globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 4th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „დღეს გიორგი მარგველაშვილს მორალური უპირატესობა აქვს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „რუსეთისგან ღია აგრესია მოსალოდნელი არ არის“ // „მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ რბილ ძალას გამოიყენებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „სოხუმში პუტინის ჩასვლა ძალიან ცუდი სიგნალია“

ინტერპრესნიუსი: ინტერვიუ ლილია შევცოვასთან: მაიკ პენსის თბილისური ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელი სოხუმური ვიზიტის შეფასებები

——————-

ახალი თაობა“, 04 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „დღეს გიორგი მარგველაშვილს მორალური უპირატესობა აქვს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა დღითიდღე მწვავდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია?

- ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება წინასაარჩევნო კამპანია თუ თავისი აზრის გამოთქმა, იმით, გიორგი მარგველაშვილი რასაც დღეს აკეთებს, მეთოდურად, გეგმაზომიერად, მე ვიტყოდი, ჭკვიანურად ემიჯნება მმართველ პარტიას. ერთი მხრივ, ჩვენ ვართ მომსწრე, თუ როგორ ემიჯნება ყველა მმართველი პარტია საკუთარ ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ასე იყო ადრე და ასეა დღესაც. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ემიჯნება პრეზიდენტი მმართველ ძალას, „ქართულ ოცნებას“.

- და ვის უახლოვდება?

- ხალხს, ელექტორატს. ეს ლოგიკაა. ეს არის რესურსი, რომელსაც აგროვებს მთელი გულმოდგინებით მარგველაშვილი, რასაკვირველია, შემდგომი პოლიტიკური მომავლისთვის. ამ რესურსს, რომელსაც ასე მეთოდურად აძლიერებს მარგველაშვილი, აუცილებლად გამოიყენებს. ეს არის ჟანრის ლოგიკა.

ჩემი მეგობრის რამაზ საყვარელიძის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობს, რომ როდესაც ადამიანს არ უსმენენ, ის ჩუმდება, მაგრამ მარგველაშვილი მაინც ლაპარაკობს. გულისხმობდა არაერთგზის ვეტოს გამოყენებას, რა აზრი აქვს ვეტოს გამოყენებას, თუ მეორე დღეს მას პარლამენტი დაძლევსო. მე და რამაზი ისეთი მეგობრები ვართ, რომ ჩემი ეს მეგობრული შენიშვნა ჩვენს ურთიერთობას არაფერს დააკლებს და ამიტომ ვეტყოდი, რომ, მგონი, ცდება, როდესაც ამას ამბობს. ვეტოს გამოყენებას ძალიან ღრმა აზრი აქვს და ეს კარგად იცის მარგველაშვილმა.

- ბატონო სოსო, ისე, ლოგიკურია, თუ მართლაც მეორე დღეს დაიძლევა, რა აზრი აქვს?

- ეს გარედან ჩანს ასე, შინაარსი კი არის ის, რომ მარგველაშვილი არ ეპუება, არ ურიგდება იმ შეცდომას, რომელსაც უშვებს ხელისუფლება. ამ ვეტოებით ის მმართველი პარტიის პოზიციას ემიჯნება, რომ შემდეგ სალაპარაკო ჰქონდეს ხალხთან, მე ვეტო კი დავადე, მაგრამ ვინ მიგდო ყურიო. ეს არის დღეს მარგველაშვილის მორალური უპირატესობა. არსებობს პოლიტიკოსების ტიპი, რომლებსაც არ მოსწონთ, არ ეთანხმებიან, მაგრამ იციან, რომ არაფერი გაუვათ და ჩუმად არიან, ასე ვიტყოდი, შანსს ელოდებიან, მანამდე კი არ ხმაურობენ. გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის დროს ელოდებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისო პოლიტიკისთვისაც დამახასიათებელი. მაგალითად, დე გოლი, რა, ჩუმად იყო?! არა, რა თქმა უნდა. არასდროს ჩუმდებოდა, რაც არ მოსწონდა და რაც მიუღებელი იყო, მას ყოველთვის ღიად და ხმამაღლა აპროტესტებდა. ჩემი გამოცდილებით, რაც ლიტერატურიდან არის ცნობილი და პირადი მაგალითიდანაც ვიცი, დიდი პოლიტიკოსები არასდროს ჩუმდებიან. მარგველაშვილს სხვა ძალა არ აქვს დღეს, გარდა ვეტოსი და თავისი სიტყვისა.

- მან ბრეჟნევის ეპოქა გაიხსენა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდის ლიდერებისთვის

- გასაგებია, ჭკვიანია, გამჭრიახი გონება აქვს და, შემიძლია გითხრათ, რომ მაღალი კლასის პოლიტიკოსია, რომელმაც ფურცელზე დაწერილის წაკითხვით კი არ იცის, რა და როგორ თქვას. ეს მან საკუთარი გონებითა და მაღალი კლასის პოლიტიკოსის ალღოთი იცის.

შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც არ ეთანხმება კანონპროექტებს, ხელს აწერს და კანონად აქცევს, იქვე ამბობს, რომ ეს კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც აწერს. იცით, რატომ აწერს? ტრამპი ცდილობს, ქვეყანა არ გათიშოს და არ დაყოს. მან იცის, ეს რა საფრთხის შემცველია ამერიკისთვის. კონგრესი ტრამპის წინააღმდეგ როდესაც მიდის, ტრამპმა იცის, რომ მის წინააღმდეგ ხალხი მიდის. ჩვენთან პარლამენტი ასე ასოცირებული არ არის ხალხთან. ხალხი აირჩევს ჩვენთან პარლამენტს და მერე ეს პარლამენტი ისე შორდება, როგორც კეთროვანს.

