globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 4th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ოთხი ექსპერტის პირველი ხუთეული

„რეზონანსი“: რეიტინგებისა და ეგზიტპოლების ომი ურთიერთ-გამომრიცხავი შედეგებით

„რეზონანსი“: ირაკლი ოქრუაშვილი გორის ინციდენტს კახა კალაძეს აბრალებს

„რეზონანსი“: რამდენად უსაფრთხოა 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო?

„რეზონანსი“: ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან: „ვარდების რევოლუცია-2“ შეუძლებელია“ // „ნათქვამია, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო”

„რეზონანსი“: პარტიები ბიუროკრატიას ცუდი თვალით უყურებენ

დაიწყება თუ არა არჩევნების შემდეგ საჯარო სექტორიდან დასაქმებულების გათავისუფლება?

———

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ცხრა ოქტომბერს მილოცვებს ველოდებით“ // „არანაირი არეულობის და მაიდნის მოწყობას არ ვაპირებთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „დესტაბილიზაციის მცდელობაც კი ნაციონალებისთვის ხარაკირი იქნება“ // „თითო-თითოდ გვყავს დათვლილი, ვინც ფიქრობს არეულობაზე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ხელისუფლებას რევოლუციით ვერ შეცვლის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „1.500 ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი საქართველოში არეულობის მოსაწყობად მზადაა“ // „ნაციონალები ციხეებში პროვოკაციების მოწყობას აპირებენ“

——–

„ვერსია“: ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე, ჩეჩენი ბოევიკების დახმარებით, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს? //

ვინ არის რუსლან ტიმაევი, როგორ გახდა აგენტი და რა დავალება მიიღო ლორთქიფანიძისგან

„ვერსია“: დასაქმების მითები პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო პროგრამებში // რეალურად, ვინ ქმნის სამუშაო ადგილებს – სახელმწიფო თუ ბიზნესი

———

„თბილისელები“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: რატომ გაუქრობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხება ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების სურვილს

——————-

„რეზონანსი“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

ოთხი ექსპერტის პირველი ხუთეული

თაკო მათეშვილი

ვინ დაიკავებს საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ხუთ ადგილს? – “რეზონანსის” ამ კითხვას სოციოლოგებმა და პოლიტოლოგებმა “ყველაზე რთული კითხვა” უწოდეს. მათი თქმით, უკანასკნელ ხანებში ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდა და სიტუაცია ყოველდღურად იმდენად რადიკალურად იცვლება, რომ პროგნოზის გაკეთება სოციოლოგიური კვლევების საფუძველზეც კი შეუძლებელია. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ წამგებიან სიტუაციაში არიან, რადგან ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს რაიმე ისეთი, რაც მათ მიერ გაკეთებულ პროგნოზს წყალში ჩაყრის და მდგომარეობას თავდაყირა დააყენებს.

ერთადერთი, რაშიც ისინი დარწმუნებულები არიან, ისაა, რომ პირველ ორ ადგილს “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ამ თანმიმდევნობით გადაინაწილებენ. ბარიერის გადალახვაც, მათი აზრით, სწორედ ამ ორ პარტიას აქვს გარანტირებული. რაც შეეხება დანარჩენ ადგილებსა და დანარჩენ პარტიებს, სპეციალისტთა აზრით, “თავისუფალ დემოკრატებს”, “გაერთიანებულ დემოკრატებს”, “პატრიოტთა ალიანსს” და ლეიბორისტულ პარტიას თითქმის თანაბარი შანსი აქვთ.

სოციოლოგი, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა დარწმუნებულია, რომ პირველ ორ ადგილს “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” გადაინაწილებენ. მესამე ადგილზე, მისი აზრით, დიდი ალბათობით “თავისუფალი დემოკრატები” იქნებიან. ამის შემდეგ კი, მისი თქმით, ღირებული მოსაზრების გამოთქმა რთულია. იგი ვარაუდობს, რომ მეოთხე-მეხუთე ადგილზე ნინო ბურჯანაძის პარტია “გაერთიანებულ დემოკრატებს”, ლეიბორისტებსა და “პატრიოტთა ალიანსს” დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ. ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” კი, მისი აზრით, ამ ხუთეულში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს.

ზურაბ ბიგვავასთვის ასევე რთულია პროგნოზის გაკეთება იმაზე, თუ რამდენი პარტია მოახერხებს ბარიერის გადალახვას. ამბობს, რომ “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” გარდა ეს გარანტირებული არავის აქვს. მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებმა ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. “არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება ბურჭულაძემაც “გაქაჩოს”. ბოლო ორ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლისათვის, რომელთაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული,” – აცხადებს სოციოლოგი.

პროგნოზის გაკეთებას, კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას აზრით, მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ქვეყანაში სტაბილური წინასაარჩევნო კამპანიაა. აქ კი, მისი თქმით, ყველაფერი ყოველ წუთს იცვლება და შეფასებები ძალიან პირობითი ხდება.

არჩილ გამზარდიას ვარაუდით, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატები”, “პატრიოტთა ალიანსი”, და “თავისუფალი დემოკრატები”. აქედან, მისი აზრით, ბარიერს ყველა პარტია გადალახავს, ხოლო პაატა ბურჭულაძის ბედი კითხვის ქვეშ დგას.

“ეს საკითხი ახლა უკვე ძალიან სადავოა, თუმცა თეორიული შანსი მაინც არსებობს. ყოველ შემთხვევაში, “რესპუბლიკელებთან” შედარებით უფრო მაღალი შანსი ნამდვილად აქვთ. ბარიერს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადალახავენ ლეიბორისტები. 1% თუ აიღეს, მათთვის ეგეც კარგი იქნება. პრინციპში, ამ ხუთი-ექვსი პარტიიდან ბარიერი ყველამ რომ გადალახოს და ხელისუფლებამ არასაკონსტიტუციო, არამედ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას, სავსებით ნორმალური მოცემულობა იქნება,” – ამბობს არჩილ გამზარდია და დასძენს, რომ განსაკუთრებით ის იქნება კარგი, თუკი პარლამენტში პროდასავლური ძალები მოხვდებიან, რათა პრორუსულად აღქმული ძალებისათვის იქ ნაკლები ადგილი დარჩეს.

პირველ ხუთეულს სხვაგვარი კონფიგურაციით ხედავს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. წინა რესპონდენტების მსგავსად ისიც დარწმუნებულია, რომ პირველ ადგილზე “ქართული ოცნება” გავა, მეორეზე კი “ნაციონალური მოძრაობა”.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე “თავისუფალ დემოკრტებზე” თქვა, რომ ისინი შეიძლება მეორე ადგილზეც კი გავიდნენ. რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით მას ამის თქმის საფუძველი ექნებოდა. ამიტომ, მეორეზე არა, მაგრამ მესამე ადგილზე “თავისუფალი დემოკრატების” გასვლას შესაძლებლად მიიჩნევს.

“ლეიბორისტებსაც, “პატრიოტთა ალიანსსაც” და “გაერთიანებულ დემოკრატებსაც” აქვთ ბარიერის გადალახვის და ხუთეულში მოხვედრის პერსპექტივა. დანარჩენების კი, რა მოგახსენოთ. თუმცა ყოველდღიურად რაღაც ხდება და თითოეული დღე ამომრჩეველზე გავლენას ახდენს,” – აცხადებს რამაზ საყვარელიძე. ზემოჩამოთვლილი პარტიების გარდა, მისი აზრით, პარლამენტში მოხვედრის შანსი აღარავის აქვს.

“ბურჭულაძის პარტიაზე ან ცუდი ინფორმაცია ვრცელდება, ან სასაცილო, რაც ცუდზე უარესია. არ მგონია, ასეთ ფონზე მან რეიტინგი მოიპოვოს. “რესპუბლიკელების” რეიტინგიც ვერ ტოვებს დიდ შთაბეჭდილებას. 2%-ის ფარგლებში მოძრაობენ და არ მგონია, მათ პერსპექტივა ჰქონდეთ,” – აცხადებს საყვარელიძე.

რაიმე სახის პროგნოზის გაკეთებაზე სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი ამირან ბერძენიშვილი უარს აცხადებს. ამბობს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აღარც სოციოლოგიურ კვლევებს აქვს აზრი, რადგან ამისათვის მშვიდი, დალაგებული გარემოა საჭირო.

“მიმდინარე მოვლენებს თვალს რომ ვადევნებ, სურვილი მიქრება, რამეზე ვილაპარაკო. ან რა უნდა ვილაპარაკო, როცა მართულ პროცესებთან გვაქვს საქმე? ბურჭულაძის პარტიას ფაქტიურად წირვა გამოუყვანეს. წაიკითხეთ, რას ამბობენ პარტიების ხელმძღვანელები ერთმანეთზე. აქ არავითარი ანალიზისა და კომენტარის გაკეთების სურვილი აღარ მრჩება. ეს ყველაფერი ყოველგვარ ადამიანურ და ელემენტარული პატივისცემის საზღვრებს სცდება. რა უნდა დაწეროთ ამ დროს? პოლიტიკოსებიც და უბრალო ადამიანებიც ასე იწევენ ერთმანეთზე. როცა საქმეს ზიზღის ენა წყვეტს, კვლევებს აზრი ეკარგება. სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. რას გაიგებ, კიდევ რა საიდუმლო რაღაცებს გამოიტანენ. რაზე უნდა ილაპარაკო ქვეყანაში, სადაც პირადი საუბრები საჯაროდ ქვეყნდება?! ასეთი რამ როგორ შეიძლება? პატიოსანი კაცი ვარ და არ მინდა ამ სიბინძურეში გავეხვე. ასეთი ენით ლაპარაკი სირცხვილია. ხომ არ შეიძლება პოლიტიკას და ხელისუფლებას ყველაფერი გადააყოლო ღმერთიდან დაწყებული, ოჯახით და შვილებით დამთავრებული?!

თქვენს კითხვაზე პასუხი რომ გავცე, დალაგებული, სტაბილური ქვეყანა უნდა გვქონდეს. სოციოლოგიურ გამოკვლევას მაშინ აქვს აზრი. მე ახლა რამე რომ გითხრათ, ხვალ შეიძლება ისეთი რაღაც “შემოაგდონ”, პროცესები სულ სხვანაირად წაიყვანოს. კიდევ ხუთი დღეა დარჩენილი და ძალიან მეშინია, რამე ცუდი არ მოხდეს. ვერანაირი სოციოლოგიური გამოკვლევა ვერ დადებს პროგნოზს, რადგან შეიძლება რაღაც-რაღაცები ბოლო წამს გადაწყდეს,” – აცხადებს ამირან ბერძენიშვილი.

„რეზონანსი“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

რეიტინგებისა და ეგზიტპოლების ომი ურთიერთგამომრიცხავი შედეგებით

ეკატერინე ბასილაია

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური რეიტინგებით ბრძოლა გახსნილად გამოცხადდა. სულ რამდენიმე დღის წინ ერთი და იგივე დროს ჩატარებული ორი ურთიერთგამომრიცხავი სოციოლოგიური კვლევა გამოაქვეყნა ორმა ტელევიზიამ – “იმედის” კვლევაში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს, “რუსთავი 2″-ის კვლევით კი უმნიშვნელო სხვაობით, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა” და ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან მოლოდინია, რომ ეგზიტპოლების დაპირისპირება იქნება 8 ოქტომბერს, არჩევნების საღამოს 8 საათზეც არჩევნების მთავარი მანიპულაციის საგანი.

“რუსთავი 2″-ის დაკვეთილ კვლევაში “ნაციონალებს” აქვთ 26% და პირველ ადგილზე არიან, მეორე ადგილზეა “ოცნება” 25%-ით. “იმედის” დაკვეთილ კვლევაში პირველ ადგილზეა “ოცნება” 32%-ით, მეორეზე “ნაციონალები” – 16%-ით.

კვლევებში, რომელიც დაახლოებით ერთი და იმავე დროსაა ჩატარებული, სურათი აბსოლუტურად განსხვავებულია.

“რუსთავი 2″-ისთვის კვლევებს ამერიკული დიდი და გავლენიანი, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში და თურქეთში სკანდალურიც, სოციოლოგიური კვლევის კომპანია ჯი-ეფ-კეი ატარებს, რომელიც ტელეკომპანიისვე დაკვეთით არჩევნების დღესაც ჩაატარებს ეგზიტპოლებს.

“იმედის” დაკვეთას კი ნაკლებად ცნობილი და შედარებით მოკრძალებული ამერიკული კომპანია ჯი-პი-ემი ასრულებს. ეს კომპანია ეგზიტპოლებსაც ჩაატარებს 4 მაუწყებლის – “იმედის”, “ჯი-დი-ესის”, “პირველი არხის” და “მაესტროს” ერთობლივი დაკვეთით, რომელიც 4-ვე არხზე საღამოს გამოცხადდება.

რადგანაც ამ კომპანიებმა წინასაარჩევნოდ ორი დღის შუალედით პარტიების რეიტინგები უკვე გამოაქვეყნეს, “იმედმა” 29 სექტემბერს და “რუსთავი 2″-მა 1-ელ ოქტომბერს და ამ ორი დღის შუალედში გამოქვეყნებული მონაცემები აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი იყო, დიდი ალბათობით, 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ასეთივე განსხვავებული ეგზიტპოლები დაიდება, ერთის მხრივ “რუსთავი 2″-ზე და მეორეს მხრივ, ოთხ ნაციონალურ ტელეარხზე და 20 საათზე დაიწყება რიცხვებისა და ნერვების ომიც. 20 საათამდე კი საარჩევნო კანონმდებლობით ეგზიტპოლების გასაჯაროვება აკრძალულია.

ორივე კომპანია მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულია, თუმცა ყველაზე მეტად ინტერესს იწვევს, ვინ ატარებს ამ უცხოური კომპანიებისათვის საველე სამუშაოებს, გამოკითხვებს.

ოფიციალურად ცნობილია, რომ ჯი-პი-ემ-ის საველე სამუშაოებს ატარებს “გორბი”, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

ვინ ატარებს ჯი-ეფ-კეისთვის გამოკითხვებს, ოფიციალურად გაცხადებული არ არის, თუმცა საუბარია იმაზე, რომ კონტრაქტორი ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფია – ბი-სი-ჯი, რომლის მფლობელიც ანა თარხნიშვილია და ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრის და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის მეუღლეა.

ვინ ატარებს რუსთავი 2“-ის დაკვეთით კვლევებს

ასრულებს თუ არა „ჯი-ეფ-კეი“-ს დაკვეთით საველე სამუშაოებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული კომპანია ბი-სი-ჯი, ეს ჯერ ისევ დაუდასტურებელია. “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას ეს შეგნებულად არ უკითხავს და არ იცის. ის კი ჯი-ეფ-კეის კვლევებს ენდობა.

ჯი-ეფ-კეის ნდობისკენ მოწოდება უკრაინიდანაც გაისმა. რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ კომპანიის კვლევას ენდობა და “რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლები რა შედეგსაც გამოაცხადებს, ეს იქნება არჩევნების ვერდიქტი.

“რუსთავი 2″-მა შაბათს გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის კომპანია ჯიეფ-კეის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” რეიტინგით “ქართულ ოცნებას” გაუსწრო. “ნაციონალურ მოძრაობას” 26% აქვს; “ქართულ ოცნებას” – 25.4%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ლეიბორისტულ პარტიას ჰქონდა – 3.8%; “თავისუფალ დემოკრატებს” – 3.6%; “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – 2.6%; ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას” და “პატრიოტთა ალიანსს” – 1.5%; რესპუბლიკურ პარტიას – 0.4%.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დაკვეთით, კომპანია ჯი-ეფ-კეიმ, 2016 წლის 12-25 სექტემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და ეს მის მიერ “რუსთავი 2″-ის დაკვეთით შესრულებული უკვე მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვაა.

