globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 4th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: აშშ-ის როლი საქართველოს მთავრობის შექმნაში; აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა ივანიშვილისა და ნორლანდის შეხვედრაზე გადაწყდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ქვეყნისთვის თავის მოჭრაა… ამერიკის წყალობით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა“

კვირის პალიტრა: “სამეფო კარის ინტრიგები”: აშშ-ის ელჩის აქტიურობა საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბებაში

კვირის პალიტრა: ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: “არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად” – რა რეცეპტები აქვს თინა ხიდაშელს?

რეზონანსი//მთელი კვირა: დიპლომატიური სკანდალი საქართველოსა და სომხეთს შორის

———————-

„კვირის ქრონიკა“, 4 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: აშშ-ის როლი საქართველოს მთავრობის შექმნაში; აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ბევრი თავსატეხი გაუჩნდა. რომ არაფერი ვთქვათ უნებლიე გადადგომაზე, რაც მე-7 მინისტრის წასვლას მოჰყვა, იყო ორი ისეთი მომენტი, რაც ნერვიულ სისტემაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს:

პირველი – მიხეილ სააკაშვილის დემონსტრირება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ; მეორე – ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ასვლა სოლოლაკის შუშის სასახლეში და მდგომარეობის „გადაღუნვა“ „რესპუბლიკელების“, ანუ პროდასავლური ძალების სასარგებლოდ. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს შიშთან, პირველი უკავშირდება ეკონომიკურ ფაქტორს, მეორე – პოლიტიკურ ორიენტაციას.

ბოლო დროს აზერბაიჯანი საქართველოს მიმართ აშკარად გამომწვევად იქცევა და რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი „აგვიფრიალეს“ კიდეც წითელი ნაჭერივით. ზოგი ამბობს, რომ ძველი მეგობრობა ძალაშია და ალიევი ძმაკაცებს ასე იოლად არ იშორებს, ზოგი ამტკიცებს, ალიევი ამით ევროპელი ლიდერების გულის მოგებას ცდილობს და პუტინსაც ნერვებს უშლისო. პოლიტიკაში რომ მუდმივი მეგობრები არ არსებობენ და საერთოდ, არც მეგობრობა არსებობს, ეს მსოფლიო პრაქტიკამ დაადასტურა. რუსი და აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები ზუსტად ხსნიან ფაქტს, რის გამოც ალიევის ხელისუფლებაა დაბოღმილი საქართველოს მთავრობაზე და ბოლო დროს ცინიზმსაც აღარ ერიდება:

„2008 წლის ომის შედეგებით გამოწვეული საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაურესება აზერბაიჯანისთვის მომგებიანი იყო (რადგან საქართველო აზერბაიჯანზე დამოკიდებული აღმოჩნდა), მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობამ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ისიც აგრძნობინა, რომ თბილისი მის ხელში დაჭერილი „მოკლე სადავით“ მუდმივად ვერ ივლის. ქართველებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავიანთი ახალი რეგიონული პოლიტიკის გატარება, რომელიც შემდეგში გამოიხატება: ქართული დერეფნით დიდ სარგებლობას იღებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ აზერბაიჯანიც… და თუ საჭირო გახდება, ამ დერეფნით სარგებლობა სხვებსაც შეუძლიათ. ანუ საქართველო დერეფანს, ენერგორესურსებით მომარაგების თვალსაზრისით, ალტერნატიულ ვარიანტად გამოიყენებს, ვთქვათ, ირანული გაზის ევროპაში გასატანად, შავი ზღვის მეშვეობით, სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. სხვათა შორის, ამგვარი პროექტი ირანისთვის ყველაზე სასურველი იქნებოდა~.

ერთი მხრივ, აზერბაიჯანი ჩვენ უკვე ღიად გვამადლის, რომ ბუნებრივ აირს ძალიან იაფად გვაწვდის და დაჟინებით ითხოვს, სანაცვლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გადავცეთ, მეორე მხრივ კი, შეშინებულია, საქართველომ არ გახსნას თავისი ენერგოდერეფანი და სომხეთის გავლით ევროპაში არ გაუშვას ირანული გაზი. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს უჩნდება ალტერნატივა, სადაც მისი მოსისხლე მტერი, სომხეთი გამოდის ჩართული.

როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს „ქრონიკასთან“ საუბარში, ილჰამ ალიევი სულელი ნამდვილად არ არის, საკმაოდ გამოცდილია და მან მშვენივრად იცის, რასაც აკეთებს:

- ალბათ, გახსოვთ ჯერ კიდევ „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ სააკაშვილს ალიევთან ძალიან გაუფუჭდა ურთიერთობა. თუმცა ახლა ალიევმა იცოდა, რომ თბილისში ამას მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა, ჩათვალა, რომ მაინც ასე უნდა მოქცეულიყო. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი ბაქოში და მისი ყოფილი მრჩევლის, გია ხუხაშვილის განცხადებები: აი, ახლა ჩვენ ჩავალთ აზერბაიჯანში, ის კი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ როგორც ადრე იყო, ისე აღარ იქნება, ეგენი მიშასთან რაღაცებს იყოფენ, ეს დამთავრდებაო. მე ძალიან კარგად მახსოვს აზერბაიჯანული პრესის მაშინდელი კომენტარები, „სოკარის“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ განაცხადა, როგორც ჩანს, საქართველოში ახალი ხელისუფლების ეკონომისტები არაფრის აზრზე არ არიანო. თბილისიდან თამაშის წესების შეცვლის თაობაზე ჯერ კიდევ ივანიშვილის ვიზიტამდე დაანონსდა, რა წესებიც ჰქონდა სააკაშვილს, ის დრო დამთავრდაო.

აზერბაიჯანმა თამაშის სხვა წესები არ მიიღო, ძალიან გაღიზიანდა და ამიტომაც გაზის ტარიფის გაიაფებაზე საერთოდ აღარ წამოვიდა. ქართული მხრიდან შეთავაზებული „შანტაჟის“ განხორციელება თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან რთულია, რადგან ამას ენთუზიაზმით არ შეხვდება არც ვაშინგტონი და არც ისრაელი.

- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ასეთი საქციელით ალიევი, ჩვენი ხელისუფლების გარდა, პუტინსაც არ აღიზიანებს?

- არა, საერთოდ, პუტინი არ არის ჩაციკლული პოლიტიკოსი. სტრატეგიულ საკითხებში კი, მაგრამ მისთვის სააკაშვილის პრობლემა აღარ არსებობს, უკვე მოიმწვანილა. უახლოეს მომავალში მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია, რადგან როგორც ვხედავთ, ამერიკელებმა უკვე სხვა გზა აირჩიეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი სტალინის სტრატეგიით მიდის. მე აქ სხვა საშიშროებას ვხედავ, უკვე აშკარად ჩანს ჩვენი ხელისუფლების იზოლაციის დასაწყისი. იგივე ალიევი, იგივე ევროპა და სხვებიც თვლიან, რომ კი, თბილისს ეწყინება, მაგრამ ცივ წყალს დალევენ და გაუვლით.

- აქ სააკაშვილზე არ არის საუბარი, აშკარად რაღაც ბოღმა ტრიალებს საქართველოს მიმართ ევროპაშიც, კავკასიაშიც და ამერიკაშიც, რაღაც უბედურება ხდება ჩვენს თავს, რასაც ვერ ვხსნით, დავუშვათ, აზერბაიჯანს თავისი აწუხებს, ეს გასაგებია, მაგრამ რა ხდება საერთოდ, სად ხვდებიან ასე ყოფილ პრეზიდენტებს?

- ხვდებიან… მაგალითად, ლეხ ვალენსას ხვდებოდნენ და ნობელის პრემიაც კი მიანიჭეს. (…) დღეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის სხვა რამეა მთავარი, ჩვენ მოვყევით შეფასებების კონფლიქტში, სადაც არ მუშაობს ქართული დიპლომატია. ამ ყველაფერს მოჰყვა საქართველოს მთავრობის პოზიციის იგნორირება თითქმის ყველა დონეზე. აი, ეს არის იზოლაციის საწყისი ეტაპი. მანანა კობახიძემ გააკეთა სწორი, მაგრამ დიპლომატიურად გაუმართლებელი განცხადება: თუ აზერბაიჯანს ჩვენთან კარგი ურთიერთობა უნდა, ასე არ უნდა მოიქცესო. ამას დიპლომატიურ ენაზე ჰქვია შენიღბული მუქარა. დღეს ჩინეთს შეუძლია, ფეხებზე დაიკიდოს, რას ფიქრობს მსოფლიო, იქ ისევ კომუნისტური პარტიაა და საერთოდ არ აინტერესებთ, რას იტყვის ევროპა. ასევე, ფეხებზე ჰკიდია დასავლეთის აზრი რუსეთსაც, მთელი მსოფლიო ლამის სანქციებით ებრძვის, მაგრამ უკან ვერ დაახევინეს. აგერ უკრაინაში დღე-დღეზე დაიწყება ახალი ომი, უფრო ფართომასშტაბიანი, ვიდრე აქამდე იყო.

ჩვენ შეგვიძლია, წინ აღვუდგეთ დასავლეთის ეჭვებს, დასავლეთის პოზიციებს და ფეხებზე დავიკიდოთ თუნდაც ამერიკელების ე.წ. დირექტივები? ჩვენ იმდენი ძალაც კი არ შეგვწევს, დაპირებული ვიზალიბერალიზაცია მოვითხოვოთ, რომელიც მოლდოვას კარგახანია მისცეს. ახლა რიგის სამიტი იქნება, რას მივიღებთ? არაფერს!

