globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 4th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ეს ხელისუფლება ისჯება სწორედ იმიტომ, რომ „რუსეთუმე“ არ არის…“  // „ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მითხრა, ზოგიერთი ჩინოსნის კაბინეტში რომ შევდივარ, ხელსაც აღარ მართმევს, სავარძლისთვის ხელის გაშვება ისე ეშინიაო“ // „არ მგონია, რომ მხოლოდ კორუფციაა დღევანდელი საქართველოს უბედურება. კორუფციაზე უარესი ყველა დონეზე პასუხისმგებლობის აცილების მცდელობა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა…“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ კახა კალაძესთან: „თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან…“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან: „კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ქართულ ოცნებას“ ორი გზა აქვს…“ // ინტერვიუ მამუკა მდინარაძესთან: „ოპოზიციის მთავარი მიზანი, ნებისმიერ ვითარებაში, დიალოგზე უარი და კონსენსუსის ჩაშლა იყო“

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „შეთანხმება ნაციონალების დესტრუქციულობის გამო ჩაიშალა” // „თბილისში მერობის იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, რომელსაც ნაცმოძრაობასთან არაფერი აკავშირებს და რომელიც თბილისელების ინტერესებს იცავს“

ახალი თაობა“: ლეიბორისტები ქუჩაში აქციებს იწყებენ // ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია“

ახალი თაობა“: „ამცახარა“ და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ // ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „რუსლან ლაკერბას განცხადება მისასალმებელია“

კვირის პალიტრა: ეროვნული უმოქმედობის გეგმა?! // შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ცეცხლის ასეთი მასშტაბის თავიდან აცილება

კვირის პალიტრა: დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების ავტორები?

——————

კვირის პალიტრა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ეს ხელისუფლება ისჯება სწორედ იმიტომ, რომრუსეთუმეარ არის…“ // ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მითხრა, ზოგიერთი ჩინოსნის კაბინეტში რომ შევდივარ, ხელსაც აღარ მართმევს, სავარძლისთვის ხელის გაშვება ისე ეშინიაო“ // არ მგონია, რომ მხოლოდ კორუფციაა დღევანდელი საქართველოს უბედურება. კორუფციაზე უარესი ყველა დონეზე პასუხისმგებლობის აცილების მცდელობა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა

ნათია დოლიძე

გასულ კვირასაც რამდენიმე ხანძრის მოწმენი გავხდით. მათგან მასშტაბური გამოდგა აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ცეცხლი, რომლის ჩაქრობაში კვლავაც დაგვჭირდა მეგობარი ქვეყნების დახმარება. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მომხდარის მიზეზი დივერსიაა. გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არაფერი

გარკვეულა. ბოლო კვირებში ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში რამდენად სწორად მოქმედებდნენ ხელისუფლება და საზოგადოება? – ამ კითხვით დავიწყეთ გასული კვირის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

- როგორც ვიცი, აგვისტოში საქართველოში 27-მდე დიდი თუ პატარა ხანძარი გაჩნდა. თუ არაკომპეტენტური ადამიანები სპეციალისტებისგან მოვისმენთ, რომ კლიმატურ ცვლილებებსა და აღმოსავლეთ საქართველოში ორთვიან გვალვას შეეძლო ამდენი ხანძრის გაჩენა და ეს დასკვნა იქნება დასაბუთებული, ეჭვის საფუძველი აღარ გვექნება, მაგრამ რადგან ამგვარ არგუმენტაციას ვერ ვისმენთ, ლეგიტიმურია ვარაუდი, რომ ეს პროცესები დივერსიული გეგმის ნაწილია. სავარაუდოდ, ამ გეგმას ჰყავს თავისი ასევე დაგაინტერესებთ დამკვეთი და შემსრულებლები – ალბათ, საქართველოში მყოფი ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ ამაში ფულს და ანადგურებენ ქვეყანას იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნან ხელისუფლებასა და სახელმწიფოს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, რასაკვირველია, მთავრობა მზად არ აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის. აღსანიშნავია ერთი რამ: ამ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, მას შემდეგ, რაც საქართველოს ბუნებას მკვეთრად დაეტყო კლიმატის ცვალებადობა (გავიხსენოთ მყინვარ დევდორაკის შემთხვევა, 13 ივნისის ტრაგედია), ხელისუფლებას პრევენციისაკენ მოუწოდებდნენ. შესთავაზეს სპეციალური ორგანოს შექმნაც, რათა სახელმწიფოს ბუნებრივ კატაკლიზმებთან ქმედითად ებრძოლა. ახლა ყველაფერს კრიზისების მართვის საბჭოს აბრალებენ, მაგრამ ამ ორგანოს არც გადაწყვეტილებების მიღების და არც მათი განხორციელების ბერკეტები აქვს. ეს არის უფრო ანალიტიკური ხასიათის საბჭო, რომელმაც რეკომენდაციები უნდა მისცეს მთავრობას.

ის, რომ კრიზისთან ბრძოლის როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები გაფანტულია სხვადასხვა უწყებაში, სერიოზულ პრობლემას წარმოშობს, რაც ბოლოდროინდელმა ხანძრებმაც აჩვენა. შედეგად დავინახეთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის პირველ დღეებში მთავრობა აშკარად დაბნეული იყო და ვერც მოახერხეს საჭირო რეაგირება. ასეთი გამოწვევებისთვის არ ვიყავით მზად, არადა, უნდა ვყოფილიყავით. აგერ, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი აიღეთ… მათ შექმნეს განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო, რომელიც მუშაობს სხვადასხვა საფრთხის – მათ შორის სტიქიური უბედურებების – როგორც პრევენციის, ასევე აღმოფხვრისათვის, აღჭურვილია შესაბამისი უფლებებითა და ტექნიკური საშუალებებით.

ყველაფერთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ტექნიკური საშუალებები მწირია. ბორჯომის ხანძრისგან განსხვავებით, აბასთუმანში ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესებში გამოჩნდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების კვალიფიკაციის მაღალი დონე. ამ ბაზაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, საჭიროა ახალი სისტემის შექმნა, რომელიც ამგვარ გამოწვევებს უპასუხებს. ეს უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან, როგორც ჩანს, დიდხანს ლოდინის დრო საქართველოს არ აქვს!

რაც შეეხება საზოგადოებას, ვფიქრობ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქცია, სამწუხაროდ, არაადეკვატური იყო. ეს ისეთი ტიპის კატასტროფაა, როდესაც მთელი ერი უნდა იყოს მობილიზებული მის სალიკვიდაციოდ და არ არის საჭირო ხელისუფლების ლანძღვა-გინება, პოლიტიკური ქულების ჩაწერის ცდა და დაპირისპირებების ინსპირირება. ასეთ ვითარებაში მაინც არ არის საჭირო ერთმანეთის დაჭმა! შესაბამისად, ის, რაც ხდებოდა სოციალურ ქსელებში და რასაც ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავდა, იყო სრულიად მიუღებელი. თუმცა იყო ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელმაც ხმაურისა და ყაყანის გარეშე მიაშურა კატასტროფის ადგილებს და სპეციალისტებს დახმარება შესთავაზა, რაც მისასალმებელია.

- როგორც აღმოჩნდა, არსებობს 2017 წლის იანვარში მიღებული დოკუმენტიმთავრობის დადგენილება №4, რომელსაც ამ ნომერში ჩვენი მკითხველი დეტალურად გაეცნობა. ამ დოკუმენტში სხვადასხვა მოსალოდნელი საფრთხეა განხილული და დასახულია პრევენციული ღონისძიებები, მათ შორისსახანძრო უსაფრთხოების კუთხითაც, თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ ამისთვის საჭირო თანხა ვერ გამონახა

- ამ დოკუმენტის თაობაზე მეც “კვირის პალიტრით” შევიტყვე და მიმაჩნია, რომ თუ ასეთი დოკუმენტი არსებობდა, მისი შეუსრულებლობა დიდი შეცდომაა. სავარაუდოდ, ეს დივერსიაც რომ ყოფილიყო, მაინც მოხერხდებოდა პრევენციაც და მისი დროული აღმოფხვრაც. ხელისუფლებაც უფრო შედეგიანად იმოქმედებდა… როგორც ჩანს, ვიღაცამ მიიჩნია, რომ ამაზე თანხის დაზოგვა შეიძლებოდა და როგორც ბევრი მნიშვნელოვანი რამ, ესეც დაივიწყეს, არადა, ასე არ შეიძლება, რადგან კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა – მთელ მსოფლიოში ხდება სტიქიური უბედურებები. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო დაზარალდა. ბევრი რამის თვიდან აცილება შეიძლებოდა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გაჩენის პირველივე დღეს რომ გვყოლოდა არა ერთი ვერტმფრენი, არამედ სამი ან ოთხი.

მე კიდევ რა მაწუხებს, იცით? როდესაც ამგვარი გამოწვევების პრევენციაზე ვლაპარაკობთ და ვხედავთ, სახელმწიფო რაოდენ მოუმზადებელია, რა ზომებს შეიძლება ვიღებდეთ უფრო დიდი საფრთხეების საპასუხოდ? მაგალითად, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების აგენტურა და ა.შ. თუ იქ დაუშვეს შეცდომა და მიღებული დოკუმენტის მიხედვით არ იმოქმედეს, სხვა შემთხვევებშიც იმავეს ხომ არ აკეთებენ, უფრო დიდ შეცდომებს ხომ არ უშვებენ?!

- კვლავაც დიდი მითქმა-მოთქმაა ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის თაობაზე. პრემიერის თქმით, სტიქიასთან ბრძოლისთვის მას რეზერვში ყველა ბერკეტი უნდა ჰქონოდა, თუმცა ისმის კითხვა: თავდაპირველად­ რატომ დამალა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია?

- კარგად არც ვიცით, რა მოხდა. როგორც მე გავიგე, ხელისუფლებამ რუსეთს გაუგზავნა არა დახმარების თხოვნა, არამედ კითხვა, რა ტიპის ტექნიკა აქვს რუსეთს ხანძარსაწინააღმდეგოდ, თუ მისი დახმარება დაგვჭირდებოდა. ვერც ოპოზიციის საყვედურებს გავიზიარებ – რატომ სთხოვეს რუსეთს დახმარებაო – და ვერც ხელისუფლების ნახევრად დუმილს – ნორმალურად არც აგვიხსნეს, რა და როგორ სთხოვეს რუსეთს. სხვათა შორის, ინფორმაცია, რომ გაგზავნეს მხოლოდ კითხვა, მაქვს რუსული წყაროებიდან, თუმცა, შესაძლოა, არც კითხვის გაგზავნა ღირდა, მით უფრო, რომ საკითხი შეეხებოდა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს, რომელიც 2008 წელს სწორედ რუსებმა გადაწვეს. ამორალურიც კი იქნებოდა რუსეთის დახმარების მიღება.

ჩვენ რასაც ვამბობთ, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარეა, თორემ როდესაც ქვეყანა იწვის და მასშტაბური სტიქიური უბედურება ხდება, როდესაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა საჭირო, პოლიტიკური კონიუნქტურა აღარავის ახსენდება. საბედნიეროდ, ასეთი ვითარება არ გვქონდა.

არ არის საჭირო ამაზე ამდენი ყაყანი. თუ რაც ბოლო კვირების განმავლობაში მოხდა, დივერსიაა, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის კურსი, დღევანდელი ხელისუფლების კურსი, შეუქცევადია. თუ ეს დივერსიაა, ეს არის ნატოსა და აშშ-ის მიერ საქართველოში ჩატარებული წვრთნების პასუხი. რომელი რუსეთუმე ხელისუფლება? საიდან აკეთებენ ამ დასკვნებს?! პირიქით, ეს ხელისუფლება ისჯება სწორედ იმიტომ, რომ “რუსეთუმე” არ არის…

- მაგრამ მომხდარმა ყველაზე მეტად ხელისუფლების იმიჯი შელახათქვენი აზრით, ეს მომავალი არჩევნების შედეგზე აისახება?

- რა თქმა უნდა, აისახება. ესეც საერთო ჯაჭვის ნაწილია. ბევრი შეცდომაა დაშვებული. ერთ-ერთია კოაბიტაცია, მეორე – საკუთარი ნამუშევრის არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოებამდე არასწორად მიტანა, მესამე – ეკონომიკური გუნდი მოწყვეტილია რეალობას და ზუსტად ვერ ხედავს, რა ტიპის ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას. საწარმოები თუ იხსნება, კარგია, მაგრამ წარმოებული პროდუქცია სადმე ხომ უნდა გავიტანოთ! სწორედ ბაზრის მოსაპოვებლად არ იღებენ საჭირო ზომებს. მეოთხეა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების – ფაქტობრივად, დამნაშავეების – საარჩევნოდ “ქართული ოცნების” რიგებში წამოწევა. გაგახსენებთ, 2012 წელს “ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარად ვიყრიდი კენჭს გარდაბნის რაიონში. ჰოდა, ვინც მე მაშინ არჩევნები ოფიციალურად გამიყალბა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ფეიქრიშვილს მოაგებინა, საოლქოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი რამაზ ბუდაღაშვილია. სწორედ მის წარდგენას აპირებს “ქართული ოცნების” ადგილობრივი რგოლი გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად.

