„რეზონანსი“: ფეთქებადსაშიში შემოდგომა ნატოს ცენტრის გახსნის ფონზე // “რაც უკრაინას ასოცირებაზე ხელმოწერის გამო დაემართა, ჩვენ შესაძლოა, ნატოსთან დაახლოების გამო დაგვემართოს”
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: „აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ იქ მხოლოდ სტუმრად ჩავდივართ“
„ვერსია“: ინტერვიუ სლოვაკეთის პირველ ელჩთან საქართველოში
———————
„რეზონანსი“, 5 აგვისტო, 2015 წელი
ფეთქებადსაშიში შემოდგომა ნატოს ცენტრის გახსნის ფონზე
“რაც უკრაინას ასოცირებაზე ხელმოწერის გამო დაემართა, ჩვენ შესაძლოა, ნატოსთან დაახლოების გამო დაგვემართოს”
თაკო მათეშვილი
ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა, თრუსოს ხეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევა, ენგურჰესისა და მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემის ხელში ჩაგდება, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება – სწორედ ამას ელიან პოლიტოლოგები რუსეთის მხრიდან ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდგომ.
იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველო ალიანსს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება, ფართომასშტაბიან მოქმედებებსაც არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ დაახლოებით იგივე გველის, რაც უკრაინაში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხდება.
სწორედ ამიტომ, ისინი ხელისუფლებას პრევენციული ღონისძიებების გატარებას ურჩევენ, რათა ეს ყველაფერი თავიდან იქნეს აცილებული. ამაში კი, პირველ რიგში, რისკის ზონებში ბლოკპოსტების განლაგებას გულისხმობენ. მეორე მხრივ კი, ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ და ამბობენ, რომ მასთან დაახლოება ჩვენთვის მეტი დაცულობის მომტანი უნდა იყოს და არა საფრთხის.
მოგეხსენებათ, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თვის ბოლოს ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება. იგი თბილისს 26 აგვისტოს ეწვევა და სტუმრობა ორ დღეს გასტანს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან.ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა უელსის სამიტზე გადაწყდა და მის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა დეტალები არ ხმაურდებოდა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გაამხილა ის ადგილები, სადაც ცენტრი განთავსდება. მისი თქმით, იგი როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს.
“სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
სტოლტენბერგის ვიზიტსა და ცენტრის გახსნას უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებენ სფეროს სპეციალისტები და ამბობენ, რომ ეს ჩვენს სწრაფვას დასავლეთისა და დასავლური ღირებულებებისადმი კიდევ ერთხელ ცხადყოფს. თუმცა, მათი თქმით, აქ საფიქრალი ისაა, თუ რას უნდა ველოდოთ ჩვენი მეზობელი აგრესორი რუსეთისაგან.
პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე და აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთმა უკვე გადადგა და ნავთობსადენის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
გარდა ამისა, ავტომატის ჯერის დაფარვის ზონაში მოაქცია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. ეს კი, დავითაიას თქმით, რუსებს საშუალებას აძლევს, მაგისტრალზე მოძრაობა შეაჩერონ. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ ცენტრის ამუშავების შემდგომ მეტი საფრთხე დაგვემუქროს. თუნდაც ავტომაგისტრალთან და ნავთობსადენთან დაკავშირებით – “დღეს კი მიედინება მასში ნავთობი, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ასე შეიძლება აღარ იყოს”, – შიშობს იგი.
გარდა ამისა, მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ “საზღვრის” დემარკაცია გაგრძელდება, ცხინვალის ე.წ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელია, რომ მან “საზღვარი” თრუსოს ხეობაშიც “აღადგინოს”. ამაზე, დავითაიას თქმით, განცხადებები უკვე კეთდება.
“აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით რუსებმა ადგილობრივი მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყეს, რომ შემოდგომაზე კაშხლის აღებას აპირებენ. მოგეხსენებათ, კაშხალსაც და მისი მართვის პულტსაც ქართველი ენერგეტიკოსები აკონტროლებენ, რადგან აფხაზი ენერგეტიკოსი ბუნებაში არ არსებობს. ჩემი ინფორმაციით, “ჩერნომორენერგომ” (აფხაზური ჯგუფი), რომელიც ენგურჰესზე მუშაობს, რუსეთის ენერგოსისტემასთან დაიწყო მოლაპარაკება, რათა შემოდგომაზე კაშხლის სპეციალისტები ჩამოიყვანოს. ცხადია, რომ რაღაც ღონისძიებები და ქართველების ჩამოცილება იგეგმება. შემდგომ კი ქართული ენერგოსისტემის მთლიანად ხელში ჩაგდება. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა აგვისტოს ომის შემდგომაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ განახორციელეს. სწორედ ეს საფრთხეებია მოსალოდნელი შემოდგომისათვის. მათგან ერთ-ერთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისი შეიქმნას. ამ მიმართულებით ველოდები გართულებებს”, – აღნიშნავს დავითაია. მისივე თქმით, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი დასავლეთისაკენ მიდის, მაშინ გამაგრებაზეც აქტიურად იმუშაოს. გამაგრებაში კი იმას გულისხმობს, რომ თუნდაც კაშხლის მიდამოებში საჯარისო ფორმირებები უკვე განლაგდნენ. მიიჩნევს, რომ იქ ბლოკპოსტები უნდა გაკეთდეს.
გარდა ამისა, ბლოკპოსტები აუცილებლად უნდა განლაგდეს, დავითაიას აზრით, ცენტრალურ მაგსტრალთანაც და თრუსოს ხეობაშიც. რაც შეეხება ნავთობსადენს, აქ, მისი აზრით, პრობლემა უფრო რთულადაა, რადგან საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.
“ამ ღონისძიებების გატარებას მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, მთავრობა კონკრეტულ მომენტებში ცეცხლის ჩაქრობის პრინციპით მუშაობს. მაგალითად, როცა ბოლოს ე.წ. საზღვარი გადმოწიეს და ტრასამდე 400 მეტრიღა დარჩათ, აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ ეს დღეს აღარავის ახსოვს”, – ამბობს დავითაია.
ბლოკპოსტების მნიშვნელობაზე საუბრისას მაგალითად 2008-2012 წლები მოჰყავს და ამბობს, რომ სანამ ე.წ. საზღვართან ბლოკპოსტები იყო, იგი არ გადმოუწევიათ. როგორც კი მოხსნეს, მცოცავი ოკუპაცია დაიწყო. ჯერ 300 მეტრით გადმოწიეს, მერე 500-ით, მერე 1 კილომეტრით და ტრასასთანაც მოვიდნენ. მისი აზრით, ხელისუფლებას ჩვენი ტერიტორიების დაცვის შიში არ უნდა ჰქონდეს.
“დღეს არაფერი კეთდება და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ. არადა ამ ცენტერის გახსნა მისი გაღიზიანების უმაღლესი წერტილია. მითუმეტეს, რომ იგი სააკაშვილსაც კი არ ჰქონია, მის დროსაც კი არ გახსნილა ნატოს საწვრთნელი ბაზა საქართველოში და ამის გაკეთება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა იგი რუსეთთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, რუსეთისთვის ორმაგად გამაღიზიანებელია”, – აცხადებს პაატა დავითაია.
ბაზის გახსნასთან დაკავშირებით პირდაპირი აგრესიის გამოხატვას არ ელის “კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი, თუმცა პროვოკაციების მოლოდინი საოკუპაციო ხაზთან აქვს. მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა გაგრძელდება.
“რუსეთის ხელისუფლებას თავისი პოზიცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით არაერთხელ დაუფიქსირებია. კარგად ვიცით, რომ მას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ, საქართველოში ნატოს ნებისმიერი სახით გამოჩენა რუსეთის მხრიდან ძალიან უარყოფითად იქნება აღქმული. რისკები, რაც ამ ყველაფერს ახლავს, არა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ, არამედ ნატომაც უნდა შეაფასოს”, – აღნიშნავს იგი.
