„რეზონანსი“: როგორია პარტიების რეიტინგი არჩევნებამდე ორი თვით ადრე
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ამას ჰქვია საკადრო შიმშილი. ვერ ხედავთ, რა ხალხი მოდის მომავალ პარლამენტში?!“
„რეზონანსი“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „თავს გავწირავთ იმისათვის, რომ გარყვნილება არ დაკანონდეს
„რეზონანსი“: ინტერვიუ ლაშა ნაცვლიშვილთან: „ეს წარმოადგენს პირდაპირ შეტევას სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგზე“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „შეუძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი ვინმემ გააკონტროლოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროდან დოკუმენტები წამოიღო, იგი პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს“
———
„რეზონანსი“: ადგილობრივი წარმოება ორმოდან ვერ ამოდის // სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის გარდა, ყველაფერი გაყინულია
„რეზონანსი“: საქართველოში დასაქმებულები ძალიან ცოტას გამოიმუშავებენ // მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,45 ცენტია, ხოლო საშუალო – 2,2 დოლარი
——————-
„რეზონანსი“, 04 აგვისტო, 2016 წელი
როგორია პარტიების რეიტინგი არჩევნებამდე ორი თვით ადრე
თიკო ოსმანოვა
არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგი. ბოლო პერიოდში რამდენიმე სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი გამოქვეყნდა, თუმცა მათი მონაცემები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ყველა კვლევაში “ქართული ოცნება” ლიდერობს, მეორე ადგილზე კი “ნაციონალური მოძრაობაა”. გაურკვეველია მესამე ძალის ვინაობა. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებლის, ზურაბ ბიგვავას თქმით, შესაძლოა, არჩევნებამდე ბევრი რამ შეიცვალოს, თუმცა, ამ ეტაპზე, არსებული თანმიმდევრობა არ შეიცვლება.
“ჩემი აზრით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნება” ამომრჩევლის ხმების, დაახლოებით 50%-ის მიღებას შეძლებს. თუმცა ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება, რაღაც შეიცვალოს, მაგრამ თავისთავად ტიპოლოგია, ანუ თანმიმდევრობა არ შეიცვლება. პირველ ადგილზე “ოცნება” იქნება, მეორე ადგილზე გასვლის შანსი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, მაგრამ ვნახოთ… შემდეგ მოდიან დანარჩენი პარტიები, გაჩნია, როგორ დაალაგებენ სიტუაციას და წარმოჩინდებიან. თუმცა პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი ალასანიას რეიტინგები აშკარად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ზურაბ ბიგვავა, რომლის ორგანიზაციამ “ქართული ოცნების” დაკვეთით რამდენიმე სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.
ერთი კვირის წინ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა – “ენ-დი-აი“-მაც მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, სადაც, წინა კვლევასთან შედარებით, “ოცნების” რეიტინგი გაზრდილია, თუმცა კვლავ უმნიშვნელო პროცენტული განსხვავებაა “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. ამავე კვლევაში თვალში საცემია ის, რომ ბარიერის გადამლახავ პარტიებს შორის არ არის ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” და მისი ადგილი პაატა ბურჭულაძის ახლად შექმნილ ორგანიზაციას უკავია.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 17% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13% კი “ნაციონალურ მოძრაობას”. პაატა ბურჭულაძის პარტიას ხმას – 4 პროცენტი, ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსს კი 3 პროცენტი მისცემდა. პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 14-მა პროცენტმა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 5 პროცენტი, ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში დააგროვეს 7 პროცენტი.
რაც შეეხება მეორე კვლევას, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, “ქართული ოცნების” შიდა კვლევის თანახმად, სახელისუფლებო პარტიას 35%-იანი, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” 13%-იანი რეიტინგი აქვს. როგორც ზურაბ ბიგვავამ აღნიშნა, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერ გიორგი კვირიკაშვილს 42%-აინი რეიტინგი აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ დავით ბაქრაძეს – 21%. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ეს რეიტინგი ბოლო პერიოდში შედარებით გაზრდილია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” – შემცირებული.
შეგახსესნებთ, რომ “ქართული ოცნების” ამ კვლევის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა ივნისში “რუსთავი 2″-ის დაკვეთით “ჯე-ეფ-კას” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” “ოცნებას” მხოლოდ 0,7%-ით ჩამორჩება. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4%, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7% მისცემდა.
ბოლო დროს ქვეყანაში ჩატარებულ თითქმის არც ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვას არ ენდობა სოციოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. თუმცა საზოგადოების განწყობის ლოგიკიდან გამომდინარე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი მომატებულია, სამაგიეროდ კი დაცემულია ბურჭულაძის პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის” რეიტინგი. მისი აზრით, ე.წ. მესამე ძალის სტატუსს, 8 ოქტომბრის არჩევნებზე “პატრიოტთა ალიანსის” კოალიცია მოიპოვებს.
“პარტიების რეიტინგებს ადგენს სოციოლოგიური გამოკითხვები. ვინაიდან ჩვენთან ამას “ენ-დი-აი” და “აი-არ-აი” ატარებენ, რომლებსაც საზოგადოება არ ენდობა, ამიტომ ამაზე უარი უნდა ვთქვათ და დასკვნები მასმედიის საშუალებით გამოვიტანოთ. ანუ ესა თუ ის ძალა რა ადგილს იკავებს მასმედიაში და რამდენად აქტიურია. როგორც წესი, ეს აქტიურობა კავშირშია პარტიის რეიტინგთან. დღეს მასმედიაში აქტიურია სახელისუფლებო პარტია, ეს ბუნებრივიცაა. შედარებით დაიკლო, თუმცა მეტ-ნაკლებად აქტიურად ჩანს ასევე “ნაციონალური მოძრაობა”. სხვა პარტიები კი თითქმის არ ჩანან. მეჩვენება, რომ მესამე ძალის სტატუსს “პატრიოტთა ალიანსი” მოიპოვებს. ის კრიტიკულია, როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების მიმართ. და, როგორც კი გააქტიურდება, კიდევ უფრო მეტად აიწევს მისი რეიტინგი.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას პარტიას, მათთვის მიუღებელია ერთი და მეორე ხელისუფლებაც, ოღონდ დამაჯერებელი არ არის, თუ რატომ არის მიუღებელი დღევანდელი ხელისუფლება. ეს საზოგადოებაში აიხსნება იმით, რომ მან მინისტრის პორტფელი დაკარგა და ამიტომაც არის კრიტიკული “ოცნების” მიმართ, ასევეა რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებაშიც. შესაბამისად, არა მგონია, მათ რამე შანსი ჰქონდეთ.
ბოლო დროს ცუდად გამოიყურება პაატა ბურჭულაძის პარტიის რეიტინგი, თუმცა ეს ფონდ “იავნანას” სკანდალით გამოწვეული არ არის. ბურჭულაძის პარტიამ ძალიან გადახარა თავისი კურსი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და “ოცნებას” აკრიტიკებს იმ სტილში, რა სტილითაც “ნაციონალური მოძრაობა”. ამიტომ ეს მას მოათავსებს, უნდა თუ არა, “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით და ამან შეიძლება, ბევრი ქულა დააკარგვინოს. მან პოლიტიკური საქმიანობა ბევრი მხარდამჭერით დაიწყო, მაგრამ თუ გააგრძელებს ამ რიტორიკას, მაშინ ეს მოსახლებისთვის იქნება “ნაციონალური მოძრაობა” ნომერი 2,” – უთხრა რამაზ საყვარელიძემ “რეზონანსს”.
