„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: საქართველო-უკრაინა, საქართველო რუსეთი, რიგის სამიტი
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია თორთლაძესთან: საქართველოს ნეიტრალიტეტი, საქართველო-უკრაინა, საქართველო-რუსეთი
„ახალი თაობა“: როდის აღარ ვიქნებით დამოკიდებული რუსეთის ელექტროენერგიაზე?
———————-
„საქართველო და მსოფლიო“, 4-9 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: საქართველო-უკრაინა, საქართველო რუსეთი, რიგის სამიტი
ეკა ნასყიდაშვილი
(შემოკლებით)
გასული კვირის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.
- ქალბატონო თამარ, სააკაშვილი ოდესაში გუბერნატორად დანიშნეს. ბევრმა პოლიტოლოგმა და პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ოდესაში “კარგი საქმის საკეთებლად” არ არის გამწესებული…
- მიხეილ სააკაშვილი გლობალური მოთამაშეა. ის არასოდეს ყოფილა ქართული ინტერესების გამტარებელი, რასაც საქართველოსთვის მძიმე შედეგი მოჰყვა. მას სამოქმედო არეალად საქართველო არ ჰყოფნიდა, ხან სი-ენ-ენ-ზე იყო გამოჭიმული, ხან ბი-ბი-სი-ზე, რითაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აღფრთოვანებას იწვევდა. ისინი თვლიდნენ, რომ საქართველო მსოფლიომ გაიცნო, იმას კი ვერ ათვითცნობიერებდნენ, რომ ამის მიზეზი ომი და ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული უბედურება იყო. ალბათ, მოისმინეთ სააკაშვილის ახლანდელი ინტერვიუც, რომელშიც იგი ამბობს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჭაობია… დასავლეთში მიშასთვის თეორიაც კი შეიქმნა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა პატარაა და მას დიდი სახელმწიფოებისგან განსხვავებული ფუნქცია აქვს. ამ თეორიის თანახმად კი, ქვეყანა დიდია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს – მთავარია, მას როგორი ლიდერი ჰყავს და მიშაც ისეთ ლიდერად იქნა მიჩნეული, რომელმაც თავის თავზე აიღო გლობალური ფუნქცია _ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. შედეგი კი ძალიან მძიმე აღმოჩნდა _ დაღუპული ბიჭები, დე იურედ დაკარგული ტერიტორიები, ეკონომიკურად გაჩანაგებული ქვეყანა.
- ასეთ მძიმე შედეგს ელოდებიან ოდესაშიც. ზოგმა ისიც კი თქვა, ოდესა რუსეთის ხელში აღმოჩნდებაო…
- სააკაშვილი საქართველოს ინტერსებს რომ არ ატარებდა, ფაქტია; უკრაინაშიც იგივე მისია აქვს დაკისრებული. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური გარიგებები ხდება. ხომ დავინახეთ, საქართველოს მიმართ მხოლოდ აღშფოთდნენ და შეშფოთდნენ… საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენთვის წამგებიანად დამთავრდა. დღეს აფხაზეთსა და ოსეთზეც ცოტას ლაპარაკობენ და ყირიმის საკითხიც რიტორიკის დონეზეა.
- ამბობენ, რომ ობამას ადმინისტრაციას არ მოსწონს სააკაშვილი და მისი ოდესაში გაგზავნაც, თავიდან მოშორების ტოლფასიაო…
- ფაქტია, რომ მიშას გაცილებით უკეთესი ურთიერთობა აქვს რესპუბლიკელებთან, კერძოდ, სენატორ მაკკეინთან, მაგრამ ამ შემთხვავაში, როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ოდესაში სააკაშვილის გაგზავნით მისი დევნის საკითხი წყდება. მიშას ვეღარ დაიჭერენ, რადგან ის უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თანამდებობის პირი, მგონი, ამით ჩვენმა ხელისუფლებამაც შვებით ამოისუნთქა, მაგრამ, როგორც იურისტები აღნიშნავენ, ეს ვერ იხსნის მას ჰააგის სასამართლოსგან.
- უნდა შეწყდეს თუ არა იმ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც იფარავს, უფრო მეტიც, მაღალ თანამდებობაზე ნიშნავს პოლიტიკოსს, რომელსაც სამშობლოში დანაშაული აქვს ჩადენილი? საქართველოს უკრაინიდან ელჩი არ უნდა გამოეწვია?
- რა თქმა უნდა, რაც დღეს ხდება, საქართველოსთვის დამამცირებელია – სამშობლოში ძებნილი პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში გუბერნატორად ინიშნება. რაც შეეხება საქართველოს დემარშს, საქართველო დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და იგი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს დასავლეთის აზრს. სწორედ ამით არის გამოწვეული ის უსუსური განცხადებები, რომელთაც პოლიტიკოსები აკეთებენ.
