„ახალი თაობა“: ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: „ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გასაღები ჩვენსავე საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაშია“
„რეზონანსი“: აფხაზებმა შესაძლოა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მიწების უცხოელებზე გაყიდვა დაუშვან
———————
„ახალი თაობა“, 05 სექტემბერი, 2015 წელი
ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: „ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გასაღები ჩვენსავე საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაშია“
ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაცია “გრასის” თანათავმჯდომარე სერგი კაპანაძეს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საუბრობს. გთავაზობთ შემოკლებით.
- ბატონო სერგი, მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ სოციალურ ქსელში თქვენს მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მინდა გთხოვოთ, ჩვენს მკითხველებსაც გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები საკადრო ცვლილებებზე, საგარეო უწყების ეკონომიკური დიპლომატიის პერსპექტივაზე და დღევანდელ მსოფლიოში ამგვარი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე?
- ახალი არ გახლავთ ის, რომ საქართველოში ეკონომიკური დიპლომატია იყოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დასახელებული. იგი ჩვენთან განსაკუთრებულად აქტუალური მაშინ ხდება, როცა ჩვენს ეკონომიკას უჭირს. იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია ინვესტიციებზე და ჩვენივე ვალუტის კურსი დამოკიდებულია დოლარის შემოდინებებზე, ამ პრობლემების გადასაჭრელად და ერთ-ერთ გამოსავლად ყოველთვის ეკონომიკური დიპლომატია სახელდება. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა აღიქვამს მას ერთ-ერთ გამოსავლად. მაგალითად, გილაურის მთავრობაში ცალსახად იყო აღებული ეკონომიკური დიპლომატია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. სწორედ მაშინ დაიწყო ამ საქმეში ელჩების აქტიურად ჩართვა, რომ მათი საქმიანობა მეტად ყოფილიყო ფოკუსირებული ინვესტორებთან მუშაობაზე. მაშინ პირველად დაიწყო საელჩოებში მეტი ეკონომისტის გაგზავნა. იმის თქმა მინდა, რომ ეს ახალი არ არის. ის, რომ ახლა მოხდა მსგავსი რამ, ასევე ძალიან ლოგიკურია, ვინაიდან დღეს ჩვენს ეკონომიკას უჭირს. ვიმეორებს, ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშაოს ინვესტორებთან, ამაში ახალი არაფერია.
როგორც წესი, პრობლემა არის, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანლად ეკონომიკის მინისტრი მოდის, არ მოხდეს ამავე უწყებაში სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულველყოფა. ანუ, არ მოხდეს სხვა ტრადიციულად მნიშვნელოვან მიმართულებაზე ძალისხმევის მოდუნება. გამოუცდელ მინისტრსა და მთავრობას ეს შეიძლება, მოუვიდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაში ის, რაც საგარეო უწყების მართლა პრიორიტეტია, მათი დავიწყება არ მოხდება. ესენი გახლავთ ჩვენი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია, დეოკუპაცია, რუსეთთან ურთიერთობები და ასე შემდეგ.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებას. ის, რომ კვირიკაშვილს არ აქვს დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება, ეს უდავოდ მისი დიდი მინუსია. ეს გამოსწორებადია, მაგრამ საკმაოდ რთულია თავის დამკვიდრება კოლეგა მინისტრებში, თუ ლიდერობის, ეშხის, პროფესიონალიზმის და ა.შ. დეფიციტი გაქვს. მოახერხებს თუ არა კვირიკაშვილი ამას, მალე ვნახავთ. წინ გაერო-ს მაღალი დონის დებატები და ეუთო-ს და ნატო-ს მინისტერიალებია. ჩემი აზრით, კარგ მინისტრს, უნდა ჰქონდეს სამი თვისება: იყოს კარგი მენეჯერი, კარგი მომლაპარაკებელი და ჰქონდეს ქარიზმა. აქედან მას რომელი აქვს და რომელი არა, სულ მალე გამოჩნდება.
- თბილისში მორიგი ამბასადორიალი მიმდინარეობს და ამ თემაზე ბევრი აზრი გამოითქმის, მაგრამ თუ უკვე გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, აშკრაა, რომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ეკონომიკაზე ორიენტირებული დიპლომატიის გატარებისათვის მზად არ უნდა იყოს. არადა, ეკონომიკურ ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ ჰიპერაქტიური საინცესტიციო პოლიტიკა უნდა გაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ეკონომიკას ეშველება და არც ლარის კურსის ვარდნას. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საგარეო უწყების მიერ წარმოებული ეკონომიკაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდეს?