ზურა ბიგვავას თქმით კი, შიდა კვლევებით “ქართულ ოცნებას” კარგი მდგომარეობა აქვს, “ნაციონალური მოძრაობა” კი ძლივს ინარჩუნებს მეორე ადგილს. მისივე თქმით, მაჟორიტარებისა და ახალი სახების წარდგენა “ოცნების” რეიტინგზე დადებითად აისახა.
“ენ-დი-აიმ” გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვნად გაზრდილია “ქართული ოცნების” რეიტინგი. შიდა კვლევებით სახელისუფლებო პარტიას გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს. “ნაციონალურ მოძრაობას” კი – რთული. თუმცა ჯერჯერობით ინარჩუნებენ მეორე ადგილს. დანარჩენები, მაგალითად პაატა ბურჭულაძის და ირაკლი ალასანიას პარტიები მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე არიან, თუმცა რაც ჰქონდათ, უფრო ნაკლები აქვთ. ტენდენცია ნათელია, მათ ბოლო ხანებში რეიტინგი არ ემატებათ და ამასობაში, “გირჩი” ფაფხურობს. ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” ჯერ არ დაუწყია წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ახალი სახეების წარდგენამ და მაჟორატარობის კანდიდატებმა უკვე დადებითად იმოქმედა “ქართული ოცნების” რეიტინგზე.
ჩემი აზრით, 8 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნება” ამომრჩევლის ხმების დაახლოებით 50%-ის მიღებას შეძლებს,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ზურაბ ბიგვავა.
„რეზონანსი“, 04 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ამას ჰქვია საკადრო შიმშილი. ვერ ხედავთ, რა ხალხი მოდის მომავალ პარლამენტში?!“
ია აბულაშვილი
“საქართველოში საკადრო პოლიტიკის პრიორიტეტი პროფესიონალიზმი არასდროს ყოფილა, პრიორიტეტი ყოველთვის არის ერთგულება; ამ პრინციპით არჩევენ, ასე იქნება ამ არჩევნებზეც” – ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინაძე, რომელსაც “რეზონანსი” წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებებზე გაესაუბრა.
სოსო ცინცაძე: წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან განსხვავებით თავისუფალია, რასაც ვერ უარვყოფ. რაც შეეხება თავისებურებებს, აქ სიახლე არაფერია – საარჩევნო კანონი ისევ მაჟორიტარულია, ოპოზიცია სუსტია და ამას ხედავს მმართველი პარტია. ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ჯერჯერობით ვერაფერს ჰპირდება ხალხს; ქართველ ამომრჩეველს კი აღარავის სჯერა.
გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ამ ბოლო პერიოდში დაიდო, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამომრჩეველთა 60%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას. რამდენად სწორია, ვერ გეტყვით, რადგან მე ამ გამოკითხვების კმაყოფილი ვერავინ ვნახე, მმართველი პარტიიდან დაწყებული, ორკაციანი პარტიებით დამთავრებული. თანაც არც ერთი პარტია არ ადასტურებს, რომ ეს მონაცემები მართალია.
- ძალიან ჭრელი ხომ არ იქნება მომავალი პარლამენტი?
- ამ მოწვევის პარლამენტიც არ უჩიოდა პოლიტიკური პარტიების სიმცირეს, მაგრამ რა გააკეთეს? ეს პარლამენტი რომ ეფექტური არ იყო ხალხის საკეთილდღეოდ მიღებული კანონების რაოდენობით, ეს ფაქტი არ არის? შეგიძლიათ დამისახელოთ რამდენიმე კანონი მაინც, რომლებმაც გააუმჯობესა ხალხის ცხოვრება ან ისეთი კანონი მიიღეს, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, სოფლის მეურნეობაში ან სხვა დარგებში პრობლემების აღმოფხვრას? მე პირადად ასეთ კანონს ვერ ვიხსენებ. ამ პარლამენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო და ძირითადად პარლამენტარები დაკავებული იყვნენ ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, კინკლაობით…
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი ცდილობდა სიტუაციის დარეგულირებას, ის გაწონასწორებული პიროვნებაა, მისთვის ყოველთვის უცხო იყო გაცხარება და ყვირილი, მაგრამ ალბათ ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ, რა პრობლემებს აწყდებოდა. როცა მოვა მისი მემუარების დრო, ალბათ ბევრი ექნება დასაწერი. თუ მოვესწარი, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.
- დავით უსუფაშვილი და მისი პარტია ახლა უკვე დამოუკიდებლად მიდიან არჩევნებზე. მაინც რა შანსები აქვთ “რესპულიკელებს”?
- რესპულიკური პარტიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე მინისტრი ჰყავდათ მთავრობაში, პარლამენტის კომიტეტებშიც სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილი. მე არ ვიცი, რა სტრუქტურები შექმნეს, როგორ აქვთ მოგვარებული ორგანიზაციული საკითხები, ინფრასტრუქტურა, მაგარამ თუ ყველა ბერკეტი, რაც 4 წლის მანძილზე ჰქონდათ, ეფექტურად გამოიყენეს, მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი ნამდვილად ექნებათ.
- სხვა ოპოზიციური პარტიების შანსებზე რას იტყვით?
- ისევ გამოკითხვებს თუ დავეყრდნობით, შანსები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, ბურჭულაძეს, ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას”, “პატრიოტთა ალიანსს” და ალბათ კიდევ რამდენიმეს.
- ეს პარტიები, რომლებიც ჩამოთვალეთ, ბარიერის გადალახვას კი არა, ხელისუფლებაში მოსვლას ჰპირდებიან თავიანთ ამომრჩეველს. ამ მოცემულობაში შეძლებს მმართველი გუნდი პოზიციების შენარჩუნებას?
- არ გაგიგიათ, ღმერთი თუ გწყალობს, ეშმაკი რას დაგაკლებსო? ამხელა ბიუროკრატიული აპარატის პატრონს არა მგონია, პოზიციების დათმობა მოუწიოს, თანაც ძალიან კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია სუსტია და მაჟორიტარული სისტემაც შეინარჩუნა…
- ორი თვე დარჩა არჩევნებამდე და მმართველი გუნდი დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით რაიონებში რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას. ჯერჯერობით არც პარტიული სია გამოუქვეყნებიათ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- ამას ჰქვია საკადრო შიმშილი. ვერ ხედავთ, რა ხალხი მოდის მომავალ პარლამენტში?! საქართველოში საკადრო პოლიტიკის პრიორიტეტი პროფესიონალიზმი არასდროს ყოფილა, პრიორიტეტი არის ერთგულება და ამ პრინციპით ირჩევენ, ასე იქნება ამ არჩევნებზეც.
- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ სიტუაცია შეიძლება არჩევნების შემდეგ დაიძაბოს. თქვენი პროგნოზი როგორია?
- არა მგონია, სიტუაცია დაიძაბოს – ამის ნიშნები დღეს ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ საქართველოში მე არ მახსოვს არჩევნები, რომ ოპოზიციას ეღიარებინოს დამარცხება და გამარჯვებულისთვის მიელოცოს. ერთი ირაკლი ალასანია იყო, გიგი უგულავას რომ მიულოცა გამარჯვება და ისიც კინაღამ შეჭამეს. დაძაბულობა არ მგონია, რომ ვინმეს აწყობდეს – ყველა წაგებული დარჩება.