“რუსთავი 2″ ჯი-ეფ-კეისთან წლებია თანამშრომლობს. თუმცა ამ კომპანიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა ეგზიტპოლი, სადაც პარტიულ რეიტინგებში თანაბარი – 33% ჰქონდა “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”, 2% ჰქონდა – ქრისტიან-დემოკრატებს, 30%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. ცესკოს შედეგებით კი “ქართულმა ოცნებამ” 54,9% მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 40.3%. მაშინ ცდომილება 10%-ზე მეტი იყო, თუმცა ეს იმით აიხსნა, რომ გამოკითხულთა 30%-მა არ გათქვა, ვის მისცა ხმა.

ამის შემდეგ კომპანიამ “რუსთავი 2″-ის დაკვეთით ჩაატარა ორი ეგზიტპოლი – პრეზიდენტის არჩევნებზე 2013 წელს და თვითმმართველობის არჩევნებზე 2014 წელს.

მაგალითად, ჯი-ეფ-კეის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით 2014 წელს პროპორციული სიით თბილისში “ქართული ოცნება” 47,8 %-ით ლიდერობდა, 26,1% ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”, მესამე ადგილზე 8,3%-ით იყო “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”.

ცესკოს შედეგებით: “ქართულ ოცნებას” – 46%, “ნაციონალურ მოძრაობას” – 26%, ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას კი 10% ჰქონდა. აქ ცდომილება მხოლოდ 1% იყო.

ვინ არის იმედის კვლევის და მომავალი ეგზიტპოლების ავტორი

იმედის დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ჯი-პი-ემის დაკვეთით ქართული კომპანია “გორბი” ატარებს, რომლის ხელმძღვანელია მერაბ ფაჩულია, რომელსაც ასევე ეკუთვნის სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია ეკშქუვშფ |იეუდდშპუტსუ-იც, რომლის რეიტინგებსაც ზოგიერთი ტელეკომპანია ეჭვის თვალით უყურებს.

“რუსთავი 2″-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია პირდაპირ აცხადებს იმას, რომ ახალი სარეიტინგო კომპანია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მისი ფინანსებით შეიქმნა, თუმცა თავად მერაბ ფაჩულია ივანიშვილთან ბიზნეს-კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

თავად ჯი-პი-ემი ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოვიდა, მას შემდეგ რაც მასთან კონტრაქტი ეგზიტპოლების ჩატარებაზე 4-მა ტელევიზიამ – “იმედმა”, ჯი-დი-ესმა, “პირველმა არხმა” და “მაესტრომ” გააფორმა. ეგზიტპოლამდე კი კომპანიამ სოციოლოგიური კვლევა “იმედის” დაკვეთით ჩაატარა, რომელიც 29 სექტემბერს გაასაჯაროვა ტელეკომპანიამ და სადაც “ქართული ოცნება” პირველ ადგილზეა 32%-იანი რეიტინგით; მეორე ადგილზე გადის “ნაციონალური მოძრაობა” 16%-იანი მხარდაჭერით. სხვა პარტიები კი ბარიერს ვერ ლახავენ.

“თავისუფალი დემოკრატებს” და ლეიბორისტებს აქვთ 4-4%; “ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – 3%; ბურჯანაძის პარტიასა და “პატრიოტთა ალიანსს” – 2-2%; არ ვიცი ან უარი პასუხზე არის – 34%.

“რუსთავი 2″-ის მიერ გამოცხადებულ კვლევებთან შედარებით სურათი რადიკალურად განსხვავებულია. 8%-ით ნაკლებია “ოცნების” რეიტინგი “რუსთავი 2″-ზე და 10%-ით მეტია “ნაციონალების” რეიტინგი.

რა დატვირთვა აქვს ამ რიცხვების ომს

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” მთავარი კონსულტანტის, კახა მაღრაძის განცხადებით, როდესაც ასეთი დიდი განსხვავებაა ორ კვლევაში, საქმე ან განსხვავებულ მეთოდოლოგიაშია, ან პოლიტიკური დაინტერესებით განზრახ შედეგების მანიპულაციაში და ამბობს, რომ ამ მონაცემების ყველაზე კარგი შეფასება ცესკოს მიერ დადასტურებული საბოლოო შედეგი იქნება.

“კვლევის ვალიდურობა რეპრეზეტანტული შერჩევით უნდა დადასტურდეს. ანუ რაღაც ისეთი შერჩევა უნდა იყოს, რომელიც დაასაბუთებს, რომ ამ შედეგების განზოგადება მთელ პოპულაციაზეა შესაძლებელი.

შესაბამისად, სანამ არ გვეცოდინება დაწვრილებით ინფორმაცია შერჩევის თაობაზე, მეთოდოლოგიაზე და არ გვექნება სოციოლოგიური დადასტურება იმის, რამდენად დასაბუთებულია კვლევის შედეგი, ძალიან ზერელე იქნება მისი შეფასება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც საკუთარი ინტერესების გამომხატველია ორივე კვლევა და ამ კვლევების ვალიდურობა ყველაზე კარგად დადასტურდება არჩევნების შედეგებით, რომელსაც ცესკო დადებს და რომლსაც დაეთანხმება ყველა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი და საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ რომელიმე კვლევის შედეგიდან დიდი განსხვავება იქნება, მაშინ ამ კვლევის მიმართ გაჩნდება კითხვები. თუმცა აქაც შეიძლება ცდომილება არსებობდეს, იმიტომ რომ შესაძლოა გარკვეული კატეგორია ან მიზანმიმართულად არასწორ პასუხს იძლევა ან პასუხისგან საერთოდ იკავებს თავს,” – ამბობს მაღრაძე.

ის საერთაშორისო კომპანიების – ჯი-ეფ-კეისა და ჯი-პი-ემის – შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და მათზე ვერაფერს იტყვის. თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მთავარია, რომელი ორგანიზაცია ატარებს უშუალოდ საველე სამუშაოს, ინტერვიუებს ვინ წერს.

როგორც წესი, გამოკითხვებს ამ უცხოური კომპანიების მერ დაქირავებული ქართული ორგანიზაციები ასრულებენ და კვლევის სანდოობასაც იმის მიხედვით იზომება, რამდენად ობიექტურია კონტრაქტორი ქართული კომპანია.

“თავად უცხოური კომპანიები ვერ ჩაატარებენ ინტერვიუებს. მთავარი საველე სამუშაოების სწორად ჩატარებაა. მე ქართველ მკვლევარებთან ვმუშაობ-ხოლმე და ვიცი სანდო კვლევებს ვინც დებს,” – ამბობს მაღრაძე, თუმცა საველე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების – ბი-სი-ჯისა და “გორბის” შეფასების თხოვნისას, რამდენად სანდოა მათი მიერ ჩატარებული გამოკითხვები, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

როგორც წესი, ექსპერტების თქმით, ორივე ამ კვლევით ორგანიზაციას პოლიტიკურ ჯგუფებს უკავშირებენ, ბი-სი-ჯის – “ნაციონალურ მოძრაობას” და გორბის – “ქართულ ოცნებას” და ასეთი კომპანიების მიერ ჩატარებულ კვლევებზე კომენტარის გაკეთება რთულია.

სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილის თქმით, დღეს მომრავლებული სოციოლოგიური კვლევები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ იარაღად იქცა და ამით თავად სოციოლოგიას, როგორც მეცნიერებას, დიდი ზიანი ადგება. მისთვის პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტიიდან ტოტალური უნდობლობაა სოციოლოგიური კვლევების მიმართ და სოციოლოგებმა რაღაც უნდა გააკეთონ, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. იგი ამბობს, რომ თითქმის ყველა პარტია უკვეთავს კვლევებს და შემდეგ მონაცემები ისე იფუთება, როგორც პარტიას, დამკვეთს თავად სურს და როგორიც უნდა, რომ საკუთარ მსმენელს, ამომრჩეველს აჩვენოს.

“დღეს სოციოლოგიური კვლევები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და ასეთი რაღაცეებში სოციოლოგია იჩაგრება. შეიძლება ისეთი ინტერპრეტაციები გააკეთოს კომპანიამ და ისეთი შედეგი დაწეროს, როგორც დამკვეთს სურს. ბაზარზე რა მოთხოვნაცაა, ისეთ პროდუქტს დებს თითოეული კვლევა, რომ თავის ხალხს უთხრან ის, რისი მოსმენაც სურს. საკუთარი ხალხისთვის მისაღებად ფუთავენ და მანიპულირებენ. ყველა პარტია აკეთებს კვლევას და ეს არის იდეოლოგიური პროპაგანდისტული ხრიკი, რომელიც მეცნიერულ ინტერესებს არ ემსახურება. გარდა ამისა, ამ ფორმით, წინასწარ აჩვევენ საზოგადოებას, ქმნიან განწყობას, რომ თუ რომელი მხარისთვის არასასურველი შედეგი დადგა, გაყალბებაზე დაიწყონ საუბარი. ამ საზოგადოებაში ეს წინასწარმეტყველი ხალხი ძალიან მომრავლდა. ხოლო სადაც ამდენი წინასწარმეტყველია, იქ ყველანაირად არაობიექტური, არამეცნიერული ანალიზის ნოყიერი ნიადაგია,” – აღნიშნავს ამირან ბერძენიშვილი.

„რეზონანსი“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

ირაკლი ოქრუაშვილი გორის ინციდენტს კახა კალაძეს აბრალებს

ელზა პაპოშვილი

გორის მაჟორიტარობის კანდიდატი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორში კვირას მომხდარ სროლას “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსს, კახი კალაძეს აბრალებს. იგი ამბობს, რომ ამომრჩეველთან მისი შეხვედრების ჩაშლას დილიდან “ქართული ოცნების” კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე ცდილობდა. ის მათ მანქანით უკან დაჰყვებოდა და ოქრუაშვილთან შესახვედრად გამოსული ხალხის დაშინებას ცდილობდა.

როცა არაფერი გამოუვიდა, მოიყვანა მკვლელობაზე და ყაჩაღობაზე არაერთგზის ნასამართლევი, ვინმე ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც გორში ცნობილი კრიმინალია და შეხვედრის ჩაშლა ახლა ამ პიროვნებამ სცადა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა დაცვის წევრებმა რამდენჯერმე კორექტულად მიუთითეს გაჩერებულიყო, ბოლოს მან იარაღი ამოიღო და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა განახორციელა, როგორც მისი, ასევე დაცვის წევრების მისამართით. იგი ამბობს, რომ გორში ბოლო პერიოდში შეინიშნება “ძველი ბიჭების” გააქტიურება.

“ამ ყველაფერის თავი და თავი კახა კალაძის ცოლისძმა გახლავთ, რომელიც ასეთი ადამიანების აქტიურობას ორგანიზებას უკეთებდა. ის აძლევდა გარანტიას, რომ მათ არავინ შეეხებოდათ, ისევე როგორც ის უკეთებს ორგანიზებას კრიმინალური ავტორიტეტების მიერ გორელი ახალგაზრდებისათვის ზარების განხორციელებას, რომ მათ ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირონ. მოსახლეობას აშანტაჟებენ და ცდილობენ, რომ ჩემთან შეხვედრებზე არ გამოვიდნენ. კახა კალაძის ეს ქმედება, მისი ცოლისძმის ჩართვა პროცესში, აი, ამ დაუსჯელობის სინდრომის გამომწვევი მიზეზია. თუ საარჩევნო პროცესი უნდა იმართოს ე.წ. კარგი ბიჭების მიერ, ეს კარგს არაფერს მოუტანს “ქართულ ოცნებას” და ამ ამბავს გადაჰყვებიან,” – ამბობს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი კალაძეს საჯაროდ რამდენიმე კვირის წინაც დაუპირისპირდა, მას შემდეგ, რაც გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს. ეს ოქრუაშვილმა კალაძეს დააბრალა. თქვა, რომ კალაძე “ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების” პოზიციიდან ებრძვის.

“ალბათ საზოგადოებას კითხვა გაუჩნდება, ამ ადამიანის მიმართ ასეთ პრეტენზიებს რატომ გამოვთქვამ. კითხვა რომ არ გაჩნდეს, რა შუაშია კახა კალაძე, მე ერთ ისტორიას მოვყვები. 2013 წელს საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. მინდოდა, ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, გორში ქარის წისქვილების დამონტაჟება. შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და სრული იგნორირება მივიღე.

“ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ცესკოში, ასევე სასამართლოებში. კალაძე ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორში, სადაც გამარჯვება მომპარეს და წამაგებინეს,” – აცხადებს ოქრუაშვილი.

თავად კალაძე ბრალდებებს არ პასუხობს. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ოქრუაშვილი თუ დღეს პოლიტიკაშია და გარეთ თავისუფლად დადის, ეს სწორედაც რომ ხალისუფლების დამსახურებაა. ამიტომაც მის მიერ “ქართული ოცნების” მისმართით გამოთქმულ ბარლდებებს უმადურობად მიიჩნევს.

“ოქრუაშვილის განცხადება, რომ კალაძის ცოლისძმა გორში მის წინააღმდეგ, ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზებას ახდენს, ძალიან კომიკურია. წარმოიდგინეთ, სადღაც “ქართული ოცნების” ოფისში შეკრებილები არიან ცოლისძმა და ვიღაც სხვა ახლობლები, რომლებიც შეიარაღებულ ხალხს კრებენ და ოქრუაშვილის გამოჩენისთანავე ცეცხლის გახსნა აქვთ დავალებული. ახლა, როგორც ვხედავთ, შეტევის მთავარი ადრესატი ამ ბოლო დროს კახი კალაძეა.

“ირაკლი ოქრუაშვილის წილად მოდის საკმაოდ სერიოზული დარღვევები ადამიანის უფლებების, ქონების წართმევის და სხვა კუთხით. ასე რომ, თუკი ოქრუაშვილი დღეს კიდევ არის პოლიტიკურ ასპარეზზე და ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად დაიარება, ეს, მგონი, ხელისუფლების დამსახურებაცაა.

“მის მიმართ დაუსაბუთებელი სამართლებრივი ბრალდებები რომ არ არის, ესეც ჩვენი დამსახურებაა. მას აქვს შესაძლებლობა, პოლიტიკაშიც გამოჩნდეს და სხვა ადგილებშიც. თუმცა საზოგადოებას მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს,” – ამბობს ვოსლკი.

გორში ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტის მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია და საქმე სს კოდექსის ორი მუხლითაა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„რეზონანსი“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

რამდენად უსაფრთხოა 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო?

ნინო ქეთელაური

(შემოკლებით)

საქართველოსთვის დამახასიათებელი ძალადობრივი არჩევნების კონტექსტში, რამდენად უსაფრთხოა 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ლია მუხაშავრია  (უფლებათადამცველი): 4 წლის წინ ჩვენ ისეთი ამბები გამოვაირეთ, რომ ახლანდელი მდგომარეობა, მესმის, რომ სრულიად უსაფრთხო არ არის და ვისურვებდი, რომ მშვიდობიანი გარემო გვქოდნოდა, მაგრამ იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, უკეთესი საარჩევნო გარემოა. თუმცა მთლად კარგი და მისაღები არ არის. მე ყველაზე ძალიან რაც მაწუხებს, ის არის, რომ გამოძიება და პროკურატურა არ არის თავის ადგილზე. ეს არის საშიში. მუდმივად იქნება უკანონობის და უსაფრთხოების პრობლემა, თუკი გამოძიება თავის საქმეს არ გააკეთებს, დამნაშავეეებს არ გამავლენს და არ დასჯის.

