„ალია“: ინტერვიუ გია მეფარიშვილთან: „თუკი ხელისუფლება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, აქვს თუ არა ხალხს აჯანყების უფლება?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ეს ხელისუფლება თავად გადატრიალდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ჩანაწერებში გადატრიალებაზე საუბარი არ არის“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ დაარიგებს კომპრომატებს და არა ფულს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „ახალ პარლამენტში ხუთი ოპოზიციური ძალა შევა“
„რეზონანსი“: შუალედური არჩევნების შედეგი: ხალხი რადიკალი-ზმისკენ არის მიდრეკილი // „რადიკალურმა მოწოდებებმა გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხალხის ყურადღება მიიქცია“
„რეზონანსი“: ინტერვიუ რიჩარდ ვეიცთან: „თუ კლინტონმა არჩევნები მოიგო, ის ობამას უფრო ძლიერი ვერსია იქნება. ეს საქართველოს შეიძლება ხელს აძლევდეს”
—————————-
„ალია“, 04 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გია მეფარიშვილთან: „თუკი ხელისუფლება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, აქვს თუ არა ხალხს აჯანყების უფლება?
ნინო სამხარაძე
ფარული აუდიოჩანაწერი #2, მიხეილ სააკაშვილი: „მანდ სისხლისღვრა იქნება, რომ იცოდე, სტო პრო, ქინძი ვიყო…“ – ამჯერად ქვეყნდება სააკაშვილისა და მისი ფავორიტი მომღერლის, სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბრები და სააკაშვილის გვარამიასთან აუდიოჩანაწერი. მიხეილ სააკაშვილი გვარამიას სატელეფონო საუბარში ეუბნება: „ველაპარაკე კეზერას, ვიზიარებ, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების კოლექტივის შეშინება, წაიმუშავე სათითაოდ ყველასთან, რომ გაითვალისწინონ. გოგიჩაიშვილი რომ იძახის, რევოლუცია არ მინდაო, აუხსენი ყველას, რომ გაყრიან სათითაოდ. გვარამია სააკაშვილს სთხოვს, რომ თემურ ჯანაშიას (ყოფილი ექსპრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსი. – ნ.ს.), დაცვის ორგანიზება გააკეთოს, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ საჭიროა საქმეში ჩართონ სპეცრაზმელები და დაუკავშირდეს გივი თარგამაძეს, რომელიც იცნობს სპეცრაზმელებს.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი ფავორიტი მომღერლის სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბრიდან კი ვიგებთ, რომ სააკაშვილმა ეს-ესაა შეხვედრა დაამთავრა „პოროსთან“, სავარაუდოდ, გულისხმობს პოროშენკოს და ქალბატონ სოფოს აუწყებს, რომ კონკრეტული ამბავი გადაწყვეტილია და 26 ოქტომბერს ოდესაში მერის არჩევნების შემდეგ სალაპარაკოდ უნდა მოემზადოს მომღერალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სააკაშვილი ნიჟარაძეს აფრთხილებს, – მანდ სისხლისღვრა იქნება, რომ იცოდეო. სოფო ნიჟარაძე კითხვას სვამს: რა
პონტში? აქა, ჩვენთან? – ხო, ალბათ, იქნება“. როგორც ხედავთ, სისხლიანი რევოლუციის საქმეში ჩნდება შეთქმულების მეოთხე მონაწილე, სოფო ნიჟარაძის სახით, რომელიც სააკაშვილს რაპორტს აბარებს და უხსნის, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ეშინიათ. მაგალითად მოჰყავს ნოდარ მელაძე: „ნოდარ მელაძეა ყველაზე ჩაჯმული, ჩვეულებრივად სუნი ასდის შორიდან. რომ ვხედავ, ვგრძნობ მის მოსვლას…“. სააკაშვილი ნიჟარაძეს ამშვიდებს: „ეგ თავიდან ყოველთვის ეგრეა, პირველი სისხლი რომ იქნება, მერე ნახავ, ნოდარ მელაძე გახდება საველე მეთაური…“.
როგორც ხედავთ, სურათი ძალიან მძიმეა, იმაზე მძიმეა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. მომღერალი ნიჟარაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ყოფილი უფროსი ჯანაშია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე 3 ნოემბერს დაიბარა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, წინა ჩანაწერისგან განსხვავებით, მოვისმინეთ გვარამიას კომენტარი, რომ ეს იყო ფაბრიკაცია, მაშინ, როცა პირველ აუდიოჩანაწერზე განმარტა, რომ ხმაც მისია და შინაარსსაც ადასტურებს, შეთქმულების მონაწილეებმა უნდა იცოდნენ, რომ უფრო სკანდალური ჩანაწერები დაიდება, ჩვენ ამას ვაცხადებთ არა კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე, არამედ მოვლენების დინამიკიდან გამომდინარე და მათ უკეთ იციან, ამ ჩანაწერებში რაზე საუბრობენ. ასე რომ, წინ უფრო მეგასკანდალები გველის და ეს აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე.
ნიკა გვარამია „საზოგადოებრივი არხისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ მისამართით იმუქრება, აპროტესტებს ამ ჩანაწერის გასვლას, მათ ადანაშაულებს, რომ აუდიოფირი უკრაინული სააგენტოს გავლით კი არ მოხვდა მათთან, არამედ სპეცსამსახურებმა მიაწოდეს და აფრთხილებს, რომ თავისუფალი პროკურატურის პირობებში მათ პასუხს მოსთხოვს და აზღვევინებს. აი, ეს იცის დაუსჯელობის სინდრომმა…
საინტერესოა, რა პოზიცია ექნება უკრაინის პრეზიდენტს, პოროშენკოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე. წერილში ნათქვამია, რომ სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას აუდიოჩანაწერი შეიცავს ანტისახელმწიფოებრივი ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინისპრეზიდენტს ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვს. ჩვენ, ასევე, გვაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიფიქროთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნას არ გაიზიარებს, რადგან შესაძლოა, რევოლუციურ სცენარში ისიც ჩართული იყოს და სააკაშვილის თანამოაზრედ და თანამებრძოლად მოგვევლინოს ამ სისხლიან რევოლუციაში, რომელსაც ოდესის გუბერნატორი აანონსებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სოფო ნიჟარაძესთან სააკაშვილის საუბარი, სადაც ის ნიჟარაძეს
მიანიშნებს, რომ ეს წუთია პოროშენკოსთან შეხვედრა დაასრულა. განიხილავდა თუ არა იგი პოროშენკოსთან სისხლისღვრის სცენარს? ამ კითხვაზე სააკაშვილი თავისი ქმედებით სცემს პასუხს, რადგან ის რეკავს საქართველოში ნიჟარაძესთან და სისხლისღვრის სცენარზე ესაუბრება. საინტერესოა, თუკი გამოქვეყნდა სააკაშვილისა და პოროშენკოს საუბრები, სადაც ისინი საქართველოში სისხლიან რევოლუციას გეგმავენ, ვინ უნდა დაკითხოს პეტრო პოროშენკო და რა მოხდება შემდეგ? დავდგებით თუ არა გამაოგნებელი რეალობის წინაშე, როცა სააკაშვილის მიერ წოდებული „იდიოტი უცხოელები“ გვეტყვიან, რომ დაუშვებელია სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა და მისი გამოქვეყნება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, „ალიასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პროცესს სამართლებრივად აფასებს:
- რამდენად მართებული იყო, 315-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რაც გულისხმობს ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით დამხობის მცდელობას.
- საინფორმაციო საშუალებებმა რა ინფორმაციაც გაავრცელეს და რაც გამოიკვეთა ცალკეული საგამოძიებო მუშაობის ჩატარების შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ გამოძიების დაწყების კანონით განსაზღვრული საბაბი ნამდვილად არის. ასევე, ქმედებაში არსებული დანაშაულის ნიშნები სახეზეა და გამოძიება ვალდებული იყო, ამაზე რეაგირება გაეკეთებინა.
- ჩვენს თვალწინ ხდება დანაშაულის შემცველი საუბრების ტირაჟირება, ვისმენთ კონკრეტულ მოწოდებებს ექსპრეზიდენტის მხრიდან, რომ აუცილებლად მოხდება სისხლისმღვრელი რევოლუცია, საჭიროა „ბოევიკების“, სპეცრაზმელების საქმეში ჩართვა, ადამიანების ცემა-ტყეპა და ა.შ.
