globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 4 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 4th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „კუმურდოელებთან ჩემი გუბერნატორობის დროსაც იყო პრობლემები, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა შევძელით“ // „ჯავახეთში ვითარებას ნაციონალები ურევდნენ“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „ნაციონალების“ მთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია“ // „როცა „ნაცმოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენ“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაზა ბიბილაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კონსტიტუციით ქართველი ხალხი არ იცხოვრებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „კატალონიისა და აფხაზეთის მოვლენებს შორის საერთო არაფერია“

——

საქართველო და მსოფლიო“: ვის ამზადებს „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარედ

—————–

ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „კუმურდოელებთან ჩემი გუბერნატორობის დროსაც იყო პრობლემები, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა შევძელით“ // „ჯავახეთში ვითარებას ნაციონალები ურევდნენ“ // „ახალქალაქში იარაღით მოვაჭრეს დილის 7 საათზე დავადექით თავზე. თან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მახლდა

ბრუნდება თუ არა ჯავახეთში 1990-იანი წლები, როგორ მუშაობდნენ იქ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, რა ინფორმაციები ჟონავდა უშიშროების საბჭოდან, ვის ინტერესშია საზღვრისპირა რეგიონებში არეულობის მოწყობა, რა ხდება კუმურდოში, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში სერიოზული ინციდენტი მოხდა და ჯავახეთის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საუბარია იმ ძალების გააქტიურებაზე, რომლებიც ჯავახეთის ავტონომიას ითხოვენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ამ რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა იყო, საქართველოს ხელისუფლება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ვერ შედიოდა. იმ დროში ხომ არ ვბრუნდებით?

- იმ დროში არ ვბრუნდებით, მაშინ მართლა წარმოუდგენელი რამე ხდებოდა ჯავახეთის რეგიონში. ჯავახეთი ტერიტორიულად საქართველოს ნაწილი კი იყო, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც ძალიან სუსტი იყო, პოლიტიკურად არ ექვემდებარებოდა. ახალქალაქისა და ნინოწმინდის გამგეობების შენობებზე გამოფენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების და სხვადასხვა სიმბოლიკიანი დროშები. სამაგიეროდ, იქ არ იყო საქართველოს სახელმწიფო დროშა. არსად არ იყო ქართული წარწერები. ეს უცხო დროშები ჩემი ხელით ჩამოვხსენი და ქართული აღვმართე. დროშის ჩამოსახსნელად რომ ავდიოდი, თან იმას ვფიქრობდი, ვიღაცამ ზურგში ტყვია არ მესროლოს-მეთქი.

პრეზიდენტის რწმუნებულს ჯავახეთში არ უშვებდნენ. ახალქალაქში რომ შესულიყავი, შლაგბაუმები უნდა გაგევლო. მეც მომიწია ამ შლაგბაუმის გავლა და პირველი რწმუნებული ვიყავი, რომელიც ჯავახეთის ტერიტორიაზე შევიდა. სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშვნამდე სომხეთში საქართველოს ელჩი ვიყავი. ერევანში ბევრი ნაცნობი მყავდა და ისინი ძალიან დამეხმარნენ ჯავახეთის რეგიონში სიტუაციის დალაგებაში.

- არადა, ითვლება და ითვლებოდა, რომ ჯავახეთის რეგიონში არეულობა ყველაზე მეტად ერევანს აწყობს...

- როდესაც რწმუნებულად დავინიშნე, სომხეთის პრეზიდენტი იყო ლევონ ტერ პეტროსიანი. ის ანტიქართულ ქმედებებს არასდროს უჭერდა მხარს. ჯავახეთში არეულობა არც სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას აწყობს.

ჯავახეთი არის სასაზღვრო რეგიონი და, როგორც ყველა სასაზღვრო რეგიონში, აქაც ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესები იკვეთება. სპეცსამსახურები ადრეც აქტიურად მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ. ამ რეგიონში ვითარებას ისიც ართულებდა, რომ ახალქალაქში იყო რუსული სამხედრო ბაზა. ისინი ადგილობრივ სეპარატისტებსა და კონტრაბანდისტებს ღიად მფარველობდნენ. როცა ჯავახეთზე ვსაუბრობთ, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ იქ მხოლოდ სომხები იქცეოდნენ ანტისახელმწიფოებრივად. ამ რეგიონში 95% პროცენტი ეთნიკური სომეხია, მაგრამ უკანონობაში იქ მცხოვრები სხვა ეროვნებებიც იყვნენ ჩართული. ამას ხელშეწყობა ქართველი პოლიტიკოსებისგანაც ჰქონდა. ერევანში მითხრეს, რომ ერთ-ერთი პარტიის ლიდერები ჯავახეთს განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ჰპირდებოდნენ.

- მაშინ ხელისუფლებაში მოქალაქეთა კავშირი იყო. ამ პარტიის ლიდერებზეა საუბარი?

- მაგათზეა საუბარი. ვითომ რეფორმატორების ფრთაზე მაქვს საუბარი. ისინი შემდეგ ნაციონალები გახდნენ და მაღალი თანამდებობები ეკავათ. ეს ხალხი ჯავახეთის რეგიონში წესრიგის დამყარებაში ხელს ძალიან გვიშლიდა.

რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მე შევარდნაძესა და უშიშროების საბჭოს დეტალურ ინფორმაციებს ვაწვდიდი. ეს ინფორმაციები საიდუმლო იყო, მაგრამ უშიშროების საბჭოდან ამ ინფორმაციებმა გამოჟონვა დაიწყო. როცა ამის შესახებ შევიტყვე, შევარდნაძეს ვუთხარი, რის შემდეგაც ტაქტიკა შევცვალეთ. შევარდნაძე ამ წერილებს კითხულობდა და ჩემ თვალწინ ხევდა.

- რა ეწერა იქ იმისთანა, რომ ედუარდ შევარდნაძე მათ ხევდა?

- ამას ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ დადგება დრო და მოხდება მათი გასაჯაროება. საზოგადოება ბევრ საინტერესო და სკანდალურ დეტალს გაიგებს. ნახავენ, როგორ მუშაობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ერთ-ერთი პარტიის ლიდერები.

- შემთხვევით ამის ბრალი ხომ არ არის, 2004 წელს საქართველოდან გაქცევა რომ მოგიხდათ?

- ალბათ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი ამომიქექეს და რაღაც ერთი ინციდენტის გამო აღძრეს ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

- ამბობთ, რომ ამ დოკუმენტების გასაჯაროება მოხდება და, დარწმუნებული ხართ, რომ ის დოკუმენტები არ გაანადგურეს?

- შეიძლება გაანადგურეს კიდევაც, მაგრამ მათი ასლების მოძიება შეიძლება. ამ დოკუმენტებს „ახალ თაობასაც“ მივაწვდი. ყველა ნახავთ, რა ხდებოდა მაშინ ჯავახეთში.

სანამ რწმუნებულად დავინიშნებოდი, ჯავახეთში საქართველოს მთავრობის წევრები ჩავიდნენ. სამთავრობო გუნდში მინისტრი, მინისტრის მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე შედიოდნენ. უკანონო ფორმირებების წარმომადგენლებმა ისინი დააკავეს და რამდენიმე საათი საბძელში ჰყავდათ გამოკეტილი. ჯავახეთში იმდენად ძლიერი იყო ეს ფორმირება, რომ იქ თავის დროზე ვერც მხედრიონმა და ვერც გვარდიამ ცხვირიც კი ვერ შეყვეს.

- ამ ფორმირებებს ვინ აფინანსებდა?

- ეს ფორმირებები სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდნენ. მათ ჰქონდათ კარგი შეიარაღება. ისინი დაბანაკებული იყვნენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მდებარე ყოფილ პიონერთა ბანაკებში. ისინი რეგულარულად გადიოდნენ სამხედრო წვრთნებს. ამ ფორმირების წარმომადგენლებს ახალქალაქთან შლაგბაუმი ჰქონდათ აღმართული. ისინი გჩხრეკდნენ და გეკითხებოდნენ, რომელი სახელმწიფოდან იყავი ჩამოსული. ამ ფორმირებებში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც შემდეგ აქტიურად ჩაებნენ პოლიტიკაში და ხშირად ჩანდნენ ეკრანებზე.