- როგორ ფიქრობთ, ეს იზოლაცია გაღრმავდება?

- ჯერჯერობით მიდის ტენდენცია. ჩვენს დიპლომატიას რომ ვუყურებ, საერთოდ არ ჩანს რაღაც კრეატიული აზროვნება, არ გაგვაჩნია საგარეო პოლიტიკა. საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავს თუ არა, კაციშვილმა არ იცის. ყველაფერი ისევ `ნაციონალების~ დროინდელი ინერციით მიდის. მსოფლიო იცვლება, რეალობა იცვლება, ზოგან კრიზისია, ზოგან ომია, მაგრამ ჩვენ ისევ ვდგავართ „ნაცმოძრაობის“ რელსებზე, ერთი მცირე გადახვევაც არ ყოფილა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ნინო ბურჯანაძის თქმისა არ იყოს, ჩვენს ხელისუფლებაში დიდი საბავშვო ბაღია, ლარის კურსი ეცემა, ხალხი ღატაკდება და ამ დროს თურმე აუცილებელი ხდება გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების შეცვლა. თუ ეკონომიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა, ალბათ, დიასპორის მინისტრსაც შეცვლიან.

(…)

- ბატონო სოსო, ალბათ, ცალკე საკითხია ამერიკის ელჩის ვიზიტი სოლოლაკში და თინა ხიდაშელის დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. რიჩარდ ნორლანდი კი აცხადებს, მე არაფერ შუაში ვარო, მაგრამ მაგას ვინ დაიჯერებს?

- ნორლანდს შეეძლო, სოლოლაკში ისე ასულიყო, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი ჩავიდა თავის დროზე ჩინეთში და ვერავის ვერაფერი გაეგო, მაგრამ ასე არ მოიქცა, მან პირდაპირ გვითხრა: ჩვენს გარეშე ერთ მინისტრსაც ვერ დანიშნავთ, ყველაფერი ვიცით, ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთო. თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა ნიშნავს, რომ ამერიკელებს ფსონი უკვე დადებული აქვთ „რესპუბლიკელებზე“. ირაკლი ალასანიამ გადაინაცვლა ღრმა რეზერვში. ჩემი აზრით, ამერიკელების მიერ დადებული ფსონი მაინც უპერსპექტივოა ხანგრძლივ გათვლაში. ადრე თუ გვიან, თავად „რესპუბლიკელებს“ მოუწევთ საკუთარი თავის იმედზე ყოფნა, ეგენი ყველა პარლამენტში სხვისი მატარებლით შედიოდნენ. დადგება დრო, როცა პირისპირ აღმოჩნდებიან ამომრჩეველთან და არ არის გამორიცხული, მორიგი ამერიკული პროექტი ჩავარდეს. თავის დროზე ამერიკელებს პროექტი „მიშა“ იმიტომ გამოუვიდათ, რომ სააკაშვილს ხალხი უჭერდა მხარს. „რესპუბლიკელები“ სულ სხვა სიტუაციაში არიან, მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

ჩვენ მთელი სამი წლის განმავლობაში გვიკვირს, რატომ დებს ივანიშვილი ფსონს არც თუ ჭკვიან ხალხზე. ეს ელემენტარულია, ასეთი ადამიანები უფრო მორჩილები არიან. შეიძლება ივანიშვილის მხრიდან ეს სწორი პოლიტიკაა სათავისოდ, მაგრამ ჩვენ რა „დავაშავეთ“? როდესაც ნორლანდი შუშის სასახლეში მივიდა, ეს კიდევ იმაზეც მიანიშნებს, რომ მარტო ხიდაშელის საკითხს კი არა, ძალიან ბევრ რამეს წყვეტს რიგითი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი.

- ძალიან მაინტერესებს, მმართველობის ასეთი სტილი თუ არსებობს სადმე?

- აი, სწორედ ეგ უნდა მეთქვა ახლა… მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბიძინას ჩემზე გაცილებით ჭკვიანი მრჩევლები ჰყავს, მაინც გავბედავ და ვეტყვი: იქნებ შეისწავლოს დენ სიაოპინის მოღვაწეობის ის პერიოდი, როცა გადადგომის შემდეგ კიდევ მართავდა ჩინეთს კულისებიდან. ის იყო თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან ეფექტური. ასევე, იყო სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრი ლი კუანი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაასაფლავეს. ეს ადამიანი აღარ იყო მმართველი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბევრ რამეს ეკითხებოდნენ, ფაქტობრივად სინგაპურს ისევ ის მართავდა. ამ ორ ადამიანზე არავინ ხუმრობდა, არავინ აპროტესტებდა, ხელისუფლებაში აღარ არიან და რატომ ეკითხებითო? კულისებიდან მართვა ხელოვნებაა, დაავალოს ივანიშვილმა თავის მრჩევლებს და ეს საკითხი შეისწავლონ.

