globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 5th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობა: “ეს იმ პოლიტიკურ ძალას შეიძლება აწყობდეს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული”

რეზონანსი: ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: “კოალიციიდან გასული ძალები ბარიერს ვერ ლახავენ”

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ომი, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიდეს»

რეზონანსი: ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ყარაბაღის კონფლიქტში მედიატორები ვერ ვიქნებით“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება კავკასიის ტერიტორიაზე გადმოვიდა… საქართველომ კავკასიის სამშვიდობო ლეგიონის შექმნაზე უნდა იზრუნოს”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „მყიფე უმრავლესობით მთავრობის ფუნქციონირება რთულია”

„ახალი თაობა“: სამივლინებო ხარჯებით თბილისის მერია საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეწია

რეზონანსი: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოფშორული ბიზნესი // “ჩვენს კანონმდებლობაში სანქციები გათვალისწინებული არ არის”

რეზონანსი: საწარმოები გაჩერდა, ნახევარი თხილი გაუყიდავი დარჩა // პრობლემა განსაკუთრებით თურქული ინვესტიციებით შექმნილ ქარხნებს აქვთ

რეზონანსი: ღარიბების რაოდენობა ქაღალდზე შემცირდა, რეალურად – არა // ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფო დახმარებას 23%-ით ნაკლები ადამიანი იღებს

————————-

რეზონანსი”, 05 აპრილი, 2016 წელი

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობა: ეს პოლიტიკურ ძალას შეიძლება აწყობდეს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული

სალომე სარიშვილი

“თეორიულად დასაშვები, თუმცა ნაკლებად სავარაუდო”, – ამგვარია ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასება შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სპექტრს აწყობს, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიის არანაირი იმედი არ აქვს ან სულაც, ქვეყნის იმიჯის დაზიანება სურს.

მიუხედავად ამგვარი შეფასებისა, ისინი ამ მოსაზრებას თეორიულად მაინც დასაშვებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების აბსოლუტურად გამორიცხვა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ამა წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კოალიცია “ქართული ოცნება”, პრაქტიკულად, მას შემდეგ დაიშალა, რაც ალიანსში გაერთიანებულმა რამდენიმე პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, “რესპუბლიკურმა” პარტიამ და “ეროვნულმა ფორუმმა”, არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

კოალიციაში ჯერჯერობით კვლავ რჩება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე არც ისინი მისულან.

ანალისტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და მითუმეტეს მაშინ, როცა საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არავის ინტერესში არ შედის. მისი აზრით, მოვლენების ამგვარად განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არც გამორიცხვა შეიძლება.

“ამ მოსაზრებას ნაკლებად სავარაუდოდ მივიჩნევ, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არავის ინტერესში ჩვენს შემთხვევაში არ შედის. მითუმეტეს, რომ უკვე წინასაარჩევნო ზონაში ვართ შესულნი, ასე ვთქვათ, 6 თვიან ზონაში. ასეთ გარემოებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნაკლებად სავარაუდოა. რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარება მაინც ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. ისედაც საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, დრო სწრაფად გარბის და საამისოდ ბევრი დრო არაა დარჩენილი”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ეს ინიციატივა მხოლოდ იმ სუბიექტების ინტერესში შეიძლება შედიოდეს, ვისაც ჩვეულებრივი კამპანიით არაფრის იმედი აქვს და უბრალოდ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას იფიქრებს.

“არ მგონია, ეს სცენარი ვინმეს აწყობდეს, რადგან საარჩევნოდ თავად “ოცნებაც” არაა მზად. ისინი ახლა რაღაც რეორგანიზაციაზე ფიქრობენ და ჩემი აზრით, დიდი მოსამზადებელი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. ამდენად, დალაგებული და დაწყობილი ყველაფერი მათაც არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, ძირითად მოთამაშეებში ასეთ ძალას ვერ ვხედავ, თუმცა, საქართველოში აბსოლუტურად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, – დასძენს ექსპერტი.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობის შექმნა ჩვენი პოლიტიკოსებისგან უგუნური საქციელი იქნებოდა. მისი აზრით, ამ მოსაზრების სისრულეში მოყვანა ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.

“არჩევნებამდე ნახევარი წელია დარჩენილი, ვადამდელ არჩევნებსაც სჭირდება გარკვეული სამუშაოები, ამიტომაც მივიჩნევ, რომ ეს არავისთვის საინტერესო არ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში საქართველო საგარეო ასპარეზზე არასტაბილურ ქვეყნად გამოჩნდება, სადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა დგება. ეს პროცესი შესაძლოა მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ძალასა და სპექტრს აწყობდეს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. რა თქმა უნდა, ამით არაფერი არ ინგრევა, თუმცა, გარკვეული უხარხულობების რიგი იმატებს, რადგან სახელმწიფო სექტორი ვალდებული ხდება დაჩქარებულ რეჟიმში უზრუნველყოს არჩევნები. ეს შეიძლება ყოფილ მმართველ ძალას აწყობდეს ან ისეთი ტიპის ძალებს, რომელთაც საქართველოს ცუდად გამოჩენა სურთ”, – ამბობს არჩილ გამზარდია და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება თეორიულად მაინც დასაშვებია.

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს თეორიული შანსი პრაქტიკაში არ განხორციელდება. ვერ ვიტყვი, რომ ამის გამორიცხვა აბსოლუტურად შეიძლება, რადგან ჩვენი პოლიტიკოსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ, რაკიღა ამის თეორიული შანსი არსებობს, აბსოლუტურად გამორიცხვა შეუძლებელია”, – უთხრა “რეზონანსს” არჩილ გამზარდიამ.

რეზონანსი”, 05 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: “კოალიციიდან გასული ძალები ბარიერს ვერ ლახავენ”

თიკო ოსმანოვა

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო პროექტის” დამფუძნებლის, ფსიქოლოგ ზურაბ ბიგვავას აზრით, “ქართული ოცნების” გარდა, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არა აქვთ. კოალიციის დაშლის შედეგებზე და საზოგადოების განწყობაზე “რეზონანსი” ზურა ბიგვავას ესაუბრა.

„კოალიციის დაშლით პარტია “ქართული ოცნება” ამომრჩეველს არ დაკარგავს, პირიქით, შეიძლება მოემატოს კიდეც ის მხარდამჭერები, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაკარგა“, – ამბობს ზურაბ ბიგვავა.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- არსებობენ ადამიანები, რომელთაც კოალიციის ზოგიერთი წევრების, პარტიების ქმედებები და გამონათქვამები არ მოსწონდათ. ასეთები საკმაოდ ბევრნი იყვნენ. ეს არ არის პატარა რიცხვი, რომელიც “ოცნებამ” მხარდამჭერებიდან დაკარგა. თუმცა ის დაპირებები, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” ასოცირდება და ამის შეუსრულებლობის გამო ამომრჩეველი დაკარგა, დიდი ალბათობით, ისევ მოუბრუნდება.

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ნიშნები ხომ არ იკვეთება? ამ საკითხზე კულუარებში კვლავ ალაპარაკდნენ…

- არარეალურია. სულ რაღაც 6-7 თვე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. მაშინ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, ახლა კი მსგავსი არაფერი ხდება. რეალურად ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა. სიტუაცია დალაგებულია და ღმერთმა ქნას, ასე მივიდეთ არჩევნებამდე და მერე გადაწყდება, ვის დაუჭერენ მხარს.

- თვითმმართველ ერთეულებში “ოცნება” უმრავლესობას კარგავს და ეს არ ქმნის არასტაბილურ გარემოს?

- არა მგონია, რომ არასტაბილური ვითარება შეიქმნას, “რესპუბლიკელები” თანამშრომლობენ უმრავლესობასთან. ისინი აცხადებენ, რომ არასტაბილურ ვითარებას ხელს არ შეუწყობენ.

- თუმცა “ეროვნულმა ფორუმმა” დატოვა უმრავლესობის რიგები…

- მერე რა, რომ დატოვა, “ეროვნული ფორუმის” შესაძლო ზემოქმედება საზოგადოებაზე არ არის ისეთი დიდი, რომ მან შეცვალოს დისკუსია.

- ანუ სახელისუფლებო კრიზისი არ იქნება?