იმ დროისთვის ჯავახეთი კორუფციასა და კონტრაბანდას მიჰქონდა. იქ უპრობლემოდ იყიდებოდა იარაღი. იარაღით მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია ყველას ჰქონდა, მაგრამ მათ დაკავებას ვერავინ ბედავდა, ან შეიძლება არც აწყობდათ.

როცა მეტ-ნაკლებად დავალაგეთ ვითარება, ახალქალაქში იარაღით მოვაჭრეს დილის 7 საათზე დავადექით თავზე. თან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მახლდა. სად გვყავდა მაშინ ჯიპები, მოფახფახებული გაზ-31-ით ავედით. იარაღით მოვაჭრემ კარი რომ გაგვიღო, მაშინვე ვკითხე, მიცნობდა თუ არა მე. მითხრა, რომ მიცნობდა. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ ამოეტანა „სტრელას“ ტიპის რაკეტები, რომლებსაც სარდაფში ინახავდა. მან საკუთარი ხელით ამოგვიტანა 7 ერთეული რაკეტა.

ერთი გავლენიანი ავტორიტეტი ცხოვრობდა ნინოწმინდაში. მასაც დავადექით თავზე. ის კაცი დიდი გავლენით სარგებლობდა, ვერავინ ეხებოდა. ვისაუბრეთ და რაღაც დროის შემდეგ მითხრა, რომ გავყოლოდი. გავყევი. რაღაც უზარმაზარ საბძელში შევედით, თან გულში ვფიქრობდი, ახლა ამან აქ არ მიმაკლას-მეთქი. საბძელში თივის ზვინები იდგა. თავის თანმხლებ პირებს უთხრა, რომ თივა გადაეყარათ. მათ გადაყარეს თივა და რას ვხედავ, ახალთახალი ჯავშანმანქანა დგას.

- საიდან ჰქონდა ჯავშანმანქანა?

- ეტყობა, ან რუსებმა მისცეს, ან იყიდა. თავად ეს კაცი იარაღით არ ვაჭრობდა. მითხრა, რომ ამ ჯავშანმანქანას მჩუქნიდა. მე მივიღე ეს საჩუქარი და თბილისში გამოვაგზავნე. მის წასაყვანად ხალხი გამომიგზავნეს. ჩვენ ხომ არაფრის მართვა არ ვიცით და, სანამ თბილისში ჩავიდოდნენ, 3-ჯერ მაინც მოხვდნენ ავარიაში.

ძალიან რთული იყო კონტრაბანდისტებთან ბრძოლა. როცა რწმუნებულად დავინიშნე, 250 შემოვლითი გზა ფუნქციონირებდა.

- საუბარი მხოლოდ ჯავახეთზეა თუ სამცხესაც გულისხმობთ?

- მხოლოდ ჯავახეთში იყო 250 შემოვლითი გზა. ეს გზები მოასფალტებული არ იყო, მაგრამ კონტრაბანდის გადასატანად გამოდგებოდა.

სამცხე-ჯავახეთში იყო ხე-ტყის, ქვის, ჯართისა და გაზის მაფია. ხე-ტყის გადამამუშავებელი ასზე მეტი საწარმო დავხურეთ. კონტრაბანდისტულ კლანებთან მოქალაქეთა კავშირის ლიდერები ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ეს კლანები მათ საარჩევნო კამპანიას უფინანსებდნენ.

მოქკავშირის ე.წ. რეფორმატორების გუნდს ჯავახეთი საჯილდაო ქვად ჰქონდა ქცეული. ისინი ყველასთან ვაჭრობდნენ: თუ ჩვენ თანამდებობებზე არ დაგვნიშნავთ, გრანტებსა და კრედიტებს არ გამოგიყოფთ, ჯავახეთში პრობლემებს აგიგორებთო. ამით აშანტაჟებდნენ შევარდნაძესაც. ჩემი ჩასვლის შემდეგ ჯავახეთში მათ შუამავლის ფუნქცია დაკარგეს.

- შეგიძლიათ ამ შუამავლების ვინაობა დაასახელოთ?

- ამ ფუნქციას მოქალაქეთა კავშირის თითქმის ყველა ლიდერი ასრულებდა. საუბარია იმ ხალხზე, რომლებმაც შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში გადაინაცვლეს. ეს ხალხი ჯავახეთის მოსახლეობასთან ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც ვაჭრობდა. დევნილობაში ყოფნის დროს ჩემმა სომეხმა მეგობარმა მითხრა, რომ ნაციონალები ჯავახელებს არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას სთავაზობდნენ.

ჯავახეთი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საშლიგინო იყო, მაგრამ ისინი არ გვიქმნიდნენ ისეთ პრობლემებს, როგორსაც ე.წ. რეფორმატორები ქმნიდნენ. მათ განეიტრალებაზე ძალიან ბევრი დრო გვეხარჯებოდა.

ჯავახეთში არცერთმა თანამდებობის პირმა არ იცოდა ქართული ენა. მე ისინი დავიბარე და ვუთხარი, რომ თუ 3 თვეში არ ისწავლიდნენ სახელმწიფო ენას, სამსახურებს დატოვებდნენ. ადგილზე ამის გაპროტესტება არავინ გაბედა. საპროტესტო განცხადებები ერევანში გააკეთეს. ამ შემთხვევაშიც ე.წ. რეფორმატორები აქტიურობდნენ.

სააკაშვილის წყალობით არაერთხელ დაიძაბა ჯავახეთში სიტუაცია. ამ მაოხრებელმა გზირმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო თურქი-მესხების მისაღებად. გადასახლებამდე ისინი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს ძალიან მწარედ ახსოვთ 1915 წელს თურქეთში დატრიალებული ტრაგედია. ისინი გენეტიკურად უფრთხიან თურქებს. ამავე მიზეზით იყვნენ ისინი ნატოში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი. მათთან აგიტაცია არავინ ჩაატარა და ეს ხალხი ფიქრობდა, რომ თუ საქართველო ნატოში შევიდოდა, საქართველოში თურქული ჯარი შემოვიდოდა. ეს იყო მიზეზი მათი მღელვარებისა. ბევრი მათგანი ხსნას რუსულ არმიაში ხედავდა. ისინი ამიტომაც ეწინააღმდეგებოდნენ ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას. ეს ბაზა ახალქალაქიდან მშვიდობიანად გავიდა.

- ბაზის გაყვანას არანაირი ინციდენტი არ მოჰყოლია?

- ბაზის გაყვანაზე შეთანხმებას სტამბოლის სამიტზე მოეწერა ხელი. ამის შემდეგ ახალქალაქის მე-15 სამხედრო ბრიგადამ ჯავახეთი დატოვა. ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჩვენ მიერ შედგენილი გრაფიკით ტოვებდა საქართველოს.

თავდაცვის მინისტრი მაშინ დავით თევზაძე იყო. მან 2 ოფიცერი მომამაგრა. ყოველ დილით მუხლებამდე ტალახში ვიდექით და ახალქალაქის 62-ე დივიზიიდან გიუმრიში ვაცილებდით რუსის ჯარს. ჩვენ გვერდით ეთნიკური სომხებიც იდგნენ.

რუსული სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ კონტრაბანდასთან ბრძოლა გაგვიიოლდა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა კონტრაბანდისტს გავეკიდებოდით, ისინი მიცვივდებოდნენ ამ ბაზის კართან, რუსები კარს გაუღებდნენ და შენ იქ ცხვირს არავინ შეგაყოფინებდა. ჩვენ ეს ყველაფერი მოვაგვარეთ, ამოვიღეთ იარაღი, დავშალეთ უკანონო ფორმირებები, გავხსენით ქართული სკოლები. ჩამოყალიბდა კუმურდო-ახალქალაქის ეპარქია.