უფრო სერიოზულ საფრთხეს კი კანაშვილი იმ შემთხვევაში ელის, თუკი ალიანსთან კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ. მისი თქმით, ჩვენც და ნატოს წევრმა ქვეყნებმაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში რამე სახის გარღვევა და დაახლოება მოხდება, მაშინ ჩვენზე მე-5 პუნქტიც უნდა გავრცელდეს, რათა უსაფრთხოების გარანტია გვქონდეს.
ამბობს, რომ ალიანსთან დაახლოება, ჩვენი უსაფრთხოებისათვის გვინდა და არა პირიქით. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ თუკი მასთან ურთიერთობა ქვეყანაზე ცუდად აისახება და რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან პროვოკაციებს გამოიწვევს, ხოლო ნატოს პასუხის გაცემის თავი არ ექნება, ჯობია, თავი შევიკავოთ, ან როგორმე გარანტიები მივიღოთ.
“კარგად ვხედავთ თუ რა ხდება უკრაინაში. იქ მიმდინარე პროცესებმა კარგად აჩვენა, რომ ევროკავშირისა და ნატოს ჩინოვნიკები ყოველთვის ყოვლისმჭვრეტელნი არ არინ. ის, რაც უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გამო დაემართა, ჩვენ შესაძლოა ნატოსთან დაახლოების გამო დაგვემართოს, ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ”, – აცხადებს კანაშვილი.
„საქართველო და მსოფლიო“, 5 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან: „აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ იქ მხოლოდ სტუმრად ჩავდივართ“
შორენა ცივქარაშვილი
(შემოკლებით)
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 7 წელი გავიდა. დგას თუ არა დღეს საქართველო ომის საფრთხის წინაშე და მზად არის თუ არა გამოწვევებისთვის – ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება.
- 2008 წლის მოვლენებიდან დიდი დრო გავიდა, ყოველ შემთხვევაში, პატარა ქვეყნისთვის ეს საკმარისი იყო დასაფიქრებლად და ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც ამ ქვეყნის როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ გამოჯანმრთელებას შეუწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მსგავსი რამ არ მოხდა და, როგორც ვატყობ, არც მომავალში მოხდება, ვინაიდან 2008 წლის სისხლიანი მოვლენების შემდეგ საქართველოში, პოლიტიკური თვალსაზრისით, დიდწილად არაფერი შეცვლილა. ვერც საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ და ვერც ახალმა ვერ გამოიტანეს დასკვნები – რა მოხდა 2008 წელს.
- შესაძლებელი იყო კი რეალური ცვლილებები? ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის კარდინალურად გამოსწორება შეუძლებელი იყო.
- ახლა უკვე ნათელია და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ითქვას: სააკაშვილის ხელისუფლება შეკვეთას ასრულებდა. საქართველო რუსეთისთვის ამიერკავკასიის ცხელ წერტილად უნდა გადაქცეულიყო. მიხეილ სააკაშვილმა ეს დავალება შეასრულა, მაგრამ საქართველომ არ შეასრულა სააკაშვილის დავალება და არ აჰყვა მის ავანტიურას. ხალხი არ აჰყვა არც ბაქრაძის ავანტიურას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩანგლებითა და დანებით ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა.
როდესაც ამბობენ, ვლადიმერ პუტინია ყველაფერში დამნაშავეო, მინდა, აღვნიშნო: პუტინი საერთოდ არ იყო საქმის კურსში, ვინაიდან იმხანად ის რუსეთის პრემიერის რანგში, პეკინში, ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ყველაფერი, რაც მოხდა, რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის მედვედევის გადაწყვეტილება იყო და, სხვათა შორის, მედვედევს, ამ ნაბიჯების გამო, როგორც რუსეთის პოლიტიკური ელიტა, ასევე რუსული პრესაც მწვავედ აკრიტიკებდა.