„რეზონანსი“, 04 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „თავს გავწირავთ იმისათვის, რომ გარყვნილება არ დაკანონდეს
ეკატერინე ბასილაია
“ჩვენ თავს გავწირავთ იმისათვის, რომ გარყვნილება და უზნეობა არ იქნას ჩვენს ქვეყანაში დანერგილი,” – აცხადებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის წევრი სანდრო ბრეგაძე, რომელიც ირწმუნება, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილზე ზეწოლას ახდენენ, რომ მან ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი არ დანიშნოს და თუკი რეფერენდუმი არ დაინიშნება, ისინი არ გაჩერდებიან.
აღსანიშნავია, რომ ქორწინების თემაზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნა ცესკო-მ 1-ელ აგვისტოს პრეზიდენტს გადაუგზავნა. რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?” ახლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთთვიანი ვადა აქვს, დათანხმდეს ან უარი თქვას რეფერენდუმის დანიშვნაზე.
სანდრო ბრეგაძე: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საჯაროდ პირდაპირ განაცხადა, რომ მას უცხოეთიდან ათობით წერილი მისდიოდა იმის თაობაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მომხდარიყო კონსტიტუციაში ცვლილება. ეს მიუთითებს იმაზე, რამხელა ზეწოლაა უცხოეთიდან, თუმცა ხელმოწერები გრძელდება. დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ხელმოწერა გვაქვს, ხოლო 8 ოქტომბრამდე 1,5 მილიონი გვექნება. მინდა მჯეროდეს, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არ დაექვემდებარება შანტაჟს, მით უფრო, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისგან, არ წავა თავისი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ და რეფერენდუმს დანიშნავს. პრეზიდენტი, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ნების გამომხატველი უნდა იყოს და არა უცხოელი დიპლომატების ნება-სურვილის შემსრულებელი.
- რატომ არის შანტაჟი განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება?
- საქართველოს მოქალაქეს ყველანაირი პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვს, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატები და უცხოური ორგანიზაციები ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერს მიუთითებენ, თუ რა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ, ეს ზეწოლა და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.
- რატომ გახდა ეს თემა ასე აქტუალური და ასე თავგადაკლულად რატომ ითხოვთ ამ ბოლო დროს ამ ნორმის კონსტიტუციაში ჩაწერას?
- უცხოეთიდანაც და საქართველოშიც ითხოვენ, რომ ერთსქესიანი წყვილის ქორწინება დაკანონდეს. ყველაფრის მაპროვოცირებელი გახდა ის, რომ რამდენიმე თვის წინ ერთმა პიროვნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ის ორგანულ კანონში ამ ჩანაწერის გაუქმებას მოითხოვდა. ამ პიროვნებამ შემდგომ თავად გამოიტანა განაცხადი, მაგრამ ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ხვალ ან ერთი წლის შემდეგ სხვა ტვინგაცხელებული არ შეიტანს იმავე სარჩელს. ამ შემთხვევაში მღელვარება გარდაუვალი იქნება. სწორედ იმისათვის, რომ მღელვარება არ მოხდეს, ეს კანონით თავიდანვე უნდა დარეგულირდეს.
- სექსუალური უმცირესობების მიმართ ისედაც დიდი შეუწყნარებლობაა, გვახსოვს 17 მაისი და ტაბურეტკები და ახლა თქვენი ამ აქტიურობითა და კონსტიტუციაში ცვლილებით უფრო მეტად არ აღვივებთ სიძულვილს?
- პირიქით, ამას მოჰყვება იმ შესაძლო კატაკლიზმების აღმოფხვრა, რომელიც შესაძლოა, იყოს. იმისთვის, რომ ეს საკითხი ქუჩაში არ დარეგულირდეს, სიძულვილის ენა არ გაღვივდეს, შეხლა-შემოხლა არ მოხდეს, საჭიროა, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, საკანონმდებლო დონეზე იქნას მიღებული გადაწყვეტილებები და კანონმა დაარეგულიროს აღნიშნული პრობლემა.
- ძალიან ბევრჯერ ახსენეთ, კანონმდებლობაში უნდა დარეგულირდეს ეს საკითხიო. თქვენ ხომ იცით, რომ სამოქალაქო კოდექსში წერია, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. გამოდის, საკითხი დარეგულირებულია და მას კონსტიტუციაში დამატებით ჩაწერა არ სჭირდება, რაზეც მიუთითებენ კიდეც ამ რეფერენდუმის მოწინააღმდეგეები. მანამდე თუ ამ კანონით ვახერხებდით ცხოვრებას, ახლა რატომ დადგა თქვენთვის კონსტიტუციაში ჩაწერის აუცილებლობა?
- ეს გახლავთ ორგანული კანონი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგან აღნიშნული ჩანაწერი კონსტიტუციაში არ არსებობს. სლოვენიაში, უნგრეთში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში რეფერენდუმით გაკეთდა ანალოგიური ჩანაწერი და ეს ქვეყნები ევროკავშირში არიან, ისე რომ, არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. როგორ, ეს ქვეყნები არადემოკრატიულები არიან? ეს სასაცილოა. ძალიან მოდაში შემოვიდა სიტყვა – რუსული ნარატივი. რა შუაშია ან რუსეთი, ან ინგლისი ან ამერიკა? ეს არის პოლიტიკურად ცვედანი პოლიტიკოსების მოგონილი ფრაზა. საქართველო განსაკუთრებული ტრადიციებისა და ისტორიის ქვეყანაა და აქ მამაკაცს არასოდეს ერქმევა ცოლი, თუნდაც საჭირო გახდეს, ჩვენს გვამებზე გადაიარონ. ჩვენ თავს გავწირავთ იმისათვის, რომ გარყვნილება და უზნეობა არ იქნას ჩვენს ქვეყანაში დანერგილი.
- ბევრი იურისტი ამბობს იმას, რომ თქვენი მოთხოვნა არაკონსტიტუციურია, რადგან კონსტიტუციის 74-ე მუხლი კრძალავს რეფერენდუმს, რომელმაც შეიძლება ადამიანის უფლება შეზღუდოს და მეორე – რეფერენდუმით საკონსტიტუციო ცვლილება დაუშვებელია.
- ესენი დაბალი დონის, უმეცარი იურისტები არიან. ჩვენს მოთხოვნაში არსად წერია, რომ კონსტიტუციის ცვლილებას ვითხოვთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოხატული იქნას მოსახლეობის ნება, ხოლო შემდგომში რეფერენდუმის მიხედვით პარლამენტმა იმსჯელოს, კონსტიტუციაში შეიტანს ცვლილებას თუ რამე დეკრეტს გამოსცემს. ამ ე.წ. იურისტებს პირველი კურსის იურიდიული სახელმძღვანელოს წაკითხვა მოუხდებოდათ. მეორეც, თუკი ისინი ამბობენ, რომ ორგანულ კანონში ეს ჩანაწერი ისედაც არსებობს, მანამდეც იზღუდებოდა ადამიანის უფლებები ამ კუთხით? თუკი ეს რეფერენდუმი საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ის ახალს არაფერს არ ამბობს, მაშინ ვინმეს უფლებების შეზღუდვა როგორ არის? ეს ლოგიკური წინააღმდეგობაა, რითაც თავიანთ უწიგნურობას ხაზს უსვამენ.