- ახლა როცა, ინვესტიციების აშკარა ნაკლებობა გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გახლავთ დიპკორპუსის მზაობა და ამ საკითხებთან მიმართებაში მათი ფორმაში ყოფნა. ელჩი არ არის ეკონომისტი. დიპლომატიურ მისიაში შეიძლება იყოს ერთი-ორი ეკონომისტი, მაგრამ მაგრამ საელჩოების იმაზე გადაწყობა, რომ მათ მარტო ინვესტიციებზე იმუშაონ, არ არის არც სწორი და არც გაამართლებს. პრობლემა სხვა რამეშია. ინვესტრორებს შესაძლოა, პრობლემები იმის გამო კი არ შეექმნას, რომ ჩვენ ცუდი დიპლომატები გვყავს, არამედ იმის გამო, რომ ქვეყნის შიგნით არ ხდება ინვესტორებისთვის ხელშეწყობა. როცა იღებენ კანონს, რომელიც კრძალავს მიწის გაყიდვას, მკაცრდება რეგულაციები ქვეყნის შიგნით, არის სრულიად გაუგებარი სავიზო პოლიტიკა, 9 თვის განმავლობაში შემოაქვთ შეზღუდვები, შემდეგ ამ შეზღუდვების ნაწილს ხსნიან, ასეთი ტიპის ნაბიჯებისა და არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარების პირობებში ძნელი წარმოასადგენია, რომ სერიოზულმა ინვესტორმა საქართველოში საქმის კეთებაზე იფიქროს. ანუ, ასეთ ვითარებაში ინვესტორის მოზიდვა სულ უფრო ძნელი ხდება. ასეთ ვითარებაში მარტო დიპლომატიის იმედად ყოფნა, გულუბრყვილობა იქნებოდა. თუ ამ საკითხების მიმართ მიდგომები მთავრობამ არ შეიცვალა, რაც არ უნდა გენიოსი, ეკონომიკური განათლების ელჩები გვყავდეს, რეალურად არც არაფერი შეიცვლება.
(…)
რაც შეეხება ვაჭრობის კუთხით საქმიანობის გააქტიურებას. ამ კუთხით საქართველოსთვის პირველი რიგის პრობლემა და ამოცანაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების დადება და თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, უპირველესად აშშ-სთან, ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, თურქეთი, რომელთანაც თავისიფალი ვაჭრობის ხელშეკრულება დადებული გვაქვს, მაგრამ საჭიროა მისი სრულად ამოქმედება. ამ კუთხით, მართლაც შეიძლება, რომ ჩვენი დიპლომატია იყოს აქტიური. ამ საქმეში ასევე მთავარია, თუ როგორ მოქმედებს პრემიერ-მინისტრი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობა და არა მარტო კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრო. (…) ამის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები. მიმაჩნია, რომ აშშ-ში საქართველოს სავაჭრო წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ასევე შეიძლება გვქონდეს სავაჭრო წარმომადგენლობა თურქეთში, უკრაინაში, ცენტრალურ აზიაში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება გამოსავალი. თუ ქვეყნის შიგნით არ შეიცვალა ის ტენდენციები, რაც ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება, რაც არ უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული ეკონომიკურ დიპლომატიაზე, რეალურ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ.
- სამწუხაროდ, საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმი აშკარად მატულობს. ასეთ ვითარებაში თამარ ბერუჩაშვილის იმ ფორმით გათავისუფლებამ, როგორც ეს მოხდა, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. ვინც ქალბატონ თამარს იცნობს, თანხმდება, რომ ქართულ დიპლომატიურ კორპუსში ევროპული ინტეგრაციის საკითხებში მასზე საქმეში ჩახედული და მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი ქვეყანაში ძნელად თუ მოიძებნება. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილის დასაქმება საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაავალა?
