globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 4th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთს აწყობს“

რეზონანსი“: ბევრი ევროპული უკანონო ბიზნესი აფხაზეთში

„ალია“: გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის კარის მინისტრი რომ არ ყოფილიყო, მას საგარეო საქმეთა მინისტრად, ნეტავ თუ დანიშნავდა?

რეზონანსი: ინტერვიუ იუე ბინთან: “ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ვიზის გაუქმებაზე იმსჯელოს”

———————

ახალი თაობა“, 04 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთს აწყობს

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე შემოდგომაზე „ნაციონალური მოძრაობისაგან“  დესტაბილიზაციის მცდელობას ელოდება.

- ნაციონალებს იმის უნარი არ აქვთ, რომ პარლამენტში პოლიტიკური კრიზისი შექმნან. ამიტომ საწადელის მიღწევას ქუჩის აქციებით შეეცდებიან, რომელთაც შემოდგომაზე გეგმავენ. აქციებზე მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, – ამბობს დეპუტატი. მისი თქმით, ნაციონალებმა იციან, რომ 2016 წლის არჩევნებში საზოგადოება მათ მხარს აღარ დაუჭერს, გაყალბების საშუალებაც აღარ აქვთ. ამიტომ ერთადერთი საშუალება, პოზიციები რომ გაიმყარონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში, ქუჩის აქციებია.

- განა დღეს ნაციონალებიისეთი ძლიერები არიან, რომ ქუჩის აქციებით ააგორონ და რევოლუციით ხელისუფლებაში მოვიდნენ?

- „ნაციონალები“ დღეს ძლიერები არ არიან, მაგრამ თავისი განწირული მცდელობით სურთ ააგორონ და რაღაც პოზიციები გაიძლიერონ. აქ საფრთხე მათში არ არის. პრობლემა გარე ფაქტორშია, რომელიც გარკვეულ როლს თამაშობს.

დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველოში ხორციელდება უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტები, მაგალითად, „შაჰდენიზი-2“, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის საქართველოს გავლით ევროპაში გატანასთან.

- ამას დაამატეთ აბრეშუმის ახალი გზა, რომელსაც ჩინეთი უდგას სათავეში და ამბობს, რომ საქართველო ჩინეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანი იქნება. შემოსულ ტვირთებს ჩვენ შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით გადავანაწილებთ, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ყველაფერი კი რუსეთის ინტერესებს ურტყამს. ამიტომ მას საქართველოში დესტაბილიზაცია სურს, – ამბობს დეპუტატი.

- ამ დესტაბილიზაციაში და რუსეთის გეგმების განხორციელებაში რამდენად მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილი და ის ჯგუფი, რომელიც უკრაინაშია იმპორტირებული?

- მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის რუსების ინტერესებს ატარებდა საქართველოში. მან სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს. ამას დაამატეთ ჰიდროსადგურები, რომლებიც „ნაციონალებმა“ რუსებს მისცეს. ამას დაუმატეთ 2008 წლის ომი, რომლის საშუალებითაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა აღიდგინა სამხედრო ბაზები. ეს გააკეთა სააკაშვილმა პუტინთან ერთად.

- აფხაზეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?

- ეს ყველაფერი პროვოკაციული ნაბიჯებია, რამაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მღელვარება უნდა გამოიწვიოს და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს მისცეს მასალა ხელისუფლების საგინებლად, რომ შემდეგ უძახონ ხელისუფლებას, რუსეთი ამას აკეთებს, თქვენ კი არაფერს აკეთებთო. აბა, ამგვარ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს.

- ე.ი. აფხაზეთის მიმართულებიდან სიტუაციის გართულებას არ ელოდებით?

- არა, რა თქმა უნდა. რკინიგზის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რუსეთი დაინტერესებულია რკინიგზის აღდგენით. სააკაშვილი, თუ არ ვცდები 2005 წელს, ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან. ეზუგბაია იყო მაშინ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

- მაშინ მოლაპარაკება ჩაიშალა.

- მასალები პირველად მე გამოვაქვეყნე იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა ეზუგბაია სოხუმში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმში, რუსეთის რკინიგზის უფროსს, სომხეთის რკინისგზის უფროსს და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის რკინიგზის უფროსს. მოილაპარაკეს, რომ შეიქმნებოდა ერთობლივი საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც საქართველო-სომხეთის რკინიგზის მმართველი იქნებოდა. აფხაზეთი ამ კონსორციუმის წევრობით საერთაშორისო სუბიექტად იყო წარმოდგენილი.

