globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 5th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლება ოპოზიციას აიგნორებდა“

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ოპოზიციის ერთადერთი შანსი გაერთიანებაა“ // „მერობის საერთო კანდიდატი პრაიმერით უნდა გამოვავლინოთ“

——————-

ახალი თაობა“, 05 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ხელისუფლება ოპოზიციას აიგნორებდა

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სტრასბურში 6 სექტემბერს ვენეციის კომისიის მოდერატორობით ჩანიშნულ მოლაპარაკებებზე საუბრობს, სადაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

- ბატონო მამუკა, 6 სექტემბერს ვენეციის კომისიის მოდერატორობით საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრას გამართავენ. ოპოზიცია რა საკითხს დააყენებს, რაზე იქნება მთავარი აქცენტი, თუ შეთანხმდით?

- არასაპარლამენტო ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, მთლიანად ოპოზიცია, თვეებია ვითხოვთ, ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. 23 ივნისს, როდესაც პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამართლებრივი თვალსაზრისით პროცესი დასრულდა, რადგანაც მესამე მოსმენა სარედაქციო ცვლილებებს ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდა.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ 6 სექტემბერს სტრასბურში შეხვედრა გაიმართება. დღის წესრიგი ღიაა, მოლაპარაკება იქნება ყველა საკითხზე. არ იქნება არცერთი ტაბუდადებული საკითხი. მხარეების მხრიდან არ იქნება პირობები წამოყენებული. ოპოზიცია წარადგენს იმ პაკეტს, რომელიც თებერვალ-მარტშია შეთანხმებული და რომელიც 4 პუნქტისგან შედგება: პირველი: საარჩევნო სისტემა და მანდატების გადანაწილების წესი; მეორე: ბარიერი; მესამე: საარჩევნო ბლოკების არგაუქმების საკითხი და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები ოპოზიციის მხრიდან უნდა შენარჩუნდეს, როგორც სამსჯელო საკითხები მოლაპარაკების მაგიდაზე.

მეტიც, თუ ხელისუფლებას ან ოპოზიციას ექნება დამატებითი საკითხები განსახილველი, არც ეს უნდა იყოს დახურული. ოპოზიციისთვის შეიძლება ამ 4 საკითხიდან რომელიღაცა პრიორიტეტული იყოს, მაგრამ რომელიმე საკითხზე ამიტომ უარის თქმა, არა მგონია, მართებული იყოს. ჩემი პოზიციაა, რომ ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე და, რაზეც იქნება შეთანხმება მიღწეული, მერე გავაკეთოთ შეფასებები, ან ეს იქნება მიღწეული შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ან ვიტყვით, რომ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული. ხელისუფლებისთვის ნამდვილად არ იქნება მომგებიანი, რომ სტრასბურში ჩასული სრულიად პოლიტიკური სპექტრი ნულოვანი რეზულტატით დაბრუნდეს. ეს ძალიან ცუდი იქნება.

- ვენეციის კომისიამ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნა?

- ასე გამოდის. ხელისუფლებამ საკონსტიტუციო პროცესი ორი მოსმენით დაასრულა. ასე რომ, საერთოდ არ გვქონია კონტაქტი, ხელისუფლება ოპოზიციას აიგნორებდა. გვეძახდნენ ერთკაციანი პარტიები, ურეიტინგოები და ა.შ. ახლა რიტორიკა შეცვლილია, ხელისუფლება მზად არის ყველა საკითხზე სასაუბროდ. მიუხედავად სამართლებრივი პროცესის დასრულებისა, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდა და სწორედ ამის დამსახურებაა ხელისუფლების რიტორიკის ცვლილება.

- ეს ოპოზიციის დამსახურებაა თუ ვენეციის კომისიის?