ავად თუ კარგად, გარდაბნის რაიონში მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა გოჩა ჯამარაულმა, მაგრამ ამ კაცს ზურგი აქციეს და მოჰყავთ ბუდაღაშვილი, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” გაყალბებული არჩევნები უპრობლემოდ გააფორმა. ის არის ფეიქრიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილის გუნდის წევრი… და ასეთი რამ მხოლოდ გარდაბანში არ ხდება… ამ ყველაფრის გამო ჩნდება საზოგადოებაში ნიჰილიზმი…

- საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ. მისივე თქმით, შემდგომი მოლაპარაკებების გამართვა ქართულ მხარეს ეკისრება და ვენეციის კომისიის ამ პროცესში ჩარევას საჭიროდ აღარ მიიჩნევს. ამის მიზეზი გახდა სახელისუფლებო ძალის განცხადება, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება და მოლაპარაკებებსაც აზრი არ აქვსეს ქვეყნის იმიჯზე როგორ აისახება?

- ყველაფერი, რაშიც საქართველოს ხელისუფლება, ქართული პოლიტიკური ელიტა მოუქნელობას ამჟღავნებს, კონსენსუსს უგულებელყოფს, ილექება გარკვეულ საქაღალდეებში და ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს სხვადასხვა კვლევისა და ანგარიშის მომზადებისას.
თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა მიიღო ცნობილი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს როლი და ის გარკვეულწილად იქცა რეგიონში დასავლური პოლიტიკის გამტარებლად, რაც 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მათთვის, ვინც მსოფლიო პოლიტიკას ქმნის, ჩვენი საკონსტიტუციო პროცესი უმნიშვნელოა, შესაბამისად, ამ ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენას არც შეეცდებიან… სავარაუდოდ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, თუმცა მეც მომხრე ვარ, რომ მაჟორიტარული არჩევნები 2020 წელსვე გაუქმდეს.

სხვათა შორის, არანაკლებ იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე ისიც, რომ ამდენი მცდელობის შემდეგაც ვერ შევარჩიეთ მოსამართლეობის სამი კანდიდატი, რომელთაც სტრასბურგში არ დაგვიწუნებდნენ… მესამე წრეზე წავედით, თუმცა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ისევ იმედგაცრუება გველოდება.

- თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების გამო დააკავეს. ბოლო დროს მსგავსი ფაქტები გახშირდა

- არ მგონია, რომ მხოლოდ კორუფციაა დღევანდელი საქართველოს უბედურება. კორუფციაზე უარესი ყველა დონეზე პასუხისმგებლობის აცილების მცდელობა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა… თითზე ჩამოსათვლელი არიან ჩინოსნები, გადაწყვეტილებებს რომ იღებენ. კაბინეტებში სხედან და არაფრის გაკეთება არ უნდათ. ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მითხრა, ზოგიერთი ჩინოსნის კაბინეტში რომ შევდივარ, ხელსაც აღარ მართმევს, სავარძლისთვის ხელის გაშვება ისე ეშინიაო. იხუმრა, მაგრამ სწორედ ასეა…

კორუფციის შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება. სააკაშვილის დროს ეს იყო ელიტური, დღეს კი ამან თავი იჩინა დაბალ და საშუალო დონეზე და გახდა უფრო საყოველთაო… მის წინააღმდეგ ბრძოლა კი მიმდინარეობს, მაგრამ კორუფციული ფაქტები შერჩევით ვლინდება… ხშირად გვესმის ამა თუ იმ ჩინოსნის უეცარი გამდიდრების ამბები, თუმცა მათ ჯერჯერობით არაფერი დამუქრებიათ… როგორც ჩანს, არსებობენ დაუცველი და ხელშეუხებელი ჩინოსნები. ჩვენთან რომ კორუფციაა, იქიდანაც ჩანს, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ამდენი მდიდარი ადამიანია… მართალია, ვფიქრობ, რომ ეს ჯერჯერობით მაინცდამაინც მასშტაბური არ არის, მაგრამ ზომებს დროულად და ეფექტიანად თუ არ მიიღებენ, საშიშ ზღვარსაც გასცდება…

- გასულ კვირას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედებოდა ბრალი, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამართლდა

- დავით კეზერაშვილი რამდენმა სასამართლომაც უნდა გაამართლოს, ჩემთვის ის არის ადამიანი, რომლის თავდაცვის მინისტრობის დროს უამრავი იარაღი – რაშიც მილიონობით საბიუჯეტო ფული იყო გადახდილი – უბრძოლველად ჩაბარდა მტერს. არც სენაკის და არც გორის ბაზაზე ერთი იარაღი არ განადგურებულა. ახლა რომ ტირის ვერტმფრენებზე “ნაციონალური მოძრაობა”, სწორედ მაშინ დატოვა კეზერაშვილმა ისინი სენაკის ბაზაზე, რომელიც მერე აგვიფეთქეს. ტანკებსა და სხვა იარაღზე აღარაფერს ვამბობ… კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი რუსებს უბრძოლველად გადააბარა. ვეჭვობ, ამაში დიდი ფული აიღო. ახლა რასაც ედავებიან, სრულიად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რა ზარალიც მან სახელმწიფოს მიაყენა… პასუხი ამაზე მოსთხოვონ!

- რა ბრალდებებიც წაუყენეს, იმასაც ვერ უმტკიცებენრისი ბრალია ეს?

- არ ვიცი, არც მე მაქვს პასუხი, არადა, ელემენტარული კითხვებია დასასმელი:

1. რატომ არ გაიცა შესაბამისი ბრძანება, იარაღი ან გაეტანათ ბაზებიდან, ან იქვე გაენადგურებინათ? 2. თუ ბრძანება იყო და ვერ მოასწრეს, რატომ არ აღიძრა საქმე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ეს ევალებოდა? 3. 2008 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ქარხნის ანგარიშზე დაჯდა ერევნიდან გადმორიცხული 60 მილიონი დოლარი. ეს ქარხანა თბილისში იყო, სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებდა და ამ გადმორიცხვის წინა დღეს წაართვეს მეპატრონეს, რაშიც უშუალოდ მონაწილეობდა დავით კეზერაშვილი. რატომ გადმოირიცხა და სად გაქრა ეს 60 მილიონი დოლარი?!

მე უკვე ვთქვი, რომ რაღაც გაუგებარი მანქანებით “ნაციონალური მოძრაობა” კვლავაც ინარჩუნებს გავლენას ხელისუფლებაზე, რომელიც ძველ “ნაციონალ” კადრებს­ პირდაპირ გულში იხუტებს. შეიძლება მტერი ახლოს უნდა გყავდეს და აკონტროლებდე, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა იყოს ქუჩაში ჟურნალისტი ეკა დუგლაძე, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების გასტუმრებაში, ალისტრახო კი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტი და ყურმოჭრილი მსახური იყო, ორ ადგილას მუშაობდეს – მათ შორის, აფხაზეთის მთავრობის პიარის სამსახურში?! არ ვიცი, ეს რატომ ხდება…

ერთადერთი ვერსია მაქვს: ვიღაც ამ ადამიანების მოპარული ფულით სარგებელს იღებს და ამიტომ აბრუნებს პოლიტიკაშიც და თანამდებობებზეც. ამას ვამბობ, რადგან ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამას გაიგებენ და დროულად მიიღებენ ზომებს ვითარების შესაცვლელად.

კვირის პალიტრა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კალაძესთან: „თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან…“

ნათია დოლიძე

“კვირის პალიტრა” განაგრძობს ინტერვიუებს თბილისის მერობის კანდიდატებთან. ამჯერად ჩვენი სტუმარია “ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე. მას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, თავდაპირველად ჩვენში გახშირებულ ხანძრებზე ვკითხეთ და დავინტერესდით, ისიც ხომ არ ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა დივერსიაა?

- დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი, არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ ეს შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი, ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ…

- არსებობს ასეთი დოკუმენტისაქართველოს მთავრობის 2017 წლის იანვრის დადგენილება #4, რომელშიც სხვა ბუნებრივ საფრთხეებთან ერთად, განხილულია სახანძრო უსაფრთხოების საკითხებიც, მათ შორის ტყეებთან დაკავშირებულიც, და გაწერილია საპრევენციო ღონისძიებებიც. თუმცა, როგორც ირკვევა, მათ გასატარებლად სახსრები ხელისუფლებამ­ ვერ გამონახა. როგორც ყოფილი ვიცე-პრემიერი, რას იტყვით, რატომ ვერ მოხერხდა ღონისძიების გატარება? დიდი ალბათობით, ასეთ მძიმე შედეგებს თავიდან ავიცილებდით...

- არა ვარ დარწმუნებული, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენცია. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა­, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ძლიერ ხანძარს ტყეში მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა, ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ.

- ერთ-ერთი საექსპერტო მოსაზრებით, თქვენთვის თბილისის მერობა გრძელვადიანი პოლიტიკური პერსპექტივის მხოლოდ ნაწილია

- გულწრფელად ვამბობ, დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რეალურად შევცვალო არსებული ვითარება ქალაქში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა… მჯერა, რომ ჩემს გუნდთან ერთად შევძლებ ამ პრობლემების მნიშვნელოვანწილად აღმოფხვრას. მიმაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად რწმენა, გააზრებული მიზანი, თუ საით მიდიხარ, და შრომა უმნიშვნელოვანესია. ამას წინათ ერთ ამბავს მოვყევი და ახლაც გავიმეორებ – როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მაშინ მითხრეს, შენგან არაფერი გამოვაო და გამომიშვეს როგორც უნიჭო ფეხბურთელი. ეს პატარა ბიჭისთვის დიდი სტრესი იყო, მაგრამ იმავდროულად ამან უფრო გამაძლიერა, არ გავჩერდი და მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე.

ეს რთული გზა იყო, უამრავი ბარ­იერის გადალახვა მომიხდა, გადავიტანე პირადი ტრაგედია, რაც მე და ჩემს ოჯახს შეგვემთხვა. აქაც ამ ტკივილზე მაღლა დავდექი. ჩემი ძმის ამბის შემდეგ ვიცოდი, მე თუ წავიქცეოდი, ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები დაიღუპებოდნენ. ეს კარგად მქონდა გაცნობიერებული და გავუმკლავდი ძალიან დიდ ტკივილს.
ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა იმ ვითარებამ განაპირობა, რაც იმჟამად ქვეყანაში იყო, თუმცა, ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება, ძალიან ბევრს ვფიქრობდი.

- თბილისის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ქაოსური მშენებლობები იქცა. ამ საკითხზე ხშირად ლაპარაკობთ და ამბობთ, რომ მკაცრად უნდა განისაზღვროს სამშენებლო ნებართვების გაცემის პირობები.თუმცა, საკითხავია, რა ეშველება უკვე გაცემულ ნებართვებს? ან რა არის იმის მიზეზი, რომ იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაცქართული ოცნებახელისუფლებაშია, ამ სფეროს დარეგულირება ვერა და ვერ მოხერხდა?

- მართლაც რთული ვითარებაა. თბილისში დაახლოებით 7000 სამშ­ენებლო ნებართვაა გაცემული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი რიცხვია… კვადრატულ მეტრებში რომ გადავიყვანოთ, 6 მილიონზეა ლაპარაკი.
მთავარი, რაც გასაკეთებელია, ქალაქის გენერალური გეგმის მიღებაა, რომელზეც სწორედ ბოლო წლებში მიდიოდა მუშაობა­ და დღესაც მიმდინარეობს განხილვები. გენგეგმა მოგვცემს ქაოსური გან­აშენიანების პრობლემის მოგვარების საშუალებას. უნდა გამკაცრდეს მშენებლობის სტანდარტები, აუცილებლად შემოსაღებია ვიზუალური სტანდარტიც.