„რეზონანსი“, 04 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ლაშა ნაცვლიშვილთან: „ეს წარმოადგენს პირდაპირ შეტევას სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგზე“
ნინო გეგეშიძე
“პრაქტიკულად, საკონსტიტუციო არბიტრები ერთი პოლიტიკური ჯგუფის იურიდიულ მომსახურებასაც აღარ თაკილობენ, იმდენად ანგაჟირებულები არიან,” – აცხადებს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
- თქვენი აზრით, რას უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვიარებული მოვლენები?
- ვამბობს მხოლოდ იმას, რაც ზედაპირზეა და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. სრულიად აშკარაა, რომ აგრესიული პოლიტიკური კამპანია, რომელსაც უკვე საჯაროდ აწარმოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, წარმოადგენს პირდაპირ შეტევას სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგზე და ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელებასთან. ორმაგად სამწუხაროა ის უპრეცედენტო ცინიზმი, რისი თანხლებითაც კეთდება ეს ყველაფერი – მოსამართლის მანტიას ამოფარებული პარტიული აქტივისტების ერთი მცირერიცხოვანი ჯგუფი, სასამართლო ინსტიტუციის დაცვის ეგიდით ანადგურებს ამ ინსტიტუტს და მის ხარჯზე ცდილობს ქვეყანაში საკანონმდებლო კოლაფსის შექმნას.
ამ კოლაფსის შედეგად წარმოქმნილ პოლიტიკურ არასტაბილურობასა და ქაოსს კი ერთი ბენეფიციარი ჰყავს – ნდობადაკარგული და არჩევნებში გარდაუვალი მარცხისთვის განწირული “ნაციონალური მოძრაობა”. სხვა ახსნა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რიგი მოსამართლეების ისტერიკულ ვნებას, რომ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სასწრაფო წესით გააუქმონ ნახევარი სამოქალაქო კოდექსი, რათა ექსპროპრიატორებს არ მოუწიოთ “რუსთავი 2″-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება, მაჟორიტარული ოქლების ლეგიტიმურად დადგენილი საზღვრების გარეშე დატოვონ საარჩევნო პროცესი და მოახდინონ მითვისება-გაფლანგვის დეკრიმინალიცაზია. რეალობა საკმაოდ მძიმეა. ვფიქრობ, ენის მოჩლექის დრო წავიდა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
- რა გაძლევთ ასეთი დასკვნების გაკეთების საფუძველს?
- გადახედეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას, მოსამართლეების ბიოგრაფიებს და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან მათი აფილირების ხარისხს; გადახედეთ სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სარჩელების განაწილების პრინციპს და ამ სარჩელების განხილვისა და დაკმაყოფილების პრაქტიკას, დროის კონტექსტში, თუნდაც; ნახეთ, რა შესაშური კოოპერაცია სუფევს ამ მოსამართლეებსა და მხარეებს შორის (რაც სულ ახლახან გახდა ცნობილი), როგორი რუდუნებით აზუსტებინებენ მოსამართლეები სარჩელებს და პროცედურის გვერდის ავლით აცვლევინებენ მათ, რათა მოსარჩლემ მაქსიმალური სარგებელი ნახოს. პრაქტიკულად, საკონსტიტუციო არბიტრები ერთი პოლიტიკური ჯგუფის იურიდიულ მომსახურებასაც აღარ თაკილობენ, იმდენად ანგაჟირებულები არიან.
ფაქტია, რომ გიორგი პაპუაშვილმა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტი – ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო – გადააქცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის პარტიული ინტერესების მომსახურე კონვეიერად. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მან დაკარგა სრული კარტ-ბლანში, განიცადა რამდენიმე სერიოზული ფიასკო და ახლა უკვე ღია და დაუფარავი პოლიტიკური პროვოკაცია წამოიწყო მოსამართლეებზე ვითომდა განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რათა უკანა რიცხვით მოურღვიოს ლეგიტიმაცია მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას. ეს უპრეცედენტო დესტრუქცია, სულ მცირე, პროფესიული უსინდისობაა და ამაზე პასუხისმგებლობას გიორგი პაპუაშვილი უკვე ვეღარასდროს გაექცევა.
- თქვენი აზრით, როგორი გაგრძელება ექნება ამ დაპირისპირებას?
- საერთოდ, კრიზისებიდან გამოსავალი ყოველთვის ხალხის ნდობით ზურგგამაგრებული ხელისუფლების მტკიცე პოზიციაა.
„ახალი თაობა“, 04 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „შეუძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი ვინმემ გააკონტროლოს“
კონსტიტუციონალისტი, სამართლის ექსპერტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
- ბატონო ლევან, დეპუტატი ბესელია აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას ჰქონდა ადგილი. საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ?
- ქვეყანაში არის ისეთი კონსტიტუციური ინსტიტუციები, რომლებიც პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს. რაოდენ დიდი ცდუნებაც არ უნდა იყოს, პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ და უფრო მოზომილები უნდა იყვნენ, რადგანაც პოლიტიკურად მოტივირებული განსჯის საგნად არ აქციონ სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ეს ისევ და ისევ დემოკრატიას დააზარალებს. რეალურად ქვეყანაში არსებობს ინსტიტუციები, რომლებიც სწორედ პოლიტიკოსების შეკავების მექანიზმია ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, თავს ვიცავთ პარლამენტისგან, რათა მან ისეთი კანონები არ მიიღოს, რომ ჩვენი ცხოვრება შეცვალოს. საერთო სასამართლოები გვინდა იმისთვის, რომ კანონგადაცდომისგან დაგვიცვას, სახელმწიფოსგან იქნება ეს თუ კერძო პირისგან. აქ პოლიტიკის ადგილი ნაკლებია.
- ზოგადად გამორიცხავთ ნებისმიერი, ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ გავლენებს, თუნდაც სურვილს მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით?
- გაზაფხულიდან თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესს, მაგრამ აქამდე ხელშესახები ვერაფერი ვნახეთ. შემიძლია მოგიყვანოთ ეროვნული ბანკის მაგალითი, სადაც ანალოგიური მოვლენების მოწმენი ვიყავით. ეროვნული ბანკის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და პროცესიც დასრულდა, თუმცა, ამ პროცესით ვინ იზარალა? – რასაკვირველია, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა.
- თქვენ ამბობთ, რომ სწორედ ანალოგიური ვითარების მოწმენი ვართ?
- დაახლოებით. საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში პოლიტიკოსები საუბრობენ პოლიტიკურ ინტერესზე. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან კეთდება ეს განცხადებები – ოპოზიციიდან თუ ხელისუფლებიდან. ამ შემთხვევაში ორივე მხარე ზოგადად საუბრობს, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს საუბრები კი მხოლოდ აზარალებს საკონსტიტუციო სასამართლოს და არაფერს არგებს. რეალურად, თუ ფაქტებთან არ გვაქვს საქმე და ფაქტები არ ვიხილეთ, ეს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა. ნებისმიერი მცდელობა, რომ გავლენა მოახდინო კოლეგიურ ორგანოზე, უშედეგოა. გავლენის ქვეშ შეიძლება რაღაც ჯგუფი მოექცეს, მაგრამ მთელი კოლეგია ან მთელი შემადგენლობა, ამ შემთხვევაში ცხრა მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი, ეს შეუძლებელია. ზოგადად, ლოიალური საკონსტიტუციო სასამართლო, რაც დაუშვებელია, ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი ხვალ იმ კანონს მიიღებს, რომელიც მოესურვება. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა თქვას, რაც იყო, ის ცუდი იყო და ამას ჩვენ აღარ გავიმეორებთო. ეს იქნება სწორი მიდგომა.