- დარწმუნებული ვარ, რომ სიმშვიდე იქნება. 7 თვეში არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აგერ ყარაბაღში კრიზისი დაიწყო და როგორ განვითარდება მოვლენები, ან საქართველოს რანაირად ჩაითრევენ, ესეც გასარკვევია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გამორიცხული არაფერია. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა და კრიზისი მოსალოდნელი არ არის. არ არსებობს პოლიტიკური თემა, რომელსაც აღშფოთების დიდი პოტენციალი ჰქონდეს.

- კოალიციიდან გამოსულ სუბიექტებს რა შანსები აქვთ, როგორ გამოიყურება მათი რეიტინგები?

- ყველა გამოკვლევის მიხედვით, რაც ჩემთვის ცნობილია, მოცემულ მომენტში ისინი ვერ ლახავენ ბარიერს. მათი რეიტინგი არ არის დიდი. მაგრამ წინასაარჩევნოდ გააქტიურდებიან, ეს პარტიები შეეცდებიან მხარდამჭერების მოპოვებას და ვნახოთ, რა იქნება. არ ვიცი, ვინ როგორ იაქტიურებს და რას შესთავაზებს საზოგადოებას. არის რაღაც 2-3 ათეული პროცენტი, რომელიც არ არის ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული, ვის მისცემს ხმას. ეს პროცენტები გადანაწილდება და გააჩნია ვინ წაიღებს. ასე რომ, შეიძლება ზოგიერთი ვიხილოთ პარლამენტში.

- მთავარ ოპოზიციურ ძალად “ნაციონალური მოძრაობა” მოიაზრება, მოსალოდნელია თუ არა მისი ჩანაცვლება?

- არაფერი არ არის გამორიცხული. გააჩნია როგორი შეთანხმებები მოხდება, რა კოალიციები შეიქმნება. თუმცა, როგორ დალაგდება ეს სიტუაცია, ამის პროგნოზი ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო რამდენიმე თვე, სადაც უნდა გამოჩნდეს, ვის რისი უნარი და შნო აქვს, რას სთავაზობს საზოგადოებას. ამის მერე გამოჩნდება, ვინმე გადაუსწრებს “ნაციონალურ მოძრაობას” თუ არა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით “ნაციონალებს” ორჯერ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე “ქართულ ოცნებას”. იმისდა მიუხედავად, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმია.

- თავისუფალ დემოკრატებს” რა შანსები აქვთ?

- “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ რაღაც შანსი. ზღვართან ახლოს არიან. თუ დავუშვებთ რაღაც ცდომილებას, შეიძლება ითქვას, რომ ალასანიას პარტიას ზღვარი გადალახული აქვს. მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან ბევრი რამე მედიაზეა დამოკიდებული.

რეზონანსი”, 05 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ომი, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოვიდეს»

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას ლოკალურ ომად აფასებს და ამბობს, რომ მალე, სავარაუდოდ, იგი “ლიმიტირებულ” ომში გადაიზრდება. არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში საქართველოც იქნეს ჩართული და ჩვენი ქვეყნის ტერიტორია სხვადასხვა მხარემ თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს. მათ შორის კორიდორად, ან ბაზების განსათავსებლად.

(…)

- როგორი შეიძლება იყოს ამ ყველაფერში საქართველოს ჩართულობა, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე?

- არ არის გამორიცხული, მთიან ყარაბაღში რუსეთმა სამხედრო ნაწილები სამშვიდობო კონტინგენტის სახით შეიყვანოს და იქ თავისი სამხედრო გავლენა დაამკვიდროს. სავარაუდოდ, ამისთვის ჩავიდნენ ბაქოში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ამით რუსეთი შეეცდება გაზარდოს თავისი სამხედრო გავლენა მთლიანად კავკასიის რეგიონზე.

სამშვიდობოების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას კი, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ე.წ. “მეოთხე ბაზა” განახორციელებს. მხარეები ცდილობენ, მოწინააღმდეგეს მეტი ტერიტორია წაართვან, რადგან თუკი სამშვიდობო ოპერაცია განხორციელდა, მათ ეს ტერიტორიები შეუნარჩუნდებათ და მოგებული დარჩებიან. აზერბაიჯანმა მცირე ტერიტორიის დაბრუნების ხარჯზეც რომ დაუშვას სამშვიდობო ოპერაცია, ალიევს ესეც კი აწყობს, რადგან ეს მისთვის დიდი პოლიტიკური ბონუსი იქნება. თუკი ეს ყველაფერი “ლიმიტირებულ ომში” გადაიზარდა, ეს საქართველოსკენ ლტოლვილთა ნაკადის წამოსვლას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ფრონტალური ბრძოლები მთელ პერიმეტრზე დაიწყება.

ამჟამად ბრძოლები მხოლოდ 2-3 ადგილას მიდის – ყარაბაღის ჩრდილოეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში. თუ იგი მთლიან ზოლზე გადავა, ეს უკვე სახელმწიფოთაშორისი ლიმიტირებული ომი იქნება და საქართველოსკენ ლტოლვილთა ნაკადს დაძრავს. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება სამხედრო კონფლიქტიც გადმოვიდეს. ამის ნიშნები უკვე არსებობს. ასევე, გვინდა თუ არა, საქართველო დივერსიული ჯგუფების სამიზნე შეიძლება გახდეს. ამან შეიძლება კატასტროფული სახე მიიღოს. ის დივერსანტები, რომლებიც 1994 წლამდე სომხეთსა და აზერბაიჯანში იყვნენ, ახლა კარგად შეიარაღებულ, სპეცდანიშნულების რაზმებად იქცნენ და შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე აფეთქებებიც განახორციელონ, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე დიდ გავლენას იქონიებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეები შეეცდებიან საქართველოში ეთნიკური თემები გამოიყენონ. ეს პროცესი, სამწუხაროდ, უკვე დაიწყო და გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თემის წარმომადგენლები ყარაბაღში მოხალისეებად წასვლას აპირებენ. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. კიდევ ერთი გამოწვევა კი ისაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთმაც და თურქეთმაც შესაძლოა თავისი ინტერესებისათვის გამოიყენონ და საქართველო სატრანზიტო კორიდორად აქციონ.

რეზონანსი”, 05 აპრილი, 2016 წელი

ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო?

ნინო ქეთელაური

(შემოკლებით)

როგორ ფიქრობთ, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გამო საფრთხე ემუქრება თუ არა საქართველოს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): “კავკასიაში ნებისმიერი ომის პროცესში დაემუქრება საქართველოს საფრთხე. მითუმეტეს, ეს არის სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ჩვენ წარმოვადგენთ. თუ ომი გართულდა, ეს აუცილებლად აისახება საქართველოს როგოც პოლიტიკურ, ისე დიპლომატიურ და სოციალურ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ომი შეწყდება, მაგრამ გამორიცხული არც ის არის, რომ უფრო ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს, სადაც გამოჩნდება, ერთი მხრივ, რუსეთი და, მეორე მხრივ, თურქეთი. მერე უკვე მხოლოდ აზრბაიჯანისა და სომხეთის ომი კი არა, ორი სხვა დიდი დაინტერესებული სახელმწიფოს ომი უფრო იქნება.”

ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): “ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. შესაძლოა, ეს პირდაპირი საფრთხე არ იყოს, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ გარკვეული გართულებები ამას საქართველოშიც მოჰყვება. რამხელა და რა მასშტაბის იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია და ხელისუფლებამ წინასწარ უნდა გათვალოს. ამ კონფლიქტის იგნორირება არაფრით შეიძლება.”

მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): “თუ ეს კონფლიქტი არ ჩაცხრა და დიპლომატიური მოლაპარაკების გზით არ მოგვარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს საფრთხე ემუქრება.”

ირმა სოხაძე  (მომღერალი): “რა თქმა უნდა, თეორიული საფრთხე არსებობს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ სახელმწიფოები, სომხეთი და ზერბაიჯანი არ მყავს მხედველობაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსეთი და თურქეთი სერიოზულად ჩაერთოს კონფლიქტში.”

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “მე მგონია, რომ ღმერთი დაგვიფარავს ამ საფრთხისგან. თორემ, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში სიტუაციაა ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანელები და სომხები ჩვენს ტერიტორიაზეც ცხოვრობენ და კონფლიქტს რომ თავი დავანებოთ, აქაც შეიძლება რამე გამოხმაურება მოჰყვეს. ღმერთმა ქნას, რომ ასე არ მოხდეს და ფართომასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდოს.”