- ცალსახაა, რომ გიორგი მარგველაშვილი აქტიური პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას აპირებს

- მე არ ვიცი, პირადად მას რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მაგრამ მისი მოქმედება, მისი ნაბიჯები სწორედ ამას გვკარნახობს, რომ ის ვადის ამოწურვის შემდეგ თავის მამულში მემუარების საწერად არ ემზადება, თუმცა მანამდე კიდევ ბევრი პოლიტიკური პროცესის მომსწრენი გავხდებით. წინ არის ადგილობრივი არჩევნები, თბილისში გამარჯვებისთვის ემზადება კახა კალაძე, ვნახოთ, მას რა გეგმები აქვს სამომავლოდ.

- ჯერ პოლიტიკური კონტურები გამოკვეთილი არ არის?

- არა, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ავანსცენაზე ალბათ ბევრი რამ გამოჩნდება.

ახალი თაობა“, 04 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „რუსეთისგან ღია აგრესია მოსალოდნელი არ არის“ // „მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ რბილ ძალას გამოიყენებს

პარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესია მოსალოდნელი არ არის, რადგან კრემლს მესამე ფრონტს არ აწყობს.

- ბატონო გიორგი, რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტს საქართველოში?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გახლდათ. ამერიკისაგან ახლა უკვე თეორიული მხარდაჭერა კი არ გვაქვს (როცა აშშ და სხვა ჩვენი პარტნიორები აცხადებდნენ, თქვენს დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ, შეშფოთებულები ვართო), არამედ კონკრეტული ნაბიჯი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსეთის გავლენის შემცირებისთვის საქართველოს რეგიონში.

ამას დაემთხვა ამერიკის საკანონმდებლო ხელისუფლებაში კონგრესსა და სენატში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან არის დაკავშირებული. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (სარკოზი-მედვედევისა და სააკაშვილის) მონაწილეობით) მიღწეული შეთანხმების მთელ რიგ პუნქტებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირდაპირ ავალებს, რუსეთთან დიალოგის დროს მოუწოდოს რუსეთს, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ჯარი, დაუბრუნოს ამ ქვეყნების საზღვარზე კონტროლი ლეგიტიმურ ხელისუფლებებს და შეწყვიტოს ყველა მცდელობა, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებებს ძირი გამოუთხაროს. ეს ეხება უკრაინასა და მოლდოვასაც. ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი და კანონი უკვე ძალაში შევიდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხება.

- სანქციები აქამდეც ხომ ჰქონდა დაწესებული?

- დიახ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, 2014 წელსაც დაუწესა ამერიკამ რუსეთს სანქციები, მაგრამ ის ძალიან რბილი იყო. ეს არის ძალიან მტკივნეული რუსეთისათვის, რადგან ამ სანქციებით შეერთებული შტატები ყველა ქვეყანას მოუწოდებს, არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ დააფინანსონ.

- წინა სანქციები ძალიან ადვილად გადაიტანა რუსეთმა, პირიქით, გაძლიერდა კიდეც და სირიაში წარმატებით იბრძოდა...

- ახლანდელი სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ ურტყამს რუსეთის ეკონომიკას. რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დგას თავისი ბუნებრივი რესურსების რეალიზაციაზე. ეს არის გაზი, ნავთობი და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნავთობი და გაზი. აშშ პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ყველა იმ პროექტის დაფინანსება, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტთან, რუსეთის ტერიტორიიდან გატანასთან.

- როგორც მახსოვს, აქედან გამომდინარე, ენერგოპროექტებთან დაკავშირებით ევროპაში გამოითქვა შეშფოთება და უკმაყოფილება, რომ ამ სანქციებით მათ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხე ექმნება

- გასაგებია, შეშფოთდნენ იმიტომ, რომ დიდი ენერგოკომპანიები მონაწილეობენ. ეს ეხებოდა ძირითადად „ჩრდილოეთ ნაკადი-1“-ს, რომელიც ბალტიის გავლით, პირდაპირ მიდის გერმანიაში. დიდი რაოდენობით გადაზიდვებზეა ლაპარაკი. სწორედ ამიტომ გერმანიასა და იმ ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობენ ამ ქვეყნებში, გამოითქვა შეშფოთება, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი მაინც დაძლევს ამ სიძნელეს და მხარს დაუჭერს ამ სანქციებს. ევროკავშირი გადაიტანს ამას, როგორც გადაიტანა სხვა უახლოეს პერიოდში არსებული სიძნელეებიც. ამიტომ ახლანდელი სანქციები ძალიან სერიოზიული დარტყმაა რუსეთისთვის. ამის გარდა, კიდევ არსებობს სხვა სანქციები, რომლებიც ჯერ არ შემოუღიათ.

- რა სანქციები?

- ეს ეხება საფინანსო ინსტიტუტებს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან. ამ სანქციების მიზანია არა რუსეთის დაშლა, არამედ მისი ხელისუფლების გადაყვანა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფო რელსებზე, რომ კრემლმა დაანებოს თავი დაპყრობითი ომების წარმოებას, დაამთავროს ოკუპაციები და ქვეყანა დაუბრუნოს ცივილიზებული განვითარების ეტაპს. ასეთ შემთხვევაში, თუ რუსეთი გონს მოეგება, მას ძალიან სწრაფი განვითარების საშუალება მიეცემა დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთი ვეღარ ვითარდება. ეკონომიკის ზრდა აღარ ხდება, მინუსებში წავიდა. ეს უკვე ნიშნავს სოციალურ პრობლემებს, კატასტროფულ მდგომარეობას. რუსეთში არის უკვე სოციალური პრობლემები.