- მოდით, ახლა კუმურდოზე გადავიდეთ. ამ სოფელში ტაძართან დაკავშირებით ადრეც იყო პრობლემები და რაშია საქმე?

- ეს ტაძარი გახლავთ ქართული საკათედრო ტაძარი. მისი მშენებლობა დაიწყო ლეონ მესამის დროს და ბაგრატ მეოთხის დროს დასრულდა. მის ქართულ წარმომავლობაზე არავინ დავობს და აქ უფრო სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ კუმურდო არის ძალიან მძიმე სოფელი და მათთან ცოტა სხვანაირი მიდგომაა საჭირო. აქ მთის ხალხი ცხოვრობს და, როგორც ყველა მთიელს, რთული ხასიათი აქვთ.

მათთან ჩემი გუბერნატორობის დროსაც იყო პრობლემები, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა შევძელით. კუმურდოს სასმელი წყალი არ ჰქონდა. 22-კილომეტრიანი წყალსადენი ჩვენ გავაკეთეთ. ახლა იქ სასმელი წყალიც აქვთ და პრეზიდენტის სახელობის წყაროც.

აუცილებელია ამ ხალხთან დალაპარაკება და რაღაცების ახსნა. ნამდვილად არ ვიცი, ახლა რატომ მოხდა ეს დაპირისპირება. ამიტომ კომენტარის გაკეთება მიჭირს. ის, რაც ჩვენ დროს ხდებოდა, ალბათ აღარ განმეორდება, მაგრამ ხელისუფლებამ რაღაც ზომები უნდა მიიღოს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სამცხე-ჯავახეთისთვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას. ეს არის სოციალ-ეკონომიკური მიმართულებები, ოპერატიული და პოლიტიკური საკითხები.

აუცილებელია სადემილიტაციო, სადემარკაციო ხაზის დადგენა და საზღვრის აღდგენა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. თურქეთის გარდა, არცერთ სახელმწიფოსთან სახელმწიფო საზღვარი დადგენილი არ გვაქვს. საინტერესოა, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაუდგენელმა საზღვრებმა ყველა სასაზღვრო რეგიონში შეიძლება პრობლემა შექმნას.

ჯავახეთის მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ მათ ნატოში გაწევრიანების შედეგად არანაირი პრობლემა არ ემუქრება. ყურადღება უნდა მიექცეს ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას. ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ ახალგაზრდები რუსეთში დროებით სამუშაოზე აღარ წავიდნენ. ახალგაზრდები იქიდან ტვინგადაბრუნებულები ბრუნდებიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ საქართველოში, ევროპაში და შედარებით ნაკლებად _ რუსეთში. რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის რაოდენობა, რაც იქ მიდის, ერთი პატარა რეგიონისთვის მაინც ბევრია.

ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლაშა ჩხარტიშვილთან: „ნაციონალებისმთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია“ // „როცა ნაცმოძრაობაბიძინა ივანიშვილს წყევლის, მისი ძუძუები ლოცავენ

„ახალი თაობის“ კითხვებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს.

- ლაშა, ოპოზიციის ერთი ნაწილი მწვავე აქციებს მართავს და ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტს აპროტესტებს. ხელისუფლებისგან გვესმის განცხადებები, რომ ნაცმოძრაობა ივანიშვილს უსამართლოდ ლანძღავს. რას იტყვით თქვენ?

- ჩვენ ამგვარი თავის მართლება გვსმენია სააკაშვილისგანაც, ზუსტად ისეთივე, როგორიც გვესმის ივანიშვილისა და მისი ხელის ბიჭებისგან. ამაში ახალი არაფერია. ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო, ამ რეჟიმში არიან „ნაცმოძრაობისა“ და ქოცმოძრაობის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მიუღებელია რეკრეაციული ზონის გადაცემა კერძო პირისთვის და ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ამას აძლევენ საჩუქრად! აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ჩამოყალიბდა ყველაზე მდიდარ მათხოვრად მსოფლიოში. ხელისუფლება კი პოლიტიკური მათხოვრებით არის დაკომპლექტებული.

- ჩვენ გვესმის შეფასებები, რომ ძალიან კარგი პროექტები ხორციელდება, აშენდება დიდი ავტოსადგომი და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის კეთდება...

- ეს მიდგომები არახალი ამბავია. დღეს ჩვენ ავტორიტარიზმის პირობებში ვცხოვრობთ. დღეს არაფორმალური მმართველობაა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ამ აქციებსა და მოთხოვნებს, ისინი მისაღებია, ოღონდ გააჩნია, ვინ გამოდის ამ მოთხოვნებით.

- ანუ ნაციონალებისგან არ არის მისაღები?

_ აქციის ორგანიზატორების მხრიდან ცოტა უხერხულია ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და ამის აკრძალვა არავისთვის შეიძლება. აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს და პოლიციის მხრიდან ასეთი ძალადობა და თავხედობა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოვლად მიუღებელია, გინდ ნაცმოძრაობა იყოს და გინდ სხვა ძალა.

- დამნაშავე ძალას არ უნდა ჰქონდეს ამდენის უფლებაო, გვესმის შეფასებები...

- ნაცმოძრაობა დღეს რომ დასჯილი არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია, რომ მისთვის ყველაზე მწვავე საკითხებზე რეაგირებას აკეთებდეს ნაცმოძრაობა და არა სხვა ვინმე.

- შეიძლება ეს ყველაფერი დადგმული და შეკვეთილიც კი იყოს?

- ერთი რამ ფაქტია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მისაღებ ოპოზიციურ ჯგუფს წარმოადგენს ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები და განაყოფები სწორედ მათი წარსულის გამო, იმიტომ რომ ისინი მარტივად დაექვემდებარებიან ზეწოლას ივანიშვილის მხრიდან. სხვა თუ არაფერი, მათ დიდ ნაწილზე საქმეებია აღძრული და დღეს რეალურად ნაცმოძრაობის მთავარი მფარველი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ოპოზიცია, რომელსაც „სატოპკეს“ უწევს ხოლმე.

- ანუ ოცნებისთვისპირიქით ხელსაყრელი და მისაღებია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ლანძღავს?

- როცა მე გწყევლი, ჩემი ძუძუები გლოცავენო, ზუსტად იგივე სიტუაციაა. როცა ნაცმოძრაობა ივანიშვილს წყევლის, მათი ძუძუები ლოცავენ. იქიდან გამომდინარე, რომ ნაცმოძრაობისთვის, მისი უმძიმესი წარსულის გამო, მისი მხრიდან ნათქვამი თუნდაც აბსოლუტური ჭეშმარიტება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის იმდენად დასაჯერებელი არ არის, რამდენადაც ეს შესაძლოა სინამდვილეში იყოს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება და კერძოდ ივანიშვილი ამ ორივე პარტიის მეშვეობით იხანგრძლივებს ძალაუფლებას. ძალიან საეჭვოდ მოხდა ეს ყველაფერი…

- რა მოხდა საეჭვოდ?

- ეს მძიმე ფაქტი, ამხელა მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდება მოხდა წინასაარჩევნოდ, აქ ორი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. ერთი, რომ მართლა ეშინია ბიძინა ივანიშვილს, რომ შესაძლოა თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს, ხოლო მეორე ვერსია შეიძლება იყოს, რომ სწორედ ნაცმოძრაობის წინა პლანზე წამოსაწევად და მათი პოზიციების გასაძლიერებლად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით დასჭირდა ამგვარი კოჭის გაგორება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ნაცმოძრაობის წინა პლანზე წამოწევას მიზანმიმართულად უწყობს ხელს?

_ რა თქმა უნდა! ივანიშვილი ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ოპოზიცია გაიგივებული იყოს ნაცმოძრაობასთან. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა! მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ოპოზიცია არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის სათაგურში გამომწყვდეული ოპოზიცია. მათ შორის სამართლებრივი დანაშაულების გამო, რომლებიც დღემდე გააჩნიათ და დღემდე დაუსჯელები არიან. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ცდილობს, რომ სწორედ ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები იყოს წამყვანი ძალა და ყველას, ვინც აპროტესტებს მის თავგასულობას, ნაცმოძრაობის მხარდამჭერობა დააბრალოს ასე ურცხვად, როცა საკუთარ პარტიაში ჰყავს მას ნაცმოძრაობის უმძიმესი წარმომადგენლები.