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ყარაბაღის კონფლიქტში მედიატორები ვერ ვიქნებით

„ახალი თაობა“ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, როგორია თქვენი შეფასებები? ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რამდენად არის საფრთხე, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაზეც აისახოს?

- ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალირება გვაშფოთებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს, სხვადასხვა სცენარების ანალიზსაც ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის როლი დავინახოთ, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ წარმოქმნილი გამოწვევები თუ საფრთხეები კარგად გავაანალიზოთ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხდება სიტუაციის დეესკალაცია და დაუბრუნდება ჩვენი რეგიონი სტაბილურ მოცემულობას.

- რა სცენარზეა საუბარი და რა როლი ეკისრება ჩვენს ქვეყანას?

- არ მგონია, სწორი იყოს, რომ ჩვენ ამაზე ღიად ვისაუბროთ. მე უბრალოდ მოსახლეობის გასაგონად ვამბობ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეკრებილნი იყვნენ ძალოვანი უწყებების, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები. ჩვენ ვიმსჯელეთ შექმნილ სიტუაციაზე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს ამ დროს ქვეყნის მთავრობა.

- და რას აკეთებს?

- მე ამ თემაზე პოლიტიკოსების განცხადებაც მოვისმინე. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, ვართ კავშირზე როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, იმისთვის, რომ ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს. დიდი ყურადღებით მივყვებით პროცესებს და ჩვენს სამომავლო გეგმებზეც ვფიქრობთ.

- თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მედიატორის როლი უნდა იკისროს ქართულმა მხარემ. ამაზე რას ფიქრობთ?

- ასეთი ფორმით არ არის ეს ნათქვამი. ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. თუ სურვილი ექნებათ მხარეებს, ჩვენ მზად ვართ, თბილისი დავუთმოთ მათ იმისთვის, რომ ერთმანეთს დაელაპარაკონ. აქ საუბარია მხოლოდ შესაძლებლობაზე და არა იმაზე, რომ ჩვენ მედიატორის როლი უნდა ვიკისროთ.

- აქ საუბარია იმაზე, თუკი მხარეებს ამის სურვილი ექნებათ?

- რასაკვირველია. თუკი მათ სურვილი ექნებათ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არაერთხელ ყოფილა, რომ საქართველოში ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები შეხვედრილან და უსაუბრიათ. ასე რომ, ამ მწვავე ვითარებაში, როგორც ორივე მეზობლის კეთილმოსურნეს, ბუნებრივი ამბავია, რომ შესთავაზო ეს შესაძლებლობა. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენ მედიატორის როლი უნდა ვიკისროთ.

- ვინ უნდა იკისროს მედიატორის როლი?

- აქ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს, ეს უფრო მეტი გარანტია იქნებოდა. ჩვენი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

- დღევანდელი მონაცემებით, მხარეები კომპრომისზე არ მიდიან, რამდენად იქნება შესაძლებელი სიტუაციის დასტაბილურება?

- საზოგადოებამ ნახა, რომ შაბათ-კვირა დაემთხვა სიტუაციის ესკალირებას, ორშაბათიდან საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად აკვირდება პროცესებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მონაწილეობა უფრო გააქტიურდება. ასევე ვხედავთ, რომ დაინტერესებული მხარეები უკვე არიან კავშირზე. როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეების შეხვედრა ვენაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია დეესკალაციისკენ წავა.

- რატომ მოხდა მაინცდამაინც ამ პერიოდში სიტუაციის გამწვავება? საუბარია, რომ ეს არ არის მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის ომი, რომ აქ რუსეთისა და თურქეთის ინტერესები იკვეთება. ასეა?

- მე მინდა, რომ საზოგადოებამ, თქვენმა მკითხველმა, სწორად გამიგოს. ჩვენ ვართ ერთი რეგიონის მეზობლები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არასწორმა ანალიზმა შეიძლება ერთი ან მეორე მხარის გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს.

- აქედან გამომდინარე გაგიჭირდებათ ჩვენს კითხვაზე კომენტარი?

- ამიტომ ასეთი შეფასებებისგან და ჩემი ანალიზისგან თავს შევიკავებ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დეესკალაცია მოხდეს, მშვიდობა იყოს, სტაბილურობა იყოს და მზად ვართ კიდეც, თუ მხარეები საჭიროდ ჩათვლიან, ამ პროცესში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. დანარჩენს უკვე მოვლენები გვაჩვენებს.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება კავკასიის ტერიტორიაზე გადმოვიდასაქართველომ კავკასიის სამშვიდობო ლეგიონის შექმნაზე უნდა იზრუნოს”

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტით, რა პროექტების ჩაშლას აპირებს რუსეთი, რატომ არის აუცილებელი ცვლილებები ქართულ არმიაში? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

„ის, რაც დღეს ყარაბაღში ხდება, მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვამბობდით, მათ შორის თქვენი გაზეთის საშუალებითაც, რომ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი სირიიდან კავკასიაში გადმოინაცვლებდა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა და ყველანი გაყინული კონფლიქტის განახლების მომსწრენი გავხდით. ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ სომხეთი რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს. ამ კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე, ბაქოში ილხამ ალიევთან შესახვედრად ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. მისი ვიზიტის შემდეგ ალიევი ჯერ ევროპაში წავიდა, შემდეგ კი – ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი აზრით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ ნაბიჯებმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია და მივიღეთ ის სურათი, რაც დღეს გვაქვს”,  ამბობს ზაალ კასრელიშვილი.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის ჩარევით და აზერბაიჯანის დასასჯელად განახლდა?

- შესაძლოა, მთლად ასე არ არის და ჩვენ რაღაც გვეშლება, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვართ, რომ ყარაბაღის შეიარაღებული ძალები საკუთარი ინიციატივით ამდენს ვერ გაბედავდნენ. ისინი, სავარაუდოდ, მოსკოვის მითითებით მოქმედებენ. აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახლა უკან ვეღარ დაიხევს. მის ინტერესებში ყარაბაღის მთელი ტერიტორია არ შედის. ბაქო ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიებს იბრუნებს. ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერევა და ამ კონფლიქტის გეოგრაფიული მასშტაბი არ გაიზრდება.

თავი და თავი ამ კონფლიქტისა არის ნავთობსადენი. აზერბაიჯანი ცეცხლის ალში თუ გაეხვევა, ბაქო-ჯეიჰანის პროექტი შეჩერდება. ასევე შეჩერდება გაზსადენის პროექტი, რომელმაც საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ამ გაზსადენის პროექტით, ევროპა შუა აზიიდან რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტის ჩაშლის შემთხვევაში ევროპა იძულებული იქნება, ისევ გაზპრომის გაზზე ჩამოეკიდოს. რუსეთს ეს მიზნები აქვს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს კონფლიქტი მოსკოვმა დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენოს. მან სირიის კონფლიქტით კარგად ივაჭრა და დასავლეთს თავი, როგორც საჭირო და შეძლებულმა პარტნიორმა, ისე აჩვენა.

- ნავთობსადენი ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის მონაკვეთი დაცულია დივერსიისაგან?

- ახლა არავინ და არაფერია დაცული. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისიც გავიხსენოთ, რომ რუსები ამ ნავთობსადენთან ძალიან ახლოს არიან.

- საქართველოში ცხოვრობენ როგორც სომხები, ასევე აზერბაიჯანელები. ყარაბაღის კონფლიქტის განახლება რაიმე ეთნიკურ კონფლიქტებს ხომ არ გამოიწვევს?

- არაფერი გამორიცხული არ არის. მე მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანზე არ გავამახვილებდი ყურადღებას. ჩვენი ქვეყანა არის კონფლიქტების რკალში. ჩრდილოეთ კავკასიაში პარტიზანული ომი მიდის და კიდევ უფრო გააქტიურდება ეს პროცესები. თურქეთში და აღმოსავლეთში რაც ხდება, ყველა კარგად ხედავთ. ჩვენ გარშემო ყველგან ცეცხლი ანთია და ომია. ყველა მათგანისთვის სასურველი დერეფანია ბაქო-ფოთი. ძალები, რომლებიც ამ კონფლიქტებში გაძლიერდებიან, შეეცდებიან, ეს დერეფანი გავლენის ქვეშ მოაქციონ. ამისთვის ისინი ყველა მეთოდს გამოიყენებენ.