- რა შეიძლება ვუწოდოთ დღეს საქართველოს?
- საქართველოს სახელმწიფოს ნიშნები აქვს, მაგრამ, როგორც სახელმწიფო, ბოლომდე შემდგარი არ არის. მაგალითად, არ ჰყავს მიუკერძოებელი, ძლიერი ბიუროკრატია, რომელიც აპოლიტიკური იქნება, ქვეყნის ინტერესებს გაატარებს და დაიცავს მას პოპულისტი პოლიტიკოსების წინდაუხედავი ნაბიჯებისგან. ქვეყანა საკუთარ ინტერესებზე აგებულ დაბალანსებულ პოლიტიკას უნდა ატარებდეს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს.
(…)
- დავუბრუნდეთ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, რას მოუტანს ეს უკრაინელებს?
- მიშა დესტრუქციული ადამიანია და ასეთია მისი პოლიტიკაც. დარწმუნებული ვარ, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა უკრაინელ ხალხს კარგს არაფერს მოუტანს. ოდესა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია და დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკას ესაზღვრება. ეს არის რუსეთისთვის ამ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი ტერიტორია. კიევმა რუსებს საჰაერო გზა ჩაუკეტა… მიშას დანიშვნა შემთხვევითი არ არის. ამ რეგიონში სიტუაციის გართულებას უნდა ველოდოთ.
- ქალბატონო თამარ, თვლით თუ არა, რომ ამერიკის დაკვეთით, ივანიშვილმა ლოკომოტივის როლი შეასრულა და ის პარტიები, რომლებსაც საკუთარი ძალებით ხელისუფლებაში მოსვლა არ შეეძლოთ, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიყვანა?
- ამაზე ხშირად მიფიქრია. ანალოგიურად ფიქრობს და საუბრობს პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ბატონი ალექსანდრე ძალიან განათლებული და საინტერესო ადამიანია, აქტუალური დღევანდელი ქართული პოლიტიკისთვის. მე გავეცანი მის პუბლიკაციებს და ვთვლი, რომ მისი პროგნოზები ახდა. ალექსანდრე ჭაჭიას შეუძლია, ბევრი კარგი გააკეთოს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
- რიგის სამიტის შემდეგ, ცოტა არ იყოს, ხელისუფლებას იმედგაცრუება ეტყობა, რადგან აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის გაზრდაზე დაიწყო საუბარი…
- ფრთხილად, მაგრამ რაღაც კეთდება. ამ საკითხზე თვითონ “ოცნებაშიც” განსხვავებული მოსაზრებებია: მკვეთრად პროდასავლური ძალაა რესპუბლიკელები, რომლებიც ხელისუფლებაში საკვანძო პოსტებს იკავებენ, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.
„ახალი თაობა“,04 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ გია თორთლაძესთან: საქართველოს ნეიტრალიტეტი, საქართველო-უკრაინა, საქართველო-რუსეთი
ინტერვიუში საქართველოს დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია თორთლაძე „ახალი თაობის“ ჟურნალისტ მარიამ მჭედლიშვილთან საქართველოს საშინაო- და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს:
- არცერთი პარტია არ აცხადებს, რომ ის პრორუსულია…
- საქართველოში ნამდვილად არსებობენ პრორუსული და პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციები. მთავარი ის კი არ არის, თუ რას ამბობენ, არამედ ის, თუ რას აკეთებენ… მაგალითად, პრორუსული პარტიები არასდროს არ უწოდებენ რუსეთს ოკუპანტს, არ მოითხოვენ რუსეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლას აფხაზეთიდან, არ აღიარებენ იმას, რომ ჩვენი მთავარი მტერი არის რუსეთი. ისინი ეძებენ დამნაშავეებს ქვეყნის შიგნით და ეს მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიის 22% რუსეთს აქვს ოკუპირებული. ასეთი პარტიები რუსეთიდან ფინანსდებიან. … ეს ორგანიზაციები ღიად იბრძვიან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ, წინ წამოსწევენ ხოლმე ნეიტრალიტეტის სულელურ თემას. ნეიტრალიტეტმა საქართველო 1921 წლის ოკუპირებას ვერ გადაარჩინა. რუსეთის იმედზე ყოფნა როგორ შეიძლება, რუსეთს ხომ საკუთარი თავისთვის ვერ უშველია. მე იმას არ ვამბობ, რომ ამ სახელმწიფოსთან არასდროს არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა. რუსეთთან დალაპარაკება შეიძლება მაშინ, რომცა მოსკოვი თავის ჯარებს გაიყვანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს პარტიები თავის პოზიციებს არ მალავენ. ერთხელ პირდაპირ ეთერში რუსეთის ოკუპაციაზე ვლაპარაკობდი, ეს პოლიტიკოსები კი სიტყვას მაწყვეტინებდნენ, ისე ეფოფინებოდნენ რუსეთს.