- თბილისის კიდევ ერთი პრობლემა ავარიული სახლებია. თქვენ შეეხეთხრუშჩოვკებისპრობლემას და განაცხადეთ, რომ ისინი ეტაპობრივად ჩანაცვლდება. ამ ინიციატივამ­ ბევრს აფიქრებინა, რომ ეს პოპულისტური დაპირებაა, რომლის შესრულება წარმოუდგენელია. იქნებ ციფრებით გველაპარაკა, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენიხრუშჩოვკისდემონტაჟია საჭირო, რა პერიოდში, რა თანხები დასჭირდება დემონტაჟს და ახალი კორპუსების აშენებას?

- ქალაქის სხვადასხვა რაიონში 500-ზე მეტი “ხრუშჩოვკაა” და ისინი უნდა ჩანაცვლდეს არა ერთბაშად, არამედ თანდა­თანობით. ბევრმა ეს ისე გაიგო, თითქოს მერია აპირებდა ამის გაკეთებას. მერიას საამისოდ არანაირი რესურსი არა აქვს.

- მაშ, რაში მდგომარეობს მერიის როლი?

- ამ საქმეში მთავარია “ხრუშჩოვკებში”­ მობინადრე მოსახლეობა, რომელთაც უნდა შექმნან ამხანაგობები. თუ ერთი კორპუსის მობინადრენი გაერთიანდებიან და შეთანხმდებიან, რომ შევიდეს ინვესტორი, სწორედ აქ ამოქმედდება მერიის პროექტი. როგორც ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე უბანში – ვარკეთილში, საბურთალოზე, მოსახლეობა დაინტერესებულია.

- მოსახლეობის დაინტერესება გასაგებია, დეველოპერები თუ არიან დაინტერესებული?

- სურვილი არის, თუმცა, ეს ყველაფერი სამუშაო პროცესში გამოჩნდება. მთავარია, ახალი გენგეგმის ფარგლებში საამისოდ როგორი კოეფიციენტი გვექნება. ჩემი ხედვა ასეთია – ქალაქის ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტი არ უნდა გაიცეს. ახლა მორატორიუმია შემოღებული, მაგრამ, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გავაუქმოთ ცენტრალურ უბნებში კოეფიციენტების გაცემა.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკინგის საკითხიც თბილისელების ერთ-ერთი­ მტკივნეული პრობლემაა. “ქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ ხელშეკრულებასითი პარკთანგადაიხედებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. როცა ამბობთ, რომ ამ სფეროს მენეჯმენტში სახელმწიფო უნდა მონაწილეობდეს, რას გულისხმობთ? რამდენ წელში შეიძლება განახლდეს სრულად დედაქალაქის ავტობუსების პარკი? რა ეშველება სამარშრუტო ტაქსების საკითხს, რომელიც ასევე რიგითი ქალაქელების დიდი პრობლემაა?

- გადახედვით კი გადაიხედა, თუმცა, ვერ მოხერხდა გასაუქმებლად ხელმოსაჭიდის ნახვა. ხელშეკრულება, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაიდო, კაბალურია, ჩვენი ქალაქის საზიანოდ გაფორმებული. კიდევ ვეცდებით, გამოვნახოთ სამართლებრივი შესაძლებლობები ხელშეკრულების გასაუქმებლად. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, ეს ისევ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.

პარკირების პრობლემას რომ გადავხედოთ, კერძო კომპანია არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ წერს ჯარიმებს, “სითი პარკს” კი ადმინისტრაციული ჯარიმების გამოწერის უფლება აქვს. ქალაქში რომ სატრანსპორტო მოძრაობა ასეთ მდგომარეობაშია, იმის ბრალიც არის, რომ პარკინგის სისტემა არ არის მოწესრიგებული. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რაც უფრო ნაკლები ადგილი იქნება პარკირების, მით უკეთესი ამ კერძო კომპანიისთვის – მივა, დააჯარიმებს არასწორად დაყენებულ მანქანას და თავისას გაინაღდებს. როგორც ვიცი, მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, არსებობს კვლევაც, თუ სად უნდა გაკეთდეს მიწისქვეშა პარკინგები, ჩემი მერობის შემთხვევაში ეს პროექტი და ამ მიმართულების სხვა პროექტებიც აუცილებლად განხორციელდება.

- თბილისში რამდენიმე ახალი ავტობუსი უკვე დადის, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანში განახლდება სრულად ავტობუსების პარკი?

- დიახ, 145 ავტობუსი შემოყვანილია, საჭიროა კიდევ 500 ან ცოტა მეტი. ჩვენ ამას ოთხი წლის განმავლობაში სრულად შევცვლით.

- ხომ არ იგეგმება მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც?

- მიკოროავტოუბუსების საკითხში ვითარებას ართულებს ის, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება 2031 წლამდეა გაფორმებული. ჩვენ ამ საკითხსაც იურიდიულ ჭრილში განვიხილავთ და ვნახავთ, რას შევძლებთ. მოვითხოვთ კომპანიისგან, რომ ეს ძველი, აშკარად ამორტიზებული მიკროავტობუსები ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდეს.

- რა შეიძლება ეშველოს საცობების პრობლემას ქალაქში, როგორია თქვენი გეგმა?

- ჩასატარებელია ფართომასშტაბიანი კვლევა, გამოსავლენია ქალაქის “შავი წერტილები”, ანუ ის საგზაო მონაკვეთები, სადაც ძალიან ხშირია საცობები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შედგეს პროექტები, თუ როგორ მოხერხდება ამ ქუჩების განტვირთვა.

- ამას წინათ გამოეხმაურეთ ხეების მოჭრის მორიგ ფაქტს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პროცესი პერმანენტულად გრძელდებოდა, არაერთი ნარგავი შეეწირა მორიგ უსახურ ნაგებობებს და ამის შეჩერება ვერც თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხერხდა, არადა, მილიონი ხის დარგვას გვპირდებოდით

- ამგვარი ფაქტები უნდა შევისწავლოთ. მომავალში ნებისმიერ ინვესტორს პირობაში უნდა ჩავუდოთ, რომ მშენებლობისას ხეები არათუ მოჭრას, დარგოს. ასე უნდა მოხდეს “ხრუშჩოვკების” შემთხვევაშიც – ნებისმიერმა ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ მშენებლობას ჯანსაღი ხეები არ შეეწიროს!

- როგორ აფასებთ დავით ნარმანიას მმართველობის პერიოდს? ფაქტობრივად, ის, რასაც დღეს თქვენ ჰპირდებით თბილისელებს, ოთხი წლის წინ მისი დაპირებების ნუსხაშიც იყო. ფაქტია, ბევრი რამ ვერ შესრულდა. როგორ ფიქრობთ, რატომ? ამას გეკითხებით როგორც ყოფილ ვიცე-პრემიერსაც...

- დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასება ჩემგან არასწორი იქნება, რადგან მე მერობის კანდიდატი ვარ. ვფიქრობ, ქალაქში ბოლო წლებში ბევრი კარგი რამ გაკეთდა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, ქალაქი ვითარდება და უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს მე ჯადოსნური ჯოხი მაქვს და ყველაფერს უცებ მოვაგვარებ. ეს შეუძლებელია. ვერც ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს თბილისს და თბილისელებს აქვთ, ოთხი წლის განმავლობაში გადაწყვიტოს.

- წლების წინ ბიზნესში თქვენი საქმიანობის გათვალისწინებით, როდესაც თქვენი ბიზნესინტერესები რამდენიმე სფეროს მოიცავდა, მათ შორის, სამშენებლოსაც, ჩნდება ეჭვი, რომ თუკი მერი გახდებით, კვლავაც ხომ არ იმოქმედებთ ამ ინტერესებით?

- მე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში რა შემოსავალიც მქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს ქვეყანაში დამებანდებინა. არადა, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო ხოლმე – აქ იპარავდნენ და საზღვარგარეთ გაჰქონდათ. აბა, სად უნდა მეკეთებინა ბიზნესი, თუ არა საქართველოში?! ბიზნესი არ იყო დიდი, მაგრამ იყო გამართული და მომგებიანი. თუმცა, 2012 წელს, როცა პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი გავასხვისე, გავყიდე. ერთადერთი, რაც დამრჩა, არის ქობულეთში სასტუმრო, რომელსაც ვერ ვაქცევ ყურადღებას. სამშენებლო ბიზნესს რაც შეეხება, არასდროს მქონია. როდესაც მინისტრად დავინიშნე, აღმოჩნდა, რომ მქონია წილი კომპანია”"ჰიდრომშენში” (მგონი, სწორად მახსოვს სახელი), რომელიც არც მუშაობდა და ისიც კანონის ფარგლებში გავასხვისე.

- ანუ ამტკიცებთ, რომ საქართველოში ბიზნესწილების მფლობელი არა ხართ?

- დიახ, ასეა. რაც მაქვს, ყველაფერი ასახულია დეკლარაციაში.

- ბოლო კვლევების მიხედვით, თბილისის მერის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო. NDI- მონაცემებით, მეორე ტურში გასვლის ყველაზე დიდი შანსი თქვენ და ალეკო ელისაშვილს გაქვთ...

- NDI-ს კვლევებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. 2012 წლიდან მოყოლებული მათი კვლევების შედეგები საერთოდ არ ემთხვევა რეალობას. მეორე ტურიც რომ გაიმართოს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ესეც დემოკრატიის თანმდევია.

- რადგან ალეკო ელისაშვილი ვახსენეთ, უნდა გკითხოთ, რას ფიქრობთ ბოლო დროს მის საწინააღმდეგო აშკარად შავ პიარზე, რასაც ის და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების ნახელავად მიიჩნევენ?

- როგორც წავიკითხე, ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არა აქვს. ისიც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ის მაინცდამაინც ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს მაშინ, როდესაც ედავებიან, რომ თვითონ არის გარიგებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ხელმოწერების შეგროვება დასჭირდა­ და პირველი, ვინც დახმარება შესთავაზა,”ნაცმოძრაობა” იყო. რურუა საერთოდ ელისაშვილის შტაბში მისულა ხელმოსაწერად. თვითონ გაარკვიონ, ვინ ვის შტაბშია, ზალიკო ალეკოსთან თუ ალეკო ზალიკოსთან… მე მაგისთვის არ მცალია, უამრავი პრობლემაა ქალაქში.

ვირის პალიტრა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან: „კახა კალაძე არჩევნებში ძალოვანი სტრუქტურების გამოსაყენებლად ემზადება

რუსუდან შელია

თენგიზ შერგელაშვილი 2012-2014 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2014 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და თანამდებობიდან მოქმედმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გაათავისუფლა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დაფუძნებული “შენების მოძრაობიდან” თბილისის მერობისთვის თენგიზ შერგელაშვილი იბრძვის. რა რესურსი აქვს დავით უსუფაშვილის მოძრაობას და რამდენად შეძლებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დამოუკიდებლად, რესპუბლიკური პარტიის გარეშე, პირველი საარჩევნო ტესტის წარმატებით გავლას, “კვირის პალიტრის” კითხვებს

“შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ­ შერგელაშვილი პასუხობს:

- თბილისის მერობის სხვა კანდიდატები, ძირითადად, პოპულისტობით არიან დაკავებული – მთავარ პრობლემებზე ლაპარაკის ნაცვლად, ისეთ სტერეოტიპულ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მხოლოდ ამომრჩევლის მოკლევადიანი კეთილგანწყობის მოპოვებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ასეთ პოპულარულ საკითხად იქცა პარკირება, რომელზეც ყოველი არჩევნების წინ გვესაუბრებიან, თუმცა, როგორც კი არჩევნების პერიოდი გადაივლის, პრობლემა პრობლემადვე რჩება და მეტიც, ხელმძღვანელები კერძო პირებთან გარიგებასაც არ ერიდებიან. ასეთი პოპულისტი და ზედაპირული მერი თბილისს აღარ სჭირდება.

სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, მე და ჩემს პროფესიონალ გუნდს კონკრეტული ხედვები გვაქვს, როგორ დავაღწიოთ თავი დედაქალაქის სამ ძირითად პრობლემას – კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობას, გადატვირთულ სატრანსპორტო მოძრაობასა და ქაოსურ მშენებლობებს. შეუძლებელია, ეკოლოგიის მოწესრიგებას დაჰპირდე ამომრჩეველს და არ უთხრა, რომ ამისთვის ტაქსების რეგულაციის დაწესებაა აუცილებელი, კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვა უნდა დაწესდეს მშენებლობასა და ტრანსპორტზეც…

- როდის გაეცნობა თქვენს ხედვებს­ ამომრჩეველი? ფაქტია, ჯერ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაგიწყიათ და არც მოსახლეობასთან შეხვედრებით გამოირჩევით

- “შენების მოძრაობის” ხედვებს ამომრჩეველს სექტემბერში გავაცნობთ. ჩემი აზრით, აუცილებელია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, შეზღუდვების დაწესება როგორც სამშენებლო მიმართულებით, ისე სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება კამპანიას, მოგეხსენებათ, ზაფხულში მოქალაქეების დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის და ეს პერიოდი პოლიტიკურად ნაკლებად დატვირთულია. სექტემბრიდან გავაქტიურდებით.