- ფორმა რომ უხერხული იყო, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. არ არის სასიამოვნო, როდესაც ასეთნაირად ხსნი მინისტრს და არაფერს ამბობ მის მომავალ საქმიანობაზე. ასევე დამამცირებელია ის, რომ ყოფილი მინისტრის დასქმება ახლად დანიშნულ მინისტრს დაევალა. და მაინც, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ქალბატონი თამარი დიპლომატიის სფეროში გააგრძელებს საქმიანობას. შესაძლოა, ფორმა მართლაც უხერხული იყო, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო, რომ რომელიმე ქვეყანაში ელჩად გააგზავნიან. რამდენადაც ვიცი, ელჩის რამოდენიმე ვაკანსია ნამდვილად არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში ბერუჩაშვილზე საუბარი რომ უხერხულად იქნა აღქმული, ეს ცალსახაა. რატომ მოხდა ან რამ განაპირობა ეს საკადრო ცვლილება, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირა ამ ცვლილებაზე საუბარი იყო, ჩემთვის ძნელია ბერუჩაშვილის გათავისუფლების რეალურ მიზეზებზე საუბარი. ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს, ვინაიდან ბერუჩაშვილს მუშაობისას თუ დიდი ფუნდამენტური წარმატება არა, არც დიდი ჩავარდნა არ ჰქონია.
(…)
- დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება ყოველთვის ცუდად აისახება საქართველოზე, ამჯერად რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?
- საქართველოს, სხვა გამოსავალი, იმის გარდა, რომ გაატაროს აგრესიული ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა, სხვა გზა არ აქვს. აშშ-ში არჩევნებისა და სხვა მიზეზების გამო რომ ე.წ. ლუფტები იქმნება, ჩვენ როგორც წესი, ამ პერიოდში ვპასიურდებით, ანუ, ველოდებით დიდი ქვეყნები რას გადაწყვეტენ. ასეთ დროს ჩვენ სწორედ მაშინ ვაგებთ ყველაზე მეტად. ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ეს პერიოდი არის ყველაზე კრიტიკული პერიოდი. ამ პერიოდში ჩვენ უნდა ვიყოთ ჰიპერაქტიურები. ჰიპერაქტიური უნდა იყოს ჩვენი დიპლომატია, ხელისუფლება, რომ არ უნდა მოდუნდეს ქვეყანა და არც სხვას მისცეს ჩვენთან მიმართებაში მოდუნების საშუალება.
რუსეთთან ურთიერთობების ძიება ცუდი არ არის, მაგრამ მისი პრობლემა ისაა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს და იგი დღითი დღე იზრდება. ვგულისხმობ იმას, რომ მუდმივად იქმნება შთაბეჭდილება, საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემური საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგისთვის აღარ არსებობს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ჩვენ მოგვივიდეს. ეს იმდენად სახიფათო რამეა, რომ პირდაპირ უშლის ხელს კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. ასე იმიტომ რომ, იქმნება ილუზია, თითქოს საქართველო და რუსეთი ერთმანეთში პრობლემებს აგვარებენ, არის პოზიტიური დინამიკა. ასეთ ვითარებაში რუსეთის გააგრესიულებს შემთხვევაში ძნელია ჩვენი პარტნიორების გააქტიურება, ვინაიდან ისინი არჩევნების გამო ისედაც პასიურ ვითარებაში იმყოფებიან. ძნელია მათი დარწმუნება, რომ ახლა მნიშვნელოვანია მათი გააქტიურება და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ქცევა ჩვენთვისვე ხდება კონტრპროდიქტიული.
(…)
- დაანონსებული იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ფსოუს საზღვარზე ტვირთბრუნვაზე მონიტორინგის საწარმოებლად შვეიცარიული კომპანიის დადგომის ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკებების განახლება. მას შემდეგ, რაც ეს მოლაპარაკებები დროებით გადაიდო, რუსულმა მხარემ დაიწყო ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა. ქართულ პრესაში გამოითქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ შვეიცარიელების ფსოუზე დადგომის სანაცვლოდ მოსკოვი თბილისისაგან სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას ითხოვს. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ქართული მედიის ვარაუდი და მოსკოვიდან ამგვარი მოთხოვნის საპასუხოდ, როგორი შეიძლება იყოს ქართული მხარის ყველაზე ადეკვატური და ოპტიმალური პასუხი?