- შესაძლებელია, პუტინს არაფერი სცოდნოდა?
- დიახ, ვინაიდან, მოვლენები სწრაფად განვითარდა და არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი ასეთ სულელურ ნაბიჯს გადადგამდა.
- დღეს რა ვითარებაა, დგას თუ არა ქვეყანა ისევ ომის საფრთხის წინაშე? მოგეხსენებათ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა და მართალია, საქართველოში ამტკიცებენ, რომ ახალი არაფერი მომხდარა და ქვეყანამ, უბრალოდ, ძველი დადგენილება გააგრძელა, ამ ფაქტს უკვე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის - დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ გამორიცხული არ არის, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგას…
- საქართველო თავისი ქმედებებით რუსეთის გასაღიზიანებლად ყველაფერს აკეთებს. გამუდმებული ლაპარაკი იმაზე, რომ ნატოში შევდივართ და სულ მალე ნატოს საწვრთნელი ბაზა გაიხსნება საქართველოში, ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ შორის, თავდაცვის მინისტრის გაცხადებები, ცხადია, რუსეთს აღიზიანებს და ისიც ცხადია, არ იქნება საქართველოს მიმართ დადებითად განწყობილი. თავდაცვის მინისტრი, რომელიც ისეთივე თავდაცვის მინისტრია, როგორც მე – ჩინეთის პრეზიდენტი, ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ძალიან ღიზიანდება ქართული პოლიტიკური ელიტის უკრაინაში ნავარდით. რუსებს განსაკუთრებით აღიზიანებთ სააკაშვილის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის მმართველად დანიშვნა და მისი ანტირუსული განცხადებები. მათთვის ისიც მიუღებელია, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის მხარეს იბრძვიან. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და ქმედებების გამო საფრთხე, ცხადია, არსებობს. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რუსეთმა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომლებიც საქართველოს არ წაადგება.
გამოწვევა ბევრია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს. მას ჰგონია, რომ, რადგან საქართველოდან 5 კილოგრამი მწვანილი და ორი კილოგრამი ვაშლი შევიდა რუსეთის ბაზარზე, ამის გამო რუსეთმა მადლობა უნდა გადაგვიხადოს. რუსეთის ბაზარი ისეა გაჯერებული უცხოური პროდუქტებით, სულაც არ სჭირდება საქართველოს არც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, არც მინერალური წყალი და არც ალკოჰოლური სასმელი. ეს ისევ ჩვენ გვჭირდება.
საქართველო არც ნატოსა და არც ევროკავშირის ინტერესებს არ უნდა შეეწიროს. რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ქვეყნის დღევანდელ თუ ხვალინდელ კეთილდღეობას სრულიად ეწინააღმდეგება. ჩვენი მეზობელი ქვეყნების _ აზერბაიჯანისა და სომხეთის _ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში არსებულ ვითარებას რომ შევადაროთ, დავინახავთ, რომ მათ გაცილებით უკეთესი პერსპექტივა აქვთ რუსეთთან ურთიერთობით, ვიდრე საქართველოს რუსეთთან მტრობით. ასევე, შევადაროთ იმ ქვეყნების მდგომარეობა და სოციალური პირობები, რომლებიც უკვე 10-12 წელიწადია, ევროკავშირის წევრები არიან და დავფიქრდეთ, რატომ არიან ისინი უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. 10-12 წლის განმავლობაში ისეთი წარმატებული სოციალისტური ქვეყნები, როგორებიც იყო რუმინეთი, ბულგარეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბალტიისპირეთის მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს 8 მილიონი იყო და ახლა 6 მილიონს ძლივს აღწევს.
- საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის - უილიამ კორტნის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე საუბარი მალე დაიწყება, რუსეთს რომ არ ეგონოს, საქართველო მარტოაო…
- ეს ძალიან სასაცილოა. ჩვენი დაახლოებით ოცი ათასი ჯარისკაცი როგორ უნდა ებრძოლოს რუსეთის უზარმაზარ და ძლიერ არმიას? სასაკლაოზე გაშვების ტოლფასია, როდესაც მეუბნები, რომ მომცემ იარაღს, რათა რუსეთისგან თავი დავიცვა. ან რა ისეთი სისტემა უნდა შეიძინოს ხიდაშელმა საფრანგეთში, რომ ამ სისტემამ საქართველო დაიცვას?! როგორ შეიძლება ვინმემ ამაზე სერიოზულად იფიქროს?! კბილებამდე რომ შევიარაღდეთ, ჩვენ არ ვიცით ამ იარაღის გამოყენება, ამას სპეციალური წვრთნა სჭირდება. ეს ისე სასაცილოა, საუბარიც კი არ შეიძლება. ვერანაირი იარაღი საქართველოს ვერ უშველის. თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოგვარდა, საქართველო შავ დღეში აღმოჩნდება.
- ბატონო ჰამლეტ, ადეიშვილის შემდეგ ინტერპოლმა კეზერაშვილისა და სააკაშვილის წინააღმდეგაც შეწყვიტა ძებნა. რატომ ვერ ამტკიცებს ხელისუფლება სიმართლეს?
- ხელისუფლება სიმართლეს ვერც დაამტკიცებს, რადგან “ნაციონალები” ამერიკის შეერთებული შტატების კადრები არიან. კოჰაბიტაცია ვინ მოიგონა? გვითხრეს, რომ კოჰაბიტაციაში უნდა იყოთ ყოფილ ხელისუფლებასთანო და ასეც მოხდა. აშშ-ს რომ არ სდომებოდა, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად ვინ დანიშნავდა?!
- “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც კი აღშფოთებულნი არიან ზოგიერთი “ნაციონალისა” თუ მათთან დაკავშირებული პირების თანამდებობებზე დანიშვნით, ამას წინათ აღშფოთება გამოიწვია ნინო შუბლაძის დანიშვნამაც. ფიქრობთ, რომ ეს დანიშვნებიც მათი მითითებით ხდება?
- ეს ყველაფერი მოდის აშშ-ის საელჩოდან და ბიძინა ივანიშვილისგან. მე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე ზოგიერთმა, დღეს რომ პოლიტიკოსი ჰქვია. როდესაც რიჩარდ მაილსი საქართველოში ელჩი იყო, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, რადგან ვიყავი ქართველებსა და აფხაზებს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე; გარდა ამისა, ამერიკელებს აინტერესებდათ ასლან აბაშიძის პოზიცია და ჩემთან ერთად მაილსი ასლან აბაშიძეს ბევრჯერ შეხვდა. ამერიკელებს, საქართველო და მისი მოსახლეობა კი არა, საკუთარი თავი აინტერესებთ ამ ტერიტორიაზე.
(…)
- აჭარასთან მჭიდრო კონტაქტები გაქვთ. რას ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა, რა ვითარებაა აჭარაში?
- დიახ, ჩემი მეგობრები ცხოვრობენ აჭარაში, მე ვიყავი პარტია “აღორძინების” წევრი, რომლის ძირითადი ბირთვიც აჭარაში იყო, და დღესაც მაქვს კავშირი აჭარასთან. როდესაც აჭარიდან ჩემი მეგობრები მირეკავენ, იცით, რას მეუბნებიან? _ თურქეთიდან გირეკავთო. აჭარა ფაქტობრივად, გათურქებულია.
- რის საფუძველზე ამბობენ ამას?
- ადგილობრივი ბიზნესი, კაზინოები, სასტუმროები _ ყველაფერი თურქების ხელშია. იცით, ბათუმისა და თბილისის აეროპორტების რეისები ისე აქვთ მითითებული, როგორც საკუთარი, შიგა რეისები. თბილისის აეროპორტი ხომ სააკაშვილმა თავიდანვე თურქებს ჩააბარა. იქიდან შემოსული თანხა, გარკვეული გადასახადების გარდა, თურქეთში მიდის.
