globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 4th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: “გაუგებარია, რატომაა გეორგიევსკის ლენტი ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული”

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მასმედიასთან დაკავშირებით ორ სამეურნეო სუბიექტს შორის დავა პირველად ვლადიმირ პუტინმა ახსენა“

რეზონანსი: გარემოს დამცველები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქციებს იწყებენ // დეპუტატი გია ჟორჟოლიანი: „თუკი მათ „ნაცმოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება ურჩევნიათ, მათი ნებაა“

რეზონანსი: ინტერვიუ ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილთან: როგორ მიდის თურქეთში იშხნისა და ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლების აღდგენა?

——-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „საქართველო შესაძლოა რუკაზე აღარ დარჩეს… სანამ დეპუტატები იმას არკვევენ, ვინ ვისთან წევს, მეზობელი ქვეყნები ჩვენს ტერიტორიებს ეპატრონებიან”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „გარკვეულ ძალებს უნდათ დაამტკიცონ, თითქოს ხელისუფლება  ოპოზიციას ატერორებს… საზოგადოებას ამზადებენ იმისათვის, რომ მომავალი პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე იქნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ოპოზიციაში მიმდინარეობს გადაძახილი, რომ საჭიროა ერთობლივი ქმედება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: „რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ეს პარლამენტი იმის ღირსია, რომ ხალხმა ჯოხებით გარეკოს“

———————

რეზონანსი“, 04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: “გაუგებარია, რატომაა გეორგიევსკის ლენტი ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული”

თაკო მათეშვილი

პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე 9 მაისის მოახლოებასთან ერთად ექსცესების გახშირებას ვარაუდობს და ამბობს, რომ სწორედ ამას ემსახურებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული დროშებით მორთული ავტომობილებით შემოვიდნენ. იგი დასძენს, რომ გეორგიევსკის ლენტს ორივე მხარე – რუსულიცა და ქართული ჯგუფები – სათავისოდ იყენებს და საკუთარი მიზნების რეალიზებისათვის პროვოკაციებსაც არ ერიდებიან. “რეზონანსთან” ინტერვიუში მამუკა არეშიძე ამომრჩევლების სადავო რაოდენობასაც ეხება.

- სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციას, რომ ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემი გაყალბებულია და არათუ ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლეობაც კი არაა ამდენი.

- როგორც ვიცი, ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 700 ათასია. ეს იმ ადამიანთა რიცხვია, რომლებიც საქართველოში ცხოვრებენ. 3 მილიონ 500 ათას ამომრჩეველში კი ისინიც იგულისხმებიან, ვინც საქართველოდან დროებით გასულია. მოსახლეობისა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის სხვაობა ნახევარი მილიონი მაინც უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეები ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ და თუკი ელემენტარულ მათემატიკას მოვიხმართ, დავასკვნით, რომ ასეა. ამომრჩეველთა ეს რაოდენობა – 3 მილიონ 500 ათასი ჯერ კიდევ წინა არჩევნებიდან მახსოვს და ოპოზიცია ამას მაშინაც აპროტესტებდა. ოღონდ მაშინ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციონერები იყვნენ.

- ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. არადა, როგორც ცნობილია, რუსეთში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

- რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და არ ვიცი, საარჩევნო ყუთები როგორ განაწილდება. შეიძლება შვეიცარიის წარმომადგენლობასთან კიდევაც გაიხსნას უბანი, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ყუთი იქნება. ერთ საარჩევნო უბანს კი კანონით მხოლოდ 1500-მდე მოქალაქის მიღება შეუძლია. შვეიცარიის წარმომადგენლობასთან ერთი უბანი რომც გაიხსნას, ეს არაფერს ცვლის, რადგან ჩვენი მოქალაქეები მთელ რუსეთში არიან მიმოფანტული. არ ვიცი, როგორ მოხდება სხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ბევრ ქვეყანაში საარჩევნო უბნები მხოლოდ ერთ ადგილას – საელჩოსთანაა ხოლმე გახსნილი. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოსთან და ზოგჯერ საკონსულოსთანაცაა ხოლმე გახსნილი, მაგრამ პოტენციური ამომრჩეველი ხომ მთელ ქვეყანაშია მიმოფანტული. სულ რომ გადაკარგულში იყოს საქართველოს მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შანსი მაინც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ის ამომრჩეველში მაინც უნდა ჩათვალო.

- როგორც გაირკვა, საქართველოში მყოფი ამომრჩევლებიდანაც 200 ათასამდე ადამიანი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მათ ნაწილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში (ნაწილი რელიგიური მოსაზრებების გამო არ იღებს აიდი ბარათს), გარკვეულ კატეგორიას კი მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია და ამის გამო ვერც ერთ უბანზე ვერ რეგისტრირდება. 200 ათასი ადამიანი ამომრჩეველთა, დაახლოებით, 6 პროცენტია. როგორ უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ ეს პრობლემა?

- პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ რაც არ უნდა არეული ჰქონდეს ადამიანს საბუთები, იგი ამომრჩეველთა საერთო სიაში მაინც უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მან უნდა მოახერხოს და ეს მასა მინიმუმამდე დაიყვანოს. თხოვნითა თუ მოწოდებით უნდა მოახერხონ და ადამიანებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოაწესრიგებინონ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რამდენ ადამიანს არ უნდა რელიგიური მრწამსის გამო აიდი ბარათების აღება. ამ 200 ათასი ადამიანიდან ყველა კატეგორიის ზუსტი რაოდენობა უნდა ვიცოდეთ. ვისაც მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ აქვს, იმათი ბედიც განსაზღვრული უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გადამოწმდნენ ეს ადამიანები – არსებობენ თუ არა?

წინა ხელისუფლების პირობებში გარდაბანში, სადაც მე ვიყრიდი კენჭს, არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ფორმა სწორედ ეს იყო – ქალაქში, სხვადასხვა ოჯახზე მიწერილი იყვნენ ადამინები, რომელთაც თითქოსდა მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდათ. რეალურად კი ისინი არ არსებობდნენ. ასეთი შეცდომა დღევანდელმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს.

- 9 მაისის მოახლოებასთან დაკავშირებით დაძაბულობა შეიმჩნევა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში რუსეთიდან გეორგიევსკის ლენტებითა და რუსული დროშებით მორთული ავტომანქანები შემოვიდნენ. ელოდებით თუ არა დაპირისპირებასა და არეულობას?

- 9 მაისთან დაკავშირებით არეულობის მოლოდინი არ მაქვს, თუმცა გარკვეულ ექსცესებს არ გამოვრიცხავ. წინა შემთხვევებიც გვახსოვს – ადამიანებთან, რომლებიც ქვეყანაში გეორგიევსკის ლენტებით შემოდიოდნენ, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონფლიქტი და დავა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გეორგიევსკის ლენტებით შემოსული ადამიანები ორგანიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ. ახლახან გახლდით მოსკოვში და ძალზე იშვიათად თუ გვხვდებოდა მანქანა, რომელსაც უკანა მინაზე გეორგიევსკის ლენტი ჰქონდა მიმაგრებული. აქ ვინც ამ ლენტით შემოდის, გასაგებია, რომ კონკრეტული მიზანი ამოძრავებს. არ ვფიქრობ, რომ პროვოკაციას უნდა ავყვეთ და ამ ლენტების გამო გაწევ-გამოწევა არ უნდა მოვაწყოთ.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, რატომაა გეორგიევსკის ლენტი ოკუპაციის სიმბოლოდ აღიარებული. იგი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთანაა დაკავშირებული. უბრალოდ, ვიღაცას სჭირდებოდა, რომ მაინცდამაინც ეს ლენტი აღქმულიყო ოკუპაციის სიმბოლოდ. როგორც რუსული მხარე ცდილობს, გეორგიევსკის ლენტს პროვოკაციული დატვირთვა მისცეს, ისე ცდილობს საქართველოშიც ვიღაცა, რომ ეს ოკუპაციის სიმბოლოდ იყოს აღქმული. ორივე მხარეს არსებული ეს ჯგუფები სათავისო მიზნების რეალიზაციისათვის შეგნებულ პროვოკაციაზე მიდიან.

რეზონანსი“, 04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მასმედიასთან დაკავშირებით ორ სამეურნეო სუბიექტს შორის დავა პირველად ვლადიმირ პუტინმა ახსენა

ია აბულაშვილი

“13 მაისს შეიძლება, ფართო გაგებით, არამხოლოდ ერთი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის ბედი წყდებოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციას სიმძაფრეს და დრამატიზმს მატებს ის ფაქტი, რომ რაღაც 5 თვეში არჩევნებია დანიშნული, ხოლო “რუსთავი 2″ დღეს უკონკურენტოდ ფლობს ქართველ ტელემაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესს,” – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც “რეზონანსი” წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე გაესაუბრა.

- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ როგორი მედიაგარემოც იქნება ქვეყანაში, ისე გადაწყდება არჩევნების ბედი; იზიარებთ მათ მოსაზრებას და შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები დაგვისახელოთ, სადაც არჩევნების ბედი მედიას განუსაზღვრავს?

- როგორ არა, ასეთი ბევრია; გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიძლება დასახელდეს არაერთი არჩევნები, რომლის შედეგი ბევრწილად მედიას განუსაზღვრავს. მაგალითად, 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოქმედი ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და ჯონ კენედი. პირველის აქტივში იყო წარმავალი პრეზიდენტ ეზენჰაუერის უდიდესი ავტორიტეტი და, ბენებრივია, ადმინისტრაციული რესურსი იმ მასშტაბით, რაც დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში. კენედიმ გაიმარჯვა და ამერიკის პრესის ერთსულოვანი დასკვნით ეს კანდიდეტების პიროვნულმა ფაქტორმა და არა მათი პროგრამების ღირსებებმა განაპირობა, როდესაც ახალგაზრდა, მშვენიერი გარეგნობის და მეტყველების კენედის პირისპირ იყო, როგორც ამერიკელი ჟურნალისტები წერდნენ, საკუთარი სიმორცხვით დაკომპლექსებული ნიქსონი; ამერიკელ მანდილოსანთა უმრავლესობამ დემოკრატთა წინასაარჩევნო პროგრამაში ჩაუხედავად არჩევენი ახალგაზრდა, ელეგანტურ კენედიზე გააკეთა. ამის შემდეგ ყოველ არჩევნებში, როგორც ამერიკაში ისე ევროპაში, სადაც კი მართლაც დამოუკიდებელია არჩევნები და განუსაზღვრელი შესაძლებლობა არა აქვს ადმინისტრაციულ რესურსს, თითქმის გადამწყვეტი ხდება წამყვანი ტელევიზიებისა და წამყვანი გაზეთების პოზიცია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად პრინციპულია ტელევიზიების თავისუფლად ყოფნა-არყოფნის საკითხი ხელისუფლებისთვის. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ახლოვდება 13 მაისი, როდესაც ფაქტობრივად უნდა გადაწყდეს “რუსთავი 2″-ის ბედი…

- 13 მაისს შეიძლება, ფართო გაგებით, არა მხოლოდ ერთი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის ბედი წყდებოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციას სიმძაფრეს და დრამატიზმს მეტებს ის ფაქტი, რომ რაღაც 5 თვეში არჩევნებია დანიშნული, ხოლო “რუსთავი 2″ დღეს უკონკურენტოდ ფლობს ქართველ ტელემაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესს.

