„რეზონანსი“: საქართველო “გაფართოების კალათაში” // “თუ მომენტი ჩაგვივარდა, შეიძლება ნატოში ერთ ღამეში, ყოველგვარი „მაპ“-ის გარეშე აღმოვჩნდეთ”
„რეზონანსი“: ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: “ნატომ დაადასტურა, რომ შეუძლია გაფართოება”
„ალია“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: რას დაჰპირდება ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს, რომელიც თავს მისგან მოტყუებულად თვლის და აღარ ენდობა?
„ალია“: ინტერვიუ მამა ელიზბართან: „ვინმეს სადმე გინახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს იმ იმედგაცრუებისთვის, რაც ხალხს მოუტანა, ვინმესთვის შენდობა ეთხოვოს და ეთქვას, შემეშალა, მაპატიეთ და კაცი არ ვიყო, თუ არ გამოვასწოროო?“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ხელისუფლებას დავით ნარმანიას მოხსნის ფუფუნება არ აქვს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილი არსენ იაცენიუკის თვალთვალში გამოიჭირეს”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სულხან ბორძიკაშვილთან: „პანკისის მოსახლეობა შეწუხებულია… ისლამის შავი დროშის ქონა ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერას არ ნიშნავს“
„ვერსია“: ინტერვიუ ზურაბ აღლაძესთან: სამი მიზეზი, რის გამოც რუსეთ-თურქეთის ომი არ იქნება – რა ინტერესები აქვს თურქეთს აჭარაში და რა შემთხვევაში იხეირებს საქართველო რუსულ-თურქული კონფლიქტით
—————————-
„რეზონანსი“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველო “გაფართოების კალათაში”
“თუ მომენტი ჩაგვივარდა, შეიძლება ნატოში ერთ ღამეში, ყოველგვარი „მაპ“-ის გარეშე აღმოვჩნდეთ”
თაკო მათეშვილი
უბრალოდ, ერთი ნაბიჯით წინ – სწორედ ამას ნიშნავს, პოლიტოლოგების აზრით, თავდაცვის მინისტრის ნათქვამი, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის “პარტნიორობის კალათიდან” ღია კარის, ანუ “გაფართოების კალათაში” გადავიდა. მათი ნაწილი მინისტერიალს და მის შედეგებს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ შეიძლება ის ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით, თუმცა ახლა ნატო საქართველოში მეტი დოზითაა. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ რეალურად წინ არაფრით წაგვიწევია და ხიდაშელი უბრალოდ თავისი სამიტამდელი ოპტიმისტური პროგნოზების გამართლებას ცდილობს.
“გაფართოების კალათაში” გადანაცვლების შესახებ თინა ხიდაშელმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას გვამცნო. მან მონტენეგროს წარმატება მიულოცა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
თინა ხიდაშელის აზრით, მონტენეგროს მიწვევა ალიანსში ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ალიანსის “პარტნიორობის კალათიდან” ღია კარის ანუ “გაფართოების კალათაში” გადავიდა.
მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ხიდაშელის თქმით, ოფიციალურად დააფიქსირა, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც გაწევრიანებისთვის გვესაჭიროება და არა გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად.მან ბუქარესტის შემდეგ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ქვეყანა ახორციელებს წლიური სამოქმედო გეგმის (ANP) მეშვიდე ციკლს, რომელიც ერთადერთ პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს მაპ-ის მონაწილე ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად.
“საქართველო არის ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ინტეგრაციის კიდევ ორი მექანიზმი – ნატო-საქართველოს კომისია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. შესაბამისად, საქართველოს აქვს ყველა საჭირო წინაპირობა ინტეგრაციის პროცესში პროგრესისა და წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის”, – მიიჩნევს თინა ხიდაშელი. მან ოპტიმიზმისა და იმედის მომცემი უწოდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, როდესაც მან მონტენეგროს გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა – “ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო იყოს შემდეგი”.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაპ-ი არ მიუღია, სამიტს წარმატებულად აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და ამბობს, რომ იგი ნატოს ასპირანტ ქვეყანად მოიაზრება. მისი თქმით, ეს პირველად 2012 წელს ნატოს ჩიკაგოს სამიტზე დადასტურდა, სადაც შეხვედრები რამდენიმე ფორმატში გაიმართა. ნატოს წევრი ქვეყნები ასპირანტ ქვეყნებს შეხვდნენ და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მაპ-ი აქვთ, საქართველოც იყო.
ნიკა ჩიტაძე მიგვითითებს ალტერნატიულ პროგრამებზეც, რომლებიც, მისი აზრით, არანაკლები მნიშვნელობისაა. მაგალითად ნატო-საქართველოს კომისიის ფუნქციონირება ან ყოველწლიური ეროვნული პროგრამა მოჰყავს, რომელიც ნატოს მინისტერიალზე 2008 წელს დამტკიცდა. მისი აზრით, თინა ხიდაშელის ოპტიმისტური პროგნოზები ნაწილობრივ გამართლდა. თუმცა, მიღებული შედეგების მინუსად ის მიაჩნია, რომ კომუნიკეში არაა დაკონკრეტებული, თუ როგორ ითანამშრომლებს სამომავლოდ ნატო საქართველოსთან.
მინისტერიალის შედეგებიდან გამომდინარე, იგი მომავალ სამიტზე მაპის მიღებას თეორიულად შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ აღნიშნულ გზაზე სირთულეები გვაქვს.
“ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურებით დასავლეთის რუსეთთან თანამშრომლობისა და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციის ჩატარების საჭიროება გაიზარდა. ოლანდმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ალიანსი არ უნდა გაფართოვდეს. იგი პოსტსაბჭოთა სივრცეს გულისხმობდა. გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, შტაინმაიერის ინიციატივაა, რომ ნატო-რუსეთის ერთობლივი საბჭოს აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
“ეს ყველაფერი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები იქნება. ამიტომაც ქართულ დიპლომატიას აშშ-სთან მოუწევს მუშაობა, რომელიც ჩვენი გაწევრიანების მომხრეა, რათა მან იგივეში დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც დაარწმუნოს”, – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე. თუმცა, მისივე თქმით, მაპ-ის მონიჭება არ ნიშნავს, რომ ალიანსში მალევე მიგვიღებენ, რადგან მაკედონიას და ბოსნია-ჰერცოგოვინას დიდი ხანია აქვთ მაპ-ი, მაგრამ მათი გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. იგი ამბობს, რომ თუკი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას გავითვალისწინებთ, საქართველო მაპ-ის მინიჭებასაც და გაწევრიანებასაც მეტად იმსახურებს. ამიტომაც, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული სიგნალი უნდა არსებობდეს. სხვა შემთხვევაში რუსეთი იგრძნობს, რომ მას არაფორმალური ზემოქმედება შეუძლია.
“სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების განცხადებებს კი არ უნდა ველოდოთ, არამედ მათთან უნდა ვმუშაობდეთ და დემოკრატიულ რეფორმებს აქტიურად ვახორციელებდეთ. მომავალ არჩევნებზე ამ მხრივ ბევრია დამოკიდებული”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.
მოვლენებს ნაკლებპოზიტიურად აფასებს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე და ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება თინა ხიდაშელმა “გაფართოების კალათაში” გადანაცვლების თაობაზე. შედეგებიდან გამომდინარე, იგი ამის თქმის საფუძველს ვერ ხედავს.
ამბობს, რომ ყოველი სამიტის წინ მთავრობა ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს, მერე კი ცდილობენ თქვან, რომ მართლები იყვნენ და მათი ოპტიმიზმი გამართლდა. რეალურად კი, მისი აზრით, არაფერი ახალი არ მიგვიღია. მაპ-იც და გაწევრიანებაც პოლიტიკური საკითხია და ჯერჯერობით წინსვლა არცერთში არ გვაქვს.
“რეალურად, ნატოში ინტეგრაციის საკითხში წინ არაფრით წაგვიწევია. ვინაიდან მაპ-ს გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვიღებთ და ალბათ ჯობია, მთელი ყურადღება ნატოსთან თანამშრომლობაზე გადავიტანოთ, რომელსაც კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები მოაქვს. მაგალითად, ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც ძალიან კარგი რამაა. ხიდაშელს შეუძლია, ამით იამაყოს და არა იმით, რომ რამეში წინ წავიწიეთ”, – მიიჩნევს შარაშენიძე.
რაც შეეხება მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინს, იგი ამბობს, რომ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს როგორც კარგისაკენ, ისე ცუდისაკენ. თუ კარგისაკენ შეიცვალა და “მომენტი ჩაგვივარდა”, მისი აზრით, შეიძლება ნატოში ერთ ღამეში, ყოველგვარი მაპ-ის გარეშე აღმოვჩნდეთ. თუმცა, არსებული ვითარებით, ჯერ მაპ-ი გვაქვს მოსაპოვებელი და გაწევრიანებაზე შემდგომ უნდა ვიფიქროთ.
“როგორც ცნობილია, მაპ-ის მოცემას რამდენიმე სახელმწიფო ეწინააღმდეგება. მათ შორის გერმანია. ჩვენი მინისტრები კი ბერლინის მაგივრად ბრიუსელში დადიან. ბრიუსელიდან გერმანიას ვერ გადაარწმუნებენ. გერმანიის გადარწმუნება თუ გინდა, იქ უნდა ჩახვიდე. ბრიუსელში ჩადიან და ნატოს გენმდივანს ხვდებიან. გენმდივანი ნატოს წევრი სახელმწიფოების ნებას გამოხატავს და მასთან შეხვედრას რა აზრი აქვს? ამიტომაც უნდა იარონ ბერლინში და არა ბრიუსელში”, – დასძენს თორნიკე შარაშენიძე.
ირაკლი კიკიანი (პოლიტოლოგი): “მინისტრმა, სავარაუდოდ, ის იგულისხმა, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. შეიძლება ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით, მაგრამ ფაქტია, რომ ნატო საქართველოში უფრო მეტი დოზით გვაქვს. ქვეყანას უსაფრთხოების მეტი გარანტია აქვს და ეს უმთავრესია”.