- რა საშუალებები და მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული?

- ამის თქმა გამიჭირდება. ომში დაწინაურებული და გაძლიერებული ძალები მეთოდებს არ დაგიდევენ. მათთვის მთავარია შედეგზე გასვლა.

- საქართველოზე გავლენის მოხდენის ყველაზე მეტი შანსები ვის აქვს?

- შანსი ყველას აქვს. სამწუხაროდ, თითქმის ყველა ჩვენს მეზობელს აქვს საქართველოზე გავლენის მოსახდენად ბერკეტი.

- ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები რომ სხვებზე მოვახდინოთ გავლენა?

- საქართველოს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ხელისუფლება არ იყენებს ამას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონფლიქტებით გარშემორტყმულ ქვეყანას არ გააჩნია ეთნო-რეგიონალური პოლიტიკა. ასევე არ არსებობს კავკასიური პოლიტიკის კონცეფცია. საქართველოში არ არსებობს ერთიანი მექანიზმი, რომელიც ომამდე ან ომის დროს კავკასიელებთან შუამავლების გარეშე დიალოგის საშუალებას მოგვცემდა.

- არის თუ არა იმის ალბათობა, რომ კონფლიქტში ჩვენც აღმოვჩნდეთ ჩართულები?

- ამას ვერ გავექცევით. ეს კონფლიქტი რაღაცა ფორმით ჩვენ აუცილებლად შეგვეხება. მე არ ვიცი, ეს ეკონომიკური საკითხი იქნება თუ ფიზიკური გამოვლინება. ამ პროგნოზს მხოლოდ იმიტომ ვერ ვაკეთებთ, რომ არ ვიცით, სინამდვილეში რა უნდა რუსეთს. მათ შესაძლოა ეს კონფლიქტი სავაჭროდ გამოიყენონ, შესაძლოა, მასში მთლიანად ჩაერთონ. მოსკოვი ცდილობს, თურქეთთან კონფლიქტი რამენაირად კავკასიაში გადმოატაროს. ამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწია და ახლა არ გაჩერდება. კავკასიაში ფრონტის გახსნა მისთვის ორმაგად მომგებიანია.

- ორმაგად მომგებიანი რატომ?

- კონფლიქტი თუ კავკასიაში გადმოვა, რეგიონის ხელმძღვანელობებს დასავლეთისკენ ლტოლვის დრო და საშუალება აღარ ექნებათ და აღარც დასავლეთი მოინდომებს ჩვენთვის კარის გაღებას. მათ სირიელი ლტოლვილების გამო ისედაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ და კონფლიქტური რეგიონების ევროსტრუქტურებში მიღებას არ დააჩქარებენ. რუსეთი ცდილობს, ყველაფრიდან სარგებელი მიიღოს.

- ჩვენ რა უნდა ვქნათ, ვიდგეთ და ვუყუროთ?

- საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და ბაქოს და ერევანს შუამავლობა შესთავაზოს.

- საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამის შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს...

- ეს განცხადებები საკმარისი არ არის. მთავარია პოლიტიკური ნება. ეს საქართველოს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო საზოგადოებას ჩვენი შესაძლებლობები დავანახოთ. კავკასიის რეგიონში ნამდვილად შეგვიძლია ლიდერის ფუნქციის შესრულება. აუცილებლად უნდა ვიყოთ შუამავლები, თორემ ეს ომი შესაძლოა ჩვენთან მოვიდეს.

- ომისთვის უნდა ვემზადოთ?

- მსოფლიოში დაწყებულია ახალი გადანაწილების პროცესი. ამ დროს ჩვენ ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

- ომისთვისაც?

- ომისთვის სულ მუდამ მზად უნდა ვიყოთ. სხვა თუ არაფერი, მშვიდობა თუ გინდა, ომისთვისაც უნდა იყო მზად. უკვე დროა, ქართულ არმიასაც შეემატოს ახალი ელემენტები. საუბარია იმ ელემენტებზე, რომლებიც ქართულ არმიას გააძლიერებს და ეს იქნება როგორც ქართული, ასევე კავკასიური. ადრეც არაერთხელ ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ: დროა, საქართველომ კავკასიის სამშვიდობო ლეგიონის შექმნაზე იზრუნოს. ეს ბევრ საკითხს ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტს.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „მყიფე უმრავლესობით მთავრობის ფუნქციონირება რთულია”

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში მოვლენების განვითარების კონსტიტუციურ მოდელზე საუბრობს.

- ბატონო ლევან, ხელისუფლების წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ არ არის კატასტროფა, თუ საპარლამენტო უმრავლესობა საერთოდ არ იქნება ამ ეტაპზე.

- როგორც ჩანს, პოლიტიკაში მყოფი იურისტებისთვისაც არ არის სიტუაცია მკაფიო და მისი სიმძიმე კარგად დანახული. უმრავლესობა არ არის მყარი, მყიფეა და ამ პირობებში უწევს მთავრობას ფუნქციონირება. მთავრობას, რომელსაც არ ჰყავს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, არ შეუძლია ახალი ინიციატივების გატანა, რეფორმების გაგრძელება, საკანონმდებლო ინიციატივების წამოყენება და მიღება, არ შეუძლია, მისთვის მისაღები ფორმით წარმართოს საბიუჯეტო პროცესი და, რაც მთავარია, არ შეუძლია სტაბილური მართვა პოლიტიკური პოპულიზმის ელემენტების გარეშე.

- ამ შემთხვევაში დგება თუ არა მინისტრთა კაბინეტის ცვლილების ჩავარდნის საფრთხე, რამდენად შეიძლება ეს იქცეს სხვადასხვა პარტიებთან ვაჭრობის მიზეზად?

- ახალი მთავრობის ფორმირების საკითხის ირგვლივ, რასაც ღიად ვუყურებთ, ამას ვაჭრობა კი არა, რა შეიძლება ვუწოდოთ, არ ვიცი. რაც შეეხება კონსტიტუციურად როგორ ლაგდება პროცესი: თუკი მთავრობის 5 წევრი შეიცვალა, მაშინ პრემიერი ინარჩუნებს პოსტს და აყალიბებს ახალ მინისტრთა კაბინეტს, მაგრამ ასეთ დარჩენას, პოლიტიკურად სახლში წასვლა ჯობია.

- რატომ?

- მოქმედ პრემიერ კვირიკაშვილს თავისმა გუნდმა ადგილი მიუჩინა, როდესაც უთხრა, რომ რესპუბლიკელებთან ორპარტიულ სტრატეგიულ ფორმატში თანამშრომლობა არ იქნება. პრემიერს აგრძნობინეს, რომ ის ჯერ მხოლოდ წევრია პარტიის და არა – თავმჯდომარე. ამდენად, ის ან უნდა შეეგუოს მიჩენილ როლს, ან მიიღოს ის გადაწყვეტილება, როგორც პრემიერმა, რომელსაც თვითონ მიიჩნევს სწორად და ამით პოლიტიკური წონა შეიძინოს. როდესაც პროცესები გადადის პარლამენტში, იქ საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. როდესაც სახეზე არ არის 76 დეპუტატის მხარდაჭერა, მაშინ პრემიერის ნომინირების უფლება ეძლევა ორ მეხუთედს, ამდენად, საჭიროა, 60 დეპუტატის მიერ იყოს პრემიერობის კანდიდატი ინიცირებული. თუ ვერ მოიპოვა პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა, მაშინ წარმოიშობა სახელისუფლო კრიზისი.

- სახელისუფლო კრიზისის დროს რა ხდება?