რაც შეეხება ამ ტელეკომპანიის მომავალ ბედს, ჯერჯერობით მე, როგორც ერთ რიგით ამომრჩეველს და ტელემაყურებელს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცამდე მართალიც რომ იყოს დღეს ქიბარ ხალვაში, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების რიგ წევრთა უამრავი კატეგორიული განცხადებები ლოგიკური ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს არც აბსოლუტურად დამოუკიდებელ სასამართლოსთან და არც ორ სამეურნეო სუბიექტს შორის დავასთან. სხვათა შორის – ორ სამეურნეო სუბიექტს შორის დავა პირველად ახსენა რ-უსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, როდესაც მოსკოვში გუსინსკის ძველ “ენ-ტე-ვეს” შეუტიეს; მაშინ პუტინი პარიზში იმყოფებოდა და უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვაზე ერთი რკინაბეტონის პასუხი ჰქონდა, რომ ეს არის მხოლოდ ორ სამეურნეო სუბიექტს შორის დავა და ხელისუფლებას აქ არაფერი ესაქმება.

- თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ამ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამორიცხულია?

- სხვათა შორის, ძალზე საინტერესო თემაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობა. დღეს სისტემატურად გვესმის – წინა რეჟიმის პირობებში მოსამართლეები კი არ იყვნენ უპრინციპოები და ხელისუფლების მორჩილი მსახურები, არამედ – “რეჟიმის მსხვერპლნი”. მინდა მოკრძალებით შევახსენო, ნუთუ ჰიტლერის მოსამართლეებზე მეტად იყვნენ ისინი რეჟიმის მსხვერპლნი? თავის დროზე ჰიტლერის მოსამართლეებმა ხომ გაამართლეს რეიხსტაგის დაწვაში ეჭვმიტანილი კომუნისტი დიმიტროვი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფიურერი და გებელსი პროცესამდე და პროცესის მსვლელობის დროსაც პირზე დუჟმორეულნი ამტკიცებდნენ, რეიხსტაგი სწორედ დიმიტროვმა დაწვაო. მაგრამ მოსამართლემ დიმიტროვი გაამართლა და თვით ჰიტლერმაც ვერ გაბედა მისთვის ხელის ხლება, სოციალისტური ბულგარეთის მომავალმა კომუნისტმა ლიდერმა კი მშვიდად გადაიტანა ომის საშინელებები მოსკოვის მახლობელ სამთავრობო აგარაკზე.

- ისევ 13 მაისის განაჩენს დავუბრუნდეთ, თქვენ რა პროგნოზს გააკეთებდით?

- მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე, არც მრავალტომიან სასამართლოს საქმეებში არ ჩამიხედავს. ამიტომ, ჩემ მიერ ვერდიქტის გამოტანა უბრალოდ არასერიოზული იქნებოდა. ერთ-ერთმა გაზეთმა კი მომაწერა ფრაზა, რომ ტელეარხი დაუბრუნდება “კანონიერ მესაკუთრესო”, მაგრამ ეს ჩემი ფრაზა არ ყოფილა და გაზეთის თვითშემოქმედებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. უბრალოდ, ელემენტარულად არსებობს სერიოზული ეჭვის საფუძველი და, ამავე დროს, არსებობს უფრო სერიოზული უნდობლობა როგორც სასამართლოს, ისე ხელისუფლების მიმართ, რაც უკვე ჩვენი რიგითი მოქალაქეების პრობლემა არ არის.

რეზონანსი“, 04 მაისი, 2016 წელი

გარემოს დამცველები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქციებს იწყებენ

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი: „თუკი მათ „ნაცმოძრაობისსაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება ურჩევნიათ, მათი ნებაა

ეკატერინე ბასილაია

(04.05.2016)

ექსპრემიერ ივანიშვილის წინააღმდეგ “ნაციონალების” გარდა გარემოსდამცველი არასამთავრობებიც აპირებენ საპროტესტო აქციებს, ამჯერად პროტესტის საგანი ის გახდა, რომ ტერიტორია, სადაც ერთი წლის წინ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობის გამო 500-ზე მეტი ხე მოიჭრა, დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის საკუთრება გახდა.

“თუკი მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები, მოგვმართონ კომიტეტში და ერთად ავწონ-დავწონოთ. ხოლო თუკი ურჩევნიათ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა, ეს მათი ნებაა,” – ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

გუშინ ბოტანიკური ბაღისა და კრწანისი-შინდისი მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6,326 მილიონ ლარად გაიყიდა. აუქციონზე მყიდველი ერთადერთი იყო, თანაინვესტირების ფონდი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ ნაკვეთი “პანორამა თბილისის” შემადგენელი ნაწილი გახდება და იქ მაღალი დონის სასტუმრო აშენდება.გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამ აუქციონის გამო მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავდა “ნაციონალური მოძრაობა”. ტერიტორიის გაყიდვას აპროტესტებს 24 არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლებიც აქციას შაბათს 13 საათზე სტუდია “ჯი-დი-ესის” წინ გეგმავენ. აცხადებენ იმასაც, რომ სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ და აქციები პერმანენტული იქნება. პროტესტის საგანი იქნება გაყიდული 29 ჰექტარი, ბოტანიკური ბაღისთვის გაცვლილი 4 ჰექტარი და პანორამა თბილისის მშენებლობა.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით ისაა ცნობილი, რომ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6,233 მილიონი ლარი იყო და იქ 4 წელიწადში 80-ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

აუქციონის შემდეგ თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერიტორიის ათვისებაში 40 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს, სადაც სასტუმროს მშენებლობასთან ერთად, რეკრეაციული და სპორტული გამაჯანსაღებელი სივრცე მოეწყობა. ხოლო თუ სხვა ვინმე მათზე უკეთეს პროექტს შესთავაზებს, მზად არის, შეძენილი მიწის ნაკვეთი გააჩუქოს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ტერიტორია ძალიან იაფად იყიდა და თან კანონდარღვევით, ამიტომაც პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ.

შეიძინა თუ არა თანაინვესტირების ფონდმა ტერიტორია იაფად და რა ღირს რეალურად მიწა თბილისი შემოგარენში, ამაზე კონკრეტული პასუხი უძრავი ქონების აგენტ ნელი გოგუაძეს არ აქვს. “თბილისის შემოგარენში კვადრატული მიწის ფასი შეიძლება იყოს 10 დოლარიც და 40 დოლარიც. შესაძლოა საბაზრო ფასი დიდი იყოს, მაგრამ რეალური – არა. დიდი მიწის გაყიდვა ადვილი არ არის. როდესაც დიდი მიწა იყიდება, ფასი უფრო დაბალია, ვიდრე 500 კვადრატული შეიძლება ღირდეს. თუკი ვინმე ამბობს, რომ რაღაც იაფად გაიყიდა, მაშინ თავად თქვან, რა არის საბაზრო ფასი და საიდან განსაზღვრავენ ამ საბაზრო ფასს,” – ამბობს ნელი გოგუაძე.

საბაზრო ფასზე არა და სხვა საკითხებზე პრეტენზიები აქვთ არასამთავრობოებს. ერთი ისაა, რომ 2015 წელს დაიგეგმა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა, გზა ნადიკვრის მეორე შესახვევიდან უნდა დაიწყოს და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას უნდა შეუერთდეს, რის გამო 545 ხეც მოიჭრა. “პარტიზანული მებაღეობის” იდეის ავტორი ნატა ფერაძე ამბობს, რომ მაშინ ამ ხეების მოჭრისთვის მისმა ორგანიზაციამ პროტესტი იმის გამო შეწყვიტა, რომ ეს გზა დედაქალაქისთვის იყო საჭირო, თუმცა ახლა აღმოჩნდა, ის ხეები თურმე ივანიშვილის სასტუმროსთვის მოუჭრიათ, გზისთვის კი, მისივე ინფორმაციით, კიდევ 900-მდე ხის მოჭრა იგეგმება, რასაც აუცილებლად გააპროტესტებენ.

როგორც 2015 წელს ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო ქუჩები. ამიტომაც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ სოლოლაკი სატრანსპორტო ნაკადებისგან უნდა განტვირთოს. დავით ნარმანიას თქმით, 29 ჰექტარის გაყიდვაზე ბევრი კანონდარღვევა დაფიქსირდა და ისინი ყველაფერზე აპირებენ რეაგირებას, პროტესტითაც და სამართლებრივადაც.

ნატა ფერაძე: “თავიდან, როდესაც პანორამა თბილისის მშენებლობა დაიგეგმა, მათი პროტესტი იყო, რომ სოლოლაკი მანქანების ნაკადს ვერ გაუძლებდა. მაშინ ითქვა, რომ პანორამასთან მისასვლელად გაკეთდება შინდისი-კრწანისის მონაკვეთზე გზა და შარშან, 2015 წელს გზის მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა დაუგეგმავად და გაუფრთხილებლად, რის გამოც ამ ტერიტორიაზე მოიჭრა 545 საღი ხე. ჩვენ თავიდან ამ გზის მშენებლობასაც ვაპროტესტებდით, რადგან ალტერნატიული გზის გაკეთება ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მიყენებითაც შესაძლებელი იყო, თუმცა რადგანაც ეს გზა საჭირო იყო, არა მარტო პანორამისთვის, არამედ ოქროყანისთვისაც, გავჩერდით. ორი კვირის წინ კი აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია, სადაც ვითომ გზა უნდა ყოფილიყო, აუქციონზე გაიტანეს და იქ სპეციალური ზონალური შეთანხმებით დაუშვეს სასტუმროს მშენებლობა და ავტოპარკირება. ეს გაყიდული ნაკვეთი ემიჯნება 10 ჰექტარ მიწას, რომელიც ივანიშვილის კუთვნილებაშია და მის მამულებს ებმის. დიდი ვარაუდით ეს მიწა პანორამა თბილისის პროექტის განახლებულ ვარიანტში მოექცევა.”