- ეს თემა, გარკვეულწილად, ჩემი ტკივილია. ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს იქნა ხელმოწერილი, ჯერ ამოქმედებული არ არის. სამწუხაროდ, არა მარტო რუსეთის მხრიდან სურვილის არარსებობის გამო, არამედ უპირველესად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო. ის, რომ ეს საქმე აქამდე გაჯანჯლდა, არის ჩვენი ბრალი და ძალიან ცუდია. ამას ბევრი მიზეზი აქვს, კოორდინაციის არარსებობა, მათ შორის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, მათ შორის ის, რომ ვერ გაერკვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ამასობაში კი დაიკარგა ძალიან დიდი დრო. თუ ეს ხელშეკრულება ჩავარდა, ეს იქნება ჩვენი დიპლომატიის უახლოეს ისტორიაში სამარცხვინო ფურცელი. ჯერ კიდევ არსებობს შანსი და იმედი მაქვს, რომ ეს ხელშეკრულება ამოქმედდება. რაც უფრო დრო გადის, ეს იმედი მეტად მეწურება, ვინაიდან ამ ხელშეკრულებას შესრულების ვადა ეწურება და მისი გახანძლივება იქნება საჭირო. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი დიპლომატები ამაზე მუშაობდნენ. ამ თემაზე რუსელ მხარესთან სექტემბერში შვეიცარიაში იგეგმება შეხვედრა, მაგრამ ეს გახლავთ შეხვედრა, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა შემდგარიყო 2013 წლის დასაწყისში. როცა 2 წელი უნდებიან ამგვარი ტიპის შეხვედრის ორგანიზებას, რაზეა საუბარი. ვიმეორებ, ამ თემაზე მხოლოდ ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი, სხვა ყველაფერი გაწერიალია შეთანხმებით. ეს საქმისადმი არასერიოზული მიდგომაა და ამიტომაცაა, რომ ვამბობ, ეს ჩვენი დიპლომატიისათვის სამარცხვინო ფურცელიათქო.
რაც შეეხება იმას, თუ რა კავშირი შეიძლება არსებობდეს რკინიგზის აღდგენასა და მონიტორინგის დაწყებას შორის. თუ ეს ორი საკითხი მართლაც არის ერთმანეთთან რაიმენაირად დაკავშირებული, ეს მართლაც კატასტროფა იქნება. ვინაიდან ისინი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს. საუბარია უკვე შეთანხმებული ვარიანის ამოქმედებაზე და სხვა არაფერზე. მეტსაც ვიტყვი, ამათი ერთმანეთთან დაკავშირება თითქმის მოღალატეობრივი ნაბიჯი იქნება.
ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება იმდენად არაადეკვატურია, რომ მე მაინც მგონია, რომ ამ თემაზე საუბარი არც კი შეიძლება იყოს. ხელისუფლებას ძალიან უნდა მოენდომებინა, რომ ამგვარ სისულელეზე წასულიყო.
ჩემთვისაც გაუგებარია ოჩამჩირეში რკინიგზაზე დაწყებული სამუშაოები. ამას პოტენციურად სამი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. 1. უნდათ, გალი დააკავშირონ დანარჩენ აფხაზეთს ამ რაიონის აფხაზეთში სრული ინტეგრაციის მიზნით. მე მგონი რომ საფუძველს მოკლებულია აზრი, თითქოს სოხუმმა გალის კეთილდღეობაზე ფიქრი დაიწყო. 2. უნდათ რკინიგზის გახსნა. ფაქტია, რომ ამით დაინტერესებული რუსეთი და სომხეთი. არ ვიცი რა დეტალებზე შეიძლება ჰქონოდათ მხარეებს საუბარი. ჩვენები კი იძახიან, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კუთხით რაღაცა ხდება. 3. გახლავთ სამხედრო კონტექსტი. 2008 წელსაც დაიწყეს რუსებმა რკინიგზის შეკეთება, რასაც მალე მოყვა ომი. არ მინდა ომის დაანონსება, მაგრამ ოჩამჩირე-ენგირის სარკინიგზო მონაკვეთზე დაწყებულ სამუშაოებს რომ სამხედრო შემადგენელი შეიძლება ჰქონდეს, სულ უფრო აშკარა ხდება.