- ეს აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარებას ნიშნავდა.

- მე რომ გამოვაქვეყნე მასალები, ამას შემდეგ მოჰყვა აჟიოტაჟი და მოლაპარაკებების ჩაშლა. შემდგომშიც იყო ფარული მოლაპარაკებები, მაგრამ ჩაიშალა.

რეზონანსი“, 4 სექტემბერი, 2015 წელი

ბევრი ევროპული უკანონო ბიზნესი აფხაზეთში

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

ოკუპირებულ აფხაზეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, პოლიტიკურ სფეროში იქნება ეს თუ ბიზნესში, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უკანონოდ ითვლება, თუმცა საქართველოს გვერდის ავლით აფხაზებთან არა მარტო რუსები აქტიურობენ, არამედ სხვა სახელმწიფოებიც.

რუსეთისა და თურქეთის გარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგალურ ბიზნესს სერბული, ჰოლანდიური, იაპონური, იტალიური და უკრაინული, გერმანული, ებრაული კომპანიებიც აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე, თუმცა იგივეს წერენ უცხოური გამოცემებიც.

(…)

ორი დღის წინ საქართველომ თურქეთს ნოტა გაუგზავნა იმის გამო, რომ თურქეთის ერთ-ერთი პროვინციის დელაგაცია სოხუმში ჩავიდა, თუმცა ეს არც პირველია და არც უკანასკნელი არ იქნება. აფხაზეთთან თურქული კომპანიების კავშირები განსაკუთრებით მას შემდეგ გაფართოვდა, რაც რუსეთმა სოხუმის ხელისუფლების დამოკიდებლობა აღიარა.

(…)

პარტია „ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავიტაოია აცხადებს, რომ თურქეტში ძალიან მრავასლრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს, ამიტომაც თურქეთს და აფხაზეთს ერთმანეთთან ურთიერთობები ყოველთვის ჰქონდათ. ამასთან, ყველა დარღვევას რეგირება სჭირდება, თორემ შემდეგ პრობლემები უფრო მოიმატებს.

„აფხაზეთში ყველაზე დიდი ბიზნესი, რუსეთის შემდეგ თურქეთს აქვს. თურქებს კოდორის ხეობიდან გააქვთ ხე-ტყე (გემებით, შავი ზღვის ნეიტრალური წყლების მეშვეობით). აფხაზეთის ნავსადგურებში ასევე შედიან ტაილანდური, ფრანგული, გერმანული და უკრაინული გემები, რომლებიც კერძო კომპანიებს ეკუთვნით. აფხაზეთიდან ევროპულ ფირმებს გააქვთ აგრეთვე სამსუნის ჯიშის თამბაქო, რომლისგანაც სიგარეტი „მარლბორო“ მზადდება.

აფხაზეთში თურქეთის დელეგაციის ჩასვლაზე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა: „ჩვენთვის ზალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ხელისუფლების პოზოცია, რომელიც ამ ტიპის ვიზიტებს ემიჯნება. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეგობარი სახეკლმწიფოა და ამიტომ სახელმწიფო დონეზე ამ ტიპის ვიზიტები მათთვიასაც არაა მისაღები. სამწუხაროდ, იმის კონტროლი, რომ თურქეთის რომელიმე ადგილობრივი ხელისუფალი, რუსეთის გავლით, აფხაზეთში არ შევიდეს, ჯერ-ჯერობით ვერ ხრხდება. ამასთან, ასეთმა ფაქტებმა საქართველო-თურქეთის მეგობრობა არ უნდა შეარყიოს“.

„ალია“, 4 სექტემბერი, 2015 წელი

გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის კარის მინისტრი რომ არ ყოფილიყო, მას საგარეო საქმეთა მინისტრად, ნეტა, თუ დანიშნავდა?

სტატიაში, რომლის სათაურია „უგულავა, მერაბიშვილი და ახალაია ევრობაჭოს მოთხოვნით გათავისუფლებიან“, მიმოხილუილი და გაანალიზებული საქართველოს მთავრობაში ამ ბოლო დღეებში მომხდარი ცვლილებები, განსაკუთრებით აქცენტი გადატანილია საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნაზე.

როგორც პუბლიკაციის ავტორი – „ალიას“ ჟურნალისტი ნინო სამხარაძე აღნიშნავს, საქართველოში პოლიტიკური ვითარება, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაიძაბება, როცა პოლიტიკაში შემოსვლის მსურველთა განცხადებებს მოვისმენთ, მაგრამ აქაც ჩნდება კითხვის ნიშნები, დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე შემოვა კი პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად გააკეთებს სვლებს?

