„ალია“, 5 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: მინდია ჯანელიძე – პრორუსული მინისტრი, თინა ხიდაშელი – პროდასავლური მინისტრი; საქართველო-ნატო, ისლამური ხალიფატი
ნინო სამხარაძე
(შემოკლებით)
მინდია ჯანელიძის გადადგომას „ალია“ აანონსებდა, თუმცა უწყებიდან ჯანელიძე ისე ჩამოაცილეს, რომ ამ ფაქტის წინაშე პრემიერიც პოსტფაქტუმ დადგა. ყველაფერი კი, როგორც ჩანს, შუშის სასახლეში გადაწყდა, როცა ივანიშვილს აშშ-ს ელჩი ესტუმრა მინისტრების გადადგომის შემდეგ. მინდია ჯანელიძე, რომელიც პრორუსობასთან იყო ასოცირებული, არაერთ სკანდალშიც ამხილეს, ბოლო წუთამდე დარწმუნებული იყო, რომ მის შემცვლელად თინა ხიდაშელის დასახელება მხოლოდ პრესის მიერ გავრცელებული ჭორები იყო და რეალობას არ შეესაბამებოდა. რამდენიმე საათში მიღებული გადაწყვეტილება თინა ხიდაშელისა და „რესპუბლიკელების“ ზაირ-ზეიმით დასრულდა.
ვნახოთ, რას ფიქრობს უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი ვახტანგ მაისაია თინა ხიდაშელის გამინისტრებაზე, რა ინფორმაცია აქვს მას – რამ განაპირობა უწყებაში ცვლილება?
ვახტანგ მაისაია: მოკლედ, მინდია ჯანელიძე თავიდან ბოლომდე იყო შეცდომა. ბოლოს და ბოლოს, ჯანელიძე პრორუსი ძალაა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ფაქტობრივად, ის აკეთებდა ტორპედირებას პრორუსული ძალების ინტერესების გატარებას.
- რაში გამოიხატებოდა, რომ მინდია ჯანელიძე პრორუსული ძალა იყო და კრემლის ინტერესებს ატარებდა?
- თუნდაც გავიხსენოთ უკრაინასთან დაკავშირებული მისი განცხადებები, თუნდაც ის, რომ მან ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების წინააღმდეგ გაილაშქრა. მაქვს ეჭვი, რომ სწორედ მან შეუგდო ეს იდეა პრემიერ-მინისტრს, დაარწმუნა, რომ ამ სისტემის შეძენა საქართველოსთვის არახელსაყრელი იქნებოდა და სწორედ ამიტომ განახორციელა ზარი ალასანიასთან, მოთხოვნით, ჩაეშალათ ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების შესახებ კონტრაქტი.
ირაკლი ღარიბაშვილი არ არის სამხედრო საქმის სპეციალისტი და ამდენად, მისი მოტყუება ადვილად შეეძლო ჯანელიძეს.
- არც თინა ხიდაშელია სამხედრო საქმის სპეციალისტი, ამდენად შეიძლება, რომ ისიც ადვილად „დააბოლონ“?
- თინა ხიდაშელი გაუძღვება საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას, თავდაცვის მინისტრი შეიძლება არ იყოს პროფესიონალი, თუმცა, ბუნებრივია, სასურველია, ერკვეოდეს სამხედრო თემატიკაში, მაგრამ აქ მთავარია, თინა ხიდაშელს ჰყავდეს მოადგილეები, რომლებიც ამ საქმის პროფესიონალები არიან.
(…)
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თარხან ბათირაშვილი მოკლულია, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ „წითურ გენერალზე“?
- ვიცი, რომ გარდაცვლილი არ არის, ოფიციალური წყაროები ამ ფაქტს არ ადასტურებენ, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, ეს არის საინფორმაციო ომის მნიშვნელოვანი ელემენტი, რითაც ხდება მოწინააღმდეგეთა რიგებში დემორალიზების შეტანის მცდელობა…
- გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის ყველაზე სასტიკი დაჯგუფების სამი წევრი პანკისის ხეობაში შენიშნეს. ტერორისტები, რომლებიც ქრისტიანებს თავს აჭრიან, ბავშვებს ცოცხლად წვავენ და ყველაზე სასტიკი მკვლელობებით გამოირჩევიან, რა უნდოდათ მათ ჩვენს ტერიტორიაზე?
- ისლამურმა ხალიფატმა დაიწყო უკვე გაფართოება და საქართველოშიც ამოქმედდა, ასეთი დაჯგუფებების შემოსვლა მიზნად ისახავს მუსლიმანურ ანკლავებში თავისი ინტერესების გაძლიერებას, რაც მთავარია, ჩრდილოეთ კავკასიაში ჯიჰადის დაჯგუფების განვითარებას. ისლამური ხალიფატის დაჯგუფების გამოჩენა პანკისის ხეობაში განპირობებულია იმით, რომ კავკასიის იმარატში აბუ ალი მუჰამედი მოკლეს, რომელიც იყო მათი ლიდერი. ბუნებრივია, დაიწყო ახალი ლიდერის შერჩევა, რომელიც საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. ისლამური ხალიფატის მთავარი იდეაა ახლა, რომ კავკასიურ-ისლამური იმარატის სათავეში მოვიდეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. ისლამური ხალიფატი ცდილობს ამ სტრუქტურის დამორჩილებას. ერთ მნიშვნელოვან დეტალს გეტყვით, ისლამურმა ხალიფატმა ავღანეთში შექმნა ქსელი, ასევე, გამოჩნდნენ პაკისტანში, მათ უკვე თალიბებთან დაიწყეს ბრძოლა და მათი შებოჭვაც შეძლეს. თალიბებსა და ისლამურ ხალიფატს შორის მოხდა დატაკება ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით.
ადრე ნარკოტრაფიკზე მთავარი პასუხისმგებელი თუ იყო თალიბანი, ისლამისტური ნარკოტრაფიკის განხორციელებისა, საიდანაც იღებდნენ უზარმაზარ თანხებს, ახლა არის მცდელობა, რომ ისლამური ხალიფატი დაეპატრონოს ნარკოტრაფიკს.
ისლამურ ხალიფატს საქართველო აინტერესებს, როგორც სატრანზიტო დერეფანი. რა თქმა უნდა, საქართველოში თავიანთ სტრატეგიულ რესურსებს შექმნიან, თუ უკვე არ არის შექმნილი. ზუსტად იმიტომ, რომ საქართველო არის სატრანზიტო დერეფანი, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით და ევროპის მიმართულებითაც.
ი ს ლ ა მ უ რ მ ა ხალიფატმა გამოყო 70 მ ი ლ ი ო ნ ი დოლარი, გლობალური ჯიჰადის საწარმოებლად, კავკასიას თავიანთ გეოსტრატეგიულ არეალად მიიჩნევენ. ისლამური ხალიფატი გადავიდა მესამე დონეზე, რასაც ჰქვია გლობალური ჯიჰადის განხორციელება, მან გააფართოვა თავისი ოპერატიული მოქმედების ზონა. საქართველო სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას, როგორც მოხალისეების პანკისის ხეობიდან წაყვანის, ასევე ნარკოტრაფიკის კუთხით. საფრთხეა, რომ ისლამურიალიფატი შექმნის სამხედრო დაჯგუფებებს. ისინი ქმნიან ჰიბრიდულ ჯგუფებს და სად როგორ ამოყოფენ თავს, არავინ იცის. შეიძლება მათ მოულოდნელად გაშალონ ფრონტის ხაზი და პარალელურად, მოახდინონ მუსლიმანი ახალგაზრდების იდეოლოგიურად დამუშავება. თუ თქვენ გადაამოწმებთ, ბოლო თვეების განმავლობაში რამდენი ორგანიზაციაა შექმნილი ისლამური, მათ შორის თურქული, თქვენთვის ნათელი გახდება დინამიკა. სწორედ მათი საშუალებით ხდება თანხების გადმორიცხვა და ახალგაზრდა მუსლიმანების იდეოლოგიური დამუშავება.
ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს საქართველოს სპეცსამსახურები, რადგან ვიმყოფებით საშიშ ვითარებაში.
- დაბოლოს, საქართველოში უკვე გამოჩნდა ნატოს შეიარაღება, რომელიც დაგეგმილ წვრთნას ემსახურება. ჩვენ გვყავს თავდაცვის მინისტრი, რომელიც დარწმუნებული ვართ, რომ ევროატლანტიკური მიმართულებით გააქტიურდება, როგორი იქნება ამ შემთხვევაში პუტინის მხრიდან პასუხი საქართველოს ხელისუფლების და აშშ-ს ნაბიჯზე?
- რა თქმა უნდა, პუტინი ასეთ გადაწყვეტილებებზე მწვავედ რეაგირებს. როგორც წესი, ალბათ, მისი მხრიდან რეაგირება იქნება ის, რომ მამისონის უღელტეხილზე სტრატეგიულ ადგილებს დაიკავებს. ეს იქნება პუტინის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ე.წ. დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ბიბილოვს. ეს არის საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი, რადგანაც, რუსეთის გარდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში არც ერთ ქვეყანაში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა.
ესეც შეიძლება ჩავთვალოთ პასუხად რუსეთის მხრიდან, რადგან ანატოლი ბიბილოვი უშუალოდ შოიგუს კლანთანაა დაკავშირებული. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ხაზს ვუსვამ, ბიბილოვი შემთხვევითი პიროვნება არ გახლავთ, ისინი ერთად ჩავიდნენ ყარაბახის მოსანახულებლად. ასე რომ, ჩვენ რუსეთისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდეთ. ის, ალბათ, დაძაბავს ურთიერთობებს.
„რეზონანსი“, 05 მაისი, 2015 წელი
საქართველო-აშშ: პირველად საქართველოში ამერიკული მძიმე ტექნიკა ჩამოდის
თეა ბეჟიტაშვილი
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის ამერიკული ჯავშანტექნიკა საქართველოში პირველად ჩამოვა. სამხედრო აღჭურვილობა ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნადან ვაზიანის საწვრთნელი ბაზისკენ უკვე დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან ფოტოც დაურთო.
სწავლებაში მონაწილეობას დახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მიიღებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 11-25 მაისს გაიმართება.
როგორც „რეზონანსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 11 მაისს ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ ოფიციალურად გაიხსნება.
„სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის „ბრედლის“ კლასის ჯავშანმანქანა და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.
„სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმში 2 მაისს გამოიგზავნა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედელი“, წოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ბათუმის პორტში ჩამოვა“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება.
ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიაში ქართულ პოლიგონზე ამერიკული ჯავშანტექნიკა პირველად გამოჩნდება.
„აქამდე ქართულ პოლიგონზე ბევრი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ჩატარებულა, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ჯავშანტექნიკა, მართალია, ჰამერები იყო, მაგრამ რასაც ჰქვია მძიმე ჯავშანტექნიკა, ასეთი რამ აქამდე არ ჩამოსულა და ეს პირველი შემთხვევა იქნება. არ ვიცი, რამდენად გაგრძელდება ასეთი მძიმე ტექნიკის ჩამოყვანა ქართულ ბაზაზე, მაგრამ ქართულ-ამერიკული სწავლება ხშირად იმართება და ერთი თვის მერე მსგავსი ღონისძიება ისევ იგეგმება. ეს ნატოს ახალი მიდგომაა, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოუცხადებელი ერთწლიანი ომის შემდეგ ცდილობენ, უფრო ხშირად დაიწყონ ფართომასშტაბიანი სწავლება როგორც წევრ, ისე პარტნიორ ქვეყნებში, იგივე საქართველოსა და უკრაინაში. მაგალითად, უკრაინაში წვრთნები ახლაც მიმდინარეობს. 300-მდე ამერიკელი სამხედროა ჩასული, რომლებიც უკრაინის ეროვნულ გვარდიას წვრთნიან. საქართველოშიც ჩამოვა სამხედრო აღჭურვილობა და, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ამ ქმედებას გარკვეული განცხადებები მოჰყვება“, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
თსუ-ს პროფესორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ის თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნას არ უკავშირდება.
„არა მგონია, რომ ამას რამე კავშირი ჰქონდეს თინა ხიდაშელის დანიშვნასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ღონისძიებები რამდენიმე თვით და ზოგჯერ რამდენიმე წლით ადრე იგეგმება, ყველაფერი მანამდე იყო გაწერილი, სანამ თავდაცვის მინისტრს შეცვლიდნენ, ამიტომ ხიდაშელი იქნებოდა თუ სხვა, ეს „შეიარაღება მაინც ჩამოვიდოდა“, – ამბობს კაკაჩია. მისივე თქმით, ნატო პარტნიორ ქვეყნებთან კავშირს აძლიერებს, თუმცა რუსეთის მხრიდან შესაძლოა ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვეს: „მსგავსი ტიპის ქმედებები რუსეთის მხრიდან რეაქციას ყოველთვის იწვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოთქვა აზრი, მაგრამ იმის შიშით, რომ რუსეთს რაღაც არ მოეწონება, საქართველომ და რუსეთის სხვა მეზობელმა ქვეყნებმა სამხედრო წვრთნები არ გამართონ, აბსურდია.
„საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველომ თავისი საქმე უნდა გააგრძელოს, ისევე როგორც უკრაინამ. ერთია, რუსეთს ამ შემთხვევაში მე მგონი, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.
„რეზონანსი“, 05 მაისი, 2015 წელი
საქართველო-რუსეთი: რუს ბაიკერებს ვაკის პარკში არ შეუშვებენ
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
9 მაისს ვაკის პარკთან მისულ რუს ბაიკერებს ქართველი ბაიკერები დახვდებიან, რათა ისინი პარკში არ შეუშვან. საქართველოს მოტოკლუბის პრეზიდენტი ვახტანგ შენგელაია ამბობს, რომ ისინი ვეტერანებთან შეხვედრასა და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლას არ იმსახურებენ და ამით მხოლოდ და მხოლოდ ხალხს გააღიზიანებენ.
აქვე იმედს გამოთქვამს, რომ რუსი ბაიკერები მათ თხოვნას გაითვალისწინებენ და ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლაში არ გადაიზრდება.
შენგელაიას თქმით, გეორგიევსკის ლენტებით ბაიკერების საქართველოში შემოსვლა წმინდა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ისინი პუტინის მეგობარს – ზალდასტანოვს (ბაიკერების ლიდერი, მეტსახელად – “ქირურგი”) ემორჩილებიან, რომელიც თავის მხრივ პუტინისგან ფინანსდება და შესაბამისად, მის დაკვეთებსაც ასრულებს. ამიტომაც მიიჩნევს, რომ ბაიკერები საქართველოში საერთოდ არ უნდა შემოეშვათ.
მოგეხსენებათ, რუსეთის პრეზიდენტის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის “ღამის მგლების” ნაწილი უკვე თბილისშია. მათი ნაწილი ბერლინისკენ მიემართება, სადაც ასევე წინააღმდეგობას აწყდებიან, ნაწილი კი ტურნეს კავკასიაში მართავს, ისინი მოივლიან სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩრდილო კავკასიას და 9 მაისის სიმბოლურად დასრულებას თბილისში აპირებენ. მთავარი ჯგუფი ქალაქ ტამბოვიდან უკვე დაიძრა, ნაწილი კი უკვე შემოსულია.
გეორგიევსკის ლენტების გამო, რომელიც მათ და მოტოციკლებს ეკეთათ, “თავისუფალი ზონის” აქტივისტებთან და ქართველ ბაიკერებთან მცირედი ინციდენტებიც მოუხდათ. ვარდების მოედანზე შეკრებილმა ქართველმა ბაიკერებმა რუსებს განუმარტეს, რომ გიორგიევსკის ბაფთა ოკუპაციის სიმბოლოა და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფს. შესაბამისად, სთხოვეს, ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული სიმბოლოთი გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ.
“რეზონანსთან” ინტერვიუში საქართველოს მოტოკლუბის პრეზიდენტი ვახტანგ შენგელაია ვარდების მოედანზე მომხდარის შესახებ ჰყვება.
ვახტანგ შენგელაია: ვარდების მოედანზე იმ ლენტების გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ. გასაგებია, რომ ადრე ეს დროშა და ეს ფერები მეორე სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო იყო, მაგრამ ახლა უკვე ოკუპაციის სიმბოლოა, რაგან რუსი მებრძოლები უკრაინაში ამ ლენტებით ომობენ. ჩვენ, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსებს ოკუპირებული აქვთ, ამას ვაპროტესტებთ.
“ღამის მგლების” ლიდერი ალექსანდრე ზალდასტანოვი, იგივე “ქირურგი” პუტინის ძმაკაცია, მას ემორჩილება და ამიტომ ბაიკერად არ მივიჩნევ. ის ჩვეულებრივი ბიზნესმენია და მოტოს ამისათვის იყენებს. სახელმწიფო ფულს უხდის და იმას აკეთებს, რასაც დაუკვეთავს. ახლა “ნაჩნიე ვოლკი” აქეთ დაიძრა ლენტებით და უნდათ, ხალხში აგრესია გამოიწვიონ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ღიზიანდება ამით მოსახლეობა. ზოგი ლენტების დაჭრას ცდილობდა, ზოგი წართმევას.
ვარდების მოედანზე თავად რუსებიც დავიბარეთ და ვუთხარით, რომ რაკი ჩვენს ქვეყანაში არიან, ნება უნდა იბოძონ და ისე მოიქცნენ, როგორც ჩვენ გვინდა. მასპინძლები ვართ, მთავრობამ შემოუშვა და ვერ ვეტყვით, რომ წავიდნენ. კი ბატონო, იკატაონ, ჩემი თავი ენაცვალოთ, მაგრამ ლენტი, დროშა და ეგეთი რაღაცები მოხსნან. პირდაპირ ვიტყვი – ეს ხალხი მთავრობას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.
„რეზონანსი”: რამდენი ბაიკერია ამჟამად საქართველოში და კიდევ რამდენს ელოდებიან?
ვახტანგ შენგელაია: ჯერ საქართველოში სულ 25-30-ია, 9 მაისს კი დიდი ეშელონი მოდის, დახლოებით 200 ბაიკერი.
აქ ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ეს ფული სახელმწიფოდან მოდის. როცა ვნახეთ, ძალიან წყნარად და დინჯად დაველაპარაკეთ. ჩვენ 80 ვიყავით, ისინი კი სამნი და სხვანაირად არც შეიძლებოდა, აგრესიულად ლაპარაკი უხერხული იქნებოდა. ვკითხეთ, რატომ ცდილობდნენ ხალხის გაღიზიანებას, ავუხსენით, რომ ასე არ შეიძლება და რომ ეს სხვებისთვისაც გადაეცათ. ახლა კი ოფიციალურ წერილს ვამზადებთ და გვინდა, ამ “ღამის მგლებს” გავუგზავნოთ. შემდეგ როგორ მოვიქცევით, ეს მათ პასუხზე იქნება დამოკიდებული. ვიცით, რომ 9-ში ვაკის პარკში უნდათ მისვლა, მაგრამ არ შევუშვებთ. თუ კატაობა უნდათ, იაკატაონ, მაგრამ ვერც ვაკის პარკში შევლენ და ვერც ვეტერანებს ვაჩვენებთ.
(…)
„რეზონანსი”: მანამდე თუ იცნობდით ამ ადამიანებს?
ვახტანგ შენგელაია: არა. მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია და არც ვაპირებ. რუსი ბაიკერები ადრეც ჩამოსულან და მათ ვეხმარებოდით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მათაც ის უყვართ, რაც ჩვენ. თუმცა, ეს კლუბი სხვაა და მათთან ურთიერთობას თავს ვარიდებთ. არავის ვიცნობთ და არც გვინდა გაცნობა.