„რეზონანსი“, 05 სექტემბერი, 2015 წელი
აფხაზებმა შესაძლოა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მიწების უცხოელებზე გაყიდვა დაუშვან
ეკატერინე ბასილაია
(შემოკლებით)
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში სულ მალე უცხოელებისათვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნის საკითხზე კანონპროექტის შესვლას ელოდებიან და საკმაოდ დიდი განხილვა-კამათია გამართული. მიწების გაყიდვის მოწინააღმდეგემბის არგუმენტებს ბოლო დღეებში ქართული თემაც შეემატა – უძრავი ქონების ბაზრის გახსნის შემდეგ რუსეთის მოქალაქე ქართველები იყიდიან აფხაზურ მიწებს და ეს აფხაზებისათვის სახიფათოა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ამ რამდენიმე კვირის წინათ გააკეტა განცხადება, რომ იგი უცხო მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების მიყიდვის მომხრეა ამ პროცესის დაკანონება სურს. ამ განცხადებამ აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე დისკუსიები გამოიწვია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ უკვე მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უცხოელებზე ქონების მიყიდვა მხოლოდ აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში – ოჩამჩირეში, ტყვარჩელისა და გალის რაიონებშია დაშვებული.
აფხაზური საზოგადოების ნაწილი ამ კანონპროექტის წინააღმდეგია – აფხაზებს ფული არ აქვთ, მიწებს ისევ რუსები იყიდიან და ეს დემოგრაფიულ სურათ დაამძიმებსო, რაც მომავალი ტაობების წინაშე დიდი დანასაულია. მეორე ნაწილის აზრით, სახლები შავ ბაზარზე მაინც იყიდება და ის კორუფცია-კრიმინალის წყაროა, ამიტომ ჯობია დაკანონდეს და შემოსავლები აფხაზეთის ბიუჯეტში შევიდესო.
რომელი მხარე გადაწონის და მოხდება თუ არა შეზღუდვების მოხსნა? ამ საკითხზე „რეზონანსს“ „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ესაუბრება.
„აფხაზეთის „ხელისუფლება“ ერთგვარი ულტიმატუმის წინაშე დგას: თუ პარლამენტში უძრავი ქონების გაყიდვისა და აფხაზეთ-რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების გაერთიანების თაობაზე კანონპროექტების განხილვა არ მოხდება, მაშინ სოხუმი რუსეთიდან მორიგ ფინანსურ ტრანშს ვერ მიიღებს – სამი მილიარდი რუბლიდან ადხაზებს მხოლოდ 176 მილიონი აქვთ მიღებული. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს, მაგრამ მათი გაჯიბრება არაფერს მოგვცემს. ასეთი არგუმენტებიც აქვთ, რომ რუსეთის მოქალაქე ქართველები შეისყიდიან მიწებსო. ნეტავ მართლა ასე იყოს და ქართველებს ასეთი კონსოლიდაცია შეეძლოთ, მაგრამ განა ქართველები ამის გამკეთებლები არიან?“, – ამბობს პოლიტოლოგი მამაუკა არეშიძე.
„უძრავი ქონების ბაზრის გახსნა მხოლოდ რუსებზეა გათვლილი. ამ მიწების შესყიდვა რუსებს სურთ, განსაკუთრებით სოხუმის, გულრიფშის, გუდაუთისა და გაგრის რაიონებში. კანონპროექტის პარლამენტში შეტანა-განხილვას რაც უფრო გადაავადებენ, მით უფრო მიიღებენ დაპირებულ რუსულ მილიარდებს. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინტერესებშია ეს საკითხი მალე მოაგვაროს და ტრანში მიიღოს. ეს კი თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში აფხაზეტში აფხაზები პრაქტიკულად არარ იქნებიან.
სქემას შევხედოთ – მთელი აფხაზეთის ზღვისპირეთი დაყოფილი იქნება საკურორტო ზონებად და ის რუსეთის მოქალაქეების ხელში იქნება. აფხაზები ამ ზონაში მაქსიმუმ მომსახურე პერსონალი იქნება და მინიმუმ – იძულებულნი იქნებიან გუდა-ნაბადი აიკრან. ბევრ აფხაზს, რომლებთაც მიწები ზღვის პირზე აქვთ, ისეთ [მაღალ] ფასებს სთავაზობენ, რომ ისინი ამ მიწებს გაჰყიდიან. ფულს რომ აიღებენ, მოუწყობელ აფხაზეთში რატომღა გაჩერდებიან? სხვა ადგილზე, იგივე სოჭში გადავლენ.
კანონის გამარტივების შემდეგ ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ, მაგრამ ამაზე გაზეტში დაწერა არ შეიძლება. ამასთან, მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ გინდაც საქართველოს სახელმწიფომ და გინდაც რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა სოლიდარულად და კონსოლიდირებულად იმოქმედონ, რაღაც სვლები მოიფიქრონ… ღმერთმა ქნას, ვცდებოდე“, – ამბობს მამუკა არეშიძე.