- გეთანხმებით, რომ საზოგადოება დაბნეულია, გაორებულია და რაც ყველაზე მთავარია, ეს ხელისუფლება აშკარად კარგავს მომხრეებს. ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება, ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას, რომელსაც სჭირდება პასუხების გაცემა. მე მგონი, არა მარტო მე ვარ ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ახლა ვთქვათ, რაში გამოიხატება ეს… კოალიცია „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ჰპირდებოდა სამართლიანობის აღდგენას, კეთილი უნდა ენება ყველას და როგორც კი ხელისუფლების ბერკეტები აიღეს, ეს პროცესიც უნდა დაეწყოთ. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ განხორციელდა.
მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ცალკეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფუნდამენტური საკითხები, როგორიც იყო პოლიტიკური პატიმრების რეაბილიტაციის საკითხი, პოლიტიკური დევნილების დაბრუნება, უსაფუძვლო მსჯავრდებები, რაზეც ძალიან ბევრი ადამიანია გასამართლებული, ეს საკითხები შესაბამის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კი არ არის მიღებული. სამართლიანობის აღდგენის ნაწილში სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ეს პროცესი, ალბათ, არ განხორციელდება. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“, როგორც საარჩევნო ბლოკს, ამ მინუსს აუცილებლად გაუხსენებენ. ეს პროცესი გაჩერდა, ახლა ისიც ვთქვათ, რა იყო ამის მოტივი. პირველი მოტივი, რაც გამოკვეთილია, ალბათ, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის, ჩვენი „მეგობარი ქვეყნების“ მხრიდან, სხვათა შორის, ისინი ამას არც მალავენ. დააკვირდით, როგორი ზეწოლაა ევროპის საბჭოდან, ევროპარლამენტიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასე რომ, როგორც ჩანს, ეს პრობლემა იოლი გადასაწყვეტი არ აღმოჩნდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით რადიკალური გარღვევა ვერ მოახდინა და პიარკამპანია ვერ აწარმოა. კვალიფიციურობის კუთხით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დგება საკითხი იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და მხედველობაში მყავს პროკურორები, პოლიციის თანამშრომლები და მოსამართლეები, რომლებმაც ამ მძიმე წლებში გადაწყვეტილების მიღება მოახდინეს და რომლებიც დიდ გაღიზიანებას იწვევენ. ამ მიმართულებითაც არაფერია გაკეთებული, ესეც რეაგირებას მოითხოვს. ეჭვი მაქვს, დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, აუცილებლად მოვა ხელისუფლება, რომელიც ამ საქმეებით დაკავდება. ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, სიმართლეს თვალი გაუსწოროს და რეაბილიტაციის პროცესი განახორციელოს.
- ბატონო გია, აუდიოჩანაწერის ავთენტურობა თავის დროზე დაადასტურეს ბოკერიამ, სააკაშვილმა და გვარამიამ. მეტიც, სააკაშვილმა განმარტა, რომ ძალადობას დავუპირისპირდებით ძალით, დემოკრატიას ევროპული კონვენციის საფუძველზე დავიცავთ და იერიშს ხელისუფლებაზე დემოკრატიის სახელით მივიტანთო.
- სრული აბსურდია, გამახსენდა 1991 წელი, როცა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდა და 2003 წელი, როცა მეორე სახელმწიფო გადატრიალება განახორციელეს. მაშინ საქართველოში საუბარი იყო, რომ თითქოს, საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს აჯანყების უფლებას და ადამიანების უფლებაა, ხელისუფლების ძალადობის შემთხვევაში დაუპირისპირდნენ ძალით, მათ მხედველობაში ჰქონდათ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, კერძოდ, პრიემბულის მე-3 აბზაცი ითვალისწინებს ამის შესაძლებლობას. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, ეს არის არჩევნები. ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას კანონი და სამართალი არ ცნობს. თუ ასეთი რამ ხდება, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და სახელმწიფომ ამ დანაშაულს პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, კერძოდ, პრიამბულის მე-3 აბზაცს, იქ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს, აქ საუბარია მხოლოდ მთავრობისა და ხელისუფლების ვალდებულებებზე, მოუხმონ გონიერებას იმიტომ, რომ არ დაუშვან ხელისუფლების შეცვლა, არავითარი მსგავსი ჩანაწერი, რომ ვინმეს უფლება აქვს სახელმწიფო გადატრიალების, თუკი სახელმწიფო ძალადობს, ასეთი რამ იმ ჩანაწერში არ არსებობს.
ასე რომ, ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა არის შესაძლებელი და კანონიერი. ძალადობრივი გზით კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა დასჯადია, სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
- თუკი ხელისუფლება ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, აქვს თუ არა ხალხს აჯანყების უფლება, რა გამოსავალი რჩებათ?
- ამ შემთხვევაში ერთადერთი სამართლებრივი გამოსავალი არის არჩევნები. ყველა სხვა ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს შემოთავაზებული, არის კანონსაწინააღმდეგო. ვინაიდან სამართლებრივად ხელისუფლების წყარო არის ხალხი, მათ აქვთ ხელისუფლების შეცვლის უფლება არჩევნებით, ან რეფერენდუმით.
- ეგ გასაგებია, ის მაინტერესებს, არჩევნების შემდეგ ბოროტად რომ სარგებლობს ხელისუფლება, მაშინ რა უნდა ქნას ხალხმა, რამდენიმე წელი უნდა ელოდოს, სანამ გადაირჩევენ? რა ბერკეტები არსებობს, რომ ასეთი ხელისუფლება მოიცილონ?
- როდესაც ბოროტად სარგებლობს ხელისუფლება, მაგალითად, რუმინეთში იყო 1988 წელს, როდესაც ჩაუშესკუს რეჟიმი დაამხეს და ბევრმა ქვეყანამ ეს გზა გაიარა. თუმცა, ამ შემთხვევაში იურიდიული და ისტორიული ასპექტები ერთმანეთს არ ემთხვევა. კანონმდებლობით იგი შეფასებული უნდა იყოს როგორც მართლსაწინააღმდეგო და დასჯადი. თუ ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება ამბოხება, აჯანყება, ეს უნდა იყოს შეფასებული, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ყველა შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალებად უნდა იყოს შეფასებული. თუმცა პოლიტიკური და ისტორიული ასპექტები შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს არის ამ პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი.
- სააკაშვილზეც გკითხავთ. თუკი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მთავარი დამნაშავე არის მიხეილ სააკაშვილი, ამ შემთხვევაში რა ღონისძიებას მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, რათა მოხდეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება?
- მისი ექსტრადირება ვერ მოხდება, ის არის უკრაინის მოქალაქე, იმიტომ, რომ არსებობს კონსტიტუციური პრინციპი, ეს მოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და თითქმის ყველა ქვეყანაში, რომ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იმხილება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების ან სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ეს გახლავთ საერთაშორისო დანაშაულები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო დანაშაულზე საუბარი არ მიდის. საერთაშორისო დანაშაულში იგულისხმება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ასე რომ, სააკაშვილის ექსტრადირება არ მოხდება, ვინაიდან კონსტიტუცია ამ შესაძლებლობას არ იძლევა. რა თქმა უნდა, ქართულ მხარეს უფლება აქვს, საკითხი გამოძიოს, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, არ მინდა მოვლენებს დავასწრო
„ახალი თაობა“, 04 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ეს ხელისუფლება თავად გადატრიალდება“
შორენა მარსაგიშვილი
(შემოკლებით)
ტოვებს თუ არა ხალხი „ნაცმოძრაობას“, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მოსმენები და დაანონსებული გადატრიალებები, არის თუ არა სააკაშვილის ადგილი ციხეში? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.
- მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის ციხეში. ეთანხმებით მის ამ განცხადებას?
- რას უნდა დავეთანხმო, კაცო? მის ამ განცხადებაზე მთელ ევროპას გააჟრჟოლა.
- იმათ რატომ გააჟრჟოლათ?
- ირაკლი ღარიბაშვილი ზოგადად, თავშეუკავებელი, გაუწონასწორებელი და გამოუცდელია. ის ასეთ მკვახე განცხადებებს პირდაპირ აკეთებს. ეს ადამიანი თავად აჩენს განცდას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ხდება დევნა. სინამდვილეში ასეც არის, მაგრამ დასავლეთს ამის გასარკვევად არასამთავრობოების დასკვნები აღარ სჭირდება. მოუსმენენ ღარიბაშვილს და მათთვის ნათელი ხდება საქართველოში არსებული სურათი.
შემთხვევითი არ იყო 2 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის განცხადება. მისი თქმით, მთავარია ოპოზიციის დაცვა, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკვე აქვთ იმის შიში, რომ ხელისუფლება პირდაპირ ებრძვის ოპოზიციას, რითაც სახელმწიფოს ასუსტებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ხომ საშინელება იყო, მაგრამ ამაზე სახიფათოდ მომეჩვენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2 დღის წინ გავრცელებული განცხადება. ეს უწყება რეკომენდაციებს გვიწევს ჩვენ და გვირჩევს, ჩვენი მოსაზრებები სოციალური ქსელით არ დავაფიქსიროთ, რადგან ეს მათ სცენარს ეჭვქვეშ აყენებს. ამ დღეებში დადასტურდა, რისთვისაც შეიქმნა ეს უწყება.