ნატა ფერაძის თქმით, ეს გზა მანამდე იყო ლანდშაფტური ზონა, მას შეეცვალა სტატუსი და გახდა სარეკრეაციო ზონა 2, სადაც მშენებლობა სპეციალური შეთანხმების გარეშე დაუშვებელია, თუმღა იქ სპეციალური შეთანხმებით მშენებლობა დაუშვეს. არასამთავრობოები სწორედ ამ მშენებლობას აპროტესტებენ.

“24 სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაცია გავერთიანდით შაბათს 13 საათზე სტუდია “ჯიდიესთან”, რომელიც პანორამა თბილისთან და ბოტანიკურ ბაღთან ახლოს მდებარეობს, ვმართავთ აქციას და აქტიურ ქმედებებზე გადავდივართ. უნდა გავაჩეროთ კლდის ჭრა, რომელსაც პანორამა თბილისისთვის ამზადებენ. კლდის წარმოშობას საუკუნეები უნდა, ბიძინა ივანიშვილის ტრაქტორს კი მის დასანგრევად რამდენიმე დღე დასჭირდება,” – ამბობს ფერაძე და დასძენს, რომ აქციების პარალელურად რამდენიმე ორგანიზაცია ამ პროცესს სამართლებრივად მიადევნებს თვალს და სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

“ქართულ ოცნებაში” ივანიშვილის წინააღმდეგ ამ პროტესტს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულ პროცესად მიიჩნევენ.

“მე ვხედავ ასეთ პრობლემას: თუ ქიბროწაშვილი შეიძენს – კარგია, თუ შეიძენს ივანიშვილი – ცუდი. ეს არის მოქალაქის უფლების დისკრედიტაცია. ივანიშვილი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა. თუ კანონი არ ირღვევა – იყიდოს, თუ ირღვევა – საერთოდ არ გაყიდონ და ვინც ყიდის, იმას მიხედონ – ივანიშვილი რა შუაშია? ვიღაცას დანაშაული ჰგონია ის, რომ მდიდარმა კაცმა ზებრა იყიდა. მე ასე არ მგონია და ასე ლაპარაკი ძალიან არასერიოზულია. მე სახლში მაქვს ერთი-ორი ისეთი წიგნი, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ არის და ამის გამო ნუ დამიჭერთ!” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მიწის გაყიდვა კანონიერად მოხდა, მაგრამ ბოლო თვეებში ყველა აქციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, “ნაციონალური მოძრაობა” უდგას სათავეში, და მიზანი მხოლოდ ექსპრემიერის დისკრედიტაციაა. ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს კი ურჩევს, “ნაციონალების” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ გახდნენ.

“რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ მიწის გაყიდვა კანონიერად მოხდა. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან ინტენსიურად ცდილობს წინ წამოწიოს ყველა მოქმედება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რაიმე კომპანია ახორციელებს. ეს უცნაური სულაც არ არის. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილი არის მათი პარტიის დამარცხების სიმბოლო, ასევე მომავალი დამარცხების სიმბოლოც და ამიტომ ცდილობენ ამ სიმბოლოს დისკრედიტაცია მოახდინონ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდათ, გაითვალისწინონ ის, რასაც მე ვამბობ. ყველა აქციას სათავეში “ნაციონალური მოძრაობა” უდგას, ესაა ხის გადარგვა, პარკის აშენება თუ ბოტანიკური ბაღისთვის რაიმე ტერიტორიას გაუმჯობესება. შავზე თეთრიაო – გაიძახიან. ეს სასაცილოა. ეს მათ არ უშველით და არ არის კარგი, რომ “ნაციონალების” ამ ამოცანას აჰყვეს არასამთავრობოების ნაწილიც. თუკი ვინმე თვლის, რომ რაღაც კანონი დაირღვა, შეუძლია შეისწავლოს და იდავოს, ახლა არ არის ძველი დრო და ყველას შეუძლია, საკუთარი აზრი ხმამაღლა გამოთქვას,” – ამბობს ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, ყველას, ვისაც ბუნება მართლა ადარდებს, შეუძლია მიმართოს მას და ის თანამშრომლობისთვის მზადაა.

“თუკი მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები, მოგვმართონ კომიტეტში და ერთად ავწონ-დავწონოთ. ხოლო თუკი ურჩევნიათ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა, ეს მათი ნებაა. მე ამ ორგანიზაციებს ამას არ ვურჩევდი. ლანდშაფტური ზონა იყო და შეიცვალა, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და მიზანშეწონილი იყო. თუ სერიოზული და ღრმა ლაპარაკი აინტერესებთ, ვისაც მართლა აქვს ბუნების დაცვის ინტერესი, საკითხის განხილვისთვის მზად ვართ. თუკი “ნაციონალებთან” ერთად დგომა უნდათ, არ ვიცი. ერთი შეხედეთ, აქციების კამპანია ვინ დაიწყო,” – დასძენს ჟორჟოლიანი.

რეზონანსი“, 04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილთან: როგორ მიდის თურქეთში იშხნისა და ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლების აღდგენა?

სალომე სარიშვილი

ხელოვნებათმცოდნე ირინე გივიაშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ საუბრობს და უკვე აღდგენილ იშხნის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებულ სამუშაოებს აფასებს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ძეგლზე შეკრულია ყველა კამარა, თაღი; გადახსნილი კედელი კი ლითონის მჭიდებითაა დამაგრებული.

“შეიძლება თვალს დიდად არ უხარია ლითონის მჭიდების დანახვა, მაგრამ ისინი შენობის კონსოლიდაციას უზრუნველყოფს,” – ამბობს ხელოვნებათმცოდნე და ძეგლზე 3 წლის წინ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალებს იხსენებს. ცნობისთვის, ხელოვნებათმცოდნე წლებია, ქალაქ ანკარაში ცხოვრობს და ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების საკითხზე 20 წელზე მეტია, მუშაობს.

ირინე გივიაშვილი: იშხნის რეაბილიტაცია 2013 წლის გაზაფხულზე საშინელი დარღვევებით და უხეში მეთოდებით დაიწყო, რადგან აღმოჩნდა რომ საქმე მუშების ამარა იყო დატოვებული. მას შემდეგ, რაც ჩვენ განგაში ავტეხეთ, სიტუაცია თურქული მხარის კონტროლის ქვეშ მოექცა. ქართულ მხარეს გვქონდა საშუალება, რამდენჯერმე იშხანში ავსულიყავით (იშხანი რესტავრაციის პროცესში დაკეტილია და ტერიტორიაზე შესასვლელად სპეციალური ნებართვაა საჭირო). თანამშრომლობა საკმაოდ მძიმედ წარიმართა – როგორც წესი, ადგილზე მხოლოდ რამდენიმესაათიანი დაკვირვების საშუალება გვეძლეოდა. ადგილზევე ვმსჯელობდით, ვუხსნიდით ერთმანეთს, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო, იქიდან კი საპასუხოდ გვიხსნიდნენ, თუ რატომ გააკეთეს ასე. ნოემბერში, ბოლო ვიზიტისას, ოთხივე მკლავის ქანობები გასრულებული დაგვხვდა, თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავების ქანობები არა ჰორიზონტალურად, არამედ დამრეცად დგას.

- საბოლოოდ როგორ შეაფასებდით იშხანზე უკვე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს?

- იშხნის ტაძარს სხვადასხვა სამშენებლო პერიოდი აქვს და როგორც ჩანს, ამ ფენებმა არქიტექორები თუ მშენებლები დააბნია. ვფიქრობ, ეს შეცდომა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ჩვენ შეცდომა ადგილზევე მივანიშნეთ და ვთხოვეთ მისი გამოსწორება ტაძრის კრამიტით დაბურვამდე, თუმცა, სამწუხაროდ, არ დაგვიჯერეს და როგორც ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, კრამიტით დაფარეს.

2013 წელს ასევე ვერ შევთანხმდით ჩრდილოეთ მინაშენის საპირე წყობაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ასვლის ნებართვა მაშინ მივიღეთ, როცა კედელი უკვე მოპირკეთებული იყო, ჩამოშლა კი არავინ ისურვა. რაც შეეხება პოზიტიურ ნაწილს, დადებითად უნდა შეფასდეს მეჩეთად გადაკეთებული ტაძრის მე-19 საუკუნის კედლების მოშლა, თუმცა კარგი იყო, ეს საქმეც მეტი აკურატულობით გაკეთებულიყო, რადგან ეს კედელი ტაძრიდან ჩამოცვენილი ქვებით იყო აშენებული. გაიხსნა დასავლეთისა და სამხრეთის კარების ღიობები. ორივე ამოშენებული იყო. ახლა უკვე ტაძარში შესვლა ისეა შესაძლებელი, როგორც ეს ერთ დროს ანტონ იშხნელი ეპისკოპოსი დაბრძანდებოდა.

- გარდა ამ ტიპის დარღვევებისა, სამეცნიერო წრეებში ითქვა ისიც, რომ იშხნის სამონასტრო კომპლექსზე ფრესკები არაჯეროვნად იქნა შესრულებული.

- რაც შეეხება ფრესკებს, მოხდა არა მხოლოდ კონსერვაცია და გამაგრება, არამედ ნაწილობრივი რესტავრაციაც. აქ მეთოდშია პრობლემა. გასული წლის აგვისტოში მივიღე ნებართვა, ადგილზე დამეთვალიერებინა იშხნის გუმბათი და მესაუბრა რესტავრატორებთან. როგორც მითხრეს, არსებული ფრესკების დაზიანებული დეტალები ერთი საფეხურით დაბალი ტონალობის წყლის საღებავით შეავსეს. ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენ უმალ მოვითხოვეთ ასვლის ნებართვა, რათა ჩატარებული სამუშაოები ადგილზე უკვე ფერწერის სპეციალისტთან ერთად შეგვესწავლა. ნებართვამ ძალიან დააგვიანა და ნოემბერში ჩასულებს ხარაჩო ნახევრად დაშლილი დაგვხვდა, ვერც ზევით ავედით და ვერც ქვემოდან ვნახეთ.