ჭადრაკს პოლიტიკურ დაფაზე ბიძინა ივანიშვილი თავისი ფიგურებით თამაშობს, ამიტომაც არის, რომ ფიგურებმა ხშირად არ იციან, რა პარტიას გაათამაშებს მთავარი მოთამაშე, ვისი მზე ჩაესვენება და ვისი ამობრწყინდება… შესაბამისად, რა გასაკვირია, თუკი პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რომ მის კაბინეტში სამთავრობო კარუსელი დატრიალდება და საგარეო საქმეთა მინისტრს, ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში დატოვებდა მთელი ცხოვრება, ისე მოხსნიდა ამბასადორიალის წინ, რომ თავად ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ამბავს საინფორმაციო საშუალებით გაიგებდა…

ისე კი, ერთი რამ ძალიან მაინტერესებს, გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის კარის მინისტრი რომ არ ყოფილიყო, მას საგარეო საქმეთა მინისტრად, ნეტავ თუ დანიშნავდა? კვირიკაშვილის პიროვნებას ნამდვილად არაფერს ვერჩით, სიმპათიური, მრავალშვილიანი მამა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც წმინდა გიორგის გერბიან ბლანკებს არ ხევს, სიწმინდეების პატივისცემის ნიშნად, მაგრამ რა გამაგებინეთ, იცით? ამ ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა მინისტრმა, რა ეკონომიკური მიღწევები განავითარა ამ ქვეყანაში, რომელი ინვესტორი შემოიყვანა? რამდენი საწარმო გახსნა? რა აქტივობები განახორციელა? რატომ არ ეტყობა ეკონომიკის მინისტრის წარმატებული საქმიანობა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ჯიბეებს? როცა მთავრობა ეკონომიკურ დიპლომატიაზე გვესაუბრება, იქნებ გიორგი კვირიკაშვილის მიღწევებიც ჩამოგვითვალოს.

გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მანამდე უნდა განეხორციელებინა პროექტები, მაგრამ ასეთი ჩვენ არ ვიცით და რა ვიცი, აბა… ისე კი, სამთავრობო ცვლილებები მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს და ფიგურების გადაადგილებით რომ ჯამი არ შეიცვლება, ესეც უნდა იცოდნენ, აქ მთავარია, გამართული სისტემის შექმნა, რომელიც მინისტრების ცვლაზე არ იქნება დამოკიდებული და სისტემა იმუშავებს მწყობრში და თანმიმდევრულად, აქ არის ვითარება, როცა ხელისუფლების მატარებელი რელსზე კი არ მისრიალებს, არამედ ხტუნაობს და სად გადაბრუნდება, არავინ იცის…

ზოგადად, საგარეო საქმეთა მინისტრის ხშირი ცვლა ქვეყნისთვის კარგი არ არის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელია, როცა ერთი მთავრობის სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან უწევთ ურთიერთობების თავიდან დაწყება, არადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მესამე საგარეო საქმეთა მინისტრია გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც კვლავ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს საგარეო კურსი, ევრაზიის ხსენებით. ამ ტერმინის ხსენების გამო, განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს გაერთიანება „ევრაზიულ კავშირთან“ წარმოუდგენელია. „ევრაზიის კავშირს“, სამწუხაროდ, გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გრავიტაციის კომპონენტი. ამ პირობებში, ჩვენი რაიმე სახის ურთიერთობა, გაეთიანება „ევრაზიის კავშირთან“, არის წარმოუდგენელი, რადგან ის არის აბსოლუტურად არათავსებადი იმ პოლიტიკურ ვექტორთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს ევრაზიის კავშირის და საბაჟო კავშირის შემადგენელ ქვენებთან, ჩვენ ყველა მათგანთან გვაქვს ორმხრივი, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და ეს არის აბსოლუტურად სხვა რამ, ვიდრე „ევრაზიის კავშირთან“ ურთიერთობები. კონტინენტს სახელს ვერ გადავარქმევთ და მომავალში რომ ვიტყვით ხოლმე, შეგვიძლია, ხეზე დავაკაკუნოთ სამჯერ, ან ევრაზიის ხსენებაზე, თითები გადავაჯვარედინოთ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა არ იფიქრონ და არ შეეშინდეთ რაღაცების.