- რატომ ფიქრობთ, რომ სექტემბრიდან ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაცშენების მოძრაობაამ დრომდე პარტიადაც არ დარეგისტრირებულა და პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან ფაქტორად ჯერ ვერ იქცა?

- დიახ, ახლა ფორმირების პროცესში ვართ და ამ ეტაპზე პროგნოზების გახმაურება არასწორად მიმაჩნია. საარჩევნო კამპანიის მთავარი ამოცანა იქნება, საზოგადოებას დავანახოთ, რომ თბილისის შეცვლა შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, თბილისელი ამომრჩეველი ჩვენს შესაძლებლობებს დაინახავს. როდესაც “შენების მოძრაობას” ვქმნიდით, მთავარ იდეად სწორედ ბოლო 25-წლიანი პოლიტიკანობისა და ზედაპირულობის დამარცხება დასახელდა. “ნაციონალური მოძრაობის” ცხრა­წლიანი მმართველობაც ვნახეთ და “ქარ­თული ოცნების” ხუთწლიანი მუშაობის შედეგიც, ფაქტია, ვითარება გაუარესებულია.
შესაბამისად, ამომრჩეველი კარგად ხედავს­ როგორც კახა კალაძის შესაძლებლობებს, ისე ორად გაყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების რესურსს – ხოშტარიასა და უდუმაშვილს ვგულისხმობ. არც ერთ მათგანს არ ესმის, რა სჭირდება­ თბილისს.

დედაქალაქში ყველა პრობლემა­ “ნაცმოძრაობისას” დაიწყო და “ქართული ოცნების” პერიოდში წარმატებით გაგრძელდა. ვერც წინა ხელისუფლება და ვერც ახლანდელი რეალურ თვითმმართველობად ვერ ჩამოყალიბდა – ორივე პოლიტიკური ძალის ხელში მერია წარმოადგენს მხოლოდ საარჩევნო მანქანას, რომელიც ანგარიშვალდებულია ძალოვან სტრუქტურებსა თუ პარტიასთან და არა თბილისელებთან.

დღეს მერია მოქალაქეებისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია და დახშულ სივრცედ იქცა. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საკითხის მოსაგვარებლად ბიუროკრატიული პროცედურების გავლა აუტანელი გახდა. მერია ღიაა მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც მატერიალური რესურსი და ხელმძღვანელობასთან კორუფციული შეთანხმების შესაძლებლობა აქვს. “ქართულმა ოცნებამ” გენერალური გეგმის მომზადებაც ვერ მოახერხა, რეალურად, გენერალური გეგმის ნაცვლად მივიღეთ ფაილების გროვა, სადაც დედაქალაქის კოლაფსისგან დახსნის გზებზე არაფერია ნათქვამი. სწორედ ასეთი დანაშაულებრივი სისტემა უნდა დავამარცხოთ.

- თუ ბოლო არჩევნების შედეგებით ვიმსჯელებთ, “შენების მოძრაობისლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველი გუნდის კანდიდატმა დიდი სხვაობით დაამარცხა. რა გაძლევთ საფუძველს, რომ ერთი წლის შემდეგ უსუფაშვილის ლიდერობით საარჩევნო ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებთ?

- საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, გლადიატორთა ბრძოლას დაემსგავსა, სადაც საზოგადოებას მგლის ხროვის თავდასხმით აშინებდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი სააკაშვილისგან “ქართული ოცნება” საფრთხობელას ვეღარ შექმნის. ეს ტრიუკი წარმატებით ბოლოს 2016 წელს გამოიყენეს, 2017-სა და მომავალ წლებში საზოგადოებაზე ეს მეთოდი აღარ გაჭრის, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “მგელი” ორად და კიდევ უფრო ბევრ ნაწილად გაიყო – “ნაციონალური მოძრაობისგან”, ფაქტობრივად, აღარაფერია დარჩენილი.

რაც შეეხება ჩვენს შესაძლებლობებს, კონკრეტული ხედვები და მოტივაცია გვაძ­ლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი შევქმნათ. სხვათა შორის, არასწორად მიმაჩნია თბილისის მერიაში არსებულ მასშტაბურ პრობლემებში მხოლოდ დავით ნარმანიას დადანაშაულება. ბოლო სამი წლის განმავლობაში მის საქმიანობაში ჩართული იყო პარტია და მათ შორის კახა კალაძე საკუთარი კადრებით, რომელიც თბილისის მერიაში დღემდე მრავლად ჰყავს დასაქმებული. დღეს კი გამოდის და გვარწმუნებს, ვითარებას შევცვლიო, ასე არ გამოვა – პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, პირველ რიგში კი კახა კალაძემ. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე არჩევნებში მასთან დაახლოებული ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოსაყენებლად ემზადება.

- გაქვთ ამის დამადასტურებელი ინფო­რმაცია?

- მარტივია – კახა კალაძე გვიმტკიცებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებო, არადა, ყველა კვლევის მიხედვით, მეორე ტური უნდა დაინიშნოს. როგორ უნდა მოახერხოს კალაძემ პირველივე ტურში გამარჯვება, თუ სწორედ ძალოვან სტრუქტურებსა და ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს?! მხოლოდ ეს ორი ფაქტორია მისი იმედი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თბილისელები დიდი ხანია აცნობიერებენ, რომ თბილისის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ძალოვანი სტრუქტურები, უფრო კონკრეტულად კი – სუს-ი უქმნიდა. შესაბამისად, თუ კალაძე თავისი ჩანაფიქრის­ განხორციელებას შეეცდება, თბილისელები ამას არ შეეგუებიან.

- საპროტესტო გამოსვლებს აანონსებთ?

- მოვლენების განვითარებას არჩევნების შედეგები გვაჩვენებს. არჩევნების დარღვევებით ჩატარებას არავინ შეეგუება – თუ ხელისუფლება თავზე ხელს აიღებს­ და არჩევნების დღეს ძალოვან სტრუქტ­ურებს გამოიყენებს, ეს ხელისუფლების დასასრულის მოახლოება იქნება. “შენების მოძრაობა” და სრულიად საქართველო სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ­ თუ მმართველი გუნდი სააკაშვილის მეთოდებს შემოგვთავაზებს, რეაქციაც ადეკვატური იქნება. თუ კალაძეს კეთილგონიერი მრჩევლები ჰყავს, დაარიგონ, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადოს.

კვირის პალიტრა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: ქართულ ოცნებას ორი გზა აქვს // ინტერვიუ მამუკა მდინარაძესთან: ოპოზიციის მთავარი მიზანი, ნებისმიერ ვითარებაში, დიალოგზე უარი და კონსენსუსის ჩაშლა იყო

რუსუდან შელია

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი საბოლოოდ ჩაიშალა – ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს გადაწყვეტილებით, 6 სექტემბერს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრაც გაუქმდა. რატომ არ გაითვალისწინა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კითხვებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პასუხობს:

- როგორ უნდა შემდგარიყო კონსენსუსი, ოპოზიციისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. თავიდანვე­ ვამბობდით და მეტიც, დღესაც მზად ვართ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დიალოგი გავაგრძელოთ და კონსენსუსსაც მივაღწიოთ, თუმცა, ფაქტია, ამის სურვილი მეორე მხარეს არა აქვს და ეს თავიდანვე გასაგები იყო – ოპოზიციის მთავარი მიზანი, ნებისმიერ ვითარებაში, დიალოგზე უარი და კონსენსუსის ჩაშლა იყო.

- საპარლამენტო უმრავლესობამ რა დათმო­, რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მიეღწია? ორ მთავარ მოთხოვნაზე პრინციპული­ უარი განაცხადეთ, ამ პირობებში კონსენსუსისთვის მზაობაზე საუბარი გამართლებულია?

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე სახალხო ჩართულობა თავიდანვე სწორედ იმისთვის უზრუნველვყავით, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განგვეხილა და საუკეთესო კონსტიტუცია მიგვეღო. ასეც ვიმოქმედეთ და საბოლოოდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს კარგი კონსტიტუცია გვაქვს. რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნებოდა, კონსენსუსი უფრო ფართო ყოფილიყო, მაგრამ რადგან ვერ მოხერხდა, არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციის კარგ ტექსტზე უარი უნდა ვთქვათ. უახლოეს სესიაზე პარლამენტში კონსტიტუციის საბოლოო ცვლილებებს კენჭს ვუყრით და ვფიქრობ, ქვეყნისთვის ისეთ საკონსტიტუციო რედაქციას მივიღებთ, როგორიც აუცილებელია დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატებისლიდერი:

- კონსენსუსის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” ეკისრება, რადგან არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვენეციის კომისიაც მოატყუა. საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა თავად მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა პროპორციული სისტემის ფარგლებში. ნახევარი წელი ვნერვიულობდით, ვმუშაობდით ამ ფორმის ცვლილებებზე, საყოველთაო-სახალხო განხილვაც პროპორციულ სისტემაზე მიმდინარეობდა, ვენეციის კომისიაც ჩაერთო და საკუთარი რეკომენდაციები შემოგვთავაზა. თუმცა, ერთ დღესაც, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმება შეცვალა და წარმოგვიდგინა ცვლილებების ახალი რედაქცია, რომელიც რეალურად არსებული საარჩევნო სისტემის ძალაში დატოვებას გულისხმობს; ანუ თითქოს იცვლება სისტემა, მაგრამ რეალურად არც არაფერია მასში ახალი. იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა მოგვატყუა, პრინციპულად დავაყენეთ საკ­ითხი, რომ დიალოგს დავიწყებთ, თუ იმ პოზიციაში დავბრუნდებით, რაზეც ნახევარი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, თუმცა ხელისუფლებამ უარი გამოგვიცხადა. ამაზე საერთაშორისო გამოხმაურებამაც არ დააყოვნა – ბუკიკიომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, რაც დიპლომატიაში საკმაოდ მძიმე შეფასებას ნიშნავს. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” ორი გზა აქვს – კონსტიტუციური უმრავლესობით ერთპიროვნულად მიიღოს ყველასგან უარყოფილი ცვლილებები და პასუხისმგებლობა სრულად აიღოს, ან ოპოზიციასა და არასამთავრობო სპექტრთან ერთხელ უკვე შეთანხმებულ ტექსტზე მსჯელობა განაახლოს.

ახალი თაობა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „შეთანხმება ნაციონალების დესტრუქციულობის გამო ჩაიშალა // „თბილისში მერობის იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, რომელსაც ნაცმოძრაობასთან არაფერი აკავშირებს და რომელიც თბილისელების ინტერესებს იცავს

მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ვერ შედგა შეთანხმება კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომლებიც არჩევნებს ეხება. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილს.

„პირველ რიგში, მინდა გაცნობოთ, რომ 25 აგვისტოს პარტიის ყრილობა გვქონდა. მან თავმჯდომარედ ამირჩია. ჩვენთან თავმჯდომარეები როტაციის წესით იცვლებიან და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე მე ვიქნები.  ხელისუფლებასა და ინტერპარტიულ ჯგუფს შორის კონსენსუსი მიღწეული არ არის. ისევ ვერ იცვლება საარჩევნო სისტემა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე მოქმედი შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული წესით გაიმართება. მაჟორიტარულ არჩევნებზე უარის თქმისკენ “ქართულ ოცნებას” 5 წელიწადია, მოვუწოდებთ. ინტერპარტიულ ჯგუფში ადრე ჩვენი პარტიაც იყო გაერთიანებული. ამ ჯგუფმა არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროექტი რამდენიმე წლის წინ წარუდგინა ხელისუფლებას, ვენეციის კომისიასა და უცხოელ ელჩებს, მათ შორის, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე უსუფაშვილსა და პრემიერ ღარიბაშვილს. ამ საკითხზე ჩვენ პრეზიდენტი მარგველაშვილი შეგვხვდა. “ქართული ოცნება” გვეუბნებოდა, პარლამენტში მრავალპარტიული კოალიციით ვართ წარმოდგენილი, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას კოალიციაში ყველა არ ეთანხმებაო. “ოცნების” ლიდერები გვპირდებოდნენ, რომ თუ 2016 წელს პარლამენტში მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებდა, მაჟორიტარულ არჩევნებს წერტილი დაესმებოდა. ეს შეპირება არ შესრულდა“, – ამბობს სოსო შატბერაშვილი..