- ვიცით, რომ იშხნის მონასტრის ტერიტორიაზე ორი ეკლესიაა, მათგან ერთ-ერთის საკურთხეველში აქამდე უცნობი ფრესკა გაიხსნა. იქნებ ამ ფრესკის შესახებაც გვითხრათ ორიოდე სიტყვა. ამასთან, საინტერესოა თქვენი აზრი, რა მნიშვნელობისაა იშხანი როგორც საეკლესიო ცენტრი და რა მხატვრული ღირებულებისაა იქ შემორჩენილი მემკვიდრეობა?

- აქამდე უცნობი ფრეკა დასავლეთის კარიბჭის ნაწილში გაისხნა, მეორე კი – ზიარების კომპოზიცია – უკვე მთლიანად გურგენისეული ეკლესიის საკურთხეველში გამოვლინდა. აქ მხოლოდ კონსერვაცია გაკეთდა და, შესაბამისად, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

რაც შეეხება ტაძრის მნიშვნელობას, იშხანი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ქართველთა განათლებისა და სულიერების კერა იყო. გამორჩეულია იშხნის არქიტექტურაც და კედლის მხატვრობაც. უაღრესად მაღალია სამშენებლო ხარისხი, ქვა უზადოდ ნათელია, გუმბათის კონსტრუქციები იშვიათი გამძლეობისაა. იშხანი უნიკალურია წარწერების სიმრავლითა და ამ წარწერებში შემონახული ინფორმაციის მნიშვნელობით. დიდი ტაძრის წარწერებში ჯერ მეფე გიორგი |, შემდეგ კი მისი ვაჟი, ბაგრატ |ქ კურაპალატი იხსენიება. ინტერიერში კი უკვე გამქრალ წარწერებში ქართველთა სამეფოს ბაგრატიონი მეფეები მოიხსენიებოდნენ. როგორც ჩანს, იქვე იყო მათი პორტრეტებიც. არქეოლოგებმა იშხნის ტერიტორიაზე დიდი საქტიტორო რელიეფი იპოვეს, იქ იშხნის ერთ-ერთი მაშენებელია გამოსახული. რელიეფი ახლა რიზეს მუზეუმში ინახება. არქეოლოგიური გათხრების დროს დიდი ტაძრის შესასვლელში სამარხებიც გამოჩნდა, ალბათ იშხნელი ეპისკოპოსების საძვალეებია.

- ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობაში არსებული სხვა ქართული ძეგლებიცაა. ცნობილია, რომ ახლა მოლაპარაკება ოშკის აღდგენაზე მიმდინარეობს. რას გვეტყვით სხვა ძეგლების მდგომარეობის შესახებ და რა დამოკიდებულება იგრძნობა თავად თურქების მხრიდან, რამდენად მაღალია თანამშრომლობის სურვილი?

- ოშკისა და სხვა ძეგლების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჩემთვის ცნობილია, იგეგმება ოშკის სარესტავრაციოდ ტენდერის ჩატარება. ტრაპიზონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური ამზადებს პარხლის სარეაბილიტაციო პროექტს, ხოლო არდაჰანი ქაჯის ციხის რესტავრაციას გეგმავს. თანამშრომლობის სურვილი, ცხადია, არსებობს და ჩვენ ამ თანამშრომლობას წლებია, ვეწევით. მაგალითად, ოშკის სარესტიტუციო და სარესტავრაციო პროექტების მზადების დროს ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით. მე პირადად დავწერე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და ის საჩუქრად გადავეცი ფირმას, რომელიც პროექტს ამზადებდა.

ასევე უსასყიდლოდ გადავეცით ჩვენს არქივებში დაცული ოშკის ფოტომასალა, ძეგლთა დაცვის სააგენტომ ასევე საჩუქრად გადასცა ხარაჩოს პროექტი და შესთავაზა ძალოვანი ხარაჩოს დამონტაჟება. ასეთი თანამშრომლობა ყველასათვის სასურველია და მარტივი, თუ ის რაღაცა ლეგალურ ჩარჩოებშია ჩასმული. როცა არ არსებობს გაწერილი ვალდებულებები, საქმე რთულდება და ბიუროკრატიულ ხლართებში ექცევა. თურქული მხარე, განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობა, უაღრესად მოწადინებულია, დროულად მოხდეს მათ გუბერნიებში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია და ტურისტულ მარშრუტებში ჩასმა.

მაგრამ, არსებობს “მაგრამ” და ეს ყველასთვის ცნობილი პოლიტიკური და რელიგიური სარჩულია, რომელმაც ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმე გაგვირთულა. ამ ზამთარს კულტურის მინისტრის, ბატონ გიორგაძის ანკარაში ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ თურქულ მხარეს შეთავაზა კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება – არა კონკრეტული ძეგლების დასახელებით, არამედ პრინციპების და მიმართულებების განსაზღვრით, რათა არ მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის დაპირისპირება რელიგიასთან. ასეთი შეთანხმება საქართველოს სხვა ქვეყნებთან აქვს და ცხადია, თურქეთთანაც უნდა არსებობდეს, რომელიც ჩვენი მეზობელი და ნომერი პირველი პარტნიორია.

- საბოლოოდ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ასეთი ფორმა და როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მოიტანს ხელშეკრულება?

- ამგვარი შეთანხმება ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს, ვიფიქროთ სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელებაზე, ქვეყნების კულტურის დღეებიდან დაწყებული, ოშკის და ახალციხის წყვილი აბანოს რეაბილიტაციის ჩათვლით. ეს ხელშეკრულება უნდა გახდეს ქართველი და თურქი არტისტების, ხელოვანების, მეცნიერებისა თუ რესტავრატორებისათვის მეზობელ ქვეყანაში ლეგალური თანამშრომლობის უზრუნველყოფის გარანტი. იმედი მაქვს, ოშკი დროს კიდევ გაუძლებს და მედგრად დაელოდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფორმებას.

———————–

„ახალი თაობა“,  04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „საქართველო შესაძლოა რუკაზე აღარ დარჩესსანამ დეპუტატები იმას არკვევენ, ვინ ვისთან წევს, მეზობელი ქვეყნები ჩვენს ტერიტორიებს ეპატრონებიან”

რატომ არ ჩქარობს ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრების დადგენას, რა ტერიტორიები გადადის მეზობელი სახელმწიფოების ხელში, რა მექანიზმის გამოყენება შეუძლია საქართველოს, რას უპირებენ ნატო და რუსეთი ერთმანეთს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

„საზღვრებთან დაკავშირებით კატასტროფული ვითარებაა. ნაციონალური მოძრაობა ისე წავიდა ხელისუფლებიდან, რომ სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია არ მოახდინა. ამ საკითხის მიმართ ინტერესს არც შევარდნაძის ხელისუფლება ამჟღავნებდა. ამის მიუხედავად, მაშინ სადავო მონაკვეთების დადგენაზე იყო პატარ-პატარა მცდელობები. რაც ძირითადად გარიგება-მორიგებით დასრულდა და არა საზღვრების დემარკაციით. მგონი არავისთვის უცხო არ არის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო იწყება საზღვრიდან. სახელმწიფოს თუ შევადარებთ კერძო სახლს, იმის მიხედვით, თუ როგორი ღობე აქვს შემოვლებული, შეგვიძლია მის მეპატრონეზე ვიმსჯელოთ“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი.

- საქართველოს ეს ღობე რომ საერთოდ არა აქვს?

- საუბედუროდ ჩვენი ქვეყანა გადაიქცა ნამდვილ „პრახადნოი დვორად“, სადაც უპრობლემოდ შეგიძლია გაიჯლიგინო სამხრეთიდან ჩრდილოეთით, აღმოსავლეთიდან-_ დასავლეთით. ცენტრალურ მაგისტრალებზე საკონტროლო გამშვები პუნქტები რომ არის განთავსებული, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს საზღვრების დასაცავად საკმარისი არ არის. ან რა უნდა დაიცვა, როცა არც ერთ ქვეყანასთან სახელმწიფო საზღვარი დადგენილი არ არის.

- ერთადერთ გამონაკლისად სახელდებოდა თურქეთი, თუმცა ამ მიმართულებითაც გაჩნდა რაღაც პრეტენზიები...

- საქართველოს ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან აქვს ტერიტორიული პრეტენზიები, რომლებიც ძალიან მარტივად – საზღვრების დემარკაციით შეიძლება მოგვარდეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე პრეტენზიები არ გამოუთქვამს, ეს არის თურქეთი. ისინი დასჯერდნენ საბჭოთა კავშირის მიერ დადგენილ საზღვრებს. პრეტენზიების გამოცხადების შემთხვევაში თურქეთთანაც პრობლემები შეგვექმნება. არც ქართული დიპლომატია, არც ქართული პოლიტიკური ელიტა, არც არასამთავრობოები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ღირსეულ დამცველებად ვერ გამოდგებიან.

- ღირსეულ დამცველებად ვერ გამოდგებიანო ამბობთ და იმას მაინც თუ ადგენს ვინმე, ჩვენმა მეზობლებმა რა ტერიტორია მიითვისეს?

- სამწუხაროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობოებმა მარტო ერთმანეთის ლანძღვა იციან. ზეპირად იციან, ვის რა ფერის ტრუსიკი აცვია და ვინ ვისთან წევს, სამაგიეროდ, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა არის სახელმწიფო საზღვარი. სულ რამდენიმე დეპუტატი გვყავს, რომელსაც წარმოდგენა აქვს გეოგრაფიაზე და იცის ისტორია. საზღვრების დემარკაციის მიმართულებით არც ამ ხალხისგან მოგვისმენია რამე. ამ მიმართულებით არც პოლიტიკური პარტიები აქტიურობენ. მათ არასდროს არაფერი უთქვამთ სოჭის მიმდებარე ტერიტორიასა და დვალეთზე. არადა, ორივე ტერიტორია ჩვენი იყო. დვალეთი სულ რაღაც 1922 წელს გადაეცა რუსეთს და ამის შემდეგ გაიხსნა ძაბრის ყელივით ცხინვალის პრობლემა. დვალეთში რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ციხესიმაგრე იყო, რომლებიც ჩრდილოეთიდან შემომავალ სამ გზას აკონტროლებდა. როგორც კი ეს ტერიტორია რუსეთმა წაიღო, აბსოლუტურად უკონტროლო გახდა ეს ყველაფერი. დღემდე მოუგვარებელია დავით გარეჯის პრობლემა აზერბაიჯანთან, რომელიც არც ქართველების ბრალია და არც აზერბაიჯანელების.

- აბა, ვისი ბრალია?