- 30 სექტემბერს 4 მოსამართლეს, მათ შორის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი პაპუაშვილს, უფლებამოსილების ვადა გასდის. შეიძლება, ეს ვნებათაღელვა სწორედ ამას უკავშირდება?
- ოთხი მოსამართლის შეცვლით, არა მგონია, პოლიტიკური მდგომარეობა შეცვალოს ვინმემ.
- პროცედურები როგორია?
- ორ მოსამართლეს პრეზიდენტი ცვლის ანუ ახალს ასახელებს. ერთი პარლამენტმა უნდა დაასახელოს, ერთი კი – უზენაესმა სასამართლომ. 30 სექტემბერს ასევე ვადა გასდის თავმჯდომარეს _ გიორგი პაპუაშვილს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს. სწორედ თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ თავმჯდომარე თავიანთი შემადგენლობიდან. სხვა ვერავინ ერევა ამ პროცედურაში. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი კოლეგიები ავტომატურად იცვლება. ორი კოლეგია არსებობს 4-4-კაციანი შემადგენლობით, პლენუმი კი მოსამართლეთა 9 წევრისგან შედგება. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს წარმოუდგენელია, წინასწარ განსაზღვრო, ვინ რომელ კოლეგიაში იქნება, პირველში თუ მეორეში. ჯერ არც ის არის ცნობილი, ვის წარადგენს პრეზიდენტი, ვინ იქნება ის ახალი 4 წევრი და რა პოზიციას დაიკავებენ ისინი თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ ყველამ უნდა ვიცოდეთ, სად შეიძლება იყოს პოლიტიკური ქიშპობის ასპარეზი და სად – არა.
„ახალი თაობა“, 04 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროდან დოკუმენტები წამოიღო, იგი პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაკითხოს“
რა კითხვებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ, რა საფრთხის წინაშე დააყენეს ქვეყანა თავდაცვის ექსმინისტრებმა, ვინ აფუჭებს თანამდებობებს? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამის ნათელი გამოვლინება თინა ხიდაშელის ბოლო განცხადებებია. ეს ქალბატონი სულ რამდენიმე თვის წამოსული იყო თანამდებობიდან, რომ პირდაპირი ეთერით ხელისუფლების დაშანტაჟება დაიწყო“, – ამბობს გიგლა ბარამიძე.
- ხელისუფლების დაშანტაჟებაში რას გულისხმობთ?
- გამოვიდა ეს ქალბატონი და განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში მიიტანს საბუთებს, რომლის გამოქვეყნება არავისთვის სასიამოვნო არ იქნება. საუბარია სამხედრო საწარმო დელტას ხელმძღვანელზე. ეს საწარმო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თუ ეს დოკუმენტები, რომელთა გასაჯაროებითაც ქალბატონი იმუქრება, საიდუმლო არ არის, მაშინ რატომ არ მოახდინა მან ამ ყველაფერზე რეაგირება, როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე იყო და რატომ დაიწყო მაინცდამაინც ახლა ამაზე ლაპარაკი? თუ საიდუმლოა ეს დოკუმენტები, მაშინ რა უფლებით საუბრობს მათზე საჯარო სივრცეში? რა გარანტია გვაქვს, რომ მან ხელს კიდევ სხვა რაიმე დოკუმენტაცია არ გამოაყოლა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეს განცხადებები ბევრ კითხვებს ბადებს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, როდემდე უნდა ჩააგდონ ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში მათ მიერ შერჩეულმა თავდაცვის მინისტრებმა. ჯერ იყო და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა თანამდებობიდან მოხსნისთანავე გააკეთა განცხადება, რომ მისი გაშვებით ქვეყანამ თურმე ორიენტაცია შეიცვალა, ახლაა და თინა ხიდაშელი, რომელმაც კაბინეტიდან გამოსვლისთანავე განაცხადა, რომ ქვეყანა ნეობოლშევიზმს უბრუნდება.
- თქვენი აზრით, უბრუნდება ქვეყანა ნეობოლშევიზმს?
- თინა ხიდაშელის საქციელია თავად ნეობოლშევიზმის გამოვლინება. სირცხვილია, როცა ადამიანი ევროპულ აზროვნებასა და დასავლური ფასეულობების დაცვაზე დებს თავს და ამ დროს საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებით იმუქრება. ერთი გამაგებინეთ, სადაური ევროპული საქციელია ის, რომ მის უწყებაში არსებული დანაშაული (თუ ასეთი ხდებოდა) არ აღმოფხვრა და ამის დამამტკიცებელ საბუთებს ახლა ხელისუფლების დასაშანტაჟებლად იყენებს.
- თავად „დელტას“ გარშემო არსებულ სკანდალზე რას ფიქრობთ? რაღაცაში რომ არ იყოს საქმე, თინა ხიდაშელი ამ თემას ასე უბრალოდ არ წამოსწევდა...
- „დელტას“ წევრების, მათი ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. საერთოდ არ ვიცით, რაზეა საუბარი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ გამაოგნებელ განცხადებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ის პირდაპირ ეთერში მიიტანს მამხილებელ დოკუმენტებს, რომელიც თურმე არავისთვის სასიამოვნო არ იქნება. „ქართული ოცნება“ ასეთი უსუსური, არაკომპეტენტური და არაადეკვატური რომ არ ყოფილიყო, ასეთი განცხადების შემდეგ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ქალბატონი თინა დღეს უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული.
- თინა ხიდაშელი იურისტია და ვერ ხვდება, რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა ასეთმა განცხადებამ? თუ შეგნებულად აკეთებს ამას, რომ „ოცნება“ შანტაჟის ქვეშ ჰყავდეს?
- მან ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. ის პირდაპირ აშანტაჟებს ხელისუფლებას. მივმართავ ხელისუფლებას, მოიქცეს ისე, როგორც ევროპული ქვეყანა მოიქცეოდა ამ დროს – დაიბარონ ხიდაშელი დაკითხვაზე. ქალბატონი აღიარებს, რომ ხელთ აქვს სკანდალური დოკუმენტები, რომლებიც სამინისტროდან წამოიღო. ვინ არის იმის გარანტი, რომ მან სხვა საიდუმლო დოკუმენტებიც არ გამოაყოლა ხელს. ამ 4 წლის განმავლობაში რამდენ სამინისტროში შეიცვალა მინისტრი და ყველამ თუ თან წაიღო დოკუმენტები, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. რომელიმეს რაიმე რომ არ მოეწონოს და ეს საიდუმლო მასალები ააფრიალოს, სად მიდიან მერე? ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მინისტრებად შემთხვევით ხალხს ნიშნავენ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხომ ერთ უბედურებაში ჩააგდო ქვეყანა, უარესი სიტუაცია ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს თანამდებობა და წასვლის წინ იქ სულ აურია ყველაფერი, ფაქტობრივად, უწყებას უთხრის ძირს. მოსამართლეების ნაწილი ბოიკოტს აცხადებს და პლენუმს არ ესწრება, მეორე ნაწილი კი დიპლომატებს ხვდება.
მოკლედ, თანამდებობის პირებმა რომ აურიეს და აღარ იციან, პოლიტიკოსობა უნდათ თუ ენჯეოშნიკობა, ამით ზარალდება ქვეყანა.
- ზემოთ თქვით, რომ თანამდებობებზე შემთხვევითი ადამიანები ინიშნებიან. რას იტყვით თავდაცვის ახალ მინისტრ ლევან იზორიაზე?