დათო ოქიტაშვილი (პროდიუსერი): მე ვფიქრობ, რომ გარემო უსაფრთხოა და სპეციალურად ხდება მსგავსი ინცინდენტები. ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო გარემოს დაძაბვას ცდილობენ, მკაცრად დაისჯებიან. ამერიკის ელჩამაც აღიარა, რომ ნეტა ასეთი საარჩევნო გარემო ჩვენთანაც იყოს, როგრიც საქართველოშიაო. არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ გამოუვა.

იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დაიღალა და 8 ოქტომბერს დაამთავრებს ამ ძალადობასაც, იმ ხალხსაც, ვინც ამას ცდილობს. მე მაინც მგონია, რომ არჩვნები მშვიდად, ყველანაირი ინცინდენტების გარეშე ჩაივლის.

ია ანთაძე  (მედია ექსპერტი): მოვლენები, რომლებიც ლახავს საარჩევნო გარემოს, ზოჯერ სისტემური ხასიათისაა და ზოგერ წერტილოვანი. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ჩვენ გადაცემაში “59 წამი” მოგვყავს სტუმრები, პოლიტიკოსები, რომლებსაც ვეკითხებით – როგორი საარჩევნო გარემოა მათთვის. ეს საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია, ვიდრე იაქამდე ყოფილა, მაგრამ ახლა რაც უფრო არჩვნებისკენ ახლოს მივდივართ, იმდენად სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, რთულია ვისაუბროთ, მშვიდ და კარგ საარჩევნო გარემოზე. ის ერთი კვირა, რომელიც დარჩა, ძალიან კარგად გამოავლენს სინამდვილეში როგორი საარჩევნო გარემოა.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმდენად ხშირად ითქვა წყანრი და მშვიდი გარემოაო, რომ რომელიღაც ძალის ინტერესებში ეს არ შედიოდა და ახლა ხელოვნურად ხდება მსგავსი ინცინდენტები. თუნცად გვარამიას დღევანდელი ბრიფინგი, რაღაც გაურკვეველ ჩავაწრეებზე, მისი მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებარი მოქმედება, რომ ამას მოჰყვეს აჟიოტაჟი. ასევე, ოქრუაშვილის შემთხვევა, მე არ ვიცი, ვის შეიძლება ჰქონდეს მსგავსი დამოკიდებულება, რომ ესროლოს, მაგრამ ვფოქრობ, ხელოვნურად ხდება და უნდათ, რომ ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დაამსგავსონ.

სერგო ვარდოსანიზე (ისტორიკოსი): მე მიმაჩნია, რომ უსაფრთხო გარემოა, მაგრამ კონკრეტული ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებაა საჭირო.

„რეზონანსი“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან: „ვარდების რევოლუცია-2 შეუძლებელია“ // „ნათქვამია, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო”

თაკო მათეშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ქართული ოცნებიდან” გუგული მაღრაძე ამბობს, რომ მართალია, “ნაციონალური მოძრაობა” სიტუაციის ასარევად ყოველ ღონეს ხმარობს, მაინც არაფერი გამოუვა, რადგან ამას არც ხალხი, არც ხელისუფლება და არც საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს. გუგული მაღრაძის აზრით, ერთადერთი, ვინც საქართველოში არეულობითაა დაინტერესებული, რუსეთია და გამოდის, რომ “ნაცმოძრაობა” სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

გუგული მაღრაძე: საარჩევნო პროცესი გადამწყვეტ სტადიაში შედის. ვითარება ისე მიდის, ვფიქრობ, ჩემი პროგნოზი გამართლდება და ვერც ერთი პარტია, გარდა “ქართული ოცნებისა”, ორნიშნა რიცხვს ვერ გადალახავს. მცირე რაოდენობით რამდენიმე პარტია, სავარაუდოდ, შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში, რაც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დასტური იქნება.

“ქართულმა ოცნებამ” სრულიად შეგნებულად თავადვე ასწია ბარიერი მაჟორიტარებისათვის. 50%-იანი ბარიერი გაცილებით უფრო დემოკრატიული ნორმაა, სწორედ ამის გამო ველოდებით მეორე ტურებს რიგ საარჩევნო ოლქებში, თუმცა მეორე ტურში უმეტესად გამარჯვებას ისევ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მოიპოვებენ. როცა ამომრჩეველი დაფიქრდება, თუ ვინ ჯობია მომავალ 4 წელს მმართველობის სათავეებში იყოს, მათი არჩევანი ბუნებრივად “ქართულ ოცნებაზე” შეჩერდება.

მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებამ” ყველა დაპირება ვერ შეასრულა (რაც შეუძლებელიც კი იყო არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტურ გარემოებათა გამო), მაინც ყველაზე სანდოა. ამ გუნდში არიან უკვე სახელმწიფო მართვაში გამოცდილი კადრები, წესიერი, ჰუმანური, მცოდნე ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა წინ წაიყვანეს ისე, რომ დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისგან არ გადაუხვევიათ. ესაა პოლიტიკური ძალა, რომელმაც მნიშვნელოვანი შრომა გასწია ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო პირობების გასაუმჯობესებლად და მათი უფლებების და ღირსების დასაცავად.

- სხვა პარტიების შანსზე რას ფიქრობთ?

- საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია არჩევნებში მონაწილე პარტიათა რიცხვი და თვისობრიობა. სრული შესაძლებლობა აქვს ყველა პარტიას, დაუბრკოლებლად მიიტანოს ამომრჩევლამდე თავისი პროგრამა და გააცნოს თავისი ხედვა, რაც ასევე ხელისუფლების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს (ჩვენ გვახსოვს, წინა წლებში რა პირობებში ჰყავდა ნაცმოძრაობას ის პარტიები, რომლებიც მისი სატელიტები არ იყვნენ).

ჩემი აზრით, რამდენიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, ასევე პარტიას აქვს შანსი, რომ მაჟორიტარი დეპუტატები გაიყვანოს, ბარიერის გადალახვა კი უფრო პრობლემატურია. პაატა ბურჭულაძის ირგვლივ დაჯგუფებულ პოლიტიკურ გაერთიანებას ცოტა ხნის წინ არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის პრობლემა, თუმცა დღეს ეს უკვე საკმაოდ ძნელი იქნება მათთვის. “პატრიოტთა ალიანსი”, “თავისუფალი დემოკრატები” და კიდევ 2-3 პარტია გადალახავს ბარიერს, თუმცა ბევრი რამ სწორედ ბოლო დღეებში წყდება ხოლმე. მით უმეტეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 40%-მდეა.

მივესალმებით, რომ ოპოზიციური ფლანგი ეჭიროს არა “ნაცმოძრაობას”, რომელიც ქვეყნის ნგრევისთვისაა მოწოდებული, არამედ ისეთ ოპოზიციას, როგორიც ნორმალურ დემოკრატიის ქვეყნებს ახასიათებს. ოპოზიციას, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ აქვს-ხოლმე განსხვავებული ხედვა ამა თუ იმ საკითხზე, რაც უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას ხელს უწყობს.

“ნაცმოძრაობის” ტაქტიკა არის მოსახლეობის რაღაც ნაწილს მაინც შეუქმნან ილუზია, რომ მაგრად დგანან და რომ გაიმარჯვებენ. როგორც “ნაცების იდეოლოგი” ბოკერია აცხადებს, “ქართული ოცნება” ოპოზიციაში ყოფნას უნდა შეეგუოს და ა.შ. ძალიან დაბალი წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ ხალხზე, რომ “ნაცების” მობრუნება დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხალხი გულგატეხილი იყოს, არ მეგულება ადამიანი, რომელიც არსებული ხელისუფლების წესიერებას, მონდომებას, გაკეთებულ საქმეებს ვერ ხედავდეს. რაც მთავარია, იმას, რომ “ქართული ოცნება” დღეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, მდგრადი და სტაბილური განვითარება.

“ქართულმა ოცნებამ” შეძლო უმთავრესი რამ – ქვეყანაში არის მშვიდობა (რისი არევაც ასე ძლიერ უნდათ და აწყობთ “ნაცებს”), ქვეყანაში არის სტაბილურობა, არის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ქონება, ბიზნესი დაცულია. არის ჯანდაცვის და განათლების უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა, არის არაერთი მხარდამჭერი პროგრამა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად. ინფრასტრუქტურა უმჯობესდება. მარტო ის რად ღირს, რომ საბავშო ბაღები უფასო გახდა და არაერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა ქვეყანას, მაშინ როცა “ნაცების” საბავშვო ბაღების შენობები მხოლოდ იყიდებოდა.

ცხადია, 4 წელი არაა ის დრო, რომ წლების მანძილზე დაგროვილი ყველა პრობლემა გადაჭრილიყო, მათ შორის უმწვავესი უმუშევრობა და სიღარიბე. ამ კონტექსტში მახსენდება-ხოლმე, რომ ბევრ ტელეგადაცემაში, სადაც ძალიან ცდილობენ უფრო მძიმე სურათი აჩვენონ, ვიდრე არის, ადამიანები ჩივიან, რომ ათეული წლებია ამ სიღარიბეში არიან. ძალიან ძნელია წლებით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, თუ ადამიანი 20 წელია სიღარიბეშია, 4 წელიწადში მისი მდგომარეობის გაუმჯობესება უძნელესია. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” მნიშვნელოვნად გაზარდა სოციალური დახმარება ღარიბი ოჯახებისათვის, ბიუჯეტის მესამედი მიდის სოციალურ დახმარებასა და ჯანდაცვაზე. ეს უპრეცედენტოა არა მხოლოდ განვითარებად, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც.

- ახლა, ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით კოჰაბიტაციას, რის გამოც თქვენ ბევრს გაკრიტიკებენ?

- 2012 წელს პოლიტიკაში გამოჩენით ივანიშვილმა ქვეყანა სამოქალაქო ომს გადაარჩინა, ხალხი ისე იყო “ნაციონალებზე” გაბრაზებული, რომ არა არჩევნების გზით მათი ხელისუფლებიდან წასვლა, სამოქალაქო ომი გარდაუვალიც კი იყო.

2012 წლიდან ჩვენ იძულებული ვიყავით, კოჰაბიტაციის რეჟიმში გვეცხოვრა. კოჰაბიტაცია ნიშნავს შემთხვევას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა განსხვავებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებია.

მას შემდეგ 2012 წლის არჩევნებმა უსისხლოდ ჩაიარა (თუმცა ამაში “ნაცმოძრაობას” არანაირი დადებითი როლი არ უთამაშია). 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის, მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალების, ქართველი ხალხის და საერთაშორისო რეაქციის დამსახურება. გამარჯვების შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ უარის თქმა კოჰაბიტაციაზე, ერთი მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოიწვევდა უნდობლობას, მეორე მხრივ კი, ჩვენ შესაძლოა ანგარიშსწორების დამღუპველ პროცესში ჩავფლულიყავით.

კოჰაბიტაცია ამ თვალსაზრისით უმცირესი ბოროტება იყო – თუ ამ ტერმინის პირდაპირ პოლიტიკურ მნიშვნელობას ვიგულისხმებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს წინა ხელისუფლების დროს ზოგიერთი დისკრედიტირებული ადამიანური რესურსების გამოყენებას სხვადასხვა უწყებებში. კოჰაბიტაცია არც დამნაშავეების პასუხისგებისაგან გათავისუფლებას ნიშნავს. უბრალოდ, დემოკრატიული ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ დამნაშავის დანაშაულებები მყარი არგუმენტებით დაამტკიცოს და სათანადოდ დასაჯოს, რაც ადვილი ამოცანა არ აღმოჩნდა, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური გარემოებების გამო.

- რაც უფრო მეტად ახლოვდება არჩევნების დღე, უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ “ნაცმოძრაობა” არჩევნების შემდეგ რევოლუციისთვის ემზადება…

- “ნაცმოძრაობას” არანაირი რევოლუციის რესურსი არ აქვს და არანაირი წინასწარი პირობა ამისთვის არ არსებობს. რევოლუციისთვის რიგი ფაქტორები აუცილებელია, რაც ჩვენს ქვეყნაში არ არსებობს და ძალიან კარგი, რომ არ არსებობს. ამაში უდიდესი წვლილი სწორედ რომ არსებულ ხელისუფლებას მიუძღვის.

“ნაცმოძრაობის” განზრახვა – ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში არეულობა შეიტანოს, მიუღებელი და ამაზრზენია. არ მიკვირს, რომ მათი ერთგული წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პარტიას ტოვებს. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სუს-ის ჩარევის გარეშე ხდება. ერთია სურვილი, იყო პოლიტიკაში, თუნდაც არცთუ კარგი რეპუტაციის მქონე პარტიაში და, მეორეა, მონაწილეობდე საკუთარი ქვეყნის დანგრევის მცდელობაში. მცდელობას ვამბობ იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან არეულობის მოწყობის შანსი ნულს უტოლდება. ნათქვამია, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. “ვარდების რევოლუცია 2″ შეუძლებელია.

ვერავინ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ “ნაცმოძრაობაში” ვიღაც და უპირველესად ოდესას თავშეფარებული მათი ლიდერი მართლა ფიქრობს და ემზადება არეულობის მოსაწყობად. ერთადერთი, ვინც რევოლუციის სცენარში მოიგებს, კონკრეტულად ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი იქნება. ის ელაპარაკება თანამზრახველებს, როგორ გააჩაღონ სისხლისღვრა საქართველოში. სხვა დანარჩენი კი განწირულია.

მიხეილ სააკაშვილი ამ სცენარით აკაკი ბობოხიძეს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს და ა.შ. მსხვერპლად წირავს იმისთვის, რომ თვითონ პოლიტიკური შედეგი მიიღოს. სააკაშვილს მსხვერპლი სჭირდება თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. მაგრამ, როგორც ჩანს, ოდესიდან საქართველოში არსებული რეალობა კარგად არ ჩანს და მას უბრალოდ წარმოდგენა არა აქვს მოსახლეობის კრიტიკულად დიდ ნაწილში “ნაცმოძრაობის” და პირადად მის მიმართ როგორი აგრესიაა დაგროვილი. ავიწყდებათ არსებობა იმ ათასობით ადამიანისა, ვისთვისაც მათმა მმართველობამ უბედურების მეტი არაფერი მოიტანა.

- რას ფიქრობთ ბოლო დღეებში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე?

- აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს ამ ინფორმაციის აუთენტიკურობა და დაისაჯონ, ვინც დასასჯელია. შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს “ნაცმოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ძალის არსებობის გაგრძელების პრობლემაც. ცხადია, უნდა გამოიკვლიონ ჩანაწერების აუთენტიკურობა, რომ სამართლებრივი პასუხი მოეთხოვოთ მათ, ვინც ამას გეგმავს. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი აუთენტიკურია. ღია საუბრებშიც არ მალავენ ისინი ამ განზრახვას. ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრებისას მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ნაცმოძრაობა ემზადებოდა არა არჩევნებისათვის, არამედ არჩევნების შემდეგი არეულობისათვის და ვითხოვდი, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო არჩევნებამდეც და არჩევნების დღესაც, რათა არჩევნების სამართლიანობასა და დემოკრატიულობაში ყველა დარწმუნებული ყოფილიყო.