საერთოდ, მინდა გითხრათ, რაც ჩემთვის არის აღმოჩენა – ეს ადამიანები ცხოვრობენ გაყინული სტერეოტიპებით, რაღაც ჩამოყალიბებული, ბრჭყალებში ჩასმული ნარატივებით და მეტყველებენ, როგორც წინასწარ დაპროგრამებული არსებები. თუნდაც ლექსიკაში რაიმე ტიპის გადახვევა რომ ასეთ ისტერიას იწვევს, ჩემთვის ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია, არ ვიცი, რა ტიპის ფენომენთან გვაქვს საქმე. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, იუმორისტული ჟანრის გადახვევის გარეშე ვერ ვისაუბრებ, რადგან აბსოლუტურად არაჯანსაღი რეაქციები გამოიწვია. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მათ განცხადება, უბრალოდ, მოსმენილი არ ჰქონდათ. განცხადების მოსმენის შემთხვევაში თუ ასეთი რეაქცია ჰქონდათ, მაშინ ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან ძნელია“…

ჰოდა, ბატონო გიორგი, თქვენც უნდა გესმოდეთ, რომ დიპლომატის სიტყვა ოქროზე მეტად ფასობს და დიპლომატებს წამოსროლილ ფრაზებს არ პატიობენ… საინტერესოა, „ქართული ოცნების“ ტალეირანი, გიორგი კვირიკაშვილი, როგორ მოახერხებს იმას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ მიიღოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერება, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი და მის შემთხვევაში დაირღვა წინასწარი პატიმრობის ვადები, როგორ დაუპირისპირდება „ევროპის სახალხო პარტიას“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც, აგრიმანი, აპირებს, მოხსენებით გამოვიდეს და მიიღონ რეზოლუცია, სადაც არა მხოლოდ გიგი უგულავაზე იქნება საუბარი, არამედ ივანე მერაბიშვილსა და ბაჩანა ახალაიაზეც. ჩვენი ინფორმაციით, რეზოლუცია იქნება ძალიან მკაცრი და მოითხოვენ რეკომენდაციის შესრულებას, რომ განთავისუფლდნენ ისინი ციხიდან. ხელისუფლების კულუარებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე და დამრტყმელი რეზოლუცია ხელისუფლებისთვის, რაც მძიმედ დაუჯდება მთავრობას, გაჩნდება ჩანაწერი, რომ ამ მთავრობას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და თუკი ამ რეზოლუციის დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვენ, აი, მერე კი საინტერესოა, როგორ მოიქცევა ხელისუფლება? რაც მთავარია, რას იზამს პრეზიდენტი?

ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო და ამ პრინციპით შეიწყალებს „ნაცბანდიტებს“, თუ ის გადამწყვეტ მომენტში ბიძინა ივანიშვილის მხარეს დადგება?! და თუკი პრეზიდენტი მათ შეიწყალებს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გაითვალისწინებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიის მიერ შემუშავდა, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ ქვეყანაში დიდი „ჟრიამული“ გველის.

რეზონანსი“, 4 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ იუე ბინთან: “ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ვიზის გაუქმებაზე იმსჯელოს”

„რეზონანსთან“ ინტერვიუში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფართოებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” ერთობლივმა მშენებლობამ, ხელი შეუწყო ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში სწრაფი და სტაბილური განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. ელჩის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში სწრაფად ვითარდება. ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის კონტაქტიც დღითი დღე უფრო აქტიური ხდება და საქართველოში დაიწყო ჩინური ენის “ბუმი”.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ბატონო ელჩო, როგორ შეაფასებდით ურთიერთობას საქართველოსა და ჩინეთს შორის? თუ შეიძლება მოგვიყევით “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” შექმნის ერთობლივი პროექტისა და ქართულ-ჩინურ ურთიერთობაში სამომავლო პერსპექტივის შესახებ…

- ბოლო წლებში ურთიერთობა ჩინეთსა და საქართველოს შორის სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება: პოლიტიკური ნდობა მუდმივად იზრდება, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შედეგები აშკარაა. ჩინეთი და საქართველო უკვე იმკიან “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” შექმნით მიღებულ ადრეულ შედეგებს. “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” შექმნის ინიციატივა სრულად შეესაბამება საქართველოს მთავრობის სტრატეგიას გახადოს ქვეყანა ევრაზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრი. ამიტომ ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ამ ინიციატივას.

მხარეებმა უკვე გააფორმეს მემორანდუმი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებაზე თანამშრომლობის შესახებ. ორ ქვეყანას შორის კონტაქტი ყველა დონეზე გააქტიურდა. ჩინეთი და საქართველო დღითი დღე უახლოვდებიან ერთმანეთს.