- ლევან იზორიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. თავდაცვის მინისტრად რომ დაინიშნა, ჰკითხეს, რას აპირებო და ასეთი პასუხი გასცა: „ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება საღი გონების პოლიტიკაო“. „წმინდა გონების კრიტიკა“ გამიგია, ეს ემანუელ კანტის ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომია, მაგრამ „საღი გონების პოლიტიკა“ რა არის, ნამდვილად არ ვიცი. იქნებ ამიხსნას ბატონმა ლევან იზორიამ, რას გულისხმობს ასეთი პოლიტიკა. ლევან იზორიას განცხადებამ ანეკდოტური ვითარება შექმნა, მაგრამ მაინც ულამაზო იყო, როგორ აკრიტიკებდა მას დავით უსუფაშვილი. არ შეიძლება, რამდენიმე საათის დანიშნული ადამიანი მხოლოდ იმიტომ გალანძღო, რომ ის შენი ცოლის ადგილზე დაინიშნა.
- დავით უსუფაშვილისგან ასეთი პოზიციის გამოხატვა ყველას გაუკვირდა. თქვენ რით ხსნით მის გაცხარებას?
- რით ვხსნი და ეს ოჯახური ჭორიკნობის გაგრძელებაა. პარლამენტის თავმჯდომარე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. ცოლის გულშემატკივრობა გამიგია, მაგრამ ასეთი? ასეთი გულშემატკივრობა ქალბატონი თინას მისამართით გამოიჩინოს სახლში, სასტუმროში, მაგრამ არა საჯაროდ. ვუყურებ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე კითხვა გვაქვს, რომლებსაც თქვენი გაზეთიდანაც დავუსვამ.
პირველი, გვაინტერესებს, რატომ არ აგზავნის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ნოტას უკრაინაში. რატომ არ იბარებენ მკაცრი საუბრისთვის უკრაინის ელჩს საქართველოში? უკრაინის მაღალჩინოსანი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საარჩევნო ბატალიებშია ჩართული. ქართული კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამის უფლება არა აქვს. სააკაშვილი კი უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის ელჩმა თავისი ქვეყნის მოქალაქის ქმედებაზე რომ პასუხი უნდა გასცეს, ამასაც დიდი ფიქრი უნდა. თავისით ვერ უნდა მიხვდეს ის გაჭირვებული ჯანელიძე და მისი დამნიშვნელი, რომ აუცილებელია ამის გაკეთება?! ასე რომ იქცევიან, ამიტომაც არის, რომ ამ ხელისუფლებას დამნაშავეების დიდი ნაწილი გაეპარა და თან მილიონები წაიღეს. ამ ჩაჩნებმა რაღაც წაიფაფხურეს და თითქოს ძებნა გამოაცხადეს, მაგრამ მოკლე ხანში ინტერპოლმა ყველა მათგანი მოხსნა ძებნილთა სიიდან – საქართველოს ხელისუფლება არ იყო დაინტერესებული მათი დაკავებით და ინტერპოლს რა ენაღვლება.
მეორე კითხვა ასეთია: როდის უნდა დააყენონ სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემის მოგვარებას საშველი?! დაინგრა და გაუბედურდა ოჯახები. ამ პრობლემით გამწარებული ხალხი უკვე ქუჩაში გამოსვლას აპირებს.
მესამე კითხვა ასე მომრავლებულ ტოტალიზატორებს, სამორინეებს და ლომბარდებს ეხება. ამ ტიპის დაწესებულებები სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სიახლოვეს არსად არ არის გახსნილი. საქართველოში კი პირიქით ხდება. გვაინტერესებს, როდის მოაშორებენ ტოტალიზატორებს, სამორინეებსა და ლომბარდებს სასწავლო დაწესებულებებს. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი წაგებული თანხის გამო.
მეოთხე კითხვა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას ეხება, სადაც ნამდვილ კატასტროფასთან გვაქვს ადგილი. ცნობილი გახდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 19%-ით შემცირდა. გვაინტერესებს, რას ფიქრობს ამაზე ხელისუფლება. ასევე უნდა გვითხრან, თუ როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას. ესენი არაფრის მომგვარებლები არ არიან. იმის მაგივრად, რომ თავიანთი პოლიტიკა გაეტარებინათ, მთელი ოთხი წელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი დღის წესრიგით მუშაობენ.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ „ნაციონალების“ მოპასუხედ არიან გადაქცეულნი. ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებადი არხები ყოველ დილას რაღაცას იტყვიან და მთელი მთავრობა ამ სისულელის გაქარწყლებაზე მუშაობს. როგორ აფუჭებთ თანამდებობებს, თქვე გაჭირვეულებო. რამდენიმე დღის წინ წამოსწიეს ტრისტან წითელაშვილის ამბავი, თითქოს მან რაღაცა გადაიღო და ეს გადაღებული მასალა რუსებს გადასცა. ეს ბრალდება ხომ სულელურია, მაგრამ კიდევ უფრო სულელურად გამოიყურება, „ქართული ოცნება“ ამაზე რომ პასუხობს. ერთ და ორ კაცს რომ ელაპარაკა წითელაშვილზე, კიდევ გავიგებდი, მაგრამ მთელი საპარლამენტო უმრავლესობა ამაზე საუბრობს. ესეც არ იკმარეს და ამაზე სრული სერიოზულობით აკეთებს კომენტარს გიორგი კვირიკაშვილი. საქმე არა გაქვს, პრემიერო, გამოფხიზლდი, კაცო! ტყეში ხომ არა ხარ ნაჯახით წკეპლის მოსაჭრელად?
თუ საქმე არა გაქვს, დღის წესრიგი მაინც შეიდგინე თავისით. პროტოკოლი რომ არა გყავს, ვიცით. წითელაშვილზე საუბარს სჯობია, პროტოკოლს აუხსნა, რომ საქართველოს დროშა დაკიდონ იქ, სადაც შენ დგახარ უცხოეთში ვიზიტისას. მართალია, ამას არ ეხება, მაგრამ უცხოეთში არაერთხელ მოგვეჭრა თავი. ხელი ეწერებოდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და ქართული კლასიკური მუსიკის ნაცვლად შალახო დაუკრეს.
- რამდენჯერმე ახსენეთ, რომ პრემიერს ამ სისულელეზე პასუხი არ უნდა გაეცა. სისულელედ მიგაჩნიათ ის ბრალდება, რომელიც გიგი კალანდაძემ წითელაშვილის მისამართით გააჟღერა?
- საქმეც ეგ არის, რომ ეს სისულელე გიგი კალანდაძემ გააჟღერა. პრემიერს კომენტარი იმით უნდა დაეწყო, რომ ვითომ გენერალი კალანდაძე აგვისტოს ომის დროს ბრიგადის მეთაური იყო. მან ცხინვალთან ახლოს ბრიგადა ღია ცის ქვეშ განალაგა, რომელიც მტრისთვის იოლი გასანადგურებელი გამოდგა. ამ კალანდაძემ კიდევ იქიდან თავის მძღოლს გამოასწრო. კვირიკაშვილს ამაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ეგენი ხომ არაფერში უქნია ღმერთს.
- მოდით, რესპუბლიკელების თემას დავუბრუნდეთ. დავით უსუფაშვილის ერთმა შეფასებამ ერში დიდი ჟრიამული გამოიწვია და საინტერესოა, თქვენ, როგორც ინგლისური ფეხბურთის ქომაგი, ამას როგორ შეაფასებთ. სპიკერმა თქვა, რესპუბლიკური პარტია „ლივერპულია“, რომელიც სულ კარგად თამაშობსო...