- 2024 წლის არჩევნებისთვის უქმდება მაჟორიტარული არჩევნები...

- ეს ძალიან შორია. არ ვიცით, მანამდე რა მოხდება.

- მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ საკითხზე შეუთანხმებლობას ერთმანეთს აბრალებენ...

- ინტერპარტიულ ჯგუფში, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა, ჩვენც ვიყავით გაერთიანებული. ეს ჯგუფი იმიტომ დავტოვეთ, რომ მასში შემოვიდა ნაციონალური მოძრაობა. შემდეგ მას დაემატნენ ნაცმოძრაობიდან გამოყოფილი ძალები. ამის გამო ამ ფორმატში მონაწილეობა შეუძლებლად მიგვაჩნია. ინტერპარტიულ ჯგუფში სიტუაცია მაშინ აირია, როცა იქ ნაციონალური მოძრაობა გაჩნდა.

- მიანიშნებთ იმაზე, რომ შეუთანხმებლობა საარჩევნო საკითხებზე ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციის ბრალია?

- ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული ძალა და ტერორისტული პარტიაა. ის ყველგან დესტრუქციულია. გამონაკლისი არც ინტერპარტიული ჯგუფია. გასაკვირია, რომ მას შეთანხმება ჩაეშალა? ეს პარტია ხოცავდა ხალხს ქუჩებში და ათასგვარ სისაძაგლეს კადრულობდა. ვენეციის კომისიამ და ჯანი ბუკიკიომ ვერაფერს მიაღწიეს. ბუკიკიოს ადრეც უთქვამს, რომ ის მხოლოდ რეკომენდატორია. ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც აწყობდა ნაციონალურ მოძრაობას. საუბედუროდ, მისი კოაბიტაცია “ქართულ ოცნებასთან” გრძელდება. ბოლო დროს ეს კოაბიტაცია გაფართოვდა და ნაცმოძრაობიდან გამოსული პარტიები მოიცვა.

- იქმნება პირობები, რომელიც ხელსაყრელია მმართველი პარტიის, ნაცმოძრაობისა და მისი განაყოფებისათვის?

- ასეა. ამ ძალებს პარლამენტში მრავალპარტიულობა არ სჭირდებათ.

- ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამ შეუთანხმებლობას დიდ გამოწვევად აფასებს და აცხადებს, რომ ამ საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობას ასეთი საფრთხე ჯერ არ ჰქონია...

- საპასუხო შეკითხვით მოგმართავთ თქვენც და “ახალი თაობის” მკითხველსაც – საარჩევნო საკითხებში შეთანხმების არმიღწევა რით უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას? შევარდნაძის ხელშეწყობით ბალტინის ჯარები რომ შემოვიდნენ, კანონიერი ქურდი რომ სახელმწიფოს ერთ-ერთ მეთაურად გვყავდა, კიტოვანი-სიგუა რომ ანგრევდნენ ქვეყანას, მაშინ არ შეჰქმნია საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე! 2008 წელს რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება, აღიარა მათი დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველო მაინც დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩა.

- ეს გადაჭარბებული შეფასებაა?

- ეს არის იმ კაცის შეფასება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილზე დაიბოღმა. მაშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ არ ითანამშრომლებდა ნათელაშვილთან. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ლეიბორისტების ლიდერისთვის მკვლელი და ბანდიტი გახდა. მანამდე ის მისთვის მეცენატი და სამშობლოზე გადაყოლილი პატრიოტი იყო. ამიტომ ასახელებდა მას ნათელაშვილი პრემიერობის კანდიდატად.

- აღნიშნეთ, რომ არსებული სისტემა ხელსაყრელია ძირითადად ორი ძალისათვის. ეს უფრო მეტი სტიმული არ უნდა იყოს პარტიების გაერთიანებისათვის?

- რა თქმა უნდა. თანამოაზრეები ძალები უნდა გავერთიანდეთ. ერთად უნდა ვიყოთ ისინი, ვინც ევროპულ გაზს ადგას, იცავს ეროვნულ ინტერესებს, ამასთან, ქვეყნისთვის საჭიროდ მიაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. მესამე ძალას ხალხი ისევ ელოდება. ასეთი გაერთიანება რომ გამოვიდეს, პარლამენტი მრავალპარტიული გახდებოდა, მოხდებოდა ნაცმოძრაობის შევიწროება.

- ეს არსებული საარჩევნო სისტემითაც შესაძლებელია?

- შესაძლებელია. 2012 წლის არჩევნების მაგალითი წინ გვაქვს.

- მანამდე ადგილობრივი არჩევნებია. თბილისის მერობის დასახელებული კანდიდატურებიდან არავის უჭერთ მხარს?

- ამაზე პარტიაში ვიმსჯელებთ. შესაძლოა, ორგანიზაციას თავისი კანდიდატურა არ ჰყავდეს, მაგრამ სხვადასხვა საკითხზე პოზიცია უნდა ჰქონდეს. მერობის იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, რომელიც არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას ან მისგან გამოყოფილ პარტიას და იცავს თბილისელების ინტერესებს. თბილისში გვეყოლება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. პარტიულ სიებს ბევრ რეგიონში წარმოვადგენთ. ზოგან მერობის კანდიდატებიც გვეყოლება. შეიძლება, მერობის კანდიდატი ბათუმშიც დავასახელოთ.

ახალი თაობა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ლეიბორისტები ქუჩაში აქციებს იწყებენ

ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია

ვისთან ერთად აპირებენ ლეიბორისტები ქუჩაში გამოსვლას, რა პრობლემებს ელოდება ხელისუფლებას დასავლეთიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.

„ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა საბოლოოდ მოკვდა. როცა პოლიტიკა კვდება, პროცესები ქუჩაში ინაცვლებს. ამიტომაც მოუწოდა ჩვენი პარტიის ლიდერმა ოპოზიციას ერთობლივი ქუჩის აქციებისკენ. ეს არ გახლავთ რაიმე აკვიატება, საყოველთაო პროტესტი არის გზა, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია. იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია კარგად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და საქვეყნო საქმეებისთვის დაირაზმება“, – ამბობს ბეჟან ნათელაშვილი.

- თქვენი აზრით, რომელი პარტიები მიიღებენ ქუჩის აქციებში მონაწილეობას?

- წესით, ყველა პარტიამ უნდა მიიღოს აქციებში მონაწილეობა, ვისაც ოპოზიციონერობაზე აქვს პრეტენზიები. ინიციატივა ბატონმა შალვა ნათელაშვილმა 2 სექტემბერს გააჟღერა. გამოხმაურებებს ამ კვირიდან ველოდებით. ერთობლივად უნდა შეიქმნას საკოორდინაციო კომიტეტი, საპროტესტო აქციებმა უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულების ქოცრეჟიმს დაასრულებს.

- წინ არის თვითმმართველობის არჩევნები. თქვენი აზრით, რომელიმე პარტია მოისურვებს არჩევნებისთვის ბოიკოტირებას იმის გამო, რომ თქვენ მიერ ინიცირებულ აქციებს შეუერთდეს?

- არჩევნების ბოიკოტი საჭირო არ არის. მეტიც, ბოიკოტი არც უნდა გამოვაცხადოთ და ნებისმიერ პროცესში უნდა ჩავერთოთ. მართალია, ვიცით, რომ ეს არჩევნები გაყალბდება, მაგრამ მაინც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან, არჩევნების გაყალბებას ვინ ჩივის, მთელი აგვისტო ასანთი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან. სექტემბერიც ხანძრებით დაიწყეს და მთელი საქართველო გადაწვეს.

- ამას დამტკიცება სჭირდება, რომ ხელისუფლებამ გადაბუგა საქართველო...

- თავიანთი უმოქმედობით გადაბუგეს ქვეყანა. ერთი ხანძარი მაინც გამოიძიონ და ჩემს სიტყვებს საჯაროდ წავიღებ უკან. რეალურად არ იძიებენ იმიტომ, რომ არ აწყობთ. სათავისოდ ყველაფერს ძალიან სწრაფად იძიებენ. ბევრი ამ ხელისუფლებას უნიათოს უწოდებს. ჩემი აზრით, ესენი უნიათოები კი არა, დამნაშავეები არიან. დამნაშავეები რომ არ იყვნენ, ყველაფერს კარგად გაარკვევდნენ. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეებს სდიონ, ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენენ.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენი სატელეფონო საუბრები ისმინება?

- ბევრი რამე. თუნდაც ტელეფონზე საუბრის მომენტები. ახლაც როცა თქვენ გესაუბრებით, თქვენს ხმაზე უკეთესად ჩემი ხმის ექო მესმის. აშკარაა, რომ მოსმენაზე ვარ ჩართული. უბრალოდ, ცდებიან ჩემი მოსმენით, რასაც ვფიქრობ, ამას ინტერვიუებში ვამბობ და ფეისბუქზე ვწერ. ამიტომ ნუღარ მოცდებიან ჩემი მოსმენით და ჯობია, საქმე გააკეთონ. ბევრი ოპოზიციონერი ჩივის, რომ მათი საუბრები ისმინება. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება აგონიაშია. აგონიაში მყოფი ხელისუფლება ძალიან საშიშია. ეს საშიში ხალხი აუცილებლად უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ოღონდ, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანას არ ეტკინოს.

- უმტკივნეულოდ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?

- ძალიან მარტივად, ჩვენ უარს ვამბობთ რევოლუციაზე. ყველა რევოლუციას თან სდევს ხარვეზები. საქართველოში არცერთ რევოლუციას არ მოუტანია დადებითი შედეგი. აქვე ერთსაც გეტყვით, ყველა რევოლუცია, რაც საქართველოში მოხდა, იყო ვიღაცის ინტერესებში. მატერიალურ დაინტერესებას ვგულისხმობ. ხალხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ საპროტესტო აქციები დაფინანსებული არ უნდა იყოს. ჩვენ მიერ ინიცირებული პროტესტი არავის მიერ არ არის დაფინანსებული. ხალხმა, რომელიც აქციაზე მოვა, უნდა იცოდეს, რომ იქ არც ხაჭაპურს დაურიგებენ და არც ყველსა და პურს.

მილიონს რომ ხარჯავს ადამიანი აქციებში, ის პოლიტიკას ბიზნესად უყურებს და, როგორც კი საშუალება მიეცემა, ამ ერთ მილიონს 10 მილიონად ამოიღებს. ხალხი ისეა გამძვინვარებული, რომ ქუჩაში ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე გამოვა.

- ხალხი გამძვინვარებულია, მაგრამ იმედგაცრუებულიც არის. ძალიან ბევრჯერ გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ შედეგი ვერ ნახეს...

- ხალხმა ეს იმედგაცრუება საკუთარ არჩევანს უნდა დააბრალოს. ეს ხელისუფლება, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, ხალხის არჩეულია. ხომ არ შეიძლება, ყველა არჩევნების შემდეგ სინანულში ჩავვარდეთ. ხალხმა ხან მილიონი სამუშაო ადგილის დაპირება დაიჯერა. აფერისტი ივანიშვილი ამომრჩეველს უფასო ფულს დაჰპირდა. ეს დაპირება მართლაც პირნათლად აასრულა და ისე გააუფასურა ლარი, რომ მას ფასი აღარ აქვს. ახლა ხალხისა და ოპოზიციის მთავარი ამოცანა ამ ხელისუფლების გადაყენებაა. ეს არ არის მიუღწეველი შედეგი. ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. შალვა ნათელაშვილი ასევე ითხოვს, რომ ივანიშვილის ანგარიშს ყადაღა დაედოს. ეს კაცი მართლა თოხისა და ერთი კაკალი სიმინდის ამარა უნდა დარჩეს. იმედია, ამერიკა და ევროპა ჩვენს მოთხოვნას გაითვალისწინებენ.

- ამის იმედი დიდად არ უნდა გქონდეთ. საეჭვოა, დასავლეთმა მის ანგარიშებს ყადაღა დაადოს...

- ჩემი აზრით კი მისი ანგარიშების დაყადაღება რეალურია. შეგახსენებთ ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასელის განცხადებებს. ის ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას.

- განცხადებით კი განაცხადა სტივ რასელმა, მაგრამ მერე დადუმდა და ამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია...

- რასელმა განცხადება ერთხელ გააკეთა და მეტჯერ არ იტყვის. ახლა ის სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად მუშაობს.

- რაზე მუშაობს?