განაცხადი, რომელიც გაკეთდა, პირველი არ არის. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან სერიოზული აქტივობაა ამ თვალსაზრისით. ვგულისხმობ აშშ-ის ამა წლის 6 მაისის ბიუჯეტის კანონს (მას ტრამპმა მოაწერა ხელი), რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რეჟიმებს, ან აღიარებენ მათ ე.წ. დამოუკიდებლობას (მაგალითად, აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის~), ან საქართველოს სუვერენიტეტს შეეხებიან, ფინანსური პრობლემებით ემუქრება. შეერთებული შტატები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას ეხმარება, რომლებიც შეიძლება შეეხონ საქართველოს სუვერენიტეტს.

- თქვენ აცხადებთ, რომ რუსეთის ეკონომიკა უკან მიდის, ამ სანქციებით ამერიკას რუსეთის გონს მოყვანა, ცივილიზებულ რელსებზე გადაყვანა უნდაო, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ რუსეთს სანქციებით ვერ შეაშინებენ და პოლიტიკას ვერ შეაცვლევინებენ

_ ეს არის მხოლოდ დიპლომატიური რიტორიკა და მეტი არაფერი. ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება დამოკიდებულია მის ეკონომიკურ პოტენციალსა და ეკონომიკურ წინსვლაზე. ქვეყანა ვერ ვითარდება, რადგან ყველაფერი სოციალურ საკითხებთან არის გადაჯაჭვული. კადაფი და მისი მსგავსი ხელისუფალნი ბევრნი იყვნენ. სად არიან ახლა? თუ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას თავისი ქვეყნის ბედი აინტერესებს, თავისი უგუნური პოზიციები უნდა დათმოს, თავისი საწინააღმდეგო, რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკა უნდა შეცვალოს _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს და საოკუპაციო ჯარი უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ყირიმიდან, უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თუ უნდა კრემლს, ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს, თუ არადა, კატასტროფა ელოდება.

- კადაფი და რუსეთის ხელისუფალნი შეიძლება ერთმანეთს შევადაროთ?

- სად არის ახლა საბჭოთა კავშირი?

- ანუ კრემლს რუსეთი დაშლისკენ თვითონ მიჰყავს?

- რუსეთის დაშლა არავის აინტერესებს. ყველას აინტერესებს, რუსეთი ნორმალური, განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს, რომელიც ცივილიზებულ კანონებს ექვემდებარება, არ ძალადობს და მე-16 საუკუნის მეთოდებით არ ხელმძღვანელობს.

- ჩვენს პოლიტიკურ წრეებში მაინც გამოთქვეს შეშფოთება, რომ საქართველოში პენსის ვიზიტსა და ღირსეული პარტნიორის ფარგლებში მიმდინარე ამერიკისა და ნატოს თუ მათთან პარტნიორობაში მყოფი სხვა ქვეყნების სამხედრო წვრთნებს რუსეთისაგან შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს. ამიტომ რაღაც პოლიტიკაა შესამუშავებელი, რომ საქართველო არ დაზარალდეს. რა შეიძლება იყოს საპასუხო რეაქცია?

_ ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა შეერთებულმა შტატებმა, ნატომ საერთოდ ამ რეგიონთან და საქართველოსთან დაკავშირებით. არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების ძალები. 2016 წელს იყო ამაზე მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ნატო შავ ზღვაში თავისი პოზიციების გაძლიერებას აპირებს. ეს რუსეთისთვის ძალიან სერიოზული, მტკივნეული საკითხია. ამაში საქართველო ჯერ ოფიციალურად არ არის ჩართული, მაგრამ აუცილებლად ჩაერთვება. ჩვენ შავი ზღვის ქვეყანა და ნატოს პარტნიორი სახელმწიფო ვართ. როგორია ამბავია, რუსეთს, რომელიც ბატონობს შავი ზღვის აკვატორიაში თავისი ფლოტით, უპირისპირდება ნატო. ძალიან სერიოზული საკითხია.

ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტი. ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა დოკუმენტს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკის უმსხვილესი კომპანიის ჩართვასთან დაკავშირებით. ანაკლიის პორტის მშენებლობა მალე დაიწყება. ეს არის ღრმა წყალწყვის უზარმაზარი გემების შემოსვლის საშუალება. ანაკლიის პორტი ყველა სხვა პორტის კონკურენტი გახდება, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში არსებობს, რომელიც მიბმული იქნება აბრეშუმის ახალ გზასთან. ესეც სერიოზული საკითხია რუსეთისთვის, რადგან ეს არის ალტერნატიული გზა.

მესამე – „შახ დენიზი-2“ – გაზსადენი, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში და ჩაანაცვლებს რუსეთის რესურსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. აქედან ცხადი ხდება, რომ ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყო საქართველოს გაძლიერებასთან დაკავშირებით რეგიონში. ამაში ჩართულია არა მხოლოდ დასავლური ქვეყნები, არამედ მათი შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმოქმედებენ შავი ზღვის რეგიონში.

- თქვენ რომ გისმენთ, იმედი მეძლევა, რომ ქვეყანას რაღაც ეშველება, მაგრამ ექსპერტები გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველო იქცა რუსეთისა და ამერიკის გეოპოლიტიკურ პოლიგონად და შეიძლება პრობლემები იყოს ჩვენთან

- ახლა ძალიან ძნელი იქნება რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სერიოზული პრობლემების შექმნა. რუსეთმა წითელი ხაზები გადაკვეთა, საოკუპაციო ზოლი გადმოსწია და ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი მოაქცია ხაზის იქით, მაგრამ ამის გაგრძელება ადვილი არ არის, რადგან ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსაც (მისი რესურსები გადის) და თურქეთსაც. როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთმა ამ მიმართულებით რაღაც პრობლემები რომ შექმნას, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება რუსეთ-თურქეთსა და რუსეთ-აზერბაიჯანს შორის? ეს მარტივი საკითხი არ არის და პოლიტოლოგებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ.

ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომელსაც საქართველოს სტაბილურობა და ეკონომიკის უსწრაფესი განვითარება უნდა მოჰყვეს. ყველაფერი, რაზეც ვლაპარაკობ _ მილსადენები, ანაკლიის პორტი «შაჰ-დენიზი-2“ ეკონომიკაა, ეკონომიკის განვითარების უსწრაფესი ტემპები იქნება და ხალხი დასაქმდება. ანაკლიის პორტში 6 ათასი კაცი უნდა დასაქმდეს. ეკონომიკისა და დემოკრატიის თვალსაზრისით დაწინაურებული საქართველო, პრობლემაა რუსეთისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანია აფხაზებისა და ოსებისთვის, თანაც, პირდაპირი აგრესია რუსეთისაგან არ იქნება. რუსეთს მესამე ფრონტის გახსნა არ აწყობს. თუმცა, შეიძლება საქართველოში იმოქმედოს რბილი ძალის მეშვეობით, იმ არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაციების საშუალებით, რომლებიც საქართველოში არსებობენ.

ახალი თაობა“, 04 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „სოხუმში პუტინის ჩასვლა ძალიან ცუდი სიგნალია

„ახალი თაობის“ კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ცსკ-ოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი პასუხობს.

- ქალბატონო ნანა, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ სწორედ მაიკლ პენსის ვიზიტის გამოხმაურებაა პუტინის სოხუმში ვიზიტი 8 აგვისტოს. როგორია თქვენი შეფასებები, რა გამოძახილი ექნება ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტს, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

- ვიზიტი ერთი ნაწილია მთლიანი სურათის, ის, რომ ტრამპის პრეზიდენტობასთან დიდი იმედები იყო დაკავშირებული და ჩავლილმა თვეებმა აჩვენა, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება და მეტიც, ტრამპს პრობლემები ექმნება საკუთარი ადმინისტრაციის ფორმირებაშიც კი. რა თქმა უნდა, ამან არ მოიტანა გარდატეხა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში. პირიქით, გარკვეული დაძაბულობები შენარჩუნებულიც არის და, რიგ შემთხვევებში, გაზრდილიც. ამას ემატება ეს ვიზიტებიც. ვიცით ჩვენ, რომ რუსეთი ღიზიანდება უკვე იმაზეც, რომ ნატო გაფართოვდა, ევროკავშირი გაფართოვდა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება იყო სხვა…

- რა სახის შეთანხმება იყო, არ უნდა გაფართოებულიყო?

- საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ ნატო აღარ გაფართოვდებოდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ხარჯზე. სოციალისტური ბანაკის კი არა, ეს უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხარჯზეც მოხდა. ამის გარდა, რუსეთი მუდმივად მიუთითებს, რომ არ დაუშვებს ნატოს ბაზების უშუალოდ მის საზღვართან განლაგებას. ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, ფაქტია, რომ რუსეთი ამას აღიქვამს, როგორც საფრთხეს. ამდენად, ეს ყველაფერი ჭადრაკის თამაშივით არის, გაკეთდება სვლა, მერე ამას მოჰყვება საპასუხო სვლა რუსეთის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ვზარალდებით ისე ჩვენ!

- რატომ?

- იმიტომ, რომ პენსის ჩამოსვლა და კეთილი სიტყვების თქმა ჩვენს პრობლემებს არ აგვარებს.

- თქვენი მტერი ჩვენი მტერია, გვითხრა მაიკ პენსმა

- რუსეთს უჩვენოდაც მტრად თვლიან ეგენი და, ჩვენ რომ არ გამოვიჩხიროთ შუაში, არ შეიძლება?! ჩვენი ფაქტორი საერთოდ რომ არ არსებობდეს, ამერიკა რუსეთს მიიჩნევს ერთ-ერთ პირველ მტრად. ასევე ისლამური სახელმწიფო, ირანი და ჩრდილოეთ კორეაც მოყვა ამ რიცხვში. რატომ ვცდილობთ ჩვენ, რომ ყოველთვის ვიყოთ წყალგამყოფი და ყოველთვის ჩვენზე გაიაროს ამ ყველაფერმა, ეს ჩემთვის გაუგებარია.

- რატომ შეგვექმნება მეტი პრობლემა?

- რაც გვაქვს, ამაზე მეტი პრობლემა ცოტა რთული წარმოსადგენია. რა თქმა უნდა, ეს პრობლემებს წარმოშობს, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, გრძელდება ნაციონალების მიერ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომ რუსეთთან ლაპარაკს აზრი არა აქვს…

- თქვენ ხედავთ ამის აზრს?

- დიახ! აბაშიძე-კარასინის ფორმატმა დაადასტურა, რომ აქვს აზრი. ყველა საკითხი, რომლებიც აბაშიძემ დასვა, გადაწყდა.

- თუმცა მოიწევს აგრესორი, აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას, მავთულხლართების გადმოწევას. ცენტრალურ მაგისტრალამდე 400-ოდე მეტრი აშორებთ. სად არის ამ ფორმატებისა და საუბრების შედეგი?

- ჩვენ ვამბობთ, რომ ცენტრალურ მაგისტრალთან არიან ძალიან ახლოს. დღევანდელ სამყაროში ყველაფერი დაპატარავდა, მანძილები დაპატარავდა. სულ არ დასჭირვებია რომელიმე ქვეყნის მაგისტრალი ან ნებართვა, ისე გადააფრინა რუსეთმა რაკეტები კასპიის ზღვიდან სირიაში, ორ ქვეყანას ზედ გადაუარა და მესამეს ზუსტად მოხვდა მიზანში.

- ამით რის თქმა გსურთ?