- ასეთი თავხედი ვერ ვიქნები და ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის დამსახურებაა. ვენეციის კომისია ყველა ეტაპზე, ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს თუ ოპოზიციასთან დიალოგისას, ყოველთვის აფიქსირებდა, რომ მისი პოზიცია უცვლელია, რომ პოლიტიკურ სპექტრს შორის კონსენსუსი არის აუცილებელი და ამ პროცესში აქვს რეკომენდაციები. ამდენად, იხსნება ის ველი, რომელიც აქამდე დახურული იყო. ვნახოთ, რა იქნება შედეგი.

- ექსპერტები ამბობენ, რომ უპრიანია ოპოზიციამ აქცენტი საარჩევნო სისტემაზე, მისი ამოქმედების ვადებზე გააკეთოს, რადგან ცარიელი ფურცლიდან პროცესის დაწყება შეუძლებელია. არ ეთანხმებით?

_ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი საკითხი დგას: საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და ამ საკითხზე ხელისუფლებისგან უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ვერ შედგა შეთანხმება, მერე რას ვაკეთებთ? ეს მოცემულობა ხომ გვაქვს დღესაც?! ნულოვანი რეზულტატით დავასრულოთ პროცესი?! ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ იქნება სწორი, ყველა საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და ვნახოთ, რაზე იქნება შეთანხმება მიღწეული და რაზე – ვერა. პროცესის დასრულების შემდეგ მიღებულ შედეგზე გავაკეთებთ შეფასებას, არის ეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ღირებული შეთანხმება თუ ეს არის საკენკი.

- თუ არის შეთანხმება ოპოზიციას შორის, რას დათმობთ და რას ვერ დათმობთ?

- როდესაც წინ არის მოლაპარაკება, მსჯელობა იმაზე, რომ მე ამას არ ვთმობ, ეს იმ წუთში მოინათლება, როგორც ულტიმატუმი. იგივე რომ თქვას ხელისუფლებამ, ოპოზიციაც იტყვის, რომ ეს არის ულტიმატუმი.

არის ერთი მნიშვნელოავნი საკითხი, რაზეც პარტიები საუბრობენ, საკონსტიტუციო კომისიაში მსჯელობა იყო მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე და ეს, როგორც მოცემულობა, ისე მივიღოთ, მაგრამ ეს მოცემულობა დღეს შეცვლილია, რადგან ორი მოსმენით უკევ კენჭნაყარია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ჩვენ იმისთვის გვინდა მოლაპარაკება, რომ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკან უნდა დაბრუნდეს იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც სტრასბურში იქნება მიღწეული.

- უკვე ხმები გამოდის, რომ რომელიღაც პარტიები შეიძლება 3% ბარიერს დათანხმდნენ და ..

- რაღაც გარიგება, აუქციონი და ეს შეფასებები მათ სინდისზე იყოს, ვინც ამაზე ლაპარაკობს. ის უკვე ამ რიტორიკით არღვევს ოპოზიციურ ერთობას, რამაც მოიყვანა პროცესი ამ წერტილამდე. ოპოზიციის ერთი ნაწილი ვიშვიშებს, რომ უკომპრომისოა, მეორე ნაწილი დისკუსიაშია ხელისუფლებასთან და გარკვეულ შედეგს იღებს, ამ შედეგით კი მთელი ოპოზიცია სარგებლობს. მახსენდება 2011 წელი, საარჩევნო სიების დადგენის პროცესი. დღეს ამომრჩეველთა სიები პრობლემაა, რომელსაც თავის დროზე ვარდების რევოლუცია მოჰყვა? პრობლემაა მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევა? კვალიფიციური პარტიის დაფინანსება? ამ ყველაფერს თავის დროზე საკენკი დაარქვეს. თუ ბლოკების შენარჩუნება არ არის მთავარი, მაშინ ერთ ბლოკში ნუ ერთიანდებიან.