“ნაცებს” უნდათ 2003 წლის სცენარი გაიმეორონ. მაშინ, მართალია, მიტინგებზე 30 000-ზე მეტი ადამიანი არ ჰყავდათ, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდათ. საერთაშორისო საზოგადოებაც მათ მიმართ უფრო დადებითად იყო განწყობილი, ვიდრე მაშინ არსებული ხელისუფლების მიმართ. ახლა ვითარება სრულიად განსხვავებულია. “ნაცების” მხარდამჭერთა რაოდენობა უმნიშვნელოა და როგორც ვხედავთ, კიდევ უფრო მცირდება, რაც უფრო აგრესიული ხდება პარტიის ლიდერების განცხადებები. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი საქართველოს დღვანდელ ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა აქვს, რადგან სრულიად სამართლიანად მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნების” სახით არის ის ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა სწორი განვითარების გზით მიჰყავს.

ხელისუფლება დასავლური ტიპის დემოკრატიულ მართვას ანხორციელებს, ქმნის სტაბილური და მდგრადი განვითარების საფუძვლებს, რაც რეგიონში საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება და არანაირი არეულობა არაა მისაღები. არეულობა მხოლოდ რუსეთს აწყობს და “ნაცმოძრაობა” ფაქტიურად რუსეთისათვის ხელსაყრელი სცენარის განვითარების სურვილს აანონსებს. ეს მცდელობა დასაწყისშივე ჩაფუშულია, თუმცა ცხადია, სათანადო ორგანოები ფხიზლად უნდა იყვნენ და არეულობის ნებისმიერ მცირეოდენი მცდელობა მყისიერად აღკვეთონ.

“ნაცმოძრაობამ” თვითონაც იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ არჩევნებში რაიმე სერიოზული წარმატებისა, მაგრამ ასე ცდილობენ გაამხნევონ თავიანთი ჯერ კიდევ შემორჩენილი მომხრეები. ისე, გულწრფელად მიკვირს, როგორ შეიძლება დღეს ჯანსაღად მოაზროვნე, ზნეობრივი და თავის თავის პატივმცემელი ადამიანი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი იყოს. მათი მხარდაჭერა ნამდვილად სამარცხვინოა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხალხმა თვალნათლივ ნახა მათი საზარელი ქმედება.

ასე რომ, შესაძლოა, არჩევნებთან დაკავშირებული გარკვეული დაძაბულობა იყოს, მაგრამ თუ ლოკალურ კონფლიქტებს არ მივიღებთ მხედველობაში, არა მგონია, ყველაფერი ეს რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

2012 წლის შემდეგ ივანიშვილმა მოახერხა, რომ “ნაციონალების” წინააღმდეგ აგრესია მასობრივ შურისგებად არ ქცეულიყო. არადა მაშინ უფრო მწავე იყო შურისძიებისათვის მზაობა. დღეს სხვა მდგომარეობაა. რაც უნდა მოინდომონ, სიტუაცია ლოკალური კონფლიქტების ფარგლებს არ გასცდება. ქართველ ხალხს საკმარისი გამოცდილება აქვს ამ მხრივ და არავის არ მისცემს უფლებას, ქვეყანა არიოს.

საზოგადოებაში ნამდვილად ვერ ვამჩნევ რაიმე სერიოზულ დაძაბულობას, ეს უფრო პოლიტიკურ წრეებშია და “რუსთავი 2″, მისი სატელიტი ტელევიზიები და ინერციით სხვა ტელეარხებიც ხელოვნურად ქმნიან დაძაბულობას, თითქოს და მხოლოდ ის აინტერესებდეს ხალხს, როგორ ჩხუბობენ ეთერში პოლიტიკოსები. ეს სჭირდება ამ ტელევიზიებს და არა მოსახლეობას. მოსახლეობა ჩვენთან შეხვედრებზე ამბობს, რომ უნდათ სერიოზული საუბარი მოისმინოს ტელევიზიით და არა ჩხუბი. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ტელევიზიებს არც იმის თავი აქვთ, რომ სერიოზული გადაცემები საინტერესო ფორმატით შესთავაზონ მოსახლეობას და ზოგს არც აწყობს, რადგან “ნაცების” დავალებას ასრულებენ – მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა გამოიწვიონ.

განსაცვიფრებელი და უტიფარია ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები, რომ ისინი უმრავლესობით მოვლენ და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნას დაამთავრებენ. რა დაბალი წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ ხალხზე, რომ ასეთი რამ დაუშვა. სრულიად ბუნებრივია კითხვა: რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ხალხმა “ნაცმოძრაობას”? ერთი არგუმენტი მაინც გვითხრან.

ქართველი საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს. ყველაზე ძლიერი დაცვა ისაა, რომ არჩევნებზე ყველა მივიდეთ და საკუთარი არჩევანი გავაკეთოთ. გაგახსენებთ უინსტონ ჩერჩილის ნათქვამს: “ცუდ ხელისუფლებას ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე.”

დარწმუნებული ვართ, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. სწორედ ამ არჩევანმა უნდა დაუსვას წერტილი ლეგიტიმურად, დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხების გზით “ნაცმოძრაობას”, როგორც რაიმე მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური ძალის არსებობას საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე.

„რეზონანსი“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

პარტიები ბიუროკრატიას ცუდი თვალით უყურებენ

დაიწყება თუ არა არჩევნების შემდეგ საჯარო სექტორიდან დასაქმებულების გათავისუფლება?

მარი ჩიტაია

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველა პარტია თუ კოალიცია ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებას აპირებს. ასეთი სურათი იკვეთება პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამებში, სადაც ბიუროკრატიული აპარატის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათ შორისაა “ქართული ოცნება”, რომლის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ “გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯები”. კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა ოპოზციური პარტიების პროგრამებში.

ოფიციალური მონაცემებით, ადმინისტრაციული ხარჯი მთლიანი საბიუჯეტო ხარჯის მეოთხედზე მეტია, ხოლო საჯარო უწყებებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1200 ლარის ფარგლებშია. დღესდღეობით დასაქმებულთა დიდი ნაწილი სწორედ საჯარო სექტორში მუშაობს და სახელმწიფო მათ ანაზფაურების სახით უამრავ თანხას უხდის.

2016 წლის საარჩევნო სურათი ასეთია: რომელი ძალაც უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ყველა ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებას შეეცდება. აქედან გამომდინარე, აშკარაა საფრთხე, რომ წინასაარჩევნო დაპირების შესრულების შემთხვევაში, საჯარო უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყება.

ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებას აპირებს “ეროვნული ფორუმი”, რომლის საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ პარტია შეუდგება “საბიუჯეტო პროცესის კარდინალურ რეფორმირებას როგორც საბიუჯეტო პრიორიტეტების, ასევე ინსტიტუციონალური ცვლილებების კუთხით”.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯი, შესაძლოა, 1 მილიარდ ლარამდეც შემცირდეს. “სახელმწიფო ხალხისთვის” საარჩევნო პროგრამაში კონკრეტული ციფრი მითითებული არაა, მაგრამ აღნიშნულია, რომ ქვეყნის სატავეში მოსვლის შემდეგ შეამცირებენ სამინისტროების რაოდენობას, ბიუროკრატიას, არამიზნობრივ პროგრამებს და სუბსიდიებს.

იგივე გეგმავენ “თავისუფალი დემოკრატებიც”. პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ აიწევა სარეიტინგო ქულების რაოდენობა, რაც სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას გაზრდის. ამ ვალდებულებების დაფარვას პარტია, როგორც აღმოჩნდა, ადმინისტრაციული ხარჯის რადიკალური შემცირებით აპირებს.

ბიუროკრატია და მისი დაფინანსება დიდ ნაწილს იკავებს “პატრიოტთა ალიანსის” და “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” წინასაარჩევნო პროგრამებში. ორივე პოლიტიკური სუბიექტები ბიუროკრატიული შტატების შემცირებას და ხარჯის შეკვეცას აპირებს.

სპეციალისტების შეფასებით, პარტიების ამგვარი დამოკიდებულება მოსალოდნელიც იყო. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოს საჯარო სექტორს რომ მიეღწია ისეთი სტანდარტისთვის, რითაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების წარმატებული ბიუროკრატია გამოირჩევა, ამდენი საჯარო მოხელე არც დაგვჭირდებოდა. ამიტომ არჩვეძე ფიქრობს, რომ ბიუროკრატიული კადრების ოპტიმიზაცია აუცილებელია.

“ისეთი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამხელა ბიუროკრატია საჭირო არ არის და ნამდვილად შესამცირებელია. ქართველ მოხელეებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი პირობები, რაც მათ ხალხთან მკვეთრად დააშორებს. მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელის კეთილდღეობა დამოკიდებული უნდა იყოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მათ შორის კორელაცია უნდა იყოს ძალზე მაღალი. ბიუროკრატების წილი არ უნდა იზრდებოდეს არც საბიუჯეტო ხარჯებში და არც მშპ-ს მოცულობაში.

დღევანდელი მონაცემებით, ადმინისტრაციული ხარჯი მთლიან ბიუჯეტში 1/4 მეტს იკავებს, სადაც მმართველობის ყველა რგოლი შედის. ჩემი აზრით, შეიძლება, გარკვეული ინვენტარიზაციის ჩატარება და პერსონალის რაოდენობის ოპტიმიზაცია”, – აცხადებს არჩვაძე და უცხოური ქვეყნების სტატისტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც გრძელვადიან პერიოდში დასაქმების ზრდის ტემპს უკავშირდება.

“ბიუროკრატიულ სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა წლების განმავლობაში არათუ მცირდება, არამედ მატულობს, რაც მხოლოდ წმინდა ქართული მოვლენა ნამდვილად არ არის. საუკუნენახევრის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცა ამერიკის შეერთებული შტატები, დაახლოებით 3-დან 15%-მდე გაიზარდა, ავსტრალიაში 1,5%-დან 21%-მდე, საფრანგეთში 2,5%-დან 25%-მდე და ა.შ. აქ იმაზე კი არ არის აქცენტი, ბევრია თუ ცოტა დასაქმებული, არამედ რამდენად ეფექტურად ხდება მათი შრომის გამოყენება. კრიტერიუმი ერთი უნდა იყოს – აუცილებელი მინიმუმი, რაც სჭირდება სახელმწიფოს წარმატებულ მართვას.

თუ ბიუროკრატია თავის ამოცანას თავს ვერ ართმევს, ცხადია, ახლით უნდა შეიცვალოს. უნდა ვეცადოთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს გავუხსნათ გზა, ყოველგვარი ნაცნობობისა და კლანური მმართველობის გარეშე”, – დასძენს არჩვაძე.

შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ბიუროკრატიულ ხარჯს შეეხება, კრიტიკას ვერ უძლებს. ეკონომიკის სფეროს ექსპერტები წინასაარჩევნო პროგრამების მიმართ უნდობლად არიან განწყობილი და ეს დამოკიდებულება ბოლოდროინდელ შეფასებებშიც მუდმივად იკვეთება. ადმინისტრაციული ხარჯებისადმი პოლიტიკოსთა მოსაზრებებს, აბსოლუტურად ყველას, დაკონკრეტება აკლია, რაც სისტემური პრობლემაა.

ეკონომიკური და სოციალური საკითხების ექსპერტი ნოდარ კაპანაძე არ მალავს, რომ არც ერთი პარტიის ეკონომიკური პროგრამა არ მოსწონს.

“სხვადასხვა პროგრამის ავტორების მიმართ უამრავი შენიშვნა შეიძლება მქონდეს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ადმინისტრაციულ ხარჯთან დაკავშირებულ შესაძლო ცვლილებას ასახავს. როგორ აპირებენ მის შემცირებას? აქ კონკრეტული დეტალებია საჭირო, რაც არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ წარმოუდგენია. როგორც წესი, დეკლარაციის მეტი არაფერია, არანაირი გათვლა, არანაირი ანალიზი. რის ხარჯზე უნდა მოხდეს ცვლილება, გაუგებარია.

რაც შეეხება საჯარო შტატების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, ცალსახად თქმა, რომ იგი ხელოვნურად არის გაბერილი, გამიჭირდება. ზოგან კადრების მატებაა, ზოგან შეიძლება ნაკლებიც იყოს, სისტემური ხასიათის პრობლემებია. არ არსებობს საერთო განვითარების სტრატეგია, სადაც თითოეულ სტრუქტურის საქმიანობის შეფასება ხდება მიღწეული შედეგით და არა, მაგალითად, ბუღალტრული ანგარიშით.

რომელიმე პარტია თუ ცდილობს ბიუროკრატიის შეზღუდვას, არგუმენტიც უნდა ჰქონდეს. არავინ საუბრობს, როგორ აპირებს ადმისტრაციული ხარჯის შემცირებას. სიმართლე გითხრათ, არც ერთი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა არ მომწონს. საარჩევნო პროგრამებში არა მარტო ახლა, არამედ ბოლო 20 წლის განმავლობაშიც ახალი არაფერი წამიკითხავს”, – აცხადებს აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ნოდარ კაპანაძე

——————–

„ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ცხრა ოქტომბერს მილოცვებს ველოდებით“ // „არანაირი არეულობის და მაიდნის მოწყობას არ ვაპირებთ

რას ელოდებიან ნაციონალები, რა დირექტივა მისცეს 5 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს, როგორ აპირებენ ხმების დაცვას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.

- ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნოდ კიდევ ერთი პროგნოზი გააკეთა, მისი აზრით, ნაციონალები მომავალ პარლამენტში 5-10 კაცის გაყვანას შეძლებთ და მართლა ასე ცუდად გაქვთ საქმე?

- ამაზე რა უნდა ვთქვა? დათვალა ვინმემ, რამდენი ტყუილი თქვეს მან და მისმა თანაგუნდელებმა? ივანიშვილის ეს განცხადება ძალიან წააგავს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, ნაციონალები რადარებიდან გაქრნენო. ვინ გაქრა რადარებიდან, კარგად ვნახეთ. არჩევნებთან დაკავშირებით ერთი, ძალიან მარტივი ტესტი მაქვს. „ქართული ოცნება“ 2014 წელს ბევრად უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ახლა არის. მაშინ, თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით 50% აიღო პირველ ტურში. ნაციონალებმა საქართველოს მასშტაბით 28% ავიღეთ. ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. ჯერ თქვა, ნაციონალებს რამდენიმე ასეული ათასი მხარდამჭერი ჰყავთ და არჩევნებზე 30%-ს აიღებენო. მერე კობახიძე გამოვიდა და თქვა, ბატონ ბიძინას ასე არ უთქვამსო. მერე საუბარი დაიწყო ფორუმზე, თავისუფალ დემოკრატებზე, რესპუბლიკელებზე. მოკლედ ის ჩააგდო, რუსეთში რაზვოდს რომ ეძახიან. თავისი ჭკუით ჩვენ და თავისუფალი დემოკრატები დაგვაჯახა.

- ამბობს, რომ არჩევნებში მეორე ადგილს სწორედ ეს პარტია დაიკავებს.

- ხომ გითხარით, ჩვენი დაჯახება უნდა. „ქართული ოცნების“ ერთადერთი ალტერნატივა არის ნაციონალური მოძრაობა. ამის მიუხედავად, მოვუწოდებთ ოპოზიციას, ერთად დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, რომელსაც სინამდვილეში ქართული ტყუილი უნდა ერქვას. ძალიან სიმბოლური იყო, რომ ივანიშვილის 3 ოქტომბრის შეხვედრას მხოლოდ 2 ჟურნალისტი ესწრებოდა. ბატონი ბიძინა თავის წვენში იხარშებოდა და, როგორც უკვე გითხარით, ამ ერთი თვის მანძილზე ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.

- მან ჩააზუსტა, რომ ბოლო დასკვნა, რომ მხოლოდ 5-10 კაცის გაყვანას შეძლებთ, ბოლო ორი კვირის მანძილზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე გააკეთა...