- იმის, რომ ძველ მიდგომებს თავი უნდა დავანებოთ. ისევე, როგორც აბსურდს ემსგავსებოდა განცხადებები, რომ მოასფალტებული გზა გაჰყავთ რუსებს და ტანკები უნდა შემოიყვანონ. როდის იყო, რომ რუსის ტანკს მოაფალტებული გზა სჭირდებოდა. დაღესტნის გზას ვგულისხმობ. რა, იმ გზის გარეშე ვერ შემოვიდნენ და ვერ მივიდნენ თითქმის თბილისამდე?!

- თუმცა, ნაგლეჯ-ნაგლეჯ რომ მიაქვს ახალი ტერიტორიები, ესეც ფაქტია. ოპოზიცია კი სულ საყვედურობს ხელისუფლებას, შეშინებულის პოზაში დგასო. რა უნდა გაკეთდეს?

- საქმე რაშია, იცით? ვისაც ჩვენ ოპოზიციას ვეძახით, ის არ არის ოპოზიცია! ისინი არიან ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ნამსხვრევები. თუ შეშინებულია ხელისუფლება, სწორედ მაგათგან არის შეშინებული, არა რუსეთთან დაკავშირებით, არამედ ესენი რას იტყვიან, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში დაასმენენ, რას წამოაძახებენ. საერთოდ, ეს უტიფარი ხალხია! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანები, რომლებიც სისხლში არიან გასვრილები, ამის გარდა, ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ, მილიარდები იშოვეს, სხვას ემართლებიან კიდევ! ამიტომ ხელისუფლება არ უნდა უსმენდეს მაგათ.

- ვის უნდა მოუსმინონ?

- ქვეყანაში არსებობს უამრავი საზოგადოებრივი ჯგუფი, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. მათ შორის არის დევნილი მოსახლეობა. ძალიან კარგია, რომ ბინებს აძლევენ, ამას რა სჯობია, მაგრამ მხოლოდ ბინები არ არის მათი პრობლემა. მათ საკუთარ ფუძეზე დაბრუნება და საკუთარი მიცვალებულების საფლავებზე უპრობლემოდ გასვლა უნდათ! ამიტომ ვის უნდა ელაპარაკონ? მაიკლ პენსს შესჩივლებ და, კი ბატონო, კარგი ადამიანია, კარგი სიტყვებიც გვითხრა, არაფერს ვერჩი. მე სამი სიტყვა ჩამოგიტანეთ: ჩვენ თქვენთან ვართო! ის გატრიალდა და წავიდა და ჩვენ დავრჩით ჩვენს პრობლემებთან.

- ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. ეს შეცვლის რამეს?

- ჩვენ გვაქვს ორი მაგალითი, როცა ათწლეულების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები გამოუცხადა კუბასა და ირანს. ერთიც და მეორეც გაცილებით ნაკლები შესაძლებლობისა და რესურსების მქონე ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. ამ სანქციებმა რომ არაფერი მოიტანა, ეს თავად ამერიკელებმა აღიარეს როგორც ირანის, ისე კუბის მიმართ. რუსეთს რა უნდა დაუშავოს მაგ სანქციებმა? კი, რაღაც პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ დიდი ქვეყანაა და სხვა რესურსს გამოძებნის. ჩვენ რა გვიხარია, რუსეთს რომ სანქციებს გამოუცხადებენ თუ ჩვენ ჩვენი ინტერესები განვახორციელოთ?! ალბათ მეორე გვირჩევნია, არა?!

- 8 აგვისტო ახლოვდება, ახალ პროვოკაციებს ხომ არ უნდა ველოდეთ? ან რას გამოგვიგზავნის სოხუმიდან პუტინი?

- ის ფაქტი, რომ პუტინი სოხუმში ჩადის, თავისთავად, ძალიან ცუდი სიგნალია.

ინტერპრესნიუსი“, 03 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ლილია შევცოვასთან: მაიკ პენსის თბილისური ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინის მოსალოდნელი სოხუმური ვიზიტის შეფასებები

კობა ბენდელიანი

საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტის სავარაუდო შედეგებსა და შექმნილ ვითარებაში ამერიკულ გამოწვევაზე, ასევე შექმნილ ვითარებაში კრემლის სავარაუდო ნაბიჯებზე ”ინტერპრესნიუსი” ცნობილ რუს პოლიტოლოგს, პროფესორ ლილია შევცოვას ესაუბრა:

- ქალბატონო ლილია, დარწმუნებული ვარ, თქვენც მიადევნებდით თვალს თბილისში აშშ- ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტს და ამ ვიზიტის ფარგლებში მის მიერ გაკეთებულ არაერთ საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები

- დიახ, მე დავაკვირდი პენსის ვიზიტს ესტონეთსა და თბილისში და სიმართლე გითხრათ, ცოტა გაკვირვებული დავრჩი მისი საკმაოდ შეურიგებელი ტონით, რომლითაც მან ესტონეთისა და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. გაკვირვებული დავრჩი იმ მკაცრი ტონით, რომლითაც პენსმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

ჩემი გაკვირვება იმას ეფუძნება, რომ ჯერ თეთრ სახლს არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი საგარეო პოლიტიკის კონცეფცია. სახელმწიფო მდივანი ტილერსონი არის ადამიანი, რომელიც ჯერ ცდილობს ლავირებას და სხვადასხვა მხარეებს შორის მერყეობს.
მე გამაკვირვა იმანაც, რომ ტილერსონმა თეთრის სახლის საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სიიდან ფაქტობრივად ამოშალა აშშ-ს მხრიდან დემოკრატიის მხარდაჭერის თეზისი. ეს პირველად მოხდა, რითაც საფრთხე შეუქმნა ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს და მთელ მსოფლიოში ლიბერალების გაკვირვება გამოიწვია. მაშინ, როცა ტილერსონი მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დაცვაზე უარს ამბობს, ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილიში ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მტკივნეული ადგილია.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დიდი ხანია აღებული აქვს კურსი ნატოს წევრობაზე, საქართველოსა და ქართველებისთვის პენსის ვიზიტი პოზიტიური მოვლენაა. ჩვენ ვიცით, რომ ნატო საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილს დემონსტრაციულად აფიქსირებს. მიუხედავად ამისა, პენსის ვიზიტი მაინც განსახილველია აშშ-ში მიმდინარე პროცესების კონტექსტში. მხედველობაში მაქვს, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა არამდგრადი, ბოლომდე გაუფორმებელი და ძიების მდგომარეობაშია. ამგვარი ვითარების მთავარი მაპროვოცირებელი თავად პრეზიდენტი ტრამპია.

