„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქართული საზოგადოება, როგორც „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მთავარი ოპონენტი // „რეალურად ამ ძალებს პრობლემა ერთად არ აქვთ, ისინი თავს ცუდად საზოგადოებასთან მხოლოდ ცალ-ცალკე გრძნობენ”
„რეზონანსი“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ჩვენ არავინ არაფერს გვითმობს და არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას”
„რეზონანსი“: მომავალი შეტაკებების პრელუდია // ექსპერტები წინასაარჩევნოდ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევების ზრდას პროგნოზირებენ
„რეზონანსი“: შემოწირულობა, როგორც ხარკი მმართველ პარტიას // “ოცნების” იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებმა პარტიას ერთ თვეში ოფიციალურად 190 ათასი გადაურიცხეს
———
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „ნაცმოძრაობას“ საარჩევნოდ ქაოსის მოწყობა აქვს ჩაფიქრებული“ // „რესპუბლიკელები ცდილობენ სარჩევნო პროცესებში სხვებს დაეწიონ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: გიორგი ვაშაძის პარტია რესპუბლიკელებთან და ირაკლი ალასანიასთან ერთიანდება? // „დავით ნარმანია სექტემბერში გადადგება“
———
„საქართველო და მსოფლიო“: ჯაზში მხოლოდ ალასანია არ არის
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „სანამ არ მოვიშლით, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი ისტორიული არჩევანი, არაფერი გვეშველება!!
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ყოველთვის ეჭვს იწვევს, ერთი კაცი რომ ქაჩავს მთელ პარტიას“
——————-
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ქართული საზოგადოება, როგორც „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მთავარი ოპონენტი // „რეალურად ამ ძალებს პრობლემა ერთად არ აქვთ, ისინი თავს ცუდად საზოგადოებასთან მხოლოდ ცალ-ცალკე გრძნობენ“
სალომე სარიშვილი
პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ატეხილი ხმაური ისევ და ისევ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას იწვევს. მისი თქმით, ამ დავაში არც მთავრობის წარმომადგენლები და არც ოპოზიცია სახელმწიფოებრივად არ ფიქრობს, რაც ისედაც ნდობადაკარგულ სასამართლო სისტემას კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს. ანალიტიკოსის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში საზოგადოება ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშეა.
პოლიტოლოგი “რეზონანსთან” საუბრისას მომავალ საპარლამენტო არჩევნების თემასა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩეველი პრაქტიკულად კრიტიკულ ზღვარს მიღმაა, რაც მისი ინფორმაციით სხვადასხვა სანდო კვლების შედეგებშიც ნათლად ჩანს.
“რეზონანსი” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიახლეებზე გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთას ასრულებს, როცა მოსამართლეების ზეწოლაზე საუბრობს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება სასამართლოს გამოყენებას გახმაურებული საქმეებში მისთვის სასურველი შედეგის მიღების მიზნით ცდილობს. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?
- ზოგადად ამ საკითხს სისტემურად ვაფასებ როგორც ზიანს სახელმწიფოებრივი განვიათარებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტია. როდესაც მისი სრული დისკრედიტაცია ხდება და რაც მთავარია, პოლიტიკური ჟინიდან გამომდინარე ამაში არც ერთი მხარე უკან არ იხევს, არ ფიქრობს, რომ ამ საქმეში ნაბან წყალს ბავშვს აყოლებს, ეს ქართველი პოლიტიკოსების მუდმივი დილემაა. მათ არ ესმით სად გადის ზღვარი პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ აზრს შორის, რაც ნდობადაკარგულ სასამართლო სისტემას კიდევ უფრო აზიანებს.
- თქვენი აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისი არგუმენტებია უფრო დამაჯერებელი?
- ყველა მხარეს მიაჩნია, რომ რაც მისთვის სასარგებლოა, სახელმწიფო ინტერესში შედის. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა. შეიძლება უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ ასეთ შედარებას მოვიყვანდი: ამ პოლიტიკური იწილო-ბიწილოს კითხვა შემდეგნაირი გახლავთ – რომელი სასამართლო სჯობს კუბლაშვილ-პაპუაშვილისა თუ მურუსიძე-ტურავასი? მთელი პროცესი ფაქტობრივად ამ კითხვის ირგვლივ მიდის. ჩემთვის კი ეს კითხვა ასეთია: მანიაკის ცოლი უფრო პატიოსანია, თუ მსუბუქყოფაქცევიანი პანელზე გასული ქალი? სინამდვილეში განსხვავება ერთ რამეშია – მანიაკის ცოლი მხოლოდ ერთს უწვება, ესენი კიდევ მზად არიან ნებისმიერს დაუწვნენ. ეს გახლავთ მთელი ამ პროცესის ალია-ბალია.
ქართული სახელმწიფოსთვის როგორც კუბლაშვილ-პაპუაშვილის სასამართლო იყო მიუღებელი, ისეა მურუსიძე-ტურავასი, რომელებიც მზად არიან ნებისმიერ ბატონს ემსახურნონ. ეს მთავარი ტრაგედიაა, რადგან ეს არ გახლავთ პროცესი, რომელსაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შევხედავთ.
გვაქვს არჩევანი, რომელიც ცუდსა და უარესს შორის გადის. ახლა ყველამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფრო უარესია ამ ორ მხარეს შორის. პირადად ჩემთვის მურუსიძე კუბლაშვილს არაფრით სჯობს, ისევე როგორც ტურავა, რომელიც წარსულში ჩადენილი უცნაური საქციელის გამო პაპუაშვილს ვერაფრით აჯობებს, თუმცა კი ისინი ვიღაცას ემსახურებოდნენ.
- მმართველ გუნდში ზეწოლის შესახებ ღია საუბრის გამო პრეზიდენტიც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენაა მიმართული. ამ განცხადებაზე რა აზრის ხართ?
- ვფიქრობ, პოლიტიკოსები, რომლებიც პრეზიდენტსა და სხვებს მოუწოდებენ ინსტიტუტების დისკრედიტაციას მათივე კრიტიკით შეეშვან, საკუთარ განცხადებებზე უნდა დაფიქრდნენ. უკანასკნელი კვირის განმავლობაში სხვა არაფერი გვესმის, თუ არა მათი აბსოლუტურად გაუგებარი, პოლიტიკური განცხადებები. საფუძვლიანიც რომ იყოს მათი შენიშვნები, ისინი საკუთარი განცხადებებით სასამართლო სისტემას მაინც ანგრევენ.
- ახსენეთ, რომ სასამართლო სისტემას მსგავსი ტიპის განცხადებებით ზიანი ადგება. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესმა სისტემის საერთოდ პარალიზება გამოიწვიოს?
- ცხადია, ესეც შესაძლებელია და ეს ერთგვარი გზაა. ჩვენი სასამართლო ძალიან ცუდ დღეშია. აქ მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო არ იგულისხმება, ასეა საერთო სასამართლოებიც, ეს უბედურება კი უკვე ბევრი წლის განმავლობაში მოგვყვება. ამ დროს ორი გზა არსებობს – ან ბოლომდე უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს, რომლის მექანიზმებიც ჩვენ უნდა შევქმნათ, ან საზოგადოება რაღაც გზაზე მაინც უნდა შეთანხმდეს. სხვანაირად “ჩემი ბატონი შენსას სჯობს” გამოდის და ეს ძალიან არასწორია.
შევახსენებ ყველას, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი სახელმწიფო ინტერესს არ ნიშნავს, თუმცა კი პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახელწიფო ისინი არიან. სინამდვილეში ასე არაა. არ მიმაჩნია, რომ მურუსიძე კუბლაშვილს რაიმეთი სჯობს, რადგან იგი მზადაა ყველას ემსახუროს. ასეთი ადამიანები სასამართლო სისტემიდან უნდა გავიდნენ. ჩვენ გვჭირდება მოსამართლე, რომელიც კანონს აღასრულებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ხელისუფლების სათავეში.
- სახელმწიფო ინტერესი ახსენეთ და თქვით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად არც ერთი მხარე არ ფიქრობს. როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნება” ამ პროცესის თანმდევ საფრთხეებს, რომელზეც თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, ვერ აცნობიერებს?
- შეიძლება აცნობიერებდეს კიდევაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ფიქრობს, რომ მისი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დგას და ეს მხოლოდ “ოცნებას” არ ეხება. ანუ, კი ბატონო შეიძლება სისტემას ვაზიანებთ, მაგრამ ახლა ჩემი სკამი უფრო მნიშვნელოვანია – დაახლოებით ამ პრინციპით მოქმედებენ და აზროვნებენ. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი პრაქტიკულად არ გვყავს, ყველა მხოლოდ საკუთარ ინტერესზე ფიქრობს და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ეს უნივერსალური ფორმულაა. ეს დამანგრეველი აღქმაა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ეს დავა წინასაარჩევნო პროცესზე ვინმეს სასარგებლოდ ან პირიქით, საწინააღმდეგოდ აისახოს?
- არ მგონია, რომ წინასაარჩევნო პროცესზე ამ ვითარებამ ვინმეს სასარგებლოდ ან პირიქით, საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. შეიძლება ვიღაცამ ძალის მორევით გაიმარჯვოს, მაგრამ ელექტორალური გაგებით ეს სურათს არ შეცვლის, რადგამ ეს ძალიან მარტივია – ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების უმრავლესობა პოლიტიკური ელიტისგან დისტანცირებულია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მას ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ჰყავს. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტორია. ვინ მოერევა – ამ კუთხით ამომრჩეველი უკვე ძალიან დიდი ხანია აღარ იყურება, რადგან ამ ფარსით ყველა დაიღალა. ეს ერთი დიდი სპექტაკლის ერთი დიდი ფარსია, რომელსაც მოსახლეობაც შესაბამისად აფასებს. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ამ ბრძოლაში მოიგებს ან წააგებს, ცდება. სინამდვილეში ორივე აგებს და ორივეს მთავარ ოპონენტად ქართული საზოგადოება ყალიბდება. რეალურად ამ ძალებს პრობლემა ერთად არ აქვთ, ისინი თავს ცუდად საზოგადოებასთან მხოლოდ ცალ-ცალკე გრძნობენ.
- საზოგადოებრივი აზრი ახსენეთ და საინტერესოა, რას ფიქრობთ უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე, სადაც წინა კვლევების მსგავსად რადიკალურად შეცვლილი სურათი არ მიგვიღია…
- მთავარი ამ კვლევებიდან და არა მხოლოდ გამოქვეყნებული კვლევებიდან არსებული ტენდენციაა. უფრო სანდო კვლევებიც ვიცი, უბრალოდ უფლება არ მაქვს ამ მონაცემებზე საჯაროდ ვისაუბრო. ტრენდენცია კი საყურადღებო რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა.
პირველი გახლავთ ის, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ჯამური რეიტინგი 50%-იც კი არაა და ისინი ხელისუფლებას ვერ ქმნიან. ეს ის მახასიათებელია, რომელიც ამ ორ პარტიას არაფერს სასიხარულოს არ უქადის.
მეორე მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ამ ორ პარტიას ძალიან დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ. მოსახლეობის დაახლოებით 20% მათ მიმართ აგრესიულადაა განწყობილი. ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც მათთვის არასასურველი არჩევანის შემთხვევაში ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტის აგრესიული მეთოდებით გამოსახატად მზად არიან, რაც პოსტსაარჩენო კრისიზის ჩამოყალიბებისთვის კრიტიკულ მასაზე მაღალი მაჩვენებელია.
რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობას” ელექტორალურად ზრდის პოტენციალი არ აქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის პოტენციალი არც “ოცნებას” აღარ აქვს, რადგან “ოცნებას” ნატურალური ამომჩეველი ძალიან ცოტა ჰყავს. ანუ, ვგულისხმობ იმას, რომ მისი ამომრჩეველის უმეტესობას “ოცნება” სულაც არ მოსწონს, მაგრამ იმდენად ეზიზღება “ნაცმოძრაობა”, რომ მათი დაბრუნების შიშით ისევ “ქართულ ოცნებას” აძლევს ხმას. ამდენად, “ოცნებას” არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური ამომრჩეველი ჰყავს. რაც მთავარია ეს გახლავთ კატეგორია, რომელმაც შესაძლოა მესამე არჩევანზე თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება. როცა სხვა ალტერნატივას დაინახავს, აუცილებლად იქ გაიქცევა. უბრალოდ ციფრს არ დაგისახელებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ “ოცნების” ამომრჩეველი კრიტიკულ ზღვარს მიღმაა.
- თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები, ვთქვათ, ბურჭულაძის პარტიაზე გადანაწილდეს, რადგან მან გარკვეული შედეგი კვლევებითაც აჩვენა?
- თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა მოხდეს, ვინაიდან, ჩემი მონაცემებით, იმ ამომრჩეველში, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს და ასეთი ბევრი ნამდვილად არაა, 60%-ზე ცოტა მეტია, 35% გადაუწყვეტელია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რეალური გადაწყვეტილება დღეს მხოლოდ 40%-ზე ოდნავ ნაკლებს აქვს მიღებული. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ მოსწონს არც “ოცნება” და არც “ნაცმოძრაობა”. ამიტომ მესამე არჩევანს ეძებს, რასაც პოლიტიკური ელიტა ჯერჯერობით ვერ ებრძვის. ამასთანავე, ისიც შესაძლებელია გადაუწყვეტელი ამომჩეველი ერთ კვირაში ჩამოყალიბდეს. ასეთ შემთხვევაში ახალი ძალაზე არჩევანის შესაძლებლობა გაჩნდება. მათი ხმების გადანაწილების თეორიული შანსი კი, რა თქმა უნდა, პაატა ბუჭულაძესა და სხვა პარტიებს ექნებათ.