„ახალი თაობა“, 4 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა ივანიშვილისა და ნორლანდის შეხვედრაზე გადაწყდა

ინტერვიუში პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ეხება საქართველოს სამთავრობო კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს და საუბრობს აშშ-ის როლზე საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბების საკითხში.

ამონარიდი ინტერვიუდან:

– თავდაცვის მინისტრის ცვლილება საერთოდ არ იგეგმებოდა. ეს იყო ერთგვარი პასუხი გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და მე ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრის ცვლილება გადაწყდა ივანიშვილისა და ნორლანდის შეხვედრის დროს.

ნორლანდმა შესთავაზა ივანიშვილს ხიდაშელის კანდიდატურა?

– მე არ ვამბობ, რომ იმ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მაინცდამაინც თინა ხიდაშელი ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფილიყო უფრო მკვეთრად გმოხატული პროდასავლური ფიგურა, იმ შეხვედრაზე გადაწყდა.

რამდენად გამართლებულია ხიდაშელის დზანიშვნა ამ პოსტზე?

– თავდაცვის სამინისროს ხელმძღვანელობა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა პოლიტიკურ ფიგურასთან. ჯარი უნდა მრთოს გენერალურმა შტაბმა, რომელსაც ძალიან კარგი შტაბის უფროსი ჰყავს ვახტანგ კაპანაძის სახით. თუ ეს გამიჯვნა მოხდა, რომ პოლიტიკა უნდა წარმართოს მინისტრმა და სამხედრო საქმე – შტაბის უფროსმა, თინა ხიდაშელი ნამდვილად გამოდგება თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიის და კაავშირების გამო. თან მკვეთრად გამოხატული დასავლური პოზიციის გამო. ხიდაშელის დანიშვნა იყო მოქნილი სვლა და ბურთი ჩაჩარა პირში ზოგიერთი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელს, რომელიც მთავრობას პროდასავლური კურსის ღალატში სდებდა ბრალს. გეოპოლიტიკური გამოწვევა ვახსენე და, როგორც ჩანს, მსოფლიოს დღის წესრიგი იცვლება, ახალი პოლიტიკური რეალობები ჩნდება და ბევრად უფრო სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა საჭირო თავდაცვის მინისრის პოსტზე ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.

„ახალი თაობა“, 4 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ქვეყნისთვის თავის მოჭრააამერიკის წყალობით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

შორენა მარსაგიშვილი

რა მოსთხოვა აშშ-ის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს, რა თამაშს თამაშობს გიორგი მარგველაშვილი, ჩააჩოჩეს თუ არა ირაკლი ალასანია, რა კავშირშია ლუკაშენკოს ვიზიტთან ხიდაშელის გამინისტრება? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ესაუბრება.

(ამონარიდი)

ელიზბარ ჯაველიძე: თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ქვეყნისთვის თავის მოჭრაა. როგორ შეიძლება რესპუბლიკელების ასეთ საპასუხისმგებლო პოსტებზე დანიშვნა, განსაკუთრებით იმ ჩანაწერის შემდეგ, რომელიც უკრაინულმა მედიამ წინა კვირაში გამოაქვეყნა. მათი მტკიცებით, კიევში მყოფი ხიდაშელი და მისი ქმარი მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. იმ შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს. იმის ნაცვლად, რომ პასუხი მოეთხოვათ, თავდაცვის მინისტრად დანიშნეს. როგორც რეზო ამაშუკელი იტყოდა, თუ თინა თავდაცვის მინისტრი იქნება, მაშინ ფლოტი წინა წკრიალაშვილს ჩავაბაროთ.

თქვენ გჯერათ, რომ კიევში სააკაშვილისა და უსუფაშვილ-ხიდაშელის შეხვედრა მართლაც შედგა?

– მე იმის მჯერა, რომ რესპუბლიკელები ქვეყანას დაღუპავენ. თინა ხიდაშელი არის ის ქალი, რომელმაც აფხაზებს განუცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განიხილავს. როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ანდო სამხედრო უწყება. დაიკერებს ახლა გენერალ-ლეიტენანტის სამხრეებს და ტანკებით მიადგება მოსკოვს. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოში თავში აზრად არავის მოუვიდოდა. უსუფაშვილის კნეინას გამინისტრება თავიდან ბოლომდე რიჩარდ ნორლანდის დამსახურებაა.

რატომ გგონიათ, რომ ამაში აშშ-ის ელჩია გარეული?

– კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ. ერთი დღით ადრე, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრობის ახალ კანდიდატებს წარადგენდა, რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. როცა ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა ნორლანდმა კომენტარი გააკეთა, ამტკიცებდა, შეხვედრა კი შედგა, მაგრამ ხიდაშელზე არ გვისაუბრიაო. საინტერესო ისაა, რომ ამ თემაზე მისთვის კითხვა არავის დაუსვამს. ელჩმაპ თავის მართლება დაიწყო. ქურდს, როგორც წესი, ქუდი ეწვისო და ასე იყო მაგისი საქმეც.; ხიდაშელი ამერიკის მითითებით ინიშნება ამ თანამდებობაზე. ეს საკადრო გადაწყვეტილება თბილისში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან არის პირდაპირ კავშირში.

ლუკაშენკოს რა კავშირი აქვს საკადრო გადაწყვეილებასთან?

– ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ბელარუსის პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჩამოიტანა თბილისში.

რა გზავნილებზეა საუბარი?

– ყველაფერს დეტალურად ვერ გეტყვით, ამ ინფორმაციის სრულად გამჟღავნების უფლება არ მაქვს. გეტყვით იმ განწყობას, რაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით აქვს. თუ ტანზე სამოსს არ შემოვიხევთ და 10-15 წლის მანძილზე ნატოში არ შევვარდებით, დაკარგული ტერიტორიების პრობლემის მოგვარება დაიწყება.

ვინ არის გარანტი, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყება?

– ყველაფრის თქმის უფლება, როგორც უკვე გითხარით, არა მაქვს. ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზეა გადაწყვეილი. ამის შესახებ, ეტყობა, გაიგო ამერიკამ და მოქმედება დაიწყეს. თავდაცვის მინისტრად ისეთი პირი მოიყვანეს, რომელიც მათ ყველა დავალებას შეასრულებს. სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ის იყო, რომ ამერიკის ყურმოჭრილი მონა გახლდათ. მათ ყველა მითითებას ასრულებდა. ამის გამო მას ყველა დანაშაული აპატიეს, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა. ვაშინგტონისთვის მთავარია, მის მიერ დასახული ამოცანები შეასრულოს ვინმემ. ამერიკის წყალობით, ამ დღეებში საქართველოში კიდევ ერთხელ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება.

ამ ხელისუფლების დანაშაული ისაა, რომ ის სისტემა არ ამოძირკვა, რომელიც ნაციონალებმა დატოვეს. ახლა ვეკითხები ბიძინა ივანიშვილს, რას ნიშნავს თავდაცვის მინისტრის პოსტზე უსუფაშვილის დულცინეას დანიშვნა?! საქართველოში ბავშვებსაც კი არ სჯერათ, რომ ეს გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა მიიღო. მან ჟურნალისტებზე გვიან შეიტყო, რომ ამ პოსტისთვის ხიდაშელს ამზადებდნენ, ან ვინ მისცა ამ ამერიკას ამდენი უფლება, მაგათი მონები ვართ, ბოლოს და ბოლოს! კომუნისტების დროს კოლმეურნეობის კრება პარტკომის გარეშე არ ტარდებოდა. ეს რიჩარდ ნორლანდიც ამერიკის პარტკომია და ყველაფერში ცხვირს ყოფს.

თუ მართლაც ივანიშვილი დგას ამ გადაწყვეტილების უკან, თქვენი აზრთ, რატომ დათანხმდა ის ნორლანდის წინადადებას?

– მას სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა. ხიდაშელის გამინისტრების სურვილი არ ჰქონოდა, თავიდანვე მიიღებდა ამ გადაწყვეილებას. მან პრემიერად მოიყვანა ახალგაზრდა, განათლებული კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ადამიანი, პირველ რიგში, იმით იმსახურებს სიმპათიებს, რომ ქართულად მოაზროვნეა და ქართულად უძგურს გული.

ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას, ცოტა ფრთხილად იყავით, თორემ ხალხი გამოვა გუჩაში და ყველას გაგყრით. ისეთ დღეში ჩაცვივდებით, მაგ ჩაპუნტულებულ უკანალებში სულ ქუსლების რტყმევით გაიქცევით აქედან. თინა ხიდაშელი პირველი გავარდება. (…)

კვირის პალიტრა“, 4 მაისი, 2015 წელი

სამეფო კარის ინტრიგები“: აშშ-ის ელჩის აქტიურობა საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბებაში

ხათუნა ლაგაზიძე

(შემოკლებით)

გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებები მნიშვნელოვნად ცვლის როგორც შიდაპოლიტიკურ ლანდშაფტს, ასევე ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური იმიჯის გაუმჯობესებასაც ემსახურება.