- კაი, გეხვეწები, რაის ორი კვირა, რა მოხდა ამ ორ კვირაში ასეთი. იმ სულელური ჩანაწერების იმედი თუ აქვთ, ახლახან რომ გაავრცელეს, ძალიან ცდებიან. ეს ამბავი ივანიშვილის წერილის ამბავს მაგონებს. მაისში ყოფილმა პრემიერმა წერილი გამოაქვეყნა. გამოვიდა ზურაბ ბიგვავა და თქვა, ბატონი ბიძინას წერილის შემდეგ „ოცნების“ რეიტინგმა აიწია და „ნაციონალებისამ“ დაიწიაო. ამის დასადასტურებლად ხელისუფლებამ თავისი კვლევები გამოაქვეყნა, რაც ჩემში დიდ ეჭვს იწვევს, ისევე, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული კვლევები.

- იმედის კვლევა რატომ იწვევს ეჭვს, ნაციონალებს რადგან არ გაქვთ მაღალი პროცენტები?

- არა, ამ კვლევებში ბატონი ბიძინა უფრო კარგად ერკვევა, ვიდრე იმედი. ივანიშვილმა დეტალურად ახსნა, საიდან რა მოდის. ამიტომაც ვერ ჩავთვლი ამას იმედის კვლევად და ძალიან გული მწყდება, რომ ეს ტელეკომპანია ხელისუფლების რუპორად იქცა. ამას მაყურებელიც ხვდება და ამიტომაც არის, რომ მის კონკურენტ ტელევიზიას ორჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს.

- ეს კონკურენტი ტელევიზია ნაციონალური მოძრაობის რუპორად არის მიჩნეული...

- მერე რა მოხდა. დაე, ასოცირდებოდეს რუსთავი 2 ჩვენთან. რაიმე ტყუილს ავრცელებენ თუ რა ხდება? საბოლოო ჯამში, ხალხი წყვეტს, ვის უყუროს.

- მოდით, იმედს და რუსთავი 2-ს თავი დავანებოთ და ისევ პროგნოზებს დავუბრუნდეთ. თქვენ არ გვიპასუხეთ, მართლა 5-10 კაცს თუ შეიყვანთ პარლამენტში?

- არჩევნები 4 დღეში ტარდება და, როგორც იტყვიან ხოლმე, აბანოში გამოჩნდება თეთრი და შავი. რა 5-10 კაცი, ხალხო, ბნელა? ქუჩაში დავდივართ და ვხვდებით ხალხის განწყობას. ყველა არჩევნებზე უკეთეს შედეგს ვდებთ და არც ახლა იქნება გამონაკლისი. თან არ დაგავიწყდეთ, როგორ დაეცა ხელისუფლების მიმართ ნდობა. ამის გარდა, ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა და საარჩევნო სიის წევრებმა ძალიან მაგარი წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარეს. ჩვენი პროგრამის პრეზენტაციები და მიტინგები მართლაც საუკეთესო იყო.

- მიტინგი ახსენეთ და 5 ოქტომბერს რას აპირებთ? ხელისუფლება ამბობს, რომ არეულობას აპირებთ და რაღაც პროვოკაციებს გეგმავთ, მართალია?

- არაფერსაც არ ვაპირებთ. 5 ოქტომბრის აქცია ისეთივე იქნება, როგორც აქამდე ჩატარებული აქციები. როგორც სხვა დროს შევკრებილვართ და დავშლილვართ, ახლაც ასე იქნება. ჩვენ ვართ ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებულ აქციებს და მიტინგებს მართავს.

- ეს განსხვავება რაში გამოიხატება?

- ჩვენი აქციების დროს არც ერთი შუშა არ გატეხილა და არავის მისდგომია ზიანი. არც კონფლიქტებს ჰქონია ადგილი. 5 ოქტომბერს შევიკრიბებით, 16 საათზე ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას დავიწყებთ და 18 საათისთვის ყველაფერს დავამთავრებთ. ჩვენ ჩვენი მხარდამჭერები უნდა გავუშვათ სამუშაო ადგილებში. მოგეხსენებათ, ხალხი რაიონებიდანაც ჩამოდის და მათაც უნდათ სახლებში წასვლა. თან დასვენებაც საჭიროა, 8 ოქტომბერს მათ ადგილებზე ჩვენი ხმები უნდა დაიცვან. აუცილებლად უნდა დაიცვან, იმიტომ, რომ ამ არჩევნების მოგების კარგი შანსი გვაქვს.

- ხმების დაცვაში რას გულისხმობთ?

- ხმების დაცვა იმას ნიშნავს, რომ უბნებზე იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები. არის რაიონები, სადაც კომისიებში მარტო ვართ.

- რას ნიშნავს მარტო ხართ, დანარჩენი ოპოზიცია სად არის?

- კომისიებში წევრები ჰყავთ რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს და ნინო ბურჯანაძეს. საუბნო კომისიების დაკომპლექტებამ დაგვანახა, რომ ამ პარტიების წარმომადგენლები ხმას აძლევდნენ `ქართული ოცნების~ კანდიდატებს. ამან ჩვენში გააჩინა ეჭვები. ხმების დაცვა სწორედ ამის გაკონტროლებას ნიშნავს. ჩვენ უბნებზე წევრებიც გვყავს და დამკვირვებლებიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს.

- არჩევნების შედეგით უკმაყოფილების შემთხვევაში რას აპირებთ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არეულობა გაქვთ გეგმაში...

- ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც გამარჯვებულ პარტიას ანუ „ქართულ ოცნებას“ მიულოცა. ნაციონალებს, როგორც წესი, არავინ გვილოცავდა არჩევნების მოგებას – ზოგი მანდატებს ჭრიდა და ზოგი კედლებზე დარბოდა. ჩვენ 2012 წელს დამარცხება ვაღიარეთ, 2013 და 2014 წლებში პირველებმა მივულოცეთ `ოცნებას~ გამარჯვება.

- ამით რისი თქმა გინდათ?

- იმის, რომ ახლა ჩვენ უნდა მოგვილოცონ.

- რა უნდა მოგილოცონ, ჯერ ხომ არ იცით, იგებთ თუ არა არჩევნებს?

- ხალხის განწყობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ. ყველას გასაგონად ვამბობ, რომ 9 ოქტომბრიდან მილოცვების მისაღებად მზად ვართ.

- ასე დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში?

- დარწმუნებული ვარ.

- თუ მილოცვების მისაღებად ემზადებით, კარვები და საბურავები რატომ მოიმარაგეთ. თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ რაღაც გეგმა გაქვთ...

- რაღა დროს კარვები და საბურავებია. ეგ ყველაფერი ჭიკაიძემ გაიყოლა თან. ჩვენ თუ რამისთვის ვართ მომზადებული, ეს არის მილოცვა.

- არც ავტომაიდნის მოწყობას აპირებთ? რაღაც მანქანები ჰყავთ მზადყოფნაშიო...

- სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც ერთი საბურავი და კარავი არა გვაქვს შეძენილი. არც ავტო და არც სხვანაირი მაიდნის მოწყობას არ ვაპირებთ.

„ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „დესტაბილიზაციის მცდელობაც კი ნაციონალებისთვის ხარაკირი იქნება“ // „თითო-თითოდ გვყავს დათვლილი, ვინც ფიქრობს არეულობაზე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ იფიქრებს რევოლუციურ სცენარზე, მაშინ მას სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს.

- ბატონო ირაკლი, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ის 8 ოქტომბრის არჩევნებს იგებს, რადგან მისი რეიტინგი 30%-ია. თუმცა, ქართული ოცნება აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე დაბალია. ასევე საუბარია ამ კვლევების გაყალბებაზე. თქვენ, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რას უპირისპირებთ ნაციონალური მოძრაობის ამ მესიჯებს?

- ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური მესიჯი. ეს არის აბსოლუტური სისულელე და ამ რეიტინგს რეალობასთან კავშირი არ აქვს. ამის თავადაც არ სჯერათ, მაგრამ ასეთი რიტორიკა მათ აწყობთ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს სხვებსაც დააჯერონ, პირველ რიგში კი – საკუთარ თავს. თუმცა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ არაფერი არ გამოუვათ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მათი მცდელობა ფუჭია. რაც შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ჩვენ ყველამ ერთად კარგად ვნახეთ. მათი მმართველობა თავიდან ბოლომდე დამყარებული იყო ტყუილსა და პროპაგანდაზე. „რუსთავი-2“ არის მათი პროპაგანდის მანქანა, რომელსაც სიცრუის ტირაჟირებისთვის იყენებენ. სხვა არანაირი რესურსი ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. როგორ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე რესურსი გააჩნდეს, როდესაც მათ ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქციეს, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ, ბიზნესი გააუპატიურეს, მედია, სასამართლო წიხლქვეშ გაიგდეს.

- ისინი განახლებაზე აკეთებენ აქცენტს...

- ეს არის ბლეფი. ეს არის ისეთივე სიცრუე, როგორც გვითხრეს, რომ 30% მხარდაჭერა აქვთ.

- თუმცა, ისინი მეორე პოზიციას ინარჩუნებენ, ეს როგორ ხდება?

- ეს არის ის მხარდამჭერები, რომლებსაც მთელი ამ წლების განმავლობაში აჭმევდნენ და ასმევდნენ. ამის გარდა, მათ რესურსი არ აქვთ. მინიმუმ რაც შეიძლება ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებზე გააკეთოს, არის ის, რომ მისი ცნობილი მხარდამჭერები შეინარჩუნოს, თუ, რასაკვირველია, მათაც არ დაეზარათ არჩევნებზე წასვლა.

- რევოლუციური სცენარი კვლავ აქტუალურია ამ ყველაფრის შემდეგ?

- მე იმედი მაქვს, რომ თუ მინიმუმ კანონმორჩილნი არ არიან, კანონის ეშინიათ მაინც და მშვენივრად იციან, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ. თითო-თითოდ გვყავს დათვლილი, ვინც ფიქრობს არეულობაზე და იმ სცენარის განხორციელებაზე, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია. თუ მსგავსი მცდელობები ექნებათ, მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის ხარაკირი და კიდევ ერთი ნათელი სურათი, თუ რას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა.

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, კვლავ განიხილება რევოლუციური სცენარი?

- რევოლუციური სცენარი კვლავ განიხილება, მათ ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი. სწორედ ამისთვის სჭირდებათ სიცრუის ტირაჟირება, რომ თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ სისრულეში მოიყვანონ ის სცენარი, რომელსაც ასე მძაფრად განიხილავენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ეს იციან მშვენივრად.

- სხვა პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნების ორპარტიულ ჭრილში გადაყვანა აწყობს როგორც ქართულ ოცნებას, ისე ნაციონალურ მოძრაობას. როგორია თქვენი არგუმენტი, რას ეუბნებით იმ პარტიებს, რომელთაც ასეთი განცდა აქვთ?

- ჩემი არგუმენტი მათ მიმართ არის ის, რომ მე ვერ ვხედავ ვერსად მათ აქტიურობას. ეს არ არის ჩვენი ბრალი. მე თელავსა და ყვარელში ვიყრი კენჭს, ახლა, როდესაც ინტერვიუს ვწერთ, ამომრჩეველთან მივდივარ შესახვედრად, მაგრამ არსად არ შემხვედრია სხვა არც ერთი პარტიის წევრი, ჩემი კონკურენტი.

- რატომ, მათ არ აქვთ წინასაარჩევნო კამპანია?

- მე არ ვიცი, რატომ, მე ვიცი, რომ მათი აქტიურობა არის ნაკლები. არ მინახავს, რომ ჩემი კონკურენტი ესაუბრებოდეს ამომრჩეველს, ღონისძიებას მართავდეს, არც ერთი მათგანი არ მინახავს, გარდა მათი პლაკატებისა.

- თქვენი განწყობა როგორია ამ არჩევნების მიმართ?

- ერთადერთი განწყობა მაქვს, რომ 8 ოქტომბერს `ქართული ოცნება~ გარდაუვლად მოიგებს არჩევნებს.

„ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ხელისუფლებას რევოლუციით ვერ შეცვლის

უშიშროების ექსმინისტრი, ირაკლი ბათიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, ბოლო დღეებია, მიდის საუბარი, რომ სააკაშვილს ჩეჩენ მებრძოლებთან აქვს მოლაპარაკება იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიოს. რა ინფორმაციებს ფლობთ, როგორია თქვენი შეფასებები?

- მე ამ თემაზე არაერთხელ მილაპარაკია. ჯერ კიდევ ძალიან ადრე, როცა არავინ ლაპარაკობდა. ყოველთვის ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი და მისი ვიწრო გარემოცვა, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, მუშაობდნენ თავიანთ ავანტიურისტულ გეგმაზე, რომელიც ეხება სიტუაციის დესტაბილიზაციას საქართველოში და ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობას.

- დიდი ხანია მიდის ამ გეგმაზე მუშაობა?

- ამ გეგმაზე დღეს და გუშინ არ დაუწყიათ მუშაობა, სახელდახელოდ და ფაცი-ფუცში არ დაუწყიათ. ისინი კარგა ხნის განმავლობაში, თითქმის ნახევარი წლის, უფრო მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ამ გეგმაზე. ამ გეგმაზე სააკაშვილი არ ლაპარაკობს არც ვაიბერით და არც სხვა საშუალებებით. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ჰქონდეთ გასაიდუმლოებული.

- რაც ჩანს, რა ჩანაწერებიც არსებობს, ის კიდევ სხვაა? ამის უკან კიდევ იმალება რამე?

- მიხეილ სააკაშვილი მის რეალურ გეგმებზე არ ლაპარაკობს არც ვაიბერით და არც ვოტსაფით. მაგდენი ჭკუა ჰყოფნის. რასაც ის ელაპარაკება ბობოხიძეს თუ ნუგზარ წიკლაურს, ეს სააკაშვილს სჭირდება ფონისთვის.

- რა ფონისთვის?

- იმისთვის, რომ აქ რაღაც ფონი შეიქმნას, ვითომდა საზოგადოებრივი მღელვარების, უკმაყოფილების, ვითომდა არჩევნების შედეგების გაყალბების. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ რევოლუციური სცენარით, საერთო სახალხო მღელვარებით ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ნაციონალური მოძრაობა არ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით. ამიტომ მათ სჭირდებათ იმიტაცია მღელვარების. მაქსიმუმ მათ თავი მოუყარონ 10 ათას კაცს, ესეც გადამეტებულია და გააკეთონ არეულობის ინსცენირება. სწორედ ამ ფონზე უნდათ მოქმედებაში მოიყვანონ ის რეალური გეგმები, რაც მათ აქვთ.

- და რა არის მათი რეალური გეგმა?

- ეს გეგმა ითვალისწინებს ძალისმიერ მოქმედებებს. სააკაშვილს გათვლები აქვს იმაზეც, რომ მათ საქართველოში, 2012 წლის არჩევნების წინ, მოახერხეს დიდი რაოდენობით იარაღის გადამალვა, არაერთი სამალავის შექმნა.

- ძალოვანმა უწყებებმა აღმოაჩინეს სამალავები და ამას გულისხმობთ?

- ამაზე რომ ვილაპარაკე, ძალიან მალე მოხდა ამ სამალავების აღმოჩენა. ეს კარგია, თუმცა ნაციონალებმა არაერთი ასეთი სამალავი შექმნეს 2012 წლის არჩევნების წინ. ზუსტად იმ პერიოდში, სანამ ხელისუფლებიდან წავიდოდნენ.

- ანუ კიდევ არსებობს სამალავები?