დარწმუნებული ვარ, პენსის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს დიდი ყურადღებით სწავლობენ კრემლსა და მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში. ვფიქრობ, კრემლის ადმინისტრაციას პენსის განცხადებებზე აშკარა გაღიზიანების გარდა სხვა განცდა არ ექნებოდა.

- რუსეთის საექსპერტო წრეებში ბევრს კი საუბრობენ აშშ-ში მიმდინარე შიდაპარტიულ ბრძოლაზე, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ აშშ- სენატმა და შემდეგ კონგრესმა პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისა და ასევე სხვა ქვეყნების მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას, ამერიკელ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბრძოლაზე საუბარი, ისევე როგორც მტკიცება, რომ აშშ- საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბებული და განსაზღრული არ აქვს, აშკარად გადაჭარბებულად გამოიყურება

- მესმის თქვენი არგუმენტი, მაგრამ მოდით, ამ საკითხში არც აშშ-ს ისტებლიშმენტისა და პოლიტიკური კლასის ერთიანობას ნუ შევაფასებთ გადაჭარბებულად. ის ფაქტი, რომ აშშ-ს კონგრესმა და სენატმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ აქამდე არნახული სანქციების პაკეტს, რომლითაც რუსეთი შეყვანილია კეთროვანი ქვეყნების სიაში, რომელშიც არიან ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ს ისტებლიშმენტის უმრავლესობას რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში აქვს ერთიანი პოზიცია. მათი მიზანია ერთის მხრივ, მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერება, ხოლო მეორე მხრივ, მისი დასჯა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისათვის.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ აშშ-ს ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში საგარეო პოლიტიკის განხორციელების ყველა ინსტრუმენტი თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშია და არა სენატისა და კონგრესის. დიახ, კონგრესმა პრეზიდენტს ხელიდან გამოგლიჯა საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში კონტროლი, მაგრამ თავად კონგრესს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტები არ გააჩნია. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ, რომ ამერიკის ამ ორ ინსტიტუტს შორის იქნება ბაგირის გადაწევის პროცესი. ეს უკვე ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის იმიტომ, რომ მხოლოდ ტრამპს აქვს სრული კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტზე ანუ იმ მექანიზმებზე, რომლებიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვისაა საჭირო. ამიტომ, თუ როგორი პროცესები წარიმართება აშშ-ს ისტორიაში აქამდე არნახულ ვითარებაში, დრო გვიჩვენებს. ახლა იგი მხოლოდ ნაწილობრივ გვაგონებს იმას, რაც გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ხდებოდა. მაშინ პრეზიდენტმა შეძლო საგარეო პოლიტიკაზე კონტროლის დაბრუნება. ჩვენ ჯერ არ ვიცით ამას შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი. ვიმეორებ, აშშ-ს ისტებლიშმენტს რუსეთის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი პოზიცია, მაგრამ ასევე ურყევია თუ არა იგი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ტრამპისეულ თეზისებში, ჯერ გაურკვეველია.

ამის თქმის საფუძველს იძლევა სულ ახლახანს ტილერსონის მიერ გაკეთებული განცხადება. ჯერ მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს სანქციების პაკეტს, მაგრამ მას შემდეგ რაც ტრამპმა ხელი მოაწერა მას, ტილერსონმა განაცხადა – ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტი ჩვენ დაგვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში”.

პრაქტიკულად, ეს პარადოქსია, ვინაიდან აქამდე ამგვარი რამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარატამენტის, ასევე სხვა ქვეყნებში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები ახლა თავს იკატუნებენ იმის გასაგებად, ტილერსონის განცხადების შემდეგ თუ როგორ იმოქმედონ თავად ეკონომიკური სანქციების პოლიტიკის გატარებისას. ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გაკეთებას, რომ თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკა განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, თეთრ სახლს ესტონეთსა და საქართველოში პენსის ვიზიტით სურდა კონგრესისთვის ენახებინა, რომ იგი მას არ ჩამორჩება საგარეო პოლიტიკის გატარებაში იმ ფორმატში, რაც კონგრესმა მიიღო და რაზეც ტრამპმა ხელი მოაწერა. თუ ჩვენ ისევ პენსის თბილისში ვიზიტს დავუბრუნდებით, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევსთუ პენსის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, სახეზე გვაქვს სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება. იგულისხმება ის, რომ ვაზიანის ბაზაზე ნატოელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო სწავლება ტარდება. ასევე სამხედრო სწავლება ტარდება სამხრეთ ოსეთში რუსეთის შენაერთების მონაწილეობით. თუ ფიქრობთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური ვითარების კონტურები რეალურად უკვე არსებობს?

