნა ლაგაზიძე: ,,ზუსტად უნდა დავინახოთ ჩვენი პრობლემა!”

(ამონარიდი)

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ქართული საგარეო პოლიტიკური კურსისა და ეკონომიკური ვითარების შესახებ გვესაუბრება:

- ვიდრე მსოფლიო ჩამოყალიბდება, ვინ არის წაგებული და ვინ მოგებული, ვგულისხმობ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაპირისპირებას, ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაზე უპრიანი, დროის მოგების პოლიტიკაა. მით უფრო, იმ ფონზე, როცა თავად დასავლეთია ჩამოუყალიბებელი _ არ იცის, რა უქნას უკრაინის პრობლემას. თავად ბალტიისპირეთის ლიდერები დასავლეთის, იგივე ევროკავშირისა და ნატო- ს მხრიდან, აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევენ ბებერი ევროპის პოზიციებს. აქედან გამომდინარე, საქართველო დღეს, რუსეთის შესაძლო აგრესიის პირისპირ, ფაქტობრივად, მარტოა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ დღეს გაცილებით ფრთხილი პოლიტიკა გვაქვს, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში გვქონდა. აღარ შევჩერდები რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის დეტალებზე, მაგრამ მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩვენს ზურგსუკან მიმდინარეობს და თან ძალიან უცნაურია. უცნაურობაში იმას ვგულისხმობ, რომ აბაშიძე- კარასინის ფორმატში აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხის განხილვა, რასაც დღეს უკვე ადასტურებენ, რა შედეგამდეც უნდა მივიდეს, საქართველოს საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ზურგსუკან ხდება. არის ძალიან არაჯანსაღი პროცესები და, პირდაპირ ვიტყვი, მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩნდება კითხვა: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა პრაგმატულია და თავის დაზღვევაა რუსეთის შემდგომი აგრესიისგან თუ ეს პრორუსული პოლიტიკაა, რომლის დაფარვასაც ხელისუფლება ვეღარ ახერხებს?

- თქვენი აზრით, ამ ორიდან რომელია?

- ჯერ კიდევ გამიჭირდება საბოლოო პასუხის ჩამოყალიბება, თუმცა ვფიქრობ, უახლოესი თვეები ამას გამოაჩენს და კითხვის ნიშნები აღარ დარჩება.

„ვერსია“, 4 მარტი, 2015 წელი

ექსკლუზიური ინტერვიუ უნგრეთის ელჩთან: როგორ აფასებს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს და რა ახალ ერთობლივ პროექტებზე საუბრობს შანდორ საბოსი

მაკა ლომაძე

როგორც ბალტიისპირეთის სამი, ისე ვიშეგრადის ჯგუფის ოთხივე წევრი ქვეყანა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. მათ ჩვენს მიმართ სიმპათია არაერთხელ დააფიქსირეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაც არაერთხელ აღიარეს საქვეყნოდ. ისინი ასევე მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობის შესახებ მხარეებმა, რამდენიმე დღის წინ, ბუდაპეშტშიც ისაუბრეს, სადაც ქართული დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შანდორ საბოსთან.

- მხარეებს შორის ამ დონის ოფიციალური ვიზიტი, უკვე მესამეა. პირველად, თქვენი პრემიერი უნგრეთს 2012 წლის თებერვალში ეწვია. შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში, ჩვენი პრემიერმინისტრი ჩამობრძანდა საქართველოში, ახლა კი, ისევ ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა ბუდაპეშტში, უნგრეთის მხარის მოწვევით. ორმხრივი თანამშრომლობის ფოკუსში ეკონომიკა და ინვესტიციები მოექცა. 2013 წელს, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთიანი კომისია შევქმენით, რომლის ფარგლებშიც ორი შეხვედრა გაიმართა. ბოლო შეკრება ოქტომბერში იყო. გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ ინვესტიციების მიმართულებით. ვფიქრობთ, ახლა ზუსტად შესაფერისი მომენტია, რომ დამაჩქარებელი ბიძგი მივცეთ ამ კავშირებს პრემიერ- მინისტრების მხრიდანაც. ვიზიტის განმავლობაში, ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი: კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის და საგარეო უწყებათშორისი კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულებას. საინტერესო იყო ირაკლი ღარიბაშვილის ლექცია, რომელიც მან უნგრული კომპანიებისთვის წაიკითხა. მას დაახლოებით 50-60 ადამიანი ესწრებოდა. ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით, ქართული ბიზნესგარემო გააცნო.

- კიდევ რა პროგრესი მოაქვს ერთიანი ეკონომიკური კომისიის მუშაობას, რომელსაც დადებითად აფასებთ?