- ამ საკითხზე. ამერიკისთვისაც ნათელია, რომ ივანიშვილი უკონტროლო გახდა. ის საშიშია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მისმა ხალხმა ვენეციის კომისია აიგდო მასხრად და სტრასბურში დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალა. ქოცრეჟიმი ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს. არადა, იზოლაციაში ქვეყანა კი არა, ეს კაცი უნდა მოაქციონ. ქვეყანამ რა დააშავა, როდესაც ივანიშვილი თავისი ფულებით ბატონობს ქვეყანაზე. მის მოქალაქეებს ოლიგარქის თვალში პინგვინისა და ზებრის ფასიც კი აღარ აქვთ. აშშ-ში მისი ანგარიშების გაყინვაზე სერიოზულად ფიქრობენ.

- მოდით, ისევ თქვენს ინიციატივას დავუბრუნდეთ. როდის აპირებთ აქციების დაწყებას?

- ჯერ ჩვენს შეთავაზებაზე ოპოზიციის პასუხს გავიგებთ და მერე ვიმოქმედებთ. რაც მალე იქნება ეს აქციები, მით უკეთესი ქვეყნისთვის.

- სექტემბერში ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი და მათ ხომ არ შეუერთდებით?

- არა, მათ არ შევუერთდებით. პატრიოტთა ალიანსი და ქართული მარში რაღაც სხვა მოთხოვნებით გამოდიან. ისინი ხელისუფლების გადაყენებას არ ითხოვენ, დასდევენ ამ საწყალ არაბებსა და ჩინელებს და ივანიშვილზე ერთ საყვედურს ვერ ათქმევინებ. აქციებს მათთან ერთად გავმართავთ, ვინც მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის ხსნა ხელისუფლების გადაყენებასა და ვადამდელ არჩევნებშია.

- თავადაც აღნიშნეთ, რომ ყველა არჩევნების შემდეგ სინანულში ვვარდებით...

- ეგ მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხალხი არჩევანს ანგარების გარეშე არ გააკეთებს. ადრეც გითხარით და ახლაც ვიტყვი, რომ ის პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნებზე ფულს არიგებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ფულს ათმაგად ამოიღებს.

ახალი თაობა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ამცახარა და რუსლან ლაკერბა აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ითხოვენ

ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „რუსლან ლაკერბას განცხადება მისასალმებელია

აფხაზეთში არსებული ორგანიზაციის “ამცახარას” ერთ-ერთი ლიდერი რუსლან ლაკერბა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და დაახლოების აუცილებლობაზე განცხადებას აკეთებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობებზე საუბრობს.

- ბატონო ჯემალ, რუსლან ლაკერბა ქართველებთან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. არის ეს დადებითი მომენტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის?

- დადებითი მომენტი ნამდვილად არის, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი ამას ბედავს. მათ ეკრძალებათ საქართველოს რაიმე დადებით კონტექსტში მოხსენიება, მხოლოდ უნდა ლანძღონ. ადამიანი ლაპარაკობს ურთიერთობის დალაგებაზე. ისინი იმაზე არ საუბრობენ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, არამედ საუბარია ურთიერთობების განახლებასა და დიალოგის დაწყებაზე იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ, როგორ ვიცხოვროთ ერთად.

- რუსლან ლაკერბა ამბობს, რომ დროა, აფხაზებმა და ქართველებმა დაივიწყონ ის საშინელი წარსული, რასაც ორ ხალხს შორის ჰქონდა გასული საუკუნის 90-იან წლებში და დაიწყონ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან. სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება თქვენ როგორ გესმით?

- სუფთა ფურცლიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ არსებობს ორი მხარე – ქართული და აფხაზური. რაც იყო წარსულში, ის ჩაბარდა წარსულს, ჩვენ წინ გვიდევს სუფთა ფურცელი და ამ სუფთა ფურცელზე რასაც ჩავწერთ, როგორ ჩამოვყალიბდებით, როგორ მოვრიგდებით, რაში შევთანხმდებით, ყველაფერი ამ სუფთა ფურცელზე დაიწერება. აფხაზები ბატონი რუსლან ლაკერბას პირით გვეუბნებიან, რომ წარსული წავიდა და ახალი ცხოვრება იწყება. ისინი გვთავაზობენ, ვიცხოვროთ ახლებურად, ახალ ვითარებაში და ისტორია სრულიად სუფთა ფურცელზე დავწეროთ. თუ რუსლან ლაკერბას პოზიცია გახდება აფხაზური მხარის ოფიციალური პოლიტიკა, რასაკვირველია, ქართული მხარე დიდი სიამოვნებით იურთიერთებს.

- თქვენ თქვით, ისინი გვთავაზობენო. ამ განცხადებაში ამოიკითხეთ, რომ ეს არა მარტო რუსლან ლაკერბას განცხადებაა, არამედ ამ პოზიციას სხვებიც იზიარებენ?

- ბატონი ლაკერბას განცხადებას უნდა დაეთანხმოს აფხაზი საზოგადოება. ერთი განცხადება არ ნიშნავს, რომ აფხაზი საზოგადოება ამ საკითხზე ჩამოყალიბებულია. ამიტომ აღნიშნული განცხადება მიმართულია აფხაზი საზოგადოებისკენ. ჯერ ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ – ან უნდა გაიზიარონ, ან არ გაიზიარონ ლაკერბას განცხადების დედააზრი. თუ მთელი აფხაზი საზოგადოება დაეთანხმება ბატონი ლაკერბას განცხადებას, მერე უკვე ქართველი საზოგადოება დიდი სიამოვნებით განიხილავს განცხადებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიალოგის დაწყებას წინ არაფერი დაუდგება.

- რუსლან ლაკერბა შემთხვევით შეიძლება აკეთებდეს ამგვარ განცხადებას? შეიძლება მას სახელისუფლებო დინებებში მხარს უჭერდნენ?

- მე ამას ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ. ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზ საზოგადოებაში ბევრია ისეთი გავლენიანი პიროვნება, ჯგუფები, რომლებიც მსგავს პოზიციაზე დგანან. რუსეთის პოლიტიკა მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული და იციან, რას ნიშნავს რუსული პოლიტიკა აფხაზეთში და აფხაზების მიმართ, რა მოელით ხვალ და ზეგ რუსული პოლიტიკის წყალობით.

- ანუ აფხაზებმა იციან, რა მოელით მათ რუსებისგან?

- დიახ. ამიტომ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, ზოგადად აფხაზეთზე. ძალიან ბევრი აფხაზი მისულია ინ აზრამდე, რომ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია. როგორ, რანაირად, ამაზე წინასწარ ვერავინ ისაუბრებს. ადამიანი ამბობს, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. ეს მისი მხრიდან საკითხის სწორად დაყენებაა.

- ამცახარა აქამდეც გამოირჩეოდა ქართველებთან დაახლოების სურვილით, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმი და რუსული მხარე მასზე გავლენას ახდენდა, ლიდერები დაპატიმრებულიც ჰყავდათ. ამცახარა აფხაზეთში რეალური ძალაა, რომელსაც გავლენის მოხდენა შეუძლია?

- “ამცახარა” ომის ვეტერანების მიერ არის შექმნილი. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ აფხაზეთი, ბევრს ფიქრობენ და აანალიზებენ. მათ შედარებით რბილი პოზიცია აქვთ ქართველების მიმართ.

- მაინც?

- არ მინდა, ეს ქართველმა საზოგადოებამ არასწორად გაიგოს. “ამცახარა” აფხაზეთის “დამოუკიდებლობაზე” კი არ ამბობს უარს, არამედ ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა დაალაგონ, მტრის ხატის პრობლემა, მტრობა, შუღლი უნდა მოისპოს და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, დავივიწყოთ წარსული, ომი, უბედურება და დავიწყოთ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან. ამაზე ბევრი არ მოდის. თითქოს ჩვეულებრივი განცხადებაა, განსაკუთრებული არ არის, მაგრამ აფხაზეთში ამგვარი შინაარსის განცხადება გარღვევასავით გაჟღერდა. იქ ადამიანები ვერ ბედავენ ასეთი წინადადების წამოყენებას. რაღაც მსგავსი თქვა ზურაბ აჩბამ თავის დროზე და ამისთვის მოკლეს.

- რუსლან ლაკერბასაც საფრთხე ემუქრება?

- რა მოელის ამ ადამიანს, არ ვიცი, მაგრამ დღეს სულ სხვა ვითარებაა, ვიდრე მაშინ, როცა ზურაბ აჩბა მოკლეს. აფხაზეთში ქართველების მიმართ არსებული განწყობის ფონზე ლაკერბა აყენებს ამგვარ წინადადებას, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

- “ამცახარაძლიერი ორგანიზაციაა?

- “ამცახარა” აფხაზეთში საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაციაა. როცა ანქვაბი ხელისუფლებაში იყო, მაშინ ეს პარტია ხელისუფლებაში გახლდათ.

- ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან თუნდაც სახალხო დიპლომატიის კუთხით ურთიერთობების დამყარებას. აღნიშნული განცხადება საშუალებას იძლევა, ამ მხრივ რაღაც გაკეთდეს?

- რასაკვირველია, ეს განცხადება სახალხო დიპლომატიისთვისაც გარკვეულ პირობებს ქმნის. სახალხო დიპლომატია შეიძლება გააქტიურდეს. თუ ამ წინადადებას აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც მოიწონებს, ამან შეიძლება სათავე დაუდოს მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებსა და თვით დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, მაგრამ აქამდე ჯერ ძალიან შორსაა.

- როგორც ვიცი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ქართველები თავიანთი ნათესავების, ახლობლების, ოჯახის წევრების საფლავებზე შეეშვათ და საფლავები მოეწესრიგებინათ. პირველ ეტაპზე ეს საკითხი თუ გადაწყდება, ურთიერთობის აღდგენას ხელს არ შეუწყობს?

- რა თქმა უნდა. საფლავების მონახულების მუდმივი მოლოდინი ძალიან მტკივნეული პრობლემაა. ჩვენი დევნილი მოსახლეობა ამას 1992-93 წლებიდან ითხოვს. აფხაზეთიდან დევნილებს ამ დროიდან ახლობლების საფლავებზე ფეხი არ დაუდგამთ. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქართველთა საფლავები აფხაზეთში მოუვლელია. ეს ჰუმანიტარული საკითხი და პრობლემაა, რომელსაც სახალხო დიპლომატიის გააქტიურება ხელს შეუწყობს. ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ასეთი საკითხებით უნდა დაიწყოს. თუ ეს საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი, უფრო დიდი საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება.

კვირის პალიტრა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

ეროვნული უმოქმედობის გეგმა?!

შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ცეცხლის ასეთი მასშტაბის თავიდან აცილება

ემა ტუხიაშვილი

სანამ ხელისუფლება ტყის ხანძრებით მიყენებულ ზარალს ითვლის, საგამოძიებო უწყებები კი ხანძრის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ, კიდევ ერთი შეკითხვა ისმის: შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ცეცხლის ასეთი მასშტაბის თავიდან აცილება და რა უნდა გაეკეთებინა პრევენციისთვის? მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სტიქიასთან საბრძოლველად ქვეყნის “მაღალი ხარისხის მზადყოფნაში” მოსაყვანად სისტემური ცვლილებების გატარებას გეგმავს, მათ შორის – აღჭურვილობის განახლებასა და კრიზისების საბჭოს “შესაბამისობაში მოყვანას”. უცნაურია, რომ გიორგი კვირიკაშვილს არსად უხსენებია მის მიერვე ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ღონისძიება, რომლებიც კატასტროფების, მათ შორის – ხანძრების რისკის შესამცირებლად უნდა გაატაროს ქვეყანამ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის #4 დადგენილებით, რომელსაც ხელს გიორგი კვირიკაშვილი აწერს, 2017-2020 წლებისთვის საქართველოს რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა. სტრატეგია შემუშავებულია შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით. დოკუმენტის შესავალში ვკითხულობთ, რომ ის განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე არსებული, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შემცირების ღონისძიებებს და ადგენს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე კი მომზადებულია სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, კონკრეტული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო დრო და დაფინანსების წყარო.

დოკუმენტით ირკვევა, რომ მისი ავტორები ამ სტრატეგიისა­ და მისი განხორციელების აუცილებლობას კარგად ხვდებოდნენ, რადგან მითითებულია, რომ უკანასკნელი წლების მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიური­ ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების რიცხვი საშუალოდ 15%-ით, ხოლო სტიქიური გეოლოგიური მოვლენებისა – საშუალოდ 58%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, მომატებულია სტიქიით გამოწვეული ზარალიც. სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2015 წელს 389 მილიონი ლარი შეადგინა.

მიწისძვრასთან, წყალდიდობასთან, ძლიერ ქართან, გვალვასა და სხვა საფრთხეებთან ერთად, რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაში ცალკე თავი ტყისა და ველის ხანძრების საფრთხეს ეთმობა. სახელმწიფო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტყის ხანძრების საშიშროებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ხანძრები სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში.