რესპუბლიკელებისთვის თავდაცვის მინისტრის პოსტის გადაცემით გადაწყვეტილების მიმღებმა რამდენიმე კურდღელი მოკლა: დასავლეთს ლოიალურობა დაუდასტურა და დღევანდელი ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებული კითხვები დიდწილად მოხსნა. აშშ-ის ელჩის აქტიურობა სამთავრობო გადაადგილებების პროცესში სწორედ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დიდ დაინტერესებას ადასტურებს. როცა პარლამენტი და თავდაცვა ხანგრძლივი პროდასავლური ბიოგრაფიის მქონე პირებს აბარიათ, დასავლეთი უფრო მშვიდად შეხედავს საგარეო-პოლიტიკურ ფლანგზე საქართველოს ხელისუფლების დაბალანსების პოლიტიკას.

დასავლეთისკენ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო იმ ფონზე, როცა ჩვენივე მეგობარმა, მეზობელმა და პარტნიორმა ქვეყნებმა სულ უფრო გაახშირეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების იგნორირებისა და აშკარა უპატივცემულობის გამოვლენა. ბოლო ასეთი ფაქტი სწორედ სამთავრობო ცვლილებების პარალელურად მოხდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტმა ალიევმა დიდი პატივით მიიღო საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. თუ გავითვალისწინებთ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ანალოგიურ დამოკიდებულებას საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის მიმართ და იმასაც, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება აშშ-ის სრული მხარდაჭერით სარგებლობს, მივხვდებით, რომ საქართველოს მმართველ კოალიციას საერთაშორისო იზოლაციას ბევრი არაფერი აკლდა და ამ ვითარებაში კოალიციაში პროდასავლური ფრთის გაძლიერება მართლაც გონივრული ნაბიჯია.

მეორე მხრივ, მმართველი კოალიცია კვლავ საინტერესო ხდება პროდასავლელი ამომრჩევლისთვის, რაც მთავარ ოპოზიციურ პროდასავლურ ძალებს­ ნიადაგს დიდწილად აცლის. განსაკუთრებით დამძიმდება “თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია, რომელთა მთავარი მესიჯი მმართველი კოალიციიდან წასვლის შემდეგ სწორედ ხელისუფლების მიერ პროდასავლურ საგარეო კურსზე უარის თქმა გახლდათ. ამასთან, ირიბად სწორედ “თავისუფალ დემოკრატებს” უძევთ ლომის წილი რესპუბლიკელების დღევანდელ ტრიუმფში – მათი წასვლით უმრავლესობიდან „რესპუბლიკელები“ ერთადერთი მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ძალა დარჩა კოალიციაში და მისი შენარჩუნება კოალიციის პროდასავლური იმიჯისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა, ისევე როგორც „რესპუბლიკელი“ დეპუტატების ხმები უმრავლესობის შესაქმენლად. ასე რომ, რესპუბლიკელებს პოლიტიკამ, – ვინც მოითმენს, ის მოიგებს, – არა მარტო ადგილი

შეუნარჩუნა სახელისუფლებო პიედესტალზე, არამედ თავდაცვის მინისტრის პოსტიც ჩაუგდო ხელთ, პოსტი, რომელიც თავისთავად შეიცავს რეიტინგის მარაგს. უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილის მიერ დაკავებული წამყვანი სახელმწიფო პოსტები რესპუბლიკელებს პირველად აძლევს რეიტინგის ზრდის იმგვარ შანსს, რომ მათ სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად შეძლონ საპარლამენტო ბარიერის გადალახვა. (…)

კვირის პალიტრა“, 4 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ თინა ხიდაშელთან: არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად” – რა რეცეპტები აქვს თინა ხიდაშელს?

ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „კვირის პალიტრის“ კორესპონდენტს რუსუდან შელიას სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრება, მათ შორის აფხაზეთის პრობლემის შესახებაც.

გთავაზობთ ამონარიდს:

- სხვადასხვა მედიასაშუალება­ დღესაც ავრცელებს 2001 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევთ.

- რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ თუ არ იტყვი, რა კონტექსტია… როცა წერია მხოლოდ ეს… ტრენინგზე ხომ ყოფილხართ, არ გითამაშიათ? შეიძლება ისეთ საკითხებზე ვიმსჯელოთ, ვიღაცამ ჩვენი საუბარი რომ ჩაიწეროს, სამშობლოს მოღალატეებად კი არა, სამყაროს პრობლემადაც შეიძლება გამოგვაცხადონ.

- ეს ტრენინგზე კი არა, ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე­ განაცხადეთ..

- ეს საერთაშორისო დონეზე ორგანიზებული შეხვედრა იყო, კონფერენციას უფრო ოფიციალური სტატუსი აქვს. მაშინ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეხვედრების მთელი ციკლი გვქონდა. დახურულ კარს მიღმა საუბრისას ამოცანას გულზე ხელების ბრაგუნი კი არა, მეორე მხარის ალაპარაკება წარმოადგენს. მე დღესაც იმავეს გავიმეორებ… ვფიქრობ, საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი აფხაზეთში პროაფხაზური ძალები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ მთავარი მიზანი აფხაზეთის დამოუკიდებლობაა. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახდომას არ დაუშვებენ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. მათი ამოცანები­ და სტრატეგია უნდა იცოდე, მაგრამ თუ ადამიანს ეტყვი, ხვალ დილით თუ არ დათანხმდები ჩემს წინადადებას, თოფით მოვდივარ და დაგიპყრობო, ის ჩაიკეტება და მის გეგმებზეც ვერაფერს შეიტყობ. ამიტომ სემინარი თუ “მრგვალი მაგიდის” ფორმატის შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ მეორე მხარე ყველა სცენარზე მაქსიმალურად აალაპარაკო.