„რეზონანსი“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: “ნატომ დაადასტურა, რომ შეუძლია გაფართოება”
ნატოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე, «რეზონანსის“ კორესპონდენტ თიკო ოსმანოვასთან საუბარში, დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არის ძველი განცხადებების განმეორება.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- ის, რომ საქართველოს „მაპ“-ი ჭირდება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ინტეგრაციის პროცესი დროში გაჭიანურდება?
- თეორიულად შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ ვარშავის სამიტზე თქვან – „მაპ“-ი საქართველოსთვის არარ არის საჭირო, რადგან ყველა დაბნარჩენი ინსტრუმენტი თბილისს სატანადოდ მოამზადებს წევრობისთვისო. „მაპ“-ის ხაზგასმა ამ კომუნიკეში არის გამეორება ყველა წინა განცხადებისა, შესაბამისად, რაიმე წინსვლა და სიახლე არ გვაქვს. ეს ნიშმავს, რომ ეს საფეხური გადასალახია გვაქვს, ამას გინდა ფორმალური ბარიერი, გინდა პოლიტიკური უწოდეთ. ფაქტია, რომ ალიანსში გაწევრიანების გზაზე სერიოზული ნაბიჯი ჯერაც არ გადაგვიდგამს.
- წინსვლა რატომ არ გვაქვს, რა არის ამის მიზეზი?
- შენიშვნებს რაც სეეხება, ესაა მდიის და მართლმსაჯულების თავისუფლების ხარიხსზე საუბარი და გასატარებელი რეფორმები. ესაა ერთმნიშვნელოვანი შენიშვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ამისათვის ორი რამ უნდა გააკეთოს:
პირველი – გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა, რომელიც ამ კომუნუიკეშია მედიის ტავისუფლებისა და სასამართლოს თავისუფლების კუთხით. მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული ინსტრუმენტები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ტავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
და მეორე – მთავრობის წევრებმა და პრემიერ-მინისტრმა განცხადებები ერთმანეთთან უნდა შეათანხმონ. აღარ უნდა განმეორდეს, რომ პრემიერი ერთს ამბობს, თავდაცვის მინისტრი კი – მეორეს. მხედველობაში მაქვს ირაკლი რარიბაშვილის გაბნცხადება ნატოს მინისტერიალზე – „მოვა დრო, რომ საქართველო მზად იქნება ნატოს წევრობისთვისო“. ასეთი რამ არცერთ ნატოელ პარნიორს არ უთქვამს.. ყველა აღიარებს, რომ საქართველო მზადაა და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაღაა საჭირო. მოკლედ, საქართველოს ხელმძღვანელებმა ნატოს კარზე კაკუნი უნდფა გააგრძელონ და უნდა აცხადონ, რომ ნატოში მიღება საქართველოს სტრატეგიული მიზანია.
(…)
- რუსეთ-თურქეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველომ რა როკლი უნდა შეასრულოს?
- საქართველო ამ კონფლიქტის მხარე არ არის და არც უნდა გახდეს. საქართველოს პირველ რიგში უნდა იცავდეს საკუთარ ინტერესებს. თბილისს ზალიან კარგი ურთიერთობა აქვს ანკარასთან, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ მასტან ზალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. რაც შეეხება რუსეთს, ის ოკუპანტი სახელმწიფოა, მაგრამ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში [ჩვენ არანაირად არ უნდა ჩავერიოთ], რადგან ეს ჩვენი კონფლიქტი არ არის.
- [რუსეთი და თურქეთი] სტრატეგიულ პროექტებთან დაკავშირებით ეცდებიან თუ ნარა საქართველოს გამოყენებას?
- საქართველოს რუსეთთან არცერთი პროექტი არ აქვს, შესაბამისად საქართველოს გამოყენება ამ შემთხვევაში ვერ მოხდება. საქართველოს აქვს პროექტები თურქეთთან და ეს პროექტები ხორციელდება, მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრება და უნდა ვიზრუნოთ, რომ არ დაემუქროს.
„ალია“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: რას დაჰპირდება ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს, რომელიც თავს მისგან მოტყუებულად თვლის და აღარ ენდობა?
ნინო სამხარაძე
„კოალიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და ჩამოაყალიბა, ისევ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში“, – აცხადებს კონსერვატორი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური. პრინციპში, აქ ახალი და უჩვეულო არაფერია. „ალია“ ჯერ კიდევ 3 თვის წინ წერდა, რომ გარდაუვალი იქნებოდა, კოალიცია „ქართული ოცნება» ბიძინა ივანიშვილის გარეშე გასულიყო არჩევნებზე. ფაქტობრივად, ეს არის გაკოტრებული ძალა, რომელმაც საზოგადოება მოატყუა და დაპირების უდიდესი ნაწილი არ შეასრულა. თუმცა დინამიკას თუ დავუკვირდებით, მმართველი გუნდი გაცილებით გააქტიურებულია და ისეთი დაპირებების შესრულებას იწყებს, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ხდება ნაწილობრივ და სანახევროდ… მაგალითად, ის, რომ პენსია 20 ლარით გაიზარდა, ლარის დევალვაციის ფონზე დიდს არაფერს ნიშნავს. სამაგიეროდ, ხელისუფლებას სათქმელი ექნება, პენსიების გაზრდას დაგპირდით და ვაკეთოთო.
ამ ფონზე საინტერესოდ გამოიყურება მთავარი პროკურორის გააქტიურება. თუკი ირაკლი შოთაძემ შეძლო აღებული ტემპის შენარჩუნება, ის გახდება ფიგურა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წითელ ზღვარს გადაალახვინებს. პროკურორად მოსვლის პირველივე დღიდან შოთაძემ საინტერესო ინიციატივები დააყენა. „ნაციონალების“ შემდეგ პირველი პროკურორია, რომელმაც მოქალაქეთა მიღების საათები დააწესა. პირველივე დღიდან მან უკანონოდ ჩამორთმეული მანქანები გადასცა მეპატრონეებს, ასევე, ძვირად ღირებული ნივთები და ჰპირდება ხალხს, რომ ძალიან მალე რეზონანსული საქმეებიც გაიხსნება და შედეგები დაიდება.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს არის პრინციპული საკითხი, მათთვის ამომრჩეველს სოციალური საკითხების გადაწყვეტა ისე არ უთხოვია, როგორც სამართლიანობის აღდგენა. ეს იყო თითოეული ქართველის ღირსების საკითხი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა დივიდენდად იმდენი დაპირება გასცა, რაც 2012 წლის ოქტომბერში საჭირო სულაც არ იყო, ორი წლის თავზე კი ხელისუფლებიდან უკანუკან წავიდა, წავიდა, რადგან ისევ დაბრუნდეს… და თუკი ვინმეს გაუჩნდება პრეტენზია ივანიშვილის მიმართ არჩევნების წინ, რომ მან არ შეასრულა ის, რასაც ხალხს დაპირდა, ივანიშვილი მას უპასუხებს, – მე რასაც დაგპირდით, გავაკეთე, მოგაცილეთ სააკაშვილი, ვთქვი, ხელისუფლებიდან წავიდოდი და დავტოვე გუნდი, პრეტენზიები ჩემთან კი არა, გუნდთან უნდა გქონდეთ და მე მოვდივარ იმისთვის, რომ, რაც ვერ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, მე გავაკეთო და შევცვალო ქვეყანა…
ერთადერთი ანალიტიკოსი იყო იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელიც პოლიტიკური სცენარის ამგვარად განვითარებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერმანენტულად აანონსებდა. მისი პროგნოზი სრულდება, თუმცა არის მისი ანალიზის მეორე ნაწილიც, სადაც ის ამბობდა, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამორიცხული არ იყო, ბიძინა ივანიშვილს მთავრობა გადაეყენებინა, თუკი დაინახავდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გამოწვევებს ვერ პასუხობს. აშკარად იგრძნობა, რომ ხელისუფლება გამოფხიზლების გზით წავიდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ ამომრჩევლის გული მოიგოს, ეს წინასაარჩევნო ფანდია. სწორედ ამიტომაც ერთვება მძიმეწონოსანი ფიგურა პოლიტიკაში, ისეთი როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება წინასაარჩევნო გარემო და რომელი ოპოზიციური ძალა გაუწევს სერიოზულ წინააღმდეგობას „ქართულ ოცნებას“? ეს არის კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ყოფილი თანამებრძოლის, პოლიტიკური მეგობრის ზვიად ძიძიგურის განცხადებასთან დაკავშირებით, „ალიასთან“ კომენტარს აკეთებს:
- განცხადება, რომელიც ზვიად ძიძიგურმა გააკეთა, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვეტილია, ვინაიდან ხედავენ, „ქართული ოცნების» რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა და თუ მათ რაიმე გადაარჩენს, მხოლოდ დიდი ფინანსური ინექცია. მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ფულს არ ჩადებს, თუ თავად არ მიიღებს მონაწილეობას, ის ფულს მხოლოდ თავის თავში დააბანდებს. ამიტომაც აქვთ ასეთი დიდი სურვილი, ბიძინა ივანიშვილი პირველ ნომრად წარდგეს, რათა დიდი ფული დახარჯოს.
- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ რატომ აკეთებს განცხადებას „კონსერვატორი» ზვიად ძიძიგური და არა, მაგალითად, უმრავლესობის რომელიმე ლიდერი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ზვიად ძიძიგური კვლავ „ეტენება“ ბიძინა ივანიშვილს?