ამ წელს საქართველოს ორივე ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ ჩინეთში ვიზიტით. ჩინეთის კომუნისტური პარტიის, სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის, პოლიტიკური კონსულტაციების სახალხო საბჭოსა და შესაბამისი სამინისტროებისა და ადგილობრივი ხელისუფლების დელეგაციებიც სტუმრობდნენ საქართველოს.

ამ დღეებში საქართველოს პრემიერ მინისტრი – ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე – ბ-ნი დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებენ დელეგაციას ჩინეთში, მონაწილეობას მიიღებენ ქ. დალიანში დაგეგმილ დავოსის საზაფხულო ფორუმსა და აზიის პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის კონფერენციაში. გარდა ამისა, მხარეები გეგმავენ ოქტომბრის თვეში თბილისში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის ერთობლივად ჩატარებას.

ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაკავშირების მხრივ პროგრესია. მხარეებმა უკვე გახსნეს ურუმჩი-თბილისის პირდაპირი ავიარეისი, რომლის მარშრუტიც, გასული წლის სექტემბერში, ქალაქ ლანჩოუმდე გაგრძელდა. მიმდინარე წლის თებერვალში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთ-საქართველოს შორის პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი, რომლითაც ჩინეთის დასავლეთ პროვინციებიდან საქართველოში ტვირთის ჩამოსვლის პერიოდი თითქმის განახევრდა.

შესანიშნავი შედეგები გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის მხრივ. ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის პროცესი დასასრულს უახლოვდება და ოფიციალური მოლაპარაკების ფაზაში გადადის.

მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, ჩინეთმა საქართველოში განახორციელა 217.9 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიციები. იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 420.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩინეთმა განახორციელა 984 ათასი ბოთლი ქართული ღვინის იმპორტი. შესაბამისად, იგი გახდა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მეოთხე იმპორტიორი ქვეყანა.

არაერთი ჩინური კომპანია მონაწილეობას იღებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ქართულ მხარესთან თანამშრომლობს კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის ინიციატივაც სტაბილურად ხორციელდება.

საქართველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წევრი. ამასთანავე, მან ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. გარდა ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში წარმატებით ჩატარდა ამ ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებების მე-6 შეხვედრა, რომელზეც ბანკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჩინური მხარის მიერ წამოყენებული – ძინ ლიცუნის კანდიდატურა.

ჩვენი ერები უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ორმხრივი თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში სწრაფად ვითარდება. ჩვენი ქვეყნების რეგიონებს შორის კონტაქტიც დღითიდღე უფრო აქტიური ხდება. საქართველოში დაიწყო ჩინური ენის “ბუმი”.

მხარეებს შორის ხელი მოეწერა განათლების სფეროში ახალ შეთანხმებას, რომლითაც საგრძნობლად გაიზარდა სახელმწიფო სტიპენდიების რაოდენობა გაცვლითი სტუდენტებისთვის. საქართველოს 20-ზე მეტ სკოლასა და უნივერსიტეტში 700-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ჩინურ ენას. ქალაქ გუანჩოუსა და თბილისს შორის და ურუმჩისა და ბათუმს შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს დაძმობილების შესახებ.

“აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” ერთობლივმა მშენებლობამ, ხელი შეუწყო ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში სწრაფი და სტაბილური განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო სწრაფად და კარგად განვითარდება.

- ჩვენი ბოლო საუბრისას თქვენ გამოხატავდით გარკვეულ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლის მსურველ ჩინელ ტურისტებს გარკვეული სიძნელეების გადალახვა უწევდათ საქართველოს ვიზის დროულად მიღებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ახლა როგორაა საქმე?

- მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ვითარება ამ მხრივ აშკრად უკეთესობისკენაა შეცვლილი. ახლა ამოქმედებულია ვიზის ელექტრონული სისტემით მიღება, რაც 10 დღეს მოიცავს და პროცესს აადვილებს, თუმცა ვისურვებდი, რომ ეს ვადა კიდევ უფრო შემცირებულიყო. მიმოსვლის გამარტივებული სისტემა ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და ჩინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას საქართველოში. ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონი ჩინელი ტურისტი მოგზაურობს და მათი ნაწილი მაინც რომ ჩამოვიდეს თქვენს ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება ქართული ეკონომიკისათვის.

- სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებაზე რა აზრის ბრძანდებით?

- ჩინეთი მზადაა ამისთვის, არის ამის სურვილი და თუ საქართველოც დაინტერესებული იქნება ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, შესაძლებელია მოლაპარაკების დაწყება ამ თემაზე.

Comments are closed