- რისთვის შეიქმნა?
- სუს-ი მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ მისი დახმარებით მომხდარიყო პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდით, როცა ეს სამსახური იქმნებოდა. სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა, მოპოვებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ, ერთი მხრივ, კარგიც არის, ეს ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა.
- კარგი რით არის?
- ამ ჩანაწერებიდანაც კი ჩანს, რომ ჩვენ არც ხელისუფლებაზე ვაპირებთ შეტევას და არც შეიარაღებულ გადატრიალებას ვგეგმავთ. მხოლოდ რუსთავი 2-ის დაცვაზე ვსაუბრობთ. ამის შესახებ არაერთხელ გაგვიკეთებია საჯარო განცხადებები. ახლაც ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სიტყვის თავისუფლებას დაიცავს.
„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არავის ესხმის თავს. 10 ოქტომბრიდან დღემდე ჩვენი 63 ოფისია შეღებილი და დარბეული. ეს ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელ განცხადებებს მოჰყვა. იმას, რაც ახლა ხდება, ჩვენ კარგა ხანია, ველოდით. ამ ხელისუფლების მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი-2“-ის განეიტრალებაა. ამაში მათ ქიბარ ხალვაში ეხმარება. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდიდან გახდა ქილერი ქიბარ ხალვაში მედიამაგნატი.
- ქილერი რატომ არის ხალვაში?
- თავისუფალი ტელევიზიის მკვლელია და ქილერია, აბა, რა არის! მან ყველაზე უკეთესად იცის, რა მოხდა 2004 წელს. ისიც კარგად იცის, რომ არაფერი გადაუხდია.
- ის კაცი ამბობს, გადავიხადეო.
- ეს არის ტყუილი, ამტკიცებს, ფული ქეშად გადავიხადეო. როცა ჰკითხეს, ვის გადაუხადეო, პასუხობს, ის კაცი მკვდარიაო. აბა, ახლა დავფიქრდეთ, ვის ინტერესებშია, ეროსი კიწმარიშვილი ცოცხალი რომ აღარ არის. ეროსი ხშირად ამბობდა, „რუსთავი 2“-ზე როცა ლაპარაკობენ, მე შემომხედონ თვალებში და ისე ისაუბრონო. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქილერ ხალვაშის ხელით მოეკლა თავისუფალი ტელევიზია. ამისთვის მოიძებნა ფარატინა ქაღალდი, რომელიც დოკუმენტის ქსეროასლია და არაფერს ამტკიცებს. თავისუფალი სიტყვის ბედი ახლა იმ მოსამართლის ხელშია, რომელიც დედას არ აღიარებს. თემიდას სკულპტურას თვალები აქვს ახვეული და სასწორი უჭირავს ხელში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ურთმელიძეს ხელში ნაჯახი უჭირავს. (…)
ფაქტია, რომ ურთმელიძე გამოძიებასა და პროკურატურაზეა დამოკიდებული. ასევე იყო პროკურატურაზე დამოკიდებული გიგი უგულავას მოსამართლე. არ მჯერა, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და ამიტომაც ვიცავთ რუსთავი 2-ს.
- ზემოთ ოფისების დარბევა ახსენეთ და ამტკიცებთ, რომ ეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ამაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტილი, რომლითაც ოფისების დარბევა მოხდა, ნაციონალური მოძრაობისთვის არის დამახასიათებელი. მათი თქმით, ნიღბიანი პირები, რომლებიც კედლებს თხუპნიან, თქვენთან უნდა მოვიკითხოთ.
- ვაიმე, ვაიმე! ეს არის უპასუხისმგებლო და უსირცხვილო განცხადება, მაგრამ ამათგან რა უნდა გაგვიკვირდეს, ხელისუფლებაში ბავშვის სიკვდილის ხარჯზე მოვიდნენ. პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაც კი ჩვენ დაგვაბრალეს, მერე გაიძახოდნენ, ნაციონალები გვისმენენო. კარგი, ვთქვათ და ნიღბიანი პირები ნაციონალები არიან, მაგრამ ლადო სადღობელაშვილი ხომ უნიღბოდ გვივარდება, ეგ დაიჭირონ, ან იქნებ ეგეც ნაციონალია? უნიათობა და ყველაფრის სხვებისთვის გადაბრალება მათი სტილია. ახლა გადატრიალების მოწყობასაც გვაბრალებენ. ჩვენ არც ადრე წავსულვართ სახელმწიფოს წინააღმდეგ და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. ერთადერთი კაცი საქართველოში, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი.
- რით გამოიხატება, რომ ის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის?
- მისი უპასუხისმგებლო განცხადებები ამის ნათელი მაგალითია. გადატრიალებისკენ მოწოდებები იმ ჩანაწერებშიც კი არ ისმის, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა. ეს ჩანაწერები უკანონოდ არის მოპოვებული და კომპილაციას წარმოადგენს. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დავიცავთ ტელეკომპანიას და, თუ შეტევა იქნება, როგორმე გავუძლებთ და მოვიგერიებთ.
- გავრცელებული ინფორმაციით, ამ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ნაცმოძრაობის ნაწილმა პარტიის დატოვების სურვილი გამოთქვა. ეს სიმართლეა?
- ჩვენ სერიოზული მხარდამჭერები გვყავს და ამ ჩანაწერების გამო არავინ გაგვემიჯნება. ხელისუფლებას ამ ხმების გავრცელებას ურჩევნია, პასუხი აგოს უკანონო მოსმენებზე. ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ყველას უსმენენ. 3 ნოემბერს უკვე დეპუტატების საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნეს. ერთადერთი, ვისაც დღეს გადატრიალებაზე აწყობს საუბარი, ხელისუფლებაა. ისინი ამ თემით ცდილობენ, გადაფარონ თავიანთი უნიათობა. იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დავბრუნდეთ, არანაირი გადატრიალება არ გვჭირდება.
- ეს განცხადება როგორ გავიგოთ?
- ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება თავად წააგებს არჩევნებს და ყოველგვარი გადატრიალება-გადმოტრიალება ზედმეტია.
- გინდათ თქვათ, რომ თავად გადატრიალდებიან?
- თავად გადატრიალდებიან და თან როგორ! 31 ოქტომბერს საგარეჯოში ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რამდენად მყიფეები არიან მეოცნებეები.
- თქვენ ხელისუფლებას საყვედურობთ, გადატრიალებაზე საუბრობსო და თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, მაშინაც სულ ამ თემაზე არ მიდიოდა საუბრები? უკანონო მოსმენებიც არ დაგიკლიათ.
- ჩვენს დროსაც ჰქონდა ადგილი უკანონო მოსმენებს და ეს ძალიან ცუდია. ჩანაწერების უმეტესობა ჩვენს დროს კანონიერი გზით იქნა მოპოვებული და დამტკიცდა, რომ ოპონენტები მართლაც რაღაცას ამზადებდნენ. 2007 წელს ერეკლე კოდუამ ჩაწერა ბადრი პატარკაციშვილი. საუბრისას ჩანს, რომ პატარკაციშვილი ითხოვს, იქნებ დავაძინოთ ვანო მერაბიშვილიო. ჩვენს საუბრებში სადმე არის ვინმეს დაძინებაზე საუბარი? მეორე გახმაურებული ჩანაწერი გამოქვეყნდა 2011 წლის მაისში, სადაც ბურჯანაძე და ბიწაძე რუსული სპეცრაზმის შემოყვანაზე საუბრობენ. ეს საუბრები ოფიციალურად შსს-ს მიერ გამოქვეყნდა. იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ საქმის გამოძიება ბოლომდე მიეყვანა, საქმეები პირიქით აღძრეს.
- პირიქით როგორ?
- 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, რომელიც ამ სპეცოპერაციაში საერთოდ არ მონაწილეობდა.
- შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი 26 მაისის დარბევის ოპერაციაში არ მონაწილეობდა?