- არ მგონია, მას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს, საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს პოლიტიკაში. ამ განცხადებას იმიტომ აკეთებს, რომ მასაც ერგოს ივანიშვილისგან მილიონები. „ქართული ოცნების“ ლიდერები არარეალურად და არასერიოზულად უყურებდნენ მიმდინარე დინამიკას, ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ «ქართული ოცნება“ კვლავ აიღებდა 50%-ს, ამიტომ ჰქონდათ აგრესიული ტონი საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან მიმართებაში. მე მქონდა არაფორმალური ურთიერთობა „ქართული ოცნების» ლიდერებთან. მართალია, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა საარჩევნო კოდექსს შეეხებოდა, მაგრამ დაახლოებით იგრძნობოდა ის განწყობა, რაც შიგნით არის. „ოცნების“ ლიდერთა ნაწილს არჩევნების წაგების შემთხვევაში არ ემუქრებათ ციხეში საკნის ხეხვა, მაგრამ არიან კონკრეტული ლიდერები – ჯანყარაშვილის, თამაზაშვილის, ზედელაშვილისა და კალაძის გუნდის სახით, რომელთათვისაც არჩევნების წაგება ნიშნავს საკანში მოხვედრას და რა თქმა უნდა, ამ ლიდერთა შორის ემოციები არის განსხვავებული.
- თქვენი აზრით, რას დაჰპირდება ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს, რომელიც თავს მისგან მოტყუებულად თვლის და აღარ ენდობა?
- თეორიაში არსებობს კლასიკური წესი, თუ თქვენ ადამიანი მოატყუეთ, მაშინ ეს უნდა გადაფაროთ უფრო დიდი ტყუილით. ეს არის ყველა დროის ავანტიურისტთა და თაღლითთა კლასიკური წესი. ივანიშვილი იტყვის, რომ ჩვენ, უბრალოდ, დაგვემთხვა სირიის კრიზისი, საგარეო ფაქტორები და ვერ მოვასწარით, რომ პენსია საკმარისად გაზრდილიყო, მაგრამ გპირდებით, 2020 წელს საქართველოში იქნება 1000-დოლარიანი პენსია, – დაახლოებით ასეთ პათოსში გაიცემა მისი დაპირებები.
- მმართველი გუნდის შიგნით რომ დიდი დაპირისპირებაა, ამაზე ბევრს ვწერთ. შავ სიაში მოხვედრილი დეპუტატთა ნაწილი ულტიმატუმს უყენებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ იქ მათთვის ადგილი მოიძებნოს. რა ინფორმაცია გაქვთ პოლიტიკური ვაჭრობის შესახებ?
- თქვენ იცით, რომ შემთხვევით გასაჯაროვდა მაჟორიტარების ნაწილში უმრავლესობის სია, აქედან ჩანს ერთი ტენდენცია, როგორ უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის სარჩევნო სიის დაკომპლექტებას, „ოცნების“ უმრავლესობას ისინი უყურებენ, როგორც სრულ ბანკროტს. სიაში თქვენ შეგხვდებათ ნაწილობრივ ახალი სახეები, მაგალითად, როგორიც არის გიორგი მოსიძე, გიორგი უძილაური, უფრო დიდი უმრავლესობა მაჟორიტარების არის „ნაციონალებით“ დაკომპლექტებული. „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ, მაგალითად, თეთრი წყაროს რაიონს ვერც „ქართული ოცნების“ რეიტინგი მოიგებს და ვერც ახალი სახე და იმიტომ გაჩნდა დავით ბეჟუაშვილი „ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატთა სიაში, რადგან სწორედ ის მოიგებს. მათი ძირითადი საყრდენები იქნებიან ის მაფიოზები, რომელთაც ეყრდნობოდა არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი და მის წინ კი, ედუარდ შევარდნაძე.
- «ალიამ» „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან ირაკლი კობახიძესთან გადაამოწმა რამდენად რეალური იყო «ოცნების“ მაჟორიტართა სიები, რაზეც ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ის იყო ცრუ ინფორმაცია და მსგავსი სია „ოცნების“ პარტიულ ოფისში არ არსებობს…
- არ ვიცი, რა დაადასტურა, მაგრამ ვიცი, რომ ბეჟუაშვილმა დაადასტურა, რომ ის მიიღებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას და თქვა, რომ გამორიცხული არაფერია და მას უკვე აქვს კონსულტაციები, რომ „ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობის მაფიოზური სახეების მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენას, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება» გაბანკროტებულია. ირაკლი კობახიძემ კი მაჟორიტართა სია არა მარტო ჩემს მეილზე გამოუშვა, არამედ, ძალიან ბევრს მიუვიდა, დაახლოებით 100 მეილს მოიცავს. ექსელის ცხრილში მაჟორიტარული ოლქების სია და გვერდზე იყო კანდიდატების გვარ-სახელები. მათ გამოუშვეს ჩვენთან ეს სია ზუსტადაც იმიტომ, რომ გვენახა. ჩემი ინფორმაციით, «რესპუბლიკელებს“ შეხვდებათ ალასანიას კვოტები. რაც შეეხება საკუთრივ „ქართულ ოცნებას“, ისინი თვლიან, რომ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მეჭიაურის ტიპის კანდიდატების ლოიალობა, ან ბეჟუაშვილის ფულის ტომრები იმ მაფიოზების სახით, რომლებიც რაც თავი გვახსოვს, სულ მაჟორიტარები არიან.
„ალია“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ მამა ელიზბართან: „ვინმეს სადმე გინახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს იმ იმედგაცრუებისთვის, რაც ხალხს მოუტანა, ვინმესთვის შენდობა ეთხოვოს და ეთქვას, შემეშალა, მაპატიეთ და კაცი არ ვიყო, თუ არ გამოვასწოროო?“
დიანა ლიპარტელიანი
რატომ დაგვიანდა პატრიარქის მუსულმან სასულიერო პირებთან შეხვედრა? რას უწოდებს და რატომ აღარ უნდა ენდოს მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს?
„ალიას“ მამა ელიზბარი (დიაკონიძე) ესაუბრა:
– მამაო, ჩვენი პატრიარქი მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენლებს რომ შეხვდა, მოვისმინე, რომ მხოლოდ ტერორიზმის საფრთხეზე არ უსაუბრიათ და დანარჩენის გახმაურება არ უნდათ. ხომ არ იცით, რაზე ისაუბრეს?
– ამას ვინ რატომ ამბობს არ ვიცი, საუბარი იყო, ძირითადად იმ თემებზე, რაც თითქმის ყველამ გავიგეთ ტელევიზორით. აქ მთავარი ისაა, რომ თვითონ შეხვედრა არ იყო დროული, ეს შეხვედრა დაგვიანებულიც კი გახლდათ. ეს შეხვედრა მანამ უნდა მომხდარიყო, სანამ ის ყველასთვის ცნობილი კადრები გავრცელდებოდა, მუქარის. ეს შეხვედრა მაშინაც უნდა მომხდარიყო, როდესაც აზიზიეს მეჩეთზე წავიდა საუბარი და სამცხე-ჯავახეთში რელიგიურ ნიადაგზე სისხლისღვრას გადავურჩით.
– რატომ არ შედგა ეს შეხვედრა?
– ეს მოხდა იმ მიზეზებით, რა მიზეზებზეც ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს საუბარი „ალია“-„ქრონიკასთან“, ანუ საპატრიარქოში ჩაბუდებული უნიათობის გამო. ახლა, იმიტომ შეხვდნენ, რომ დიდი კატასტროფის წინაშე დავდექით, ვინაიდან ხალხში არსებობდა დაძაბულობა და გარდაუვალი გახდა ეს შეხვედრა.
ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გაირკვა. იმაზე მინდა ვთქვა „ქართული ოცნების“ შიგნით რაც ხდება. როგორც მეუბნებიან დეპუტატები სადაცაა ერთმანეთს თავპირს დაამტვრევენ, ოღონდ სიებში ისევ მოხვდნენ. ხედავთ სადამდე მივიდნენ? ვერ ჰყოფნით ის, რასაც მიირთმევენ და ერთმანეთის მირთმევა დაიწყეს.
მე ადრეც ვამბობდი და ჩემი პროგნოზი გამართლდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ის მოვიდეს“ და „ეს არ მოვიდესო“… როცა ვითომ ერის გულშემატკივრად მოგაქვს თავი და ამ დროს იწყებ ხალხის დახარისხებას – შენ გაჭმევ და შენ არ გაჭმევო, ეს უკვე დიდ მარაზმში გადადის. მან გაყიდა უკვე თავისი თავი, რომ არ სურდა ქვეყნის კეთილდღეობა. ამ პარლამენტარებს კი, რა თქმა უნდა, ისევ უნდათ პარლამენტში მოხვედრა, წარმოიდგინეთ, წურბელა დააჯდა კაცს კისერზე და სისხლს სწოვს, წურბელას რომ უთხრა, წადიო, წავა, თუ შენ ძალით არ მოიშორებ?!. ასე არიან ესენიც… იმდენად გაუტკბათ ხალხის ხარჯზე განცხრომაში ცხოვრება, არ არსებობს, ესენი თავისით წამსვლელები არ არიან, ესენი უნდა მოაგლიჯო და გადააგდო.
– და ვინ უნდა გააკეთოს ეს?
– ვის კისერზეც ზის, იმან… ჩვენ, ხალხმა, უნდა გავაკეთოთ ეს…
– როგორ?
– არჩევნები რომ მოვა, ეგ ხალხი არ უნდა ავირჩიოთ. არ უნდა ავირჩიოთ კი არა, საერთოდ უნდა გამოვყაროთ ეს ხალხი პარლამენტიდან.
იმ პარლამენტარებიდან, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, სამი-ოთხი ჩემი უახლოესი მეგობარია, მათთვისაც მითქვამს, რომ ყველა დეპუტატი გამოსაყრელია პარლამენტიდან. ის სამიოთხი ადამიანი, ვისზეც მე ვლაპარაკობ, ზოგი მსახიობია და ზოგი მოჭიდავე, შეეშვან პარლამენტს და თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ, არ არის მათი საქმიანობა კანონმდებლობა. პარლამენტში კი უნდა შეიყვანო ისეთი ადამიანი, ვისაც ხალხის პრობლემები ძირეულად ესმის და ვიღაცის ნათქვამზე ბრმად არ გაივლის. ისეთი ადამიანები უნდა შეიყვანო, ვისაც მართლა სტკივა ეს ქვეყანა და აქვს წარმოდგენა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ჩიხიდან.