- მე უბრალო გულშემატკივარი კი არა ვარ, არამედ ვარ „ლივერპულის“ კლუბის წევრი და ამ შეფასებით ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. როგორც ამ გუნდის ქომაგი, მივმართავ დავით უსუფაშვილს, ლივერპულელობას რომ იჩემებთ, ჯერ ამ გუნდის ისტორია ისწავლეთ და ჩასწვდით „ლივერპულის“ ჰიმნის საფუძვლებს. მასში გმირობაზე, რომანტიზმზე, გაჭირვებულის გვერდზე დგომასა და ერთგულებაზეა საუბარი. რესპუბლიკურმა პარტიამ ყველა სხვა გუნდობა შეიძლება დაიბრალოს, მაგრამ არა – „ლივერპულისა“. რადგან საფეხბურთო ენით დაიწყეს საუბარი, ეტყობა, კარგად ესმით ეს ენა და ამავე ენაზე გავაკეთებ ერთ შეფასებას. პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩემპიონთა ლიგა რომ ტარდებოდეს, რესპუბლიკელები „რეალსა“ და „ბარსელონასაც“ აჯობებდნენ. ამ პარტიისთვის საერთოდ უცხო ცნებაა ერთგულება და დაუშვებელია, მათ ლივერპულს შეადარონ თავი.
- ფეხბურთიდან ისევ პოლიტიკაში დავბრუნდეთ. თქვენ თქვით, არ არის გამორიცხული, სხვა მინისტრებმაც გააყოლეს ხელს რაღაც დოკუმენტებიო. არჩევნების წინ რაიმე სკანდალი ხომ არ გველოდება?
- ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ქვეყანაში სრული ქაოსია. ახლა მთავარია, არჩევნებამდე როგორმე მივიტანოთ სული და პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გამოვიდეს. არჩევნების მერე კი ყველაფერი შეიცვლება.
„რეზონანსი“, 04 აგვისტო, 2016 წელი
ადგილობრივი წარმოება ორმოდან ვერ ამოდის
სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის გარდა, ყველაფერი გაყინულია
მაკა ხარაზიშვილი
საქართველო მხოლოდ ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს. მთავრობა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ადგილობრივი წარმოების რა დარგები შეიძლება განვითარდეს, რომლებიც ადამიანებს დაასაქმებს, პროდუქტი კი ექსპორტზეც გავა. რამდენიმე წელია გვესმის, რომ ქვეყანას აქვს დიდი შანსი, ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდეს, თუმცა რეალობა განსხვავებულია, წლიდან წლამდე ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება.
ექსპორტში ყველაზე დიდი წილი სპილენძის მადნებს უჭირავს – 15,6%, მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, რომელიც ადგილზე არ იწარმოება და რეექსპორტია (7,9%). ეს დარგი უკვე მესამე წელია, ფსკერისკენ ეშვება. მესამე ადგილი ფეროშენადნობებს უკავია (7,8%), თუმცა ეს დარგიც ღრმა კრიზისშია. საერთაშორისო ბირჟებზე ფასის ვარდნის გამო, ფეროშენადნობების ექსპორტიც მკვეთრად შემცირდა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წილი 5%-საც კი ვერ სცდება, დანარჩენ საქონელზე 34% მოდის. ეს არის საფეიქრო ნაწარმი ძალიან მცირე რაოდენობით. გარდა ამისა, ხის ნახშირი, ყუთები, ჩარჩოები და სხვა, რომელთა პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში 1%-მდეა.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ სოსო არჩვაძის განცხადებით, 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში 106 სახეობის წარმოება არსებობდა – წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიებით დაწყებული, კოსმოსური ხომალდების ცალკეული ელემენტების წარმოებით დასრულებული. 90-იან წლებში მრეწველობამ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, თუ ეკონომიკა 26%-მდე შემცირდა, მრეწველობა 100%-დან 16%-მდე ჩამოვიდა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს სექტორი მიბმულია გადამამუშავებელ მრეწველობასთან. “ეს ნიშნავს, რომ სანედლეულო ბაზა, კვების მრეწველობა იზრდება. ადგილობრივი მრეწველობა შედარებით უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს. მართალია, მასშტაბები ძალზე მცირე და სიმბოლურია, მაგრამ სოფლის მეურნეობის განვითარება არის ერთ-ერთი ღვედი, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკის დანარჩენი დარგებიც განვითარდება”, – ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ მარტო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებით შეიძლება, თვალში გამოვიხედოთ, მაგრამ შორს ვერ წავალთ.
ბოლო პერიოდში შედარებით ვითარდება საფეიქრო მრეწველობა. თურქეთში გატანილი ჩვენი ექსპორტის მესამედი მსუბუქ მრეწველობაზე მოდის, რომლის დიდი ნაწილი სწორედ თურქული ინვესტიციების ხარჯზე შეიქმნა.
“შემოაქვთ კაპიტალი, აკეთებენ საკუთარ წარმოებას და მერე აქედან გააქვთ თავიანთ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ექსპორტში მრეწველობის წილი ძალიან მცირეა, ერთადერთი ქიმიური წარმოებაა და ფეროშენადნებობის მიმართულება, სხვა, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია. ვნახოთ, როგორ წავა ქვეყნის პოლიტიკა, მალე ამოვფოფხდებით ორმოდან თუ ჯერ კიდევ დიდი დრო გვჭირდება”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.
აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ამ მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას. ამის მაგალითად არჩვაძეს ირლანდია მოჰყავს. ამ ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის მასშტაბებით იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს, სწორედ ინფორმაციული ტექნოლოგიებისთვის საჭირო პროგრამული პროდუქტის წარმოებით გაუსწრო.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “საქართველოს მთავრობა წაახალისებს ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც მიმართული იქნება მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაზე, განსაკუთრებით კი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებს და მწვანე ეკონომიკის განვითარებას”, – ანიშნულია დოკუმენტში.
მთავრობა აღიარებს, რომ დღეისათვის ექსპორტის ძირითადი ნაწილი მოდის ნედლეულზე. ასევე დაბალია ბაზრების დივერსიფიკაციის ტემპი. ახალ ბაზარზე შეღწევა და დამკვიდრება ძალიან ნელა მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარ მიმართულებად თანამედროვე ტექნოლოგიებს მიიჩნევს. მისი აზრით, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მხოლოდ ამ მიმართულების განვითარებით წავა წინ.
“საექსპორტო პროდუქციის პირველ ათეულში, უმეტესწილად, შედის ნახევარფაბრიკატები, ნედლეული. ასევე, ავტომობილები, რომლებიც რეექსპორტია. განსაკუთრებული მასშტაბებით არც სოფლის მეურნეობის პროდუქტი გამოირჩევა. ჩემი აზრით, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ენერგეტიკაში და შეგვიძლია, რომ ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ. თუმცა ამ ეტაპზე იმპორტის წილი გვეზრდება, ვინაიდან მთავრობამ მსხვილი ჰესების მშენებლობას თავი ვერ მოაბა”, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი და მიიჩნევს, რომ ქვეყანამ აქცენტი უნდა გააკეთოს განათლებასა და მეცნიერებაზე.