- ეს საბჭოთა ამზომველების ბრალი გახლავთ. მათ საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილეს ტერიტორიები. მინდა იცოდთ, რომ ყველაზე იოლად ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება. სამწუხაროდ არც აზერბაიჯანთან მიდის მოლაპარაკებები. საზღვრების დემარკაცია არც სომხეთთან მომხდარა. ამის წყალობით, სადახლოს და წითელი ხიდის მიდამოებში მოიწვენ და მოიწევენ. სომხები თავის საზღვრებს გადმოსცდნენ და გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. საზღვრების დემარკაცია არ მოგვიხდენია არც თურქეთთან და მათაც რაღაც გაუგებარი პრეტენზიები გაუჩნდათ. ეს მაშინ როცა თურქეთის ტერიტორიის 1/3 ისტორიული საქართველოა. 1922 წელს ყარსის ხელშეკრულებას 100 წლიანი ვადა გასდის და საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს. ოფიციალური თბილისი ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. აე იყო შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, ასე ახლაც. როცა დაკარგული გაქვს ტერიტორიები და დარჩენილსაც ვერ იცავ კარგად, იქმნება არასტაბილურობის განცდა. ამის გამო საქართველოში შემოსვლას მსოფლიოში ცნობილი არცერთი ბრენდი არ მოისურვებს. ამ ბრენდების შემოსვლის გარეშე კი საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბარიც კი არ შეიძლება.

- ვიღაც შემოგედავებათ და გეტყვით, რომ საქართველოში რამდენიმე ცნობილი ბრენდია შემოსული...

- თუ ვინმე მაკდონალდსის მაგალითს მომიყვანს, ვეტყვი, რომ მაკდონალდსი ბრენდია, მაგრამ მე ბევრად უფრო სერიოზულ ბრენდებზე ვსაუბრობ. ბრენდის შემოსვლას შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს. ერთი მათგანის შემოსვლა დანარჩენი ბრენდებისთვის იქნება სიგნალი. ყველა ჩათვლის რომ აქ სტაბილურობაა. დღეს არსებული ვითარება კი სტაბილურობის განცდას არ ტოვებს. მითუმეტეს მაშინ როცა ჩვენი მეზობელი ქვეყანა არის რუსეთი. საქართველოში ამ ამბისთვის სერიოზული ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ რუსეთის მიმართულებით სერიოზული ამბები ხდება. ნატომ გადაწყვიტა, ევროპას და რუსეთს შორის საზღვრები გააძლიეროს. ამ მისიის შესასრულებლად პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და გერმანიაში 5.000-მდე კარგად გაწვრთნილი და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი შეიყვანეს. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ასეთ განკარგულებას არ გასცემდა, რაიმე სერიოზული ინფორმაცია რომ არ ქონდეს.

- რა ინფორმაცია უნდა ქონდეთ? რუსეთი ევროპაში აპირებს შეჭრას?

- ფაქტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ ნატოს სამხედრო დაზვერვას რაღაც სერიოზული ინფორმაცია აქვს. რუსებს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურბილი უკვე იდეაფიქსად ექცათ. ამ მიზნის მისაღწევად ეტყობა რაღაც გეგმები არსებობს. ამიტომაც გადაწყვიტა ნატომ ბალტიისპირეთის დაცვა. ნატოს სამხედრო დაზვერვა სულ არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ მოსკოვი რაღაცას აპირებს. ცოტა ხნის წინ უკრაინასა და სირიაში სამშვიდობო შეთანხმებები დაირღვა. კრემლმა საერთაშორისო თანამეგობრობას ყარაბაღშიც შეახსენა თავი და ამ კონფლიქტის გააქტიურებით დასავლეთს მესიჯი გაუგზავნა.

- რა მესიჯზეა საუბარი?

- მესიჯი ძალიან მკაფიო და კონკრეტული გახლავთ – ესაა ერების ძალით დამორჩილება ანუ დაპყრობა. მეორე მეთოდი ცივი ომის დრონდელი გახლავთ და მას იძულებით დაყოლიება ჰქვია. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა აფხაზეთის და ცხინვალის თემით ცდილობს იძულებით დაიყოლიოს საქართველო. კრემლი უკრაინის თემით ცდილობს იძულებით დაიყოლიოს ევროპა. სირიის პრობლემის გართულებით კი აშშ-ს დაყოლიებას ცდილობს.

- გამოსდის ამით რამე? ან რატოომ არ ჩამოიშალა რუსეთი? სანქციების დაწესების და ნავთობის ფასების ვარდნის შემდეგ ყველა ექსპერტი რუსეთს ბანკროტობას უწინასწარმეტყველებდა, ამათ კი საბანკროტე პირი არ უჩანთ…

- ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ბიუჯეტი აქვს რუსეთს. არავინ არ იცის, რა აღურიცხავ თანხებს განაგებს კრემლი. ფაქტი ერთია, რომ 2020 წლამდე რუსეთის ეკონომიკას გაჯანსაღება არ ელოდება, მაგრამ ამაზე დიდად არ დარდობენ. ქეში ფული ბლომად აქვთ.

- ქეში ფული შეიძლება ბლომად ქობდეთ, მაგრამ სადამდე ეყოფათ? ოდესაღაც ხომ ამოიწურება. უღირთ კი ეს ამხელა ავანტიურები ქვეყნის ჩამოქცევად?

- სადამდე ეყოფათ ეს ფული არ ვიცი. რაც შეეხება კითხვას უღირთ თუ არა, პირდაპირ და მარტივად შემიძლია ამაზე პასუხი. არის აეთი ქართული გამოთქმა – ბავშვს კითხეს რა გატირებსო, გამდის და ვტირივარო.

- იმის თქმა გინდათ რომ რუსეთი ასე მხოლოდ იმიტომ იქცევა, რომ გასდის?

- ჯერჯერობით გასდის. ბოლო ხანებში დასავლეთის სამხედრო ელიტის განცხადებები ცოტა გამკაცრდა.

- ცოტა გამკაცრებაში რას გულისხმობთ?

- ლეტალური იარღის შესაძლოა გამოუენებაზე გაკეთდა განცხადებები. ყირიმის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სპეციალურად დაიწყო დამღლელი ომი და გრძელვადიანი არეულობები. კრემლს სურს მთელი ყურადღება აქეთ გადაიტტანოს, რათა ყირიმი შერჩეს.

- შერჩათ ყირიმი?

- ამ ეტაპზე შერჩათ. როგორ დასრულდება ეს ყველაფერი არავინ იის. რუსეთისგან კიდევ რაღაცას უნდა ველოდოთ. ამიტომაც აძლიერებს ნატო საზღვარს რუსეთსა და ევროპას შორის.

- 5.000-მდე კარგად გაწვრთნილმა ნატოელმა ჯარისკაცია რუსეთის საზღვრებთანო. რუსეთმა თუ ევროპაში შეჭრა მოინდომა, საკმარისი იქნება ეს ხალხი რუსული მანქანის გასაჩერებლად. 1999 წელს პრიშტინის აეროპორტში რუსმა სამხედროებმა გენერალ ევკუროვის მეთაურობით ნატოს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს…

- ღმერთმა ნუ ქნას ჩვენი პროგნოზები გამართლდეს. ჩვენ ვვარაუდობთ რომ რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის 2017-2018 წლებში დაპირისპირება პიკს მიაღწევს. რომელიც შესაძლოა წერტილოვანი დარტყმებით დამთავრდეს. ამ დაპირისპირებაში ქვეითი ჯარი მხოლოდ სიმბოლურად იქნება წარმოდგენილი. პოლიტიკაშიც და სამხედრო მეცნიერებაშიც ასეა – თუ ქვეითი ჯარი არ შევიდა ის ტერიტორია დაპყრობილად არ ითვლება. რუსეთი პოლონეთის ან ბალტიისპირეთის მიმართ თუ რაღაც ზომებს მიითებს, ამით ნატოს სამხედრო ძალებს დაუპირისპირდებიან. ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ნატოს წესდების მეხუთე მუხლი და ისინი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან.

- ნატოსთან ომი შედის რუსეთის ინტერესებში?

- გულწრფელად გეტყვით, რომ უკვე ვეღარ ვხვდები რა შედის რუსეთის ინტერესებში. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ისეთ უცნაურ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ძალიანაც რომ მოინდომო დახმარების შანსს არ გიტოვებს.

თურქეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში შევიდნენ და ამ დროს საქართველოში კონფლიქტი აქვთ. ეს არის ძალიან დიდი სისულეელ. კიდევ უფრო დიდი სისულელეა, რომ ამ კონფლიქტის მოგავრებას არ აპირებს. ამ პრინციპით ისინი კავკასიაში მოყვარეს ვერ გაიჩენს. რამაც კრემლის შესაძლოა ძალიან გაურთულოს ურთიერთობა. თუ ყველა მიმართულებით აპირებს იომოს, ხელი არ უნდა შევუშალოთ. იმასაც ვნახავთ რამდენ ხანხ ეყოფა ენერგია. საქართველოს რუსეთზე დიდი იმპერიები დამხობია თავზე. ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ვართ, კულტურა და დამწერლობა გვაქვს, ყველაფერთან ერთად კაცობრიობის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.

- ეგ ადრე იყო, ახლა საზღვარიც კი არ გვაქვს?

- ისტორია დიდებული გვაქვს, მაგრამ უსაზღვროდ ვართ დარჩენილი. ასე თუ გაგრძელდა ამ პრობლემის მოგვარება საქართველო შესაძლოა რუკიდან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გაქრეს. არადა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ამ პრობლემის მოგვარება რთული არ არის.

- თუ რთული არ არის, რით ვერ მოახდინეს საზღვრების დემარკაცია?

- ამის ნება არ არის. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები. საბედნიეროდ, ისეთი კოსმოსური ტექნოლოგიები არსებობს, რომ საზღვრის პერიმეტრთან საზომებით სიარული არავის დასჭორდება. ზემოდან უპრობლემოდ შეუძლიათ წერტილების დასმა.

- ამბობთ რომ საზღვრების დემარკაცია ძალიან მარტივად შეიძლება. უკვე წაღებული ტერიტორიების დაბრუნების შანსები როგორია?

- მონდომების შე,თხვევაში ყველაფრის დაბრუნება შეიძლება. ჩვენ კი ამის გასაკეთებლად არაფერს ვაკეთებთ. და სანამ პოლიტიკოსები ერთმანეთს აგინებენ, მეზობელი ქვეყნების ჩვენს ტერრიტორიებს ეპატრონებიან. ეს პროცესი თუ გაგრძელდა, მალე რუკიდან საერთოდ გაქრება სახელმწიფო, რომელსაც საქართველო ერქვა. ამის გაო ჩვენი მომავალი თაობა საფლავებშიც აღარ გაგვაჩერებს.