ყველაზე მეტი შანსი პაატა ბურჭულაძეს აქვს, ვინაიდან იგი პოლიტიკური ცოდვებით დამძიმებული არაა, არც დამარცხებულია, რაც ამომრჩეველს აგრეთვე არ უყვარს.
თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ ძალიან დაბალ აქტივობასა და შესაბამისად, არალეგიტიმურ ხელისუფლებას მივიღებთ, რადგან ამომრჩეველს არ ექნება განცდა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება აირჩია. ხელისუფლება, რომელიც 40%-ით იქნება არჩეული, ლეგიტიმური ვერ იქნება. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში ან შემდეგ ციკლში მორიგი რევოლუციური კრიზისი მოხდეს, ძალიან მაღალი იქნება.
- ახალი მინისტრების დანიშვნაზე როგორი აზრის ხართ, მაგალითად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ მისი შემცვლელი ლევან იზორია სპეცსამსახურებში მსახურობდა და იგი ამ პოსტისთვის შეუფერებელია. თქვენ რას ფიქრობთ?
- სისტემურად თავდაცვის მინისტრის ფიგურის არჩევას ძალიან დადებითად ვუყურებ, რადგან თავდაცვის მინისტრი მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა იყოს პოლიტიკოსი, მაგრამ არა ლიდერი. ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლიდერის ჩასმა დეპოლიტიზების ჩარჩოებში ძალიან რთულია. მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტრო დეპოლიტიზებული უწყებაა და შესაბამისად, ლიდერის შესაბამისობაში მოყვანა ძალიან რთულია, ადამიანებს ეს ძალიან უჭირთ. სხვათა შორის, ეს ხიდაშელისა და ალასანიას მაგალითზე ძალიან კარგად გამოჩნდა.
ამდენად, სისტემურად ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ხოლო რაც შეეხება თავად ლევან იზორიას ფიგურას, თინა ხიდაშელის არგუმენტს, რომ თითქოს სპეცსასმსახურებიდან ამ პოსტზე გადასვლა არ შეიძლება, არ გავიზიარებ, რადგან ორივე უწყება ძალოვანი ბლოკისაა, მათი მუშაობის სპეციფიკაში კვეთა არსებობს. ამიტომ აქ უცნაური არაფერია. თავად იზორიაზეც მაქვს სათქმელი, თუმცა ეს პირადულია და მასზე არც ცუდს ვილაპარაკებთ და არც კარგს.
რაც შეეხება ქეთევან ციხელაშვილს, მისი დანიშვნაც აბსოლუტურად მისასალმებელი იყო, რადგან იგი ამ საქმის კარგი სპეციალისტია. რატომღაც მეჩვენებოდა, რომ რეალურად მინისტრი ის იყო, რადგან როგორც საქმიანი თვისებებით, ისე სერიოზულობითა და სიღრმისეული ცოდნით ზაქარეიშვილს მუდმივად ჩრდილავდა. ამდენად, ეს ერთ-ერთი იშვიათი დანიშვაა, რომელსაც მივესალმები.
- ექსპერტულ წრეებში ითქვა, რომ თინა ხიდაშელისა და “რესპუბლიკელების” აქტიურობა გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩაწერას ნიშნავს. ამ მოსაზრებას რამდენად იზიარებთ?
- არ მგონია, აქ პოლიტიკა იყოს. თინას კარგად ვიცნობ და ამიტომ მგონია, რომ მისი გაღიზიანება უფრო ეჭვიანობის სცენას ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში მე ასე დავინახე. თინა ხიდაშელს წინასწარ ეზიზღებოდა ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მის კაბინეტში დაჯდებოდა, ამიტომ ხელში ლევან იზორია მოხვდა. პოლიტიკურ ქულებს ამით თინა ვერ დაიწერდა, რადგან, ჩემი აზრით, მისი არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო. თინა ხიდაშელს მისი სტატუსი იმდენად მოსწონდა, რომ მისი ადამიანური რეაქცია აბსოლუტურად გასაგებია.
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ჩვენ არავინ არაფერს გვითმობს და არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას”
ნინო ქეთელაური
წინასაარჩენო პროცესი აქტიურ ფაზაში შედის და რამდენიმე დღეში ყველა პარტიამ საარჩევნო სიები უნდა წარადგინოს. როგორც “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, საზოგადოება მათ სიასაც სულ მალე იხილავს. მაჟორიტარობის კანდიდატები კი “რესპუბლიკელებს” ყველგან არ ეყოლებათ. წარადგენენ იმდენ მაჟორიტარს, რამდენის შესაძლებლობაც ექნებათ, თუმცა არც ერთი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარის მოხსნას არ აპირებენ.
ლევან ბერძენიშვილი: როგორც ყოველთვის, წინასაარჩევნო პროცესი დაძაბულია. მდგომარეობა ძალიან გაართულა იმან, რომ გაძლირებულია ე.წ. პრორუსული ფრთა, განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩევიან და ეს ყველაფერი აშკარა პროვოკაციულ, ანტისახელმწიებრივ და ანტიქართულ ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხელისუფლება ჯერჯერობით მშვიდად უყურებს.
- ზეწოლის ფაქტებს თქვენი პარტიის მომხრეების მიმართაც ხომ არ ჰქონდა ადგილი?
- ჩვენ აშკარა შემთხვევა გვაქვს, როდესაც ხარაგაულში “რესპუბლიკელი” თავმჯდომარის გადაყენებას შეეცადნენ მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ჩვენი პარტიის წევრია. ასე რომ, ჩვენთვის ეს ახალი არ არის, პოლიტიკური დევნის ნიშნები სახეზეა. თუმცა ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული, ისეთი, რაც ადრე არ მომხდარა, არ ხდება. მაგრამ ეს არც მაშინ და არც ახლა მისაღები არ არის. ახლა საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ხელისუფლებას ამის უფლებას მისცემს თუ არა.
- როდის გახდება ცნობილი თქვენი საარჩევნო სია და გეყოლებათ თუ არა ახალი სახეები?
- როგორც საარჩევნო, ისე მაჟორიტარული სია უახლოეს დღებში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, ჩვენ არ ვართ პაატა ბურჭულაძის პარტია, რომელიც ახალ სახეებს წარადგენს, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალი სახეები ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან, რომლებიც არიან პარტიის წევრები. ამ თვალსაზისით წარმოვადგინეთ კიდეც ახალი სახეები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტის წევრები თამარ ხიდაშელი, თამარ კორძაია. შეიძლება ვიღაცისთვის ახლები არ არიან, მაგრამ მხოლოდ ასეთი ტიპის ახალი სახეები გვეყოლება, სხვანაირი არა.
- მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა რეგიონში გეყოლებათ?
- გვეყოლება იმდენი მაჟორიტარი, რამდენის საშუალებაც გვექნება. ყველა რეგიონში რომ წარვადგინოთ, ამის პრეტენზია არ გევქნება და არც გვქონია არასდროს, მაგრამ საკმაოდ ფართოდ ვიქნებით ყველა რეგიონში.
- “რესპულიკური პარტია” რომელიმე პარტიასთან კოორდინირებულად ხომ არ იმუშავებს, როგორც იცით, მთაწმინდაზე სალომე ზურაბშვილის სასარგებლოდ “ქართულმა ოცნებამ” თავისი კანდიდატი მოხსნა…
- ნამდვილად არ გვყავს ასეთი პარტნიორი პარტიები. ჩვენ არავინ არაფერს გვითმობს და არც ჩვენ ვაპირებთ დათმობას. სალომე ზურაბიშვილი თუ “ქარული ოცნებიდან” უკონკურენტო იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ “რესპულიკელებიდან” მას არ ეყოლება კონკურენტი. ეყოლება აუცილებლად. ამ კონკრეტულ კანდიდატს “ოცნება” კონკურეტნს რომ არ უყენებს, ამას როგორც მთაწმინდის ამომარჩეველი, ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ და ჩემი ხმა მასთან ნამდვილად არ წავა. მიმაჩნია, რომ ეს ცოტა გაუგებარი ამბავია – რატომ დაუთმო “ქართულმა ოცნებამ” და რა მოლაპარაკებები იყო… მაგრამ სხვები ამას იუმორის გრძნობით უყურებენ. არჩევნებია და ვინ რატომ უნდა დათმოს?!
- როგორ აფასებთ არჩევნებზე საკუთარ შანსს? სულ ახალხან “ენდიაის” კვლევები გახდა ცნობილი…
- აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ 60%-ს საერთოდ არავისთვის მიუცია ხმა. მეორეც, ჩვენ ამ კვლევებით არ ვაფასებთ საკუთარ შანსს. რანაირი კვლევაა, როცა მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის აზრი გვითხრეს და სხვა პარტიები გადალახავენ თუ არა, მაგის მიხედვით როგორ ვიმსჯელოთ?! ჩვენ სხვანაირად ვითვლით ხმებს. ვიცით გადალახვას რამდენი სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ისიც ვიცით უბანში დაახლოებით რამდენი ხმა უნდა მივიღოთ და ისიც ვიცით, როგორ უნდა დავრაზმოთ ჩვენი აქტივისტები, რომ საჭირო ხმების რაოდენობა მივიღოთ. სადღაც ნაკლებს მივიღებთ ან მეტს, მაგრამ 1 და 2 პროცენტიც ვერ მივიღოთ – ასე ვერ გამოვა. ამდენი პროცენტი ჩვენ მარტო პარტიის წევრი გვყავს. სულ მარტივად ავხსნით: პარტიაში არის რამდენიმე ათასი კაცი, რომელთაც ჰყავთ ოჯახი, ნათესავები და სხვა. ანუ, ჩვენ ვიცით გარანტირებული ხმების რაოდენობა რაც უკვე გვაქვს.
- და რამდენია ეს ხმა?
- მაგას ვერ გეტყვით; იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება საქმეს. დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, ამომრჩეველს მოვაწონებთ თავს თუ ვერა. მაგრამ როდესაც გარანტირებული ხმები არსებობს, ვიცით ჩვენი მინიმალური შედეგიც. ამ კვლევევით კი გამოდის, რომ ჩვენ არც ოჯახი გვყავს და არც ახლობელები.
კვლევის ასეთ შედეგს, სადაც 5%-ს აქვს სხვა ყველა პარტიას ერთად, ბეჭედი უნდა დაარტყა, უკან გაუგზავნო კვლევის ავტორს და უთხრა, რომ ასეთი კვლევა მეორედ არ ჩაატაროს, არ იცი ეს საქმე. სადაც 10% თქვა, იმ კაცმა 60% აიღო და ასეთი კრახის მერე “ენდიაი” საერთოდ არ უნდა ატარებდეს კვლევებს.
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
მომავალი შეტაკებების პრელუდია
ექსპერტები წინასაარჩევნოდ ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევების ზრდას პროგნოზირებენ
თიკო ოსმანოვა
არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს და კორცხელის მსგავსი დაპირისპირებებმა, შესაძლოა, ნელ-ნელა სისტემატიური ხასითი მიიღოს. ყოველ შემთხვევაში გუშინ ბათუმსა და თელავში პოლიტიკურ ძალებს შორის მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და, როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, ასეთი სახის დაპირსიპირებები წინასაარჩევნოდ კიდევ არაერთი იქნება. თუმცა, ასეთი დაძაბული ვითარების სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდას ისინი გამორიცხავენ.
ჩხუბი ბათუმსა და თელავში
“სოციალისტური საქართველოს” ლიდერებმა გუშინ თელავში ყრილობის ჩატარება ვერ შეძლეს. ვალერი კვარაცხელიას პარტიას აქციით დახვდნენ. “სოციალისტური საქართველოს” ღონისძიება პოლიტიკური ცენტრის “გირჩისა” და პარტია “ახალი საქართველოს” წევრებმა გააპროტესტეს.
აქციაზე “სოციალისტური საქართველოს” ერთ-ერთ დამფუძნებელს, გრიშა ონიანსა და “გირჩის” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ტორესა მოსის შორის შელაპარაკება მოხდა.მოგვიანებით, “სოციალისტური საქართველოს” აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდა. კრიმინალური პოლიციის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოქალაქესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამ ინციდენტის შემდეგ “სოციალისტური საქართველოს” ლიდერებმა ყრილობის ჩატარებაზე უარი თქვეს და ერეკლე მეორის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. შემდგომ მათ კრიმინალური პოლიციის თელავის რაიონულ სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებული აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა აქცია ბათუმშიც.
“დასამარდეს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური რეჟიმი” – ამ დევიზით გუშინ ბათუმში პარტია “ჩვენმა სამშობლომ” “ნაციონალების” ოფისთან აქცია გამართა, სადაც მცირე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლა.
“ჩვენი სამშობლოს” აქტივისტებმა აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და თურქეთში სამხედრო ამბოხის ორგანიზებაში დადანაშაულებული ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს. შევიკრიბეთ ერას მოედანზე საზოგადოების წარმომადგენლები და მოვითხოვეთ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც დამნაშავე რეჟიმის გაუქმება. ამ პარტიას არ აქვს არსებობის და მით უფრო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აქციაზე დავწვით ფიტული მიხეილ სააკაშვილის და გიულენის. გიულენის იმიტომ, რომ იგი არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მიშასნაირად აზროვნებს, იგივე იდეოლოგიით უდგება ქვეყანას. ჩვენს ერთ-ერთ აქტივიტს ხელში პლაკატი ეჭირა, სადაც “ქათმებო” და მსგავსი გამონათქვამები ეწერა. ამ პლაკატის წართმევას პოლიცია ცდილობდა, რა დროსაც ვიღაცამ “მოღალატეებო” და, “რუსეთუმეებო” გვეძახა და ბუნებრივია, ამაზე ჩვენებს ჰქონდათ რეაქცია და დაიწყო უცენზურო სიტყვებით ერთმანეთის ლანძღვა და სიტყვიერი დაპირისპირება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წევრი ნინო კვირიკაძე. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა აქტვისტმა დანის გამოყენება სცადა, თუმცა პოლიციამ იგი დააკავა.