“ვინმე ორმა ბელარუსმა ფიზიკოსმა გამოიგონა “ვაიბერი”, რომელიც რამდენიმე თვეში მილიარდ დოლარად გაყიდეს და ახლა მისი ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც ბელარუსიის მთლიან შიდა პროდუქტზე მეტია. “სკაიპი” გამოიგონეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო მეტად მომგებიანი და პერსპექტიულია.
მთელი ცხოვრება წვალობს გლეხი და წელიწადში შეუძლია, 5 ტონა კარტოფილი მოიყვანოს, წლიური შემოსავალი მხოლოდ რამდენიმე ათასი მიიღოს, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი ადამიანი დაწერს აპლიკაციას მობილური ტელეფონისთვის და იგი გაიყიდება რამდენიმე ასეულ ათას დოლარად. აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს”, – ამბობს ჯანიაშვილი.
ამასთანავე, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ტექნოლოგიების განვითარება დასაქმების პრობლემას ვერ გადაწყვეტს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ადამიანების ერთი ჯგუფი მდიდრდება, დიდი ნაწილი კი ისევ სამსახურის მაძიებლად რჩება.
„რეზონანსი“, 04 აგვისტო, 2016 წელი
საქართველოში დასაქმებულები ძალიან ცოტას გამოიმუშავებენ
მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,45 ცენტია, ხოლო საშუალო – 2,2 დოლარი
ელზა წიკლაური
საქართველოში მინიმალური საათობრივი ხელფასი, 0,42-0,45 ცენტს შეადგენს, საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი კი 2,2 დოლარის ფარგლებშია. ამ დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღნიშნული მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით მაღალია. მაგალითად, სომხეთში მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,76 ცენტია, აზერბაიჯანში – 0,77 ცენტი, რუსეთში – 0,93 ცენტი, თურქეთში კი – 1 დოლარი.
საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად, არც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. არადა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ყველგან არის დადგენილი და არცთუ ისე ცოტაა. ჩვენთან მინიმალური ხელფასის ცნება “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუქმდა. 2005 წლამდე მინიმალური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენდა, შემდეგ კი ასეთი კრიტერიუმი არავის მოჰგონებია. ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმებული საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს იღებს.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სამეზობლოში, მინიმალური ხელფასის ცნება არსებობს და შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს იმაზე ნაკლები არ გადაუხადოს. რეგიონში დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურება კი ასე გამოიყურება: რუსეთი – 0,93 ცენტი, აზერბაიჯანი – 0,77 ცენტი, სომხეთი – 0,76 ცენტი, ბელორუსია – 1,3 დოლარი, თურქეთი – 1 დოლარი, უკრაინა – 0,70 ცენტი.
საქართველოში, ექსპერტული გაანგარიშებით, მინიმალური საათობრივი ხელფასი 0,42-0,45 ცენტს შეადგენს. ამაზე ნაკლებია მოლდავეთში, სადაც ეს მაჩვენებელი 0,41 ცენტია და ბანგლადეშში, სადაც საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ 0,10 ცენტია.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, იქ საშუალო საათობრივი ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. ბოლო ინფორმაციით, რომელიც 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ყველაზე ცოტა ხელფასი აქვთ ბულგარეთში, იქ საშუალო საათობრივი ანაზღაურება 4,1 ევროს შეადგენს. 5 ევროს იღებენ რუმინეთში დასაქმებულები, 6,8 ევროს – ლიტველები, 7,1 ევროს – ლატვიელები, უნგრელებისთვის კი საათობრივი ანაზღაურება 7,5 ევროს უტოლდება.
ყველაზე მაღალ ხელფასს კი დანიაში იღებენ, იქ საათობრივი ანაზღაურება 41,3 ევროს შეადგენს, ბელგიაში 39,1 ევროა, შვედეთში – 37,4 ევრო, ლუქსემბურგში – 36,2 ევრო, საფრანგეთში კი – 35,1 ევრო. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, იქ საათობრივი ანაზღაურება 25-29 ევროს ფარგლებშია.
დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინიმალური ხელფასის ცნება არ არსებობს, შესაბამისად, ოფიციალურად არავინ ითვლის, თუ რამდენს იღებს 1 საათში დაქირავებით დასაქმებული. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, თუ გავითვალისწინებთ სამუშაო საათების ოდენობასა და ხელფასს, გამოვა, რომ ადამიანი 178 საათი მუშაობს და საათში 0,42-0,45 დოლარს გამოიმუშავებს. მისივე თქმით, საშუალო საათობრივი ანაზღაურება საქართველოში 2,2 დოლარს შეადგენს, ნორვეგიაში კი 48 ევროა.
“დღეს საქართველოში შრომითი ხელშეკრულება შეიძლება იყოს დადებული როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. იმის გამო, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა აშკარად დარღვეულია მიწოდების სასარგებლოდ, ამიტომ ეს გავლენას ახდენს ხელფასის სიდიდეზე და დაბლა სწევს მის მაჩვენებელს. მკაცრად ადმინისტრაციულად დადგენილი რომ იყოს მინიმალური ხელფასის განსაზღვრება, ეს გამოიწვევს შრომის ანაზღაურების დიდი ნაწილის ჩრდილში გადანაცვლებას და ის გახდება სხვა კანონდარღვევის საფუძველი”, – განაცხადა არჩვაძემ.
აქ არის კიდევ ერთი არაპირდაპირი მაჩვენებელი – ეს არის ეკონომიკის სახელფასო ტევადობა, ანუ ხელფასის თანაფარდობა მშპ-თან: “ჩვენთან სახელფასო ფონდის მშპ-თან მიმართებით არის 24%-ის ფარგლებში მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩევნებელი 40%-ს აღწევს. ამიტომ ხელისუფლების ვალდებულებაა, იმუშაოს ამ მიმართულებით და სიტუაცია წინ წასწიოს.
დასაქმებულების საშუალო ხელფასის სიდიდე მეტ-ნაკლებად შეესაბამება ეკონომიკის განვითარების დონეს. აქ ზრდის რესურსი შეიძლება გამოინახოს მხოლოდ ეკონომიკის მთლიანი ზრდის პირობებში. მეორეა ის, რომ თვითონ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა არის ძალიან დაბალი და ჩვენი ხელისუფლების მოვალეობაა, შექმნას ისეთი სამეწარმეო გარემო, კლიმატი, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს. საქართველო უნდა მიუახლოვდეს მეზობელი ქვეყნის, თურქეთის დონეს მაინც. ევროპული სტანდარტი საოცნებოა. როცა გვექნება იმის საშუალება, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ, მაშინ მინიმალური და საშუალო ხელფასის მეტნაკლებობა ასე მძიმედ აღსაქმელი არ იქნება”, – დასძინა “რეზონანსთან” საუბრისას სოსო არჩვაძემ.
რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი მუდმივად მზარდია. მაგალითად, 2016 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი შეადგენდა 913 ლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 7%-ითაა გაზრდილი. 2015 წლის პირველ კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასის ოდენობა 855,9 ლარს შეადგენდა.
დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ფორმირებაზე, როგორც წესი, გავლენას ახდენს ტოპ-მენეჯერებისა და სახელმწიფო სექტორში მომუშავე დიდი თანამდებობის პირთა ანაზღაურება. შესაბამისად, დღესდღეობით საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობისთვის 913-ლარიანი ხელფასი სანატრელია. დაუბეგრავი მინიმუმის რეჟიმში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობაც აჩვენებს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა უმრავლესობას 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები სიღარიბის ზღვართან ახლოს იმყოფებიან.