- მაშინ პროცესში ერთვება ქვეყნის პრეზიდენტი და სწორედ პრეზიდენტმა უნდა გახსნას ეს კვანძი პარლამენტის დათხოვნითა და რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნით. მე-60 დღეს არჩევნები უნდა ჩატარდეს. მაშინაც კი, როდესაც პრემიერი რჩება პოსტზე, მაგრამ მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ინიშნება. ორივე სცენარის შემთხვევაში კვირიკაშვილი მინისტრებთან ერთად რჩება მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი პარლამენტი არ აირჩევა და ის არ მოახდენს ახალი მთავრობის ფორმირებას. მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების პროცესი თუ შემოვიდა დღის წესრიგში და თუ ის პარლამენტმა ჩააგდო, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება ანუ საარჩევნო კალენდარი მოკლდება და ეს იქნება არა შემოდგომა, არამედ ის დრო, როდესაც პრეზიდენტი დანიშნავს მას. ამ ვადის განმავლობაში კი ფუნქციონირებას ჩვეულებრივ აგრძელებს მოქმედი მთავრობა. თუმცა, ასპარეზზე აღარ იქნება პარლამენტი თავისი ვარსკვლავური შემადგენლობით.

- ალბათ, ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია…

- მთავრობის 5 წევრს, ასევე პრემიერს საკუთარი გადადგომით შეუძლიათ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა ქვეყანაში.

- პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში რა ხდება? ქანთარიამ უსუფაშვილის გადარჩევაზეც გააკეთა განცხადება...

- არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის, არამედ მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეების დანიშვნის შემთხვევაშიც საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერა.

- თუ უმრავლესობა ვერ გროვდება პარლამენტში?

- ცოტა ხნის წინ იყო იგივე სიტუაცია თავისუფალი დემოკრატების წევრ ზურაბ აბაშიძესთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ტოვებს ვიცე-სპიკერის თანამდებობას. მოვლენებიც ალბათ ისევე განვითარდება, როგორც მაშინ.

- პოლიტიკური კრიზისი რამდენად არის მოსალოდნელი?

- პოლიტიკური კრიზისი, გნებავთ ახალი პოლიტიკური რეალობა, უკვე სახეზეა, მაგრამ ეს გადაიზრდება თუ არა სახელისუფლო კრიზისში, ეს უკვე პოლიტიკური დონისა და კულტურის საკითხია. ვერ გეტყვით, რამდენად ეყოფათ გონიერება ჩვენს პოლიტიკოსებს პირადი, საკუთარი პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ და სახელმწიფოებრივი ინტერესებით იმოქმედონ. სწორედ ხელისუფლების არასტაბილურობა არის საუკეთესო მდგომარეობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი „კეთილის მსურველისთვის“, რომელიც ალბათ გეგმავს საპარლამენტო არჩევნებისთვის გარკვეულ სცენარებს, რათა მისი ღია თუ ფარული მხარდამჭერები მომავალ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი.

„ახალი თაობა“, 05 აპრილი, 2016 წელი

სამივლინებო ხარჯებით თბილისის მერია საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეწია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ დედაქალაქის მერიას ამჯერად სამივლინებო სახსრები დაუთვალა. დავით ნარმანიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისმა კანტორამ ამ მიმართულებითაც გამოიჩინა თავი. თავად თავით ნარმანია საკმაოდ მოკრძალებული მოგზაური აღმოჩნდა და მხოლოდ ბრატისლავას შეავლო თვალი.

„ჩვენი კვლევა შარშანდელი წლის დეკემბერს, წლევანდელ იანვარსა და თებერვლის ნახევარს მოიცავს. 2,5 თვეში მერიამ მივლინებებში 50.000 ლარამდე დახარჯა. ამ მხრივ ნარმანიას უწყების ხარჯები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხარჯებს უტოლდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმის საგარეო საქმეთა სამინისტროა, რომ ქვეყნის გარეთ უნდა იარონ, მაგრამ მერიის წარმომადგენლები რატომ დადიან ამდენს, ვერ აგვიხსნია“, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „მედიატორის“ წარმომადგენელმა მარიამ ქელბაქიანმა. მისი თქმით, ისინი დაინტერესდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მერიის თანამშრომელთა ვოიაჟები ან რა სარგებელი მიიღო თბილისმა ამით.

- ამაზე არანაირი პასუხი არ მოგვწერეს. თბილისს რაიმე სარგებელი რომ მიეღო, სულ მცირე 50 დოკუმენტს მაინც გამოგვიგზავნიდნენ, – აღნიშნავს მარიამ ქელბაქიანი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად დადიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი ოფიციალური მიწვევებით ან რაიმე ფორუმებზე დასასწრებად მიდიან, დავით ნარმანიას უწყების ხალხი კი ტურისტული მიზნებით იყო წასული.

- როდესაც სადმე მიწვევით მიდიხარ, მაშინ გზის, ან სასტუმროს ხარჯებს მიმწვევი მხარე ფარავს. მერიის თანამშრომლების შემთხვევაში კი ყველა ხარჯი ბიუჯეტმა დაფარა. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით ნარმანიას თანამშრომლები საზღვარგარეთ გასართობად წავიდნენ, – მიაჩნია “მედიატორის“ წარმომადგენელს.

ყველაზე ძვირი დედაქალაქის ბიუჯეტს ვიცე-მერ ნინა ხატისკაცის ამერიკაში ვიზიტი დაუჯდა. „ნინა ხატისკაცის, ნანა ადეიშვილის და ნანა არდელინის ვიზიტი ამერიკაში დაგვიჯდა 23.000 ლარი. გარდა იმისა რომ მათი მგზავრობის და სასტუმროს ხარჯები ჩვენ ავანაზღაურეთ, ვიზის ფულის გადახდაც ჩვენ მოგვიწია. თითოეული მათგანის ვიზა 400 ლარი დაჯდა. ისინი ვაშინგტონსა და ატლანტაში იმყოფებოდნენ. დოკუმენტაციაში არ წერია, რა მიზნით იყვნენ ისინი ამერიკაში. იქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რომ ყველა ხარჯი ბიუჯეტმა დაფარა – ისინი იქ არავის მიუწვევია“, – აღნიშნავს მარიამ ქელბაქიანი. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მოსახლეობას 6.000 ლარი დაუჯდა ირაკლი ჭინჭარაულის და რევაზ კოტრიკაძის ვოიაჟი.

- დარწმუნებული ვარ, აქამდე არავინ იცოდით, რომ ეს ადამიანები თბილისის მერიაში მუშაობდნენ. სამაგიეროდ, ისინი გავუშვით პარიზში და 6.000 ლარი გადავიხადეთ. საფრანგეთის დედაქალაქში მათ სამი დღე გაატარეს, მაგრამ არ ვიცით, რა მიზნით იმყოფებოდნენ იქ, – ამბობს „მედიატორის“ წარმოდგენილი. მისივე ინფორმაციით, მალხაზ ჭამბურიძის და გიორგი გურგენიძის სამდღიანი მივლინება გერმანიაში ბიუჯეტს 3.000 ლარი დაუჯდა. მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციებიდან ირკვევა, რომ ანა კერესელიძის პრაღული ვოიაჟი 2.400 ლარი დაჯდა.

მარიამ ქელბაქიანი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან მერია საზოგადოებას აუხსნის, რა მიზნებით დადიან მისი თანამშრომლები საზღვარგარეთ.

- ბიუჯეტის ფულით რომ დადიხარ, კეთილი უნდა ინებო და ხალხს ანგარიში ჩააბარო, – აღნიშნავს „მედიატორის“ წარმომადგენელი.

————

საზღვარგარეთული ვოიაჟებით მერიას არც დედაქალაქის საკრებულო არ ჩამოუვარდება.

- ისინიც ასე დადიან და ჩვენი ფულით მოგზაურობენ. გასულ წელს ნუგზარ მალაღურაძე და კიდევ ორი დეპუტატი რაგბის ტურნირზე ბიუჯეტის ხარჯზე წავიდნენ. მათი გართობა 30.000 ლარი დაჯდა. ამ ამბავმა ისე ჩაიარა, ვითომ არაფერი მომხდარა, – აცხადებს  მარიამ ქელბაქიანი. იგი ლილოს მაჟორიტარი დეპუტატის, გულიკო ზუმბაძის ვოიაჟსაც იხსენებს.

- მისი ვიზიტი ჩეხეთში ბიუჯეტს რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. ის იქ იმიტომ უნდა წასულიყო, რომ ლილოს მოსახლეობისთვის რაღაცა სიკეთე მოეტანა. არავინ არ იცის, რა სიკეთე მოუტანა ამ ვიზიტმა ლილოს. ადგილობრივი მოსახლეობა ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ხელისუფლება მათ ამის მოგვარებას წელიწადნახევრის წინ დაჰპირდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, – აღნიშნავს “მედიატორის“ წევრი. მისი განცხადებით, როცა ეს ინფორმაცია გავრცელდა, გულიკო ზუმბაძე გაბრაზდა.

- მან თქვა, მარტო მე რას გადამეკიდნენ, სხვებიც დადიან მივლინებებში და სხვებსაც დაუთვალონ ხარჯებიო. ჩვენც ვითვლით ამ ხარჯებს და საზოგადოებას ეტაპობრივად ვაცნობთ, რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული, – განაცხადა მარიამ ქელბაქიანმა.

რეზონანსი”, 05 აპრილი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოფშორული ბიზნესი

“ჩვენს კანონმდებლობაში სანქციები გათვალისწინებული არ არის”

ეკატერინე ბასილაია

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა 82 ქვეყანაში გამოაქვეყნა სტატიათა სერიალი, სადაც მოთხრობილია 72 ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების კორუფციული საქმიანობის თუ ფინანსური სპეკულაციების შესახებ და ამ გამოძიების მასალებში ბევრ სხვა ცნობილ ლიდერთან ერთად ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოფშორული ბიზნესი – “ლინდენ მენეჯმენტი”.

ჟურნალისტების კონსორციუმის მიერ ივანიშვილის კომპანიის რამე კორუფციული საქმიანობა შესწავლილი არ არის, თუმცა ექსპრემიერისა და საქართველოში უმდიდრესი მოქალაქის ოფშორული ბიზნესის თემა ხმაურიანი იმის გამო გახდა, რომ ივანიშვილს საკუთარი ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ აქვს შევსებული და ეს კომპანია არც ერთხელ არ აქვს მითითებული.

დღეს, სს კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 200-საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

პარტია “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ივანიშვილს დასამალი არაფერი არ აქვს და ისინი გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნებულები არ არიან.

“ზფტფქფ ზფზუკ ცწკლ” არ არის ისეთი კომპეტენტური, რომ მისი ერთი სიტყვის გამო დაიძრას მთელი სისტემა. არის ხოლმე, ხდება, ზოგი ინფორმაცია დასტურდება, ზოგი – არ დასტურდება. მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს დასამალი პრინციპში, არაფერი არ აქვს და არც დაუმალავს. ვფიქრობ, ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოპოვება გმართებთ, ვიდრე რამე ბრალს დასდებთ”, – აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას უტყუარად ვერ მიიღებს, რადგან ეს ინფორმაცია მან მხოლოდ “რუსთავი 2″-ზე ნახა. თანაც, აღნიშნავს, რომ ოფშორულ ზონაში კომპანიის რეგისტრირება კანონდარღვევა არ არის. ქონებრივ დეკლარაციაში კი განზრახ რაღაცის არ მითითებას და დამალვას გამორიცხავს.

„თუ ივანიშვილის ქონებას ასე იკვლევენ ჟურნალისტები, გამოიკვლიონ წაგებული ომის თავდაცვის მინისტრის ქონებაც, რომელიც საჯარო სამსახურში მოსვლამდე არანაირ ქონებას არ ფლობდა და მერე უცებ მილიარდერი გახდა. მასაც ექნება ოფშორებში ქონება. ბიძინა ივანიშვილი რომ მილიარდერი იყო, ეს ყველამ იცის და ვის გაუკვირდა ის, რომ მას რაღაც წილები ჰქონდა?! გამოვრიცხავ, რომ მან განზრახ რაღაც დამალა. დამალვა რაში უნდა დასჭირვებოდა – ვინმეს რამე მოპარა და მიითვისა? შესაძლოა გამორჩა, შეიძლება მეც გამომრჩა რაღაც დეკლარაციაში, ეს ადმინისტრაციული გადაცდომაა და გადავიხდი ჯარიმას. კი ბატონო, თუკი ვინმეს უნდა ამ საკითხის შესწავლა, არავინ არაფერს არ უშლის და არც არავის ეშინია. ივანიშვილს დასამალი არაფერი არ აქვს და რასაც შოულობს, საკუთარ ხალხს ახმარს. რაღაც ადმინისტრაციულ გადაცდომაზეა საუბარი და არა რამე სს დანაშაულზე. ამდენად, არანაირი დაკითხვა საჭირო არ არის”, – ამბობს მანანა კობახიძე.

ე.წ. პანამის დოკუმენტების სკანდალი

საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმმა კვირა საღამოს გამოაქვეყნა სკანდალური დოკუმენტები, რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. ჟურნალისტებმა პანამაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიის “მოსაკ ფონსეკას” საიდუმლო დოკუმენტები გახსნეს.

საუბარია 11,5 მილიონ დოკუმენტზე, რომელიც “მოსაკ ფონსეკას” ეკუთვნის. ჟურნალისტური გამოძიება, სახელწოდებით ზფტფქფ ზფზუკ-ს პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარდა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ “მოსაკ ფონსეკა” რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

გავრცელებული ინფორმაციით, “მოსაკ ფორსეკას” მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა.

კონსორციუმის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო მისი ოფშორული კომპანიების მეშვეობით დიდი ოდენობით გადასახადებს მალავდა. დოკუმენტები ასევე შეიცავს ცნობას ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ.

“მოსაკ ფონსეკა” ოფშორულ ზონებში, როგორიცაა შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კომპანიებს არეგისტრირებს. სწორედ მის მიერ დარეგისტრირებულია ამ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ივანიშვილის კომპანია “ლინდენ მენეჯმენტიც”.

ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია კომპანია “ლინდენ მენეჯმენტზე,” რომლის მესაკუთრედ დასახელებულია ბიძინა ივანიშვილი. ის, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია “ლინდენ მენეჯმენტის” მფლობელი ივანიშვილია, იმ წერილით დასტურდება, რომელიც შუამავალმა იურიდიულმა კომპანია “მოსაკ ფონსეკამ” ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური გამოძიების სააგენტოში ფულის გათეთრების საქმეებზე მომუშავე აგენტს 2011 წლის 15 დეკემბერს გაუგზავნა.

ამ ე.წ. პანამის ჩანაწერებმა დიდი სკანდალი გამოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით, ე.წ. პანამის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ რადგან ეს ინფორმაცია გაჟღერდა, გამოძიება ჩატარდება, საქმეები გაიხსნება და სასამართლოები გაიმართება. ეს გამოაშკარავება კარგი ახალი ამბავია. ვინაიდან გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს იმათგან, რომლებმაც თაღლითობა ჩაიდინეს”, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ბრიტანეთის საგადასახადო სამსახურის უფროსიც. ჯენი გრეინჯერის თქმით, “სასწრაფო და სრული გამოძიება იქნება ჩატარებული ამ მონაცემებზე”. გარდა ამისა, გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის საგადასახადო საკითხთა კომისარმა პიერ მოსკოვიჩმაც. მისი განცხადებითაც, ევროკავშირისთვის ეს არის “მშვენიერი ინფორმაცია” გამოძიების დასაწყებად. შესაძლოა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წანააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციური რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა. ლიაშკოს პარტიას უკრაინის პარლამენტში 21 დეპუტატი ჰყავს.

“საგამომძიებლო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის განცხადებით, პოროშენკოს ქმედებები სულ მცირე ორ შემთხვევაში შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს: “მან დააფუძნა ახალი კომპანია პრეზიდენტობის პერიოდში და ამის შესახებ არ გააკეთა შესაბამისი განაცხადი. მან უკვე დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურების ინიცირება პარლამენტში”, – აცხადებს ოლეგ ლიაშკო.

დაარღვია თუ არა კანონი ბიძინა ივანიშვილმა

იურისტები აცხადებენ, რომ თუკი “ლინდენ მენეჯმენტის” მფლობელი ივანიშვილია, ის თუნდაც დე ფაქტო მფლობელია, ანუ ბენეფიციარი მესაკუთრეა, მას ამ კომპანიაზე ინფორმაცია 2011 წელსა და 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში უნდა აღენიშნა. რადგან ეს ინფორმაცია დამალა, ექსპრემიერმა კანონი დაარღვია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, კანონის დარღვევის გამო მას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან კანონში აღსრულების მექანიზმები არ არსებობს. არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო საჯარო მოხელეები მხოლოდ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაჯარიმდებიან 1000 ლარით.

იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, შესაძლოა ივანიშვილს საერთოდ დაავიწყდა ამ კონკრეტული კომპანიის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშვნა. თუმცა მისივე თქმით, საქართველო რომ ევროპის დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო იყოს და პრემიერს ქონებრივი დეკლარაცია არასწორად შეევსო, დიდი სკანდალი ატყდებოდა.

“ამის დამალვა კანონის დარღვევაა, თუმცა ჩვენს კანონმდებლობაში სანქციები გათვალისწინებული არ არის, ასევე ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური და ზნეობრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები, თორემ დემოკრატიულ ქვეყანაში არავინ არ მოითმენდა, პრემიერს რომ გამორჩენოდა ასეთი რამ, მას მინიმუმ იმპიჩმენტს მოუწყობდნენ ან ის დაასწრებდა და გადადგებოდა. ჩვენ ასეთ სახელმწიფომდე ბევრი გვიკლია”, – აღნიშნავს ლია მუხაშავრია. მისი თქმით, ქონებრივ დეკლარაციებს სრულყოფილად არ ავსებდნენ სხვებიც, მაგრამ ახლა ივანიშვილის მიმართ ინტერესი დიდია. “თუმცა დღეს ივანიშვილი კერძო პირია და მას ჩვენ ისედაც ვერაფერს მოვთხოვთ”, – დასძენს ლია მუხაშავრია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტ ერეკლე ურუშაძის თქმით, დღეს საჯარო სამსახურის ბიურო უბრალოდ იბარებს დეკლარაციებს და პასუხისმგებელია, რომ ის ინტერნეტში განათავსოს, ხოლო შინაარსის გადამოწმების უფლებამოსილება მას არ აქვს. შესაბამისად, გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში ვინ და როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება.

“დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ერთადერთი მექანიზმი არის სს საქმის აღძვრა და მტკიცებულებების იმდენად მაღალი სტანდარტია, რომ აქ უკვე უნდა დაამტკიცო, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით მოხდა ინფორმაციის დამალვა, სხვა შემთხვევაში ვერავის ვერ დააჯარიმებ და ვერ დასჯი. ამიტომ, როგორც წესი, ეს მექანიზმი არ გამოიყენება. სამწუხაროდ, მხოლოდ 2017 წლის 1-ელ იანვარს ნაწილობრივ გასწორდება. შარშან მიიღეს შესწორება და საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს დეკლარაციების შინაარსობრივ გადამოწმებას და უზუსტობის შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმება შეეძლება, ხოლო თუკი სს ნიშნები აღმოჩნდება, მაშინ უკვე საქმე პროკურატურას გადაეგზავნება”, – აცხადებს ერეკლე ურუშაძე.

“ცხადია, ივანიშვილს ასე პირდაპირ ბრალს ვერ დავდებთ რამე დანაშაულში, გადასახადების დამალვაში, თუ ფულის გათეთრებაში, რადგან რა ინფორმაციაც გამოქვეყნდა, ამისთვის საკმარისი არ არის. თავისთავად ეს პოლიტიკოსისთვის სულ ცოტა რეპუტაციული პრობლემაა. ვერ გავექცევით იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკოსია და ის, რომ პოლიტიკოსს კავშირი აქვს ოფშორულ კომპანიებთან და მითუმეტეს ეს არ არის აღნიშნული მის ქონებრივ დეკლარაციაში, ეს ცხადია მინიმუმ რეპუტაციის თვალსაზრისით აჩენს კითხვებს”, – ამბობს ერეკლე ურუშაძე.

რეზონანსი”, 05 აპრილი, 2016 წელი

საწარმოები გაჩერდა, ნახევარი თხილი გაუყიდავი დარჩა

პრობლემა განსაკუთრებით თურქული ინვესტიციებით შექმნილ ქარხნებს აქვთ

მარი ჩიტაია

საწარმოებს თხილის მოსავლის ნახევარზე მეტი გაუყიდავი დარჩა. მეწარმეები ფიქრობენ, რომ წელს პროდუქტის გაყიდვა ვერც მოესწრება, ხოლო გაისად ძველი თხილის გაყიდვა ქარხნებს დანაკარგით მოუწევთ, რადგან ნაყოფი წონაში დაიკლებს და ხარისხიც გაუარესდება. შეიძლება ითქვას, თხილის ბიზნესმა წელს საშინლად იზარალა. დანაკარგი იმდენად დიდია, რომ ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში თითქმის ყველა მსხვილი ქარხნის საქმიანობა შეჩერებულია. პრობლემა განსაკუთრებით თურქული ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებს აქვთ, ისინი თხილს არ იბარებენ.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარისთვის პრობლემა კარგადაა ცნობილი. ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ პროდუქტის ნახევარი ვერ გაიყიდა. მიზეზად იგი პროდუქტის ხარისხს მიიჩნევს და ამბობს, რომ უცხოურ ბაზრებზე თხილის რეალიზაცია ვერ ხერხდება.

“საფრხეა, რომ წელს ვერც მოესწროს თხილის რეალიზაცია. მეწარმეები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ და ეს ამბავი არც უნდა გვიკვირდეს. ძალიან კარგი მოსავალი იყო თურქეთში, ამ დროს ქართულ თხილს რეალიზაცია ყოველთვის უჭირს. ზოგმა, ვინც თხილი სეზონის დასაწყისშივე იყიდა, დღემდე ვერ მოახერხა რეალიზაცია. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი თხილი არასათანადო ხარისხისაა და უცხოურ ბაზრებზე ნდობით ვერ სარგებლობს. წამყვანი საკონდიტრო ინდუსტრიის წარმომადგენლები მას არ ყიდულობენ”, – აცხადებს ალექსანდრე მოწერელია. მისი თქმით, კუთვნილი ნიშის დასაკავებლად ქართულ თხილს რამდენიმე ეტაპი აქვს გასავლელი. მთავარია, დაიდოს ხარისხის დასკვნა, რაც ექსპორტზე ყველა ბარიერს მოხსნის.

“ინტერესი თუ არ გაჩნდა, წარმოება რომც გავზარდოთ, ჭარბ მოსავალს მივიღებთ. როგორმე უნდა ვცადოთ ხარისხის გაუმჯობესება, რომ დავაკმაყოფილოთ სტანდარტი და მოვიპოვოთ ნდობა. ევროპაში სასურსათო უსაფრთხოების საკითხი მაღალ დონეზეა. ჩვენთან, პირველ რიგში, თხილის შრობის საკითხია მოსაწესრიგებელი. სხვა დანარჩენი პრობლემაც აქედან იწყება. აუცილებელია ხარისხის დასკვნა. სახელმწიფომ ნაბიჯი გადადგა და შემოიღო ტექნიკური რეგლამენტი.ნადვილად კარგი დოკუმენტია, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების მოდერნიზებას და ხარისხის გაუმჯობესებას. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვერ ვიქნებით მუდმივად იმაზე ჩამოკიდებული, თუ როდის მოვა ცუდი მოსავალი თურქეთში, რომ ამ მომენტით ვისარგებლოთ და გავყიდოთ თხილი. სანამ ეს მოლოდინი იქნება, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ”, – აცხადებს ალექსანდრე მოწერელია “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბარისას.

თხილის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ მეწარმეებიც. ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში მდებარე ჩამბარებელი პუქტების მხოლოდ ნაწილი მუშაობს. ზუგდიდელი მეწარმის რეზო ცხადაიას ინფორმაციით, ათამდე ქარხანა გაჩერებულია, ანუ ყველა ის, რომელიც თურქული ინვესტიციითაა შექმნილი.

“წინა წლის სექტემბერში, როგორც კი ახალი თხილი შემოვიდა, გაყიდვაში, თხილის ქარხნების მფლობელებს შესთავაზეს, რომ მაღალ ფასში შეესყიდათ მოსავალი. იმ ხანად თურქი ბიზნესმენები აქტიურობდნენ, 8-9 ლარად იყიდეს თხილი, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდნენ და შესყიდვაც შეაჩერეს. ცხადია, ფასიც მყისიერად დაეცა და მას შემდეგ აღარც გაზრდილა. ახალ პროდუქტს, ძირითადად, გადამყიდველები იბარებენ. ქარქნებიდან კი მუშაობს მხოლოდ ისინი, რომლებიც მთლიანად ადგილობრივი ინფრასტრუქტურითაა შექმნილი. თურქებმა პოზიცია დათმეს. ჯერჯერობით ასეა, მომავალ წელს, თუკი ხარისხის პრობლემა არ გვექნება, შესაძლოა, ისევ გამოჩნდნენ”, – ამბობს რეზო ცხადაია. იგი არ გამორიცხავს, რომ დარჩენილი მოსავალი შეიძლება გაუყიდავი დარჩეს. ასეთი კი, მთლიანი მოსავლის ნახევარზე მეტიც შეიძლება აღმოჩნდეს.

“მიჭირს საუბარი, რა ელოდება წლევანდელ მოსავალს, შეიძლება, გაისად მინიმალურ ფასადაც ვერ გაიყიდოს. რაც დრო გადის, თხილის ხარისხი უფრო უარესდება და წონაშიც იკლებს. ამჯერად თხილის ბიზნესმა ძალიან იზარალა. მთლიანად ახალი მოსავლის იმედად ვართ. მსხმოიარობის მასშტაბი დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა. წესით, ურიგო მოსავალი არ უნდა იყოს, თუკი ამინდიც შეგვიწყობს ხელს. პრობლემა როგორმე უნდა მოვაგვაროთ”, – აცხადებს რეზო ცხადაია.

თხილის მოსავლის რეალიზაციის კლებას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. “საქსტატის” 2016 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ექსპორტზე სულ 20,7 მლნ დოლარის თხილი გავიდა, 2015 წლის ანალოგიური პერიოდში – 40,6 მლნ დოლარის. ამ ერთი წლის განმავლობაში ქართული თხილის წილი ექსპორტში 12,5%-დან 7,4%-მდე შემცირდა და ძირითად საექსპორტო პროდუქციათა შორის მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება ფასს, ბოლო რამდენიმე დღეა, თხილის გაყიდვას გლეხები უკვე 5 ლარადაც ვერ ახერხებენ. დაახლოებით 1 კვირის წინ თხილი 1 ლარით გაიაფდა და 4 ლარამდე ჩამოვიდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფასი თითქმის 2 ლარითაა შემცირებული. ამ ეტაპზე გალში 1 კგ თხილის ფასი 3-3,50 ლარის ფარგლებშია. დაახლოებით იმდენი, რა ფასადაც მოსახლეობა მსხმოიარე ნედლ თხილს, ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ყიდდა.

რეზონანსი”, 05 აპრილი, 2016 წელი

ღარიბების რაოდენობა ქაღალდზე შემცირდა, რეალურადარა

ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფო დახმარებას 23%-ით ნაკლები ადამიანი იღებს

ელზა წიკლაური

საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა მოალოდნელად 22-23%-ით შემცირდა. თუ 2012 წელს საარსებო შემწეობას 501 445 ადამიანი იღებდა, შარშან მათი რაოდენობა 389 ათასამდე შემცირდა. ღარიბთა არმიის კლება, ერთი მხრივ, განპირობებულია “გაბერილი” სიიდან იმ ადამიანების ამოგდებით, ვისაც დახმარება არ ეკუთვნოდა, მეორე მხრივ კი, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მაჩვენებლის ზრდით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით 2012 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 163 183 ოჯახი იღებდა, (ანუ 501 445 ადამიანი). იმ დროს ბაზაში რეგისტრირებული იყო სულ 1 672 115 ადამიანი. ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ კი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. მაგალითად, ოცნების მმართველობის პირველსავე წელს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თვლიდა, რომ ღარიბია და დახმარება სჭირდება თითქმის 20 ათასით შემცირდა. 2013 წლის დეკემბრის მონაცემებით სოცმომსახურების სააგენტოს ბაზარი სულ რეგისტრირებული იყო 1 651 639 ადამიანი. იმავე წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კი თითქმის 73 ათასით შემცირდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარება რამდენიმე ათას ბენეფიციარს შეუწყვიტა. მაშინ ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ ეს ადამიანები ბაზაში არასწორად იყვნენ მოხვედრილი და ისინი ნაცმოძრაობამ წინასარსჩევნოდ სპეციალურად ჩასვა.

სტატუსმოხსნილებიდან რამდენიმე ათასმა ადამიანმა სოცსააგენტოში ხელახალი განცხადება შეიტანა, რომელთა ნაწილს შემწეობა ისევ აღუდგა.

ბაზა დაკორექტირდა, სია “გაიწმინდა”, იმ ადამიანების რაოდენობა კი, ვინც თვლის, რომ ღარიბია, 2014 წელს კვლავ შემცირდა. სააგენტოს მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა 141 776 ოჯახი (სულ 421 387 ადამიანი). ბაზარი კი რეგისტრირებულთა რაოდენობამ 1 651 639 ადამიანი შეადგინა.

ღარიბ-ღატაკთა რაოდენობამ იკლო შარშანაც. 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას იღებდა 125 301 ოჯახი (სულ 389 650 ბენეფიციარი). იმ ადამიანების რიცხვი კი, ვინც თვლიდან, რომ ღარიბია და დახმარება სჭირდება 1 542 545 ადამიანს შეადგენდა.

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა თითქმის 22%-ითაა შემცირებული. სტატისტიკურ მონაცემებში დაფიქსირებული ეს ცვლილება, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ასე არ არის და ქვეყანაში სოციალური ფონი დღემდე არ შეცვლილა. მიმდინარე ეკონომიკური პროცესები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გაჭირვებულთა რაოდენობა შემცირებულიყო, თანაც ასეთი მაჩვენებლით.

“არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში გაჭირვებული ადამიანების რიცხვი შემცირდა. ეს განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეხება. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ინფლაციური პროცესები გააქტიურდა, გაიზარდა პირველადი მოხმარების საგნებსა და სურსათის ფასი. სეზონურობიდან გამომდინარე, მოიმატა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ღირებულებამ.

ინფლაცია და ფასების ზრდა – ეს არის ორი მთავარი მდგენელი მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობისა. როცა ორივე ზემოთ მიდის, იქ საუბარი სოციალური სიტუაციის გამოსწორებაზე, ზედმეტია. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში არ არსებობდა ეკონომიკური მოტივი და ფაქტორი იმისა, რომ გაღარიბება შეჩერებულიყო და დაწყებულიყო ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბების პროცესი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რთული სათქმელია თუ რატომ შემცირდა სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანების რიცხვი”, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ზვიად კანდელაკმა.

ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძის მიიჩნევს, რომ ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება იმ ფონზე, როცა შემოსავლები იზრდება და უთანაბრობის მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ მაინც იკლებს, გასაკვირი არ არის: “თანაც, ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვიც. ამ ყველაფერმა კი განაპირობა სოციალური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება.

ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ეპიზოდი და არა სისტემური ცვლილება. აუცილებელია, ამ ეპიზოდების სტრუქტურაში გაერთიანება და მისი სისტემაში ინტეგრირება. თუ გაუმჯობესების ტენდენცია არის მხოოლოდ ეპიზოდური ხასიათის, ეს არაფერს არ ნიშნავს. საქართველოში ჯერჯერობით სისტემური გაუჯობესების მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი გადადგმული არ არის.

პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული ეკონომიკრი განვითარებისა და სიღარიბის შემცირების სტრატეგია. იგი მიმართული უნდა იყოს სიღარიბის შემცირებისკენ და არა აღმოფხვრისკენ.

მთელი მსოფლიო საუკუნეებია ცდილობს სიღარიბის აღმოფხვრას, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ვიდრე კაცობრიობა იარსებებს, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია, რომ სიღარიბის შემცირებაზე გავაკეთოთ ორიენტაცია და ამაზე ვიზრუნოთ. ამ ნაბიჯებს კი მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავ”, – დასძინა კაპანაძემ.

სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოში ყოველი მე-9 ადამიანი ღატაკია, ყოველი მე-2 კი თვლის, რომ ღარიბია და სახელმწიფოსგან დახმარება ეკუთვნის. ეს კი ევროპულ რელსებზე მდგომი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ამ მონაცემების შემცირებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

Comments are closed