„ახალი თაობა“,  04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „გარკვეულ ძალებს უნდათ დაამტკიცონ, თითქოს ხელისუფლება ოპოზიციას ატერორებსსაზოგადოებას ამზადებენ იმისათვის, რომ მომავალი პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე იქნება

არსებობს მოსაზრება, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში წინასაარჩევნოდაც იგეგმება. ემსახურება თუ არა ამას ახალი პარტია “გირჩის“ ჩუღურეთის ოფისზე თავდასხმა? მემარცხენე ალიანსის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი „ახალ თაობასთან” ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არეულობა ახლაც და არჩევნების შემდეგაც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია.

„ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა არ შეიძლება აძლევდეს ხელს ხელისუფლებას. დანამდვილებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ არის საფუძველი განვაცხადოთ, რომ ეს აწყობს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ითვლება, რომ „გირჩი“ დაუპირისპირდა ნაციონალებს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. „გირჩი“ და ნაციონალები ერთი ძალის განშტოებებია. ასე თავის დროზე დაიყო მოქალაქეთა კავშირი და საკუთრივ მოქკავშირის გარდა, გაჩნდა ჟვანიასა და სააკაშვილის ჯგუფები. ამჟამად ნაცმოძრაობის ნამდვილი რეიტინგი დაახლოებით 5%-ია. ამიტომ ისინი იყოფიან, მრავლდებიან და ყველა ხერხს მიმართავენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. გარკვეულ ძალებს, რომლებსაც აწყობთ რომელიმე პარტიის ოფისზე თავდასხმა, უნდათ იმის დამტკიცება, თითქოს ხელისუფლება ჩაგრავს და ატერორებს ოპოზიციას”, – ამბობს სოსო შატბერაშვილი

- გახშირდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მომავალი პარლამენტი, ანუ მთლიანობაში, ხელისუფლება არალეგიტიმური იქნება...

- ეს სხვა არაფერია, თუ არა ვარდების რევოლუცია-2-ის დაანონსება. 2003 წელს, იმ ცნობილი მოვლენების წინ, ნაციონალური მოძრაობა ხშირად ახსენებდა მაშინდელი ხელისუფლების არალეგიტიმურობას. ამის პარალელურად იყო შეძახილები არჩევნების გაყალბებაზე. სწორედ ამ თემებით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში. მაშინ ნაციონალური მოძრაობა ასეთი მტრული ძალა არ იყო. ახლა „ქართული ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დაეცა, მაგრამ მისი მომხრეების ხმები არ წამოსულა გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობის მხარეს.

- ანუ ვარდების რევოლუცია-2 ვერ განხორციელდება?

- ვერ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის განაყოფებთან, თანამზრახველებთან და ლობისტებთან ერთად ამისთვის გულმოდგინედ ემზადება. ნაციონალების ტექნოლოგიები მარტო პოლიტიკოსებმა კი არა, საზოგადოებამაც შეისწავლა. ხალხი ნაცმოძრაობას არ ეთანხმება.

- ხალხის აზრით, ქვეყანა არასწორად ვითარდება. აირაი“-ს კვლევით, გამოკითხულთა თითქმის 70 % თვლის, რომ ქვეყანა სწორი გზით არ მიდის...

- ეს აბსურდული მონაცემია. ძირითადად, ყალბდება ხოლმე პოლიტიკური რეიტინგები, მაგრამ ეს მონაცემიც აცდენილია რეალობას.

- რატომ? უკმაყოფილო ბევრია...

- მძიმე სოციალური ფონია, ცუდად მუშაობს მთავრობა, პარლამენტი სამარცხვინოა, ბევრი მაღალჩინოსნის მთავარი საზრუნავი პრემიები და ჯიპებია. ამის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობა ვერ იტყვის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება. ამ ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი ევროპასთან უვიზო მიმოსვლამდე. მოსალოდნელია, რომ უვიზო რეჟიმი რუსეთთანაც იყოს. ლარის გაუფასურებას მისი გამყარება მოჰყვა. ხალხი ასეთი სასოწარკვეთილი არაა, როგორც ამ კვლევაში ჩანს. თქვენს გაზეთს კითხულობენ საელჩოები, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები. ამიტომ, მინდა მოვუწოდო აირაის თბილისის ოფისს, ნუ გამოიყენებს თავის კვლევებში ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნუ შეუწყობს ხელს ამ პარტიას „ვარდების რევოლუცია-2“-ის მოწყობაში.

- პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციას, სხვა გარემოებებთან ერთად, ხელს უშლის ქართულ ოცნებაში ლენინელებისა და სტალინელების არსებობა...

- ნეტავ, სად ნახა ლენინელები? ლენინისა და კოლმეურნეობების დრო წავიდა. საქართველოში ჯამში ლენინელი სულ რაღაც 0,01% თუ იქნება. სტალინელები, ასევე რუსეთისა და ევრაზიული კავშირის მომხრეები კი მოსახლეობაში არიან. თუ დასავლელი ლობისტები გააგრძელებენ ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას და მის მოკავშირეობას, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამაზე დასავლეთში უნდა დაფიქრდნენ. სტალინი სხვა ფენომენია. არასტალინელებიც კი აღიარებენ, რომ მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო, სააკაშვილმა კი ერთდღიანი ბრძოლა წააგო და ბრძოლის ველიდან კურდღელივით გამოიქცა.

- აირაი“-ს კვლევითვე, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა პაატა ბურჭულაძეა...

- კაცი ამბობს, პოლიტიკაში არ მოვსულვარ, განვითარების ფონდი პარტია არ არისო, მას კი პოლიტიკოსების სიაში სვამენ! ეს ძალიან უცნაურია. ესაა საზოგადოებრივი აზრის მზადება, საზოგადოებაზე ზეწოლა.

- რა მიზნით?

- საზოგადოებას ამზადებენ იმისათვის, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე იქნება. მის მიმართ ხალხის უმრავლესობას ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ იმის გამოქვეყნებამ, რომ ბურჭულაძეს 75%-იანი პოლიტიკური რეიტინგი აქვს, საზოგადოებაში არა მარტო უკმაყოფილება, არამედ აგრესიაც გააჩინა. ადამიანები მიხვდნენ, რომ ამ პიროვნების შემოყვანა პოლიტიკაში ვიღაცების ხელით, ხელოვნურად ხდება.

„ახალი თაობა“,  04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ოპოზიციაში მიმდინარეობს გადაძახილი, რომ საჭიროა ერთობლივი ქმედება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდება, მას მეტი შესაძლებლობები ექნება, რომ მომავალ პარლამენტში უკეთესად იყოს წარმოდგენილი.

„ჩემთვის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევები ეჭვგარეშეა და მის მიერ დადებულ შედეგებში ეჭვს ვერ შევიტან, ამ კვლევებმა გვიჩვენა ტენდენციები, ის რეალობა, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკური სპექტრის მიმართ. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც არჩევნების დღეს უკავშირდება. არჩევნების დღეს ბევრი რამ იცვლება, თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ „ენდიაისა“ და „აირაის“ კვლევების შედეგებით განვსაზღვრავდით პარლამენტის შემადგენლობას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი იმ დროს იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც საარჩევნო ყუთთან მარტო რჩება. დღეს ამომრჩეველში ისეთი განწყობაა, რომელიც ხელისუფლებისთვის არცთუ სახარბიელოა“, – ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

- არც ოპოზიციისთვის, რადგანაც ელექტორატის 60%-ის გული ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიგო და ვერ მიიმხრო…

- დიახ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის ბრალი. აქ მთლიანად პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკის მიმართ არის ამომრჩევლის იმედგაცრუება და ნიჰილისტური განწყობები. მე როდესაც არჩევნების დღეზე ვსაუბრობდი, ასევე ვგულისხმობდი წინასაარჩევნო კამპანიას, რომელსაც ასევე აქვს მნიშვნელობა. წინასაარჩევნო კამპანიასაც შეუძლია რეალობა შეცვალოს.

- არასაპარლამენტო ოპოზიცია შეეცდება ამ რეალობის შეცვლას? გარკვეული ერთობა უკვე ნახა საზოგადოებამ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საარჩევნო ბლოკის კონტურებია?

- მე ამას უფრო სიგნალს დავარქმევდი. სიგნალს იმისა, რომ არასაპარლამენტო, ზოგადად ოპოზიციაში მიმდინარეობს ე.წ გადაძახილი, რომ საჭიროა ერთობლივი ქმედება. რამდენად მოხერხდება ყველა ოპოზიციური ძალის ერთად დადგომა, განსხვავებული იდეოლოგიების, შეხედულების მიუხედავად ვერ გეტყვით, რადგან ამაში ცოტა ეჭვი მეპარება, მაგრამ ყველას ინტერესი დღეს მობილიზებულია ერთ რამეზე: თუ რა საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

- კვალავ აქტუალურია ფრაზა: “ყველა ერთის წინააღმდეგ?

- მე ეს ნამდვილად არ მხიბლავს. არ მხიბლავს ასეთი სურათი. ყოველთვის მირჩევნია საერთო იდეოლოგია, პოლიტიკური შეხედულებები საგარეო თუ საშინაო საკითხების მიმართ, იყოს განმსაზღვრელი პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის და არა „ყველა ერთის წინააღმდეგ“. თუმცა, რეალობა სულაც არ გამორიცხავს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსოლიდირებული ძალით გავიდეს არჩევნებზე, ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვისურვებდი. მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, ეს კონსოლიდაცია მას მისცემს შესაძლებლობას, რომ უკეთესად იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. წინა არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. არადა, ეს ძალები პარლამენტში აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ვნახოთ, რას მოგვიტანს რეალური პოლიტიკური ცხოვრება.

- რაზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის გაერთიანება?

- დიდ წილად ეს იქნება დამოკიდებული საარჩევნო კანონმდებლობაზე. დღეს ერთმანეთთან შეუგუებელი პოლიტიკური ძალები, ხელისუფლების სიჯიუტემ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ირგვლივ, რამაც ასევე არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, შეიძლება გააერთიანოს.

- არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს ხშირად არასაპარლამენტო ოპოზიცია ხაზს უსვამს, მაგრამ თქვენი მხრიდან რაზე იქნება ეს დამოკიდებული? რა შემთხვევაში იტყვით, რომ ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა?