- დიახ, არ მონაწილეობდა. მან ეს ოპერაცია, როგორც შს მინისტრმა, შეათანხმა. ოპერაცია უშუალოდ დაგეგმა და განახორციელა გენერალმა ჯანაშვილმა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მან ვანოს წინააღმდეგ მისცა ჩვენება და ამით შეინარჩუნა თავისუფლება. ციხეში, წესით, ის უნდა იჯდეს, რადგან ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ოპერაცია უშუალოდ ჯანაშვილმა განახორციელა. მინდა, ხელისუფლებას მივმართო და ავუხსნა, რომ ოპერატიულად მოპოვებულ და უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერებს შორის დიდი სხვაობაა. რაც მეტ ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, მით უარესი იქნება მათთვის. ახლა სხვა ჩანაწერებს ველოდებით და იქნებ დააანონსონ, რომელ დღეს რა ჩანაწერი დაიდება, ან ერთიანად გაუშვან, რას გვაწვალებენ.
ხელისუფლება დღეს აგონიაშია. სხვანაირად ვერაფრით ავხსნი ჩანაწერების გარშემო არსებულ ისტერიკას. ზემოთ მკითხეთ იმ უკანონო მოსმენებზე, რომლებსაც ჩვენს დროს ჰქონდა ადგილი. მე არ გამიგონია, „ქართულ ოცნებას“ ამ დანაშაულის ჩამდენი დაესაჯოს. ეჭვი მაქვს, რომ ეს ხალხი დღესაც სამსახურშია და უკანონო მიყურადებას ახორციელებენ. ამიტომაც იყვნენ ჩაფრენილი მოსმენების გასაღებს და ცოცხალი თავით არ დათმეს. სხედან ახლა და ყველაფერს უსმენენ, მერე ამახინჯებენ ჩანაწერებს და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებენ, გადატრიალება მზადდებაო. არადა, სიტყვა არ თქმულა ამაზე.
- აბა, რატომ გაგემიჯნათ ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 3 დეპუტატი? ჯაფარიძემ ამ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ისეთი განცხადება გააკეთა, თითქოს ნაცმოძრაობა ადრეც გეგმავდა ძალადობრივ აქციებს.
- პირადად მე ასეთი რამის დაგეგმვა არ მახსოვს. შესაძლოა, ეს ჯაფარიძისთვის არის ცნობილი და, ალბათ, მოუყვება ამის შესახებ სათანადო ორგანოებს. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ამ ბატონის აღმასრულებელი მდივნობის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ 2 დიდი მიტინგი ჩაატარა. ორივე მათგანი მშვიდობიანად დავასრულეთ.
„ახალი თაობა“, 04 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ჩანაწერებში გადატრიალებაზე საუბარი არ არის“
მარიამ მჭედლიშვილი
მოსალოდნელია, რომ ჩანაწერები, რომლებშიც პრეზიდენტყოფილის საუბრებია ჩაწერილი, კიდევ გავრცელდეს. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მათი გავრცელება პროტესტს უნდა იწვევდეს. „ამ მასალების გამოქვეყნებაზე უნდა იყოს პროტესტი და არა შინაარსზე“, – განუცხადა „ახალ თაობას“ თამარ ჩხეიძემ.
- შინაარსიც ხომ საყურადღებოა?
- შინაარსი არ გულისხმობს მზადებას სახელმწიფო გადატრიალებისათვის. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება რუსეთის სპეცსამსახურების კვალს.
- ამის შესახებ რაიმე მონაცემები გაქვთ?
- საიტი, რომელიც ითვლება ამ ფარული ჩანაწერების წყაროდ, რუსულია. ესეც რომ არ იყოს, ეს ყველაფერი ჯდება რუსეთის ინტერესებში. შინაარსზე ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება მანიპულირება ამ მასალებით. მიმდინარეობს გამოძიება შეთქმულების მუხლით სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. არადა, მოსმენილი დიალოგებიდან ასეთ დასკვნას ვერ გამოიტან.
- საუბარია ძალადობრივ სცენარზე.
- ფარულ ჩანაწერებში ყველა გამონათქვამი მისაღები არაა, მაგრამ ეს არის წარუმატებლად შერჩეული ფრაზები, სიტყვები და არა მზადება ხელისუფლების დამხობისათვის. ფაქტია, რომ დიალოგის მონაწილეები საუბრობენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობის დაცვაზე. რუსთაველის პროსპექტზე ძალადობრივი აქციები, ან სახელმწიფო შენობების აღება და შტურმი დაგეგმილი არ არის. ჩემს სახლში მინდა, რკინის კონსტრუქციას დავდგამ და მინდა პლასტმასისას! კონსტრუქციის დადგმა არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
- რა მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?
- არა მგონია, რაიმე განსაკუთრებული კატაკლიზმები მოხდეს. ჩანაწერებით უნდოდათ ტელეკომპანიის ჟურნალისტების დაშინება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც შეჩერდა აღსრულების დაუყოვნებლივ განხორციელება, დაძაბულობა განმუხტა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიჩინა დამოუკიდებლობა და კომპეტენტურობა. ეს ინსტიტუტი, სხვებისაგან განსხვავებით, არაა დამოკიდებული ერთი კაცის ნება-სურვილზე.
- სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები დამოკიდებული არიან?
- რა თქმა უნდა! მაგალითად, სასამართლო და პროკურატურა. სასამართლო არც წინა ხელისუფლების დროს იყო დამოუკიდებელი. ახლა ამ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ნაწილში ნაციონალურ მოძრაობასაც კი გადააჭარბა. ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებას. პარლამენტიც არაა დამოუკიდებელი. საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია ოპოზიცია, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს მორჩილი უმრავლესობა. გამაოგნებელი იყო ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები. მაგალითად, ითქვა, რომ უცხო ქვეყნის მოხელე არ უნდა ერეოდეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. ეს რომ ღარიბაშვილს ეთქვა, არ გამიკვირდებოდა. პრემიერისაგან მიჩვეული ვართ არაკორექტულ გამონათქვამებს. ამჯერად ეს განცხადებები პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
- რატომ არის ეს განცხადებები მიუღებელი?
- ჯერ ერთი, სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობა ჯერ არ შეუწყვეტიათ. მეორეც, ის ყოფილი პრეზიდენტია. მას სრული უფლება აქვს, ტელეფონით ისაუბროს.
- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პარლამენტის შუალედურმა არჩევნებმა საგარეჯოში. არჩევნების შემდეგ ზოგი რესპუბლიკური პარტიის დასამარებაზე ალაპარაკდა, ზოგი კი _ გაძლიერებაზე.
- ამ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა, რაც გასაკვირი არაა. ეს გამარჯვება განაპირობა იმან, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიცია `ქართული ოცნების~ შემადგენლობაშია. ცალკე ეს პარტია, როგორც წესი, ვერაფერს აღწევს და ყოველთვის უერთდება გამსვლელ ძალას. ახლაც ასე მოხდა. ამიტომ, რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებაზე და დასუსტებაზე საუბარი უადგილოა. გაიმარჯვა ხელისუფლების კანდიდატმა. რაც შეეხება გაყალბებას და დარღვევებს, ესეც მოსალოდნელი იყო. ჩვენთან დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არ ტარდება. არ არის ნორმალური და თანასწორუფლებიანი გარემო. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატ ირმა ინაშვილს რომ გაემარჯვა, არც ამას მივესალმებოდი. ეს ძალა რეაქციულად და პრორუსულად მიმაჩნია.
„ახალი თაობა“, 04 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ დაარიგებს კომპრომატებს და არა ფულს“
ნონა ცაბაძე
როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ყველა საარჩევნო ოლქში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. „საქართველო, ბელარუსსა და აზერბაიჯანთან ერთად, მესამე ქვეყანაა, სადაც საარჩევნო ოლქების 100%-ს ხელისუფლება იგებს“, – აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ არჩევნებმა ტოტალური გაყალბების ფონზე ჩაიარა. „ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი, რომლებსაც გასულ წლებში მოქალაქეთა კავშირი და შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მიმართავდნენ არჩევნების გასაყალბებლად“, – ამბობს კახა კუკავა.
- თუკი არ ჰქონდათ მხარდაჭერა, როგორ მოიგეს არჩევნები? გააყალბეს?
- რასაკვირველია. გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსი, მობილიზებულნი იყვნენ შეიარაღებული ძალები და სუსი. ეს ყველაფერი კი დღის დასასრულს იმით დაგვირგვინდა, რომ პირადად თავდაცვის მინისტრი აგროვებდა საუბნო კომისიის ოქმებს და აჯამებდა ხმებს. ხმებში გარდატეხა შეიტანა სწორედ იმ საარჩევნო უბანმა, სადაც სამხედროებმა მისცეს ხმა. გამოდის, რომ საგარეჯოს დეპუტატის არჩევისას, საგარეჯოელებზე მეტი ხმა ჰქონიათ საგარეჯოში დისლოცირებულ სამხედროებს.
კახა კუკავას განცხადებით, შუალედურ არჩევნებში ხელისუფლებამ აჩვენა, თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
- ამ ფონზე როგორია ოპოზიციის სტრატეგია?
- ამ ვითარებაში, გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს არასაპარლამენტო ოპოზიციის და საზოგადოების გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა ეს უკანასკნელი იძულებული გახდეს, გაატაროს საარჩევნო რეფორმა და 2016 წელს მშვიდობიანი გზით დათმოს მართვის სადავეები.
ოპოზიციონერის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსი ყველაზე ლოიალურად იყო განწყობილი ხელისუფლებასთან, ის არ შეუერთდა ბოიკოტს, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და დღეს ისიც აცხადებს, რომ არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ.
- ირმა ინაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ისევ გამოდის ქუჩაში და საპროტესტო აქციებს იწყებს. ეს ტალღა მოიცავს მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრს?
- ჩვენ მოვუწოდებთ პატრიოტთა ალიანსს, რომ მათ ბოლომდე დაიცვან თავიანთი ხმები. მე არ ვარ პატრიოტთა ალიანსის თანამოაზრე, კატეგორიულად ვემიჯნები მათ პოლიტიკურ ხედვებს, თუმცა, ამის მიუხედავად, მე მზად ვარ, დავიცვა საგარეჯოელების ხმის უფლება, თუკი პატრიოტთა ალიანსი დაგვარწმუნებს, რომ მართლა ბოლომდე აპირებს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას და ეს არ იქნება ფარსი!
- იყო საუბარი, რომ კოალიციის შიგნით არ იყო ერთიანობა, რომ „ოცნებაში“ შემავალი პარტიების ნაწილი ინაშვილს უჭერდა მხარს, თუმცა რესპუბლიკელებმა აჯობეს.
- ყველამ კარგად ვიცით, რომ „ოცნების“ კოალიციაში შემავალი სუბიექტები არის ფორმალობა. „ოცნება“ მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული. სწორედ ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ვინ უნდა გამხდარიყო მაჟორიტარი დეპუტატი და თუ რა შეხედულებები ჰქონდათ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- ანუ ივანიშვილი რესპუბლიკელების მხარესაა? კმაყოფილია მათი საქმიანობით?
- ამ სიტუაციიდან გამომდინარე ასეა. ცხადია, რომ რესპუბლიკელები საგრძნობლად გაძლიერდნენ.
კახა კუკავა დავით უსუფაშვილის განცხადებასაც ეხმიანება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 2016 წლისთვის კოალიცია უნდა იყოს შეკრული და ერთიანი, რომ მათ ცალ-ცალკე პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების. „დავით უსუფაშვილის განცხადება რომ ვთარგმნოთ ყოფით ენაზე, ის ასე გამოიყურება: დიახ, რესპუბლიკური პარტია 2%-იანია, დიახ, ჩვენ არ გვაქვს არჩევნებში ბარიერის გადალახვის შანსი, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ ძიძიგურო, თოფაძე, ღარიბაშვილო და სანიკიძე, რომ თქვენც 2%-იანები ხართ! არც თქვენ გაქვთ ბარიერის გადალახვის შანსი და ჩვენი ერთადერთი შანსია, ერთმანეთს ავეკიდოთ და ბიძინა ივანიშვილმა გადაგვალახინოს საარჩევნო ბარიერი. აი, ამაზე მიანიშნა უსუფაშვილმა“, – აცხადებს კუკავა.
- ფიქრობთ, რომ ეს სურათი იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
- დიახ, ამ არჩევნებისთვის კოალიციის შემადგენლობა არ შეიცვლება. პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს ჯიუტად არ უნდა იმ პრობლემის გათავისება, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, გარდა ერთისა, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ვერ ხვდება, რომ ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთი კანდიდატისთვის არჩევნების გაყალბება.
კახა კუკავას აზრით, ოპოზიციის ყველაზე ჯანსაღმა ნაწილმა ინიციატივა უნდა აიღოს ხელში, ნაცები და ქოცები მოაცილოს ამ ქვეყანას და ქვეყნის მართვის სადავეები გადაიბაროს.
- განცხადებებით კი გამოდიხართ, მაგრამ არსად ჩანს თქვენი აქტიურობა. საზოგადოებაში არის ის მუხტი, რაც ადრე იყო?
- სამწუხაროდ, არ არის ეს მუხტი. ჩვენს პასიურობას ჰქონდა თავის მიზეზი _ არასაპარლამენტო პარტიები ვიყავით საპარლამენტო პარტიების შემყურე, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ინიციატივა. საპარლამენტო პარტიებმა, როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან, დაადასტურეს, რომ მათ არ შეუძლიათ არაფრის გაკეთება, გარდა იმ ფარსისა, რასაც ყოველდღე ვუყურებთ ეკრანზე. დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს და აიღოს პოლიტიკური პროცესების კონტროლის პასუხისმგებლობა.
- დათმობს ასე მარტივად ხელისუფლება?
- მარტივად არ დათმობს, მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ 2007 წლის მსგავს პროცესებზე. ანუ რადიკალურ დაპირისპირებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ უნდა შევძლოთ მთელი საზოგადოების დარაზმვა. უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ და ნაციონალების სრული მარგინალიზაცია! ისინი უნდა განიდევნონ პოლიტიკური სპექტრიდან. ოპოზიციონერი ფარული ჩანაწერების თემასაც ეხება და აცხადებს, რომ ხელისუფლება დღეს ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც 2007-ში მოქმედებდა სააკაშვილის ხელისუფლება. მე ქართველ ხალხს მინდა ვუთხრა: ა, ბატონო, 2012-2015 წლები და სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება პოლიტიკაში, მისი ერთადერთი შეთავაზება ქართველი ხალხის მიმართ იქნება მხოლოდ წინასაარჩევნო კომპრომატები.
- ანუ ეს ფარული ჩანაწერები ხელისუფლებას მხოლოდ კომპრომატებად სჭირდება წინასაარჩევნო პერიოდში?
- რასაკვირველია! თუ ვინმეს ჰგონია, რომ წინასაარჩევნოდ ესენი ფულს დაარიგებენ, ვაუჩერებს, ან სამუშაო ადგილებს გაზრდიან, ტყუილად გაქვთ ამისი იმედი! წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილი გიმზადებთ კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო ბინძურ ვიდეოკომპრომატებს!
კახა კუკავა აცხადებს, რომ ხელისუფება ამ კომპრომატების საფუძველზე არავის დააკავებს და რომ ზუსტად იგივე მოხდა 2007-შიც. სააკაშვილმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალი დასდო პოლიტიკოსებს, თუმცა ისინი არ დაუკავებია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმ პერიოდში მიზნად ისახავდა საზოგადოებაში ისტერიის შექმნას.
- გარწმუნებთ, რომ არც ახლა არ მოხდება არავის დაკავება, უბრალოდ, ხელისუფლება პოზიციებს იმაგრებს. მეტი ამოცანა ამ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს არ აქვს. ნუ გექნებათ იმედი, რომ ივანიშვილი საარჩევნოდ ფულს დახარჯავს. წინასაარჩევნოდ ივანიშვილი დაგირიგებთ კომპრომატებს, – აცხადებს კახა კუკავა.
„ახალი თაობა“, 04 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „ახალ პარლამენტში ხუთი ოპოზიციური ძალა შევა“
ნათია ხურცილავა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია „ახალ თაობასთან“ საუბარში აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება და ერთიანი პლატფორმით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოსვლა გამოსავალი არ არის.
- ბატონო კონსტანტინე, შუალედური არჩევნები რამდენად იყო თქვენთვის ერთგვარი რეპეტიცია დიდი არჩევნებისთვის? რა გაკვეთილი მიიღო არასაპარლამენტო ოპოზიციამ, რომლის დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებდა ამ არჩევნებს?
- ხუთივე საარჩევნო ოლქში, მე ვგულისხმობ როგორც პარლამენტის, ისე საკრებულოს არჩევნებს, მმართველი პარტია გახდა გამარჯვებული. შედეგებმა აჩვენა, რომ საარჩევნო უბნების 100%-ს სახელისუფლო გუნდი იგებს. ეს წარმოუდგენელია, არ შეიძლება. მაგალითად, ვანის საარჩევნო ოლქში მმართველ პარტიას ხმების 100% მიუღია. გაყალბება არ გულისხმობს მხოლოდ ბიულეტენების საარჩევნო ურნაში ჩაყრას. აქ საუბარია ტექნოლოგიებზე, თვითონ სიტუაციის გაყალბებაზე. რეალურად შეიძლება ისეთი დრო დადგეს, რომ ამომრჩეველი ვის აძლევს ხმას, ეს დიდი ხნით ადრე იყოს გადაწყვეტილი. ეს იქნება ანგაჟირებული, წინასწარ მომზადებული ამომრჩეველი და არა ამომრჩეველი, რომელიც საკუთარი რწმენისა და მოლოდინის საფუძველზე გააკეთებს არჩევანს. შესაძლოა, დოტაციაზე მყოფიც კი იყოს, ის უკვე რაღაც სისტემაში იქნება მოქცეული და თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აღარ ექნება.
- ნაციონალური მოძრაობის მიმართ სწორედ ეს ბრალდება იყო, რომ ამომრჩეველი მათ დოტაციაზე ჰყავდათ, რომ წინასწარ იყო არჩევანი გაკეთებული და ამისთვის სახელისუფლო რესურსი იყო ჩართული. არ ფიქრობთ, რომ ეს პერიოდი გავიარეთ?
- ეს მანკიერი მეთოდი შემოიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და ამას აგრძელებს, როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებაც. რადგან გარკვეული კითხვის ნიშნები ჩანს. თუ დემოკრატიულად ვატარებთ არჩევნებს, მაშინ ასეც უნდა ჩატარდეს, რადგან სანახევრო დემოკრატია არ არსებობს.
- პოლიტოლოგების ნაწილი აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას მომავალ არჩევნებში შანსი არ აქვს, თუ ის არ ჩაატარებს შიდა პრაიმერიზს და არ გამოავლენს ერთ ლიდერს, რომლის ირგვლივაც მოხდება გაერთიანება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- მე არ მგონია, რომ ეს იყოს გამოსავალი. თუ გახსოვთ, ჩვენ, ოპოზიციამ, 2007 წელს მოვახერხეთ გაერთიანება და საერთო ლიდერიც გამოვავლინეთ.
- გულისხმობთ ლევან გაჩეჩილაძეს?
- დიახ. მაშინ ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
- მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.…
- დიახ, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი ზოგადად საარჩევნო პროცესში. შიდა თუ გარე ფაქტორები, საერთაშორისო მხარდაჭერა და ა.შ.
- როგორც ჩანს, თქვენ გაერთიანებაში გამოსავალს ვერ ხედავთ...
- შეიძლება უფრო მეტი შედეგი მივიღოთ, ვიდრე დღეს გვაქვს, მაგრამ ამით ჩვენ სიტუაციას სრულად ვერ შევცვლით.
- ექსპერტების ნაწილი 2016 წლის არჩევნებს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის ბოლო შანსად განიხილავს. თქვენც ასე პესიმისტურად ხართ განწყობილი?
- არა, მე არ ვარ ასე პესიმისტურად განწყობილი, რადგან ოპოზიციას ყოველთვის შეუძლია განახლება. ხელახალი ფორმირება, ერთგვარი გადატვირთვა. ოპოზიციას ყოველთვის შეუძლია განახლებული შემადგენლობით წარდგომა ამომრჩევლის წინაშე.
- ახალ პარლამენტში ძალთა სხვადასხვა შემადგენლობას ელოდებით?
- დიახ. ამის მოლოდინი ნამდვილად მაქვს. მინიმუმ ხუთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მივიღებთ მომავალ პარლამენტში, სხვანაირად შეუძლებელია და ამას ვამბობ არსებული რეალობიდან გამომდინარე. ეს რეალობა კი ძალიან ქაოტური, დაულაგებელი.
- ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობთ? გავრცელებულ ჩანაწერებს?
- მათ შორის. მე არ მგონია, რომ ეს ჩანაწერები შემთხვევით გაჩნდა. რუზველტის ნათქვამი მახსენდება, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და თუ მოხდა, სწორედ ასე იყო დაგეგმილი.
- ამ ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც კვლავ განიხილავს რევოლუციურ სცენარს. ამაზე რას იტყვით?
- ამ ეტაპზე ქვეყანაში რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარების შანსი არ არის. ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია, როდესაც მიტინგებს ვმართავდით, პრობლემა არ იყო, ისე გამოგვყავდა 100 ათასი ადამიანი ქუჩაში. მაშინ რევოლუცია შუა გზაზე გაჩერდა. დღეს რამდენი ადამიანი გამოჰყავს ქუჩაში ნაციონალურ მოძრაობას? არის კი ეს საკმარისი რევოლუციის მოსახდენად? რასაკვირველია, არა. დღეს მიხეილ სააკაშვილი იგორ გიორგაძისა და ლევან მამალაძის მსგავს სახედ გადაიქცა.
„რეზონანსი“, 04 ნოემბერი, 2015 წელი
შუალედური არჩევნების შედეგი: ხალხი რადიკალიზმისკენ არის მიდრეკილი
„რადიკალურმა მოწოდებებმა გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხალხის ყურადღება მიიქცია“
თაკო მათეშვილი
შუალედურმა არჩევნებმა, რომელიც 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში ჩატარდა, პოლიტოლოგების აზრით, არაერთი დასკვნის გამოტანის საშუალება მოგვცა როგორც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისე საზოგადოების მოთხოვნებისა და განწყობის მხრივ.
ნათელია, რომ საზოგადოება რადიკალიზმისკენაა გადახრილი და მათზე ხისტი და მყვირალა მოწოდებები უფრო მოქმედებს, ვიდრე დაბალანსებული და გაწონასწორებული განცხადებები. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ამ არჩევნების მაგალითზე თავის პოლიტიკაში ცვლილებები უნდა შეიტანოს, თუკი უნდა, რომ 2016 წლის არჩევნებისათვის დაკარგული ხმები დაიბრუნოს.
მოგეხსენებათ, საგარეჯოსა და მარტვილში 31 ოქტომბერს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. გარდა ამისა, დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნებიც გაიმართა.
საგარეჯოში გამარჯვება სამთავრობო კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა მოიპოვა, რომელმაც ხმათა 49,5 % (7540 ხმა) მოაგროვა. ხიდაშელის მთავარ მეტოქეს, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს კი მხარი ამომრჩეველთა 45,83 %-მა (6981 ხმა) დაუჭირა. ანუ, ხიდაშელმა ინაშვილს 551 ხმით აჯობა.
ბევრად მღალი იყო განსხვავება მარტვილში მიღებული ხმების რაოდენობაში – სოსო დანელიამ („ქართული ოცნება“) ხმათა 72,54 % (9 620 ხმა) მოაგროვა, ხოლო ეთერ მეძველიამ („პატრიოტთა ალიანსი“) – 27,45 % (3 641 ხმა).
საგარეჯოს არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რამდენიმე მიზეზის გამო მოექცა. პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ ორი ერთმაპნეთისაგან რადიკალურად განსხვავებული, საპირისპირო იდეოლოგიის მიმდევარი კანდიდატი უპირისპირდებოდა.
შესაბამისად, პოლიტოლოგები ფიქრობდნენ, რომ საგარეჯოს შედეგები ბევრ რამეს გახდიდა ნათელს. პირველ რიგში იმას, თუ რამდენადაა მოსახლეობა მზად ევროპული ღირებულებებისათვის. აირჩევთ თუ არა იგი მკვეთრად პროევროპულ პარტიას თუ მხარს უფრო რადიკალიზმისაკენ გადახრილ და ევროპული ღირებულებისაგან საკმაოდ შორს მყოფ ძალას დაუჭერს. ევროპული კურსის დაპირისპირება რელიგიურ-პატრიოტულ მოტივებთან, ასე აფასებდნენ სპეციალისტები სიტუაციას .
გარდა ამისა, ისინი საგარეჯოს არჩევნებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ გენერალურ რეპეტიციადაც თვლიდნენ და ამბობდნენ, რომ აქ დადებული შედეგები დაახლოებით აჩვენებს იმ სურათს, რაც 2016 წელს გვექნება. სწორედ იმიტომ, ისინი საგარეჯოს წყლის იმ წვეთს ადარებდნენ, რომლის გამოკვლევითაც მთელი რეზერვუარის მდგომარეობის გაგებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედრებით, 2015 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა ბევრად დაბალი იყო. წელს საგარეჯოსში აქტივობამ 34,43 % (15 230 ადამიანი) შეადგინა, მარტვილში კი – 40,6 % (13 424). 2012 წელს კი საგარეჯოში ბევრად მეტი – 55 %, ანუ 25 ათასამდე ადამიანი მივიდა. მარტვილშიც კი 60,78 % ანუ, 21 ათასი.
თუკი საგარეჯოში წარდგენილმა „ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა საარჩევნო უბნებზე მისული 7 540 ადამიანის ხმა მიიღო, თინა ხიდაშელმა 2012 წელს ორჯერ მეტი – 13 ათასი 183 ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საგარეჯოში სულ 45 ათასი ამომრჩეველია, გამოდის, რომ თინა ხიდაშელს საერთო რაოდენობიდან ხმა 29 %-მა მისცა, თამარ დიდაშელს კი დაახლოებით 17 %-მა.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ „ოცნების“ რეიტინგი თითქმის ორჯერ დაეცა. პოლიტოლოგები და სოციოლოგები ამის გამო მმართველ პარტიას შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მათ სიმშვიდის საფუძველი არ აქვთ.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო პროექტის“ დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ ყველაზე ნათლად გასულმა არჩევნებმა რადიკალიზმისაკენ გადახრა გამოაჩინა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ 2016 წელსაც იგივე ტენდენცია გაგრძელდება.
„რადიკალურმა მოწოდებებმა და გზავნილებმა მეტად მიიქცია საზოგადოების იმ ნაწილის ყურადღება,რომელიც გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. როგორც ჩანს, ეს ამართლებს. ირმა ინაშვილმა შეძლო და თითქმის იმდენი ხმა მოაგროვა, რამდენიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა.
„მმართველ პარტიას ბევრი რამ აქვს დასანახი. იმის გამო, რომ ხალხი რადიკალიზმისკენაა გადახრილი, მან კარგად უნდა აუხსნას, თუ რატომ ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა იმ მოთხოვნების შესაბამისად, როგორც ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვდა. ნათლად უნდა წარმოაჩინოს ამის ობიექტური მიზეზები.
„ოცნებას“ საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება მოუწევს, რაც აქამდე არ გაუკეთებია. სამინისტროებმა სათითაოდ უნდა წარმოადგინონ ანგარიშები. ეს „ქართულიოცნების“ წინასაარჩევნო პროცესი იქნება. აქამდე ხომ ამბობდნენ, რომ პიარი არ ჰქონდათ, ახლა კი საზოგადოების ინფორმირება ნამდვილად მოუწევთ, რათა აუხსნან, თუ რა გაკეთდა ამ 3 წლის განმავლობაში და რა მიზეზით არ გაკეთდა, რაც არ გაკეთდა“, – ამბობს ბიგვავა.
მისი აზრით, ამ არჩევნებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე „ოცნების“ საკადრო პოლიტიკაც შეიცვლება, რათა დაკარგული ხმები დაიბრუნოს.
„მოკლედ, ეს არჩევნები მმართველი გუნდისათვის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მომხრეთა საკმაოდ სერიოზული რაოდენობა დაკარგო“, – დასძენს იგი.
გასული შუალედური არჩევნების მაგალითზე რეგიონებში „ოცნების“ მხარდამჭერთა მკვეთრ ცვლილებაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და ამბობს, რომ საგარეჯოში მათმა კანდიდატმა „რის ვაი-ვაგლახით გაიმარჯვა“ და თანაც, მისი კონკურენტი სერიოზული საჩივრებით სასამართლოში მიდის. ეს ყველაფერი, პოლიტოლოგის აზრით, იმაზე მიგვანიშნებს, რომ „ოცნების“ ტოტალური მხარდაჭერა უკვე წარსულია.
„მეორე დასკვნა, რაც ამ არჩევნებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ, ისაა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უარს არ ამბობს. გასული შუალედური არჩევნები 2016 წლის არჩევნების გენერალური რეპეტიცია იყო და იგი არასაპარლამენტო ოპოზიციისათვისაც კარგი გაკვეთილი უნდა აღმოჩნდეს. ეს იმედგაცრუება იყო მათთვის, ვინც იმედოვნებდა, რომ 2012 წელს სამართლიან არჩევნებს დაედო სათავე, ყოველგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დარღვევებისა და მინისტრების ჩართვის გარეშე.
„ოპოზიციურ პარტიებს ერთი წელი აქვთ იმისათვის, რომ შიდა მონიტორინგი ჩაატარონ და ნახონ, თუ რომელ ლიდერს ექნება მეტი შანსი, მომავალი არჩევნებისათვის თავის გარშემო მთელი ოპოზიციური ფლანგი დარაზმოს“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
საგარეჯოში მიღებულ შედეგებში, მისი აზრით, გარკვეული როლი იმ იმედგაცრუებამაც ითამაშა, რაც ხალხში ევროპის მიმართ ძლიერდება. ამბობს, რომ ეს იმედგაცრუება ორმხრივია – ევროპისგანაც იმატა საყვედურებმა მმართველი პარტიისადმი და აქედანაც – რომ ამდენი წელი არათუ არ გვიღებენ ევროკავშირსა და ნატო-ში, არამედ მაპსაც კი არ გვაძლევენ. მისი აზრით, ხალხი ხედავს, რომ წინ კუს ნაბიჯებით მივიწევთ და ჩვენთვის ხელის შეწყობას არავინ ჩქარობს. სწორედ ამიტომ, მათ პროდასავლური პარტიების მიმართ ინტერესი და ნდობა აქვთ დაკარგული.
შუალედური არჩევნების შედეგებს „საკმაოდ საინტერესოს“ უწოდებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამბობს, რომ აღარ გვაქვს ისეთი სურათი, როგორიც ადრე ხშირად გვქონდა – როცა ერთი პარტია კონკურენტებს დიდი მანძილით ჩამოიტოვებდა უკან და კონკურენციის აზრი ფაქტობრივად დაკარგული იყო.
მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებით ჩანს, რომ კონკურენციას აზრი აქვს და რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და პირადად ირმა ინაშვილი კონკურენტუნარიანია.
„2016 წელს შესაძლოა, მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტიც კი გვქონდეს. ამ არჩევნებმა „პატრიოტთა ალიანსის“ 2016 წლის პერსპექტივა აჩვენა. იგი საკმაოდ სერიოზული კონკურენტი აღმოჩნდა. 500-ხმიანი განსხვავება ხელისუფლებას სიმშვიდის საფუძველს ნამდვილადარ აძლევს.
„შესაბამისი დასკვნები ორივე ძალამ უნდა გააკეთოს. იგი დამაწყნარებელი არც ერთი მხარისათვის არაა. „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ მეტოქე ზურგს უკან, ძალიან ახლო დისტანციაზე უდგას და მისი სუნთქვა უნდა ესმოდეს. „პატრიოტთა ალიანსი“ კი უნდა ხედავდეს, რომ 2016 წლის არჩევნებისათვის ბევრად მეტი ძალისხმევა დასჭირდება“, – განუცხადა „რეზონანსს“ საყვარელიძემ (მისი აღნიშნული კომენტარი გაზეთის 2 ნოემბრის ნომერშიც იყო გამოქვეყნებული).
„რეზონანსი“, 04 ნოემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ რიჩარდ ვეიცთან: „თუ კლინტონმა არჩევნები მოიგო, ის ობამას უფრო ძლიერი ვერსია იქნება. ეს საქართველოს შეიძლება ხელს აძლევდეს”
მალხაზ გაგუა
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში) კლინტონი, ვფიქრობ, ობამას უფრო ძლიერი ვერსია იქნება. ის უფრო ადვილად დათანხმდება ძალის გამოყენებას. ეს საქართველოს შეიძლება ხელს აძლევდეს,” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ამერიკელი ექსპერტი, ჰადსონის ინსტიტუტის სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი რიჩარდ ვეიცი, რომელიც ახლახან თბილისში იმყოფებოდა.
მომავალი წლისთვის დაგეგმილ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ვეიცი ამბობს, რომ “ზოგიერთი კანდიდატი რუსეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრია, ითხოვს უკრაინის იარაღით მომარაგებას, საქართველოსთვის ნატოს წევრობის მინიჭებას და ერაყში, აისისთან საბრძოლველად, ჯარის გაგზავნას. სხვები სხვანაირად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ ამერიკის დასწრება უნდა შესუსტდეს, რადგან ეს დიდძალ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.”"ახლა რთულია იმის თქმა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს,” ასკვნის ვეიცი, რომელსაც “რეზონანსი”, გარდა ამერიკის არჩევნებისა, საქართველოზე, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
- პირველ რიგში, რა არის თქვენი ვიზიტის მიზანი?
- მინდა, მეტი გავიგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციის შესახებ. უნდა გითხრათ, რომ უშუალოდ რუსეთის საკითხების სპეციალისტი გახლავართ, კავკასიას კი მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ…
- როგორც ვიცი, თურქეთზე გაქვთ საკმაოდ საინტერესო პუბლიკაცია.
- კი, მაქვს მონოგრაფია თურქეთზე, მაგრამ ის უფრო აშშ-თურქეთის ურთიერთობებს ეძღვნება. მისი წაკითხვა ყველას უფასოდ შეუძლია. კი, მართალია, ამ მხრივ რაღაც სამუშაო გაწეული მაქვს, მაგრამ (სამხრეთ კავკასიის) სამი ქვეყნის საშინაო საქმეების შესახებ უფრო მეტის გაგება მინდა. მცირეოდენი სამუშაოც გამიწევია აზერბაიჯანის, საქართველოსა და ამერიკის ტრილატერალურ ურთიერთობებზე. თუმცა აქ ჩამოსასვლელად პიროვნული მიზანიც მაქვს. ბოლოს საქართველოში 1986 წელს ვიყავი და, ვფიქრობ, დროა, კიდევ ერთხელ ვნახო, რა ხდება.
- პირველი, რაც თვალში გეცათ, რა ცვლილებაა?
- თბილისი ახლა უფრო დასავლეთევროპულ ქალაქს ჰგავს. მეჩვენება, რომ ეს თანამედროვე ევროპული ქალაქია.
- როგორ შეაფასებდით ორი სიტყვით არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას?
- ცოტა დამაბნეველია. ვფიქრობ, ძალიან მაღალია დაძაბულობის ხარისხი.
- როგორია ამერიკაში დამოკიდებულება ამჟამინდელი მთავრობის მიმართ? შეიცვალა რამე ხელისუფლების ცვლის შემდეგ?
- სამოქალაქო და აკადემიურ წრეებში, ასევე კონგრესში არიან ადამიანები, რომლებიც ორი რამით არიან შეშფოთებულნი. პირველი, ეს არის რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლა, პრორუსული კურსის გატარება. მაგრამ, ვხედავთ, რომ ეს არ ხდება. ვერ ვხედავთ საქართველოს საგარეო და თავდაცვის კურსის ცვლილებას. მეორე საკითხი ყოფილი თანამდებობის პირების დატუსაღებას უკავშირდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა. ამასთანავე, ბევრი შეშფოთებულია “რუსთავი 2″-ის დახურვის პერსპექტივით.
- რას იტყოდით ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე? ჩვენი თავდაცვის მინისტრი ადრე ძალიან აქტიური იყო, თუმცა ბოლო დროს, ისე ჩანს, თითქოს მან რიტორიკა შეცვალა, უფრო შემგუებლური გახდა.
- როგორც უკვე გითხარით, მიუხედავად ზოგიერთის შიშისა, საქართველოს თავისი საგარეო პრიორიტეტები არ შეუცვლია. თუმცა უკრაინისა და სხვა საკითხების გამო, ყველანი ვხვდებით, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სწრაფად არ მოხდება. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, საჭიროა თუ არა გაწევრიანების ტრადიციული გზა, ვგულისხმობ მაპ-სა და სხვა პროცედურებს. თუ უმჯობესი იქნება, თუ რაიმე სხვა ფორმატს მოიფიქრებენ. ანუ, ახლა ხდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ მიდგომის სრული რეკონფიგურაცია როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირშიც. ზოგადად, პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირისა და ნატოს ბევრი წევრი, სხვადასხვა მიზეზების გამო, გაფართოებას ეწინააღმდეგება. მათ არ სურთ ახალი ვალდებულებების აღება. ამის ერთი მიზეზია ეკონომიკური პრობლემები, მეორეა – რუსეთთან კონფლიქტის შიში. ახლა ევროკავშირი და ნატო იმაზე ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით ისე, რომ რუსეთის ნეგატიური რეაქცია გამოირიცხოს.
- რას ფიქრობთ უკრაინაზე? საითკენ ვითარდება მოვლენები? მინსკის შეთანხმება მუშაობს?
- არ ვფიქრობ, რომ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტი მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. ამავე დროს ნათელია, რომ რუსეთი “ნოვოროსიის” პროექტის ხორცშესხმას შეეშვა. ბოლო თვეების მანძილზე ამაზე არაფერი მსმენია. შედეგად, ვფიქრობ, მივიღეთ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, და რუსებმა კარგად იციან, როგორ მოახდინონ ამით მანიპულირება ზეგავლენის ბერკეტების მოპოვების მიზნით. რუსეთს არ შეუძლია ან არ სურს ამ კონფლიქტებში ერთდროულად ჩაბმა და, შესაძლოა, ახლა მთელი ყურადღება სირიაზე აქვს გადატანილი. შეიძლება ეს სიტუაცია აწყობდეს კიდეც, საბრძოლო მოქმედებების განახლების მუქარით უკრაინა მუდმივად დააშანტაჟოს. მაგალითად, შეაფერხოს ნატოში მისი შესვლა. ასე რომ, მართალია, სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ ის შორსაა იმ შედეგისგან, რაც უკრაინას მისცემდა ხელს.
- ბევრი უკრაინელი შიშობს, რომ ამერიკამ შეიძლება უკრაინა სირიაზე გაცვალოს. შეიძლება ეს არც თუ სერიოზულად ჟღერდეს, მაგრამ რას ეტყოდით ამ ხალხს ეჭვების გასაფანტად?
- კი, მეც მსმენია. რუსები ზოგჯერ ისე საუბრობენ, თითქოს კიდევ ერთი იალტის შეთანხმება სურდეთ. გაიხსენეთ, რომ გაეროში გამოსვლისას პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო იალტა. ვფიქრობ, რუსებს გავლენის სფეროებად დაყოფის პოლიტიკის მიმართ გააჩნიათ მიდრეკილება. ზოგჯერ იგივეს გვეუბნებიან-ხოლმე ჩინელებიც – წყნარი ოკეანის აუზის აღმოსავლეთი ჩვენი იყოს, დასავლეთი კი თქვენი, და ამის მერე გადასარევი ურთიერთობები გვექნებაო. ბევრი მიზეზის გამო, ასეთი მიდგომა ამერიკისთვის მიუღებელია. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებაშიც, კონგრესშიც უკრაინასა და საქართველოს ბევრი მომხრე ჰყავთ და ისინი ამას არ დაუშვებენ.
გარდა ამისა, ფუნდამენტურ დონეზე, ამერიკა და რუსეთი ახლა არ არიან ისეთი სუპერ-სახელმწიფოები, როგორებიც ცივი ომის დროს ამერიკა და საბჭოთა კავშირი იყვნენ. დღეს მსოფლიოში ბევრი ახალი, დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომლებიც ასეთ გარიგებებს არ ცნობენ. ავიღოთ თუნდაც “ისლამური სახელმწიფო”. ამიტომ, რუსეთი და ამერიკა ვერ მორიგდებიან, მაგალითად, სირიის კონფლიქტის მოგვარებაზე, რადგან აისისი უბრალოდ მათ არ დაემორჩილება. ვფიქრობ, უკრაინაშიც მსგავსი ვითარებაა. ასე რომ, ამ ტიპის გარიგებების დადება, რაც თქვენ ახსენეთ, სხვა მომენტები რომ არ გავითვალისწინოთ, არსებითად შეუძლებელია.
საქართველო ახლა იჩაგრება იმ ჩავარდნების გამო, რაც ამ რეგიონში დასავლეთის და სხვა ძალების პოლიტიკას ჰქონდა. ჩვენ ამ რეგიონში ჯარები უნდა დაგვეტოვებინა. ახლა კი ბევრი ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკა სუსტია. მე ვიცი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ახლა ფიქრობს რეგიონში თავისი პოლიტიკის გადასინჯვაზე. ვფიქრობ, (პრეზიდენტის) არჩევნების შემდეგ (2016-ში), ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა პოლიტიკას გაატარებს, რადგან ამჟამინდელმა, როგორც ჩანს, მთლად კარგად ვერ იმუშავა.
- რადგან ამ თემას შეეხეთ, მინდა გკითხოთ თქვენი პროგნოზი ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე. რა შანსები აქვთ ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს?
- ახლანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, დემოკრატების ბანაკში კლინტონი გაიმარჯვებს. ბოლო კვირის განმავლობაში ის ძალიან წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ტრამპი ბოლო გამოკითხვებით მეორეზეა. ისე, ამ მხრივ ძნელია პროგნოზის გაკეთება. ზოგიერთი კანდიდატი რუსეთთან დაკავშირებით უფრო მკაცრია, ითხოვს უკრაინის იარაღით მომარაგებას, საქართველოსთვის ნატოს წევრობის მინიჭებას და ერაყში, აისისთან საბრძოლველად, ჯარის გაგზავნას. სხვები სხვანაირად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ ამერიკის დასწრება უნდა შესუსტდეს, რადგან ეს დიდძალ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ახლა რთულია იმის თქმა, რომელი ხაზი გაიმარჯვებს.
კლინტონი, ვფიქრობ, ობამას უფრო ძლიერი ვერსია იქნება. ის უფრო ადვილად დათანხმდება ძალის გამოყენებას. ეს საქართველოს შეიძლება ხელს აძლევდეს.