- სამხრეთ კავკასიის საკითხებში ექსპერტი არ გახლავართ, ამიტომ ჩემთვის ძნელია საუბარი, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციაა – გულწრფელად გეტყვით, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მე ჯერ ვერ ვხედავ რუსეთის გარშემო ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციას, მაგრამ ვხედავ მოსკოვის სრულ დაბნეულობას და იმას, რომ იგი არაა მზად ტრამპის ზიგზაგული საგარეო პოლიტიკის პირობებში იმოქმედოს.

სახეზე გვაქვს 2014 წლიდან რუსეთის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის სრული კრახი. ვფიქრობ, ეს მოსკოვში უკვე ესმით, მაგრამ სიტუაციაში, როცა ვაშინგტონი ატარებს პოლიტიკას ლოზუნგით – ამერიკის ინტერესები უპირველეს ყოვლისა, რომლის დროსაც ამერიკა ყურადღებას არ მიაქცევს არაფერს და მას არ იქნება შეზღუდვები, მოსკოვმა უბრალოდ არ იცის რა უნდა აკეთოს. და ეს ხდება მაშინ, როცა მანამდე უკვე დაგეგმილი იყო გარკვეული გეოპოლიტიკური მანევრები. ჯერ კიდევ სანქციების დაწესებამდე რუსეთი ნატოს ქვეყნების საზღვართან სამხედრო თვითმფრინავების ფრენებს ახორციელებდა. ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთი ნატოს საზღვართან 100 000 ჯარისკაცის დისლოცირებას განახორციელებს, არავის იცის ეს რას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ამ ჟესტს ნატო მის წინააღმდეგ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯად შეაფასებს.

თუ სიმეტრიაზე ვისაუბრებთ, არ არის გამორიცხული, რომ ნატომ ნიადაგის მოსინჯვის ტაქტიკის ფარგლებში რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან სიახლოვეს იგივე გააკეთოს, ანუ თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიეროს. მათი მხრიდან ეს რაციონალური ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ზუსტად თქვენთან საუბრის წინ ვკითხულობდი ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ პუტინს დასავლეთთან კონფრონტაცია სურს.

ღმერთო ჩემო, სულ ახლახანს ჩვენ ვიხილეთ ჟურნალისტ სოლოვიოვთან პუტინის ინტერვიუ, სადაც პუტინი საკუთარ თავს არ ჰგავდა. იგი ცდილობდა სანქციების პაკეტის გათვალისწინებით თავისი პასუხების ფორმულირებას. მან არ იცოდა რა ეთქვა. მეტიც, მისი პოზიციები საკმაოზე უფრო მერყევად გამოიყურებოდა და მასზე მეტად დაბნეული ადამიანი არც კი მინახავს.

პუტინის მთელი რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ მან არ იცის რა უნდა აკეთოს. მას არ სურს კონფრონტაცია, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – მან კონფრონტაციული რესურსი სრულად ამოწურა. ამერიკასთან და დანარჩენ სამყაროსთან კონფრონტაციის გაგრძელების შედეგი იქნება რუსეთის სრული ეკონომიკური და ფინანსური ბლოკადა. ასე იქნება იმის გამო, რომ სანქციათა პაკეტი ამოაგდებს რუსეთს გლობალიზაციის პროცესისაგან. არავინ იცის, რა უნდა მოუხერხოს რუსეთმა ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას, ვინაიდან რუსეთი კარგავს ფინანსებს, ბაზრებს, ტექნოლოგიებს. ასეთ სიტუაციაში რუსეთის მხრიდან კბილების გამოჩენა რუსეთისავე მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

- ფაქტია, რომ კრემლი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მეორე მხრივ, პოსტსაბჭოთა სივცეში აშშ- დგას გამოწვევების წინაშე. მხედველობაში მაქვს როგორც უკრაინა, ისე საქართველო. იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით, მხედველობაში მაქვს პოსტსაბჭოთა სივცეში აშშ- მიერ გადადგმული ნაბიჯები, კრემლში გარკვეული დაბნეულობის მიუხედავად, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებია მოსალოდნელი მოსკოვის მხრიდან?

- მე გავბედავ და შემდეგ ვარაუდს გამოვთქვამ – ვფიქრობ, ახლა, როცა კრემლში ყველაზე მეტად იმაზე ფიქრობენ თუ რა მოდელის ფარგლებში ააგონ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის საარჩევნო კამპანია, ამის განმსაზღვრელი კრემლის შიდაპოლიტიკური მოთხოვნები იქნება. როცა ამას ვამბობ, ვითვალისწინებ შიდაპოლიტიკური პროცესების ლოგიკასა და იმ განწყობებს, რომელიც კრემლში ძალოვანებს აქვთ. ჩემი აზრით, კრემლი შეეცდება ძალიან მოუხერხებლად განახორციელოს ქცევის დაახლოებით ასეთი მოდელი – მარხილში ჩაბმული ცხენებზე რბოლა, როდესაც ცხენები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ.

ერთის მხრივ, პუტინისთვის აუცილებელია მოირგოს მებრძოლი მაჩოს ნიღაბი, რადგან ამას მოითხოვს მისი ელექტორატი. ამისათვის საჭირო იქნება რუსული თვითმფრინავების ნატოს საზღვრებთან კურსირება, მეორე მხრივ, ის მოსინჯავს ნიადაგს გამოიყენოს ყველა დიპლომატიური, ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ აღადგინოს კონტაქტები ამერიკელებთან და ევროპელებთან. უპირველესად ამერიკელებთან. ბუნებრივია, ეს წინააღმდეგობრივი პოლიტიკაა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი მოქმედებებიც არაა გამორიცხული. ვთქვათ ისეთი, როგორიც ამას წინათ ვიცე-პრემიერ როგოზინის ფრენა იყო. მხედველობაში მაქვს მოლდოვაში მოსახვედრად მისი სამგზავრო თვითმფრინავით რუმინეთში ჩაფრენა, საიდანაც იგი უკან მოაბრუნეს. ეს ხომ პროვოკაცია იყო. მომხდარის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის პროვოკაციებს კიდევ ექნება ადგილი.