- რაც აღმოაჩინეს, ეს მცირედია იმასთან შედარებით, რაც არსებობს. სამალავი კიდევ ბევრია. გათვლა ნაციონალებს ზუსტად ამაზე აქვთ, რომ ეს იარაღი ადგილზე აქვთ. მეორე გათვლა აქვთ იმაზე, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მათ აღრიცხვაზე ჰყავდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

- ზონდერ ჯგუფებს გულისხმობთ?

- ზონდერები კი არა, მებრძოლები! მათ ხელფასსაც უხდიდნენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჰყავთ. აი ამათ მობილიზაციაზეც აქვთ გათვლა და ასევე სერიოზული გათვლა აქვთ საქართველოს არამოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ საბრძოლო გამოცდილება, რომელთა გადმობირებაზეც სააკაშვილი კარგა ხნის განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში ყოფნის დროს და რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის პრობლემა არ აქვთ.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია საფრთხე მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით?

- დარწმუნებული ვარ, რომ მათ ავანტიურისტულ გეგმებს განხორციელება არ უწერიათ, სააკაშვილის ბნელი წარსული საქართველოში ვერ დაბრუნდება, ჩარხს უკან ვერავინ დაატრიალებს. ეს გამორიცხულია! ეს მათთვისვე დამთავრდება ცუდად, ვინც ამას გეგმავს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიყოთ გულარხეინად. მით უმეტეს, ის სტრუქტურები, რომლებსაც ეხებათ ამ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ძალიან კარგია, რომ მუშაობენ, აღმოაჩინეს ეს სამალავები, მაგრამ გაცილებით მეტი და აქტიური მუშაობა მართებთ იმისთვის, რომ სრული პრევენცია მოხდეს რაიმენაირი დესტაბილიზაციის, რაიმე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების. უფრო მეტი უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ ტყვია არ გავარდეს ქვეყანაში! ტყვიის გავარდნა სააკაშვილს ვერ დააბრუნებს, მაგრამ ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს და წლებით უკან დაგვწევს!

- რა უნდა გააკეთონ სამართალდამცავმა უწყებებმა?

- სამწუხაროდ, მათ აქამდე ვერ მოახერხეს ის, რომ გადაეკეტათ არალეგალური დაფინანსების არხები ნაციონალური მოძრაობისთვის. აბა დაფიქრდეს ყველა, რითი მარაგდება და იკვებება ნაციონალური მოძრაობა?!

- რითი?

- რითი და არალეგალური შემოსავლებით! ახლაც, როცა 5 ოქტომბრის მიტინგი აქვთ დანიშნული. ჯერ ძალა, რომელიც დესტაბილიზაციას გეგმავს, ასე მარტივად როგორ უნდა ახერხებდეს წინასწარი რეპეტიციის გათამაშებას. ამისთვის ხომ, ყველამ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რესურსებია საჭირო?! ეს დაფინანსება მათ მოსდით ქვეყნის გარედან და ეს არხები დღემდე არ არის გადაკეტილი! ის, რომ გადაკეტილი არ არის დაფინანსების არხები, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა შესაბამისი სტრუქტურების.

- 5 ოქტომბრის აქციაზე რას იტყვით? პროვოკაციებს ხომ არ ელოდებით?

- 5 ოქტომბრის აქცია მათ სჭირდებათ ძალების მოსასინჯად. აინტერესებთ, რა რაოდენობის ხალხის მობილიზაციას შეძლებენ. ეს უნდა უჩვენონ თავიანთ ლიდერ სააკაშვილს და თავადაც აინტერესებთ, რა რაოდენობის ხალხს მოიყვანენ. ამ მხრივ მართლაც საინტერესოა და ჩვენც ვნახოთ.

„ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „1.500 ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი საქართველოში არეულობის მოსაწყობად მზადაა“ // „ნაციონალები ციხეებში პროვოკაციების მოწყობას აპირებენ

რა პროვოკაცია მზადდება ციხეებში, ვის და რატომ მიანიჭა ყოფილმა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა, რატომ უნდა დაწესდეს საზღვრებზე მკაცრი კონტროლი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.

ნიკოლოზ მჟავანაძე:

- ყოფილი ხელისუფლება თავისი განცხადებებიდან გამომდინარე ქვეყანაში სერიოზული არეულობის მოწყობას აპირებს. ეს პროცესი შესაძლოა ციხეების თემით დაიწყოს. წინა ხელისუფლება ციხის ცნობილი კადრების გამოქვეყნების წყალობით შეიცვალა. ეს კადრები რომ არ გამოქვეყნებულიყო, ხელისუფლებაში ისევ ნაციონალები დარჩებოდნენ. ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ციხეში დესტაბილიზაცია მოხდეს. ლადო ბედუკაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ნაციონალები პატიმრების წამების კადრებს კამერით იღებდნენ. ეს ფირები დღემდე ნაციონალების ხელშია. არ არის გამორიცხული, ამ დღეებში გამოქვეყნდეს პატიმრების წამების ამსახველი კადრები და ისინი გაასაღონ, როგორც ახალი ამბავი.

- რანაირად უნდა გაასაღონ, როგორც ახალი?

- ისე გააკეთებენ, რომ ფირზე ასახული პირების იდენტიფიკაცია იქნება შეუძლებელი. არჩევნების წინ შემთხვევით არ დაძაბულა ქვეყანაში ვითარება და არც ისაა შემთხვევითი, მედია განსაკუთრებულ ყურადღებას რომ უთმობს ამ ფაქტების გაშუქებას. ამით ნაციონალები ცდილობენ, რომ გაამართლონ თავიანთი ჯალათური ქმედებები. იტყვიან, მიშას იმიტომ ჰქონდა ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადებული, რომ ამ ქვეყანაში წესრიგის დამყარება არ შეიძლება. ციხეში წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ კი იტყვიან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარესად ექცევა პატიმრებს. მათ სურთ საზოგადოებას უთხრან, რომ „ქართული ოცნება“ მათგან არაფრით განსხვავდება.

დიდი სურვილის მიუხედავად, მათ სასჯელაღსრულების სისტემაში დღემდე ვერ მოახერხეს არეულობის შეტანა. უწყებაში კახიშვილის მოსვლის შემდეგ იქ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ის ღამეც კი უწყებაში რჩება, რომ არაფერი მოხდეს. ამ უწყებაში ასეულობით ადამიანია დასაქმებული. ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ნაციონალებმა რომ მოინდომონ, ვიღაცას მოისყიდიან. ის ვიღაც პატიმარს აწამებს, ან რამე უბედურებას ჩაიდენს და ამას ვიდეოზე გადაიღებენ. მივმართავ ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ მიმართულებას. ასევე სერიოზული კონტროლის ქვეშ უნდა აიყვანონ ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინაშია.

- ლორთქიფანიძე აპირებს ციხეებში რაღაცის მოწყობას?

- მას სხვა მისია აკისრია. ნაციონალებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს მოქალაქეობა თურქებს და ჩრდილოკავკასიელებს მიანიჭეს. საუბარია რამდენიმე ათას ადამიანზე. ოფიციალური მონაცემებით, 2008-2012 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 11.000 პირს მიენიჭა. ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება ამ ჩრდილოკავკასიელს უნდა მიაქციოს. საუბარია 1.500 ადამიანზე. საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

- მათ რატომ უნდა მიაქციონ ასეთი განსაკუთრებული ყურადღება?

- არსებობს ძალიან სერიოზული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი ხელისუფლება ამ ადამიანების გამოყენებით აურევს საქართველოში სიტუაციას. ჩრდილოკავკასიელები, მოგეხსენებათ, როგორი „ნაკაჩავები“ და ნაბრძოლი ხალხია, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და არც შეკვეთილ მკვლელობებს მოერიდებიან. ბესო ხარძიანიც ჩრდილოკავკასიელმა ქილერმა მოკლა.

- თქვენ ამბობთ, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზული ინფორმაცია გაქვთ და ხელისუფლება რას აკეთებს ამ დროს. სპეცსამსახურები არ უნდა ფლობდნენ ამის შესახებ ცნობებს?

- არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობენ სპეცსამსახურები. მე ხმამაღლა ვაჟღერებ იმ ინფორმაციას, რომელიც საკმაოდ სერიოზულია, ამაზე ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ სიტუაციის არევა არის ძალიან მარტივი. ამის ნათელი მაგალითი არის თურქეთი. ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადატრიალებას არ უჭერდა მხარს, მაგრამ აქ კინაღამ მოხდა მსგავსი ფაქტი. ხალხი ქუჩაში რომ არ გამოსულიყო, ამბოხებულები თავის მიზანს მიაღწევდნენ. გადატრიალება რომ ჩაიშალა, ამაში რუსებსაც მიუძღვით დიდი წვლილი. მოსალოდნელი გადატრიალების შესახებ მათ დროულად მიაწოდეს თურქეთის ხელისუფლებას ოპერატიული მასალა. აქედან გამომდინარე, საჭირო თუ გახდა, საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთთანაც უნდა ითანამშრომლოს.

- რუსეთთან რაზე უნდა ითანამშრომლონ, აქაურ არეულობაზეც ფლობენ რაიმე ინფორმაციას?

- არც ეგ არაა გამორიცხული. ის ჩრდილოკავკასიელები, რომლებმაც არეულობა უნდა მოაწყონ, რუსეთში ცხოვრობდნენ. რუსეთის სპეცსამსახურებს მათზე აუცილებლად ექნებათ ოპერატიული ინფორმაცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ადამიანები ხშირად დადიან რუსეთში. არეულობის მოსაწყობად შესაძლოა ის თურქებიც გამოიყენონ, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე თურქული მხარისგან ფული აიღო და დაჰპირდა, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთს ააშენებდა. ამ დაპირების გამო დღევანდელი ხელისუფლება უხერხულობაშია ჩავარდნილი.

- არანაირი უხერხულობა არ ეტყობათ, ძალიან მარტივად ამბობენ, მეჩეთი უნდა აშენდესო...

- სხვა რა გზა აქვთ. წინა ხელისუფლებას თურქულ მხარესთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც ქართულ მხარეს მეჩეთის აშენებას ავალდებულებს. ისევ ნაციონალებსა და მათ გეგმებს დავუბრუნდები. ყველა ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ხელისუფლებას დაარტყამენ და ამაზე ღიად საუბრობენ.

- სად თქვეს ამის შესახებ ღიად?

- სულ ამაზე არ ლაპარაკობენ?! განაცხადეს, ჩვენ ცესკოს შედეგებს არ ვცნობთ და მხოლოდ იმ ეგზიტპოლებს ვენდობით, რომლებიც „რუსთავი-2“-ის მეშვეობით გამოქვეყნდებაო. ეს კომპანია როგორ აყალბებს არჩევნებს, ამაზე შალვა რამიშვილმა 3 ოქტომბერს ისაუბრა. საინტერესოა ისიც, რომ ხალხის გამოკითხვა ლევან თარხნიშვილის ცოლის კომპანიამ უნდა ჩაატაროს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეგზიტპოლებს რა შედეგი ექნება? ნაციონალური მოძრაობა გავა პირველ ადგილზე.

- დარწმუნებული ხართ?

- სად გინახავთ, რომ მელას თავისი კუდი მოეჭრას. ცესკოს შედეგები ეგზიტპოლებისგან მკვეთრად იქნება განსხვავებული და ნაციონალებიც დაიწყებენ არეულობას. არ არის გამორიცხული, სიტუაცია არჩევნებამდეც აირიოს. ქვეყანაში ბოლო დღეებში ძალიან დაიძაბა ვითარება. გორში კი სულაც მაჟორიტარობის კანდიდატს ესროლეს.

- ნაციონალები რა შუაში არიან, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მათ `ქართული ოცნების~ აქტივისტებთან მოუხდათ შელაპარაკება...

- „ქართული ოცნების“ მაისურის შოვნას რა უნდა. არ გამოვრიცხავ, ეს დაპირისპირება მიგზავნილი პროვოკატორების მიერ ყოფილიყო მოწყობილი. ამიტომაც კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და სერიოზულად მოკიდოს ნაციონალებს. კიდევ ერთხელ გავიხსენებ თურქეთში ჩაშლილ გადატრიალებას. გამოჩნდა, რომ ამაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული. არც აქ არის მსგავსი რამე გამორიცხული. ნაციონალები ვიღაცას ფულით მოისყიდიან, ვიღაცას კიდევ კომპრომატებით დააშანტაჟებენ. ხელისუფლება ვალდებულია, ერდოღანის მსგავსად, არეულობის მომწყობების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები გაატაროს.

- უმკაცრესი ზომების გატარებაში რას გულისხმობთ?

- თუ არეულობის ყველა მოთავეს არ დააკავებენ და ქვეყანას ქაოსს ვერ ააცილებენ, მაშინ ხალხი უკვე „ქართულ ოცნებას“ გამოუტანს უმკაცრეს განაჩენს. მმართველი გუნდი ემსგავსება მაზოხისტს, რომელსაც სიამოვნებს, ვიღაც რომ აწვალებს. მაგათ თუ ნაციონალების მხრიდან წვალება სიამოვნებთ, აწვალებინონ თავი, მაგრამ ქვეყანას შეეშვან. ნაციონალური მოძრაობა სანამ იქნება პოლიტიკურ ორბიტაზე, ქვეყანას განვითარება არ უწერია. სანამ მათი მობრუნების საფრთხე იარსებებს, არც ინვესტორები მოისურვებენ აქ ფულის ჩადებას.

———————-

„ვერსია“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი

ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე, ჩეჩენი ბოევიკების დახმარებით, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს?

ვინ არის რუსლან ტიმაევი, როგორ გახდა აგენტი და რა დავალება მიიღო ლორთქიფანიძისგან

ბათო ჯაფარიძე

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოდესის პოლიციის უფროსი საქართველოში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციისთვის ემზადება. როგორც ჩვენი გამოცემისთვის კონფიდენციალური წყაროსგან გახდა ცნობილი, გია ლორთქიფანიძის დავალებით, მისი ყოფილი აგენტი, რუსლან ტიმაევი ევროპასა და აზიაში ე.წ. ჩეჩენი ბოევიკების მობილიზაციას ახდენს. საქართველოში მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყანაში შემოსულმა ჩეჩენმა მებრძოლებმა მითითებები უკრაინიდან უნდა მიიღონ, დესტაბილიზაციის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები შეასრულონ და ამისთვის სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისგან უხვ ჯილდოს მიიღებენ.
რაც შეეხება, რუსლან ტიმაევს, იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და სააკაშვილის ხელისუფლების შს მინისტრის ყოფილ მოადგილესთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებსგარეთ, გია ლორთქიფანიძის დავალებით არაერთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.

მაინც, ვინ არის რუსლან ტიმაევი და რა კავშირი ჰქონდა და აქვს ოდესის პოლიციის უფროს გია ლორთქიფანიძესთან? ამ კავშირის შესახებ რამდენიმე დეტალი წყარომ ექსკლუზიურად მოგვაწოდა.

ვინ არის რუსლან ტიმაევი? იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. თავის დროზე მას საქართველოში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა და ჩვენს ქვეყანაში ალი დაბუევის სახელით იცნობენ. ჩვენი გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტიმაევი, იგივე დაბუევი გია ლორთქიფანიძის აგენტი იმ პერიოდში გახდა, როდესაც ის ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი იყო. მოგვიანებით, როცა ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, ჩეჩენ აგენტთან კავშირი არ გაუწყვეტია.

იმ პერიოდში, თბილისში მცხოვრებმა ჩეჩნებმაც კი იცოდნენ, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების მფარველობით რუსლან ტიმაევი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით ყველგან თავისუფლად გადაადგილდებოდა.