რაც შეეხება ბარიერს, ყველა პარტია თანახმაა, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს. ბლოკები არ გაუქმდეს, ხმები სამართლიანად გადანაწილდეს, მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდეს და პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეს. თუ ყველა თანახმა ვართ ამ საკითხებზე, მაშინ ერთი რატომ ამოვაგდოთ, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის წესი? ეს ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს ემსგავსება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი 4 მოთხოვნიდან ყველა ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ, რა ვქნათ, რომელზე ვთქვათ უარი?! ეს უკვე პოლიტიკური გამოუცდელობაც კი აღარ არის. ეს არის პროცესის გაწირვა. ხომ შეიძლება, ვიღაცის ინტერესში იყო, მოლაპარაკება არ მოხდეს და ნულოვანი კონსენსუსით დასრულდეს პროცესი, ხელისუფლების მარგინალიზაციისკენ იყოს ეს ყველაფერი მიმართული. მერე რას შვრება ოპოზიცია? მივდივართ სახლში, არა სხვაგან, რუსთაველზე, არამედ სახლში. არის ოპოზიციაში იმის მზაობა, რომ ბრძოლის უფრო მწვავე ფორმებზე გადავიდეთ?! რაღაც ვერ ვამჩნევ ამას ოპოზიციას ვერც სურვილში და ვერც რესურსში.

- რას დათმობს ხელისუფლება, რა მზაობას გრძნობთ თქვენ? თუ შეიძლება, ეს იყოს მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის?

- ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, არის ის, რომ ხელისუფლება გვეუბნებოდა, არავითარი მოლაპარაკება, საკმარისად ვილაპარაკეთ. ახლა რიტორიკა შეცვლილია და გვეუბნება: ყველა საკითხზე ვართ მზად სამსჯელოდ. ვიცი, რომ ეს არ ნიშნავს შეთანხმებას, მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ხელისუფლება გადაიხდის პოლიტიკურ ფასს და სწორედ 6 სექტემბერია ამ ფასის გადახდის დღე. არ ეყოფა ერთი დღე, მივცემთ მეორე დღეს. მთავარია, რომ პოლიტიკური პროცესი არ მომკვდარა.

ახალი თაობა“, 05 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ოპოზიციის ერთადერთი შანსი გაერთიანებაა» // „მერობის საერთო კანდიდატი პრაიმერით უნდა გამოვავლინოთ»

ახალი ოპოზიციური გაერთიანება პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობის კანდიდატის გამოვლენისაკენ მოუწოდებს. ეს გაერთიანება ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ახალმა საქართველომ“, „ახალმა ერთობამ საქართველოსთვის“, „ევროპელმა დემოკრატებმა“ და პოლიტიკურმა გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსმა თავისუფლებისთვის“ დააარსა.

„ახალი თაობა“ აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, ყველა დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდებთ. რამდენად მიიღებენ ეს პარტიები ამ შეთავაზებას?

- არ მესმის, რატომ არ უნდა მიიღონ. გავერთიანდეთ და პრაიმერის სახით გამოვავლინოთ ერთიანი და ძლიერი კანდიდატი.

- თქვენ ეს შეთავაზება ალეკო ელისაშვილსაც გაუგზავნეთ, თუმცა მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ვაშაძესთან არაფერი ესაქმება და ის ამ შეთავაზებას არ იღებს. ამაზე რას იტყვით?

- ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა ასე გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა. ჩვენ ყველა მათგანთან მივალთ და ვკითხავთ, რატომ არ იღებენ ამ შეთავაზებას. ნაციონალებმა აქეთ დაგვდეს ბრალი, ალეკო ელისაშვილის მხარდასაჭერად ერთიანდებითო. ელისაშვილი, ხომ ხედავთ, უარს აცხადებს ამ შეთავაზებაზე.

- ბატონო მამუკა, თქვენ ნაციონალურ მოძრაობასაც მოუწოდებთ, რომ მიიღონ ეს შეთავაზება. თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ყოველთვის თავს იკავებს, შეუერთდეს ისეთ გაერთიანებას, სადაც ნაცმოძრაობა ფიგურირებს. ეს არ დაგაზარალებთ?

- ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრეს ასეთი სტერეოტიპები და ხედვები. გაიმარჯვოს იმან, ვინც ღირსეულია, ვისაც ხალხის მხარდაჭერა ექნება. ნაციონალები რას იზამენ, ეს ჯერ არ ვიცით. დღეს ამ შეხვედრას აკვირდებოდნენ მათი წარმომადგენლები. თუმცა, რამდენად შემოგვიერთდებიან, ეს ჩვენთვის უცნობია.

- რისი იმედი გაქვთ, რას მიიღებთ ამ გაერთიანებით? გაქვთ გამარჯვების იმედი?

- რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება გამარჯვებას მოუტანს ოპოზიციის ერთიან კანდიდატს. გადახედეთ კვლევის შედეგებს. ყველაზე დიდი, კახა კალაძეს 30%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. დანარჩენი პროცენტები ოპოზიციაშია. თუ ჩვენ გავერთიანდებით, მაშინ 50-ით 30-ს დავამარცხებთ სახელისუფლებო კანდიდატს. მე ვერ ვხედავ ვერცერთ საწინააღმდეგო არგუმენტს, რატომ არ უნდა გავერთიანდეთ! ზოგი გვეუბნება, რა საქმე გვაქვს თქვენთან, ურეიტინგოები ხართო. მით უმეტს, შენ თუ ასე პოპულარული და ძლიერი ხარ, ხომ გაიმარჯვებ პრაიმერში?! თან მიიღებ ლეგიტიმაციას ხალხისაგან, რომ მარტო კი არ ხარ, არამედ შენ ხარ ყველა ოპოზიციური პარტიის რჩეული! აი, ამაზეა ლაპარაკი.

- ამბობენ, რომ, კვლევების თანახმად, ლიდერობს კახა კალაძე, ხოლო მეორე ადგილზე ალეკო ელისაშვილია. თუმცა ის უარს აცხადებს ამ გაერთიანებაზე. აქვს შანსი დამოუკიდებლად?

- მე ძალიან გამიხარდება, თუ ის მოვა, ასევე ელენე ხოშტარიაც თუ მოვა. მოვა არა! ჩვენ მივალთ. ჩვენ ვაპირებთ ყველასთან მისვლას. ჩვენ ამ მოძრაობის ძალიან აგრესიულად დაწყებას ვაპირებთ, რომ მივიდეთ ყველა კანდიდატთან და ვკითხოთ, რატომ არ გინდათ? რა მიზეზით არ გინდათ? რა არის იმის მიზეზი, რომ თქვენ არ გინდათ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გახდეთ?! რატომ არ გინდათ, ყველას ხმა თქვენ მიიღოთ და დაამარცხოთ ხელისუფლება? რა, არ გინდათ ხელისუფლების დამარცხება?! ხომ კარგად იციან, რომ მარტო ვერაფერს გახდებიან!

- ვინც არ მიიღებს ამ შეთავაზებას, ის ხელისუფლების თამაშს თამაშობს?

- შემიძლია, ღიად და მკვეთრად განვაცხადო, ვინც ამ გაერთიანების წინააღმდეგია, ის არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დამსხმელი. ეს ძალიან მარტივია.

- ძალიან ბევრი ამბიციებს ვერ თმობს, ყველას უნდა, თავისი კანდიდატი ჰყავდესო. დათანხმდებიან პრაიმერს?

_ პრაიმერის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს? პრაიმერი ხომ ყველაზე დემოკრატიული პრინციპია კანდიდატების არჩევისას. სანამ ჩვენ კანდიდატს წარვადგენთ, კანდიდატებს შორის მოხდება გამოვლენა ყველაზე ძლიერის, ყველაზე ელექტორალურის, საინტერესოსი. ამის საწინააღმდეგო რა შეიძლება იყოს? ჩვენ გადაწყვეტილებებს კაბინეტში არ მივიღებთ, ჩვენ ვაპირებთ გადაწყვეტილების მიღებას გახსნილად, ხალხში. გარდა ამისა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ მერობის კანდიდატზე. არავითარ შემთხვევაში!

- კიდევ რას გეგმავთ?

- ჩვენ ვლაპარაკობთ სიებზე, მაჟორიტარებზე. ჩვენ გვინდა, მოხდეს არჩევნების სრულფასოვანი პრაიმერი, ყველა ნიშაში, როგორც სიებში, ასევე მაჟორიტარებში, მერობის კანდიდატებში. ვთავაზობთ ამის სხვადასხვა მექანიზმს და ამ მექანიზმებით გვინდა, რომ ამაში ჩაერთონ როგორც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ასევე ცსკ-ო. აუცილებლად ცსკ-ოსთან ერთად ვაპირებთ ამ საკითხის გადაწყვეტას. მე ამ წუთას არგუმენტირებულ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. რასაც ეს პარტიები ამბობენ, აროგანტულია.

- რას ამბობენ?

- თქვენ ჯერ არაფერს წარმოადგენთ და რატომ უნდა გაგიერთიანდეთო. თქვენ კი არ უნდა გაგვიერთიანდეთ, არამედ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ. თუ ასე ძალიან გინდათ გამარჯვება, მოდით და ჩვენი კანდიდატის გარშემო დადექითო. ჩვენ არავის ვთავაზობთ ჩვენ გარშემო დადგომას. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას გაერთიანებას ერთი მიზნის გარშემო! მიზნის და არა კანდიდატის. მიზანი კი ხელისუფლების დამარცხებაა.

- ამ პირობებში მოხერხდება ხელისუფლების დამარცხება?

- თუ ყველა ოპოზიციური პარტია გავერთიანდებით, არანაირი პრობლემა არ იქნება ხელისუფლების დამარცხება. ამას არითმეტიკაც გვიჩვენებს. მე ამ საკითხს ვუყურებ არა როგორც ერთჯერად გაერთიანებას, ერთი რომელიმე არჩევნების მოსაგებად. არავითარ შემთხვევაში! მე ვთვლი, რომ დღეს დაიწყო გახსნილი, ღია პროცესი, რომელიც მთლიანად შეცვლის პოლიტიკურ კულტურას საქართველოში. საქართველო უნდა მიეჩვიოს, იცხოვროს ახალი, თანამედროვე, დასავლური პრინციპებით და დაანებოს თავი ბოლშევიკური და კომუნისტური წესით კაბინეტებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. თუ ჩვენ ჩვენს შეგნებაში მოვახდენთ ამ ცვლილებებს, სრულიად ახალ სინამდვილეში შევალთ.

- ანუ ვისმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მზად ხართ, რომ მას დაუჭიროთ მხარი?

- რა თქმა უნდა! რასაკვირველია, არც ვაშაძეა რეალობას მოწყვეტილი, რომ ფიქრობდეს, მისი 2%-ით მოუგებს იმავე უდუმაშვილს ან ელისაშვილს. ის ამბობს, დიახ, მე პატარა შანსები მაქვს და მზად ვარ, დავმარცხდე ამ პრაიმერში. სამაგიეროდ, ჩემი ხმებიც შენ დაგემატება. სხვების ხმებიც შენ დაგემატება. უდუმაშვილი და ხოშტარია რომ ჰპირდებიან ელისაშვილს, მეორე ტურში შენ დაგიჭერთ მხარსო, რაზეც ელისაშვილმა უარი უთხრა, არ ჯობია, თავიდანვე გავერთიანდეთ?! ჯერ ისტორიას არ ახსოვს, რომ მეორე ტურში დამარცხებულ კანდიდატს გაემარჯვოს.

ასეთი რამე არ მომხდარა. ოპოზიციას ცალ-ცალკე არავითარი შანსი არა აქვს! ამას ელემენტარული კვლევები, ენდიაის კველევები და მათი შიდა კვლევები გვიჩვენებს. ყველა ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ კალაძის პროცენტები მაღალია, სხვების კი _ ორჯერ ნაკლები! ასეთ პირობებში გამარჯვება შეუძლებელია. ყველასთან მივალთ და მოვთხოვთ, გვიპასუხონ: რატომ არა? რა მიზეზით არა?! ვინც არ მოვა, ის ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს!

Comments are closed