როგორც ჩანს, მოსკოვი გააგრძელებს პროვოკაციული პოლიტიკის გატარებას. მაგრამ, უნდა ითქვას ისიც, რომ მოსკოვი სასოწარკვეთილი ცდილობს დასავლეთთან მოძებნოს ნორმალური ურთიერთოებების აღდგენის შესაძლებლობები და როგორმე შეამსუბუქოს სანციების პაკეტი. დაახლოებით ისე, როგორც ეს გერმანული კომპანია ”სიმენსის” ტურბინების ყირიმში მიწოდების შემთხვევაში მოხდა. რა თქმა უნდა, ”სიმენსმა” წინასწარ იცოდა, რომ ეს ტურბინები ყირიმისთვის იყო განკუთვნილი. მოსკოვი გააგრძელებს რამდენიმე დონეზე თამაშის პოლიტიკის გატარებას – კონფრონტაციისა და დაყოლიების დონეებზე.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი 8 აგვისტოს შესაძლოა სოხუმს ეწვიოს. იმ ვითარებაში, რომელიც თქვენ აღწერეთ, თუ პუტინს მართლაც გაუჩნდა სოხუმში ჩაფრენის სურვილი, ხომ არ ტოვებს ეს შთაბეჭდილებას, რომ კრემლს ვაშინგტონისთვის სხვა პასუხი არ აქვსთქვენი აზრით, მისი მხრიდან ეს ნაბიჯი თბილისმა როგორ უნდა წაიკითხოს?

- არ მაქვს ინფორმაცია თუ როგორ მიიღება კრემლში გადაწყვეტილებები, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმში პუტინის სავარაუდო ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად იქნებოდა მიღებული. ბოლო 6 თვე პუტინი კრემლში თავის გუნდთან ერთად იჯდა და ელოდებოდა რუსეთთან მიმართებაში ამერიკის მხრიდან ურთიერთოებების გაუმჯობესებას, ანუ სანქციების შერბილებას. ამიტომ იყო, რომ იგი დონბასში კონფრონტაციის შესუსტებაზეც კი წავიდა. დარწმუნებული ვარ, პუტინის სოხუმში სავარაუდო ჩასვლის შესახებ გადაწყვეტილება თბილისში პენსის განცხადებებს უკავშირდება. უდავოა, რომ კრემლის ეს გადაწყვეტილება და დონბასშიც ვითარების გამწვავება გახლავთ დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავებისათვის შესაძლებლობებათა ტესტირება.

- რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილს მიიღებს თბილისი?

- უდავოა, თბილისისთვის ეს გაფრთხილებაა იმაზე, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, რესურსები და მზადაა ისინი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს სამაგიეროს მიზღვის პოლიტიკის გასატარებლად. პუტინის სავარაუდო ვიზიტი სოხუმში გაფრთხილებაა იმაზე, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის რეგიონიდან გასვლას, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ნატოს გაძლიერების შემთხვევაში არ აპირებს უკან დახევას. პუტინის სოხუმში სავარაუდო ჩასვლის შესახებ ინფორმაციამ იმის გამო გამაკვირვა, რომ უკანასკნელი 6 თვე პუტინი ცდილობდა არსად არ დაეძაბა ვითარება.

- უკანასკნელ თვეებში ცხინვალის რეგიონში არაერთი ბანერი იქნა დადგმული. მათ შორის გორი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სულ რაღაც 400-500 მეტრში

- რამდენადაც ვიცი, ტერიტორიების მიტაცების პროცესი იმ ადგილებში მუდმივად ხდებოდა მანამდეც. მაშინ, როცა ახლა უფრო ფუნდამენტურ საკითხებზე მიდის კამათი, პუტინი ცდილობდა არ გაემწვავებინა ვითარება. მე მაინც მგონია, რომ რაღაც საკითხები პუტინთან არ თანხმდება. არა მგონია, როგოზინის პროვოკაციული მგზავრობა, რომლითაც გართულდა ურთიერთობები როგორც მოლდავეთთან, ისე რუმინეთთან, პუტინთან იყო შეთანხმებული.

დარწმუნებული ვარ, ასეთი კერძო შემთხვევები პუტინის გარეშე ხდება. ეს შეიძლება იყოს ძალოვნების ანდაც კრემლში გარკვეული პოლიტიკური ლობისტური ჯგუფების ინიციატივა, რომლებიც თავისი საგარეო-პოლიტიკური შესაძლებლობების ტესტირებას ახდენენ. უდავოა, ბევრი რამ ისეთიც ხდება, რაც უკვე კრემლის კონტროლს აღარ ექვემდებარება.

- შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში თავის დროზე კრემლმა ფსონი აფხაზ და სამხრეთელ ოს სეპარატისტებზე გააკეთა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მოსკოვმა თავად მოისპო თბილისთან მანევრირების საშუალება

- მე ვხედავ, რომ საქართველო იყო და რჩება კრემლის ერთ-ერთი განსაკუთრებული ალერგიის ფაქტორად. ეს არაა დაკავშირებული სააკაშვილის მმართველობასთან. ფაქტია, რომ საქართველო კარგა ხანია კრემლის ალერგიული ფაქტორების სიაში.
იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში რუსეთს დაძაბულობის ამდენი ურთულესი კერა შეექმნა, მეჩვენება, რომ საქართველო მოსკოვის პოლიტიკის დღის წესრიგიდანაა გამქრალი. ახლა მთავარი თემები უკრაინა და ტრამპია. მიუხედავად ამისა, საქართველო რჩება რუსეთის ერთ-ერთ ალერგენად.

Comments are closed