ცნობილია კიდევ ერთი გვარი, რომელსაც ტიმაევი ატარებდა. მასზე გაცემული იყო ოპერატიული პასპორტი, სადაც ის რუსლან პაპასკირის სახელით ფიქსირდებოდა.
ტიმაევის სახელს უკავშირდება 2012 წელს, თურქეთში ჩადენილი დანაშაულებრივი ეპიზოდებიც. უფრო კონკრეტულად კი, ცნობილია, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ის რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს ინტენსიურად ხვდებოდა და მისგან პერიოდულად სპეციალურ დავალებებს იღებდა. ტიმაევს თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ჩეჩენი საველე მეთაურების ლიკვიდაციას უკვეთავდნენ.

დავალებებს ტიმაევი ფარულად ფირზე იწერდა, ვიდეომასალების ჩამწერი მოწყობილობა კი, სავარაუდოდ, გია ლორთქიფანიძემ მისცა.

ჩვენი გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ეს ფარული ჩანაწერები შემთხვევით თურქეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. სწორედ ეს გახდა 2012 წელს მისი დაკავების მიზეზი. ტიმაევი, იგივე ალი დაბუევი, იგივე რუსლან პაპასკირი სირიიდან სტამბოლის გავლით, ეგვიპტეში მიემგზავრებოდა, როდესაც ათათურქის აეროპორტში დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თურქეთის ციხეში მან სასჯელი სრულად მოიხადა.

საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ტიმაევი უკრაინაში, ჯერ კიევში ჩაფრინდა, მოგვიანებით კი ოდესაში, გია ლორთქიფანიძესთან ჩავიდა. პაპასკირი, ოდესის პოლიციის უფროსის მფარველობით, როგორც ამბობენ, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით იქაც თავისუფლად გადაადგილდება.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახლახან პაპასკირი სწორედ ლორთქიფანიძის დავალებით, ევროპასა და აზიაში ჩეჩენი ეროვნების პირებს დაუკავშირდა და მათ საქართველოში ჩასვლა სთხოვა.

დავალება ასეთია: ჩეჩნები ჩვენს ქვეყანაში უნდა დაბინავდნენ და არჩევნების შემდეგ, ოდესის პოლიციის ყოფილი უფროსისგან მითითებებს უნდა დაელოდონ.
რაც შეეხება იმ ჩეჩნებს, რომელთა მობილიზაციაც პაპასკირს დაევალა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან და მათი აქ ჩამოსვლის მიზანი დესტაბილიზაციის შექმნაა.

ჩვენივე წყაროს თქმით, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მათ არჩევნების შემდეგ არაერთი დაპირება მისცა, მათ შორის ბიზნესების ლობირება და პრივილეგიებით სარგებლობა.

———–

P.S. ვერსია“კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას გია ლორთქიფანიძესთან ამაოდ ცდილობდა, თუმცა როგორც ცნობილია, ოდესის პოლიციის უფროსი საქართველოში 15 ოქტომბრისთვის აპირებს ჩამოსვლას და მისი ადვოკატის თქმით, მზადაა, ყველა კითხვას უპასუხოს. ,,ვერსიაიმედოვნებს, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ზემოხსენებულ თემაზე გასაუბრებას მაშინ მაინც მოახერხებს.

„ვერსია“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი

დასაქმების მითები პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო პროგრამებში

რეალურად, ვინ ქმნის სამუშაო ადგილებს - სახელმწიფო თუ ბიზნესი

მაია მიშელაძე

მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა წლებია საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური მითია. საერთოდ, თანამედროვე ქართული პოლიტიკური მითოლოგია ისეთი დაპირებებითაა სავსეა სავსე, რომლებსაც პოლიტიკოსები, ამომრჩევლის ხმის სანაცვლოდ, სატყუარასავით ისვრიან. მითიური დაპირებების ეპოქა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ცალკეული პოლიტოლოგების შეფასებით, ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და იოლად აღარ ტყუვდება. ამომრჩეველთან ერთად, პოლიტიკოსებიც ,,გაიზარდნენ” და წინასაარჩევნო მითებიდან ყველაზე ზღაპრული დაპირებები გააქრეს. მაგალითად, დღეს ყველამ იცის, რომ უფასო არც დენი იქნება, არც გაზი და არც წყალი. შესაბამისად, ასეთ მითებს აღარავინ იჯერებს. სამაგიეროდ, პოლიტიკოსებიც შეფუცხუნდნენ და წინასაარჩევნო დაპირებები ეკონომიკური ტერმინოლოგიით ისე ოსტატურად შეფუთეს, საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველს გაუჭირდება განასხვაოს, დაპირება რეალურია თუ ირეალური. წინასაარჩევნო დაპირებებიდან ამჯერად, „ვერსია“ ყველაზე მეტად გავრცელებულ – დასაქმების მითს განიხილავს, თუმცა სანამ დეტალურად გავაანალიზებთ, რომელი პარტია რამდენ სამუშაო ადგილს გვპირდება, ერთ ,,ოქროს საიდუმლოს” გაგანდობთ: მოვისმინოთ, რომელი პოლიტიკოსი დაგვასაქმებს, მაგრამ არ დავიჯეროთ ანუ გვახსოვდეს, რომ ეს დაპირება, როგორც იტყვიან, ზღაპარია, რადგან სამუშაო ადგილებს ხელისუფლება კი არა, ბიზნესი ქმნის!

ოთხწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება, რაც პარტიის წინასაარჩევნო კლიპებშიც კარგად ჩანს. მეტიც, ნაციონალები 9-წლიანი მმართველობისას დაშვებულ შეცდომებს ნანობენ და სამართლიანობის აღდგენასაც კი გვპირდებიან, თუმცა მათი დაპირებებიდან ყველაზე მთავარი მაინც უმუშევარი მოსახლეობის დასაქმებაა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 45 000 სამუშაო ადგილს ისე ომახიანად გვპირდებიან, თითქოს 2003-2012 წლებში ხელს ვინმე უშლიდა, ხალხი დაესაქმებინათ?! ის ,,ოქროს საიდუმლო” ხომ გახსოვთ, სამუშაო ადგილებს ბიზნესი რომ ქმნის? ჰოდა, პარტია, რომელიც 9 წელი ბიზნესს ატერორებდა, ბიზნესმენებს კი ციხეში სვამდა, რათა მათი კუთვნილი წილები შანტაჟითა და მუქარით გადაეფორმებინა, საჯარო სექტორში ცხადია, მხოლოდ უერთგულესი გარემოცვის საახლობლოს დაასაქმებდა.

„ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მეწარმეებისთვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის მიცემის გარეშე შეუძლებელია, რაც თავის მხრივ, რეგულაციების მნიშვნელოვან და შეუქცევად შემცირებას გულისხმობს! ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ბიზნესი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ბიზნესს უნდა შეექმნას განვითარებისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ამის საწინდარი კი საგადასახადო ადმინისტრირების განჭვრეტადობა, პროპორციულობა და მაქსიმალური გამარტივებაა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ მოვახდენთ სრულ საგადასახადო ამნისტიას; ამნისტიის შემდეგ, საგადასახადო მიზნებისთვის ხანდაზმულობის ვადას შევამცირებთ 3 წლამდე; ჩვენი ინიციატივით, კანონმდებლობის დაცვით, გადასახადების შემცირება არ ჩაითვლება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად; ჩვენ მოვახდენთ 500 000 ლარამდე (დღეს არსებული 50 000 ლარის ნაცვლად) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას. ასეთ შემთხვევებში დავა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება; ჩვენ შევცვლით საგადასახადო ინკასოსა და ნებისმიერი სახის ყადაღის დადების წესს მესაკუთრის სასარგებლოდ – ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და დავალიანების პროპორციულად მოხდება. ბიზნესის თავისუფლებისა და დაცულობის თვალსაზრისით, ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოცდილება. დღეს, როცა საქართველოში ბიზნესის უდიდესი ნაწილი გამოსულია ჩრდილიდან და უმეტესწილად, ლეგალური და კანონმორჩილია, სახელმწიფოს მხრიდან ე.წ. მკაცრი ადმინისტრირება აფერხებს მეწარმეობის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მხოლოდ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ლიბერალური თანამშრომლობითი ურთიერთდამოკიდებულება მოგვცემს სწრაფ ზრდასა და ახალ სამუშაო ადგილებს!“, – ვკითხულობთ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამაში.

საგადასახადო ამნისტიის გარდა, ყოფილი მმართველი გუნდი გადასახადების შემცირებასაც გვპირდება და გვარწმუნებს, რომ ეს საკმარისი წინაპირობაა, რათა ქვეყანაში 45 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას. ეკონომიკური თეორიით, მართლაც ასეა: თუ საშემოსავლო და მოგების გადასახადი შემცირდება, ბიზნესს ხარჯები შეუმცირდება, რამაც შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, თუმცა ისიც შესაძლებელი და უფრო რეალურიცაა, რომ გადასახადების შემცირებით გამოთავისუფლებული თანხა ბიზნესმა რეინვესტირების სახით გამოიყენოს ანუ ახალი სამუშაო ადგილი კი არ შექმნას, არამედ არსებული განავითაროს და თანამშრომლები ფინანსურად წაახალისოს. ესეც თქვენი 45 000-იანი სამუშაო ადგილის მითი!

მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს მითებში არც მოქმედი ხელისუფლება ჩამორჩება, მეტიც – ნაციონალების 45 000-ს ,,ქართული ოცნება” თითქმის აოთხმაგებს და 200 000 სამუშაო ადგილს გვპირდება. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კლიპიც შესაფერისია -აყვავებული სოფლის მეურნეობა; ძლიერი ჯარი; ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა, რაც „დრონის“ სახით, მთელ კლიპს ლაიტმოტივად გასდევს; ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება; სწრაფი ეკონომიკური ზრდა (ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ლამაზი ხედებისა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის ფონზე); ლაღი, ბედნიერი, გაბრწყინებული ძველი და ახალი თაობა. „გიხაროდენ, გიხაროდენ, მზემ ღრუბლები გადადენა“ კი არადა, „ჩემი საქართველო აქ არი“…

მართალია, სპეციალისტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა პრაგმატულად გათვლილ რეალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება და მასში ციფრების ბრახა-ბრუხიც ყველაზე ნაკლებადაა, მაგრამ 200 000-იანი სამუშაო ადგილის პოლიტეკონომიკურ მითს ვერც მმართველი გუნდი გაექცა:

„შემდგომი 4 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი; ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი; ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი; დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი; ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი“.

მთავარი ის კი არაა, ბიზნესი, ხელისუფლების ხელშეწყობით, რამდენ ათას სამუშაო ადგილს შექმნის, არამედ, ადამიანები რა პრინციპითა და როგორ დასაქმდებიან. სხვანაირად რომ ვთქვათ, პრობლემა უმუშევრობა კი არა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა და უმუშევრობის მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა – ხალხს სათანადო უნარ-ჩვევები არ აქვს. პრობლემა განათლების სისტემაში, ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებსა და სნობურ ტრენდს აყოლილი, ე.წ. მოდური საბაკალავრო პროგრამების – საერთაშორისო ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, უცხო ენებისა და ასე შემდეგ ათვისებაშია. შედეგად, დიპლომიან არაპროფესიონალებს ვიღებთ, რომლებმაც პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამა წარმატებით გაიარეს და… სამუშაოს დაუსრულებლად ეძებენ.

ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას გადასახადების შემცირება კი არა, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება იწვევს. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გასაღები ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო კურსში კი არა, ჩვენს მენტალიტეტშია – ვართ ჩვენი საქმის პროფესიონალები ანუ ისე ვვითარდებით, როგორც ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს შეეფერებათ თუ საბჭოთა პერიოდში ჩავრჩით, სადაც მთავარი დიპლომიანი სასიძო ან სარძლო იყო? უამრავი ჰესი შენდება და წინააღმდეგობის მიუხედავად, მომავალშიც აშენდება. ენერგეტიკა ინვესტიციატევადი უმნიშვნელოვანესი დარგია, ამიტომ უცხოელ ინვესტორებს, ძირითადად, ენერგოპროექტები აინტერესებთ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ინვესტორი ვალდებულია, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს. ქვეყანაში, სადაც ტაქსის მძღოლსაც კი „ორი დიპლომი“ აქვს, რამდენი კვალიფიციური მუშახელია რეგისტრირებული შრომის ბაზარზე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ფლობს? „კომუნისტების დროს, ქარხანაში ზეინკლად ვმუშაობდი”, – აქ არ გამოგვადგება. მნიშვნელობა არ აქვს, 9 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში 45 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, 200 000 თუ ნახევარი მილიონი, მთავარი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების განვითარება და მათი ხელშეწყობაა.

დასაქმების მითი დეტალურად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ მაგალითებზე იმიტომ განვიხილეთ, რომ კონკრეტულ ციფრებს მხოლოდ ეს ორი პარტია გვთავაზობს, თორემ ამ მითს ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები, ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია და პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვისაც შესანიშნავად იყენებენ. განსხვავება ისაა, რომ ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძის, დავით უსუფაშვილისა და პაატა ბურჭულაძის ეკონომისტებმა ჭკუა იხმარეს და წინასაარჩევნო პროგრამებში კონკრეტული ციფრი არ მიუთითეს ანუ არ ვიცით, ეს პარტიები, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, რამდენ ათას სამუშაო ადგილს შექმნიან. სამაგიეროდ, ბიზნესის ხელშეწყობა, გადასახადების შემცირება, ფინანსური პოლიციის გაუქმება, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა, მოსახლეობის საზღვარგარეთ მიგრაციის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ამ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ნაწილის მთავარი მიმართულებებია. მეტიც, ოთხ წელიწადში, საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება-გასამმაგებასაც გვპირდებიან და გვარწმუნებენ, მართალია, გადასახადებს შევამცირებთ, მაგრამ ბიუჯეტი მაინც გაიზრდება, რადგან სახელმწიფო ბიუროკრატიას შევამცირებთო. შემცირებაში როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისა და უწყებების გაუქმება იგულისხმება. სინამდვილეში, ესეც მორიგი მითია, რადგან მცირე ზომის ბიუროკრატია 4 წელიწადში ვერ და არ შეიქმნება. ,,ვერსიამ” არაერთხელ ჩაატარა ექსპერიმენტი და არსებული 19 სამინისტროდან ხან 6 გააუქმა, ხან 8, მაგრამ ეს არის თემა, რასაც გააზრებული, კარგად გათვლილი და მყარი არგუმენტებით გაჯერებული პროექტი სჭირდება. მცირე ზომის ბიუროკრატიის შესაქმნელად გრძელვადიანი რეფორმაა საჭირო, რასაც ერთი კი არა, რამდენიმე 4 წელი სჭირდება…

———————-

„თბილისელები“, 03 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: რატომ გაუქრობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხება ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების სურვილს

ნინო ხაჩიძე

საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და დააანონსა, რომ ქართულ პროდუქციას ყოველგვარი ბარიერის გარეშე გაეხსნა გზა მილიარდ 500-მილიონიან ბაზარზე, რაც, ერთი შეხედვით, 4-მილიონიანი საქართველოსთვის, მართლაც, შთამბეჭდავი პერსპექტივაა, თუმცა ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ სიახლისადმი და მათ რიცხვშია გია ხუხაშვილიც, თუ რატომ სჭარბობს, მისი შეფასებით, ნეგატიური პოზიტიურს ამ შეთანხმებაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თქვენ რა რისკებს ხედავთ ამ შეთანხმებაში?