“დაპატიმრებული იქნა ჩვენი ერთი აქტივისტი ირაკლი მახარაძე და “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, რომელმაც სამზარელოდან დანა გამოიტანა. მახარაძე მალევე გაუშვეს, ხოლო იმ მეორესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, რა ხდება”, – გვითხრა კვირიკაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის თქმით, აჭარაში ყველა მონაცემებით ოპოზიცია იმარჯვებს, ამიტომ “ოცნებას” აქციის გამართვის გარდა სხვა გზა არ აქვს. მისივე მტკიცებით, “ჩვენი სამშობლოს” აქტივისტებმა შეკრება “ქართული ოცნების” შტაბში დაიწყეს, რასაც თავად ნინო კვირიკაძე კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ აქციაში მონაწილეობა “ქართული ოცნების” წევრებსაც შესთავაზეს, მაგრამ ამ ეტაპზე ქუჩის გამოსვლებში მხოლოდ “ჩვენი სამშობლო” მონაწილეობდა.
გიორგი კირთაძის თქმით კი, ბათუმში “ქართული ოცნების” შტაბი მათ ოფისთან ახლოს არის და ხედავდნენ, როგორ იკრიბებოდა იქ ხალხი.
“როგორც ვიცი, აქციის გამართვას მერიასთან შეთანხმება სჭირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ცალსახად არ ჰქონდათ გაკეთებული. ხალხის რაღაც ნაწილი “ქართული ოცნების” შტაბთან შეიკრიბა. ჩვენს ოფისთან ახლოს არის და ვხედავდით. მერე გავიდნენ ევროპის მოედანზე. “ქართული ოცნება” ბათუმში ვერაფერს აკეთებს, ამიტომ აქციებს მიჩვეულები ვართ. ეს არის ამ პარტიის მთავარი სამუშაო. ტრისტან წილეთაშვილისა და “კორკოტას” ჩამოყვანა ბათუმში, ბუნებრივია, არის იმის შედეგი, რომ, როგორც ჩანს, პატარა თავმჯდომარე პატარაძემ ბიძინას შესჩივლა, რომ “ნაციონალები” ძალიან აქტიურობენ აჭარაში და გვიშველეთო. უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ ჩვენი მისამართით, რასაც აქეთა მხრიდანაც, ბუნებრივია, მოჰყვა რეაქცია. პოლიცია შუაში იდგა და ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა”, – უთხრა “რეზონანსს” კირთაძემ.
მოსალოდნელია თუ არა სამოქალაქო დაპირისპირება
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. ამიტომ ბათუმის და თელავის მსგავს დაპირისპირებს პოლიტიოლოგები მომავალშიც ვარაუდობენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ საქმე დესტაბილიზაციამდე არ მივა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, სამოქალაქო დაპირისპირება არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რადგან ეს ყველა მხარისთვის დამღუპველი იქნება.
“ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ და ემოციები როცა მოგვიჭარბდება, ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავდივართ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ინციდენტები მოსალოდნელია. მთავარია, ამან სისტემური სახე არ მიიღოს. ბათუმის და თელავის ინციდენტები კი ჯერჯერობით სისტემურ მოვლენად არ გამოიყურება. სამოქალაქო დაპირისპირება სისტემური ტიპის მოვლენაა და ვეჭვობ, აქამდე რომელიმე მხარემ მიიყვანოს საქმე. ეს ყველა მხარისთვის დამღუპველი იქნება. ჯერჯერობით ხელისუფლებას გამოსდის კონფლიქტების თავიდან აცილება, ამიტომ სავარაუდოდ, მსგავს შეხლა-შემოხლებს მომავალშიც აირიდებს”, – უთხრა “რეზონანსს” საყვარელიძემ.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტემპერატურის მაღლა აწევას პროგნოზირებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც. მისი თქმით, გადაიზრდება თუ არა ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
“რა თქმა უნდა, ასეთი ინციდენტები მოსალოდნელია და ეს უფრო გახშირდება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ტემპერატურაც უფრო მაღლა აიწევს. მაგრამ ეს იმდენად სახიფათო არ არის, რამდენადაც ხელისუფლების ქმედება. როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ ამა და ამ ადგილას აქცია უნდა გაიმართოს, ადგილზე მაშინვე უნდა მოხდეს პოლიციის მობილიზება. თუ ხელისუფლება ამ გზით არ წავა, მდგომარეობა თანდათან დაიძაბება და წავა არასტაბილური ვითარებისკენ”, – გვითხრა ძაბირაძემ. მისივე თქმით, რაც უფრო თავისუფალია გარემო, მით მეტია დაპირისპირების რისკი.
“რაც უფრო თავისუფალია გარემო, რაც ნამდვილად ასეა, მით უფრო ხშირად იქნება ბათუმის და თელავის მსგავსი დაპირისპირებები. შესაბამისად, ასეთ თავისუფალ გარემოში დომინატი უნდა იყოს ხელისუფლება. პოლიცია უნდა იყოს იქ, სადაც მოსალოდნელია ასეთი რისკი და უნდა ჩადგეს ორ ძალას შორის. დღეის გადმოსახედიდან, არ მგონია, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, მაგრამ საქართველოში ტემპერატურა ძალიან სწრაფად იწევს. დღეს შეიძლება ეს უბრალო დაპირისპირებაა, ხვალ შეიძლება გადაიზარდოს მასობრივ არეულობაში. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები და ეს არის ერთადერთი გამოსავალი. უნდა ჩაერთოს პოლიცია და არ უნდა დაუშვას ხელჩართული დაპირისპირება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ძაბირაძე.
დაძაბულობის პიკი
კორცხელის მსგავსი ინციდენტის განმეორებას ვარაუდობენ პოლიტოლოგები თავად არჩევნების დღესაც. რამაზ საყვარელიძის თქმით, დაპირისპირებები იქნება, თუმცა, მთავარია, ამან არ შეცვალოს არჩევნების შედეგი.
„რვა ოქტომბერს იქნება ემოციების მოჭარბების პიკი და ეს ალბათ რაღაც შეტაკებებისკენაც უბიძგებს ვიღაცებს. მთავარია, ამ ტიპის დაპირისპირებამ შედეგები არ შეცვალოს, არ გადაიზარდოს საარჩევნო ყუთის გატაცებაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, მცირე დაპირისპირებები მოსალოდნელია”, – განუცხადა “რეზონანსს” რამაზ საყვარელიძემ.
მსგავსი პროგნოზი აქვს ვახტანგ ძაბირაძესაც: “თუ ასეთი დაპირიპირებები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არეულობა არჩევნების დღესაც იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ დროზე უნდა მოხდეს ასეთი რაღაცების გაუვნებელყოფა. დროულადაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან მოქმედება. თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ “ოცნებას” ხელს აძლევს ასეთი მიმართულებით პოლიტიკური პროცესის განვითარება”, – გვითხრა ძაბირაძემ.
„რეზონანსი“, 05 აგვისტო, 2016 წელი
შემოწირულობა, როგორც ხარკი მმართველ პარტიას
“ოცნების” იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებმა პარტიას ერთ თვეში ოფიციალურად 190 ათასი გადაურიცხეს
ეკატერინე ბასილაია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიათა ივლისის შემოწირულობები გამოაქვეყნა, სადაც ქართული წინასაარჩევნო ტრადიციისამებრ, საკმაოდ შთამბეჭდავად, 2 მილიონზე მეტი ლარით, მმართველი პარტია ლიდერობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრი ბიზნესმენი თუ რიგითი მოქალაქე, ვისაც 2013 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” ფინანსური მხარდაჭერის სურვილი კლავდა, ბოლო წლებია, “ქართული ოცნების” დაფინანსებაზე გადაერთო. “ნაციონალური მოძრაობა” კი, დაფინანსების რაოდენობით, სამეულშიც ვერ ხვდება. მაგალითად, ივლისში “ქართულმა ოცნებამ” ყველაზე გულუხვი შემოწირულობა – მაქსიმალური ზღვარი 120 000 ლარი – შპს “ალფასგან” მიიღო, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კასპის ყოფილი მაჟორიტარის, კობა კურდღელაშვილის კუთვნილი კომპანიაა და კურდღელაშვილი, როგორც ბევრი მისი მსგავსი ბიზნესმენი, 2013 წლამდე “ნაციონალურ მოძრაობას” სწირავდა ათასებს.
ამჯერად ივლისის შემოწირულობები ასე გამოიყურება:
პირველ ადგილზეა მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, რომელსაც 2,1 მილიონი ლარი შესწირეს. მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” 621 527 ლარით. მესამე ადგილს იკავებს გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” 208 400 ლარით. ამ თვეს “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ 9 590 ლარი შესწირეს. ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატებს” ჩარიცხული აქვს – 196 ათასამდე ლარი. ირმა ინაშვილი-დავით თარხან მოურავის “პატრიოტთა ალიანსს” – 184 81 ლარი. “გირჩს” – 104 ათასამდე და ა.შ. ბოლო ადგილს კი კახა კუკავას “თავისუფალი საქართველო” იკავებს 40 ლარით. ჯამში, პარტიებმა 3,8 მილიონი ლარი შემოწირულობა მიიღეს.
ვინ აფინანსებს “ოცნებას”
აუდიტის ამ მონიტორინგისას ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. ის, რომ “ქართული ოცნების” გულუხვ შემომწირველებს შორის არიან “ოცნების” სახელით იმერეთის მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელებული პირები. მაგალითად, ქუთაისის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა პარტიისათვის 55 ათასი ლარი გაიღო; ასევე ქუთაისის მეორე კანდიდატმა გენადი მარგველაშვილმაც 55 ათასი ჩარიცხა; ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელგუჯა გოცირიძემ – 60 ათასი; ვანისა და ხონის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა – 20 000 ლარი. ჯამში “ოცნებამ” მარტო იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებიდან 190 ათასი ლარი მიიღო.
გარდა ამისა, ამბროლაურის ამჟამინდელმა მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ, რომელიც “ოცნებაში” პორტირებული “ნაციონალია”, 55 000 ლარი გადარიცხა პარტიის ანგარიშზე. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გოჩა ენუქიძეს დეპუტატობის სურვილი ისევ აქვს, ონი-ამბროლაურის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობა სურს და ეს შემოწირულობაც ერთგვარი ხარკია მაჟორიტართა სიაში ისევ მოსახვედრად.
“ოცნების” შემომწირველებს შორის ასევე არიან: პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე – 2 500 ლარი; “ქართუ ჯგუფს” ყოფილი დირექტორი და თბილისის მერის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი – 20 000 ლარი; ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რევაზ არველაძეც – 24 ათასი ლარი; მსახიობი ჯემალ ღაღანიძე – 4 000 ლარი.
“ნაციონალური მოძრაობას” კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ბიზნესმენები არ სწყალობენ. შემომწირველებს შორის ნაცნობი სახელები მხოლოდ თავად პარტიის წევრებიდან არიან. დავით ბაქრაძემ, გიორგი ბარამიძემ, ხათუნა გოგორიშვილმა, მიხეილ მაჭავარიანმა და აზერ სულეიმანოვმა 100-100 ლარი გაიღეს პარტიისთვის.
ცნობისთვის, 2 თვეა, რაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და შესაბამისად, პარტიათა შემოწირულობებმაც მნიშვნელოვნად იმატა. პირველ ადგილზე კი ივნისშიც მმართველი “ქართული ოცნება” იყო 1 მლნ ლარზე მეტი შემოწირულობით, მეორე ადგილზეც ისევ “სახელმწიფო ხალხისთვის” – 742 ათასი ლარით; მესამე ადგილზე კი ივნისში “პატრიოტთა ალიანსი” გავიდა – 175 ათასი ლარის შემოწირულობით.
შეწირვა ინერციით?
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ჩვენთან შემოწირულობებს ძირითადად ხარკის დანიშნულება აქვს და ამიტომაც ყველა მმართველ პარტიას უხდის ამ ხარკს. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს რიგითი მოქალაქეები თუ ბიზნესმენები იდეოლოგიის გამო უჭერენ მხარს და ამ იდეოლოგიის გამო აფინანსებენ კიდეც. საქართველოში კი ასე არ ხდება და თუ ვინმე იტყვის, რომ ამა თუ იმ პარტიას მოწონების გამო ურიცხავს ფულს, ეს ტყუილია. საქართველოში ბიზნესმენები ტრადიციულად მმართველ პარტიას აფინანსებენ და მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია იქნება ის. მიზეზი კი ხან შიში და ხან უბრალოდ მონური მორჩილებაა.
გია ხუხაშვილი: “ბიზნესმენები პარტიებს არა იდეების მიხედვით აფინანსებენ, არამედ იმის მიხედვით, ისინი ხელისუფლებაში არიან თუ არა. ჯერ “მოქალაქეთა კავშირს” აფინანსებდნენ, შემდეგ “ნაციონალებს” ახლა კი – “ქართულ ოცნებას”. შემდეგ ვინც მოვა ხელისუფლებაში, იმას დააფინანსებენ. ეს სიმახინჯეა. ჩვენთან ისე არ ხდება, როგორც ნორმალურ ქვეყნებში და საქართველოს სინამდვილეში ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, როდესაც ამბობენ, რომ ბიზნესმენებს მოსწონთ პარტიის იდეები და ამ იდეების განხორციელებას სპონსორობენ. რბილად რომ ვთქვა, ეს არადამაჯერებელია. ხელისუფლების შემთხვევაში შემოწირულობები გასაგებია. ჩვენთან, როგორც ნომენტკლატურული კაპიტალიზმის ქვეყანაში, ბიზნესი მუდმივად ხელისუფლების სალაროსთან დგება ხოლმე ხარკის გასაღებად. თან, შესაძლოა ხელისუფლება არც აძალებდეს მათ და ეს ნებაყოფლობითი მონური მორჩილებიდან გამომდინარე ხდებოდეს”.