კეთილი სურვილების სტრატეგია?!

“ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტყის ხანძრების შემთხვევათა უმეტესობა, განსაკუთრებით, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე ტყის მასივებში, ანთროპოგენული ზემოქმედებით არის გამოწვეული.ხანძრების წარმოქმნის ანთრ­ოპოგენული მიზეზებიდან აღსან­იშნავია: დასახლებული პუნქტებ­ის სიახლოვე (მოსახლეობის დაუდევრობა, ნაგავსაყრელები და სხვ.), სასოფლო-სამეურნეო სავარგულების “გადაწვის” პრაქ­ტიკა, სამრეწველო ობიექტების სიახლოვე, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვითი ზოლების არარსებობა, ტყითსარგებლობის წესების დარღვევა (ტყის ჭრის ადგილების გაუწმენდელობა)”, – ვკითხულობთ დოკუმენტში და ვრწმუნდებით, რომ საფრთხეები, რომლებიც, შესაძლოა, ბოლო დროს ხანძრების გახშირებისა და სტიქ­იის მასშტაბურად გავრცელებ­ის მიზეზი გახდა, ხელისუფლებ­ას კარგად ჰქონდა გააზრებული.

დოკუმენტის მიხედვით, ანთროპოგენულ მიზეზებს ემატება ბუნებრივი ფაქტორებიც, მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, როგორიც 2014 წელს აღირიცხა. შესაბამისად, წესით, ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ წლევანდელ ზაფხულს ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ტყეში ხანძრის გაჩენის რისკი იზრდებოდა. დოკუმენტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერი მიზეზით გაჩენილმა ხანძრებმა აუცილებელი კონტროლისა და პრევენციული ღონისძიებების გარეშე, შესაძლოა, სტიქიური ხასიათი მიიღოს, გავრცელდეს რამდენიმე ათას ჰექტარზე და, სავარაუდოდ, გამოიწვიოს როგორც მოსახლეობის მსხვერპლი, ასევე რეგიონების ინფრასტრუქტურის მოშლა, ადგილობრივ მცხოვრებთა ევაკუაცია და ტერიტორიების ხანგრძლივი (ხუთ წელიწადზე მეტი ხნით მაინც) ეკოლოგიური დაზიანება!

ხანძრის გავრცელების მიზეზებთან ერთად, მთავრობამ კატასტროფის რისკის შემცირების სამოქმედო გეგმაც შეადგინა, თუმცა მის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან თანხა ვეღარ გაიმეტა. შესაბამისად, სტრატეგია ფურცელზე დარჩა და “სად­ღეგრძელოებისა” და “კეთილი­ სურვილების” ფორმატს არ გასცდენია. არადა, ხელისუფლების დასახული ღონისძიებების ნაწილი მაინც რომ განხორციელებულიყო, ხანძრებით მოყენებული ზარალი, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები იქნებოდა.

სტიქია ბიუჯეტს არ დაელოდება

რეზო გეთიაშვილის, “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგა­ნიზა­ციების ქსელის” გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორის თქმით, “ამ დოკუმენტის გარდა, არსე­ბობს კიდევ ორი დოკუმენტი­ -­­ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა. შესაბამისად, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია მესამე დოკუმენტია, სადაც საგანგებო სიტუაციებში მოქმედებისა და საფრთხის პრევენციის ღონისძიებებია გაწერილი. რაც შეეხება ამ ბოლოს შედგენილ სტრატეგიას, მისი მიზანია წინა ორ დოკუმენტში გაწერილი ღონისძიებების დაფინანსება და ფინანსური საკითხების გაანალიზება.­­ შესაბამისად,­ რადგან დოკუმენტი წელს, 11 იანვარს, არის მიღებული, როგორც ჩანს, მისი აღსრულება გათვლილი არ იყო მიმდინარე საბიუჯეტო წელზე, რადგან ბიუჯეტი წლის ბოლოს მტკიცდება.

გეგმები დაფინანსების გარეშე

პირველი, რაც ბორჯომის ხანძრის შემდეგ სტრატეგიულ გეგმაში თვალში გვხვდება, 44 სატყეო ხანძარსაშიშ უბანზე ხანძარსაწინააღმდეგო გზების, ბილიკებისა და წყლის რეზერვუარების მოწყობაა, რასაც 2 მილიონი ლარი სჭირდებოდა, მაგრამ მთავრობამ ამისთვის თანხა ვერ გამონახა. როგორც ცნობილია, ბორჯომის ხანძრის დროს სახანძრო ავტომობილებისთვის ხანძრის კერებამდე მისასვლელად გზები სახელდახელოდ გაჰყავდათ, წყალს კი სახანძრო მანქანები დასახლებული პუნქტებიდან ეზიდებოდნენ, რამაც, ბუნებრივია, ხანძრის ლოკალიზება-შემოზღუდვისა და ჩაქრობის დრო გაზარდა.
ამავე სტრატეგიული გეგმის თანახმად, ხანძარსაშიშ პერიოდში უნდა აეყვანათ სეზონური მეხანძრე-დარაჯები და მათთვის პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა შეეძინათ, რასაც, სტრატეგიის ავტორების შეფასებით, 1,5 მილიონი ლარი ეყოფოდა, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხა ვერც ამისთვის გამოიძებნა.

გახშირებულმა ხანძრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მოძველებული ან არარსებული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეძენა-განახლების აუცილებლობა. როგორც ჩანს, ამაზე ხელისუფლებაც შეთანხმებულა და სტრატეგიულ გეგმაში ჩაუწერიათ, რომ თანამედროვე სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა აუცილებელია და ბიუჯეტიც განუსაზღვრავთ – 37,4 მილიონი ლარი, მაგრამ თანხა არც ამ შემთხვევაშია გამოყოფილი.
დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია სახანძრო-სამაშველო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რათა ის შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს. ამას 19,5 მილიონი ლარი სჭირდება, მაგრამ არც ეს დაუფინანსებიათ.

სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ტყეები, ხანძარსაშიშროების მიხედვით, კლასებად უნდა დაიყოს. როგორც აღმოჩნდა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ტყეების ინვენტარიზაცია დაწყებულია, თუმცა მისი დასრულებისთვის საჭიროა დამატებითი თანხა და სპეციალისტების მოძიება.

გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს შორის არის ტყის ფონდის განსაკუთრებით ხანძარსაშიშ უბნებსა და დეგრადირებული ტყის ტერიტორიებზე ხანძარმედეგი კორომების (გამძლე სახეობების შერგვა, ე.წ. ქვეტყის გაწმენდა, ნარჩენების გასუფთავება) ჩამოყალიბება.
დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის სანქციების გამკაცრება ხანძრის განზრახ ან დაუდევრობით გაჩენისთვის.

გეგმაში წერია, რომ აუცილებელია ტყის ხანძრების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება და ერთიანი უწყებრივი რეაგირების გეგმების მომზადება. ამის აუცილებლობა გამოჩნდა ბორჯომის ხანძრის დროსაც, რადგან სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული უწყებებისთვის არ არსებობდა რეაგირების ერთიანი სტრატეგია, რაც იწვევდა მათი მოქმედების არაეფექტურობას.

კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიაში, ტყის ხანძრების საფრთხის შესამცირებლად, კიდევ რამდენიმე აუცილებელი ღონისძიებაა ჩამოთვლილი: ტყის ხანძრების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა; ტყისა და ველის ხანძრების საფრთხის რისკის შესამცირებლად მოსახლეობის ცოდნის ამაღლება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე; მწყემსების, ფერმერების ცნობიერების ამაღლება; ტრენინგების ჩატარება ხელოვნური ხანძრების საშიშ შედეგებსა და პრევენციაზე, ტყის ხანძრებთან დაკავშირებული სოციალური რეკლამის მომზადება და მედიასაშუალებებში განთავსება; სასკოლო ექსკურსიების დროს ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების სწავლება და სხვ.

P.S. დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ სფეროს ექსპერტებსაც მოსწონთ, მაგრამ დაფინანსების გარეშე მათ ფასი არ აქვს, რადგან აღსრულების გარეშე ყველა ღონისძიება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სურვილია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღონისძიებების მნიშვნელობის გამო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა არ შეიძლებოდა. ამის გარდა, ამ სტრატეგიაზე მუშაობა მანამდეც დიდხანს მიმდინარეობდა და წესით, ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ფინანსთა სამინისტროსთან, რადგან დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა ყველაზე კარგად იცოდა, რა საფრთხეები იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, რეაგირება უნდა მომხდარიყო არა გაისად, არამედ წლეულს და გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებიც დაფინანსებულიყო. ამით ჩვენ შევამცირებდით ზარალს, რომელიც ამ ზაფხულს ხანძრებმა მოგვაყენა.

აუცილებელია გაანალიზდეს, რატომ არ მოხდა დამტკიცებული სტრატეგიით ბიუჯეტის ფორმირება და თანხების გამოყოფა? ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ ამ ზომების მიღება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ იყო? ამ საკითხების დაფინანსება რომ არ ამოვარდნილიყო პრიორიტეტების ნუსხიდან, ხანძრებს უფრო მომზადებული შევხვდებოდით.

გასათვალისწინებელია, რომ ამ დოკუმენტში, ხანძ­რების გარდა, ყველა სხვა ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნისა და პრევენციის ღონისძიებებიც არის ჩამოთვლილი.

დღეს ჩვენ ხანძრები გვაწუხებს, ხვალ, შესაძლოა, წყალდიდობა იქცეს საფრთხედ და რას ვაკეთებთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად? დღეს შექმნილმა ვითარებამ დაგვანახა, რომ ამ საკითხების დაფინანსება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს! ჩვენ დავინახეთ არა მხოლოდ რეაგირების, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხარვეზებიც. მეტიც, დავინახეთ, რომ კატასტროფის საფრთხის პრევენცია ქვეყანაში არ არსებობს! პრევენცია უფრო რთული, მრავალმხრივი და კომპლექსური ღონისძიებებისგან შედგება და სანამ რისკფაქტორების შემცირებას ვერ ახერხებ, იმისთვის მაინც უნდა მოემზადო, რომ როცა ეს დღე დაგიდგება, რეაგირება შეძლო.
ამიტომ წლეულს მაინც, მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებისას, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ ამ სტრატეგიის მიხედვით გაწერილი ფინანსური ინსტრუმენტების ამოქმედება. პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს რისკფაქტორების შემცირებასა და პრევენციაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ამისთვის მეტი ფინანსებია საჭირო, მაგრამ რაღაც გეგმა უნდა გაიწეროს და ხუთი წლის განმავლობაში მაინც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ჩვენ მიზეზებს ვებრძოლოთ და არა – შედეგებს.

ახლა პრემიერი სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებაზე ლაპარაკობს. მართლაც, სტიქიასთან ბრძოლამ, ალბათ, დაგვანახა, რომ საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ ამ ცვლილებების, რეფორმირებისა და გადაწყობის პროცესში მთავარი საკითხები განზე არ უნდა დაგვრჩეს.

ახალი გეგმის დამტკიცებამდეც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კარგი ეროვნული გეგმა გვქონდა, მაგრამ რატომღაც დაიწუნეს და ახალი შექმნეს, ამასობაში კი დრო დავკარგეთ. კანონმდებლობა იმისთვის გვჭირდება, რომ მან იმუშაოს და არა იმისთვის, რომ ქაღალდზე მუდმივად ვცვალოთ და მისი ამოქმედება დაგვიანდეს. ვნახოთ, ამ ხანძრების შემდეგ მაინც თუ გამოიყოფა რესურსი გეგმაში გაწერილი ღონისძიებების განსახორციელებლად”.

კრიზისების მართვის კრიზისი

ირაკლი მაჭარაშვილის, “მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორის  თქმით, “ქვეყანაში ასეთი სტრატეგია აუცილებელია, ასევე აუცილებელია, ამ სტრატეგიას სახელმწიფო თანამიმდევრულად მიჰყვეს. ეს წლევანდელმა ხანძრებმაც დაადასტურა. ასეთი სტრატეგია უფრო ადრე უნდა შემუშავებულიყო და განხორციელებულიყო, რომ ამ ხანძრების სეზონს ქვეყანა მომზადებული შეხვედროდა. მაგრამ მომავალი წელიც მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ სტრატეგიაში რისკფაქტორებად მხოლოდ ხანძრები არ არის განსაზღვრული და მნიშვნელოვანია, ყურადღება ამასაც მიაქციონ. ხანძრები ამ სტრატეგიის მხოლოდ ერთი ნაწილია და ახლა ჩვენ, ქათამს რომ კვერცხი მოადგება, ისე ვიქცევით. ეს სტრატეგია რომ ბევრისთვის აღმოჩენა იყო, ეს არც თქვენი ბრალია და არც – ჩემი. მეც ახლახან გავიგე მისი არსებობის შესახებ. და ესეც მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგია.