- ერთი, არსებობს ლეგიტიმაციის სამართლებრივი საკითხი. მეორე, ამას განსაზღვრავს პოლიტიკური სიტუაცია და საზოგადოებრივი განწყობა. სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, მაგრამ თუ საზოგადოების დიდ უმრავლესობას არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა არ ექნება, მაშინ ლეგიტიმაციას პრობლემები შეექმნება. ხელისუფლებისა და არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტის ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას არჩევნების მიმართ ნდობა გაუჩნდეს, მაგრამ მე, როგორც ასარჩევ სუბიექტს, თუ არ მექნება ნდობა, ბუნებრივია, ნდობა არ ექნება ჩემს მხარდამჭერს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის მცირე რაოდენობა თუ ამომრჩევლის დიდი რაოდენობა. საბოლოო ჯამში, თუ არჩევნებში მონაწილე ადამიანები უნდობლობით იქნებიან განწყობილები, მაშინ ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება. თუ საზოგადოების დიდი ნაწილი ქუჩაში გავიდა არჩევნების მეორე დღეს, მაშინ ეს მხოლოდ ამის დამადასტურებელი იქნება. მე ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს ეს საკითხი.

- როგორია თქვენი მოლოდინი ამ არჩევნებზე? თუ გაერთიანება მოხდა და საარჩევნო ბლოკი შეიკვრება, მაშინ რა შედეგებს აჩვენებს არასაპარლამენტო ოპოზიცია?

- თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ არის, ასევე საზოგადოების ინტერესს, პოლიტიკური პარტიების კონსოლიდირებულ პოზიციებს, მაშინ შეიძლება შედეგი დადგეს. ეს ყველაფერი მაინც პრაქტიკაზეა დამოკიდებული, ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური ცხოვრება არჩევნებამდე.

- ბატონო ბაჩუკი, არ ფიქრობთ, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებს ისევ “ქართული ოცნება მოიგებს?

- ამომრჩეველი კითხვას სვამს: „ქართულმა ოცნებამ” როგორ უნდა მოიგოს ეს არჩევნები?! ამ კითხვას მე არ ვსვამ. დანარჩენს ამომრჩეველი არჩევნების დღეს გადაწყვეტს. მე ქუჩაში მხვდება ხალხი და მათი განწყობა არ არის, რომ გარდაუვალია ეს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს. მათი განწყობები საპირისპიროზე მეტყველებს.

„ახალი თაობა“,  04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან:რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს

ნატოს მაღალჩინოსნები რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობენ. ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს ძალითა და შეკავებით უნდა პასუხობდეს. თუმცა, ამ განცხადებაში საქართველო ნახსენები არ არის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ რუსეთი ყველაზე მეტად მიდრეკილია ავანტიურებისკენ. ის თამაშის წესებს არ ემორჩილება. ამიტომ ნატოსა და ამერიკის სამხედრო პოტენციალის აღმოსავლეთით გადმოსროლა ომის პრევენციაა. „რუსეთი ოდნავ მაინც რომ უსწრებდეს ნატოს თავისი სამხედრო პოტენციალით, მსოფლიო აქამდე უფრო დიდი პრობლემის წინაშე იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. რუსეთი ყველაზე მეტად მზად არის, გადაეშვას ავანტიურებში“, -განაცხადა გიორგი თავდგირიძემ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.

- ნატოს მაღალჩინოსნები რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობენ. თუმცა, ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში, სადაც საუბარია რუსეთის მიერ შექმნილ პრობლემებზე, საქართველოზე არაფერია ნათქვამი. თქვენ როგორ ახსნით ამას და როგორ აღიქვამთ ამგვარ განცხადებებს?

- საქართველო ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ნებისმიერ განცხადებაში ფიქსირდება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ნატოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სტოლტენბერგის განცხადება დელიკატურია, რადგან თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ნატოს არ სურს, რუსეთთან ცივი ომის ფაზაში შევიდეს, მაგრამ ევროპა სერიოზულად აღიქვამს იმ პრობლემებს, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინაში. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის საფრთხეს უქმნის სტაბილურობას მთელს ევროპაში. საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპზე დგას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოება. არის წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა იწვევს დესტაბილიზაციას. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თამაშის წესები ირღვევა, იქ საუბარი არ არის იმაზე, ვის რამდენი ავტომატი აქვს, რამდენი ტანკი აქვს და რამხელა არმია ჰყავს. როცა უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები ირღვევა, საფრთხე ექმნება მსოფლიოს. გასულ საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო. არავის სურს, ხვალინდელი დღეც ისეთი იყოს.

- როდესაც ნატოს მაღალჩინოსნები ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებაზე საუბრობენ, ალბათ, რუსეთიდან მომავალი საფრთხეებიც გააზრებულია...

- არა, ცალსახად ასე არ არის. ქართული მოსახლეობა და საქართველოს მოქალაქეებიც უნდა შეეჩვიონ იმას, რომ ნატოს გაფართოება არ არის ცენტრის მიერ ახალი ტერიტორიების დაკავება, ეს კოლექტიური უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. ნატოს გაფართოება არ არის მიზანი. მთავარი ამოსავალი წერტილია მსოფლიოს იმ სახელმწიფოების უსაფრთხოება, რომლებიც ნატოში შედის და რომლებიც არ შედის, მაგრამ ნატოს ქვეყნების მეზობლები არიან. ამიტომ, გარკვეულწილად, ეს არის გლობალური უსაფრთხოების პრინციპებზე აგებული სისტემა. ამიტომ თუ ნატოს გაფართოებას რუსული, საბჭოთა კლიშეებით მივუდგებით, რომ იმპერიალისტური დაჯგუფება იზრდება და საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, ანუ არის აგრესიული ბლოკი, რომელიც საფრთხეს უქმნის ვიღაცას, არ იქნება სწორი.

- რუსეთი ყოველთვის სწორედ იმას აცხადებს, რომ მას არ უნდა, თავის საზღვრებთან ნატოს ჯარი იდგეს...

- რუსეთის ხელისუფლება არ არის თავისუფლების ფუნდამენტალური ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება. რუსეთში არ დამთავრდა პოსტსაჭოთა პერიოდი. დაუმთავრებლად მიმდინარეობს ქონების გადანაწილებები, სახელმწიფო ქონება, სახელმწიფო ხაზინა ერთ-ერთი ყველაზე სასურველია გარკვეული დაჯგუფებებისთვის. პოლიტიკურ-სამართლებრივ-ბიზნეს ურთიერთობებს არაჯანსაღი საფუძველი აქვს. საბჭოთა ინერცია გრძელდება და შიდა ჭიდილი აისახება რუსეთის საგარეო ურთიერთობებზე. არც ერთ ქვეყანასთან რუსეთს კეთილმეზობლური ურთიერთობა არ აქვს.

- ე.ი. რუსეთი არ ემორჩილება თამაშის წესებს. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა ექსპერტმა მითხრა, რომ რუსეთი უფრო არის მომზადებული სამხედრო თვალსაზრისით ბრძოლისთვის, ვიდრე ნატო, რადგან რუსეთმა განაახლა თავისი სამხედრო პოტენციალი. ნატოს მხრიდან ბალტიისპირეთში სამხედრო პოტენციალის გაზრდა რუსეთისგან მომდინარე საშიშროებას რამდენად გაანეიტრალებს?

- რუსეთი ოდნავ მაინც რომ უსწრებდეს ნატოს თავისი სამხედრო პოტენციალით, მსოფლიო აქამდე უფრო დიდი პრობლემის წინაშე იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. რუსეთი ყველაზე მეტად მზად არის, გადაეშვას ავანტიურებში. ამიტომ არის რუსეთი სახიფათო. მის ხელისუფლებას ნაკლებად აქვს სოციალური პასუხისმგებლობა თავისი მოსახლეობისა და, საერთოდ, მომავალი თაობის წინაშე. რუსეთი მზად არის სამხედრო ავანტიურებისთვის. ეს არის მისგან გამომდინარე მთავარი საფრთხე. სამხედრო პოტენციალი არ არის ზარბაზნებისა და ტანკების რაოდენობა. მთავარია, რამდენად არის მზად ქვეყანა იომოს და რამდენად აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ნათელი მიზანი.

- რუსეთი ომისთვის მზად არ არის? სირიაში ხომ იბრძვის? ის ერთდროულად სხვადასხვა ფრონტზეა...

- კონფლიქტებს თავისი გრადაცია აქვს. რუსეთი სირიაში ახორციელებს ლოკალურ სამხედრო ოპერაციას, სადაც წარუმატებლობის შემთხვევაში დაკარგავს რამდენიმე ათას თავის მოქალაქეს. ეს არ იქნება მისთვის დიდი უბედურება. რუსეთის სამხედრო პოტენციალს, მაქსიმუმ თურქეთის სამხედრო პოტენციალს თუ შევადარებთ. ნატოს სამხედრო პოტენციალთან შედარებით, რუსეთის სამხედრო პოტენციალი ჩამორჩება. ფაქტობრივად, რუსეთი დღესაც იმ სამხედრო მანქანების ექსპლუატაციას აწარმოებს, რომლებიც ჯერ კიდევ სტალინის დროს ჩაიბარეს, რომელიც რაოდენობრივად გაიზარდა. რუსეთის სამხედრო პოტენციალი ჯერ კიდევ დგას გასული საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებულ შენობებში. არანაირი განახლება რუსეთის სამხედრო პოტენციალს არ განუცდია. ცალკეული სამხედრო მანქანის მოდიფიკაცია განახორციელა. უკეთეს შემთხვევაში ეს არის მოდიფიკაცია. ახალი სიტყვა რუსეთს სამხედრო საქმეში არ უთქვამს.

- თუმცა, რუსეთს ყოველთვის შეუძლია ჩვენ პრობლემები შეგვიქმნას...

- ჩვენ შეიძლება შეგვიქმნას პრობლემა ერთმა ხულიგანმაც კი, რომელიც ითარეშებს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, მაგრამ შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს ოკუპაცია მოახდინოს დაუსჯელად? არ შეუძლია. თუ ერი იბრძოლებს, საქართველოს გააჩნია იმის პოტენციალი, რუსეთის ნებისმიერმასშტაბიანი შემოტევა მოიგერიოს. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ერის თანადგომა.

- ერთი შემოტევა შეიძლება მოვიგერიოთ. ომის მოგება შეგვიძლია?

- ეს ხომ არ არის სპორტული თამაში, როცა არ იცი, რა ანგარიშით დასრულდება. საქართველოს აქვს პოტენციალი და ბევრი მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოს შეუძლია, თავისი თავდაცვის სისტემა ისე ააგოს, გარკვეული დროის განმავლობაში გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და არ მისცეს საშუალება, მოახდინოს საქართველოს ოკუპაცია.