ეს დღეები ექსპერტები საუბრობენ, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაშიო და ზვიად ძიძიგურმა დღეს დაადასტურა, რომ ბრუნდება. ამ ადამიანის დაბრუნება არაფერ კარგს არ მოგვიტანს, ქვეყანა არ არის ეკლესია, სადაც ადამიანი თუ ერთხელ შეცდება, მოინანიებს და შევა თავიდან.
მეორე კიდევ, ვინმეს სადმე გინახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს იმ იმედგაცრუებისთვის, რაც ხალხს მოუტანა, ვინმესთვის შენდობა ეთხოვოს და ეთქვას, შემეშალა, მაპატიეთ და კაცი არ ვიყო, თუ არ გამოვასწოროო… პირიქითაცაა, იხტიბარს არ იტეხს და ხალხს თვალში ნაცარს აყრის, იმაზე მეტი გავაკეთე, რაც დაგპირდით, ის გავაკეთეო…
ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი ქარაქუცა იმერელია და იმერულ ქარაქუცობას მე ვინმე მასწავლის, ზემო იმერელი ვარ… აი, რასაც ეძახიან ქარაქუცას, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს ადამიანი. მე პატივს ვცემ მის შემართებას, თავდადებას საკუთარი ოჯახის მიმართ, მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა?.. წურბელები დაგვასხა თავზე და თვითონ შუშის სასახლიდან უცქერის, როგორ წვალობს და ჯახირობს ხალხი. მისი პოლიტიკაში გაბრწყინება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარი იქნება. ხალხისთვის სატყუარა, ჩვეულებრივი სანახაობა, ამ ადამიანმა არ იცის პოლიტიკა, არ იცის ქვეყნის მართვა და სამწუხარო ის არის, რომ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში სურვილიც კი ვერ ვნახე, რომ მას ეს შეესწავლა. ამიტომ, დარწმუნებულები ვარ, რომ თუ ხალხი ისევ ენდო, იგივე და უარეს დღეში აღმოვჩნდებით შემდეგი 4 წლის განმავლობაში.
სხვათა შორის, ხალხს ახლა ისეთი დიდი დოზით ნაცრის შეყრა არ დასჭირდება, იმიტომ, რომ გაჭირვებისგან მხედველობა ისედაც უჭირს და შეიძლება ენდოს ისევ. გურიაში დადის ასეთი ანეკდოტი: ავტოავარია მოხდა და ქმარი გაიტანა მანქანამ. გარდაცვალების შემდეგ ამ კაცს თვალებს ვერ უხურავენ და ცოლი დასტირის, – მაი თვალები მაშინ გამოგეჭყიტა, მანქანა რომ გარტყამდა, ახლა რო ჭყიტავო… ამაზე კარგი შედარება ქართველ ხალხსა და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, არ არსებობს… ხალხს რომ ვეუბნებოდი, დაუკვირდით, ვის ირჩევთ-თქო, გაეგონათ მაშინ და არ დაჭირდებოდათ ახლა თვალების ჭყეტა. მაშინ გაეხილათ თვალები, „რესპუბლიკელებს“ რომ ირჩევდნენ…
„ახალი თაობა“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს“
ნათია ხურცილავა
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სახელისუფლებო გუნდი გადახალისებას საჭიროებს. „რა გზას აირჩევს „ქართული ოცნება“, რთული სათქმელია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ინტელექტუალები და ექსპერტული საზოგადოება სპორტსმენებსა და მსახიობებს ჩაანაცვლებს“, – ამბობს ექსპერტი. მას ინტელექტუალების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ისინი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ: „მათ უნდა შეძლონ, თავიანთი ინტელექტი და უნარები პოლიტიკაში გამოიყენონ და არა, მაგალითად, ინტელექტუალურ თამაშებში. თუ პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება არ აქვს, მაშინ გაუჭირდება, ვინც არ უნდა იყოს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
- აქცენტი იმ ადამიანებზე უნდა გაკეთდეს, რომლებსაც პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება აქვთ?
- დეპუტატი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც აქვს იდეები, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში სისტემის შექმნა, რეფორმების განხორციელება. მხოლოდ ინტელექტი ვერ მოიტანს სასურველ შედეგს. პარლამენტის წევრობა პოლიტიკური საქმიანობაა და ეს კარგად უნდა გააცნობიერონ. მახსოვს, პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატები გამოსვლას ამ ფრაზით იწყებდნენ: მართალია, მე პოლიტიკაში ვერ ვერკვევი – ეს ხომ სასაცილოა!
- პოლიტიკურ ასპარეზზე კიდევ ერთი ხელოვანი, პაატა ბურჭულაძე, აპირებს გამოჩენას, თუმცა ის ამას უარყოფს. რას შეცვლის ბურჭულაძე, თუ ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას?
- ბევრს ვერაფერს. პაატა ბურჭულაძეს არ აქვს ის ქარიზმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, თანაც მაშინ, ვგულისხმობ 2012 წლის არჩევნებს, სულ სხვა რეალობა იყო ქვეყანაში. დღეს ეს რეალობა შეცვლილია. ბიძინა ივანიშვილი მაშინ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მითიური პერსონა იყო. პაატა ბურჭულაძე ღირსეული პიროვნებაა, მისი ცნობადობაც მოსახლეობაში ასპროცენტიანია, მაგრამ ეს ცნობადობა სულ სხვა მიმართულებითაა. მას არავინ იცნობს, როგორც პოლიტიკოსს.
- და ის არც არის პოლიტიკოსი...
- სწორედ ამას მოგახსენებთ, რომ მან უნდა გამოავლინოს ეს უნარები, როგორი ალღო აღმოაჩნდება, როგორი იქნება მისი პოლიტიკური მესიჯები, შემდეგ უკვე – ნაბიჯები. ადამიანური რესურსი ქვეყანაში ძალიან მწირია. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იქნება ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბება დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოასწრებს კი პაატა ბურჭულაძე ამ ყველაფრის გაკეთებას არჩევნებამდე?!
- არ არის საკმარისი ერთი წელი?
- ძალიან ცოტა დროა. ძალიან მეეჭვება, რომ მოასწროს. თუმცა, თუ ეს ძალა რეალურად ჩამოყალიბდა, თუ მასში ადამიანური რესურსებიც იქნა მობილიზებული, მე ვსაუბრობ ღირსეულ ადამიანებზე, მაშინ ეს ძალიან კარგი პოლიტიკური ძალა იქნება, არა რადიკალური, არამედ ინტელექტუალური, გაწონასწორებული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გამოცდილებით. თუმცა, ინტელექტუალურ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში დიდი გასავალი არ აქვს, ესეც ამ 25-წლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა.
- 2016 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთავარი მეტოქე პაატა ბურჭულაძე იქნება?
- არათუ „ქართული ოცნების“ მეტოქეობა, საარჩევნო ბარიერის დაძლევაც კი გაუჭირდება.
- არის ამომრჩევლების არცთუ მცირე რაოდენობა, რომელიც არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. შეიძლება, ამომრჩევლის ამ ნაწილზე იმუშაოს ამ ძალამ, როგორც სხვა ძალები აპირებენ ამას. ამომრჩევლის ამ ნაწილის მიმხრობას შეძლებენ ოპოზიციური პარტიები?
- მათ მიმხრობას არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც ეცდება. ელექტორატის ამ ნაწილში ჯერჯერობით ახალი პოლიტიკური ძალის მოთხოვნილება არ გაჩენილა. ამომრჩევლის ეს ნაწილი `ქართულ ოცნებაზე~ გულგატეხილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინში არიან.
- საერთოდ პოლიტიკის მიმართ არიან ეს ადამიანები ნიჰილისტურად განწყობილნი.
- დიახ, სწორედ ასეა. ახლის მიღების მზაობა ამ ხალხს არ აქვს. ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს ამ ხალხის მიზიდვას, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ.
- „ქართული ოცნება” ამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს?
_ გაუჭირდება, შეიძლება ითქვას, გამორიცხულიც კია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა სამი მეოთხედია. ამ ეტაპზე ძალაუფლების შენარჩუნების შანსი აქვს კოალიცია „ქართულ ოცნებას“.
- თუ კოალიცია არჩევნებამდე დაიშლება?
- ეს, ალბათ, გამორიცხულია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს მძიმე დარტყმა შეიძლება გახდეს და მისი დამარცხება გამოიწვიოს. არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა, დიდი ოპოზიციური გაერთიანების, არასაპარლამენტო ოპოზიციას ვგულისხმობ. თუ დიდი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა, მაშინ შეიძლება რაღაც იმედი გაუჩნდეს ხელისუფლებაზე განაწყენებულ ამომრჩეველს, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დიდი ოპოზიციური გაერთიანება იშვიათია.
- „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში რას მიაღწევს?
- სულ ტყუილი და ფუჭი იმედები აქვთ მის ლიდერებს, რომ მათ ამომრჩეველი დაუბრუნდებათ. 2003 წელი დიდი ხანია, უკან მოვიტოვეთ.
„ახალი თაობა“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ხელისუფლებას ნარმანიას მოხსნის ფუფუნება არ აქვს“
ნონა ცაბაძე
ბოლო ხანებში თბილისის მერ დავით ნარმანიას მიმართ კითხვები მმართველ კოალიციასაც გაუჩნდა. ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დავით ნარმანია უდავოდ წესიერი ადამიანია, მაგრამ მენეჯმენტში გამოცდილება არ აქვს, მით უმეტეს ისეთ რთულ სისტემაში, რომელსაც თბილისი ჰქვია. „მას კარგად ვიცნობ, ვიცი მისი შესაძლებლობები, მაღალი აზრის ვარ, მაგრამ არა ამ მიმართულებით. მას დაეკისრა იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე შეეძლო, ეზიდა”, – ამბობს გია ხუხაშვილი.
- ანუ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული?
- ეს ირაციონალური გადაწყვეტილება იყო ხელისუფლების მხრიდან მისი მერობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით. ის არ იყო პოლიტიკაზე ორიენტირებული ადამიანი. შესაბამისად, მისი რეაქციები ძალიან მერყევია. ის ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი ნატურალური პოზიცია. ასევე იძულებულია, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს აგრესიული, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი და ეს ზოგჯერ არასერიოზულად გამოიყურება.
- ხელისუფლება ხვდება, რომ შეეშალა?
- დღეს ხელისუფლებაში ეს ყველაფერი ჩამოყალიბდა და ნარმანიას გავლენა მერიის ვერტიკალზე ნულამდეა დასული.
- დავით ნარმანია, როგორც მმართველი, ვერ შედგა?
- ასეა. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ცენტრიც უკვე მის მიმართ გაციებულია და თვითონ მერიაც ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს. მერიის ვერტიკალი მორღვეულია, რაც სახიფათოა ქალაქის მართვისთვის.
- როდესაც ნარმანიას იმპიჩმენტზე საუბრობენ, ეს არ დააზარალებს მმართველ გუნდს?
- მე არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს ხელისუფლება. ის, ალბათ, უფრო აირჩევს ირიბი ანუ ფარული მენეჯმენტის გზას. ნარმანია იქნება ნომინალური მერი და რეალურად ქალაქს მართავენ სხვა ადამიანები. ალბათ, ამ გზით წავა. იმიტომ, რომ არა მგონია, დღეს ხელისუფლებას ჰქონდეს იმის ფუფუნება, მერის რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს. დღეს არ არის ის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას გარანტირებული აქვს გამარჯვება ასეთ არჩევნებზე. პირიქით გეტყვით, რისკი იმისა, რომ ხელისუფლება წააგებს რიგგარეშე არჩევნებს თბილისში, ძალიან მაღალია.
- ვისთან წააგებს, „ნაციონალებთან“?
- არა. შეიძლება, სულ სხვასთან წააგოს, რაც ძალიან რეალურია. დღეს ხელისუფლება ნამდვილად არ აიტკივებს თავს, რომ ასეთ რისკზე წავიდეს, თან საპარლამენტო არჩევნების წინ.
- მერიიდან გამოდის ინფორმაციები, რომ ნარმანიას მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა და არავინ არაფერს ეკითხება...
- სამწუხაროდ, ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო, თანაც ეს არ ეხება მხოლოდ ნარმანიას.
- კიდევ ვის?
- იმავეს ვიტყოდი პრემიერ-მინისტრზე. მასაც აჰკიდეს იმაზე მეტი ტვირთი, ვიდრე ამ ადამიანს შეუძლია, ზიდოს. ისინი რთულ ვითარებაში არიან. ისინი არ არიან მზად, თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე, ერთმა _ ქვეყანაში და მეორემ _ ქალაქის დონეზე. ამიტომ მუდმივად ცდილობენ, პასუხისმგებლობა აისხლიტონ და უფრო ითამაშონ ის როლი, რომელიც მათ დაეკისრათ, ვიდრე რეალურად შეასრულონ.
- სწორედ ამ ფონზე ხომ არ ჩნდება ის შეფასებები, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება?
- ბუნებრივია. ზუსტად ამაშია საქმე, რომ ამის განცდა არის საზოგადოებაში.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებენ ნარმანიას?
- რა თქმა უნდა! და არა იმიტომ, რომ ნარმანიას შენარჩუნება უნდათ, არამედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ფუფუნება.
- პენსიების მატების საკითხიც ყბადაღებულ თემად იქცა. ხელისუფლებამ გაზარდა პენსია, მაგრამ მაინც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. რატომ არ დარჩა ხელისუფლება მოგებული?
- გეთანხმებით, ხელისუფლება მოგებული ნამდვილად არ დარჩა. ხელისუფლებას პოლიტტექნოლოგიური გათვლები აქვს სუსტი და ყველაფერს თეთრი ძაფით კერავს. დღეს დღის წესრიგს ქმნის ოპოზიცია და ეს სახელმწიფოებრივად ცუდი არ არის. ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, ხელისუფლება თითქოს პირველ ეტაპზე ჯიუტობს და მერე ამას დაჰყვება ხოლმე. ყოველთვის ნახევარფაბრიკატს აცხობს, რასაც მერე ფასი აღარ აქვს. ჯობია, რომ შენ ქმნიდე დღის წესრიგს და წინასწარ აკეთებდე პროგნოზს, თუ სად გაქვს სუსტი ადგილი და შენ თვითონ გამოდიოდე ინიციატივით.
- ანუ სანამ ოპოზიცია დაიწყებდა ამ თემით აპელირებას, მანამ უნდა დაესწრო ხელისუფლებას?
- რასაკვირველია. ხომ ხედავდნენ, რაზე მოახდენდა პედალირებას ოპოზიცია. მათ შეეძლოთ, პრევენტულად მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ოპოზიციის კრიტიკა შენელდებოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აქვს უნარი, გრძელვადიანი პროგნოზი გააკეთოს, შეაფასოს რისკები და დღის წესრიგის შექმნა დაიწყოს თვითონ. ის მუდმივად რეაგირების რეჟიმშია. გაზარდა პენსია, მაგრამ ამას ფასი აღარ აქვს.
- რატომ არ აქვს ფასი?
- რადგან შედეგს იბრალებს ოპოზიცია და თან აქცენტს აკეთებს, რომ ეს არ არის საკმარისი. დღევანდელ სიტუაციაში პენსიის 20 ლარით გაზრდა ნამდვილად არადამაჯერებელია.
- რატომ? რას გულისხმობთ?
- იმას ვგულისხმობ, რომ დევალვაცია იყო ძალიან სერიოზული, რასაც მოჰყვება სერიოზული ინფლაციური პროცესები და 20 ლარი ვერ ახდენს ინდექსირებას იმ ზარალისას, რომელსაც განიცდის საშუალო სტატისტიკური ქართველი, განსაკუთრებით _ სოციალურად დაუცველი.
„ახალი თაობა“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილი არსენ იაცენიუკის თვალთვალში გამოიჭირეს”
შორენა მარსაგიშვილი
რაში გამოიჭირეს უკრაინელებმა და ამერიკელებმა სააკაშვილი, ვის უთვალთვალებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რატომ „გადააგდო“ ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი თანაგუნდელები და რას აპირებენ ისინი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება. „უკრაინულმა მედიამ ნაციონალების მორიგი საუბრები გამოაქვეყნა, სადაც დეპუტატი გიორგი ვაშაძე სააკაშვილს ცუციკს უწოდებს. ბევრმა არ დაიჯერა, რომ ვაშაძე ამას იტყოდა. მე მჯერა და ახლავე გეტყვით, რატომაც. დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, რამდენიმე ბანაკად არის დაყოფილი. ორგანიზაციის დაშლა უკვე დაწყებულია და ამ ხალხს სხვადასხვა პარტია შეიწოვს. გიორგი ვაშაძეც ერთ-ერთ დაჯგუფებაშია და ისიც ცდილობს პარტიიდან წასვლას. მას სააკაშვილი რაღაცებს შეჰპირდა, არ შეუსრულა და ამიტომ არის მაგაზე გამწარებული. ჩვენ მარტო ის მოვისმინეთ, ცუციკს რომ ამბობდა, თორემ უარესებს იტყოდა“, – ამბობს ტრისტან წითელაშვილი.
- რა დაპირება არ შეუსრულა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძეს?
- ყოფილი პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ უკრაინის იუსტიციის მინისტრის პოსტზე გაუშვებდა. მან ეს დანაპირები არ შეასრულა და ვაშაძე ისევე `გადააგდო~, როგორც სხვები.
- კიდევ ვინ “გადააგდო“?
- რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ესენი არიან ერეკლე კოდუა, დათა ახალაია, მეგიზ ქარდავა. ამ ადამიანებმა „გადაგდებისთვის“ სააკაშვილს უკვე გადაუხადეს სამაგიერო. მათ მიაწოდეს ყოფილ პრეზიდენტზე კომპრომატები კოლომოისკის, რომელიც ამას კარგად იყენებს. მომავალში ოდესის გუბერნატორს ბევრი უსიამოვნება ელოდება. გიორგი ვაშაძეს ასეთი კომპრომატები არ აქვს და ის ცუციკის ძახილით შემოიფარგლა. დარწმუნებული ვარ, ცუცუკის გარდა ბევრად უფრო მძიმე სიტყვებს იხმარდა.
- რატომ „გადააგდო“ სააკაშვილმა ეს ხალხი? ისინი ხომ მისი თანამებრძოლები იყვნენ.
- ნაპრეზიდენტალს მართლა სურდა მათი უკრაინაში წაყვანა, მაგრამ იქ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
- სხვაგვარად როგორ?
- როგორ და უკრაინელებმა მას ნიღაბი ჩამოხსნეს. დღეს ყველამ იცის, რას წარმოადგენს ის სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს დიდ გასაქანს აღარ მისცემენ. უკრაინელები განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ ამ კაცმა პრემიერის პოსტის დაკავება მოინდომა. ამ მიზნის მისაღწევად მან უკადრებელი იკადრა.
- კონკრეტულად რა იკადრა?
- ალბათ, გახსოვთ პეტიცია, რომლითაც პოროშენკოს მიმართეს, სააკაშვილი ქვეყნის პრემიერად დანიშნეო. მან ამ პეტიციაზე ხელმოწერები გააყალბა.
- გაყალბება ოფიციალურად დადასტურდა?
- რა თქმა უნდა, დადასტურდა ეს უტყუარი ცნობა და ის ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა მომაწოდეს. ამ ამბის გავრცელებას მძიმე რეაქციები მოჰყვა.
- მაინც როგორ გააყალბა?
- როგორც აქ აყალბებდა არჩევნებს. ამაში ეგ და მაგისი გუნდი მაგრად არიან დაოსტატებული. უკრაინელებმა კი გაყალბების სქემა გაუშიფრეს. დღეს მას უკრაინელები უკვე როგორც პოლიტიკურ გვამს, ისე აღიქვამენ.
- პოლიტიკურ გვამად როგორ აღიქვამენ, ყველა ტოკშოუში ეგ ჰყავთ მიწვეული.
- მერე რა, რომ იწვევენ. იმ შოუში ხან სცემენ და ხან სხვა რაღაცას უშვრებიან. თავისუფლად ქუჩაში ვეღარ გამოდის. ცოტა ხნის წინ მის წინააღმდეგ ახალი ორგანიზაცია შეიქმნა. მას უკრაინული პატრიოტული ორგანიზაცია ჰქვია.
- კოლომოისკი ხომ არ დგას ამ პატრიოტების უკან?
- არა, ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებსაც არ სურთ, სააკაშვილისნაირი ვამპირები უკრაინას დაეპატრონონ. სააკაშვილი აპირებდა უკრაინის ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, მაგრამ დროულად გააჩერეს. მას ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებთან აქვს კავშირი. ეს რამდენიმე ტერორისტი სწორედ ნაპრეზიდენტალის დავალებით მოამზადეს და შემდეგ სირიაში გადაისროლეს.
- როდის და სად მოამზადეს ეს ხალხი?
- საქართველოში მოამზადეს ისინი და ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქვეყანას ნაციონალები მართავდნენ.
- ეთნიკურ ქართველებზეა საუბარი?
- საუბარი საქართველოს მოქალაქეებზეა. ამას ვინ ჩივის, სააკაშვილს ისეთი საშინელი ამბები ამოუქექეს. მას უნდოდა, სირიის კონფლიქტი რუსეთ-ამერიკის ომში გადაზრდილიყო.
- ამის სურვილი, შესაძლოა, სხვასაც აქვს, მაგრამ სურვილის ქონა ხომ დანაშაული არაა?
- ის შეეცადა, ეს სურვილი რეალობად ექცია. საამისოდ მას 4 ტერორისტი უნდა გამოეყენებინა. ისინი საგანგებოდ გაწვრთნა უკრაინაში. მათ ამერიკული ავიაციის წინააღმდეგ უნდა ემოქმედათ. მათ ამერიკული თვითმფრინავი უნდა ჩამოეგდოთ.
- რაში სჭირდებოდათ ამის გაკეთება?
- თვითმფრინავი რუსული სითბური რაკეტით უნდა ჩამოეგდოთ. ეს ამბავი დაბრალდებოდა რუსეთს და დიდი დაპირისპირება დაიწყებოდა. საბედნიეროდ, სპეცსამსახურებმა მას ეს ამბავი გაუგეს და ავანტიურისტული გეგმა ჩაუვარდათ. მასთან ერთად ამ საქმეში კეზერაშვილიც იყო გარეული. კიდევ ბევრ რამეში გამოიჭერენ ამ კრიმინალებს და ბოლოს იქ გაუშვებენ, სადაც მათი ადგილია. ახლა ის და მისი გუნდი უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში აპირებენ გადასვლას. ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩაატარა.
- რა სამუშაოებზეა საუბარი?
- სანამ ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნებოდა, პოროშენკოს მრჩეველი იყო. მაშინ საკვანძო თანამდებობებზე თავისი ხალხი დანიშნა, თან ისეთ სამსახურებში მოაწყო, საიდანაც ყველაზე მოაგროვებდა ინფორმაციას. მისი განსაკუთრებული სამიზნე არსენ იაცენიუკი იყო.
- რამე პირადი უთანხმოება ჰქონდა მასთან?
- უთანხმოება იმაზე ჰქონდა, რომ მისი ადგილის დაკავება სურს. სააკაშვილი აღარ მალავს, რომ უკრაინის პრემიერობა უნდა. მასზე უამრავი ინფორმაცია მოაგროვა და ცდილობდა, რამეში გამოეჭირა. თავისი მიზნის მისაღწევად მან უკრაინის პრემიერზე თვალთვალიც კი დააწესა.
- ამის უფლება ჰქონდა?
- არ ჰქონია.
- აბა, რანაირად დააწესა თვალთვალი?
- როგორც აქ უთვალთვალებდა თავის ოპონენტებს, ისევე დაუწყო იაცენიუკს თვალთვალი. ამაში მას საკმაოდ დახელოვნებული ხალხი ჰყავს. ეს ადამიანები სააკაშვილმა უკრაინაში წაიყვანა, ისინი უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პრემიერს, მაგრამ ის გამოიჭირეს და ეს გეგმაც ჩაუვარდათ. თუ დაატყო, რომ შანსები არ აქვს, წავა ოპოზიციაში, იტყვის, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ჩემი რეფორმებისთვის მზად არ აღმოჩნდაო. მაგისი რეფორმებისგან ყველა ქვეყანა ღმერთმა დაიფაროს. მიხეილ სააკაშვილის რეფორმა იცით, რა არის? წამება და კაცების გაუპატიურება. ამას უკრაინელები არ დაუშვებენ. თუმცა მან პიარტექნოლოგიები კარგად იცის და, შესაძლოა, უკრაინელი პოლიტიკოსებიც აიყოლიოს.
- უკრაინელებსაც თუ აიყოლიებს, მაშინ რაღაც შანსები ჰქონია.
- არ დაუჯეროთ, შანსები მაგას არა აქვს. მას გვერდით ხელისუფლებაზე განაწყენებული რამდენიმე პირი დაუდგება. უკრაინაში ნაციონალებს აღარავინ გააჩერებს. მიხეილ სააკაშვილი აქ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მაგარი იყო, თორემ უკრაინაში, ვაშაძისა არ იყოს, ცუციკივით არის. მეტსაც გეტყვით, ის არის საერთაშორისო ცუციკი და გულსატკენია, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას თითებს უქიცინებს. მალე საქიცინოდ აღარ ექნება საქმე. მას სასამართლოს წინაშე წარადგენენ.
„ახალი თაობა“, 04 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ სულხან ბორძიკაშვილთან: „პანკისის მოსახლეობა შეწუხებულია… ისლამის შავი დროშის ქონა ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერას არ ნიშნავს“
შორენა მარსაგიშვილი
რა ხდება პანკისში, რა პრობლემები აქვთ აქაურებს, რას ნიშნავს ისლამის შავი დროშა? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ კავკასიოლოგი სულხან ბორძიკაშვილი ესაუბრება. „რამდენიმე დღის წინ დააკავეს 4 ადამიანი და მათ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი ბრალდებათ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მტკიცებულების სახით ამოღებულ შავ დროშაზე. ეს შავი დროშა რატომღაც ისლამურ სახელმწიფოსთან და ტერორიზმთან ასოცირდება. სინამდვილეში ასე არ არის, ისლამის შავი დროშა ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე ისლამური სახელმწიფო გაჩნდებოდა. ეს დროშა, შესაძლოა, მეც მედოს სახლში და სხვა მუსლიმსაც, ეს არანაირი პრობლემა არ არის. ჩეჩნეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ მიმდინარეობდა, ჩეჩენ მებრძოლებს იჩქერიის დროშასთან ერთად შავი დროშებიც ჰქონდათ. მაშინ ისლამური სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა”, – ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.
- აბა,რატომ უკავშირდება ეს დროშა ისლამურ სახელმწიფოს?
- ეს თემა, უბრალოდ, ძალიან გაპიარდა და ამიტომაც არის, რომ ყველას ჰგონია, ვისაც ასეთი დროშა აქვს, ის ისლამურ სახელმწიფოსთან არის კავშირში. არადა, ასე არ არის. ცოტა ხნის წინ პანკისში რელიგიური დღესასწაული იყო და შავი დროშებიც გამოიტანეს. როგორც კი ეს ამბავი გახმაურდა, ატყდა ერთი ამბავი, პანკისში ისლამური სახელმწიფოს დროშების ფრიალი მიდისო. ეს ამბავი ჟურნალისტების ყურამდეც მივიდა და მათაც ერთი ამბავი ჰქონდათ, ძლივს დავაწყნარე ეს ხალხი და ავუხსენი, რომ ხალიფატთან ამ დროშას კავშირი არ აქვს. საბედნიეროდ, ისინი მიხვდნენ და ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ. სამწუხაროდ, სპეცსამსახურები სხვანაირად ფიქრობენ. ეს შავი დროშები ტერორიზმის სიმბოლო არ არის.
- პანკისში რელიგიურ დღესასწაულზე შავი დროშები გამოიტანესო, ამბობთ და გამოდის, რომ იქაურებსაც აქვთ ასეთი დროშები...
- როგორც უკვე გითხარით, ეს დროშა ნებისმიერი მუსლიმის ოჯახში შეიძლება იყოს. ეს, იცით, როგორი დროშა? საპატრიარქოს რომ აქვს ჯვრიანი დროშები. ასეთი დროშა ნებისმიერ ქრისტიანს შეიძლება ჰქონდეს ოჯახში.
- პანკისიდან წასული ახალგაზრდები საზღვარგარეთ იბრძვიან. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებების წევრობა საქართველოში დასჯადი ხდება. ამ კანონის ამოქმედება ადგილობრივებს პრობლემებს ხომ არ შეუქმნის?
- ეს პრობლემები ყოველთვის იყო. ქისტებს საზღვარზე გადასვლისა თუ გადმოსვლის დროს ყოველთვის განსაკუთრებულად ამოწმებდნენ. ხშირად ხდებოდა მათი შეფერხება საზღვარზე. ახლა ამ მიმართულებით ცუდი ვითარება იქნება.
- დააკავეს ვინმე საზღვარზე?
- ბოლო პერიოდში არავის უთქვამს, რომ საზღვარზე პრობლემა შეუქმნეს. ახლა ისეთი სეზონია, რომ საზღვარგარეთ არავინ მიდის. ვფიქრობ, თურქეთის მხარეს გადასვლა შეუძლებელი იქნება. რუსეთისკენ არ ვიცი, რა იქნება. კანონი, რომელიც მიიღეს, რატომღაც პანკისელებს შეეხო.
- ალბათ, იმიტომ, რომ პანკისიდან ბევრი ახალგაზრდაა წასული ისლამური სახელმწიფოს მხარეს საომრად...
- მაგრამ ამ კანონში მარტო ისლამური სახელმწიფო არ არის ნახსენები. კანონში საუბარია სხვა ქვეყნის შეიარაღებული ფორმირებების წევრობაზე. რა მნიშვნელობა აქვს, სად იბრძვი, მაგრამ მარტო პანკისელებზე მახვილდება ყურადღება.
- მოსახლეობაში ამის გამო დაძაბულობა ხომ არ არის?
- პანკისში ცხოვრება ჩვეულებრივად მიდის, ოღონდ მოსახლეობა, ცოტა არ იყოს, შეშინებულია.
- რატომ არის შეშინებული?
- ყველა ფიქრობს, რომ, შესაძლოა, შავი დროშის ქონის გამო დააკავონ. ეს იწვევს დაძაბულობას, რაღაც უნდობლობა გაჩნდა და ეს არ არის კარგი.
- სულხან, თუ იცნობთ ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად წასულ ახალგაზრდებს? მათი დიდი ნაწილი დაახლოებით თქვენი ასაკისაა...
- პირადად არ ვიცნობ, მაგრამ აქ ყველა ყველას იცნობს და მაგათი ამბებიც ვიცი.
- რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს მიმართ? არაერთხელ მომისმენია პანკისელებისგან, რომ საქართველოს მათგან საფრთხე არ ემუქრება...
- სულ ამას ვამტკიცებ, რომ მათგან არაფერი გვემუქრება. სადმე გინახავთ ვიდეომიმართვა, რომ ისინი საქართველოს ემუქრებიან ან ცუდად ახსენებენ? ასეთი რამ არც აქამდე ყოფილა და, იმედი მაქვს, არც მომავალში იქნება.
- სირიაში მათ წასვლასთან დაკავშირებით ათასი ვერსია ვრცელდება. რატომ მიდიან ეს ახალგაზრდები იქ?
- მათზე დიდი გავლენა იქონია ჩეჩნეთში მიმდინარე ომმა. რუსეთი დღემდე აგრძელებს ჩეჩნეთის განადგურებას. ბევრი ჩვენებური იქ სწორედ რუსეთის წინააღმდეგ საომრად წავიდა. პანკისელები იქ მანამდე წავიდნენ, სანამ ისლამური სახელმწიფო შეიქმნებოდა. თავიდან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იყო ბრძოლა, ასადი კი პირდაპირ ასოცირდება რუსეთთან. პანკისელები მარტო ისლამური სახელმწიფოს რიგებში არ არიან, ისინი სირიის თავისუფალი არმიის რიგებშიც არიან. ამ დაჯგუფებას კი მთელი დასავლეთი უჭერს მხარს.
„ვერსია“, 4 დეკემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ზურაბ აღლაძესთან: სამი მიზეზი, რის გამოც რუსეთ-თურქეთის ომი არ იქნება – რა ინტერესები აქვს თურქეთს აჭარაში და რა შემთხვევაში იხეირებს საქართველო რუსულ-თურქული კონფლიქტით
ნინო კომახიძე
იქნება თუ არა კიდევ ერთი ომი რუსეთსა და თურქეთს შორის, ვის მხარეს უნდა იყოს საქართველო, როგორ შეგვეხება ეს კონფლიქტი… ეს ის კითხვებია, რასაც ამ დღეებში ყველაზე ხშირად ვისმენთ. ჩნდება მოლოდინი, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში, ან პოლიგონად ვიქცევით, ან რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდითა და რუსულ ბაზარზე თურქული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩანაცვლებით ვიხეირებთ. ატლანტიკური საბჭოს წევრი, ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, სახმელეთო ჯარების სარდალი, ისტორიკოსი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზურაბ აგლაძე „ვერსიასთან“ ერთად არკვევს, არის თუ არა მსოფლიო რუსეთ-თურქეთის ომის რეალურ ზღვარზე და გადაიხედება თუ არა ერთი თვითმფრინავის ჩამოგდებით მსოფლიოს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი.
- რუსეთსა და თურქეთს შორის ომი არ იქნება! ეს ძალიან მარტივად შემიძლია დავასაბუთო. პირველი მიზეზი ისაა, რომ მათ სახმელეთო საზღვარი არ გააჩნიათ. მეორე – თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ საქართველომ მისცეს კორიდორი ან დაგვიპყრეს, როგორც პროფესიონალი სამხედრო გეტყვით, რუსეთს არც გააჩნია რესურსი, ამხელა ოპერაცია, თუნდაც ლოგისტიკური თვალსაზრისით, აწარმოოს. მესამე და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია და იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, თითქოს, რუსეთი მასზე თავდასხმას გაბედავს. ასეთი ინციდენტები, როგორც წესი, კატალიზატორის როლს ასრულებს და მათ ომი არ მოჰყვება ხოლმე.
- ამ შემთხვევაში, რისი კატალიზატორი შეიძლება გახდეს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტი მსოფლიოსა და საქართველოსთვის?
- ვფიქრობ, ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებითა და ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლება, ისიც ზომიერად – რუსეთს იმის ფუფუნება არ აქვს, თურქეთს ეკონომიკური სანქციები სრულად დაუწესოს. ეს მხოლოდ იმ პროდუქტსა და ნაწარმს შეეხება, რომლის ჩანაცვლებასაც იოლად შეძლებს. რუსეთის ინდუსტრია, მეტწილად, დამოკიდებულია თურქეთიდან შემოტანილ მარაგ ნაწილებზე. ამით თავად რუსეთი მიიღებს დიდ ეკონომიკურ დარტყმას, რადგან სხვადასხვა სათადარიგო ნაწილებს აზერბაიჯანიდან ვერ შემოიტანს – ამხელა ინდუსტრია აზერბაიჯანს უბრალოდ, არ აქვს. მოსალოდნელია, რუსეთში არსებული თურქული ბიზნესები შევიწროვდეს, როგორც სჩვევიათ. კონფლიქტი შეეხება სავიზო მიმოსვლას და შემცირდება ტურისტების რაოდენობა თურქეთში.
- ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურად, თურქეთიც ზარალდება და რუსეთიც.
- რა თქმა უნდა, ასეა, თუმცა რუსეთის ეკონომიკა უკვე ევროპის საშუალო დონის ქვეყნის ეკონომიკას უტოლდება და მას დიდი საერთაშორისო სანქციებიც ადევს. ამიტომ შეუძლებელია, რუსეთმა მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. ეს იქნება ერთჯერადი ინციდენტები გულის მოსაფხანად და განცხადებები შიდა მოხმარებისთვის, რათა პუტინის უძლეველობის მითი შენარჩუნდეს. ასევე, შესაძლებელია, შავი ზღვის აკვატორიაში გარკვეული წვრთნები დაიწყოს, ინციდენტები მოხდეს თურქულ გემთან, მაგრამ ამაზე შორს რუსეთი ვერ წავა. დღეს რუსეთი იმ დონემდე მივიდა, ნავთობისა და გაზის ყველა მწარმოებელს მოგებას უკვე მთლიანად ართმევს, მაგრამ ბიუჯეტში მაინც დეფიციტი აქვს, სავალუტო რეზერვების ხარჯვაზეც გადავიდა. ნავთობის ფასი, კიდევ უფრო თუ არ დაეცა, უახლოეს მომავალში არც აიწევს. ეს რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული: ჩინეთი აღარ მოიხმარს იმდენ ნავთობს, რამდენიც სჭირდებოდა, რადგან მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განახევრებულია. ეს პირდაპირ ურტყამს ნავთობის ფასს. თანაც, დეკემბრის ბოლოს თუ არა, მომავალი წლის დასაწყისში ირანს სანქციებს მოუხსნიან და იგი ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს. ამერიკის სტრატეგიული რეზერვი კი, რომელიც თითქმის 700 მლნ ბარელია, ალბათ, მალე გადაივსება და ვვარაუდობ, რომ მალე, ნავთობის ფასი 40 დოლარსაც ჩამოცდება. ასე რომ, ამ პირობებში, რუსეთი თურქეთთან ამ ძვირადღირებულ ომს პრაგმატულადაც არ დაიწყებს. ეს ჩვენც უნდა გვიხაროდეს, თურქეთი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და როგორ წარმოგიდგენიათ, ის რომ ომში ჩაებმევა, ჩვენთვის ან მას ეცლება, ან რუსეთს? ექსპორტი შემცირდება და ეს პირდაპირ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას.
- თუმცა გვაქვს შანსი, ამ ვითარებაში მოგებაც ვნახოთ. შესაძლებელია თუ არა, რუსეთში სოფლის მეურნეობის ექსპორტის გაზრდა და რუსი ტურისტების მასობრივი შემოსვლა საქართველოში, ეგვიპტისა და თურქეთის ნაცვლად?
- საქართველოს ამ ვითარებიდან ბენეფიტების მიღება ნამდვილად შეუძლია. რუსეთიდან თურქეთში, ყოველწლიურად, 4 მლნ ტურისტი ჩადიოდა და დიდი ალბათობით, ალბათ, ჩვენთან ტურისტების ნაკადი გაიზრდება. შესაძლოა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიც უფრო დიდი რაოდენობით შევიტანოთ და მოკლევადიან პერსპექტივაში, მოგებაც ვნახოთ. ოღონდ თუ ეს ვითარება დიდხანს გაგრძელდა, სენდვიჩში ჩადებული ყველის როლში აღმოვჩნდებით, რომელიც შუაში გაიჭყლიტება. ჩვენს ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება დიდი ინვესტიციები, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში კი, ინვესტორები საქართველოში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ. ერთი ნამდვილად კარგია – როცა თურქულ ბიზნესს რუსეთში შეავიწროებენ, შესაძლოა, თურქულმა ინვესტიციებმა საქართველოში გადმოინაცვლოს. ასევე, გაიზარდოს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაზღვრული უნდა გვქონდეს, რას ვაკეთებთ და სირაქლემას პოზაში არ ვიყოთ.
- ხშირად საკითხს ასე სვამენ: ვის მხარეს უნდა იყოს საქართველო-თურქეთის თუ რუსეთის. რატომ უნდა ვიყოთ საერთოდ მხარე ამ ვითარებაში და რა იქნება ყველაზე სწორი პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის?
- პირველ რიგში, თავი მკვეთრი განცხადებებისგან უნდა შევიკავოთ. ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რადიკალურმა ისლამმა ჩვენთან ფეხი არ მოიკიდოს, რაც რეალური საფრთხეა. პირველად ხდება, რომ ეთნიკური ქართველები ისლამური სამყაროს წევრები გახდნენ, რაც საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა მიბმული. სახელმწიფომ მეტი უნდა იმუშაოს მაღალმთიან აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში.
- თურქეთის ინტერესებზე აჭარაში ისედაც დიდი ხანია საუბრობენ. რა არის მისი ინტერესები რეალურად ამ რეგიონში და რას ნიშნავს თურქეთის პრემიერის განცხადება, რომ ბათუმსა და სხვა ქალაქებს, რომელიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, დაიბრუნებენ?
- იმით დავიწყოთ, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და არ მახსენდება, ამ ქვეყნებს ვინმეს ოკუპაცია და ანექსია მოენდომებინოთ. ისიც ფაქტია, რომ აჭარაში რადიკალური ისლამი ძლიერდება და სხვა მთავარი კითხვაა დასასმელი – ამას ვინ აკეთებს კი არა, ჩვენ რას არ ვაკეთებთ, რომ ხელი შევუშალოთ? რაც შეეხება უშუალოდ თურქეთის ინტერესებს – საერთოდ, ერდოღანი და მისი პარტია ე.წ. პანთურქიზმით გამოირჩევა. რაღაც ინტერესი თურქეთს ნამდვილად აქვს, მაგრამ არა მგონია, საუბარი აჭარის ფიზიკურად მიერთებაზე იყოს. ეს თამაშია, სადაც ყველას თავისი მიზანი აქვს და ჩვენც ჩვენი მიზანი უნდა გვქონდეს. იყო პარტნიორი, არ ნიშნავს, მის მიზნებს, რომელიც შენსას ეწინააღმდეგება, ხელი არ შეუშალო. ხშირად გვესმის, რომ აჭარაში თურქული ბიზნესია განვითარებული, ხალხი გათურქებულია და ა.შ. არ დაგვავიწყდეს, რომ თურქული ბიზნესი ჩვენს ეკონომიკაზეც დიდად მოქმედებს. პირველ რიგში, თურქეთს აწყობს, საქართველოში არეულობა არ მოხდეს. თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთი დერეფანია და რა უფრო მნიშვნელოვანია თურქეთისთვის – აჭარაში ისლამისტების გაძლიერება, თუ ამ ენერგოდერეფნის განვითარება? თურქეთს ევროკავშირში უნდა შესვლა, ევროპაში უვიზო რეჟიმი მიიღო, ის გლობალური მოთამაშეა და ჩვენთან ურთიერთობა რომ გაიფუჭოს, აზერბაიჯანთან იზოლაციაში აღმოჩნდება. აღარც ხიდი ექნება და ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციასაც დაკარგავს. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის საპირწონედ ბათუმს დააყენებს?!
- ამ კონფლიქტის ფონზე, ნატო-ს გაფართოება და ალიანსში მონტენეგროს შესვლა რას ნიშნავს და აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოსაც?
- გასაგებია, რომ ხისტი ნაბიჯების გადადგმა და რუსეთის გაღიზიანება ნატოს არ სურს. თუმცა ნატოსთვის, ისლამური ექსტრემიზმის გაძლიერების პირობებში, მეგობარ ქვეყანათა წრის გაფართოება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ნატოში მონტენეგროს შესვლა ჩვენთვისაც იმედისმომცემია, რადგან იგი ჩვენს წინ ბოლოა, ვისაც ალიანსში გაწევრიანება სურს. მაპ-ზე ,,ჩაციკლული” ადამიანებისთვის ისიც უნდა ავხსნათ, რომ ეს მაპ-ი ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხებია, რაზეც უკვე წლებია ვმუშაობთ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მონტენეგროს შემდეგ საქართველო იქნება. ნატოცა და ევროკავშირიც დაფიქრდებიან, რაც შეიძლება შორს გაიტანონ მეგობართა სარტყელი. თანაც ნატოს იმის უფლება აქვს, თავისივე რეგულაციები როგორც უნდა, ისე შეცვალოს და თუნდაც მაპ-ის გარეშე მიგვიღოს.
- მაშინ რას ნიშნავდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ოლანდის განცხადება, რომ ნატო-ს საზღვრები არ ფართოვდება, ან რას უნდა ველოდეთ ვარშავის მოახლოებულ სამიტზე?
- კრიტიკული პერიოდი რუსეთისთვის, დიდი ალბათობით, 2017-2018 წლებში დადგება და სწორედ არ დროს გამოუჩნდება საქართველოს ისტორიული ფანჯარა, ალიანსში შევიდეს. როგორც ჩანს, დასავლეთიც ამას ელოდება, რომ რუსეთს ნატო-ს გაფართოებისთვის სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. რაც შეეხება ოლანდის განცხადებას, ეს არ არის ნატო-ს პოლიტიკა. გარდა ამისა, პოლიტიკა დინამიკური პროცესია და შესაძლოა, დღეს უკვე ოლანდმაც სხვა განცხადება გააკეთოს. ვარშავის სამიტს კი, ვფიქრობ, ისეთივე მნიშვნელობა ექნება, რაც ბუქარესტის სამიტს ჰქონდა. მაპ-ს ერთმნიშვნელოვნად ვერ მივიღებთ, თუმცა რაღაც ფორმით, ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდება და თუნდაც კიდევ ერთი საწვრთნელი ბაზა გაიხსნება საქართველოში. ხოლო თუ მაპ-ი არ იქნება, სხვა რამ რუსეთს ისე არ გააღიზიანებს, სადამსჯელო ნაბიჯები გადადგას.
- და თუ ეს ისტორიული ფანჯარა არ გაიღო, მაშინ რა ხდება _ რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ არც მაპ-ი იქნება და არც „მაპ“-ზე უკეთესი”?
- ალტერნატივა არ არსებობს! უნდა ვაკაკუნოთ დასავლეთის კარზე, რომელიც ადრე თუ გვიან, ჩვენთვისაც გაიღება. ერთიცაა _ ჩვენ კარი გავუღეთ რუსულ პროპაგანდას, რომელსაც სათანადოდ ვერ ვებრძვით. მათი მუშაობის შედეგია ის ფორმულები, რაც დღეს ბევრმა აიტაცა, მაგალითად, ევროპასთან ასოცირდება ლგბტ პირები. ჩვენ ამ საინფორაციო-პროპაგანდისტულ ომს ვაგებთ.
- როგორც ჩანს, ევროპაც აგებს საქართველოში საინფორმაციო ომს რუსეთთან…
- ამერიკამ და ევროკავშირმა მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ დაფინანსება გაზარდონ. ეს ბიუროკრატიული მექანიზმია, რომელიც ნელა მოქმედებს, მაგრამ ამოქმედების გარეშე მისი შეჩერებაც შეუძლებელია. ევროპა მიხვდა, რომ რუსულ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეს და ქმედით ნაბიჯებს დგამს. რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა ახლა დათვისა და პირანიების ბრძოლას ჰგავს. თავიდან დათვი პირანიებს იშორებს და ვერაფერს გრძნობს, მაგრამ ნელ-ნელა სისხლისგან იცლება და უძლურდება. ამ ბრძოლაში რუსეთმაც და დასავლეთმაც უკვე საკმაოდ შეტოპეს, მაგრამ ე.წ. კარგი და ცუდი პოლიციელის სქემა მაინც მოქმედებს. ჩავთვალოთ, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის ,,კარგი პოლიციელის” როლს ასრულებენ და უკანდასახევ გზას იტოვებენ, რადგან ევროპა რუსეთს სრულ იზოლაციაში ვერ მოაქცევს.
- თუმცა ჩვენ კიდევ ერთი საფრთხის წინაშე ვართ _ საქართველოში განწყობა ევროკავშირიდან ევრაზიულ კავშირამდე სწრაფად იცვლება. როგორ ფიქრობთ, რუსეთის გაკოტრება და ევროპაში ისტორიული ფანჯრის გაღება დაასწრებს თუ ჩვენს მოსახლეობაში ევროსტრუქტურების მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება?
- ეს რომ არ მოხდეს, მოსახლეობასთან სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ. არ ვიცი, ეს მიზანმიმართულად ხდება თუ არა, მაგრამ დიდი ხანია, დასავლური ღირებულებების დისკრედიტება მიდის. ხელისუფლება ყველა მტკივნეულ ცვლილებაზე ამბობს, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვსო. გლეხს, რომელსაც ,,06” ჰყავს და რაიონში ცხოვრობს, ვეუბნებით, შემომაქვს სავალდებულო, ფასიანი ტექნიკური დათვალიერება და მანქანა უნდა გააჩერო, რადგან ამას ასოცირების ხელშეკრულება ითხოვსო. ამის ნაცვლად, ადამიანს უნდა ავუხსნათ, რომ ჰყავს ავარიული მანქანა, რომელიც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის თავად მძღოლის სიცოცხლეს. ამ დროს, სწორი სტრატეგიული კომუნიკაციით, ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას მისივე პოლიტიკის მხარდამჭერად უნდა რაზმავდეს. თუ ამ საინფორმაციო ომის მოგება გვინდა, პირველ რიგში, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას და როგორ ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას.