globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 5th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა იწყება // ოპოზიცია „ოცნებასთან“ დიდ პოლემიკა-დაპირისპირებას აანონსებს

რეზონანსი: ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „სახალხო განხილვამ უნდა დაადასტუროს, რომ საზოგადოება ამ კონსტიტუციური ცვლილებების მომხრე არ არის“

რეზონანსი: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას“ // „სახელმწიფოები მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ“

რეზონანსი: რა ზეგავლენას მოახდენს აშშ-ის ბიუჯეტის ახალი პროექტი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე? (თვალსაზრისები)

რეზონანსი: ინტერვიუ პოლონელ ექსპერტთან: „საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ვაშინგტონში წყდება“

რეზონანსი: ხელისუფლება ცხოვრების კიდევ უფრო გასაძვირებლად ემზადება?! // ახალი გადასახადების შემოღება დარტყმას მიაყენებს როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობასაც

——-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: რატომ მოუნდათ მოსამართლეებს ჯავშანჟილეტები // „ევროპაში მოსამართლის გალანძღვა თავში აზრად არავის მოუვა“

——-

ვერსია: რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციონერები და გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში // პარტიების ნაწილი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი მისი ინსტიტუტის დასაცავად აქციებს აანონსებს

——-

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მოსამართლეებს ჰიტლერის არ ეშინოდათ და მურუსიძეს შეეშინდა მიშასი? დღეს ყველაში ზის პატარა მონა!“

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „უჩა ნანუაშვილი არ არის სახალხო დამცველი, ის არის სახალხო მოღალატე“

საქართველო და მსოფლიო: საქართველოს მზე სამხრეთიდან იწყებს ამოსვლას?

——-

რეზონანსი: რუსულ-თურქული გამბიტი და საქართველო

——————–

რეზონანსი“, 05 მაისი, 2017 წელი

კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა იწყება

ოპოზიცია ოცნებასთან დიდ პოლემიკა-დაპირისპირებას აანონსებს

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა იწყება. სულ 11 შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო 9-კაციან ჯგუფთან ერთად სახალხო განხილვაში ერთვება პრეზიდენტი მარგველაშვილი და პლუს ამ შეხვედრებზე დასწრებას აპირებს ოპოზიცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოსახლეობას უნდა აუხსნან, როგორ ცვლის კონსტიტუციას მმართველი პარტია სათავისოდ და ასევე დააანონსეს, რომ ამ განხილვისას დიდი პოლემიკა და დაპირისპირებაც იქნება.

საერთო-სახალხო განხილვა დღეს, 5 მაისს, ქუთაისიდან იწყება 12 საათზე მესხიშვილის თეატრში შეხვედრით. 10 შეხვედრა იქნება რეგიონის დიდ ქალაქებში, საბოლოო, მე-11 შეხვედრა კი, 15 მაისს გაიმართება თბილისში. საყოველტაო განხილვისთვის პარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა 9-კაციანი საორგანიზაციო კომისია, რომლის ხელმძღვანელია პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე. ამ კომისიას საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობა” არ უერთდება. ოთხშაბათსვე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სურვილი გამოთქვა, თავადაც შეერთებოდნენ ამ სახალხო განხილვას. პასუხად გუშინ უმრავლესობამ უშუალოდ პრეზიდენტს შესთავაზა, ჩაერთოს მასში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მმართველი პარტიის ამ შეთავაზების შემდეგ ქუთაისში გაემგზავრა, როგორც განაცხადა, შინაარსობრივი, ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დასადასტურებლად.

გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ უმრავლესობის შეთავაზებას იღებენ და პრეზიდენტი სახალხო განხილვაში ჩაერთვება, თუმცა პირველ განხილვას ქუთაისში მარგველაშვილი ვერ დაესწრება ევროკომისართან უკვე დაგეგმილი შეხვედრის გამო. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა გაახმოვანა, რომ უმრავლესობა უშუალოდ პრეზიდენტს იწვევდა საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რათა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას საკუთარი პოზიციაც გააცნოს. კომისია მარგველაშვილს სთავაზობს, მოხსენებითაც წარდგეს და შემდეგ დებატებშიც ჩაერთოს.

მმართველი პარტიისა და პრეზიდენტის ამ ურთიერთშეთავაზების პარალელურად, გიორგი მარგველაშვილი კამპანიის ფარგლებში ”კონსტიტუცია ყველასია” საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრას და საკონსტიტუციო პროექტის კრიტიკულ შეფასებას აგრძელებს. გუშინ ის სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ საზოგადოებასთან დისკუსია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე საკუთარ ვალდებულებად მიაჩნია და დიდი სიამოვნებით ჩაერთვება იმ სახალხო განხილვაში, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფი იწყებს… დიდი პოლემიკის მოლოდინია ასევე იმის გამოც, რომ ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით დაგეგმილ საყოველთაო განხილვას დაესწრება ოპოზიციაც, რომლებმაც კვირის დასაწყისში ”დაიცავი კონსტიტუციის” კამპანია დაიწყეს და რომლებისთვისაც ”ოცნების” მიერ დაწერილი საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელია.

როგორც კამპანია ”დაიცავი კონსტიტუციის” წარმომადგენელი, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, ისინი დაესწრებიან ყველა შეხვედრას, დასვამენ კითხვებს და დიდი პოლემიკაც იქნება. ”მიმაჩნია რომ ამ ვოიაჟს გათეთრებაც არ უნდა ვაცალოთ ”ქართულ ოცნებას” და ყველა ქალაქში იქ მყოფმა საზოგადოების ნაწილმა უნდა დაინახოს, რომ ეს საყოველთაო განხილვა არის ფარსი ჩვენ გვექნება ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ახსნა, ვნახოთ ვისი აჯობებს”, – ამბობს მამუკა კაციტაძე, რომელსაც აინტერესებს ”ვისი ახსნა აჯობებს – ჟაბუკი პოლიტიკოსების, რომლებიც სადოქტორო ნაშრომის კონსტიტუციად ქცევას აპირებენ, თუ იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ერთსულოვანნი არიან კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.

რეზონანსი“, 05 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „სახალხო განხილვამ უნდა დაადასტუროს, რომ საზოგადოება ამ კონსტიტუციური ცვლილებების მომხრე არ არის

ეკატერინე ბასილაია

„ის ტრადიცია, რომ ასეთ საერთო-სახალხო განხილვაზე ხელისუფლება მიიყვანდა საკუთარ აქტივს და ისინი მხოლოდ ტაშს უკრავდნენ მოწონების ნიშნად, არ უნდა განმეორდეს და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ესაა – ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველამ დაინახოს, რომ ხალხი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არ არის”, – აცხადებს კამპანია „დაიცავი კონსტიტუციის» წარმომადგენელი, “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი, რომელიც ამ შეხვედრებზე ხმაურიან, მწავავე დებატებს აანონსებს.

- “ოცნების” ხელმძღვანელობით საერთო-სახალხო განხილვა იწყება, პირველი შეხვედრა არის ქუთაისში. რას აპირებთ კამპანია “დაიცავი კონსტიტუციის” ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები?

- უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ საერთო-სახალხო განხილვის პროცესში. ყველასთვის ცნობილია, რომ, ტრადიციულად, ეს სახალხო განხილვა არის ფორმალობა, ხელისუფლებას მოჰყავს გამგეობებიდან თანამშრომლები, საკუთარი პარტიის აქტივი, რომლებიც ტაშს უკრავენ, რა კარგი საკონსტიტუციო ცვლილებები მიგიღიათო და ასე დარჩება-ხოლმე კრება მხიარული. ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი, რომ ამის ასე ფორმალურად გატარება არაფრით არ შეიძლება.

ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ისევ მოიყვანს საკუთარი პარტიის აქტივს, გამგეობებისა და მერიის თანამშრომლებს, ჩვენ ყველნაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაგებინოთ შეხვედრების დრო და ადგილი, რომ მარტო ხელისუფლების აქტივი არ დაესწროს შეხვედრებს. ასევე, რაც მთავარია, ვაპირებთ, ჩვენ, პოლიტიკური ლიდერები, ჩავიდეთ და ამ ადამიანებს ავუხსნათ, რა საშინელი კანონების ჩაწერას აპირებს ხელისუფლება კონსტიტუციაში.

მარტივად და გასაგებად უნდა ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლებაზე მორგებული ცვლილებები, იგივე საარჩევნო სისტემა და რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს არავის აზრს, არც ოპოზიციის და არც საზოგადოების. მაგალითად, ვიცით, რომ საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა. ხელისუფლებას საჯაროდ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, რომელ ქალაქში როდის და კონკრეტულად სად იგეგმება განხილვა, ეს მხოლოდ მისმა აქტივმა იცის.

საქართველოს მოსახლეობამ ისიც კი არ იცის, რომელ ქალაქში როდის ტარდება ეს შეკრებები, გრაფიკი ჩვენ ჩაგვივარდა ხელში. გუშინ გავიგეთ, რომ ქუთაისში შეხვედრაა მესხიშვილის თეატრში. დღეს გავიგეთ, რომ ბათუმში შეხვედრა იქნება ორშაბათს, ზუგდიდში – სამშაბათს.

ამ განხილვას ერთთვიანი საყოველთაო განხილვა ჰქვია, თუმცა ხელისუფლებამ ერთთვიანის ნაცვლად გააკეთა 10-დღიანი და ერთმანეთის მიყოლებით ხდება შეხვედრები. ოპოზიციისთვის რთულია ასე ყოველდღე ქალაქიდან ქალაქში გადასვლა, მაგრამ მაინც გავუძლებთ. ჩვენი მიზანია, ხალხს და ვენეციის კომისიას დავანახოთ, რომ ამ სახალხო განხილვაზეც კი ხელისუფლებას არ აქვს ის კომფორტი, რომ მოსახლეობისთვის მათი საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღები იყოს.

- თუკი ამ შეხვედრებზე დიდი ნაწილი რაღაც კონკრეტულ საკითხზე უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, არის შესაძლებლობა ან ალბათობა, რომ ხელისუფლებამ ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ის საკითხი შეცვალოს?

- მსგავსი რამ რეგლამენტირებული არ არის. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, თავიდანვე დავაყენოთ საკითხი, რომ შეხვედრის დაოქმა მოხდეს და ოქმში უნდა აისახოს ყველა განსხვავებული თუ საწინააღმდეგო პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში. ის ტრადიცია, რომ ასეთ საყოველთაო განხილვაზე ხელისუფლება მიიყვანდა საკუთარ აქტივს და ისინი მხოლოდ ტაშს უკრავდნენ მოწონების ნიშნად, არ უნდა განმეორდეს და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

გამოჩნდეს ის, რომ ნამდვილად არის განსხვავებული პოზიციები საზოგადოებაში, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევნები მიუღებელია, გადასანაწილებელი მანდატების ერთი პარტიისთვის ჩუქება მიუღებელია და პოლიტიკური სპექტრის განადგურება ბლოკების აკრძალვით და ბარიერის არდაწევით მიუღებელია. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ესაა – ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველამ დაინახოს, რომ ხალხი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე არ არის.

- ელოდებით, რომ ამ შეხვედრებზე “ოცნებამ” საკუთარი აქტივით თავად შეავსოს დარბაზი და თქვენთვის ადგილი არ დარჩეს? ირაკლი კობახიძემ დააანონსა, ოპოზიცია პრეზიდენტის თაოსნობით გეგმავს ამ შეხვედრებზე დესტრუქციული ელემენტებით დაგვიპირისპირდესო და რამდენად უნდა ველოდოთ რაიმე დაპირისპირებას?

- ჩვენ არანაირი დესტრუქციული ქმედებებისთვის არ ვემზადებით. ჩვენთვის მთავარია, შეკრებილ საზოგადოებას დეტალურად ავუხსნათ, რა არის მიუღებელი და რა უნდა ჩაიწეროს მის ნაცვლად. დიდი იმედი მაქვს, რომ პროვოკაციები არ იქნება. თუ მაინცდამაინც ვიღაც თავზე ხელს აიღებს და პროვოკაციისთვის იქნება განწყობილი, ამის საშუალებას არ მივცემთ და თავსაც არ დავუხრით. ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. ნამდვილად არ ვურჩევ ხელისუფლებას, ეს შეხვედრები დესტრუქციულ კონფრონტაციაში გადაიყვანოს. ამით ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლება დაზარალდება.

ჩვენ საჩხუბრად და კონფლიქტისთვის განწყობილები არ ვართ. მთავარია, ხალხს ხმა მივაწვდინოთ და სახალხო განხილვის პროცესმაც დაადასტუროს, რომ საზოგადოებაც არ არის მომხრე ამ კონსტიტუციური ცვლილებების. დიდი პოლემიკაც იქნება, პოლიტიკური მწვავე დებატი და კონფრონტაციაც იქნება. იმედია, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჩარჩოში დარჩება. თუ ხელისუფლების მხრიდან სხვა რამეა დაგეგმილი, ეს მათთვის კარგი არ იქნება.

რეზონანსი“, 05 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას“ // „სახელმწიფოები უფრო მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ

ნინო ქეთელაური

„ე.წ ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი ატარებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის საჭირო იყო ახალი ღონისძიებების შემუშავება. ამიტომ ლოგიკურია, რომ მსგავსი კანონპროექტი მომზადდა, რომელიც კიდევ ერთი მხარდაჭერაა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისადმი”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია აშშ-ის ახალ საბიუჯეტო დოკუმენტს.

კორნელი კაკაჩია: არ არის რთული იმ მიზეზების მიხვედრა, რამაც გამოიწვია მსგავსი დოკუმენტის მიღება. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც, ფაქტობრივად, დასავლეთის თავსატეხი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ცდილობს მისი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფას და თუ, ვთქვათ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დასავლეთი ორჭოფობდა და ეს შემთხვევა მაინც იზოლირებული ეგონა, უკრაინის კრიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ეს არა იზოლირებული, არამედ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომ თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მეზობელი ქვეყნები.

- მსგავსი დოკუმენტი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენის მოსახდენად შემუშავდა?

- ე.წ ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი ატარებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის საჭირო იყო ახალი ღონისძიებების შემუშავება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მსგავსი კანონპროექტი მომზადდა, რომელიც კიდევ ერთი მხარდაჭერაა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისადმი. აშშ აქამდეც არ აკლებდა დიპლომატიურ ძალისხმევას, განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ახლა უკვე საკანონმდელო ხასიათი მიეცემა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მის პოზიციას.

- ეს რას შეცვლის საქართველოსთვის? ჩვენ გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ იტალიის ერთ-ერთმა ქალაქმა სოხუმთან სავაჭრო და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტი გააფორმა. აშშ-ის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი იქნება თუ არა ერთგვარი პრევენცია ასეთი შემთხვევებისთვის?

- ბუნებრივია, ამას გარკვეულწილად გამაფრთხილებელი ეფექტი ექნება, მაგრამ ძირითადად ეს მაინც უფრო გათვლილია განვითარებად ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის ძალისხმევით აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. რომ მათ არ ჰქონდეთ ცდუნება, ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენონ. ის სახელმწიფოები, რომელზეც რუსული დიპლომატია ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს, მინიმუმ, ორჯერ უფრო მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- ეს დოკუმენტი გაართულებს თუ არა აშშ-რუსეთის ურთიერთობას?

- მართალია, ჩანს, რომ მათი ინტერესები ბევრ რამეში არ ემთხვევა, მაგრამ ჯერჯერობით ორივე მხარე ცდილობს, რომ დიალოგის ფორმა შეინარჩუნონ. ალბათ წორედ ამიტომაც იყო, რომ სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და ტრამპს შორის. მხარეები ჯერ კიდევ ელოდებიან, რომ თითოეულის მხრიდან გარკვეული ცვლილებები იქნება, იგივე სირიის, უკრაინის და ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. ამიტომ წინასწარი პროგნოზი რთულია, საჭიროა, გარკვეული პერიოდი გავიდეს.

რეზონანსი“, 05 მაისი, 2017 წელი

რა ზეგავლენას მოახდენს აშშ-ის ბიუჯეტის ახალი პროექტი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე?

გვანცა წულაია

აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ამერიკის ადმინისტრაციას ეკრძალება, მხარდაჭერა გამოუცხადოს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობას აღიარებენ. ასევე, ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ისეთი ქმედებების განხორციელება ეკრძალებათ, რაც ზემოაღნიშნული ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული. აღნიშნულის შესახებ იმ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო. ამასთან ერთად, სპეცსამსახურის დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო აქტს უახლოეს დღეებში აშშ-ის სენატი დაამტკიცებს, შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს.

რა ზეგავლენას მოახდენს აშშ-ის ბიუჯეტის ახალი პროექტი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): უბრწყინვალესია. მეც ძალიან მინდა, ზუსტად ისე ვყოფილიყავით, როგორც ძლიერი ქვეყნები არიან. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ ჩვენთვის უპირველესი ისაა, რომ აშშ-სთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ვინც ასე არ ფიქრობს, ცდება, ზოგი გულწრფელად, ზოგი კი ძალიან შეგნებულად. ეს უსერიოზულესი მხარდაჭერაა. იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ-ს დახმარება მოაკლდებათ, ძალიან დიდი დანაკარგი აღმოჩნდება. ამიტომ ჩვენთვის ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთვის გენიალური რაღაც მოხდა. ამაზე კარგი რა შეიძლება მომხდარიყო.

ლაშა ჩხარტიშვილი (“დემოკრატიის ინსტიტუტისხელმძღვანელი): ბუნებრივია, რუსეთზე ზეგავლენას ნაკლებად მოახდენს. სხვა სახელმწიფოებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან კი მისასალმებელია, რადგან საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაღიარების პოლიტიკისკენ და ეკონომიკური მხარდაჭერისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): მაინცადამაინც ზეგავლენის მომხდენი არ იქნება. ამ კუთხით რამე რეალური არ იქნება გაკეთებული.

რეზო მიშველძე მწერალი): უნდა გითხრათ, რომ დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება 2-3 ე.წ სახელმწიფომ, გარდა რუსეთისა, მოახერხა. მინი სახელმწიფოები კი სათვალავში ჩასაგდები არ არის. რა თქმა უნდა, ამერიკის ეს ქმედება საქართველოს მხარდაჭერისკენ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ვხედავ, რომ წლები გადის და მსოფლიომ ვერავითარი მექანიზმი, რომელიც რუსეთის მიერ მიტაცებულ მიწებს რამე წინაღობას შეუქმნის, ვერ გამონახა. ჯერჯერობით რუსეთზე ზემოქმედების აბსოლუტურად არავითარი მექანიზმი არ გააჩნია არც გაეროს, არც ევროკავშირს და მგონი, არც მსოფლიოს. ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა ის სანქციები სასაცილოდ აიგდო, რომელიც დასავლეთმა დაუწესა. შთაბეჭდილება მრჩება ისეთი, რომ ეს სანქციები მოსაჩვენებლადაა გამოგონილი. ერთი მხრივ, რუსეთის მიერ დაჩაგრულ და ტერიტორიაწართმეულ ქვეყნებს აგრძნობინონ, თუ როგორ ეხმარებიან. მეორე მხრივ კი, ოკუპანტ რუსეთს თვალი ჩაუკრან და უთხრან, ნუ გეშინია, გააგრძელე, რასაც აკეთებო. დასავლეთს რომ გულით უნდოდეს, საქართველოს და უკრაინას რუსეთის მიერ მიტაცებული მიწები დაუბრუნოს, ამისთვის უამრავი მექანიზმი არსებობს.

ანა რატიანი (ჟურნალისტი): ძალიან კარგია, რომ ამერიკა იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც აქამდეც იყო. ეს ახალი არ არის. უბრალოდ, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსადმი იმას გამოხატავს, რასაც მისი წინამორბედები დეკლარირებდნენ. ძალიან კარგია, რომ ოფიციალურ დონეზე პრეცედენტები არსებობს, რადგან ჩვენთვის ეს პოზიტიური სიგნალია.

რეზონანსი“, 05 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ პოლონელ ექსპერტთან: „საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ვაშინგტონში წყდება

აკაკი გვიმრაძე

“ალიანსში ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება აშშ-ს ინიციატივით და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. ამიტომაც, თუ საქართველოს სურს, რომ გახდეს ალიანსის წევრი, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ამერიკელ პარტნიორებთან. თქვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მოძებნოთ ვაშინგტონში მოკავშირეები, ის ხალხი, ვინც დაინტერესებული იქნება და რეალურად იბრძოლებს საქართველოს დასახმარებლად, ვინც მუდმივად შეახსენებს და იმუშავებს ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან, რათა საქართველო აქტუალური და საინტერესო იყოს თეთრი სახლისათვის”, – განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას პოლონეთის საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორმა ზბიგნევ ლევიცკიმ, რომელიც წარსულში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ასისტენტად მუშაობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით.

ზბიგნევ ლევიცკი: ჩემი ჩამოსვლის მიზანია, შევხვდე პოლიტიკოსებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს და სხვადასხვა ინსტიტუციას, რათა განვიხილოთ თემები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან და იმ გამოწვევებთან, რის წინაშეც დღეს თქვენი ქვეყანა დგას.

- მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და შევეხოთ თემას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში – ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია. როგორ ფიქრობთ, რეალურად რა ფაქტორები აფერხებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას?

- მეც პირდაპირ და გულახდილად გიპასუხებთ, რომ ამ საკითხს აქვს ორი ჭრილი – ეს არის თავად ნატოს პრინციპები და პოზიციები და მეორე – ის რეალობა, რაც საქართველოშია დღეს შექმნილი. უპირველეს ყოვლისა, მთავარია ერთი რამ – ნატოში გაწევრიანების საკითხი წყდება ვაშინგტონში, რადგანაც ალიანსში ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება აშშ-ს ინიციატივით და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. ამიტომაც, თუ საქართველოს სურს, რომ გახდეს ალიანსის წევრი, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ამერიკელ პარტნიორებთან.

თქვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მოძებნოთ ვაშინგტონში მოკავშირეები, ის ხალხი, ვინც დაინტერესებული იქნება და რეალურად იბრძოლებს საქართველოს დასახმარებლად, ვინც მუდმივად შეახსენებს და იმუშავებს ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან, რათა საქართველო აქტუალური და საინტერესო იყოს თეთრი სახლისათვის. მე მქონდა შეხვედრა თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან და მან მითხრა, რომ აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რომ თითქმის თვეში ერთხელ მიემგზავრება ამერიკაში და ეს ძალიან კარგია, ასე უნდა გააგრძელოთ მომავალშიც.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამავე დროს სიმბოლურიც, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია სულ ახალი ჩამოყალიბებული იყო, როდესაც სახელმწიფო მდივანმა რექს თილერსონმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ამით მან აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოსთან თანამშრომლობა. მაგალითისათვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხოლოდ ათიოდე დღის წინ შეხვდა თილერსონს. მაგრამ კარგად უნდა გესმოდეთ, რომ საიმისოდ, რათა გადაიდგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის, საქართველომ უნდა მოახერხოს ვაშინგტონის დარწმუნება, რომ ეს აშშ-ს ინტერესებშია – აი, ეს არის მთავარი. თუ აშშ დარწმუნდება, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მის ინტერესებშია, მაშინ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

ახლა რაც შეეხება იმ რეალობას და ფაქტორებს, რაც გავლენას ახდენს ინტეგრაციის პროცესზე საქართველოს მხრიდან – მთავარი შემაფერხებელია თქვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები. გაურკვეველია, როგორ უნდა მიიღოს ნატომ საქართველო თავის წევრად ამ რეგიონების გარეშე? ეს არის სერიოზული დილემა, რომლის წინაშეც დგანან ალიანსიც და საქართველოც.

ასევე ყოველთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორიც. რაც უნდა გვინდოდეს, ამის გამორიცხვა არ მოხერხდება. ამიტომ საქართველომ უნდა მოახერხოს “ჯადოსნური ფორმულის” გამოძებნა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა მხარის ინტერესებში იქნება და რაც გახსნის გზას ნატოსკენ.

- რა შეიძლება იყოს ასეთი “ჯადოსნური ფორმულა”, შეგიძლიათ, მოიყვანოთ მაგალითები?

- დიპლომატები იმისთვის არსებობენ, რომ სწორედ ასეთი ტიპის რთული ამოცანები გადაწყვიტონ, გამოძებნონ გზები, დაითანხმონ მხარეები, დააინტერესონ ისინი, მოკლედ, ეს წმინდად დიპლომატიური ხერხებია. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მთავარია ვაშინგტონის დაინტერესება, ასეთ შემთხვევაში საქმე დადებითად გადაწყდება. თუ ავიღებთ პოლონეთის მაგალითს, ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა – აშშ-ს არ სურდა, რომ ეს ტერიტორია რუსეთის ზეგავლენის ქვეშ გადასულიყო, ამიტომაც პოლონეთი გახდა ნატოს წევრი.

- მსგავსი “ჯადოსნური ფორმულა” საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაშიც დასჭირდება? ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ უვიზო რეჟიმი შენგენის ზონაში და ბრიუსელიდან ისმის საიმედო გზავნილები, რომ ინტეგრაციული პროცესები გაგრძელდება...

- ევროკავშირში გაწევრიანება დაივიწყეთ, ასეთი რამ გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი მომავლის პერსპექტივაში. და ეს არა იმდენად საქართველოს ფაქტორის გამოა, არამედ თავად ევროპა ახლა ღრმა კრიზისშია. ბრიუსელში სიტყვა გაფართოებისაც კი ეშინიათ. ბრექსიტმა, საემიგრაციო შოკმა და სერიოზულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა ზოგიერთ წევრ ქვეყანაში ევროკავშირი დილემის წინაშე დააყენა – ან ეფექტური რეფორმები და გარდაქმნები, ან სრული გაურკვევლობა.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ახალი წევრების მიღება პერსპექტივაშიც კი არ განიხილება. ამიტომაც საქართველომ ყველაფერს რეალური თვალით უნდა შეხედოს – უნდა გააგრძელოთ თანამშრომლობა ევროკავშირთან, ეს ძალიან სასარგებლოა თქვენთვის, მაგრამ გაწევრიანებაზე ფიქრი არარეალურია.

- რა შეფასებას მისცემთ პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობას სადღეისოდ, ხედავთ კიდევ პოტენციალს, რა მიმართულებით შეიძლება გავაძლიეროთ პარტნიორობა?

- საქართველო და პოლონეთი რომ ნამდვილი მეგობრები არიან, ამას დამატებითი დასტური არ სჭირდება. პოლონეთი მუდამ უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუციებში, დიდ ფორუმებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციებში, რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაჩქაროთ თქვენი დაახლოება დასავლეთთან. მაგრამ ამავე დროს ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი არ არის ლიდერი ქვეყანა არც ნატოში და არც ევროკავშირში, რის გამოც არ შეუძლია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე.

- წლის დასაწყისში პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ბაზა გაიხსნა. როგორ ფიქრობთ, რა ზეგავლენას მოახდენს ამერიკული მძლავრი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში არსებულ ვითარებაზე?

- ჩვენ 20 წელი ვმუშაობდით საიმისოდ, რომ პოლონეთში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა შექმნილიყო და როგორც იქნა, მივაღწიეთ ამას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის გარანტია პოლონეთისათვის, რომ თუ ვინმე ჩვენზე თავდასხმას გაბედავს, მან ჯერ ამერიკულ არმიას უნდა შეუტიოს. ეს არის დასტური იმისა, რომ პოლონეთი აშშ-ს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა რეგიონში. ამას გარდა, ამ ბაზის გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა მოკავშირე ქვეყნისათვის, რადგანაც ამერიკული საჯარისო ნაწილები როტაციის პრინციპით იმოძრავებენ ბალტიისპირეთშიც და ალიანსის წევრთა უსაფრთხოებასაც დაიცავენ. ამიტომაც ესეც უნდა იყოს ნათელი მაგალითი საქართველოსათვის, რომ ძლიერი სურვილისა და მუშაობის შემთხვევაში დიდი პროექტების განხორციელება მიღწევადია.

რეზონანსი“, 05 მაისი, 2017 წელი

ხელისუფლება ცხოვრების კიდევ უფრო გასაძვირებლად ემზადება?!

ახალი გადასახადების შემოღება დარტყმას მიაყენებს როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობასაც

მარი ჩიტაია

მთავრობა ახალი გადასახადის შემოღებისა და არსებულის გაზრდის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებას გეგმავს. ამისთვის სამიზნე კონსტიტუციის 94-ე მუხლია, რომლის თანახმადაც, გადასახადების შემოღება ან არსებულზე განაკვეთის მომატება მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის საფუძველზე არის შესაძლებელი. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებაზე იზრუნოს, ხელისუფლება ცხოვრების კიდევ უფრო გასაძვირებლად ემზადება.

მთავრობაში არ მალავენ, რომ გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით ექნებათ სიძნელე და ამ ბარიერის ასაცილებლად ზომების მიღება მოუწევთ. პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” მდივანი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ შესწორება უნდა შევიდეს და კონსტიტუციიდან ეს მუხლი უნდა ამოიღონ.

“94-ე მუხლი ეწინააღმდეგება წარმომადგენლობით დემოკრატიას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის სოციალური წესრიგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ზოგადად, არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეფერენდუმის საშუალებით იღებდნენ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს მუხლი არასწორია და კონსტუტუციიდან უნდა ამოვიღოთ”, – აცხადებს ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ იგი ხელს უშლის ისეთი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ახალი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას მოინდომებს.

“ხელისუფლებაში, უბრალოდ, ვერ მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება გადასახადის გაზრდას ან პროგრესული გადასახადის შემოღებას, რაც გულისხმობს მაღალშემოსავლიანების უფრო მეტად დაბეგვრას და დაბალშემოსავლიანების საგადასახადო ტვირთის შემცირებას. ამდენად, კონსტიტუციის 94-ე მუხლი არადემოკრატიულია.

საგადასახადო პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ბერკეტის განხორციელებისთვის მთავარია. თუკი რომელიმე ხელისუფლება მოინდომებს გადასახადების გაზრდას, წააწყდება ძალიან დიდ სირთულეს. ყოველთვის აღმოჩნდებიან ძალები, რომლებიც მთავრობის სურვილს ცუდად გაიგებენ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს კონსტიტუციაში.

აქ ლაპარაკი არ არის ახალი გადასახადების შემოღებაზე. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ კონსტიტუციიდან კონკრეტული მუხლის ამოღებაზე და არა ორგანული კანონის შეცვლაზე ან გაუქმებაზე. როგორც საკონსტიტუციო ნორმა, ის მმართველობის არსებულ სისტემასთან შეუსაბამოა. ამ ეტაპზე რაიმე ტიპის გადასახადის შემოღებაზე საუბარი არ არის, ასეთი განზრახვა არ გვაქვს”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

94-ე მუხლს სპეციალისტები ეკონომიკური თავისუფლების გარანტად მიიჩნევენ. ისინი შიშობენ, რომ კონსტიტუციიდან ჩანაწერის გაქრობა საინვესტიციო გარემოს საგრძნობლად გააუარესებს და სოციალურ ფონს ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმებს. იურისტი ლევან ალაფიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ საქართველო არ არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა და სჭირდება ხელჩასაჭიდი გარანტიები, რათა არ განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რაც მოსახლეობას დამატებით პრობლემას შეუქმნის.

“ვიმედოვნებ, მთავრობა დარჩება იმ სიტყვების ერთგული, რაც ამ მუხლთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა. ერთხელ უკვე აღიარეს, რომ 94-ე მუხლთან დაკავშირებული საკითხი გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე და ამიტომ მის რევიზიას არ მოახდენდნენ. მიუხედავად დაპირებისა, ახლა სრულიად სხვაგვარი განცხადება მოვისმინეთ.

წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ როგორ შეიძლება გადასახადების გაზრდამ საინვესტიციო გარემო გააუარესოს. ქვეყნის ეკონომიკას ძალიან უჭირს, დამოკიდებულია დახმარებებზე, გარედან ინექციებზე და შველა სჭირდება. ამისთვის გვინდა სტაბილური გარემო.

მიკვირს, რომ ეს თემა ხელოვნურად გაააქტიურეს. კონსიტიტუციური ცვლილება ორიოდე დღის წინ 108 ხელმოწერით (და არა 113) იყო ინიცირებული. 108 ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას შიგნით აქვს პრობლემა. როგორც ჩანს, მმართველ პოლიტიკურ ძალას უწევს ხმების აკრეფა და შიდა ვაჭრობა მაჟორიტარებთან ან სხვებთან და ეს პროცესი დროში იჭიმება”, – აცხადებს ალაფიშვილი და დასძენს, რომ 94-ე მუხლის გაუქმება საინვესტიციო გარემოს გააუარესებს.

იურისტი ფიქრობს, რომ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებაზე მსჯელობაც კი დემოკრატიის ხარისხზე ცუდ გავლენას მოახდენს, ქვეყანაში სოციალურ გარემოს დაამძიმებს, ცხოვრებას გააძვირებს. ახალი გადასახადების შემოღება რთული იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც.

—————–

„ახალი თაობა“, 05 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: რატომ მოუნდათ მოსამართლეებს ჯავშანჟილეტები // „ევროპაში მოსამართლის გალანძღვა თავში აზრად არავის მოუვა

უფლებადამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც მოსამართლისა და მისი საქმიანობის გაშუქების ახალ სტანდარტს ეხება.

- ქალბატონო ლია, თქვენ როგორ აფასებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ ინიციატივას?

- საზოგადოებისა და მედიის მხრიდან სწორად იქნა აღქმული იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეთა ნაწილის იდეა, რომ შეიქმნას ჯავშანი და ცენზურა დააწესოს. ეს არის ერთგვარად თავის გათავისუფლება საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისგან. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, რადგან ახალ დემოკრატიებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები მყარი არაა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მედიის დამოუკიდებლობას. ამ თვალსაზრისით კრიტიკის ქარცეცხლი დატრიალდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, თუ ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა აიტაცა და კანონის სახე მისცა. საზოგადოების სწორი რეაქცია საყურადღებო უნდა იყოს მართლმსაჯულების მესვეურთათვის. მადლობა ღმერთს, ცენზურა მოვიშორეთ და გავაუქმეთ.

- რატომ დასჭირდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასეთი ინიციატივისთვის მიემართა?

- ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსამართლეების გარკვეულ ნაწილს გაუუქმდა საგამოცდო ვადის გავლის ვალდებულება და პირდაპირ შეიძლება, ისინი სამისდღემშიო მოსამართლის თანამდებობაზე გაამწესონ. ამან მათ გარკვეული ინდულგენცია შეუქმნა, რომ ისინი სამუდამოდ არიან მანტიამოსხმულნი, ძალიან მაღლა მდგომი ადამიანთა კასტა, ამიტომ გაუჩნდათ სურვილი, რომ შეუძლიათ მოითხოვონ, მათ მიმართ პრაქტიკა იყოს განსაკუთრებული.

სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა სამისდღემშიოდ გამწესება, რომელიც მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეას ემსახურება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, ჩვენთან სათანადოდ ვერ იქნა გაგებული და დაფასებული, უკუღმა იქნა აღქმული. მოსამართლეებს მოუნდათ, ჯავშანჟილეტები შემოიცვან, რათა თავი დაიზღვიონ ნებისმიერი კრიტიკისგან, მათ შორის იმ კრიტიკისგან, რომელიც მათ შეიძლება შეურაცხმყოფელად მოეჩვენოთ. ეს ძალიან არაჯანსაღი ტენდენციაა, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას.

- როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ სასამართლოებში? მაგალითად, მოსამართლის კრიტიკა როგორ რეგულირდება საფრანგეთში ან დიდ ბრიტანეთში?

- ცივილიზებული საზოგადოების, დემოკრატიული სახელმწიფოს მოსამართლეს თავში აზრად არ მოუვა, რომ კანონმდებელს მოსთხოვოს მისი კრიტიკისგან დაცვა ან კრიტიკის, თუნდაც მისი შეურაცხყოფის აკრძალვა.

ევროპულ სახელმწიფოებში მოსამართლეებს დიდი რუდუნებით არჩევენ. მოსამართლეებად განსაკუთრებული რეპუტაციის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ადამიანური თვისებების პირებს არჩევენ, რომლებსაც ძალიან მაღალი შეგნება, მორალური კრიტერიუმები აქვთ. ამ ყველაფერს ისინი პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში იმდენად ადვილად ამკვიდრებენ, რომ მათი შეურაცხყოფა თავში აზრად არავის მოუვა.

ეს შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში ცოტა გაუგებარი იყოს, რადგან ჩვენ ვერ ვეღირსეთ ისეთ მოსამართლეს, რომელსაც არ შეეშინდება არც კრიტიკის, არც შეურაცხყოფის, რადგან ის აბსოლუტურად დარწმუნებული იქნება თავისი გადაწყვეტილების სამართლიანობასა და კანონიერებაში.

მე მქონდა საკმაოდ ასაკოვან ამერიკელ ფედერალურ მოსამართლესთან შეხვედრა, რომელსაც ვკითხე, თუ როგორ ხდებოდა მოსამართლის აცილების საკითხის გადაწყვეტა. ძალიან გაოცდა, როცა გაიგო, რომ შეიძლება, ეს საკითხი სამსჯელო გახდეს. იცით, რა მითხრა?! ვიღაცას ოდნავი ეჭვი მაინც რომ გაუჩნდეს, ეს საქმე ობიექტურად ვერ გადავწყვიტო, პირადად ავიცილებ, რათა ვინმეს ოდნავი ეჭვი მაინც არ შეეპაროს ჩემს მიუკერძოებლობაშიო. ეს პასუხი, იცით, რას ნიშნავს? იქ სულ სხვა პლანეტაა, ჩვენთან კი _ სულ სხვა. იქ მოსამართლეები იმსახურებენ ისეთ მაღალ პატივისცემას, რომ არავის თავში აზრად არ მოუვა, მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენოს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთ მოსამართლეებს ძალიან იშვიათად ვხედავთ.

- მოსამართლის იმიჯის ამაღლებაზე თავად მოსამართლე უნდა ზრუნავდეს. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განაჩენი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე

- ბუნებრივია. ამ დროს, მერწმუნეთ, მოსამართლეს არ დასჭირდება კანონმდებლისგან ასეთი ჯავშანჟილეტების შექმნა.  შემიძლია, ჩემი პრაქტიკიდან ერთი მაგალითი გავიხსენო.

ევროსასამართლო საქართველოში საგამოძიებო მისიით იყო ჩამოსული და ჩეჩნების საქმეს იხილავდა. მე გახლდით ჩეჩნების ადვოკატი. გამოძიების პროცესში სხდომები დახურული იყო. სასამართლო პროცესზე რუსეთის მთავრობა 6 წარმომადგენლით იყო წარმოდგენილი. დაკითხვების დროს მათ ჩემს კლიენტებს აგრესიული ტონით დაუსვეს კითხვები. ეს იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ევროპელი მოსამართლისთვის, რომ ისინი შეაჩერა და აუხსნა, რომ მათ არ ჰქონდათ ასეთი აგრესიული ტონით, ასეთი მანერით შეკითხვების დასმის უფლება. ეს იმგვარად იყო გაკეთებული მოსამართლე ჟან-პოლ კოსტასგან, რომელიც შემდეგ სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გახდა, რომ მეტის თქმა მას აღარ დასჭირვებია. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოსამართლის ყოველი ჟესტი, ყოველი გამონათქვამი ქმნის იმ დამოკიდებულებას, რომელსაც შემდეგ ისინი საზოგადოებისგან იმსახურებენ.

- ქალბატონო ლია, თქვენ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ახსენეთ. მინდა გკითხოთ ლევან მურუსიძეზე, რომლის უვადო მოსამართლეობაზეა საუბარი. ეს რა გავლენას იქონიებს ქართული მართლმსაჯულების იმიჯზე?

- იმ მოსამართლეთა კონფერენციას, რომელმაც ლევან მურუსიძე აირჩია, მეც ვესწრებოდი. აღშფოთებული დავრჩი, როდესაც მან სრულიად უკანონო დაპირება მისცა მოსამართლეებს და ამ პირობით მიიღო მან ეს თანამდებობა: თუ მას აირჩევდნენ, მათ, მოსამართლეებს, ვერავინ ვეღარ შეეხებოდა, არცერთი დისციპლინური დევნა არ აღიძრებოდა მათ მიმართ. ეს იყო ღია მოსყიდვა მისი მხრიდან. მოსამართლეებმაც, რომლებსაც ასე სწყურიათ ჯავშანჟილეტები და ხელშეუხებლობის გარანტიები, მას ხმა მისცეს. ვერავინ დამსჯის ამ სიტყვებისთვის და ვიტყვი, რომ ეს იყო მურუსიძის ამორალური დაპირება. ეს არის ამ ქვეყნის სირცხვილი.

———————–

ვერსია“, 4 მაისი, 2017 წელი

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციონერები და გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში

პარტიების ნაწილი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი მისი ინსტიტუტის დასაცავად აქციებს აანონსებს

თათია გოჩაძე

ორ მაისს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, ამის მიზეზად კი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მიღებული პროექტი დაასახელა. ლეიბორისტები ფიქრობენ, რომ თუ მარგველაშვილი ვადამდე ადრე გადადგება, ორ თვეში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და ხალხს საშუალება ექნება, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით მარგველაშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუციას გადაარჩენს და ხელისუფლების ქმედებას კონსტიტუციის ცვლილების წინაშე ხელს შეუშლის…

სხვათა შორის, პრეზიდენტს ამ პოლიტიკური ხრიკის გამოყენებისკენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავით უსუფაშვილმა, რამდენიმე დღის წინ კი ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მოუწოდა. თუმცა ხუხაშვილმა, როგორც იტყვიან, თავისი სიტყვები უკან მაშინ წაიღო, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გარკვევით განაცხადა – 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდებაო. მოკლედ, ექსპერტი ხუხაშვილი განმარტავს, რომ თუ 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები შედგება, გადადგომას არანაირი აზრი აღარ აქვს.

სამაგიეროდ, საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ რჩება ლეიბორისტული პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა პარტიის ინიციატივის შესახებ ასეთ განმარტებას აკეთებ: ,,ხელისუფლება ამ შემოდგომაზე, ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აპირებს. დამტკიცების შემთხვევაში კი ამ ცვლილებების გადასინჯვის მექანიზმები აღარ იარსებებს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს პირდაპირი წესითაც რომ ჩატარდეს, პრეზიდენტს უფლებამოსილება მაინც აღარ ექნება. ანუ პრაქტიკულად უუფლებო და უუნარო პრეზიდენტი გვეყოლება. ხოლო თუ ახლა გადადგება, სრულიად აირევა საკონსიტიტუციო სქემა, რომელიც ხელისუფლებას აქვს დალაგებული. ვერ შევა საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში, რადგან დათქმა აქვთ, რომ ეს ცვლილებები ამოქმედდეს 2018 წელს პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, შემდეგ არჩევნებამდე ძალაში დარჩება ძველი კონსტიტუცია და მინიმუმ 2021 წლამდე ხელშეუხებელი იქნება პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებებით”. გუგავა ასევე აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმის მსგავსი მაჩვენებელი, ანუ თუ არჩევნებზე მოსახლეობის 50% მივა, ავტომატურად ნიშნავს, რომ ხალხს სურს საპრეზიდენტო ინსტიტუტის შენარჩუნება.

,,ვერსია” შეეცადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ამ პოლიტიკური მანევრის გამოყენებას საკონსტიტუციო ცვლილებების შესაფერხებლად. განგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ გააკეთებენ. თუმცა პოლიტიკურ კულუარებში გავარკვიეთ, რომ პრეზიდენტს, მაგალითად პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, ამ ნაბიჯის გადადგმას არ ურჩევს.
სხვათა შორის, პრეზიდენტი კონსტიტუციის დასაცავად ოპოზიციასთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს. ამის ნათელი მაგალითი, ორ მაისს გამართული შეხვედრაა – გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას უმასპინძლა. მათ შორის იყო პარტია ,,რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი, რომელმაც ,,ვერსიას” შეხვედრის დეტალები გააცნო და ისიც გაგვიმხილა, კონსტიტუცია იმდენად ძვირფასია, მის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ ფორმატში ვიმოქმედებთ, შესაძლოა აქციებიც დავიწყოთო: ,,პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დაიხვეწება ეს რედაქცია, რომელსაც მარტო დარჩენილი ,,ოცნება” გვთავაზობს. თუმცა მე, როგორც პარტიის ლიდერსა და საქართველოს მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ დასახვეწი კი არა, მთლიანად შესაცვლელი და უკან გასახმობია არსებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი.

პრეზიდენტი ამ შემთხვევაში კონსტრუქციულია, მე პირადად კი, თუ ხელისუფლებამ უკან არ დაიხია, არაკონსტრუქციულ ფორმატისთვისაც მზად ვარ ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავლის დასაცავად”. ირაკლი ღლონტის განმარტებით, შეხვედრაზე პრეზიდენტისთვის გადადგომის მოწოდებაზეც იყო საუბარი. როგორც ,,რეფორმატორების” ლიდერმა განგვიმარტა, ისიც და მისი ბევრი კოლეგაც, მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურად ეს კონტრეფექტური გადაწყვეტილება იქნება: ,,ვფიქრობთ, ბრძოლაა საჭირო და არა რაღაც მაქინაციების გზით თანამდებობების შენარჩუნება. პრეზიდენტთან საუბრისას შევთანხმდით, რომ უნდა ვიბრძოლოთ პოლიტიკურად”.

———————–

საქართველო და მსოფლიო“, 04 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მოსამართლეებს ჰიტლერის არ ეშინოდათ და მურუსიძეს შეეშინდა მიშასი? დღეს ყველაში ზის პატარა მონა!

ეკა ზარნაძე

იუსტიციის საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ევა გოცირიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც  გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულნი, მოსამართლის თანამდებობაზე ავტომატურად უვადოდ გამწესდნენ. საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელმაც ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა ვახტანგ მჭედლიშვილია. პრეზიდენტის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ვინც გამოსაცდელ ვადაში მუშაობს ვადის ამოწურვამდე უვადოდ არ უნდა გამწესდეს. „თუ ჩვენ უვადოდ გადანიშვნაზე ვსაუბრობთ, მაშინ კანონს უკუქცევითი ძალა უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ნორმას არ აქვს უკუქცევითი ძალა. თუ ინიციატივა რეალობად იქცევა, სამართლებრივი კოლიზია შეიქმნება“, – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

„საქართველო და მსოფლიო“  კომენტარისთვის  პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა:

– სასამართლო სისტემაში არსებული შემადგენლობისთვის უვადო რეჟიმი არ მემეტება. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში პროფესიონალები  გამოჩნდებიან. მე არ ვაღიარებ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ადრე უკანონო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ვეკითხები ლევან მურუსიძეს, იცი როგორი იყო ჰიტლერის რეჟიმი? გიორგი დიმიტროვი  (კომუნისტი აგენტი),  რომელიც გერმანიის პარლამენტის შენობის დაწვაში იყო ეჭვმიტანილი, ნაცისტმა მოსამართლეებმა გაამართლეს. მათ ჰიტლერის არ ეშინოდათ  და მურუსიძეს შეეშინდა მიშასი?

საფრანფეთის მეფე ლუი XIV-მ თავის დროზე  9 მოსამართლე შეკრიბა, რათა მისი მოწინაღმდეგისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ,  მაგრამ მოსამართლეებმა ბრალდებული გაამართლეს. ეს იმის ფონზე, როცა მოსამართლეებს გაანალიზებული ჰქონდათ, რომ მათ ამის გამო  პროვინციებში გადასახლება  არ ასცდებოდათ.

გგონიათ, საქართველოში ყველა მოსამართლეს ზურგზე  ფრთები ამოსდის?  ძალიან ცოტა დრო გავიდა  ტოტალური რეჟიმიდან, შევარდნაძის დროინდელი მექრთამეობიდან   და ,,ნაციონალური მოძრაობის“  მიერ შექმნილი წნეხისგან.  ჩვენთან „შინაგანად თავისუფალი თაობა“ არ არსებობს – დღეს ყველაში ზის პატარა მონა!

- ბატონო სოსო, ევა გოცირიძის ( მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაიწუნა) ინიციატივის მიხედით, მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის რეგულაციების დაწესება იგეგმება. არსებული ინიციატივა ხომ არ შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ან ამით ხომ არ ცდილობენ სასმართლო სისტემებში არსებული განუკითხავობის გადაფარვას?

- ეს არის  საშინელი ცენზურის გამოხატულება, მე ახალგაზრდობა გავატარე იმ ეპოქაში, სადაც საგაზეთო მასალები არ იბეჭდებოდა  ხრუშოვის, ბრეჟნევის ან პარტიის რომელიმე ყრილობაზე ნათქვამი ციტატატების გარეშე.  ეს დაუწერელი კანონივით მოქმედებდა. აქ, სად ხედავთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას? დღესაც იგივე ხდება. იმ მოსამართლეზე, რომელიც შავზე ამბობს თეთრიაო, რომ იტყვი ბრმა არისო -შეურაცყოფაა? სხვას დავეკითხოთ?

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ  ჩვენ  შეგვიძლია მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორი ვუწოდოთ, მაგრამ არ შეგვიძლია მათ მონობა დავწაოთ. ეს სასაცილოა! ეს მის ინტელექტზე მეტყველებს მე თუ მკითხავთ.

რასაკვირველია, ევა გოცირიძის  ინიციატივა თავად სასამართლო სისტემაში არსებული განუკითხავობის გადაფარვას ემსახურება. სასამართლოში მთლიანად სისტემაა შესაცვლელი, რეფორმებია საჭირო. მაშინ, ბატონო, დავურიგოთ მოსმართლეებს ინდულგენციის მსგავსი  სიგელი და ვუთხრათ – რაც არ უნდა გააკეთო შენ ხელს არავინ გახლებს! ასეთ ნდობას სასამართლო სისტემა საზოგადოების მხრიდან  არ იმსახურებს.

საქართველო და მსოფლიო“, 04 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „უჩა ნანუაშვილი არ არის სახალხო დამცველი, ის არის სახალხო მოღალატე

ჯაბა ჟვანია

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურს რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის კვეთისას, სავიზო-საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან მუსლიმ პირებს დაბრკოლებები ექმნებათ.

განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და ააიპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ წარმოადგენდა: „მათ აყოვნებენ და კითხვებს უსვამენ მათი გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობისა და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ ნებაყოფლობით დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას მათი მიმოსვლის თავისუფლების და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გზით. სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ საზღვრის დაცვა და კონტროლი, როგორც წესი, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნული ამოცანის მიღწევის სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებებში იმგვარი ჩარევა, რომელიც მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც უფლების შეზღუდვა მხოლოდ ადამიანის რელიგიური კუთვნილებით არის განპირობებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვით და ინდივიდუალურ საფუძველზე განახორციელოს შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საპასპორტო-სავიზო კონტროლი და თანმდევი საბაჟო პროცედურები; ამასთან, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად გადამზადდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საპასპორტო-სავიზო კონტროლს და თანმდევ საბაჟო პროცედურებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარეს სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა. აი, რა გვიპასუხა მან:

- მოდი, იქიდან დავიწყოთ, რომ უჩა ნანუაშვილი არ არის სახალხო დამცველი, ის არის სახალხი მოღალატე. ის არის საქართველოს მიმართ მტულად განწყობილი ძალების მიერ ჩანერგილი ხორცმეტი, რომელიც ნებისმიერი თავისი მოქმედებით ცდილობს ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევას. აქ უბრალოდ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ მისი კავშირებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენენ.

რაც ეეხება ამ უგვანო მოღალატის კონკრეტულ განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ ეს ადამიანი ძირს უთხრის სახელმწიფოს და თითოეული მისი განცხადება, თითოეული მისი ნაბიჯი, შეგნებულად მიმართულია ამ მიზნისკენ. როგორ შეიძლება, ქართულ სამართალდამცველ ორგანოებს აუკრძალო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მთელს მსოფლიოში ურთულესი მდგომარეობაა ტერორიზმის კუთხით და ყველა ვხედავთ, რა ხდება ევროპაში. კიდევ ვიმეორებ, ნანუაშვილი არის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალებისგან მართული და ის ცდილობს, საფუძველი მოურყიოს ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს ადამიანი სასწრაფო წესითაა გადასაყენებელი, თუ არა და მისი ეს მოღალატეობრივი ქმედებები მომავალში კიდევ უფრო დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს…

საქართველო და მსოფლიო“, 04 მაისი, 2017 წელი

საქართველოს მზე სამხრეთიდან იწყებს ამოსვლას?

ბაკურ სვანიძე

უმარტივესი ჭეშმარიტებაა, რომ ორ უდიდეს იმპერიას შორის მოყოლილი პატარა ქვეყანა თუ ერთთან კატეგორიულად გაწყვეტს ყოველგვარ კონტაქტს, მაშინ მეორე იმპერიას უკვე სრული კარტ-ბლანში ეძლევა ამ პატარა ქვეყნის თავის ჭკუაზე სატრიალებლად. ყურადღება მიაქციეთ – არ ვამბობ “გავლენის სფეროში მოსაქცევად”-მეთქი. აქ საუბარი სწორედ საბოლოო “დაჩოქებასა” და “დაჩმორებაზეა” და არა ისეთ მსუბუქ მდგომარეობაზე, რომელსაც “გავლენის სფერო” ჰქვია.

თანამდეროვე მსოფლიოში გავლენის სფეროში ნებისმიერი პატარა ქვეყანა ისედაც იქნება. უამისობა, უბრალოდ, არ არსებობს. ეს მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფო ორ დიდ იმპერიას შორის ცდილობს ლავირებას და იმ ორ იმპერიას ისღა დარჩენია, ხანდახან მაინც მოთაფლოს და თუნდაც მოჩვენებითი “კეთილგანწყობა” დაანახვოს. ასეთი თუნდაც მოჩვენებითი “მოთაფვლების” შედეგად კი პატარა ქვეყანას შეუძლია, თუ მაინცდამაინც სარეგებლი არა, შედარებით ნაკლები ზარალი მაინც ნახოს და უდიდესი საფრთხეები აიცილოს თავიდან.

ამის საკმარისი გამოცდილება გვაქვს ქართველებს და მით უფრო გასაკვირია, რომ ასე ხელაღებით დავივიწყეთ წინაპართა შეცდომები თუ პირიქით _ სწორი ლავირებები და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი “ტოტი” ჩვენივე ხელით მოვჭერით.

პირდაპირ ვამბობ _ საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობის ასეთი ხისტი მოსპობა და უკანდასახევი ხიდების დაწვა ვისაც შეიძლება ხელს აძლევდეს, ეს თურქეთია. ისიც ფაქტია, რომ ოსამალების საქმის გამგრძელებლებმა მათივე სამხედრო პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, ხელშეწყობითა და დიდი მონდომებით მოაწყვეს საქმე კავკასიაში თავიანთ სასარგებლოდ.

სიტყვამ მოიტანა და კონკრეტულად ავხსნათ, რას ნიშნავს “საქმის თავიანთ სასარგებლოდ მოწყობა” და შემდეგ ისევ მივუბრუნდეთ ზოგად მსჯელობას.

ამ დღეებში გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია: “თურქეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველომ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის თანახმად, ევროსაბჭომ თურქეთი პოსტმონიტორინგის ეტაპიდან ისევ მონიტორინგის ეტაპზე დააბრუნა. ამის მიზეზი გახდა თურქეთის პრეზიდენტის _ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ ჟურნალისტების დაპატიმრებები, ოპოზიციის დევნა და საკონსტიტუციო რეფერენდუმი. ევროსაბჭოში 2 საათის განმავლობაში გამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც თურქეთსა და მის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდნენ. საბოლოოდ თურქეთის ასეთი ფორმით დასჯას ხმა მისცა 113 ევროპულმა ქვეყანამ, რომელთა შორის არ იყო საქართველო. ჩვენი ქვეყანა იმ 45 ქვეყნის რიგებში აღმოჩნდა, რომლებმაც თურქეთის გავლენით ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს”.

როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს ეს ინფორმაცია? აკი, აქამდე ყველა იმ გადაწყვეტილების გულმხურვალე მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიღებული, ქართველი დიპლომატები იმით ხსნიდნენ, რომ ევროპელები ითხოვენ ასეო. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის წინააღმდეგ ასე დაუფარავად წასვლა დიდ საფრთხეს უქმნიდა ჩვენს ქვეყანას, მაინც გვეუბნებოდა ქართული ოფიციოზი _ თუკი ასე არ მოვიქცევით, მაშინ ევროპა ზურგს შეგვაქცევს და ამიტომ იძულებული ვართ, რისკზე წავიდეთ და რუსეთს დავუპირისპირდეთ, რათა ევროპულ ოჯახში მოხვედრის შანსი არ დავკარგოთო.

მაშ, ახლა, როდესაც საქმე თურქეთის “მსუბუქ დასჯას” ეხება, რატომ ვუპირისპირდებით ევროპის 113 წამყვან, ძლიერ სახელმწიფოს და რატომ ვართ იმ 45 “მაჩანჩალის” რიგებში?

რა თქმა უნდა, ყველა ეს კითხვა რიტორიკულია და ნათელია, რაც ხდება სინამდვილეში საქართველოს თავს. არაფერ შუაშია აქ ევროპა, ევროპული ოჯახი და ფასეულობები. საქმე ის არის, რომ რუსეთთან “ხიდების საბოლოო დაწვის” შედეგად, ჩვენ თურქების პირდაპირი მონები გავხდით. ოღონდ კი თურქეთს არაფერი ვაწყენინოთ და უკვე პირდაპირ მივდივართ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც კი.

თავის მხრივ, თურქებიც იმ დონეზე გათავხედდნენ, რომ ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნასაც გვიკრძალავენ. რა თქმა უნდა, არავინაა ისეთი გულუბრყვილო, რომ დაიჯეროს _ თურქეთის ელჩის პოზიცია დიდგორობის მიმართ “თხოვნა” იყო და სხვა არაფერი. ან თუნდაც თხოვნა ყოფილიყო, ვფიქრობ, თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი რამ “დიდ მეზობელს” თხოვნის დონეზეც კი არ უნდა გააბედინოს.

ჩვენ კი უკვე ისეთი “ექსპერტები” და “ჟურნალისტებიც”გვყავს, რომლებიც ტაო-კლარჯეთსა და სამცხე-ჯავახეთს ქართულ მიწად აღარ მიიჩნევენ, რადგან თურმე ეს მიწები “გაერომ სცნო” და ჩვენმა მთავრობამაც, თავის მხრივ, ხელი მოუწერა თურქებს იმაზე, რომ მათთან საქართველოს ტერიოტირიული პრეტენზია აღარასოდეს ექნება, ანუ რეალურად საქართველოს ოფიციალურმა წრეებმა “აჩუქეს” ეს ტერიტორიები თურქებს.

თუმცა მე სულაც არ მაინტერსებს, რა აღიარა “გაერომ” და საქართველოს რომელმა მთავრობამ როდის რა ადგილი აულოკა თურქებს.

ქართველი ხალხისთვის ტაო-კლარჯეთი და სამცხე-ჯავახეთი ქართული მიწაა და მოდი, ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ, მიუხედავად ყარსის ხელშეკრულებისა, თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა ხელისუფლებასაც კი არასოდეს მოუწერია ხელი ისეთ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც თურქეთთან არასოდეს ექნებოდა პრეტენზია ამ ტერიტორიებზე და ვინმე სამუდამოდ აღიარებდა თურქეთის უფლებებს ტაო-კლარჯეთსა და სამცხე-ჯავახეთზე.

ისიც ყველამ კარგად იცის, რომ იოსებ სტალინი, ფაქტობრივად, მზად იყო, სარფიდან ტრაპიზონამდე ტერიტორია საბჭოთა კავშირისთვის, რეალურად კი საქართველოსთვის, შემოეერთებინა, მაგრამ იაპონიაში ჩაგდებულმა ამერიკულმა ატომურმა ბომბებმა შეაჩერა ეს ოპერაციები.

ახლა მეძახეთ რუსეთუმე და “რუსული პროპაგანდისტი”, ოღონდ გულს რომ მოიჯერებთ, მერე კარგად დაფიქრდით, _ რა უფრო ნაკლებად საზიანო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის: რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება ჩვენს რეგიონში თუ თურქების ასეთი სამარცხვინო მონობა, რის გამოც დღესასწაულების აღნიშვნასაც კი ვერ ვბედავთ მათთან შეუთანხმებლად.

რა თქმა უნდა, ოპონენტები ახლა აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სოხუმში გახსნილ რუსეთის საელჩოს მოიტანენ მაგალითად. ამაზე არავინ დავობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს თავხედობაც არის, ოკუპაციაც, ანექსიაც, აგრესიაც და მტრობაც, მაგრამ სწორედ აქ არის საჭირო ტვინი, აზრი, გონება და გონიერი მოქმედება, რომ ძლიერი მტერი არ გამოიწვიო, არ გააბრაზო, არ გაამწარო და არ გადაადგმევინო ხისტი ნაბიჯები.

მარტივია _ ნებისმიერი ძლიერი მტერი ცდილობს, ზედმეტი თავის ატკივების, ანუ სამხედრო რისკების, ცოცხალი ძალის მსხვერპლის გარეშე მიიღოს თუნდაც მინიმუმი თავისი სტრატეგიული ინტერსებისა და, თუ შენ დათმობ, გარკვეულწილად ისიც დაგითმობს. თუ შენ გაჯიქდები და “ვაჟკაცობანას” დაიწყებ და მტერი იძულებული შეიქნება, “თავი აიტიკივოს”, ანუ სამხედრო რისკებზე წავიდეს, მაშინ რაღა მინიმუმს მოითხოვს, ადგება და ბარემ მაქსიმუმს წაიღებს და მიითვისებს! სწორედ ამას აკეთებს ახლა რუსეთი, რომელიც 2008 წელს ქართველებმა ვაიძულეთ “თავი აეტკივებინა”.

ახლა ვიცი, უკვე მზად არის მავანი, “სამშობლოს მოღალატე” მიწოდოს. არადა, ვფიქრობ, ღალატი სწორედ ის არის, როდესაც შიშით ან სარგებლის მიღების სურვილით არ ამბობ იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობ. მე სწორედ ასე ვფიქრობ სინამდვილეში და ამაში არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან არანაირ “ხეირს” არ ველოდები. აი თქვენ კი, სწორედ იმის გამო, რომ “წარმატებას” მიაღწიოთ, მიიღოთ გრანტები თუ სხვა მატერიალური სიკეთეები, არ ამბობთ იმას, რასაც შეიძლება რეალურად ფიქრობდეთ: რუსეთთან “ხიდების დაწვა” საქართველოს დაჩაჩანაკებას, დაკნინებასა და დამონებას ნიშნავს.