გია ხუხაშვილის თქმით, მუქარით თუ შიშის გამო შემოწირულობები დღეს, დიდი ალბათობით, არ ხდება და შესაძლოა ამ მხრივ ვითარება უკეთესიც იყოს. ამბობს, რომ სააკაშვილის დროს პრაქტიკულად გამორიცხული იყო ბიზნესს რომელიმეს სხვა პარტიისკენ გაეხედა, იმიტომ, რომ ამას სერიოზული გართულება მოჰყვებოდა. ახლა კი მთლად ასე არ არის, მაგრამ ბიზნესი ინერციით მაინც უფრო ხელისუფლებისკენ იხრება თავის კომპლექსიდან გამომდინარე.
ორი ტიპის კრიმინალი
თუმცა, გია ხუხაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ პარტიათა დაფინანსებაში მთავარი პრობლემა მმართველი პარტიის სალაროში ბიზნესმენების დიდი შემოწირულობების დაფიქსირება კი არა, სხვა რამეა.
“მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ პოლიტიკაში ფული ძირითადად სალაროს მიღმა მიედინება. ანუ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში შავი ფულის წილი ბევრად უფრო დიდია და შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესში ორი ტიპის კრიმინალთან გვაქვს საქმე. პირველი კრიმინალი გახლავთ ის, რომ შავი ფული ტრიალებს ძალიან დიდი და რაღაც პარტიებს სალაროში ფული რომ არ უჩანთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ფულს არ ხარჯავენ. ხარჯავენ და თან ბევრს. მეორე ტიპის კრიმინალი გახლავთ ის, რომ ფულს იხდის ბიზნესი, მაგრამ რეალურად, სალაროში ბიზნესის და ბიზნესმენების სახელით კი არ მიდის, არამედ ნომინალური შემომწირველების ხელით, რომლებიც მხოლოდ ამ ფულის გამტარია და რეალურად ის არ არის ამ ფულის პატრონი. ბიზნესი ასე ფარულად აფინანსებს პოლიტიკას და ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ ორი ტიპის კრიმინალს აქვს ადგილი.
რაც მთავარია, პარტიებმა, რომლებიც კანონმორჩილებაზე გვიბურღავენ ტვინს, ეს მშვენივრად იციან, თუმცა დუმან. როდესაც პოლიტიკური პარტია საარჩევნო პროცესში ამ ორი ტიპის კრიმინალს აწერს ხელს, შეიძლება მისი იმედი გვქონდეს და გვჯეროდეს მათი მხრიდან კანონის აღსრულებაზე ლაპარაკის?! საქართველოში არ მეგულება პარტია, რომელშიც სალაროს მიღმა ხარჯები არ გაიწევა, რაც პირდაპირ დანაშაულია,” – აღნიშნავს ხუხაშვილი, რომელიც პროგნოზირებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 2 თვეში “ოცნების” შემოწირულობები კიდევ გაიზრდება, თუმცა ეს არ იქნება მთელი სალარო, რადგან რეალური ფული პოლიტიკაში “შავად” ტრიალებს.
„პაატა ბურჭულაძის მიჭირხვნის” პროექტი
“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილის თქმით, მაჟორიტარობის მსურველები რომ “ქართული ოცნების” შემომწირველებს შორის დაფიქსირდნენ, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ძირითადად მაჟორიტარებად ფინანსურად ძლიერი ადამიანები სახელდებიან, ისეთები, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა სახის ბიზნესით იყო დაკავებული და “ახლა ის დროა, რომ არა ამ საუკუნის, არამედ გასული საუკუნის წარმოშობის მქონე თანხებით ამოტივტივდნენ”.
“საკვირველი არ არის, რომ ასეთი შემოწირულობები არსებობს, რადგან მათ გარეშე ასეთი მაჟორიტარები არ დასახელდებოდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მთლიანად პარტიის ჯიბეს დააწვებოდა ასეთი ნაბიჯი. როგორც ჩანს, მაინცდამაინც დიდი მოთხოვნილებების წარდგენა არ ხდება ხოლმე მაჟორიტარობის კანდიდატისთვის და ადამიანის არჩევისას ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი მისი თვითკმარობა და საერთო პარტიული თანხის დაზოგვის შესაძლებლობაა,” – ამბობს სოსო ცისკარიშვილი. მისივე თქმით, ის, თუ რომელმა პოლიტიკურმა ძალამ რა დახმარება მიიღო პოტენციური ამომრჩევლისგან, გარკვეულწილად იძლევა შესაძლებლობას, რომ ამით პარტიის მხარდაჭერის ოდენობაც შევაფასოთ და სწორედ ამ თვალსაზრისით დიდი შემოწირულობების მქონე პარტია შესაძლოა გარკვეული ზეწოლის საბაბიც გახდეს. ამის მაგალითად კი პაატა ბურჭულაძის და მისი ფონდის მიმართ აგორებულ კამპანიას ასახელებს.
“როდესაც გავიგეთ, რომ “ქართულ ოცნებას” 2 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიუღია და 600 ათასი კი ბურჭულაძის პარტიას, გასაკვირი ჩემთვის არაფერი იყო გარდა იმისა, რომ ამ ციფრების გამოქვეყნებისთანავე ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული ფონდის ბუღალტერიის წარმომადგენლები უკვე სასამართლოში არიან დაბარებული. ასეთი მყისიერი რეაგირება, როდესაც სახეზეა ყველაზე მკაფიო პროექტის არსებობა, რასაც ალბათ “ბურჭულაძის მიჭირხვნის” პროექტი ჰქვია, გვაიძულებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ფინანსური ნაწილი იქნება ყველაზე უფრო სათუთი და საფრთხილო. როგორც ჩანს, ირკვევენ წყაროს, ვინ და რატომ რიცხავს ამ პარტიაში და ძნელად მისახვედრი არ არის, რა კითხვები გაუჩნდებათ მათთან, ვინც ეს თანხა გადარიცხა. სწორედ ამიტომაც კვლავ ერთი და იგივე ფეოდალები არიან ერთი და იგივე რეგიონებში წარდგენილები და კვლავ ჩნდება კითხვა – რატომ ისკუპა სუყველამ ერთად “ქართული ოცნების” ქოლგის ქვეშ დასაბინავებლად?!
ფულის ქონა დანაშაული არ არის, მაგრამ მისი წარმოშობა არის მთავარი საკითხი, და, როდესაც წლებია ასეთი სწრაფვაა ერთი და იმავე ადამიანებისა პარლამენტარობსკენ და მათი ურთიერთობა ყოველთვის სახელისუფლებო ძალასთან სრულიად გამჭირვალეა, აქ დგება საკითხი – რამდენად თავისუფალია ბიზნესი. ხოლო თუ ბიზნესი თავისუფალი არ არის, ეს უკვე დანაშაულია,” – მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.
„ახალი თაობა“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „ნაცმოძრაობას“ საარჩევნოდ ქაოსის მოწყობა აქვს ჩაფიქრებული“ // „რესპუბლიკელები ცდილობენ სარჩევნო პროცესებში სხვებს დაეწიონ“
პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას შემუშავებული აქვს რევანშისტული მოქმედებების გეგმები. ამ გეგმებით საფრთხე უნდა შეექმნას საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და უნდა განხორციელდეს სხვა დესტრუქციული ქმედებები. ამისათვის ნაციონალებმა გამოიყენეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლო.
„ის საშიში პროცესები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარდა, ნაციონალური მოძრაობის აგორებულია. სრულად ვეთანხმები ჩემი კოლეგების – ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობას ჰქონდა საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმა. ნაციონალებს ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება, როცა ასაჩივრებდნენ მაჟორიტარულ ოლქებს. მათ უნდოდათ, კრიზისი შეექმნათ და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა. ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. კიდევ კარგი, რომ ეს კანონი მივიღეთ. ამით ხელი შევუწყვეთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას და წინასწარ ხელი შევუშალეთ ნაცმოძრაობის ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს“, – ამბობს ნუკრი ქანთარია..
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლას აპროტესტებდა..
- ეს ფაქტები არავინ დაადასტურა. სამაგიეროდ, გამოჩნდა, რომ თავად პაპუაშვილი იმყოფება ზეწოლის ქვეშ. არ ვიცი, საიდან ახდენენ მასზე ზემოქმედებას. ალბათ, უფრო ოდესის ოლქიდან. სექტემბერში პაპუაშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს ვადა ეწურებათ. ამით აიხსნება მისი მოქმედებების სიჩქარე. იმედი მაქვს, რომ ვადის გასვლის შემდეგ მათ შეცვლიან კომპეტენტური მოსამართლეები და ასეთი პროცესები არ გამეორდება. უმჯობესი იქნება, თუ ამ საკითხების პოლიტიზება აღარ მოხდება და პოლიტიკოსები ამაზე ნაკლებს ვისაუბრებთ.
- ეს გეგმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუვარდა?
- რა თქმა უნდა. ნაციონალებმა მოახერხეს სკანდალის აგორება ამ თემაზე. სულ ეს იყო. არჩევნები ახლოვდება და ისინიც აქტიურდებიან. სწორედ არჩევნებს ვუკავშირებ პაპუაშვილის განცხადებებს, წითელაშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და სხვა საკითხებსაც.
- სხვა აქტივობებსაც მოელით?
- მოველი სხვა სკანდალების აწევას, ფუჭ გასროლებს, პატარ-პატარა ავანტიურებს.
- არეულობას - არა?
- „ნაცმოძრაობას“ ქაოსი აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს. მიხეილ სააკაშვილი იმუქრება, რომ ჩამოვა. თუ ჩამოსვლას გაბედავს, მის წინააღმდეგ კანონი ამოქმედდება. სხვათა შორის, ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ მიაღწია სიმშვიდეს. ჩვენთან სიმშვიდეა, მიუხედავად იმისა, რომ რთული პროცესებია რეგიონში, დაძაბულობაა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამ სიმშვიდეს აუცილებლად შევინარჩუნებთ.
- „ნაციონალებზე“ მკაცრად საუბრობთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაციაში შევიდა. ამის გამო ხალხი ახლაც გამოთქვამს უკმაყოფილებას. იმასაც ამბობენ, რომ არა კოაბიტაცია, გიორგი პაპუაშვილიც ვერაფერს გაბედავდაო...
- ეს ადამიანები ემოციურად მართლები არიან. მათ ბევრი გადაიტანეს, მაგრამ ჩვენ წავედით ევოლუციური და არა რევოლუციური გზით. მტყუან-მართალი სამართალმა უნდა დაადგინოს. ამას დრო სჭირდება. ჩვენ დავადექით ნელ, ხანგრძლივ სამართლებრივ გზას. დავაცადეთ, რომ უფლებამოსილების ვადა გასვლოდა ამა თუ იმ მოხელეს, იმავე გიორგი პაპუაშვილს. ვადაზე ადრე არავინ გაგვიშვია. მთავარია, რომ გარიგებაში არ შევსულვართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ახლა, წინა რეჟიმისაგან განსხვავებით, მოსამართლეები დამოუკიდებელი და თავისუფალი არიან. წინასაარჩევნო გარემოა და ყველა პარტიას აქვს თავისუფალი მოქმედებების უფლება. პარტიები არ იმყოფებიან წნეხის ქვეშ.
- პარტიებზე ზეწოლის შესახებ განცხადებები მაინც გაკეთდა, მათ შორის, რესპუბლიკელების მხრიდან...
- კრიტიკული განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელმა მინისტრებმა პოსტები დატოვეს. მანამდე ისინი ხელისუფლების წევრები იყვნენ და რაღაცნაირად ჩამორჩნენ საარჩევნო პროცესებს. რესპუბლიკელებს უნდათ, სხვებს დაეწიონ. ამიტომ აკეთებენ მყვირალა განცხადებებს. ფაქტია, რომ ზეწოლა არ არის. წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია. პარტიები თავისუფლად მოქმედებენ. ზოგ პარტიას თავისი ტელევიზიაც აქვს, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას.
„ახალი თაობა“, 05 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: გიორგი ვაშაძის პარტია რესპუბლიკელებთან და ირაკლი ალასანიასთან ერთიანდება? // „დავით ნარმანია სექტემბერში გადადგება“
ვისთან ერთად ქმნის საარჩევნო ბლოკს გიორგი ვაშაძის პარტია, რატომ აიძულებს ხელისუფლება მოსახლეობას ძროხებთან სელფის გადაღებას, რატომ ვერ იმეტებს მერია სოციალურად დაუცველებისთვის ერთჯერად დახმარებას, რა ელოდება დავით ნარმანიას შემოდგომაზე? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პარტია (სამოქალაქო პლატფორმა) „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ და „გირჩთან“ ერთად აპირებს კოალიციის შექმნას. მართალია ეს ამბავი?
- გიდასტურებთ, რომ საარჩევნო ბლოკის შექმნაზე მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. გირჩები და ახალი მემარჯვენეები მზად არიან ამ გაერთიანებაში შემოსასვლელად. სხვა პარტიებზე ვერაფერს გეტყვით.
- გამოდის, რომ სხვა პარტიებთანაც აწარმოებთ გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს...
- მოლაპარაკებები მართლა მიმდინარეობს, თუმცა, სანამ ეს პარტიები ოფიციალურად არ გააკეთებენ ამის შესახებ განცხადებას, მე არაფერს ვიტყვი. ჩემგან ამის გაკეთება არ იქნება ლამაზი საქციელი. ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა.
- ის მაინც გვითხარით, რა ტიპის პარტიებთან მიდის მოლაპარაკებები?
- იმ პარტიებთან, რომლებისთვისაც დასავლური ღირებულებებია მნიშვნელოვანი. მოლაპარაკებებს პროდასავლურ პარტიებთან ვაწარმოებთ.
- პროდასავლურ პარტიებად ითვლებიან თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელებიც. არის იმის ალბათობა, რომ მათთან ერთად შექმნათ ბლოკი?
- თავისუფალ დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან საარჩევნო ბლოკის შექმნა გამორიცხულია, თანამშრომლობა კი შესაძლებელია.
- რა სახის თანამშრომლობაზე საუბრობთ?
- არის საკითხები, რომლებზეც შესაძლოა საერთო აზრი გვქონდეს და ამის ირგვლივ ვითანამშრომლოთ. საარჩევნო ბლოკის შექმნა კი მათთან ერთად გამორიცხულია. ჩემი აზრით, საარჩევნო ბლოკის შექმნაზე არანაკლებ საინტერესოა ის პროცესები, რომლებსაც საქართველოს რეგიონებში აქვს ადგილი. ამ ხელისუფლებისგან, წესით, აღარაფერი უნდა გაუკვირდეს ადამიანს, მაგრამ ის, რაც ჭიათურაში გააკეთეს, ყველა ზღვარს სცილდება.
- რა ჩაიდინეს ამისთანა?
- ჭიათურის რაიონის სოფელ ქვემო ჭალოვანს მაღალმთიანის სტატუსი მიანიჭეს. შესაბამისად, იქ მცხოვრებლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. იმისათვის, რომ შეღავათებით ისარგებლონ, იქაური მცხოვრებლები უნდა იყვნენ, მხოლოდ ჩაწერა არ კმარა. იმის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ ჩაწერილები არ არიან, სთხოვენ სხვადასხვა დოკუმენტაციას. სულ შვიდ დოკუმენტს ითხოვენ. მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი არის ფოტოსურათი ძროხასთან, ქათმებთან, ყანასა და სათიბში.
- ეს ხუმრობაა, ხომ?
- სამწუხაროდ, რეალობაა. ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას ძროხებთან სელფის გადაღებას ოფიციალურად სთხოვენ.
- კონკრეტულად რომელი უწყება ითხოვს ამ ფოტოსურათებს? იმედია, კანონში არ არის პირდაპირ ასეთი ჩანაწერი...
- ასეთი ფოტოების წარდგენა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოითხოვა. სოფელ ქვემო ჭალოვანის რწმუნებულმა ადგილობრივებს დაურიგა ჩამონათვალი, თუ რა საბუთები უნდა წარმოადგინონ. ამის გარდა, ეს მოთხოვნები გამოკრულია სოფლის ცენტრში. იქ პირდაპირ წერია, რომ სხვა საბუთებს თან უნდა ერთვოდეს ყანაში, სათიბში, ძროხასთან და ქათმებთან გადაღებული ფოტოსურათები. როცა ამის შესახებ გავიგეთ, პირველად არც ჩვენ დავიჯერეთ და მის გადასამოწმებლად ქვემო ჭალოვანში წავედით. ადგილობრივებს პირადად მე ვესაუბრე. არც კი ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო. ესენი თუ რამით კიდევ გამაკვირვებდნენ, არ მეგონა. იმის მაგივრად, რომ ადგილობრივებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოუგვარონ, ასეთ სისულელეებს იგონებენ. მაინტერესებს, ვის მოუვიდა თავში აზრად ხალხისთვის ძროხასთან ფოტოს გადაღების დავალება. ისე, რომ იცოდეთ, ძროხასთან გადაღებული სელფი საკმარისი არ არის. ეს სოფლის რწმუნებულმა უნდა დაგიმოწმოს.
- რა უნდა დამიმოწმოს?
- რა და ამ სოფლის მცხოვრები რომ ხარ. ხომ შეიძლება, მეც გადავიღო ფოტო რომელიმე ადგილობრივ ძროხასთან, ან შეიძლება მთელმა სოფელმა ერთ ძროხასთან გადაიღოს სურათი. სოფლის რწმუნებული გააპროტესტებს და იტყვის, ეს ხომ ლამარას ძროხაა და ყველამ ამასთან რატომ გადაიღეთ ფოტოო. ძალიან მიხარია, რომ ამ სოფელმა მაღალმთიანის სტატუსი მიიღო და ქვემოჭალელები რაღაც შეღავათებით ისარგებლებენ, მაგრამ ეს სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და არა დამამცირებელი.
ეს სოფელი სულ 170 კომლისგან შედგება. მას თვითმმართველობის 5 თანამშრომელი ერთ კვირაში აღწერს ელექტრონულადაც კი. აქაურ მოსახლეობას სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აქვს. სულ ცოტა ხნის წინ იქ 10-კილომეტრიანი გზა დააგეს, რაზეც რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. გზა ძალიან კარგია, მაგრამ სანიაღვრე არ გაუკეთეს. რამდენჯერაც გაწვიმდება, მთელ სოფელს ექმნება პრობლემა. დიდი წვიმების შემთხვევაში შესაძლოა წყალი მოსახლეობას შეუვარდეს და სახლები წაიღოს.
წვიმა ვახსენეთ და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ღვინის აღმართზე მოხდა. არცთუ ძლიერმა წვიმამ ახალდაგებული ქვაფენილი ამოყარა. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, როგორ არის ეს სამუშაო შესრულებული. წინასაარჩევნო პერიოდია და დავით ნარმანიასთვის აღარ გვცხელა, იმანაც კარგად აუშვა.
- აშვებაში რას გულისხმობთ?
- მის უწყებაში სრული განუკითხაობა სუფევს და ყოველდღიურად დასტურდება, რომ მერიაში სისტემურ კორუფციას აქვს ადგილი. გასულ კვირას ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, რაც სერიოზულ ეჭვებს აჩენს. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ქრთამი მიწის ნაკვეთის ლეგალიზებაზე აიღო, რაც მას არანაირად არ ეხება.
- შეცდომით მისცეს მას ქრთამი?
- არანაირი შეცდომა. ქრთამის მიმცემმაც კარგად იცოდა, რომ უსაფრთხოების უფროსის მოადგილე მიწის ნაკვეთის ლეგალიზებაში ვერ დაეხმარებოდა. გამოდის, რომ დაკავებული იყო შუამავალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ მერიაში სისტემური კორუფციაა გამეფებული. სულ ახლახან მერიამ თორნიკე შიოლაშვილის კომპანიას 3.000.000-იანი კონტრაქტი გაუფორმა. ეს ადამიანი უგულავას საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ამ მოწმის შენახვა თბილისელებს ძალიან ძვირი გვიჯდება, თუნდაც იმიტომ, რომ მასთან აქამდეც რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა მერიას გაფორმებული. შიოლაშვილის გარდა, მერიას კიდევ რამდენიმე ფავორიტი კომპანია ჰყავს, რომლებთანაც მილიონიან კონტრაქტებს აფორმებენ. მინდა, თქვენი გაზეთიდან თბილისელები გავახარო და ვამცნო, რომ დავით ნარმანიას დღეები დათვლილია. მას უახლოეს მომავალში დაატოვებინებენ თანამდებობას.
- დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ დავით ნარმანია მალე დატოვებს თანამდებობას, მაგრამ აქამდე მოაღწია...
- სექტემბერი მის წასასვლელად იდეალური ვარიანტია. გააძლიერებენ ზეწოლას და ის იძულებული გახდება, თანამდებობა დატოვოს.
- სექტემბერი რატომ არის მის გადასაყენებლად იდეალური დრო?
- სექტემბერში თუ დატოვებს თანამდებობას, დედაქალაქის მერის ვადამდელი არჩევნების ჩატარება აღარ იქნება საჭირო. დარწმუნებული ვარ, ნარმანიას ააღებინებენ სრულ პასუხისმგებლობას და გაუშვებენ სახლში.
- მისი მოვალეობის შესრულება ვის მოუწევს?
- კანონის თანახმად, თუ მერი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დატოვებს თანამდებობას, მერის მოვალეობას ვიცე-მერი შეასრულებს. დავიტ ნარმანიას აქამდეც გადააყენებდნენ, მაგრამ ვადამდელი არჩევნების შეეშინდათ. დავით ნარმანიას შემდეგ „ქართული ოცნება“ თბილისში მერის არჩევნებს ვეღარ მოიგებს.
- დავით ნარმანიას ჰყავს რამდენიმე მოადგილე და მერის მოვალეობის შესრულება რომელს დაევალება?
- ამას მოიფიქრებენ. შეეცდებიან, ნორმალური ჰაბიტუსის ადამიანი იყოს, რომელიც რაღაცას მაინც გააკეთებს და მთლად ნარმანია არ იქნება. `ქართული ოცნება~ შეეცდება, რაღაცნაირად მოახერხოს მერიის რეანიმაცია.
- მოადგილეებზე ვსაუბრობთ და ამ დღეებში მერის ერთ-ერთ მოადგილედ ყოფილი სამხედრო მზვერავი გაგი ნიკოლაიშვილი დაინიშნა. ოპოზიციამ ამაზე ერთი ამბავი ატეხა. თქვენ რას იტყვით?
- დედაქალაქის მერია რომ სუსის მიერ იმართებოდა, ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია, იმავე თქვენი გაზეთის მეშვეობით. საბავშვო ბაღებისა და ოდეერების თემაც ამაზე მეტყველებს. ახლა ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა, თორემ, ვიმეორებ, მერია ისედაც სუსის მიერ იმართებოდა. სამწუხაროა, რომ თვითმმართველობებში მეურნე ადამიანებისა და კარგი მენეჯერების მაგივრად უშიშროების თანამშრომლებს აწინაურებენ. ამიტომაც არის ქალაქი კეთილმოუწყობელი. მერიაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენო ერთი სოციალურად დაუცველი ქალის ელენე ნავროზაშვილის ისტორია. ქალბატონ ელენეს 4 თვის განმავლობაში სოციალური დახმარება მოხსნილი ჰქონდა. ჩვენი შუამდგომლობის შემდეგ 19.000 ქულა დაუწერეს და დახმარება აღუდგინეს. ცნობისათვის, ქალბატონი ელენე 85 წლისაა.
მოგვიანებით მან მერიას სთხოვა დახმარება მედიკამენტების შეძენაში. მას 100 ლარის მედიკამენტები დაუფინანსეს. 85 წლის ქალმა მერიას ასევე სთხოვა, რაც 4 თვე დახმარება შეწყვეტილი მქონდა, იქნებ ამინაზღაუროთ და ერთჯერადი დახმარება მომცეთო. მერიიდან ასეთი პასუხი იყო – ერთჯერადად უკვე დაგეხმარეთ, როცა 100 ლარის მედიკამენტები მოგეცით და მეორედ ვეღარ დაგეხმარებითო. ამ ერთჯერადმა დახმარებამ მერიის მიერ სარესტორნო მომსახურებაზე გაფორმებული 110 ხელშეკრულება გამახსენა. მერისა და ან მერიის სხვა მაღალჩინოსნის შესვლა რესტორანში დაახლოებით 2.7000 ლარი გვიჯდებოდა. ჯამში, ეს 298.000 ლარია. თუ სოციალურად დაუცველისთვის ბიუჯეტის ხარჯზე მეორედ დახმარების გაწევა არ შეიძლებოდა, თავად რას მიდიოდნენ რესტორანში ასმეათედ?!
„საქართველო და მსოფლიო“, 4 აგვისტო, 2016 წელი
ჯაზში მხოლოდ ალასანია არ არის
გიორგი გაჩეჩილაძე
საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის 2-თვე-ნახევრით ადრე, 16 ივლისს, გაიმართა პარტია “ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა, რომელზეც ამ ორგანიზაციის საარჩევნო სიის ოცეული დაასახელეს და ამომრჩევლებს “უკეთეს ეკონომიკას”, “უკეთეს ცხოვრებას”, “250-ლარიან საარსებო მინიმუმს”, “300-ლარიან პენსიასა” და “მინიმალურ ხელფასს _ 500 ლარს” დაჰპირდნენ. არის თუ არა ეს დაპირებები დემაგოგია, ცალკე განსახილველი თემაა, მაგრამ ფაქტია: ალასანიას პარტია, რომელსაც ზოგიერთი მისი წევრი “გამოცდილი დიპლომატების” გუნდს უწოდებს და, რომელიც ისევე, როგორც 2%-იანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტია, ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოვლენოდა მაშველ რგოლად, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, დღეს არჩევნებში თავისი “ისტორიული სიტყვის” სათქმელად ემზადება.
თუ “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულს გადავხედავთ, საკმაოდ რთული წარმოსადგენია, ამ ამბიციურმა ადამიანებმა, რომელთა უმრავლესობა შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაფრთიანდნენ და რომლებსაც იმ პერიოდიდან “გენეტიკურად” მოსდგამთ მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვაზე ზრუნვა, როგორ უნდა მიაღწიონ “უკეთეს ეკონომიკას” და “საუკეთესო ცხოვრებას” (ისიც საკითხავია, რომელ პერიოდთან შედარებით უკეთესზე და ვის უკეთეს ცხოვრებაზე ლაპარაკობენ “თავისუფალი დემოკრატები”).
“ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების” სიაში მეორე ნომერია დეპუტატი, საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელმაც აქტიური მოღვაწეობა შევარდნაძის პერიოდში დაიწყო _ 1996-2004 წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, 2004-2005 წლებში კი, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა.
დამთავრებული აქვს შვედეთის ეროვნული თავდაცვისა და ნატოს თავდაცვის კოლეჯები.
სიაში მეოთხეა ზურაბ აბაშიძე, რომელიც, ვიქტორ დოლიძის მსგავსად, პოლიტიკურ ასპარეზზე ედუარდ შევარდნაძემ გამოიყვანა: 1996-1998 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობდა, 2000-2004 წლებში კი _ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო (2004-2005 წწ.); შემდეგ, 2010-2012 წლებში, _ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
სწავლობდა მანჩესტერის (დიდი ბრიტანეთი) კოლეჯში.
მე-5 ნომერია ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში დაფრთიანდა: 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში; 2004-2005 წლებში _ საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატში; 2005-2009 წლებში _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
2005 წელს დაამთავრა ნატოს თავდაცვის კოლეჯი რომში.
მე-6 ნომერი, შალვა შავგულიძე, 1992-1994 წლებში პროკურორად მუშაობდა.
სიაში მე-7 ნომერია ალექსი პეტრიაშვილი _ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2012-2014 წწ.).
2002-2004 წლებში იყო აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი. 1998-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მანაც მოღვაწეობა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო და სააკაშვილის პერიოდშიც განაგრძო.
სიაში მეცხრეა მაია ფანჯიკიძე, 1994-1997 წლებში (შევარდნაძის მმართველობის პერიოდში) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი; 2002-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი ამავე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო (2004-2007 წლებში); შემდეგ _ ნიდერლანდების სამეფოში (2010-2011 წწ.), სანამ ბიძინა ივანიშვილი თავის პრესსპიკერად დანიშნავდა.
გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც “ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო სიაში მეათეა, 1995-2003 წლებში შსს-ს ავტოინსპექციაში მუშაობდა. იყო სამი მოწვევის (მე-6, მე-7, მე-8, ანუ 2004-2016 წლებში) პარლამენტის წევრი.
დავით ონოფრიშვილი კი, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” სიაში მე-12 პოზიციაზეა, 1993 წელს შევარდნაძის სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკური განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი იყო (საინტერესოა, რას ურჩევდა ხოლმე), 1998-2000 წლებში კი იმავე შევარდნაძის მთავრობაში _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ხელისულებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, 2004-2005 წლებში _ შპს “საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2009 წლიდან კი პარტია თავისუფლების წევრია; არის მე-4 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრატურა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის სპეციალობით.
“თავისუფალი დემოკრატების” ზემოაღნიშნული წევრებისთვის, რა თქმა უნდა, ირაკლი ალასანიასთან ერთად, ორი რამ არის დამახასიათებელი:
1. ყველა ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაფრთიანდა, როგორც პოლიტიკოსი, და შემდეგ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს ემსახურებოდა;
2. უმრავლესობას, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილს, რამდენიმეთვიანი კურსები აქვს გავლილი დასავლეთის ქვეყნებში, უფრო _ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ე.წ. დასავლური, უფრო ზუსტად, პროამერიკული ორიენტაციის პოლიტიკოსებად ითვლებიან, ანუ ამერიკელთა ინტერესების გამტარებლებად.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ჩავარდნა საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით აქვს, ამ ე.წ. გამოცდილ დიპლომატებს საერთაშორისო ურთიერთობების არენაზე თავი არაფრით გამოუჩენიათ. მათ ქართველ საზოგადოებას თავი მხოლოდ იმით დაამახსოვრეს, რომ, “მოქალაქეთა კავშირისა” და “ნაცმოძრაობის” წევრების მსგავსად (როგორც თავის დროზე განაცხადა ზურაბ ჟვანიამ: “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი), გამუდმებით იმეორებდნენ და ახლაც იმეორებენ ბოლო 25 წლის განმავლობაში გატკეპნილ, უკვე ძალიან მომაბეზრებელ და, როგორც ნათლად გამოჩნდა, აბსურდულ ფრაზებს: “მალე მივიღებთ მაპს”, “მალე შევალთ ნატოში”, “მალე გავერთიანდებით ევროკავშირში”, “ჩვენი წინაპრების არჩევანი ყოველთვის იყო ევროპა” და ა.შ. ამ ფრაზების გარდა, რომლებიც სიტყვებით ჟონგლირებით ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრისა და პროდასავლურობის დამტკიცების მცდელობის მეტი არაფერია, “თავისუფალი დემოკრატების” მხოლოდ ორმა წევრმა დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადოებას: მათგან ერთ-ერთმა _ გამოცდილმა დიპლომატმა ალექსი პეტრიაშვილმა პირადი ცხოვრების საკითხები დიპლომატიური მეთოდებით ვერ მოაგვარა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 5 ტყვია დაახალეს.
“თავისუფალი დემოკრატების” მეორე “პოპულარული” პიროვნებაა ირაკლი ალასანიას ცოლისდა, პედაგოგი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი არა მხოლოდ იმით დაამახსოვრა, რომ 2013 წელს ვილნიუსში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებას “შალახოს” ჰანგების თანხლებით მოაწერა ხელი… მის გარშემო ატეხილი მეორე სკანდალის შემდეგ არავის ეგონა, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე არათუ პოლიტიკაში, არამედ სახლის სადარბაზოში თუ გამოჩნდებოდა, მაგრამ პოლიტიკა მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს.
რაც შეეხება “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ალასანიას, ის 30 წლისაც არ იყო, როცა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს (2002 წ.). 2004-2006 წლებში გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი კონფლიქტის მოგვარების საკითხებში. 2006 წელს სააკაშვილმა ის გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა. 2008 წელს კი ეს პოსტი დატოვა, მიზეზად სააკაშვილსა და მას შორის საქართველოს განვითარების საკითხებზე “განსხვავებული ხედვები” დაასახელა.
2009 წელს ირაკლი ალასანიამ დააარსა პარტია “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები”, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასა და “ახალ მემარჯვენეებთან” ერთად გაერთიანდა ალიანსში “ალიანსი საქართველოსთვის”.
2009 წლის გაზაფხულზე ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ ხმების მხოლოდ 19% მოაგროვა.
2011 წელს კი ალასანიას პარტია კოალიცია “ქართულ ოცნებას” მიეკედლა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, მაგრამ 2014 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან გადააყენა. საბაბი იყო თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარის გაფლანგვა (ე.წ. კაბელების საქმე), თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, განხეთქილება ალასანიასა და “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის უფრო ადრე დაიწყო და მას სხვა საფუძველი ჰქონდა.
ასეთია ირაკლი ალასანიას მოკლე დოსიე, მაგრამ ამ ამბიციური და მხოლოდ თავის ინტერესების გატარებაზე მზრუნველი პოლიტიკოსის სახელთან ბევრი სკანდალური საქმე თუ განცხადებაა დაკავშირებული.
აი რა განაცხადა ირაკლი ალასანიამ 2013 წელს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში (#25, 2013 წლის 10-16 ივნისი):
“პოლიტიკას მე სულ ვადარებ ჯაზს, რომელიც მუდმივ იმპროვიზაციებს მოითხოვს და ქართული პოლიტიკა ძალიან მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით აღსავსეა”.
ამ მართლაც სკანდალური ინტერვიუდან, რომელშიც ალასანია ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რომ აშკარაა მისი სიმპათია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიმართ, ეს ფრაზა იმითაა საყურადღებო, რომ ალასანია თავის დამოკიდებულებას გამოხატავს პოლიტიკის მიმართ. მისი აზრით, პოლიტიკა, ისევე, როგორც ჯაზი, იმპროვიზაციას მოითხოვს, პრინციპების დაცვა კი საჭირო არ არის და კონიუნქტურის შესაბამისად უნდა მოიქცე, ანუ ქართული ანდაზის მანასესავით: ხან _ ისე და ხან _ ასე. ამას ადასტურებს ალასანიას კიდევ ერთი ფრაზა ზემოაღნიშნული ინტერვიუდან:
“მე არ ვთვლი “ნაციონალურ მოძრაობას” მტრად. მათი დამარცხება და განადგურება არ მიმაჩნია ჩემს მთავარ ამოცანად. რაც შეეხება იმ შედარებას, რომ ბრძოლაში დამარცხებული ბოლომდე უნდა გაანადგურო, ჯერ ერთი, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ერთმანეთს ასე გავუსწორდეთ; მეორე _ ვინც არის დამნაშავე, იმან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი…”
ამ განცხადებით ირაკლი ალასანიამ არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის”, არამედ მისი და ნაცების პატრონების მისწრაფებები გამოხატა. თუმცა ალასანია სააკაშვილის რეჟიმს მტრად არც მაშინ განიხილავდა, როცა გავეშებული ნაციონალები ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ, მიტინგებს არბევდნენ, დახოცილი ადამიანების გვამებს მაღაზიის სახურავზე აწყობდნენ და იქიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საზეიმო აღლუმს მართავდნენ; ალასანია “ნაციონალურ მოძრაობას” არც მაშინ განიხილავდა მტრად, როცა ეს უამრავი დანაშაულის ჩამდენი რეჟიმი ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებდა და ბიზნესმენებს ატერორებდა, როცა ანგრევდა განათლების სისტემას და კულტურას, სოფლის მეურნეობასა და სპორტს, როცა დაკარგა ტერიტორიების 20%, როცა ებრძოდა საქართველოს პატრიარქს, მართლმადიდებლობას და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ქართულ ტრადიციულ ღირებულებებთან არის დაკავშირებული.
სხვათა შორის, არც “ნაციონალური მოძრაობა” აღიქვამდა ირაკლი ალასანიას მტრად, მის მიმართ არასოდეს გამოსულან მწვავე განცხადებებით და არც მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი დაუპატიმრებიათ უსაფუძვლო ბრალდებით, როცა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხეები სავსე იყო ასეთი პატიმრებით.
ირაკლი ალასანიას განსაკუთრებით არ მოსწონს, როდესაც მას 1990 წლებში “კულინარიელთა საძმოს” წევრობას ახსენებენ და ამას კატეგორიულად უარყოფს. მაგრამ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ ის “კულინარიელთა საძმოს” წევრი იყო და ამის ბევრი მოწმე არსებობს, თანაც, ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩლაიძე, რომელსაც არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი წარსულში, ირაკლი ალასანიას მეჯვარე გახლდათ. თვითონ ალასანიას კი 1995 წლის 4 მარტს თბილისში ორი ახალგაზრდის _ კუსა თოხმაიდისა და ბექა რეხვიაშვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებაში ადანაშაულებენ ამ ახალგაზრდების დედები _ თამარ გარსევანიშვილი და მანანა რეხვიაშვილი. ამ საქმეზე ალასანია სამჯერ დაჰკითხეს, მაგრამ საქმე დღესაც არ არის გამოძიებული.
საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს, რომ ირაკლი ალასანია ოპოზიციურ ძალებს ყოველთვის მოუწოდებდა “კონსტრუქციული” დიალოგისკენ. სწორედ მის მიერ ჩამოყალიბებულმა კოალიციებმა _ ჯერ “სამეულმა”, შემდეგ “რვიანმა” და “ექვსიანმა” გაუხანგრძლივეს სიცოცხლე სააკაშვილის ხელისუფლებას და, რომ არა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები, სააკაშვილის რეჟიმი კიდევ დიდხანს იპარპაშებდა ქვეყანაში. 2010 წელს, როდესაც ცხადი შეიქნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გააყალბა “ნაცმოძრაობამ”, ოპოზიცია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებდა, მაგრამ ალასანიამ ყველას ცივი წყალი გადაასხა _ მან გიგი უგულავას არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა “ღირსეული გამარჯვება” და ამით ოპოზიციას საპროტესტო მოძრაობის დაწყების საფუძველი გამოაცალა. ამბობენ, რომ ეს “ნაცმოძრაობასა” და ალასანიას შორის გარიგება იყო. როგორც ჩანს, თავის დროზე გაოპოზიციონერებული ალასანია წარმატებით მართავდა რამდენიმე ოპოზიციურ ძალას და მისი განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ უწოდეს ქართულ პრესაში ალასანიას “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი “ტროას ცხენი”.
ამასთანავე, იმავე “2010 წელს, როცა ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას ვაჟმა _ ცოტნე გამსახურდიამ ციხიდან მიმართვა გაავრცელა და თბილისელებს მოუწოდა, რომ ალასანიასთვის მხარი არ დაეჭირათ და ამის ერთ-ერთ მიზეზად ნარკოტრეფიკში ალასანიას მონაწილეობა დაასახელა” (გაზეთი “კვირის ქრონიკა”, 2014 წლის ნოემბერი).
“პოლიტიკას მე სულ ვადარებ ჯაზს, რომელიც მუდმივ იმპროვიზაციებს მოითხოვს”, _ ამბობს ირაკლი ალასანია და ისეთ იმპროვიზაციას ავლენს 2013 წლის ივლისში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომ თვით ჯაზის ვირტუოზებს _ დიუკ ელინგტონს, ლუი არმსტრონგსა და ჯონ კოლტრეინსაც კი შეშურდებოდათ:
“მე თამამად შემიძლია გავიმეორო, რაც რასმუსენთან (ნატოს გენმდივანი იმხანად _ გ. გ.) ერთად ვუთხარი ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს _ პრაქტიკულად ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია. რატომ? იმიტომ, რომ მათ ისე ენდობიან ამერიკელები, ბრიტანელები და ჩვენი მოკავშირეები, როგორც საკუთარ ორგანიზაციას, ნატოს წევრებს და ურჩევნიათ კიდეც, რომ მათთან ერთად იყვნენ ბრძოლაში. აი, ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ჯარის”.
აი ასე: “ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია, რადგან მას ენდობიან ამერიკელები”. აბა, როგორ _ ავღანეთში, ერაყში თუ მსოფლიოს სხვა საომარ კონფლიქტებში საქართველოს მისიები, ქართველი სამხედროების კონტინგენტები, რაოდენობით მოწინავე პოზიციებზე ხომ უნდა იყვნენ, რათა, რაც შეიძლება მეტი ქართველი გამოიყენონ საზარბაზნე ხორცად?!
იმ მომენტში, როცა ალასანია ამ ფრაზას ამბობდა, ანუ 2013 წლის ივლისში, მხოლოდ ავღანეთში 29 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იყო დაღუპული.
მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ ამერიკელების ინტერესები იყოს დაცული და ვის ანაღვლებს, რამდენი ქართველი დაიღუპება უცხო მიწაზე უცხო ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ბატონ ალასანიას ადანაშაულებს კოდორის ხეობის დაკარგვაში ამ ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი.
ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ემზარ კვიციანი ამბობს, _ თავის დროზე ირაკლი ალასანიამ მითხრა, ხეობაში ჯარი უნდა შემოვიყვანოთ და ხეობა ეკონომიკურად გავაძლიეროთო. “ირაკლის ვუთხარი, ჯერ 1994 წლის ხელშეკრულება გააუქმეთ და მერე იფიქრეთ ჯარის შემოყვანაზე-მეთქი. კითხვა დავუსვი _ თუ ხეობას ჩააბარებთ, პასუხისმგებელი ვინ იქნება-მეთქი? მე ვიქნები, ირაკლი ალასანიაო. იცოდე, ირაკლი, მე შენ მოგკითხავ ამის შესახებ-მეთქი. კიდევ ერთხელ ვეკითხები ირაკლი ალასანიას და ბევრჯერ შევეკითხები, სანამ სული მიდგას _ რატომ ჩააბარე ხეობა? ჩემთვის სულერთია, გაეროში იყავი თუ სად იყავი, შენ მე პირობა მომეცი, რომ ხეობას დაიცავდი. რატომ არ დაიცავი?!” _ განაცხადა ემზარ კვიციანმა გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“გაეროში იყო კაცი ირაკლი ალასანიას სახით, რომელმაც კოდორი ჩასაბარებლად მოამზადა. ამის შემდეგ კი 400 მლნ ორ წელიწადში ჩამოწერეს. სააკაშვილის მთავრობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე რუსებისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ კოდორს ჩააბარებდა და შეასრულა კიდეც”, – ესეც ემზარ კვიციანის ნათქვამია, ოღონდ უკვე 2014 წელს სხვა გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ირაკლი ალასანიას ჯაზური იმპროვიზაციის კიდევ ერთი მარგალიტია გამოცემა Eurasianet-ში გამოქვეყნებული ფრაზა:
“საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა; ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ნატოსა და ევროკავშირზე დაიწყო საუბარი; მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა განახორციელა საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობის მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე სვლა განვაგრძოთ”.
ალასანიას, ეტყობა, დაავიწყდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შეფარვით მიანიშნებს ნაციონალებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემაზე. და ამ გარანტიებს აძლევს, რა თქმა უნდა, ძია სემის დავალებით, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომლის ავანტიურას ქვეყნის ტერიტორიების 20% და ასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ოჯახი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად იქცა; ძალას, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩაში ხვრეტდა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ფიზიკურად უსწორდებოდა…
აი ასეთია ირაკლი ალასანიას “ჯაზური იმპროვიზაციები” ქართულ პოლიტიკაში, ალასანიასი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას “უკეთეს ცხოვრებას” ჰპირდება, მაგრამ საკითხავია, მოისმენს კი ხალხი მის ჯაზურ ინტერპრეტაციებს და ირწმუნებს მისი დაპირების რეალურობას?..
„საქართველო და მსოფლიო“, 4 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „სანამ არ მოვიშლით, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი ისტორიული არჩევანი, არაფერი გვეშველება!!
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და იმ სამომავლო პოლიტიკური კონფიგურაციის ერთგვარი პრეზენტაცია მოახდინა, რომელსაც 8 ოქტომბრის შემდეგ, დიდი ალბათობით, ვიხილავთ.
ამ კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევები ტარდებოდეს, მოსახლეობის 17 პროცენტი “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 13 პროცენტი _ “ნაციონალურ მოძრაობას”, 4 პროცენტი _ პაატა ბურჭულაძის პარტიას და ასევე 4 პროცენტი _ “პატრიოტთა ალიანსს”. გამოკითხულთა 57 პროცენტს არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოციზია, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს დაუჭერდა მხარს, ხოლო შეკითხვაზე: “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს”, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 19 პროცენტი _ “ქართული ოცნება”, 15 პროცენტი – “ნაციონალური მოძრაობა”, 5 პროცენტი – “სახელმწიფო ხალხისთვის”, 5 პროცენტი – “პატრიოტთა ალიანსი”, და 4 პროცენტი – “თავისუფალი დემოკრატები”. რეალურია ზემოაღნიშნული ციფრები, აქვს თუ არა “ნაცმოძრაობას” მოსახლეობის 13 პროცენტის მხარდაჭერა და რას უნდა ველოდოთ მომავალი არჩევნებისგან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პუბლიცისტი და მეცნიერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.
- ბატონო ელიზბარ, როგორ ფიქრობთ, სანდოა ენ-დი-აის მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული კვლევის შედეგები?
- ენ-დი-აი რაც არის, ყველამ ვიცით – ეს არის დასავლური ფსევდოლიბერალური სექტა, რომლიც, რასაც დაუკვეთავენ, უსიტყვოდ ასრულებს. რაც შეეხება წინა კვირას გამოქვეყნებულ ციფრებს, ამით ამერიკა ცდილობს, ხალხს დაანახვოს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მეორე ძალა, რომ მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ოპოზიციურ სპექტრში და ამიტომ პატივი უნდა ვცეთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ამერიკელები, თავიანთ პოლიტიკურ ჰეგემონიას საქართველოში თვითონვე უთხრიან სამარეს, ანუ მათ ან ყურადღების მიღმა რჩებათ, ან არ სურთ, გაიგონ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია, დიდი ხანია, მკვდარია, დიდი ხანია, გასტუმრებულია პოლიტიკურ სანაგვეზე და, რაც უფრო შეეცდებიან მის გაცოცხლებას, მით უფრო გაამძაფრებენ მისდამი საზოგადოების სიძულვილს.
- თქვენი აზრით, ის 13 პროცენტი გაბერილი მონაცემია და სინამდვილეში ნაცებს ამდენი ადამიანის მხარდაჭერა არ აქვთ?
- სოციოლოგიურ კვლევას აქვს უამრავი ნიუანსი, რომელიც გარკვეული მანიპულაციების საშუალებას იძლევა. მაგალითად, გამოკითხვა სრულიად შეგნებულად შეიძლება ისე ჩაატარო, რომ იგი გაყალბებული არ იყოს და მიიღო არარეალური ციფრები. “ენ-დი-აი” ზუსტად ამას აკეთებს, ისინი გამოკითხვას ისეთ სეგმენტში ატარებენ, შედეგები წინასწარვე იციან. იქ ასევე არის სხვა ეშმაკობაც და საბოლოო ჯამში ვიღებთ ასეთ სურათს _ რამე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით ვერავინ იტყვის, რომ გამოკითხვა გაყალბებულია, მაგრამ აქვეყნებენ მათთვის სასურველ ციფრებს, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
- ამ ორგანიზაციის მიმართ საზოგადოება სკეპტიკურადაა განწყობილი და ყველამ იცის, რომ მისი ნებისმიერი კვლევა რეალობისგან შორსაა. როგორ ფიქრობთ, რა აზრი აქვს ასეთი მარგინალური ორგანიზაციის მიერ ციფრების გამოქვეყნებას, როცა ის საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ვერ ახდენს?
- ქალბატონი, რომელიც ამ კვლევებს ატარებს, გამოკვეთილი ნაცია. ასე რომ, საზოგადოების რეალური აზრი მისთვის ჩვენზე უკეთაა ცნობილი. მათ იციან, რომ ვერანაირი ციფრებითა და რეიტინგებით სააკაშვილის ხროვას ვერ გააცოცხლებენ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ამ და სხვა მსგავსი კვლევების უპირველესი ამოცანაა ამერიკელებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური კონფიგურაციისთვის გარკვეული წინაპირობების შექმნა და ეს არის ერთგვარი პოლიტიკური პრელუდია იმისთვის, რაც განზრახული აქვთ მომავალი არჩევნებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კვლევა არის ამერიკის სურვილების გაცხადება, მისი დირექტივა და მითითება, რომელსაც ხელისუფლებამ არ უნდა გადაუხვიოს.
რაც შეეხება “ოცნებას”, მისი რეიტინგი რომ მკვეთრად დაეცა, ფაქტია და ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილმა ახალმა “ნეოლიბერასტმა” კანდიდატებმა. შეიძლება ითქვას, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც ხალხში ჩაკლა ყოველგვარი იმედი და მოლოდინი, რომ ეს არჩევნები მაინც გაწმენდდა პოლიტიკურ ასპარეზს გარედან მართული ანტიეროვნული ძალებისგან.
- როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე გაუჩნდა საზოგადოებას ეს მოლოდინი?
- როცა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა გარკვეული კრიტიკული მინიშნებები რესპუბლიკელების მისამართით, როცა გამწვავდა ურთიერთობა მასა და მარგველაშვილს შორის, როცა კოალიცია ერთიმეორის მიყოლებით დატოვეს ფსევდოლიბერალურმა სუბიექტებმა და შემდეგ ხელაღებით დაიწყეს მათი პოლიტიკური მამა-მარჩენლის _ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, ბევრმა ჩათვალა, რომ მათ ადგილს ამ გაერთიანებაში ნორმალურად მოაზროვნე ხალხი დაიკავებდა. ამის ნაცვლად მოხდა რა – 15 ახალი სახე წარადგინა პრემიერმა კვირიკაშვილმა და თხუთმეტივე პირწავარდნილი “ლიბერასტი”. რეალურად რა მივიღეთ: ერთი გაგდებული რესპუბლიკელის ნაცვლად პარტიაში 15 ხიდაშელი და უსუფაშვილი შევიდა.
- ამერიკამ და ევროპამ ბოლო პერიოდში დემოკრატიის სახელით ბევრი მიუღებელი რამ მოგვახვია თავს, მათ შორის ყბადაღებული კოაბიტაცია და ა.შ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება უფრო პრინციპული ხომ არ უნდა ყოფილიყო?
- ცხადია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის გადამრჩენელ ამერიკას აშინებს და აფრთხობს მხოლოდ ხალხის სიმრავლე. ამიტომ ცდილობენ ისინი საზოგადოების დაქუცმაცებას და ისეთ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ ერთ ადამიანს, მოქალაქეს მეორის გასაჭირი ღობის ჩხირად მიაჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ, თუ საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, თუ ხალხი არ გამოვა ქუჩაში და არ დაირაზმება, ესენი ქვეყანას თავზე დაგვამხობენ.
რაც შეხება არჩევნებს, თუკი ამერიკელების სურვილი ასრულდება და 8 ოქტომბერს ის ციფრები დაიწერება, რომლებსაც ენ-დი-აი-ს კვლევებით წინდაწინვე გვაჩვევენ, მივიღებთ პარლამენტს, რომელიც, ლოგიკურად დაასრულებს უსუფაშვილის პარლამენტის მიერ დაწყებულ ყველა ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმეს. მათი ამოცანაა, წერტილი დაესვას ქართულ მენტალიტეტს, ქართულ აზროვნებას, ოჯახსა და მართლმადიდებლობას, ამიტომ ყველაფერს იკადრებენ და, რა მითითებაც უნდა მიიღონ იქიდან, “თეთრ სახლს” ვგულისხმობ, უსიტყვოდ შეასრულებენ…
- დღეს საზოგადოებაში პოლიტიკური ნიჰილიზმი სუფევს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ვერ გადაუწყვეტია, რომელ ძალას მიემხროს და, საერთოდ, აქვს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას აზრი. როგორ ფიქრობთ, ეს ნიჰილიზმი როგორ აისახება საბოლოო შედეგებზე?
- სიმართლე გითხრათ, მეც ნიჰილისტურად განწყობილ ნაწილს მივეკუთვნები, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს: არავითარ შემთხვევაში ბრმად არ უნდა დავუჭიროთ მხარი არც ერთ პარტიას და განსაკუთრებით მათ, ვინც ამერიკელებს კუდით ჰყავთ დაჭერილი. საქართველომ თავი უნდა დააღწიოს ამერიკის მონობას, ეს არის და ეს. სხვანაირად ჩვენ ვერ გამოვალთ ამ ჩიხიდან. ახლა ვიცი, ამის გამო ვიღაცები აკაკანდებიან და პუტინის აგენტობას დამაბრალებენ, მაგრამ ნეტავ პუტინისნაირი პრეზიდენტი გვყავდეს ქართველებს. მას თავისი სამშობლო უყვარს და ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, ყველანაირ ზეწოლას გაუძლო. ჩვენ ვინ გვყავს? _ ოც წელზე მეტია, თაღლითები თავზე გვასხედან და გვატყუებენ. მერე ერთმანეთს ენაცვლებიან ამ მატყუარობაში. ქვეყანა საძოვარი ჰგონიათ…
- რაც შეხება “ქართული ოცნების” 15 ახალ კანდიდატს, რომლებიც კვირიკაშვილმა საგურამოში წარადგინა, თქვით, რომ მათ კიდევ უფრო ძირს დასცეს მმართველი გუნდის რეიტინგი, კონკრეტულად რა არის ამ კანდიდატებში მიუღებელი საზოგადოებისთვის?
- ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ბიოგრაფია არ აქვთ, საკუთარი თვალსაზრისი არ გააჩნიათ. ბიოგრაფია აქვს კაცს, რომელმაც შექმნა რაღაც ღირებული ხალხისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც რაღაც სარგებელი მოუტანა ერს და საზოგადოებას… ესენი, არ ვიცი, სად გამოიჩეკნენ, სად გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ყველას ერთი სახე აქვს, ზოგჯერ მიჭირს მათი გარჩევაც. დააკვირდით თუნდაც მათ ლაპარაკს, ყველა ერთი ტერმინოლოგიითა და ლექსიკით ლაპარაკობს. გეგონება, დაზეპირებულს იმეორებენ. ეს, ალბათ, არცაა გასაკვირი, მათ, ყველას, გავლილი აქვთ ერთი მომზადება და ყველას ერთი პროგრამა უდევს თავში. ესენი არიან ე.წ. ნეოლიბერალური იდეოლოგიის ზომბები, რომლებიც მეტასტაზებივით ედებიან ქვეყანას და წამლავენ ყველაფერს, რასაც ეხებიან…
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური სპექტრი მონოპოლიზებული არ ჰქონდეთ მსგავს ძალებს და ხელისუფლების სათავისკენ მიმავალი გზა პირდაპირ სოროსის გრანტით ნასაზრდოებ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ გადიოდეს?
- სანამ ამერიკას მონურ მორჩილებაში ვეყოლებით და არ მოვიშლით იმ უაზრო, ყალბ და არაფრისმომცემ რიტორიკას, რომ თურმე ეს ქვეყანა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი – ისტორიული არჩევანი, არაფერი გვეშველება. რაც უნდა გავაკეთოთ, რა დემოკრატიული არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, შედეგი მაინც ერთი იქნება _ სათავეში მოვლენ დასავლეთში “განათლებამიღებული”, დატრენინგებული “ნეოლიბერასტი” ზომბები, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ და არც ეროვნება…
- არიან დღეს რეალურად საქართველოში ძირეული პოლიტიკური ცვლილებების განმახორციელებელი ძალები?
- არის რამდენიმე სუბიექტი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ვენდობი და, რაც მთავარია, არიან ინდივიდები. მათგან ზოგიერთი დღეს საქართველოში არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ, თუ ეს ძალები გაერთიანდებიან, სერიოზული პოლიტიკური ბირთვი გამოვა. ყოველ შემთხვევაში, “ნეოლიბერალ” ზომბებს მონოპოლია არ ექნებათ და რაღაც ალტერნატივა გაჩნდება. სხვა თუ არაფერი, არჩევნებზე წასვლას მაინც ექნება აზრი და ყველაფერი წინასწარ არ იქნება გადაწყვეტილი, როგორც დღესაა.
„საქართველო და მსოფლიო“, 4 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ყოველთვის ეჭვს იწვევს, ერთი კაცი რომ ქაჩავს მთელ პარტიას“
ქრისტინე ტოგონიძე
“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში ელენე თევდორაძემ ისაუბრა “გატეხილი ფანჯრის” თეორიაზე, რომელიც გულისხმობს, რომ მიტოვებული შენობა, შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაში იყოს ხელუხლებელი, თუ იგი გარედან დაზიანებული არ არის, მაგრამ, ერთი მინა მაინც თუ ჩაიმსხვრა, მეპატრონეებმა სასწრაფოდ უნდა შეცვალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლი ნანგრევებად იქცევა. გადავწყვიტეთ, ისევ “გატეხილი ფანჯრის” თეორიაზე გაგვეგრძელებინა საუბარი მომდევნო რესპონდენტთან. რატომ არავინ სჯის სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთ, იქნებ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ქაოსი დამნაშავეთა დაუსჯელობის ბრალია? – ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება სოსო ცინცაძე.
- ქალბატონმა ელენე თევდორაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თითოეული წევრი, რომელიც ციხეში ზის, კრიმინალია. ის თვითონ იყო ამ პარტიის წევრი და კარგად მოეხსენებოდა შიგა სამზარეულო. ქალბატონი ელენეს განცხადების მიუხედავად, ევროსასამართლო ამბობს, მერაბიშვილი უდანაშაულოაო...
- ევროსასამართლო გვეუბნება, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობის პროცესში დაირღვა მისი უფლებები. გეტყვით ერთ მაგალითს: დაახლოებით ერთი თვის წინათ საფრანგეთში ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი რამ მოხდა: ფრანგი პენსიონერების ოჯახი – ცოლი და ქმარი, საკუთარი იახტით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ნიგერიის სანაპიროებთან მეკობრეებმა დააპატიმრეს გამოსასყიდის მიღების მიზნით. რომ ვერ მიიღეს გამოსასყიდი, ქმარი მოკლეს. საფრანგეთის სპეცრაზმმა მოახერხა ცოლის გამოხსნა, თორმეტი მეკობრეც დააპატიმრა და ჩაიყვანა პარიზში. სასამართლო პროცესის დროს ამ თორმეტი მეკობრის ადვოკატებმა საერთაშორისო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელიც სასწრაფოდ განიხილეს. სასამართლომ საფრანგეთის მთავრობა დაავალდებულა, მეკობრეები გაეთავისუფლებინა და თითოეულისთვის რვა ათასი ევრო გადაეხადა. რატომ, იცით? ფრანგმა სამართალდამცველებმა მეკობრეებს დაწესებულ ვადაში არ წაუყენეს ბრალდება – შვიდი საათით დააგვიანეს. არადა, მეკობრეები ნიგერიის სანაპიროებთან დააპატიმრეს, შემდეგ მათ წამოყვანასაც ხომ სჭირდება დრო, მაგრამ სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ თქვა: კი ბატონო, ისინი ბანდიტები არიან, მკვლელები, მაგრამ თქვენ მათი უფლება დაარღვიეთ, ვადაში არ წაუყენეთ ბრალდებაო. აი ეს არის ევროპული სასამართლო. ისე, არავის უთქვამს მერაბიშვილი მართალიაო. რაც შეეხება ელენე თევდორაძეს, მე მის ადგილას ჩუმად ყოფნას ვამჯობინებდი. თუ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დამნაშავეები არიან, ის ამ დამნაშავეთა გუნდის წევრი იყო – ამას ვერსად გაექცევა ვერც ქალბატონი ელენე და ვერც სხვა. ქალბატონი ელენე თევდორაძე იყო პარლამენტის წევრი და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმჟამინდელ პრეზიდენტთან, შენობით მიმართავდა, ვარ ამის მოწმე, არასოდეს წამოსცდენია “ბატონო პრეზიდენტო”, “მიშაო”, – ასე მიმართავდა. მაშინ სად იყო? არ შეიძლება ყველამ მოიწმინდოს პირი, არავინ არაფერი იცოდა თურმე, რაც “ნაციონალური მოძრაობის” კულისებში ხდებოდა. მაგ ქალბატონმა მადლობა თქვას, რომ წლების განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში შიმშილი და უმუშევრობა იყო, პარლამენტარის ყველა სიკეთით სარგებლობდა.
- რა შედეგი შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს დაუსჯელობის სინდრომმა?
- დაუსჯელობის სინდრომი ყველაზე საშიში ავთვისებიანი სიმსივნეა სახელმწიფოსთვის. კიდევ ერთ ისტორიულ ფაქტს გეტყვით: ამერიკის განგსტერთა ისტორიაში ნომერ პირველ განგსტერად ალ კაპონე კი არ არის აღიარებული, არამედ მეიერ ლანსკი – ტვინით გატენილი ებრაელი, რომელიც ოთხმოცდათექვსმეტი წლისა ფეშენებელურ ვილაში, თავის საწოლში გარდაიცვალა ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებია ციხეში, თუმცა ბანდიტობა თოთხმეტი წლიდან დაიწყო – თოთხმეტი წლის იყო, პირველად რომ მოკლა კაცი. ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამერიკის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს მეიერ ლანსკის სახლთან პუნქტი ჰქონდა გახსნილი, საიდანაც უთვალთვალებდნენ, სურათებს უღებდნენ, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო განგსტერების მეთაური, მაგრამ, ვინაიდან სამხილი არ ჰქონდათ, ვერავინ ბედავდა მის დაპატიმრებას, რადგან სასამრთლოზე არგუმენტი არ ექნებოდათ. ამიტომ სასამართლო უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და კითხვები არ უნდა დარჩეს. აშკარაა, რომ ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ძალიან რთულია, თავი აარიდო ორმაგ სტანდარტს – გამიჯვნას იმისა, რომ ჩემიანს ეპატიება და სხვას – არა. წლები რომ გავა, გაიხსენებენ, რომ ერთ პარლამენტარს პიჯაკი გაურღვიეს ახალგაზრდა ბიჭებმა და ამის გამო ორი თვე ციხეში აყურყუტეს, ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში მუშტი-კრივია ხოლმე გამართული და შემდეგ ზოგი ამერიკაში სეირნობს, ზოგი პარტიის ღონისძიებაზე დადის თავისუფლად. აი ეს არის, რასაც თქვენ ამბობთ, ერთი ფანჯრის მსხვრევას სხვების მსხვერვაც რომ მოჰყვება. სინგაპურის ლეგენდარული პრემიერმინისტრი ლი კუან იუ თავის მემუარებში წერს: თუ გინდა კორუფციასა და დანაშაულს ებრძოლო, პირველ რიგში, ორი უახლოესი მეგობარი უნდა დაიჭირო და სხვები იფიქრებენ, ამან თავის მეგობარი არ დაინდო და ჩვენ რას გვიზამსო. აი, ამის შემდეგ გაქრება კორუფციაო.
- ქალბატონმა თევდორაძემ თქვა: “ჩვენ გვინდოდა, გვენახვებინა, რომ ვსჯით, მაგრამ ისინი ადამიანები იყვნენ და 7 წლის შემდეგ, შესაძლოა, სხვანაირები გამოსულიყვნენ ციხიდან, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებებით ვაჩვენებდით, რომ ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც ისინი იყვნენ დაპატიმრებამდე…” - “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებიც ამბობენ, შეგვეშალა რაღაცებიო, მაგრამ აინტერესებს ეს აღსარება მოსახლეობას? ვინღა უნდა ენდოს მათ?!
- ელენე თუ ამბობს მაგას, ძალიან კარგია, მაგრამ ეს მოსახლეობას არ აინტერესებს და შეიძლება აპატიონ. როდესაც ერთი ჯგუფი ამბობს, მე არაფერი მაქვს მოსანანიებელი, არაფერი დამიშავებაო, აქ უკვე პატიებაც აღარ შეიძლება. ჯერ უნდა აღიარო შენი დანაშაული და შემდეგ აპატიო. კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით: დაახლოებით 25 წლის წინათ უცხოეთში ვიყავი და პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნელსონ მანდელას ციხიდან გამოსვლა. გადმოსცემდნენ, როგორ ასამართლებდნენ ნელსონ მანდელას ერთ-ერთ თანამებრძოლს, რომელიც 22 წელი იჯდა ციხეში. ერთ-ერთმა თეთრკანიანმა გამომძიებელმა მოითხოვა, ორივე თვალი გამოეთხარათ ნელსონ მანდელას თანამებრძოლისთვის და შემდეგ გაესამართლებინათ. მოგვიანებით ამ ყოფილმა პოლიციელმა მოინანია თავისი საქციელი. საოცარი სანახავი იყო, როგორ გამოდიოდნენ ერთად სასამართლო დარბაზიდან ბრმა და პოლიციელი, რომელმაც გამოუტანა ეს განაჩენი. ხელიხელჩაკიდებული გამოვიდნენ, აი ეს არის დიდსულოვნება.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ: “ბურჭულაძესთან დაკავშირებით ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყოო. თავის დროზე ნინო ბურჯანაძემაც ფონდის შექმნით დაიწყო და შემდეგ პარტიად გარდაიქმნა. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ხდება, სიახლე არაფერია”. რა შედეგს მოუტანს ქართულ სახელმწიფოს მრავალპარტიულობა, აქვთ კი ასეთ პარტიებს გამარჯვების იმედი?
- მხედველობაში მყავდა ბურჭულაძის გარემოცვა. ბურჭულაძის გარემოცვაში ძალიან ცოტა ადამიანია ლიდერის მონაცემების მქონე. საერთოდ, საქართველოში კვალიფიციური ინტელექტუალების დეფიციტია. ნაპოლეონი ვერასდროს იქნებოდა ნაპოლეონი, რომ არ ჰყოლოდა სულტი, ნეი და სხვა ბრწყინვალე მხედართმთავრები. რატომ განიცადა გამსახურდიამ კრახი? იმიტომ, რომ გარემოცვამ დაღუპა. შევარდნაძეც გარემოცვამ დაღუპა, სააკაშვილიც და ივანიშვილიც, რომლის რეიტინგიც გარემოცვამ დასცა. ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უყურებს ამ პარლამენტარებს, ვინ ახსენდება? ის, ვინც მოიყვანა ესენი. როდესაც ივანიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, პეტრეს თუ აძლევთ ხმას, ესე იგი, მე მაძლევთო, ხალხი ამბობდა, პეტრეს დედაც ვატირე, ჩვენ ივანიშვილს ვაძლევთ ხმასო. აი, ეს არის ლიდერომანია, რომ ყველაფერი ერთ კაცზეა აგებული. ჩემში ყოველთვის ეჭვს იწვევს, ერთი კაცი რომ ქაჩავს მთელ პარტიას. ეს არ არის დემოკრატიის კლასიკა, როდესაც ერთი კაცია ორთქლმავალი. შემდეგ, როცა აღარ არის ორთქმავალი, გუნდიც აღარ არის.
- “ნაციონალური მოძარობის” წევრებს ერთნაირი მანიაკური თვისებები ახასიათებდათ. ხალხი ამბობს, ეტყობათ, ნაციონალები რომ არიანო…
- ეს უკვე სტილია, ვის შეიძლებოდა მოწონებოდა, ყოველდღე რომ აჩვენებდნენ ბორკილდადებულ ადამიანებს. შეიძლება ამას სხვების შესაშინებლად აკეთებდნენ, მაგრამ ეს არ არის სწორი. ისტორია გვასწავლის, რომ, მაგალითად, როდესაც პარიზში, გრევის მოედანზე ხელს აჭრიდნენ ქურდებს, სწორედ მაშინ ყველაზე მეტი ქურდობა ხდებოდა. ხალხი უყურებდა, აბა, დავინახო, როგორ აჭრიან ხელსო და ამ დროს ქურდები ადამიანებს ჯიბიდან ჰპარავდნენ ქისებს. ასე რომ, შიში არ მოქმედებს. ეს უკვე სტილია.