როდესაც თურქების მიერ გახსნილ საწარმოში ქართველები გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე თურქები, ესეც ხომ რაღაცაზე მეტყველებს?!
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს _ არჩილ ხაბაძეს არავინ არაფერს ეკითხება, არც არავითარი ძალაუფლება აქვს.
- საქართველოს ხელისუფლება რატომ ხუჭავს თვალს ამ ყველაფერზე?
- ამ ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებს, იქ თურქი იქნება თუ ესპანელი, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამას გარდა, რა უნდა თქვას ხელისუფლებამ?! თბილისი რამეს იტყვის თურქეთის წინააღმდეგ ან რაიმე ნაბიჯს გადადგამს? რას ამბობთ! თურქი ცოტა სხვანაირია, ამ ყველაფერს “ცხვირში ამოგვადენს”, ამიტომ იყო საჭირო ისეთი პოლიტიკა, როგორსაც ასლან აბაშიძე ატარებდა. ერთხელ რაღაც პროექტში მონაწილეობა შემოგვთავაზეს თურქებმა და, როდესაც ეს ასლანს ვუთხარი, მიპასუხა, მაგათ ფეხს თუ ჩაადგმევინებ სადმე, იქიდან ვეღარ ამოაღებინებო. მთელი აჭარა თურქებს აქვთ ჩაბარებული. მთელი ეკონომიკა მათ ხელშია და ჩვენ იქ მხოლოდ სტუმრად ჩავდივართ.
„ვერსია“, 5 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ სლოვაკეთის პირველ ელჩთან საქართველოში
მაკა ლომიძე
(შემოკლებით)
სლოვაკეთის საელჩო საქართველოში შარშან გაიხსნა, თუმცა უკვე საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ,,ვერსია” დიპლომატის ტრიბუნას ამჯერად სლოვაკეთის ელჩს საქართველოში, რუდოლფ მიხალკას უთმობს, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებზეც გვესაუბრება და საკუთარი თავის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალსაც გვიმხელს.
- საელჩო საქართველოში წელიწადზე ოდნავ მეტია გაიხსნა – 2014 წლის აპრილში. მჯერა, ჩვენთვის წარმატებული წელი იყო. ბევრი ადამიანი სლოვაკეთს უკვე ისე იცნობენ, როგორც საქართველოს სანდო პარტნიორს. იმედი მაქვს, ამ კუთხით მეტს გავაკეთებთ. ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ასევე გვაქვს ევროკავშირისა და ნატო- სკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ დიდი დახმარების პროგრამა, ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. დღეს, მაგიდაზე მიდევს შვიდი პატარა პროექტი. თქვენი ექსპერტები სლოვაკეთში მიდიან ან პირიქით, ჩვენები ჩამოდიან. სფერო სხვადასხვაა: წყლის გაფილტვრა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რეგიონული მთავრობა… ვცდილობთ, ყველა ასპექტი მოვიცვათ. ასევე გვაქვს მცირე პროექტების ოთხი პროგრამა – თითოეული 5000 ევროს შეადგენს. ვთანამშრომლობთ ფოკის მონასტერთან ჯავახეთში, სადაც მონაზვნები ცდილობენ, ადგილობრივ სომეხ ბავშვებს ქართული ენა შეასწავლონ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქმეა, რასაც ვაკეთებთ. ასეთი პროექტები საშუალებას გვაძლევს, უფრო ახლო კავშირში ვიყოთ მოსახლეობასთან; ასევე დავეხმარეთ ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებს ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად. გვაქვს უფრო დიდი, რამდენიმე ათეულ ათასევროიანი პროექტებიც. ერთ-ერთი მათგანი „ევროპული კონვენციის“ ნაწილია, რომელიც უზარმაზარი საჯარო დებატების დასაწყისი, ევროკავშირის საკითხებზე. ეს პროექტი სლოვაკეთში ძალიან წარმატებული იყო და მისი ექსპორტი ბალკანეთის ქვეყნებშიც მოვახდინეთ. ევროპა არის დიდი დებატების არეალი ევროკავშირის საკითხებზე არასამთავრობო სექტორს, მთავრობას და მოსახლეობას შორის, ამიტომ ამ პროგრამას დიდი ინტერესით ველი. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, სლოვაკეთი მთლიანად მხარს უჭერს თქვენს ინტეგრაციას ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. იმედი მაქვს, მეტი ქართველი ტურისტი გვეყოლება ევროპაში მას მერე, რაც უვიზო რეჟიმი დაწესდება და ეს 2016 წელს ნამდვილად მოხდება.