- შემდეგი შეხვედრა წელს, ბუდაპეშტში შედგება. უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე იყო საუბარი. პირველი: აპრილში, უნგრეთის მხარე თბილისში ეროვნულ სავაჭრო სახლს გახსნის. რამდენიმე ასეთი ტიპის დაწესებულება უკვე გავხსენით ევროპის მასშტაბით. მაგალითად, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს ოფისი კოორდინაციას გაუწევს ქართველ და უნგრელ ექსპორტიორებს; ამას გარდა, დაევალება, შეკრიბოს პოტენციური მოთამაშეები ამ ორ ბაზარზე. ალბათ, ქართველი კადრებით იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ უნგრელი მენეჯმენტი ეყოლება. ქართულ მხარესთან გავივლით კონსულტაციებს, თუ როგორ განვახორციელოთ ეს იდეა. ვიმედოვნებთ, ასეთი სავაჭრო სახლის არსებობა გააუმჯობესებს ამ სფეროში ინფორმაციის გაზიარების პროცესს.

- ეკონომიკის მიმართულებით, მიღწეული რა შედეგებია მნიშვნელოვანი?

- უნგრული ექს-იმ ბანკი გახსნის საკრედიტო ჩარჩოს. ის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს უნგრული კომპანიებისა და მეწარმეთათვის. ეს იქნება სარგებლიანი სესხი მათთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ სურს საქართველოში დაბანდება ძალიან ხელსაყრელი პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ მალე ამოიწურა ეს თანხა, შეგვიძლია, ახალი საკრედიტო ანგარიში გავხსნათ. ეს უნგრეთის შეთავაზებაა, რასაც ქართული მთავრობა სიხარულით დათანხმდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პროგრამა `სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმი~, რომლის ფარგლებშიც, 50 ქართველ სტუდენტს სექტემბრიდან უნგრეთში წასვლის საშუალება მიეცემა. ეს პროგრამა გასულ წელს დაიწყო. მაშინაც 50 სტუდენტი უნდა წასულიყო, მაგრამ 22 წავიდა. იმედია, წელს 50 გაემგზავრება უნგრულ უნივერსიტეტებში. ხარჯებს მთლიანად უნგრული მხარე დაფარავს. მოლაპარაკების საფუძველზე, შეირჩა დარგები: სოფლის მეურნეობა, საინჟინრო, ბიზნესი, საექთნო საქმე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სადოქტორო ინგლისურ ენაში… უნგრეთი ადგენს კვოტას და შემდეგ, თითოეული უნივერსიტეტი არჩევს, ვინ გაგზავნოს. სწავლა გაგრძელდება 4-5 წლის განმავლობაში, მაგრამ თუ სტუდენტი მთლიანი კურსით არ არის დაინტერესებული, შეიძლება, 1-2 წლით დარჩეს. სწავლება ინგლისურ ენაზეა. ქართულმა მხარემ შემოგვთავაზა, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სექტემბრიდან 5 უნგრელ სტუდენტს მიიღებს.

- რამდენად ეფექტური იქნება სხვა უწყებებს შორის მოლაპარაკებები?

- კულტურის სამინისტროებს შორის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, გაადვილდება უნგრული კულტურის დღეების მოწყობა საქართველოში და პირიქით. საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მუდმივი კონსულტაციები იქნება სხვადასხვა საკითხზე.

- საგარეო პოლიტიკაც, როგორც ვიცი, მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი სფეროა.

- რა თქმა უნდა… ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. დიდი ყურადღება ექცევა უვიზო რეჟიმს. უნგრეთი მომავალ რიგის სამიტზე დააყენებს საკითხს, დასრულდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და პოზიტიური შეფასება მიეცეს. თუმცა, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ერთიანი გადაწყვეტილება ჯერ არ არის ცნობილი და შესაბამისად, არ ვიცით, როდის შევა ძალაში უვიზო მიმოსვლა. უნგრეთი იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც საქართველოს ამ მიმართულებას მხარს უჭერენ. მოლდოვას უკვე აქვს უვიზო რეჟიმი და მგონია, ამ ჯგუფში საქართველო შემდეგი უნდა იყოს, რადგანაც უკრაინაში არეულობაა. ევროკავშირის სარწმუნოობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირების ხელშეკრულება კარგია, მაგრამ ქართველმა ხალხმა კონკრეტული შედეგები უნდა დაინახოს. ასევე, უმნიშვნელოვანესი და ხალხისთვის სასარგებლოა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ აბაშიძე- კარასინის ფორმატის აღდგენას?

- ძალიან მოხარული ვარ. რაც უნდა დაძაბული იყოს ვითარება, ყოველთვის დიალოგის მომხრე ვარ. იგივე პოზიციაზეა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინიმუმ, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის დიალოგი. თუ ასე არ მოხდება, მაშინ, რჩება იარაღი და ომი. უნგრეთი კი მშვიდობის მხარესაა. მეზობელი მეზობელია. მე ვარ ზომიერი და არა რადიკალური მიდგომის მომხრე. თქვენი დღევანდელი მთავრობა ცდილობს, რუსეთს პროვოკაციის მოწყობის არანაირი საბაბი არ მისცეს. ეს ძალიან ჯანსაღი მიდგომაა. თუმცა, თქვენ დღევანდელ მთავრობასაც არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთი 2008 წლის, ისევე, როგორც ყირიმის ანექსიისა და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის გამო. ზოგადად, პოზიტიურად ვაფასებ აბაშიძის დანიშვნას, რასაც შედეგად თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, ასევე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება მოჰყვა.

Comments are closed