- დავაზუსტოთ: უკვე თავდა­ცვის მინისტრი ხართ და იგივე პოზიცია გაქვთ?

- არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთს არ განვიხილავ საქართველოს ნაწილად. ეს არის სცენარის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მეორე მხარე უნდა ვალაპარაკოთ. ამას ჰქვია თამაში “მრგვალი მაგიდის” ფორმატში. არ ვაპირებ ამ თემაზე თავის მართლებას.

- იქნებ ის აგვიხსნათ, მთავრობაში რესპუბლიკური პარტიის ფართო სპექტრით წარმოდგენა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგი არის თუ არა, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს?

- ეს არ არის ვაჭრობა, ეს კოალიციური შეთანხმებაა. თავის დროზე, “თავისუფალ დემოკრატებს” მთავრობაში ხუთი მინისტრი ჰყავდათ, მაგრამ მაშინ ასეთი შეთანხმება იყო: რესპუბლიკელებს მეტი თანამდებობრივი წარმომადგენელი პარლამენტში უნდა გვყოლოდა, “თავისუფალ დემოკრატებს” – მთავრობაში. დღეს “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციაში აღარ არიან, შესაბამისად, ახალი ტიპის შეთანხმების საჭიროება დადგა. პოლიტიკაში ყველაფერი “მოსულა”, გნებავთ, ამას ვაჭრობა დაარქვით, პრობლემა არა მაქვს. უბრალოდ, როცა ხელისუფლება კოალიციურია, ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა შტოც კოალიციური უნდა იყოს. (…)

რეზონანსი//მთელი კვირა“, 04 მაისი, 2015 წელი

დიპლომატიური სკანდალი საქართველოსა და სომხეთს შორის

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ცხინვალისპარლამენტისთავმჯდომარე სტეპანაკერტში მიიწვია და მასთანსამუშაო შეხვედრაგამართა

ეკატერინე ბასილაია

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა და ამ შეხვედრაზე “ორ ქვეყანას შორის” ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ამ ინფორმაციას და მასპინძლობის ამსახველ ფოტო მასალას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ინტერნეტგვერდი ავრცელებს, სადაც წერია, რომ “პარლამენტის თავმჯდომარე” ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. დემონსტრაციულად არამეგობრული ჟესტი და ქართული დიპლომატიის სისუსტე, ასევე მინიშნება იმაზე, რომ ერევანში აღარ აწუხებთ, რა ეწყინება ან რა გაუხარდება თბილისს – ასე აფასებენ ქართველი პოლიტოლოგები ამ ფაქტს.

რა სტატუსით შეხვდა სომხეთის პარლამენტის სპიკერი სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელს და იყო თუ არა ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული? – “მთელი კვირა” ეცადა, ეს საკითხი გაერკვია, მაგრამ უშედეგოდ. არასამუშაო დღეების გამო თბილისში არსებულ სომხეთის საელჩოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. კომენტარის გაკეთება არ ისურვეს არც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაშიც, სადაც გვითხრეს, რომ სომხეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ეს არის მთავარი პრინციპი, თავად ეს ფაქტი მათ არ იციან და ამდენად კომენტარს ვერ გააკეთებენ.

(…)

“ანატოლი ბიბილოვი და გალუსტ სააკიანი შეთანხმდნენ განაგრძონ მუშაობა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის,” – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებ-გვერდზე. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების დამკვირვებლად მონაწილეობას მთიან ყარაბაღში გამართულ დე ფაქტო ნაციონალური საბჭოს არჩევნებზეც.

დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის თქმით, ამ ფაქტს დიპლომატიურ ენაზე არამეგობრული ჟესტი ჰქვია და ეს ქართული დიპლომატიის დიდი სისუსტეა.

სოსო ცინცაძე: “სომხეთს ასეთი პოლიტიკა აქვს – სომხეთი ცალკეა და სტეპანაკერტი – ცალკე. მათი თქმით, მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამიტომ ერევანი პასუხს არ აგებს, რა ხდება სტეპანაკერტში. თუმცა, ის, რომ ახლა უკვე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე იწვევს ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს და ხვდება, ეს ქართული დიპლომატიის დიდი სისუსტეა და აღმაშფოთებელია.

“ქართულ დიპლომატიას ცხინვალზე ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ერევანზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს. აღშფოთების ადრესატი კი ჩვენი ქალბატონი მინისტრი უნდა იყოს. ქართული დიპლომატია ვერ ახერხებს ნორმალური ურთერთობის დამყარებას თავის უახლოეს მეზობლებთანაც კი. რუსეთს თავი დავანებოთ და ვერ ახერხებს ნორმალურ ურთიერთობას ვერ ერევანთან და ვერც ბაქოსთან. თუნდაც ის რატომ არ გვიკვირს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი პატიჟებს ძებნილ სააკაშვილს და მეგობრულ ვითარებაში ღებულობს?! ეს არის კიდევ ერთი მინიშნება, თუ რა დღეში იმყოფება დღეს ქართული დიპლომატია. ეს არამეგობრული ჟესტია, ისევე, როგორც ოფიციალური ბაქოს ქმედება იყო არამეგობრული ჟესტი. ერევანშიც და ბაქოშიც ელჩები გვყავს და ისინი ხელფასს იმაში იღებენ, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს და სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური პირი მეგობრობის დემონსტრაციას არ აწყობდეს საქართველოს სეპარატისტულ რეჟიმთან. ელჩის მოვალეობა ესაა. თუმცა, ელჩს რას ვერჩით, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი არაფერს აკეთებენ და აგერ სახლობანას თამაშს არიან გადაყოლილი”, – ამბობს ცინცაძე. მისი თქმით, ოფიციალურ ვიზიტსა და სამუშაო შეხვედრას შორის ფორმალურად განსხვავება არის, თუმცა, რეალურად – არა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფაქტი სომხების მხრიდან დემონსტრაციული ნაბიჯია, რაც იმას მიანიშნებს, რომ ერევანში, ისევე როგორც ბაქოში, აღარ აწუხებთ, თუ რა ეწყინება თბილისს.

“დიპლომატების ენაზე “სამუშაო შეხვედრა” ურთიერთობის უფრო დაბალ დონეს ნიშნავს, “ოფიციალურ შეხვედრაზე” მიღება კი – უფრო სხვა, მაღალ დონეს. თუმცა, რეალურად არაფერი განსხვავება არ არის”, – ამბობს ცინცაძე.

მისივე აზრით, ოფიციალური ერევანი 22-24 აპრილს გენოციდის 100-წლისთავზე სომხეთში საქართველოდან დაბალი რანგის დელეგაციის ჩასვლის გამოც უკმაყოფილოა და შესაძლოა ეს შეხვედრა ამის გამოძახილი იყოს. ერევანი საქართველოდან გენოციდის ოფიციალურად აღიარებას მოითხოვს. ამას საქართველო ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ ამაზე ბაქოში მყისიერი და ჩვენთვის არასასიამოვნო რეაქცია იქნება. სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ეს დემონსტრაციულად შეხვედრაც ამ უკმაყოფილების ჯაჭვის გაგრძელებაა. სომხები თვლიან, რომ კარგი, გენოციდს არ აღიარებთ, მაგრამ უფრო მაღალი რანგის დელეგაცია უნდა ყოფილიყო ერევანშიო. ამის შესახებ სომხური პრესა ღიად წერდა”, – აღნიშნავს ცინცაძე.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ერევანში მშვენივრად იციან, თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამაზე საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას. ამიტომ ეს საქართველოს მიმართ კეთილ ჟესტად არ ჩაითვლება.

კორნელი კაკაჩია: “წინა წლებში არ მახსენდება, რომ მსგავსი შეხვედრა მომხდარიყო. მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი ლიდერები აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობენ, მაგრამ ოფიციალურ დონეზე, ისე, რომ სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი შეხვედროდეს, არ მახსენდება. ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კეთილმეგობრობის ნიშანი და ზოგადად, ქართულ-სომხური ურთიერთობების გასამტკიცებლად გადადგმული ნაბიჯი არ არის. გასაგებია, ერევანს ყარაბაღთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები აქვს და ეს შეხვედრა ყარაბაღთან იყო კავშირში, მაგრამ ოფიციალური წარმომადგენლის მიერ სეპარატისტული ხელისუფლების ასე ოფიციალურად მიღება ქართულ-სომხურ ურთიერთობებს არ წაადგება და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია ექნება. ნოტის დონეზე არა, მაგრამ რაღაც საუბარი უნდა შედგეს, თუნდაც ის, რომ სომხეთის ელჩი დაიბარონ. მთლიანობაში მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჰქონდეს და ეს მეორე მხარეს ეცნობოს”.

კაკაჩიას განცხადებით, ძალიან საინტერესო იქნება როგორც საქართველოს საგარეო უწყების, ასევე სომხეთის საელჩოს პოზიცია, თუ რითი ხსნიან ამ ფაქტს.

Comments are closed