- საქართველოსთან სლოვაკეთი ეკონომიკური თვალსაზრისითაც თანამშრომლობს?
- დიახ. ეკონომიკა მნიშვნელოვანი სფეროა. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იყო ქართული ბიზნესმისია ბრატისლავაში, ივნისში გამართულ ბიზნესფორუმზე უსაფრთხოების უზარმაზარი კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც თქვენი პრეზიდენტი 20 ქართველ ბიზნესმენთან ერთად ესწრებოდა. ისინი შეხვდნენ ბევრ სლოვაკ პარტნიორს, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრს, ასევე, სლოვაკეთის ბიზნესსააგენტოს წარმომადგენლებს. ჯერ ადრეა შედეგებზე საუბარი, მაგრამ საქმე რომ დაიძრა, უკვე კარგია. იმედი მაქვს, ორივე მხრიდან იქნება ინვესტიციები თუნდაც ექსპორტ- იმპორტის სფეროში. ნოემბერში, საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ასევე ჩეხეთს. ეს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების ერთგვარი გაგრძელება იქნება.
(…)
მიყვარს რაჭა და კახეთი. რაჭა რომ მიყვარდეს, ამის მიზეზიც არსებობს: ჩვენ, სლოვაკებსაც ხომ გვაქვს ჩვენი რაჭა, ოღონდ სოფელი?
- როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, გეგმები გქონდათ…
- ძალიან საინტერესო პროექტი მაქვს: როგორც იცით, წლების წინ, ქართულ- სლოვაკური ერთობლივი ფილმი „რაჭა, ჩემი სიყვარული“ გადაიღეს. ახლა მსურს, მეორე სერია გადავიღოთ. ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი უკვე შერჩეული გვყავს _ ქეთი მაჭავარიანი და ვლადიმერ კაჭარავა. მინდოდა, ეს ფილმი კომედია ყოფილიყო, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია _ უფრო ადვილია, ხალხი აატირო, ვიდრე გააცინო. მინდოდა, უფრო გამეხალისებინა მაყურებელი ამდენი დრამის მერე. თუმცა, ჯერ ჟანრი ცნობილი არ არის. ეს ჩემი პირადი იდეაა. სლოვაკეთში არც ისე კარგად იცნობენ ამ ფილმს, მაგრამ საქართველოში ძალიან უყვართ. ახლა ვმუშაობთ ფილმის იდეაზე, მსახიობების შერჩევაზე, ასე რომ, ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია. მეორე ეტაპი იქნება ფულის მოძიება, მით უმეტეს, ეს არ იქნება მცირებიუჯეტიანი ფილმი. მთავარია, ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმედია, სანამ წავალ (საქართველოში კიდევ სამი წელი ვიქნები) ეს ფილმი გამოვა. რა თქმა უნდა, ეს უფრო მჭიდროს გახდის ორმხრივ ურთიერთობებს. მთავარი მიზანი, მსოფლიოში საქართველოსა და სლოვაკეთის პროპაგანდა იქნება _ ტურისტების მოზიდვის მიზნით, ფილმში ავსახავთ ამ ქვეყნების ლამაზ ადგილებს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. რაჭის გარდა, გვინდა, კადრში თბილისი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონი ჩანდეს. თუ ტურიზმის კუთხით იქნება საინტერესო, ევროკავშირი უფრო იოლად დაგვაფინანსებს.