- ამ დღეებში სულ იმას ვისმენთ, რომ რუსეთთან ბრძოლის მთავარი ხაზი, ანუ ფრონტის ხაზი ოდესაზე გადისო…
- საქართველოს თვის არანაირი ფრონტის ხაზი ოდესაზე არ გადის. ჩვენ უმჯობესი იქნება ჩვენს პრობლემებს მივხედოთ – უამრავი საზრუნავი გვაქვს – აფხაზეთიტა და ცხინვალის რეგიონით დაწყებული, ეკონომიკითა და უმუშევრობით დამტავრებული. ჩვენი ფრონტის ხაზი უკრაინაში კი არა გალზე და იგოეთზე გადის. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გაუტავებლად სხვა ქვეყნაზე ვილაპარაკოთ. უკრაინა თავის პრობლემებს როგორმე თვითონ გადაწყვეტს. რუსეთმა ყირიმის ოკუპირება მოახდინა, მაგრამ როცა ამ ტემაზე ლაპარაკობს საქართველოს პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები, დეპუტატები, მათ საქართველოს პრობლემებიდან ყურადღება სხვა საკითხებზე გადააქვთ. სამარცხვინო ის კი არაა, რომ უკრაინაში ქართველები თანამდებობეზე დაინიშნენ, არამედ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება. ამაში იმას ვგულისმობ, რომ ცვენი ხელისუფლება ხან ერთ, ხან მეორე სახელმწიფოს სთხოვს ძებნილი პოლიტიკოსების ექსტრადირებას, ეს არის მათხოვრობა, რომელიც საქართველოს რეპუტაციას ულახავს…
(…)
ჩვენი მიწების 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ჩვენ კი კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაფართოებაზე ვლაპარაკობთ და ეს შეხვედრები სახელმწიფოთაშორისო რანგში აგვყავს. ამით თავს ვიტყუებთ. თუ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი მეგობრები არიან, მაშინ ერთმანეთს შინაურულად სეხვდნენ.
„ახალი თაობა“,04 ივნისი, 2015 წელი
როდის აღარ ვიქნებით დამოკიდებული რუსეთის ელექტროენერგიაზე?
სალომე გოგოხია
(შემოკლებით)
ექსკლუზიური ინტერვიუ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან რა მდგომარეობაა საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით, როდის დასრულდება მცირე და დიდი ჰესების მშენებლობა და იქნება თუ არა საქართველო იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული, ამის შესახებ „ახალი თაობა“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს ესაუბრა.
(ამონარიდი)
- ქართველ ენერგეტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ჰესების მშენებლობა ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებით უნდა ჩაანაცვლონ, რაც თანხებსაც დაზოგავს და ეკოსისტემას განადგურებისგან დაიცავს. ამასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნის – თურქეთის მაგალითი მოჰყავთ, რომელიც 2020 წლისთვის მთლიანად ალტერნატიული ენერგიით მომარაგებაზე გადასვლას გეგმავს. ეს საკითხი საქართველოს ენერგოსისტემაში თუ განიხილება? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2016 წლის ბოლოს ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონიც უნდა მიიღონ…
- პრაქტიკულად, თურქეთმა არსებული ყველა რესურსი აითვისა. ალბათ, ალტერნატიულ წყაროებზე გადავა. თუმცა, ჩვენ თურქეთის მაგალითი არ უნდა ავიღოთ. თურქეთი წელიწადში 2 000 მეგავატამდე ჰიდრორესურსს ავითარებს. პრაქტიკულად რესურსი ამოწურა და ამიტომ, ალტერნტიულ ენერგიაზე გადადიან. ჩვენთან ეს საკითხი არ დგას, რადგან ამ მხრივ საქართველოს დიდი რესურსი გააჩნია. ჩვენი ჰიდრორესურსების ჯერ მხოლოდ 18% გვაქვს ათვისებული.
- საქართველოს ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს, რის გამოც იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ვართ დამოკიდებული. ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. რამდენად რეალურია, რომ მცირე და დიდი ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საქართველო იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებული არ იქნება?
- ჩვენი გათვლები სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს აღარ საჭიროებდეს. მას შემდეგ, რაც წარმოებაში 2 000 მეგავატამდე მცირე და საშუალო ჰესები შევა, რასაც 700 მეგავატამადე თბოელექტრო სადგურები დაემატება, ასეთ შემთხვევაში რუსეთზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით.