„რეზონანსი“: ნატოს მაღალჩინოსანი: რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, “ჰიბრიდული ომი” დაიწყოს
„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „დღეს ვერავინ რუსეთთან ურთიერთობას ვერ დაალაგებს. ვინც ამ გზით წავა, ამერიკელები მას მოიშორებენ“
„ალია“: რისთვის ჩამოდის ლუკაშენკო საქართველოში?
——————
„რეზონანსი“, 05 თებერვალი, 2015 წელი
ნატოს მაღალჩინოსანი: რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, “ჰიბრიდული ომი” დაიწყოს
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთმა საქართველოში, შესაძლოა, “ჰიბრიდული ომის” ტაქტიკას მიმართოს, რასაც იყენებს უკრაინაში, სწორედ ამიტომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოსთან მიმართებით სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის გაფართოებას გეგმავს, რათა კრემლის პოლიტიკას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა “გაზეტა.რუ”.
“უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატოში შიშობენ, რომ შემდეგი სამხედრო დარტყმის სამიზნე საქართველო იქნება”, – იუწყება გამოცემა ნატოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. ნატოს წარმომადგენელთა აზრით, უკრაინული სცენარი საქართველოსთან მიმართებაში ასეთია – ოკუპირებულმა აფხაზეთმა ან ცხინვალის რეგიონმა, შესაძლოა, საქართველოზე თავდასხმა დაიწყოს, რუსეთი კი მათ არა პირდაპირ, არამედ ისე დაეხმარება, როგორც პრორუს სეპარატისტებს უკრაინაში. ქართველ ექსპერტებს “ჰიბრიდული ომის” საფრთხე და მოვლენების მსგავსი ფორმით განვითარება ნაკლებად სავარაუდოდ ეჩვენებათ, თუმცა აცხადებენ, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.
ომისთვის რუსეთს შეუძლია ნებისმიერი მიზეზი გამოძებნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის დიდი საფრთხე არ არსებობს, რადგან უკრაინის პრობლემა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენად, ნაკლებად დასაშვები მგონია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ეს გამოიყენოს. რუსეთი ასეთ ნაბიჯზე ჯერჯერობით არ წავა, სანამ უკრაინის პრობლემა არ დამთავრდება, მანამ რუსეთი არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც პირდაპირ ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მაგრამ პროვოკაციის საფრთხე მუდმივად იარსებებს, სანამ ეს ოკუპირებული ტერიტორიები იქნება”, – ამბობს სამხედრო ექსპერტი თემურ ჩაჩანიძე.
“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მხრიდან რაიმე საბრძოლო ოპერაციების დაწყება არარეალურია, თუმცა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ მათი სახელით რუსეთმა დაიწყოს რაიმე, როგორც ეს უკრაინაში ხდება და დაარქვას სახელი, რომ ამას აფხაზები ან ოსები აკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა ჩვენთან 2008 წელს, რაც ხდება დღეს უკრაინაში და რა პოზიციაც აქვს დასავლეთს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულია რუსეთის საოკუპაციო ჯარი და საკმაოდ დიდი რაოდენობის შეიარაღებაა თავმოყრილი, შეიძლება იქ დაიწყოს რაიმე სამხედრო პროვოკაცია, რომელიც შემდგომ გაძლიერდება, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ვერ აკონტროლებს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებს”, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.
„ესაა იგივე, რაც ხდება უკრაინაში – კიევი თავის აღმოსავლკეთ საზღვრებს ვერ აკონტროლებს, რუსეთს კი დონბასში იარაღი შეაქვს. იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოსთან მიმართებით – გინდაც ფსოუდან, გინდაც როკის გვირაბიდან… როცა ასეთი საშიში მეზობელი გვყავს, გამორიცხული არაფერია’, – აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში რუსული აგრესიის მაპროვოცირებელი შეიძლება ვაზიანის სამხედრო ბაზა აღმჩნდეს, სადაც, სავარაუდოდ, ნატოს საწრთვნელი ბაზა უნდა განთავსდეს და საფრთხის პრევენციის მიზნით, მოლაპარაკების დაწყება აუცილებელია.
„გამორიცხული არაფერია, მაგრამ რას მოიგებს ამით აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი? თუ რუსეთის აგენტის როლს ასრულებენ, მაშინ სხვა საკითხია. უკრაინაში რუსეთს სტრატეგიული ინტერესი აქვს, მაგრამ საქართველო, არ მგონია, მისთვის ასეთივე საფრთხეს წარმოადგენდეს. ერთადერთი, რამაც შეიძლება მაპროვოცირებელი როლი შეასრულოს, ეს ვაზიანის საწვრთნელი ბაზაა, რომელიც რუსეთის თვალში უკვე სამხედრო ბაზაა. მაგრამ მაშინ, როცა რუსეთს უკრაინაში ამდენი სატკივარი აქვს, კიდევ ასეთი წამგებიანი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ ძნელი სავარაუდოა”, – დასძენს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
„ამის პრევენცია კი რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაა. მე ყოველთვის ამის მომხრე ვარ, რადგან უიმედო მოლაპარაკებებსაც კი თავის ეშხი აქვს და ინფორმაციის წყაროა – თუ ჭკუა და ანალიზის უნარი აქვს, მიხვდები მის გეგმას“- განაცხადა ცინცაძემ. მისივე თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ვერსად გავექცევით, მაგრამ ცინცაძე მიიჩნევს, რომ ეს მოლაპარაკებები ბერუჩაშვილისა და ფანჯიკიძის დონის დიპლომატებმა არ უნდა აწარმოონ.
„ვერსად გავექცევით დღეს თუ ხვალ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას. შეიძლება ეს არაფრით დამთავრდეს, მაგრამ მაინც იქცევა ინფორმაციის წყაროდ, მაგრამ გააჩნია, ვინ დაიწყებს მას – თუ მოლაპარაკება ბერუჩაშვილისა და ფანჯიკიძის დონის დიპლომატებმა აწარმოეს, ამას ჯობია საერთოდ არ დაიწყოს“ – განაცხადა ცინცაძემ.
„ალია“, 5 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „დღეს ვერავინ რუსეთთან ურთიერთობას ვერ დაალაგებს. ვინც ამ გზით წავა, ამერიკელები მას მოიშორებენ“
ვრცელ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვალერი გელბახიანი ჟურნალისტ ნინო სამხარაძესთან საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს:
- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, შეძლებს ხელისუფლება „დამკაში“ გასვლას?
- მე მგონი, არ დააცლიან. მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რუსეთის საფრთხე იმდენად დიდია მსოფლიოსთვის, რომ საქართველო დარჩება ანტირუსულ სეგმენტად კავკასიაში, ან განადგურდება ყველა ის პოლიტიკური ძალა, ვინც ამას მოისურვებს, რომ რუსეთთან სიტუაცია დაალაგოს. რუსეთთან სიტუაციის დალაგება არის შეუძლებელი, ბატონმა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დალაგდეს. ეს ნიშნავს, რომ მას არა აქვს სრული ინფორმაცია, რადგან დღეს ვერავინ რუსეთთან ურთიერთობას ვერ დაალაგებს. ვინც ამ გზით წავა, ამერიკელები მას მოიშორებენ.
- და, თქვენი ინფორმაციით, რა იგეგმება?
- ჩემი ინფორმაციით, იგეგმება, საქართველო გახდეს კვლავ ანტირუსული აგრესიის ცენტრი და მიებას უკრაინის პროცესებს. ამისთვის საჭიროა პრორუსული ძალების მოსპობა საქართველოში და ანტირუსული ძალების წინა პლანზე წამოწევა. ამერიკელები არ დააბრუნებენ ძველ პოლიტიკურ ძალებს ახალი მანტიით, მაგრამ ხელს შეუწყობენ იმას, რომ ძველისა და ახლის გაერთიანება მოხდეს. მაგალითად, “რესპუბლიკელების”, “ნაცმოძრაობისა” და ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატების”, მათი გაერთიანებისკენ ყველა ნაბიჯია გადადგმული.
- მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე აშშ-ს ელჩმა ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვა, რომ ნატოს ბაზების განთავსების საკითხი დაეჩქარებინათ. ასევე, მისი მოთხოვნა იყო, რომ “რუსთავი 2”-ის მიმართ ხელისუფლებას რადიკალიზმი შეეწყვიტა…
- რასაც ბრძანებთ, გეთანხმებით, იგივე ინფორმაცია მაქვს. არ მინდოდა ამის თქმა, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ, რადგან ჩვენი საუბარი ასე წარიმართა, გეტყვით, ამერიკელები თვლიან, რომ საქართველოში არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მთავარი საკითხი, რასაც ისინი კულისებში საუბრობენ, არის სწორედ ეს საკითხი, რომ ფორმალური კონსტიტუციური თვალსაზრისით ხელისუფლება, რომელიც არის წარმოდგენილი, ის არ არის რეალური ხელისუფლება, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში მკვიდრდება არაკონსტიტუციური ხელისუფლების ნიშნები, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ სამყაროში. ვინ იგულისხმება კულუარულ მმართველად, ადრესატებმა გაარკვიონ.
(…)
- ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეზიდენტი, რომელიც ჰარმონიზებული არ არის არც პარლამენტთან, არც პრემიერ-თან და არც ყოფილ პრემიერთან და შენ ამ პრეზიდენტის იმედი თუ გაქვს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მხარს დაგიჭერს, მინდა გითხრა, რომ ტყუილად გაქვს მისი იმედი, შენ რომ გაინაწყენე ეს პრეზიდენტი, ამერიკელები მივიდნენ და უთხრეს, რომ ჩვენ ვართ შენი გარანტი, ნურავის ნუ ეწყინება და მარგველაშვილი ამერიკელების ჯიბეშია. როგორც კი მარგველაშვილი კონფლიქტში მოვიდა რეალურ მმართველთან, საფარველი მიიღო ამერიკელებისგან და მას უთხრეს, რომ შენ ხარ დაცული, ჩვენი ქოლგის ქვეშ დგახარ, ახლა იმან იკითხოს. თუ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება პარლამენტის თავმჯდომარე, გამოდის, რომ ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებინებენ, პარლამენტის თვითლიკვიდაციაც კი ვერ მოხდება.
„ალია“, 5 თებერვალი, 2015 წელი
რისთვის ჩამოდის ლუკაშენკო საქართველოში?
გელა ზედელაშვილი
უკვე დაზუსტებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის პირველი მოკავშირე, ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აპრილში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ეს არის ჩვენს ქვეყანაში მისი პირველი ვიზიტი. ბელორუსული პრესა უკვე სვამს კითხვას: რას ჩაუტანს ლუკაშენკო თანამემამულეებს თბილისიდან? მათ იმედი აქვთ, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას მიაწვდიან და უფრო გააფართოებენ ბაზარს.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი რომან იაკოვლევსკი ვარაუდობს, რომ ბელორუსის პრეზიდენტი მოსკოვისა და თბილისის შერიგებას შეეცდება. თუმცა დასძენს, ჯერჯერობით უცნობია, ქართველებს სურთ თუ არა ლუკაშენკოს შუამავლობა რუსეთთანო. ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყებაში ამ ვიზიტთან დაკავშირებით ინტენსიური მზადება უკვე მიმდინარეობს. მართალია, თარიღი დაზუსტებული არ გახლავთ, მაგრამ, სავარაუდოდ, 9 აპრილს დაემთხვევა.
ახლა კი დროა, ჩვენც დავსვათ კითხვა: რას ჩამოგვიტანს ლუკაშენკო ბელორუსიდან ქართველებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ტრაქტორებს იაფად, ფართოდ გაგვიხსნის ბაზარს, თუ შემოგვთავაზებს შუამავლობას რუსეთთან? სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდეთ, ბარემ ისიც ვიკითხოთ, რა ვიცით ლუკაშენკოს შესახებ, გარდა იმისა, რომ არაორდინარულია და მას ევროპის უკანასკნელი დიქტატორსაც კი უწოდებენ? ბევრი არაფერი, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის და მიხეილ სააკაშვილი მეგობრობდნენსავით, მათ შორის დიდი მისვლა-მოსვლა არ ყოფილა, მაგრამ თუ სადმე ერთმანეთს გადაეყრებოდნენ, მაინც „ფლირტაობდნენ“. ბელორუსის პრეზიდენტი მიშას მას შემდეგ დაუძმაკაცდა, რაც რუსულ ტელეარხებზე მისი კორუფციული საქმიანობის შესახებ ფილმები „ნათლიმამა“ და „ნათლიმამა 2“გავიდა და იქ სააკაშვილიც მოხვდა.
ევროპის ბევრ ქვეყანაში ლუკაშენკო პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. როგორ ფიქრობთ, ასეთი ადამიანის სტუმრობა გვაწყობს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა გულში მჯიღს ვიცემთ და ევროპულ ორიენტაციაზე ვფიცულობთ? როგორ გგონიათ, ჩვენი ევროპელი მეგობრები ამ ყველაფერს ალმაცერად არ შეხედავენ? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლუკაშენკო „კალოშებით“ დადის, ძალიან ცდება, თავისი ქონებით ჯიბეში ჩაისვამს თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი… მისი პირადი ქონება 12 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. როგორც სხვადასხვა რუსულ საიტებზე იწერებოდა, ეს არის შემოსავლები იარაღის ბიზნესიდან, რუსული ნავთობიდან და ევროპული საქონლის რუსეთში ექსპორტიდან.
და მაინც, რისთვის ჩამოდის საქართველოში ლუკაშენკო, ეს მისი ინიციატივაა თუ ვლადიმერ პუტინის დავალებით მოქმედებს?
ალბათ, გახსოვთ, რუსეთის პრეზიდენტმა ორჯერ განაცხადა, მზად ვარ, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შევხვდეო. ამის შემდეგ თბილისშიც დაიწყო ფუსფუსი, მაგრამ ამაზე დღეს აღარავინ საუბრობს, თითქოს ყველას დაავიწყდა.
როგორც პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ჩვენ ეს ვერსია უფრო უნდა განვიხილოთ, ვიდრე ის, რომ ლუკაშენკო დამოუკიდებლად მოქმედებს: „კი, დღეს ათასნაირი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მას პუტინთან უთანხმოება აქვს, რაღაცებში არ ეთანხმება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შუამავლობაზე დასთანხმდებოდა. აქ მას შეუძლია, ბევრი რამ თავის სასარგებლოდაც გამოიყენოს, ანუ დასავლეთს აჩვენოს, რომ ისეთი მეგობრებიც ჰყავს, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არ არიან. საქართველოს ბელორუსთან ეკონომიკური ურთიერთობა აქვს და ძალიან კარგი იქნება, თუ ამ მხრივაც გადაიდგმება ნაბიჯები“.
ვლადიმერ პუტინი ვერ იტანს წინააღმდეგობას, ვერ იტანს ნებისმიერ საკითხზე უარის თქმას. როდესაც მან პირველი „მესიჯები“ გამოუშვა, ალბათ, ეგონა, ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები სიმაღლის მიხედვით დაერჭობოდნენ მოსკოვში, მაგრამ ასე არ მოხდა.
კახა გოგოლაშვილის აზრით, არ არის გამორიცხული, პუტინმა ლუკაშენკოს სთხოვა, გარკვეული პირობები წამოუყენოს ჩვენს ხელისუფლებას. რომ არა უკრაინის პრობლემა, რუსეთი ამ უარსა და გულგრილობას აქამდეც გვანანებდა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ახლა ისეა ჩვენი საქმე:
„ამ ეტაპზე რუსეთს უჭირს საქართველოსთან რაღაც გარიგებებზე ლაპარაკი, ისეთ გარიგებებზე, რაც დასავლეთის საწინააღმდეგო იქნება. ჩემი აზრით, პუტინს აქვს რაღაც ფარული შეთავაზებები, შეიძლება ეს იყოს მუქარანარევი შეთავაზებებიც, ნუ გამოვრიცხავთ კონსტრუქციულ შეთავაზებებსაც. თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო, მაშინ ეს დარჩება ბელორუსის დონეზე, თუ მიიღო და ღირს გახმაურებად, მაშინ წინა პლანზე გამოვა რუსეთი. ამ შემთხვევაში პუტინს არც თავმოყვარეობა შეელახება და არც იმიჯი“.
რა ფარული წინადადებები ან შემოთავაზებები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ხელისუფლებას? რა ხეირს ვნახავთ ჩვენ რუსეთთან დაახლოებაში, გარდა იმისა, რომ უფრო ფართოდ გაგვიხსნიან ბაზრის კარს? მართალია, პუტინმა ცოტა ხნის წინ ისიც თქვა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით შეუძლებელი არაფერიაო, მაგრამ საეჭვოა, ამ ეტაპზე ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
როგორც გოგოლაშვილი ამბობს, პუტინი დღეს პრესტიჟზე უფრო ზრუნავს და ამიტომ ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად მაინც დაიახლოოს. რა უნდა გააკეთოს ამ დროს ჩვენმა ხელისუფლებამ? ალბათ, მანამდე არაფერი, სანამ ლუკაშენკო არ ჩამოვა და არ იტყვის, რა დააბარა ვოვა ბიძიამ.