- კერძოდ ვის გულისხმობთ?

- რომელი ერთი დავასახელო?! მურუსიძით დაწყებული და ზარდიაშვილითა და ოქრიაშვილით დასრულებული. ყველას კარგად გვახსოვს, ვინ არიან ეს ადამიანები. სააკაშვილის კარის მსახურები, მკვლელებიც კი არიან მის პარტიაში. აი, ეს არის დღეს `ქართული ოცნების~ ძირითადი საყრდენი და საფუძველი! ოცნების სიები გაძეძგილია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით! ეს ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილს სჭირდება გასვრილი ხალხი. სწორედ ისეთი ხალხით აკომპლექტებს საკუთარ პარტიასაც, ვისზეც კომპრომატები აქვს, რადგან მათი მართვა ასე გაცილებით იოლია. ოპოზიციაშიც სწორედ გასვრილი ხალხი სჭირდება წამყვან პოზიციებზე და ამ მხრივ ნაცმოძრაობა მისთვის იდეალური ვარიანტია.

- ანუ მართული ოპოზიცია უნდა და ჰყავს კიდეც?

- უფრო ზუსტად, კონტროლირებადი. ნაცმოძრაობასა და `ოცნებას~ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. ისინი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ.

- ამ არჩევნებში კვლავაც ეს ორი ძალა დაწინაურდება?

- ყველანაირად ცდილობენ, რომ ასე იყოს. იმედია, ჩვენს მოსახლეობას მასობრივად პოლიტიკური სკლეროზი არ დაემართება და ამას არ დაუშვებს. საზოგადოების მხრიდან აუცილებელია არჩევნებზე მაღალი აქტივობა, რათა ეს ორპარტიული სპექტაკლი დასრულდეს. არჩევნებზე ხალხის მიუსვლელობა აწყობთ ხელისუფლებასა და ნაცმოძრაობას! მოსახლეობამ კარგად გაიხსენოს, ვინ რას აკეთებდა 5 წელი და ვინ რას აკეთებდა წინა 9 წელი, ვინ რით დაგაზარალათ. მოსახლეობამ დიმიტრი გელოვანისა და დავით აღმაშენებლის ძებნას თავი დაანებოს და აარჩიოს შედარებით უკეთესი ჯგუფები, რომლებსაც დანაშაული მაინც არ ჩაუდენიათ თქვენ თვალწინ!

ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაზა ბიბილაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კონსტიტუციით ქართველი ხალხი არ იცხოვრებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ პერმანენტულ აქციებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.

- ბატონო ზაზა, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციით გამოეხმაურა. ასევე დაანონსდა, რომ აქციები პერმანენტული იქნება. ეს არის აქცია აქციისთვის, რომელიც არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი თუ ფიქრობთ, ასეთი აქციით გარკვეულ შედეგს მიაღწევთ?

- ქვეყანა რეალური პრობლემის წინაშე დგას. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა და მშვიდად წავა, მაშინ, როდესაც ამ განაჩენს მას ხალხი გამოუტანს. პრობლემა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას დაეპატრონა ძალა, რომელსაც მხოლოდ ერთი მოტივაცია აქვს: როგორ გამდიდრდეს, როგორ იცხოვროს ფუფუნებაში, როგორ წაჰგლიჯოს ბიუჯეტს თანხები, როგორ მიითვისოს ისტორიული ქონება, დედაქალაქის ისტორიული ცენტრი როგორ გაანადგუროს. ამას ემატება აჭარის უნიკალური ეკოსისტემის განადგურება.

ამ ყველაფრის შემდეგ წარმოგიდგენიათ, ასე მარტივად თქვას ამ ხელისუფლებამ ამაზე უარი?! ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია, ლარის კურსს აქვს პრობლემები, ხელფასები არ იზრდება, პენსიები არ იზრდება, ადამიანების ცხოვრების დონე კი არ უმჯობესდება, უარესდება. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილი და კალაძე _ ეს კლანები მოსული არიან სათავისოდ, საშოვარზე არიან მოსული. ამისთვის კი ყიდიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მაგალითისთვის `გაზპრომს~ დაგისახელებთ, ასევე, ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს – ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების გადაცემის ფაქტს. დედაქალაქის ისტორიულ ცენტრზეა საუბარი.

შარშან, დაახლოებით ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, სააკაშვილი მაიძულებდა, ბოტანიკური ბაღი ამეღო, მაგრამ როგორ ავიღებდი ქვეყნის, ხალხის საკუთრებასო. ერთი წლის თავზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი ჩაიგდო ხელში, თბილისის ბოტანიკური ბაღი ჩაიგდო ხელში და თაბორის მთაც. ეს უნდა დასრულდეს, რადგან ამ ვითარებაში ჩვენს ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. რაც მთავარია, ყველაფერს აკეთებს იმის საპირისპიროდ, რასაც ამბობდა. თავის დროზე გახსოვთ ბენდუქიძესთან დაკავშირებული ბრალდება, რომ თურმე ერთ ლარად შეიძინა აგრარული უნივერსიტეტი, რაც ტყუილი იყო, რადგან კახა ბენდუქიძემ ნასყიდობაში მრავალი მილიონი გადაიხადა და ათეულობით მილიონი განათლებაში ჩადო.

- არ არის დამაკმაყოფილებელი ის განმარტებები, რომლებიც გაკეთდა თაბორის მთასთან დაკავშირებით, რომ სარეკრეაციო ზონა მოეწყობა და პუშკინის სკვერთან სამდონიანი ავტოსადგომი გაიმართება? არ შეიძლება, ეს პრობლემის მოხსნისკენ იყოს მიმართული თუ მხოლოდ პირადი ინტერესია?

- მხოლოდ პირადი ინტერესია. როგორ, გჯერათ, რომ თაბორის მთას სტატუსის შეცვლა სჭირდება იმისთვის, რომ იქ სარეკრეაციო ზონა მოეწყოს?! თაბორის მთა არის თბილისის ისტორიული გულის ნაწილი, სადაც ბრძოლები იმართებოდა, სადაც ერეკლე მეფემ ბოლო ზღუდე აღმართა. თუ პრობლემის მოგვარებაზეა საუბარი, მოაგვაროს, მაგრამ ერთ ლარად რატომ მიაქვს სახელმწიფოს ქონება და თავისი კომპანიის სახელზე რატომ იფორმებს?! ამიტომ ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს ერთი ოჯახის ფეოდალურ მმართველობასთან. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეს აშენებდა, მაგრამ `ოცნება~ ყვიროდა, თავისთვის უნდაო.

- პერმანენტული აქციები შედეგზეა გათვლილი თუ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია?

- პერმანენტული აქციები მოიტანს იმ შედეგს, რომელიც ივანიშვილს საკუთარ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს.

- საკრებულოს გადაწყვეტილება საკრებულოს დატოვებით გააპროტესტა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა. მან ოპოზიციას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, რომ მათაც დატოვონ საკრებულო. მსგავსი გადაწყვეტილება არ იყო მისაღები თქვენი პარტიისთვის?

- სასაცილოა ეს კანდიდატი, როგორც ასეთი. მისი პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლის მიზანი ჩემთვის იმთავითვე ნათელია.

- რა არის მიზანი?

- მისი მოტივაცია ჩემთვის იმთავითვე ცხადია და თბილისის ამომრჩევლები უახლოეს კვირებში ამას კიდევ უფრო ნათლად დაინახავენ. საკრებულოში რამდენიმე დღის წინ რეალური ბრძოლა იყო და, სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებდა, მანამდე საკრებულოში ოპოზიციას ბრძოლა ჰქონდა, ის კი თავჩარგული ტელეფონში იცქირებოდა და ხმას არ იღებდა. ელისაშვილის საქციელი ცოტა შიხიაშვილის საქციელს ჰგავს, რომელმაც 1 ოქტომბრის მერე გადაწყვიტა, რომ `ოცნებას~ შეერთებოდა. გვიანია უკვე, მას თუ უნდოდა რამე საკითხზე ყვირილი, ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ამიტომ დღეს არადამაჯერებელია, არაგულწრფელია მისი გადაწყვეტილება.

- თავის დროზე ელისაშვილს ნაციონალური მოძრაობა დახმარებას ჰპირდებოდა ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით და ახლა ფიქრობთ, რომ შემოგდებული კანდიდატია?

- ჩვენ დახმარებას ვპირდებოდით, რომ გამოაშკარავებულიყო ის პრობლემა, რომელიც თითქოს მას ჰქონდა და ვიღაცისგან იჩაგრებოდა, ხელოვნური იყო. მალევე დადასტურდა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობას არავინ უშლიდა და ეს ყველაფერი იყო ხელოვნური.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თქვენი პოზიცია მაინტერესებს. საკონსტიტუციო პროცესის კულმინაცია რა შეიძლება იყოს?

- კულმინაცია არის ასეთი: რაც არ უნდა მოხდეს, ქართველი ხალხი ივანიშვილის ოჯახის კონსტიტუციით, ერთპარტიული კონსტიტუციით არ იცხოვრებს. აქამდე რა გზით მივალთ, ეს სხვა საკითხია. ეს ხალხზეა დამოკიდებული.

- პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდებით?

- დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ერთპარტიულად მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს აუცილებლად დაადებს. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში არსებული ეს უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს, მაგრამ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა დაგვრჩება აქედან, ეს არის საკითხავი. დაგვრჩება ის, რომ საქართველოს არალეგიტიმური კონსტიტუცია ექნება და ხალხს მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩება, რომ ივანიშვილი და მისი მოღალატე, საშოვარზე მოსული ძალა სახლში გაუშვას ისე, როგორც ისინი იმსახურებენ და არა ისე, როგორც ეს შეიძლება მომხდარიყო.

- ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი გადაუგზავნოს პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებად. პრეზიდენტი საკუთარ შენიშვნებს გაუგზავნის პარლამენტს თუ ოპოზიციის?

- ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, საქართველოში, ვენეციის კომისიაში სრული კონსენსუსია არსებული კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ. ყველა ამბობს, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ანტიდემოკრატიული. ეს ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას. ასევე, ამ ცვლილებებით შეუძლებელი ხდება პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ხალხის მიერ და პარლამენტის სამართლიანი გზით არჩევა. შესაბამისად, ამ კონსტიტუციით ქართველი ხალხი არ იცხოვრებს. თუ როგორ დაამთავრებს ის ძალა, რომელმაც ეს კონსტიტუცია თავს მოგვახვია, ამას დრო ძალიან მალე გვიჩვენებს.

ახალი თაობა“, 04 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „კატალონიისა და აფხაზეთის მოვლენებს შორის საერთო არაფერია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ევროპაში მიმდინარე დეზინტეგრაციული პროცესები აფხაზებს ილუზიებს უჩენს, თუმცა, ტყუილად უხარიათ აფხაზ სეპარატისტებს კატალონიის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, რადგან აფხაზეთსა და კატალონიას შორის დიდი განსხვავებაა.

- ბატონო ჯემალ, კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი რა მნიშვნელობას იძენს? ევროპაში მიმდინარე ამგვარ პროცესებს შეუძლია რაიმე გავლენა იქონიოს მსოფლიოს დღის წესრიგზე?

- ის, რაც ხდება ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ევროპაში დეზინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობს. მართალია, კატალონიაში არ არის აგრესიული სეპარატიზმი, როგორც ჩვენთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მაგრამ თვითონ პროცესი ნამდვილად არ არის მისაღები. ძალიან ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება შედეგები. ევროპაში მიმდინარე ამგვარი პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენენ და მომავალშიც მოახდენენ ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებზე.

- რა გავლენას მოახდენს?

- აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარები დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა წინადადებამ მიიქცია _ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კატალონიაში განვითარებული პროცესები და აფხაზეთში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ჩვენც მშვიდობიანი მეთოდებით გვინდოდა პროცესების წარმართვა, მაგრამ არ დაგვცალდაო, რაც სრული სიცრუეა.

არავითარი მსგავსება კატალონიაში მიმდინარე პროცესსა და ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს შორის არ არის. შოტლანდიაში რეფერენდუმი ბრიტანეთის კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. კატალონიაში რეფერენდუმი ესპანეთის კანონმდებლობის სრული დაცვით არ ჩატარებულა. თანაც, კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 42%-მა და დადებითი ხმა მისცა 90%-მა. კატალონიის მოსახლეობა 7,5 მილიონზე მეტია. ამომრჩეველი დაახლოებით ნახევარზე მეტს შეადგენს. დამოუკიდებლობას ხმა მისცა 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, 40%-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა. ასე რომ, კატალონიის დამოუკიდებლობა მოსახლეობის უმრავლესობის ნება არ არის.

- კატალონიასა და ჩვენთან არსებულ სეპარატიზმს შორის რა განსხვავებაა? მგონი, ისტორიული წანამძღვრებიც სხვაგვარია კატალონიაში და ჩვენთან...

- გარკვეული წინამძღვრები, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს ტერიტორია, რომელსაც კატალონია ჰქვია, ესპანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში დაახლოებით მე-18 საუკუნის დასაწყისიდან შევიდა. არაგონის სამეფო დინასტიური ქორწინების შედეგად ხდება ერთიანი ესპანეთის შემადგენელი ნაწილი. მე-19 საუკუნიდან სეპარატისტული მოძრაობები იწყება. ესპანეთისგან გამოყოფის პირველი მცდელობა 1871 წელს იყო. შემდეგი მცდელობა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდათ, მაგრამ იქ გადატრიალება მოხდა, სეპარატისტული მოძრაობა ჩაახშვეს. ესპანეთში ფრანკოს შემდეგაც ვითარდება სეპარატისტული მოძრაობა. 1979 წელს კატალონია ხდება ავტონომია.

2006 წელს მოხდა ამ ავტონომიის კიდევ უფრო გაფართოება. 2009-10 წლებში არაოფიციალური გამოკითხვებიც ჩატარდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და შედეგი სახარბიელო იყო მათთვის, ვინც გამოკითხვა ჩაატარა _ 90%-ზე ნაკლებს არ აფიქსირებდნენ. ამას მოჰყვა მასობრივი მანიფესტაციები დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

2012 წელს კატალონიის პარლამენტში უმრავლესობით მოვიდნენ დამოუკიდებლობის მოსურნე ძალები, რომლებმაც 2013 წელს სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნეს. საუბარი იყო ესპანეთის შემადგენლობაში სუვერენიტეტზე, მაგრამ 2014 წლის ნოემბერში მათ ჩაატარეს გამოკითხვა მოსახლეობაში და მიღებული შედეგები და ახლანდელი რეფერენდუმის შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. ეს არის ისტორიული კონტექსტი, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან.

- აფხაზეთსა და ცხინვალში გენოციდი და ეთნოწმენდა მოაწყვეს, ძირძველი ქართული ტერიტორიები ქართველებისგან გაწმინდეს. კატალონიაში კი ესპანელების ეთნოწმენდა არ მომხდარა. გაგრის ტრაგედია, 1993 წლის 26-30 სექტემბერი და 2008 წლის ომის შედეგები ამას გვიჩვენებს

- რა თქმა უნდა, კატალონიაში ეთნოწმენდა არ მომხდარა. ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილები, 5 ოქტომბერს აღვნიშნავთ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. ეს დღე აღინიშნება იმ ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. ეკლესიებში გადაიხდება პარაკლისები დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად.

- მაშინ რა უხარია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს?

- არაფერი საერთო მათ შორის არ არის. ომი რუსეთმა გააჩაღა აფხაზეთში, რადგან როგორც რუსეთი, ასევე სეპარატისტები 1991 წელს დარწმუნდნენ, რომ რეფერენდუმებისა და არჩევნების გზით მიზანს ვერ მიაღწევდნენ, დემოკრატიული გზით ვერ მოახერხებდნენ აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოცილებას.

1991 წლის მარტში აფხაზეთში ჩატარდა ორი რეფერენდუმი. ერთი გახლდათ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმი, რომელიც ჩაფლავდა. ჩვენ მას ბოიკოტი გამოვუცხადეთ. მათ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩათვალეს. გალის რაიონი გამორიცხეს და შემდეგ იმდენად გააყალბეს, რომ 50,1% ძლივს დააფიქსირეს. მოსკოვი მიხვდა, რომ ეს რეფერენდუმი ჩაფლავდა. ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჩვენი პროკურატურის მიერ. ყველაფერი გამოკვლეულია. 31 მარტს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელმაც აჩვენა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ორი მესამედი, 60%-ზე მეტი, მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას.

- მგონი, 66% იყო...

- შემდეგ 26 მაისს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე 60%-ზე მეტმა ხმა მისცა საქართველოს პრეზიდენტს. სეპარატისტთა ჯგუფმა, რუსულმა და სომხურმა თემებმა, ბოიკოტი გამოუცხადეს რეფერენდუმსა და საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ რეფერენდუმსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში აფხაზეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამან დაარწმუნა ისინი, რომ ერთადერთი გზა მათთვის ომი და ამ ტერიტორიიდან ქართველების განდევნა იყო.

ამიტომ ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და ჩვენთან განვითარებულ მოვლენებს შორის საერთო არაფერია. ტყუილად უხარიათ აფხაზებს, თუ რომელიმე რეგიონი რეფერენდუმის გზით ჩამოშორდება დიდ ბრიტანეთს ან ესპანეთს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ გენოციდის, ეთნოწმენდისა და იარაღის გზით დამოუკიდებლობის მიღება მიუღებელია. ქართველი საზოგადოება არასოდეს აღიარებს ამ გზით `მოპოვებულ~ ე.წ. დამოუკიდებლობას.

შოტლანდიაში შეიძლება კიდევ ჩატარდეს რეფერენდუმი და თუ ხმების უმრავლესობას გამოყოფის მომხრე ძალები მიიღებენ, ბრიტანეთი თანახმაა გაშვებაზე. თუ ბრიტანეთი აღიარებს, მსოფლიოც აღიარებს, მაგრამ ესპანეთში განსხვავებული სიტუაციაა. იქ საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო რეფერენდუმის ჩატარება. ესპანეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, სეპარატიზმის მომხრე ძალები ჩამოაშოროს მმართველობას და ცენტრალური მმართველობა დანიშნოს. თუმცა, ევროპაში მიმდინარე ამგვარ პროცესებს მადესტაბილიზებელი გავლენა აქვს და ჩვენს სეპარატისტებსაც ილუზიებს უსახავს.

გამოყოფასაც გააჩნია. ერთია, როდესაც ეს ხდება დემოკრატიული გზით და მეორეა, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის მოპოვება ხდება გენოციდის, ეთნოწმენდის გზით და ამას მეზობელი სახელმწიფო ახდენს.

- ახალი თაობაშიარაერთხელ დაგვიწერია, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მოაწყვეს გენოციდი და ეთნოწმენდა აფხაზეთში, სეპარატისტთა ლიდერებზე უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოცხადებულიყო საერთაშორისო ძებნა ქართველთა მიმართ მოწყობილი გენოციდისა და ეთნოწმენდის გამო, რაც დღემდე არ გაკეთებულა. ამაზე გვპასუხობდნენ, რომ საქართველო მათ ვერ დააპატიმრებდა, მაგრამ ხომ დადიან ევროპაში, იმავე ჟენევის მოლაპარაკებებზე?

- საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმეა აღძრული აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისა და ეთნოწმენდის ფაქტზე და გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება აქამდე უნდა დამთავრებულიყო.

- როგორც ვიცი, გამოძიება დამთავრებულია...

- აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებული გენოციდი და ეთნოწმენდა საქართველოს პარლამენტმა აღიარა. საქართველოში ყველა დონეზე დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთში განხორციელდა ქართული მოსახლეობის გენოციდი. თუმცა, ჩვენ არ გვიზრუნია, ეს გენოციდი აღიარებულიყო მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენი პარლამენტი მიმართავს მეგობარ სახელმწიფოებს, ისინი აღიარებენ აფხაზეთში განხორციელებულ გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას.

აქ მნიშვნელოვანია, ვინ განახორციელა გენოციდი და ეთნოწმენდა. სწორი არ იქნება ვთქვათ, რომ ერთმა მუჭა აფხაზმა ხალხმა ქართველებს გენოციდი და ეთნოწმენდა მოუწყო. რუსეთის მონაწილეობის გარეშე ეს არ მომხდარა, მაგრამ გენოციდი და ეთნოწმენდა აფხაზეთში განხორციელდა აფხაზთა სახელით და მცირე დოზით მათი მონაწილეობით. აქ დამნაშავე სულ სხვაა. სანამ დამნაშავე გამოვლინდება, მანამდე აფხაზეთში მოწყობილი გენოციდისა და ეთნოწმენდის ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს.

- გენოციდი და ეთნოწმენდა რუსეთის მონაწილეობით არ მოხდა? ამის დამადასტურებელი ფაქტები გამოძიებას აქვს. ახლა აღიარებაზე ზრუნვაა საჭირო...

- დიახ, გენოციდის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც არაღიარების პოლიტიკის წარმატებისთვის. თუ ვინმე, საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ფიქრობს, რომ გენოციდისა და ეთნოწმენდის აღიარება შერიგების პოლიტიკას ხელს შეუშლის, ის ღრმად ცდება, ის არ იცნობს აფხაზ ხალხს, მათ ფსიქოლოგიას. მე, როგორც ამ ხალხის ფსიქოლოგიის კარგი მცოდნე, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ გენოციდის აღიარება უფრო დააჩქარებს ჩვენს დაახლოებასა და შერიგებას.

—————-

საქართველო და მსოფლიო“, 04-10 ოქტომბერი, 2017 წელი

ვის ამზადებს ქართული ოცნებასაკრებულოს თავმჯდომარედ

ნიკა გელაშვილი

„პასუხისმგებლობას (პირში) ვიღებ!“ – ბლოგის ეს სათაური, არც მეტი არც ნაკლები, ბექა დავითულიანს ეკუთვნის. გაგიკვირდებათ, – რატომ არც მეტი, არ ნაკლებიო, რადგან მკითხველის უდიდეს ნაწილს ეს სახელი და გვარი, ალბათ, არაფერს ეუბნება, მაგრამ, “საქართველო და მსოფლიოს” ინფორმაციით, ამ ადამიანს „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ამზადებს. დიახ, ეს ახალგაზრდა კაცი, როგორც მიხვდით, „ქართული ოცნების“ ახალი სახე და საარჩევნო სიის მეორე ნომერია. ბექა დავითულიანის მარგალიტებზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი იმ ბიოგრაფიულ შტრიხებს გაგაცნობთ, რომლებიც მის შესახებ ინტერნეტში იძებნება.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეორე ნომერი ბექა დავითულიანი ბლოგერია, ჟურნალ “ლიბერალში” სტატიებს აქვეყნებდა, მუშაობდა დავით უსუფაშვილის მრჩევლად პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2013 წლიდან კი მთავრობის ადმინისტრაციაში – სამმართველოს უფროსად, მანამდე იურიდიულ სფეროში საქმიანობდა.

შეგახსენებთ ბექა დავითულიანის კურიოზს პირდაპირ ეთერში, როდესაც მან კანდიდატების წარდგენისას თავისი გუნდის წევრის, საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატის გვარი ვერ გაიხსენა და ვახტანგ შაქარიშვილს სთხოვა, გვარი შეეხსენებინა, შემდეგ კი ამაზე თვითონვე გაეცინა. მართლა სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს – ერთი გუნდის წევრები ერთმანეთის გვარებს თუ ვერ იმახსოვრებენ, ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებებს დაიმახოვრებენ ოთხი წლის განმავლობაში?! ამ რიტორიკულ კითხვაზე შევარდნაძის ცნობილი ფრაზა გამახსენდა: “მანამდე არ აგიდგეთ გვერდები!”

ახლა კი გაგაცნობთ ამონარიდებს დავითულიანის ბლოგიდან „პასუხისმგებლობას (პირში) ვიღებ!”

“ქართული ოცნების” ახალი სახე სიტყვა პასუხისმგებლობის ახსნას ასე ცდილობს: “გაჭირდებოდა იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქისთვის სიტყვა პასუხისმგებლობა. მგონია, რომ ეს არის საკუთარი თავის, ღმერთის ან სხვა ადამიანების წინაშე აღებული ვალდებულება, რომლის მასშტაბიც განსაზღვრავს შენს მნიშვნელობას და, მისი ვერშესრულების შემთხვევაში, განიცდი პიროვნულ რღვევას, როგორც სხვის თვალში, ასევე საკუთარ თავშიც. აქ დევს ბევრი ადამიანური შიშის გასაღები და ხშირად სწორედ ამის გამო ვეტრფით ბავშვობას, როგორც უპასუხისმგებლობისა და უმანკოების სიმბოლოს. “მე პატარა კაცი ვარ”, _ ვამბობთ ფარისევლური თავმდაბლობით და ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ხან საზოგადოებას ვტენით, ხან ღმერთს და ხანაც მთავრობას. ამ სამიდან ორი, წესით, ძღვენზე უარს ამბობს, აი, მესამე კი სიხარულით იღებს საჩუქარს. მას მოსწონს უპასუხისმგებლო მოქალაქე, რადგან, რაც უფრო უპასუხისმგებლო და შესაბამისად, უმნიშვნელოა ის, მით უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი ხდება თვითონ. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სხვისი წილი ვალდებულებების ტვირთვა, ხელისუფალის მდგომარეობას ამსუბუქებს. საწყის ეტაპზევე ის ორ რამეს ხვდება _ ერთი, რომ ამდენი ადამიანის საკეთებელს თვითონ ვერ გააკეთებს, და მეორე, რომ ამის კეთება, სინამდვილეში, საჭირო არც არის. არ არის საჭირო, დღე და ღამე გაასწორო, ნერვიულობით გაგიჟდე, სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანო და ა.შ, უბრალოდ, გამოდი და თქვი, რომ ასე იქცევი, რომ პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე იღებ. ვინ რას მოგთხოვს, ვიღას ახსოვს, რა მოიაზრება ამ სიტყვის ქვეშ?!”

საინტერესოა, ახლაც ასე ფიქრობს “ოცნების” სიის მეორე ნომერი? ახლა, როდესაც ამომრჩეველს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, რას ფიქრობს, ნეტავ? “არ არის საჭირო დღე და ღამე გაასწორო, ნერვიულობით გაგიჟდე, სხვისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანო” თუ “ფარისევლური თავმდაბლობით” ფიქრობს, რომ “ის პატარა კაცია” და შეეცდება, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ხან საზოგადოებას შეტენოს, ხან ღმერთს და ხან მთავრობას?!

ბექა დავითულიანი 2016 წლის მარტის ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ “ლიბერალში” გამოქვეყნებულ ბლოგში “ტერორიზმი, როგორც პოეზია” წერს: “ტერორიზმი, ერთი მხრივ, უმწეო, არსებულ სისტემაში ვერრეალიზებული, განდევნილი ადამიანების პროტესტია; მეორე მხრივ კი, პოეზია, რადგან არაფერია იმაზე უფრო პოეტური, ვიდრე სასოწარკვეთილი ადამიანის თავგანწირვა, არამატერიალურის სახელით გალაშქრება გაბატონებულ, უსულო სისტემაზე. ეს ცივილიზაციისგან დათრგუნული პირველყოფილი ვნებების ცხოველური ამოხეთქვაა. ცინიკური ცივილიზაციის მიერ არმიღებული, გამხეცებული ადამიანის სასოწარკვეთა”. კარგია, რომ დავითულიანი არსებულ ვითარებაში რეალიზებული ადამიანია, მაგრამ საკრებულოში არ იგრძნოს თავი უმწეო და განდევნილ ადამიანად, ცივ ნიავს ნუ მიაკარებთ ამ ახალგაზრდას, რომ შემთხვევით, როგორც თვითონ წერს, “ცივილიზაციისგან დათრგუნული პირველყოფილი ვნებების ცხოველური ამოხეთქვა” არ მოხდეს ქალაქის მთავრობაში.

დავითულიანის მიერ 2013 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული ბლოგი “საშობაო ეპისტოლე” ასევე კარგად წარმოაჩენს “ქართული ოცნების” ახალი “სახის” შინაგან მეს.

“…ეკლესიაში შევედი. ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ამიტომ დიდხანს არ გავჩერდი, ვერ ვეგუები, როდესაც ეკლესია სიმყუდროვეს კარგავს, მიჭირს არეულობაში ღმერთის დაჭერა. ერთი სანთელი ავანთე, მამაზეციერს ბოდიში მოვუხადე მრავალპროფილიანი ცოდვებისთვის, რამდენიმე თხოვნაც დავუტოვე საშინაო დავალებად და გამოვედი… გეზი რესპუბლიკის მოედნისკენ ავიღე. ოპერის შენობასთან მიახლოვებისას უცნაური განცდა დამეუფლა, აი, ისეთი ომის, მიწისძვრის ან რაიმე ამგვარი კატასტროფის წინ რომ მეწვევა ხოლმე. ცოტა ხანში მოედანიც გამოჩნდა და მივხვდი, ეს განცდა საიდან მოვიდა…

უამრავი ხალხი იყო შეკრებილი (ბევრი ხალხი ჩემში მიტინგთან ასოცირდება, მიტინგი კი სწორედ მიწისძვრისმაგვარ განცდას მაძლევს, ოღონდ უფრო უცნაურს, იმედიანს), ალილოს მსვლელობისთვის ემზადებოდნენ. ორგანიზატორები მანქანის ძარებიდან მიკროფონებითა და რუპორებით ბრძანებებს გასცემდნენ. ხმის გამაძლერებლებიდან მოდიოდა და ერთმანეთში ირეოდა საგალობლების ჰანგები. იქვე სოფელ მეტეხიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი სამი უღელი კამეჩი ვიღაცის შემოწირულ ვაშლს ცოხნიდა. მოკლედ, იყო არეულობითა და სიხარულით გამოწვეული დიდი ზეიმი. ზღვასავით აზვირთებული ხალხის შუაგულში კერპებივით იდგნენ დეკორატიული ლომი, აქლემი და ჟირაფი. გამახსენდა, ერთ-ერთი შობის წინ, როდესაც მეც ვიყავი ჩართული ალილოს მსვლელობის ორგანიზებაში, სასულიერო პირებს კამათი ჰქონდათ, ღირდა თუ არა თოჯინების გამოყენებით ამ რელიგიური ღონისძიების თეატრალიზება. მაშინ გადაწყდა, რომ არ ღირდა, რათა კათოლიკურ ზეიმს არ დამსგავსებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მამებმა ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლეს… ამის გააზრება ვერც კი მოვასწარი, რომ მანქანის ფანჯრიდან თათიას ამპარტავნულ-ნიშნისმოგებითი ხმა შემომესმა:

- აქ რას აკეთებ, ბექა?

ეს სწორედ ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელიც ჩემს სიმყრალით სავსე ფსიქიკურ ჭურჭელში ვეღარ ჩავტიე.

- რას ვაკეთებ და ძაღლს ვასეირნებ, ვერ ხედავ, შენი დედა მოვ…ან,!? თუ შენგან ავიღო კურთხევა, ძაღლის ქუჩაში გამოყვანაზე, პარკეტზე, რომ არ მომი…ას? შენი პედაგოგიურ–დიდაქტიკური ტონი მოვ…ან მე. ყოველ დილას ამ ძაღლს, აი აქ, სწორედ ასე ვასეირნებ. დღეს კი თქვენ გაჩნდით საიდანღაც და ამირიეთ ცხოვრების ტემპი. ჰოდა, ახლა ან სათითაოდ გამოექანეთ და მაგ ტემპში დამახტით აგერ, ან კიდევ როგორც შეიკრიბეთ ისე დაიშალეთ და დაახვიეთ აქედან. ძაღლის გასეირნება მაცადეთ, ისედაც იმდენი ხართ, მთელი დღეა, მოსაფსმელი ადგილი ვერ იპოვა, არადა, ჯერ ლეკვია, არ მინდა, თქვენს გამო შარდის ბუშტი გაეწელოს. მე ჩემი მოგახსენეთ, ახლა კი გთხოვთ, გზიდან გამეცალოთ ქ–ნო ყ… ქალავ! _ ასე დავემშვიდობე ჩემს სტუდენტობის დროინდელ ნაცნობს და უკვე შეცვლილი მარშრუტით, ალ. ჭავჭავაძის ქუჩისაკენ გავემართე”.

აი ასეთი უშვერი სიტყვებით მიმართვას ბექა დავითულიანი მეალილოე თათიას, რომელმაც, ალბათ, შენიშვნა მისცა, საზეიმოდ შეკრებილ მორწმუნეებთან ძაღლს რატომ აშარდვინებო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის, კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ მტრული დამოკიდებულება კარგად ჩანს ბექა დავითულიანის წერილში, რომელიც 2013 წლის 19 მაისს, თბილისში ლგბტ პირების მიერ აღლუმის ჩატარების მცდელობიდან 2 დღის შემდეგ, გამოაქვეყნა სათაურით “დამარცხებული ურჩხულები”.

აი ამონარიდები:

“შეუძლებელია, რეაქცია არ იქონიო იმაზე, რაც 17 მაისს დატრიალდა თბილისის ქუჩებში. არც ის შეიძლება, ამ სიშლეგის ზეიმში თანამედროვე ეკლესიის როლი არ დაინახო. აქამდე, მსგავსი ინციდენტების დროს, ვცდილობდი, არასწორი ქმედებები კონკრეტული სასულიერო პირებისათვის მიმეწერა, მაგრამ ჰომოფობიის გამპროტესტებელთა მიმართ დაგეგმილმა კამპანიამ ამის საშუალება მომისპო, იძულებული გამხადა, გადამეხედა ჩემი შეხედულებებისთვის და მკვეთრად დამეფიქსირებინა პოზიცია. ჩემი პოზიცია კი შემდეგია _ დარბევაში მონაწილე სასულიერო პირთა რაოდენობიდან, საქციელიდან და რანგიდან, ასევე პატრიარქის 16 მაისს გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ვეღარ ჩავთვლი, რომ იმ “ბართლომეს ღამეში”, რომელიც დღისით მზისით მოეწყო რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირები და მათი უსიტყვო მორჩილებას მიჩვეული მრევლია დამნაშავე. ეს დარბევა, ჩემდა სამწუხაროდ, ნამდვილად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ნებით და ხელშეწყობით მოხდა და თავის მოტყუება არაფერში გვარგებს. სხვა საკითხია, თუ რაში დასჭირდა ეკლესიას ამ ბარბაროსული აქტის მხარდაჭერა და რამ გამოიწვია, რომ ინკვიზიციას გადარჩენილი, ქვეყნის წინაშე მართლაც დაუფასებელი ღვაწლის მქონე ინსტიტუტი ასეთ დღეში აღმოჩნდა…

მიჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ეკლესია, წინა ხელისუფლებაში ძალადობას და ჰუმანურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კი არა, კონკურენტებს ებრძოდა, რათა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენა გაეზარდა. ბრძოლისას (რა დროსაც ორივე მხარე იღებდა გარკვეულ ხარკს ერთმანეთისთვის, რათა არსებული, მათთვის ხელსაყრელი თამაშის წესები არ დაერღვიათ) არც ერთი მხარის ინტერესში არ შედიოდა, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფების ჩამოყალიბება და ხელშეწყობა. პირიქით, ასეთ ადამიანებს მეტასტაზებად აღიქვამდნენ და მუდმივად მათ მარგინალიზებას ცდილობდნენ, რადგან ამ ორი ინსტიტუტის მიერ წარმოებულ ინტელექტუალურ პროდუქტს ერთი და იმავე ტიპის მომხმარებელი ჰყავდა და ამ მომხმარებელთა გემოვნების ზრდის შემთხვევაში პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება მოუწევდათ, რისი უნარი და სურვილიც, სამწუხაროდ, იმ ეტაპზე არც ერთ მათგანს არ გააჩნდა. შესაბამისად, ორივე “ბაზრის” ჩაკეტვისა და ძალადობრივი მეთოდებით მართვის მომხრეები იყო. ერთის ხერხემალი პოლიცია იყო, მეორის კი _ ფუნდამენტალისტური შეხედულებები; ერთს კანონის მიღებასა და სათავისოდ გამოყენებაზე ჰქონდა მონოპოლია, მეორეს კი _ მორალის განმარტებასა და საკუთარ თავზე მორგებაზე. შინაარსობრივად, ზუსტად ერთი და იმავე მეთოდებით მართავდნენ, გარეგნულადაც კი დაემსგავსნენ ერთმანეთს. ერთნაირი მანქანებით დადიოდნენ, ერთნაირი პატივისცემით სარგებლობდნენ, ერთნაირად ვერ იტანდნენ კრიტიკას, დაახლოებით ერთი ლოგიკით ამართლებდნენ ჩვენი ქვეყნისთვის შეუსაბამო ფუფუნებაში ცხოვრებას, ერთნაირი კატეგორიულობით დევნიდნენ განსხვავებულ აზრს, ორივე ითხოვდა ბიზნესისგან შემოწირულობებს, ერთს თუ კანონდარღვევის პატიებაზე ჰქონდა მონოპოლია, მეორეს _ ცოდვის პატიებაზე და ა.შ. მოკლედ, ორივე მომხმარებლური თვალსაზრისით უდგებოდა ხალხს და არც ერთ მათგანს არ აწყობდა კითხვა _ რატომ?.. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ზონდერი მღვდლებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა…”

აი ასე! ბექა დავითულიანი, “ქართული ოცნების” ახალი “სახე”, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დასმას უპირებენ, პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და კათოლიკოს–პატრიარქს 2013 წლის 17 მაისს “დარბევის” ორგანიზებაში, პარალელს ავლებს სასულიერო პირებსა სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის და ამბობს, რომ “საქართველოს ეკლესია წინა ხელისუფლებაში ძალადობასა და ჰუმანურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კი არა, კონკურენტებს ებრძოდა, რათა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი გავლენა გაეზარდა”, ანუ, ბექა მინდიაშვილის აზრით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ცოცხების წართმევას და დასაკუთრებას ცდილობდა საზოგადოებაზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად…

2012 წლის 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წიგნის დაწერას აპირებს.

“ვფიქრობ, წიგნი ყველასთვის საინტერესო იქნება, ვინაიდან მისი მთავარი თემაა, თუ ვინ არის ადამიანი და რა უდევს მის თითოეულ ქმედებას საფუძვლად. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება ჩემი ნაშრომი, ვინაიდან კარგად მაქვს გაცნობიერებული ადამიანის რაობა და მისი ყოფა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ამ ბრძენ კაცს, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს “ადამიანის რაობასთან დაკავშირებით” ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა და ფილოსოფოსობას უწუნებდა, ერთხელ გულდასმით რომ წაეკითხა ნიცშეს შემოქმედება ან თუნდაც “ქართული ოცნების” საარეჩევნო სიის პირველი ათეული, ალბათ, საზოგადოებისთვისაც აჯობებდა და მისთვისაც…

Comments are closed