- ცოტა ხნის წინ, ნატოს ჯარების უმაღლესმა მთავარსარდალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო-სასაზღვრო დაზვერვის გაძლიერებაა საჭირო. საქართველოც ესაზღვრება რუსეთს. ნატოს ამ გეგმაში საქართველოც შედის?

- საქართველო აძლიერებს თავის პოტენციალს. ამ პოტენციალის გაძლიერებაა ის, რომ მაისში გაიმართება საკმაოდ მასშტაბური ერთობლივი სწავლება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საბრძოლო ტექნიკა.

- დაზვერვის გაძლიერება ამ სწავლებაში შედის?

- სწავლება კომპლექსურია და არა მხოლოდ დაზვერვის გაძლიერება. დღეს მხოლოდ დაზვერვაზე არავინ საუბრობს. ინფორმაციის ფლობაზე ვსაუბრობთ, რომელიც არა მხოლოდ დაზვერვის მონაცემებისაგან შედგება. ძალების გადმოსროლა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს რუსეთთან ომის ეშინია. ცენტრალური ევროპის რიგი სახელმწიფოებისა და ამერიკის მხრიდან თავისი სამხედრო პოტენციალის განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, ბალტიისპირეთში, არის ომის პრევენცია, რადგან მთავარი საფრთხე რუსეთიდან რომელიმე სამხედრო ავანტიურაში მისი შესაძლო ჩართვაა.

- თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოში მაპ“-ის გარეშე შეიძლება გავწევრიანდეთ. მაპის გარეშე შეიძლება ნატოში მიგვიღონ?

- კი, იურიდიულად შესაძლებელია. პრაქტიკულად, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. როგორც კი საქართველოს მიღება ნატოს ინტერესებში იქნება, აღნიშნული პოლიტიკური პროცესი დაიწყება. როგორც კი ნატოში მიღების პროცესი დაიწყება, საქართველოს უსაფრთხოება ისეთივე იქნება, როგორც გაერთიანებული ევროპის წევრი ქვეყნებისაა. „მაპ“-ის ატრიბუტები ისედაც ხორციელდება. სწავლება, ავღანეთში ერთობლივ მისიაში მონაწილეობა, მჭიდრო ურთიერთობის დემონსტრირება ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად, არაფორმალურად, „მაპ“-ის მოთხოვნებს ვასრულებთ. ნატოში მიღება ხდება უსაფრთოების კრიზისებიდან გამომდინარე და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ამ ქვეყანას აქვს

„ახალი თაობა“,  04 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: ეს პარლამენტი იმის ღირსია, რომ ხალხმა ჯოხებით გარეკოს

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოდის. „ახალი თაობა“ ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- რას აპროტესტებთ, ბატონო ჯონდი?

- ვაპროტესტებთ კანონს, რომლის ფარულად გატანასაც ცდილობდა პარლამენტი და რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტს უფლება ეძლევა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მშობლებს მცირეწლოვანი შვილი ჩამოართვას. პარლამენტმა მორიგი მასშტაბური ღალატი ჩაიდინა და გასულ მძიმე კვირაში, მეორე მოსმენით, იურიდიულ კომიტეტში განიხილა აღნიშნული კანონი.

- სოციალურ აგენტს შეეძლება ერთპიროვნულად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე წაართვას ოჯახს ბავშვი?

- დიახ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე! რომელიმე ჰომოსექსუალის ან გრანტებით დაფინანსებული რომელიმე მოღალატის დაბეზღების საფუძველზე, სოციალური აგენტს შეუძლია მივიდეს სახლში, ვალდებული ხარ, გაუღო კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას და მას შეუძლია, ერთპიროვნულად, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, წაგართვას ბავშვი! მერე შეგეძლებათ ამის გასაჩივრება, თუმცა ან დაიბრუნებთ შვილს და ან ვერ დაიბრუნებთ.

- ეს რამდენად სწორი და სამართლიანია?

- სამართლიანი კი არა, ეს დანაშაულია! მე შემიძლია სტატისტიკაც მოვიშველიო. საფრანგეთში ამ კანონის მიღების შემდეგ, 110 ათასი ბავშვია წართმეული და ოჯახში დაუბრუნებელი. გაცილებით მეტი იყო, მაგრამ 110 ათასმა ოჯახმა ვერ დაიბრუნა ბავშვები. გერმანიაში 77 ათასი ბავშვია გაყვანილი და ვერ დაბრუნებული ოჯახებში.

- რა შემთხვევაში შეუძლია სოციალურ აგენტს ეს გადაწყვეტილება მიიღოს?

- სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვა. სოციალურ აგენტს შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, თუკი მშობლებს ბრალს დასდებენ მცირეწლოვან ბავშვზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ან ეკონომიკურ ძალადობაში. ან ბავშვის კონსტიტუციური უფლებების უგულებელყოფაში. მათ შორის საბაზისო განათლების უფლების უგულებელყოფაში!

- იქნებ მკითხველისთვის გასაგებ ენაზე განვმარტოთ, რას ითვალისწინებს ყოველივე ეს?

- მაგალითად, საბაზისო განათლების უფლების უგულებელყოფა ნიშნავს იმას, რომ თუ იმ სკოლაში, სადაც თქვენი შვილი სწავლობს, შემოიღეს სექსუალური აღზრდა, ან ჰომოსექსუალთა გაკვეთილები და თუკი თქვენ შვილს აუკრძალავთ მსგავს გაკვეთილზე დასწრებას, ეს თქვენ ჩაგეთვლებათ საბაზისო განათლების უფლების უგულებელყოფად. ამის გამო აგენტს თავისუფლად შეეძლება, ჩამოგართვათ ბავშვი და სანამ თქვენ შეძლებთ და საკუთარ შვილს დაიბრუნებთ, ან ვერ დაიბრუნებთ, ბავშვს რეალურად ციხეში უწევს ყოფნა. ეს მისთვის ციხეა!

- ეს მცირეწლოვანი ბავშვისთვის სერიოზული სტრესი არ იქნება?

- რასაკვირველია! ხვალ, შვიდის ნახევარზე, მე ამოვიღებ ევროპაში განხორციელებული ასეთი ძალადობის ფაქტებს. ეს არის ოჯახის ტრაგედია! ბავშვები გაჰყავთ ძალით! ტირის ბავშვი, არ უნდა დედ-მამასთან დაცილება და ის ძალით მიჰყავთ! დედამ რომ შვილი დასაჯა და, მაგალითად, ჯინსები არ უყიდა, ამის გამო მას დედასთან დაშორების სურვილი ხომ არ გაუჩნდება?! ეს კანონი არის პარლამენტის მორიგი ღალატი!

- რა მიზანს ემსახურება ამ კანონის შემოღება?

- ეს არის პირდაპირ დარტყმა ოჯახზე! ბოლო წლებია, მთავარი შეტევის ობიექტი არის ქართული ტრადიციული ოჯახი! ანტიდისკრიმინაციული კანონი და ესეც არის ოჯახზე შეტევა, რომ ოჯახში შემოგეჭრას სახელმწიფო და დაგაშანტაჟოს შვილის წართმევით! ეს არის დიქტატი გარედან, ეს არის ამერიკულ-ევროპული ახალი სტანდარტი! ეს არის თავსმოხვეული კანონი, რომელსაც ჩვენი პარლამენტის წევრები უსირცხვილოდ მხარს უჭერენ.

- პარლამენტში ამის მოწინააღმდეგენი არ არიან?

- ნაწილმა ეს იცის და უსირცხვილოდ უჭერს მხარს, ხოლო 80% ამას არ კითხულობს. გთავაზობთ ჟურნალისტებს, მიდით პარლამენტში და ჰკითხეთ დეპუტატებს, ორი მოსმენით ხომ გასულია ეს კანონპროექტი და, საერთოდ, სათაური თუ იციან კანონის, ან რომელიმე მუხლის შინაარსი. დარწმუნებული ვარ, არც წაუკითხავთ, თორემ ბევრი ისეთი ადამიანია იქ, რომელიც შვილის ოჯახისთვის წართმევას არ დაეთანხმება!

- ვინ არის კანონპროექტის ინიციატორი?

- კანონპროექტის ინიციატორი არის იუსტიციის სამინისტრო, თეა წულუკიანი და მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი დიდი სირცხვილია იუსტიციის სამინისტროსი! მაგრამ შენ, პარლამენტის დეპუტატი რომ ხარ და პენსიონერზე 25-ჯერ მეტ ხელფასს რომ იღებ და ზედ პრემიებს და ხელფასის დანამატს, ვალდებული ხარ, რომ ეს ორგვერდიანი კანონი წაიკითხო! წაიკითხო და ნახო, რას უჭერ მხარს! ისეთ ვიგინდარა პარლამენტარებს, რომლებიც შემთხვევითობის წყალობით პარლამენტში მოხვდნენ და დღეს დეპუტატი ჰქვიათ, ვინ მისცა უფლება, რომ მშობლებისთვის შვილის წართმევას დაუჭირონ მხარი?!

- ვის გულისხმობთ?

- ძალიან ბევრს! თუნდაც გუგული მაღრაძეს, რომელმაც დღეს ჩემი განცხადებები გააპროტესტა, ვინ მისცა იმის უფლება, რომ ფილოსოფიურად ახსნას, თურმე როგორ სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. გავიდეს ერთი ქუჩაში და ხალხს აუხსნას, რომ ოჯახიდან შვილის წაყვანა შეიძლება, თუკი თქვენ ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებთ შვილის წინააღმდეგ. განა ერთ და ორ მშობელს უთქვამს შვილისთვის, რომ, მაგალითად, არ გიყიდი შარვალს ან ფეხსაცმელს, თუკი მაღალი აკადემიური მოსწრება არ გექნება?! ეს ძალადობაა შვილზე?! ამდენი მოღალატე და ამდენი უტვინო ადამიანი პარლამენტში უკვე კურიოზია! ეს პარლამენტი იმის ღირსია, რომ ხალხმა ჯოხებით გარეკოს! მე ვატყობ, რომ ასე მოუწევთ!

- თუკი მიიღო პარლამენტმა ეს კანონპროექტი და თქვენმა პროტესტმა არ უშველა, მაშინ?

- ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მესამე მოსმენით აუცილებლად უნდა შეაჩერონ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით დავარწმუნოთ პარლამენტის წევრები, რომ ამას მხარი არ დაუჭირონ. თუ არ შეაჩერებენ და მაინც დაუჭერენ მხარს, როგორ ზომებს მივმართავთ, ამას უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ.

Comments are closed