საქართველო მიერთებულია ორჰუსის კონვენციას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოება გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კონვენცია ამბობს, რომ მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილებები დამტკიცებამდე უნდა გამოქვეყნდეს და საჯარო განხილვის საგანი გახდეს. უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ მთავრობაში მომუშავე ადამიანების, არამედ საზოგადოების, სპეციალისტებისა და იქ აღწერილი საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების თვალსაზრისი. ასე მოქალაქეებიც მომზადებული იქნებიან. შესაძლოა ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლაც – რატომ დროულად არ იღებთ საჭირო გადაწყვეტილებებსო. ახლანდელი ვითარება კი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

რაც შეეხება ამ დადგენილების შინაარსს, ის ფორმალურადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან განსაზღვრულია ქმედებები, ისიც, თუ რა ჯდება ეს ღონისძიებები, თუმცა ბიუჯეტში ამ ქმედებებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, დონორების ზეწოლით, ან იმისთვის, რომ ზოგმა უწყებამ, მაგალითად, კრიზისების მართვის საბჭომ, საკუთარი არსებობა გაამართლოს, ასეთი დადგენილება მიიღეს, მაგრამ მიიღეს ფორმალურად.

ფაქტია, რომ დოკუმენტში ასახული ღონისძიებები გულთან ახლოს არ მიაქვთ და კატასტროფებისთვის ქვეყნის მომზადება პრიორიტეტულად არ მიაჩნიათ. ბუნებრივი კატასტროფების საფრთხის პრევენცია ისეთივე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, როგორიც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა ან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. თუ მთავრობა ამას ვერ აცნობიერებს, ეს ნიშნავს, რომ ვითარება სწორად არ აქვთ გააზრებული და პრიორიტეტებს ვერ განსაზღვრავენ.

მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ თქვენი, მედიისა, და ჩვენი, გარემოს დამცველების, დამსახურება, რომ მთავრობას ეს დადგენილება გავახსენეთ. ეს დოკუმენტი მომზადებულია კრიზისების მართვის საბჭოს მიერ, რომელსაც დაფუძნებიდან დღემდე 15 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული და ამის საფასური არაფერი გაუკეთებიათ. 15 მილიონი ლარი შვიდჯერ ეყოფოდა ხანძრების საწინააღმდეგო თხრილების გათხრას, ხანძარსაშიშ ადგილებში წყლის ავზების გაკეთებას, ზოგიერთი აღჭურვილობის შეძენას, მეხანძრეების გადამზადებას.

კრიზისების საბჭოს თანამშრომლების ხელფასებზე დახარჯული მილიონების მიუხედავად, მათ თავი ვერ გამოიჩინეს ვერც ერთი კრიზისისას – თბილისის წყალდიდობით დაწყებული და ყაზბეგში ღვარცოფით დამთავრებული.

როცა კრიზისების საბჭოზე ვლაპარაკობთ, გვახსენდება მხოლოდ მათი მაღალი ხელფასი, რომელიც არ არის მათი საქმიანობის ადეკვატური. საქმეს აკეთებენ მეხანძრე-მაშველები, ტყის მცველები, დაცული ტერიტორიების რეინჯერები, მათ ნამოქმედარზე კი პომპეზურად დააბიჯებენ დიდმოხელეები და გაიძახიან, ხანძარი ჩავაქრეთო”.

კვირის პალიტრა“, 04 სექტემბერი, 2017 წელი

დრონი-დივერსანტები ტყის ხანძრების ავტორები?

ირაკლი ალადაშვილი

დადგა დრო, გაანალიზდეს, რამ გამოიწვია ტყის ხანძრები ერთიმეორის მიყოლებით და თანაც – მიუვალ ადგილებში. ეს ბუნებრივი იყო, თუ ადამიანის ხელიც ერია?
იმის გათვალისწინებით, ხეების უკანონო ჭრის შედეგად რა დღეშია დღეს საქართველოს ტყეების უმეტესობა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ხანძრები სწრაფად ვრცელდება. გამხმარ ტოტებს, მორებსა და ტორფს ცეცხლი სწრაფად ედება, მაგრამ მაინც რა უნდა გამხდარიყო ასე საეჭვოდ ერთმანეთს მიყოლებული ხანძრების მიზეზი?

ჩვენი ვარაუდი მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში ტყის ხანძრების თითქმის ერთდროულად გაჩენის შედეგად წარმოიშვა. ხანძრის ასე სწრაფად გავრცელების მხოლოდ ქარისთვის დაბრალება კი ძალიან გვიჭირს.

მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას. შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაც, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა.

დივერსიული მიზნით ტყის ხანძრების გაჩენა არახალია და ასეთი ქმედება არაერთი ქვეყნის სპეცსამსახურს განუხორციელებია. ასეთ დროს დივერსანტები ცდილობენ, არ გამოვლინდეს მათი აქტიურობა და ყველაფერი ბუნებრივ პირობებს დაბრალდეს. ამისთვის ისინი სპეციალურ ტექნიკასა და ტაქტიკას იყენებენ.

ცხრა წლის წინ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, სწორედ იმავე ადგილას გაჩენილი ხანძარი იმ რუსულ შვეულმფრენებს დაბრალდა, რომლებიც ხეობაში გადამალულ ქართული არმიის მძიმე ტექნიკას ეძებდნენ და დროდადრო სითბურ “ხაფანგებს” ისროდნენ. ეს “ხაფანგი” მცირე ზომის რაკეტაა, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტა უნდა “მოატყუოს”. არსებობს ვარაუდი, რომ ეს “ხაფანგები” ვერ ასწრებდა ჰაერში დაწვას და ბორჯომის ხეობაში, ტყეში ჩავარდნისას მართლაც აჩენდა ხანძრის კერებს.

მართალია, 2017 წლის აგვისტოში საქართველოს თავზე რუსული შვეულმფრენები და ბომბდამშენები აღარ დაფრინავენ (თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს), მაგრამ ტყის ხანძრების ჰაერიდან გაჩენა მაინც შესაძლებელია და თანაც ისე, რომ შვეულმფრენების ხმა არავის გაეგონა.

დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები, როგორც თვითმფრინავის, ისე შვეულმფრენის პრინციპით მფრენი თითქმის იდეალური საშუალებაა მიუვალ ტყის ფერდობებზე ხანძრების კერების გასაჩენად, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ერთ-ორმეტრიანი დრონის და მით უმეტეს – უფრო მინიატიურული კვადროკოპტერის შემჩნევა, როდესაც მათ გამორთული აქვთ გაბარიტული მაშუქები, თითქმის შეუძლებელია. მათი აღმოჩენა ყველაზე ძლიერი რადიოლოკაციური კონტროლის მქონე ქვეყნების არმიებსაც უჭირთ და ცხადია, მით უფრო გაუჭირდებოდა ქართულ საჰაერო თავდაცვას, თანაც ხეობებში, დაბალ სიმაღლეზე.

საშუალო ზომის რუსულ სადაზვერვო დრონებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ადვილად შეეძლოთ ბორჯომის ხეობაში ღამით მალულად შემოფრენა და მცირეგაბარიტიანი ტერმიტული ყუმბარების ჩამოყრა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამოყოფით იწვის და კომპოზიციური მასალისგან დამზადებული ყუმბარის კორპუსსაც უკვალოდ “აქრობს”, რათა ნივთმტკიცება არ დატოვოს.

მსგავსი რამ მოხდა ამა წლის გაზაფხულზე ომის ცეცხლში გახვეულ უკრაინაში, ხარკოვთან, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბალაკლეის შეიარაღების საწყობში, სადაც 150 ათასამდე ტონა საბრძოლო საჭურველი ინახებოდა. 23 მარტს საწყობში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც ათასობით მსხვილკალიბრიანი ჭურვი და რაკეტა ააფეთქა და უკრაინული არმიის ტყვია-წამლის მარაგი მეტისმეტად შეამცირა. უკრაინელები დარწმუნებული არიან, რომ ეს რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი დივერსია იყო და აფეთქება დრონიდან ჩამოგდებულმა ტერმიტულმა ყუმბარამ გამოიწვია. ამ საწყობს დრონებით პირველად გასული წლის დეკემბერში შეუტიეს და საწყობის ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა, მაგრამ მაშინ დაცვამ იმარჯვა და ცეცხლი ჩააქრო. ხანძრის გავრცელებას ხელი თოვლმაც შეუშალა. მანამდე, 2015 წლის 29 ოქტომბერს, ძლიერი ხანძარი გაჩნდა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს საარტილერიო საწყობში, რომელიც, უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების აზრით, ასევე რუსული დრონის დივერსიული ქმედების შედეგია.

აუცილებელი არ არის, ბორჯომსა თუ აბასთუმანთან ტყის ხანძარი დიდი ზომის სადაზვერვო-საბრძოლო დრონს გამოეწვია – მთის ფერდობზე ხანძრის კერის გაჩენა თითქმის სათამაშო კვადროკოპტერითაც შეიძლება, რომლის ყიდვა ყველას შეუძლია. უცხოელი ტურისტები მათი საშუალებით საქართველოს პეიზაჟებს ხშირად იღებენ, მათ შორის – ბორჯომის ხეობაშიც. მცირე ტექნიკური გადაკეთების შემდეგ კვადროკოპტერს მეორე ვიდეოკამერისა თუ ფოტოაპარატის ნაცვლად მცირე ზომის ტერმიტული ყუმბარის ან სხვა კუსტარულად დამზადებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობის წაღება შეუძლია, რომლის აალება გამხმარ ტოტებს სწრაფად ააგიზგიზებს. მთავარია ცეცხლგამჩენი მოწყობილობის ჩამომგდები მექანიზმის დამონტაჟება კვადროკოპტერზე, რაც ტექნიკურად ადვილია, მით უმეტეს, რომ ტყის დივერსიული “დაბომბვისთვის” დიდი სიზუსტე საჭირო არ არის.

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ისე დაოსტატდნენ, რომ თვითნაკეთ მინიატიურულ საავიაციო ბომბებს კვადროკოპტერებიდან ერაყის არმიის “აბრამსის” ტანკების კოშკურების გაღებულ ლიუკებში ყრიდნენ და აფეთქებდნენ.

კომერციული დანიშნულების ზოგიერთი კვადროკოპტერი მათმა მფლობელებმა ისე გადააკეთეს, რომ მათზე დამონტაჟებული პისტოლეტიდან მიზანში ზუსტად ისვრიან, ასე რომ, მონდომებისა და ავი განზრახვის შემთხვევაში მიუვალ მთის ფერდობებზე ტყის მასივებში ხანძრის გაჩენა, თუნდაც ერთმანეთისგან დაშორებულ ადგილებში, ერთ პირს ან პირთა ჯგუფს რომელიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურების დახმარების გარეშეც იოლად შეუძლია.

ხელისუფლებამ ხანძრების გამომწვევი მიზეზების დასადგენად ნახანძრალ ადგილებში საგამოძიებო ჯგუფები დაგზავნა, მაგრამ იქაურობა ისე გამოიყურება, საეჭვოა, მათ არსებითი ნივთმტკიცება იპოვონ.

თუ წლევანდელი ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ბუნებრივი პირობებია (ხანგრძლივი გვალვა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი), კიდევ არა უშავს, მაგრამ თუკი ხანძრები განზრახ არის გაჩენილი დრონების გამოყენებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ გამოუცხადებელი ჰიბრიდული ომი გადაიტანა, რომელიც კვლავ გრძელდება…

P.S. ტყის ხანძრების დროს დიდი იყო საფრთხე, ცეცხლი ქართული არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღების საწყობებსაც გასჩენოდა, როგორც უკრაინაში მოხდა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში, რომელიც ბორჯომისა და აბასთუმნის ტყის ხანძრების ჩაქრობაში გვეხმარებოდა, იარაღის დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

P.P.S. დრონები თანამედროვე ტექნიკური მიღწევების თვალსაჩინო მაგალითია. მათი დახმარებით შეიძლება წამლის მიწოდება რთულად მისადგომ ადგილში, საჰაერო მონიტორინგი თუ ლამაზი ხედების გადაღება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის რომელიმე ბოროტ ოპერატორს პიცის მოტანის ნაცვლად, ბომბის ჩამოგდებაც შეუძლია

Comments are closed