ზევით ისტორია ვახსენეთ და განა სწორედ სიმართლისა და სწორი პოლიტიკის გამო არ განდევნეს საქართველოდან ვითომ “პატრიოტმა” თავდებმა “შაჰ-აბასის მეგობრად” შეარცხილი გიორგი სააკაძე?

არადა, გაიხსენეთ, ვიდრე სააკაძეს განდევნიდნენ, როგორ, რა ხერხით დაიბრუნა თბილისი ქართულმა გარნიზონმა და საქართველომ. სწორედაც მტერ, აგრესორ, ოკუპანტ შაჰ-აბასთან მეფე ლუარსაბის აუდიენციის, სპარსეთის “მეგობრობის” დამტკიცებისა და, როგორც ახლა ურაპატრიოტებს უყვართ ხოლმე თქმა, “ჩექმების ალოკვის შემდეგ” შაჰ-აბასმა ბრძანა, თბილისის ციხიდან სისხლის დაუღვრელად გასულიყო დელუ-მუჰამედის სარდლობით მდგარი სპარსული გარნიზონი და თბილისი ქართლის მეფე ლუარსაბს გადასცემოდა სამართავად. ეს ყოველივე “მოღალატე” გიორგი სააკაძის მოქნილი და სწორი საგარეო დიპლომატიის შედეგი იყო. ძალიან ცდება ის, ვისაც დიდი მოურავი მხოლოდ ხმლის მქნეველი ჰგონია… არადა, იყვნენ მაშინაც ე.წ. პატრიოტები, რომლებიც შაჰ-აბასთან “მეგობრობას” ქვეყნის ღალატად მიიჩნევდნენ.

დარჩნენ კიდეც ასეთი “პატრიოტების” გარემოცვაში “მოღალატე” გიორგი სააკაძის განმდევნელი ქართლის მეფე ლუარსაბი და “მოღალატე” ქაიხსორო ჩოლოყაშვილის მკვლელი, კახეთის მეფე თეიმურაზი და, ამის შემდეგ რაც მოხდა კახეთსა და ქართლში, რამდენჯერ შემოესია შაჰ-აბასი კახეთ-ქართლს და რა შედეგი მოტანა “პატრიოტთა” მიერ “ჩექმების არალოკვის” პოლტიკამ, ყველამ ვიცით…

და ისევ და ისევ “შაჰ-აბასის ჩექმის მლოკავი” დიდი მოურავი, “მოღალატე” გიორგი სააკაძის მიერ საკუთარი თავისა და საკუთარი შვილის გაწირვა რომ არა, დღეს, ალბათ, ქართველის სახსენებელიც აღარ იქნებოდა ქვეყანაზე!

თუმცა სჯობს, აქ შევჩერდე, თორემ, როგორც ვხედავ, მავანი უკვე ემზადება კვლევების ჩასატარებლად, რათა დაადგინოს, რამდენს მიხდის ასეთ “პროსპარსულ პროპგანდაში” ირანის ლომის, შაჰ-აბასის, ადმინისტრაცია…

———————–

რეზონანსი“, 05 მაისი, 2017 წელი

რუსულ-თურქული გამბიტი და საქართველო

ვახტანგ შამუგია

სირიის თავზე 2015 წლის 28 ნოემბერს თურქული გამანადგურებლის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვსა და ანკარას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა გეომეტრიული პროგრესიით ლაგდება და სულ უფრო და უფრო თბება. ამისი ნათელი მაგალითი 3 მაისს სოჭში ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის გამართული შეხვედრა იყო. ამ უკანასკნელმა მასპინძელს “გულითადი მეგობარი” და “ძმა” უწოდა. კომპლიმენტები არც რუსეთის პრეზიდენტს დაუშურებია. თუმცა კრიზისის პერიოდში ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებსა და გამონათქვამებს არ იშურებდნენ.

თავიანთი ქვეყნების ლიდერების მსგავსად, რადიკალურად არის შეცვლილი რუსული და თურქული მედიის რიტორიკაც. ერდოღანს რუსი ჟურნალისტები “ისლამისტური სახელმწიფოს” მფარველად აღარ მოიხსენიებენ, მათი თურქი კოლეგებიც პუტინს “დიქტატორისა და აგრესორის” ნაცვლად “შორსმხედველ და გამჭრიახ პოლიტიკოსს” უწოდებენ. “გარკვეული პერიოდის წინ ჩვენი ურთიერთობა გამოცდის ეტაპზე იყო, ახლა კი დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთიერთობის აღდგენის პერიოდი წარმატებით დასრულდა”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მან თურქ კოლეგას 17 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმში მიღწეული წარმატება მიულოცა.

სოჭში გამართული მოლაპარაკება ძირითადად სირიის არაბულ რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს შეეხო. თურქეთმა რუსული მხარის მიერ ისლამისტების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

თუმცა ანკარასა და მოსკოვს შორის სირიის საკითხზე სრულ იდილიას ქურთული ფაქტორი უშლის ხელს. ერდოღანის ბრძანებით თურქი სამხედროები ექსტრემისტების წინააღმდეგ მებრძოლი ქურთი მეამბოხეების პოზიციებსაც ბომბავენ, რაც კრემლის გაღიზიანებას იწვევს.

თურქები კი ამას თურქეთის ტერიტორიაზე “პეშმერგასა” და “ქურთ მუშათა პარტიის” მიერ განხორციელებული ტერორისტული საქმიანობით ხსნიან. ამასთან, ერდოღანი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის გადადგომის მომხრეა, რაც კრემლისთვის აგრეთვე მიუღებელია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოლაპარაკება მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის საუბარი შეეხო იმ შეზღუდვებსაც, რაც ქვეყნებმა ერთმანეთს 2015 წლის დეკემბრიდან დაუწესეს. კერძოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ სულ მალე თურქული ხილ-ბოსტნეული დაუბრუნდება რუსულ ბაზარს, ანკარა კი მოსკოვს იმ შეზღუდვებს მოუხსნის, რაც თურქეთში ხორბლის ექსპორტზე დაუწესდა.

“ჩვენ გვინდა, რომ თურქული პომიდორი რუსულ ბაზარზეც აღმოჩნდეს. თურქული პომიდორი გემრიელი და იაფია. ეს შეზღუდვები კი დროებითია”, – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ თურქული მხარე რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის – ს-400 შეძენით არის დაინტერესებული.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკური შერიგების სწრაფი ტემპი რიგი პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოებებით აიხსნება.

“მართალია, სირიისა და ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით ანკარასა და მოსკოვს განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგრამ მათ საერთო ინტერესებიც აქვთ. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია რუსული ენერგორესურსების ევროპის მიმართულებით ტრანზიტთან. საუბარია “ცისფერი ნაკადი 2″ მილსადენზე, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და ევროპა ბუნებრივი აირით მოამარაგოს. 2015 წლის ბოლოსთვის ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 40 მლრდ. აშშ დოლარს აჭარბებდა. არსებული დაპირისპირება ამ მაჩვენებელზე ნეგატიურად აისახა, შესაბამისად, ორივე მხარე დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობის დარეგულირებით. ამასთან, რუსეთის სურვილია, თურქეთის პოლიტიკა ნატოსთან მიმართებაში უფრო მეტად დამოუკიდებელი და ხისტი გახადოს, რათა ალიანსის წარმომადგენლობა შავ ზღვაში შესუსტდეს და გაუარესდეს ანკარა-ბრიუსელის ურთიერთობაც”, – თქვა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთის პოზიციების მსგავსი დაახლოება და ერდოღანის კონფრონტაცია დასავლეთთან საქართველოს ინტერესებზე ნეგატიურად აისახება.

„დღის წესრიგში დგას თანაც მილსადენის პროექტი, რომლითაც ევროპას საქართველოსა და თურქეთის გავლით შაჰდენიზ 2 საბადოდან ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს. პროექტის განხორციელება ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, ამასთან, საქართველოს ინტერესებშია ნატო-თურქეთის ურთიერთობის გაღრმავება და შავი ზღვის რეგიონში ალიანსის ძალების დასწრების ზრდა. ერთადერთი პოზიტივი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში რუსეთ-თურქეთს შორის სახმელეთო გზით ტვირთბრუნვა საქართველოს გავლით მოხდება, რაც გარკვეულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, თუმცა ნეგატიური მხარე უფრო მეტია” – თქვა ნიკა ჩიტაძემ. მისივე თქმით, რუსულ-თურქული ურთიერთობის დათბობა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ თურქეთში არსებული მძიმე სურათი ნატოში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა როგორც ბრიუსელისათვის, ისევე ანკარისათვის ურთიერთთანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ უკანასკნელს ძალზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს.

დასავლეთი კი თურქეთის უმსხვილესი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად დიდ ხანს გასტანს რუსულ-თურქული იდილია, რადგანაც, როგორც აღინიშნა, რიგ მნიშვნელოვან საკითხებში მათ განსხვავებული პოზიციები უკავიათ.

ეს ნათლად გამოჩნდა აშშ-ის მიერ სირიაში 4 აპრილს განხორციელებული სარაკეტო იერიშისას. ერდოღანმა დონალდ ტრამპის ქმედებებს მხარი დაუჭირა მაშინ, როდესაც ოფიციალური მოსკოვი მომხდარით აღშფოთებას ვერ მალავდა.

Comments are closed