- მე არ ვამბობ, რომ ეს არის ცუდი, მაგრამ ნებისმიერ ქმედებას ახლავს თავისი დადებითი მხარე და რისკები. როდესაც ხელისუფლება, ნებისმიერი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი მუდმივად ლაპარაკობს რაღაცის დადებით მხარეებზე, ქმნის ვირტუალური კეთილდღეობის სურათს და არაფერს ამბობს რსიკებზე, ეს ჩემში დადებით ემოციებს არ იწვევს. სახელმწიფოებრივი აზროვნება ნიშნავს იმას, რომ დათვლილი უნდა გქონდეს ცუდი სცენარები და უნდა აზღვევდეს შესაძლო მინუსებს, რაც შიძლება მოსდევდეს ამა თუ იმ ქმედებას. ასე იქცევა მთელი ცივილიზებული სამყარო და ძალიან ძნელად თუ იპოვით ქვეყანას, რომელსაც ჩინეთთან აქვს გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება და გასაგებია, რატომ: ჩინურ პროდუქციას აქვს კონკურენტული უპირატესობა დღევანდელ სამყაროში.

- ყველაზე მცირეა მისი თვითღირებულება და იაფია პროდუქტი.

- ამ კონკურენტულ უპირატესობას კიდევ უფრო აძლიერებს ორმხრივი პრეფერენციები. ჩინეთს მოაპოვებინებს ახალ ბაზრებს, მის ეკონომიკურ პარტნიორებს კი, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პრეფერენციები აქვთ, რაკი მათი პროდუქცია არ არის კონკურენტუნარიანი ან უბრალოდ არ აქვთ ასეთი პროდუქცია, აზარალებს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩინეთის მილარდ-ნახევრიანი ბაზარი იხსნებაო, მაგრამ ძალიან სასაცილოა ამის გაცხადება ქვეყნისგან, რომელიც არაფერს აწარმოებს.

- ჩვენთვის, 4-მილიონიანი ქვეყნისთვის, რა მომხიბვლელობა აქვს მილიარდ-ნახევრიან ბაზარს, გასაგებია, მაგრამ მილიარდ-ნახევრიანი ჩინეთისთვის რა მომხიბვლელობა აქვს 4-მილიონიან ბაზარს? ლამის ერთი სუპერმარკეტის ხალხი ვართ.

- ჩინეთისთვის საინტერესოა ნებისმიერი ბაზარი: მცირე თუ დიდი. მას აქვს კონკურენტული პროდუქციის ჭარბწარმოება. რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზარი მისთვის არ არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მისთვის, თუნდაც, მცირე დივიდენდია. მით უფრო, რომ ამით ჩინურ ბაზარს რისკები არ ექმნება. ერთადერთი კონკურენტუნარიანი პროდუქტია ღვინო და წყლის შეზღუდული სეგმენტი. ახლა აგიხსნით, ამ შეთანხმებამ გრძელვადიან პერსპექტივაში რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს ქვეყანას. ჩვენი ეკონომიკის რეალური, ანუ მწარმოებლური სექტორი დღეს არის ფორმირების ფაზაში და იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ სტაბილური ეკონომიკა, აუცილებლად გვჭირდება რეალური ეკონომიკის განვითარება, ანუ წარმოების ამუშავება. წარმოება რომ აამუშავო, ამას სჭირდება შიგა ბაზრის დაცვა გარკვეული პერიოდით. იმიტომ რომ, როდესაც ინვესტორი ფულს დებს, ის ითვლის რამდენიმე წელზე, რომ თავისი ინვესტიცია ამოიღოს. იმისთვის, რომ ინვესტიცია ამოიღოს, შიგა ბაზარზე მისი პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტული. როდესაც აითვისებს შიგა ბაზარს, დახვეწავს წარმოებას, ამის შემდეგ უნდა შექმნას საერთაშორისო კონკურენტული პროდუქტი, რომ გარე ბაზარზე გავიდეს. ასეთი გარემოს შესაქმნელად, ჩემი აზრით, გვჭირდება გარკვეული დროით, ალბათ, 3-5 წლით ეკონომიკური საზღვრის მორღვევა კი არა, დაცვა, რომ სტიმული მივცეთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ინვესტორისთვის იყოს მომგებიანი ამა თუ იმ პროდუქციის წარმოება. ხოლო, თუ ჩვენ პარალელურად იმპორტულ პროდუქტს და ყველაზე სარისკო ჩინურ პროდუქტს მწავე შუქს ავუნთებთ და გავუხსნით ქართულ ბაზარს, ამით, ფაქტობრივად, ინვესტიციებს რეალურ სექტორში გავხდით უპერსპექტივოს. წარმოიდგინეთ პოტენციალური ინვესტორი, რომელიც რაღაცის წარმოებას გეგმავს საქართველოში და ამ დროს ბაზარი გაჯერებულია ჩინური, დაბალი ღირებულების პროდუქციით. ის დათვლის, რამხელა ინვესტიციაა ჩასადები, რა იქნება მისი პროდუქტის ღირებულება და როდესაც დაინახავს, რომ ჩინურ პროდუქტთან არაკონკურენტუნარიანი იქნება მისი ორი წლის შემდეგ გამოშვებული პროდუქცია, ცხადია, ინვესტიციას არ ჩადებს. შესაბამისად, ჩინეთვისთვის მწვანე შუქის ანთებით ჩვენ, ფაქტობრივად, პერსპექტივას ვუკლავთ, უინტერესოს ვხდით საქართველოს რეალურ სექტორში ინვესტირებას. ამდენად, ასეთი ნაბიჯებით სტაბილური ეკონომიკის აშენების პერსპექტივას კი არ ვაძლიერებთ, არამედ ვასუსტებთ. თუ გასაგებად ავხსენი.

- გასაგებია, ცნობილია, რომ ჩინეთს ერიდება ყველა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიც...

- ჩინეთი კონკურუნტულ ბრძოლაში არის აგრესიული. მისი ამოცანა გრელვადიანია და ის ატარებს ექსპანსიონისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩინეთი დასდევს ყველა ქვეყანას, ხელი მომიწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეა, მაგრამ არავინ უწერს ხელს. და მაინტერესებს, სანამ ჩვენები ასე ტაშ-ფანდურით მოაწერდნენ ხელს, ჰკითხეს რომელიმე ევროპულ ქვეყანას, რატომ არ აწერენ ისინი ჩინეთთან ანალოგიურ ხელშეკრულებაზე ხელს?! მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია ასეთი ფიარმიდგომა და ერთჯერად დივიდენდს შეიძლება, გადააყოლონ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი განვითარების ინტერესი. ანუ კლასიკური შემთხვევაა, როდესაც ნაბან წყალს გადააყოლებენ ხოლმე ბავშვს.

- თქვენც აღნიშნეთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა დადებითი მხარე აქვს ჩინეთთან თავისფალი ვარჭობის შეთანხმებას?

- დადებითი ის გახლავთ, რომ ჩინური ბაზრის გახსნა კარგია ჩვენი ღვინის მწარმოებლებისთვის.

- მაშინაც კი, როდესაც ჩინელები არ სვამენ ღვინოს? ეს თეზა ჯერ კიდევ საკაშვილის პერიოდიდან მახსოვს...

- რომ უსუნონ ღვინოს, მაინც კარგია ჩვენთვის, მაინც ბევრი გაიყიდება მხოლოდ ყნოსვაზე რომ იყვნენ ორიენტირებულები. ანუ იმდენად დიდი ბაზარია, რომ ჩვენს ამ მწირ მოცულობებს მაინც აითვისებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ექსპორტის პრობლემა, ღვინისა და წყლის გატანა არის პლუსი და გარკვეულწილად ვიღაცას აქვს იმის ილუზია, რომ ამ ხელშეკრულების ბაზაზე ჩინური ინვესტიციები გაძლიერდება საქრთველოში.

- ილუზია რატომ არის?

- თუ ჩვენი ბაზარი ჩინური პროდუქციისთვის გახსნილია, იმპორტზე შემოიტანს ჩინელი მეწარმე თუ ადგილზე აწარმოებს, თუ განსხვავება არ იქნა საგადასახდო და სხვა რეჟიმებში, მაშინ რა სტიმული აქვს მას, რომ აქ ააშენოს წარმოება და თავისი უკვე აშენებულიდან არ შემოიტანოს?! მე ვიტყოდი, პირიქით, ჩინური ინვესტიციების მოზიდვისთვის ამ ხელშეკრულების არარსებობა ბევრად მეტი სტიმული იქნებოდა. იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება უაზროს ხდის საქართველოში ჩინური ინვესტიციების შემოდინებას, რადგან ჩვენი ბაზრის ათვისება ჩინური იმპორტითაც კარგად შეიძლება.

- ევროასოცირების შეთანხმება არ არის მომხიბვლელი ჩინელებისთვის აქ საწარმოების ასაშენებლად და თავიანთი პროდუქციის, როგორც საქართველოში წარმოებულის ევროკავშირში გატანა?

- რაც შეეხება საქართველოს ტრანზიტად გამოყენებას: ამას ეს ხელშეკრულება სულაც არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური ეკონომიკური ზონების კანონმდებლობა, რის მიხედვითაც ჩინელებს ისედაც შეეძლოთ ამის გაკეთება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ სჭირდებოდათ.

- პოლიტიკურ კონტექსტსაც რომ შევეხოთ: ლაპარაკია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინელების ჩართვაზე, იმ გათვლითაც, რომ რუსეთი ჩინეთს ვერ გაუბედავს იმას, საქართველოს...

- სამწუხაროდ, სულ ნეგატიური კომენტარების გაკეთება მიწევს, იმიტომ რომ მე ანაკლიის პორტის მშენებლობასაც არ ვთვლი ჩვენთვის სასარგებლოდ. პირიქით, ჩემი აზრით, საკმაოდ მაღალი რისკების შემცველი პროექტია და მე ვერ ვხედავ ეკონომიკურ დასაბუთებას იმისას, რა საჭიროა მეოთხე პორტი, როდესაც უკვე არსებული სამის სიმძლავრე 50-პროცენტითაა დატვირთული. და მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით პერსპექტივას, რომ თუნდაც არსებული სამი პორტის სრულად დატვირთვა იყოს შესაძლებელი. მეოთხე პორტის მშენებლობა, ნაცვლად იმისა, რომ მოგვიტანოს დივიდენდი, პირიქით, მინუსი მოაქვს. პორტებს სჭირდება ლიკვიდურობა. წარმოიდგინეთ, რომ არის ტორტის ნაჭერი და სამი პორტი, ბათუმი, ფოთი და ყულევი, მეტნაკლებად ნაყრდება, ეს რომ ოთხზე გაიყოფა, ჩვენ სამი მეტნაკლებად დანაყრებულის ნაცვლად შეიძლება, მივიღოთ ოთხი მშიერი.

- და ჩინელები რატომ ჩადებენ მაშინ ფულს ანაკლიის პორტის მშენებლობაში, თუ მეოთხე დამშეულები უნდა იყვნენ?

- ჩინელებისთვის ეს პრობლემა არ არის. ჩინელები არ იფიქრებენ სხვა პორტებზე. სხვა პორტები თუ გაკოტრდება, ჩინელებს რა პრობლემა ექმნებათ?!

- იმას ამბობთ, რომ იმ ტორტის ნაჭერს, ფიგურალურად, მთლიანად შეჭამს ანაკლიის პორტი?

- რა თქმა უნდა. თუ ანაკლიაში მათი ინტერესი იქნება, ისინი იმუშავებენ თავის პორტზე და ქით გადაამისამართებენ თავიანთ ტვირთებს და მიხედავენ თავიანთ ბიზნესს. აქ კიდევ სხვა პრობლემაცაა: ყარსი-ახალქალაქის პროექტის ამოქმედების შემდეგ იმ ტვირთების ნაწილიც კი, რაც არის, სახმელეთო გზით გადამისამართდება თურქეთის მიმართულებით, ანუ ჩვენი პორტები იმ ტვირთებსაც დაკარგავენ. არ გამოვრიცხავ თეორიულ ვარიანტს, რომ ჩვენ არღაც მივიღოთ ამ პროექტებიდან, მაგრამ ძალიან მაღალია რისკი, რომ ნაცვლად ეკონომიკური აღმავლობისა, მივიღოთ საპირისპირო სურათი.

- ყარსი-ახალქალაქის რკინიგზით გასაგები იყო, რომ ჩვენსავე თავს, ჩვენსავე რკინიგზას ვუქმნიდით კონკურენტს და მაშინ თქვენ ამბობდით, მახსოვს, რომ შეიძლებოდა რუსული ტვირთების დამატებით მოზიდვა და ჩრდილეოთი-სამხერთი დეერფნის ამოქმედება. ახლა ეს პერსპექტივა ჩაიკეტა?

- მე არ ვამბობ, რომ ჩაიკეტა, მე ვამბობ, რომ არის რისკები. რა თქმა უნდა, შეიძლება, რუსული ტვირთები გავატაროთ ან დამატებითმა ტვირთებმა უზრუნველყონ ის მიმართულება, მაგრამ ეს ყველაფერი არის თეორია, რეალურად რისკები ძალიან მაღალაი. რუსული ტვირთები ან წამოვა, ან არა. იმავე კასპიის ზღვის საბორნე გადასასვლელებს სისტემა არ არის ორიენტირებული ტვირთბრუნვის ზრდაზე, აზერბაიჯანის რკინიგზის მოდერნიზებაცაა საჭირო, რომ ტვირთბრუნვა გაიზარდოს.

- ამ შეთანხმების უარყოფით შედეგს რა დროში დავინახავთ?

- მე არ ვვარაუდობ, რომ აუცილებლად უარყოფითი შედეგი ექნება, უბრალოდ რისკებია მაღალი, ხრორ, თუ ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, მას ექნება ნულოვანი შედეგი, რადგან ჩვენთან წარმოება არ განვითარდება. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მომხმარებელ ქვეყნად დავრჩეთ?! ეს ხელშეკრულება შეიცავს რისკს, რომ დავრჩეთ მომხმარებელ ქვეყნად. თუმცა ასეთი ქვეყნებიც არიან და არსებობენ.

- ანუ მივიღებთ უფრო დიდ მასშტაბში იმ ტიპის ურთიერთობას, რაც გვაქვს თურქეთთან?

- ის რისკი, რაც იქმნება თურქეთის მხრიდან, მინიმუმ ორმაგდება ჩინეთის სახით. შესაბამისად, ინვესტორისთვის, ადგილობრივისა თუ უცხოელისთვის, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტირებას აზრი აღარ ექნება. თუ თქვენ უფრო ძვირი დაგიჯდებათ აქ წარმოებული პროდუქცია, ვიდრე ჩინეთში დამზადებული, ხომ არ აწარმოებთ ასეთ პროდუქტს?!

- ჩინური ხარისხოა იაფი, ხარისხიანი ჩინური პროდუქტი ძვირი ღირს. უხარისხო რატომ უნდა ვიყიდო?

- მე არ მგონია, რომ ისეთი სოციალური სტატუსის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხარისხი რამეს წყვეტდეს. ქვეყნის სოციალური სტატუსი იქნება დაბალი, სანამ ადამიანები არ იქნებიან დასაქმებულები. ხალხი ვერასდროს დასაქმდება, სანამ ადგილზე წარმოება რა ამუშავდება, ადგილზე წარმოება ვერ ამუშავდება, სანამ იმპორტს მწვანე შუქი ექნება ანთებული. ეს ყველფერი გადაჯაჭვულია და სანამ ჩვენ გვაქვს მაღალი სოციალური რისკები, ასეთი მოქალაქე ხარისხს არ გაარჩევს, ის ეძებს იაფს.

Comments are closed